პუნქტი მეექვსე: ისინი იქცევიან მზაკვრულად, არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან და აიძულებენ სხვებს მორჩილებას

დანართი: დამინგისა და სიაომინგის ისტორია

სანამ ჩვენი თანაზიარების მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, მოდი, დავიწყოთ ერთი ისტორიის მოყოლით. რა სარგებელი მოაქვს ისტორიების მოყოლას? (მათი დამახსოვრება მარტივია.) აქამდე რამდენი ადვილად დასამახსოვრებელი ისტორია მომიყოლია? (დაბაოსა და სიაობაოს ისტორია.) „დაბაოსა და სიაობაოს ისტორია“ იყო ის, რაც გასულ ჯერზე მოვყევი. (ასევე იყო „ვირთხებზე ნადირობა“ და წინამძღოლი ქალების ისტორია.) უკვე საკმაოდ ბევრი ისტორია მოვყევი. რატომ ვყვები ისტორიებს? სინამდვილეში, მიზანი ისაა, რომ გადავიდეთ უფრო თავისუფალ, ადვილად გასაგებ ფორმაზე, რათა ვიქონიოთ თანაზიარება ზოგიერთ იმ ჭეშმარიტებაზე, რომლებიც ადამიანებს უნდა ესმოდეთ. თუ გაიგებთ ჭეშმარიტებებს ჩემ მიერ მოყოლილი ისტორიებიდან და ეს ჭეშმარიტებები დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შესვლის სხვადასხვა ასპექტში, მაშინ ეს ისტორიები ტყუილად არ მომიყოლია. ეს აჩვენებს, რომ ჭეშმარიტად გესმით ისტორიებში მოცემული ჭეშმარიტებები, რომ გესმით ამ ჭეშმარიტებების პრაქტიკული მხარე და მათ მხოლოდ უბრალო ისტორიებად არ ისმენთ. გასულ ჯერზე მოვყევი დაბაოსა და სიაობაოს ისტორია. დღეს კი მოვყვები დამინგისა და სიაომინგის ისტორიას. მოსმენისას იფიქრეთ იმაზე, თუ სინამდვილეში რისი გაგებინება სურს ამ ისტორიას და ჭეშმარიტების რომელ ასპექტს ეხება იგი.

დამინგი და სიაომინგი მამა-შვილი არიან. გარკვეული ხნის წინ, დამინგმა და მისმა შვილმა სიაომინგმა მიიღეს ღვთის ახალი საქმე. არის თუ არა ეს კარგი? (დიახ.) ეს კარგია. სიაომინგი პატარაა და კითხვა მხოლოდ გაჭირვებით შეუძლია, ამიტომ დამინგი ყოველდღე უკითხავს მას ღვთის სიტყვებს და მოთმინებით უხსნის იმ სიტყვებს, რომლებიც სიაომინგს არ ესმის. გარკვეული დროის შემდეგ, სიაომინგი იგებს მხოლოდ რამდენიმე მოძღვრებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართოს საკუთარი თავი, ასევე ზოგიერთ ისეთ სიტყვას, რომლებსაც ღმერთისადმი რწმენამდე არასოდეს შეხვედრია, როგორებიცაა მორჩილება, რწმენა, პატიოსნება, მზაკვრობა და ა.შ. მისი შვილის წინსვლის შემხედვარე დამინგი ძალიან კმაყოფილია. თუმცა, ბოლო დროს დამინგმა შენიშნა, რომ რამდენიც არ უნდა წაუკითხოს ღვთის სიტყვები სიაომინგს, მის ქცევასა თუ საუბარში დიდი წინსვლა არ შეინიშნება. დამინგი შფოთავს და მას აწვება ტვირთი, როცა ფიქრობს: „როგორ უნდა გავაგებინო ჩემს შვილს გარკვეული ჭეშმარიტება ღვთის სიტყვების კითხვით, რათა აჩვენოს გარკვეული ცვლილება, რომ სხვებმა მოიწონონ იგი, მხარი დაუჭირონ და შეაქონ, როგორც კარგი ბავშვი? და შემდეგ, სიაომინგის ქცევის მაგალითზე დაყრდნობით შეეძლოთ თქვან, რომ ღმერთისადმი რწმენა კარგია, და ჩემი შვილის ცვლილებების მეშვეობით სხვებსაც უქადაგონ სახარება — რა შესანიშნავი იქნებოდა!“ ამ ტვირთის გაჩენის შემდეგ, დამინგი განუწყვეტლივ ფიქრობს: „როგორ შევძლო სათანადოდ აღვზარდო სიაომინგი, რათა მეტი გაიგოს საკუთარი თავის წარმართვის შესახებ, რომ უკეთესად მოიქცეს და შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს? საბოლოოდ, როდესაც სიაომინგი კარგი ბავშვი გახდება და ყველა შეაქებს მას, მთელი ეს დიდება შეიძლება ღმერთს მიეგოს — რა მშვენიერი იქნებოდა! იმ მომენტში, გულზე დადებული მძიმე ლოდი მომეხსნებოდა“. არის თუ არა ის ტვირთი, რომელსაც დამინგი გრძნობს, გონივრული? შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს მისთვის სათანადო საქმის შესრულებად? (დიახ.) ამ თვალთახედვით, მისი ამოსავალი წერტილი სწორია — ეს ითვლება გონივრულ და სათანადო საქმედ. დამინგის მიერ სიაომინგისთვის არჩეული გზა სწორია თუ არასწორი? კარგია ის თუ ცუდი? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დამინგი ხშირად ლოცულობს და ევედრება ღმერთს ამის შესახებ და საბოლოოდ, ერთ დღეს, მას ეწვევა „შთაგონება“. რა „შთაგონება“? ეგრეთ წოდებული „შთაგონება“ ბრჭყალებში. რადგან ეს „შთაგონება“ ბრჭყალებშია, რა სახის გზას შეიძლება გულისხმობდეს დამინგი? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდება ისტორიაში შემდეგ? ეს არც ისე ნათელია, არა? ეს გარკვეულწილად უცნობია.

ერთ დღეს, შვილისთვის ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, დამინგი სრული სერიოზულობით ეკითხება სიაომინგს, არის თუ არა ღმერთისადმი რწმენა კარგი. სიაომინგი სერიოზულად პასუხობს: „ღმერთისადმი რწმენა კარგია. ადამიანები, რომლებსაც ღმერთი სწამთ, არ ჩაგრავენ სხვებს, არ ატყდებათ თავს უბედურება, შეუძლიათ ზეცაში წასვლა და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში არ გაიგზავნებიან“. მართალია თუ არა სიაომინგი? მისი მცირე ასაკის გათვალისწინებით, ის, რომ სიაომინგს ამის თქმა შეუძლია, უკვე საკმაოდ კარგია. მისი გაგება ღმერთისადმი რწმენის შესახებ ძალიან მარტივია, ის ელემენტარული და უკიდურესად ზედაპირულია, მაგრამ მისთვის ეს უკვე ღრმააზროვანია. ამის გაგონებაზე დამინგი კმაყოფილია, ნუგეშს გრძნობს და ამბობს: „ყოჩაღ, შენ წინსვლა გაქვს, სიაომინგ. როგორც ჩანს, ღმერთისადმი შენს რწმენას გარკვეული საფუძველი აქვს. მამიკო ძალიან კმაყოფილი და ნუგეშცემულია. მაგრამ მართლა ასე მარტივია ღმერთისადმი რწმენა?“ სიაომინგი ერთი წუთით დაფიქრდება და ამბობს: „განა ეს არ არის ყველაფერი, რასაც ღვთის სიტყვები ამბობს? სხვა კიდევ რა არის?“ დამინგი მაშინვე პასუხობს: „ღვთის მოთხოვნები მხოლოდ ეს არ არის. უკვე დიდი ხანია გწამს ღმერთი და როდესაც ძმები და დები გვსტუმრობენ, ისიც კი არ იცი, რომ მათ მიესალმო. ამიერიდან, როდესაც ხანდაზმულ ადამიანებს შეხვდები, დაუძახე მათ ბაბუა და ბებია; როდესაც ახალგაზრდა ზრდასრულებს შეხვდები, დაუძახე მათ ბიძია, დეიდა, ან უფროსი ძმა და უფროსი და. ამგვარად გახდები ბავშვი, რომელიც ყველას ეყვარება — ღმერთს კი მხოლოდ ის ბავშვები უყვარს, რომლებიც ყველას უყვარს. ამიერიდან, მომისმინე და გააკეთე ისე, როგორც გეუბნები; როდესაც გეტყვი, რომ ვინმეს რამე დაუძახო, შენც ის დაუძახე“. სიაომინგს მამის სიტყვები გულთან ახლოს მიაქვს და გრძნობს, რომ ის, რასაც მამამისი ამბობს, სწორია. თავის ნორჩ გულში მას სჯერა, რომ მამამისი უფროსია, ღვთის სიტყვებიც მეტი აქვს წაკითხული და მასზე მეტი იცის. გარდა ამისა, მამამისს მისი კეთილდღეობა სურს და ნამდვილად არ შეიყვანს შეცდომაში, ამიტომ რასაც მამამისი ამბობს, აუცილებლად სწორი უნდა იყოს. სიაომინგს არ ესმის, რა არის ჭეშმარიტება და რა არის მოძღვრება, მაგრამ სულ მცირე ის მაინც იცის, რა არის კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი. მამის საუბრის შემდეგ, სიაომინგიც გრძნობს მცირეოდენ ტვირთს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიერიდან, როდესაც სიაომინგი მამასთან ერთად გარეთ გადის და ვინმეს ხვდებიან, თუ მამა ეტყვის, რომ „დეიდა“ დაუძახოს, ეუბნება: „გამარჯობა, დეიდა“; თუ ეტყვის, რომ „ბიძია“ დაუძახოს, ეუბნება: „გამარჯობა, ბიძია“. ყველა ადამიანი აქებს სიაომინგს, როგორც კარგ და ზრდილობიან ბავშვს, და ასევე აქებენ დამინგს მისი სათანადო აღზრდისთვის. სიაომინგი საკმაოდ კმაყოფილია და ფიქრობს: „მამის დარიგება კარგია; ვისაც არ უნდა შევხვდე, ყველას მოვწონვარ“. სიაომინგი შინაგანად ხარობს და განსაკუთრებით ამაყობს იმაზე ფიქრისას, რომ მამის დარიგების გზა ნამდვილად კარგი და სწორია.

ერთ დღეს, როგორც კი სიაომინგი სკოლიდან შინ ბრუნდება, მამასთან მიიჭრება და ეუბნება: „მამა, გამოიცანი რა მოხდა? მეზობელმა ბერიკაცმა ჟანგმა დაიჭირა ისეთი დიდი... “ სიტყვის დასრულებამდე დამინგი აწყვეტინებს: „ბერიკაცი ჟანგი“?“ როგორ ამბობ ამას, სიაომინგ? კვლავაც მორწმუნე ხარ თუ არა? როგორ შეგიძლია „ბერიკაცი ჟანგი“ დაუძახო? დაგავიწყდა, რაც გითხარი, სინამდვილეში არ გწამს ღმერთი, არ ხარ ჭეშმარიტი მორწმუნე. აი, მე მახსოვს; შემიძლია დაგეხმარო და შეგახსენო. ბაბუა ჟანგი უნდა დაუძახო, გაიგე?“ სიაომინგი დაფიქრდება: „ბაბუა ჟანგის დაძახებაც გამოდგება“. და აგრძელებს: „მოკლედ, მეზობელმა ბაბუა ჟანგმა აი, რამხელა თევზი დაიჭირა! დედაბერმა ჟანგმა ძალიან გაიხარა!“ „ისევ დაგავიწყდა?“ — ამბობს დამინგი. — „მაინც ვერ იგებ, ბიჭო. ეს-ესაა გითხარი, რომ ბაბუა ჟანგი უნდა დაუძახო; ეს ნიშნავს, რომ მის ცოლს, რომელიც მისივე თაობისაა, რა უნდა დაუძახო? ბებია ჟანგი უნდა დაუძახო. დაიმახსოვრე; აღარასოდეს თქვა „ბერიკაცი ჟანგი“ ან „დედაბერი ჟანგი“, თორემ ხალხი დაგვცინებს. განა ეს სამარცხვინო არ იქნება ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის? იტყვიან, რომ უზრდელები და შეუფერებლები ვართ, მორწმუნეებს არ ვგავართ. ამით ღმერთი არ განდიდდება“. თავდაპირველად სიაომინგი დიდი ენთუზიაზმით აპირებდა მამისთვის მოეყოლა იმ დიდი თევზის ამბავი, რომელიც ბერიკაცმა ჟანგმა დაიჭირა, მაგრამ მამის შენიშვნის შემდეგ ინტერესი ეკარგება და ამაზე საუბარი აღარ სურს. ზურგჩანთამოკიდებული ტრიალდება და მიმავალი ბურტყუნებს: „გგონია, ყველაფერი იცი ამ შენი „ბაბუა ჟანგითა“ და „ბებია ჟანგით“. ჩვენ ამასთან რა კავშირი გვაქვს? თითქოს მხოლოდ შენ ხარ სულიერი!“ დამინგი პასუხობს: „დიახაც, ნამდვილად სულიერი ვარ! ადამიანთა უმეტესობას, რამდენად ხნოვნებიც არ უნდა იყვნენ, ასაკის დანახვისთანავე ვხვდები, რომელ თაობას მიეკუთვნებიან და ვიცი, როგორ უნდა მივმართო. უფროს ადამიანებს ბიძიას და დეიდას ვეძახი — რატომ არ შეგიძლია ერთი მიმართვა მაინც სწორად გამოიყენო? ჩვენ, მორწმუნეებს, ამის დავიწყება არ შეგვიძლია; თაობების მიხედვით მიმართვები არ უნდა აგვერიოს“. ამ საყვედურის შემდეგ სიაომინგი შინაგანად თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, რომ მამა მართალია; რასაც მამა აკეთებს, ყველაფერი სწორია, და თუნდაც არ უნდოდეს, მაინც აღიარებს საკუთარ შეცდომას. მას შემდეგ, როცა კი ბერიკაც ჟანგს ან დედაბერ ჟანგს დაინახავს, „ბაბუა ჟანგს“ და „ბებია ჟანგს“ ეძახის. ყველაფერი, რასაც მამა ასწავლის და შთააგონებს, სიაომინგს გულთან ახლოს მიაქვს. კარგია ეს თუ ცუდი? ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ კარგია, არა?

ერთ დღეს სიაომინგი და მამამისი სასეირნოდ მიდიან და ხედავენ ბებერ დედა ღორს, რომელიც გოჭების კოლტს მიუძღვის. დედა ღორსა და მის გოჭებს შორის ძალიან თბილი დამოკიდებულებაა. სიაომინგი ფიქრობს, რომ ღვთის მიერ შექმნილი ყოველივე კარგია; ღორი იქნება ეს თუ ძაღლი, ყველას აქვს დედობრივი ინსტინქტი და პატივისცემას იმსახურებს. ამჯერად სიაომინგი უხეშად არ ლაპარაკობს და დაუფიქრებლად აღარ ეძახის „ბებერ დედა ღორს“. შეცდომის დაშვებისა და მამის გაბრაზების შიშით, ჩუმად ეკითხება: „მამა, რამდენი წლისაა ეს დედა ღორი? ამდენი გოჭი გააჩინა და რა უნდა დავუძახო?“ დამინგი ცოტა ხანს დაფიქრდება: „რა უნდა დავუძახოთ? რთული სათქმელია“. რადგან ხედავს, რომ მამა ჩაფიქრდა და პასუხი ვერ იპოვა, სიაომინგი საყვედურობს: „განა ღვთის სიტყვები ბევრი არ გაქვს წაკითხული? ჩემზე უფროსიც ხარ; ეს როგორ არ იცი?“ სიაომინგის სიტყვებით პროვოცირებული დამინგი ოდნავ ღელავს და ამბობს: „ბებია“ რომ დავუძახოთ?“ სანამ სიაომინგი ღორს დაუძახებდეს, დამინგი გადაიფიქრებს და ეუბნება: „ბებიას“ ვერ დავუძახებთ; ასე ხომ შენი ბებიის (დედის დედის) თაობაში აღმოჩნდება, არა? „ბებია ღორის“ დაძახება კიდევ უარესი იქნება, ასე დედაჩემის თაობაში აღმოჩნდება. რადგან ამდენი გოჭი გააჩინა, არ შეგვიძლია უგულებელვყოთ მისი ვინაობა ან სტატუსი და თაობაც არ უნდა აგვერიოს. „დეიდა ღორი“ უნდა დავუძახოთ“. ამის გაგონებაზე სიაომინგი პატივისცემით უკრავს თავს ღორს და შესძახებს: „სალამი, დეიდა ღორო“. დედა ღორი ფრთხება და შეშინებული, გოჭებთან ერთად გარბის. ამის დანახვაზე სიაომინგი ფიქრობს, ხომ არ შეეშალა მიმართვა. დამინგი ამბობს: „ღორი ალბათ გაბედნიერდა და აღფრთოვანდა, ასეთი რეაქცია რომ ჰქონდა. მომავალში, როდესაც მსგავს სიტუაციებს წავაწყდებით, განურჩევლად იმისა, თუ რას იტყვიან ან იზამენ სხვები, ჩვენ მაინც ასე უნდა მოვიქცეთ. ვიყოთ ზრდილობიანები და დავიცვათ საზოგადოებრივი ნორმები; ამის დანახვაზე ღორებიც კი კმაყოფილნი დარჩებიან“. ამ შემთხვევიდან სიაომინგი რაღაც ახალს სწავლობს. რას სწავლობს? ის ამბობს: „ღმერთმა შექმნა ყოველივე; თუკი ყველა არსება პატივს სცემს ერთმანეთს, იქნება ზრდილობიანი, გაითვალისწინებს ასაკს, პატივს სცემს უფროსებს და ეყვარება უმცროსები, მაშინ ყველა არსება შეძლებს ჰარმონიულად თანაარსებობას“. სიაომინგს ახლა უკვე ესმის ეს მოძღვრება. ამის გაგონებაზე მამა აქებს სიაომინგს, როგორც სწავლისთვის საოცრად მიდრეკილ ბიჭს. მას შემდეგ სიაომინგი კიდევ უფრო კულტურული და ზრდილობიანი ხდება. სადაც არ უნდა წავიდეს, კარგად იქცევა და სხვებისგან გამოირჩევა. განა „კარგი ბიჭი“ არ არის? ის არის „კარგი ბიჭი“ ბრჭყალებში. ამით ჩვენი ისტორიაც სრულდება.

რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? განა ერთობ სახალისო არ არის? როგორ გაჩნდა ეს ისტორია? იგი მომდინარეობს რეალურ ცხოვრებაში ადამიანთა საუბრის, მოქმედებების, ქცევის, ფიქრებისა და შეხედულებებისგან — ყოველივე ეს ამ პატარა ისტორიაში აისახა. რა საკითხს აშუქებს ეს ისტორია? რა პრობლემებს ხედავთ ისტორიაში დამინგთან დაკავშირებით? სიაომინგზე რას იტყვით? რა არის დამინგის პრობლემების არსი? პირველ რიგში, დაფიქრდით: იყო თუ არა ჭეშმარიტების შესაბამისი რაიმე ნაწილი იმაში, რაც დამინგმა დაასკვნა და პრაქტიკაში განახორციელა? (არა.) მაშ, რას ახორციელებდა პრაქტიკაში? (წარმოდგენებსა და ფანტაზიებს.) საიდან მომდინარეობდა ეს წარმოდგენები და ფანტაზიები? (ტრადიციული კულტურიდან.) ფესვი ტრადიციული კულტურაა; მისი წარმოდგენები და ფანტაზიები ტრადიციული კულტურის საფუძველზე დასნებოვნების, დასაბუთებებისა და აღზრდის ნაყოფი იყო. მან აიღო ის, რაც ტრადიციული კულტურის საუკეთესო, ყველაზე დადებით, კვინტესენციურ ელემენტებად მიაჩნდა, ეს ყოველივე გონებაში გადაამუშავა და აქცია იმად, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნდა, რათა მის შვილს პრაქტიკაში განეხორციელებინა. შეიძლება თუ არა ეს ისტორია ნათლად და ადვილად გასაგებად ჩაითვალოს? (დიახ.) გააზიარეთ, რა გაიგეთ და რისი გაგება შეძელით ამ ისტორიის მოსმენისას. (მოსმენის შემდეგ მივხვდი _ დამინგის პრობლემა ის იყო, რომ თუმცა ღმერთი სწამდა, ძალისხმევას არასოდეს იჩენდა ღვთის სიტყვების მიმართ. მას ღმერთი ადამიანთა ტრადიციული წარმოდგენების საფუძველზე სწამდა და ფიქრობდა, რომ თუ ამ ზედაპირულ ნორმებს დაიცავდა, ღმერთი კმაყოფილი დარჩებოდა. იგი არ ეძიებდა და არ ფიქრობდა ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით, თუ რას მოითხოვს ღმერთი სინამდვილეში ადამიანებისგან და როგორ უნდა გამოავლინოს ადამიანმა ცხოვრებაში ნორმალური ადამიანობა.) რით საზრდოობდა ცხოვრებაში დამინგი? (წარმოდგენებითა და ფანტაზიებით.) წარმოდგენებითა და ფანტაზიებით ცხოვრება ცარიელი სიტყვებია; სინამდვილეში, იგი ტრადიციული კულტურით საზრდოობდა და ტრადიციულ კულტურას ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. იგი ტრადიციული კულტურით საზრდოობდა — რა დეტალებს მოიცავს ეს? რატომ სურდა, რომ სიაომინგს ადამიანებისთვის გარკვეული სახელებით მიემართა? (გარეგნულად ამბობდა, რომ ამ კეთილი საქმეების მეშვეობით ღმერთისთვის განდიდება სურდა, მაგრამ სინამდვილეში, საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება უნდოდა, რათა შეექოთ ბავშვის კარგად აღზრდის უნარის გამო.) დიახ, სწორედ ეს იყო მისი განზრახვა. მისი აღზრდა არ ემსახურებოდა იმას, რომ ბავშვისთვის ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტება გაეგებინებინა; ეს ემსახურებოდა იმას, რომ ბავშვს გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც მას დიდებას შემატებდა და მის პირად პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებდა. ესეც პრობლემაა. არის თუ არა პრობლემა ის, რომ მუდამ თავის „შელამაზებასა“ და „შეფუთვაზე“ იყო ფოკუსირებული? (დიახ.) ეს მიუთითებს პრობლემაზე იმ გზასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ადგა, და ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა. რა მიზანს ემსახურება საკუთარი ქცევის „შეფუთვაზე“ მუდმივი ყურადღების გამახვილება? იმას, რომ გამოიწვიო ხალხის აღფრთოვანება, რათა ადამიანებმა გეპირფერონ და გაქონ. რა არის ამის ბუნება? ეს თვალთმაქცობაა, ეს ფარისეველთა მიდგომაა. ისინი, ვინც ყურადღებას ამახვილებენ გარეგნულად კეთილ საქმეებზე, ვინც საკუთარი ქცევის „შეფუთვაზე“ ფოკუსირდებიან, დიდ ძალისხმევას დებენ საკუთარ ქცევაში — განა ესმით მათ ჭეშმარიტება? (არა.) ისინი ბევრს კითხულობენ ღვთის სიტყვებს და საკმაოდ დიდ ძალისხმევასაც იჩენენ, მაშ, რატომ არ ესმით ჭეშმარიტება? მათ არ ესმით, რომ ღვთის მართვისა და კაცობრიობის ხსნის მიზანია, გააგებინოს ადამიანებს ჭეშმარიტება, სრულყოს ისინი და აიძულოს ის, რომ შეცვალონ საკუთარი ხასიათი — მათ ეს არ ესმით. ისინი ფიქრობენ: „როგორც არ უნდა ვკითხულობდე ღვთის სიტყვებს, ყოველთვის გამოვყოფ ისეთ გამონათქვამებს, მოქმედებებსა და ქცევებს, რომლებსაც ადამიანები უფრო ადვილად დაეთანხმებიან, დააფასებენ და მოიწონებენ, შემდეგ კი ყოველივე ამას ცხოვრებაში განვახორციელებ და რეალურ ცხოვრებაში მტკიცედ დავიცავ. სწორედ ასე მოიქცეოდა ჭეშმარიტი მორწმუნე“.

გაქვთ თუ არა დამინგის მსგავსი პრობლემები? გარდა ახლახან განხილული აშკარა ასპექტებისა, როგორიცაა საზოგადოებრივი ნორმების დაცვა, ასაკის გათვალისწინება, უფროსების პატივისცემა და უმცროსებზე ზრუნვა, აგრეთვე უფროსებსა და უმცროსებს შორის ურთიერთობის სათანადო წესების შენარჩუნება, არსებობს თუ არა სხვა მსგავსი ქცევები, ფიქრები, შეხედულებები ან გაგება? თავად თუ იცით ამ საკითხებში ჩაძიება და მათი გარჩევა? მაგალითად, ეკლესიაში, თუ ვინმე უფროსია ან მას მრავალი წელია სწამს ღმერთი, მუდამ გსურს, რომ მათ ღირსებას გაუფრთხილდე. აცდი მათ საუბრის დასრულებას, არ აწყვეტინებ მაშინაც კი, თუ სისულელეს ამბობენ, და მაშინაც კი, როცა რაღაცას არასწორად აკეთებენ და გასხვლა სჭირდებათ, მაინც ცდილობ მათთვის ღირსების შენარჩუნებას და ერიდები მათ გაკრიტიკებას სხვების წინაშე; ფიქრობ, რომ განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უგუნური ან საშინელი შეიძლება იყოს მათი ქმედებები, ყველამ მაინც უნდა აპატიოს და შეიწყნაროს ისინი. სხვებსაც ხშირად ასწავლი: „უფროსებს ანგარიში უნდა გავუწიოთ და მათი ღირსება არ უნდა შევლახოთ. ჩვენ მათზე უმცროსები ვართ“. საიდან მომდინარეობს ეს ტერმინი „უმცროსები“? (ტრადიციული კულტურიდან.) იგი ტრადიციული კულტურული აზროვნებიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, ეკლესიაში ჩამოყალიბდა გარკვეული ატმოსფერო, რომელშიც ადამიანები უფროსი ძმებისა და დების დანახვისას თბილად მიმართავენ მათ: „დიდო ძმაო“, „დიდო დაო“, „დეიდა“ ან „უფროსო ძმაო“, თითქოს ყველა ერთი დიდი ოჯახის ნაწილია; ამ უფროს ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, რაც გაუცნობიერებლად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს სხვების თვალში ამ ახალგაზრდებზე. ტრადიციული კულტურის ეს ელემენტები იმდენად ღრმად არის გამჯდარი ჩინელი ხალხის აზროვნებასა და ძვალ-რბილში, რომ ისინი განუწყვეტლივ ვრცელდება და ეკლესიის ცხოვრებაში არსებულ ატმოსფეროს აყალიბებს. რადგან ადამიანები ხშირად იბოჭებიან და კონტროლდებიან ამ ცნებებით, ისინი არა მხოლოდ პირადად იზიარებენ მათ და ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ამ მიმართულებით იმოქმედონ და პრაქტიკაში განახორციელონ ისინი, არამედ სხვების მსგავს ქმედებებსაც იწონებენ და მათაც იმავესკენ მოუწოდებენ. ტრადიციული კულტურა არ არის ჭეშმარიტება; ეს უდავოა. მაგრამ საკმარისია კი ადამიანებისთვის უბრალოდ იმის ცოდნა, რომ ეს არ არის ჭეშმარიტება? ის, რომ ეს არ არის ჭეშმარიტება, ერთი ასპექტია; მაგრამ რატომ უნდა გავარჩიოთ იგი? რა არის მისი ფესვი? რაში მდგომარეობს პრობლემის არსი? როგორ უნდა თქვას ადამიანმა უარი ამ ყველაფერზე? ტრადიციული კულტურის გარჩევა ემსახურება იმ მიზანს, რომ მოგცეს სრულიად ახალი გაგება გულის სიღრმეში არსებული ამ ასპექტის თეორიების, ფიქრებისა და შეხედულებების შესახებ. როგორ შეიძლება ამ სრულიად ახალი გაგების მიღწევა? პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ ტრადიციული კულტურა სატანისგან მომდინარეობს. მაშ, როგორ უნერგავს სატანა ტრადიციული კულტურის ამ ელემენტებს ადამიანებს? სატანა ყოველ ეპოქაში იყენებს ზოგიერთ ცნობილ ფიგურასა და დიად ადამიანებს ამ ფიქრების, ამ ეგრეთ წოდებული გამონათქვამებისა და თეორიების გასავრცელებლად. შემდეგ, თანდათანობით, ეს იდეები სისტემატიზდება და კონკრეტდება, სულ უფრო უახლოვდება ადამიანთა ცხოვრებას და საბოლოოდ ფართოდ ვრცელდება ხალხში; ნელ-ნელა ეს სატანური ფიქრები, გამონათქვამები და თეორიები ადამიანთა გონებაში ინერგება. ამგვარი ჩაგონების შემდეგ, ადამიანები სატანისგან მომდინარე ამ ფიქრებსა და თეორიებს მიიჩნევენ ყველაზე დადებით რამედ, რაც პრაქტიკაში უნდა განახორციელონ და რასაც მტკიცედ უნდა მიჰყვნენ. შემდეგ სატანა ამ ყველაფერს იყენებს ადამიანთა გონების დასატყვევებლად და გასაკონტროლებლად. თაობიდან თაობამდე ადამიანები იზრდებოდნენ, ყალიბდებოდნენ და კონტროლდებოდნენ ასეთ ვითარებაში, დღევანდელ დღემდე. ყველა ამ თაობას სჯეროდა, რომ ტრადიციული კულტურა სწორი და კარგია. არავინ იკვლევს ამ ეგრეთ წოდებული კარგი და სწორი რამეების წარმოშობასა თუ წყაროს — სწორედ ეს სძენს პრობლემას სიმძიმეს. ზოგიერთი მორწმუნეც კი, რომელიც მრავალი წელია კითხულობს ღვთის სიტყვებს, კვლავ ფიქრობს, რომ ეს სწორი და დადებითი რამეებია, იქამდეც კი, რომ სჯერათ, თითქოს ამ რამეებს შეუძლია ჩაანაცვლოს ჭეშმარიტება, ჩაანაცვლოს ღვთის სიტყვები. მეტიც, ზოგიერთი ფიქრობს: „რამდენიც არ უნდა ვკითხულობდეთ ღვთის სიტყვებს, ადამიანთა შორის ცხოვრებისას, ეგრეთ წოდებული ტრადიციული იდეები და კულტურის ტრადიციული ელემენტები — როგორებიცაა სამი მორჩილება და ოთხი სათნოება, ისევე როგორც ისეთი ცნებები, როგორებიცაა კეთილგანწყობა, სამართლიანობა, წესიერება, სიბრძნე და სანდოობა — არ შეიძლება უარვყოთ. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა, რომლებიც ბრძენნი იყვნენ. არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ჩვენი წინაპრების სწავლებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი გვწამს, და არ შეგვიძლია შევცვალოთ ან მივატოვოთ ჩვენი წინაპრებისა და იმ უძველესი ბრძენების სწავლებები“. ასეთი ფიქრები და შეგნება ყველა ადამიანის გულში არსებობს. გაუცნობიერებლად, ისინი კვლავ კონტროლდებიან და იბოჭებიან ტრადიციული კულტურის ამ ელემენტებით. მაგალითად, როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ოციოდე წლის ხარ და „ბიძიას“ გეძახის, სიხარულა და კმაყოფილებას გრძნობ. თუ პირდაპირ სახელით მოგმართავს, თავს უხერხულად გრძნობ, ფიქრობ, რომ ბავშვი უზრდელია და საყვედურს იმსახურებს, ამიტომ შენი დამოკიდებულება იცვლება. სინამდვილეში, ბიძიას დაგიძახებს თუ სახელით მოგმართავს, ეს შენს ზნეობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს. მაშ, რატომ ხარ უკმაყოფილო, როცა ბიძიას არ გეძახის? იმიტომ, რომ ტრადიციული კულტურის ძალისა და გავლენის ქვეშ იმყოფები; მან წინასწარ გაიდგა ფესვები შენს გონებაში და იქცა შენს ყველაზე საფუძვლიან სტანდარტად ადამიანებთან, მოვლენებსა და საგნებთან მოსაპყრობად და ყოველივეს შესაფასებლად და განსასჯელად. როდესაც შენი სტანდარტი მცდარია, შეიძლება თუ არა შენი ქმედებების ბუნება სწორი იყოს? ნამდვილად არა. ჭეშმარიტებით რომ გაიზომოს, როგორ მოაგვარებდი ამ საკითხს? განაღვლებდა თუ არა, რას დაგიძახებდნენ სხვები? (არა.) გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეურაცხყოფას მოგაყენებდნენ ან დაგამცირებდნენ — ამ შემთხვევაში, ნამდვილად უხერხულად იგრძნობდი თავს; ეს ადამიანობის ნორმალური გამოვლინებაა. თუმცა, თუ შენი საზომი სტანდარტი ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება ან ღვთისგან მომდინარე კულტურაა, მაშინ, განურჩევლად იმისა, ხალხი სახელით მოგმართავს, „ბიძიას“ დაგიძახებს თუ „ძმას“, აბსოლუტურად არავითარი რეაქცია არ გექნება. ამ საკითხში შეგიძლია ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს მიჰყვე. მაგალითად, ჩინეთში, როდესაც ვინმე „ბიძიას“ გეძახის, გრძნობ, რომ პატივს გცემს. მაგრამ დასავლეთის ქვეყანაში რომ წასულიყავი და ვინმეს შენთვის „ბიძია“ დაეძახა, თავს უხერხულად იგრძნობდი; გერჩივნებოდა სახელით მომართათ და ამას პატივისცემის ფორმად ჩათვლიდი. ჩინეთში, შენზე ბევრად უმცროსმა სახელით რომ მოგმართოს, ძალიან უკმაყოფილო იქნებოდი, იფიქრებდი, რომ ასაკი არ გაითვალისწინეს; თავს ძლიერ დამცირებულად იგრძნობდი, გაბრაზდებოდი და ამ ადამიანს გაკიხცავდი კიდეც. განა ეს არ აჩვენებს, რომ აზროვნების ამგვარ წესში პრობლემაა? სწორედ ამ პრობლემის განხილვას ვაპირებ.

