პუნქტი მეთხუთმეტე: მათ არ სჯერათ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს (ნაწილი მეორე)
დღეს გავაგრძელებთ თანაზიარებას ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინების მეთხუთმეტე პუნქტზე: მათ არ სჯერათ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს. წინა თანაზიარებისას ჩვენ ეს თემა ორ ნაწილად დავყავით. პირველი ნაწილი არის ანტიქრისტეების მიერ ღვთის არსებობის ურწმუნოების სხვადასხვა გამოვლინება, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ ორ პუნქტად დავყავით: პირველი, ანტიქრისტეები უარყოფენ ღვთის იდენტობასა და არსს; მეორე, ანტიქრისტეები უარყოფენ ღვთის მეუფებას ყოველგვარ არსებულზე. წინა თანაზიარება ძირითადად გვქონდა იმაზე, თუ როგორ არ აღიარებენ ანტიქრისტეები ღვთის არსს ან მის ხასიათს, და როგორ არ აღიარებენ ანტიქრისტეები, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ჭეშმარიტებაა და წარმოადგენს მის იდენტობას, და როგორ ნამდვილად არ იღებენ ანტიქრისტეები იმ მნიშვნელობასა და ჭეშმარიტებას, რომელიც დგას იმ ყველაფრის უკან, რასაც ღმერთი აკეთებს. ანტიქრისტეები თაყვანს სცემენ სატანას, ღმერთად მიიჩნევენ მას და სატანის ყველა განცხადებასა და თვალსაზრისს იყენებენ იმ საფუძვლად და სტანდარტად, რომლითაც ზომავენ ღვთის იდენტობას, არსს და ყველაფერს, რასაც იგი აკეთებს. ასე რომ, გულებში ისინი მუდმივად ადიდებენ და ეთაყვანებიან იმას, რასაც სატანა აკეთებს, განადიდებენ და აქებენ სატანის ქმედებებს და სატანას იყენებენ ღვთის იდენტობისა და არსის ჩასანაცვლებლად. კიდევ უფრო უარესია ის, რომ იმ ყველაფრის აღიარების საფუძველზე, რასაც სატანა აკეთებს, ისინი ყოველ ნაბიჯზე კითხვის ეჭვქვეშ აყენებენ ღვთის სიტყვებსა და საქმეს, ქმნიან წარმოდგენებსა და განსჯებს მათ შესახებ და საბოლოოდ გმობენ მის სიტყვებსა და საქმეს. ამიტომ ღვთის მიყოლის პროცესში ანტიქრისტეები არ იღებენ ღვთის სიტყვებს, როგორც მათ სიცოცხლეს, მათ ჭეშმარიტებას ან მათი სიცოცხლის მიმართულებასა და მიზანს. ამის ნაცვლად, ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგებიან ღმერთს და ზომავენ ღვთის იდენტობასა და არსს ისეთი რამეებით, როგორებიც არის მათი წარმოდგენები და ფანტაზიები, სატანის ლოგიკა და აზრები, და სატანის ხასიათი და მეთოდები. ღვთის მიყოლის პროცესში ისინი მუდმივად ეჭვობენ, ეჭვქვეშ აყენებენ და აკვირდებიან ღმერთს, მუდმივად განსჯიან მას, სძულთ, გმობენ და უარყოფენ თავიანთ გულში. ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, და მათი სხვადასხვა გამოვლინება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან ღვთის მიმდევრები, ნამდვილი მორწმუნეები, ან ჭეშმარიტებისა და ყოველივე პოზიტიურის მოყვარულები, და რომ ისინი, ამის ნაცვლად, ჭეშმარიტებისა და ღვთის მტრები არიან. როდესაც ეს ადამიანები მოდიან ღვთის სახლში, ეკლესიაში, ისინი აქ არ არიან იმისთვის, რომ მიიღონ ღვთის ხსნა ან წარსდგნენ ღვთის წინაშე და მიიღონ მისი სიტყვები, როგორც სიცოცხლე. მაშ, რის გასაკეთებლად არიან აქ მოსულები? როდესაც ეს ადამიანები მოდიან ღვთის სახლში, პირველ რიგში ცდილობენ, რომ, სულ მცირე, ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ; მეორე, მათ სურთ, მიჰყვნენ ამ ტენდენციას; და მესამე, უნდათ კურთხევა. ეს არის მათი განზრახვები და მიზნები, და სულ ეს არის. ანტიქრისტეების ბუნება-არსებიდან გამომდინარე, მათ არასდროს აქვთ განზრახული, მიიღონ ღვთის სიტყვები თავიანთ ცხოვრებად; მათ არასდროს აქვთ დაგეგმილი, აქციონ ღვთის სიტყვები პრაქტიკის პრინციპებად ან თავიანთი ცხოვრების მიმართულებად და მიზნად; და მათ არასდროს აქვთ დაგეგმილი, შეცვალონ ან მიატოვონ საკუთარი ხედვები, ან გარდაქმნან და უარჰყონ საკუთარი წარმოდგენები, და მივიდნენ ღვთის წინაშე, რათა საფუძვლიანად მოინანიონ და დაემხონ მის წინაშე და მიიღონ იგი, როგორც თავიანთი მაცხოვარი. მათ მსგავსი განზრახვა არ აქვთ. ისინი უბრალოდ აგრძელებენ ღვთის წინაშე ტრაბახს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდებულნი, შესძლებლობის მქონენი, ძლიერნი და ნიჭიერნი არიან, თუ როგორ შეუძლიათ, გახდნენ ღვთის სახლის ბურჯი და ხერხემალი და ა.შ., რათა ამით მიაღწიონ თავიანთ მიზანს — დაიმსახურონ მაღალი შეფასება, ღვთის აღიარება და დაწინაურება ღვთის სახლში, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიციები და სურვილები. მხოლოდ ეს არ არის — მათ ასევე სურთ, დაიკმაყოფილონ თავიანთი ამბიცია, სურვილი და შეასრულონ გეგმა იმისა, რომ „მიიღონ ასმაგად ამ ცხოვრებაში და საუკუნო სიცოცხლე მომავალ საუკუნეში“. ოდესმე მიუტოვებიათ მათ ეს ამბიციები, სურვილები და გეგმები? შეუძლიათ, სუბიექტურად გაიგონ, მიატოვონ და მოაგვარონ ეს საკითხები? მათ ამის გაკეთება არასდროს დაუგეგმავთ. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ან რას ამხელს ღვთის სიტყვები, თუნდაც შეეძლოთ მისი სიტყვების საკუთარ თავთან დაკავშირება, თუნდაც იცოდნენ, რომ მათი გეგმები, აზრები და განზრახვები ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვებს და არ შეესაბამება მათ, რომ ისინი ეწინააღმდეგება ჭეშმარიტების პრინციპებს და ანტიქრისტეების ხასიათის გამოვლინებებია, ისინი მაინც მტკიცედ ეჭიდებიან საკუთარ შეხედულებებს, ამბიციებსა და სურვილებს, და არ აქვთ რაიმე გეგმა, რომ შეიცვალონ, შემოაბრუნონ თავიანთი შეხედულებები, მიატოვონ თავიანთი ამბიციები და სურვილები, და მივიდნენ ღვთის წინაშე, რათა მიიღონ მისი მხილება, განსჯა, გაკიცხვა და გასხვლა. ეს ადამიანები არა მხოლოდ შეუვალები არიან თავიანთ გულებში, არამედ ამპარტავნები და ქედმაღლებიც — ისინი იმდენად ამპარტავნები არიან, რომ სრულიად არაგონივრულები ხდებიან. ამავდროულად ღვთის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი და სძულთ გულის სიღრმეში; მათ სძულთ ღვთის მიერ გახრწნილი კაცობრიობის ბუნება-არსების მხილება და, ასევე, სხვადასხვა გახრწნილი ხასიათის მხილება. მათ უმიზეზოდ სძულთ ღმერთი და ჭეშმარიტება, და თანაც სძულთ ისინი, ვინც ეძიებენ ჭეშმარიტებას და ისინი, ვინც ღმერთს უყვარს. ეს სრულად აჩვენებს, რომ ანტიქრისტეების ხასიათი მართლაც ბოროტია. მათი უმიზეზო სიძულვილი, მტრობა, წინააღმდეგობა, განსჯა და უარყოფა ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ ასევე გვიჩვენებს, რომ ანტიქრისტეებს რეალურად სასტიკი ხასიათი აქვთ.
ანტიქრისტეების სხვადასხვა ხასიათი გახსრწნილი კაცობრიობის თვალსაჩინო მაგალითებია, და ანტიქრისტეების სხვადასხვა ხასიათის სიმძიმე ნებისმიერი ჩვეულებრივი გახრწნილი ინდივიდისას აჭარბებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ღრმად ან კონკრეტულად ამხელს ღმერთი კაცობრიობის გახრწნილ ხასიათს, ანტიქრისტეები უარყოფენ და უკუაგდებენ ამას, არ იღებენ მას, როგორც ჭეშმარიტებას ან ღვთის საქმეს. ისინი უბრალოდ აღიარებენ და სჯერათ, რომ იყო საკმარისად ბოროტი, დაუნდობელი, უკეთური, ბოროტმოსურნე და ავი, არის ერთადერთი გზა, რომ საბოლოოდ მტკიცედ იდგნენ, გამოირჩეოდნენ და ბოლომდე ინარჩუნებდნენ პოზიციებს ამ საზოგადოებასა და ბოროტ ტენდენციებს შორის. ეს არის ანტიქრისტეების ლოგიკა. ამრიგად, ანტიქრისტეები მტრობითა და სიძულვილით არიან განწყობილნი ღვთის სამართლიანი და წმიდა არსის, ღვთის ერთგულებისა და ყოვლისშემძლეობის, და სხვა ყოველივე მსგავსი დადებითის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოწმებენ ადამიანები ღვთის იდენტობას, არსსა და მის მთელ საქმეს, და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კონკრეტულად და გულწრფელად აკეთებენ ამას, ანტიქრისტეები არ ღებულობენ ამას, ისინი არ აღიარებენ, რომ ეს ღვთის საქმეა, რომ მასში არის ჭეშმარიტება საძიებელი, ან რომ ეს არის საუკეთესო საგანმანათლებლო მასალა და ადამიანთა მიერ ღვთის ცოდნის დამოწმება. ამის საწინააღმდეგოდ, რა მცირედი საქმეც უნდა გააკეთოს სატანამ, იქნება ეს შეგნებულად თუ შეუგნებლად, ანტიქრისტეები თაყვანისცემით ემხობიან მის წინაშე. როდესაც საქმე ეხება იმას, რასაც სატანა აკეთებს, ანტიქრისტეები ერთიანად იღებენ, სწამთ, ეთაყვანებიან და მიჰყვებიან ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მიიჩნევიან ისინი ადამიანებში — კეთილშობილებად თუ მდაბლებად. თუმცა, არსებობს ერთი რამ, რაც აფორიაქებს ანტიქრისტეებს: ბუდამ თქვა, რომ მას შეუძლია ადამიანების სუფთა მიწაზე გადაყვანა, და ანტიქრისტეები ფიქრობენ: „ეს სუფთა მიწა, როგორც ჩანს, ჩამოუვარდება ცათა სასუფეველსა და ზეცას, რომელზეც ღმერთი ამბობს — ის არც ისე იდეალურია. მიუხედავად იმისა, რომ სატანა ძლევამოსილია და მას შეუძლია ადამიანებს უსასრულო სარგებელი მოუტანოს და დააკმაყოფილოს მათი ყველა ამბიცია და სურვილი, ერთი რამ არის, რაც მას არ შეუძლია: მისცეს ადამიანს დაპირება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს შევიდნენ ცათა სასუფეველში და მიიღონ საუკუნო სიცოცხლე. სატანა ვერ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას და ვერც იმას ახერხებს, რომ ეს აღასრულოს.“ გულის სიღრმეში ანტიქრისტეებს მიაჩნიათ, რომ ეს წარმოუდგენელია, და, ამავდროულად, გრძნობენ, რომ ეს ყველაზე სანანებელი რამ არის. და ამიტომ მაშინ, როდესაც იძულებით მიჰყვებიან ღმერთს, ისინი მაინც გეგმავენ, თუ როგორ მიიღონ უფრო დიდი კურთხევები და ვინ შეძლებს მათი სურვილებისა და ამბიციების დაკმაყოფილებას. ისინი ითვლიან და ითვლიან და, საბოლოოდ, სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისზე და დარჩნენ ღვთის სახლში. ანტიქრისტეების ამ გამოვლინებებზე დაყრდნობით, როგორია მათი დამოკიდებულება და თვალთახედვა ღვთის მიმართ? აქვთ მათ თუნდაც გულწრფელი რწმენის ნატამალი? აქვთ ჭეშმარიტი რწმენა ღვთის მიმართ? თუნდაც მცირედით, აღიარებენ ღვთის მოქმედებებს? შეუძლიათ, გულის სიღრმიდან თქვან „ამინ“ იმ ფაქტზე, რომ ღვთის სიტყვა არის ჭეშმარიტება, სიცოცხლე და გზა? ღვთის მიერ კაცობრიობის შორის ასეთი დიდებული საქმის აღსრულების მიუხედავად — შეუძლიათ კი ანტიქრისტეებს, გულის სიღრმიდან განადიდონ ღვთის დიდი ძალმოსილება და სამართლიანი ხასიათი? (არა.) ზუსტად იმის გამო, რომ ანტიქრისტეები უარყოფენ ღვთის იდენტობას, არსსა და მის მთელ საქმეს, ისინი მუდმივად ადიდებენ და მოწმებენ საკუთარ თავზე მისი მიყოლის პროცესში, ცდილობენ, მოიპოვონ ადამიანთა კეთილგანწყობა და გულები, და კიდევ ცდილობენ, აკონტროლონ და დაატყვევონ ადამიანების გულები და შეეჯიბრონ ღმერთს მის რჩეულ ხალხთან დაკავშირებით. ყველა ეს გამოვლინება ამტკიცებს, რომ ანტიქრისტეები არასდროს აღიარებენ ღვთის იდენტობასა და არსს და არც იმას სცნობენ, რომ კაცობრიობა და ყოველივე შემოქმედის ხელმწიფების ქვეშ იმყოფება. ზუსტად ეს გავაანალიზეთ გასულ ჯერზე იმ თვალთახედვების, გამოვლინებებისა და გაცხადებების შესახებ, რომლებიც ანტიქრისტეებს აქვთ ღვთის არსებობასთან დაკავშირებით. რადგან ანტიქრისტეებს ასეთი შეხედულებები და გამოვლინებები აქვთ ღვთის არსებობასთან დაკავშირებით, როგორია მაშინ მათი დამოკიდებულება ქრისტეს, ანუ განკაცებული ღვთის ხორცის მიმართ? შეუძლიათ კი მათ ჭეშმარიტად ირწმუნონ, აღიარონ, მიჰყვნენ და დაემორჩილონ მას? (არა.) თუ განვსჯით იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ღვთის არსებობას, ისინი ზუსტად ასეთსავე დამოკიდებულებას ავლენენ ღვთის სულის მიმართაც; ამდენად, ზედმეტია იმის თქმა, რომ მათი დამოკიდებულება ღვთის განკაცების მიმართ კიდევ უფრო მეტად საძაგელი უნდა იყოს, თანაც — უფრო მკვეთრი და მძიმე გამოვლინებებით.
II. ანტიქრისტეები უარყოფენ ქრისტეს არსს
დღეს თანაზიარება გვექნება იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები განკაცებულ ღმერთს, ქრისტეს, ღვთის არსებობის ურწმუნობაზე დაყრდნობით. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ანტიქრისტეებს არ სჯერათ ღმერთის არსებობის. მთელი ამ თანაზიარების, მხილებისა და გაანალიზების შემდეგ მოიპოვეთ რაიმე კონკრეტული გაგება ანტიქრისტეების ხასიათებისა და გამოვლინებების შესახებ? მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა ისინი განკაცებული ღვთის მიერ შესრულებულ საქმეს ან ღვთის ხორცშესხმის ფაქტს, რეალობაში ისინი უარყოფენ ღვთის არსებობას. მაინც ზუსტად რა ტიპის ადამიანები არიან? ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი სარგებელზე ორიენტირებული ურწმუნოები, ფარისევლები არიან. ზოგიერთი მათგანი აშკარად ბოროტი ჩანს, ზოგიერთი კი — თავმდაბალი, დახვეწილი, ღირსეული და კეთილშობილი ქცევით — ისინი სტანდარტული ფარისევლები არიან. როდესაც საქმე ეხება ამ ორი ტიპის ადამიანს — მათ, ვინც ბოროტად გამოიყურება, და მათ, ვინც ღვთისმოშიში და არაბოროტია — თუ ისინი ფუნდამენტურად არ იჯერებენ ღვთის არსებობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ურწმუნოები არიან? (დიახ.) დღეს ჩვენ გვექნება თანაზიარება იმის შესახებ, თუ რა შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვთ ურწმუნოებს ქრისტეს მიმართ, რა გამოვლინებებს ავლენენ ისინი ქრისტეს სხვადასხვა ასპექტის მიმართ და როგორ შეგვიძლია გავიგოთ ანტიქრისტეების არსი ამ გამოვლინებების საფუძველზე.
