დანართი: თავი 2
როდესაც ადამიანები ხედავენ პრაქტიკულ ღმერთს, როდესაც პირადად ცხოვრობენ, დადიან და მკვიდრობენ თავად ღმერთთან ერთად, ივიწყებენ იმ ცნობისმოყვარეობას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გულს უღრღნიდათ. ღვთის შესახებ ადრე გადმოცემული ცოდნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია; მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქვთ ღვთის შესახებ ცოდნა, მათ გულში რჩება მრავალი გადაუჭრელი ეჭვი: საიდან მოვიდა ღმერთი? ჭამს თუ არა ღმერთი? რადიკალურად განსხვავდება თუ არა ღმერთი ჩვეულებრივი ადამიანებისგან? ღმერთისთვის ყველა ადამიანთან ურთიერთობა მარტივი საქმეა, უბრალოდ უაღრესად მარტივი ამოცანაა? არის თუ არა ყოველივე, რაც ღვთის პირიდან გამოდის, ზეცის საიდუმლოება? აღემატება თუ არა მისი სიტყვა ყოველი ქმნილების ნათქვამს? გამოსჭვივის თუ არა ნათელი ღვთის თვალთაგან? და ასე შემდეგ — ეს არის ყველაფერი, რისი უნარიც ადამიანთა წარმოდგენებს შესწევს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს უნდა შეიგნოთ და ამაში უნდა შეხვიდეთ. ადამიანთა წარმოდგენებში განკაცებული ღმერთი კვლავ ბუნდოვანი ღმერთია. რომ არა პრაქტიკული ცოდნა, ადამიანები ვერასოდეს შეძლებდნენ ჩემს შეცნობას და ვერასოდეს იხილავდნენ ჩემს საქმეებს თავიანთ გამოცდილებაში. მხოლოდ იმიტომ, რომ ხორცი შევისხი, ადამიანებს არ შეუძლიათ ჩემი განზრახვების წვდომა. ხორცი რომ არ შემესხა და კვლავ ზეცაში ვყოფილიყავი, კვლავ სულიერ სამყაროში, მაშინ ადამიანები „შემიცნობდნენ“; თაყვანს მცემდნენ და შეძლებდნენ ესაუბრათ თავიანთი გამოცდილებით ჩემს „შემეცნებაზე“ — მაგრამ რა სარგებელი ექნებოდა ასეთ შემეცნებას? რა პრაქტიკული ღირებულება ექნებოდა მას, როგორც სახელმძღვანელოს? შეიძლებოდა თუ არა ადამიანთა წარმოდგენებიდან მომდინარე ცოდნა რეალური ყოფილიყო? არ მინდა ადამიანთა გონების ცოდნა —პრაქტიკული ცოდნა მსურს.
ჩემი განზრახვები მუდამ ცხადდება თქვენ შორის და მუდამ მოგეცემათ ჩემი განათება და გაცისკროვნება. როდესაც უშუალოდ ღვთაებრივი ბუნებით ვმოქმედებ, ეს გონების ფილტრს არ გადის და არ არის საჭირო „სანელებლის“ დამატება — ეს არის ღვთაებრიობის უშუალო ქმედება. რისი უნარი შესწევთ ადამიანებს? განა შექმნის დროიდან დღემდე ყველაფერი პირადად ჩემ მიერ არ განხორციელებულა? წარსულში ვსაუბრობდი შვიდგზის გაძლიერებულ სულზე, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი არსის წვდომა — მაშინაც კი, როცა მის შესახებ უწყოდნენ, ბოლომდე მაინც ვერ შეიცნეს იგი. როდესაც ვმოქმედებ ღვთაებრიობით მართული ადამიანური ბუნებით, რადგან ეს საქმე ხორციელდება ისეთ გარემოებებში, რომლებსაც ადამიანები მიიჩნევენ არა ზებუნებრივად, არამედ ნორმალურად, მას უწოდებენ სულიწმიდის ღვაწლს. როდესაც უშუალოდ ღვთაებრიობაში ვმოქმედებ, არ ვარ შეზღუდული ადამიანთა წარმოდგენებით, არ ვექვემდებარები „ზებუნებრივის“ საზღვრებს, როგორც ეს მათ წარმოდგენებში არსებობს, და ამ საქმეს აქვს მყისიერი ეფექტი, წვდება საქმის არსს და პირდაპირ მიზანში არტყამს. შედეგად, საქმის ეს ეტაპი უფრო წმინდაა; ის ორჯერ უფრო სწრაფია, ადამიანთა გაგება ჩქარდება და ჩემი სიტყვები მრავლდება, რაც აიძულებს ყველა ადამიანს იჩქაროს, რათა წინსვლაში არ ჩამომრჩეს. რადგან ეფექტი განსხვავებულია, რადგან ჩემი საქმის საშუალებები, ბუნება და შინაარსი არ არის იგივე — და, მით უმეტეს, რადგან ოფიციალურად დავიწყე ხორციელად მსახურება, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქმის ამ ეტაპს ეწოდება „შვიდგზის გაძლიერებული სულის საქმე“. ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული. იმ საშუალებების ცვლილებების შემდეგ, რომლებითაც ვმუშაობ თქვენზე, და სასუფევლის მოახლოებასთან ერთად, შვიდგზის გაძლიერებული სული იწყებს მუშაობას და ეს საქმე მუდმივად უფრო ღრმა და ინტენსიური ხდება. როდესაც ყველა ადამიანი შეიცნობს ღმერთს და ყველა დაინახავს, რომ ღვთის სული ადამიანთა შორისაა, ჩემი განკაცების სრული მნიშვნელობა ნათელი ხდება. არ არის საჭირო შეჯამება — ადამიანებმა ეს ბუნებრივად იციან.