თითოეულ ქვეყანასა და თითოეულ ეთნოსს თავისი ტრადიციული კულტურა აქვს. ვაკრიტიკებთ თუ არა ყველა ტრადიციულ კულტურას? არსებობს ერთი კულტურა, რომელიც არ უნდა გაკრიტიკდეს. შეგიძლიათ თქვათ, რომელი კულტურაა ეს? ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ღმერთმა შექმნა ადამი; ვინ დაარქვა სახელი ადამს? (ღმერთმა.) მაშასადამე, ღმერთმა შექმნა კაცობრიობა და მათთან ურთიერთობისას, როგორ მიმართავს იგი ადამიანებს? (სახელით მიმართავს.) მართალია, იგი მათ სახელით მიმართავს. ღმერთი გაძლევს სახელს და ამ სახელს ღვთის თვალში მნიშვნელობა აქვს; იგი გვემსახურება როგორც აღმნიშვნელი, როგორც სახელი. როდესაც ღმერთი განიჭებს სახელს, იგი ამ სახელით მოგმართავს. განა ეს პატივისცემის ფორმა არ არის? (დიახ.) ეს პატივისცემის საუკეთესო ფორმაა, პატივისცემა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჭეშმარიტებას და ყველაზე დადებითია. ეს არის ადამიანების პატივისცემის სტანდარტი და იგი ღვთისგან მომდინარეობს. განა ეს კულტურის ფორმა არ არის? (არის.) უნდა დავუჭიროთ თუ არა მხარი ამ კულტურას? (დიახ.) ეს ღვთისგან მომდინარეობს; ღმერთი ადამიანს პირდაპირ სახელით მიმართავს. ღმერთი გაძლევს სახელს, განიჭებს სახელს და შემდეგ ამ სახელს იყენებს შენს წარმოსადგენად და ასე მოგმართავს. სწორედ ასე ეპყრობა ღმერთი ადამიანებს. როდესაც ღმერთმა მეორე ადამიანი შექმნა, როგორ მოექცა მას? ღმერთმა ადამს მისცა უფლება, მისთვის სახელი დაერქმია. ადამმა მას ევა დაარქვა. მიმართავდა თუ არა ღმერთი მას ამ სახელით? დიახ, მიმართავდა. მაშასადამე, ეს არის კულტურა, რომელიც ღვთისგან მომდინარეობს. ღმერთი თითოეულ შექმნილ არსებას ანიჭებს სახელს და როდესაც იგი ამ სახელს წარმოთქვამს, ადამიანებმაც და ღმერთმაც იციან, ვისზეა საუბარი. ამას ჰქვია პატივისცემა, ამას ჰქვია თანასწორობა, ეს არის სტანდარტი იმის გასაზომად, არის თუ არა ადამიანი ზრდილობიანი, არის თუ არა ღირსების გრძნობა მის ადამიანობაში. ზუსტია თუ არა ეს? (დიახ.) ეს ნამდვილად ზუსტია. ბიბლიაში, იქნება ეს გარკვეული მოვლენისა თუ ოჯახის გენეალოგიის აღწერა, ყველა პერსონაჟს აქვს სახელი, მათ აქვთ სახელები. თუმცა, არის ერთი რამ, რაც არ ვარ დარწმუნებული, შეგიმჩნევიათ თუ არა: ბიბლია არ იყენებს ისეთ მიმართვებს, როგორებიცაა ბაბუა, ბებია, ბიძია, დეიდა, უფროსი ბიძია, უფროსი დეიდა და ა.შ.; იგი უბრალოდ ადამიანების სახელებს იყენებს. რისი დასკვნა შეგიძლიათ აქედან? ის, რაც ღმერთმა დაუდგინა ადამიანებს, იქნება ეს წესები თუ კანონები, ადამიანური ენით რომ ვთქვათ, არის ერთგვარი ტრადიცია, რომელიც ადამიანთა შორის თაობიდან თაობას გადაეცემა. მაშ, რა არის ეს ტრადიცია, რომელიც ღვთისგან გადმოგვეცა? ეს არის ის, რასაც ადამიანები უნდა იცავდნენ: იერარქიული წოდებების საჭიროება არ არსებობს. ღვთის თვალში არ არსებობს ეს ჩახლართული ოჯახური წოდებები, როგორებიცაა ბაბუა, ბებია, უფროსი ბიძია, უმცროსი ბიძია, უფროსი დეიდა, უმცროსი დეიდა და ა.შ. რატომ ანიჭებენ ადამიანები ასე დიდ მნიშვნელობას ამ იერარქიულ წოდებებსა და მიმართვებს? რას ნიშნავს ეს? ღმერთს ყველაზე მეტად სძულს ეს ყველაფერი. სატანის მოდგმაა ის, ვინც ამაზე მუდამ წუხს. რაც შეეხება ამ ტრადიციულ კულტურას, ღმერთთან დაკავშირებით არსებობს ერთი ძალიან რეალური ფაქტი: ღმერთმა შექმნა მთელი კაცობრიობა და მან ნათლად იცის, რამდენი ოჯახი და შთამომავალი შეიძლება ჰყავდეს ერთ ადამიანს; არავითარი იერარქიის საჭიროება არ არსებობს. ღმერთი უბრალოდ ამბობს, რომ უნდა იყო ნაყოფიერი და გამრავლდე, რათა შენი ოჯახი აყვავდეს — ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გახსოვდეს. რამდენი შთამომავალი ჰყავს თითოეულ თაობას და რამდენი შთამომავალი ჰყავთ ამ შთამომავლებს — სულ ეს არის, იერარქიის საჭიროება არ არსებობს. მომავალ თაობებს არ სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები, არც საგვარეულო დარბაზების ან ტაძრების აშენება სჭირდებათ და მითუმეტეს, არც მათთვის მსხვერპლის შეწირვა ან მათი თაყვანისცემა. ბიბლიაში წერია, რომ ყველა, ვისაც სწამს ღმერთი და მიჰყვება მას, ვისაც სწამს იეჰოვა, ყველა სწირავს მსხვერპლს საკურთხევლის წინ. ოჯახის თითოეული წევრი წარდგება ღვთის წინაშე და სწირავს მსხვერპლს. ეს არ ჰგავს ჩინელების წესს, სადაც თითოეულ ოჯახს აქვს საგვარეულო დარბაზი, რომელიც სავსეა დიდი-დიდი ბაბუების, დიდი ბაბუების, დიდი ბებიების მემორიალური დაფებით. იმ ადგილას, სადაც ღმერთმა პირველად დაიწყო თავისი საქმე, ასეთი რამეები არ არსებობს. თუმცა, ღვთის საქმის ადგილიდან შორს მდებარე სხვა ადგილები სატანისა და ბოროტი სულების მიერ კონტროლდება. ამ ბუდისტურ ქვეყნებში ეს სატანური პრაქტიკები ყვავის. იქ ადამიანებმა თაყვანი უნდა სცენ თავიანთ წინაპრებს და ყველაფერი უნდა მოახსენონ ოჯახს, ყველაფერი უნდა გადასცენ ოჯახის წინაპრებს; მაშინაც კი, თუ წინაპრების ფერფლი აღარ არსებობს, მომავალმა თაობებმა მაინც უნდა დაანთონ საკმეველი და თავი დახარონ. თანამედროვე დროში ზოგიერთ ადამიანს, რომელიც უფრო მეტად გაეცნო დასავლურ და ახალ იდეებს და გათავისუფლდა ტრადიციული ოჯახური ტყვეობისგან, არ სურს ასეთ ოჯახებში დარჩენა. ისინი გრძნობენ, რომ ასეთი ოჯახები მათ მკაცრად და ხისტად აკონტროლებენ, სადაც ოჯახის უფროსები თითქმის ნებისმიერ საქმეში ერევიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქორწინებას ეხება. ჩინეთში ასეთი რამე იშვიათი არ არის. სატანა აიძულებს ადამიანებს ყურადღება გაამახვილონ ასაკზე და, როგორც ჩანს, ამ იდეას ადვილად იღებენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ: „თითოეულ თაობას თავისი წოდება აქვს; ისინი, ვინც სათავეში არიან, ჩვენი წინაპრები არიან. როგორც კი სიტყვა „წინაპარი“ ნახსენები იქნება, ადამიანებმა მუხლი უნდა მოიყარონ და თაყვანი სცენ მათ, როგორც ღმერთებს“. ბავშვობიდანვე ადამიანი განიცდის ოჯახის გავლენას, ყალიბდება და იზრდება ამგვარად; მათ ნორჩ გონებაში ინერგება ერთი რამ: რომ ადამიანს არ შეუძლია ამ ქვეყნად ცხოვრება ოჯახის გარეშე და რომ ოჯახის დატოვება ან ოჯახის ტყვეობისგან გათავისუფლება მორალურად დასაგმობი დანაშაულია. რას გულისხმობს ეს, მორალურად დასაგმობი დანაშაული? ეს გულისხმობს, რომ თუ არ უსმენ შენს ოჯახს, უმადური შვილი ხარ, ხოლო უმადურობა ნიშნავს, რომ ადამიანი არ ხარ. ამიტომ, ადამიანთა უმეტესობა ვერ ბედავს ამ ოჯახური ბორკილების გაწყვეტას. ჩინელი ხალხი მკაცრად არის შებოჭილი ნორმებით, განიცდის გავლენას და კონტროლდება იერარქიით, ისევე როგორც ისეთი ცნებებით, როგორებიცაა სამი მორჩილება და ოთხი სათნოება, და სამი ფუნდამენტური კავშირი და ხუთი მუდმივი სათნოება. ახალგაზრდებს, რომლებიც სათანადოდ არ მიმართავენ თავიანთ უფროსებს, როგორც ბიძიებს, დეიდებს, ბაბუას ან ბებიას, ხშირად ადანაშაულებენ უზრდელობასა და უკულტურობაში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ შენ ამ ეთნიკურ ჯგუფში, ამ საზოგადოებაში არასრულფასოვნად ითვლები, რადგან არ იცავ საზოგადოებრივ ნორმებს, არ ხარ კულტურული და არავითარი ღირებულება არ გაგაჩნია. სხვები კარგად არიან ჩაცმულნი, დახელოვნებულნი არიან თვალთმაქცობაში და საუბრობენ თავაზიანადაც და ელეგანტურადაც; ისინი ტკბილსიტყვაობენ, შენ კი ისიც არ იცი, რომ ვინმეს ბიძია ან დეიდა უნდა დაუძახო. ხალხი იტყვის, რომ უკულტურო ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, ზემოდან დაგიწყებენ ყურებას. სწორედ ასეთი იდეოლოგია ინერგება ჩინელ ხალხში. ზოგიერთ ბავშვს, რომელმაც არ იცის, როგორ მიმართოს ადამიანებს, მშობლები მკაცრად საყვედურობენ ან სცემენ კიდეც. ცემისას ზოგიერთი მშობელი ამბობს: „შენ უზრდელი, უვარგისი და უკულტურო ხარ; მირჩევნია, უბრალოდ სიკვდილამდე გცემო! შენ მხოლოდ მარცხვენ და ხალხის წინაშე სახეს მაკარგვინებ!“ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვმა არ იცის, როგორ მიმართოს სხვებს, მშობლები საკუთარი რეპუტაციის გამო პრობლემას აზვიადებენ და ბავშვს სასტიკად სცემენ. რა სახის ქცევაა ეს? ეს სრული სისულელეა! მიხვდებოდით თუ არა ამ ყველაფერს, მე რომ ამგვარად თანაზიარება არ მქონოდა? შეგიძლია თუ არა, რეალურ ცხოვრებაში დანახული მოვლენების, ღვთის სიტყვების კითხვის ან საკუთარი გამოცდილების მეშვეობით, თანდათანობით და ნელ-ნელა ჩასწვდე ამ საკითხებს და შემდეგ შეცვალო შენი ცხოვრების მიმართულება, შეცვალო იმ გზის მიმართულება, რომელსაც ადგეხარ? თუ არ შეგიძლიათ, თქვენი ჭვრეტის უნარი არასაკმარისია. ყველა საკითხში, ღვთის სიტყვების, ღვთის საქმისა და ღვთის მოთხოვნების სტანდარტად გამოყენება ყველაზე სწორი მიდგომაა, ის არ შეიცავს არცერთ შეცდომას — ეს უდავოა. ნებისმიერი რამ, რაც სატანისგან მომდინარეობს, რაც არ უნდა შეესაბამებოდეს ადამიანურ წარმოდგენებს ან გემოვნებას, რაც არ უნდა წესიერად გამოიყურებოდეს, არ არის ჭეშმარიტება, არამედ ყალბია.

ამ ისტორიის მოყოლის მიზანია, დაგანახვოთ ნათელი, გაგაგებინოთ, რა არის ჭეშმარიტება, რას იღებენ ადამიანები ღმერთისადმი რწმენით, რას ნიშნავს, რომ ღმერთმა ადამიანებს შეაცვლევინოს მათი ხასიათი და მოაპოვებინოს ჭეშმარიტება, და აქვს თუ არა ღვთის მიერ ნათქვამ ჭეშმარიტებასა და მის მოთხოვნებს რაიმე კავშირი იმასთან, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია, ან იმ ფიქრებთან, შეხედულებებთან და სხვადასხვა გაგებასთან, რომლებიც წარმოიქმნება ეროვნული და სოციალური გარემოდან მიღებული განათლებისა და პირობების შედეგად. თქვენ ყველამ თავადაც უნდა გაარჩიოთ ეს საკითხები. დღეს ჩვენმა მაგალითმა მხოლოდ ერთი ასპექტი მოიცვა. სინამდვილეში, თითოეულ ადამიანს გულში არ აკლია ტრადიციული კულტურის ელემენტები. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „რადგან იერარქია უნდა უარვყოთ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ შემიძლია ჩემს მშობლებს სახელით მივმართო?“ მისაღებია თუ არა ეს? თუ შენს მშობლებს დედას და მამას ეძახი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კვლავ იცავ იერარქიას და დაუბრუნდი ტრადიციულ კულტურას? არა. მშობლებს მაინც ისე უნდა მიმართო, როგორც საჭიროა; დედისა და მამის დაძახება არის ის, თუ როგორ სურს ღმერთს, რომ ადამიანებმა მიმართონ მათ. სწორედ ასე უნდა მიმართონ მათ; ეს ზუსტად იგივეა, რომ შენი მშობლები გეძახიან „ბავშვს“, „ვაჟიშვილს“ ან „ქალიშვილს“. მაშ, ძირითადად რისი გაგება გევალებათ ჩემ მიერ ამ ისტორიის მოყოლის შედეგად? ძირითადად რა საკითხს ეხება იგი? (საგნების განსჯის ჩვენეული სტანდარტი უნდა შეიცვალოს; ყველაფერი უნდა განისაჯოს ღვთის სიტყვებისა და მოთხოვნების მიხედვით.) სწორია. ბრმად ნუ გამოიგონებ რაღაცებს თავად. ადამიანებს მუდამ სურთ საკუთარი „ჭეშმარიტების“ შექმნა. როდესაც რაღაცის გაკეთება სურთ, ისინი იგონებენ არგუმენტებისა და თეორიების წყებას, შემდეგ კი მეთოდების წყებას და ახორციელებენ მას განურჩევლად მისი სისწორისა. ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ ამას პრაქტიკაში, ჯიუტად მიჰყვებიან მას განურჩევლად იმისა, მოაქვს თუ არა რაიმე შედეგი, და მაინც ფიქრობენ, რომ არიან კეთილგანწყობილნი, სამართლიანნი და კეთილნი. ისინი ფიქრობენ, რომ ის, რასაც ცხოვრებაში ავლენენ, კარგია, და რომ ეს მათ ქებასა და აღფრთოვანებას მოუტანს, და საბოლოოდ სულ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ დიადები არიან. ადამიანები არასოდეს ფიქრობენ, არ ცდილობენ ჩასწვდნენ ან ეძიონ ის, თუ რა არის ღვთის მოთხოვნები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რა არის მოქმედების პრინციპები თითოეული საქმის კეთებისას, და იმაზე, გამოავლინეს თუ არა ერთგულება ღვთიური დავალების მიმართ თავიანთი მოვალეობის შესრულების პროცესში. ისინი არ ფიქრობენ ამ საკითხებზე; ისინი მხოლოდ იმ მრუდე და ბოროტ საქმეებზე ფიქრობენ — განა ეს უკეთურებაში მონაწილეობა არ არის? (დიახ.) ვინც გარეგნულად თვინიერია, სათანადოდ იქცევა, განათლებულია და იცავს საზოგადოებრივ ნორმებს, ვინც მუდამ საუბრობს კეთილგანწყობაზე, სამართლიანობაზე, წესიერებაზე, სიბრძნესა და სანდოობაზე, და ვინც დახვეწილი ელეგანტურობით საუბრობს და სასიამოვნო მოსასმენ რამეებს ამბობს — დააკვირდით, ახორციელებს თუ არა ასეთი ადამიანი ჭეშმარიტებას პრაქტიკაში. თუ ისინი არასოდეს ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, მაშინ ისინი სხვა არაფერი არიან, თუ არა თვალთმაქცები, რომლებიც სიკეთეს იჩემებენ; ისინი ზუსტად დამინგს ჰგვანან და ოდნავაც არ განსხვავდებიან მისგან. რა ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვინც მხოლოდ კარგ ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას და მას სხვების მოსატყუებლად იყენებს, რათა შეაქონ და აღფრთოვანდნენ მათით? (თვალთმაქცები.) აქვთ თუ არა ამ ადამიანებს სულიერი გაგება? (არა.) შეუძლიათ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სულიერი გაგება, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? (არა.) რატომ არ შეუძლიათ? (მათ არ ესმით, რა არის ჭეშმარიტება, ამიტომ ისინი უბრალოდ ირგებენ გარკვეულ გარეგნულად კარგ ქცევას და იმას, რასაც ხალხი კარგად მიიჩნევს, ჭეშმარიტებად თვლის, და პრაქტიკაში ახორციელებენ.) ეს არ არის მთავარი. თუნდაც საერთოდ არ ესმოდეთ ჭეშმარიტება, განა მაინც არ იციან საქმის კეთების ზოგიერთი აშკარა პრინციპი? როდესაც ეუბნები, როგორ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, განა არ შეუძლიათ გაგება? ასეთ ადამიანებს ერთი თვისება აქვთ: მათ არ აქვთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების განზრახვა. რასაც არ უნდა ეუბნებოდე, არ მოგისმენენ; ისინი უბრალოდ ისე მოიქცევიან და ილაპარაკებენ, როგორც თავად სურთ. ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებაზე. შეხედე შენ გარშემო მყოფთ: დააკვირდი, ვინ აჩვენა გარკვეული ცვლილება და ვისი ქცევა და საქმის კეთების პრინციპები ოდნავაც არ შეცვლილა, ვისი გული რჩება შეურყეველი, როგორც უნდა უზიარებდე მათ ჭეშმარიტებას, და ვინ კვლავაც არ იცვლება ან არ აპირებს შეცვლას და აგრძელებს საქმის კეთებას ისე, როგორც თავად მოეხასიათებათ, თუნდაც შეეძლოთ შენი თანაზიარების შინაარსის საკუთარ თავთან დაკავშირება. შეხვედრიხართ ასეთ ადამიანებს? შეხვედრიხართ, არა? რატომ ათავისუფლებენ ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს? იმიტომ, რომ ისინი არ ახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, ისინი არ აკეთებენ რეალურ საქმეს. მათ ესმით ყოველგვარი მოძღვრება და ჯიუტად მიჰყვებიან საკუთარ გზებს. რაც არ უნდა უზიარებდე ჭეშმარიტება-პრინციპებს, მათ მაინც თავიანთი წესები აქვთ, ებღაუჭებიან საკუთარ შეხედულებებს და არავის უსმენენ. ისინი უბრალოდ ისე იქცევიან, როგორც სურთ — შენ ერთს ეუბნები, ისინი კი სხვას აკეთებენ. ასეთი წინამძღოლები და მუშაკები უნდა გათავისუფლდნენ, არა? (დიახ.) ნამდვილად უნდა გათავისუფლდნენ. რა გზას ადგანან ეს ადამიანები? (ანტიქრისტეს გზას.) ანტიქრისტეს გზაზე სიარულით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ისინი თავად გახდებიან ანტიქრისტეები. ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუ, რაც არ უნდა უზიარებდე მათ ჭეშმარიტებას, ისინი მაინც არ იღებენ მას და ოდნავაც არ იცვლებიან, მაშინ ეს მართლაც პრობლემურია და ისინი უკვე ანტიქრისტეებად იქცნენ.

რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც დღეს მოყოლილი ისტორიიდან მიიღეთ? ის, რომ ადამიანებისთვის ადვილია გზიდან გადახვევა. რატომ არის ადამიანებისთვის ადვილი გზიდან გადახვევა? პირველ რიგში, ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი; მეორეც, ასაკის მიუხედავად, ადამიანები არ არიან სუფთა ფურცლები თავიანთ ფიქრებსა და გულის სიღრმეში. მაშ, რა მინიშნებებს გაძლევთ ეს ისტორია? ადამიანებისთვის ადვილია გზიდან გადახვევა — ეს არის პირველი. მეორეც, ადამიანები მიდრეკილნი არიან, მიჰყვნენ იმას, რაც მათ კარგი და სწორი ჰგონიათ, თითქოს ეს ჭეშმარიტება იყოს, და ბიბლიურ ცოდნასა და სულიერ მოძღვრებებს ისე ეპყრობიან, როგორც ღვთის სიტყვებს, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განახორციელონ. ამ ორი საკითხის გაგების შემდეგ, რა ახალი გაგება, იდეები ან გეგმები გაქვთ იმ გზასთან დაკავშირებით, რომლითაც მომავალში უნდა იაროთ და თითოეულ დავალებასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში უნდა შეასრულოთ? (მომავალში საქმის კეთებისას არ უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რაც სწორად მიგვაჩნია. პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, შეესაბამება თუ არა ჩვენი ფიქრები იმას, რაც ღმერთს სურს, და შეესაბამება თუ არა ისინი ღვთის მოთხოვნებს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ პრაქტიკის პრინციპები ღვთის სიტყვებში და შემდეგ ვიმოქმედოთ. მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტებას ვახორციელებთ პრაქტიკაში და რომ გზა, რომლითაც ღმერთისადმი რწმენაში მივდივართ, სწორია.) თქვენ ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ ღვთის სიტყვებთან მიმართებით. შეწყვიტეთ საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობა. შენ არ გაქვს სულიერი გაგება; შენი სულიერი მონაცემები სუსტია; და რაოდენ დიადიც არ უნდა იყოს ის იდეები, რომლებსაც იგონებ, ისინი არ არის ჭეშმარიტება. მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ის, რაც გააკეთე, უნაკლო და სწორია, მაინც უნდა მიიტანო ის ძმებთან და დებთან თანაზიარებისა და გადამოწმებისთვის, ან შეადარო ღვთის შესაბამის სიტყვებს. შეგიძლია თუ არა ამგვარად მიაღწიო ასპროცენტიან უზადობას? აუცილებელი არ არის; შესაძლოა მაინც გქონდეს გარკვეული გადახრები შენს პრაქტიკაში, თუ სრულად არ გაქვს გააზრებული ჭეშმარიტება-პრინციპები და იმის წყარო, რაც ღმერთმა თქვა. ეს ერთი ასპექტია. რა არის მეორე? თუ ადამიანები შორდებიან ღვთის სიტყვებს, რაც არ უნდა გონივრული ან მისაღები ჩანდეს მათი ქმედებები, ეს ქმედებები ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტებას. ნებისმიერი რამ, რაც ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტებას, არ არის ჭეშმარიტება და არც დადებითი რამ არის. თუ ეს არ არის დადებითი რამ, მაშ, რა არის? ეს ნამდვილად არ არის ის, რაც ღმერთს ახარებს, და არც ჭეშმარიტებას შეესაბამება; ეს არის ის, რასაც ღმერთი გმობს. რა შედეგები მოჰყვება იმას, თუ გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც ღმერთი გმობს? შენ ღმერთს თავს შეაძულებ. ყველაფერი, რაც ღვთისგან არ მომდინარეობს, უარყოფითი რამეებია, ისინი სატანისგან მომდინარეობს. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ეს არ ესმოდეს; დაე, ეს თანდათანობით მოვიდეს, როცა გამოცდილებას შეიძენთ.

დღეს ჩვენ სერიოზულად ვაკრიტიკებდით ერთ რამეს; რას ვაკრიტიკებთ? ბებერი დედა ღორისთვის „დეიდა ღორის“ დაძახებას, არა? სამარცხვინოა თუ არა ღორისთვის „დეიდა ღორის“ დაძახება? (დიახ.) ეს სამარცხვინო ამბავია. ადამიანებს მუდამ სურთ საპატიო სახელის ქონა. საიდან მომდინარეობს ეს „პატივი“? რას გულისხმობს „პატივი“? უკავშირდება თუ არა ის ასაკს? (დიახ.) მუდამ იმის სურვილი, რომ უფროსად მიგიჩნიონ, მუდამ ასაკზე ყურადღების გამახვილება — კარგია ეს? (არა.) რატომ არ არის კარგი ასაკზე ყურადღების გამახვილება? უნდა გააანალიზოთ, რა მნიშვნელობა აქვს ასაკზე ყურადღების გამახვილებას. ასე მარტივია ამის თქმა: „ღმერთი არ აძლევს ადამიანებს უფლებას, ყურადღება გაამახვილონ ასაკზე, მაშ, რატომ განიხილავ ამას უაზროდ? სისულელეს ლაპარაკობ და ამავდროულად კულტურულ ადამიანად მოგაქვს თავი. შენი მოვალეობის შესრულებისას არასოდეს ითვალისწინებ ღვთის სახლის ინტერესებს და მუდამ ღალატობ მათ. როდესაც რაღაც შენს პირად ინტერესებს ეხება, არ ყოყმანობ ღვთის სახლის ინტერესების ღალატის ჩადენაზე. ვისი მოტყუება გსურს, როცა კარგ ადამიანად მოგაქვს თავი? ხარ კი იმის ღირსი, რომ კარგად ჩაითვალო?“ მისაღები იქნებოდა ამის ასე თქმა? (დიახ.) რა უნდა ითქვას, რომ კიდევ უფრო მკაცრად ჟღერდეს? „რას ბოდავ? შენ უბრალოდ სულელი ღორი ხარ, იდიოტი, რომელსაც ოდნავაც არ ესმის ჭეშმარიტება. რად მოგაქვს თავი? განათლებული ხარ, კულტურული ხარ და ღმერთი გწამს. ღვთის ამდენი სიტყვა გაქვს წაკითხული და მაინც გგონია, რომ ღმერთი საკმაოდ კარგად გწამს. მაგრამ საბოლოოდ, ისიც კი არ იცი, რას ნიშნავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. განა უბრალოდ სულელი ღორი, სრული იდიოტი არ ხარ?“ სულ ეს არის ამ ისტორიის არსი. ახლა მოდი, დავუბრუნდეთ თანაზიარების მთავარ თემას.

ანტიქრისტეთა მზაკვრული, თვითნებური და დიქტატორული ქცევების, ასევე ადამიანების იძულებითი დამორჩილების მეთოდების ანალიზი

I. ანტიქრისტეთა მზაკვრული ქცევის ანალიზი

ბოლო ჯერზე ჩვენ თანაზიარება გვქონდა ანტიქრისტეების გამოვლინებების მეხუთე პუნქტის შესახებ — მათ მიერ ადამიანთა შეცდომაში შეყვანა, მიზიდვა, დაშინება და კონტროლი. დღეს ჩვენ გვექნება თანაზიარება მეექვსე პუნქტის შესახებ — ისინი იქცევიან მზაკვრულად, არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან და აიძულებენ სხვებს მორჩილებას. არის თუ არა განსხვავება ამ და მეხუთე პუნქტს შორის? ხასიათის თვალსაზრისით, არავითარი დიდი განსხვავება არ არსებობს; ორივეს ქმედებები ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და თვითნებურ და დიქტატორულ მოქმედებას გულისხმობს. ორივეს ხასიათი არის უკეთური, ამპარტავანი, შეუვალი და სასტიკი; მათი ხასიათი ერთნაირია. თუმცა, მეექვსე პუნქტი ხაზს უსვამს ანტიქრისტეების კიდევ ერთ თვალსაჩინო გამოვლინებას, კერძოდ იმას, რომ მათი ქმედებები მზაკვრულია — ეს ანტიქრისტეთა ქმედებების ბუნებას ეხება. ახლა, მოდი, პირველ რიგში განვიხილოთ სიტყვა „მზაკვრული“. ერთი შეხედვით, „მზაკვრული“ დამამცირებელი სიტყვაა თუ საქებარი? თუ ვინმე მზაკვრულ რამეს სჩადის, ეს ქმედება კარგია თუ ცუდი? (ცუდი). თუ ამბობენ, რომ ადამიანი მზაკვრულად მოქმედებს, ეს ადამიანი კარგია თუ ცუდი? ნათელია, რომ ადამიანთა შთაბეჭდილებებითა და შეგრძნებებით, ის, ვინც მზაკვრულად მოქმედებს, უვარგისი ნაძირალაა. თუ ვინმეს მზაკვრული რამ გადახდება თავს, ეს სიხარულის მომტანია თუ ჟრუანტელს ჰგვრის მას? (ჟრუანტელის მომგვრელია.) ეს უბრალოდ არ არის კარგი რამ. მოკლედ, ერთი შეხედვით, „მზაკვრული“ დამამცირებელი ტერმინია; მიუხედავად იმისა, აღწერს იგი საკუთრივ ქმედებას თუ ადამიანის მოქმედების წესს, არცერთი მათგანი არ არის დადებითი; ის უდავოდ უარყოფითია. ახლა, მოდი, პირველ რიგში ავხსნათ, თუ რაში მდგომარეობს მზაკვრულობის გამოვლინებები. რატომ ეწოდება მას მზაკვრული და არა ცბიერი? რა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აქ სიტყვა „მზაკვრულს“? მზაკვრულობა უფრო ღრმაა, ვიდრე ცბიერება. განა უფრო მეტი დრო არ სჭირდება და უფრო რთული არ არის ადამიანებისთვის, ამოიცნონ ის, ვინც მზაკვრულად მოქმედებს? (დიახ). ეს სრულიად ნათელია. მაშ, გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელთა გაგებაც ყველას შეგიძლიათ, რათა ახსნათ ტერმინი „მზაკვრული“. აქ „მზაკვრული“ ნიშნავს ცბიერსა და გაქნილს და იგი არანორმალურ ქცევას გულისხმობს. ეს არანორმალურობა გულისხმობს ღრმად დაფარულობასა და რიგითი ადამიანისთვის მიუწვდომლობას, რომელსაც არ შეუძლია დაინახოს, რას ფიქრობს ან რას აკეთებს ასეთი ხალხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ტიპის ადამიანის ქმედებების მეთოდების, მოტივებისა და ამოსავალი წერტილების ამოცნობა განსაკუთრებით რთულია, და ზოგჯერ მათი ქცევაც ცბიერი და ამოუცნობია. მოკლედ, არსებობს ტერმინი, რომელსაც შეუძლია აღწეროს ადამიანის მზაკვრულობის რეალური გამოვლინება და მდგომარეობა, და ეს არის „გამჭვირვალობის ნაკლებობა“, რაც მათ სხვებისთვის ამოუცნობსა და გაუგებარს ხდის. ანტიქრისტეთა ქმედებებს სწორედ ასეთი ბუნება აქვს — ანუ, როდესაც აცნობიერებ და გრძნობ, რომ რაიმეს კეთებისას მათი განზრახვები არც ისე მარტივია, ეს საკმაოდ შემაძრწუნებლად გეჩვენება, თუმცა მოკლე დროში ან რაიმე მიზეზის გამო, მაინც ვერ სწვდები მათ მოტივებსა და განზრახვებს, და უბრალოდ გაუცნობიერებლად გრძნობ, რომ მათი ქმედებები მზაკვრულია. რატომ გიქმნიან ისინი ამგვარ შეგრძნებას? ერთი მხრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ არავის შეუძლია ჩასწვდეს იმას, რასაც ისინი ამბობენ ან აკეთებენ. მეორე მხრივ, ისინი ხშირად საუბრობენ მიკიბულ-მოკიბულად, შეცდომაში შეჰყავხარ და საბოლოოდ გაურკვევლობაში გაგდებენ იმის თაობაზე, თუ მათი რომელი ნათქვამია ჭეშმარიტი და რომელი — მცდარი, და სინამდვილეში რას ნიშნავს მათი სიტყვები. როდესაც ისინი იტყუებიან, გგონია, რომ ეს ჭეშმარიტებაა; არ იცი, რომელი განცხადებაა მართალი ან მცდარი, და ხშირად გრძნობ, რომ გაგასულელეს და მოგატყუეს. რატომ ჩნდება ეს შეგრძნება? ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ადამიანები არასოდეს მოქმედებენ გამჭვირვალედ; არ შეგიძლია ნათლად დაინახო, რას აკეთებენ ან რით არიან დაკავებულნი, რაც შენში გარდაუვალად იწვევს მათ მიმართ ეჭვს. საბოლოოდ, ხედავ, რომ მათი ხასიათი არის მზაკვარი, ვერაგული და ასევე უკეთური. სიტყვა „მზაკვრული“ რთულად გასაგებია და ადამიანებისთვის საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ რატომ უნდა ავხსნათ იგი ისეთი მარტივი ფრაზით, როგორიცაა „გამჭვირვალობის ნაკლებობა“? ამ ფრაზაში ფარული აზრი დევს. რა არის ეს ფარული აზრი? ის, რომ ანტიქრისტეები ხშირად გაჩვენებენ ყალბ სურათს, როდესაც რაიმეს გაკეთება სურთ, რაც გირთულებს მათ ამოცნობას. მაგალითად, თუ ანტიქრისტეს მარცხენა ლოყაზე სურს შენთვის სილის გაწნა, ის დარტყმას მარჯვენა ლოყისკენ მიმართავს. როდესაც მარჯვენა ლოყის დასაცავად გაიწევი, ის წარმატებით გაგაწნავს სილას მარცხენა ლოყაზე და ამგვარად აღწევს თავის მიზანს. სწორედ ეს არის მზაკვრულობა და ინტრიგებისკენ მიდრეკილება — ყველა, ვინც მათთან ურთიერთობს და საქმეს იჭერს, მათ გათვლებშია მოქცეული. რატომ აკეთებენ ისინი მუდმივად გათვლებს? გარდა იმისა, რომ სურთ ადამიანების გაკონტროლება და მათ გულებში ადგილის დაკავება, მათ ასევე სურთ ყველასგან სარგებლის მიღება. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებში ასევე შეგიძლია აღმოაჩინო ერთგვარი უკეთური ხასიათი: მათ განსაკუთრებით სიამოვნებთ სხვების ბოროტად გამოყენება ან საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება სხვების სისუსტეების დასაცინად, და ისინი სიამოვნებას იღებენ ადამიანებით თამაშით. ეს მათი უკეთურების გამოვლინებაა. ჩვეულებრივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები გამჭრიახებად მიიჩნევიან. რიგითი ადამიანები ფიქრობენ: „მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები შეიძლება იყვნენ გამჭრიახნი. ახალგაზრდებს არ გააჩნიათ გამოცდილება ან ამქვეყნიური სიბრძნე, მაშ, როგორ შეიძლება იყვნენ ისინი გამჭრიახნი?“ არის თუ არა ეს გამონათქვამი სწორი? არა, არ არის. ანტიქრისტეთა უკეთური ხასიათი არ არის დამოკიდებული ასაკზე; ისინი ამ ხასიათით იბადებიან. უბრალოდ, როდესაც უფრო ახალგაზრდები და ნაკლებად გამოცდილნი არიან, მათ მიერ მსგავს მაქინაციებში ჩართვა, შესაძლოა, უფრო პრიმიტიული და ნაკლებად დახვეწილი იყოს. ასაკის მატებასთან ერთად, ისინი გაუმჭვირვალენი ხდებიან, ბებერი ეშმაკთა მეფეების მსგავსად, რომელთა ქმედებებიც მკაცრად გასაიდუმლოებული და ადამიანთა უმეტესობისთვის სრულიად ამოუცნობია.

ახლახან ზოგადად ავხსენი სიტყვა „მზაკვრული“, ამიტომ ახლა, მოდი, გვქონდეს თანაზიარება მზაკვრულობის კონკრეტული მდგომარეობებისა და გამოვლინებების შესახებ. განა ეს არ იმსახურებს თანაზიარებას? თუ ამაზე არ გვექნება თანაზიარება, განა შეძლებთ მათ გარჩევას? განა შეძლებთ მათ ამოცნობას? (არა). საქმე ის არ არის, რომ აბსოლუტურად არ შეგიძლიათ მათი გარჩევა ან ამოცნობა; ზოგჯერ იგრძნობ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი მართლაც ეშმაკია — იმდენად ეშმაკი, რომ საბოლოოდ მის ნებას ასრულებ მას შემდეგაც კი, რაც გიღალატა — და რომ მის მიმართ სიფრთხილე გმართებს. მაშ, რას აკეთებენ ანტიქრისტეები და რა სიტყვებსა და ქმედებებს ავლენენ ისინი ძმებსა და დებთან და გარშემომყოფებთან მოპყრობისას, რაც აჩვენებს, რომ ისინი მზაკვრულად და უკეთური ხასიათით მოქმედებენ? ეს ნამდვილად ღირს თანაზიარებად. როდესაც მხოლოდ სიტყვა „მზაკვრული“ აიხსნება, ადამიანებს ის ზოგადად, საკმაოდ მარტივად ეჩვენებათ; ლექსიკონის შემოწმება ალბათ საკმარისია მისი მნიშვნელობის გასაგებად. მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმას, თუ ადამიანთა რომელი ქმედებები, ქცევები და ხასიათები უკავშირდება ამ სიტყვას და წარმოადგენს ამ სიტყვის კონკრეტულ გამოვლინებებსა და მდგომარეობებს, ეს უფრო რთული და ძნელად გასაგები ხდება, არა? პირველ რიგში, იფიქრეთ იმ ადამიანებზე ან კონკრეტულ ანტიქრისტეებზე, რომლებსაც შეხვედრიხართ და გადაჰყრიხართ. მათმა რომელმა ქმედებებმა გაგრძნობინა, რომ ამ ქმედების ბუნება მზაკვრულობას უკავშირდებოდა, ან მათი რომელი ყოველდღიური სიტყვები, ქმედებები და ქცევები იყო ამასთან დაკავშირებული? (ერთხელ შევხვდი ანტიქრისტეს, რომელსაც აშკარად სურდა სტატუსისთვის ბრძოლა და წინამძღოლობა, მაგრამ ძმებსა და დებს ეუბნებოდა: „ჩვენ უნდა ვამხილოთ ცრუ წინამძღოლები და ცრუ მუშაკები. მხოლოდ ამის გაკეთებით შეგვიძლია გვქონდეს სულიწმიდის საქმე. თუ არ ვამხელთ ცრუ წინამძღოლებს, ვერ მივიღებთ სულიწმიდის საქმეს. ჩვენ უნდა აღვდგეთ, რათა ერთობლივად დავიცვათ ეკლესიის საქმე“. ეკლესიის საქმის დაცვის დროშით მოქმედებისას, იგი ეძებდა გზებს წინამძღოლებსა და მუშაკებზე გავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად, მცირე პრობლემებისგან დიდ ამბავს ქმნიდა და აქეზებდა ძმებსა და დებს, ემხილებინათ წინამძღოლები და მუშაკები. მისი მიზანი იყო წინამძღოლებისა და მუშაკების დამხობა, რათა თავად მისცემოდა წინამძღოლად გახდომის შანსი. ბევრმა ძმამ და დამ ვერ ამოიცნო ეს და მის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი. იმის ნაცვლად, რომ პრობლემა პრინციპებზე დაყრდნობით ამოეცნოთ, ისინი ჩაეჭიდნენ ზოგიერთ მცირე საკითხსა და წინამძღოლებსა და მუშაკებში გამოვლენილ გახრწნას, რათა დაეგმოთ ისინი, იარლიყები მიეკრათ მათთვის და ყველაფერი გაეზვიადებინათ, რითაც ეკლესია ქაოსში ჩააგდეს.) მითხარით, არის თუ არა ეს მზაკვრულობა? (დიახ). სწორედ ეს არის. რატომ არის ეს მზაკვრული? იგი სამართლიანობის ნიღაბს ამოეფარა თავისი ფარული მიზნების მისაღწევად, ამავდროულად სხვებს მოქმედებისკენ მოუწოდებდა, თავად კი არ ჩანდა და იმალებოდა, რათა შედეგებს დაჰკვირვებოდა. თუ ყველაფერი გამოვიდოდა, მით უკეთესი, და თუ არა, ვერავინ ამოიცნობდა მას, რადგან იგი კარგად იყო დამალული. ეს არის მზაკვრულობა — ეს მისი გამოვლინებების ერთ-ერთი ფორმაა. იგი არ გაგაგებინებდა თავის ჭეშმარიტ სიღრმისეულ ფიქრებს და თუ ოდნავ მაინც შეძლებდი გამოცნობას, იგი ნაჩქარევად იგონებდა სხვადასხვა საბაბსა და არგუმენტს მათ დასაფარად და ნებისმიერ ფასად იცავდა თავს, რადგან ეშინოდა, რომ ხალხი ჭეშმარიტებას დაინახავდა. იგი განზრახ ართულებდა მდგომარეობას; ეს არის მზაკვრულობა. კიდევ ვინმე? (რამდენიმე წლის წინ ჩვენს ეკლესიაში ანტიქრისტეთა ჯგუფი გამოჩნდა და კონტროლი დაამყარა, რამაც ეკლესიის საქმეში არეულობა გამოიწვია. ზემდგომმა საქმის გადასაბარებლად ადამიანი გამოგზავნა, მაგრამ ანტიქრისტეთა ეს ჯგუფი ნიღბის ქვეშ მოქმედებდა და ამბობდა: „ჩვენ გვყავს ჩვენი წინამძღოლები და არ ვიღებთ სხვა ადგილებიდან გადმოყვანილ წინამძღოლებს; ჩვენ თავად შეგვიძლია საქმესთან გამკლავება“. შედეგად, ბევრი შეცდომაში იქნა შეყვანილი, უსმენდა ანტიქრისტეებს და უარს ამბობდა ზემდგომის მიერ დანიშნული წინამძღოლის მიღებაზე. ამ ანტიქრისტეებმა ზემდგომის მიერ გამოგზავნილი წინამძღოლი ერთ ადგილას გამოკეტეს კიდეც, უკრძალავდნენ მას ძმებთან და დებთან ურთიერთობას და შეუძლებელს ხდიდნენ მისთვის ეკლესიის საქმეში დახმარებას ან რაიმე საქმის განხორციელებას.) ეს საშინლად მზაკვრული იყო ანტიქრისტეების მხრიდან — რა იყო მათი ფარული მოტივი? მათ სურდათ ეკლესიის გაკონტროლება და საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოს დაარსება. ეს მზაკვრულია; სწორედ ასეთ რამეებს აკეთებენ ანტიქრისტეები.

