მხოლოდ სრულყოფილთ შეუძლიათ იცხოვრონ აზრიანი ცხოვრებით
სინამდვილეში, ამჟამად განხორციელებული საქმის მიზანია, აიძულოს ადამიანი, განუდგეს სატანას — თავის ძველ წინაპარს. სიტყვით ყოველი განკითხვის მიზანია ადამიანის გახრწნილი ბუნების მხილება და მისთვის ცხოვრების არსის გაგებინება. ეს განმეორებითი განკითხვა ადამიანების გულებს ლახვარივით სერავს. თითოეული განკითხვა პირდაპირ კავშირშია მათ ბედისწერასთან და მიზნად ისახავს მათი გულების დაკოდვას, რათა მათ შეძლონ ყოველივე ამისგან განთავისუფლება და ამგვარად შეიცნონ სიცოცხლე, ეს ბინძური სამყარო, ღვთის სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა, და ასევე შეიცნონ სატანის მიერ გახრწნილი კაცობრიობა. რაც უფრო მკაცრია ასეთი გვემა და განკითხვა, მით უფრო ღრმად იჭრება იგი ადამიანის გულში და მით უფრო მძლავრად ფხიზლდება მისი სული. ამგვარი განკითხვის მიზანი სწორედ ამ უკიდურესად გახრწნილი და ყველაზე მეტად შეცდენილი ადამიანების სულების გამოფხიზლებაა. ადამიანს არ გააჩნია სული, ანუ მისი სული დიდი ხნის წინ მოკვდა. მან არ იცის, რომ არსებობს ზეცა, ღმერთი და, მით უმეტეს, არ იცის, რომ სიკვდილის უფსკრულში იბრძვის. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ამ ბოროტ, მიწიერ ჯოჯოხეთში ცხოვრობს? აბა, როგორღა მიხვდებოდა, რომ მისი ეს მძორად ქცეული სხეული, სატანის მიერ გახრწნის გამო, სიკვდილის ჰადესში ჩაეშვა? აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი დიდი ხანია ისე გაიხრწნა კაცობრიობის მიერ, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია? აბა, საიდან უნდა მიმხვდარიყო, რომ შემოქმედი სწორედ დღეს მოევლინა ქვეყანას და ეძიებს გახრწნილ ადამიანთა იმ კრებულს, რომელთაც ხსნას მიანიჭებს? ყველა შესაძლო განწმენდისა და განკითხვის გამოვლის შემდეგაც კი ადამიანის დაბინდული ცნობიერება ძლივს იძვრის და, ფაქტობრივად არ რეაგირებს. რაოდენ დაცემულია კაცობრიობა! და მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განკითხვა ციდან წამოსულ სასტიკ სეტყვას ჰგავს, ადამიანისთვის მას უდიდესი სარგებელი მოაქვს. ამგვარი განკითხვა რომ არა, მას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა და სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ადამიანთა დახსნა ტანჯვის უფსკრულიდან. ამ საქმის გარეშე ადამიანებისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ჰადესიდან თავის დაღწევა, რადგან მათი გულები დიდი ხნის წინ მოკვდა, ხოლო მათი სულები დიდი ხნის წინ გაითელა სატანის მიერ. თქვენს გადასარჩენად, ვინც გადაგვარების უფსკრულში ჩაეშვით, საჭიროა თქვენდამი დაჟინებით მოწოდება და მკაცრი განკითხვა. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თქვენი გაყინული გულების გამოფხიზლება.
ხორციელი ბუნება, თავშეუკავებელი სურვილები, ანგარება და ავხორცობა თქვენში ღრმად არის ფესვგადგმული. ეს ყველაფერი იმდენად მძლავრად და დაუნდობლად ბატონობს გულებზე, რომ ამ მტრული და გადაგვარებული აზრების უღლის გადაგდება თქვენს ძალებს აღემატება. არც არსებული მდგომარეობის შეცვლის სურვილი გაქვთ და არც ბნელეთის გავლენისგან თავის დაღწევისა. თქვენ უბრალოდ შებოჭილი ხართ ამ ყოველივეთი. თუმცა ყველამ იცით, რაოდენ მტკივნეულია ეს ცხოვრება და რაოდენ ბნელი — ეს წუთისოფელი, მაინც არცერთ თქვენგანს არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ ცხოვრება შეცვალოს. მხოლოდ ამ ცხოვრებისეული რეალობისგან გაქცევა, სულის ამაღლება და მშვიდ, ბედნიერ, სამოთხისებურ გარემოში დამკვიდრება გწყურიათ. არც ამჟამინდელი