ა. როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს წარმოშობას
როდესაც საქმე ეხება ქრისტეს, რომელიც განსაკუთრებული იდენტობის მქონე ჩვეულებრივი ადამიანია, რა აინტერესებს ხალხს ყველაზე მეტად? უპირველეს ყოვლისა, ნუთუ ბევრს არ აინტერესებს მისი წარმოშობა? ეს ხალხის ყურადღების ფოკუსია. მაშ, მოდით, თანაზიარება გავმართოთ იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს წარმოშობას. სანამ ამაზე გვექნება თანაზიარება, იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ დაგეგმა ღმერთმა თავისი ხორცის წარმოშობის სხვადასხვა ასპექტი, როდესაც მან ხორცი შეისხა. როგორც ცნობილია, მადლის ეპოქაში ქრისტე სულიწმიდისგან ჩაისახა და ქალწულისაგან იშვა. იგი დაიბადა ზედმეტად ჩვეულებრივ, ნორმალურ ოჯახში, რასაც დღევანდელი ტერმინებით ჩვეულებრივი მოქალაქეების ოჯახს დავარქმევდით. იგი არ დაბადებულა მდიდარ, მოხელეთა ან გამოჩენილ დიდ ოჯახში — იგი ბაგაშიც კი დაიბადა, რაც ძალიან წარმოუდგენელი და ყველას წარმოსახვის მიღმა იყო. თუ გადავხედავთ ღვთის პირველი განკაცების წარმოშობის ყველა ასპექტს, ოჯახი, რომელშიც განკაცებული ღმერთი დაიბადა, ძალიან ჩვეულებრივი იყო. დედამისი, მარიამიც, ჩვეულებრივი იყო და არა გამორჩეული ადამიანი; მას ნამდვილად არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული ძალები ან არაორდინალური, უნიკალური ნიჭი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის არ ყოფილა არც ურწმუნო და არც არამორწმუნე, არამედ იყო ღვთის მიმდევარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იოსები, მარიამის ქმარი, დურგალი იყო. დურგალი ხელოსნის ერთგვარი ნაირსახეობაა, და მას საშუალო შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ არ იყო მდიდარი და არც ბევრი დანაზოგი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის შორს იყო გაჭირვებისგან და შეეძლო, ოჯახის ყველა ძირითადი საჭიროება დაეკმაყოფილებინა. უფალი იესო სწორედ ასეთ ოჯახში დაიბადა; თუ დღევანდელი შემოსავლისა და ცხოვრების პირობების სტანდარტებით ვიმსჯელებთ, მისი ოჯახი საშუალო კლასად ძლივს ჩაითვლებოდა. კაცობრიობა ასეთ ოჯახს წარჩინებულად მიიჩნევდა თუ დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენლად? (დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენლად.) ამრიგად, ოჯახი, რომელშიც უფალი იესო დაიბადა, შორს იყო იმისგან, რომ ყოფილიყო ცნობილი, მდიდარი ან სახელოვანი, და კიდევ უფრო შორს იდგა იმისგან, რასაც დღეს მაღალ კლასად მიიჩნევენ. როდესაც მდიდარი ან მაღალი სტატუსის ოჯახების ბავშვები გარეთ გადიან, ხალხი, ჩვეულებრივ, მათ ირგვლივ შემოიკრიბება და გარს ეხვევა, მაგრამ უფალი იესოს ოჯახი სრულიად საპირისპირო იყო. იგი დაიბადა ოჯახში, რომელსაც არ ჰქონდა ძვირადღირებული საცხოვრებელი პირობები ან შესამჩნევი სტატუსი. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც ხალხისთვის შეუმჩნეველი და მათგან უგულებელყოფილი იყო, ისე, რომ არავინ ღაღადებდა მათ ქებას და არც არავინ ეხვეოდა გარს. იმჟამინდელი ასეთი ფონისა და სოციალური გარემოს პირობებში, იყო თუ არა ქრისტე იმ პოზიციაში, რომ მიეღო უმაღლესი განათლება ან ზემოქმედება და გავლენა განეცადა ზეპური საზოგადოების სხვადასხვა ცხოვრების წესის, აზრების, შეხედულებებისა და ა.შ. მხრივ? ცხადია, არ იყო. მან მიიღო ჩვეულებრივი განათლება, კითხულობდა წმინდა წერილებს სახლში, უსმენდა ამბებს თავისი მშობლებისგან და მათთან ერთად ესწრებოდა საეკლესიო მსახურებებს. ყველა თვალსაზრისით უფალი იესოს წარმოშობა და ის გარემო, რომელშიც იგი გაიზარდა, არ იყო ისეთი პრესტიჟული ან კეთილშობილური, როგორც ხალხს შეიძლებოდა წარმოედგინა. გარემო, რომელშიც იგი გაიზარდა, იგივენაირი იყო, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანისა. მისი ყოველდღიური ცხოვრება მარტივი და ჩვეულებრივი იყო, საცხოვრებელი პირობები — საშუალო ადამიანის მსგავსი; ისინი არაფრით განსაკუთრებული არ ყოფილა და იგი მოკლებული იყო საზოგადოების უმაღლესი ფენების განსაკუთრებულ, უმაღლეს საცხოვრებელ პირობებს. ეს იყო გარემო, რომელშიც ღვთის პირველი ხორცშესხმული სხეული დაიბადა, და გარემო, რომელშიც იგი გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად განკაცებული ღმერთის სქესი სრულიად განსხვავდება წინა შემთხვევისგან, მისი ოჯახური წარმომავლობა ანალოგიურად ჩვეულებრივი და ყოველგვარი გამორჩეული სტატუსის გარეშეა. ზოგი სვამს კითხვას: „რამდენად ჩვეულებრივი?“ ამ ეპოქაში ჩვეულებრივი ნიშნავს უბრალო საყოფაცხოვრებო გარემოს. ქრისტე მუშის ოჯახში დაიბადა, ე.ი. ოჯახში, რომელიც საარსებოდ ხელფასზეა დამოკიდებული, რომელსაც საკუთარ ძირითად საჭიროებებზე ზრუნვა შეუძლია, მაგრამ ისეთი შესაძლებლობით არ გამოირჩევა, როგორც მდიდარი. ქრისტე ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობდა და ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას ეცნობოდა; ის ასეთ გარემოში ცხოვრობდა, მასში განსაკუთრებული არაფერი იყო. ზოგადად, განა მუშათა ოჯახის შვილებს ხელოვნების უნარების დასწავლის საშუალება აქვთ? განა აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ მაღალ საზოგადოებაში გავრცელებულ სხვადასხვა შეხედულებას? (არა). ისინი არა მარტო არ იმყოფებიან იმ პოზიციაში, რომ შეისწავლონ სხვადასხვა უნარები, არამედ, მეტიც — მათ არ აქვთ შესაძლებლობა, შეხება ჰქონდეთ მაღალ საზოგადოებაში მყოფ ადამიანებთან, მოვლენებთან და საგნებთან. ამ თვალთახედვით, ოჯახი, რომელშიც ამჯერად დაიბადა განკაცებული ღმერთი, ძალიან ჩვეულებრივია. მისი მშობლები პატივსაცემი ადამიანები არიან, რომელთა საარსებო წყარო მათ შრომასა და სამსახურზეა დამოკიდებული, და საშუალო საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ. ასეთი პირობები ყველაზე გავრცელებულია თანამედროვე საზოგადოებაში. არამორწმუნეთა თვალთახედვით, ქრისტეს დაბადების გარემოს არანაირი გამორჩეული ან უკეთესი პირობები არ ახლდა თან და მის ოჯახურ წარმომავლობაში ან ცხოვრების ხარისხში თავის მოსაწონებელი არაფერი იყო. ზოგიერთი ცნობილი ადამიანი მეცნიერთა ოჯახებში იბადება; მათი წინაპრები პედაგოგები და უფროსი ინტელექტუალები იყვნენ. ისინი ამ გარემოში გაიზარდნენ, მეცნიერთა ოჯახის თანდაყოლილი სტილითა და მანერით. აირჩია ღმერთმა მსგავსი ოჯახური წარმომავლობა თავისი განკაცებული ხორცისთვის? არა. ამჯერადაც ღვთის ხორცშესხმას არ გააჩნია გამორჩეული ოჯახური წარმომავლობა და თვალსაჩინო სოციალური სტატუსი, და მით უმეტეს არ ჰქონია აღმატებული საყოფაცხოვრებო გარემო — მისი ოჯახი სრულიად ჩვეულებრივია. მოდი, ჯერ კიდევ ნუ განვიხილავთ, თუ რატომ აირჩია განკაცებულმა ღმერთმა სწორედ ასეთი ოჯახი, საცხოვრებელი გარემო და პირობები, რომელშიც უნდა გაზრდილიყო; ამის მნიშვნელობაზე ახლა არ ვისაუბრებთ. მითხარით, ნუთუ ზოგიერთს არ აინტერესებს, დაამთავრა თუ არა ქრისტემ უნივერსიტეტი? სიმართლეს გეტყვით: მე სკოლა კოლეჯში ჩასაბარებელ გამოცდამდე მივატოვე და 17 წლის ასაკში სახლიდან წამოვედი. მაშ, დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი? (არა). ეს ცუდი ამბავია თუ კარგი თქვენთვის? (ვფიქრობ, ამის ცოდნა არაფერს ცვლის, ის არ უკავშირდება ღვთის მიყოლას.) ეს სწორი თვალთახედვაა. ამის შესახებ არასდროს მისაუბრია, არა იმიტომ, რომ დამალვა ან მიჩქმალვა მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ამის თქმა საჭირო არ არის, რადგან ეს ყველაფერი სრულიად შეუსაბამოა ღვთის შეცნობასთან და მიყოლასთან. მიუხედავად იმისა, რომ განკაცებული ღმერთის დაბადების პირობებს, მის ოჯახურ გარემოსა და იმ გარემოს, რომელშიც გაიზარდა, არანაირი გავლენა არ აქვს ღმერთის ან განკაცებული ღმერთის შეცნობასთან და რეალურად არ უკავშირდება ამ რაღაცებს, მაინც რატომ განვიხილავ ამ საკითხებს აქ? დღეს რასაც განვიხილავთ, ეხება ანტიქრისტეების ერთ-ერთ შეხედულებას ქრისტეს შესახებ. ღმერთმა არ აირჩია თვალსაჩინო სტატუსი, კეთილშობილური იდენტობა ან გამორჩეული ოჯახური და სოციალური წარმომავლობა თავისი განკაცებული ხორცისთვის, მით უმეტეს, საკუთარი თავისთვის არ აირჩია აღმატებული, უზრუნველი, შეძლებული, ფუფუნებით სავსე გარემო, რომელშიც გაიზრდებოდა. ღმერთმა ასევე არ აირჩია ისეთი ოჯახური წარმომავლობა, სადაც შეძლებდა უმაღლესი განათლების მიღებას ან მაღალ საზოგადოებასთან ზიარებას. იმის გათვალისწინებით, თუ რა პირობები აირჩია ღმერთმა განკაცებისას, იმოქმედებდა თუ არა ეს ყოველივე იმ საქმეზე, რომლის შესასრულებლადაც ქრისტე მოვიდა? (არა.) თუ გადავხედავთ მისი შემდგომი საქმიანობის პროცესს, ბუნებასა და შედეგებს, ეს ასპექტები არანაირად არ მოქმედებს ღვთის სამუშაო გეგმაზე, ეტაპებსა თუ შედეგებზე; პირიქით, მისი არჩევანის ამ ასპექტებს გარკვეული უპირატესობა აქვს — კერძოდ, ის, რომ მან სწორედ ასეთ გარემოში დაბადება აირჩია, უფრო სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხის ხსნისთვის, რადგან მათი 99% მსგავსი წარმომავლობისაა. ეს არის განკაცებული ღვთის წარმოშობის მნიშვნელობის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ადამიანებმა უნდა გაიგონ.
სწორედ ახლა მარტივი, ზოგადი ტერმინებით ვისაუბრე ქრისტეს დაბადების პირობებსა და გარემოზე, რათა ზოგადი წარმოდგენა შეგქმნოდათ ამის შესახებ. შემდეგში გავაანალიზოთ, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები განკაცებული ღვთის წარმოშობას. თავდაპირველად ანტიქრისტეები ფარულად აბუჩად იგდებენ და ეწინააღმდეგებიან ქრისტეს დაბადების გარემოსა და პირობებს. აბუჩად რატომ იგდებენ და რატომ ეწინააღმდეგებიან მას? იმიტომ, რომ ისინი თავიანთ თავში ფიქრებსა და წარმოდგენებს ატარებენ. როგორია მათი თვალთახედვა ამის შესახებ? „ღმერთი არის შემოქმედი, ის ყველაფერზე აღმატებულია, ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზეცა, კაცობრიობა და ყველა სხვა შექმნილი არსება. თუ ეს ადამიანი ღმერთია, მაშინ ის კაცობრიობაში უმაღლეს ადგილს უნდა იკავებდეს.“ რას გულისხმობენ იმაში, რომ ის უმაღლეს ადგილს უნდა იკავებდეს? ისინი გულისხმობენ, რომ ის ყველაზე მაღლა უნდა იდგეს, რომ იგი გამორჩეულ, კეთილშობილურ და დიდ ოჯახში უნდა დაიბადოს და არაფერი უნდა აკლდეს; რომ ის მდიდარ ოჯახში უნდა დაიბადოს, მას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, ისევე, როგორც ხელმწიფება და გავლენა, და იყოს განსაკუთრებით შეძლებელი და მილიარდერი. ამავდროულად, ის უმღლესი განათლების მქონე უნდა იყოს და სწავლობდეს ყველაფერს, რაც ადამიანებმა ამ სამყაროში უნდა იცოდნენ. მაგალითად, ტახტის მემკვიდრესავით, მას ინდივიდუალური რეპეტიტორი უნდა ჰყავდეს, დადიოდეს ელიტურ სკოლებში და ტკბებოდეს უმაღლესი ფენის ცხოვრებით. ის არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ოჯახის შვილი. რადგან ქრისტე ხორცშესხმულია, მისი განათლება სხვებზე მაღლა უნდა იდგეს და მისი სასწავლო მასალები უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი ადამიანების მასალებისგან. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ქრისტე მეფობისთვის მოდის, მან უნდა ისწავლოს მმართველობის ხელოვნება, ასევე კაცობრიობის მართვა და კონტროლი, შეისწავლოს ოცდათექვსმეტი სტრატაგემა, ისწავლოს მრავალი ენა და დაეუფლოს ზოგიერთ მხატვრულ უნარს, რათა ეს ყველაფერი თავის მომავალ საქმიანობაში გამოიყენოს და მომავალში ყველა ტიპის ადამიანი მართოს. მათი აზრით, მხოლოდ ასეთი ქრისტე იქნებოდა კეთილშობილი, დიდებული და ადამიანების გადარჩენის უნარის მქონე, რადგან საკმარისი ცოდნა და ნიჭი ექნებოდა, ისევე, როგორც ადამიანების აზრების წაკითხვის საკმარისი უნარი, რათა მათი კონტროლი შეძლებოდა. ანტიქრისტეებს ასეთი წარმოდგენები აქვთ ღვთის განკაცებული ხორცის წარმოშობაზე და ისინი ამ წარმოდგენებს ეჭიდებიან ღვთის განკაცების მიღებისას. პირველ რიგში, ისინი არ თმობენ თავიანთ წარმოდგენებს და არ ცდილობენ, ღვთის საქმეები ხელახლა თავიანთი გულების სიღრმიდან აღიქვან ან გაიგონ. ისინი არ უარყოფენ საკუთარ წარმოდგენებსა და შეხედულებებს ან ვერ იგებენ რომ მცდარი შეხედულებები აქვთ; არც იმისკენ ისწრაფვიან, რომ შეიცნონ ქრისტე და ღვთის განკაცება და მიიღონ ყველაფერი, რასაც ქრისტე ამბობს და აკეთებს ჭეშმარიტებისადმი მორჩილების დამოკიდებულებითა და პრინციპით. სანაცვლოდ, ისინი ყველაფერს საკუთარი წარმოდგენებითა და შეხედულებებით ზომავენ. „ქრისტეს ეს განცხადება ლოგიკას მოკლებულია; ის ცუდად არის ფორმულირებული; აქ გრამატიკული შეცდომაა; აშკარად ჩანს, რომ ქრისტე უმაღლესი განათლების მქონე არ არის. განა ის უბრალო ადამიანივით არ საუბრობს? როგორ შეუძლია ქრისტეს ასე საუბარი? ეს მისი ბრალი არ არის. სინამდვილეში, მასაც სურს, რომ გამორჩეული იყოს და სხვებისგან პატივისცემით სარგებლობდეს, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია — ის კარგი ოჯახიდან არ არის. მისი მშობლები უბრალო ადამიანები იყვნენ, და მათმა ყოფამ მასზეც ისე იმოქმედა, რომ თავადაც იგივენაირი ადამიანი გახდა. როგორ შეეძლო ღმერთს ამის გაკეთება? რატომ არ გამოიყურება ქრისტეს სიტყვები და მანერები ძალიან ელეგანტურად და კეთილშობილურად? რატომ არ აქვს მას საზოგადოების მწიგნობრებისა და დახვეწილი ინტელექტუალების, ან საზოგადოების უმაღლესი ფენების პრინცესებისა და პრინცების მეტყველება და მანერები? რატომ ჩანს ქრისტეს სიტყვები და საქმეები ასეთი შეუსაბამო მის იდენტობასთან?“ ანტიქრისტეებს აქვთ ამგვარი თვალთახედვა და დამკვირვებელი თვალსაზრისი იმის მიმართ, თუ როგორ უყურებენ ქრისტეს, მის ყველა სიტყვასა და საქმეს, მის მიერ ხალხისადმი მოპყრობას, მის მეტყველებასა და მანერებს — და მათ გულებში უცილობლად უჩნდებათ წარმოდგენები. ისინი არა მხოლოდ არ ემორჩილებიან ქრისტეს, არამედ მის სიტყვებსაც არასწორად ეპყრობიან. ისინი ამბობენ: „შეიძლება თუ არა ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი, ასეთი უბრალოდ მცხოვრები იყოს ჩემი მხსნელი? შეუძლია მას ჩემი კურთხევა? შემიძლია რაიმე სარგებლის მიღება მისგან? აღსრულდება ჩემი სურვილები და მისწრაფებები? ეს ადამიანი ზედმეტად ჩვეულებრივია, იმ დონემდეც კი, რომ აბუჩად ასაგდებია.“ რაც უფრო მეტად აღიქვამენ ანტიქრისტეები ქრისტეს ჩვეულებრივად და საშუალო დონის ადამიანად, და რაც უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ქრისტე ძალიან ნორმალურია, მით უფრო ამაღლებულად და კეთილშობილად გრძნობენ საკუთარ თავს. ამავდროულად ზოგიერთი ანტიქრისტე მკაცრ შედარებებსაც აკეთებს: „ახალგაზრდა ხარ და არ იცი, როგორ ჩაიცვა ან როგორ ელაპარაკო ადამიანებს. არ იცი, როგორ გამოსტყუო ხალხს ამბები. რატომ ხარ ასეთი პირდაპირი? შენი ნათქვამიდან რომელი ჰგავს ღმერთისას? რომელი ნათქვამი წარმოაჩენს, რომ ღმერთი ხარ? შენი ქმედებები, მეტყველება, ქცევა, მანერები და ჩაცმულობა რანაირად ჰგავს ღმერთს? არ ვფიქრობ, რომ რაიმე მხრივ ღმერთს ჰგავდე. ქრისტეს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს, ბიბლია ზეპირად უნდა იცოდეს და დახვეწილად საუბრობდეს, შენ კი სულ იმავეს იმეორებ და ზოგჯერ ისეთ სიტყვებს იყენებ, რომლებიც შეუფერებელია.“ ქრისტეს მიყოლის მრავალი წლის შემდეგ ანტიქრისტეებმა გულის სიღრმეში არც ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტება მიიღეს და არც ის ფაქტი მიუღიათ, რომ ქრისტე ღვთის ხორცშესხმული ხორცია. ეს იმის ტოლფასია, რომ მათ ქრისტე არ მიუღიათ მხსნელად. სანაცვლოდ, ისინი გულის სიღრმეში კიდევ უფრო აბუჩად იგდებენ ღვთის განკაცებულ ხორცს, ამ ჩვეულებრივ ადამიანს. რადგან ისინი ქრისტეში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ, რადგან მისი წარმოშობა ძალიან ჩვეულებრივი და ყოფითია, და რადგან ის, როგორც ჩანს, ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს მათ საზოგადოებაში ან კაცობრიობაში და არც რაიმე უპირატესობით სარგებლობის საშუალებას აძლევს, ისინი იწყებენ მის წინააღმდეგ თავხედურად და ღიად განკითხვას: „განა ვიღაცის ოჯახიდან მოსული უბრალო ბავშვი არ ხარ? მაშინ რა მიშლის ხელს, რომ განგიკითხო? რისი გაკეთება შეგიძლია ჩემთვის? რომ გქონოდა სახელოვანი ოჯახი ან გყოლოდა სახელოვან მშობლები — მოხელეები, შეიძლება შემშინებოდა შენი. აბა, შენნაირის რატომ უნდა მეშინოდეს? ასე რომ, თუნდაც ქრისტე იყო, ღვთის მიერ დამოწმებული განკაცებული ხორცი, არ მეშინია შენი! მაინც განგიკითხავ ზურგს უკან და თავისუფლად გავაკეთებ კომენტარებს შენზე. როცა შესაძლებლობა მექნება, შევისწავლი შენს ოჯახსა და დაბადების ადგილს.“ ეს არის ანტიქრისტეების საყვარელი რამეები, რომლებზეც აურზაურს ტეხენ. ისინი არასოდეს ეძიებენ ჭეშმარიტებას და ყველაფერს, რაც მათ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს არ ემთხვევა, განუწყვეტლივ განსჯიან და ეწინააღმდეგებიან. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ ის, რასაც ქრისტე გამოხატავს, ჭეშმარიტებაა, მაშინ რატომ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას? ისინი ნამდვილად არაგონივრულები არიან!