მრავალი ასპექტის გათვალისწინებით — მეთოდები, რომლებითაც ვმუშაობ, ჩემი მოქმედების საფეხურები, ჩემი დღევანდელი სიტყვების ტონი და ასე შემდეგ — მხოლოდ ის, რაც ახლა ჩემს ბაგეთაგან წარმოითქმის, არის „შვიდი სულის გამონათქვამები“ ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. თუმცა წარსულშიც ვსაუბრობდი, ეს იყო ეკლესიის შენების ეტაპზე. ეს ჰგავდა რომანის წინასიტყვაობასა და სარჩევს — მას არ ჰქონდა არსი; მხოლოდ დღევანდელ გამონათქვამებს შეიძლება ეწოდოს შვიდი სულის გამონათქვამები მათი არსის თვალსაზრისით. „შვიდი სულის გამონათქვამები“ გულისხმობს იმ გამონათქვამებს, რომლებიც მოდის ტახტიდან, ანუ ისინი უშუალოდ ღვთაებრიობაში წარმოითქმება. ის მომენტი, როდესაც ჩემი გამონათქვამები ზეცის საიდუმლოთა გაცხადებაზე გადავიდა, იყო ის მომენტი, როდესაც უშუალოდ ღვთაებრიობაში ვსაუბრობდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანობით შეუზღუდავმა, უშუალოდ გავამჟღავნე სულიერი სამყაროს ყველა საიდუმლო და გარემოება. რატომ ვამბობ, რომ ადრე ადამიანობის საზღვრებს ვექვემდებარებოდი? ეს განმარტებას საჭიროებს. ადამიანის გადასახედიდან არავის ძალუძს ზეცის საიდუმლოთა გაცხადება; რომ არა თავად ღმერთი, დედამიწაზე ვერავინ შეიტყობდა ამ საიდუმლოებების შესახებ. ამრიგად, ვითვალისწინებ რა ადამიანთა წარმოდგენებს, ვამბობ, რომ მიზეზი, რის გამოც წარსულში არცერთი საიდუმლო არ გამიმჟღავნებია, იყო ის, რომ ვექვემდებარებოდი ადამიანობის საზღვრებს. თუმცა, უფრო კონკრეტულად, ეს ასე არ არის: ჩემი სიტყვების შინაარსი განსხვავდება ჩემი მოქმედების შესაბამისად და, ამრიგად, როდესაც დავიწყე ჩემი მსახურების შესრულება ღვთაებრიობაში, გავამჟღავნე საიდუმლოებები. წარსულში მიწევდა მუშაობა ისეთ გარემოებებში, რომლებსაც ყველა ადამიანი ნორმალურად მიიჩნევდა, და სიტყვები, რომლებსაც ვამბობდი, იყო ის, რისი აღქმაც ადამიანს შეეძლო. როდესაც დავიწყე საიდუმლოებების გამჟღავნება, არცერთი მათგანი არ იყო მისაწვდომი ადამიანთა წარმოდგენებისთვის —ადამიანური შემეცნების მიღმა იყო. ამიტომ, ოფიციალურად დავიწყე ღვთაებრიობაში საუბარზე გადასვლა და ეს იყო შვიდი სულის გამონათქვამების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. თუმცა წარსულის სიტყვები იყო გამონათქვამები ტახტიდან, ისინი წარმოითქვა იმის საფუძველზე, რაც ადამიანებისთვის იყო მისაწვდომი, და ამრიგად არ წარმოთქმულა უშუალოდ ღვთაებრიობაში — შედეგად, ისინი არ იყო შვიდი სულის გამონათქვამები ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.