ყოფის შესაცვლელად გსურთ გაჭირვების ატანა და არც იმის ძიება ამ განკითხვასა და გვემაში, თუ როგორ ცხოვრებაში უნდა შეაბიჯოთ. ამის ნაცვლად, სრულიად არარეალურ ოცნებებში ხართ ჩაფლული იმ მშვენიერ სამყაროზე, რომელიც ხორციელი ყოფის მიღმა გეგულებათ. თქვენ ისეთ ცხოვრებას ესწრაფვით, რომლის მიღწევაც ყოველგვარი ტკივილისა და ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. ეს სრულიად არარეალურია! რადგან თქვენი სასოება სულაც არ არის ის, რომ ხორციელად შინაარსიანი ცხოვრებით იცხოვროთ და ამ ცხოვრების გზაზე ჭეშმარიტება შეიძინოთ — ანუ იცხოვროთ ჭეშმარიტებისთვის და იბრძოლოთ სამართლიანობისთვის. ეს სულაც არ არის ის, რასაც თქვენ ბრწყინვალე და თვალისმომჭრელ ცხოვრებად მიიჩნევდით. მიგაჩნიათ, რომ ასეთი ცხოვრება არც ბრწყინვალე იქნებოდა და არც აზრიანი. ასეთი ცხოვრება უსამართლობადაც კი მოგეჩვენებოდათ! თუმცა დღეს ამ გვემას იღებთ, თქვენი მიზანი მაინც არ არის ჭეშმარიტების მოპოვება ან ამ ჭეშმარიტებით ცხოვრება აწმყოში; თქვენ მხოლოდ ის გსურთ, რომ მოგვიანებით, ხორციელი ყოფის მიღმა, ბედნიერ ცხოვრებაში შეაბიჯოთ. თქვენ არც ჭეშმარიტებას ეძებთ, არც მის სადარაჯოზე დგახართ და, მით უმეტეს, არც ჭეშმარიტებისთვის არსებობთ. თქვენ დღესვე შესვლას კი არ ესწრაფვით, არამედ ფიქრებით მომავალსა და იმას ხართ მიჯაჭვულნი, რაც შესაძლოა ოდესმე მოხდეს: ცის ლურჯ კაბადონს შეჰყურებთ, ცრემლებს ღვრით და ელით, რომ ოდესმე ზეცად იქნებით ატაცებულნი ნუთუ არ იცით, რომ თქვენი აზროვნება უკვე სრულიად მოწყვეტილია რეალობას? თქვენ კვლავინდებურად გგონიათ, რომ უსაზღვრო სიკეთისა და თანაგრძნობის მქონე მაცხოვარი უეჭველად მოვა ერთ დღეს, რათა თან წაგიყვანოთ თქვენ — ამ წუთისოფელში გაჭირვებისა და ტანჯვის მომთმენნი; გგონიათ, რომ ის სამართლიანობას აღადგენს და შურს იძიებს თქვენს ნაცვლად, ვინც მსხვერპლნი და ჩაგრულნი ხართ. განა თავად არ ხარ ცოდვით აღსავსე? განა მხოლოდ შენ იტანჯე ამ წუთისოფელში? თავადაც სატანის ხელმწიფების ქვეშ აღმოჩნდი და იტანჯე — ნუთუ ღმერთს მართლა მართებს შენი სამართლიანობის აღდგენა? ისინი, ვინც ვერ ახერხებენ ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას — განა ყველა ღვთის მტერი არ არის? განა ისინი, ვისაც განკაცებული ღმერთის არ სწამთ, ანტიქრისტენი არ არიან? რას ჰმატებს თქვენს ფასს თქვენივე კარგი საქციელი? შეუძლია კი მას დაიკავოს იმ გულის ადგილი, რომელიც ღმერთს თაყვანს სცემს? კურთხევის მოპოვება მხოლოდ რამდენიმე კეთილი საქმის ჩადენით შეუძლებელია. ღმერთი არც წყენას მოაგვარებს და არც სამაგიეროს გადაუხდის სხვებს მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე მსხვერპლი იყო ან იჩაგრებოდა. ვისაც ღმერთის სწამს, თუმცა მას არ იცნობს და მხოლოდ კეთილ საქმეებს აკეთებს — განა ყველა ასეთიც არ ისჯება? შენ მხოლოდ ღმერთის გწამს და მხოლოდ ის გსურს, რომ მან შენი წყენა მოაგვაროს, სამაგიერო გადაუხადოს სხვებს და დაგიდგეს ის დღე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, თავაწეული გაივლი. თუმცა ჭეშმარიტებას ყურადღებას არ აქცევ და არც მისით ცხოვრების წყურვილი გაქვს. მით უმეტეს, არ ძალგიძს თავი დააღწიო ამ მძიმე, ცარიელ ცხოვრებას. ამის ნაცვლად, ხორციელ, ცოდვით სავსე ცხოვრებაში ჩაფლული, მაინც ღმერთისგან ელი წყენის გაქარწყლებასა და შენი ყოფიერების ბურუსის გაფანტვას. მაგრამ შესაძლებელია კი ეს ყოველივე? ჭეშმარიტების ფლობა საშუალებას გაძლევს, ღმერთს მიჰყვე. თუ შენშია რეალური გამოცდილება, შეგიძლია ღვთის სიტყვის გამოვლინებად იქცე. თუ შენში სიცოცხლეა, შეგიძლია