ანტიქრისტეები განსაკუთრებულად თაყვანს სცემენ ძალაუფლებასა და სტატუსს. ქრისტე რომ მდიდარი, ძლიერი ოჯახიდან ყოფილიყო, ისინი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდნენ. მაგრამ რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი, ძალაუფლების არმქონე ოჯახიდან, საერთოდ არ შეეშინდებოდათ მისი, ექნებოდათ განცდა, რომ შეეძლოთ ღვთის, ქრისტეს თავისუფლად გამოკვლევა და განსჯა, და სრულიად გულგრილები იქნებოდნენ ამის მიმართ. თუკი ისინი ჭეშმარიტად აღიარებდნენ და დაიჯერებდნენ, რომ ეს პიროვნება ხორცშესხმული ღმერთია, შეძლებდნენ კი ასე მოქცევას? მოიქცევა ასე ვინმე, ვისაც თუნდაც მცირედ ღვთისმოშიში გული აქვს? ნუთუ არ შეიკავებდნენ თავს? (დიახ.) რა ტიპის ადამიანებს შეუძლიათ ასე მოქცევა? განა ეს არ არის ანტიქრისტეების ქცევა? (დიახ.) თუ შენ აღიარებ, რომ ქრისტეს არსი თავად ღმერთია და რომ ადამიანი, რომელსაც მიჰყვები, ღმერთია, როგორ უნდა მოეპყრო ყველაფერს, რაც ქრისტეს ეხება? განა ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ პრინციპები? (დიახ.) მაშინ რატომ ბედავენ ისინი ამ პრინციპების დარღვევას უმცირესი ყოყმანის გარეშე? განა ეს არ არის ქრისტესადმი მტრობის გამოვლინება? იმის გამო, რომ ქრისტე ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა, მასთან უკმაყოფილების განცდასთან ერთად, ანტიქრისტეები ასევე მტრობას ამჟღავნებენ მისი ოჯახისა და ოჯახის წევრების მიმართ; და მიუხედავად იმისა, რომ ეს მტრობა უჩნდებათ, ისინი არ ჩერდებიან ან არ ისვენებენ; პირიქით, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ, ქრისტეს სახლს დასტრიალებენ და ინფორმაციას აგროვებენ — ისე, თითქოს რაღაც კანონიერ საქმეს აკეთებდნენ: „დაბრუნდა ქრისტე? შეიცვალა ოჯახის ცხოვრებაში რაიმე ქრისტეს გამოჩენის შემდეგ?“ ისინი ყოველი შესაძლებლობისას ცხვირს ყოფენ ამ საქმეებში. განა ასეთი ადამიანები საძულველები არ არიან? განა ასეთი ადამიანები საზიზღრები არ არიან? ნუთუ ისინი საძაგლები არ არიან? ისინი უკიდურესად საძაგლები და ბინძურები არიან! მოდი, ახლა თავი დავანებოთ იმას, თუ როგორია მათი რწმენა ღმერთის მიმართ, და უბრალოდ განვიხილოთ: როგორი ზნეობა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი საქმეების კეთება შეუძლიათ და რომლებსაც ასეთი მანკიერი ფიქრები აქვთ? მათ აუცილებლად დაბალი ზნეობა გააჩნიათ. ისინი ყველანი არაპატიოსანი მდაბიოები და უკიდურესად საზიზღრები და ბინძურები არიან! თუ შენ არ გწამს ქრისტე, შეგიძლია ღიად მითხრა: „შენ არ გავხარ ღმერთს; შენ უბრალოდ ადამიანი ხარ. მე ზურგს უკან განგიკითხე — რისი გაკეთება შეგიძლია ამასთან დაკავშირებით? მე შენ უარგყავი — რისი გაკეთება შეგიძლია ამის გამო? თუკი არ გჯერა, მე არ გაძალებ და არც არავინ დაგაძალებს ამას. მაგრამ არ არის საჭირო, რომ ფარულად ჩაერთო ამ წვრილმან ქმედებებში. რა მიზანს ემსახურება ისინი? ეხმარება ეს შენს რწმენას გაძლიერებაში? ეხმარება შენს ცხოვრებას წინსვლაში ან გეხმარება ღვთის უკეთ გაგებაში? ისინი არცერთ ამ მიზანს არ ემსახურებიან, მაშინ რატომ ეწევი ამას? ყოველ შემთხვევაში, ვინც ასეთ ქმედებებშია ჩართული, უკიდურესად სამარცხვინო ადამიანური თვისებები აქვს; მათ არ სწამთ ქრისტეს არსი და არ აღიარებენ მის იდენტობას. თუკი არ გჯერა, მაშინ ნუ გჯერა. წადი! რატომ აჭიანურებ შენს ყოფნას ღვთის სახლში? არ გჯერა ღვთის, მაგრამ მაინც გინდა კურთხევა და გაქვს ამბიციები და სურვილები — ეს არის ანტიქრისტეების სიბოროტე. ასეთ ადამიანებს, ვინაიდან ასე უკიდურესად საძაგელნი არიან, შეუძლიათ ასეთი „გამორჩეული“ ქმედებები ჩაიდინონ. მე ოცი წელი არ ვიყავი სახლში და ეს ადამიანები ოცი წლის განმავლობაში „კარგად უვლიდნენ“ ამ სახლს; მე ოცდაათი წელი არ ვიყავი და ისინი ოცდაათი წლის განმავლობაში „უვლიდნენ“ მას. მიკვირდა, რატომ იყვნენ ასე „კეთილები“ და უსაქმურები. მე ვიპოვე პასუხი ამ კითხვაზე, კერძოდ ის, რომ მათ სურთ ბოლომდე შეეწინააღმდეგონ ღმერთს. მათ არ სწამთ ღვთის არსისა ან იმ ყველაფრისა, რაც მან გააკეთა. ზედაპირულად ისინი ცნობისმოყვარეები და გულშემატკივრები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი აკვირდებიან და ბერკეტებს ეძიებენ; შინაგანად მტრულად არიან განწყობილნი, უარყოფენ და გმობენ. რატომ სჯერათ ჯერ კიდევ ამ ადამიანებს? რა აზრი აქვს მათ ღვთის რწმენას? უნდა შეწყვიტონ რწმენა და სწრაფად გაეთრიონ აქედან! ღვთის სახლს არ სჭირდება ასეთი ხალხი. მათ არ უნდა შეირცხვინონ თავები! იგივეს იზამდით მსგავს გარემოებებსა და პირობებში? თუ ამას შეძლებდით, მაშინ თქვენც ზუსტად ისეთები ხართ, როგორიც ისინი — ანტიქრისტეების ჯგუფი, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბოლომდე ებრძოლონ ღმერთს, დაუღალავად, სიკვდილამდე ცდილობენ იპოვონ ბერკეტები და მტკიცებულებები ღვთის წინააღმდეგ, რათა უარყონ იგი, მისი არსი და იდენტობა.
რაც უნდა აკეთოს ღმერთმა, ის არასდროს ცდება. მიუხედავად იმისა, დაიბადა იგი ჩვეულებრივ, რიგით გარემოში და წარმომავლობაში თუ წარჩინებულში, ამაში არანაირი შეცდომა არ იქნებოდა და არც ისეთი რამ, რაც ადამიანებს მის წინააღმდეგ საბაბის მოძებნის საშუალებას მისცემდა. თუ შენ ცდილობ, იპოვო რაიმე ხარვეზი ან მტკიცებულება ღვთის განკაცებულ ხორცში, რათა დაამტკიცო, რომ ის არ არის ქრისტე ან რომ მას არ გააჩნია ღვთის არსი, გეუბნები: შენ არ გჭირდება ცდა და არც რწმენით შეწუხება. უბრალოდ წადი — განა ამით არ აირიდებ თავიდან ტკივილსა და წვალებას? რატომ ირთულებ ცხოვრებას ასე ძალიან? ქრისტეში ბრალის ან მტკიცებულების ძებნა, რათა იგი დაადანაშაულო, უარყო ან დაგმო, არ არის შენი კანონიერი საქმე, მოვალეობა ან პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმ ოჯახისა, რომელშიც ქრისტე დაიბადა, იმ გარემოსი, რომელშიც გაიზარდა, ან იმ ადამიანური ბუნებისა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო თავად ღვთის, შემოქმედის არჩევანი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს არავისთან. რაც უნდა აკეთოს ღმერთმა, მართალია, და ის ჭეშმარიტებაა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთდება. ღმერთი ჩვეულებრივი ოჯახის მაგივრად სასახლეში დაბადებულიყო, გექნებოდა შენ — ჩვეულებრივ მკვიდრს, საზოგადოების ქვედა ფენებიდან წამოსულ მდაბიო ადამიანს — საერთოდ რაიმე შანსი, რომ ღმერთთან გქონოდა ურთიერთობა? არ გექნებოდა ამის შესაძლებლობა. მაშინ, არის რაიმე არასწორი იმაში, რომ ღმერთმა დაბადებისა და გაზრდის ასეთი გზა აირჩია? ეს არის მსოფლიოში შეუდარებელი სიყვარული, ეს არის ყველაზე პოზიტიური რამ. თუმცა, ანტიქრისტეები ღვთის მიერ გაკეთებულ ყველაზე პოზიტიურ საქმესაც კი აღიქვამენ ნიშნად იმისა, რომ ის ადვილად დასაჩაგრი და სათამაშოა, და სურთ, რომ მუდმივად დააკვირდნენ, რათა მის წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბერკეტები ეძებონ. რას აკონტროლებ შენ? თუ შენ არც კი ენდობი ქრისტეს ზნეობას და ადამიანურ ბუნებას და მიჰყვები მას, როგორც ღმერთს, მაშინ ნუთუ საკუთარ თავს სახეში არ არტყამ? ნუთუ საკუთარ თავს არ ურთულებ საქმეს? რატომ თამაშობ ამ თამაშს? გასართობია? შემდგომში, დავაკვირდი, რომ ადამიანების უმრავლესობამ, ვინც მოგვიანებით მიიღო ყოვლისშემძლე ღმერთი, შეძლო ამ საკითხის სწორად შეფასება. მცირე ნაწილი ცნობისმოყვარეობას იჩენდა ჩემთან ურთიერთობისას, მაგრამ მე ვირიდებდი და ვაიგნორებდი ასეთ ხალხს. თუ შენ შეგიძლია ჭეშმარიტების მიღება, ერთი ოჯახი ვართ. თუ არ შეგიძლია და მუდმივად ცდილობ ჩემი პირადი ინფორმაციის მოძიებას, მაშინ წადი. მე შენ არ გცნობ; ჩვენ ოჯახი არ ვართ, არამედ მტრები ვართ. თუ ღვთის მრავალი სიტყვის მოსმენისა და მისი მუშაობისა და მწყემსობის მრავალი წლის განმავლობაშიც კი, ადამიანებს მაინც აქვთ ასეთი ფიქრები ღვთის განკაცებულ ხორცთან დაკავშირებით და თანაც ამგვარად მოქმედებენ, უნდა ითქვას, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ ღვთისადმი მტრულად განწყობილი ხასიათი. ისინი ღვთის მტრებად არიან დაბადებულნი და არ შეუძლიათ დადებითი რამეების მიღება.
ორი ათასი წლის წინ პავლემ დიდი ძალისხმევა გასწია უფალი იესოს წინააღმდეგ საბრძოლველად — გიჟურად დევნიდა, განსჯიდა და გმობდა მას. რატომ? იმის გამო, რომ უფალი იესო ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა, იგი მოსახლეობის რიგითი წევრი იყო და არ ჰქონდა მიღებული ე.წ. განათლება, არც მწიგნობართა და ფარისეველთა გავლენა ან ზემოქმედება განუცდია. პავლეს თვალში ასეთი ადამიანი არ იყო ღირსი, ქრისტედ წოდებულიყო. რატომ? იმიტომ, რომ მას მდაბალი იდენტობა და მცირე სოციალური სტატუსი ჰქონდა, ის ადამიანთა საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და, შესაბამისად, არ იყო ღირსი, ქრისტედ ან ცოცხალი ღვთის ძედ წოდებულიყო. ამ მიზეზის გამო პავლემ გაბედა, ყველანაირი ძალისხმევა ეხმარა, რომ უფალი იესოსთვის წინააღმდეგობა გაეწია— იყენებდა თავის გავლენას, ქარიზმასა და ხელისუფლებას, რათა დაეგმო და მისთვის დაწინააღმდეგობა გაეწია, ჩაეშალა მისი საქმე და დაეპატიმრებინა მისი მიმდევრები. მაშინ, როდესაც ის უფალ იესოს წინააღმდეგობას უწევდა, პავლეს სწამდა, რომ ღვთის საქმეს იცავდა, რომ მისი ქმედებები სამართლიანი იყო და რომ ის სამართლიან ძალას წარმოადგენდა. მას ეგონა, რომ ღმერთს კი არა, ჩვეულებრივ ადამიანს ეწინააღმდეგებოდა. ზუსტად იმიტომ, რომ ქრისტეს წარმომავლობა მდაბლად და არადამაჯერებლად მიაჩნდა, გაბედა, უკონტროლოდ და დაუფიქრებლად განესაჯა და დაეგმო ქრისტე, თავის ქმედებებში კი განსაკუთრებით მშვიდად და მტკიცედ გრძნობდა თავს. როგორი არსება იყო ის? თუნდაც მაშინ, თუ ვერ აცნობიერებდა, რომ უფალი იესო ღვთის განკაცებული ხორცი იყო და არ იცოდა, რომ მისი ქადაგებები და სიტყვები ღვთისგან მომდინარეობდა, იმსახურებდა ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი მის სრულმასშტაბიან შეტევას? იმსახურებდა ის ამგვარ მავნებლურ თავდასხმას? იმსახურებდა იმას, რომ პავლეს მის წინააღმდეგ ჭორები და ტყუილები გამოეგონა სხვების მოსატყუებლად და ხალხის გადასაბირებლად? ნუთუ პავლეს ტყუილები უსაფუძვლო არ იყო? ნუთუ უფალი იესოს რომელიმე ქმედებამ იმოქმედა პავლეს ინტერესებსა თუ სტატუსზე? არა. უფალი იესო საზოგადოების დაბალ ფენებში ქადაგებდა და ამავდროულად, მრავალი ადამიანი მიჰყვებოდა მას. ეს სრულიად განსხვავებული სამყარო იყო პავლესნაირი ადამიანის საცხოვრებელი გარემოსგან, მაშ, რატომ დევნიდა პავლე უფალ იესოს? ეს მისი, როგორც ანტიქრისტეს არსის მოქმედებაა. ის ფიქრობდა: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდებული, მართალი ან მისაღებია შენი ქადაგებები, თუ მე ვამბობ, რომ არ ხარ ქრისტე, მაშინ არ ხარ ქრისტე. თუ შენ არ მომწონხარ, განგდევნი, თვითნებურად დაგადანაშაულებ და პასუხს გაგაგებინებ“. რადგან ქრისტეს ნორმალურ ადამიანობაში არსებული ესყოველივე არ აკმაყოფილებდა პავლეს მოთხოვნებს და არც ქრისტეს მოქმედებები და მისთვის დამახასიათებელი თვისებები შეესაბამებოდა პავლეს წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, პავლეს მსგავს ანტიქრისტეებს შეეძლოთ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე განესაჯათ, უარეყოთ და დაეგმოთ იგი. რა მოხდა ბოლოს? მას შემდეგ, რაც უფალი იესოს მიერ იქნა განგმირული, პავლემ ბოლოს და ბოლოს აღიარა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ ამის შემდეგ უფალმა იესომ თქვა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ წინააღმდეგობას უწევ.“ ამის შემდეგ პავლეს აღარ სჯეროდა, რომ იესო იყო ჩვეულებრივი ადამიანი ან ვინმე ისეთი, ვინც თავისი თავმდაბალი წარმოშობის გამო ქრისტეს არ ჰგავდა. რატომ? იმის გამო, რომ უფალი იესოს სინათლეს შეეძლო ადამიანების დაბრმავება, მას ჰქონდა ხელმწიფება და მის სიტყვებს შეეძლო ადამიანებისა და მათი სულების განგმირვა. პავლე ფიქრობდა: „ნუთუ ეს ადამიანი, სახელად იესო, რეალურად ღმერთია? ნუთუ ის ცოცხალი ღვთის ძეა? მას შეუძლია ადამიანების განგმირვა, მაშასადამე, ის ღმერთი უნდა იყოს. მაგრამ აქვეა ერთი რამ — ის, ვინც ხალხს განგმირავს, არ არის ეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ქრისტეს უწოდებენ, არამედ ღვთის სულია. ასე რომ, რადაც უნდა დაჯდეს, სანამ იესო გქვია, მე თაყვანისცემით შენ წინაშე არ მუხლს არ მოვიყრი. მე მხოლოდ ზეციურ ღმერთს, ღვთის სულს ვცემ თაყვანს.“ განგმირვის შემდეგ პავლეს აზრად მოსდის ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი განგმირვა ცუდი რამ იყო, ამან გააზრებინა, რომ ადამიანს, რომელსაც ქრისტეს უწოდებდნენ, განსაკუთრებული იდენტობა ჰქონდა, და რომ ქრისტედ ყოფნა ასეთი პატივი იყო, და რომ ვინც ქრისტე ხდებოდა, შეეძლო ცოცხალი ღვთის ძე გამხდარიყო, ღმერთთან უფრო მიახლოებულიყო და შეეცვალა თავისი ურთიერთობა ღმერთთან, რითაც ეს ჩვეულებრივი ადამიანი განსაკუთრებული ხდებოდა და ამ ჩვეულებრივი ადამიანის იდენტობა ღვთის ძის იდენტობად გარდაიქმნებოდა. ის ფიქრობდა: „მიუხედავად იმისა, რომ შენ, იესო, ცოცხალი ღვთის ძე ხარ, რა არის ამაში ასეთი შთამბეჭდავი? მამაშენი ღარიბი დურგალი იყო, დედაშენი კი — ჩვეულებრივი დიასახლისი. შენ უბრალო ხალხში გაიზარდე, შენს ოჯახს დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდა და თავადაც არ გაქვს რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობები. გიქადაგია ოდესმე ტაძარში? გაღიარებენ მწიგნობრები და ფარისევლები? რა განათლება გაქვს მიღებული? აქვთ შენს მშობლებს მაღალი დონის ცოდნა? შენ არ გაქვს არცერთი რამ, მაგრამ მაინც ცოცხალი ღვთის ძე ხარ. მაშ, რადგან მე ასეთი მაღალი დონის ცოდნა მაქვს, მაღალი საზოგადოების ხალხთან ურთიერთობა მაქვს და ჩემი მშობლები ძალიან ინტელექტუალები, განათლებულები და გარკვეული წარმომავლობის არიან, ნუთუ ჩემთვის იოლი არ იქნებოდა, რომ ქრისტე გავმხდარიყავი?“ რას გულისხმობდა ის? „თუ ისეთ ადამიანს, როგორიც იესოა, შეუძლია იყოს ქრისტე, ნუთუ მე, პავლეს, მით უფრო არ შემიძლია, რომ ვიყო ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე, რადგან ასეთი არაჩვეულებრივი, ქარიზმატული, მცოდნე და მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ვარ? როდესაც იესო ცოცხალი იყო, ის უბრალოდ ქადაგებდა, კითხულობდა წმინდა წერილებს, ავრცელებდა მონანიების გზას, ყველგან დადიოდა, კურნავდა ხალხს სნეულებებისგან, განდევნიდა დემონებს და წარმოადგენდა უამრავ ნიშანსა და სასწაულს. სულ ეს არის, არა? ამის შემდეგ ის ცოცხალი ღვთის ძე გახდა და ზეცაში ამაღლდა. რა რთული უნდა იყოს ეს? მე, პავლე, ცოდნით სავსე ვარ და წარჩინებული სოციალური სტატუსი და იდენტობა მაქვს. თუ ხალხში უფრო მეტად ვივლი, როგორც იესო იქცეოდა, გავზრდი ჩემს ცნობადობას, შევიძენ მეტ მიმდევარს და უფრო მეტ ადამიანს მოვუტან სიკეთეს, და თუ შევძლებ სირთულეების ატანას, საფასურის გადახდას, ჩემი სოციალური მდგომარეობის დაწევას, მეტ ქადაგებას, მეტი სამუშაოს შესრულებას და მეტი ადამიანის შეძენას, ნუთუ მაშინ ჩემი იდენტობა არ შეიცვლება? ნუთუ ადამიანის ძისგან ღვთის ძედ არ გარდავიქმნები? ნუთუ ღვთის ძე ქრისტე არ არის? რა არის ისეთი რთული ქრისტედ ყოფნაში? განა ქრისტე ადამიანის ძე არ არის, რომელიც ადამიანისგან იშვა? რადგან იესომ შეძლო ქრისტე გამხდარიყო, მე, პავლეს, რატომ არ შემიძლია? ეს ძალიან ადვილია! რასაც იესო აკეთებდა, მეც გავაკეთებ; რასაც ის ამბობდა, მეც ვიტყვი; როგორც ის დადიოდა ხალხში, მეც ზუსტად ისე ვიზამ. ნუთუ მაშინ მეც იესოს იდენტობა და მდგომარეობა არ მექნება? ნუთუ მეც არ დავაკმაყოფილებ ღვთის მოწონების პირობებს, ზუსტად ისე, როგორც იესომ გააკეთა?“ აქედან გამომდინარე, პავლეს წერილებიდან სულაც არ არის რთული დავინახოთ მისი გაგება და აღქმა იესოს იდენტობის შესახებ. მას სჯეროდა, რომ უფალი იესო იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც შრომითა და საფასურის გადახდით, და განსაკუთრებით ჯვარცმის შემდეგ, მოიპოვა ზეციური მამის მოწონება და ცოცხალი ღვთის ძე გახდა — ანუ მისი იდენტობა მოგვიანებით შეიცვალა. ამრიგად, პავლესნაირი ადამიანები გონებაში არასოდეს აღიარებენ იესოს დედამიწაზე ღვთის მიერ შემოსილ ხორცად — კაცობრიობაში ღვთის განკაცებულ ხორცად. ისინი არასოდეს აღიარებენ ქრისტეს არსს.