რა არის მზაკვრულად მოქმედი ანტიქრისტეების ძირითადი გამოვლინებები? ერთი არის გამჭვირვალობის ნაკლებობა, ხოლო მეორე ის, რომ ისინი ფარულად აწყობენ ისეთ გეგმებს, რომელთა გამხელაც არ სურთ. ყველასთვის რომ გაემხილათ თავიანთი გეგმები და განზრახვები, შეძლებდნენ თუ არა მათ განხორციელებას? რა თქმა უნდა, არა. რატომ აკეთებენ ამას ასე ის ადამიანები, რომლებიც მზაკვრულ მეთოდებს იყენებენ? რა არის ამ ქმედებების მიღმა არსებული მიზანი? აქამდე, რაზეც იფიქრეთ, მხოლოდ ეკლესიის გაკონტროლებაა, მაგრამ ზოგიერთი საკითხი არ გულისხმობს ეკლესიის ან ყველას გაკონტროლებას. ეკლესიის ან რეგიონის ხალხის შეცდომაში შეყვანა შედარებით დიდი საქმეა, მაშ, რა მიზანი იმალება ჩვეულებრივ დროს ანტიქრისტეების უფრო მცირე ქცევებისა და ქმედებების მიღმა? ეს არის ადამიანების ბოროტად გამოყენება და მათი იძულება, ძალისხმევა გაიღონ მათთვის, რათა დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები და მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. მაშინ როდესაც ღმერთი წარმართავს და განაგებს ადამიანებს და ხელმწიფებს მათ ბედზე, ანტიქრისტეებსაც სურთ ადამიანთა ბედის განკარგვა და მათი მანიპულირება. მაგრამ პირდაპირ რომ ეთქვათ, რომ შენი მანიპულირება სურთ, დათანხმდებოდი? რომ ეთქვათ, მონასავით გამუშავებო, დათანხმდებოდი? რომ ეთქვათ, რომ ისინი წინამძღოლები არიან და მათ უნდა დაემორჩილოო, დათანხმდებოდი? რა თქმა უნდა, არ დათანხმდებოდი. ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან მიმართონ გარკვეულ უჩვეულო მეთოდებს, რათა შენთვის გაუცნობიერებლად ბოროტად გამოგიყენონ; სწორედ ამას ჰქვია მზაკვრულობა. მაგალითად, დიდი წითელი დრაკონი მზაკვრულად მოქმედებს და ადამიანების შეცდომაში შესაყვანად ერთი შეხედვით კანონიერ საბაბს იყენებს. როგორ მოახდინა მან მემამულეებისა და კაპიტალისტების ქონების კონფისკაცია? შეიმუშავა თუ არა წერილობითი პოლიტიკა, რომელიც აცხადებდა, რომ გარკვეულ ოდენობაზე მეტი ქონება სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა? იმუშავებდა ეს, ღიად რომ განეცხადებინა? (არ იმუშავებდა.) რადგან ეს არ იმუშავებდა, რა გააკეთა მან? მას უნდა მოეძებნა გზა, რომელსაც ყველა სწორად მიიჩნევდა, რათა გამართლებულად მოეხდინა მემამულეებისა და კაპიტალისტების ქონების კონფისკაცია და მიტაცება. ამან ძალაუფლება დააკარგვინა მემამულეებსა და კაპიტალისტებს, გაამდიდრა სახელმწიფო და განამტკიცა მისი მმართველობა. როგორ გააკეთა ეს დიდმა წითელმა დრაკონმა? (მემამულეებზე თავდასხმითა და მიწების გადანაწილებით.) იგი ამოეფარა ლოზუნგებს: „შევუტიოთ მემამულეებს და გადავანაწილოთ მიწები“ და „თანასწორობა ყველასათვის“, შემდეგ კი შეთხზა ისეთი ისტორიები, როგორიცაა „თეთრთმიანი გოგონა“, რათა ცილი დაეწამებინა და დაეგმო ყველა მემამულე და კაპიტალისტი. მან გამოიყენა საზოგადოებრივი აზრისა და პროპაგანდის ძალა, რათა ადამიანებისთვის ეს მცდარი იდეები შთაეგონებინა, რითაც ყველა არაინფორმირებულს აფიქრებინა, რომ მემამულეები და კაპიტალისტები ცუდები იყვნენ და არ უტოლდებოდნენ მშრომელ მასებს, რომ ახლა ხალხი იყო საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონი, რომ სახელმწიფო ხალხს ეკუთვნოდა, რომ ამ მცირერიცხოვან ადამიანებს არ უნდა ჰქონოდათ ამდენი სიმდიდრე, და რომ ის უნდა ჩამორთმეულიყო და ყველაზე გადანაწილებულიყო. ასეთი ეგრეთ წოდებული კარგი, სწორი და ღარიბთა მხარდამჭერი იდეოლოგიებისა და თეორიების გავლენით, ხალხი შეცდომაში იქნა შეყვანილი და დაბრმავებული, და მათ დაიწყეს ადგილობრივ მაგნატებთან ბრძოლა და მემამულეებსა და კაპიტალისტებზე თავდასხმა. და რა იყო საბოლოო შედეგი? ზოგიერთი, ამ მემამულეთა და კაპიტალისტთაგან, სასიკვდილოდ სცემეს, ზოგი დაასახიჩრეს, ზოგი კი შორს გაიქცა. მოკლედ, საბოლოო შედეგი ის იყო, რომ დიდმა წითელმა დრაკონმა თავისი გაიტანა. ეს სულელი და უმეცარი მასები ასეთი თაღლითობების გავლენით თანდათანობით იქნენ წარმართულნი იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც ამ ეშმაკებს სურდათ. მსგავსადვე, ანტიქრისტეებიც მიმართავენ ასეთ მზაკვრულ მეთოდებს, როდესაც რაიმეს აკეთებენ. მაგალითად, როდესაც ანტიქრისტე თანამშრომლობს ვინმესთან წინამძღოლის როლში და ხედავს, რომ ამ ადამიანს აქვს სამართლიანობის გრძნობა, ესმის ჭეშმარიტება და შეუძლია მისი ამოცნობა, იგი ეჭვებში ვარდება: „შეუძლია თუ არა ამ ტიპს ზურგს უკან ძირი გამომითხაროს? ხომ არ ხლართავს რამეს კულისებში? რატომ ვერ ვახერხებ მის გამოჭერას? ჩემს მხარესაა თუ არა? ჩემზე ზემდგომს ხომ არ მოახსენებს?“ ამ ფიქრებით, იგი იწყებს ნერვიულობას, რომ მისი სტატუსი საფრთხეშია, არა? მაშ, რას აკეთებს იგი შემდეგ? პირდაპირ ჩაგრავს ამ ადამიანს? ზოგიერთი ანტიქრისტე ღიად დაჩაგრავდა ასეთ ადამიანს, მაგრამ მზაკვრული ტიპი ამას პირდაპირ არ გააკეთებდა. ნაცვლად ამისა, იგი დაიწყებდა საუბარს რამდენიმე შედარებით სუსტ, დაბნეულ და გამჭრიახობის უქონელ ძმასთან და დასთან, გამოჰკითხავდა და ფრთხილად მოსინჯავდა ნიადაგს: „ესა და ეს ათ წელზე მეტია მორწმუნეა, ამიტომ მის რწმენას გარკვეული საფუძველი უნდა ჰქონდეს, არა?“ ვიღაცამ შეიძლება უპასუხოს: „მას მართლაც საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. ღმერთისადმი რწმენის ამ წლების განმავლობაში, მან მიატოვა ოჯახი და კარიერა; მისი რწმენა ჩვენსაზე დიდია. მასთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგი უნდა იყოს შენთვის“. ანტიქრისტე იტყოდა: „დიახ, საკმაოდ კარგია, მაგრამ იგი არასოდეს ურთიერთობს სხვა ძმებთან და დებთან. არც ისე კომუნიკაბელური ჩანს“. სხვამ შეიძლება დაამატოს: „ასე არ არის — იგი ჩვენზე მეტად ესწრაფვის ჭეშმარიტებას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ იგი ძირითადად დროს ღვთის სიტყვების კითხვას, ქადაგებების მოსმენასა და საგალობლების სწავლას უთმობს, და როდესაც ჩვენთანაა, ღვთის სიტყვებზე თანაზიარება აქვს“. ამ ადამიანის შესახებ ასეთი კეთილგანწყობილი და საქებარი კომენტარების მოსმენისას, ანტიქრისტე გრძნობს, რომ მეტის თქმა აღარ შეუძლია, ამიტომ თემას ცვლის და ამბობს: „მას მრავალი წელია ღმერთი სწამს და ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს. მომავალში მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან და არ უნდა გავრიყოთ“. ამის გაგონებაზე, სხვები მაინც ვერაფერს არჩევენ. იმის დანახვისას, რომ ადამიანთა უმეტესობა ამ პიროვნებაზე დადებითად საუბრობს, ანტიქრისტე, რომელმაც თავის მიზნებს ვერ მიაღწია, ამ თემაზე მეტს აღარაფერს ამბობს. მოგვიანებით, ანტიქრისტე პოულობს ადამიანთა სხვა ჯგუფს და ეკითხება: „ოდესმე თუ გინახავთ, რომ ესა და ეს ღვთის სიტყვებს კითხულობდეს? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგი მუდამ სხვებთან თანაზიარებს და ზედაპირულად დაკავებული ჩანს; რატომ არ კითხულობს იგი არასოდეს ღვთის სიტყვებს?“ ეს ჯგუფი უფრო გამჭრიახია, ისინი იჭერენ ქვეტექსტს და ფიქრობენ: „როგორც ჩანს, ამ ორს შორის უთანხმოებაა; იგი ცდილობს, ჩვენი ხელით ძირი გამოუთხაროს და გარიყოს ის ადამიანი“. ამიტომ, ისინი პასუხობენ: „დიახ, იგი მუდამ უმნიშვნელო საქმეებითაა დაკავებული, ყოველთვის ზედმეტად იჩიჩქნება ადამიანებსა და საგნებში. იგი იშვიათად კითხულობს ღვთის სიტყვებს, და როცა კითხულობს, ბოლოს ჩაეძინება ხოლმე; ეს არაერთხელ შევნიშნე“. პირველ და მეორე ჯგუფთან საუბრებიდან გამომდინარე, როგორი ხასიათი ვლინდება ანტიქრისტეს სიტყვებში? განა ბოროტი არ არის? (დიახ). რა არის მისი ქმედებების ბუნება და მეთოდები? ისინი მზაკვრულია. ადამიანთა პირველმა ჯგუფმა ვერ გააცნობიერა, რის გაკეთებას ცდილობდა ანტიქრისტე, ხოლო მეორე ჯგუფი მიუხვდა განზრახვას და შემდეგ აჰყვა მის ნათქვამს. იმის შემხედვარე, რომ მეორე ჯგუფი მიჰყვება მის ნათქვამს და მათი მიზიდვა შესაძლებელია, ანტიქრისტეს სურს ამ ჯგუფის გამოყენება თავისი პარტნიორის მოსაშორებლად. აზრთა ეს მსვლელობა მზაკვრულია. ყველანაირი დარწმუნების შემდეგ, მეორე ჯგუფი შეცდომაში შეყვანილი და გადაბირებულია, ამიტომ ამბობს: „რადგან ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს ეკლესიის წინამძღოლობის პრინციპებსა და პირობებს, ვფიქრობ, შემდეგ ჯერზე მას ხმა არ უნდა მივცეთ როგორც წინამძღოლს, არა?“ ეს ჯგუფი საკმაოდ ცბიერია და საუბრის შემდეგ ისინი აკვირდებიან ანტიქრისტეს დამოკიდებულებას. ანტიქრისტე ამბობს: „ასე არ გამოვა; ეს უსამართლობა იქნება. ეს ღვთის სახლია და არა საზოგადოება!“ ამის გაგონებაზე, ისინი ეკითხებიან: „მართლა არ გამოვა ასე? მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? მაშინ შემდეგ ჯერზე მას მივცემთ ხმას“. ანტიქრისტე დაუყოვნებლივ პასუხობს: „არც მისთვის ხმის მიცემა გამოვა“. ხედავ? რასაც არ უნდა ამბობდნენ, არცერთი არ არის სწორი; ესაა პრობლემა. სინამდვილეში, ანტიქრისტეს უბრალოდ სურს, რომ ეს ადამიანები თავის გზაზე წაიყვანოს და ორმო გაუთხაროს, რათა შიგ ჩაცვივდნენ. საბოლოოდ, ამისა და იმის მოსმენის შემდეგ, ეს ადამიანები ხვდებიან ანტიქრისტეს განზრახვებს: „მოდი, უბრალოდ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მას ბევრი არაფერი აქვს სასიკეთო, ამიტომ, შესაძლოა მაინც არ აირჩიონ“. ანტიქრისტე კმაყოფილია. შეხედე: აქ არიან მგელი და მელიები, რომლებიც ერთიანდებიან, რათა შეთანხმებულად იმოქმედონ. ეს არის ეკლესიაში ანტიქრისტესა და მისი მიმდევარი ძალების მიერ განხორციელებული ქმედებების პრინციპი და ბუნება; ეს არის მათი გამოვლინება. ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან ანტიქრისტეებს, ამბობენ: „მაშ, მივცეთ ხმა. თანაც, იგი არც ისეთი კარგია; ხმა რომც მივცეთ, შესაძლოა არც კი აირჩიონ“. განა არის აქ რაიმე საეჭვო? განა ისინი გეგმავენ რამეს? მათ უკვე დაიჭირეს მინიშნებები ერთმანეთის სიტყვებიდან, მაგრამ არავინ ამბობს პირდაპირ, რა უნდა გააკეთონ; მათ შორის არსებობს მდუმარე შეთანხმება და ყველას ყველაფერი ესმის. ერთი შეხედვით, ანტიქრისტე პირდაპირ არავის ავალებს, რომ არ აირჩიონ მისი პარტნიორი, და მისი ქვემდგომი ადამიანებიც არ ამბობენ: „ჩვენ მას არ ავირჩევთ; შენ აგირჩევთ“. რატომ არ ამბობენ ამას პირდაპირ? იმიტომ, რომ არცერთს არ სურს მეორეს რაიმე ბერკეტი მისცეს. განა ეს მზაკვრული არ არის? ეს წმინდა წყლის უკეთურებაა. ისინი უსმენენ ერთმანეთის საუბრის ტონს, მაგრამ არავინ საუბრობს პირდაპირ, და საბოლოოდ, კონსენსუსი მიიღწევა. ამას სატანური დიალოგი ჰქვია. მათ შორის არის ერთი „სულელი“, რომელსაც მოსმენის შემდეგ მაინც არ ესმის და ეკითხება სხვებს, მისცემენ თუ არა ხმას იმ ადამიანს. როგორ პასუხობს ანტიქრისტე? რომ ეთქვა: „მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი“, ეს მეტისმეტად აშკარა იქნებოდა. ასეთი პასუხი მუქარისა და წაქეზების ხასიათს ატარებს; უკეთური ადამიანები ასე არ საუბრობენ. ნაცვლად ამისა, ისინი ამბობენ: „განა ღვთის სახლს არ აქვს სამუშაო განკარგულებები? მიეცით ხმა მას, ვისაც უნდა მისცეთ; თუ ვინმე არ უნდა აირჩეს, ნუ მისცემთ მას ხმას“. განა ეს ორაზროვანი საუბარი არ არის? ისინი იყენებენ ერთი შეხედვით კანონიერ საბაბს და ამბობენ: „პრინციპების მიხედვით უნდა იმოქმედო; მე არ უნდა მომისმინო. რასაც მე ვამბობ, მნიშვნელობა არ აქვს. მე არ ვარ პრინციპები; ღვთის სიტყვებია პრინციპები“. „სულელი“ ისმენს ამას და ფიქრობს: „თუ პრინციპების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, მაშინ მე მას მივცემ ხმას“. იმის შემხედვარე, რომ ეს ადამიანი სულელია და შეუძლია მათი გეგმების ჩაშლა, ჯგუფი ერთობლივად იშორებს მას და არ აძლევს „სულელს“ მათ შორის დარჩენის უფლებას. საბოლოოდ, როდესაც „სულელი“ განაგრძობს კითხვას, უნდა მისცენ თუ არა ხმა იმ ადამიანს, ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ამას მისი ქმედებების საფუძველზე განვსაზღვრავთ“. არის თუ არა ამ სიტყვებში რაიმე გადაჭრით ნათქვამი? პატიოსნების რაიმე ნიშანწყალი? (არა). მაშინ სინამდვილეში რა დევს ამ სიტყვებში? ეს სიტყვები გადმოსცემს მათ უკეთურ ხასიათს, ისევე როგორც მათ ფარულ მოტივებს, განზრახვებსა და მიზნებს. ისინი მოიცავს მათ შორის — მგელსა და მელიებს შორის — არსებულ ფარულ შეთქმულებას, რათა თავიდან მოიშორონ ის ადამიანი, რომელიც ანტიქრისტეს თვალში ეჩხირება. რატომ შეუძლია ადამიანთა ამ ჯგუფს ასე მოქცევა? გარდა იმისა, რომ ისინი თავიანთი უკეთური ხასიათით იმართებიან, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათ ზემდგომს, ანტიქრისტეს, არ მოსწონს ის ადამიანი. თუ ისინი მას მისცემენ ხმას და ანტიქრისტე ამას გაიგებს, შედეგი არ იქნება კარგი. ამიტომ, მათთვის ყველაზე გადაუდებელი და გადამწყვეტი, ყველაზე ხელსაყრელი რამ არის ის, რომ ხმა არ მისცენ იმ ადამიანს. ისინი ყველა ანტიქრისტეს უსმენენ; რასაც არ უნდა ამბობდეს ანტიქრისტე, რა მიმართულებითაც არ უნდა მიუთითებდეს მისი სიტყვები, ეს ადამიანები მიჰყვებიან მას, რადგან უგულებელყოფენ ჭეშმარიტება-პრინციპებსა და ღვთის სიტყვებს. ხედავ, სანამ ანტიქრისტე ჩნდება, გარდაუვალად იარსებებენ ისინი, ვინც მას ემორჩილება. სანამ ანტიქრისტე მოქმედებს, ზოგიერთი ადამიანი თან ახლავს და მიჰყვება მას — არ არსებობს ანტიქრისტე, რომელიც სრულიად მარტო და იზოლირებულად მოქმედებს.

ახლახან განხილული იყო ერთ-ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ანტიქრისტეები მზაკვრულად. აქ ნახსენები მზაკვრულობა გულისხმობს იმას, რომ ანტიქრისტეებს თავიანთ ქმედებებში საკუთარი მიზნები და მოტივები აქვთ, მაგრამ ამას არ გეტყვიან და არც დაგანახვებენ. როდესაც ამას აღმოაჩენ, ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ მის დასაფარად და სხვადასხვა საშუალებას გამოიყენებენ შენს შეცდომაშიშესაყვანად, რათა მათ მიმართ შენი წარმოდგენა შეცვალონ. სწორედ ეს არის ანტიქრისტეების მზაკვრული მხარე. მათი მოტივები ადვილად რომ მჟღავნდებოდეს, ფართოდ საჯაროვდებოდეს და ყველასთვის გაზიარებული იყოს, რათა ადამიანებმა იცოდნენ, იქნებოდა თუ არა ეს მზაკვრული? ეს არ იქნებოდა მზაკვრული; აბა, რა იქნებოდა? (სიბრიყვე). სიბრიყვე არა — ეს იქნებოდა ამპარტავნება გონიერების სრული დაკარგვის ზღვარზე. ანტიქრისტეები თავიანთ ქცევაში მზაკვრულნი არიან. როგორ არიან ისინი მზაკვრულნი? ისინი მუდამ ისე იქცევიან, რომ ხრიკებს დაეყრდნონ და მათი სიტყვები არაფერს ამჟღავნებს, ამიტომ ადამიანებისთვის რთულია მათი განზრახვებისა და მიზნების ამოცნობა. სწორედ ეს არის მზაკვრობა. ისინი იოლად არ აკეთებენ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობენ ან აკეთებენ; ისე აწყობენ ყველაფერს, რომ მათმა ქვემდგომებმა და მსმენელებმა შეიგრძნონ მათი განზრახვა, და ეს ადამიანები, მას შემდეგ, რაც გაუგებენ ანტიქრისტეს, მოქმედებენ მისი დღის წესრიგისა და მოტივების შესაბამისად და ასრულებენ მის ბრძანებებს. თუ დავალება სრულდება, ანტიქრისტე კმაყოფილია. თუ არა, ვერავინ პოულობს რაიმე ხელჩასაჭიდს მის წინააღმდეგ, ან ვერ სწვდება იმ მოტივებს, განზრახვებსა თუ მიზნებს, რომლებიც მის ქმედებებს უდევს საფუძვლად. ანტიქრისტეთა ქმედებების მზაკვრულობა ფარულ შეთქმულებებსა და საიდუმლო მიზნებში მდგომარეობს, რაც მიმართულია სხვების მოსატყუებლად, მათით სათამაშოდ და მათ გასაკონტროლებლად. ეს არის მზაკვრული ქცევის არსი. მზაკვრულობა არ არის უბრალოდ ტყუილის თქმა ან რაიმე ცუდის გაკეთება; არამედ, მოიცავს უფრო დიდ განზრახვებსა და მიზნებს, რომლებიც რიგითი ადამიანებისთვის ამოუცნობია. თუ გააკეთე რაღაც, რისი გამხელაც არავისთვის გსურს, და იტყუები, ითვლება თუ არა ეს მზაკვრულობად? (არა). ეს მხოლოდ ცბიერებაა და არ აღწევს მზაკვრულობის დონეს. რა ხდის მზაკვრულობას ცბიერებაზე უფრო ღრმას? (ადამიანებს არ შეუძლიათ მისი ამოცნობა.) ადამიანებისთვის რთულია მისი ამოცნობა. ეს მისი ერთი ნაწილია. კიდევ რა? (ადამიანებს არ აქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი მზაკვრულად მოქმედი პირის წინააღმდეგ.) სწორია. მთავარი ის არის, რომ ადამიანებისთვის რთულია იპოვონ რაიმე ხელჩასაჭიდი მის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთმა იცის, რომ ამ ადამიანმა ცუდი რაღაცები ჩაიდინა, მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ, კარგი ადამიანია იგი თუ ცუდი, ბოროტმოქმედია თუ ანტიქრისტე. ადამიანებს არ შეუძლიათ მათი ამოცნობა, არამედ ჰგონიათ, რომ ისინი კარგები არიან, და შეიძლება მათ მიერ შეცდომაში იქნენ შეყვანილნი. სწორედ ეს არის მზაკვრულობა. ადამიანები ზოგადად მიდრეკილნი არიან ტყუილების თქმისა და მცირე ინტრიგების ხლართვისკენ. ეს მხოლოდ ცბიერებაა. მაგრამ ანტიქრისტეები უფრო ვერაგნი არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ცბიერი ადამიანები. ისინი ეშმაკთა მეფეებს ჰგვანან; არავის შეუძლია ამოიცნოს, რას აკეთებენ ისინი. მათ შეუძლიათ მრავალი ბოროტი საქმის ჩადენა სამართლიანობის სახელით და ისინი ზიანს აყენებენ ადამიანებს, მაგრამ ხალხი მაინც ხოტბას ასხამს მათ. ამას მზაკვრულობა ჰქვია.

წარსულში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ წინამძღოლს ზემდგომთან კონტაქტისა და თანაზიარების დროს აცნობეს ღვთის სახლის ზოგიერთი სამუშაო გეგმის შესახებ. იმ დროს სამუშაო განკარგულება ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად გაცემული. დაბრუნების შემდეგ მან თავმოწონებას მიჰყო ხელი, თუმცა ვერ იტყოდი, რომ ეს თავმოწონება იყო. იგი შეკრებაზე ძალიან სერიოზულად საუბრობდა და უცებ, თანაზიარების მიმდინარეობისას, ისეთი რამ თქვა, რაც მანამდე არავის გაეგონა: „აქამდე ღვთის საქმის თითოეული ეტაპი დასრულდა და ხალხი ძირითადად დასტაბილურდა. მომავალი თვიდან ჩვენ გავავრცელებთ სახარებას, ამიტომ უნდა შევქმნათ სახარების გუნდები. როგორ უნდა შეიქმნას სახარების გუნდები? ამაში არის გარკვეული დეტალები...“ როდესაც სხვებმა ეს მოისმინეს, გაიფიქრეს: „საიდან მოვიდა ეს სიტყვები? ზემდგომს ჯერ არავითარი სამუშაო განკარგულება არ გაუცია. მან, საიდან იცის? მას ალბათ წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს!“ ისინი აღმერთებდნენ მას, არა? ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ მყისვე შეიცვალა. მან მხოლოდ სახარების გუნდების შექმნა ახსენა, მაგრამ ამის შემდეგ არავითარი კონკრეტული საქმე არ გაუკეთებია — იგი უბრალოდ ცარიელ ლოზუნგებს გაიძახოდა. რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ძახილს თავისი მიზანი ჰქონდა; იგი თავს იწონებდა, სურდა, რომ ხალხს მასზე მაღალი წარმოდგენა ჰქონოდა და გაეღმერთებინათ იგი. მალევე, ზემდგომის სამუშაო განკარგულება გამოიცა. როდესაც ძმებმა და დებმა ეს დაინახეს, გაოცდნენ და თქვეს: „წარმოუდგენელია! განა ეს წინასწარმეტყველური არ არის? საიდან იცოდი ამის შესახებ? შენ ჩვენზე უკეთ გესმის ჭეშმარიტება; შენი სულიერი სიმწიფე უფრო დიდია. ჩვენი სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა. როდესაც სახარების ქადაგების დრო დადგა, უკვე გვითხარი ამის შესახებ, მაშინ როცა ჩვენ გაბრუებულნი და უგრძნობნი ვიყავით. შეხედე, განა შენი თანაზიარება არ ემთხვევა ზემდგომის სამუშაო განკარგულებას? ეს საოცარი დამთხვევაა და ახლა უკვე დადასტურდა“. ამ შემთხვევის შემდეგ ყველამ კიდევ უფრო მეტად დაიწყო მისი გაღმერთება, და არა ჩვეულებრივად, არამედ სრული მორჩილებით, ლამის მუხლებზე დაცემამდე და მის წინაშე თაყვანისცემამდე. ადამიანთა უმეტესობამ არ იცოდა ამის შესახებ; თავად რომ არ ეთქვა, ვერავინ გაიგებდა, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს ძალზე აშკარა იყო, მან კი არავის გაუმხილა და ნაცვლად ამისა, მათი ასე ურცხვად მოტყუება არჩია. ითვლება თუ არა ეს ქცევა მზაკვრულად? (დიახ). ასე რატომ ატყუებდა იგი სხვებს? რატომ შეეძლო მას ასე მოქცევა და მოქმედება? სინამდვილეში რას ფიქრობდა იგი გულში? მას სურდა, რომ ხალხს იგი სხვებისგან გამორჩეულად დაენახა, ეფიქრათ, რომ იგი არ იყო რიგითი ადამიანი. არის თუ არა ეს ისეთი რამ, რაც ნორმალურ ადამიანობას ახასიათებს? (არა). ასეთი ადამიანის ქმედებები ამაზრზენი და სამარცხვინოა. მიიჩნევთ თუ არა ამას მზაკვრულად? (დიახ). გარდა იმისა, რომ მზაკვრულია, ის გარკვეულწილად ამაზრზენიცაა.

ანტიქრისტეებს შორის არსებობს ადამიანის ისეთი ტიპი, რომლის შესახებაც არავის არასოდეს სმენია რაიმე აუგი სიტყვა და არც რაიმე აუგი ქმედება უნახავს; რასაც აკეთებენ და როგორც იქცევიან, ზოგადად კარგად მიიჩნევა და ყველასთვის მისაღებია. ისინი ხშირად იღიმიან, მოწყალე წმინდანის გამომეტყველებით, და არასდროს არავის სხლავენ. რა შეცდომაც უნდა დაუშვან ადამიანებმა, მუდამ ითმენენ მათ მოსიყვარულე დედის მსგავსი მიმტევებელი გულით. არასდროს იღებენ ზომებს ეკლესიაში მათ მიმართ, ვინც არღვევს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, იწვევს ჩაშლასა და არეულობას, ან სჩადის ბოროტ საქმეებს. ასე იმიტომ ხომ არ ხდება, რომ არ შეუძლიათ ამის დანახვა ან ამოცნობა? არა, არც ერთი და არც მეორე; დანახვაც შეუძლიათ და ამოცნობაც, მაგრამ გულში სჯერათ, რომ თუ ეს ადამიანები განიწმინდებიან და ეკლესიაში სიმშვიდე დაისადგურებს, სადაც მხოლოდ პატიოსანი ხალხი, ჭეშმარიტების მაძიებელნი და ისინი დარჩებიან, ვინც გულწრფელად გაიღებს საკუთარ თავს ღვთისთვის, მაშინ თავად გახდებიან ადვილად ამოსაცნობნი და, შესაძლოა, ეკლესიაში ფეხი ვეღარ მოიკიდონ. ამგვარად, ინარჩუნებენ ამ ადამიანებს და აძლევენ ბოროტმოქმედებს ბოროტების კეთების გაგრძელების, მატყუარებს — ტყუილის გაგრძელების, ხოლო დამაბრკოლებლებს — არევ-დარევის გაგრძელების საშუალებას, რითაც ამ არეულობების მეშვეობით უზრუნველყოფენ, რომ ეკლესიაში არასდროს იყოს სიმშვიდე და ამით საკუთარ სტატუსს იმყარებენ. ამიტომ, როგორც კი ვინმე უნდა გაირიცხოს, დაისაჯოს, იზოლირებულ იქნეს ან თანამდებობიდან გათავისუფლდეს, რას ამბობენ? „ადამიანებს მონანიების შანსი უნდა მივცეთ. ვის არ აქვს ნაკლოვანებები ან გახრწნა? ვის არ დაუშვია შეცდომა? შემწყნარებლობა უნდა ვისწავლოთ“. ძმები და დები ფიქრობენ ამაზე და ამბობენ: „შემწყნარებლები ვართ მათ მიმართ, ვისაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი და აქვთ გადაცდომები, ან ვინც უგუნური და უმეცარია, მაგრამ არ ვიწყნარებთ ბოროტ ადამიანებს. ის ბოროტი ადამიანია“. ანტიქრისტე პასუხობს: „როგორ არის ის ბოროტი ადამიანი? უბრალოდ დროდადრო მკაცრ სიტყვებს ამბობს; ეს არ არის ბოროტება. ადამიანები, რომლებიც წუთისოფელში მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებას სჩადიან, აი, ისინი არიან ნამდვილად ბოროტი ადამიანები“. მაგრამ სინამდვილეში რას ფიქრობს ანტიქრისტე? „ის ბოროტი ადამიანია? განა ჩემსავით ბოროტია? არ გინახავს, რა გამიკეთებია, არ იცი, რას ვფიქრობ გულში. რომ გცოდნოდათ, განა არ გამწმენდდით? მისგან გაწმენდას ფიქრობთ? შანსი არ არის! არ მოგცემ მასთან გამკლავების უფლებას. ვინც ამას შეეცდება, განვრისხდები მასზე, საქმეს ძალიან გავურთულებ! ვინც შეეცდება მასთან გამკლავებას, განვდევნი!“ მაგრამ იტყოდნენ კი ამას ხმამაღლა? არა, არ იტყოდნენ. მაშინ რას აკეთებენ? ჯერ ამშვიდებენ სიტუაციას, ასტაბილურებენ მდგომარეობას, თავს მოაჩვენებენ ეკლესიის წინამძღოლობის უნარის მქონედ და სხვადასხვა ძალის დაბალანსების შემძლედ, რათა ეკლესიამ მათ გარეშე არსებობა ვერ შეძლოს. ამგვარად, განა მათი პოზიცია გამყარებული არ არის? როგორც კი მათი პოზიცია გამყარებულია, განა მათი საარსებო წყარო დაცული არ არის? სწორედ ამას ჰქვია მზაკვრობა. სწორედ ამიტომ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ასეთი პიროვნებების ნამდვილი ბუნების დანახვა. რატომ? ისინი არასდროს ამბობენ სიმართლეს და არც დაუფიქრებლად მოქმედებენ. რასაც ზემდგომი სთხოვს, მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ; რა წიგნებიც არის გასავრცელებელი, არიგებენ; ინარჩუნებენ კვირაში რამდენიმე შეკრების წესს და არ ახდენენ თანაზიარების მონოპოლიზებას შეკრებების დროს. ერთი შეხედვით, ყველაფერი სრულყოფილი და უნაკლო ჩანს, რაც კრიტიკისთვის ადგილს არ ტოვებს. მაგრამ არის ერთი რამ, რისი ამოცნობაც შეგიძლიათ: არასდროს იღებენ ზომებს ბოროტი ადამიანების მიმართ. პირიქით, იცავენ მათ, მუდმივად ხელს აფარებენ და ესარჩლებიან. განა ეს მზაკვრობა არ არის? რა არის მათი ქცევის მზაკვრული ასპექტი აქ, რაზეა ფოკუსი? ეს ნათელი უნდა გახდეს. ისინი არასოდეს ამბობენ სიმართლეს, მუდამ ცრუობენ ღვთის სახლის მოსატყუებლად. ხედავენ, რომ ბოროტი ადამიანები ბოროტებას სჩადიან, მაგრამ არ იღებენ მათ მიმართ ზომებს, მუდამ ჩქმალავენ გამწვავებას და ავლენენ მოთმინებასა და შემწყნარებლობას. რა არის მათი მოტივი ამის კეთებისას? არის თუ არა ეს ნამდვილად იმისთვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს ერთმანეთის ძლიერი მხარეების შევსებაში და იყვნენ შემწყნარებელნი ერთმანეთის მიმართ? (არა.) მაშინ რა არის მათი მიზანი? სურთ საკუთარი გავლენის განმტკიცება, საკუთარი სტატუსის დასტაბილურება. იციან, რომ როგორც კი ბოროტი ადამიანები განიწმინდებიან, შემდეგი თავად იქნებიან; სწორედ ამის ეშინიათ. ამიტომაც ინარჩუნებენ გვერდით ბოროტ ადამიანებს; სანამ ისინი იქ არიან, ანტიქრისტეს სტატუსი დაცულია. ბოროტი ადამიანები რომ გაწმენდილნი ყოფილიყვნენ, ანტიქრისტე დასრულდებოდა. ბოროტი ადამიანები მათი დამცავი ქოლგა, მათი ფარია. ამიტომ, ვინც უნდა ამხილოს ბოროტი ადამიანები ან შესთავაზოს მათი გაწმენდა, არ ეთანხმებიან და ამბობენ: „მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ თავიანთი მოვალეობების შესრულება, ჯერ კიდევ შეუძლიათ ფულის შეწირვა; სულ მცირე, ჯერ კიდევ შეუძლიათ შრომა!“ პოულობენ მიზეზებსა და საბაბებს ბოროტი ადამიანების დასაცავად და, როგორც წესი, ამოცნობის უნარის არმქონე ადამიანებს არ შეუძლიათ, დაინახონ მათში დამალული ბოროტი განზრახვა, ვერ ახერხებენ მის ამოცნობას.

არის თუ არა სხვა შემთხვევები, როდესაც ანტიქრისტეს მზაკვრულმა ქმედებებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე? ვინმემ გაგვიზიაროს. (იყო ერთი და, რომელიც სახარების გუნდის ზედამხედველი გახლდათ და ყოველთვიურად ახერხებდა რამდენიმე ადამიანის მოპოვებას, რომელთაგან ზოგიერთი არამორწმუნე იყო. ანტიქრისტემ სამუშაო განკარგულება კონტექსტიდან ამოგლეჯილად განმარტა და თქვა, რომ სახარების ქადაგება ძირითადად სხვადასხვა კონფესიის ხალხზე უნდა ყოფილიყო მიმართული, ხოლო არამორწმუნეებზე — მეორე რიგში, და რომ თუ მთავარი ფოკუსი არამორწმუნეებზე იქნებოდა, ეს სამუშაო განკარგულების სერიოზული დარღვევა იქნებოდა. მან ღვთის სიტყვებიც კი გამოიყენა ტექსტიდან „გაფრთხილება მათთვის, ვინც ცხოვრებაში ჭეშმარიტებას არ მისდევს“, რათა ამოეცნო ეს ქცევა. შემდეგ ყველას შესთავაზა ხმის მიცემა და იკითხა: „შეიძლება თუ არა, რომ ასეთი ადამიანი კვლავ იყოს ზედამხედველი?“ იმ დროს ეკლესიაში ბევრი მხოლოდ ერთი ან ორი წლის ახალმოქცეული იყო და არ შეეძლოთ ამოცნობა, ამიტომ ჩათვალეს, რომ სამუშაო განკარგულების დარღვევა სერიოზული იყო და დათანხმდნენ დის გათავისუფლებას. ეს და იმ დროს ყველაფრის მიმართ ძალიან ნეგატიური გახდა; ამ ანტიქრისტეს მიერ ამოცნობისა და დაგმობის შემდეგ, იფიქრა, რომ თავად იყო ანტიქრისტე, რომ აუცილებლად იქნებოდა ღვთის მიერ მოკვეთილი, და იგი უკიდურესად ნეგატიური გახდა, სიცოცხლეც აღარ სურდა. გარდა ამისა, ამ ანტიქრისტემ ასევე დაგვიმალა ზემდგომის ზოგიერთი ქადაგება და თანაზიარება და არ მოგვცა მათი მოსმენის საშუალება. ამტკიცებდა, რომ ზემდგომის თანაზიარება ძალიან მკაცრი იყო და რომ ჩვენ, როგორც მცირე სიმწიფის მქონე ახალმორწმუნეებს, მოსმენის შემდეგ წარმოდგენები გაგვიჩნდებოდა. ერთი შეხედვით ჩანდა, თითქოს ჩვენზე ზრუნავდა, მაგრამ სინამდვილეში ეშინოდა, რომ თუ ზემდგომის ქადაგებებს მოვისმენდით, შევძლებდით მის ამოცნობას და შემდეგ ვეღარ შეძლებდა ჩვენს გაკონტროლებას. იყენებდა ამ ერთი შეხედვით გონივრულ მეთოდებს ადამიანების სატანჯველად და შეცდომაში შესაყვანად, ისე აჩვენებდა, თითქოს რასაც აკეთებდა, ლოგიკური იყო და ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებს შეესაბამებოდა.) ეს ინციდენტი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც მზაკვრული. ნებისმიერი ანტიქრისტეს თანმიმდევრული პრაქტიკა ყოველთვის ერთნაირია, ოდნავაც არ იცვლება, ერთნაირი განზრახვებითა და ერთსა და იმავე მიზნებზე მიმართული, რასაც უნდა აკეთებდნენ. განა ეს არ ამტკიცებს, რომ ანტიქრისტეები ნამდვილად დემონები და ბოროტი სულები არიან? (დიახ.) აბსოლუტურად. ანტიქრისტეების — ამ დემონებისა და ბოროტი სულების — ქმედებების მზაკვრულად აღწერა სავსებით მართებულია და სულაც არ არის გაზვიადება.

ამ მაგალითების შემდეგ გარკვეული წარმოდგენა უნდა შეგექმნათ; დაიწყეთ თუ არა ამოცნობის უნარის განვითარება ანტიქრისტეების მზაკვრული ქმედებების შესახებ? ყველაფერი, რაც მოიცავს მზაკვრულ ქცევას, ფარული განზრახვებითა და მოტივებით, არ არის ნორმალური ადამიანის ქმედებები, არ არის პატიოსანი ადამიანის ქმედებები და, რა თქმა უნდა, არ არის იმ ადამიანის ქმედებები, რომელიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის. არის თუ არა ის, რასაც აკეთებენ, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? იცავენ თუ არა ღვთის სახლის ინტერესებს? (არა.) მაშ, რას აკეთებენ? შლიან და ანგრევენ ეკლესიის საქმეს, სჩადიან ბოროტებას; არ მიჰყვებიან ღვთის გზას და არც ღვთის სახლის საქმეს იცავენ. რასაც აკეთებენ, არ არის ეკლესიის საქმე; უბრალოდ იყენებენ ეკლესიის საქმის კეთების საფარველს საკუთარი მიზნების მისაღწევად, არსებითად, საკუთარ პირად ინტერესებსა და სატანის ინტერესებს იცავენ. არის თუ არა სხვა მაგალითები? (2015 წელს ზემდგომისგან გამოიცა სამუშაო განკარგულება, რომელიც გვავალებდა გამოგვეყენებინა სტატია „გამოფხიზლებულნი“, რათა გვქონოდა თანაზიარება ცრუ წინამძღოლების ამოცნობასა და ჭეშმარიტი და ცრუ ეკლესიების ერთმანეთისგან გარჩევაზე. ეკლესიაში იყო ერთი წინამძღოლი, რომელიც ის-ის იყო გაათავისუფლეს, რომელმაც თქვა, რომ ახალმოქცეულები ვიყავით და მცირე სიმწიფე გვქონდა, და რომ ზემდგომის სამუშაო განკარგულებას ზედმეტად ზედაპირულად ვიგებდით — ღვთის ქმედებები შეუცნობელია და ზემდგომმა ეს განკარგულება უფრო ღრმა შინაარსით გამოსცა. ასევე თქვა: „რაც შეეხება ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გარჩევის ჭეშმარიტებებს, ზემდგომმა მანამდე ბევრი თანაზიარება მოგვაწოდა და ეს ძალიან ნათლად ახსნა. მხოლოდ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გარჩევაზე რომ ყოფილიყო საუბარი, იქნებოდა კი საჭირო კიდევ ერთი სამუშაო განკარგულების გამოცემა?“ ამის შემდეგ, კონტექსტიდან ამოგლიჯა ნაწილები ზემდგომის წარსული სამუშაო განკარგულებებიდან, ქადაგებებიდან და თანაზიარებებიდან, შეადგინა ათიათასობით სიტყვისგან შემდგარი მასალა ძმებისა და დების შეცდომაში შესაყვანად, რითაც გვიბიძგა, რომ ნაცვლად ამისა, „გამოფხიზლებულნი“ გაგვერჩია. იმ დროს შეცდომაში შეგვიყვანეს და ყურადღება აღარ გაგვიმახვილებია ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გარჩევაზე. მოგვიანებით ეს ადამიანი გამოაშკარავდა, როგორც ანტიქრისტე. ეშინოდა, რომ თუ ყველა დაიწყებდა ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გარჩევას, აღმოაჩენდნენ მის ბოროტ საქმეებს და ამოიცნობდნენ მას, ამიტომ განზრახ შეგვიყვანა შეცდომაში, რათა, ნაცვლად ამისა, „გამოფხიზლებულნი“ ამოგვეცნო.) ეს იყო თვალთმაქცობა, შეცდომაში შეყვანის ტაქტიკა, ყურადღების გადატანის მცდელობა თქვენი ფოკუსის შესაცვლელად, რათა არავის მიექცია ყურადღება მისთვის. განა ეს მეთოდი ნაცნობად არ გეჩვენებათ? როდესაც დიდი წითელი დრაკონი კრიზისის წინაშე დგას, როგორიც არის შიდა არეულობა მის პოლიტიკურ სისტემაში ან საზოგადოების მიერ დაგეგმილი გაფიცვები თუ აჯანყებები, ის იყენებს იმავე ტაქტიკას — ყურადღების გადატანას. ამ მეთოდს ხშირად იყენებს. როდესაც კრიზისი ჩნდება, თესავს პანიკას ომის შესახებ, აღვივებს პატრიოტიზმს, შემდეგ განუწყვეტლივ უჩვენებს ფილმებს წინააღმდეგობის ომებსა და პატრიოტიზმზე ან ავრცელებს ყალბ ამბებს ნაციონალისტური გრძნობების გასაღვივებლად, რათა ყურადღება გადაიტანოს. დიდი წითელი დრაკონი ამას ფარული მოტივებით აკეთებს და გამოუთქმელ მიზნებს მალავს — სწორედ ამას ჰქვია მზაკვრული ქცევა. ვინ არის ანტიქრისტეების წინაპარი? ეს არის დიდი წითელი დრაკონი, ეშმაკი. მათი ქმედებების ბუნება ზუსტად ერთნაირია, თითქოს ერთმანეთთან შეკრულნი არიან. საიდან მოდის ანტიქრისტეების გეგმები და მეთოდები? მათმა წინაპარმა, ეშმაკმა სატანამ ასწავლა. სატანა მკვიდრობს მათში, ამიტომ მზაკვრული გზით მოქმედება მათთვის სრულიად ნორმალურია; ეს სრულად ააშკარავებს, რომ ანტიქრისტეს ბუნება აქვთ.