ღვთის კურთხევით დატკბე. ვინც ჭეშმარიტებას ფლობს, მას შეუძლია დატკბეს ღვთის კურთხევით. ღმერთი სამართლიანობას აღადგენს მათთვის, ვისაც ის მთელი გულით უყვარს და ვინც განსაცდელსა და ტანჯვას უძლებს, მაგრამ არა მათთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და სატანის საცდურის მსხვერპლი გამხდარა. განა შეიძლება სიკეთე არსებობდეს მათში, ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს? როგორ შეიძლება სიმართლე სუფევდეს მათში, ვისაც მხოლოდ ხორციელი უყვარს? განა სიმართლე და სიკეთე მხოლოდ ჭეშმარიტებასთან კავშირში არ იხსენიება? განა ისინი მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი, ვისაც ღმერთი მთელი გულით უყვარს? განა ყველას, ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს და მხოლოდ მყრალი გვამია, ბოროტება არ უდევს გულში? განა ყველა, ვისაც არ ძალუძს ჭეშმარიტებით ცხოვრება, ასეთი ჭეშმარიტების მტერი არ არის? და თქვენზე რას იტყვით?
თუ შეძლებ დააღწიო თავი სიბნელის ამ გავლენას და განეშორო ყოველივე უწმინდურს, თუ შეძლებ განიწმინდო, მაშინ ჭეშმარიტება შენში იქნება. საქმე ის არ არის, რომ ბუნება შეგეცვალა, არამედ მხოლოდ ის, რომ შეგიძლია ჭეშმარიტება საქმედ აქციო და ხორცს აუჯანყდე. ეს არის თვისება, რომელსაც განწმენდილნი ფლობენ. დამორჩილების საქმის მთავარი მიზანი კაცობრიობის განწმენდაა, რათა ადამიანმა ჭეშმარიტება შეიძინოს, რადგან მან ჭეშმარიტების შესახებ მეტისმეტად ცოტა იცის! დამორჩილების საქმეს ამგვარი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველანი სიბნელის გავლენის ქვეშ მოექეცით და უზომოდ დაზიანდით. ამ საქმის მიზანი ისაა, რომ ადამიანური ბუნება შეიმეცნოთ და ამგვარად ჭეშმარიტებით იცხოვროთ. სრულყოფის მიღება ყოველი ქმნილების ვალია. თუკი მუშაობის ეს ეტაპი მხოლოდ ადამიანთა სრულყოფას დაისახავდა მიზნად, მაშინ მისი შესრულება შესაძლებელი იქნებოდა ბრიტანეთში, ამერიკაში ან ისრაელში; ნებისმიერი ქვეყნის ხალხში იქნებოდა შესაძლებელი მისი აღსრულება. მაგრამ დამორჩილების საქმე შერჩევითია. დამორჩილების საქმის პირველი ნაბიჯი ხანმოკლეა. უფრო მეტიც, იგი სატანის შესარცხვენად და მთელი სამყაროს დასამორჩილებლად იქნება გამოყენებული. ეს არის დამორჩილების საქმის საწყისი ეტაპი. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ქმნილებას, რომელსაც ღმერთის სწამს, შეუძლია სრულყოფის მიღწევა, რადგან სრულყოფა არის ის, რაც მხოლოდ ხანგრძლივი ცვლილების შემდეგ მიიღწევა. მაგრამ დამორჩილება სხვაგვარია. დამორჩილების ნიმუში და მოდელი ის უნდა იყოს, ვინც ყველაზე მეტად ჩამორჩება, ვინც უდიდეს წყვდიადში ცხოვრობს; ისინი ყველაზე მეტად დაცემულნი, ღვთის აღიარების ყველაზე ნაკლებად მსურველნი და ღვთისადმი ყველაზე მეტად ურჩნი უნდა იყვნენ. სწორედ ასეთ ადამიანს შეუძლია იყოს დამორჩილების ცოცხალი დამმოწმებელი. დამორჩილების საქმის მთავარი მიზანი სატანის დამარცხებაა, ხოლო ადამიანთა სრულყოფის მთავარი მიზანი ადამიანთა მოქცევაა. იმისათვის, რომ დამორჩილების შემდეგ დამოწმება შეძლოთ, ეს საქმე სწორედ აქ, თქვენნაირ ადამიანებზე აღსრულდა. მიზანი ისაა, რომ დამორჩილების შემდეგ ადამიანებმა დაამოწმონ. ეს დამორჩილებული ხალხი სატანის შესარცხვენად იქნება გამოყენებული. ამრიგად, რა არის დამორჩილების მთავარი მეთოდი? დასჯა, განკითხვა, წყევლა და მხილება — ღმერთი თავისი მართალი ხასიათით დაიმორჩილებს კაცობრიობას, რათა მისმა სამართლიანობამ ყველას საბოლოო დარწმუნება მოუტანოს. სიტყვის რეალობისა და ავტორიტეტის გამოყენება ადამიანთა დასამორჩილებლად და