დღევანდელი ანტიქრისტეები პავლეს ჰგვანან. უპირველეს ყოვლისა, ისინი იზიარებენ ერთსა და იმავე ფიქრებს, ამბიციებსა და მეთოდებს, ისევე როგორც კიდევ ერთ რამეს — სისულელის საერთო თვისებას. საიდან იღებს სათავეს მათი სისულელე? ის მათი ამბიციებისგან და სურვილებისგან მოდის. როდესაც ანტიქრისტეები ღვთის ხორცის შესხმას უყურებენ, არ აქვს მნიშვნელობა, რა კუთხიდან შეხედავენ, ისინი ვერ ხედავენ ღვთის არსს ქრისტეში. არ აქვს მნიშვნელობა როგორ უყურებენ, ისინი ვერ მოიპოვებენ ჭეშმარიტებას ამისგან და ვერ იგებენ ღვთის ხასიათს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ უყურებენ, მათ ყოველთვის სჯერათ, რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანია. ისინი ფიქრობენ, რომ ქრისტე პირდაპირ ზეციდან რომ ჩამოსულიყო, ისე რომ ყველას რომ ენახა, ის არ იქნებოდა ჩვეულებრივი; ისინი ფიქრობენ, რომ ქრისტეს რაიმე წარმოშობა ან წარმომავლობა საერთოდ რომ არ ჰქონოდა და ადამიანებს შორის ჰაერიდან გაჩენილიყო, ეს ძალიან უჩვეულო და არაჩვეულებრივი იქნებოდა! ისეთი რაღაცეები, რასაც ადამიანები ვერ შეიცნობენ და რაც არაჩვეულებრივია, ზუსტად ის არის, რაც აკმაყოფილებს ანტიქრისტეების ამბიციებს, სურვილებსა და ცნობისმოყვარეობას. მათ ურჩევნიათ, მიჰყვნენ ასეთ ქრისტეს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა და მათთვის სიცოცხლის მინიჭება. სწორედ იმიტომ, რომ ქრისტე ადამიანისგან იშვა და რეალურად ჩვეულებრივი ადამიანია — ჩვეულებრივი, პრაქტიკული ადამიანი, რომელიც საკმარის ყურადღებას არ იპყრობს და ისე არ საუბრობს, რომ ცა და მიწა შეძრას — როდესაც ანტიქრისტეები გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებიან მას, იჯერებენ, რომ ყველაფერში, რასაც ქრისტე აკეთებს, მეტი არაფერია. რაღაც კანონზომიერებების გამოვლენის შემდეგ ისინი ქრისტეს მიბაძვას იწყებენ. ისინი ბაძავენ მის ტონს, საუბრის მანერასა და ინტონაციას. ზოგიერთი მათგანი იმ კონკრეტულ სიტყვებსაც კი ბაძავს, რომლებსაც ის იყენებს, და მისი სუნთქვის ხმასა და ხველასაც იმეორებს. ზოგიერთი სვამს კითხვას: „არის ეს მიბაძვა უმეცრების ბრალი?“ ასე არ არის. რა იწვევს ამას? როდესაც ანტიქრისტეები ხედავენ ისეთ ჩვეულებრივ ადამიანს, როგორიც ქრისტეა — ვინც უბრალოდ რამდენიმე ჩვეულებრივ სიტყვას ამბობს — და რომელსაც ამდენი მიმდევარი და მისადმი დამორჩილებული ამდენი ადამიანი ჰყავს, ნუთუ მაშინ მათი გულის სიღრმეში გარკვეული ფიქრები არ იბადება ამ საკითხთან დაკავშირებით? უხარიათ ღვთის გამო, უხარიათ მის გამო და ადიდებენ მას, თუ აღშფოთებას, გულისწყრომას, მტრულ განწყობილებას, შურსა და ეჭვიანობას განიცდიან? ისინი ფიქრობენ: „როგორ გახდი ღმერთი? მე რატომ არ ვარ ღმერთი? შეგიძლია რამდენიმე ენაზე საუბარი? შეგიძლია ნიშების წარმოდგენა და სასწაულების მოხდენა? რა შეგიძლია მოუტანო ხალხს? რა ნიჭი და ტალანტი გაქვს? რა შესაძლებლობები გაქვს? როგორ მიაღწიე იმას, რომ ამდენი ადამიანი გამოგყვა? შენი შესაძლებლობები რომ იყოს ყველაფერი, რაც ამდენი ადამიანის მოსაზიდად არის საჭირო, მაშინ ჩემი შესაძლებლობებით კიდევ უფრო მეტი გამომყვება.“ ამრიგად, ანტიქრისტეები ცდილობენ, ძალისხმევა სწორედ ამაზე მიმართონ. შესაბამისად, ისინი სრულად ეთანხმებიან პავლეს შეხედულებას, რომ ქრისტედ ქცევა მიღწევადი ოცნებაა.
როდესაც ღმერთი ეუბნება ადამიანებს, რომ მოვალეობის შემსრულებელი ადამიანები და მოვალეობის შემსრულებელი ქმნილებები უნდა იყვნენ, ანტიქრისტეები განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიან ამ სიტყვების მიმართ და ამბობენ: „ყველაფერი, რასაც ღმერთი ამბობს, კარგი და სწორია, მაგრამ იმის არდაშვება, რომ ჩვენ ქრისტე გავხდეთ, არასწორია. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, რომ ქრისტე გახდნენ? ნუთუ ქრისტე უბრალოდ ისეთი ვინმე არ არის, ვისაც ღვთის სიცოცხლე აქვს? მაშასადამე, თუკი ღვთის სიტყვებს ვიღებთ, მის მიერ მორწყვასა და მწყემსვას ვექვემდებარებით და ღვთის სიცოცხლე გვაქვს, განა ჩვენც არ შეგვიძლია გავხდეთ ქრისტე? შენ ადამიანებისგან დაბადებული ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ჩვენც ასევე ვართ. რა საფუძველზე შეგიძლია შენ იყო ქრისტე, ჩვენ კი — არა? განა შენი ცხოვრების გვიანდელ პერიოდში არ გახდი ქრისტე? თუ ვიტანჯებით და საფასურს ვიხდით, უფრო მეტს ვკითხულობთ ღვთის სიტყვებს, გვაქვს ღვთის სიცოცხლე, ვსაუბრობთ იმავე სიტყვებით, რითიც ღმერთი საუბრობს, ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ღმერთს სურს, და ვბაძავთ ღმერთს, ნუთუ ჩვენც არ შეგვიძლია რომ გავხდეთ ქრისტე? რა არის ამაში რთული?“ ანტიქრისტეებს არ ახარებთ ქრისტეს მიყოლა და მის ჩვეულებრივ მიმდევრებად გადაქცევა, ან შემოქმედის მმართველობის ქვეშ მყოფ ქმნილებებად ყოფნა. მათ სურვილები და ამბიციები უბიძგებთ: „ნუ იქნები ჩვეულებრივი ადამიანი. ქრისტეს ყოველ ნაბიჯზე მიყოლა და მორჩილება არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა. ქრისტეს სიტყვებისა და ღვთის დაპირებების მიღმა, თქვენ უფრო მაღალი მისწრაფებები უნდა გქონდეთ — როგორიცაა ღვთის ძედ ქცევა, პირმშო ძედ გახდომა, ქრისტედ ყოფნა, ღვთის მიერ დიდი მიზნებისთვის გამოყენება ან ღვთის სამეფოში სვეტად ყოფნა. რა დიდებული და შთამაგონებელი მიზნებია ეს!“ რას ფიქრობთ ამ იდეებზე? ღირს მათი წახალისება? არის ეს ისეთი რამ, რაც ნორმალურ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ? (არა.) სწორედ იმიტომ, რომ ანტიქრისტეებს ქრისტეს იდენტობისა და არსის შესახებ ასეთი გაგება აქვთ, ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ ქრისტეს წინააღმდეგობის, განსჯის, გამოცდის, უარყოფისა და დაგმობის საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებს. ისინი ფიქრობენ: „რა არის საშიში ადამიანის განსჯაში? შენ ხომ უბრალოდ ადამიანი ხარ, არა? შენც აღიარებ, რომ ადამიანი ხარ, მაშ, რა არის ცუდი იმაში, რომ განგსჯი, გაფასებ ან გგმობ? რა არის ცუდი იმაში, რომ გაკვირდები ან გიკვლევ? ეს ჩემი თავისუფლებაა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო!“ ისინი ამას არ უყურებენ, როგორც ღმერთთან წინააღმდეგობის გაწევას ან მასთან დაპირისპირებას, რაც ძალიან საშიში თვალსაზრისია. ამრიგად, ბევრი ანტიქრისტე უკვე 20 ან 30 წელია, ზუსტად ასე უპირისპირდება ქრისტეს და გულის სიღრმეში მუდამ ეჯიბრება მას. მე ჭეშმარიტებას გეტყვით — რასაც აკეთებთ, თქვენი ნებაა, მაგრამ თუკი, როგორც ღვთის მიმდევარი, ღვთის განკაცებულ ხორცს ასე უპასუხისმგებლოდ ეპყრობით, მაშინ ერთი რამ ცხადია: შენ ადამიანს კი არ აყენებ ზიანს, არამედ ღიად უჯანყდები და უპირისპირდები ღმერთს — შენ ღვთის წინააღმდეგ დგახარ. ყველაფერი, რაც ეხება ღვთის არსს, ხასიათს, ქმედებებს, და განსაკუთრებით ღვთის განკაცებას, ადმინისტრაციულ განკარგულებებს უკავშირდება. თუკი ასე უპატივცემულოდ ეპყრობი ქრისტეს და ასე უპატივცემულოდ განსჯი და გმობ მას, მაშინ გეტყვი, რომ შენი ბედი უკვე გადაწყვეტილია. ნუ ელი, რომ ღმერთი გიხსნის. ღმერთი ვერ იხსნის ვინმეს, ვინც ღიად აჯანყდება მის წინააღმდეგ და უპატივცემულოდ დაუპირისპირდება. ასეთი ადამიანი ღვთის მტერია, ისინი სატანა და ეშმაკნი არიან, და ღმერთი არ გადაარჩენს მათ. იჩქარე და მიდი მასთან, ვიზეც ფიქრობ, რომ შენი გადარჩენა შეუძლია. ღვთის სახლი არ შეგაკავებთ, მისი კარი ფართოდ არის ღია. თუ ფიქრობ, რომ პავლეს შეუძლია შენი გადარჩენა, მიდი მასთან; თუ ფიქრობ, რომ მწყემსს შეუძლია, მასთან მიდი. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ღმერთი არ გადაგარჩენს. რასაც აკეთებ, შენი თავისუფლებაა, მაგრამ ის, გადაგარჩენთ თუ არა ღმერთი, ეს მისი თავისუფლებაა და ბოლო სიტყვა მასზეა. აქვს ღმერთს ეს ძალმოსილება? აქვს მას ეს პატივი? (დიახ.) განკაცებული ღმერთი ადამიანებს შორის ცხოვრობს, ის მოწმობს, რომ ქრისტეა და უკანასკნელი დღეების სამუშაოს შესასრულებლად მოდის. ზოგიერთი ადამიანი აღიარებს ღვთის არსს და მთელი გულით მიჰყვება მას, ეპყრობა და ემორჩილება მას, როგორც ღმერთს. სხვებს სურთ, ჯიუტად გაუწიონ წინააღმდეგობა ბოლომდე: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ადამიანს სჯერა, რომ ქრისტე ხარ, მე ამას არ დავიჯერებ. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი, მთელი გულით ვერ მიგიჩნევ ღმერთად. მხოლოდ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ღმერთი ჭეშმარიტად საუბრობს და მოწმობს შენზე, როდესაც ცაში მყოფი ღმერთი პირადად მეტყვის ქუხილით სავსე ხმით: „ეს არის ჩემი განკაცებული ხორცი, ჩემი საყვარელი, ჩემი ძვირფასი ძე“, მხოლოდ მაშინ გაღიარებ და მიგიღებ ღმერთად. მხოლოდ მაშინ, როცა პირადად მოვისმენ და დავინახავ, რომ ცაში მყოფი ღმერთი საუბრობს და მოწმობს შენზე, მხოლოდ მაშინ მიგიღებ, სხვაგვარად ეს შეუძლებელია!“ განა ასეთი ადამიანები ანტიქრისტეები არ არიან? როდესაც ეს დღე რეალურად დადგება, მაშინაც კი, თუ ისინი ქრისტეს ღმერთად აღიარებენ, ეს მათი დასჯის დღე იქნება. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ღმერთს, აჯანყდნენ მის წინააღმდეგ და ყოველ ნაბიჯზე მტრულად იყვნენ განწყობილნი მის მიმართ — შესაძლებელია ამ ქმედებების უბრალოდ გადახაზვა? (არა.) ასე რომ, აქ არის ერთი ჭეშმარიტი განცხადება, კერძოდ ის, რომ ღმერთი თითოეულ ადამიანს მათი საქმეების მიხედვით მიაგებს. ეს ადამიანები არა მხოლოდ შურისძიების წინაშე აღმოჩნდებიან, არამედ ვეღარასოდეს გაიგებენ ღვთის პირად საუბარს მათი მისამართით. იმსახურებენ ამას? ღვთის სურვილია, დაემოწმოს ადამიანებს, გამოეცხადოს მათ და ჭეშმარიტ ქმნილებებს, გამოავლინოს თავისი ჭეშმარიტი სახე და ისაუბროს და წარმოთქვას სიტყვები. ის არ ეცხადება ეშმაკებს და არ ელაპარაკება და არ წარმოთქვამს სიტყვებს მათთვის. ასე რომ, ანტიქრისტეებს არასოდეს ექნებათ შანსი, საკუთარი თვალით იხილონ ღვთის ჭეშმარიტი სახე ან საკუთარი ყურით მოუსმინონ მის სიტყვებსა და გამოთქმებს. მათ არასოდეს ექნებათ ეს შესაძლებლობა. მაშ, გაუჭირდებათ მომავალში? (დიახ.) რატომ? ანტიქრისტეები, ეს უსირცხვილო არსებები, წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს და უპირისპირდებიან მას ყოველ ნაბიჯზე, აბუჩად იგდებენ, გმობენ და დასცინიან კიდეც ყველაფერს, რასაც ის აკეთებს. მაშ, როგორ მოექცევა მათ ღმერთი? კეთილად მოეპყრობა და აპატიებს? აკურთხებს? მისცემს მათ თავის დაპირებას? გადაარჩენს? პრაქტიკულად რომ ვთქვათ, შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ღვთისგან გაცისკროვნება და განათება მიიღონ? ამ ცხოვრებაში ისინი არ მიიღებენ ღვთისგან გაცისკროვნებასა და განათებას, ან მის გვემასა და წვრთნას, ან მის უზრუნველყოფას თავიანთი ცხოვრებისთვის. ისინი არ გადარჩებიან და მომავალ საუკუნეში მძიმე ფასს გადაიხდიან თავიანთი ბოროტი საქმეებისთვის, უკუნითი უკუნისამდე. ეს არის მათი ბედი. ანტიქრისტეებს იგივე ბედი ექნებათ, რაც პავლეს.
ბ. როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს ნორმალურობასა და პრაქტიკულობას
ცოტა ხნის წინ ჩვენ თანაზიარება გვქონდა და გავაანალიზეთ ანტიქრისტეების მიერ ქრისტეს არსის უარყოფის პირველი გამოვლინება, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს წარმომავლობას, როგორ უყურებენ ამას, როგორ ესმით და როგორ იქცევიან. ჩვენ გავაანალიზეთ ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინება, რათა ასეთი ადამიანების არსის იდენტიფიცირება მოგვეხდინა. რაც შეეხება ქრისტეს კიდევ ერთ ასპექტს — მის ნორმალურობასა და პრაქტიკულობას — რა შეხედულებები აქვთ ანტიქრისტეებს, რა ქმედებებს სჩადიან ისინი და რა ხასიათსა და არსს ავლენენ? შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ ანტიქრისტეების მიერ ქრისტეს არსის უარყოფის მეორე გამოვლინებას, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს ნორმალურობასა და პრაქტიკულობას. როდესაც საქმე ნორმალურობასა და პრაქტიკულობას ეხება, ადამიანების უმეტესობას გარკვეული წარმოდგენები და გაგება უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ჩაითვლება თუ არა ნორმალურობად და პრაქტიკულობად სამი დღის განმავლობაში უჭმელ-უსმელად ყოფნა — შიმშილისა თუ წყურვილის შეუგრძნობლად — და უწინდელთან შედარებით რეალურად ფიზიკურად უფრო ძლიერად და ენერგიულად ყოფნა? ნორმალურ ადამიანებს ოთხი ან ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ დაღლილობა ეუფლებათ; თუ ქრისტე 40 კილომეტრის გავლის შემდეგაც არ იღლება, ფეხები არ სტკივა, ჰაერივით მსუბუქია და უფრო ენერგიულად არის, შეიძლება თუ არა ეს ნორმალურად და პრაქტიკულად ჩაითვალოს? თუ ქრისტეს სიცივეში ყოფნისას ციება არ ეკარება და არასფდროს, არანაირ გარემოებაში არ ავადდება, თუ მისი თვალები ისეთ ნათელს აფრქვევს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძლიერი ნათება, რომელსაც ისინი აწყდებიან, და არც თვალები ეღლება და არც ახლომხედველი ხდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს უყურებს კომპიუტერს, თუ მზის სხივი თვალს არ ჭრის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს მიაცქერდება მას, და ღამით სიარულისას სანათი არ სჭირდება, მაშინ როცა სხვებს სჭირდებათ, და დღის განმავლობაში მისი თვალები სულ უფრო და უფრო ბრწყინვალე ხდება — ჩაითვლება ეს ნორმალურობად და პრაქტიკულობად? არცერთი მათგანი არ არის; ეს არის ის ზოგადი ცოდნა, რომელსაც ადამიანები ხშირად აწყდებიან. ნორმალურობა და პრაქტიკულობა ნიშნავს, როცათუ დიდი ხნის განმავლობაში წყალს არ დალევ, გწყურდება, ბევრი საუბრის შემდეგ იღლები, ბევრი სიარულის მერე ფეხები გტკივდება და გულსაკლავი ამბების მოსმენისას სევდას განიცდი და ცრემლებს ღვრი — ეს არის ნორმალურობა და პრაქტიკულობა. მაშ, ზუსტად როგორია ნორმალურობისა და პრაქტიკულობის ზედმიწევნითი განმარტება? ნორმალურობისა და პრაქტიკულობის განმარტება არის ის, რაც შეესაბამება ხორცის ნორმალურ საჭიროებებსა და ინსტინქტებს და არ სცდება მის ფარგლებს. ნორმალურობისა და პრაქტიკულობის ფარგლებში თავსდება ის, რაც შეესაბამება ნორმალური ადამიანის შესაძლებლობებსა და არეალს, ნორმალური ადამიანის რაციონალურობასა და ნორმალური ადამიანის ემოციებს — როგორიცაა ბედნიერება, ბრაზი, მწუხარება და მხიარულება. ქრისტე არის ხორცი, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე შემოსა; მას, ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მსგავსად, აქვს ნორმალური მეტყველება და ქცევა, ცხოვრების ნორმალური რეჟიმი და განრიგი. თუ ის სამ დღე-ღამეს არ დაიძინებს, ძილიანობას იგრძნობს და ფეხზე დგომისასაც ძილი მოერევა; თუ მთელ დღეს არ შეჭამს, შიმშილს იგრძნობს; ხოლო თუ დიდხანს ივლის, დაიღლება და მალე, დასვენების გარდა, არაფერი მოუნდება. მაგალითად, მეც ვიღლები შეკრებისა და თქვენთან სამი ან ოთხსაათიანი თანაზიარების შემდეგ და მეც მჭირდება დასვენება. ეს არის ხორცის ნორმალურობა და პრაქტიკულობა, ის სრულად შეესაბამება ხორცის მახასიათებლებსა და ნორმალური ადამიანურობის სხვადასხვა გამოვლინებასა და ინსტინქტებს, და ეს სრულიადაც არ არის ზებუნებრივი. ამდენად, ასეთ ხორცს აქვს ადამიანურობის მრავალი გამოვლინება და გამოაშკარავება, ხოლო ამ ხორცის ადამიანურობის გარე ცხოვრების წესი და რუტინა არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც თითოეული ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი ავლენს და აცხადებს — ისინი ზუსტად ერთნაირია. ღმერთმა შექმნა კაცობრიობა, და ღვთის განკაცებულ ხორცსაც კაცობრიობის მსგავსი მახასიათებლები და ნორმალური, პრაქტიკული ცხოვრებისეული ინსტინქტები აქვს; ის სრულიადაც არ არის ზებუნებრივი. ადამიანები ვერ გაძვრებიან კედლებში ან დაკეტილ კარში, და განკაცებული ღმერთიც ზუსტად ასეა. ზოგი ადამიანი ამბობს: „განა შენ არ ხარ განკაცებული ღმერთი? განა შენ არ ხარ ქრისტე? განა არ გაქვს ღვთის არსება? ნუთუ მართლაც შეიძლება, დაკეტილმა კარმა შეგზღუდოს? შენ უნდა შეგეძლოს დახურულ კარში გავლა. ადამიანები ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ იღლებიან, მაგრამ შენ ორმოცი კილომეტრის გავლის შემდეგაც არ უნდა იღლებოდე; ადამიანები დღეში სამჯერ ჭამენ, შენ უნდა შეგეძლოს, რომ 30 დღის განმავლობაში არ ჭამო, მხოლოდ მაშინ მიირთვა, როცა მოგესურვება, და არ ჭამო, როცა არ გინდა, და ამავდროულად მაინც შეძლო შეკრებებზე ქადაგება და სხვებზე მეტად მხნედ ცხოვრება. ავადმყოფობა ადამიანის ცხოვრების ნაწილია, მაგრამ შენ არ უნდა ავადმყოფობდე. რადგან შენ ხარ ქრისტე, შენში აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისგან განგასხვავებს; მხოლოდ მაშინ იქნები ღირსი, რომ ქრისტე გეწოდოს, მხოლოდ ეს დაამტკიცებს, რომ ღვთის არსება გეკუთვნის“. ეს სწორია? (არა.) რატომ არის არასწორი? ეს ადამიანური წარმოდგენები და ფანტაზიებია და არა ჭეშმარიტება.