(ღმერთო, მინდა ერთი მაგალითი გაგიზიაროთ. ანტიქრისტეს ეს შემთხვევა ძიძინის სამწყსო არეალში მოხდა. ეს დაახლოებით 2012 წლის გაზაფხულზე იყო. ანტიქრისტემ, ანმა, მრავალი მცდარი შეხედულება გაავრცელა სხვადასხვა ეკლესიაში და დაწერა კიდეც ბროშურა სახელწოდებით „რაზე ზრუნავს ღმერთი ყველაზე მეტად დედამიწის დატოვებამდე“, რომელიც ფარულად დაარიგა ყველა ეკლესიაში. ამტკიცებდა, რომ ის, რაზეც ღმერთი ყველაზე მეტად ზრუნავს წასვლამდე, არის ის, მოუსმენს თუ არა ღვთის რჩეული ხალხი სულიწმიდის მიერ გამოყენებულ ადამიანს მისი წასვლის შემდეგ, ამიტომ უნდა გვესმოდეს ღვთის განზრახვები; და რომ ახლა, მხოლოდ სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის ქადაგებების, თანაზიარებებისა და სამუშაო განკარგულებების კითხვა საკმარისია, რაც ანაცვლებს ღვთის სიტყვის ჭამისა და სმის საჭიროებას. შედეგად, ბევრი ძმა და და შეცდომაში იქნა შეყვანილი; მათ შეწყვიტეს ღვთის სიტყვის ჭამა და სმა, რაც სწორედ ის მიზანი იყო, რომლის მიღწევასაც ანტიქრისტე ცდილობდა. ანტიქრისტეს ვერაგობა იმაში მდგომარეობდა, რომ სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის დამოწმების საფარქვეშ, ხალხი ღვთის სიტყვებს ჩამოაშორა, აიძულა, უარი ეთქვათ ღვთის სიტყვის ჭამასა და სმაზე, და ამავდროულად ადამიანებს აგრძნობინა, რომ ღრმად ესმოდა ღვთის გული. უფიქრია იმაზე, თუ რაზე ზრუნავს ღმერთი წასვლამდე, ამიტომ ხალხი დიდ პატივს მიაგებდა და თაყვანს სცემდა.) რატომ განადიდა სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანი? სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანი ხომ ადამიანია, და ისიც ადამიანია. სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის განდიდებით სინამდვილეში ხალხს აიძულებდა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი და ის განედიდებინათ; ეს იყო მისი მიზანი. არ შეგვიძლია, უბრალოდ განვსაჯოთ, სწორი იყო თუ არა ის, რაც თქვა; უნდა შევხედოთ იმ შედეგებსა და მიზნებს, რომლებსაც მისმა სიტყვებმა მიაღწია; ეს არის მთავარი. ამგვარად, მისი მიზანი სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის განდიდებისას სინამდვილეში საკუთარი თავის განდიდება იყო; ეს იყო მისი მიზანი. იცოდა, რომ სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის განდიდებას ნამდვილად არავინ შეეწინააღმდეგებოდა და ხალხი დაეთანხმებოდა და განადიდებდა მას. მაგრამ პირდაპირ რომ განედიდებინა და დაემოწმებინა საკუთარი თავი, ხალხი შეძლებდა მის მხილებას, ამოცნობასა და უარყოფას. ამიტომ, ანტიქრისტემ გამოიყენა სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის განდიდების ტაქტიკა, რათა მიეღწია საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმებისთვის; ეს იყო ანტიქრისტეს ვერაგობა. ანტიქრისტე ანის ქმედებები ძალიან მზაკვრული იყო, ხალხი ადვილად შეჰყავდა შეცდომაში — ეს არის ტიპური ანტიქრისტეს ქცევის მაგალითი. ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ისწავლოს ამოცნობა ანტიქრისტეს ამ შემთხვევიდან, გაიგოს ანტიქრისტეების მზაკვრული მხარეები, ისევე, როგორც ის საერთო მეთოდები და საშუალებები, რომლებსაც ისინი იყენებენ ადამიანების შეცდომაში შეყვანის შედეგის მისაღწევად. ამის გაგება ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის ანტიქრისტეების ამოსაცნობად. ვის აქვს კიდევ მაგალითი გასაზიარებლად?

(ღმერთო, მეც მაქვს ანტიქრისტეს შემთხვევა გასაზიარებლად. ეს ინციდენტი ჰენანის სამწყსო არეალში მოხდა. დაახლოებით 2011 წელს ანტიქრისტე იუ, გათავისუფლებული ცრუ წინამძღოლი, ეკლესიის მიერ დაინიშნა გაწმენდის საქმის ხელმძღვანელად, რადგან ჰქონდა გარკვეული ნიჭი და მუშაობის გამოცდილება. იმ დროს ზემდგომისგან გამოიცა სამუშაო განკარგულება ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების საფუძვლიანად მხილებისა და დათხოვნის შესახებ. იუმ, რომელსაც უყვარდა სტატუსი, ეს დაინახა, როგორც დაბრუნების შესაძლებლობა. სამუშაო განკარგულების განხორციელების საფარქვეშ მუდმივად ჰქონდა თანაზიარება ძმებთან და დებთან, რათა მიჰყოლოდნენ სულიწმიდის საქმის ნაკადს და ფოკუსირებულიყვნენ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ამოცნობაზე. თუმცა არ ჰქონია თანაზიარება მათი ამოცნობის პრინციპებზე, არამედ გვიბიძგა იმისკენ, რომ ჩვენი ყურადღება წინამძღოლებსა და მუშაკებზე გაგვემახვილებინა. ყოველ შეკრებაზე სთხოვდა ძმებსა და დებს, ესაუბრათ წინამძღოლებისა და მუშაკების საქმიანობაზე. მას შემდეგ, რაც ვისაუბრებდით, ეჭიდებოდა მათ საქმეში არსებულ ზოგიერთ გადახრასა და მათ მიერ გამოვლენილ გახრწნილ ხასიათს, ამწვავებდა ამ საკითხების ბუნებას, პირდაპირ აცხადებდა მათ ცრუ წინამძღოლებად და ათავისუფლებდა. ამის შემდეგ მუდმივად უმოწმებდა ძმებსა და დებს იმის შესახებ, თუ როგორ დაითხოვა ეს ცრუ წინამძღოლები და მუშაკები, და აგრძნობინებდა მათ, რომ ჰქონდა ამოცნობისადა მუშაობის უნარი. სინამდვილეში მისი მიზანი იყო ამ წინამძღოლებისა და მუშაკების გათავისუფლების გამოყენება, როგორც იმის შესაძლებლობის, რათა დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა წინამძღოლობა. იუს მიერ შეცდომაში შეყვანილმა ძმებმა და დებმა, როდესაც დაინახეს წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ გამოვლენილი გახრწნილება და მათ საქმეში არსებული გადახრები, დაიწყეს ეჭვის შეტანა იმაში, იყვნენ თუ არა ისინი ცრუ წინამძღოლები, და ეჭვქვეშ დააყენეს ეკლესიის ყველა დონის წინამძღოლიც კი, და საქმიანობისას ვერ ახერხებდნენ ნორმალურად თანამშრომლობას წინამძღოლებსა და მუშაკებთან. მრავალი წინამძღოლი და მუშაკიც ძლიერ შეიბოჭა, ცხოვრობდა ნეგატიურობისა და სიფრთხილის მდგომარეობაში, არ შეეძლო თავისი მოვალეობების ნორმალურად შესრულება, რამაც ეკლესიაში ქაოსი გამოიწვია. იმ დროს ბევრი ადამიანი თაყვანს სცემდა ამ ანტიქრისტეს და დაახლოებით ათეული ეკლესია იქნა შეცდომაში შეყვანილი და ამ ანტიქრისტეს კონტროლქვეშ მოქცეული. მას შემდეგაც კი, რაც ეს ანტიქრისტე გამოაშკარავდა, ზოგიერთ ადამიანს მაინც არ შეეძლო მისი ამოცნობა, სჯეროდა, რომ ის იცავდა ეკლესიის საქმეს, და ზოგიერთი გამოესარჩლა კიდეც.) რა დაემართათ მოგვიანებით იმ ძმებსა და დებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს? (თანაზიარებისა და დახმარების მეშვეობით, ზოგიერთმა შეიძინა ანტიქრისტეს ამოცნობის უნარი და გადარჩა, ხოლო ზოგიერთი, განურჩევლად იმისა, თუ როგორ ჰქონდათ სხვებს მათთან თანაზიარება, დარჩა ჯიუტი და გადაწყვეტილი ჰქონდა ანტიქრისტეს მიყოლა, და ეს ადამიანები საბოლოოდ მოკვეთილნი იქნენ.) შეუძლია თუ არა ახლა ადამიანთა უმეტესობას ამ ანტიქრისტეს ამოცნობა? (ახლა აქვთ ამოცნობის გარკვეული უნარი.) ისინი, ვინც რჩებიან ჯიუტნი და შეუცვლელნი, წარწყმედას იმსახურებენ; ეს არის ანტიქრისტეს მიყოლის შედეგი.

ახლახან გვქონდა თანაზიარება ანტიქრისტეების მზაკვრული ქმედებების სხვადასხვა გამოვლინების შესახებ. ახლა, შევაჯამოთ: რა არის ის არსი და ხასიათი, რომელიც გამოიხატება ანტიქრისტეების ასეთი ქცევით? (უკეთურება.) ეს არის ხასიათი, რომელიც უპირველესად უკეთურებით ხასიათდება. შეგვიძლია თუ არა მაშინ ვთქვათ, რომ უკეთური ხასიათის მქონე ადამიანები, როგორც წესი, მზაკვრულად მოქმედებენ, და მათ, ვინც მზაკვრულად მოქმედებენ, ძალიან უკეთური ხასიათი აქვთ? (დიახ.) არის ეს ლოგიკური მსჯელობა? თუმცა ეს გარკვეულწილად ზედაპირულად მსჯელობას ჰგავს, სინამდვილეში, ყველაფერი ზუსტად ასეა — უკეთური ხასიათის მქონე ადამიანები ხშირად მზაკვრული გზებით მოქმედებენ. ანტიქრისტეების მზაკვრულად მოქმედების ბუნება-არსება სატანისგან მომდინარეობს; სრულიად ნათელია, რომ ეშმაკებისა და სატანის მსგავსნი არიან. იმის დაკვირვებით, თუ როგორ მოქმედებენ ანტიქრისტეები, შეგიძლია გაიგო, თუ როგორ მოქმედებენ ეშმაკები და სატანა. ნამდვილი ეშმაკები და სატანა და დიდი წითელი დრაკონი ამაზე კიდევ უფრო უარესად მოქმედებენ. უბრალო ანტიქრისტესაც კი შეუძლია ასე მზაკვრულად იმოქმედოს, ასეთი ჭკვიანური ტაქტიკით, ისაუბროს ისე, რომ არ დატოვოს არანაირი ეჭვი, რაც შეუძლებელს ხდის ვინმესთვის ნაკლის პოვნას ან მათ გამოჭერას. მით უმეტეს, ბებერი ეშმაკებისა და სატანისთვის! თუ ჩვეულებრივ ადამიანებს ანტიქრისტეების მზაკვრული ქცევის თვალთახედვით განვიხილავთ, ჩვეულებრივ ადამიანებს სტატუსის გარეშე, რომლებიც იშვიათად ურთიერთობენ ან იხსნებიან სხვებთან, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის გარეშე და არ სურთ სხვებმა იცოდნენ, რაზე ფიქრობენ ან რის გაკეთებას განიხილავენ გულის სიღრმეში და რა არის მათი მოქმედების განზრახვები, რომლებიც საკუთარ თავს ღრმად მალავენ და მჭიდროდ ინიღბებიან — განა მათ საუბარსა და ქმედებებსაც არ ექნებოდა მზაკვრობის ელფერი? თუ ასეთი ადამიანები არ ხასიათდებიან, როგორც ანტიქრისტეები, მაშინ ნამდვილად ანტიქრისტეს გზაზე დადიან. ეს უდავოა. ისინი, ვინც ანტიქრისტეს გზაზე დადიან, თუ არ მიიღებენ გასხვლას, არც სხვების რჩევებს გაითვალისწინებენ და მით უმეტეს არ მიიღებენ ჭეშმარიტებას, როგორც კი სტატუსს მოიპოვებენ, გარდაუვალად გახდებიან ანტიქრისტეები; ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუ ზოგიერთ ადამიანს აქვს ასეთი ბოროტი ხასიათი და ოდესღაც დადიოდა ანტიქრისტეს გზაზე და ავლენდა გარკვეულ მსგავსებას ანტიქრისტესთან, მაგრამ გასხვლის მიღების შემდეგ ინანიებს, შეუძლია მიიღოს ჭეშმარიტება, მიატოვოს თავისი წინა გზა და შეუძლია მობრუნდეს და პრაქტიკაში განახორციელოს ჭეშმარიტება, რა იქნება შედეგი? ასეთი ტრანსფორმაცია მათ კიდევ უფრო დააშორებს ანტიქრისტეს გზას, გაუადვილებს ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე შესვლას და მაშინ ექნებათ გადარჩენის იმედი. სულ ეს იყო თანაზიარება იმის გამოვლინებებზე, თუ როგორ მოქმედებენ ანტიქრისტეები მზაკვრულად; შემდეგი გამოვლინება, რომელზეც გვექნება თანაზიარება, არის ის, თუ როგორ არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი.

II. ანტიქრისტეთა თვითნებური და დიქტატორული ქცევის ანალიზი და ის, თუ როგორ აიძულებენ ისინი ადამიანებს მორჩილებას

ანტიქრისტეები მოქმედებენ თვითნებურად და დიქტატორულად, არასოდეს აქვთ თანაზიარება ან თათბირი სხვებთან, აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ და აიძულებენ სხვებს მორჩილებას. შეიძლება ითქვას, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ ანტიქრისტეები, რა განკარგულებებსაც არ უნდა გასცემდნენ ან რა გადაწყვეტილებებსაც არ უნდა იღებდნენ, მათ არ აქვთ თანაზიარება სხვებთან, არ აღწევენ კონსენსუსს, არ ეძიებენ ჭეშმარიტებას პრობლემების გადასაჭრელად და არ ეძიებენ იმ პრინციპებს, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული მათი მოვალეობების შესრულებისას. გარდა ამისა, ისინი არ აძლევენ ადამიანებს იმის გაგების საშუალებას, თუ რატომ აკეთებენ ამა თუ იმ საქმეს გარკვეული გზით, რითაც ხალხს დაბნეულობაში ტოვებენ და აიძულებენ, რომ მათ მოუსმინონ. თუ ვინმეს არ ესმის და ეკითხება ამის შესახებ, ანტიქრისტეს არ სურს თანაზიარება ან ახსნა. რა ვითარების შენარჩუნება სურს ანტიქრისტეს ამ საკითხში? არავის აქვს დეტალების ცოდნის უფლება; არავის აქვს ინფორმირებულობის უფლება. ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ, და ის, რაც მათ სწორად მიაჩნიათ, ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს. სხვებს არ აქვთ კითხვების დასმის უფლება, მითუმეტეს არ გააჩნიათ მათთან თანამშრომლობის კვალიფიკაცია; მათ მხოლოდ მოსმენისა და მორჩილების როლი აკისრიათ. როგორ უყურებს ამას ანტიქრისტე? „რადგან წინამძღოლად ამირჩიეთ, თქვენ ჩემს დაქვემდებარებაში ხართ და უნდა მომისმინოთ. თუ არ გსურთ ჩემი მოსმენა, მაშინ არ უნდა აგერჩიეთ. თუ მირჩევთ, უნდა მომისმინოთ. ყველაფერში საბოლოო სიტყვა მე მეკუთვნის!“ მათი გადმოსახედიდან, როგორია ურთიერთობა მათსა და ძმებსა და დებს შორის? ისინი არიან ბრძანებების გამცემნი. ძმებსა და დებს არ შეუძლიათ მტყუან-მართლის გარჩევა, არ შეუძლიათ გამოკითხვა და არ აქვთ მათი დადანაშაულების, გარჩევის, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ან მათში ეჭვის შეტანის უფლება; ყოველივე ეს აკრძალულია. ანტიქრისტეს მხოლოდ გეგმების, განცხადებებისა და მეთოდების შეთავაზება სჭირდება, ყველამ კი ტაში უნდა დაუკრას და ყველა უყოყმანოდ უნდა დაეთანხმოს. განა ეს ოდნავ იძულებითი არ არის? რა სახის ტაქტიკაა ეს? ეს არის თვითნებური და იძულებით დიქტატორული. როგორი ხასიათია ეს? (სასტიკი.) ერთი შეხედვით, „თვითნებური“ ნიშნავს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, როდესაც საბოლოო სიტყვა ერთ ადამიანს ეკუთვნის; ხოლო „დიქტატორული“ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად მსჯელობის ან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ყველა დანარჩენმა უნდა შეასრულოს იგი ისე, რომ არ ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებების ან განცხადებების ქონის, არც თუნდაც კითხვების დასმის უფლება. იყო თვითნებური და დიქტატორული ნიშნავს, რომ ვითარების წინაშე აღმოჩენისას, ისინი თავად ფიქრობენ და განიხილავენ მას, სანამ გადაწყვეტენ, თუ რა უნდა გააკეთონ. ისინი დამოუკიდებლად, ფარულად იღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, სხვების ჩართულობის გარეშე; მათ თანამშრომლებს, პარტნიორებს ან ზემდგომ წინამძღოლებსაც კი არ შეუძლიათ ჩარევა — სწორედ ამას ნიშნავს იყო თვითნებური და დიქტატორული. რა ვითარების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ, ისინი, ვინც ამგვარად მოქმედებენ, მუდმივად გონებაში ატრიალებენ საკითხებს და თავს იმტვრევენ ფიქრით, ისე, რომ არასოდეს ეთათბირებიან სხვებს. ისინი თავიანთ გონებაში ასეც ფიქრობენ და ისეც, მაგრამ რას ფიქრობენ სინამდვილეში, არავინ იცის. რატომ არავინ იცის? იმიტომ, რომ ისინი არ ამბობენ. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი სიტყვაძუნწები არიან, მაგრამ ნუთუ მართლა ასეა? ეს არ არის პიროვნული თვისების საკითხი; ეს არის გამიზნული არჩევანი, რათა სხვები უმეცრებაში ამყოფონ. მათ სურთ საქმის დამოუკიდებლად კეთება, მათ თავიანთი გათვლები აქვთ. რას ითვლიან ისინი? მათი გათვლები ტრიალებს საკუთარი ინტერესების, სტატუსის, დიდების, სარგებლისა და პრესტიჟის გარშემო. ისინი ფიქრობენ, როგორ იმოქმედონ თავიანთდა სასიკეთოდ, როგორ დაიცვან თავიანთი სტატუსი და რეპუტაცია ზიანისგან, როგორ იმოქმედონ ისე, რომ სხვებს არ მისცენ მათი ნამდვილი ბუნების დანახვის საშუალება და, რაც მთავარია, როგორ დაუმალონ თავიანთი ქმედებები ზემდგომს, იმ იმედით, რომ საბოლოოდ მიიღებენ სარგებელს ისე, რომ არავის დაანახვებენ რაიმე ნაკლს. ისინი ფიქრობენ: „თუ წამიერად შევცდები და რაღაცას არასწორად ვიტყვი, ყველა ჩემს ნამდვილ სახეს დაინახავს. თუ ვინმე ზედმეტს იტყვის და ზემდგომს შეატყობინებს ჩემ შესახებ, ზემდგომმა შეიძლება გამათავისუფლოს და მე დავკარგავ ჩემს სტატუსს. გარდა ამისა, თუ მუდამ მექნება თანაზიარება სხვებთან, განა ჩემი შეზღუდული შესაძლებლობები ყველასთვის აშკარა არ გახდება? ხომ შეიძლება სხვებმა ზემოდან დამიწყონ ყურება?“ ახლა მითხარით, მართლა რომ გამოეაშკარავებინათ ისინი, ეს კარგი იქნებოდა თუ ცუდი? სინამდვილეში, მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, პატიოსანი ხალხისთვის, გამოაშკარავებას და სახის ან რეპუტაციის ოდნავ შელახვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ჩანს, ისინი დიდად არ წუხან ამ საკითხებზე; თითქოს ნაკლებად აცნობიერებენ მათ და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მაგრამ ანტიქრისტეები სრულიად საპირისპიროდ იქცევიან; ისინი არ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას და თავიანთ სტატუსს, ისევე როგორც მათ მიმართ სხვების წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს თვით სიცოცხლეზე მეტად აფასებენ. მათთვის საკუთარი აზრის ან ჭეშმარიტების თქმის თხოვნა უკიდურესად რთულია; ბევრი სარგებლის შეთავაზებაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. თუ მათ სთხოვდნენ თავიანთი საიდუმლოებების ან პირადი საკითხების გამჟღავნებას, ეს კიდევ უფრო რთული იქნებოდა — მათ შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი არ გააკეთონ ეს. როგორი ბუნებაა ეს? შეუძლია კი ასეთ ადამიანს ჭეშმარიტების მიღება? შეუძლია კი მას გადარჩენა? ნამდვილად არა. ბოლოს და ბოლოს, „კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს“.

ანტიქრისტეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ ღირებულებას, სტატუსს, სახეს და ყველაფერს, რასაც მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლია. შენ გაქვს მათთან თანაზიარება და ეუბნები: „ეკლესიის საქმის კეთებისას, იქნება ეს გარე საკითხები თუ შიდა ადმინისტრირება, საკადრო ცვლილებები თუ სხვა რამ, შენ უნდა გქონდეს თანაზიარება ძმებთან და დებთან. სხვებთან თანამშრომლობის სწავლის პირველი ნაბიჯი თანაზიარების სწავლაა. თანაზიარება არ არის ფუჭი საუბარი ან მხოლოდ საკუთარი ნეგატივისა თუ ღვთის მიმართ ამბოხების გამოხატვა. შენ არ უნდა აფრქვევდე შენს ნეგატიურ ან მეამბოხე განწყობებს სხვებზე გავლენის მოსახდენად. მთავარია გქონდეს თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ იპოვო პრინციპები ღვთის სიტყვებში და გაიგო ჭეშმარიტება“. თუმცა, როგორც არ უნდა უზიარებდე ჭეშმარიტებას, ამან არ შეიძლება შეძრას ისინი ან აიძულოს შეცვალონ თავიანთი პრინციპები და მიმართულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებენ და იქცევიან. როგორი ხასიათია ეს? რბილად რომ ვთქვათ, ეს არის შეუვალობა; მკაცრად რომ ვთქვათ, ეს არის სისასტიკე. სინამდვილეში, სისასტიკედ მისი მოხსენიება სავსებით მართებულია. წარმოიდგინეთ მგელი, რომელსაც ხახაში ცხვარი ჰყავს და თავისი ნადავლით ტკბება; შენ რომ მოელაპარაკო მას და უთხრა: „სანაცვლოდ კურდღელს მოგცემ, შენ კი ცხვარი გაუშვი, კარგი?“ ის არ დაგთანხმდება. შენ ეტყვი: „ძროხას მოგცემ, ამაზე რას იტყვი?“ ის კატეგორიულად არ დაგთანხმდება. ის ჯერ ცხვარს შეჭამს, შემდეგ კი ძროხას მიადგება. ის მხოლოდ ერთით არ კმაყოფილდება; მას ორივე სურს. როგორი ხასიათია ეს? (გაუმაძღარი და უკიდურესად სასტიკი.) ეს ყოველივე მეტისმეტად სასტიკია! მსგავსად ამისა, ანტიქრისტეთა უკიდურესად სასტიკ ხასიათთან მიმართებით ჭეშმარიტების თანაზიარება, მათი გასხვლა ან დარიგება უშედეგოა. ვერცერთი მათგანი ვერ შეცვლის სტატუსისკენ მათ სიღრმისეულ სწრაფვას ან სხვების გაკონტროლების სურვილს, თუ შენ არ მიიზიდავ მათ უფრო მაღალი სტატუსით ან მეტი სარგებლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნადავლს, რომელიც უკვე ხახაში აქვთ, ისინი არაფრით გაუშვებენ. რას ნიშნავს ეს კატეგორიული უარი გაშვებაზე? ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ისინი გარკვეულ სტატუსს მოიპოვებენ, გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა ენერგიულად იმოქმედონ და საკუთარი თავი წარმოაჩინონ. წარმოაჩინონ რა? თავიანთი სხვადასხვა ნიჭი და უნარი, წარმომავლობა, განათლება, ღირებულება და საზოგადოებრივი სტატუსი; იტრაბახონ და თავი მოიწონონ იმით, თუ რაოდენ უნარიანები და გამოცდილები არიან, როგორ შეუძლიათ ადამიანებით თამაში და მანიპულირება, როგორ შეუძლიათ ხალხის მართვა. ისინი, ვისაც არ გააჩნია ჭეშმარიტება ან გარჩევის უნარი, ამის მოსმენისას ფიქრობენ, რომ ასეთი ანტიქრისტეები ძალიან შთამბეჭდავები არიან; საკუთარ თავს არასრულფასოვნებად გრძნობენ და ნებაყოფლობით ემორჩილებიან ანტიქრისტეს კონტროლს.

ზოგიერთი ანტიქრისტე განსაკუთრებით ცბიერია და ღრმად ჩაფლულია მზაკვრულ გეგმებში. ისინი მისდევენ უზენაეს სატანურ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს ნებისმიერ სიტუაციაში იშვიათად საუბარს და ნებისმიერ ვითარებაში საკუთარი პოზიციის იოლად გამოხატვაზე უარის თქმას; ისინი საუბრობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვს. ისინი უბრალოდ ყურადღებით აკვირდებიან ყველას ქმედებებს, თითქოს მათი მიზანია, საუბრის ან მოქმედების დაწყებამდე საფუძვლიანად გაუგონ და ნამდვილი სახე დაუნახონ მათ გარშემო მყოფთ. ისინი თავიდან ადგენენ, ვინ შეიძლება იყოს მათი მსხვერპლი და გახდეს მათი დამხმარე, და ვისგან უნდა დაიცვან თავი, როგორც „პოლიტიკური მტრისგან“. ზოგჯერ ისინი არ საუბრობენ ან არ აფიქსირებენ პოზიციას, დუმილს ინარჩუნებენ, თუმცა გულში ფიქრობენ და ითვლიან; ეს ადამიანები გულით ცბიერნი არიან და იშვიათად გამოთქვამენ სათქმელს. იტყვით თუ არა, რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ ვერაგია? თუ ისინი ხშირად არ გამოთქვამენ სათქმელს, როგორ შეგიძლია მათი ამოცნობა? განა ადვილია მათი ნამდვილი სახის დანახვა? ეს ძალიან რთულია. ასეთი ადამიანების გულები მთლიანად სავსეა სატანური ფილოსოფიით. განა ეს მზაკვრული არ არის? ანტიქრისტეებს სჯერათ, რომ თუ ისინი მუდამ მიდრეკილნი იქნებიან სათქმელის გამოთქმის, საკუთარი შეხედულებების გამოხატვისა და სხვებთან თანაზიარებისკენ, ყველა დაინახავს მათ ნამდვილ სახეს; იფიქრებენ, რომ ანტიქრისტეებს სიღრმე აკლიათ, უბრალოდ რიგითი ადამიანები არიან, ამიტომ პატივს აღარ სცემენ მათ. რას ნიშნავს პატივისცემის დაკარგვა ანტიქრისტეებისთვის? ეს ნიშნავს სხვების გულებში მათი საპატიო სტატუსის დაკარგვას და იმის ჩვენებას, თუ რაოდენ საშუალონი, უმეცარნი და რიგითნი არიან ისინი. ეს არის ის, რასაც, ანტიქრისტეების იმედით, ისინი არ დაინახავენ. ამიტომ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ეკლესიაში სხვები მუდამ აშიშვლებენ საკუთარ თავს და აღიარებენ თავიანთ ნეგატიურობას, ღვთის მიმართ ამბოხებას, გუშინ დაშვებულ შეცდომებს ან იმ აუტანელ ტკივილს, რომელსაც დღეს პატიოსნების ნაკლებობის გამო გრძნობენ, ანტიქრისტეები ამ ადამიანებს სულელებად და გულუბრყვილოებად მიიჩნევენ; თავად არასოდეს აღიარებენ მსგავს რამეებს და თავიანთ ფიქრებს მალავენ. ზოგიერთი ადამიანი იშვიათად საუბრობს მწირი სულიერი მონაცემების ან მარტივი აზროვნების, რთული ფიქრების ნაკლებობის გამო, მაგრამ როდესაც ანტიქრისტეები საუბრობენ იშვიათად, ეს იმავე მიზეზით არ ხდება; ეს ხასიათის პრობლემაა. ისინი იშვიათად საუბრობენ სხვებთან შეხვედრისას და იოლად არ გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებს იმის შესახებ, რაზეც სხვები საუბრობენ. რატომ არ გამოხატავენ ისინი თავიანთ შეხედულებებს? პირველ რიგში, მათ ნამდვილად აკლიათ ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ საგნების არსში წვდომა. თუ ისაუბრებენ, შეიძლება შეცდომები დაუშვან და მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავდეს; მათ ეშინიათ, რომ სხვები ზემოდან დაუწყებენ ყურებას, ამიტომ მდუმარე ხასიათს იმიზეზებენ და ღრმააზროვნებს თამაშობენ, რის გამოც სხვებს უჭირთ მათი შეფასება, და იქამდეც კი მიჰყავთ საქმე, რომ სხვებს ისინი ბრძენნი და გამორჩეულნი ჰგონიათ. ამგვარად, ხალხი ვერ ბედავს ანტიქრისტეების სათანადოდ დაფასებაზე უარის თქმას და მათი ერთი შეხედვით მშვიდი და აუღელვებელი გარეგნობის დანახვისას, დიდ პატივსაც სცემენ მათ და სრულიად ვერ ბედავენ მათ უგულებელყოფას. ეს არის ანტიქრისტეების მზაკვრული და ბოროტი მხარე. ისინი იოლად არ გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს, რადგან მათი შეხედულებების უმეტესობა არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, არამედ ადამიანური წარმოდგენები და წარმოსახვებია, რომლებიც სრულიად შეუფერებელია სააშკარაოზე გამოსატანად. ამიტომ, ისინი დუმილს ინარჩუნებენ. შინაგანად ისინიც იმედოვნებენ, რომ მიიღებენ გარკვეულ ნათელს, რომლის გადმოფრქვევითაც სხვების თვალში ამაღლდებიან, მაგრამ რადგან ეს არ გააჩნიათ, ჭეშმარიტების თანაზიარებისას ჩუმად და ფარულად რჩებიან, მოჩვენებებივით ჩრდილში იმალებიან და ხელსაყრელ მომენტს ელიან. როდესაც ხედავენ, რომ სხვები ნათელს ჰფენენ საკითხებს, ისინი პოულობენ გზებს, რათა ეს მიითვისონ და სხვაგვარად გამოხატონ თავის მოსაწონებლად. აი, რაოდენ ცბიერნი არიან ანტიქრისტეები. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი ცდილობენ გამოირჩეოდნენ და სხვებზე მაღლა იდგნენ, რადგან მხოლოდ მაშინ გრძნობენ კმაყოფილებას. თუ არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ჯერ ჩრდილში რჩებიან და თავიანთ შეხედულებებს საკუთარ თავში ინახავენ. ეს არის ანტიქრისტეთა ცბიერება. მაგალითად, როდესაც ღვთის სახლი გამოსცემს ქადაგებას, ზოგიერთი ამბობს, რომ ის ღვთის სიტყვებს ჰგავს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ის უფრო ზემდგომის თანაზიარებას ჰგავს. შედარებით წრფელი გულის მქონე ადამიანები ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ანტიქრისტეები, თუნდაც ჰქონდეთ ამის შესახებ მოსაზრება, მას ფარულად ინახავენ. ისინი აკვირდებიან და მზად არიან მიჰყვნენ უმრავლესობის აზრს, მაგრამ სინამდვილეში თავად არ შეუძლიათ მისი საფუძვლიანად წვდომა. განა შეუძლიათ ასეთ გაქნილ და ცბიერ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგება ან რეალური გარჩევის უნარის ქონა? რისი არსში წვდომა შეუძლია მას, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება? მას არაფრის არსში წვდომა არ შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია საგნების არსში წვდომა, თუმცა თავს ღრმად მოაზროვნედ აჩვენებს; სინამდვილეში, მათ აკლიათ გამჭრიახობა და ეშინიათ, რომ სხვები მათ ნამდვილ სახეს დაინახავენ. ასეთ სიტუაციებში სწორი დამოკიდებულებაა: „ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის არსში წვდომა. რადგან არ ვიცით, დაუფიქრებლად არ უნდა ვისაუბროთ. არასწორად საუბარმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს. დავიცდი და ვნახავ, რას იტყვის ზემდგომი“. განა ეს პატიოსნად საუბარი არ არის? ეს ასეთი მარტივი ენაა, და მაინც, რატომ არ ამბობენ ამას ანტიქრისტეები? მათ არ სურთ, რომ მათი ნამდვილი სახე დაინახონ; მათ იციან საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ ფარულად მაინც აქვთ საძაგელი განზრახვა — ისე გააკეთონ, რომ სხვებმა დიდი პატივი სცენ მათ. განა ეს ყველაზე ამაზრზენი არ არის? მას შემდეგ, რაც ყველა გამოთქვამს თავის აზრს და ანტიქრისტე ხედავს, რომ უმეტესობა ამბობს, რომ ეს ღვთის სიტყვებია, ხოლო მცირე ნაწილი ამბობს, რომ არ არის, ისიც გრძნობს, რომ ქადაგება შეიძლება არ იყოს ღვთის სიტყვები, მაგრამ ამას პირდაპირ არ ამბობს. ის ამბობს: „ამ საკითხზე ნაჩქარევ დასკვნებს ვერ გამოვიტან; უმრავლესობას დავეთანხმები“. ის არ აღიარებს საკუთარ უმეცრებას, ნაცვლად ამისა, ამ განცხადებას იყენებს შესანიღბად და დასამალად, თან ფიქრობს, რომ ძალიან ბრძენია და მისი მეთოდები ბრწყინვალეა. შემდეგ, ორი დღის მერე, როდესაც ღვთის სახლი აცხადებს, რომ ქადაგება ღვთის სიტყვები იყო, ანტიქრისტე მაშინვე ამბობს: „ხედავ, რას გეუბნებოდი? თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ღმერთის სიტყვები იყო, მაგრამ ვწუხდი თქვენი სისუსტის გამო, ვინც ვერ იცანით ისინი, ამიტომ ვერ ვთქვი. რომ მეთქვა, ეს ღმერთის სიტყვებია-მეთქი, განა არ განგიკითხავდით? რაოდენ დამწუხრდებოდით! როგორ ვიქნებოდი მშვიდად, როცა ვიცი, რა სუსტები ხართ? მაშინ როგორი წინამძღოლი ვიქნებოდი?“ როგორი შენიღბვის ოსტატია! ყველაფრის უკან, რასაც ანტიქრისტეები ამბობენ, განზრახვები და მიზნები დგას; როდესაც პირს აღებენ, ეს მხოლოდ საკუთარი თავით ტრაბახისთვის, თავიანთი მიღწევების, წარსული კეთილი საქმეებისა და წარსული დიდების გამოსაფენად ხდება. როდესაც საუბრობენ, მხოლოდ ამ საკითხებს ეხებიან. ისინი, ვინც ვერ ხედავენ მათ ნამდვილ სახეს, კერპებად აქცევენ მათ, ხოლო ისინი, ვისაც შეუძლია მათი ნამდვილი სახის დანახვა, მათ უკიდურესად ვერაგებად და მზაკვრებად მიიჩნევენ — ანტიქრისტე არასოდეს აღიარებს თავის ნაკლოვანებებს. ანტიქრისტეები ფარულად მოქმედებენ და ორაზროვნად საუბრობენ; რასაც ამბობენ, უმეტესწილად სისულელეა და მათ არ შეუძლიათ საგნების არსში წვდომა ან რაიმე ჭეშმარიტების გაგება. უარესი ის არის, რომ ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ესმით ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გაეგებათ და სურთ ყველაფერში იყვნენ ჩართულნი, სურთ გადაწყვეტილებების მიღება და ყველა საკითხში საბოლოო სიტყვის თქმა, რითაც მათ გარშემო მყოფთ ინფორმირებულობის უფლებას ართმევენ. საბოლოოდ რა ვითარებამდე მივყავართ ამას? ყველა, ვინც მათთან თანამშრომლობს ან მოვალეობას ასრულებს, გრძნობს, რომ თუმცა ზედაპირულად ისინი ერთგულები ჩანან და მზად არიან საფასურის გადასახდელად, სინამდვილეში ასე არ არის. ისინიც კი, ვინც წლების განმავლობაში ახლოს იყვნენ ანტიქრისტესთან, ვერ ხვდებიან, რას ფიქრობს ის ან რა შეუძლია სინამდვილეში — ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია მათი ნამდვილი სახის დანახვა. რასაც ისინი ამბობენ, მხოლოდ სიცრუე და ფუჭი სიტყვებია, ორპირი და მატყუარა სიტყვები. მათ სურთ ყველაფერში ჩართვა და ყველა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როგორც კი გადაწყვეტენ, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ შესაძლო შედეგებზე და ამ ქცევის გასამართლებლად მიზეზებს იგონებენ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ისინი სხვებს აძლევენ საქმის კეთების საშუალებას, თავად კი სხვა საკითხებში ჩასარევად მიდიან. რაც შეეხება იმას, მიჰყვებიან თუ არა თავდაპირველ საქმეს, ხორციელდება თუ არა ის, როგორია შესრულების ეფექტიანობა, აქვს თუ არა უმეტესობას რაიმე მოსაზრება ამ მიდგომაზე, აზიანებს თუ არა ის ღვთის სახლის ინტერესებს ან აქვთ თუ არა ძმებსა და დებს ამის გარჩევის უნარი, მათ ეს არ ადარდებთ, იქცევიან ისე, თითქოს ეს მათი საზრუნავი არ არის, თითქოს ეს მათ არ ეხებათ — ეს მათ ოდნავაც არ ანაღვლებთ. რა არის ის ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ? მათ ადარდებთ მხოლოდ ის საკითხები, რომლებშიც შეუძლიათ თავის გამოჩენა და სხვებისგან აღფრთოვანების მოპოვება; ისინი არასოდეს უშვებენ ხელიდან ამის შესაძლებლობას. თავიანთ საქმეში ისინი მხოლოდ ბრძანებებს გასცემენ და წესებს ამკვიდრებენ. მათ მხოლოდ ძალაუფლების თამაშები და ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ, თან თვითკმაყოფილნი არიან და ჰგონიათ, რომ თავიანთ საქმეში წარმატებულნი არიან. ისინი სრულიად ვერ აცნობიერებენ თავიანთი მუშაობის წესის შედეგებს — ისინი აზიანებენ ღვთის რჩეულ ხალხს, იწვევენ ჩაშლასა და არეულობას ეკლესიის საქმეში. ისინი აფერხებენ ღვთის ნების შესრულებას და ცდილობენ საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოს შექმნას.

„არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან და აიძულებენ სხვებს მორჩილებას“ — ძირითადად რაზე მიანიშნებს ანტიქრისტეთა ამ ქცევის არსი? მათი ხასიათი ბოროტი და სასტიკია და მათ აქვთ სხვების გაკონტროლების განსაკუთრებულად ძლიერი სურვილი, რაც სცდება ნორმალური ადამიანური გონიერების ფარგლებს. გარდა ამისა, როგორია მათი გაგება ან შეხედულება და დამოკიდებულება იმ მოვალეობის მიმართ, რომელსაც ასრულებენ? რით განსხვავდება ეს მათგან, ვინც ჭეშმარიტად ასრულებს თავის მოვალეობას? ისინი, ვინც ჭეშმარიტად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ეძიებენ პრინციპებს იმისთვის, რასაც აკეთებენ, რაც ფუნდამენტური მოთხოვნაა. მაგრამ როგორ აღიქვამენ ანტიქრისტეები იმ მოვალეობას, რომელსაც ასრულებენ? როგორი ხასიათი და არსი ვლინდება მათი მოვალეობის შესრულებისას? ისინი მაღალ პოზიციაზე დგანან და ქედმაღლურად ეპყრობიან მათზე დაბლა მდგომთ. როგორც კი მათ წინამძღოლობისთვის ირჩევენ, ისინი საკუთარ თავს სტატუსისა და ვინაობის მქონე პირებად აღიქვამენ. ისინი არ იღებენ თავიანთ მოვალეობას ღვთისგან. გარკვეული პოზიციის მოპოვების შემდეგ გრძნობენ, რომ მათი სტატუსი მნიშვნელოვანია, მათი ძალაუფლება — დიდი, ხოლო მათი ვინაობა — უნიკალური, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავიანთი მაღალი პოზიციიდან ზემოდან დაუწყონ ყურება სხვებს. ამავდროულად, ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ბრძანებების გაცემა და საკუთარი ფიქრების მიხედვით მოქმედება, და რომ ამის კეთებისას არანაირი ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გამოიყენონ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად, სხვების მართვისა და ძალაუფლების გამოყენებით წინამძღოლობის სურვილისა და ამბიციის დასაკმაყოფილებლად. შეიძლება ითქვას, ისინი გრძნობენ, რომ საბოლოოდ მიეცათ უდავო ძალაუფლების შესაძლებლობა. ზოგიერთი ამბობს: „ანტიქრისტეთა გამოვლინებებია ის, რომ არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი და არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან. თუმცა ჩვენს წინამძღოლსაც აქვს ანტიქრისტეს ხასიათი და გამოვლინებები, ის ხშირად ატარებს ჩვენთან თანაზიარებას!“ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისინი არ არიან ანტიქრისტეები? ანტიქრისტეებს ზოგჯერ შეუძლიათ თავის მოკატუნება; ყველასთან თანაზიარების ერთი რაუნდის შემდეგ და ყველას ფიქრების გაგებისა და წვდომის შემდეგ — იმის დადგენის შემდეგ, თუ ვინ ეთანხმება მათ და ვინ არა — ისინი აჯგუფებენ მათ. სამომავლო საკითხებში ისინი მხოლოდ მათთან ურთიერთობენ, ვისთანაც კარგ ურთიერთობაში არიან და ვინც მათთვის შესაფერისია. ისინი, ვინც მათთან თანხმობაში არ არიან, ხშირად უმეცრებაში რჩებიან უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით და მათ შეიძლება ღვთის სიტყვების წიგნებიც კი დაუმალონ. ოდესმე მოქცეულხართ ასე, ყოფილხართ თვითნებური და დიქტატორული, არასოდეს გქონიათ თანაზიარება სხვებთან? თვითნებურად და დიქტატორულად ყოფნა ნამდვილად ხდება, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ არასოდეს გაქვს თანაზიარება სხვებთან; ზოგჯერ შეიძლება გქონდეს თანაზიარება. თუმცა, თანაზიარების შემდეგ, ყველაფერი მაინც ისე ხდება, როგორც თქვი. ზოგიერთი ფიქრობს: „მიუხედავად ჩვენი თანაზიარებისა, სინამდვილეში, მე უკვე დიდი ხნის წინ შევიმუშავე კონკრეტული გეგმა. შენთან თანაზიარება მხოლოდ ფორმალობაა, უბრალოდ იმისთვის, რომ გაგაგებინო, ჩემს საქმეში ჩემი პრინციპები მაქვს. გგონია, არ ვიცი შენი ფასი? საბოლოოდ, მაინც მოგიწევს ჩემი მოსმენა და ჩემი გზით სიარული“. სინამდვილეში, მათ გულში უკვე დიდი ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება. მათ სჯერათ: „მე მჭევრმეტყველი ვარ და შემიძლია ნებისმიერი არგუმენტი ჩემს სასარგებლოდ შემოვაბრუნო; ვერავინ მაჯობებს საუბარში, ამიტომ, ბუნებრივია, მოვლენები ჩემი სცენარით განვითარდება“. მათ თავიანთი გათვლები დიდი ხნით ადრე გააკეთეს. არსებობს თუ არა ასეთი ვითარება? თვითნებობა და დიქტატორულობა არ არის ისეთი ქცევა, რომელიც ზოგჯერ შემთხვევით ვლინდება; მას გარკვეული ხასიათი აკონტროლებს. მათი საუბრის ან მოქმედების მანერიდან შეიძლება არ ჩანდეს, რომ ისინი თვითნებურნი და დიქტატორულნი არიან, მაგრამ მათი ხასიათიდან და მათი ქმედებების ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ნამდვილად თვითნებურნი და დიქტატორულნი არიან. ისინი იცავენ ფორმალობებს და „უსმენენ“ სხვების მოსაზრებებს, აძლევენ სხვებს საუბრის საშუალებას, აცნობენ მათ ვითარების დეტალებს, განიხილავენ, რას მოითხოვს ღვთის სიტყვა — მაგრამ იყენებენ გარკვეულ რიტორიკას ან ფრაზებს, რათა სხვები მათთან კონსენსუსამდე მიიყვანონ. და რა არის საბოლოო შედეგი? ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით ვითარდება. ეს არის მათი ვერაგული მხარე; ამას ასევე ჰქვია სხვების იძულება, რომ დაემორჩილონ მათ, ეს არის ერთგვარი „რბილი“ იძულება. ისინი ფიქრობენ: „არ მისმენ, არა? არ გესმის, არა? მოდი, აგიხსნი“. ახსნისას, ისინი ხლართავენ და აგვირისტებენ თავიანთ სიტყვებს, და სხვებს თავიანთ ლოგიკაში ითრევენ. ასეთი შემოტარების შემდეგ, ხალხი უსმენს და ფიქრობს: „რასაც ამბობ, სწორია; ჩვენ ისე გამოვიყენებთ პრაქტიკაში, როგორც ამბობ, მეტი ძიება აღარ არის საჭირო“, და ანტიქრისტე კმაყოფილია. ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია მათი სიტყვების გარჩევა. გაქვთ თუ არა თქვენ გარჩევის უნარი? როგორ უნდა მოიქცეთ ასეთი სიტუაციების წინაშე აღმოჩენისას? მაგალითად, როდესაც რაიმე საკითხის წინაშე დგახარ, გრძნობ, რომ აქ პრობლემაა; იმ მომენტში ზუსტად ვერ ადგენ პრობლემას, თუმცა გრძნობ, რომ გაიძულებენ მორჩილებას. მაშინ რა უნდა გააკეთო? უნდა მოძებნო შესაბამისი პრინციპები, ეძიო გზამკვლევობა ზემდგომისგან ან გქონდეს თანაზიარება მოცემულ პიროვნებასთან. გარდა ამისა, მათ, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, შეუძლიათ ერთად განიხილონ ეს საკითხი და ჰქონდეთ თანაზიარება. ზოგჯერ, სულიწმიდის საქმე და გზამკვლევობა საშუალებას მოგცემს, გაიგო პრობლემები იმ შეთავაზებებისა თუ თეორიების მიხედვით, რომლებსაც ანტიქრისტეები ან ანტიქრისტეთა გზაზე მიმავალნი აყენებენ, და მათი ფარული მოტივები. ერთმანეთთან თანაზიარების მეშვეობით შეიძლება გაიგო. მაგრამ შესაძლოა არ გაქვს თანაზიარება და ნაცვლად ამისა ფიქრობ: „ეს არ არის დიდი პრობლემა, აკეთოს ის, რაც მოესურვება. ბოლოს და ბოლოს, მე არ ვარ მთავარი პასუხისმგებელი პირი, არ მჭირდება ამ საკითხებზე წუხილი. თუ რამე ცუდად წავა, მე არ ვაგებ პასუხს; ის აიღებს საკუთარ თავზე“. როგორი ქცევაა ეს? ეს არის შენი მოვალეობისადმი გულგრილობა. განა მოვალეობისადმი გულგრილობა ღვთის სახლის ინტერესების ღალატი არ არის? ეს იუდას გვაგონებს! ბევრი ადამიანი მჩაგვრელი ძალაუფლების წინაშე აღმოჩენისას, საბოლოოდ კომპრომისზე მიდის და ჰყვება მათ, ვინც ამ ძალაუფლებას აფრიალებს, რაც მათი მოვალეობისადმი გულგრილობის გამოვლინებაა. განურჩევლად იმისა, ანტიქრისტეს უპირისპირდები თუ ვინმეს, ვინც დაუფიქრებლად მოქმედებს და გაიძულებს მის მორჩილებას, რა პრინციპების დაცვა უნდა აირჩიო? რა გზას უნდა გაჰყვე? თუ გრძნობ, რომ რასაც აკეთებ, არ ეწინააღმდეგება ან არ უხვევს ღვთის სიტყვებსა და სამუშაო განკარგულებებს, მტკიცედ უნდა იდგე. ჭეშმარიტების ერთგულება სწორია და ღვთის მიერ არის მოწონებული, მაგრამ სატანის, ბოროტი ძალებისა და ბოროტი ადამიანების წინაშე ქედის მოხრა და კომპრომისზე წასვლა, არის მოღალატეობრივი ქცევა, ეს არის ბოროტი საქმე, რომელიც ღვთისთვის საძულველი და დაწყევლილია. როდესაც ანტიქრისტეები აწყდებიან ვინმეს, ვინც მათ ეკამათება, ისინი ხშირად ამბობენ: „ამ საკითხში საბოლოო სიტყვა მე მეკუთვნის, და ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მე მინდა. თუ რამე ცუდად წავა, პასუხისმგებლობას მე ავიღებ!“ როგორი ხასიათის მანიშნებელია ეს განცხადება? შეიძლება თუ არა მას, ვინც ასე საუბრობს და მოქმედებს, ჰქონდეს ნორმალური ადამიანობა? რატომ აიძულებენ ისინი სხვებს მორჩილებას? რატომ არ ეძიებენ ისინი ჭეშმარიტებას პრობლემების გადასაჭრელად, როდესაც ისინი წარმოიქმნება? რატომ არ შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპების განსაზღვრა? ეს ამტკიცებს, რომ მათ აკლიათ ჭეშმარიტება. შეგიძლიათ თუ არა თქვენ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის გარჩევა? ასეთი რამეების თქმა საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მათ აქვთ ანტიქრისტეს ხასიათი; ეს არის ანტიქრისტეს ქცევა. თუმცა, უფრო ცბიერმა ანტიქრისტემ, რომელსაც ეშინია, რომ სხვები ამოიცნობენ მას, უნდა თქვას ისეთი რამეები, რასაც ყველა ეთანხმება და რაც სწორად ჟღერს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს — შეცდომაში შეიყვანოს ხალხი და გაიმყაროს პოზიციები. შემდეგ კი იფიქრებს იმაზე, თუ როგორ გააკონტროლოს ღვთის რჩეული ხალხი.

ანტიქრისტეთა თვითნებური და დიქტატორული ყოფნის გამოვლინებები მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, რადგან ამგვარი ქცევა, ხასიათი და თვისება ყოველ გახრწნილ ადამიანში შეიძლება შეინიშნებოდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტიქრისტეებზე. შეგიძლიათ თუ არა თქვენ გაიხსენოთ მაგალითები, როდესაც იყავით თვითნებურნი და დიქტატორულნი? მაგალითად, თუ ვინმე გეუბნება, რომ მოკლე თმა გიხდება, და პასუხობ: „რა არის კარგი მოკლე თმაში? მე გრძელი თმა მირჩევნია და ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდა“, არის თუ არა ეს თვითნებური და დიქტატორული? (არა.) ეს უბრალოდ პირადი არჩევანია, ნორმალური ადამიანობის ნაწილი. ზოგიერთ ადამიანს უყვარს სათვალის ტარება მაშინაც კი, როცა ახლომხედველი არ არის. თუ ზოგიერთი ადამიანი განიკითხავს მას და ეუბნება: „უბრალოდ გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, სინამდვილეში სათვალე არ გჭირდება!“ ის კი პასუხობს: „მერე რა? მაინც ვატარებ!“ — არის კი ეს თვითნებური და დიქტატორული? არა, ეს პირადი არჩევანია, მაქსიმუმ, ეს სიჯიუტეა, და ეს არანაირად არ უკავშირდება მისი ხასიათის პრობლემას; შეიძლება რამდენიმე დღეში შეწყვიტოს სათვალის ტარება, თუ ასე მოესურვება. მაშ, ძირითადად რაში მდგომარეობს თვითნებობა და დიქტატორულობა? ეს ძირითადად უკავშირდება იმ გზას, რომელსაც ადამიანი ირჩევს, მის ხასიათს და მისი ქმედებების მიღმა არსებულ პრინციპებსა და მოტივაციებს. მაგალითად, ცოლქმრულ ცხოვრებაში, სადაც ქმარს უყვარს ავტომანქანები და ოჯახს მხოლოდ 20 000 იუანი აქვს, ქმარი კი ყველგან ფულს სესხულობს, რათა სრულიად უაზროდ იყიდოს 200 000 იუანის ღირებულების მანქანა, რითაც ოჯახს ლუკმაპურის გარეშე ტოვებს, ცოლმა კი ამ შენაძენის შესახებ არც კი იცის, არის თუ არა ეს ქმარი თვითნებური და დიქტატორული? ეს ნამდვილად თვითნებობა და დიქტატორულობაა. თვითნებობა და დიქტატორულობა ნიშნავს სხვების გრძნობების, ფიქრების, მოსაზრებების, დამოკიდებულებების ან შეხედულებების გაუთვალისწინებლობას და მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს საკუთარი ხორციელი სიამოვნებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას, საკუთარი ეგოიზმის დაკმაყოფილებას, ხოლო როდესაც საქმე მოვალეობას ეხება, ეს გულისხმობს სტატუსისა და ძალაუფლების მოპოვების ამბიციისა და სურვილის დაკმაყოფილებას. მოვიყვანოთ მაგალითი: ეკლესიას ჰქონდა სახლი და მის გვერდით გზის გაყვანა იყო საჭირო. გზის შესაბამისი სიგანე სახლისა და ეზოს ზომით უნდა განსაზღვრულიყო, რათა ის ყოფილიყო როგორც ლამაზი, ისე პრაქტიკული. ამ სახლისა და ეზოს დიდი ფართობის გათვალისწინებით, გზა სულ მცირე ორი მეტრის სიგანის უნდა ყოფილიყო. პასუხისმგებელმა პირმა თქვა: „მე გადავწყვიტე, ერთმეტრიანს გავაკეთებთ“. სხვებმა უთხრეს: „ყოველდღიურად ბევრი ადამიანი შედის და გამოდის, ზოგჯერ ნივთების ტარებაც გვიწევს; ერთი მეტრი უბრალოდ არ ივარგებს, ძალიან ვიწროა“. მაგრამ პასუხისმგებელი პირი საკუთარ შეხედულებას იცავდა და არანაირ განხილვას არ თანხმდებოდა. დასრულების შემდეგ ყველამ დაინახა, რომ გზა ძალიან ვიწრო იყო; ის არ შეესაბამებოდა სახლსა და ეზოს და არაპრაქტიკული იყო — მისი თავიდან კეთება გახდა საჭირო, რამაც დამატებითი შრომა მოითხოვა. ამის შემდეგ ყველა საყვედურობდა ამ ადამიანს. სინამდვილეში, გზის მშენებლობის დაწყებამდე ზოგიერთმა ადამიანმა გამოთქვა წინააღმდეგობა, მაგრამ ეს პიროვნება არ დაეთანხმა მათ და საკუთარი შეხედულება გაიტანა, რითაც აიძულა სხვები, მისი სურვილისამებრ ემოქმედათ, რამაც ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა. რატომ არ შეეძლო ამ ადამიანს სხვების შეთავაზებების მიღება? როდესაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, რატომ არ შეეძლო მას ყველა ასპექტის გათვალისწინება და სწორი მიდგომის პოვნა? თუკი არავინ ჰყავდა სათათბიროდ, საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება დასაშვები იქნებოდა, მაგრამ ახლა, რადგან ჰყავდა ადამიანები სათათბიროდ და უკეთესი შეთავაზებებიც არსებობდა, რატომ არ შეეძლო მათი მიღება? როგორი ხასიათია ეს? სულ მცირე ორი შესაძლებლობა არსებობს: ერთი ის არის, რომ ეს ადამიანი ქარაფშუტა, გონებაარეული პიროვნებაა; მეორე კი ის, რომ მისი ხასიათი ზედმეტად ამპარტავანი და თვითმართალია, მუდამ ჰგონია, რომ მართალია და არ შეუძლია სხვების ნათქვამის მიღება, რაოდენ სწორიც არ უნდა იყოს ის — ეს იმდენად დიდი ამპარტავნებაა, რომ გონიერების დაკარგვას იწვევს. ასეთმა მარტივმა საკითხმა გამოააშკარავა მისი ხასიათი. გადაჭარბებული ამპარტავნება რაციონალურობის დაკარგვას იწვევს. რას ნიშნავს რაციონალურობის ნაკლებობა? რას არ გააჩნია რაციონალურობა? მხეცებს არ გააჩნიათ რაციონალურობა. თუ ადამიანს აკლია რაციონალურობა, ის არაფრით განსხვავდება მხეცისგან; მის გონებას არ შესწევს განსჯის უნარი და არ გააჩნია რაციონალურობა. თუ ადამიანი იმდენად ამპარტავანი ხდება, რომ კარგავს გონიერებას და აკლია რაციონალურობა, განა ის მხეცს არ ემსგავსება? (დიახ.) სწორედ ასეთია იგი; ადამიანური რაციონალურობის ნაკლებობა ნიშნავს, რომ ის ადამიანი არ არის. აქვთ თუ არა ანტიქრისტეებს ასეთი რაციონალურობა? (არა.) ანტიქრისტეებს ის კიდევ უფრო მეტად აკლიათ; ისინი მხეცებზე უარესები არიან, ისინი ეშმაკები არიან. როგორც მაშინ, როდესაც ღმერთმა ჰკითხა სატანას: „საიდან მოდიხარ?“ ღვთის კითხვა სინამდვილეში ძალიან ნათელი იყო; რა სათქმელი გადმოსცა ღმერთმა? (ის ეკითხებოდა სატანას, თუ საიდან მოდიოდა იგი.) ეს წინადადება აშკარად კითხვის ნიშნით მთავრდება; ეს არის კითხვა, რომელიც მიემართება „სატანას“ ქვემდებარით „შენ“: „საიდან მოდიხარ?“ გრამატიკა მართებულია და ღვთის კითხვა ადვილად გასაგებია. როგორ უპასუხა სატანამ? („ქვეყნად დავწოწიალობდი და მიმოვდიოდი“ (იობ. 1:7).) ეს სატანის ცნობილი ციტატაა. ავლენს თუ არა სატანის პასუხი რაიმე რაციონალურობას? (არა.) მას აკლია რაციონალურობა. როდესაც ღმერთმა კვლავ ჰკითხა, თუ საიდან მოდიოდა, მან იგივე პასუხი გაიმეორა, თითქოს არ შეეძლო ღვთის სიტყვების გაგება. შეუძლიათ თუ არა ადამიანებს გაიგონ, რა თქვა სატანამ? აქვს თუ არა მის ნათქვამს რაიმე რაციონალურობა? (არა.) მას აკლია რაციონალურობა — მაშ, შეუძლია თუ არა მას ჭეშმარიტების გაგება? ღვთის ასეთ მარტივ კითხვაზეც კი მან ამგვარად უპასუხა; მას კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლია იმ ჭეშმარიტებების გაგება, რომლებსაც ღმერთი ამბობს. შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეებსაც აკლიათ რაციონალურობა; ისინი, ვინც მზაკვრულად მოქმედებენ, ვისაც არ შეუძლია ღვთის სიტყვების ან ჭეშმარიტების გაგება, სრულიად არარაციონალურნი არიან. რამდენიც არ უნდა ისაუბრო ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე, პრინციპების მიხედვით მოქმედებაზე, პრინციპების ძიებასა და მოვალეობის შესრულებისას სხვებთან თანაზიარებაზე — რაზეც ისინი ამბობენ, რომ ესმით და იციან — როდესაც საქმე მოქმედებაზე მიდგება, მათ გულთან ახლოს არ მიაქვთ შენი სიტყვები და აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. ეს დემონური ბუნებაა! მათ, ვისაც ასეთი დემონური ბუნება აქვთ, არ ესმით ჭეშმარიტება და აკლიათ რაციონალურობა. რა არის მათი ყველაზე უგუნური და სამარცხვინო მხარე? ადამიანები ღვთის მიერ არიან შექმნილნი, და რა მიზნით ირჩევს ღმერთი ადამიანებს და მოჰყავს ისინი თავის წინაშე? იმისთვის, რომ ადამიანებმა ყურად იღონ და გაიგონ ღვთის სიტყვები, იარონ ცხოვრების სწორ გზაზე ღვთის მითითებისამებრ და საბოლოოდ შეძლონ მტყუან-მართლის, დადებითი და უარყოფითი საგნების გარჩევა. ეს არის ღვთის განზრახვა; ამგვარად, ისინი, ვინც ღმერთს მიჰყვებიან, სულ უფრო უკეთესები ხდებიან. და რა ზომამდე არიან ანტიქრისტეები უგუნურნი? ისინი ფიქრობენ: „ღმერთო, შენ მოგყავს ადამიანები შენ წინაშე, ამიტომ მეც ასე მოვიქცევი; შენ შეგიძლია აირჩიო ადამიანები, წარმართო, მართო ისინი და ხელმწიფება განახორციელო მათზე, ამიტომ მეც ასე მოვიქცევი; შენ ახერხებ იმას, რომ ადამიანები გემორჩილებოდნენ და გისმენდნენ, შენ გასცემ პირდაპირ ბრძანებებს და აკეთებინებ მათ იმას, რასაც ეუბნები, ამიტომ მეც ასე მოვიქცევი“. განა ეს არარაციონალური არ არის? (დიახ.) განა არარაციონალურობა არ ნიშნავს, რომ მათ სირცხვილის გრძნობა არ აქვთ? (დიახ.) განა ხალხი შენი საკუთრებაა? განა უნდა გამოგყვნენ? რატომ უნდა მოგისმინონ? მხოლოდ ერთ-ერთი უმცირესი შექმნილი არსება ხარ, როგორ შეგიძლია ისწრაფოდე იმისკენ, რომ ყველაფერზე მაღლა იდგე? განა ეს არარაციონალური არ არის? (დიახ.)

ზოგიერთ ადამიანს უმართლებს და ეკლესიაში წინამძღოლად ირჩევენ, მაგრამ სინამდვილეში, მათი სულიერი მონაცემები და სულიერი სიმწიფე არ შეესაბამება მოთხოვნებს. წინამძღოლობა ღვთისგან ამაღლებაა, მაგრამ ისინი ამას ასე არ აღიქვამენ. ნაცვლად ამისა, ისინი ფიქრობენ: „როგორც წინამძღოლი, მე სხვებზე უკეთესი და მაღლა მდგომი ვარ; მე უკვე აღარ ვარ რიგითი ადამიანი. მაშინ, როცა თქვენ ყველანი მორჩილად უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ ღმერთს, მე ეს არ მჭირდება, რადგან მე თქვენგან განვსხვავდები; თქვენ ქმნილებები ხართ, მე კი — არა“. მაშინ ვინ ხარ? განა შენც ხორცი და სისხლი არ ხარ? რით განსხვავდები სხვებისგან? განსხვავება შენს უსირცხვილობაშია; არ გაგაჩნია ღირსების გრძნობა და გონიერება, ძაღლსაც კი ვერ შეედრები. იქცევი თვითნებურად და დიქტატორულად, უგულებელყოფ სხვების ნებისმიერ რჩევას — აი, ეს არის განსხვავება. რაც არ უნდა მწირი იყოს მათი სულიერი მონაცემები ან რამდენად დაბალიც არ უნდა იყოს მათი საქმის შესრულების ეფექტურობა, მათ მაინც ჰგონიათ, რომ რიგით ადამიანებზე მაღლა დგანან და სჯერათ, რომ უნარები და ნიჭი აქვთ. ამგვარად, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი არ ეთათბირებიან სხვებს კონსენსუსის მისაღწევად, რადგან ჰგონიათ, რომ კვალიფიციურნი არიან ან აქვთ აბსოლუტური უნარი, გააკონტროლონ ყველაფერი. განა ეს არ არის ამპარტავნება, რომელიც გონიერების დაკარგვამდე მიდის? განა ეს არ არის უტიფარი უსირცხვილობა? (დიახ.) წინამძღოლად გახდომამდე ისინი კუდმოძუებულნი იქცეოდნენ; სჯეროდათ, რომ ჰქონდათ ნიჭი და უნარები, და თავიანთ ქმედებებში გარკვეული ამბიცია ჰქონდათ, მაგრამ უბრალოდ შესაძლებლობები აკლდათ. როგორც კი წინამძღოლები გახდნენ, მათ საკუთარი თავი ძმებისა და დებისგან გამიჯნეს და უპირატესი პოზიცია დაიკავეს. მათ დაიწყეს მედიდურად მოქცევა და თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს; დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ შეეძლოთ დიადი რაღაცების მიღწევა, და სჯეროდათ: „ღვთის სახლმა მართალი ადამიანი აირჩია; მე მართლაც ნიჭიერი ვარ — ნამდვილი ოქრო ადრე თუ გვიან აუცილებლად გაბრწყინდება. ახლა შემომხედეთ: ღმერთმა მაღიარა, არა?“ განა ეს ამაზრზენი არ არის? (დიახ, ასეა.) მხოლოდ ერთ-ერთი ხარ რიგით ქმნილებებს შორის; რაც არ უნდა დიდი იყოს შენი ნიჭიერება თუ ნიჭი, შენი გახრწნილი ხასიათი ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვების. თუ ფიქრობ, რომ გამორჩეულად არაჩვეულებრივი ხარ და საკუთარ თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევ, გსურს ყველაზე მაღლა დადგე და ყველაფერზე უპირატესი იყო, მაშინ ცდები. ამ მცდარი წარმოდგენის გამო იქცევი თვითნებურად და დიქტატორულად, სხვებთან თანაზიარებისა და თათბირის გარეშე, და გსურს კიდეც დატკბე შენდამი სხვების მორჩილებითა და დამყოლობით, რაც არასწორია. რაში მდგომარეობს შეცდომა? (არასწორი პოზიციის დაკავებაში.) რატომ იკავებენ ანტიქრისტეები მუდამ არასწორ პოზიციას? ერთი რამ ცხადია, რაც შესაძლოა ვერ გააცნობიერეთ: სხვებთან შედარებით მათ ადამიანობაში რაღაც ზედმეტია; მათ მუდამ აქვთ ერთგვარი მცდარი წარმოდგენა. საიდან მოდის ეს მცდარი წარმოდგენა? ის ღვთისგან კი არ არის მოცემული, არამედ სატანისგან. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ყველაფერი, რასაც ამჟღავნებენ და გამოხატავენ, არ არის ნორმალური ადამიანობის ფარგლებში არსებული ინსტინქტი, არამედ გარეშე ძალის მიერ არის მართული. რატომ არის ნათქვამი, რომ მათი ქმედებები მზაკვრულია, ხოლო მათი ამბიციები და სურვილები — უკონტროლო? მათმა სურვილმა, გააკონტროლონ ადამიანები, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. რას ნიშნავს ზღვრის გადაჭარბება? ეს ნიშნავს ნებისმიერი საშუალების გამოყენებას, გონივრულობისა და სირცხვილის გრძნობის ზღვარს გადასვლას; ის შეუკავებელია, როგორც ზამბარა — შესაძლოა დროებით დაბლა დარჩეს, როდესაც მას დააწვები, მაგრამ როგორც კი ხელს გაუშვებ, ისევ ზევით ამოხტება. განა ეს არ არის სურვილით შეპყრობა და მანიაკალურობამდე მისვლა? ეს სულაც არ არის გაზვიადება.

სადაც კი ანტიქრისტეები ეკლესიაში ძალაუფლებას ფლობენ, იმ ეკლესიას ეკლესია აღარ შეიძლება ეწოდოს. მათ, ვისაც ეს გამოუცდიათ, ეს უნდა ესმოდეთ. იქ არ არის სიმშვიდის, სიხარულისა და საყოველთაო ამაღლების ატმოსფერო, არამედ მღელვარე დისჰარმონია სუფევს. ყველა განსაკუთრებულად მოუსვენრად და შეშფოთებულად გრძნობს თავს, არ შეუძლიათ გულში სიმშვიდის პოვნა, თითქოს რაღაც დიდი უბედურება უნდა დატრიალდეს. ანტიქრისტეების სიტყვები და ქმედებები ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადამიანთა გულები იბინდება და კარგავენ დადებითისა და უარყოფითის გარჩევის უნარს. გარდა ამისა, ანტიქრისტეების მიერ ხანგრძლივად შეცდომაში შეყვანა ადამიანთა გულებს ღმერთს აშორებს, რაც ღმერთთან არანორმალურ ურთიერთობებს იწვევს, ზუსტად ისე, როგორც რელიგიაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ნომინალურად სწამთ ღმერთი, მაგრამ თავიანთ გულებში მისთვის ადგილი არ აქვთ. არსებობს კიდევ ერთი რეალური პრობლემა, კერძოდ ის, რომ როდესაც ანტიქრისტეები ძალაუფლებას ფლობენ, ეს ეკლესიაში განხეთქილებასა და ქაოსს იწვევს. ისინი, ვისაც ჭეშმარიტება უყვართ, შეკრებებზე ვერ გრძნობენ სიამოვნებასა და განთავისუფლებას, ამიტომ სურთ ეკლესიის დატოვება, რათა ღმერთი სახლში იწამონ. როდესაც სულიწმიდა ეკლესიაში მოქმედებს, განურჩევლად იმისა, ესმით თუ არა ადამიანებს ჭეშმარიტება, ყველა ერთიანდება გულითა და ძალისხმევით, რაც ქმნის უფრო მშვიდ და სტაბილურ ატმოსფეროს, ყოველგვარი მღელვარებისგან თავისუფალს. თუმცა, როდესაც ანტიქრისტეები მოქმედებენ, მათ შემოაქვთ მღელვარე და უცნაური ატმოსფერო. მათი ჩარევა იწვევს დაჯგუფებების გაჩენას, რომლებშიც ადამიანები ერთმანეთის მიმართ თავდაცვით პოზიციას იკავებენ, განიკითხავენ ერთმანეთს, თავს ესხმიან და ზურგს უკან ძირს უთხრიან ერთმანეთს. ნათელია, რა როლს ასრულებენ ანტიქრისტეები? ისინი სატანის მსახურნი არიან. ანტიქრისტეების ქმედებების შედეგებია: პირველ რიგში, ურთიერთგანკითხვა, ეჭვები და სიფრთხილე ძმებსა და დებს შორის; მეორე, მამაკაცებსა და ქალებს შორის საზღვრების მოშლა, რაც თანდათანობით შეუფერებელ ურთიერთობებამდე მიდის; და მესამე, ადამიანთა გულებში ხილვები ბუნდოვანი ხდება და ისინი წყვეტენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაზე ფოკუსირებას. მათ აღარ იციან, როგორ იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. მოძღვრებების ის მცირეოდენი გაგებაც კი, რაც ოდესღაც ჰქონდათ, იკარგება, მათი გონება იბინდება და ისინი ბრმად მიჰყვებიან ანტიქრისტეებს, ფოკუსირდებიან მხოლოდ ზედაპირული დავალებების შესასრულებლად სირბილზე. ზოგიერთი ადამიანი გრძნობს, რომ ანტიქრისტეების მიყოლას არსად მივყავართ; მხოლოდ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან, რომ იკრიბებოდნენ და ერთად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, რამხელა სიხარულს მოიტანდა ეს! როგორც კი ანტიქრისტეები ეკლესიაში ძალაუფლებას იგდებენ ხელში, სულიწმიდა წყვეტს მოქმედებას და ძმებისა და დების გარშემო სიბნელე ისადგურებს. ღვთის რწმენა და მოვალეობების შესრულება ხალისს კარგავს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდება, განა ძმებისა და დების უმეტესობა არ იქნება ღვთის მიერ მოკვეთილი?

დღეს, ერთი მხრივ, ჩვენ გავარჩიეთ ანტიქრისტეთა თვითნებური და დიქტატორული ქცევის გამოვლინებები. მეორე მხრივ, ამ გამოვლინებების გარჩევით, ყველასთვის ნათელი ხდება, რომ თუნდაც არ იყო ანტიქრისტე, ასეთი გამოვლინებების ქონა ანტიქრისტეთა ბუნებასთან გაკავშირებს. არის თუ არა თვითნებური და დიქტატორული ქცევა ნორმალური ადამიანობის გამოვლინება? აბსოლუტურად არა; ნათელია, რომ ეს გახრწნილი ხასიათის გამოვლინებაა. რაც არ უნდა მაღალი იყოს შენი სტატუსი ან რამდენი მოვალეობის შესრულებაც არ უნდა შეგეძლოს, თუ ისწავლი სხვებთან თანაზიარებას, მაშინ იცავ ჭეშმარიტების პრინციპებს, რაც მინიმალური მოთხოვნაა. რატომ არის ნათქვამი, რომ სხვებთან თანაზიარების სწავლა პრინციპების დაცვას უტოლდება? თუ შეგიძლია ისწავლო თანაზიარება, ეს ამტკიცებს, რომ შენს სტატუსს შემოსავლის წყაროდ არ მიიჩნევ ან ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამ მას. რაც არ უნდა მაღალი იყოს შენი სტატუსი, შენს მოვალეობას ასრულებ. შენი ქმედებები სრულდება მოვალეობის შესრულების მიზნით და არა სტატუსისთვის. ამავდროულად, პრობლემების წინაშე აღმოჩენისას, თუ შეგიძლია ისწავლო თანაზიარება და, განურჩევლად იმისა, რიგითი ძმები და დები არიან თუ ისინი, ვისთანაც თანამშრომლობ, შეგიძლია მათთან ძიება და თანაზიარება, რას ამტკიცებს ეს? ეს აჩვენებს, რომ გაქვს ჭეშმარიტების ძიებისა და მისდამი დამორჩილების დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში ასახავს შენს დამოკიდებულებას ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ. გარდა ამისა, მოვალეობის შესრულება შენი პასუხისმგებლობაა, ხოლო საქმეში ჭეშმარიტების ძიება ის გზაა, რომელსაც უნდა მიჰყვე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებენ სხვები შენს გადაწყვეტილებებზე, შეუძლიათ თუ არა დამორჩილება ან როგორ ემორჩილებიან, ეს მათი საქმეა; მაგრამ ის, თუ რამდენად შეგიძლია მოვალეობის ჯეროვნად შესრულება და სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნა, შენი საქმეა. უნდა გესმოდეს მოვალეობის შესრულების პრინციპები; ეს არ ნიშნავს რომელიმე პიროვნებისადმი დამორჩილებას, არამედ ჭეშმარიტება-პრინციპებისადმი დამორჩილებას. თუ გრძნობ, რომ გესმის ჭეშმარიტება-პრინციპები და ყველასთან თანაზიარების გზით მიაღწევ კონსენსუსს, რომელსაც ყველა შესაფერისად მიიჩნევს, მაგრამ არიან ერთეულები, რომლებიც ურჩობენ და პრობლემების შექმნა სურთ, რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში? ამ შემთხვევაში, უმცირესობა უმრავლესობას უნდა დაემორჩილოს. ვინაიდან ადამიანთა უმეტესობამ კონსენსუსს მიაღწია, რატომ გამოდიან ისინი პრობლემების შესაქმნელად? განზრახ ცდილობენ განადგურების გამოწვევას? მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რათა ყველამ შეძლოს მათი გარჩევა, და თუ ყველა იტყვის, რომ მათი მოსაზრებები არ შეესაბამება პრინციპებს და ვერ უძლებს კრიტიკას, მაშინ მათ უნდა უარყონ თავიანთი შეხედულებები და შეწყვიტონ მათზე ჩაჭიდება. რა არის პრინციპი ამ საკითხის მოგვარებისას? ადამიანმა უნდა დაიცვას ის, რაც სწორია და არ უნდა აიძულოს სხვები, დაემორჩილონ იმას, რაც არასწორია. გასაგებია? სინამდვილეში, სანამ ანტიქრისტეები გამოავლენენ ამ ქცევასა და პრაქტიკას, რომ იყვნენ თვითნებურნი და დიქტატორულნი, მათ უკვე აქვთ საკუთარი გეგმები გონებაში. თვითნებობა და დიქტატორულობა ნამდვილად არ ნიშნავს სწორი საქმის კეთებას ან ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას. ის უდავოდ ნიშნავს იმის კეთებას, რაც არასწორია და რაც არღვევს ჭეშმარიტებას, ნიშნავს მცდარი გზის მიყოლასა და მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას, და ამავდროულად სხვების იძულებას, რომ ყურად იღონ ისინი. სწორედ ამას ჰქვია თვითნებობა და დიქტატორულობა. თუ რაიმე სწორია და შეესაბამება ჭეშმარიტებას, მაშინ მას უნდა მივყვეთ. ეს არ არის თვითნებობა და დიქტატორულობა; ეს პრინციპების ერთგულებაა. ეს ორი რამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. ძირითადად რას გულისხმობს ანტიქრისტეთა თვითნებობა და დიქტატორულობა? (ისეთი საქმეების კეთებას, რომლებიც არ შეესაბამება პრინციპებს ან ჭეშმარიტებას, და მაინც სხვების იძულებას, რომ მიჰყვნენ მათ.) სწორია, რა სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას ან რა პრობლემაც არ უნდა გვარდებოდეს, ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებენ საკუთარი წარმოდგენებისა და ფანტაზიების საფუძველზე. მათ გულში იციან, რომ ასე მოქცევა ეწინააღმდეგება პრინციპებს, მაგრამ მაინც სურთ, რომ სხვებმა მოუსმინონ და დაემორჩილონ. ეს არის ანტიქრისტეთა მუდმივი მიდგომა.

როდესაც სახარების გავრცელების საქმე ახალი დაწყებული იყო, ზოგიერთმა ადამიანმა წაიღო „სიტყვის ხორცში გამოჩინება“ რელიგიურ წრეებში სახარების საქადაგებლად. რელიგიურმა ხალხმა, მას შემდეგ, რაც წაიკითხეს ღვთის სიტყვები, რომლებიც საიდუმლოებებს ამჟღავნებდა, ხილვებზე თანაზიარებას მოიცავდა და სიცოცხლეში შესვლას განიხილავდა, ყველამ თქვა, რომ ისინი საკმაოდ კარგი იყო. თუმცა, მათ მიიჩნიეს, რომ ზოგიერთი სიტყვა ადამიანების განკითხვისა და მხილების შესახებ ზედმეტად მკაცრი იყო სიტყვების შერჩევის თვალსაზრისით. მათ იგრძნეს, თითქოს ილანძღებოდნენ, ვერ მიიღეს ეს და ამბობდნენ: „შეუძლია კი ღმერთს ისე ისაუბროს, რომ ადამიანები ლანძღოს? ეს სიტყვები, საუკეთესო შემთხვევაში, ბრძენი ადამიანის დაწერილს ჰგავს“. სახარების ქადაგებაზე პასუხისმგებელმა პირმა თქვა, რომ მას ჰქონდა გადაწყვეტა. მოგვიანებით, მან შეცვალა ღვთის სიტყვების ყველა ის ნაწილი, რომელიც არ შეესაბამებოდა ადამიანთა წარმოდგენებს, ფანტაზიებსა და გემოვნებას, ისევე როგორც ის სიტყვები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც შიშობდა, რომ ადამიანებს წარმოდგენები გაუჩნდებოდათ. მაგალითად, სიტყვები, რომლებსაც ღმერთი იყენებდა ადამიანური ბუნების გასაშიშვლებლად, როგორებიცაა „მეძავი“, „ბოზი“, „ნაძირალა“, და ფრაზები, როგორებიცაა „ჯოჯოხეთში ჩაგდება“ და „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდება“, მთლიანად წაიშალა. მოკლედ, ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ადვილად წარმოშობდა წარმოდგენებს ან გაუგებრობებს, მთლიანად ამოიღეს. მითხარით, ღვთის სიტყვებიდან განკითხვის, დაგმობისა და ლანძღვის გამომხატველი ამ სიტყვების ამოღების შემდეგ, რჩება კი ისინი ღვთის თავდაპირველ სიტყვებად? (არა.) არის კი ეს კვლავ ის სიტყვები, რომლებიც ღმერთმა თავისი განკითხვის საქმეში გამოხატა? ეს „მოხუცი ბატონი“ არავის მოეთათბირა და წაშალა ღვთის მრავალი სიტყვა, რომლებიც განსაკუთრებით მკაცრი იყო ადამიანთა გამოწრთობისა და მათი გახრწნილი ხასიათის მხილების შესახებ, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც მსახურების შემსრულებელთა სამსჯავროს დროს ეხებოდა. მოგვიანებით, როდესაც რელიგიურმა ხალხმა შესწორებული ვერსია წაიკითხა, მათ თქვეს: „ცუდი არ არის, ჩვენ შეგვიძლია გვწამდეს ასეთი ღმერთის“, და მიიღეს იგი. ამ მოხუცმა ბატონმა გულში გაივლო: „ნახეთ, რა ჭკვიანი ვარ! არ არის გონივრული, რომ ღმერთის სიტყვები ზედმეტად მკაცრი იყოს. ასეთ ხალხთან მხოლოდ დაყვავებაა საჭირო — როგორ შეგიძლია თქვა ისეთი რამ, რაც შეიძლება ლანძღვად აღიქვან? ეს არ არის გონივრული! მე შევიტანე გარკვეული ცვლილებები და ნახეთ, რა მოხდა: რელიგიური პასტორებიც კი მზად არიან ირწმუნონ, და სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ამას. რას იტყვით? განა ბრძენი არ ვარ? განა ჭკვიანი არ ვარ? განა ეს შთამბეჭდავი არ არის?“ ამ ცვლილებების შედეგებმა იგი საკუთარი თავით უზომოდ გააამაყა. თუმცა, ზოგიერთმა რელიგიურმა ადამიანმა, რომელიც ეკლესიაში შემოვიდა, აღმოაჩინა, რომ ღვთის სიტყვები, რომლებიც მათ წაიკითხეს, შეცვლილი იყო და განსხვავდებოდა ეკლესიაში არსებული დედნისგან, და ეს საკითხი წამოიჭრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ მოხუც ბატონს ღვთის სიტყვების შინაარსი შეეცვალა. რას ფიქრობთ იმაზე, რაც ამ მოხუცმა ბატონმა ჩაიდინა? სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ აღვნიშნოთ: ეს სიტყვები შენი არ იყო, არ გქონდა მათი შეცვლის უფლება. თუნდაც ეს ადამიანის მიერ დაწერილი სტატია ან წიგნი ყოფილიყო, თუ გსურს ცვლილებების შეტანა, ჯერ ავტორისგან უნდა მიიღო თანხმობა. თუ ის დაგთანხმდება, შეგიძლია შეიტანო ცვლილებები. თუ არ დაგთანხმდება, აბსოლუტურად არ გაქვს უფლება, ერთი სიტყვაც კი შეცვალო. ამას ჰქვია ავტორისა და მკითხველების პატივისცემა. თუ ავტორს არ აქვს ენერგია ცვლილებების შესატანად და უფლებამოსილებას განიჭებს და გეუბნება, რომ შეგიძლია შეცვალო ნებისმიერი რამ, თუკი ის დედნისეულ მნიშვნელობას შეინარჩუნებს და სასურველ შედეგს მიაღწევს, მაშინ შეგიძლია შეიტანო ცვლილებები? (დიახ.) თუ ავტორმა გასცა თავისი თანხმობა ან უფლებამოსილება, მაშინ ცვლილებების შეტანა დასაშვებია. რას ეწოდება ამგვარი ქცევა? ეს გამართლებული, კანონიერი და მართებულია, არა? მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ავტორი არ დაგთანხმდა და მისგან უფლებამოსილების მონიჭების გარეშე ცვლი ტექსტს? რა ჰქვია ამას? (დაუდევრობა და თავნებობა.) ამას ეწოდება დაუდევრობა და თავნებობა, თვითნებობა და დიქტატორულობა. მაშ, რა შეცვალა ამ მოხუცმა ბატონმა? (ღვთის სიტყვები.) ღვთის თავდაპირველი სიტყვები, რომლებიც შეიცავს ღვთის განწყობას, ხასიათსა და განზრახვებს კაცობრიობის მიმართ. ღვთის სიტყვებს თავისი აზრი აქვს იმით, თუ როგორ არის ისინი ნათქვამი. იცი კი ის განწყობა, მიზანი და სასურველი შედეგი, რომელიც ღვთის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვის მიღმა დგას? თუ არ შეგიძლია ამას ჩასწვდე, რატომ შეგაქვს ბრმად ცვლილებები? ღვთის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადება, სიტყვების შერჩევა, ტონი და ის ატმოსფერო, განწყობა და ემოციები, რომლებსაც ისინი ადამიანებს განაცდევინებს, საგულდაგულოდ არის ფორმულირებული და გააზრებული. ღმერთს აქვს წინდახედულობა და სიბრძნე. რას ფიქრობდა ეს მოხუცი ბატონი? მან ღვთის საუბრის მანერა უგუნურებად მიიჩნია. სწორედ ასე უყურებდა იგი ღვთის საქმეს. მას სჯეროდა: „რელიგიაში მყოფთ, ვისაც მხოლოდ პურით გაძღომა სურთ, დაყვავება და სიყვარულითა და წყალობით მოპყრობა სჭირდებათ. სიტყვები არ შეიძლება იყოს ასეთი მკაცრი. თუ ისინი ზედმეტად მკაცრია, როგორღა უნდა ვიქადაგოთ სახარება? განა ასე შევძლებთ სახარების გავრცელებას?“ განა ღმერთმა არ იცის ამის შესახებ? (დიახ.) ღმერთმა ეს ძალიან კარგად იცის. მაშინ რატომ საუბრობს იგი მაინც ამგვარად? ეს არის ღვთის ხასიათი. რა არის ღვთის ხასიათი? ისაუბროს თავისებურად, გწამს თუ არა. თუ გწამს, ღვთის ერთ-ერთი ცხვარი ხარ; თუ არ გწამს, მგელი ხარ. ღვთის სიტყვები გამხელს და ოდნავ გტუქსავს, და ამის შემდეგ უარს ამბობ აღიარო, რომ ღვთის მორწმუნე ხარ? რა, აღარ ხარ ღვთის ქმნილება? განა ღმერთმა შეწყვიტა ღმერთად ყოფნა? თუ ამის გამო შეგიძლია უარყო ღმერთი, მაშინ ბოროტი ადამიანი, ეშმაკი ხარ. ღმერთი არ იხსნის ასეთ ადამიანებს, ამიტომ ეკლესიამ არ უნდა მიიღოს ისინი ძალდატანებით ან დაყვავებით. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ღმერთმა რომც მლანძღოს, მე სიხარულით დავეთანხმები. თუ იგი ღმერთია, მას ჩემი ხსნა შეუძლია. თუ იგი მცემს, ეს დამსახურებულია. თუ იგი გონებაარეულ ადამიანს მიწოდებს, მაშინ მე სწორედ ასეთი ვარ, და იმაზე მეტადაც კი ვარ გონებაარეული; თუ იგი მეძავს მიწოდებს, თუმცა მე თითქოს არ ჩამიდენია ის, რასაც მეძავი სჩადის, რადგან ამას ღმერთი ამბობს, მე ვაღიარებ და ვიღებ ამას“. მათ აქვთ უმარტივესი რწმენა, აღიარება და მიღება, და უმარტივესი ღვთისმოშიში გული. ღმერთს ასეთი ადამიანების მოპოვება სურს. ზოგიერთ ადამიანს ღვთის სიტყვები ზედმეტად მკაცრად და მტკივნეულად მიაჩნია, რადგან გრძნობენ, რომ ვერ მიიღებენ კურთხევებს, და ამიტომ აღარ სურთ რწმენა. ისინი ფიქრობენ: „თუნდაც შენ ღმერთი იყო, მე არ გირწმუნებ. თუ ასე საუბრობ, არ გამოგყვები“. მაშინ დაიკარგე! თუ არც კი აღიარებ ღმერთს, როგორ შეუძლია ღმერთს გაღიაროს თავის ქმნილებად? ეს შეუძლებელია! აქ ღვთის სიტყვებია გადმოცემული; ირწმუნებ მათ თუ არა, ეს შენი გადასაწყვეტია. თუ არ გწამს, მაშინ მოშორდი. შენ დაზარალდები. თუ გწამს, ხსნის იმედის ნაპერწკალი გექნება. განა ეს სამართლიანი არ არის? (დიახ.) მაგრამ ფიქრობდა კი ეს მოხუცი ბატონი ამგვარად? შეეძლო მას ღვთის ფიქრების განჭვრეტა? (არა.) განა იგი სულელი არ იყო? ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი გაგება, ასეთ სულელურ ქმედებებს სჩადიან. მან ღმერთი ძალიან უმნიშვნელოდ და მარტივად აღიქვა, რადგან ეგონა, რომ ღვთის ფიქრები არ იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ადამიანური აზროვნება. იგი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ღვთის ფიქრები ადამიანისაზე მაღალია, ქადაგებდა ამ დიად მოძღვრებებს ჩვეულებრივ დროს, მაგრამ როდესაც რეალურად აღმოჩნდა სიტუაციის წინაშე, ეს სიტყვები დაივიწყა, რადგან გრძნობდა, რომ ღვთის ეს სიტყვები არ ჰგავდა იმას, რასაც ღმერთი იტყოდა. გულში მან არ აღიარა ღვთის ეს სიტყვები, ამიტომ უბრალოდ ვერ მიიღო ისინი. ზუსტად მაშინ, როდესაც სახარება იქადაგებოდა, მან ისარგებლა შემთხვევით, რათა სწრაფად შეეცვალა ღვთის სიტყვები, თუნდაც „სახარების ეფექტურად ქადაგებისა და მეტი ადამიანის მოპოვების“ საბაბით. როგორ დავახასიათე საბოლოოდ მისი ქცევა? როგორც ღვთის სიტყვების დამახინჯება. რას ნიშნავს დამახინჯება? ეს ნიშნავს შინაარსის თვითნებურად დამატებას, გამოკლებას ან დედნისეული მნიშვნელობის შეცვლას, ავტორის ჩაფიქრებული მნიშვნელობის შეცვლას, ავტორის თავდაპირველი განზრახვებისა და საუბრის მიზნის უგულებელყოფას, და შემდეგ თვითნებურად მათ შეცვლას. ამას ეწოდება დამახინჯება. ჰქონდა მას ღვთისმოშიში გული? (არა.) რა თავხედობაა! არის თუ არა ეს ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს? (არა.) ეს ეშმაკის საქმეა და არა ადამიანის. არ გაქვს უფლება, რიგითი ადამიანის სიტყვებიც კი თვითნებურად შეცვალო; პატივი უნდა სცე ავტორის აზრს. თუ გსურს ცვლილებების შეტანა, წინასწარ უნდა აცნობო მას და მიიღო მისი თანხმობა, და მხოლოდ მისი ნებართვის მიღების შემდეგ შეგიძლია შეიტანო ცვლილებები მისი მოსაზრებების შესაბამისად. ამას ეწოდება პატივისცემა. როდესაც საქმე ღმერთს ეხება, ის, რაც მოითხოვება, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პატივისცემა! თუ ღვთის სიტყვებში ერთი წინადადებაც კი არასწორად არის დაბეჭდილი, თუ მას აკლია თუნდაც ერთი გრამატიკული ნაწილაკი, უნდა იკითხო, მისაღებია ეს თუ არა; თუ არა, თავიდან უნდა დაბეჭდო ეს გვერდი. ეს მოითხოვს ასეთ სერიოზულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას; ამას ეწოდება ღვთისმოშიში გულის ქონა. ჰქონდა ამ მოხუც ბატონს ასეთი გული? (არა.) მას არ ჰქონდა ღვთისმოშიში გული. მან ღმერთი თავისზე დაბლა დააყენა; იგი უკიდურესად თავხედი იყო. ასეთი ადამიანი უნდა განიდევნოს.

მსგავსი შემთხვევა ახლახანაც მოხდა. ზოგიერთმა ადამიანმა კვლავ გამოიყენა სახარების ქადაგებისა და მეტი ადამიანის მოპოვების საბაბი, რათა დაუფიქრებლად შეეცვალა ღვთის სიტყვები. ამჯერად ვითარება ოდნავ უკეთესი იყო, ვიდრე წინა ჯერზე; წინა შემთხვევაში ეს გაკეთდა თვითნებურად და დიქტატორულად, სხვებთან თანაზიარების გარეშე, ისინი მოქმედებდნენ თვითნებურად და დაუფიქრებლად, რათა დაემახინჯებინათ ღვთის სიტყვები. ამჯერად, მათ ჯერ ზემდგომს ჰკითხეს და უთხრეს: „გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს არ შეუძლიათ ღვთის სიტყვებში არსებული ზოგიერთი ტერმინის მიღება. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომ ამოვიღოთ ან შევცვალოთ ეს ტერმინები და ღვთის სიტყვების ის ნაწილები ან პასაჟები, რომლებსაც ისინი ვერ იღებენ, და შემდეგ ვუქადაგოთ მათ ღვთის სიტყვების სპეციალურად მორგებული ვერსია. განა მაშინ არ ირწმუნებენ?“ შეხედეთ ამას; ისინი ნამდვილად თავხედები არიან. ეს რა ქცევაა? ლმობიერად რომ მივუდგეთ, ასეთი ადამიანები შეიძლება უბრალოდ სულელებად, უმეცრებად და ზედმეტად ახალგაზრდებად ჩაითვალონ; შეიძლება უბრალოდ ვუთხრათ, რომ აღარ მოიქცნენ ასე. მაგრამ თუ დავახასიათებთ მათი ნამოქმედარის ბუნებას, ისინი დაუდევრად ცვლიდნენ ღვთის სიტყვებს სატანის საამებლად. რას ეწოდება ეს? ეს არის იუდას, მოღალატეებისა და გამცემების ქცევა, უფლის გაყიდვა დიდების სანაცვლოდ. მათ დაამახინჯეს ღვთის სიტყვები, გახადეს ისინი ადამიანებისთვის უფრო მისაღები და სასიამოვნო, რათა ესიამოვნებინათ მათთვის და მიეღებინებინათ სახარება — რა მოჰყვება ამას? დედამიწაზე ერთმა ადამიანმაც რომ არ ირწმუნოს, განა ამით ღვთის სიტყვები აღარ იქნება ღვთის სიტყვები? იცვლება კი ღვთის სიტყვების ბუნება? (არა.) განა ღვთის სიტყვები მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტება, თუ ისინი მიიღებენ მათ, და თუ არ მიიღებენ, მისი სიტყვები აღარ არის ჭეშმარიტება? შეიძლება თუ არა ამის გამო ღვთის სიტყვების ბუნება შეიცვალოს? აბსოლუტურად არა. ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა; თუ არ მიიღებ მას, დაიღუპები! სახარების მქადაგებელი ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „რა საცოდავები არიან, რომ არ იღებენ! რა დიადი და კეთილშობილი ხალხია. ღმერთს ასე ძალიან უყვარს და იწყალებს მათ, როგორ შეიძლება ჩვენც არ გამოვავლინოთ მათ მიმართ სიყვარული? მოდი, შევცვალოთ ღვთის სიტყვები, რათა შეძლონ მათი მიღება. რა მშვენიერია ეს ხალხი, და რა კეთილი და მოწყალეა ღმერთი მათ მიმართ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის განზრახვები!“ განა ეს თვალთმაქცობა არ არის? (დიახ.) კიდევ ერთი თაღლითი არის ის, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება, მხოლოდ სულელური საქმეების კეთება შეუძლია! უკვე ითქვა, რომ ის, ვინც დაამახინჯა ღვთის სიტყვები, დაისაჯა და განიდევნა, და ახლა კვლავ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მათი დამახინჯება. რის მიღწევას ცდილობენ ისინი? განა ეს არ არის უფლის გაყიდვა დიდების სანაცვლოდ? (დიახ.) ეს არის უფლის გაყიდვა დიდების სანაცვლოდ, სატანის საამებლად. განა ღვთის სიტყვები პრაქტიკული არ არის? განა არ შეიძლება მათი ღიად წარდგენა? განა არ აღიარებ მათ ჭეშმარიტებად? თუ არ აღიარებ, მაშინ რატომღა გწამს? თუ არ შეგიძლია ჭეშმარიტების მიღება, რა აზრი აქვს ღვთის რწმენას? ასე ხსნის მიღწევა შეუძლებელია. როგორც არ უნდა საუბრობდეს ღმერთი, რა სიტყვებსაც არ უნდა იყენებდეს, რომლებიც არ შეესაბამება შენს წარმოდგენებს, იგი მაინც ღმერთია და მისი არსი არ იცვლება. რაც არ უნდა სასიამოვნოდ საუბრობდე, რასაც არ უნდა აკეთებდე, რაც არ უნდა კეთილად, გულმოწყალედ ან მოსიყვარულედ მიგაჩნდეს საკუთარი თავი, მაინც ადამიანი ხარ, გახრწნილი ადამიანი. უარს ამბობ ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებად აღიარებაზე და ცდილობ შეცვალო ღვთის სიტყვები სატანის საამებლად. ეს რა ქცევაა? ეს საზიზღრობაა! მეგონა, რომ ღვთის სიტყვების დამახინჯების ბუნების შესახებ წინა თანაზიარებების შემდეგ, სახარების ქადაგებისას მსგავსი პრობლემა აღარ წამოიჭრებოდა. თუმცა, დაუჯერებელია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედავენ დამახინჯებას და ასეთი ფიქრების დაშვებას. როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება ღვთის სიტყვების მიმართ? (უპატივცემულობა.) ისინი უკიდურესად უგუნურები არიან! მათ გულებში ღვთის სიტყვები ბუმბულივით მსუბუქია, მათ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ფიქრობენ: „ღვთის სიტყვები შეიძლება ნებისმიერი ფორმით გადმოიცეს; შემიძლია შევცვალო მისი სიტყვები ისე, როგორც მომესურვება. უმჯობესია, ისინი ადამიანურ წარმოდგენებსა და გემოვნებას მოვარგოთ. სწორედ ასეთი უნდა იყოს ღვთის სიტყვები!“ ისინი, ვინც სჩადიან ისეთ რამეებს, როგორიცაა ღვთის სიტყვების დამახინჯება, შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ანტიქრისტეები. ისინი მოქმედებენ უგუნურად და დაუფიქრებლად, თვითნებურად ამახინჯებენ მათ; არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, და იჩენენ იმავე ხასიათსა და არსს, რასაც სხვა ანტიქრისტეები. და არის კიდევ ერთი მომენტი: რა არის მათი პირველი ფიქრი და ქმედება, როდესაც საფრთხის წინაშე დგანან ან როდესაც მათი საკუთარი ინტერესები ზარალდება? რას ირჩევენ ისინი? ისინი ირჩევენ ღვთის ინტერესებისა და ღვთის სახლის ინტერესების ღალატს საკუთარი თავის დასაცავად. ისინი, ვინც ამახინჯებენ ღვთის სიტყვებს, განა მართლა იმიტომ აკეთებენ ამას, რომ ეფექტურად იქადაგონ სახარება? რა ფარული მოტივი იმალება მათი ეგრეთ წოდებული ეფექტურობის მიღმა? მათ სურთ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება, რათა დაანახვონ ხალხს: „შეხედეთ, რა ნიჭიერი ვარ! ხედავთ, რა ეფექტურია სახარების ქადაგება ჩემი ცვლილებების შემდეგ? თქვენ არ გაგაჩნიათ იგივე უნარები, ამაზე ფიქრსაც კი ვერ გაბედავდით. შეხედეთ, ჩემი ფიქრებითა და ქმედებებით, ხედავთ, რა შედეგებს მივაღწიე?“ ეს ადამიანები უგულებელყოფენ ღვთის სიტყვებს და ამახინჯებენ მათ, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიცია და სურვილი, ესწრაფოდნენ დიდებასა და სტატუსს. განა არ გააჩნიათ მათ ანტიქრისტეს ბუნება? მათი ანტიქრისტეებად დახასიათება სულაც არ არის უსამართლო.

რა არის ანტიქრისტეთა თვითნებობისა და დიქტატორულობის კიდევ ერთი გამოვლინება? მათ არასოდეს აქვთ ჭეშმარიტების თანაზიარება ძმებთან და დებთან და არც ადამიანების რეალურ პრობლემებს ჭრიან. ნაცვლად ამისა, ისინი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ქადაგებენ ხალხის დასარიგებლად და სხვებს მორჩილებასაც კი აიძულებენ. რას ვიტყვით მათ დამოკიდებულებასა და მიდგომაზე ზემდგომისა და ღვთის მიმართ? ეს სხვა არაფერია, თუ არა მზაკვრობა და ორპირობა. განურჩევლად ეკლესიაში არსებული პრობლემებისა, ისინი არასოდეს არაფერს მოახსენებენ ზემდგომს. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, არასოდეს ეკითხებიან ზემდგომს. ისე ჩანს, თითქოს მათ არ აქვთ პრობლემები, რომლებიც ზემდგომისგან თანაზიარებას ან მითითებას მოითხოვს — ყველაფერს, რასაც აკეთებენ, მალულად, საიდუმლოდ და კულისებს მიღმა აკეთებენ. ამას ფარული მანიპულაცია ეწოდება, რომლითაც მათ სურთ, რომ საბოლოო სიტყვა თავად თქვან და გადაწყვეტილების მიმღებნი იყვნენ. თუმცა, ზოგჯერ ისინი თვალთმაქცობენ კიდეც, წამოჭრიან უმნიშვნელო საკითხებს ზემდგომთან საკითხავად, თავს აჩვენებენ ჭეშმარიტების მაძიებლებად, რითაც შეცდომაში შეჰყავთ ზემდგომი, რათა დააჯერონ, რომ ისინი ყველაფერში უდიდესი გულმოდგინებით ეძიებენ ჭეშმარიტებას. სინამდვილეში, ისინი არასოდეს ეძიებენ გაძღოლას რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე, იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და ყველაფერს უმალავენ ზემდგომს. თუ რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის შესახებ მოახსენონ, რადგან ეშინიათ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ძალაუფლებაზე, სტატუსზე ან რეპუტაციაზე. ანტიქრისტეები მოქმედებენ თვითნებურად და დიქტატორულად; მათ არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან და აიძულებენ სხვებს მორჩილებას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ქცევის ძირითადი გამოვლინებებია საკუთარი საქმის აღსრულება; საკუთარი გავლენის, პირადი დაჯგუფებისა და კავშირების კულტივირება; საკუთარი წამოწყებების განხორციელება; და შემდეგ, ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ, აკეთებენ იმას, რაც მათთვის სასარგებლოა, და მოქმედებენ გამჭვირვალობის გარეშე. ანტიქრისტეთა სურვილი და წადილი, რომ სხვები დაემორჩილონ მათ, განსაკუთრებით ძლიერია; ისინი ელიან, რომ ადამიანები დაემორჩილებიან მათ ისე, როგორც მონადირე აიძულებს თავის მეძებარ ძაღლს ბრძანებების მორჩილებას, არ აძლევენ სწორისა და არასწორის გარჩევის უფლებას, და მოითხოვენ აბსოლუტურ დამყოლობასა და მორჩილებას.

ანტიქრისტეთა თვითნებური და დიქტატორული ქცევის კიდევ ერთი გამოვლინება შეიძლება შემდეგ სიტუაციაში დავინახოთ. მაგალითად, თუ რომელიმე ეკლესიის წინამძღოლი ანტიქრისტეა და ზემდგომ წინამძღოლებსა და მუშაკებს სურთ გაეცნონ ამ ეკლესიის საქმეს და ჩაერიონ მის მუშაობაში, დათანხმდება თუ არა ეს ანტიქრისტე? არავითარ შემთხვევაში. რა დონეზე აკონტროლებს იგი ეკლესიას? როგორც მიუდგომელ ციხესიმაგრეს, სადაც ვერც ნემსი შეაღწევს და ვერც წყალი გაჟონავს, იგი არავის აძლევს ჩარევის ან გამოკითხვის უფლებას. როდესაც იგებს, რომ წინამძღოლები და მუშაკები საქმის გასაცნობად მოდიან, იგი ეუბნება ძმებსა და დებს: „არ ვიცი, რა არის ამ ხალხის მოსვლის მიზანი. მათ არ ესმით ჩვენი ეკლესიის რეალური მდგომარეობა. თუ ისინი ჩაერევიან, შესაძლოა ჩვენი ეკლესიის საქმეში არევ-დარევა შეიტანონ“. სწორედ ასე შეჰყავს მას შეცდომაში ძმები და დები. როგორც კი წინამძღოლები და მუშაკები ჩამოდიან, იგი სხვადასხვა მიზეზსა და საბაბს პოულობს, რათა ხელი შეუშალოს ძმებსა და დებს მათთან დაკავშირებაში, ამავდროულად კი თვალთმაქცურად მასპინძლობს წინამძღოლებსა და მუშაკებს, იზოლირებულად ამყოფებს მათ ერთ ადგილას მათი უსაფრთხოების დაცვის საბაბით; მაგრამ სინამდვილეში, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ძმებთან და დებთან მათ შეხვედრასა და მათგან ვითარების გაგებას. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები საქმის ვითარებას კითხულობენ, ანტიქრისტე ყალბი სურათის შექმნით მიმართავს სიცრუეს; იგი ატყუებს ზემდგომებს და უმალავს ჭეშმარიტებას ქვემდგომებს, ალამაზებს თავის ნათქვამს და აზვიადებს საქმის ეფექტურობას მათ მოსატყუებლად. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ეკლესიის ძმებთან და დებთან შეხვედრას სთავაზობენ, იგი პასუხობს: „მე არაფერი მომიწყვია! შენ არ შემატყობინე მოსვლამდე. რომ შეგეტყობინებინა, მე მოვაწყობდი ზოგიერთი ძმისა და დის შენთან შეხვედრას. მაგრამ ამჟამინდელი მტრული გარემოს გათვალისწინებით, უსაფრთხოების მიზნით, აჯობებს, თუ თქვენ არ შეხვდებით ძმებსა და დებს“. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები გონივრულად ჟღერს, გამჭრიახ ადამიანს შეუძლია პრობლემის დანახვა: „მას არ სურს, რომ წინამძღოლები და მუშაკები ძმებსა და დებს შეხვდნენ, რადგან ეშინია მხილების, ეშინია, რომ მის საქმეში არსებული ნაკლოვანებები და გადახრები გამოაშკარავდება“. ანტიქრისტე მკაცრად აკონტროლებს ეკლესიის ძმებსა და დებს. თუ წინამძღოლები და მუშაკები არ იჩენენ პასუხისმგებლობას, ისინი ადვილად შეიძლება მოტყუვდნენ და გაბრიყვდნენ ანტიქრისტეს მიერ. ეკლესიის ძმებისა და დების რეალური მდგომარეობა, მათი გადაუჭრელი სირთულეები, მიეწოდებათ თუ არა ძმებსა და დებს დროულად ზემდგომის თანაზიარებები, ქადაგებები და ღვთის სიტყვების წიგნები, როგორ მიმდინარეობს ეკლესიის სხვადასხვა სამუშაო პროექტი, არის თუ არა გადახრები ან პრობლემები — ყოველივე ამის შესახებ წინამძღოლებსა და მუშაკებს არაფერი ეცოდინებათ. ძმებმა და დებმა ასევე არ იციან ღვთის სახლში არსებული ახალი სამუშაო განკარგულებების შესახებ; ამგვარად, ანტიქრისტე სრულად აკონტროლებს ეკლესიას, ახდენს ძალაუფლების მონოპოლიზებას და საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის. ეკლესიის ძმებსა და დებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ ზემდგომ წინამძღოლებსა და მუშაკებს, და რადგან არ იციან ფაქტობრივი ჭეშმარიტება, ანტიქრისტეს ისინი შეცდომაში შეჰყავს და თავადვე აკონტროლებს მათ. ეს შემმოწმებელი წინამძღოლები და მუშაკები, განურჩევლად იმისა, თუ როგორ საუბრობს ანტიქრისტე, მოკლებულნი არიან გარჩევის უნარს და კვლავაც ჰგონიათ, რომ ანტიქრისტე კარგ საქმეს აკეთებს, რითაც სრულ ნდობას უცხადებენ მას. ეს ღვთის რჩეული ხალხის ანტიქრისტეს მზრუნველობისთვის მინდობის ტოლფასია. თუ მაშინ, როდესაც ანტიქრისტეს შეცდომაში შეჰყავს ხალხი, წინამძღოლებსა და მუშაკებს არ შეუძლიათ ამის გარჩევა, უპასუხისმგებლონი არიან და არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამას, განა ეს არ აფერხებს ეკლესიის საქმეს და არ აზიანებს ღვთის რჩეულ ხალხს? ასეთი წინამძღოლები და მუშაკები განა ცრუ წინამძღოლები და მუშაკები არ არიან? რაც შეეხება ანტიქრისტეს მიერ კონტროლირებად ეკლესიას, წინამძღოლები და მუშაკები უნდა ჩაერიონ და გამოიკვლიონ ვითარება, და მათ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები და მოიშორონ ანტიქრისტე — ეს უდავოა. თუ არსებობენ ცრუ წინამძღოლები, რომლებიც არ ასრულებენ რეალურ საქმეს და უგულებელყოფენ ანტიქრისტეს მიერ ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანას, რჩეულმა ხალხმა უნდა ამხილოს ეს ცრუ წინამძღოლები და მუშაკები, განაცხადოს მათ შესახებ, გადააყენოს ისინი თანამდებობიდან და ჩაანაცვლოს კარგი წინამძღოლებით. ეს არის ერთადერთი გზა ანტიქრისტეს მიერ ხალხის შეცდომაში შეყვანის პრობლემის საფუძვლიანად გადასაჭრელად. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს შესაძლოა სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ და აკლიათ გამჭრიახობა, რის გამოც ვერ შეძლეს ანტიქრისტეს პრობლემის მოგვარება და გადაჭრა. ისინი ამას განზრახ არ აკეთებენ; განა არ უნდა მიეცეთ მათ კიდევ ერთი შანსი?“ ასეთ გონებაარეულ წინამძღოლებს მეტი შანსი აღარ უნდა მიეცეთ. კიდევ ერთი შანსის მიცემის შემთხვევაში, ისინი მხოლოდ განაგრძობენ ღვთის რჩეული ხალხის დაზიანებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან ჭეშმარიტებას; მათ აკლიათ სინდისი და გონიერება, და უპრინციპონი არიან თავიანთ ქმედებებში — ისინი საძაგელი ადამიანები არიან, რომლებიც უნდა მოიკვეთონ! ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზოგიერთ ეკლესიაში ძმები და დები გაერთიანდნენ, რათა მოეშორებინათ ასეთი ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები, რომლებიც არ ასრულებენ რეალურ საქმეს, რის შედეგადაც ისინი გაათავისუფლეს და მოკვეთეს. განა ეს კარგი არ არის? (დიახ.) მე მახარებს ასეთი კარგი ამბების მოსმენა; ეს არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ღვთის რჩეული ხალხი იზრდება სიცოცხლეში და ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე დგება. ეს აჩვენებს, რომ ადამიანებმა შეიძინეს გარკვეული გამჭრიახობა და სულიერი სიმწიფე, და მათ აღარ აკონტროლებენ ცრუ წინამძღოლები, ანტიქრისტეები და ბოროტი დემონები. რიგით ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს აღარ შეუძლიათ ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანა ან გაკონტროლება, რომელიც აღარ არის შებოჭილი სტატუსით ან ძალაუფლებით. მათ აქვთ გამბედაობა, გაარჩიონ და ამხილონ ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები, და ბედავენ მათ განდევნასა და მოშორებას. სინამდვილეში, წინამძღოლები და მუშაკები იქნებიან ისინი თუ რიგითნი ღვთის რჩეულ ხალხს შორის, ყველას თანაბარი სტატუსი აქვს ღვთის წინაშე და მხოლოდ თავიანთი მოვალეობებით განსხვავდებიან. ღვთის სახლში არ არსებობს განსხვავება სტატუსში, არის მხოლოდ განსხვავებები მოვალეობასა და პასუხისმგებლობაში. როდესაც აწყდებიან ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს, რომლებიც ეკლესიის საქმეში არევ-დარევას იწვევენ, როგორც წინამძღოლებმა და მუშაკებმა, ისე ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ამხილონ ისინი და განაცხადონ მათ შესახებ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და განდევნონ ანტიქრისტეები ეკლესიიდან. ეს პასუხისმგებლობა ერთნაირია და ყველასთვის საერთოა.