მათ სრულად დასარწმუნებლად — აი, რას ნიშნავს იყო დამორჩილებული. სრულყოფილნი არა მხოლოდ მორჩილების მოპოვებას ახერხებენ დამორჩილების შემდეგ, არამედ ძალუძთ განსჯის საქმის შეცნობა, საკუთარი ბუნების შეცვლა და ღვთის შემეცნება. ისინი გადიან ღვთის სიყვარულის გზას და ჭეშმარიტებით ივსებიან. ისინი სწავლობენ ღვთის საქმის განცდას, ძალუძთ ტანჯვა აიტანონ ღვთის გულისთვის და იძენენ გადაწყვეტილებების პოვნის უნარს. სრულყოფილნი არიან ისინი, ვისაც ღვთის სიტყვის შემეცნებით ჭეშმარიტების რეალური გაგება აქვთ. დამორჩილებულნი არიან ისინი, ვინც ფლობს ცოდნას ჭეშმარიტებაზე, თუმცა მისი ნამდვილი არსი ჯერაც არ გაუაზრებია. დამორჩილების შემდეგ ისინი ნებდებიან, მაგრამ ეს მორჩილება მთლიანად მათ მიერ მიღებული განსჯის შედეგია. მრავალი ჭეშმარიტების ნამდვილი დანიშნულება მათთვის სრულიად გაუგებარი რჩება. სიტყვით კი აღიარებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ მასში დამკვიდრება არ შეუძლიათ; აცნობიერებენ ჭეშმარიტებას, თუმცა საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ. სრულყოფის საქმე მოიცავს არა მხოლოდ სასჯელსა და განკითხვას, არამედ სიცოცხლის მომცემი საზრდოთი მომარაგებასაც. ის, ვინც ჭეშმარიტებაში დამკვიდრებას ყველაფერზე მაღლა აყენებს, არის ადამიანი, რომელიც სრულყოფის გზას ადგას. განსხვავება მათ შორის, ვინც სრულყოფილი იქნება და ვინც დამორჩილებული იქნება, არის ის, აქვთ თუ არა მათ ჭეშმარიტებაში დამკვიდრების უნარი. სრულყოფილი არის ის, ვინც ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებს, ჩასწვდა მის არსს, დამკვიდრდა მასში და თავისი ცხოვრებით გამოხატავს მას; ხოლო ისინი, ვისი სრულყოფაც შეუძლებელია, ვერ იგებენ ჭეშმარიტებას და ვერ მკვიდრდებიან მასში, ანუ არ ცხოვრობენ ჭეშმარიტებით. თუკი ასეთი ადამიანები ამჟამად სრულ მორჩილებას იჩენენ, ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ისინი დამორჩილებულნი არიან. თუ დამორჩილებულნი არ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას — თუკი მხოლოდ მიჰყვებიან მას, მაგრამ არ აქცევენ ცხოვრების წესად; თუ ხედავენ და სმენიათ ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ მისით ცხოვრებას ყველაფერზე მაღლა არ აყენებენ — მაშინ მათი სრულყოფა შეუძლებელია ისინი, ვინც სრულყოფის გზას ადგანან, ამ გზაზე ჭეშმარიტებას ღვთის მოთხოვნებისადმი სრული ერთგულებით ასრულებენ. ამგვარად, ისინი ღვთის ჩანაფიქრს აღასრულებენ და სრულყოფას აღწევენ. ვინც დამორჩილების საქმის დასრულებამდე ბოლომდე მიჰყვება ამ გზას, დამორჩილებულია, თუმცა მასზე ვერ ვიტყვით, რომ სრულყოფილია. „სრულყოფილნი“ არიან ისინი, ვინც დამორჩილების საქმის დასრულების შემდეგ ჭეშმარიტებაში დამკვიდრებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ და ღვთის მიერ არიან მოქცეულნი. ეს ეხება მათ, ვინც დამორჩილების პროცესის დასრულების შემდეგ მტკიცედ უძლებს განსაცდელს და ჭეშმარიტებაში დამკვიდრებას თავისი ცხოვრებით გამოხატავს. განსხვავება დამორჩილებასა და სრულყოფას შორის მდგომარეობს შესრულებული საქმის ეტაპებსა და იმაში, თუ რა სიღრმით ესმით ადამიანებს ჭეშმარიტება და რამდენად მკვიდრდებიან მასში. ყველა, ვინც სრულყოფის გზას არ დაადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში ჭეშმარიტება არ დამკვიდრებულა, საბოლოოდ მაინც განიდევნება. ღვთის მიერ მოქცეულნი შეიძლება გახდნენ მხოლოდ ისინი, ვისშიც ჭეშმარიტება დამკვიდრდა და ვინც ამ ჭეშმარიტებას საკუთარი ცხოვრებით გამოხატავს. ანუ, ისინი, ვინც პეტრეს სახეს თავისი ცხოვრებით