ღვთის განკაცებული ხორცი ნორმალური და პრაქტიკულია — ყველა აქტივობა, რომელიც მისმა ნორმალურმა ადამიანურობამ განახორციელა, და მისი ყოველდღიური ცხოვრება, მეტყველება და ქცევა, ყოველივე სიკეთის რეალობაა. დასაწყისიდანვე, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანები, მან ისინი სწორედ ამ ნორმალური, პრაქტიკული ინსტინქტებით დააჯილდოვა; ამიტომ, ანალოგიურად, ღვთის განკაცებული ხორციც არასდროს დაარღვევს ამ კანონებს. ეს არის მიზეზი და საფუძველი იმისა, თუ რატომ არის ქრისტეს ნორმალურობა და პრაქტიკულობა სიკეთეები. ღმერთმა შექმნა კაცობრიობა და მათი ყველა გამოვლინება და ინსტინქტი ზუსტად თავისი სურვილისამებრ ჩამოაყალიბა. ღმერთმა უბოძა ადამიანს ეს ინსტინქტები, და ეს არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების კანონები — განა ღმერთი იზამდა იმას, რომ მისი განკაცებული ხორცი დაპირისპირებოდა ნორმალურობისა და პრაქტიკულობის ამ კანონებს? ცხადია, ღმერთი ასე არ მოიქცეოდა. ღმერთმა შექმნა კაცობრიობა, და თვით განკაცებული ხორცის არსიც ღმერთია — ისინი ერთი წყაროდან მომდინარეობენ, ამიტომ მათი მოქმედებების პრინციპები და მიზნებიც იგივეა. ქრისტეს ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამოვლინებების გამო, ის მასების თვალში ბუნებრივად ზედმეტად ჩვეულებრივ ადამიანად გამოიყურება. ბევრ რამეში მას არ ჰყოფნის წინასწარი ცოდნისა და წინასწარი ჭვრეტის ძალა, რომელიც, ადამიანების წარმოდგენებით, მას აქვს; და ის ვერ ახდენს საგნების გაქრობას ან გამოჩენას ისე, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ; და მით უმეტეს ვერ აღემატება ჩვეულებრივ ადამიანებს, ვერ ცდება ხორცის შესაძლებლობებსა და ინსტინქტებს ან ადამიანების ნორმალური აზროვნების ფარგლებს, რომ ისეთი რამეები აკეთოს, რასაც, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ, ვერცერთი ადამიანი ვერ გააკეთებს. ამ წარმოდგენების საპირისპიროდ, ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის, თავისი საქმის დასაწყისიდან დღემდე, ამ ჩვეულებრივ ადამიანს ღვთის არცერთი მინიშნება არ გამოუაშკარავებია ან გამოუვლენია. ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის, მისი მეტყველებისა და საქმის გარდა, მის არცერთ ნორმალურ ადამიანურ აქტივობაში არ შეინიშნება ღვთის არანაირი მინიშნება ან ღვთის იდენტობისა და არსის გაცხადება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებენ მას ადამიანები, მათ თვალში ის ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავს. რატომ? მიზეზი ერთია: რასაც ადამიანი ხედავს, სწორია; ღვთის განკაცებული ხორცი ჭეშმარიტად ნორმალური, პრაქტიკული ადამიანი, ნორმალური, პრაქტიკული ხორცია. ასეთი გარეგნულად ნორმალური და პრაქტიკული ხორცი სხვა ადამიანებივით განიცდის დიდი წითელი დრაკონისგან დევნასა და შევიწროებას — ისე, რომ არ აქვს ადგილი, სადაც თავს მიიდრეკს ან დაისვენებს. ამ მხრივ ის არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ადამიანისგან და არც გამონაკლისია. როდესაც ასეთ დევნას განიცდის, ისიც იქ იმალება, სადაც შეუძლია; მას არ შეუძლია, უჩინრად გადაიქცეს ან მიწისქვეშ მიიმალოს, მას არ გააჩნია ზებუნებრივი ძალები ამ საფრთხეების ასარიდებლად. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია მათ შესახებ და შემდეგ იჩქაროს გაქცევა. საფრთხის შემცველ სიტუაციებში ადამიანები ნერვიულობენ და ეშინიათ — ფიქრობთ, რომ ქრისტესაც ეშინია? ფიქრობთ, რომ ისიც ნერვიულობს? (დიახ.) სწორია; საიდან იცით? (ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ინერვიულებდა ამ სიტუაციაში.) მართალია. ეს ძალიან კარგად თქვით. თქვენ ჭეშმარიტად გესმით ნორმალურობისა და პრაქტიკულობის, თქვენ ეს სრულყოფილად გაიგეთ. ამ სიტუაციებში ქრისტეც იგრძნობს ნერვიულობასა და შიშს, მაგრამ ლაჩრობას გამოავლენს? შეეშინდება მას მმართველი პარტიის? წავა მასთან კომპრომისზე? არა. ის მხოლოდ ნერვიულობასა და შიშს იგრძნობს და მოისურვებს, რომ მალე გაექცეს დემონების ამ ბუნაგს. ეს ყოველივე ქრისტეს ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, არსებობს ქრისტეს ნორმალურობისა და პრაქტიკულობის საკმაოდ ბევრი სხვა გამოვლინებაც, როგორიც არის, მაგალითად, ზოგჯერ გულმავიწყობა, ხალხის სახელების დავიწყება მათი დიდხანს უნახავობის შემდეგ და ა.შ. ნორმალურობა და პრაქტიკულობა უბრალოდ მახასიათებლები, ინსტინქტები, ნიშნები და მაჩვენებლებია ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანისა. სწორედ იმის გამო, რომ ქრისტეს გააჩნია ნორმალური, პრაქტიკული ადამიანურობა, გადარჩენის ინსტინქტები და ხორცის ყველა მახასიათებელი, მას შეუძლია ნორმალურად ისაუბროს და იმუშაოს, ნორმალურად იურთიერთოს ადამიანებთან, ნორმალური და პრაქტიკული გზით წარუძღვეს ხალხს, და ასევე გაუძღვეს და დაეხმაროს ადამიანებს მათი მოვალეობების ნორმალური და პრაქტიკული ფორმით შესრულებაში. სწორედ ქრისტეს ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამოა, რომ ყველა შექმნილი ადამიანი უფრო მეტად გრძნობს ღვთის საქმის პრაქტიკულობას, სარგებლობს ამ საქმით და მისგან უფრო ხელშესახებ და სასარგებლო მონაპოვარს იღებს. ქრისტეს ნორმალურობა და პრაქტიკულობა ნორმალური ადამიანობის ნიშნებია; ისინი აუცილებელია იმისთვის, რომ მისი განკაცებული ხორცი ჩაერთოს ყველა ნორმალურ საქმეში, აქტივობასა და ადამიანურ ცხოვრებაში, და მით უმეტეს, ისინი ესაჭიროება ყველას, ვინც მიჰყვება ღმერთს. თუმცა ანტიქრისტეებს ქრისტეს ნორმალურობა და პრაქტიკულობა ამგვარად არ ესმით. ანტიქრისტეებს სჯერათ, რომ ქრისტე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანია იმის გამო, რომ ის ნორმალური და პრაქტიკულია, და ძალიან ჰგავს ადამიანს — რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იმსახურებს უწოდონ ღვთის ძე, ღვთის სახე და ხატი ადამიანთა შორის, ან ქრისტე, რადგან ის ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია, იმდენად პრაქტიკული, რომ ადამიანები ვერ ხედავენ მასში ღვთის რაიმე მინიშნებას ან არსს. ანტიქრისტეები ამბობენ: „შეუძლია ასეთ ღმერთს ადამიანების გადარჩენა? ღირსია ასეთი ღმერთი, რომ ქრისტე ეწოდოს? ეს ღმერთი მეტისმეტად არ ჰგავს ღმერთს! მას აკლია ღვთის შესახებ ადამიანის წარმოდგენების რამდენიმე ელემენტი: პირველი — რომ უნდა იყოს ზებუნებრივი, უჩვეულო და მისტიკური; მეორე — გააჩნდეს არაამქვეყნიერი ძალები და ყოვლისშემძლეობის გამოვლენის უნარი; მესამე — ჰქონდეს ღვთის მსგავსი გამოჩინება, ღვთის იდენტობა, ღირსება, არსი და ა.შ. თუ ამ ელემენტებიდან არცერთი არ ჩანს მასში, როგორ შეიძლება, ის ღმერთი იყოს? ნუთუ მისგან რამდენიმე სიტყვის თქმა და მცირეოდენი საქმის შესრულება იმას ნიშნავს რომ ღმერთია? მაშინ ღმერთად ყოფნა ზედმეტად ადვილია, არა? როგორ შეიძლება ჩვეულებრივი, ნორმალური ხორცი იყოს ღმერთი?“ ეს არის სწორედ ის, რასაც ანტიქრისტეები ვერასდროს მიიღებენ.
მატერიკულ ჩინეთში დიდი წითელი დრაკონის მიერ დევნისას, რამდენიმე დასთან და ძმასთან ერთად, ყოველგვარი პირადი თავისუფლების გარეშე მყოფს, ხშირად მიწევდა დამალვა ყველგან, სადაც კი წავიდოდით. ზოგჯერ, საფრთხის შესახებ ამბის გაგებისას, სწრაფად გვიწევდა გაქცევა. ამ გარემოებებში ჩემთან მყოფ ადამიანთაგან არავინ შესუსტებულა. რა იყო ამის მიზეზი? განა ისინი სულელები იყვნენ? განა გულუბრყვილონი იყვნენ? არა, საქმე ისაა, რომ ისინი მტკიცედ აღიარებდნენ განკაცებული ღვთის არსებას. მათ არათუ არ ჰქონდათ რაიმე წარმოდგენა ან დაგმობა ქრისტეს ნორმალურობასთან და პრაქტიკულობასთან მიმართებაში, არამედ ითვალისწინებდნენ, იგებდნენ და სწორად აღიქვამდნენ ამ თვისებებს. რა ტანჯვაც უნდა გადაეტანა ქრისტეს, ისინიც მასთან ერთად იტანდნენ ამას, და მიუხედავად იმისა, თუ რა დევნასა და შევიწროებას განიცდიდა ქრისტე, მაინც უდრტვინველად მიჰყვებოდნენ მას და ამ გარემოებების გამო არასდროს განიცდიდნენ შესუსტებას. მხოლოდ მაშინ, როცა გარკვეულ ადგილებში მივდიოდი, იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც — ვინაიდან იცოდნენ, რომ საშიში გარემოებების თავიდან ასაცილებლად გაქცეული ვიყავი და, შესაძლოა, სხვაგან არსად მქონოდა დასარჩენი, ან, შესაძლოა, ვეღარც მეპოვა სადმე თავშესაფარი — გულში ფიქრობდნენ: „ჰმ! შენ ამტკიცებ, რომ ქრისტე ხარ, ღვთის განკაცებული ხორცი, თუმცა შეხედე, რა საცოდავ მდგომარეობაში ხარ. ქრისტედ ყოფნა როგორ შეგეფერება? რით ჰგავხარ ღმერთს? ფიქრობ, რომ სხვების გადარჩენა შეგიძლია? ჯერ შენ უნდა იჩქარო და საკუთარი თავი გადაარჩინო! განა შენს მიყოლას რაიმე კურთხევის მოტანა შეუძლია? როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია! თუ შენს სიტყვებს სხვების გადარჩენა შეუძლია, მაშინ თავად რატომ ვერ გშველის? შეხედე შენს თავს ახლა — თავის მისადრეკ ადგილადაც არაფერი გაგაჩნია და ჩვენთან, ადამიანებთან, ძლიერ ხალხთან გიწევს დახმარების ძიება. ღმერთი რომ იყო, ასეთი საცოდავი არ იქნებოდი. ღვთის განკაცებული ხორცი რომ ყოფილიყავი, უსახლკაროდ არ დარჩებოდი!“ ასე რომ, ასეთ ადამიანებს არასდროს შეუძლიათ, გონებაში ღრმად ჩასწვდნენ ამ საკითხს. თუკი ერთ დღეს ისინი დაინახავენ, რომ ცათა სასუფევლის სახარება ვრცელდება, სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი ადამიანი იღებს მას, და დაინახავენ, რომ დიდი წითელი დრაკონი დაეცა, რომ ღვთის მიმდევრებს თავი მაღლა უჭირავთ და მათ აღარ დევნიან, რომ ისინი მეფობენ და ძალაუფლებას იყენებენ ისე, რომ ვერავინ ბედავს მათ შევიწროებას, მაშინ ნამდვილად სრულად შეიცვლიან ჩვეულ დამოკიდებულებას და აღარასდროს ექნებათ წარმოდგენები ხორციელად მეუფე ღმერთზე. რატომ მოხდებოდა ასეთი მკვეთრი ცვლილება? ეს ადამიანები მხოლოდ იმას ეყრდნობიან, რასაც თვალით ხედავენ; მათ არ სჯერათ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, რომ ის ყოვლისშემძლეა, ან რომ ყველაფერი, რასაც ამბობს, ახდება. სწამთ კი ასეთ ადამიანებს ღმერთის? რისი სწამთ მათ? (ძალაუფლების.) აქვს ქრისტეს ძალაუფლება? გახრწნილ კაცობრიობაში ქრისტეს ძალაუფლება არ გააჩნია. ზოგიერთი ამბობს: „განა ღმერთს არ აქვს ხელმწიფება? თუკი ქრისტეს არსი ღმერთია, მაშინ რატომ არ ფლობს ის ღვთის ხელმწიფებას? ხელმწიფება ძალაუფლებაზე ბევრად მეტია, ამიტომ განა ძალაუფლებაც არ უნდა ჰქონდეს?“ რა არის ხორცშესხმული ღვთის საქმის მიზანი? რა არის ხორცშესხმული ღვთის პასუხისმგებლობა? არის ძალაუფლების დემონსტრირება? (არა.) ამიტომ, ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად, ის იტანჯება უარყოფით, შეურაცხყოფით, ცილისწამებითა და მტრობით ამ სამყაროსგან — ქრისტემ უნდა აიტანოს ეს ყოველივე, ის არ არის მათგან თავისუფალი.