ანტიქრისტეები არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან და ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა მათ უნდა ეკუთვნოდეთ — განა ეს პრობლემები ნათლად არ ჩანს? სხვებთან თანაზიარება და პრინციპების ძიება არ არის ფორმალობა ან ზედაპირული პროცესი; რა არის ამის მიზანი? (მოვალეობების პრინციპებით შესრულება და მათი შესრულებისას გზის ქონა.) სწორია; ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანს შეეძლოს პრინციპებისა და გზის ქონა საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ ღვთის სიტყვებში ჭეშმარიტების ძიებითა და პრინციპების გაგებით შეუძლია ადამიანს თავისი მოვალეობის ეფექტურად შესრულება. პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტების თანაზიარებისას, როგორი მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული? რომელი ადამიანები უნდა ჩაერთონ? უნდა შეირჩნენ შესაფერისი ადამიანები; თანაზიარება ძირითადად უნდა გქონდეთ კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება, რადგან ეს ეფექტურ შედეგებს მოიტანს. ეს აუცილებელია. თუ აირჩევთ სუსტი სულიერი მონაცემების მქონე გზააბნეულ ადამიანებს, რომლებიც მოკლებულნი არიან გონიერებას და რომელთაც რამდენიც არ უნდა ესაუბროთ, მაინც ვერ გაიგებენ ან ვერ მისწვდებიან ჭეშმარიტებას, მაშინ ჭეშმარიტების უხვად თანაზიარების შემთხვევაშიც კი ეს არავითარ შედეგს არ მოიტანს. განურჩევლად იმისა, თუ რა პრობლემები წარმოიქმნება ეკლესიაში, ღვთის რჩეულ ხალხს აქვს ინფორმირებულობის უფლება და უნდა იცოდეს ეკლესიის საქმის ვითარება და არსებული პრობლემები. თუ წინამძღოლები და მუშაკები ატყუებენ ზემდგომებს, უმალავენ ჭეშმარიტებას ქვემდგომებს და იყენებენ სხვების შეცდომაში შემყვან მეთოდებს, ღვთის რჩეულ ხალხს აქვს უფლება, ამხილოს ისინი და განაცხადოს მათ შესახებ ან ვითარება ზემდგომებს აცნობოს. ეს ასევე ღვთის რჩეული ხალხის მოვალეობა და ვალდებულებაა. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი მოქმედებს თვითნებურად და დიქტატორულად და აკონტროლებს ღვთის რჩეულ ხალხს ეკლესიაში. ეს არის ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და დაპირისპირება, ეს ანტიქრისტეთა მუდმივი პრაქტიკაა. თუ ღვთის რჩეული ხალხი არ ამხელს ამას და არ განაცხადებს ამის შესახებ, და ეკლესიის საქმე შეფერხდება ან სტაგნაციას განიცდის, პასუხისმგებლობა მხოლოდ წინამძღოლებსა და მუშაკებს კი არ ეკისრებათ, არამედ ღვთის რჩეულ ხალხსაც, რადგან სწორედ ღვთის რჩეული ხალხი იტანჯება, როდესაც ეკლესიაში ძალაუფლებას ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები ფლობენ, რამაც შესაძლოა გაანადგუროს მათი ხსნის მიღების შანსი. შესაბამისად, ღვთის რჩეულ ხალხს აქვს უფლება და პასუხისმგებლობა, განაცხადოს ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების შესახებ და ამხილოს ისინი, რაც სასარგებლოა ეკლესიის საქმისა და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ამბობს: „თქვენ ყველანი ამბობთ, რომ მე თვითნებური და დიქტატორული ვარ, არა? ამჯერად ასეთი აღარ ვიქნები. ყველას მივცემ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას. ერთი დღე, ორი დღე — დაველოდები იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ მათ გასაზიარებლად“. ზოგჯერ, გარკვეული განსაკუთრებული საკითხების წინაშე დგომისას, კამათი დღეების განმავლობაში გრძელდება გადაწყვეტილების გარეშე, ისინი კი უბრალოდ ლოდინს განაგრძობენ. ისინი საქმეს არ აგრძელებენ, სანამ ყველა კონსენსუსს არ მიაღწევს. რამდენად ფერხდება საქმე ამით? ეს ძალიან აფერხებს ყველაფერს; ეს აშკარად უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა. როგორ შეუძლია წინამძღოლს ან მუშაკს ეკლესიის საქმის ეფექტურად მართვა, თუ მას გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია? ეკლესიის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს აქვთ გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, ძმებსა და დებს აქვთ ინფორმირებულობის უფლება. თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. თუ წინამძღოლს ან მუშაკს არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ მისი სულიერი მონაცემები ძალიან სუსტია და იგი არ არის შესაფერისი წინამძღოლობისთვის. წინამძღოლებიც რომ იყვნენ, მათ არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება ან თავიანთი მოვალეობების სტანდარტის შესაბამისად შესრულება. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ერთ საკითხზე დიდხანს კამათობს, ვერ იღებს გადაწყვეტილებას და საბოლოოდ, უბრალოდ ეთანხმება მას, ვინც უფრო დაჟინებით ითხოვს თავისას. არის ეს მიდგომა პრინციპული? (არა.) როგორი წინამძღოლები არიან ისინი? ისინი უბრალოდ გზააბნეული ადამიანები არიან. თუ იტყვი: „ანტიქრისტეები არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, და მეშინია, რომ ერთ-ერთი მათგანი არ გავხდე; არ მსურს ანტიქრისტეს გზით სიარული. დაველოდები, სანამ ყველა გამოხატავს თავის აზრს, შემდეგ კი შევაჯამებ და გადაწყვეტილებისთვის კომპრომისულ მიდგომას შევიმუშავებ“ — არის ეს მისაღები? (არა.) რატომ არა? თუ შედეგი არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, ამგვარად მოქმედების შემთხვევაშიც კი შეიძლება ეს ეფექტური იყოს? დააკმაყოფილებს ეს ღმერთს? თუ ეს არ არის ეფექტური და არ აკმაყოფილებს ღმერთს, მაშინ პრობლემა სერიოზულია. ჭეშმარიტება-პრინციპების შეუსაბამოდ მოქმედება, მოვალეობის შესრულებისას უპასუხისმგებლობა, ზედაპირულობა და სატანის ფილოსოფიის მიხედვით საქმის კეთება ღვთისადმი ორგულობაა. ეს ღვთის მოტყუებაა! იმისათვის, რომ თავიდან აირიდო შენზე ეჭვი ან ანტიქრისტედ შენი განკითხვა, თავს არიდებ იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც უნდა შეასრულო, და იყენებ სატანის ფილოსოფიის „კომპრომისულ“ მიდგომას. შედეგად, აზიანებ ღვთის რჩეულ ხალხს და უარყოფითად მოქმედებ ეკლესიის საქმეზე. განა ეს უპრინციპობა არ არის? განა ეს ეგოისტური და საძაგელი არ არის? როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა, უნდა ისაუბრო და იმოქმედო პრინციპებით, შეასრულო შენი მოვალეობები შედეგიანად და ეფექტურად. უნდა იმოქმედო ისე, როგორც სასარგებლოა ღვთის სახლის საქმისთვის და შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. მაგალითად, ეკლესიისთვის ნივთები პრაქტიკული შედეგის გათვალისწინებით უნდა შეიძინო. ნივთები უნდა იყოს გონივრულ ფასად და ფუნქციური. თუ ფულს დაუფიქრებლად, პრინციპების გარეშე ხარჯავ, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ღვთის სახლის ინტერესებსა და ღვთის შესაწირავებს. როგორ გაუმკლავდებოდით თქვენ ასეთ სიტუაციას? (ზემდგომისგან გაძღოლის ძიებით.) ზემდგომისგან გაძღოლის ძიება ერთ-ერთი გზაა. გარდა ამისა, ნუ იზარმაცებთ. საფუძვლიანად გამოიკვლიეთ, ფართოდ მოიძიეთ ინფორმაცია, მეტად გამოჰკითხეთ გარშემომყოფები, გაიგეთ დეტალები და სათანადოდ მოემზადეთ; შესაძლოა მაშინ მოიძებნოს შედარებით შესაფერისი გამოსავალი. თუ არ შეასრულებთ ამ მოსამზადებელ სამუშაოს და დეტალების გაგების გარეშე დაუდევრად იმოქმედებთ, რასაც დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვა მოჰყვება, რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია ზედაპირულობა. ზოგიერთი ადამიანი თავის მოვალეობას ამგვარად ასრულებს და მათ ქმედებებს გამჭვირვალობა აკლია. ისინი მხოლოდ სანახევროდ აბარებენ ანგარიშს, დანარჩენს კი მალავენ, რადგან გრძნობენ, რომ სრული გამჭვირვალობა მათ პრობლემებს შეუქმნის და მოეთხოვებათ შემდგომი მოკვლევა და გაუმჯობესება. ამიტომ, ისინი უბრალოდ უმალავენ სხვებს რეალურ ვითარებასა და დეტალებს, სწრაფად ასრულებენ დავალებას და შემდეგ ღვთის სახლს გადახდას სთხოვენ. მაგრამ შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ დავალება არ არის სტანდარტის შესაბამისი და გადაკეთებას მოითხოვს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი ფული იფლანგება. განა ეს ღვთის სახლის დაზიანება არ არის? განა ეს იუდას ქცევა არ არის? (დიახ.) იუდას ქცევა კონკრეტულად ღვთის სახლის ინტერესების ღალატს გულისხმობს. სიტუაციების წინაშე დგომისას, ასეთი ადამიანი ეკლესიის გარეთ მყოფთა მხარეს იჭერს, მხოლოდ საკუთარ ხორცზე ფიქრობს და საერთოდ არ ადარდებს ღვთის სახლის ინტერესები. განა აქვს მას რაიმე ერთგულება ღვთის მიმართ? (არა.) არავითარი ერთგულება. ისინი სიამოვნებას იღებენ ღვთის სახლის ინტერესების ღალატითა და ეკლესიის საქმის დაზიანებით — ეს არის იუდას ქცევა. არსებობს კიდევ ერთი სიტუაცია: ზოგიერთი მოვალეობა მოიცავს სპეციალიზებულ ცოდნას ან პროფესიონალიზმს სხვა სფეროებში, რომლებიც შესაძლოა ყველასთვის უცხო იყოს. ასეთ შემთხვევებში, სირთულეებს არ უნდა გაექცე. ინფორმაციის სიუხვის ამ ეპოქაში, არ უნდა იზარმაცო, არამედ აქტიურად უნდა მოიძიო შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია. ყველაზე საბაზისო ინფორმაციის მოპოვებით დაწყებისას, იძენ პროფესიის ან სფეროს საბაზისო გაგებას, შემდეგ კი თანდათანობით სწავლობ ამ სფეროს ფარგლებში არსებულ უფრო მეტ ასპექტს, იქნება ეს მონაცემები თუ სხვადასხვა პროფესიული ტერმინი, და ძირითადად ეცნობი მას. ამ დონემდე მიღწევის შემდეგ, განა ეს უფრო სასარგებლო არ არის შენი მოვალეობების ერთგულად და სტანდარტის შესაბამისად შესასრულებლად? (დიახ.) მაშ, რა არის მთელი ამ მოსამზადებელი სამუშაოს მიზანი მოვალეობის შესრულებისას? კვლევა, დეტალების გაგება და შემდეგ თანაზიარებისა და კრიტიკული განხილვის გზით განხორციელებადი გადაწყვეტილებების პოვნა — ყოველივე ეს არის მზადების ნაწილი სტანდარტის შესაბამისად მოვალეობის შესასრულებლად. ამ მოსამზადებელი სამუშაოების კარგად შესრულება მოვალეობის შესრულებისას ერთგულებას ცხადყოფს; ეს ასევე ამხელს მათ, ვინც ზედაპირულია. რას ვიტყვით ურწმუნოთა და იმათ დამოკიდებულებაზე, ვისაც არ სურს ღვთისათვის თავის გაღება თავიანთი მოვალეობების შესრულებისას? ისინი სრულიად ზედაპირულნი არიან; რასაც არ უნდა ყიდულობდნენ ეკლესიისთვის, ფულს დაუფიქრებლად, საკუთარი ახირებების მიხედვით ხარჯავენ, ზემდგომისგან გაძღოლის ძიების გარეშე, რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი ესმით. შედეგად, ისინი ღვთის სახლის ფულს ფლანგავენ. განა ისინი მფლანგველები და უბედურების მაცნეები არ არიან? ისინი ზიანს აყენებენ ღვთის შესაწირავებს და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ბოროტებას სჩადიან და ღმერთს ეწინააღმდეგებიან; მათ გულებში არავითარი სინანული არ არის. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის რჩეული ხალხი ამხელს და გამოიცნობს მათ, და კენჭისყრით გადაწყდება მათი მოცილება და განდევნა, იძენენ ისინი გარკვეულ შეგნებას და იწყებენ სინანულს. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ მათ ქმედებებს ასეთი მძიმე შედეგები მოჰყვებოდა — ჭეშმარიტად, სანამ საკუთარ საფლავს არ დაინახავენ, ცრემლს არ დაღვრიან! ასეთი ადამიანები ძირითადად ჭკუანაკლული რეგვენები არიან, თუმცა მაინც ესწრაფვიან, იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები და შეასრულონ დავალებები ღვთის სახლისთვის. ისინი ჰგვანან ღორებს, რომლებმაც პომადა წაისვეს — სრულიად უსირცხვილონი არიან. ეს ადამიანები ურწმუნოები არიან; რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ, მათ არავითარი ჭეშმარიტება არ ესმით. თუმცა მათ მაინც მუდამ სურთ იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები ღვთის სახლში, მუდამ სურთ ძალაუფლების ფლობა და საბოლოო სიტყვის თქმა — განა ისინი თავხედურად უსირცხვილონი არ არიან? რატომ მიიჩნევიან ასეთი ადამიანები ურწმუნოებად? იმიტომ, რომ მიუხედავად მრავალი წლის განმავლობაში ღვთისადმი რწმენისა და ამდენი ქადაგების მოსმენისა, მათ არ ესმით არავითარი ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ არცერთი ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, რაც მათ ურწმუნოებად აქცევს. განა რომელიმე თქვენგანი ამგვარ ქცევებს ავლენს? ვინც ავლენს, ასწიეთ ხელი. ყველა? მაშინ თქვენ ყველანი ურწმუნოები ყოფილხართ და ეს სერიოზული პრობლემაა. ისინი, ვისაც გულწრფელად სწამთ ღმერთი, თუ მუდმივად უსმენენ ქადაგებებს, გაიგებენ გარკვეულ ჭეშმარიტებებს, განიცდიან გარკვეულ წინსვლას და უფრო სანდონი გახდებიან თავიანთ საუბარსა და ქმედებებში. თუ ვინმე წლების განმავლობაში უსმენს ქადაგებებს ყოველგვარი წინსვლის გარეშე, ის დაბნეული ადამიანი, მხეცი და ურწმუნოა. ზოგიერთ ადამიანს ღვთისადმი რწმენის სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საკმაოდ ბევრი რამ ესმის და შეუძლია ჭეშმარიტების ძიება თავის საუბარსა და ქმედებებში. თუ ისინი ამჩნევენ ნაკლოვანებებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ან გარკვეულ ზიანს აყენებენ ღვთის სახლს, ისინი წუხან, სინდისის ქენჯნას განიცდიან და საკუთარი თავი სძულთ; ისინი გრძნობენ, რომ მათმა წამიერმა შეცდომებმა, ერთგულების ნაკლებობამ, სიზარმაცემ ან ხორციელი კომფორტით ტკბობამ გამოიწვია ძალზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და მოიტანა ძალზე დიდი დანაკარგები, და ამის გამო სძულთ საკუთარი თავი. ასეთ ადამიანებს, რომელთაც მონანიე გული აქვთ, გარკვეული ადამიანობით გამოირჩევიან და შეუძლიათ მიაღწიონ ხსნის მიღებას. თუ ვინმეს, მრავალი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენის შემდეგ, არ ესმის არავითარი ჭეშმარიტება, განაგრძობს შეცდომების დაშვებას თავისი მოვალეობის შესრულებისას, მუდამ პრობლემებს უქმნის ღვთის სახლს, ზიანს აყენებს ეკლესიის საქმეს და არ გააჩნია მონანიე გულიც კი, ასეთ ადამიანს საერთოდ არ აქვს ადამიანობა, იგი ღორებსა და ძაღლებზე უარესია. შეძლებს კი ის კვლავ თავისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას? მოვალეობა რომც შეასრულოს, ეს ზედაპირული იქნება და ვერ მიიღებს ღვთის მოწონებას.

ზოგიერთი ადამიანი საუბრისას ღვთის სახლს მუდამ „ჩვენს ოჯახად“ მოიხსენიებს და საუბარში გამუდმებით ახსენებს „ჩვენს ოჯახს“. რა ტკბილად ამბობენ ამას! რას წარმოადგენს ეს „ჩვენი ოჯახი“, რომელზეც ისინი საუბრობენ? არსებობს მხოლოდ ღვთის სახლი, ღვთის ოჯახი, ეკლესია. მართებულია თუ არა მუდამ „ჩვენი ოჯახის“ ხსენება? მე ეს მართებულად არ მიმაჩნია. ტერმინი „ჩვენი ოჯახი“ შეიძლება გამოყენებული იქნეს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ არის მართებული, როდესაც ნათქვამი რეალობას შეესაბამება. თუ არ ხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, თუ ხშირად შენს მოვალეობებს ზედაპირულად ასრულებ, საერთოდ არ უჭერ მხარს ეკლესიის საქმეს და სერიოზულად არ ეკიდები მას და მაინც განუწყვეტლივ ამბობ „ჩვენს ოჯახს“, მაშინ ეს შეუფერებელია. მასში იგრძნობა სიყალბე და თვალთმაქცობა, რაც ზიზღსა და სიძულვილს იწვევს; თუმცა, თუ ჭეშმარიტად ფლობ ჭეშმარიტება-რეალობას და მხარს უჭერ ეკლესიის საქმეს, მაშინ ღვთის სახლის „ჩვენს ოჯახად“ მოხსენიება მისაღებია. სხვებისთვის ეს გულწრფელად ჟღერს, ყოველგვარი სიყალბის გარეშე, და ისინი შემოგხედავენ, როგორც ძმას ან დას, მოეწონები და პატივს გცემენ. თუ გულში არ გიყვარს ჭეშმარიტება, არც ჭეშმარიტებას იღებ და შენი მოვალეობების შესრულებისას უპასუხისმგებლო ხარ, მაშინ ნუ მოიხსენიებ ღვთის სახლს „ჩვენს ოჯახად“. გულმოდგინედ უნდა ესწრაფოდე ჭეშმარიტებას, ჯეროვნად შეასრულო შენი მოვალეობები და შეგეძლოს ეკლესიის საქმის მხარდაჭერა, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა იგრძნოს, რომ ღვთის სახლის ნაწილი ხარ. როდესაც ამბობ „ჩვენს ოჯახს“, ეს სხვებს სიახლოვის განცდას გაუჩენს, ყოველგვარი ზიზღის გრძნობის გარეშე, რადგან გულში ჭეშმარიტად მიიჩნევ ღვთის სახლს შენს საკუთარ სახლად პასუხისმგებლობით ეკიდები შენი მოვალეობების შესრულებას და მხარს უჭერ ეკლესიის საქმეს. ასეთ შემთხვევაში სიტყვები „ჩვენი ოჯახი“ სრულიად ბუნებრივად და დამსახურებულად ჟღერს. თუ ადამიანი არავითარ პასუხისმგებლობას არ იჩენს ეკლესიის საქმის მიმართ, ნებისმიერ დაკისრებულ მოვალეობას ზედაპირულად ასრულებს, არც კი იწუხებს თავს, რომ ძირს დავარდნილი ნივთი აიღოს, ბინძური ოთახი დაასუფთაოს ან ზამთარში თოვლი გაწმინდოს თუ ეზო მიალაგოს, და გამოიყურება არა როგორც ღვთის სახლის წევრი, არამედ როგორც უცხო, აქვს კი ასეთ ადამიანს უფლება, ღვთის სახლს „ჩვენი ოჯახი“ უწოდოს? ის მხოლოდ მსახურების შემსრულებელი, დროებითი მუშაკი, სიცოცხლეს მოკლებული ადამიანია, რომელიც სატანისგან არის და საერთოდ არ ეკუთვნის ღვთის სახლს. ის მაინც ხშირად უსირცხვილოდ მოიხსენიებს ღვთის სახლს „ჩვენს ოჯახად“, ამბობს ამას პირის გაღებისთანავე, ამბობს ამას დიდი გულწრფელობით, ძმებსა და დებს დიდი სითბოთი მიმართავს — მაგრამ არავითარ რეალურ საქმეს არ ასრულებს. როდესაც საქმეს ჰკიდებს ხელს, შეცდომებს უშვებს, რითაც ზიანს აყენებს ღვთის სახლს. განა ის უბრალოდ თვალთმაქცია? ასეთი ადამიანები სრულიად უზნეონი არიან, მოკლებულნი ყოველგვარ სინდისსა და გონიერებას. ყველაზე აუცილებელი თვისებები, რომლებიც ღვთის მორწმუნეს უნდა ჰქონდეს, არის სინდისი და გონიერება, და მას ასევე უნდა შეეძლოს ჭეშმარიტების მიღება. თუ მას სინდისი და გონიერებაც კი არ გააჩნია და იგი საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას, იმსახურებს კი კვლავ, რომ ღვთის სახლს „ჩვენი ოჯახი“ უწოდოს? ის მხოლოდ დროებითი მუშაკი და მსახურების შემსრულებელია; ის სატანისგანაა და მცირე შეხება აქვს ღვთის სახლთან. ღმერთი არ აღიარებს ასეთ ადამიანებს; მის თვალში ისინი ბოროტმოქმედები არიან. ბევრ ადამიანს სწამს ღმერთი, მაგრამ საერთოდ არ ესწრაფვის ჭეშმარიტებას და გულგრილობას იჩენს ღვთის სახლის საქმეების მიმართ. ისინი უგულებელყოფენ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან, უყურადღებოდ ტოვებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს, შორს იჭერენ თავს გასაჭირში მყოფი ძმებისა და დებისგან და არავითარ სიძულვილს არ იჩენენ მათ მიმართ, ვინც ცუდ საქმეებს სჩადის და ზიანს აყენებს ღვთის სახლის ინტერესებს ან ანგრევს ეკლესიის საქმეს. მათ არ აქვთ სათანადო განსჯის უნარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა სწორისა და არასწორის გარჩევა; რაც უნდა მოხდეს ღვთის სახლში, მათ ეს არ ადარდებთ. ეპყრობიან კი ისინი ღვთის სახლს ისე, როგორც საკუთარ სახლს? აშკარაა, რომ არა. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ღვთის სახლს „ჩვენი ოჯახი“ უწოდონ; ისინი, ვინც ასე იქცევიან, უბრალოდ თვალთმაქცები არიან. მაშ, ვის აქვს უფლება თქვას „ჩვენი ოჯახი“? ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად არ არის ცუდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი უმცირესობაში არიან. ამჯერად არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად ესმით მათ ჭეშმარიტება ან რამხელაა მათი სულიერი სიმწიფე თუ რწმენა, მაგრამ ამ ადამიანებს ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, შეუძლიათ რეალური საქმეების შესრულება და გულწრფელად პასუხისმგებლიანნი არიან ნებისმიერი მოვალეობის შესრულებისას. მათში ადამიანობის გარკვეული ნიშანწყალი მაინც არის. მხოლოდ ასეთი ადამიანები შეიძლება ჭეშმარიტად მივიჩნიოთ ღვთის სახლის ნაწილად. როდესაც ისინი ამბობენ „ჩვენს ოჯახს“, ეს თბილად და გულწრფელად ჟღერს. მაგალითად, ეკლესიას დასჭირდა მაგიდა, რომლის ყიდვაც ექვსასი ან შვიდასი დოლარი დაჯდებოდა. ზოგიერთმა ძმამ და დამ თქვა: „ეს ძალიან ძვირია. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ფული დავზოგოთ, თუ ხეს ვიყიდით და თავად დავამზადებთ. ის ზუსტად ისევე გამოგვადგება, არავითარი განსხვავება არ იქნება“. ამის მოსმენის შემდეგ, რა ვიგრძენი გულში? გარკვეულწილად გული ამიჩუყდა: „ეს ადამიანები არ არიან ცუდები; მათ შეუძლიათ ღვთის სახლისთვის ფულის დაზოგვა“. ასეთი ადამიანები ბევრად უკეთესნი არიან მათთან შედარებით, ვინც ფლანგავს შესაწირავებს, რადგან, სულ მცირე, გარკვეული სინდისი, გონიერება და ადამიანური გრძნობა მაინც აქვთ. ზოგიერთი ადამიანი, სრულიად გაუაზრებლად, ასობით ან ათასობით დოლარის ზარალს აყენებს ღვთის სახლს და იმასაც კი ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის, ისე, რომ გულში არავითარ სინდისის ქენჯნას არ გრძნობს. სხვები კი ამბობენ: „ათი ან რვა დოლარის დაზოგვაც კი ღირს. არ უნდა დავხარჯოთ ფული ტყუილუბრალოდ იმაზე, რისი მოგვარებაც თავად შეგვიძლია. უნდა დავზოგოთ იქ, სადაც შეგვიძლია. არ არის საჭირო იმ ფულის დახარჯვა, რომლის დახარჯვაც აუცილებელი არ არის. სწორია, რომ ცოტაოდენი გასაჭირი და შრომა უნდა ავიტანოთ“. მხოლოდ ისინი, ვისაც ასეთი რამის თქმა შეუძლიათ, არიან სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანები, რომლებიც ფლობენ ნორმალურ ადამიანობას და ჭეშმარიტად ღვთის სახლის ერთგულნი არიან. ამ ადამიანებს სამართლიანად შეუძლიათ ღვთის სახლს „ჩვენი ოჯახი“ უწოდონ, რადგან ისინი ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს. ზოგიერთები საერთოდ არ ფიქრობენ ღვთის სახლის ინტერესებზე. ნუთუ მათ არ შეუძლიათ ამის გათვალისწინება? როცა საქმე მათ ცხოვრებას შეეხება, ისინი უკიდურესად მომჭირნენი არიან, თითოეულ ცენტს უფრთხილდებიან, მუდამ სურთ ყველაზე იაფი და პრაქტიკული ნივთების ყიდვა, ზოგავენ ყველგან, სადაც შეუძლიათ, ფასებზეც კი ვაჭრობენ, ხარჯებს ზედმიწევნით ითვლიან და აშკარად კარგად ეხერხებათ საკუთარი ცხოვრების მართვა. მაგრამ, როდესაც საქმე ღვთის სახლისთვის რაიმეს გაკეთებას ეხება, ისინი ასე არ იქცევიან. ღვთის სახლის ფულის გამოყენებისას ისინი მას უხვად ფლანგავენ, ხარჯავენ ისე, როგორც მოესურვებათ, თითქოს მისი დაზოგვა დანაკარგის ტოლფასი იქნებოდა. განა ეს საშინელი ზნეობის ნიშანი არ არის? ასეთი ადამიანები უკიდურესად ეგოისტები არიან, საერთოდ არ ითვალისწინებენ ღვთის სახლს და მხოლოდ საკუთარი თავის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან. მათ იმედი აქვთ, რომ მინიმალური დანახარჯით შეაღწევენ ცათა სასუფეველში და დიდ კურთხევებს მიიღებენ. ასეთ ეგოისტ და საძაგელ ადამიანებს მაინც ამოძრავებთ ასეთი დიდი ამბიციები და სურვილები; ეს მათ ზნეობაში არსებულ სერიოზულ ნაკლოვანებაზე მიუთითებს!

ძირითადად სრულად მოვიცავით თუ არა ჩვენს თანაზიარებაში ანტიქრისტეთა ეს გამოვლინება, რომ ისინი იქცევიან მზაკვრულად და არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი? (დიახ.) მაშინ, მოდი, შევაჯამოთ. ანტიქრისტეთა მზაკვრული ქმედებები და მათი თვითნებობა და დიქტატორულობა მათთვის დამახასიათებელი ორი განსხვავებული, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანი და თანმდევი ქცევაა. ეს გამოვლინება ამხელს ანტიქრისტეთა ორ ძირითად ხასიათს — უკეთურებასა და სისასტიკეს; ისინი უკეთურებიც არიან და სასტიკებიც. ზოგჯერ, შესაძლოა ვერ დაინახო მათი სასტიკი მხარე, მაგრამ შეგიძლია დაინახო მათი უკეთური მხარე. შესაძლოა ისინი რბილად მოქმედებდნენ, რის გამოც რთულია მათი რაიმე იძულებითი ან ბარბაროსული ქცევის დანახვა. ისინი გარეგნულად არ ჩანან სასტიკები და არც რაიმეს გაკეთებას გაიძულებენ, მაგრამ სხვა უკეთური საშუალებებით გაბამენ მახეში, გაქცევენ თავიანთ კონტროლში, გაიძულებენ, მათ მიზნებს მოემსახურო — და ამგვარად, ისინი გიყენებენ. ისე, რომ ვერც კი აცნობიერებ, მათ მახეში ებმები და ნებაყოფლობით ემორჩილები მათ მანიპულირებასა და შენით თამაშს. რატომ შეუძლიათ მათ ასეთი შედეგების მოტანა? ანტიქრისტეები ხშირად იყენებენ სწორ განცხადებებსა და გამონათქვამებს დავალების მისაცემად და გავლენის მოსახდენად, გიბიძგებენ გარკვეული ქმედებებისკენ, გაგრძნობინებენ, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სწორია, რომ ეს უნდა შეასრულო და სწორედ ასე უნდა მოიქცე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგრძნობ, რომ ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიდიხარ, იგრძნობ, რომ მათ მიმართ ურჩობა ღვთის წინააღმდეგ ამბოხებას ნიშნავს. ამგვარად, ნებაყოფლობით ემორჩილები მათ. რა არის ამის საბოლოო შედეგი? ადამიანები მათ სიტყვებს რომც მიჰყვნენ და პრაქტიკაში განახორციელონ ის, რასაც ისინი ამბობენ, ესმით კი მათ ჭეშმარიტება? მათი ურთიერთობა ღმერთთან სულ უფრო ახლოვდება თუ სულ უფრო შორდება? სიტუაციების წინაშე დგომისას, ადამიანები არა მხოლოდ ვერ მოდიან ღვთის წინაშე და არ ლოცულობენ მის მიმართ, არამედ არც ის იციან, როგორ ეძიონ ჭეშმარიტება-პრინციპები ღვთის სიტყვებში, და არც ის, თუ როგორ ჩასწვდნენ ღვთის განზრახვებსა და მოთხოვნებს. ნაცვლად ამისა, ისინი დაუჯერებელ განცხადებას აკეთებენ: „ამდენი წელია მწამს ღმერთი და ძირითადად წინამძღოლების მხარდაჭერასა და საზრდოზე ვარ დამოკიდებული. რაც არ უნდა მოხდეს, სანამ წინამძღოლები თანაზიარებას ატარებენ, წინსვლის გზა არსებობს. წინამძღოლების გარეშე, ეს უბრალოდ არ მუშაობს“. მათ მრავალი წელია სწამთ ღმერთი და მათი სულიერი სიმწიფე მხოლოდ ეს არის, კვლავ არ შეუძლიათ მოქმედება წინამძღოლების გარეშე. განა ეს სავალალო არ არის? რა არის აქ ნაგულისხმევი აზრი? ნაგულისხმევია ის, რომ მათ არ იციან, როგორ ილოცონ ღვთის მიმართ, დაეყრდნონ ღმერთს, შეჰყურონ ღმერთს ან ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები. ყოველივე ამაში წინამძღოლებმა უნდა დაუჭირონ მხარი, რათა მათ გაიგონ; წინამძღოლს შეუძლია ჩაანაცვლოს ღმერთი, რომლისაც მათ სწამთ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადამიანის რწმენა ღვთისადმი სინამდვილეში თავისი წინამძღოლების რწმენაა. ისინი უსმენენ ყველაფერს, რასაც წინამძღოლები ამბობენ, და სჯერათ ყველაფრის, რასაც ისინი ამბობენ. ვისი სწამთ, ვის მიჰყვებიან და ვის ემორჩილებიან ისინი ჭეშმარიტად — ღმერთს თუ წინამძღოლებს? განა ეს არ ჰგავს იმ რელიგიურ ადამიანებს, რომლებსაც ნომინალურად სწამთ უფალი, მაგრამ სინამდვილეში სწამთ თავიანთი პასტორების, მიჰყვებიან და ენდობიან მათ? განა ეს ადამიანების მიერ გაკონტროლება არ არის? აღმერთებ წინამძღოლებს და ყველა საკითხში მათ უსმენ. ეს არის ადამიანების რწმენა და მათ მიყოლა, ადამიანების მიერ შებოჭვა და გაკონტროლება. ღმერთმა ასე ნათლად ისაუბრა და მაინც არ შეგიძლია მისი სიტყვების გაგება, არც ის იცი, როგორ გამოიყენო ისინი პრაქტიკაში, მაგრამ გესმის ეშმაკებისა და სატანების, მას შემდეგ, რაც ისინი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას იტყვიან? სინამდვილეში რა გესმის? ზოგჯერ გესმის წესი ან მოძღვრება — ითვლება კი ეს ჭეშმარიტების გაგებად? (არა.) ეს არ არის ჭეშმარიტების გაგება; ეს შეცდომაში შეყვანაა. სწორედ ეს არის.

ანტიქრისტეთა მზაკვრული ქცევისა და მათი თვითნებობისა და დიქტატორულობის გამოვლინებაში, მათი ძირითადი ხასიათი უკეთურება და სისასტიკეა. რაში ვლინდება მათი უკეთურება? ის ვლინდება მათ მზაკვრულ ქცევაში. და რაში ვლინდება მათი სისასტიკე? (თვითნებობასა და დიქტატორულობაში.) ის ძირითადად ვლინდება მათ თვითნებობასა და დიქტატორულობაში, და სხვების იძულებაში, რომ დაემორჩილონ მათ; მათი იძულება სასტიკ ხასიათს გადმოსცემს. ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს, რომ დაემორჩილონ მას და ჭეშმარიტებას. როგორია ღვთის მუშაობის გზა? მას შემდეგ, რაც ღმერთი გამოხატავს თავის სიტყვებს, იგი ეუბნება ადამიანებს, რომ ღვთისადმი რწმენაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჭეშმარიტებისა და ღვთის სიტყვებისადმი მორჩილება. იცი ეს ჭეშმარიტება, იცი, რომ ეს ფრაზა სწორია, მაგრამ რა ითქმის იმაზე, ემორჩილები თუ არა და როგორ ემორჩილები, როგორია ღვთის დამოკიდებულება? გაქვს თავისუფალი ნება, არჩევანის უფლება. თუ გსურს მორჩილება, ემორჩილები; თუ არ გსურს მორჩილება, არ ხარ ვალდებული. თუმცა, რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ურჩობას, რას იკვლევს ღმერთი ადამიანებში და როგორია მისი დასკვნები მათ შესახებ, ღმერთი ამ საკითხებში ზედმეტს არაფერს აკეთებს. იგი არ გაფრთხილებს, არ გემუქრება და არ გაიძულებს, არ გაზღვევინებს საფასურს და არ გსჯის ამისთვის. ღმერთი ასე არ მოქმედებს. იმ პერიოდში, როდესაც ღმერთი გადაარჩენს ადამიანებს, როდესაც იგი გამოხატავს სიტყვებს ადამიანთა დასახმარებლად, ღმერთი აძლევს ადამიანებს შეცდომების დაშვების, არასწორი გზით წასვლის უფლებას და აძლევს ადამიანებს უფლებას, აჯანყდნენ მის წინააღმდეგ და ჩაიდინონ სისულელეები. მაგრამ თავისი სიტყვებითა და მუშაობის ზოგიერთი მეთოდით, ღმერთი თანდათანობით აგებინებს ადამიანებს, თუ რა არის მისი მოთხოვნები, რა არის ჭეშმარიტება და რა არის სწორი და რა — არასწორი — მაგალითად, გასხვლის, გვემის, წვრთნისა და ასევე შეგონებების მეშვეობით. ზოგჯერ, იგი გაძლევს გარკვეულ მადლს, შინაგანად ზემოქმედებს ან განიჭებს გარკვეულ გამონათებასა და გაცისკროვნებას, გაგებინებს, რა არის სწორი და რა — არასწორი, სინამდვილეში რა არის ღვთის მოთხოვნები, რა პოზიცია უნდა დაიკავონ ადამიანებმა და რა უნდა გამოიყენონ ადამიანებმა პრაქტიკაში. იმავდროულად, როდესაც გაგებინებს, იგი ასევე გაძლევს არჩევანს. თუ იტყვი: „ვიქნები ურჩი, ვიქნები ჯიუტი, არ მსურს ავირჩიო ის, რაც სწორია, არ მსურს ვიყო ერთგული, უბრალოდ მსურს ასე მოვიქცე!“ მაშინ საბოლოოდ, თავად ხარ პასუხისმგებელი შენს დანიშნულების ადგილსა და შედეგზე. თავად უნდა აიღო პასუხისმგებლობა შენს ქმედებებზე და გადაიხადო საფასური; ღმერთი ამ მხრივ არაფერს აკეთებს. ღმერთი მიუკერძოებელი და სამართლიანია. თუ მოქმედებ მისი მოთხოვნების შესაბამისად და ხარ ადამიანი, რომელიც ემორჩილება ღმერთს, ან, პირიქით, თუ არ მოქმედებ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად და არ ხარ ადამიანი, რომელიც ემორჩილება ღმერთს, მაშინ, ორივე შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს შენი დანიშნულების ადგილი, ღმერთს ეს დიდი ხნით ადრე აქვს დადგენილი. ღმერთს არ უწევს ზედმეტი რამის გაკეთება. ეს არ არის ისე, რომ თუ დღეს არ იმოქმედებ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად, იგი გაგწვრთნის, გაგვემებს ან დაგსჯის, და უბედურებებს დაგატეხს თავს — ღმერთი ასე არ მუშაობს. ღმერთთან მიმართებით, იგი ადამიანებისგან მორჩილებას ითხოვს უბრალოდ იმისთვის, რომ მათ გაიგონ ჭეშმარიტება მორჩილების შესახებ; აქ არ არის „იძულების“ ელემენტი. ღმერთი არ აიძულებს ადამიანებს მორჩილებას ან ჭეშმარიტების ამ ასპექტის პრაქტიკაში გამოყენებას. შესაბამისად, ღვთის გზაში, წარმართავს და განაგებს იგი ადამიანებს, ხელმწიფებს მათ ბედზე, წინამძღოლობს მათ თუ უზრუნველყოფს მათ ჭეშმარიტებით — ამ ქმედებების წინაპირობა არ ემყარება იძულებას და არც აუცილებლობას წარმოადგენს. თუ იმოქმედებ ღვთის სიტყვების შესაბამისად, თანდათანობით სულ უფრო მეტად გაიგებ ჭეშმარიტებას და შენი მდგომარეობა ღვთის წინაშე გაუმჯობესებას განაგრძობს — შეინარჩუნებ კარგ მდგომარეობას, და ღმერთი ასევე ნათელს მოგფენს ყოველდღიური ცხოვრების იმ ასპექტებში, რომლებიც არ გესმის. თუმცა, თუ არ იყენებ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, არ ემორჩილები ღმერთს და არ გსურს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა, ის, რასაც მიიღებ, ძალიან შეზღუდული იქნება. ეს არის მკვეთრი განსხვავება ამ ორს შორის. ღმერთი არ ავლენს მიკერძოებას; იგი სამართლიანია ყველას მიმართ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „განა არ გამოვიყენებდი პრაქტიკაში, ღმერთს რომ უბრალოდ ვეიძულებინე?“ ღმერთი არ აიძულებს ადამიანებს; ამას სატანა აკეთებს. ღმერთი ასე არ მუშაობს. თუ ღმერთის მორჩილება მხოლოდ იძულების შემთხვევაში შეგიძლია, მაშინ ვინ გამოდიხარ? მართლა ემორჩილები ღმერთს? ეს არ არის ის მორჩილება, რომელიც ღმერთს სურს. მორჩილება, რომელზეც ღმერთი საუბრობს, არის ის, როდესაც ჭეშმარიტების გაგებაზე დაყრდნობით, ადამიანი ნებაყოფლობით იყენებს ღვთის სიტყვებს პრაქტიკაში სინდისისა და გონიერების გამო. ეს არის მორჩილების თანდაყოლილი მნიშვნელობა. ის არ მოიცავს იძულებას, შეზღუდვას, მუქარას ან რაიმე სახის შებოჭვასა თუ კონტროლს. შესაბამისად, როდესაც რაიმე საკითხში თავს განსაკუთრებულად შებოჭილად ან შეზღუდულად გრძნობ, ეს ნამდვილად არ არის ღვთის საქმე. ერთი მხრივ, ეს შეიძლება მომდინარეობდეს ადამიანური ფიქრებიდან ან დამახინჯებული გაგებიდან და თვითდაწესებული შეზღუდვებიდან. მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს სხვა ვინმე, ვინც ცდილობს შენს შეზღუდვას და იყენებს წესებს ან რაიმე სწორად მჟღერ არგუმენტსა თუ თეორიას შენს შესაზღუდად, რასაც მიჰყავხარ იქამდე, რომ შენს აზროვნებაში გარკვეული დამახინჯებები გიყალიბდება. ეს შენს გაგებაში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს. თუ გრძნობ, რომ ნებაყოფლობით და სიხარულით ემორჩილები ღმერთს, ეს მომდინარეობს სულიწმიდის საქმისგან და ასევე, ჭეშმარიტი ადამიანობისგან, სინდისისა და გონიერებისგან.

ღვთის სახლში არიან ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან ჭეშმარიტებას, არ ემორჩილებიან ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებს და არ ემორჩილებიან ეკლესიის განკარგულებებს. როგორ აგვარებს ღვთის სახლი ამას? გამოიყენება თუ არა იძულებითი განხორციელების რაიმე მეთოდი ამის გადასაჭრელად? თუ წინამძღოლი არ ასრულებს რეალურ საქმეს, არ მუშაობს სამუშაო განკარგულებების შესაბამისად და არ იყენებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ან არ შეუძლია რეალური საქმის შესრულება, როგორ აგვარებს ამას ღვთის სახლი? (ღვთის სახლი ათავისუფლებს მათ.) ისინი პირდაპირ თავისუფლდებიან, მაგრამ გაირიცხებიან თუ არა? (არა.) ისინი, ვისაც ბოროტება არ ჩაუდენია, არ გაირიცხებიან. რაც შეეხებათ რიგით ძმებსა და დებს, თუ მათ დაევალებათ გარკვეული მოვალეობის შესრულება და ისინი უარს იტყვიან, ითვლება თუ არა ეს დაუმორჩილებლობად? თუ ისინი არ წავლენ, სხვისი მოძებნაა შესაძლებელი; აიძულებენ კი ვინმეს მოვალეობის შესრულებას? (არა.) არავითარი იძულება არ არსებობს. თუ ჭეშმარიტების თანაზიარების მეშვეობით ისინი მზად არიან მიიღონ და დაემორჩილონ, მაშინ ეს მისაღებია. ეს არ ითვლება იძულებად; ეს არის მათთვის ამ მოვალეობის შესრულების დავალება მათი პირადი თანხმობისა და სურვილის პირობებში. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს უყვარს საჭმლის მომზადება, მაგრამ მათ დასუფთავებას ავალებენ და ისინი ამბობენ: „თუ დასუფთავებას მთხოვენ, მაშინ დავასუფთავებ. მე ვემორჩილები ღვთის სახლის განკარგულებებს“. არის აქ რაიმე იძულება? არის აქ ვინმეს ნების საწინააღმდეგოდ დაძალება? (არა.) ეს დავალებულია მათი სურვილისა და მორჩილების საფუძველზე, ისე, რომ არავინ ვარდება რთულ მდგომარეობაში და არავის აიძულებენ რაიმეს შესრულებას. შესაძლოა იყოს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გარკვეული მოვალეობისთვის დროებით ვერავინ მოიძებნება და გავალებენ მის დროებით შესრულებას; პირადად შესაძლოა არ გქონდეს ამის სურვილი, მაგრამ ეს საქმისთვის აუცილებელია, ეს გამონაკლისი შემთხვევაა. ღვთის სახლის წევრი ხარ, იღებ საზრდოს ღვთის სახლიდან და იქ ასრულებ მოვალეობებს — რადგან აღიარებ საკუთარ თავს, როგორც ღვთის მორწმუნესა და მიმდევარს, განა არ შეგიძლია ამ მცირე საკითხში შენს ხორცს წინააღმდეგობა გაუწიო? ეს სინამდვილეში არც კი ითვლება მორჩილებად ან გასაჭირად; ეს მხოლოდ დროებითია, არ გთხოვს ამ მოვალეობის ხანგრძლივად შესრულებას. ზოგიერთი ადამიანი ჩივის, რომ საქმე, რომლის შესრულებასაც სთხოვენ, ბინძური და დამღლელია და მათ არ სურთ მისი კეთება. თუ ისინი ამაზე ისაუბრებენ, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ სხვა დავალება. თუმცა, თუ ისინი ამას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ, მაგრამ სინამდვილეში მზად არიან დაემორჩილონ და მზად არიან გასაჭირი აიტანონ, მაშინ მათ უნდა განაგრძონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. არის ეს მიდგომა მართებული? (დიახ.) არის ეს პრინციპი სწორი? (დიახ.) ღვთის სახლი აბსოლუტურად არავის აიძულებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. არსებობს სხვა ვითარებაც, როდესაც ზოგიერთი ადამიანი, რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდეს, არის ზარმაცი, უპასუხისმგებლო და აკლია ერთგულება. ზოგჯერ ისინი ფარულად ცუდ რამეებსაც კი სჩადიან. როდესაც ისინი ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, იგონებენ მიზეზებს და ამტკიცებენ, რომ ეს მოვალეობა მათთვის შეუფერებელია, არ არის მათი ძლიერი მხარე ან არ ესმით შესაბამისი სფერო. მაგრამ სინამდვილეში, ყველა ნათლად ხედავს, რომ მათი წარუმატებლობა ამ მიზეზებით არ არის გამოწვეული. როგორ უნდა მოექცნენ ასეთ ადამიანებს? თუ ისინი სხვაგან მოვალეობის შესრულებას ითხოვენ, უნდა დათანხმდნენ თუ არა ამას? (არა.) მაშინ, რა უნდა გაკეთდეს? ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისნი მოვალეობების შესასრულებლად; ისინი ამას აკეთებენ უხალისოდ და სათანადო დამოკიდებულების გარეშე, ამიტომ ისინი უნდა დაითხოვონ. არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც რთული და წინააღმდეგობის გამწევი ხდება, როგორც კი მოვალეობის შესრულებას დაავალებენ. ისინი უკიდურესად უხალისონი და შეუვალნი არიან, გაჭირვებით ახერხებენ საკუთარი უკმაყოფილების დაფარვას და ფიქრობენ: „აქ უბრალოდ ჩრდილში ვიქნები და რამდენიმე წელს გავიტან, ვინ იცის, სად აღმოვჩნდები ამის შემდეგ!“ ასეთი განზრახვების მქონე ადამიანებს არ უნდა მიეცეთ მოვალეობების შესრულების უფლება და, სხვა მოვალეობების შესრულება რომც სურდეთ, ეს დაუშვებელია. ასეთ შემთხვევებთან გამკლავება გაბედულად უნდა მოხდეს. რატომ არის ასე? რადგან მათი არსი ნათელია — ისინი, ვისაც მათი ესმის, ამბობენ, რომ ისინი ურწმუნოები არიან; მათ გარშემო მყოფი ადამიანებიც ამბობენ, რომ ისინი არ არიან შესაფერისნი მოვალეობების შესასრულებლად. ასეთი ადამიანები არამორწმუნეები არიან და ღვთის სახლი მათგან უნდა გაიწმინდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხოლოდ არევ-დარევის გამოწვევა, ბოროტმოქმედების ჩადენა და ეკლესიაში ღვთის რჩეული ხალხისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთ შემთხვევებთან გამკლავება გაბედულად უნდა მოხდეს ეკლესიაში მოვალეობის შემსრულებელთა მიმართ მოპყრობის პრინციპების შესაბამისად; მათი უხალისობა არ წარმოადგენს ფაქტორს. არის ეს იძულება? ეს არ არის იძულება; ეს არის პრინციპების მიხედვით მოქმედება, ღვთის სახლის ინტერესებისა და საქმის დაცვა. ეს ეხება ურწმუნოებისა და იმათგან გაწმენდას, ვინც ღვთის სახლში მხოლოდ ეკლესიის ხარჯზე საცხოვრებლად არიან. თუ სხვის ხარჯზე ცხოვრება გსურს, ეს სხვაგან გააკეთე და არა აქ. ღვთის სახლი არ არის მოხუცთა თავშესაფარი; ის არ ინახავს უსაქმურებს. გასაგებია?