გამოხატავენ, სრულყოფილნი არიან, ყველა დანარჩენი კი — მხოლოდ დამორჩილებული. დამორჩილებულთა მიმართ შესრულებული სამუშაო წყევლას, სასჯელსა და რისხვის გამოვლენას გულისხმობს; მათ წილად კი სიმართლე და წყევლა ხვდებათ. ასეთ ადამიანზე მუშაობა ნიშნავს ყოველგვარი ცერემონიისა და თავაზიანობის გარეშე მხილებას — მათში არსებული გახრწნილი ბუნების იმგვარად გამოაშკარავებას, რომ თავადვე შეიცნონ იგი და სრულად დარწმუნდნენ. როგორც კი ადამიანი სრულად დაემორჩილება, დამორჩილების საქმეც სრულდება. თუნდაც უმრავლესობა კვლავ არ ისწრაფვოდეს ჭეშმარიტების შეცნობისკენ, დამორჩილების საქმე მაინც დასრულებულად ჩაითვლება.
თუ გსურთ სრულყოფილებას მიაღწიოთ, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეთ. შენი სიმტკიცით, სულგრძელობითა და სინდისით, შენი მისწრაფებით შეძლებ, შეიგრძნო სიცოცხლე და აღასრულო უფლის ნება. ეს შენი გზის დასაწყისია — ის აუცილებელი საფეხურები, რომელთა გარეშეც სრულყოფას ვერ მიაღწევ. თითოეულ ადამიანს შეუძლია დაადგეს სრულყოფის გზას. ყველას, ვინც ღმერთს ეძიებს, შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილებას. ყოველ მათგანს აქვს ამის შესაძლებლობა და შესაბამისი თვისებები, რათა გახდეს სრულყოფილი. ეს არ არის რაღაც წინასწარ განსაზღვრული. მიაღწევს თუ არა ადამიანი სრულყოფილებას, ეს უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, თუ რისკენ ისწრაფვის იგი. ადამიანებს, რომელთაც უყვართ ჭეშმარიტება და შეუძლიათ ჭეშმარიტებით ცხოვრება, ნამდვილად მიაღწევენ სრულყოფილებას. ადამიანები, რომელთაც არ უყვართ ჭეშმარიტება, არ არიან ღვთისთვის სათნო, არ ცხოვრობენ ისე, როგორც უფალი ქადაგებს — მათ არ ძალუძთ სრულყოფის მიღწევა. სრულყოფის საქმე ნიშნავს ადამიანთა მოქცევას, მათ გაერთიანებას და არა სატანასთან ბრძოლას. დამორჩილების საქმე კი მხოლოდ სატანასთან საბრძოლველადაა, რომელიც გულისხმობს დამორჩილებულ ადამიანთა ძალის გამოყენებით სატანის დამარცხებას. დამორჩილების საქმე არის მთავარი, უახლესი საქმე, რომელიც საუკუნეთა მანძილზე არასოდეს განხორციელებულა. შეიძლება ითქვას, რომ საქმის ამ ეტაპის მიზანი უმთავრესად ყველა ადამიანის დამორჩილებაა, რათა ამგვარად დამარცხდეს სატანა. ადამიანთა სრულყოფის საქმე არ არის ახალი საქმე. ღმერთის ხორციელად მოვლინების მთავარი არსი სწორედ ადამიანთა დამორჩილებაა. ეს ჰგავს მადლის ჟამს, როდესაც მთავარი საქმე მთელი კაცობრიობის ჯვარცმით გამოსყიდვა იყო. „ადამიანთა მოქცევა” ხორციელად მოვლინებისას შესრულებული საქმის დამატებითი ნაწილი იყო და მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ განხორციელდა. როდესაც იესო მოვიდა და თავისი საქმე აღასრულა, მისი უმთავრესი მიზანი იყო საკუთარი ჯვარცმით გაემარჯვა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ბორკილებზე, გაემარჯვა სატანის გავლენაზე — დაემარცხებინა იგი. მხოლოდ იესოს ჯვარცმის შემდეგ დაადგა პეტრე ნაბიჯ-ნაბიჯ სრულყოფის გზას. რა თქმა უნდა, პეტრე მათ შორის იყო, ვინც იესოს მისი მოღვაწეობისას მიჰყვებოდა, თუმცა იმ დროს მისი სრულყოფა არ მომხდარა. პირიქით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც იესომ დაასრულა თავისი საქმე, პეტრე თანდათანობით ჩასწვდა ჭეშმარიტებას და მიაღწია სრულყოფას. ხორცშესხმული ღმერთი დედამიწაზე მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ მოკლე დროში შეასრულოს სამუშაოს საკვანძო, გადამწყვეტი ეტაპი და არა იმისათვის, რომ ხანგრძლივად იცხოვროს ადამიანთა შორის მათი სრულყოფის განზრახვით. ის არ ასრულებს ამ საქმეს. თავისი საქმის დასასრულებლად არ ელოდება იმ დროს, როდესაც ადამიანი სრულად იქნება სრულყოფილი. ეს არ არის მისი ამქვეყნად მოსვლის მიზანი და დანიშნულება. ის მხოლოდ კაცობრიობის გადარჩენის მოკლევადიანი საქმის შესასრულებლად მოდის და არა ადამიანთა სრულყოფის მეტად გრძელვადიანი სამუშაოსთვის. კაცობრიობის გადარჩენის საქმე დღემდე აქტუალურია, შესაძლებელია ახალი ეპოქის დასაბამიც კი გახდეს. მისი დასრულება შესაძლებელია მოკლე დროში. მაგრამ კაცობრიობის სრულყოფა მოითხოვს ადამიანის გარკვეულ დონემდე ამაღლებას; ასეთ სამუშაოს კი დიდი დრო სჭირდება. ეს არის საქმე, რომელიც ღვთის სულმა უნდა აღასრულოს, მაგრამ ამის საფუძველი ის ჭეშმარიტებაა, რომელსაც განკაცებული უფალი ქადაგებდა. მის მიერ განსწავლული მოციქულები ასევე აგრძელებდნენ ადამიანთა სრულყოფის გრძელვადიან საქმეს. თავად ხორცშესხმული ღმერთი არ ასრულებს ამ საქმეს. ის მხოლოდ სიცოცხლის გზაზე საუბრობს და კაცობრიობას ჭეშმარიტებას აჩვენებს, რათა ადამიანებმა თავად გაიგონ და გაიაზრონ ყოველივე, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად თან სდევდეს მათ ჭეშმარიტების აღსრულებაში, რადგან ეს მის მსახურებაში არ შედის. ამიტომაც, ის არ გახდება ადამიანის თანმხლები, სანამ ადამიანი სრულად არ ჩასწვდება და დაეუფლება ჭეშმარიტებას. მისი ხორციელი ღვაწლი მაშინ აღსრულდება, როცა კაცი ჭეშმარიტი რწმენის გზას იპოვის და სრულყოფილების ბილიკზე მტკიცედ დადგება. სწორედ მაშინ დაამარცხებს იგი სატანას საბოლოოდ და სძლევს ამ წუთისოფელს. მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ეზიარა თუ არა ადამიანი იმ დროისთვის სრულ ჭეშმარიტებას ან სულგრძელია მისი ცხოვრება თუ სულმოკლე. ეს ყოველივე არ განეკუთვნება იმას, რაც მას ხორციელად მოვლინებისას უნდა ემართა. არცერთი ეს საქმე არ არის განკაცებული ღმერთის მისია. ის როგორც კი აღასრულებს თავის აღთქმულ საქმეს, ხორციელ მოღვაწეობასაც დაასრულებს. ასე რომ, განკაცებული ღმერთი მხოლოდ იმ საქმეს ასრულებს, რომლის ქმნაც ღვთის სულს უშუალოდ არ შეუძლია. უფრო მეტიც, ეს არის ხანმოკლე საქმე ხსნისა და არა საქმე, რომელსაც იგი დედამიწაზე გრძელვადიან პერსპექტივაში განახორცილებს.
თქვენი სულიერების დონის ამაღლება არ არის ჩემი საქმე. ამას მხოლოდ იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენი დონე მეტისმეტად დაბალია. სინამდვილეში, ეს არ არის სრულყოფის საქმის ნაწილი, უფრო მეტიც, ეს დამატებითი საქმეა, რომელიც თქვენზე ხორციელდება. საქმე, რომელიც დღეს თქვენთვის სრულდება, ზუსტად თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. ეს ინდივიდუალურია და არ წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს სრულყოფის მისაღწევად. რადგან თქვენი დონე უფრო დაბალია მათზე, ვინც წარსულში მიაღწია სრულყოფას, თქვენზე ამ საქმის შესრულებისას მეტისმეტად ბევრი დაბრკოლება იჩენს თავს. მე თქვენ შორის ვარ და ამ დამატებით საქმეს მხოლოდ იმიტომ ვასრულებ, რომ სრულყოფის ობიექტები განსხვავებულია. არსებითად, როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის, იგი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რჩება, ასრულებს თავის საქმეს და დროს არ კარგავს გარეშე საკითხებზე. იგი არ ერევა ოჯახურ საქმეებში და არ მონაწილეობს ადამიანთა ყოველდღიურ ყოფაში. ასეთი წვრილმანები მას სრულებით არ ადარდებს, ეს არ არის მისი მისია. თუმცა თქვენი დონე იმდენად დაბალია იმასთან შედარებით, რასაც მე მოვითხოვდი, შედარებაც შეუძლებელია და ეს საქმეს უდიდეს დაბრკოლებებს უქმნის. უფრო მეტიც, ეს საქმე აუცილებლად უნდა შესრულდეს აქ, ჩინეთის მიწაზე მცხოვრებ ხალხში. იმდენად გაკლიათ განათლება, რომ სხვა გზა არ მრჩება — პირდაპირ უნდა გითხრათ და მოგთხოვოთ, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ და განათლდეთ. გითხარით, რომ ეს დამატებითი საქმეა, თუმცა ისიც უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელია თქვენ ეს შეძლოთ — ეს დაგეხმარებათ, რომ სრულყოფას მიაღწიოთ. სინამდვილეში, განათლება, ქცევის ძირითადი წესები და ცხოვრებისეული ელემენტარული ცოდნა — ეს ისაა, რაც ბუნებრივად უნდა გქონდეთ, მე ამ საკითხებზე საერთოდ არ უნდა მჭირდებოდეს თქვენთან საუბარი. მაგრამ რადგან ეს ყველაფერი გაკლიათ, სხვა გზა არ მაქვს — მას შემდეგ, რაც უკვე მოევლინეთ ამ სამყაროს, მე მიწევს თქვენში ამ ელემენტარული თვისებების დანერგვაზე ზრუნვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემზე ბევრი მცდარი წარმოდგენა გაქვთ, მე მაინც იმავეს გთხოვთ და კვლავაც მოვითხოვ, რომ თქვენი დონე აამაღლოთ. ჩემი განზრახვა არ ყოფილა აქ ამ საქმის შესასრულებლად მოსვლა, რადგან ჩემი მოვალეობა მხოლოდ თქვენი დამოძღვრაა — თქვენი განკითხვის გზით სრული რწმენის მოპოვება, რათა მიგითითოთ იმ ცხოვრებისეულ გზაზე, რომელზეც უნდა დადგეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თქვენს განათლებას ან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომ არა ერთი გარემოება — ჩემი სიტყვით უნდა დაგიმორჩილოთ. ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ დაემატა, რომ დამორჩილების საქმეში შედეგი იქნას მიღწეული და საფუძველი ჩაეყაროს თქვენს შემდგომ სრულყოფას. ეს არ წარმოადგენს დამორჩილების საქმის ნაწილს. რადგან დაბალი დონე გაქვთ — ზარმაცები და დაუდევრები, სულელები და გონებაჩლუნგები, უგრძნობნი და უგუნურნი და მეტისმეტად არანორმალურნი ხართ, სწორედ ამიტომ მოვითხოვ, რომ პირველ რიგში თქვენი დონე აამაღლოთ. ყველა, ვისაც სურს, რომ სრულყოფას მიაღწიოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. სრულყოფისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ნათელი, საღი გონება და სურვილი, რომ აზრიანი ცხოვრებით იცხოვროს. თუ არ გსურს ფუჭი ცხოვრებით ცხოვრება, მიილტვი ჭეშმარიტებისკენ, ყველაფერს გულმოდგინედ აკეთებ და გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანური თვისებები გაგაჩნია, მაშინ აკმაყოფილებ პირობებს, რომ სრულყოფას მიაღწიო.
ეს საქმე, რომელიც თქვენ შორის ხორციელდება, თქვენთან დაკავშირებული საჭიროებების შესაბამისად მიმდინარეობს. ამ ხალხის დამორჩილების შემდეგ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი სრულყოფას მიაღწევს. ამიტომაც, ამჟამინდელი სამუშაოს დიდი ნაწილი სწორედ თქვენი სრულყოფისათვის მომზადებას ემსახურება, რადგან არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას მოწყურებულია და რომელთა სრულყოფაც შესაძლებელია. დამორჩილების საქმე მხოლოდ თქვენზე რომ შესრულებულიყო და ამის შემდეგ სხვა აღარაფერი გაკეთებულიყო, განა ზოგიერთი, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, მის გარეშე არ დარჩებოდა? ამჟამინდელი სამუშაოს მიზანია, გზა გაუკაფოს ადამიანთა შემდგომ სრულყოფას. თუმცა ეს სამუშაო მხოლოდ დამორჩილების საქმეა, სიცოცხლის გზა, რომელზეც ვსაუბრობ, მაინც ადამიანთა შემდგომი სრულყოფისთვის მზადებაა. დამორჩილების შემდეგი ეტაპი ადამიანთა სრულყოფაზეა ფოკუსირებული, თავად დამორჩილება კი სრულყოფის საქმისთვის საფუძვლის ჩაყრის მიზნით სრულდება. ადამიანის სრულყოფა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ის დამორჩილების ეტაპს გაივლის. ახლა მთავარი ამოცანა დამორჩილებაა, მოგვიანებით კი ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს და ესწრაფვის, სრულყოფილნი გახდებიან. სრულყოფა ადამიანის მხრიდან აქტიურ ჩართულობას გულისხმობს: ღვთისადმი სიყვარულით სავსე გულს, ამ გზაზე სვლის გამოცდილებას, სიყვარულის სიწმინდესა და ჭეშმარიტების ცხოვრებაში ზუსტად განხორციელებას. სრულყოფისთვის აუცილებელია ადამიანობის ყველა ასპექტის საბაზისო ცოდნა. ეს არის ძირითადი მოთხოვნა. ისინი, ვინც დამორჩილების შემდეგ ვერ გახდებიან სრულყოფილნი, მხოლოდ მსახურების იარაღებად დარჩებიან; მათი ბოლო ცეცხლისა და გოგირდის ტბა და უფსკრული იქნება, რადგან თქვენი ბუნება უცვლელია და კვლავ სატანას ეკუთვნით. თუ ადამიანს სრულყოფისთვის საჭირო პირობები არ გააჩნია, ის უსარგებლოა — უბრალო ნაგავია, ინსტრუმენტი, ნივთი, რომელიც ცეცხლოვან გამოცდას ვერ გაუძლებს! ახლა რამდენად გაქვს ღვთისმოყვარე გული? რამდენად გძულს საკუთარი თავი? რამდენად სიღრმისეულად იცნობ სატანას? განამტკიცეთ გადაწყვეტილება? რამდენად მოწესრიგებულია ყოველდღიურობა ნორმალური ადამიანობის ფარგლებში? შეიცვალა თქვენი ცხოვრება? ახალი ცხოვრებით ცხოვრობთ? შეიცვალა თქვენი შეხედულება ცხოვრებაზე? თუ ეს ყველაფერი უცვლელი დარჩა, სრულყოფილებას ვერ მიაღწევ მაშინაც კი, თუ უკან არ დაიხევ; უბრალოდ დამორჩილებული ხარ და სხვა არაფერი. გამოცდის ჟამს აღმოჩნდება, რომ ჭეშმარიტება არ გაგაჩნია, ადამიანური სახე დაგეკარგება და პირუტყვის დონეზე დაეცემი. შენი ერთადერთი შედეგი მხოლოდ ის იქნება, რომ დაგიმორჩილეს — იქცევი უბრალო საგნად, რომელიც ჩემ მიერ არის ძლეული. როგორც ვირი ხდება ფრთხილი და ეშინია ურჩობის ყოველ ჯერზე, როცა პატრონს ხედავს, მას შემდეგ, რაც მათრახის გემოს გაიგებს, შენც უბრალოდ დამორჩილებული ვირი იქნები. თუ ადამიანს ეს პოზიტიური თვისებები აკლია და ნაცვლად ამისა, უარყოფითადაა განწყობილი და ყოველ ნაბიჯზე შეშინებული, მხდალი და მერყევია, ვერფერს ნათლად ვერ არჩევს, ვერ წვდება ჭეშმარიტებას, პრაქტიკაში განხორციელების გზა ჯერაც არ უპოვია და ღვთისმოყვარე გულიც არ გააჩნია; თუ არ ესმის, როგორ შეიყვაროს ღმერთი, როგორ იცხოვროს აზრიანად ან როგორ იყოს ნამდვილი ადამიანი — როგორ შეძლებს ასეთი ადამიანი ღვთის დამოწმებას? ეს იმას მოწმობს, რომ შენს სიცოცხლეს თითქმის არავითარი ფასი არ აქვს და მხოლოდ დამორჩილებული ვირი ხარ. შენ იქნებოდი დამორჩილებული, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ აჯანყდი და მის ძალაუფლებაზე უარი თქვი. ეს იმას ნიშნავს, რომ გწამს ღმერთი, გსურს მისი ყოველი განგებულების მორჩილება და პრეტენზია არ გაგაჩნია. რაც შეეხება დადებით მხარეებს, შეგიძლია ღვთის სიტყვა საქმედ აქციო და ღმერთი შენივე არსებით წარმოაჩინო? თუ ეს თვისებები არ გაგაჩნია, იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ჯერ არ მოუქცევიხარ და მხოლოდ დამორჩილებული ვირი ხარ, ფასეული არაფერი გაგაჩნია და არც სულიწმინდა მოქმედებს შენში. შენი ადამიანობა იმდენად არასრულყოფლია, რომ ღმერთი შენში ვერაფერს ჰპოვებს. ღმერთმა შენში ღირსება უნდა იპოვოს. ასჯერ უნდა სჯობდე ურწმუნო პირუტყვებსა და ცოცხალ მკვდრებს — მხოლოდ ის არის სრულყოფის ღირსი, ვინც ამ დონეს აღწევს. მხოლოდ ის გამოდგება ღვთის ხელში, ვისაც ადამიანობა შერჩენია და სინდისი გააჩნია. მხოლოდ სრულყოფის შემდეგ ჩაითვლებით ნამდვილ ადამიანებად. მხოლოდ მათ აქვთ აზრიანი ცხოვრება, ვინც სრულყოფილებას მიაღწია. მხოლოდ ასეთებს ძალუძთ კიდევ უფრო ხმამაღლა დაამოწმონ ღმერთი.