ისინი, ვინც ჭეშმარიტებას გულწრფელად ესწრაფვიან, არამცთუ არანაირ წარმოდგენას არ ატარებენ ქრისტეს ნორმალურობასა და პრაქტიკულობაზე — არამედ, პირიქით, სწორედ ამ თვისებებში კიდევ უფრო კარგად ხედავენ ღვთის მშვენიერებას და მათი მეშვეობით უკეთ მოიპოვებენ ღვთის ჭეშმარიტ არსებასა და შემოქმედის ჭეშმარიტ არსებას. მათი გაგება ღმერთზე უფრო ღრმა, პრაქტიკული, ჭეშმარიტი და ზუსტი ხდება. ამის საპირისპიროდ, ანტიქრისტეებს ხშირად არ სურთ ასეთი ქრისტეს მიყოლა მთელი მისი ამ ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამო; ისინი ფიქრობენ, რომ მას აკლია ზებუნებრივი უნარები, არ გამოირჩევა ჩვეულებრივი ადამიანებისგან და, უფრო მეტიც, იმავე საცხოვრებელ გარემოს იზიარებს, რასაც კაცობრიობა. ანტიქრისტეები არა მხოლოდ სიხარულით ვერ იღებენ ამ ყველაფერს და ვერ იგებენ ღვთის ხასიათს აქედან, არამედ გმობენ, უფრთხიან და, მით უმეტეს, აბრალებენ მას ამას. მაგალითად, როდესაც ვინმე აკეთებს ისეთ რამეს, რაც პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუ ამის შესახებ არ ვიკითხავ და არავინ მეტყვის, მაშინ ვერც მე შევიტყობ — განა ეს არ არის გამოვლინება, რომელიც ნორმალურობისა და პრაქტიკულობის ფარგლებში ჯდება? (დიახ.) ისინი, ვინც ფლობენ სწორ გაგებასა და ნორმალურ ადამიანურობას, საკითხს მკაფიოდ და ამომწურავად ამიხსნიან, და შემდეგ მომცემენ უფლებას, რომ ისე მოვექცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. ანტიქრისტეები სრულიად საპირისპიროს აკეთებენ; ისინი თვალთმაქცურად აკვირდებიან ჩემს ყოველ ნაბიჯს და მცდიან, რომ ფარულად გამომტყუონ რაღაცები. შემდეგ კი გულში ფიქრობენ: „რადგან ამ საკითხის შესახებ არ იცი, ეს საქმეს ამარტივებს — გეგმა მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ გეცოდინებოდა, და სხვა გეგმა მქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ არ გეცოდინებოდა; მსხვილ საკითხს ისე წარმოვაჩენდი, თითქოს პატარა ყოფილიყო, შემდეგ კი საერთოდ გავაქრობდი, სრულ სიბნელეში დაგტოვებდი და ამ საქმეს მივცემდი ჩავლის საშუალებას — რადგან ამ საკითხზე არაინფორმირებული ხარ, არც არის საჭირო და არც გევალება, რომ მომავალში ამის შესახებ შეიტყო. ამ საქმეს თავად ჩავიბარებ. როდესაც ერთ დღეს შეიტყობ ამის შესახებ, ის უკვე ზუსტად ისე იქნება განვითარებული, როგორც მე ვგეგმავდი, და მაშინ რაღას მომიხერხებ?“ როგორი ადამიანები ეპყრობიან ქრისტეს ასე? კარგები არიან ისინი? არიან კი ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან? აქვთ მათ ადამიანურობა და ზნეობრივი მთლიანობა? (არა.) იყვნენ ისეთი წინამძღოლები, რომლებმაც გარკვეული რაღაცები ჩაიდინეს; ისინი თვითნებურად აწინაურებდნენ ადამიანებს ეკლესიაში, ფლანგავდნენ შესაწირავებს და აკეთებდნენ გადაჭარბებულ, უმისამართო შესყიდვებს; და მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ფული იხარჯებოდა ან რა მნიშვნელოვანი საკითხები იჩენდა თავს, ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. იქ მრავალჯერ მივედი და ამ რაღაცებზე არასდროს უსარგებლიათ ჩემი კონსულტაციით და არც რაიმე უკითხავთ ჩემთვის, უბრალოდ ყველაფერს თავად წყვეტდნენ; არც რაიმე შემოწმების განხორციელების საშუალებას მაძლევდნენ და ინფორმაცია ძალით უნდა ამომეღო მათგან. ისინი ისე მეპყრობოდნენ, როგორც უცხოს: „რადგან აქ ხარ, უბრალოდ მოგახსენებ და გეტყვი იმის შესახებ, რასაც თვალწინ ხედავ. რაც შეეხება იმ საქმეებს, რომლებიც შენს ზურგსუკან გავაკეთეთ, გირჩევნია, არც კი სცადო რომელიმე მათგანის გარკვევა. არ დაგრთავთ ნებას, რომ ჩაერიო ან გამოძიება დაიწყო.“ მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ ვეწვიე, მათ არასდროს მომცეს რაიმეს გარკვევის უფლება. იმის შიშით, რომ შეკითხვების დასმას დავიწყებდი, მათ მიზანმიმართულად შენიღბეს ჭეშმარიტება ტყუილით, ტკბილი სიტყვებით და ეშმაკობას მიმართეს. ისინი ერთმანეთს გაურიგდნენ, საერთო აზრამდე მივიდნენ და ერთმანეთს მრავლისმთქმელი მზერა გაუცვალეს; ერთიანი ფრონტი შეინარჩუნეს, ერთმანეთის პრობლემები არ გამოუტანიათ და ხელს აფარებდნენ ერთმანეთს. როდესაც იმ საქმეების შესახებ შევიტყვე, რომლებსაც ჩემს ზურგუკან აკეთებდნენ, და მათი პასუხისმგებლობა მოვითხოვე, ისინი კვლავაც აფარებდნენ ხელს ერთმანეთს — არ ამბობდნენ, ვინ იყო პასუხისმგებელი, თავს ისულელებდნენ და სიტყვებით მეთამაშებოდნენ. რა შეცდომა დაუშვეს მათ? ისინი ფიქრობდნენ: „გარდა თავისი ნორმალური, მარტივი აზროვნებისა და ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანობისა, ქრისტეს — ამ ჩვეულებრივ ადამიანს — არაფერი აქვს ისეთი, რითიც შეიძლება დაიტრაბახოს, და არანაირი ზებუნებრივი ძალა არ გააჩნია. რადგან ასეა, შეგვიძლია, პატარა ნაბიჯები გადავდგათ შენს ზურგსუკან და დაუბრკოლებლად აღვასრულოთ ჩვენი საკუთარი საქმეები. ჩვენ ვაკონტროლებთ ეკლესიის ფულს, ასე რომ, ვიყიდით იმას, რაც გვინდა. ხელმოწერის საჭიროებისას საერთოდ არ გვჭირდება ვინმესთან ძიება, შეგვიძლია, უბრალოდ თვითნებურად მოვაწეროთ ხელი შესყიდვებს, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, და ფული თავისუფლად ვხარჯოთ. განა ქრისტე ღმერთი არაა? შეგიძლია, მიხედო ამ ყოველივეს? ისე მოვიქცევით, როგორც გვესიამოვნება; გარდა იმ პერიოდისა, როცა შენ აქ ხარ, დანარჩენი დროის განმავლობაში ეს მთლიანად ჩვენი სამფლობელოა!“ როგორ ეპყრობოდნენ ისინი ქრისტეს ნორმალურობასა და პრაქტიკულობას? განა არ მიიჩნევდნენ მას ისეთ ვინმედ, ვისი ჩაგვრაც ადვილია? ისინი ფიქრობდნენ: „სანამ შენ გაქვს ნორმალური ადამიანურობა, ჩვენ არ გვაშინებს შენი დაჩაგრვა. თუკი არ გაქვს ზებუნებრივი ადამიანობა, შენი არ გვეშინია.“ როგორი ადამიანები იყვნენ ისინი? თუ მათ ადამიანურობის თვალსაზრისით შევაფასებთ, ჩაითვლებიან კარგ ადამიანებად? ჩაითვლებიან ისეთ ადამიანებად, რომლებსაც მორალი და ადამიანობა აქვთ? ჩაითვლებიან ადამიანებად, რომლებსაც კეთილშობილი ზნეობრივი მთლიანობა აქვთ? რანი იყვნენ ისინი რეალურად? განა მავნებელთა ჯგუფი არ იყო? ვის წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, როდესაც ღვთის სახლში მოღვაწეობდნენ? ისინი ადამიანსაც არ წარმოადგენდნენ, სატანას წარმოადგენდნენ. ისინი სატანისთვის აკეთებდნენ საქმეებს, მისი მსახურები და თანამზრახველები იყვნენ; აქ იმისთვის იყვნენ, რომ ჩაეშალათ და გაენადგურებინათ ღვთის სახლის საქმე; თავიანთ მოვალეობებს კი არ ასრულებდნენ, არამედ ბოროტებას სჩადიოდნენ. რით განსხვავდებოდა სატანის ამ თანამზრახველთა ჯგუფი დიდი წითელი დრაკონისგან, რომელიც იტაცებს, დევნის და შეურაცხყოფს ღვთის რჩეულ ხალხს? დიდი წითელი დრაკონი ხედავს, რომ ღვთის განკაცებული ხორცი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანია, რომ ის სრულიადაც არ არის საშიში, ამიტომ თვითნებურად ცდილობს მის შეპყრობას და როგორც კი შეიპყრობს, ცდილობს მის მოკვლას. განა სატანის ეს თანამზრახველები, ანტიქრისტეები, ზუსტად ასევე არ მოექცნენ ქრისტეს? განა მათი არსი ერთი და იგივე არ არის? (დიახ.) როგორ მიიჩნევდნენ ისინი ქრისტეს თავიანთ რწმენაში? სწამდათ მათი მისი, როგორც ღვთის, თუ როგორც ადამიანის? თუკი ისინი ქრისტეს ღმერთად მიიჩნევდნენ, მოექცეოდნენ მას ასე? (არა.) არსებობს მხოლოდ ერთი ახსნა: მათ ქრისტე ადამიანად დაინახეს — ისეთ პიროვნებად, რომელსაც იოლად განსჯიდნენ, მოატყუებდნენ, ეთამაშებოდნენ, დასცინებდნენ და ისე მოეპყრობოდნენ, როგორც თავად მოისურვებდნენ; ეს ნიშნავს, რომ ისინი მეტისმეტად უტიფრები იყვნენ. თუკი ასეთ უტიფარ ადამიანებს კატეგორიებად დავყოფთ, შეიძლება მათი მიკუთვნება შექმნილ არსებათა, ღვთის რჩეულთა, მის მიმდევართა, აგრეთვე იმ ადამიანთა კატეგორიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მის მიერ სრულქმნილნი და გადარჩენილნი იქნებიან? (არა.) სად უნდა მიეჩინოს ადგილი ასეთ ნაგავს? სატანის ბანაკში. ამ ჯგუფის ადამიანები ანტიქრისტეებად ხასიათდებიან. ისინი ქრისტეს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ნებაყოფლობით და დაუდევრად მოქმედებდნენ და თავიანთი გავლენის სფეროში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, ისინი ფიქრობდნენ: „რა საკითხიც უნდა იყოს, სანამ არ მოგმართავ ან არ შეგატყობინებ ამაზე, არანაირი უფლება არ გაქვს, ჩაერიო, და ვერასოდეს შეიტყობ ამის შესახებ.“ მითხარით, აქვს თუ არა უფლება ქრისტეს, გაუმკლავდეს მათ? (დიახ.) რა იქნებოდა ამისი სათანადო გზა? (მათი ეკლესიიდან განკვეთა.) აი, როგორ უნდა მოექცეთ ანტიქრისტეებს და სატანებს; მათ შემწყნარებლობა არ უნდა აჩვენოთ. როდესაც ასეთი ადამიანები ღმერთს ირწმუნებენ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს ღმერთი, როგორ აწვდის ის ხალხს ჭეშმარიტებას ან რა საქმეს ასრულებს, ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ. თუკი ძალაუფლება შემოაკლდებათ, ფიქრობენ გზებზე, თუ როგორ მოიპოვონ იგი, და როგორც კი ძალაუფლებაში მიეცემათ, ცდილობენ, ქრისტესთან თანასწორ პოზიციაზე დადგნენ, რათა გაიყონ მასთან სამყარო, შეეჯიბრონ იმის დასადგენად, თუ ვინ უფრო უზენაესია, და მასთან სტატუსისთვისაც იბრძოლონ. თავიანთი გავლენის სფეროში ისინი ცდილობენ, გამოიწვიონ ქრისტე და ამბობენ: „მინდა ვნახო, ვისი სიტყვა უფრო მეტს იწონის, შენი თუ ჩემი. ეს ეკლესია ჩემი სამფლობელოა; მე ისე დავხარჯავ ეკლესიის ფულს, როგორც მომესურვება, ვიყიდი იმას, რაც მინდა, და საქმეებს ისე წარვმართავ, როგორც მესიამოვნება. ვიზეც გადავწყვეტ, რომ უვარგისია, ის უვარგისია. ვისაც მინდა, იმას გამოვიყენებ, და არავის აქვს უფლება, შეეხოს იმ ხალხს, რომელთაც გამოსაყენებლად შევარჩევ. თუკი ვინმე ამას იზამს, ამ საქმეს ისე არ დავტოვებ — თუნდაც ღმერთმა თქვას, რომ ამის გაკეთება სურს, მე ამას არ შევეგუები!“ განა ეს სასიკვდილო გამოწვევა არ არის?
თუკი ადამიანები განკაცებული ღვთის ნორმალური და პრაქტიკული ადამიანურობის მეშვეობით კიდევ უფრო უკეთ ჩასწვდებიან ღვთის მშვენიერებას და უფრო მკაფიო და ზუსტ გაგებას მოიპოვებენ ღვთის პრაქტიკულობისა და არსის შესახებ, მაშინ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან, და ასევე ისინიც, ვისაც ადამიანურობა გააჩნია. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ქრისტეს ღმერთად არ მიიჩნევს მისი ნორმალური, პრაქტიკული მხარის გამო. ისინი მის წინაშე უფრო უტიფრად და თავხედურად იქცევიან, უფრო მეტად თამამდებიან, რათა თავისუფლად იმოქმედონ, და სულ უფრო მეტად ხდებიან შეპყრობილნი იმ აზრებით, რომ ქრისტეს აღემატონ და ღვთის რჩეული ხალხი აკონტროლონ.. ისინი გრძნობენ, რომ აქვთ საბაბი, ზემოდან უყურონ და შეეჯიბრონ ქრისტეს, აგრეთვე მტკიცებულება, რის საფუძველზეც ქრისტეს ადამიანად მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მტკიცებულების მოპოვების შემდეგ ქრისტესი არ უნდა ეშინოდეთ და შეუძლიათ, თავისუფლად აკრიტიკონ ის, იოლად და თავისუფლად ისაუბრონ და იცინონ მასთან ერთად, თანასწორ პოზიციაზე დააყენონ საკუთარი თავი და მასთან ერთად განიხილონ თავიანთი საშინაო საქმეები და პირადი საზრუნავი. ზოგიერთი კი ამბობს: „მე შენ გაგიზიარე ჩემი შინაგანი აზრები, სისუსტეები და გარყვნილი ხასიათი, ამიტომ შენც მომიყევი შენი მდგომარეობის შესახებ. მე გიამბე ჩემი გამოცდილებების შესახებ ღვთის რწმენამდე და რწმენის შემდეგ, და გიამბე იმის შესახებაც, თუ როგორ მივიღე ღვთის საქმე, ასე რომ, შენც გააზიარე შენი გამოცდილებები ჩემთან.“ რის გაკეთებას ცდილობენ ისინი? განა არ უყურებენ განკაცებულ ღმერთს, როგორც ზედმეტად ჩვეულებრივსა და ნორმალურს, და არ სურთ მისი გადაქცევა ოჯახის წევრად, ძმაკაცად, მეგობრად ან მეზობლად? მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ნორმალური და პრაქტიკულია ქრისტე, მისი არსი საუკუნოდ უცვლელი დარჩება. არ აქვს მნიშვნელობა მის ასაკს, იმას, თუ სად დაიბადა, ან იმას, რამდენად დიდი ან მცირე ჩანს მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება შენსაზე, შენთვის ამაღლებულად გამოიყურება თუ უმნიშვნელოდ, არასოდეს დაივიწყო, რომ ის ყოველთვის შენგან განსხვავებული იქნება. რატომ არის ეს ასე? ის არის ღმერთი, რომელიც ცხოვრობს გარეგნულად ნორმალურ და პრაქტიკულ ხორცში; მისი არსი საუკუნოდ განსხვავდება შენი არსისგან; მისი არსი სამუდამოდ და საუკუნოდ არის უზენაესი ღვთისა, რომელიც კაცობრიობის ყოველ ადამიანზე ზემდგომია. ეს არ დაივიწყო. ზედაპირულად ის ჩვეულებრივ და ნორმალურ ადამიანს ჰგავს, მას ქრისტედ მოიხსენიებენ და მას ქრისტეს იდენტობა აქვს, მაგრამ თუ შენ მასში ადამიანს ირწმუნებ და ჩვეულებრივ ადამიანად, გარყვნილი კაცობრიობის წევრად დაინახავ, საფრთხეში ხარ. არ აქვს მნიშვნელობა დროს, ქრისტეს ვინაობა და არსი არასოდეს იცვლება; მისი არსი თავად ღვთის არსია, ხოლო მისი ვინაობა მუდამ ღვთისაა. ის ფაქტი, რომ ის ნორმალური და პრაქტიკული ხორცის საფარველში ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, რომ ის გარყვნილი კაცობრიობის წევრია, და არც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მისით მანიპულირება ან დამორჩილება შეუძლიათ, ანდა იმას, რომ შეუძლიათ მასთან თანასწორნი იყვნენ ან ძალაუფლებისთვის შეეჯიბრონ მას. სანამ მას ადამიანად აღიქვამ, ადამიანური გზებითა და თვალთახედვით ზომავ და ცდილობ მის გადაქცევას მეგობრად, ტოლად, კოლეგად ან უფროსად, საშიშ მდგომარეობაში იმყოფები. რატომ არის ეს საშიში? სანამ ქრისტეს ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანად ხედავ, შენი გარყვნილი ხასიათი იფეთქებს. იმ მომენტიდან, როდესაც ქრისტეს ადამიანად მიიჩნევ, შენი ბოროტი საქმეები გამოაშკარავებას დაიწყებს. განა საფრთხე სწორედ აქ არ იმალება? სანამ ხალხი ქრისტეს ადამიანად ხედავს და ფიქრობს, რომ ის ნორმალური და პრაქტიკულია, რომ ადვილია მისი მოტყუება და რომ ის ზუსტად ისეთია, როგორც კაცობრიობა, ისინი არ უშინდებიან ღმერთს და ამ დროს მათი ურთიერთობა ღმერთთან იცვლება. რად იქცევა ეს ურთიერთობა? მათი ურთიერთობა აღარ არის შექმნილი ადამიანისა და შემოქმედის ურთიერთობა, ის აღარ არის მიმდევარისა და ქრისტეს ურთიერთობა და აღარც საცხოვნებელისა და ღმერთისა; ამის ნაცვლად, ის იქცევა სატანისა და ყოველგვარი არსებულის ხელმწიფის ურთიერთობად. ხალხი ღმერთს უპირისპირდება და მის მტრად იქცევა. როდესაც ქრისტეს ადამიანად აღიქვამ, შენ ცვლი შენს ვინაობას ღვთის წინაშე და ასევე — შენს ფასეულობას მის თვალში; შენ სრულად ანადგურებ შენს შესაძლებლობებსა და ბედს, ანადგურებ ამ ყოველივეს შენი თვითნებობით, ამბოხებით, ბოროტებითა და ამპარტავნებით. ღმერთი მხოლოდ მაშინ გაღიარებს, გაგიძღვება და გიბოძებს სიცოცხლესა და ხსნის მიღწევის შანსს, თუ შენ ხარ ქმნილება, ქრისტეს მიმდევარი და ადამიანი, რომელიც იღებს ღვთის ხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ურთიერთობა ღმერთთან შეიცვლება. როდესაც ხალხი ღმერთს, ქრისტეს, ადამიანად მიიჩნევს, ნუთუ არ ხუმრობენ ისინი? ხალხს ძირითადად ეს პრობლემურად არ მიაჩნია, ვინაიდან ისინი ფიქრობენ: „ქრისტემ თქვა, რომ ის ჩვეულებრივი და ნორმალური ადამიანია, მაშ, რა არის ცუდი იმაში, რომ მას ისე მოვეპყროთ, როგორც ადამიანს?“ სინამდვილეში ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ქრისტეს მიმართ ადამიანის მსგავსად მოპყრობას შენთვის მრავალი სარგებელი მოაქვს. ერთი მხრივ, ეს ამაღლებს შენს სტატუსს, მეორე მხრივ, ამცირებს დისტანციას შენსა და ღმერთს შორის, და, გარდა ამისა, ღვთის თანდასწრებით ასეთი შებოჭილი აღარ იქნები — თავს მოდუნებულად და თავისუფლად იგრძნობ. შენ გექნება შენი ადამიანური უფლებები, თავისუფლება და შენი არსებობის ფასეულობის განცდა, და იგრძნობ შენივე ყოფნას — განა ეს კარგი არ არის? ამგვარი მოპყრობა ნამდვილი ადამიანის მიმართ ცუდი არ არის, ის აჩვენებს, რომ შენ ღირსება და ზნეობრივი მთლიანობა გაქვს. ადამიანმა თავი ადვილად არ უნდა დახაროს; ხალხმა იოლად არ უნდა დაიჩოქოს, დათმოს ან აღიაროს თავისი არასრულფასოვნება რომელიმე ადამიანის წინაშე — ნუთუ ეს ადამიანთა გადარჩენის კანონები და ადამიანთა თამაშის წესებია? ბევრი ამ კანონებსა და თამაშის წესებს ქრისტესთან ურთიერთობაშიც იყენებს. ეს პრობლემებს ნიშნავს და დიდი ალბათობით შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს. იმიტომ, რომ კაცობრიობის ყველა წევრის ბუნება-არსება, განურჩევლად რასისა, ერთნაირია. მხოლოდ ქრისტეა განსხვავებული კაცობრიობისგან. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს აქვს ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამოჩინება, და აქვს ნორმალური, პრაქტიკული ადამიანურობისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესები და რუტინა, მისი არსი განსხვავდება ნებისმიერი გარყვნილი ადამიანის არსისგან. სწორედ ამის გამოა კვალიფიციური, მოსთხოვოს თავის მიმდევრებს ისე მოქცევა, როგორც ითხოვს. ქრისტეს გარდა, არცერთი სხვა ადამიანი არ არის შესაფერისი, რომ ეს მეთოდები და სტანდარტები გამოიყენოს ადამიანების მიმართ მოთხოვნების წასაყენებლად. რატომ? იმიტომ, რომ ქრისტეს არსი თავად ღმერთია, და იმიტომ, რომ ქრისტე, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი, არის ნორმალური ხორცი, რომელშიც ღმერთია შემოსილი, და ღმერთია ხორცშესხმული ადამიანთა შორის. მხოლოდ ამის საფუძველზეც კი, ქრისტეს ადამიანად დანახვა არასწორია, მისთვის ადამიანის მსგავსად მოპყრობა კიდევ უფრო არასწორია, ხოლო მისი მოტყუება, მასთან თამაში და მის წინააღმდეგ ბრძოლა ისე, თითქოს ადამიანი იყოს, კიდევ უფრო უარესია. ანტიქრისტეები, ბოროტ ინდივიდთა ბანდა, რომლებსაც სძულთ ჭეშმარიტება, სამუდამოდ უცოდინარნი რჩებიან ამ მნიშვნელოვანი პრობლემისა და თვალნათელი შეცდომის მიმართ. რატომ არის ეს ასე? იმიტომ, რომ მათი ბუნება-არსება ანტიქრისტეს არსია. ისინი ებრძვიან ღმერთს სულიერ სამყაროში, ეცილებიან მას სტატუსში, არასოდეს მოიხსენიებენ მას ღმერთად და არც სათანადოდ ეპყრობიან. ღვთის სახლში ისინი იმავე ქცევას იმეორებენ და ქრისტესაც ანალოგიურად ეპყრობიან. მათი წინაპარი ღმერთს ასე მოექცა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი სხვანაირად ვერ მოიქცევიან. რადგანაც სხვანაირად ვერ მოიქცევიან და მათი ბუნება-არსება წინასწარ დადგენილია, შეუძლია თუ არა ღმერთს, მაინც გადაარჩინოს ასეთი ადამიანები? ნუთუ არ უნდა მოიცილონ და განდევნონ ისინი ღვთის სახლიდან? ნუთუ უარყოფილნი არ უნდა იყვნენ ღვთის ყველა რჩეული ხალხისგან? (დიახ.) გაქვთ კიდევ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ღვთის სახლი გმობს, მოიცილებს და განდევნის ასეთ ადამიანებს? (არა.) საცოდავნი არიან ისინი? (არა.) რატომ არ არიან საცოდავნი? ისინი საძულველნი და მიუღებელნი არიან, ამიტომაც არ არიან საცოდავები.
გ. როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს თავმდაბლობასა და დაფარულობას
ანტიქრისტეების მიერ ქრისტეს ნორმალურობისა და პრაქტიკულობისადმი მოპყრობა მრავალნაირად ვლინდება და ახლახან რამდენიმე კონკრეტული მაგალითი ვამხილეთ. ჩვენ აქ დავასრულებთ თანაზიარებას ამ ასპექტის შესახებ. რაც შეეხება ქრისტეს კიდევ ერთ ასპექტს — მის თავმდაბლობასა და დაფარულობას — ანტიქრისტეები კვლავაც ავლენენ თავიანთი უნიკალური ხასიათის არსს, და მათ ზუსტად ისეთივე არსებითი გამოვლინებები და მიდგომები აქვთ, როგორიც ქრისტეს ნორმალურობისა და პრაქტიკულობისადმი მოპყრობისას. ისინი კვლავინდებურად ვერ იღებენ ამ ყოველივეს ღვთისგან და ვერც პოზიტიურ რამეებად აღიქვემენ, ამის ნაცვლად, ზიზღით უარყოფენ და, უფრო მეტიც, დასცინიან და გმობენ მათ, შემდეგ კი უარყოფენ. ეს არის სამნაწილიანი სერია: თავდაპირველად აკვირდებიან, შემდეგ გმობენ და ბოლოს უარყოფენ. ეს ყველაფერი ანტიქრისტეების ჩვეული ქმედებებია; ეს განსაზღვრულია ანტიქრისტეების არსით. რა არის თავმდაბლობა და დაფარულობა? პირდაპირი მნიშვნელობით ამის გაგება არ უნდა იყოს რთული — ეს ნიშნავს, რომ არ გიყვარდეს თავის მოწონება, წარმოჩენა, ამჯობინებდე ჩრდილში ყოფნას და რჩებოდე უცნობად. ეს ეხება განკაცებული ღვთის ხასიათსა და ღვთის შინაგან პიროვნულ თვისებებს. გამოჩინებების მიხედვით, ადამიანებისთვის რთული არ უნდა იყოს შემჩნევა: ქრისტეს არ აქვს ამბიცია, ის არ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მას არ აქვს ძალაუფლების სურვილი, ის არ იპყრობს ადამიანთა გულებს და არც აზრების წაკითხვას სწავლობს; ქრისტე საუბრობს მარტივად, გასაგებად, მკაფიოდ, არასდროს იყენებს მზაკვრულ სიტყვებს ან ხრიკებს, რომ ადამიანებს ჭეშმარიტი აზრები გამოსძალოს. თუ ადამიანებს რამის თქმა სურთ, შეუძლიათ თქვან; თუ არა, ის არ აძალებს მათ. როდესაც ქრისტე ამხელს ადამიანების გახრწნილ ხასიათსა და სხვადასხვა მდგომარეობას, ის საუბრობს პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს მათზე; უფრო მეტიც, ქრისტეს საქმეებთან გამკლავების წესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც ჩემთან ჰქონია ურთიერთობა, უნდა ჰქონდეთ ეს შთაბეჭდილება და ამბობდნენ: „შენ საკმაოდ პირდაპირი ხარ, ყოველგვარი ამქვეყნიური ურთიერთობების ტაქტიკების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი გაქვს, არ ჩანს, რომ რომელიმე ჯგუფში უპირატესობის განცდა გქონდეს“, ეს განცხადება მართლაც ზუსტია; მე არ მსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა ან სხვების წინაშე ჩემი სახელის განთქმა. ეს სტატუსი რომც არ მქონოდა და ღმერთი არ დამმოწმებოდა, ჩემი თანდაყოლილი ბუნებაა, რომ ხალხის უკანა რიგებში დავრჩე, არ მსურდეს თავის გამოჩენა და არ მინდოდეს, სხვებმა იცოდნენ, თუნდაც ჩემი რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების შესახებ — რადგან თუკი ადამიანებს ეს ეცოდინებოდათ, ყველგან გამომყვებოდნენ, რაც დამღლელი და რთულად სამართავია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა სად მივდივარ, როგორც კი ხალხი დამიწყებს უკან გამოყოლას, მაშინვე ვეძებ მათი გასტუმრების გზებს; როცა საჭიროა, საკითხებს განვიხილავ, ხოლო როცა არა — სწრაფად მივუჩენ მათ სათანადო ადგილებს, რათა აკეთონ ის, რაც უნდა აკეთონ. გახრწნილი ადამიანებისთვის ეს წარმოუდგენელია: „ჩვენ, ადამიანებს, ასე ძალიან გვიყვარხარ და მხარს გიჭერთ! ესოდენ მოხიბლულნი ვართ შენით! რატომ არ იღებ ამ ჩვენს მიჯაჭვულობას?“ რა საუბარია ეს? მე გითხარით ის, რაც უნდა მეთქვა, დაგავალეთ ის, რაც აუცილებელია, ასე რომ, წადით და აკეთეთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ნუ ტრიალებთ ჩემ გარშემო, მე ეს არ მომწონს. ადამიანების თვალთახედვით, ისინი ფიქრობენ: „ღმერთო, ასეთი დიდი საქმის გაკეთების შემდეგ, ხშირად შენც ხომ არ გრძნობ თვითკმაყოფილებას? ამდენი მიმდევრის ყოლით შენც ხომ არ გრძნობ თავს გამორჩეულად? არ გსურს ყოველთვის განსაკუთრებული მოპყრობით ტკბობა?“ მე ვამბობ, რომ არასდროს მიგრძნია ასეთი რამ; არასოდეს ვგრძნობ იმას, რომ ამდენი მიმდევარი მყავს, არ ვთვლი თავს სხვებზე უპირატესად და წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად მაღალია ჩემი სტატუსი. მითხარით, ნორმალური ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ რამდენად აღტაცებული იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში? ნუთუ არ ეცოდინებოდათ, რა ეჭამათ ან ჩაეცვათ? ნუთუ მთელი დღე ჰაერში არ იფრენდნენ? ნუთუ მუდამ იმედი არ ექნებოდათ, რომ ხალხი ყველგან დაუწყებდა დევნას? (დიახ.) კერძოდ, ისინი, ვინც გარკვეულ უნარებს ფლობს, მუდამ პოულობენ გზებს კრებების მოსაწყობად, რათა დატკბნენ ყურადღების ცენტრში ყოფნისა და სიტყვით გამოსვლისას მიღებული აპლოდისმენტების განცდით, და ფიქრობენ, რომ ეს ხორცის ჭამისა და ღვინის სმის სიამოვნებას აღემატება. მიკვირს, მე რატომ არ ვგრძნობ ასე? რატომ არ მიმაჩნია, რომ ეს კარგია? რატომ არ მომწონს ეს გრძნობა? მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე მათ, ვისაც ცოტა რამ მაინც შეუძლია, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მღერის და ცეკვავს, ქალღმერთებად, ღმერთებად, მუსიკის მეფეებად, მუსიკის დედოფლებად და კიდევ მამებად, დედებად და ბაბუებად მოიხსენიებენ. ეს კარგი წოდებები არ არის. მეტიც, ზოგიერთი უკმაყოფილოა, როდესაც მათ „სიაო ვანგს“[ა] ან „სიაო ლის“ უწოდებენ, და ფიქრობს, რომ ეს მათ სტატუსს აკნინებს, ამიტომ გზებს ეძებენ თავიანთი იერარქიული დონის შესაცვლელად, რათა მომავალში ყველამ მეფედ ან დედოფლად მოიხსენიოს. ეს არის გახრწნილ ადამიანთა მოდგმა. ზოგიერთი ადამიანი, ღვთის რწმენაში შესვლის შემდეგ, ამბობს, რომ მორწმუნეები არ უნდა იყვნენ ისეთი უტიფრები, როგორც არამორწმუნეები, რომ მათ არ უნდა უწოდებდნენ ღმერთს, მეფეს ან დედოფალს, და რომ ისინი მოკრძალებულნი და თავმდაბალნი უნდა იყვნენ. ისინი თვლიან, რომ საკუთარ თავს პირდაპირ თავმდაბალი რომ უწოდონ, ცოტა არ იყოს, ვულგარულია, ანუ საკმარისად პატარა ან მდაბალი არ არის, ამიტომ თავიანთ თავს პაწაწინას, უმნიშვნელოს, მტვერს, პატარას უწოდებენ, ზოგი კი — ქვიშის მარცვალსა და ნანომეტრს. ისინი ყურადღებას ჭეშმარიტებაზე კი არ ამახვილებენ, არამედ ვულგარულობაზე ფიქრობენ — ისეთი სახელებით, როგორებიცაა პატარა სარეველა, ყლორტი და კიდევ ჭუჭყი, ტალახი, ნეხვი და ა.შ. ეს სახელები, ერთმანეთზე უფრო უსიამოვნო და მდაბალია, მაგრამ შეუძლიათ კი მათ რაიმეს შეცვლა? მე ვხედავ, რომ ამ სახელებიანი ადამიანები ასევე ძალიან ამპარტავნები, ცუდები არიან, ზოგიერთი მათგანი ბოროტი ადამიანიც არის. ვინც ასეთ სახელს ირქმევს, უფრო პატარა ან თავმდაბალი კი არ ხდება, არამედ კვლავინდებურად უტიფარი, უკეთური და ბოროტგანზრახული რჩება.
როდესაც ღმერთი პირველად განკაცდა, რათა დედამიწაზე საქმე აღესრულებინა, მისი მუშაობა მარტივი და ხანმოკლე იყო, მაგრამ იგი კაცობრიობის ხსნის საქმის შეუცვლელ და მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უფალი იესო ჯვარს აცვეს, ის ცოცხალი დაბრუნდა და ზეცად ამაღლდა ისე, რომ აღარ გამოცხადებია კაცობრიობას. რატომ არ გამოეცხადა ის კვლავ კაცობრიობას? ეს არის ღმერთის თავმდაბლობა და დაფარულობა. ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკის თანახმად, ღმერთი განკაცდა და ოცდაცამეტ წელიწად-ნახევარი იტანჯებოდა; მან აიტანა კაცობრიობის მხრიდან უარყოფა, ცილისწამება, განკითხვა, შეურაცხყოფა და ა.შ., და მას შემდეგ, რაც ჯვარს აცვეს და მკვდრეთით აღდგა, ის ადამიანებს შორის უნდა დაბრუნებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი გამარჯვებისა და დიდების ნაყოფით. მას კიდევ ოცდაცამეტ წელიწად-ნახევარი ან თუნდაც უფრო მეტხანს უნდა ეცხოვრა და დამტკბარიყო იმით, თუ როგორ ეთაყვანებოდა და შეჰყურებდა მას კაცობრიობა, და ასევე, იმ სტატუსითა და მოპყრობით, რომელსაც ის იმსახურებდა. თუმცა, ღმერთმა ეს არ გააკეთა. საქმის ამ ეტაპზე ღმერთი მოვიდა ჩუმად და უხმაუროდ, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, და იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ეძიებენ, რომ მათი ყოფნა იგრძნობოდეს ყოველი მცირედი უნარის გამოვლენისთანავე, ღმერთი არ ისურვებდა, რომ სამყაროსთვის გამოეცხადებინა: „მე აქ ვარ, თავად ვარ ღმერთი!“. ღმერთმა არც ერთი მსგავსი სიტყვა არ წარმოთქვა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩუმად დაიბადა ბაგაში. იმ სამ ბრძენ კაცს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ღმერთის სათაყვანებლად მოვიდნენ, უფალი იესო ქრისტეს ცხოვრების დანარჩენი ნაწილი სავსე იყო სირთულეებითა და ტანჯვით, რომელიც მხოლოდ მისი ჯვარცმით დასრულდა. ღმერთმა მოიპოვა დიდება და მიუტევა ცოდვები ადამიანს — ეს ნიშნავს, რომ მან დიდი საქმე გააკეთა კაცობრიობისთვის, რადგან დაეხმარა ადამიანებს, თავი დაეღწიათ ცოდვისა და ტანჯვის ზღვისგან, და ის არის კაცობრიობის მხსნელი. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ღმერთი უნდა დამტკბარიყო ადამიანთა თაყვანისცემით, აღტაცებითა და მის წინაშე ქედმოხრით. თუმცა, ღმერთმა მიატოვა ყველაფერი ჩუმად და უხმაუროდ, ხმის ამოუღებლად. გასული ორი ათასწლეულის განმავლობაში ღვთის საქმე მუდამ ვრცელდებოდა. ამ გავრცელების პროცესი სავსე იყო სირთულეებით, სისხლისღვრითა და მთელი კაცობრიობის მიერ დაგმობითა და ცილისწამებით. მაგრამ, მიუხედავად ღვთის მიმართ კაცობრიობის დამოკიდებულებისა, მან განაგრძო ჭეშმარიტების გამოხატვა და არასდროს მიუტოვებია ადამიანის ხსნის საქმე. უფრო მეტიც, ამ ორი ათასწლეულის განმავლობაში ღმერთს არასდროს გამოუყენებია მკაფიო სიტყვები საკუთარი თავის გამოცხადებითვის, რათა ეთქვა, რომ უფალი იესო მისი ხორცშესხმაა და რომ კაცობრიობამ თაყვანი უნდა სცეს და მიიღოს იგი. ღმერთი უბრალოდ იყენებს ყველაზე მარტივ მეთოდს, უგზავნის თავის მსახურებს, რათა იქადაგონ ცათა სასუფევლის სახარება ყველა ერსა და ადგილას, რაც უფრო მეტ ადამიანს აძლევს საშუალებას, მოინანიოს, მივიდეს ღვთის წინაშე და მიიღოს მისი ხსნა და ამგვარად, მიეტევოს თავისი ცოდვები. ღმერთს არასდროს გამოუყენებია ზედმეტი სიტყვები იმის სათქმელად, რომ ის მომავალი მესიაა; ამის ნაცვლად, მან ფაქტებით დაამტკიცა, რომ ყველაფერი, რაც გააკეთა, თავად ღმერთის საქმეა, რომ უფალი იესოს ხსნა თავად ღმერთის ხსნაა, რომ უფალმა იესომ გამოისყიდა მთელი კაცობრიობა და რომ ის თავად ღმერთია. ამჟამინდელ ხორცშესხმაში ღმერთი ადამიანებს შორის ზუსტად იმავე წესითა და ფორმით მოვიდა. ღმერთის ხორცშესხმულად მოსვლა უზარმაზარი კურთხევაა კაცობრიობისთვის, წარმოუდგენლად იშვიათი შესაძლებლობა და, უფრო მეტიც, ეს კაცობრიობის დიდი ბედნიერებაა. მაგრამ რას ნიშნავს ეს თავად ღმერთისთვის? ეს ყველაზე მტკივნეული რამ არის. შეგიძლიათ ამის გაგება? ღვთის არსი ღმერთია. ღმერთს, რომელსაც აქვს ღვთის იდენტობა, ბუნებრივად არ ახასიათებს ამპარტავნება, სამაგიეროდ, ის ერთგული, წმინდა და სამართლიანია. კაცობრიობაში მოსვლით, მან თვალი უნდა გაუსწოროს ადამიანის სხვადასხვანაირ გახრწნილ ხასიათს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, რომლის გადარჩენაც მას სურს, სწორედ ისინი არიან, ვინც მას სძულს და ზიზღს გვრიან. ღმერთს არ ახასიათებს ამპარტავნება, ბოროტება და მზაკვრობა, მას უყვარს სიკეთე, ის სამართლიანი და წმინდაა, მაგრამ, რასაც აწყდება, ზუსტად ისეთი ადამიანების ჯგუფია, რომელიც მისი არსის საწინააღმდეგოდ და მტრულად არის განწყობილი. რას გასცემს ღმერთი ყველაზე მეტად? თავის სიყვარულს, მოთმინებას, წყალობასა და შემწყნარებლობას. ღმერთის სიყვარული, წყალობა და შემწყნარებლობა მისი თავმდაბლობა და დაფარულობაა. გახრწნილი კაცობრიობა ფიქრობს: „რაკი ღმერთი ასეთ დიდ საქმეს აკეთებს, ასეთ დიდ დიდებას იხვეჭს და ამდენი რამის ხელმწიფეა, მაშ, რატომ არ აცხადებს ან ამცნობს საკუთარ თავს?“. ადამიანებისთვის ეს თითქოს ისეთივე მარტივია, როგორც თითების გატკაცუნება; როდესაც ისინი ერთ კარგ საქმეს აკეთებენ, მას ათმაგად აზვიადებენ, როდესაც მცირედ სიკეთეს სჩადიან, ორ-სამმაგად ზრდიან, უსასრულოდ ადიდებენ და ჰგონიათ, რომ რაც უფრო დეტალურად წარმოაჩენენ ამას, მით უკეთესია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ღმერთის არსში. განურჩევლად იმისა, თუ რას აკეთებს ღმერთი, ამაში ადამიანისეული ეგრეთ წოდებული „გარიგება“ არასდროს დევს. ღმერთი არაფერს ითხოვს და არც „ეძიებს საზღაურს“, როგორც ადამიანები უწოდებენ. ღმერთს, გახრწნილი კაცობრიობისგან განსხვავებით, არ აქვს სტატუსის სურვილი, ის არ ამბობს: „მე ვარ ღმერთი; ვაკეთებ იმას, რაც მინდა, და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი სიკეთე უნდა გახსოვდეთ, გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ ის, რასაც ვაკეთებ, და მე მუდამ უნდა გახსოვდეთ“. ღმერთს ზუსტად ასეთი არსი აკლია; მას არ აქვს არანაირი ამბიცია, არ ახასიათებს გახრწნილი კაცობრიობის ამპარტავანი ხასიათი და არ აცხადებს საკუთარ თავს. ზოგი ამბობს: „თუკი შენ არ აცხადებ საკუთარ თავს, როგორღა უნდა გაიგონ ადამიანებმა, რომ ღმერთი ხარ? როგორ უნდა დაინახონ, რომ ღვთის სტატუსი გაქვს?“. ეს არ არის საჭირო; სწორედ ამის მიღწევა შეუძლია ღვთის არსს. ღმერთი ფლობს ღვთის არსს; განურჩევლად იმისა, თუ რამდენად თავმდაბალი და დაფარულია ის, რამდენად ფარულად მოქმედებს, რამდენად ავლენს წყალობასა და შემწყნარებლობას კაცობრიობის მიმართ, მისი სიტყვების, საქმეების, ქმედებებისა და ა.შ. საბოლოო შედეგი ადამიანებზე აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ადამიანური ქმნილებები აღიარებენ შემოქმედის ხელმწიფებას, თაყვანს სცემენ და მუხლს მოიყრიან შემოქმედის წინაშე და ნებაყოფლობით დაემორჩილებიან შემოქმედის ხელმწიფებასა და განკარგულებებს. ეს განსაზღვრულია ღვთის არსით, და სწორედ ამის მიღწევა არ შეუძლიათ ანტიქრისტეებს. მათ აქვთ ამბიციები და სურვილები, აგრეთვე ამპარტავანი, სასტიკი და უკეთური ხასიათი, მათ აკლიათ ჭეშმარიტება, მიუხედავად ამისა, მაინც სურთ ადამიანების დაუფლება და კონტროლი და აგრეთვე იმის მიღწევა, რომ ადამიანები დაემორჩილონ და თაყვანი სცენ მათ. ანტიქრისტეების არსიდან გამომდინარე, განა ბოროტები არ არიან ისინი? ანტიქრისტეები ღმერთს ედავებიან მის რჩეულ ხალხს, ნუთუ ღმერთი შეედავება? აქვს ღმერთს ასეთი არსი? მოიპოვებს ღმერთი შექმნილი ადამიანების თაყვანისცემასა და მორჩილებას ამაზე შედავებით? (არა.) როგორ მოიპოვებს ამას? შექმნილი არსებები ღვთის მიერ არიან შექმნილნი; მხოლოდ შემოქმედმა იცის, რა სჭირდება კაცობრიობას, რა უნდა ჰქონდეს და როგორ უნდა ცხოვრობდეს კაცობრიობა. მაგალითად, ვთქვათ, რომ ადამიანი ქმნის მანქანას. მხოლოდ მისმა გამომგონებელმა იცის მისი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების შესახებ და ის, თუ როგორ გამოასწოროს, ხოლო ვინც ცდილობს მანქანის ყალბი ასლის შექმნას, მან არ იცის. ანალოგიურად, კაცობრიობა ღმერთმა შექმნა; მხოლოდ ღმერთმა იცის, რა სჭირდებათ ადამიანებს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა და მხოლოდ ღმერთს შეუძლია გახრწნილი ადამიანების ჭეშმარიტ ადამიანებად გარდაქმნა. ღმერთი ამ ყველაფერს არ აკეთებს თავისი ხელმწიფებით, თვითგამოცხადებით, თავის მართლებით ან ადამიანების ჩაგვრით, შეცდომაში შეყვანითა თუ კონტროლით; ღმერთი არ იყენებს ამ საშუალებებსა და მეთოდებს — ამას მხოლოდ სატანა და ანტიქრისტეები სჩადიან.
ამდენი თანაზიარების შემდეგ, როგორია თქვენი გაგება ღვთის თავმდაბლობისა და დაფარულობის შესახებ? რა არის ღვთის თავმდაბლობა და დაფარულობა? არის დაფარულობა მისი ვინაობის განზრახ დამალვა, მისი არსისა და ჭეშმარიტი ვითარების მიზანმიმართული დამალვა? (არა.) არის თავმდაბლობა რაღაც ხელოვნურად თვალთმაქცური? არის ეს თავის შეკავება? არის ეს პირფერობა? (არა.) ზოგი ამბობს: „შენ ხარ განკაცებული ღმერთი, როგორ შეიძლება, რომ ვინმემ, ვისაც ასეთი კეთილშობილური სტატუსი აქვს, ასეთი ჩვეულებრივი ტანსაცმელი ატაროს?“ მე ვამბობ, რომ უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს; ჩემში ყოველივე ჩვეულებრივია, მაშ, რატომ არ შემიძლია ჩვეულებრივი ტანსაცმლის ტარება? ზოგი ამბობს: „შენ ხარ ქრისტე, განკაცებული ღმერთი. შენი სტატუსი კეთილშობილურია — ნუ დაიმცირებ თავს“. მე ვამბობ, რა დამცირება? მე თავს არც ვაჭარბებ და არც ვამცირებ; ვარ, ვინც ვარ, ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, და ვამბობ იმას, რაც უნდა ვთქვა — რა არის ამაში არასწორი? არც გადაჭარბება და არც დამცირება არ არის სწორი; გადაჭარბება არის ამპარტავნება, დამცირება არის პირფერობა და მზაკვრობა. ზოგიერთი ამბობს: „განკაცებულ ღმერთს ცნობილი ადამიანის მანერები უნდა ჰქონდეს, და შენი მეტყველება და ქცევა ელეგანტური უნდა იყოს. შეხედე საზოგადოებაში იმ ძლიერი ქალების ვარცხნილობებს, ჩაცმულობასა და მაკიაჟს, ისენი სტატუსის მქონე ადამიანები არიან და სწორედ მათზე ხალხს დიდი წარმოდგენა აქვს!“ მე ვამბობ, რა არის სტატუსი? რა მნიშვნელობა აქვს, თუ ხალხს დიდი წარმოდგენა აქვს ჩემზე? ეს არ მანაღვლებს; თუკი შენ მაღალი წარმოდგენა გაქვს ჩემზე, ეს ჩემში ზიზღსა და გულისრევას იწვევს. არ მჭირდება შენი მაღალი წარმოდგენები. სხვები ამბობენ: „შეხედე საზოგადოებაში იმ ქალ მეწარმეებს, ისე კეთილშობილურად და ელეგანტურად აცვიათ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ძლიერი, ელიტარული ფიგურები არიან — რატომ არ სწავლობ მათგან?“ რატომ უნდა ვისწავლო ის, რაც არ მომწონს? ისეთ ტანსაცმელს ვიცვამ, რომელიც ჩემს ასაკს შეესაბამება, რატომ უნდა ვთამაშობდე რაიმე როლს? რატომ უნდა ვსწავლობდე სხვებისგან? მე მე ვარ — ვინმესთვის თავის მოჩვენება რაში მჭირდება? განა ეს მზაკვრობა არ არის? მითხარი, როგორი იერი, გარეგნობა, მეტყველება და ქცევა უნდა ჰქონდეს განკაცებულ ღმერთს, რომ შეესაბამებოდეს მის ვინაობას? გაქვთ ამისი სტანდარტები? აუცილებლად გექნებათ, თორემ ქრისტეს ასე არ შეხედავდით. მე მაქვს ჩემი სტანდარტები — გასცდება ჩემი სტანდარტები ჭეშმარიტების პრინციპების ფარგლებს? (არა.) რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს მუდმივად წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა მაცვია ან რას ვჭამ, მუდმივად რატომ აკეთებენ დასკვნებს ჩემ შესახებ და გამოაქვთ განაჩენი — განა ეს საზიზღრობა არ არის? რატომ მხედავენ ასე? მათ თვალში, რასაც უნდა აკეთებდეს ქრისტე, ყველაფერი არასწორია, ყოველივე ნეგატიურია, ყოველთვის რაღაც მზაკვრული ხდება ამის უკან. რა ბოროტები უნდა იყვნენ! ღვთის ამ სხვადასხვა იდენტობითა და თვალთახედვით— ღვთის სულიდან, თავად ღვთის არსიდან მოყოლებული, განკაცებული ღვთის ადამიანობამდე — ღვთის არსებაში არ არის არც ამპარტავნება ან არც სატანის რაიმე ამბიცია და სურვილი, და, მით უმეტეს, არ არსებობს ადამიანის ეგრეთ წოდებული სწრაფვა სტატუსისკენ. თავად ღვთის არსის გარდა, ყველაზე თვალსაჩინო თვისება, რაც ღმერთს გააჩნია — ღვთის სულიდან მის განკაცებულ ხორცამდე — არის მისი თავმდაბლობა და დაფარულობა. ეს თავმდაბლობა არ არის მოჩვენებითი, ეს დაფარულობა არ არის განზრახ თავის არიდება; ეს არის ღვთის არსი, ეს თავად ღმერთია. მიუხედავად იმისა, ღმერთი სულიერ სამყაროში იმყოფება თუ ადამიანის მსგავსად ხორცშესხულია, მისი არსი არ იცვლება. თუ ვინმე ამაზე დაყრდნობითაც ვერ ხედავს, რომ განკაცებულ ქრისტეს გააჩნია ღვთის არსი, როგორი ადამიანები არიან ისინი? მათ აკლიათ სულიერი გაგება, ისინი ურწმუნოები არიან. როცა ხალხი ღვთის თავმდაბლობისა და დაფარულობის არსს უყურებს, ფიქრობს: „როგორც ჩანს, ღმერთს არ აქვს ასეთი დიდი მეუფება. იმის თქმა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, დიდად სანდო არ ჩანს, უფრო უსაფრთხოა ითქვას, რომ ღმერთი ძლევამოსილია. რადგან მას არ აქვს ასეთი დიდი მეუფება, როგორ შეუძლია კაცობრიობაზე ხელმწიფება? რადგან ის არასდროს აჩვენებს ღვთის სტატუსსა და ვინაობას, შეუძლია სატანის დამარცხება? ამბობენ, რომ ღმერთს სიბრძნე აქვს — შეუძლია სიბრძნეს ყველაფრის გადაწყვეტა? რომელი უფრო დიდია, სიბრძნე თუ ყოვლისშემძლეობა? შეუძლია სიბრძნეს, ყოვლისშემძლეობა გადაწონოს? შეუძლია სიბრძნეს, ყოვლისშემძლეობაზე მოახდინოს გავლენა?“ ხალხი ამაზე ფიქრობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ხედავს ან ვერ სწვდება ამას. ზოგ ადამიანს გულში რაღაც ეჭვები აქვს, და შემდეგ ისინი თანდათან აქარწყლებენ ამას, თავიანთი გამოცდილების მეშვეობით უწყვეტად ეძიებენ და ცდილობენ ამ საკითხის გაგებას, და ისინი, გაუცნობიერელად, მოიპოვებენ გარკვეულ გამოცდილებით ცოდნას. მხოლოდ ანტიქრისტეები, მას შემდეგ, რაც ეჭვქვეშ აყენებენ ღვთის არსის ყველა ამ ასპექტს, ყველა ამ გამოვლინებას და მის ყველა ქმედებას, არა მხოლოდ ვერ იგებენ, რომ ეს არის ღვთის თავმდაბლობა და დაფარულობა, რომ სწორედ ეს არის ღვთის საყვარელი მხარე, არამედ, პირიქით, უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი ღმერთში და კიდევ უფრო მკაცრად გმობენ ღმერთს. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ღვთის ყოველგვარ არსებულზე ხელმწიფებას, ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ღმერთს შეუძლია სატანის დამარცხება, ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ღმერთს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა, ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ღვთის ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა წარმატებით დასრულდება, და კიდევ უფრო მეტად ეჭვქვეშ აყენებენ იმ ფაქტს, რომ ღმერთი გამოეცხადება ურიცხვ ხალხს თავისი განდიდებით. ამ ყოველივეში ეჭვის შეტანის შემდეგ რას აკეთებენ? ისინი უარყოფენ ამ ყოველივეს. ასე რომ, ანტიქრისტეები ამბობენ: „ქრისტეს თავმდაბლობა და დაფარულობა არაფერს ნიშნავს, ისინი არ არიან ღირსნი არც ქების და არც დიდების; და ისინი არ წარმოადგენენ ღვთის არსს. ასეთი თავმდაბლობა და დაფარულობა არ არის ისეთი რამ, რასაც ღმერთი ფლობს; ქრისტეს თავმდაბლობა და დაფარულობა მისი უსუსურობის გამოვლინებებია. ამ სამყაროში, როგორ კი ვინმეს მცირედი სტატუსი აქვს, მაშინვე მეფედ, მარკიზად ან იმპერატორად აკურთხებენ. ქრისტემ თავისი სამეფო დააარსა და ამდენი მიმდევარი ჰყავს, და ამავდროულად, სახარების საქმე დიდი მუხტით ვრცელდება — განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს ძალა იზრდება? მაგრამ მის ქმედებებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მას არ აქვს განზრახული თავისი ძალის გაზრდა, ან ასეთი ძალის ფლობა. თითქოს არ შესწევს უნარი, რომ ამ ძალას ფლობდეს, ქრისტეს სამეფოს ფლობდეს. მაშ, შევძლებ კურთხევის მიღებას მისი მიყოლით? შევძლებ, მომავალი ეპოქის მმართველი გავხდე? შევძლებ ურიცხვი ერისა და ხალხის მართვას? შეუძლია მას ამ ძველი სამყაროს, ამ გახრწნილი კაცობრიობის განადგურება? ქრისტეს ჩვეულებრივ გარეგნობას თუ შევხედავთ, როგორ შეუძლია მას დიდი საქმეების კეთება?“ ასეთი ეჭვები მუდამ უჩნდებათ ანტიქრისტეებს გულში. ქრისტეს თავმდაბლობა და დაფარულობა ისეთია, რასაც ყველა გახრწნილი ადამიანი, მით უმეტეს კი — ანტიქრისტეები, ვერ იღებს, ვერ იწონებს და ვერ ხედავს; ანტიქრისტეები ღვთის თავმდაბლობასა და დაფარულობას იყენებენ ღვთის იდენტობასა და არსში ეჭვის შესატანად, ასევე ღვთის ხელმწიფების უარყოფის მტკიცებულებად და ბერკეტად, რითაც უარყოფენ ღვთის ვინაობას, არსსა და ქრისტეს არსს. ქრისტეს არსის უარყოფის შემდეგ, ანტიქრისტეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში იწყებენ მოქმედებას ღვთის რჩეული ხალხის წინააღმდეგ — ყოველგვარი წყალობის, შემწყნარებლობისა და შიშის გარეშე; ამავდროულად, ისინი მცირედითაც კი არ ეჭვდებიან და არ უარყოფენ საკუთარ უნარებს, პროფესიულ შესაძლებლობებსა თუ ამბიციებს. თავიანთი გავლენის სფეროში, იქ, სადაც მოქმედება შეუძლიათ, ანტიქრისტეები ბრჭყალებს აჩენენ, აკონტროლებენ ყველას, ვისი კონტროლიც შეუძლიათ, და შეცდომაში შეჰყავთ ისინი, ვისი შეცდომაში შეყვანაც შეუძლიათ; ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ ქრისტესა და ღმერთს და ბოლომდე წყვეტენ კავშირს ღმერთთან, ქრისტესთან და ღვთის სახლთან.
უპირველესად რაზე გვაქვს თანაზიარება, ამ საკითხთან დაკავშირებით — თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ქრისტეს თავმდაბლობასა და დაფარულობას? ღვთის თავმდაბლობა და დაფარულობა — რასაც უნდა ჩასწვდნენ ადამიანები — ანტიქრისტეების თვალში ყველაზე ხელსაყრელი პირობებია იმისთვის, რომ აკეთონ ის, რაც უნდათ, და ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი სამეფო ღვთის სახლში. ღმერთი დაფარულია ხორცში, და უკანასკნელი დღეების საქმის ეს ეტაპი თავისი ფორმით განსხვავდება მადლის ეპოქისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ამ ეტაპზე სასწაულებსა და ნიშნებს არ ახდენს, მან გაცილებით მეტი სიტყვა წარმოსთქვა, უთვალავჯერ მეტი სიტყვა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, სანამ იგი ხორცშესხმულია, მისი საქმის აღსრულებას უზარმაზარი დამცირებაც ახლავს თან. მხოლოდ ასეთ ღმერთს, რომელსაც ღვთის არსება გააჩნია, შეუძლია, რომ ჭეშმარიტად დაიმდაბლოს და დაფაროს თავი, რათა ჩვეულებრივ ადამიანად იქცეს და თავისი საქმე აკეთოს, ვინაიდან მას თავმდაბლობისა და დაფარულობის არსი გააჩნია. ამის საპირისპიროდ, სატანას აბსოლუტურად არ აქვს ამისი გაკეთების უნარი. როგორი ხორცით შეიმოსებოდა სატანა ადამიანებში საქმის კეთებისას? პირველ რიგში, მას ექნებოდა დიდებული გარეგნობა და ის იქნებოდა სასტიკი, მზაკვარი და უკეთური; მაშინ ის უნდა ფლობდეს სხვადასხვა სტრატეგიასა და ტექნიკას ადამიანებთან სათამაშოდ და მანიპულირებისთვის, სხვადასხვა მზაკვრულ ხრიკთან ერთად, ის საკმარისად სასტიკი და ბოროტგანზრახული უნდა იყოს. მან მუდმივად უნდა დაანახოს თავი ადამიანებს იმის შიშით, რომ ვინმე შეიძლება არ იცნობდეს მას, და ის მუდმივად უნდა ცდილობდეს თავისი სახელის განდიდებასა და საკუთარი თავის პოპულარიზაციას. როდესაც ადამიანები საბოლოოდ მას მეფეს ან იმპერატორს უწოდებენ, ის კმაყოფილი იქნება. ის, რასაც ღმერთი აკეთებს, ზუსტად საპირისპიროა იმისა, რასაც სატანა აკეთებს. ღმერთი განაგრძობს დათმენასა და დაფარვას, და სანამ ამას აკეთებს, ის თავის სიტყვებსა და სიცოცხლეს ადამიანებში ნერგავს შემოქმედის წყალობისა და გულმოწყალების გამოყენებით, რათა ადამიანებმა შეძლონ ჭეშმარიტების გაგება, გადარჩენა და გახდნენ ჭეშმარიტი ქმნილებები ნორმალური ადამიანურობითა და ნორმალური ადამიანური ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ რასაც ღმერთი აკეთებს ფასდაუდებელია კაცობრიობისთვის, ღმერთი ამას საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. ასე რომ, ის პირადად გახდა ხორცშესხმული და დედასავით ან მამასავით დაუღალავად ზრუნავს, ეხმარება, მხარს უჭერს, ნათელს ჰფენს და ანათებს ადამიანებს. რა თქმა უნდა, ის ასევე კიცხავს, განსჯის, გვემს და წვრთნის ადამიანებს, უყურებს, თუ როგორ დღითი დღე იცვლებიან ისინი, როგორ დღითი დღე ცხოვრობენ ნორმალური ეკლესიური ცხოვრებით და როგორ დღითიდღე იზრდებიან სიცოცხლეში. ამგვარად, ყოველივე ის, რასაც ღმერთი აკეთებს, სიკეთის რეალობაა. კაცობრიობაში ადამიანები ადიდებენ ღვთის მიერ გაღებულ საფასურებს, მის დიდ ძალმოსილებასა და დიდებას, მაგრამ ღვთის სიტყვებში, როდის უთქვამს მას ადამიანებისთვის: „მე ეს და ის გავაკეთე კაცობრიობისთვის, იმდენი მსხვერპლი გავიღე; ადამიანებმა უნდა განმადიდონ და შემაქონ?“ აქვს ღმერთს ასეთი მოთხოვნები კაცობრიობის მიმართ? არა. ეს თვით ღმერთია. ღმერთს არასდროს წამოუყენებია პირობები ადამიანებთან გარიგებების დასადებად და უთქვამს: „მე თქვენს შორის დავამკვიდრე ქრისტე, თქვენ კარგად უნდა მოეპყროთ მას, მოუსმინოთ მის სიტყვებს, დაემორჩილოთ და მიჰყვეთ მას. ნუ შექმნით დაბრკოლებებს ან არეულობას, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეუბნებათ, როგორც გეუბნებათ, და როდესაც ყველაფერი აღსრულდება, ყველა თავის ჯილდოს მიიღებს.“ ოდესმე უთქვამს ღმერთს მსგავსი რამ? არის ეს ღვთის განზრახვა? არა. პირიქით, სწორედ ანტიქრისტეები ცდილობენ მუდამ სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ადამიანების შეცდომაში შეყვანას, შეზღუდვას, კონტროლს და მათზე სრული ბატონობის მოპოვებას, რათა აიძულონ ადამიანები, მიატოვონ ღმერთი და მათ წინაშე წარსდგნენ. სწორედ ანტიქრისტეები ამბობენ და აცხადებენ ყველგან, როგორც კი რაიმე მცირე საქმეს გააკეთებენ. ანტიქრისტეები არა მხოლოდ ვერ იგებენ, ვერ იღებენ, ვერ ადიდებენ ან აქებენ ქრისტეს თავმდაბლობასა და დაფარულობას, არამედ პირიქით — აბუჩად იგდებენ და გმობენ ამას. ეს ანტიქრისტეთა ხასიათი არსით არის განსაზღვრული.
დღეს თანაზიარება გვქონდა იმ სამ გამოვლინებაზე, თუ როგორ უარყოფენ ანტიქრისტეები ქრისტეს არსს. მოდით, აქ დავასრულოთ ჩვენი თანაზიარება ამის შესახებ. გაქვთ რაიმე შეკითხვა? (არა.) კეთილი, ნახვამდის!
2020 წლის 21 ნოემბერი
სქოლიო:
ა. ჩინელები „სიაოს“ იყენებენ იმ ადამიანის გვარის წინ, რომელიც მათზე უმცროსია.