არსებობენ ანტიქრისტეები, რომლებიც ძალიან კარგად ინიღბებიან, უბრალოდ იღიმებიან და ხმას არ იღებენ, როდესაც რამეს ხედავენ, დუმილს ინარჩუნებენ ბევრ საკითხზე, თავს ღრმა მოაზროვნეებად აჩვენებენ და არავითარ პოზიციას არ გამოხატავენ. როდესაც პირველად შედიხარ მათთან კონტაქტში, ადვილი არ არის მათი ნამდვილი ბუნების დანახვა; შესაძლოა იფიქრო კიდეც, რომ ისინი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადამიანები არიან. როგორ უნდა ამოიცნო ასეთი ანტიქრისტეები? დიდი ყურადღება უნდა მიაქციო და დააკვირდე, სინამდვილეში რა მოსწონთ მათ, რაზე ამახვილებენ ყურადღებას, რა აინტერესებთ და ვისთან აქვთ ურთიერთობა. ამ ასპექტებზე დაკვირვებით, შეძლებ მათ შეცნობას. გარდა ამისა, არის ერთი რამ, რაც თქვენ ყველამ უნდა იცოდეთ: რა დონისაც არ უნდა იყოს წინამძღოლი ან მუშაკი, თუ თქვენ აღმერთებთ მათ იმის გამო, რომ ცოტათი ესმით ჭეშმარიტება და აქვთ რამდენიმე ნიჭი, და გჯერათ, რომ ისინი ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას და შეუძლიათ შენი დახმარება, და თუ ყველაფერში მათ შესცქერი და მათზე ხარ დამოკიდებული და ამის მეშვეობით ცდილობ ხსნის მოპოვებას, მაშინ ეს შენი მხრიდან სისულელე და უმეცრებაა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდება, რადგან ამოსავალი წერტილი თავისთავად მცდარია. რამდენი ჭეშმარიტებაც არ უნდა ესმოდეს ადამიანს, მას არ შეუძლია ქრისტეს ადგილის დაკავება, და რაოდენ ნიჭიერიც არ უნდა იყოს იგი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ფლობს ჭეშმარიტებას — ამიტომ ყველა, ვინც აღმერთებს, შესცქერის და მიჰყვება სხვა ადამიანებს, საბოლოოდ განიდევნება და დაგმობილი იქნება. ღვთის მორწმუნეებს მხოლოდ ღვთის ცქერა და მისი მიყოლა შეუძლიათ. წინამძღოლები და მუშაკები, რა რანგისაც არ უნდა იყვნენ ისინი, მაინც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თუ მათ შენს უშუალო უფროსებად მიიჩნევ, თუ გრძნობ, რომ ისინი შენზე აღმატებულნი არიან, რომ შენზე კომპეტენტურნი არიან და მათ უნდა გიწინამძღოლონ, რომ ისინი ყველანაირად სხვებზე მაღლა დგანან, მაშინ ცდები — ეს ილუზიაა. და რა შედეგებს მოგიტანს ეს ილუზია? ის გაუცნობიერებლად გიბიძგებს იმისკენ, რომ მიუსადაგო წინამძღოლებს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას, და ვერ შეძლო სწორად მიუდგე მათ პრობლემებსა და ნაკლოვანებებს; ამავდროულად, შენდაუნებურად, ღრმად მოიხიბლები მათი ალღოთი, ნიჭითა და ტალანტით, ისე, რომ ვერც კი გააცნობიერებ, დაიწყებ მათ გაღმერთებას და ისინი შენს ღმერთად იქცევიან. ეს გზა, დაწყებული იქიდან, როდესაც ისინი ხდებიან შენთვის მისაბაძი მაგალითი და თაყვანისცემის ობიექტი, იქამდე, სანამ მათი ერთ-ერთი მიმდევარი გახდები, არის გზა, რომელიც გაუცნობიერებლად ჩამოგაშორებს ღმერთს. და მაშინაც კი, როცა ნელ-ნელა შორდები ღმერთს, მაინც გჯერა, რომ ღმერთს მიჰყვები, რომ მის სახლში ხარ, რომ მის წინაშე ხარ, მაშინ, როცა სინამდვილეში, სატანის მსახურთა, ანტიქრისტეთა ტყვედ ხარ ჩავარდნილი. ამას ვერც კი იგრძნობ. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. ამ პრობლემის გადაჭრა ნაწილობრივ მოითხოვს ანტიქრისტეთა ბუნება-არსების ამოცნობის უნარს და იმის დანახვის უნარს, თუ რა იმალება ანტიქრისტეთა მიერ ჭეშმარიტების სიძულვილისა და ღვთისადმი წინააღმდეგობის მახინჯი სახის მიღმა; ასევე მოითხოვს ადამიანების შეცდომაში შემყვანი და მახეში გამბმელი იმ მეთოდების ცოდნას, რომლებსაც ანტიქრისტეები ხშირად იყენებენ, ისევე როგორც მათი მოქმედების წესის ცოდნას. მეორე მხრივ, თქვენ უნდა ესწრაფოდეთ ღვთის ხასიათისა და არსის შეცნობას. თქვენთვის ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ ქრისტეა ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე, და რომ ნებისმიერი ადამიანის გაღმერთება კატასტროფასა და უბედურებას მოგიტანთ. უნდა გწამდეთ, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ადამიანების გადარჩენა, და აბსოლუტური რწმენით უნდა მიჰყვეთ და დაემორჩილოთ ქრისტეს. მხოლოდ ეს არის ადამიანის ცხოვრების სწორი გზა. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მე ნამდვილად მაქვს ჩემი მიზეზები წინამძღოლების გასაღმერთებლად — გულის სიღრმეში ბუნებრივად ვაღმერთებ ყველას, ვინც ნიჭიერია. მე ვაღმერთებ ნებისმიერ წინამძღოლს, რომელიც ჩემს წარმოდგენებს შეესაბამება“. რატომ იჟინებ ადამიანის გაღმერთებას, როცა ღმერთი გწამს? საბოლოო ჯამში, ვინ არის ის, ვინც გადაგარჩენს? ვინ არის ის, ვისაც ჭეშმარიტად უყვარხარ და გიცავს — ნუთუ მართლა ვერ ხედავ? თუ გწამს ღმერთი და მიჰყვები ღმერთს, ყური უნდა დაუგდო მის სიტყვას, და თუ ვინმე სწორად საუბრობს და მოქმედებს, და ეს შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, უბრალოდ დაემორჩილე ჭეშმარიტებას — განა ეს ასე მარტივი არ არის? რატომ ხარ ასეთი მდაბალი? რატომ იჟინებ ისეთი ვინმეს პოვნას, ვისაც გააღმერთებ და გაჰყვები? რატომ მოგწონს სატანის მონად ყოფნა? რატომ არ ხდები ამის ნაცვლად ჭეშმარიტების მსახური? ამაში ჩანს, აქვს თუ არა ადამიანს გონიერება და ღირსება. საკუთარი თავით უნდა დაიწყო: აღიჭურვო ყოველგვარი ჭეშმარიტებით, შეგეძლოს ამოიცნო სხვადასხვა მოვლენისა და ადამიანის გამოვლინების გზები, იცოდე, როგორია სხვადასხვა ადამიანის ქცევის ბუნება და რა ხასიათს ავლენენ ისინი, ისწავლო სხვადასხვა ტიპის ადამიანის არსის გამიჯვნა, ნათლად ხედავდე, როგორი ადამიანები არიან შენ გარშემო, როგორი ადამიანი ხარ თავად და როგორი ადამიანია შენი წინამძღოლი. როგორც კი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავ, შეძლებ ადამიანებს სწორად, ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოექცე: თუ ისინი ძმები და დები არიან, მათ სიყვარულით მოეპყრობი; თუ ისინი არ არიან ძმები და დები, არამედ ბოროტი ადამიანები, ანტიქრისტეები ან ურწმუნოები არიან, დისტანციას დაიჭერ და უარყოფ მათ. და თუ ისინი ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას, თუმცა შეიძლება აღფრთოვანებული იყო მათით, არ გააღმერთებ მათ. არავის შეუძლია ქრისტეს ადგილის დაკავება; მხოლოდ ქრისტეა პრაქტიკული ღმერთი. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ადამიანების გადარჩენა და მხოლოდ ქრისტეს მიყოლით შეგიძლია მოიპოვო ჭეშმარიტება და სიცოცხლე. თუ ამ ყველაფრის ნათლად დანახვა შეგიძლია, მაშინ გაქვს სულიერი სიმწიფე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანტიქრისტეებმა შეცდომაში შეგიყვანონ, და აღარც იმის შეგეშინდება, რომ ანტიქრისტეები შეცდომაში შეგიყვანენ.

ზოგიერთი ადამიანი წუხს, როდესაც ხედავს, რომ გარკვეული ანტიქრისტეები გამოაშკარავდნენ და განიდევნენ, და ამბობს: „თუმცა ანტიქრისტეები ზედაპირულად არ ჰგვანან ბოროტმოქმედებს, რატომ ხდება ისე, რომ მათი საქმეების ამოცნობისას ისინი ასეთი ბოროტები აღმოჩნდებიან ხოლმე? როგორც ჩანს, ანტიქრისტეები მართლაც საკმაოდ მზაკვრულნი არიან. მაგრამ მე სუსტი სულიერი მონაცემები მაქვს და თუ კვლავ შევხვდები ასეთ ანტიქრისტეებს, ვშიშობ, ვერ შევძლებ მათ ამოცნობას. როგორ უნდა დავიცვა თავი ანტიქრისტეებისგან?“ სუსტი სულიერი მონაცემებიც რომ გქონდეს, არ გჭირდება მუდმივად იმაზე წუხილი, რომ შეცდომაში შეგიყვანენ, ან მუდმივად იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაიცვა თავი მათგან. უბრალოდ ყურადღება უნდა გაამახვილო ჭეშმარიტების გაგებაზე, მეტი იკითხო ღვთის სიტყვები და როცა დრო გექნება, სერიოზულად დაფიქრდე ანტიქრისტეების მიერ ჩადენილ ბოროტ საქმეებზე და საკუთარ თავს ჰკითხო: „რაში მდგომარეობს მათი ბოროტება? რამ უბიძგა მათ ასეთი ბოროტების ჩადენისკენ? შეუძლიათ თუ არა ჩვეულებრივ ადამიანებს ასეთი ბოროტების ჩადენა? როგორ ამოიცნობენ მათ ისინი, ვისაც ჭეშმარიტება ესმის? როგორ ამოვიცნო ისინი მე?“ როგორც კი ღვთის სიტყვების მეშვეობით ნათლად დაინახავ ადამიანთა არსს, ყველაფერს გაიგებ. როდესაც მუდმივად იფიქრებ ამ საკითხებზე, გაუცნობიერებლად ისწავლი ამოცნობას და ბუნებრივია, შეძლებ მათ ამოცნობას, როდესაც კვლავ აღმოჩნდები იმ ანტიქრისტეების პირისპირ, რომლებიც ადამიანების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ეს მოითხოვს მრავალი გამოცდილების გავლას; ეს არ არის ის, რისი სწავლაც მხოლოდ მეტი ქადაგების მოსმენით შეიძლება. ეს ჰგავს საზოგადოებაში გამოცდილების მიღებას მას შემდეგ, რაც ზედმეტად გამოგიყენებენ ან ძალიან ბევრ ზარალს განიცდი — „ორმოში ჩავარდნა, ჭკუის სწავლებაა“. ამაში იგივე აზრი დევს. ღვთისადმი ჩვენს რწმენაში მთავარია ჭეშმარიტების გაგება. რაც უფრო მეტი ჭეშმარიტება გესმის, მით უფრო მეტ რამეს ჩასწვდები. თუ არ გესმის არავითარი ჭეშმარიტება, ცოდნის ქონაც კი უსარგებლოა. მხოლოდ ცოდნით ვერაფერს ჩასწვდები; შენი შეხედულებები ისეთივეა, როგორიც საერო ადამიანებისა, და რაზეც არ უნდა გააკეთო კომენტარი, ის სისულელე და მცდარი იქნება. ნუ იდარდებ, თუ ახლა ზოგიერთი ადამიანის ბუნების დანახვა არ შეგიძლია. როგორც კი გაიგებ ჭეშმარიტებას, ბუნებრივად შეიძენ გამჭრიახობას. ამჟამად, უბრალოდ ფოკუსირდი საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე, მეტი ჭამე და სვი ღვთის სიტყვები და მეტი იფიქრე ჭეშმარიტებაზე. როდესაც დადგება დღე, როცა გაიგებ ჭეშმარიტებას, შეძლებ ადამიანების ამოცნობას. მხოლოდ ვინმეს ქცევაზე დაკვირვებით, გულში გეცოდინება, რა ხდება მათ თავს; მხოლოდ ვინმეს მიერ რაიმე საკითხზე მოხსენების მოსმენით შეძლებ ჩასწვდე საკითხის არსს; და მხოლოდ ვინმეს აზრებისა და შეხედულებების მოსმენით გეცოდინება მათი სულიერი სიმწიფე. დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებ გაიგო ყველაფერი ნებისმიერი საკითხისა თუ ადამიანის შესახებ — ეს ჭეშმარიტების გაგების შედეგია. თუმცა, თუ არ ისწრაფვი ჭეშმარიტებისკენ, არამედ ეყრდნობი შენს ფანტაზიას ადამიანების შესაფასებლად, აღმერთებ მათ, ხარ მათზე დამოკიდებული და ბრმად ეპირფერები მათ, და თუ არ მიჰყვები ჭეშმარიტების ძიების გზას, რა იქნება საბოლოო შედეგი? ნებისმიერმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს; ვერავის ბუნებას ვერ დაინახავ, ყველაზე აშკარა ანტიქრისტესაც კი. ისინი სულელივით გამოგიყენებენ, შენ კი მაინც აღფრთოვანებული იქნები მათი უნარებით და ყოველდღე მათ გარშემო იტრიალებ. მაშინ, შენ ნამდვილად დაბნეული ადამიანი ხარ და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გწამს ბუნდოვანი ღმერთი და არა პრაქტიკული ღმერთი, და ნამდვილად არ ხარ ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს.

ზოგიერთ ადამიანს, ანტიქრისტეების ამოცნობის შესახებ რამდენიმე ქადაგების მოსმენის შემდეგაც კი, მაინც არ შეუძლია მათი ამოცნობა. მათ მხოლოდ ამოცნობის ზოგიერთი მეთოდი ესმით, მაგრამ აკლიათ რეალური გამოცდილება. როდესაც ისინი რეალურად აწყდებიან ანტიქრისტეების ბოროტ საქმეებს, კვლავ ვერ ახერხებენ მათ ამოცნობას. მიუხედავად იმისა, რომ ქადაგებების მოსმენის შემდეგ არ შეუძლიათ ანტიქრისტეების ამოცნობა, ისინი საკუთარ თავს ადარებენ იმას, რაც მოისმინეს და სულ უფრო მეტად ეუფლებათ განცდა, რომ თავად ჰგვანან ანტიქრისტეს. საბოლოოდ, ისინი იჯერებენ, რომ თავად არიან ანტიქრისტეები. ამგვარ ამოცნობაში ცუდი არაფერია. ისინი სრულად აცნობიერებენ ანტიქრისტეების ამოცნობის დეტალებს, მაგრამ უბრალოდ აკლიათ დახასიათების პრინციპები. ეს არ არის დიდი პრობლემა; ეს აჩვენებს, რომ მათ მიერ ქადაგებების მოსმენა ეფექტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ ამოიცნეს ნამდვილი ანტიქრისტეები, მათ ამოიცნეს საკუთარი თავი, რაც ასევე კარგია. ისინი ჯერ საკუთარ თავს გადაარჩენენ და თავს აარიდებენ ანტიქრისტეებად ქცევას, რაც ანტიქრისტეების მამხილებელი ამ ქადაგებების მოსმენის ნაყოფიერი შედეგია. საკუთარი თავის ანტიქრისტედ ამოცნობა არ არის მარტივი; ასეთი ამოცნობა დეტალურ დაკვირვებას მოითხოვს და ვფიქრობ, ეს უკვე ითვლება გამჭრიახობის ქონად. საკუთარი თავის ახლა ამოცნობა კარგია; ამის გაკეთება ჯერ კიდევ არ არის გვიან. ბოროტება რომ ჩაგედინა ან კატასტროფები გამოგეწვია და შემდეგ ანტიქრისტედ დაეხასიათებინე, უკვე ძალიან გვიანი იქნებოდა. თუ ახლა გაქვს საკუთარი თავის ამოცნობის უნარი, ეს მაქსიმუმ იმას ნიშნავს, რომ ავლენ ანტიქრისტეების მსგავს თვისებებს, რომ მიდიხარ ანტიქრისტეთა გზით და რომ არასწორი გზა აირჩიე — მხოლოდ ამგვარად შეიძლება შენი დახასიათება. კურსის შესაცვლელად ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ საშიშია, თუ ამას არ აირჩევ. ანტიქრისტეების ამოცნობის თემაზე მრავალჯერ იყო თანაზიარება და ახლა ზოგიერთს მართლაც შეუძლია ამოცნობა. მათ შეუძლიათ ამოიცნონ საკუთარი ანტიქრისტეს ხასიათი, რომელსაც ავლენენ, რაც შედეგია და ამტკიცებს, რომ მათ შეიძინეს გამჭრიახობა. თუ ისინი შეძლებენ კიდევ უფრო მეტად განასხვავონ ისინი, ვინც ფლობენ ანტიქრისტეთა ბუნება-არსებას, მათგან, ვისაც მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათი აქვთ, მაშინ ისინი სრულად დაეუფლებიან ამოცნობის უნარს. ეს არის ის, რისი მიღწევაც მალე შეიძლება, ამიტომ შფოთვა საჭირო არ არის. თუ ადამიანებს შეუძლიათ ამოიცნონ საკუთარი ანტიქრისტეს ხასიათი, გააცნობიერონ, მიდიან თუ არა ანტიქრისტეთა გზით და გაიგონ, რა არის ანტიქრისტეთა ბუნება-არსება, მაშინ მათ უკვე ისწავლეს ანტიქრისტეების ამოცნობა. ანტიქრისტეების ამოცნობის უნარი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი წელი სწამდა ადამიანს ღმერთი, არამედ იმაზე, შეუძლია თუ არა მას ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და მისი გაგება. ზოგიერთ ადამიანს მრავალი წელია სწამს ღმერთი და მოუსმენია უამრავი ქადაგება ანტიქრისტეების მხილების შესახებ, მაგრამ მათი ანტიქრისტეს ხასიათი და გამოვლინებები სულაც არ შეცვლილა. როგორც არ უნდა ვაზიარებდე ჭეშმარიტებას, ისინი მაინც ვერ აცნობიერებენ. შესაძლოა იმ მომენტში ეთანხმებოდნენ თანაზიარების შინაარსს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მოქმედებას ან თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ძველ გზებს. განა ეს არ არის პრობლემური და საშიში ასეთი ადამიანებისთვის? ეს ძალიან საშიშია! განურჩევლად იმისა, თუ როგორ ვაზიარებ, რაოდენ დიდ თვითგვემას ან წუხილსაც არ უნდა გრძნობდნენ ჩემი მოსმენისას, ამის შემდეგ ისინი სულაც არ იცვლებიან. ისინი არ უფიქრდებიან იმას, თუ რატომ აწინაურებენ და აკულტივირებენ მუდმივად ისეთ ადამიანებს, რომლებიც ეპირფერებიან და ემლიქვნელებიან, არც იმას უფიქრდებიან, თუ რატომ ეპყრობიან სხვებს არა პრინციპების საფუძველზე, არამედ საკუთარი ახირებების მიხედვით. მათ არ სძაგთ ის ადამიანები, რომლებიც მოსწონთ, თუნდაც ისინი ბოროტები ან ცუდები იყვნენ, და განაგრძობენ მათ დაწინაურებასა და გამოყენებას. ისინი მითუმეტეს არ უფიქრდებიან იმას, თუ რატომ არ ისწრაფვიან საერთოდ ჭეშმარიტებისკენ და რატომ დაადგნენ ანტიქრისტეთა გზას. ამდენი ბოროტების ჩადენა ყოველგვარი რეალური დაფიქრებისა თუ ცვლილების გარეშე საშიშია. ბოლო შეკრებებზე თანაზიარება ეხებოდა ანტიქრისტეთა ხასიათისა და არსის მხილებას. ანტიქრისტეთა ხასიათი უფრო ფარული და უკეთურია, ვიდრე ხშირად გამოვლენილი გახრწნილი ხასიათი. ანტიქრისტეები ჭეშმარიტებას გაურბიან, მათ სძულთ ჭეშმარიტება და აბსოლუტურად არ შეუძლიათ ჭეშმარიტების ან ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის მიღება. მაშინ რა არის ანტიქრისტეთა შედეგი, მათი აღსასრული? ისინი აუცილებლად განიდევნებიან. როგორ ახასიათებს ღმერთი ანტიქრისტეებს? როგორც მათ, ვისაც სძულს ჭეშმარიტება და ეწინააღმდეგება ღმერთს — ისინი ღვთის მტრები არიან! ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა, ღვთის სიძულვილი და ყოველივე დადებითის სიძულვილი — ეს არ არის ჩვეულებრივ ადამიანებში არსებული წამიერი სისუსტე ან სისულელე, არც წამიერი დამახინჯებული აღქმის შედეგად წარმოშობილი არასწორი აზრებისა და შეხედულებების გამოვლენაა; პრობლემა ამაში არ მდგომარეობს. პრობლემა ის არის, რომ ისინი ანტიქრისტეები არიან, ღვთის მტრები, რომელთაც სძულთ ყოველივე დადებითი და ყოველგვარი ჭეშმარიტება; ისინი ისეთი პიროვნებები არიან, რომელთაც სძულთ ღმერთი და ეწინააღმდეგებიან მას. როგორ უყურებს ღმერთი ასეთ პიროვნებებს? ღმერთი არ იხსნის მათ! ამ ადამიანებს ეზიზღებათ და სძულთ ჭეშმარიტება, მათ ანტიქრისტეთა ბუნება-არსება აქვთ. გესმით თუ არა ეს? აქ მხილებულია უკეთურება, სისასტიკე და ჭეშმარიტების სიძულვილი. ეს არის ყველაზე მძიმე სატანური ხასიათი გახრწნილ ხასიათთა შორის, რომელიც წარმოადგენს სატანის ყველაზე ტიპურ და არსებით მახასიათებლებს, და არა ჩვეულებრივი გახრწნილი კაცობრიობის მიერ გამოვლენილ გახრწნილ ხასიათს. ანტიქრისტეები ღვთისადმი მტრულად განწყობილი ძალაა. მათ შეუძლიათ ეკლესიაში არევ-დარევის შეტანა და მისი გაკონტროლება, და შესწევთ უნარი, დაშალონ და ჩაშალონ ღვთის მართვის საქმე. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც გახრწნილი ხასიათის მქონე ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ; მხოლოდ ანტიქრისტეებს შესწევთ ასეთი ქმედებების უნარი. ნუ შეაფასებთ ამ საკითხს სათანადოზე ნაკლებად.

ყველა ბოროტ ადამიანს უკეთური ხასიათი აქვს. ზოგიერთი უკეთურება ვლინდება სასტიკი ხასიათის მეშვეობით, მაგალითად, გულუბრყვილო ადამიანების ხშირი დაჩაგვრით, მათთან სატირული ან სარკასტული მოპყრობით, მათი მუდმივად დაცინვის ობიექტად ქცევითა და მათი გამოყენებით. ბოროტი ადამიანები ქედს იხრიან და ემლიქვნელებიან, როდესაც სხვა ბოროტმოქმედს ხედავენ, მაგრამ როდესაც სუსტ ადამიანს ხედავენ, ფეხქვეშ თელავენ მას და თავიანთ ძალაუფლებას იყენებენ. ესენი უკიდურესად სასტიკი და უკეთური ადამიანები არიან. ნებისმიერი, ვინც ჩაგრავს ან ავიწროებს ქრისტიანებს, ადამიანად შენიღბული ეშმაკია; ისინი უსულგულო მხეცები და ბოროტი ეშმაკის რეინკარნაცია არიან. თუ ბოროტ ადამიანთა ბრბოში არიან ისეთები, რომლებიც არ ჩაგრავენ გულუბრყვილო ადამიანებს, არ ექცევიან სასტიკად ქრისტიანებს და თავიანთ რისხვას მხოლოდ მათზე ანთხევენ, ვინც მათ პირად ინტერესებს აზიანებს, მაშინ ასეთი ადამიანები არამორწმუნეთა შორის კარგ ადამიანებად ითვლებიან. მაგრამ რით განსხვავდება ანტიქრისტეთა უკეთურება? ანტიქრისტეთა უკეთურება ძირითადად ვლინდება მათ განსაკუთრებულ მიდრეკილებაში მეტოქეობისკენ. ისინი ბედავენ შეეჯიბრონ ზეცას, შეეჯიბრონ დედამიწას და შეეჯიბრონ სხვა ადამიანებს. ისინი არა მხოლოდ არ აძლევენ სხვებს მათი დაჩაგვრის უფლებას, არამედ თავად ჩაგრავენ და ტანჯავენ სხვებს. ყოველდღე იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დატანჯონ ადამიანები. თუ ვინმესი შურთ ან ვინმე სძულთ, ამას არასოდეს დაივიწყებენ. სწორედ ამაში მდგომარეობს ანტიქრისტეთა უკეთურება. კიდევ რაში ვლინდება ეს უკეთურება? მისი დანახვა შესაძლებელია მათი მოქმედების მზაკვრულ გზებში — ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გონება, ცოდნა და სოციალური გამოცდილება, უჭირთ მათი ამოცნობა. ისინი საქმეებს განსაკუთრებულად მზაკვრული გზით აკეთებენ და ეს უკეთურების დონემდე ადის; ეს არ არის ჩვეულებრივი მზაკვრობა. მათ შეუძლიათ ფარული თამაშებისა და ხრიკების გამოყენება და ამას ადამიანთა უმეტესობაზე მაღალ დონეზე აკეთებენ. ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია მათთან მეტოქეობა და მათთან გამკლავება. აი, ეს არის ანტიქრისტე. რატომ ვამბობ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეუძლიათ მათთან გამკლავება? რადგან მათი ბოროტება იმდენად უკიდურესია, რომ ისინი ფლობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანის უზარმაზარ ძალას. მათ შეუძლიათ მოიფიქრონ ყველანაირი გზა, რათა აიძულონ ადამიანები, გააღმერთონ ისინი და გაჰყვნენ მათ. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ყველანაირი ადამიანი ეკლესიის საქმეში არევ-დარევის შესატანად და მის დასაზიანებლად. ასეთ ვითარებაში, ღვთის სახლი მრავალგზის ატარებს თანაზიარებას ანტიქრისტეთა ყოველგვარ გამოვლინებაზე, ხასიათსა და არსზე, რათა ადამიანებმა შეძლონ მათი ამოცნობა. ეს აუცილებელია. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის და ამბობს: „რატომ არის მუდმივად თანაზიარება იმაზე, თუ როგორ ამოვიცნოთ ანტიქრისტეები?“ რადგან ანტიქრისტეებს მეტისმეტად კარგად შეუძლიათ ადამიანების შეცდომაში შეყვანა. მათ შეუძლიათ მრავალი ადამიანის შეცდომაში შეყვანა, სასიკვდილო ჭირის მსგავსად, რომელსაც თავისი გადამდებლობით შეუძლია ერთდროულად მრავალი ადამიანის დაზიანება და მოკვლა; ის უაღრესად გადამდები და ფართოდ გავრცელებადია, და მისი ინფექციურობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. განა ეს მძიმე შედეგები არ არის? ასე რომ არ ვატარებდე თქვენთან თანაზიარებას, შეძლებთ კი თავი დააღწიოთ ანტიქრისტეების მიერ შეცდომაში შეყვანასა და შებოჭვას? შეძლებთ კი ჭეშმარიტად მიუბრუნდეთ ღმერთს და დაემორჩილოთ მას? ეს ძალიან რთულია. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები ავლენენ ამპარტავან ხასიათს, ეს მაქსიმუმ სხვებს დაანახვებს მათი ამპარტავნების მახინჯ მდგომარეობას. ზოგჯერ ისინი ტრაბახობენ, ზოგჯერ თავს იწონებენ და ყოყოჩობენ, და ზოგჯერ უყვართ თავიანთი სტატუსის ხაზგასმა და სხვებისთვის ჭკუის სწავლება. მაგრამ ასეა კი ანტიქრისტეების შემთხვევაში? ზედაპირულად, შესაძლოა არ ჩანდეს, რომ ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ სტატუსს ან მოსწონთ იგი, შესაძლოა არასოდეს ჩანდნენ სტატუსით დაინტერესებულნი, მაგრამ გულის სიღრმეში მათ მისი ძლიერი სურვილი აქვთ. ეს ჰგავს არამორწმუნეთა ზოგიერთ იმპერატორს ან ყაჩაღთა მეთაურს: როდესაც თავიანთი მიწისთვის იბრძვიან, ისინი თავიანთ თანამებრძოლებთან ერთად იტანენ გასაჭირს, ჩანან თავმდაბალნი და არაამბიციურნი. მაგრამ დაგინახავს თუ არა ის სურვილები, რომლებიც მათ გულის სიღრმეში იმალება? რატომ შეუძლიათ მათ ასეთი გასაჭირის ატანა? სწორედ მათი სურვილები აძლევთ მათ ძალას. ისინი გულში დიდ ამბიციას ატარებენ, მზად არიან აიტანონ ნებისმიერი ტანჯვა ან გაუძლონ ნებისმიერ ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ბრალდებასა და დამცირებას, რათა ერთ დღესაც ტახტზე ავიდნენ. განა ეს მზაკვრობა არ არის? შეუძლიათ კი მათ ვინმეს გააგებინონ ამ ამბიციის შესახებ? (არა.) ისინი მალავენ მას და საიდუმლოდ ინახავენ. ის, რაც ზედაპირზე ჩანს, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აიტანოს ის, რასაც სხვები ვერ იტანენ, რომელსაც შეუძლია გაუძლოს აუტანელ გასაჭირს, რომელიც ჩანს შეუპოვარი, არაამბიციური, რეალისტი და კეთილი მის გარშემო მყოფთა მიმართ. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ისინი ტახტზე ადიან და რეალურ ძალაუფლებას იგდებენ ხელში, თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად და სხვის მიერ მისი მიტაცების თავიდან ასაცილებლად, ისინი კლავენ ყველას, ვინც მათ გვერდით იტანჯებოდა და იბრძოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჭეშმარიტება მჟღავნდება, აცნობიერებენ ადამიანები, თუ რაოდენ ღრმად ცბიერნი არიან ისინი. როდესაც უკან იხედები და ხედავ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, ამბიციით იყო განპირობებული, აღმოაჩენ, რომ მათი ხასიათი უკეთურება იყო. რა ტაქტიკა იყო ეს? ეს იყო მზაკვრობა. ეს არის ის ხასიათი, რომლითაც ანტიქრისტეები მოქმედებენ. ანტიქრისტეები და ეშმაკთა მეფეები, რომლებიც ოფიციალურ ძალაუფლებას ფლობენ, ერთი ჯურისანი არიან; ისინი აბსოლუტურად არ დაიტანჯებიან და არ გაძლებენ ეკლესიაში უმიზეზოდ, თუ ძალაუფლებასა და სტატუსს არ მიიღებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანები აბსოლუტურად არ კმაყოფილდებიან იმით, რომ იყვნენ რიგითი მიმდევრები, წავიდნენ კომპრომისზე ღვთის სახლში, როგორც ღვთის რიგითი თაყვანისმცემლები, ან შეასრულონ რაიმე მოვალეობა ჩუმად და ანონიმურად; ისინი ნამდვილად არ არიან მზად ამის გასაკეთებლად. თუ სტატუსის მქონე ვინმე გათავისუფლდება იმის გამო, რომ ანტიქრისტეთა გზით დადიოდა, და ის ფიქრობს: „ახლა, სტატუსის გარეშე, უბრალოდ პირდაპირ ვიმოქმედებ, როგორც რიგითი ადამიანი, შევასრულებ ნებისმიერ მოვალეობას, რასაც შევძლებ; მე მაინც ისევე კარგად შემიძლია მწამდეს ღმერთი სტატუსის გარეშეც“, არის კი ის ანტიქრისტე? არა, ეს ადამიანი ოდესღაც დადიოდა ანტიქრისტეს გზით, ოდესღაც დაადგა არასწორ გზას წამიერი სისულელის გამო, მაგრამ ის არ არის ანტიქრისტე. რას იზამდა ნამდვილი ანტიქრისტე? თუ ის დაკარგავს თავის სტატუსს, მას აღარ ექნება რწმენა. არა მხოლოდ ეს, არამედ ის ასევე მოიფიქრებს სხვადასხვა გზას სხვების შეცდომაში შესაყვანად, რათა აიძულოს სხვები, გააღმერთონ ის და გაჰყვნენ მას, რათა დაიკმაყოფილოს თავისი ამბიცია და ძალაუფლების ქონის სურვილი. ეს არის განსხვავება მათ შორის, ვინც ანტიქრისტეთა გზით დადის, და ნამდვილ ანტიქრისტეებს შორის. ჩვენ ამოვიცნობთ და გავარჩევთ ანტიქრისტეთა ამ ხასიათი-არსებებსა და გამოვლინებებს, რადგან ამ საკითხის ბუნება ძალიან სერიოზულია. ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ანტიქრისტეების ამოცნობა. რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით ძმებსა და დებზე, ზოგიერთმა წინამძღოლმა და მუშაკმაც კი, რომელთაც ჰგონიათ, რომ ესმით გარკვეული ჭეშმარიტება, სრულად ვერ აითვისეს ანტიქრისტეების ამოცნობის უნარი. ძნელი სათქმელია, რამდენად აითვისეს მათ ეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა. მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლიათ ანტიქრისტეების ზუსტად ამოცნობა, არიან ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფის მქონე ადამიანები.

რა არის ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა დგახართ? ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ამოცნობა და ისინი ადვილად შეჰყავთ შეცდომაში ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს, რაც ძალიან საშიშია, თუ არ მოგვარდება. ამიტომ, მე მოვითხოვ, რომ ისწავლოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გარჩევა. ამოიცანით, რა ხასიათს წარმოადგენს ადამიანების სხვადასხვა ქცევა და განცხადება, და ამის საფუძველზე ამოიცანით ადამიანის არსი. გარდა ამისა, უნდა შეგეძლოთ განასხვავოთ, რა არის ჭეშმარიტება-რეალობა და რა არის მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებანი. თუ არ შეგიძლიათ ამის ამოცნობა, მაშინ ვერ შეძლებთ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. როგორ გექნებათ რეალობაში შესვლის გზა გამჭრიახობის გარეშე? ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევს და ჰგონია, რომ სიტყვებისა და მოძღვრებების გაგება ნიშნავს, რომ ისინი ფლობენ რეალობას. ამიტომ, სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევისას, ისინი კმაყოფილად და გამართლებულად გრძნობენ თავს და სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით ივსებიან. მაგრამ როდესაც მათ ცდუნებები ატყდებათ თავს, ისინი ბორძიკობენ და ისე, რომ არც კი იციან, როგორ წაიბორძიკეს, მაინც ამბობენ: „რატომ არ დამიცვა ღმერთმა?“ განა ეს სამარცხვინო მარცხი არ არის? ასე რომ, ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ყოველთვის საუბრობს სიტყვებსა და მოძღვრებებზე — შეგიძლიათ თუ არა ამის ამოცნობა? (არა.) ზოგჯერ მესმის ზოგიერთი ძმისა და დისგან, რომ ზოგიერთი წინამძღოლი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებზე საუბრობს და შეუფერებელია წინამძღოლობისთვის, ამიტომ ითხოვენ მათ გათავისუფლებას. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სთხოვენ ახალი წინამძღოლის არჩევას, ადამიანთა უმეტესობას აკლია გამჭრიახობა, ამიტომ არჩეული წინამძღოლები და მუშაკები ისევ ისინი არიან, ვინც მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებზე საუბრობენ ისე, რომ არ გააჩნიათ დიდი რეალობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ძალიან რთული. როდესაც უსმენთ ჩემს სიტყვებს ამ საკითხებზე თანაზიარებისას, შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ რაიმე განსხვავება იმისგან, რასაც ჩვეულებრივი წინამძღოლები ამბობენ? თუ შეგიძლიათ განსხვავების ამოცნობა, მაშინ იცით, რა არის ჭეშმარიტება-რეალობა. თუ არ შეგიძლიათ ამის ამოცნობა და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთი და იგივეა, და ფიქრობთ: „ჩვენც ვისწავლეთ ღვთის სიტყვების თქმა და, რასაც ჩვენ ვამბობთ, იგივეა, რასაც ღმერთი ამბობს“, მაშინ ეს პრობლემატურია. ეს ამტკიცებს, რომ საერთოდ არ გესმით ჭეშმარიტება, მხოლოდ იცით, როგორ მიჰბაძოთ ღვთის სიტყვებს და წაიკითხოთ მათი მცირე ნაწილი, ჭეშმარიტების რეალურად გაგების გარეშე. ანტიქრისტეთა უმეტესობა ფლობს გარკვეულ ნიჭსა და მჭევრმეტყველებას, რაც მათ აძლევს საფუძველს ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. მათ უკეთურ ხასიათთან და საუბარსა და მოქმედებაში მანიპულაციურ გზებთან ერთად, მათ ნამდვილად შეუძლიათ ადამიანების შეცდომაში შეყვანა. თუ მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების ფრქვევა შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ ამოიცნოთ, რა არის ჭეშმარიტება-რეალობა, თქვენ მხოლოდ ანტიქრისტეების მიერ შეცდომაში შეყვანა გელით. ეს არის ის, რაც თქვენს კონტროლს მიღმაა! მათთვის, ვისაც არ ესმით ჭეშმარიტება, შეუძლებელია არ იქნენ შეცდომაში შეყვანილნი ანტიქრისტეების მიერ, განურჩევლად იმისა, თუ რა შეიძლება სურდეთ. სატანის გავლენისგან თავის დაღწევა არ არის მარტივი საქმე, არა?

2019 წლის 11 ივნისი

წინა: პუნქტი მეოთხე: საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება

შემდეგი: პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი პირველი)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება