პუნქტი მეცამეტე: ისინი აკონტროლებენ ეკლესიის ფინანსებს და ასევე ადამიანთა გულებს
I. ანტიქრისტეები აკონტროლებენ ადამიანთა გულებს
დღეს თანაზიარება გვექნება ანტიქრისტეთა სხვადასხვაგვარი გამოვლინებების მეცამეტე პუნქტზე — ისინი აკონტროლებენ ეკლესიის ფინანსებს და ასევე ადამიანთა გულებს. ანტიქრისტეთა მრავალი განსხვავებული გამოვლინებიდან გამომდინარე, ამ პუნქტთაგან თითოეული ეხება მათ ხასიათსა და არსს, რომელიც არის ჭეშმარიტებისადმი ზიზღით განწყობილი, სასტიკი და უკეთური. მეცამეტე პუნქტიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. „ისინი აკონტროლებენ ეკლესიის ფინანსებს და ასევე ადამიანთა გულებს“ — ამ გამოვლინებიდან ჩანს, რომ ანტიქრისტეები არა მხოლოდ ამბიციურნი, არამედ ხარბნიც არიან; მათ გულებში ბევრი საჭიროება იმალება. კანონიერია ეს საჭიროებები? (არა, არ არის.) დადებითი რამ არის ადამიანთა გულების გაკონტროლება? ცხადია, სიტყვა „კონტროლიდან“ გამომდინარე, ჩანს, რომ ეს დადებითი არ არის. რა თვალსაზრისით არ არის ეს დადებითი? რატომ არის არასწორი კონტროლის გამოყენება? გსურთ ადამიანთა გულების გაკონტროლება? (არა). მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გსურს ამის გაკეთება, დადგება დრო, როდესაც ვერაფერს იზამ და მაინც ასე მოიქცევი. ამას ეწოდება „ხასიათი“; ამას ეწოდება „არსი“. ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების გაკონტროლება არ არის მართლზომიერი საჭიროება, არც სამართლიანი და გონივრულია; ეს არის რაღაც ნეგატიური. რას ნიშნავს „ადამიანთა გულების კონტროლი“? ადამიანთა გულების გაკონტროლება არ არის აბსტრაქტული; ეს არის საკმაოდ კონკრეტული და სპეციფიკური რამ, კონკრეტული მეთოდებით, ქცევითა და ენით, ასევე კონკრეტული აზრებით, თვალთახედვებით, განზრახვებითა და მოტივებით. ასეთ ვითარებაში, რა არის ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების გაკონტროლების კონკრეტული გამოვლინებები და კონკრეტულად როგორ განისაზღვრება ეს გაკონტროლება? (ისეთი დემონსტრირების საშუალებების გამოყენება, როგორიცაა გარეგნული ტანჯვა და ფასის გადახდა, რათა მოიპოვონ სხვათა მოწონება და პატივისცემა და მიაღწიონ სხვათა შეცდომაში შეყვანის მიზანს.) ანტიქრისტეები კონკრეტული სახის ქცევასა და გამოვლინებებს იყენებენ ადამიანთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რითაც ადამიანთა გულებში მოიპოვებენ ადგილს და ახერხებენ, რომ ადამიანებმა პატივი სცენ მათ. როდესაც ანტიქრისტეები სხვათა პატივისცემას მოიპოვებენ, ეს შედეგი, თავისი ბუნებით, ადამიანთა შეცდომაში შეყვანის შედეგია. მაგრამ გულის სიღრმეში, ანტიქრისტეების ჭეშმარიტად სუბიექტური სურვილი არ არის, რომ ამ საშუალებებით შეცდომაში შეიყვანონ სხვები; მათ სურთ, რომ პატივცემულნი იყვნენ — ეს არის მათი მიზანი. კიდევ არის რამე? (ანტიქრისტეები, ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და მათ მისაზიდად მცირე დახმარებას მიმართავენ, და აჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭს, რათა პატივი სცენ სხვებმა და აღფრთოვანდნენ და დაემორჩილონ მათ ბრძანებებს, და მიაღწიონ თავიანთ მიზანს — მოიგონ ადამიანთა გულები და კონტროლი მოიპოვონ მათზე.) ეს არის ერთი ასპექტი. (ანტიქრისტეები თვალთმაქცურად აჩვენებენ სულიერებას. როდესაც მათ სხლავენ, ისინი ვერ ხვდებიან ამას, თუმცა თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გაიგეს და შეუძლიათ მორჩილება, რათა სხვებმა იგრძნონ, რომ ისინი გულმოდგინედ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას და საკმაოდ დიდი სულიერი გაგება აქვთ. ისინი იმოსებიან ჭეშმარიტების მაძიებელთა და ჭეშმარიტების გამგებთა ნიღბით, რათა მიაღწიონ შედეგს, რომლის დროსაც სხვა ადამიანები პატივს სცემენ და თაყვანისცემით შეჰყურებენ მათ.) ეს არის კიდევ ერთი ასპექტი. ანტიქრისტეებს ყოველთვის სურთ, სხვებმა დაინახონ, თუ რამდენად სულიერნი არიან ისინი და რომ შეუძლიათ ჭეშმარიტების ძიება და მორჩილება. სინამდვილეში მათ არანაირი გაგება არ აქვთ, მაგრამ მაინც ქმნიან სულიერი ადამიანის მოჩვენებით სახეს, რათა სხვებმა პატივი სცენ და აღფრთოვანებით შეჰყურებდნენ მათ. ისინი ასეთი საშუალებებით აკონტროლებენ ადამიანთა გულებს. კიდევ არის რამე? (ანტიქრისტეები საუბრობენ სიტყვებსა და მოძღვრებებზე, რათა თავი მოიწონონ და დაიმკვიდრონ, რათა სხვებმა იფიქრონ, რომ მათ ესმით ჭეშმარიტება და გააჩნიათ სულიერი ზრდა, პატივი სცენ მათ, თაყვანი სცენ მათ და მოუსმინონ მათ. ამ საშუალებებით ისინი აღწევენ ადამიანთა კონტროლს.) ეს არის კონკრეტული გამოვლინება, თუმცა იმის თქმა, რომ „ისინი საუბრობენ სიტყვებსა და მოძღვრებებზე“ არც ისე ზუსტია. ანტიქრისტეებმა არც კი იციან, რომ სიტყვებსა და მოძღვრებებზე საუბრობენ; მათ სწამთ, რომ რასაც ისინი საუბრობენ, არის რეალობა, მაღალფარდოვანი თეორიები და ქადაგებები, და მათ ამ საშუალებებით ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. თუ ანტიქრისტეებს ეცოდინებოდათ, რომ ეს იყო სიტყვები და მოძღვრებანი, ისინი შეწყვეტდნენ ამაზე საუბარს. კიდევ არის რამე? (ანტიქრისტეები ურცხვად ეწინააღმდეგებიან პრინციპებს, იყენებენ ხელთ არსებულ ძალაუფლებას და მოჩვენებით სულიერ თეორიებს, რათა თაღლითურად მოიპოვონ ყველას ნდობა და ამგვარად მიაღწიონ მიზანს — კონტროლი მოიპოვონ ადამიანებზე.) (ანტიქრისტეები წყვეტენ ღვთის რჩეული ხალხის კავშირს ზემდგომთან. ისინი არ ასრულებენ საქმის წარმართვის პირობებს, ფლობენ აბსოლუტურ ძალაუფლებას თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში და ცდილობენ დააფუძნონ საკუთარი სამეფოები და აკონტროლონ ადამიანები.) ესეც კონკრეტული გამოვლინებაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი ატყუებენ ზემდგომს, საქმეებს უმალავენ მათ, ვინც მათზე დაბლა დგას, და ცდილობენ ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვებას, არ აძლევენ სხვებს ჭეშმარიტი მდგომარეობის დანახვის საშუალებას და თაღლითურად მოიპოვებენ მათ ნდობას, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზანს — ადამიანთა გულების კონტროლს. მათ მიერ ზემდგომის მოტყუებისა და მათზე ქვემოთ მდგომი ადამიანებისგან საქმეების დამალვის მიზანი არის ის, რომ ხელი შეუშალონ ზემდგომსა და დებსა და ძმებს მათ შესახებ ჭეშმარიტების დანახვაში, რათა ზემდგომმა და დებმა და ძმებმა ნდობა გამოუცხადონ მათ, და ბოლოს დებმა და ძმებმა მხოლოდ მათ სცენ თაყვანი — მაშინ კი მიაღწევენ ადამიანთა გულების გაკონტროლების მიზანს. კიდევ არის რამე? (ანტიქრისტეები ადგენენ ბევრ და ერთი შეხედვით სწორ წესებს ადამიანთა დასაცავად, და იყენებენ მათ ჭეშმარიტების ჩასანაცვლებლად, რათა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ამ წესების დაცვა იგივეა, რაც ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. ამ საშუალებებით ანტიქრისტეები მოიპოვებენ კონტროლს ადამიანთა გულებზე და მიჰყავთ ადამიანები თავიანთ წინაშე.) ეს უნდა აღიწეროს ისე, რომ ანტიქრისტეები ადგენენ ერთობ ბევრ წესსა და რეგულაციას ჭეშმარიტება-პრინციპების ჩასანაცვლებლად, თავს ასაღებენ სულიერებად, რომ თითქოს ჭეშმარიტებას სწვდებიან, რათა ადამიანებმა მოუსმინონ მათ, და ამგვარად აღწევენ ადამიანთა გულების გაკონტროლების მიზანს. თუ წესები, რომელთაც ისინი ადგენენ, სასარგებლო იქნებოდა საეკლესიო ცხოვრებისთვის და ადამიანთათვის, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, და თუ ისინი არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში ჭეშმარიტება-პრინციპებთან და არანაირ ზიანს არ მიაყენებდა ღვთის სახლის ინტერესებს, მაშინ ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა. ეკლესიაში სხვადასხვა სახის ადამიანებთან ურთიერთობისას აუცილებელია, ჭეშმარიტებაზე თანაზიარების გარდა, დადგინდეს გარკვეული ადმინისტრაციული წესები ადამიანთა წესრიგში მოსაყვანად. თუ ეს ადმინისტრაციული წესები არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტება-პრინციპებს, არამედ სარგებელი მოაქვს ადამიანთათვის, მაშინ ის დადებითი რამ არის და ეს არ არის ადამიანთა გულების გაკონტროლება. თუ ეს წესები ჭეშმარიტება-პრინციპებად გასაღდება, მაშინ პრობლემა არსებობს. მაშ ასე, შეუძლიათ ანტიქრისტეებს ჩამოაყალიბონ წესები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ადამიანებს და შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს? (არა, არ შეუძლიათ.) სცადეთ შეაჯამოთ, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს. (ანტიქრისტეები ადგენენ გარკვეულ წესებს, რომლებიც არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სულიერები არიან და ესმით ჭეშმარიტება, რათა ადამიანები აიძულონ, დაემორჩილონ მათ და მიაღწიონ თავიანთ მიზანს — ადამიანთა გულების გაკონტროლებას.) ეს შედარებით ზუსტია. კიდევ არის რამე? (ანტიქრისტეებს უყვართ მაღალფარდოვანი იდეების ტყუილუბრალოდ ფრქვევა, რათა აჩვენონ საკუთარი გონიერება და ჭკუამახვილობა, და ადამიანებმა პატივი სცენ მათ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ყველამ უკვე განიხილა საკითხი და გადაწყვიტა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით, ანტიქრისტეები წამოაყენებენ თეორიათა ერთობლიობას, რათა უარყონ ყველას წინადადება, და აიძულონ ყველას მათი მოსმენა, მაშინ როცა, სინამდვილეში, მათი შეხედულება სხვებისაზე არც ისე ჭკვიანურია. ამის შემდეგ, დროთა განმავლობაში, რა საკითხიც არ უნდა იყოს, ვერავინ გაბედავს ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას ან ჭეშმარიტება-პრინციპების ძიებას, და ექნებათ იმის განცდა, რომ ანტიქრისტეებმა უნდა გამოიტანონ საბოლოო განაჩენი, და საბოლოოდ, ანტიქრისტეები მიაღწევენ თავიანთ მიზანს — ადამიანთა გაკონტროლებას.) ანტიქრისტეები ყოველ ჯერზე მაღალფარდოვან იდეებს აფრქვევენ, უარყოფენ სხვათა წინადადებებს, აჩვენებენ საკუთარ თავს და ატყუებენ სხვებს, რომ დაიჯერონ, თითქოს ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, და ამგვარად აღწევენ თავიანთ მიზანს — სხვა ადამიანთა შეცდომაში შეყვანასა და გაკონტროლებას. წარსულში ბევრჯერ გვქონდა თანაზიარება ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გაკონტროლებისა და შეცდომაში შეყვანის გამოვლინებებზე. როდესაც ანტიქრისტეები ამას სჩადიან, ჩართულია მრავალფეროვანი ტაქტიკა, გამოვლინებები და მეთოდები. ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად ხანდახან ისინი იყენებენ ქმედებებს, ხანდახან — სიტყვას, ზოგჯერ კი — გარკვეული სახის თვალთახედვას. ერთი სიტყვით, ყველა ამ საქმეს, რასაც ანტიქრისტეები სჩადიან, საფუძვლად უდევს გარკვეული მიზნები; არცერთი ეს ქმედება არ არის სუფთა და გულახდილი, და არცერთი მათგანი არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არის იმისთვის, რომ შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები და აიძულონ ისინი, პატივი სცენ და თაყვანი სცენ მათ. ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები გარეგნულად ამბობენ და აკეთებენ, არის მხოლოდ მოჩვენებითობა — ისინი მხოლოდ საქებარი ქცევები და ისეთი საქმეებია, რასაც ადამიანები კარგად მიიჩნევენ — მაგრამ სინამდვილეში, თუკი ვინმე გამოიკვლევს ამ საქმეების არსს, ანტიქრისტეების მიდგომების საფუძველში არსებული მოტივები და მიზნები, გამონაკლისის გარეშე, ენით აღუწერელია, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და საძულველია ღვთისთვის.
ანტიქრისტეების მიდგომიდან გამომდინარე, რომლითაც ისინი აკონტროლებენ ადამიანთა გულებს, ჩანს, რომ ანტიქრისტეების ადამიანურობა საძაგელი და ეგოისტურია, ხოლო მათი ხასიათი ჭეშმარიტებისადმი ზიზღით განწყობილი, უკეთური და სასტიკია. ანტიქრისტეები საკუთარი მიზნების მისაღწევად ყოველგვარ საძაგელ და ვერაგულ ხერხს მიმართავენ, სირცხვილის ყოველგვარი გრძნობის გარეშე — ეს არის მათი უკეთური ბუნების მახასიათებელი. გარდა ამისა, ადამიანების სურვილისადმი ყოველგვარი ანგარიშის გაწევის გარეშე, მათი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, ისინი ყოველთვის ცდილობენ ადამიანთა გაკონტროლებას, მათზე მანიპულირებასა და მათზე ბატონობას. მათ სურთ, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანები გულში ფიქრობენ და რასაც ინატრებენ, მათ მანიპულაციებს დაექვემდებაროს, მათ სურთ, რომ ადამიანებმა გულში განსაკუთრებული ადგილი დაუთმონ, თაყვანი სცენ და ყველაფერში მათგან იღებდნენ მაგალითს. მათ სურთ ადამიანთა შემოსაზღვრა და მათზე გავლენა საკუთარი სიტყვებითა და თვალსაზრისებით, და საკუთარი სურვილების საფუძველზე მათზე მანიპულირება და მათი გაკონტროლება. რა სახის ხასიათია ეს? განა ეს სისასტიკე არ არის? ეს ზუსტად ჰგავს ვეფხვს, რომელსაც შენი კისერი ყბებში მოუქცევია — სულის მოთქმას და განძრევას რაც არ უნდა ეცადო, ვერ შეძლებ საკუთარი სურვილისამებრ მოქცევას, რადგან სინამდვილეში მტაცებელი ურჩხულის ძლიერ და მომაკვდინებელ ხახაში ხარ მომწყვდეული. რაც არ უნდა ეცადო თავის დახსნას, ვერ შეძლებ, და თუნდაც შეევედრო ვეფხვს, რომ პირი გააღოს, ეს შეუძლებელია — იქ მოლაპარაკების არანაირი სივრცე არ არსებობს. ანტიქრისტეებს სწორედ ასეთი ხასიათი აქვთ. დავუშვათ, მათთან დისკუსიაში შედიხარ და ეუბნები: „ნუთუ არ შეგიძლია, შეწყვიტო ადამიანების გაკონტროლების გზების ძებნა? ნუთუ არ შეგიძლია, კარგად მოიქცე და მიმდევარი იყო? ნუთუ არ შეგიძლია, კარგად მოიქცე, აღასრულო შენი მოვალეობები და შენს ადგილზე დარჩე?“ დაეთანხმებოდნენ ისინი ამას? შეძლებდი, კარგი ქცევის ან შენ მიერ გაგებული ჭეშმარიტების გამოყენებით, დაგერწმუნებინა ისინი, შეეწყვიტათ ამ გზაზე სვლა? არის ვინმე, ვისაც შეეძლება მათი თვალსაზრისის შეცვლა? ანტიქრისტეების სასტიკი ხასიათიდან გამომდინარე, არავის შეეძლება მათი აზრებისა და თვალთახედვების შეცვლა, ვერც ვინმე შეძლებს შეცვალოს მათი სურვილი, გააკონტროლონ ადამიანთა გულები. ვერავინ შეძლებს მათ შეცვლას, და მათთან მოლაპარაკება არ არსებობს — ამას ეწოდება „სისასტიკე“. ანტიქრისტეების ამბიცია და სურვილი, გააკონტროლონ ადამიანები, არის მათი არსის გამოვლინება. თუ შენ გამოიყენებდი კარგ ქცევას, რათა შეგეცვალა ისინი, გამოვიდოდა ეს? თუ მათი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის გამოიყენებდი შენს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც გასხვლით, განსჯითა და გაკიცხვით მიიღე — შეძლებდნენ კი ისინი გარდაქმნას? შეწყვეტდნენ, რასაც აკეთებენ? (არა, არ შეწყვეტდნენ.) შეგხვედრიათ ადრე ამგვარი ადამიანი? (დიახ. ამგვარ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, თუ სად ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობებს, და თუნდაც რამდენჯერმე დაეცნენ და დაბრკოლდნენ, ან თუნდაც ავადმყოფობის წვრთნა გაიარონ, მათი სურვილი, რომ მოიპოვონ სტატუსი, ვერ შეიცვლება. სადაც არ უნდა წავიდნენ, მათ სტატუსისა და ძალაუფლების მოპოვება სურთ.) თუ ადგილის ან ჯგუფის შეცვლა ვერ გარდაქმნიდა მათ, იქნებ მოგვეცადა, სანამ ასაკში შევიდოდნენ — შეიცვლებოდნენ მაშინ ცოტათი მაინც? ცოტათი მაინც დათმობდნენ ძალაუფლებისა და ხელმწიფებისადმი სწრაფვას, შესუსტდებოდა ეს ცოტათი მაინც? (არა. ეს არაფერ შუაშია ასაკთან; მათი ეს ხასიათი ვერ შეიცვლება.) ანტიქრისტეებს სასტიკი ხასიათი განაგებს და აკონტროლებს, ამიტომ ისინი ვერ იცვლებიან. როგორც ჩანს, ანტიქრისტეების სასტიკი ხასიათი რამდენიმე ადამიანს უკვე გამოცდილი და თვალით ნანახი აქვს. ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების გაკონტროლება რეალობაა და ფაქტობრივი მტკიცებულებით არის დადასტურებული — ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ, დაივიწყონ ან განზე გადადონ ადამიანთა გულების გაკონტროლების საკითხი. ასეთია ანტიქრისტეების ბუნება-არსება. სუბიექტური თვალთახედვით, ისინი ვერ ახერხებენ ამის განზე გადადებას; ობიექტური თვალთახედვით, ვერავინ ახერხებს მათ გარდაქმნას — ისინი ბოლომდე ანტიქრისტეები არიან. მითხარით, არსებობენ თუ არა ისეთი ანტიქრისტეები, რომლებსაც, მას შემდეგ, რაც განდევნიან და აღარ იმყოფებიან დებისა და ძმების საზოგადოებაში, სურვილი ეკარგებათ, გააკონტროლონ სხვების გულები? შეიცვლებოდნენ ანტიქრისტეები გარემოსა თუ გეოგრაფიული მდებარეობის ცვლილებების საფუძველზე? (არა, არ შეიცვლებოდნენ.) ისინი არ შეიცვლებოდნენ დროისა და ადგილის ცვლილებებთან ერთად — ეს განისაზღვრება მათი ბუნება-არსებით. ადამიანთა გულების გაკონტროლებით, სინამდვილეში ანტიქრისტეები ცდილობენ გამოიყენონ ძალაუფლება ადამიანებს შორის — ძალაუფლება, რომ გასცენ ბრძანებები, მიიღონ გადაწყვეტილებები და გააკონტროლონ ადამიანები და მანიპულირება მოახდინონ ადამიანთა გულებზე — ეს არის ის ძალაუფლება, რომლის მოპოვებაც სურთ. ადამიანთა გულების გაკონტროლებისთვის ანტიქრისტეები ყოველგვარ საშუალებასა და ხერხს გამოიყენებენ, რათა ადამიანებმა პატივი სცენ მათ, მოატყუონ და შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები, ცრუ გარეგნობით წარსდგნენ ადამიანთა წინაშე, და გარკვეული საშუალებები და ხერხებიც გამოიყენონ, რათა დაფარონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი და პიროვნება, და აღკვეთონ ადამიანთა შესაძლებლობა, გაარკვიონ ან ჩაწვდნენ მათ ჭეშმარიტებისადმი ზიზღით განწყობილ და ანტიქრისტესეულ არსს. გარეგნულად ისინი თავს ასაღებენ სულიერ და სრულყოფილ ადამიანებად, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების ან გახრწნილი ხასიათის რაიმე კვალის გარეშე, და ამგვარად აღწევენ მიზნებს — აიძულონ სხვები, რომ პატივს სცემდნენ, აღტაცებით შესცქეროდნენ მათ, აღფრთოვანებულნი იყვნენ, ეთაყვანებოდნენ და თუნდაც დაეყრდნონ მათ. ამ მიზნების მიღწევა, არსობრივად, არის მათ მიერ ადამიანთა გულების გაკონტროლების შედეგი. ანტიქრისტეების ყველა ხასიათისა და გამოვლინების შესახებ ჩვენს თანაზიარებაში, განხილვის უდიდესი ნაწილი დაეთმო ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების გაკონტროლებასა და მათ ძალაუფლებისა და სარგებლის მოსახვეჭად ბრძოლას. რადგანაც ამ საკითხზე უკვე დიდი თანაზიარება გვქონდა, დღეისთვის აქ დავასრულოთ.
II. ანტიქრისტეები აკონტროლებენ ეკლესიის ფინანსებს
დღეს ჩვენი თანაზიარების მთავარი პუნქტი იქნება ის, რომ ანტიქრისტეებს, ადამიანთა გულების გაკონტროლების მცდელობისა და ძალაუფლებისადმი მათი ამბიციისა და სურვილის გარდა, კიდევ ერთი დამღუპველი გამოვლინება გააჩნიათ. ესე იგი, ისინი აგრეთვე ავლენენ დიდ სურვილს ეკლესიის ფინანსებისადმი — სურვილს, რომელსაც ასევე სიხარბე შეიძლება ეწოდოს. სტატუსისადმი სიყვარულის გარდა, ანტიქრისტეებს ასევე განსაკუთრებული სიყვარული გააჩნიათ ფინანსებისადმი. ინტერესი და სიამოვნება, რომელსაც ისინი ფინანსებში პოულობენ, უხვი და დაუფარავია; ამას ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორც ანტიქრისტეების მიერ ეკლესიის ფინანსების გაკონტროლებას. ანტიქრისტეების მიერ ეკლესიის ფინანსების გაკონტროლების მცდელობა და ადამიანთა გულების გაკონტროლების მცდელობა ერთი და იგივეა — ორივე თანაბრად არალეგიტიმური და უგუნური წამოწყებაა. ცხადია, ეს რაღაც უპატიოსნოა. ადამიანთა გულების გაკონტროლების ამბიცია და სურვილი უკვე საკმარისად გულისამრევი და საზიზღარია, ის უკვე საშინლად უპატიოსნოა, მაგრამ ანტიქრისტეებს ეკლესიის ფინანსების გაკონტროლებაც სურთ — ეს კიდევ უფრო საძაგელი რამაა, რაც მათ ემართებათ. მაშ, როდესაც ანტიქრისტეები ეკლესიის ფინანსების გაკონტროლებას ცდილობენ, რა არის ამის კონკრეტული გამოვლინებები? იქნებოდა ეს უფრო ადვილად შესამჩნევი, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი ადამიანთა გულების გაკონტროლებას ცდილობენ? როდესაც ანტიქრისტეები ადამიანთა გულების გაკონტროლებას ცდილობენ, შეიძლება ადამიანებმა ამოიცნონ ზოგიერთი მიდგომა და ხასიათი, რომელსაც ისინი საქმეში იყენებენ. მაგრამ თუ ისინი ძალიან ფარულები და მზაკვრები არიან და მათ უკან გარკვეული განცხადებები, ტაქტიკა ან სატანური ხრიკები იმალება, რასაც ანტიქრისტეები ზედაპირზე არ ამჟღავნებენ, არამედ ამ ყველაფერს მხოლოდ თავიანთ პირად ფიქრებში ატრიალებენ, მაშინ ეს ადვილად შესამჩნევი არ იქნება. თუმცა, ეკლესიის ფინანსების გაკონტროლების მცდელობას გარკვეული კონკრეტული გამოვლინებები და მიდგომები უნდა ჰქონდეს. ეს მიდგომები ადვილად შესამჩნევი გეჩვენებათ? როდესაც ეს რაღაცები საკუთარი თვალით ნახეთ და საკუთარი ყურით მოისმინეთ მათ შესახებ, შეგეძლოთ ამოცნობა, რომ ეს ანტიქრისტეთა ქმედებებია? (თუ ეს აშკარა ქცევებია, მაშინ დიახ. მაგალითად, ანტიქრისტეები კითხვებს დასვამენ, ვინ არის პასუხისმგებელი შესაწირის და მისთანათა შენახვაზე.) ეს ადვილად ამოსაცნობი იქნებოდა, რადგან ფინანსები მგრძნობიარე საკითხია, და ადამიანების უმრავლესობა არ დაინტერესდებოდა ამით, თუ საქმე არ გვაქვს ხარბ ადამიანებთან, რომლებსაც ფინანსებთან დაკავშირებული განზრახვები აქვთ, ასეთ შემთხვევაში ისინი დაინტერესდებოდნენ და ამგვარ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვებს დასვამდნენ. მოდით, თანაზიარება გვქონდეს იმაზე, თუ რა კონკრეტული გამოვლინებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ანტიქრისტეები აკონტროლონ ეკლესიის ფინანსები.
რაც შეეხება იმ თემას, რომ ანტიქრისტეები ეკლესიის ფინანსებს აკონტროლებენ, ადამიანების უმრავლესობა ამას თავის გონებაში იმ მაგალითებს დაუკავშირებს, რომლებიც წარსულში ეკლესიის ქონების თაღლითობასთან ან არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით ნახეს, ხომ ასეა? ან, ალბათ, არიან ისეთებიც, რომლებიც, ახალგაზრდობისა თუ ღვთის მხოლოდ მცირეხნიანი რწმენის გამო, დიდად არ ნერვიულობენ და საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე. ასე რომ, მოდით, ვრცელი თანაზიარება გვქონდეს ამაზე, რათა შეძლოთ, გაერკვეთ ზოგიერთ საკითხში, წესსა და აკრძალვებში, რომლებიც ეკლესიის ფინანსებს ეხება. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს: „არასდროს გამომიჩენია ინტერესი და არ მიკითხავს ეკლესიის ფინანსების საკითხებზე. არ მაქვს ამგვარი სიხარბე. ეს არაფერ შუაშია ჩემთან, და საკმაოდ მგრძნობიარე თემაა ეკლესიაში, ამიტომ, ვიცი თუ არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის სულერთია.“ ეს თვალსაზრისი სწორია? (არა, არ არის.) რატომ? მიუხედავად იმისა, რასაც თქვენ ფიქრობთ, თემა, რომელზეც დღეს გვაქვს თანაზიარება, ანტიქრისტეების ხასიათს ეხება, და ანტიქრისტეების ხასიათის ანალიზისა და გარჩევის თვალსაზრისით, უფრო ღირებული იქნება, რომ ყველა თქვენგანმა გაიგოს ეს ყოველივე და ნათლად გაიაზროს. ჩვენ გამოვიყენებთ ამ საკითხს ანტიქრისტეების ხასიათის გასაანალიზებლად, ამიტომ, ჯერ თანაზიარება გავმართოთ იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ეკლესიის ქონებას, რას ნიშნავს ზუსტად ეკლესიის ქონება და ვის ეკუთვნის ის მათი წარმოდგენით, ასევე იმაზე, თუ როგორ განიხილავენ ანტიქრისტეები ამ ქონებას და როგორ ანაწილებენ მას გონებაში. უპირველეს ყოვლისა, როგორ განსაზღვრავენ ანტიქრისტეები ფულსა და სხვადასხვა საგანს, რომელსაც ეკლესიის დები და ძმები სწირავენ? მათი ხასიათიდან რომ ვიმსჯელოთ, ანტიქრისტეები ხარბები არიან, და მათი სიხარბე უზარმაზარია, ამიტომ ისინი გულგრილნი არ იქნებიან ამ ქონების მიმართ. პირიქით, ძალიან დაინტერესდებიან ამით, ყურადღებით შეისწავლიან და გამოარკვევენ, რა ქონება აქვს ეკლესიას, ვინ არის პასუხისმგებელი მის შენახვაზე, სად ინახება ის, და რამდენმა ადამიანმა იცის ამის შესახებ. როდესაც საქმე ეხება ეკლესიის ფინანსების შესახებ ძირითად ინფორმაციას, ანტიქრისტეები, პირველ რიგში, ამ საკითხისადმი გამოავლენენ უდიდეს ინტერესს, დაუთმობენ მას განსაკუთრებულ ყურადღებას, დასვამენ კითხვებს და დაინტერესდებიან, ეცდებიან, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მოიპოვონ ეს ინფორმაცია. სიხარბე და განზრახვები რომ არ ჰქონდეთ, დაინტერესდებოდნენ ამ საკითხებით? (ნამდვილად არა.) ანტიქრისტეები განსხვავდებიან ნორმალური ადამიანობის მქონე ადამიანებისგან იმით, რომ მათ ინტერესს ფარული მოტივი უდევს საფუძვლად. მათი ინტერესი არ არის ამ ქონების დაცვისკენ მიმართული, არამედ მათ სურთ ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება, ან საკუთარი სურვილისამებრ მისი გამოყენების შესაძლებლობა. ამრიგად, ანტიქრისტეების მიერ ეკლესიის ფინანსების გაკონტროლების პირველი გამოვლინებაა ეკლესიის ქონების ფლობისა და გამოყენების პრიორიტეტულობა.
ა. ეკლესიის ქონების ფლობისა და გამოყენების პრიორიტეტულობა
როგორც კი ანტიქრისტეები სტატუსს მოიპოვებენ, მათში ღრმად იბადება მცდარი და უსირცხვილო წარმოდგენა: წინამძღოლობამ მათ უნდა მოუტანოს არა მხოლოდ ეკლესიის ფინანსების ცოდნის უფლება, არამედ მათზე კონტროლის აბსოლუტური ძალაუფლებაც. რა არის მათი მიზანი ეკლესიის ფინანსების გაკონტროლებაში? იმ ძალაუფლების ქონა, რომ ეკლესიის ქონების მფლობელობასა და გამოყენებაში უპირატესობა საკუთარ თავს მიანიჭონ. რას ნიშნავს ეკლესიის ქონების მფლობელობასა და გამოყენებაში უპირატესობის საკუთარი თავისთვის მინიჭება? ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ისინი ეკლესიას ხელმძღვანელობენ, მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ძმებისა და დების მიერ შეწირული ფული და ნივთები მთლიანად მათ განკარგვაში, გამოყენებასა და მფლობელობაში გადადის. ეს წარმოდგენა სწორია თუ არასწორი? ცხადია, არასწორია, მაგრამ სწორედ ასე ფიქრობენ ანტიქრისტეები. წინამძღოლობის მოპოვების შემდეგ, პირველი, რასაც აკეთებენ, არის ფინანსებთან დაკავშირებით ძალისხმევის მიმართვა და გეგმების ხლართვა. ჯერ გაარკვევენ, ვინ განაგებს ფინანსებს, რამდენი ადამიანი განაგებს ფინანსებს, რა რაოდენობის თანხაა აღრიცხვაში, და ვინც ამ ფინანსებს განაგებენ, რამდენად არიან მათი გამოცდილი დამხმარეები ან სანდო აგენტები. თუ ასე არ აღმოჩნდება, ისინი ჩქარობენ მათ გათავისუფლებას რაიმე საბაბით და შემდეგ ანაცვლებენ მათ საკუთარი აგენტებით. ჩერდებიან ისინი ფინანსების მართვაზე პასუხისმგებელი ადამიანების შეცვლაზე? არა, ეს ასე მარტივი არ არის. მათი ამბიციები ამაზე ბევრად უფრო შორს მიდის; მათ უნდათ, რომ აუცილებლად ცხადი წარმოდგენა ჰქონდეთ ეკლესიის ქონების ციფრებთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ადამიანებს შესაწირის გაღებისკენ მოუწოდებენ, როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ამ ქონებას? ისინი ფულს იღებენ ეკლესიიდან, როცა ტანსაცმლის ყიდვა სჭირდებათ, და კვლავაც იღებენ, როცა ექიმთან მიდიან; ხოლო თუ ტანსაცმელი აკლიათ, დებისა და ძმების მიერ შემოწირული ნივთებიდან რამდენიმე საუკეთესოს ირჩევენ. და ამით არ მთავრდება მათი არჩევანი; მათ უნდა მოიზომონ თითოეული ტანსაცმელი, საუკეთესოები თავისთვის შეინახონ და მხოლოდ ყველაზე უვარგისი და მათთვის არასასურველი ნივთები დაუტოვონ ეკლესიას. მოკლედ, ისინი გამოიყენებენ ეკლესიის ფულს საკუთარი კვებისა და ხარჯების დასაფარად, თუნდაც 20 იუანის სამგზავრო ხარჯების ჩათვლით, და ზოგი მათგანი იმდენად შორს მიდის, რომ ეკლესიის ფულს გამოიყენებს ფუფუნების ნივთების, საკვები დანამატების, კოსმეტიკის და სხვა ყოველგვარი პირადი მოხმარების ნივთის შესაძენად. როგორც კი ანტიქრისტეები წინამძღოლობის თანამდებობებზე ხვდებიან, სანამ თითს გაანძრევენ რაიმე საქმისთვის, ისინი ძალიან პროაქტიულნი არიან ეკლესიის ქონებით სარგებლობის საქმეში, და ამას პრიორიტეტად აქცევენ. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეები ისარგებლებენ ამ ქონებით, მთელი მათი სულიერი მსოფლმხედველობა და ცხოვრების ხარისხი მთლიანად გარდაისახება და წინანდელისგან სრულიად განსხვავებული ხდება. ყოველი შესაძლებლობისას, იკეთებენ თმას, მასაჟს, ინებივრებენ თავს, იზრუნებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და საკუთარი თავისთვის მატონიზებელ წვნიანსაც ამზადებენ — ასევე აახლებენ საკუთარ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობასაც. როგორც კი წინამძღოლები ხდებიან, ანტიქრისტეები ითვალისწინებენ ეკლესიის მდიდარ ადამიანებს და მათ, ვისაც შესაწირის გაღების შესაძლებლობა აქვთ. ეს შეძლებული ადამიანები შემდეგ დიდი ოდენობით ფულს დაკარგავენ, და ისინი, ვინც ხშირად სწირავენ შესაწირს, ეკლესიის ძვირფას წევრებად და ანტიქრისტეების თვალში განებივრებულ ფავორიტებად იქცევიან. ანტიქრისტეების ეკლესიაში შესვლა წააგავს მელას, რომელიც ვენახში შედის — ვენახს უბედურება ელოდება. მელა არა მხოლოდ შეჭამს კარგ ყურძენს, არამედ მთლიანად ააოხრებს იქაურობას.
ანტიქრისტეების გონებაში ფული და საგნები, რომლებსაც დები და ძმები სწირავენ, რომელთაც ერთობლივად „შესაწირი“ ეწოდება, ყველაფერი წარმოადგენს ეკლესიის „საზოგადოებრივ“ ქონებას. ეს არ ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებრივი ქონება საერთო სარგებლობისთვის არის განკუთვნილი; უფრო სწორად, ეს ეხება ფაქტს, რომ ეს არის კოლექტიური შესაწირი, რომელიც ყველასგან მოდის, მაგრამ რომლის გამოყენების უფლებებიც, პრაქტიკულად, წინამძღოლებზეა გადასული. ანტიქრისტეების თვალსაზრისით, მათ მოვალეობას წარმოადგენს ეკლესიის ქონების ფლობისა და გამოყენების პრიორიტეტულობა, რადგან ისინი არიან წინამძღოლები, ისინი დგანან სათავეში, და ყველაფერი ეკლესიაში, განსაკუთრებით კარგი საგნები, მათ უნდა ეკუთვნოდეთ და მათი უფლებამოსილების ქვეშ უნდა მოექცეს. ანტიქრისტეებს სწამთ: „იმის თქმა, რომ ფული და ნივთები, რომელსაც დები და ძმები სწირავენ, ღმერთს ეძლევა, მხოლოდ ზედაპირული გამოხატულებაა. რამდენის გამოყენება შეუძლია ღმერთს ამ საგნებიდან? შეუძლია ღმერთს ციდან ჩამოვიდეს, რათა ეს შესაწირი ადამიანებთან გაინაწილოს? ასე რომ, ნუთუ ადამიანებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს, განაწილდეს და გამოიყენებოდეს ეს შესაწირი?“ ასეთია უსირცხვილო წარმოდგენა, რომელიც ანტიქრისტეებს ეკლესიის ქონების მიმართ აქვთ. რა არის კიდევ უფრო უსირცხვილო? ისინი ამბობენ: „ღმერთს არ შეუძლია ცაში ისარგებლოს ფულითა და ნივთებით, რომელსაც ადამიანები დედამიწაზე სწირავენ, ასე რომ, როგორ უნდა განაწილდეს და გამოიყენებოდეს ეს ნივთები? ნუთუ ეკლესიის წინამძღოლები არ უნდა დაეხმარონ ამ ნივთების მოხმარებაში, გამოყენებასა და სარგებლობაში? ეს ხომ იგივეა, რაც ღმერთი ცაში სარგებლობდეს მათით.“ და ამგვარად, ანტიქრისტეები, ბუნებრივია, დებისა და ძმების შესაწირს საკუთარ პირად ქონებად აქცევენ. მათთვის სრულიად ცხადია, ვინ რას სწირავს და როდის — ეს ყველაფერი მათ უნდა მოახსენონ და მათთვის ცნობილი უნდა იყოს. სხვა საკითხები მათ არ აწუხებთ. არსებობს ერთი რამ, რაც უდიდესი მნიშვნელობის მქონეა მათთვის, საკუთარი ძალაუფლების მტკიცედ ფლობის გარდა — და ეს არის ეკლესიის ფინანსების კონტროლი. სწორედ ეს ხდის წინამძღოლობას მათთვის ღირებულს. განა არის თუნდაც ერთი რამ იმაში, თუ როგორ უყურებენ და ეპყრობიან ანტიქრისტეები ეკლესიის ქონებას, რაც ჭეშმარიტებას ან ღვთის მოთხოვნებს შეესაბამება? (არა, არ არის.) დასაწყისიდან დღემდე, უთქვამს ოდესმე ღმერთს, თუ ვინ უნდა ფლობდეს ან იყენებდეს დებისა და ძმების მიერ მისთვის შეწირულს? უთქვამს ოდესმე ღმერთს, რომ ეკლესიის წინამძღოლებსა და მუშაკებს, მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს უნდა ჰქონდეთ იმის ძალაუფლება, რომ ეკლესიის ქონების მფლობელობასა და გამოყენებაში უპირატესობა საკუთარ თავს მიანიჭონ? უთქვამს ღმერთს, რომ ეკლესიის ქონების გამოყენება და ფლობა ეკუთვნის მას, ვინც წინამძღოლი გახდება? (არა, არ უთქვამს.) მაშ, რატომ აქვთ ანტიქრისტეებს ამგვარი მცდარი წარმოდგენა? რადგან ღვთის სიტყვებში არ არის რაიმე პირდაპირი დადგენილება ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებით, რატომ აქვთ ანტიქრისტეებს ასეთი თვალსაზრისი ამ საკითხისადმი? (მათ არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გულები.) ეს ასეთი მარტივია? ამ კონტექსტში იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გულები, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ეს სიტყვები არ ეხება ანტიქრისტეების ხასიათს. მაშინაც ხარბად ესწრაფვიან ანტიქრისტეები ეკლესიის ქონებას, როცა წინამძღოლები არიან? (დიახ, ესწრაფვიან.) მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ისინი მას შემდეგ კარგავენ ღვთისმოშიშ გულებს, რაც წინამძღოლები ხდებიან? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ღვთისმოშიში გულები, სანამ წინამძღოლები გახდებოდნენ? შეიძლება ამის თქმა? (არა). ამრიგად, ეს ახსნა არ გამოდგება. ანტიქრისტეები ხარბად ესწრაფვიან ეკლესიის ქონებას: რატომ? (მათ აქვთ უკეთური ხასიათი.) (ისინი ბუნებით ხარბები არიან.) (ისინი, ბუნებით, ყველაფერზე მეტად, სარგებელს ეძიებენ.) არის ანტიქრისტეების ხასიათი-არსი ის, რომ ყველაფერზე მეტად სარგებელს ეძიებენ? (არა). ეს მხოლოდ მათი ხასიათის ერთი გამოვლინებაა. მაშ ასე, მოდით, გავარჩიოთ, როგორია ანტიქრისტეების შინაგანი ხასიათი. (ის უკეთური და სასტიკია.) ეს, პირველ რიგში და უმთავრესად, არის სასტიკი, და შემდეგ უკეთური. რას ნიშნავს სასტიკი? ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალით ისაკუთრებენ იმას, რაც მათი არ არის და რაც არ უნდა ეკუთვნოდეთ, განურჩევლად იმისა, ეთანხმებიან თუ არა ამას სხვები ან რას ფიქრობენ ისინი: ეს არის სასტიკი ხასიათი. ანტიქრისტეების, ამ ეშმაკებისა და სატანების, თანდაყოლილი ბუნება-არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ეჯიბრებოდნენ ღმერთს. ეკლესიის შიგნით, გარდა იმისა, რომ ანტიქრისტეები ღმერთს მის რჩეულ ხალხთან დაკავშირებით ებრძვიან, ისინი აგრეთვე ცდილობენ, რომ წაართვან მას შესაწირი, რომელიც ადამიანებმა შესწირეს. ზედაპირულად, შესაძლოა ჩანდეს, რომ ანტიქრისტეები ხარბები არიან, მაგრამ სინამდვილეში, ეს იმის გამო ხდება, რომ მათ ანტიქრისტეების ხასიათი და არსი აქვთ. ის, რომ მათ სურთ ხელთ იგდონ და შთანთქონ ფული და ნივთები, რომელსაც ადამიანები ღმერთს სწირავენ — ეს, თავისი არსით, არის სისასტიკე. ეს იგივეა, თუ, მაგალითად, ყიდულობ ბამბის ახალ ქურთუკს, რომელიც მოდური და კარგი ხარისხის არის, და მერე ვინმე დაინახავს და ამბობს: „შენი ბამბის ქურთუკი ჩემსაზე უკეთესია. ეს ძონძი, რომელსაც ვატარებ, დახეული და მოძველებულია. შენი რატომ არის ასეთი ლამაზი?“ და როცა საუბარს დაასრულებს, ის ძალით წაგართმევს ბამბის ქურთუკს და მერე თავის მოძველებულს შენ გაძლევს. გაცვლაზე უარს ვერ ეტყვი — ის გაგაწვალებს, გცემს, და შესაძლოა, მოგკლას კიდეც. გაბედავდი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას? ვერ გაბედავდი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ის შენს ნივთებს შენი ნების საწინააღმდეგოდ წაიღებდა. მაშ, როგორია ამ ადამიანის ხასიათი? ეს არის სასტიკი ხასიათი. არის რაიმე განსხვავება ამ ხასიათსა და ანტიქრისტეების ხასიათს შორის, როცა ისინი ეკლესიის ქონებას ითვისებენ და იყენებენ? (არა, არ არის.) ქონებასთან დაკავშირებული ანტიქრისტეებისეული თვალთახედვის მიხედვით, როგორც კი ისინი გახდებიან წინამძღოლები და „მოხელეები“ და ეკლესიის ქონებას ხელში ჩაიგდებენ, ეკლესიის ქონება მათ ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, ვინ გაიღო შესაწირი, ან რა გაიღეს შესაწირად, ანტიქრისტეები ამას ხელში ჩაიგდებენ. რას ნიშნავს რაიმეს ხელში ჩაგდება? ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ეკლესიის ქონება — რომელიც, სათანადოდ, ეკლესიის წესების შესაბამისად უნდა გამოეყენებინათ და გაენაწილებინათ — ანტიქრისტეების კონტროლის ქვეშ ექცევა, მხოლოდ მათ აქვთ მისი გამოყენების ექსკლუზიური ძალაუფლება. მაშინაც კი, როცა ეს ქონება ეკლესიის საქმისთვის ან ეკლესიის მუშაკებისთვის არის საჭირო, ანტიქრისტეები არ იძლევიან მისი გამოყენების ნებართვას. მხოლოდ მათ აქვთ მისი გამოყენების უფლება. ეკლესიის ქონების გამოყენებასთან და განაწილებასთან დაკავშირებით, საბოლოო სიტყვა ანტიქრისტეებს ეკუთვნით; თუ ისინი მოისურვებენ, რომ გამოიყენო, შეძლებ გამოყენებას, ხოლო თუ არ მოისურვებენ, მაშინ ვერ გამოიყენებ. თუ ეკლესიის შესაწირი თანხები ბევრი არ არის და მთლიანად ანტიქრისტეების პირად ხარჯებს ხმარდება, მას შემდეგ, რაც მათ დაეპატრონებიან, სულაც არ ადარდებთ, რომ ეკლესიის საქმისთვის ფული აღარ რჩება. ისინი არ ითვალისწინებენ არც ეკლესიის საქმეს და არც ეკლესიის ნორმალურ ხარჯებს. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ აიღონ ეს თანხები და საკუთარ თავს მოახმარონ, თითქოს ეს მათი გამომუშავებული შემოსავალი იყოს. განა ეს სამარცხვინო საქციელი არ არის? (დიახ, არის.) შედარებით შეძლებულ რეგიონებში განლაგებულ ზოგიერთ ეკლესიაში ანტიქრისტეები ფიქრობენ: „ეს ადგილი საკმაოდ კარგია. რაც შეეხება ხარჯებს, შემიძლია ფუფუნებას მივეცე და ისე მოვიქცე, როგორც მინდა, და საჭირო არ არის ეკლესიის წესებსა და პრინციპებს დავეყრდნო. შემიძლია ფული ისე დავხარჯო, როგორც მინდა. მას შემდეგ, რაც წინამძღოლი გავხდი, ბოლოს და ბოლოს შემიძლია დავტკბე ისეთი ცხოვრებით, სადაც ფულს ხარჯების გათვლის გარეშე ვხარჯავ. თუ რამეზე ფულის დახარჯვა მინდა, მხოლოდ სიტყვის თქმა მჭირდება, ამაზე დარდი აღარ მიწევს და, მით უმეტეს, არც არავისთან მჭირდება ამაზე მსჯელობა.“ რაც შეეხება ეკლესიის სიმდიდრის ხარჯვას, ანტიქრისტეები იყენებენ სრულ ძალაუფლებას, ისინი დაუფიქრებლად მოქმედებენ და ფულს ფლანგავენ. გარდა იმისა, რომ არანაირ საქმეს არ ასრულებენ ეკლესიის პრინციპების ან საქმის წარმართვის შესაბამისად, ანტიქრისტეები ეკლესიის ქონებასაც ასე ეპყრობიან, ყოველგვარი პრინციპის გარეშე. ნუთუ საქმე იმაშია, რომ მათ არ ესმით პრინციპები? არა, მათ ზედმიწევნით კარგად იციან პრინციპები, რომლებიც ეკლესიის ქონების განაწილებასა და ხარჯვას განაგებენ, მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ სიხარბესა და სურვილებს. როდესაც ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ყველანაირი სტატუსის გარეშე, ისინი თავმდაბლობით გამოირჩევიან და უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ როგორც კი წინამძღოლები ხდებიან, საკუთარ თავს დიდ ვინმედ თვლიან. ისინი ზედმეტად მომთხოვნები ხდებიან ჩაცმულობასთან და კვებასთან დაკავშირებით — აღარ ჭამენ ჩვეულებრივ საკვებს, და ითვისებენ, თუ როგორ შეარჩიონ მაღალი ხარისხისა და ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი. ყველაფერი უნდა იყოს მაღალი დონის; მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობენ, რომ ეს შეესაბამება მათ ვინაობასა და სტატუსს. როგორც კი ანტიქრისტეები წინამძღოლები ხდებიან, ამის შემდეგ თითქოს დები და ძმები, ყველანი ვალში არიან მათ წინაშე, და აუცილებლად უნდა შესწირონ საჩუქრები. თუ რაიმე კარგი გამოჩნდება, მათ უნდა მიენიჭოთ უპირატესობა, და ისინი დებისა და ძმებისგან მათზე ფულის ხარჯვას მოელიან. ანტიქრისტეებს მიაჩნიათ, რომ წინამძღოლად გახდომა იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იმის ძალაუფლება, რომ ეკლესიის ქონების მფლობელობასა და გამოყენებაში უპირატესობა საკუთარ თავს მიანიჭონ. ისინი არა მხოლოდ ფიქრობენ, არამედ ასეც იქცევიან. უფრო მეტიც, ისეთ უკიდურესობამდე მიდიან, რომ სხვებში ზიზღს იწვევენ. ამ თვალთახედვით, როგორია ანტიქრისტეების ხასიათი? წინამძღოლებად დანიშვნის შემდეგ და ყოველგვარი შრომის გარეშე, მათ სურთ, ფლობდნენ შესაწირს და მისი გამოყენების პრიორიტეტულობას. როგორ ადამიანს შეუძლია ამის ჩადენა? მხოლოდ ყაჩაღი, ტირანი ან ადგილობრივი მოძალადე თუ იზამს ამას.
არსებობს ერთი წინამძღოლი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი ქმედება. ეცადეთ, გაარჩიოთ და გაანალიზოთ ის, რაც მან ჩაიდინა. ერთ დღეს, ჩინური მცენარეული კვებითი დანამატების შეკვრა მივიღე. ჩემთვის ვფიქრობდი: „არავისთვის მითხოვია ამის შეძენა, მაშ, საიდან გამომიგზავნეს? ვინ იყიდა? როგორ მოხდა, რომ წარმოდგენა არ მაქვს ამაზე?“ მოგვიანებით, აქეთ-იქით მოკითხვის შემდეგ, გავიგე, რომ წინამძღოლმა, ზემდგომის უკითხავად, თავის თავზე აიღო ამის ყიდვა. მას უთქვამს, რომ ეს ნივთი ზემდგომს სჭირდებოდა. ამის მოსმენისას, ქვემდგომმა დებმა და ძმებმა თქვეს: „რაკი ზემდგომს მისი შეძენა სურს, ეს ადვილი მოსაგვარებელია — უბრალოდ, ეკლესიის ფულს გამოვიყენებთ. რისი ყიდვაც არ უნდა სურდეს ზემდგომს, ყველაფერი რიგზეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ღვთისთვისაა — ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.“ რაც შეეხება ფულს, რომელიც დაიხარჯა — ვისი იყო? (ღვთის შესაწირი.) როგორ მოხდა, რომ ის ასე ხელგაშლილად ხარჯავდა ღვთის შესაწირს? ზემდგომთან შეთანხმებული იყო ეს შესყიდვა? ჩემი თანხმობის ძიების გარეშე, მან ფარულად, თავისით გადაწყვიტა, წასულიყო და მედიკამენტი ეყიდა. და როცა ის ამას ყიდულობდა, არც კი შეჩერებულა და დაფიქრებულა: „გამოადგება ეს ზემდგომს? ვარგისია, რასაც ვყიდულობ? რამდენი უნდა ვიყიდო? დამრთავს ზემდგომი ამ ფულის დახარჯვის ნებას?“ იკითხა მან ეს რამეები? (არა). მან უკითხავად, პირდაპირ იყიდა ეს ნივთი. საიდან მოდიოდა ეს გულუხვობა? რა სახის პირადი ერთგულებაა ეს? მან გამოიყენა ღვთის ფული, რათა ეყიდა რაღაც ღვთისთვის, ამას თავის აუცილებელ მოვალეობად თვლიდა, ყველაფერს გააკეთა, რაც საჭირო იყო, და ყველა სირთულე დაძლია, რომ ის ნივთი ეყიდა და ღმერთი დაეკმაყოფილებინა. რას ნიშნავს აქ ღვთის დაკმაყოფილება? ეს ნიშნავს: „შემიძლია, სასიამოვნოდ გაგაოცო, ისე რომ, წინასწარ არც კი გკითხო. ხედავ, მაქვს ამის უნარი! იცოდი, რომ ეს შემეძლო? როგორ ფიქრობ? განა ეს არ არის სასიამოვნო სიურპრიზი? ხომ ბედნიერი ხარ, არა? გრძნობ ნუგეშს?“ ვისი ფული დახარჯე? შენი იყო? თუ ღვთის ფული დახარჯე, მიიღე ღვთის თანხმობა? შენ დახარჯე ფული, რომელიც ღმერთს მოპარე, და მერე თქვი, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გინდოდა ღვთისთვის: რა ლოგიკაა ეს? და ვისი ფულით იჩენდი ასეთ გულუხვობას? (იმ ფულით, რომელიც ღვთის სახლს ეკუთვნის.) ღვთის სახლის კუთვნილი ფულით ხელგაშლილობა — ეს ღვთის შესაწირით ხელგაშლილობაა. განა ეს ამაზრზენი არ არის? (არის). თქვენ შეიძლება ზიზღის გრძნობა დაგეუფლოთ ამის მოსმენისას, მაგრამ საქმის მონაწილე, ყოველგვარი ზიზღის ნაცვლად, საკუთარი თავით საკმაოდ კმაყოფილი იყო. ნივთის მიტანის შემდეგ, ის გულში ფიქრობდა: „როგორ თუ პასუხი არ არის? რა მშვენიერი საქმე გაგიკეთე, მაშ, რატომ არ მემადლიერები? როგორ მოგწონს ნივთი? კმაყოფილი ხარ? გინდა, მომავალში კიდევ გიყიდო ასეთი? როგორ მაფასებ? ამიერიდან, მნიშვნელოვან პოზიციაზე ხომ არ დამნიშნავ? კმაყოფილი ხარ იმით, რაც გავაკეთე? შენი ფულით შენთვის გავაკეთე რაღაც — რას ფიქრობ ჩემს სიკეთეზე? ბედნიერი ხარ? ოჰ, გთხოვ, თქვი რამე. რატომ არ მპასუხობ?“ უნდა გამეცა მისთვის პასუხი? (არა). რატომ არა? ეს ინციდენტი საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ზიზღის განცდა არ მომცილებია — როცა მის ნაყიდ ნივთს ვუყურებ, ყოველ ჯერზე ვგრძნობ ზიზღს. მითხარით, გონივრულია ზიზღის განცდა? ღირს ამ ინციდენტის გაანალიზება? (დიახ, ღირს.) როგორი ქცევაა ეს? ერთგულების გამოხატულებაა? სიკეთის? თუ ღვთისმოშიში გულის? (არცერთი მათგანი არ არის.) ამას ეწოდება ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება და თამაში, და ეს ნიშნავს: „მე ვხარჯავ შენს ფულს რაღაცის საყიდლად, რომ თავი მოგაწონო და შენზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო, რათა ჩემთვის უფრო სასარგებლო თვალით შემომხედო.“ ეს წინამძღოლი გულმოდგინედ ცდილობდა, რომ თავი მოეწონებინა, ეამებინა და ხოტბა შეესხა ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და გამოაშკარავდა. რა შეცდომები დაუშვა მან? უპირველეს ყოვლისა, მე არ დამივალებია მისთვის რომ ასე მოქცეულიყო ჩემთვის; არანაირი სიტყვა არ შემითვლია მისთვის, რომელიც ამის გაკეთებას დაავალებდა. მეორეც, თუკი მას სურდა, გულით გაეკეთებინა სიკეთე, ჯერ უნდა ეკითხა და თანხმობა მიეღო, სანამ განაგრძობდა. და ამ საქმის შესრულებისას, განა არ უნდა მოეკითხა ის დაკავშირებული დეტალები, რომელთა ცოდნაც აუცილებელი იყო? მაგალითად, რა რაოდენობა უნდა ეყიდა, რა ღირებულების უნდა ეყიდა, რა ხარისხის საქონელი უნდა ეყიდა, როგორ უნდა დაეხარჯა ფული — განა არ უნდა ეკითხა ეს რაღაცები? ამ რაღაცების მოკითხვა იქნებოდა ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოქმედება. მაშ, რა არის იმის ბუნება, რომ მან ეს არ გამოიკითხა? მცირე მასშტაბით თუ შევხედავთ, მას თავი ძალიან ჭკვიანი ეგონა, ხოლო ფართო მასშტაბით — ამას თვითნებურად მოქმედება, ღვთის არაფრად ჩაგდება და წინდაუხედავად მოქმედება ეწოდება! მე არასდროს მითხოვნია მისთვის, ეყიდა ის ნივთი, მაშ რისთვის აკეთებდა ამ კეთილი განზრახვების დემონსტრირებას? ნუთუ თავად არ ეძებდა უსიამოვნებას? უფრო მეტიც, მისი უდიდესი პრობლემა იყო ის, თუ როგორ უყურებენ ანტიქრისტეები ქონებას, რაზეც დღეს ვმართავთ თანაზიარებას და რასაც ვაანალიზებთ. მას სწამდა, რომ, როგორც ამ ეკლესიის წინამძღოლი, შესაფერისი იყო იმისთვის, რომ ესარგებლა ღვთის რჩეული ხალხის მიერ ეკლესიაში ღვთისთვის გაღებული შესაწირით, და რომ მას ეკუთვნოდა ღვთის ამ შესაწირის გამოყენებისა და ფლობის ძალაუფლება, და რომ საბოლოო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნოდა მათთან დაკავშირებით. იმ ეკლესიაში მას ჰქონდა მეფური ძალაუფლება და ადგილობრივ ტირანად იქცა. ის ფიქრობდა: „მე არ მჭირდება, გაცნობო ან გკითხო იმ რაღაცების შესახებ, რასაც ვყიდულობ, უბრალოდ თავად მოვაგვარებ ამას შენთვის. შენ მეთანხმები თუ არა, სანამ მე მიმაჩნია, რომ ამის ასე გაკეთება კარგი იქნება და მინდა, რომ ასე გავაკეთო, მაშინ სწორედ ასე მოვიქცევი.“ რა სახის არსებაა ის? განა ანტიქრისტე არ არის? ანტიქრისტეები ზუსტად ასეთი უსირცხვილონი არიან. როდესაც ამ ადამიანს სტატუსი მიენიჭა და გახდა წინამძღოლი, მას სურდა, გამხდარიყო მეფე და დაპატრონებოდა ეკლესიის ქონებას. ის ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებით, და ჰქონდა ძალაუფლება, რომ ხელში ჩაეგდო ის და გამოეყენებინა. იგი იმასაც ფიქრობდა, რომ საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნოდა ჩემთვის რაიმეს შესაძენად და იმის თაობაზე, თუ რა უნდა ეყიდა. მაგრამ მჭირდება, რომ ჩემთვის რაიმე იყიდო? რასაც არ უნდა ვიყენებდე და როგორც არ უნდა ვიყენებდე, საჭიროა შენი ჩარევა? განა ეს გონიერების უქონლობა არ არის? განა ეს უსირცხვილობა არ არის? დაგავიწყდა ვინ ხარ? განა ეს იმ მთავარანგელოზს არ მოგვაგონებს, რომელსაც სტატუსის მინიჭების შემდეგ სურდა, ღვთის თანასწორი ყოფილიყო? რამდენი შეცდომა დაუშვა ამის ჩამდენმა ადამიანმა? პირველ რიგში, მან გაანაწილა ეკლესიის ქონება, თითქოს ეს მისი პირადი ქონება ყოფილიყო; მეორეც, მან საკუთარ თავზე აიღო გადაწყვეტილებების მიღება ჩემთვის რაღაცის შესაძენად; მესამე, ამ გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შემდეგ, მან არ აცნობა ამის შესახებ ზემდგომს, არც რაიმეს ეძიებდა მისგან და არც მოახსენებდა ამის შესახებ. თითოეული ეს ცალკე აღებული, საკმაოდ სერიოზული იყო. როგორც ჩანს, ეს ანტიქრისტე იქ საკმაოდ აწყობილ საქმეს აწარმოებდა. როგორც კი იტყოდა სიტყვას, მისი ლაქიები დისციპლინირებულად ასრულებდნენ მის ბრძანებებს. ისინი იმასაც კი არ კითხულობდნენ: „ასეთ დიდ ფულს რომ ვხარჯავთ ამ ნივთის საყიდლად — ღმერთმა ბრძანა ეს? შეიძლება ფულის ამგვარად გამოყენება? მართებული იქნება ეს? ვინ ბრძანა სინამდვილეში ეს?“ ის ლაქიები არც კითხულობდნენ ამ რაღაცებს. იღებდნენ რაიმე პასუხისმგებლობას ისინი? ჰქონდათ რაიმე სახის ერთგულება? არა, მათ ერთგულება არ ჰქონდათ, და ისინი უნდა განიდევნონ. ეს არის უწინდელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებდა ადამიანი შესაწირს საკუთარი სურვილისამებრ და ყოველგვარი პრინციპების გარეშე. ღვთის შესაწირის დახარჯვა ღვთისთვის ნივთების შესაძენად, ჩემი თანხმობის გარეშე — ამის გაკეთება მძიმე შეცდომის დაშვებას ნიშნავს.
აი, კიდევ ერთი მაგალითი — მინდა, მოისმინოთ, რა ჩაიდინეს ამ ადამიანებმა და ნახოთ, გაგაღიზიანებთ თუ არა ეს. ეკლესიის შეკრებების დროს სკამი, რომელზეც ვიჯექი, ძალიან რბილი იყო, და როცა მასზე ვჯდებოდი, საკმაოდ დაბლა ჩავეშვებოდი ხოლმე. მაგიდაც იმდენად მაღალი იყო, რომ ზურგი სწორად უნდა მქონოდა და ასე დიდხანს ჯდომა მღლიდა. ამიტომ მათ ვთხოვე, ცოტა უფრო მაღალი სკამი ეყიდათ, რომელიც ნაკლებად რბილი იქნებოდა. განა ამის გაკეთება ადვილი არ უნდა ყოფილიყო? (დიახ, ასეა.) სინამდვილეში ეს არის საკმაოდ მარტივი საკითხი. ჯერ საჭირო იყო, გაეზომათ იმ სკამის სიმაღლე, რომელზეც მაშინ ვიჯექი, და შემდეგ მოეძებნათ ისეთი, რომელიც ხუთი სანტიმეტრით ან, შესაძლოა, ცოტა უფრო მეტით მაღალი იქნებოდა, ხოლო ამის შემდეგ საჭირო იყო, შეემოწმებინათ სკამის ზედაპირის სირბილე, და ისეთი მოეძებნათ, რომელიც ცოტა უფრო მაგარი იქნებოდა. თავდაპირველად, შეეძლოთ, გარშემო მაღაზიების დათვალიერება და თუ შესაფერისს ვერაფერს იპოვიდნენ, შეეძლოთ, დამატებით ონლაინაც მოეძებნათ. განა ამის მოგვარება იოლად არ შეიძლებოდა? რაიმე სირთულეს წარმოადგენს ეს? რაღაცის საყიდლად ფულის დახარჯვას გამოწვევა ვერ დაერქმევა, და უფრო მეტიც, თუკი რამდენიმე ადამიანი გააერთიანებდა თავიანთ იდეებს, მაშინ ეს ადვილად შესასრულებელი დავალება უნდა ყოფილიყო. ასე რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მე კიდევ ერთ შეკრებაზე წავედი იმ ეკლესიაში და ვკითხე მათ, წავიდნენ და იყიდეს თუ არა ახალი სკამი. მათ თქვეს: „ვეძებეთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც მართლაც შესაფერისი იქნებოდა, და არ ვიცოდით, როგორი სკამი გინდოდა.“ ამის მოსმენამ შემძრა. ვიფიქრე: „როგორც გავიგე, აქ მაღაზიების უზარმაზარი მრავალფეროვნებაა, სადაც ყველანაირ, ყველა სახის, ნებისმიერი ხარისხის ნივთს ყიდიან, ამიტომ სკამის ყიდვა არც ისე რთული უნდა იყოს. დიდი მოლოდინი თავადაც არ მაქვს.“ მაგრამ შესყიდვაზე პასუხისმგებელმა პირმა თქვა: „მისი ყიდვა ადვილი არ არის; ისეთი მახასიათებლებით, როგორიც შენ გსურდა, გასაყიდად ერთიც კი არ მოიძებნება. იქნებ უბრალოდ დაკმაყოფილდე იმით, რომელიც უკვე აქ არის.“ გულში ვიფიქრე: „კარგი, თუ არ გიყიდიათ, არა უშავს, ფულიც დაიზოგება და ახლა უბრალოდ ამით დავკმაყოფილდები“. ცოტა ხნის შემდეგ სხვაგან წავედი, სადაც რამდენიმე საკმაოდ კარგი და კომფორტული სკამი იდგა და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ძველებური და კარგი ხარისხის იყო. ასე რომ, ფოტო გადავუღე და ვთხოვე, რომ ეს სკამის ძიებისას ნიმუშად გამოეყენებინათ, ფერთან დაკავშირებით რაიმე მოთხოვნა არ ყოფილა და ვუთხარი, რომ თუ მაღაზიებში არ იქნებოდა, ონლაინ მოეძებნათ. ისიც კი მივუთითე, რომ ისეთ ადგილებში მოეძებნათ, სადაც საკანცელარიო ნივთებს ყიდდნენ. ამის შემდეგ მათ ასეთი პასუხი გამცეს: „ონლაინ ვეძებეთ, მაგრამ არ იყო. ყველა მწარმოებელი ამბობდა, რომ ეს მოძველებული მოდელია და ამჟამად ამ სტილის სკამებს აღარავინ აწარმოებს, ასე რომ, ყიდვა ვერ შევძელით.“ ამის მოსმენამ კიდევ ერთხელ შემძრა და ვიფიქრე: „ეს ადამიანები საქმის მოგვარებაში მართლაც საშინლები არიან და მათზე დაყრდნობა ნამდვილად არ შეიძლება. მათ მხოლოდ ეს მცირე საქმე დაევალათ და ორჯერ თქვეს, რომ ვერ შეძლეს იმის ყიდვა, რაც მე მსურდა და უარი მითხრეს.“ ვთხოვე, ძებნა გაეგრძელებინათ და ენახათ, იყო თუ არა რამე ხელმისაწვდომი სხვა ვებ-გვერდებზე. ამავდროულად, ლოდინის პროცესში, ეკლესიის ერთ-ერთ საწყობში სკამს წავაწყდი. სკამი, ვარდისფერი ყვავილების პრინტით, რომელსაც ქაფის ბალიში ჰქონდა, ბოლომდე დასრულებული არ იყო. მას ჰქონდა სრულიად სწორი საზურგე, სრულიად სწორი მკლავის დასადებები, სრულიად სწორი ფეხები და სრულიად სწორი საჯდომი ზედაპირი. სკამის ყველა ნაწილი სწორი იყო — მას ყველგან სწორი კუთხეები და მართკუთხა ფორმები ჰქონდა. ვთქვი: „ვინმემ თავად გააკეთა ეს სკამი?“ ერთმა ადამიანმა, რომელიც სწრაფად წინ წამოვიდა, მიპასუხა: „განა სკამი არ გჭირდებოდა? ეს შენთვის გავაკეთეთ და ზუსტად ახლა ვემზადებოდით, რომ გვეთქვა და გვეთხოვა, რომ მოგესინჯა.“ ისინი მეტისმეტად კეთილგანწყობილნი იყვნენ, რომ ვიფიქრე: „კარგი, ვცდი.“ მტკიცედ ჩამოვჯექი სკამზე და უზომო დისკომფორტი ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქვაზე ვჯდებოდი, რადგან ბალიშში არსებული ღრუბელი უკიდურესად მაგარი იყო. „არა უშავს, — თქვა ჩემ გვერდით მდგომმა ადამიანმა, — შეიძლება, ცოტა უფრო რბილის გაკეთება. ჯერ არ დასრულებულა. გავაუმჯობესებთ და მერე ისევ შეძლებმოსინჯვას.“ კიდევ მოვსინჯო? პატარა ხის ტაბურეტზე ჯდომა უფრო დიდი შეღავათი იქნებოდა, ვიდრე იმ სკამზე; ყოველ შემთხვევაში, ისეთი შეგრძნება მაინც არ მექნებოდა, თითქოს ქვაზე ვიჯექი. ვთქვი: „არა, ეს არ გამოდგება. თუ შეგიძლიათ, ძებნა განაგრძეთ. თუ ვერაფერს იპოვით, მაშინ თავი დაანებეთ.“ ასე რომ, ვთხოვე ისევ მოეძებნათ. ადამიანებმა, რომლებმაც ეს სკამი გააკეთეს, ალბათ ვერ გაიგეს. ისინი ალბათ ფიქრობდნენ: „იმდენი სიკეთე გაგიკეთეთ, შევარჩიეთ მასალა, სტილი და ზომა, და სპეციალურად შენთვის დავამზადეთ სკამი. რატომ არ აფასებ ამ სიკეთეს? და ამის გარდა, ამბობ, რომ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ქვაზე ზიხარ, რადგან ასეთი მაგარია. რატომ ხარ ასეთი პრეტენზიული? რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ შენთვის, უბრალოდ უნდა გამოიყენო და მორჩა! მაგრამ ისევ სკამის ყიდვას ითხოვ. რამდენჯერ გითხარით, რომ შენთვის სასურველი სტილი არსად მოიძებნება, შენ კი მაინც დაიჟინე, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყიდოთ. განა ეს ფული არ დაჯდება? რა იქნებოდა ცოტა ფული რომ დაგვეზოგა? სკამის გაკეთება ხომ ბევრად ეკონომიურია; მასალები ძვირი არ ჯდება. რისი გაკეთებაც ჩვენით შეგვიძლია, ყიდვას ის უნდა ვამჯობინოთ. რა, არ იცი, რას ნიშნავს ეკონომიის გაკეთება?“ მითხარით, უკეთესი იქნებოდა ჩემთვის იმ სკამით სარგებლობა თუ არა? (უკეთესი იქნებოდა, არ გესარგებლა.) როცა დაინახეს, რომ მათ მიერ გაკეთებულ სკამს არ გამოვიყენებდი, ის გვერდზე მიაგდეს და არცერთმა მათგანმა არ გამოიყენა. მითხარით, მითხარით, რომ არ გამომეყენებინა, ამით ადამიანებს გულს ვატკენდი? (არა, არ ატკენდი.) მთელი ამ წლების განმავლობაში არასდროს ვმჯდარვარ ისეთ მაგარ ბალიშიან სკამზე — ეს ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილება იყო. აი, ასეთი დიდი „სიკეთე“ დამანახეს ამ ადამიანებმა. ცოტა ხნის შემდეგ, ვინ იცის, რა მოულოდნელი დამთხვევებით, სკამი ნამდვილად მიყიდეს, ასე რომ, ადამიანებმა ბოლოს მაინც მაჩვენეს რაღაც „სიკეთე“. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ ჩემთვის რაიმეს ყიდვა ვთხოვე, და ეს მათ უშუალოდ ჩემგან მოისმინეს, ხოლო ის, თუ როგორ მოაგვარეს ეს საქმე, მართლაც ამაზრზენი იყო. ჩემთვის ერთი სკამის შეძენა იმდენად რთული და დამქანცველი საქმე იყო, ყველაფერს მათ ხელში უნდა გაევლო და მათთან უნდა განხილულიყო, გარდა ამისა, მათი გუნება-განწყობაც უნდა გამეთვალისწინებინა. თუ კარგ განწყობაზე იყვნენ, შეიძლებოდა, ჩემთვის ეყიდათ, ხოლო თუ არა — შესაძლოა, არც ეყიდათ და მაშინ ვერც გამოვიყენებდი. „შენ კომფორტულ სკამზე ჯდომა გსურს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამის საშუალება, ასე რომ, ტყუილად ოცნებობ. უბრალოდ ეს გამოიყენე, რომელიც დურგალმა გააკეთა. როცა კომფორტული სკამები გვექნება, მერე შენც შეძლებ ერთ-ერთით სარგებლობას.“ ნუთი ეს ადამიანები ზუსტად ასეთები არიან? როგორი ადამიანები არიან ისინი? ნუთუ მდაბალი ზნეობის ადამიანები არ არიან? მე უბრალოდ ვთხოვდი, რომ რაღაცის შესაძენად შესაწირები დაეხარჯათ, მთელი მათი საქმე თითის განძრევა და თვალის გადავლება იყო, მაგრამ რა ძნელი და დამქანცველი აღმოჩნდა მათთვის ამ დავალების შესრულება. წარმოიდგინეთ, საკუთარი ფულის დახარჯვა რომ ეთხოვათ მათთვის, მაშინ რას იზამდნენ? თავიდან არ მითქვამს, ვისი ფული უნდა დახარჯულიყო — იქნებ იფიქრეს, რომ საკუთარი ფულის ხარჯვა მოვთხოვე და ამის გამო ისე შეშინდნენ, რომ ყიდვაზე უარი განაცხადეს? შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო მიზეზი? როდესაც რამის ყიდვას გთხოვდი, როგორ დაგახარჯინებდი შენს საკუთარ ფულს? თუ ეკლესიას აქვს სახსრები, მაშინ იყიდე, და თუ არ აქვს — არ იყიდო. გამორიცხულია, რომ შენთვის საკუთარი ფულის დახარჯვა მომეთხოვა. აბა მაშინ, რატომ დასჭირდათ ამდენი ძალისხმევა ამ პატარა საქმის შესასრულებლად? ამ ადამიანებს ადამიანობა არ აქვთ! როცა რაღაცის გაკეთებას არ ცდილობენ და მეც არ ვურთიერთობ მათთან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კეთილები და გონიერები არიან, მაგრამ როგორც კი საქმის შესრულებას იწყებენ, ეს სიკეთე და გონიერება სადღაც ქრება. ეს ადამიანები გონებაარეულები არიან! როგორ უნდა შევეწყო მათ?
აი, კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც შესაწირის თემას ეხება. ერთი ადგილია პატარა სამზარეულოთი, სადაც სამზარეულოს ჭურჭელი და სასადილო ინვენტარი ყველასთვის საერთოა, და ზოგჯერ, ზამთრის პერიოდში, იქ მყოფნი გრიპის გადადებას ვერ ასცდებიან ხოლმე. მე მათ ვუთხარი, რომ ეყიდათ სტერილიზაციის კარადა ან ოზონის სადეზინფექციო აპარატი სამზარეულოს ჭურჭლისა და მთელი საერთო სასადილო ინვენტარის გასასტერილებლად. ეს უსაფრთხო და ჰიგიენური იქნებოდა. ნუთუ ეს დიდი მოთხოვნა იყო? (არა, არ იყო.) ეს საქმე სხვას დავავალე და მალევე გავიგე, რომ ოზონის სადეზინფექციო აპარატი უკვე ეყიდათ. ჩემი შფოთვა გაქარწყლდა და ამ საკითხს აღარ დავბრუნებივარ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაც აირია. აპარატი, რომელიც იმ ადამიანმა იყიდა, სინამდვილეში ოზონის სადეზინფექციო მოწყობილობა კი არა, ჰაერით საშრობი აპარატი გამოდგა. ეს იყო თაღლითური შენაძენი და, უფრო მეტიც, გამორჩეულად ცუდი ხარისხის — მას სტერილიზაციის არანაირი ეფექტი არ ჰქონდა. იცოდა ეს იმ ადამიანმა, ვინც ამ საქმეს უძღვებოდა? (უნდა სცოდნოდა.) მაგრამ, შესაძლოა, არც იცოდა ამ ნაძირალამ. რატომ ხდება ასე? ადამიანმა, რომელსაც საქმე ჩავაბარე, თავად კი არ შეასრულა, არამედ შუამავალი იპოვა და ამიტომაც ზუსტად არც არასდროს ეცოდინებოდა, რა ნივთი იყიდეს, ან კარგი ხარისხის იყო ის თუ ცუდი. რას ფიქრობთ, როგორ მოაგვარეს ეს საკითხი? კეთილსინდისიერად გაკეთდა თუ არა? ჰქონდა ამ ადამიანს რაიმე სანდოობა? იმსახურებდა, რომ მას დაყრდნობოდნენ? (არა, არ იმსახურებდა.) როგორი ადამიანი იყო? ჰქონდა ზნეობრივი მთლიანობა ან ადამიანობა? (არა). ეს იყო გონებაარეული ადამიანი, ნამდვილი ნაძირალა. და ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ამის შემდეგ მალევე, ამ საქმეზე პასუხისმგებელი ადამიანი ჩაფიქრდა: „ძალიან კარგია ნივთების სტერილიზაციისთვის ოზონის სადეზინფექციო აპარატის გამოყენება. რადგან ჩვენი სასადილო დარბაზებით ბევრი ადამიანი სარგებლობს, იქნებ იქაც ვიყიდოთ ოზონის სადეზინფექციო აპარატები. შენ ხომ იყიდე ერთი, ამიტომ ჩვენც ვიყიდით. შენ პატარა ზომის აიღე შენი პატარა სამზარეულოსთვის, ჩვენ კი დიდებს ავიღებთ ჩვენი დიდი სასადილო დარბაზებისთვის. როგორც კი ეს იდეა მოიფიქრა, მან რამდენიმე სხვა ნაძირალასთან ერთად განიხილა და მერე გადაწყვიტეს კიდეც. და აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც ის ოზონის სადეზინფექციო აპარატები იყიდეს, დებმა და ძმებმა თქვეს, რომ რადგან ყველას საკუთარი ჭურჭელი აქვს და სამზარეულოს საერთო ნივთებით არ სარგებლობენ, მათი სტერილიზაციის საჭიროება არ არსებობს და სტერილიზაცია ზედმეტი იქნება. საბოლოოდ, აპარატები უქმად მიაგდეს და ახლაც კი რამდენიმე მათგანი საწყობში ისე დევს, რომ თავისი ყუთიდანაც კი არ ამოუღიათ. რას ფიქრობთ, როგორ მოაგვარეს ეს საქმე? რაციონალურად გაკეთდა? განა ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ვიღაცას ზედმეტი დრო აქვს და საქმე არ გააჩნია, ამიტომ ფულის გასაფლანგად ათასგვარ გზას ეძებს? ზოგიერთმა ადამიანმა, ვისაც ეგონა, რომ ამ შენაძენების გაკეთების ბრძანება ზემდგომისგან მოდიოდა, ისიც კი თქვა: „არანაირი წუწუნი! ეს ღვთისგან უნდა მივიღოთ. ღმერთს ისე ძლიერ ვუყვარვართ, რომ ისეთ ნივთებსაც გვყიდულობს, რასაც ვერ გამოვიყენებთ. ის მზადაა, უზარმაზარი თანხები დახარჯოს ჩვენზე. ღმერთი ზედმეტად კეთილია ჩვენ მიმართ!“ მაგრამ ახლა მათ იციან, რომ ასეთი შენაძენები ნაძირალათა ჯგუფის ფარული ქმედებების შედეგი იყო. მათ ასე გაფლანგეს შესაწირი — ისე, რომ არავინ იღებდა პასუხისმგებლობას, არავინ ამოწმებდა საქმეს და არავინ აკონტროლებდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ეს შენაძენები, და არც შესყიდვების განხორციელების შესახებ აკეთებდა ვინმე მოხსენებას. რა საბაბით იყიდა ამ ადამიანმა ეს ნივთები? იმით, რომ ვთხოვე სტერილიზაციის კარადა ეყიდა პატარა სამზარეულოსთვის. მოვთხოვე ამ ნივთების ყიდვა ყველა სასადილო დარბაზისთვის? მსგავსი დავალება მისთვის არასდროს მიმიცია. მაშ, რა მოტივი ჰქონდა, რომ ყველა სასადილო დარბაზისთვის ეყიდა ისინი? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შემოწირულობებს საკუთარ პირად ქონებად თვლიდა და ისე განკარგავდა, როგორც თავად მოისურვებდა? ჰქონდა ამის განკარგვის უფლება? (არა). სანამ ამ აპარატებს იყიდდა, მას არასდროს უკითხავს ჩემთვის: „რადგან ერთი უკვე ვიყიდეთ პატარა სამზარეულოსთვის, დიდი სასადილო დარბაზებისთვისაც ხომ არ გვეყიდა?“ და არც შესყიდვის შემდეგ მოუხსენებია, სულ რამდენი ოზონის სადეზინფექციო აპარატი იყიდეს და ჯამში რა დაჯდა ისინი, არც ის ფაქტი განუცხადებია, რომ დებმა და ძმებმა ამ აპარატებით ვერანაირი სარგებელი ვერ ნახეს. ეს არის ამ საქმის მოგვარების ზიზღისმომგვრელი ფორმა. და ეს გონებაარეული არსება მაინც თავხედურად ეწინააღმდეგებოდა, როდესაც გასხლეს. როგორ უნდა მოექცეს სხვა ამ ტიპის ადამიანს? (განდევნეთ ეკლესიიდან.) ამ ინციდენტის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ეკლესიიდან განდევნა გადაჭარბებული არ იქნება, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც შესაწირებს ეხება, შესაწირის შეხებით კი ადმინისტრაციული განკარგულებები დაირღვა. ეს უგუნური საქციელი იყო! ეგონა, რომ ეს ფული მისი იყო? ჰქონდა მას ამის გამოყენებისა და გაფლანგვის უფლება? რაც შეეხება იმ შესყიდვას, რომლის გაკეთებაც ხალხს მივანდე, მათ ყველანაირი სირთულე შექმნეს და უზარმაზარი ბრძოლა დასჭირდათ ამ საქმის შესასრულებლად, თანაც ყველაფერი მათთან უნდა განმეხილა. ხოლო რაც არ დამივალებია და არ მომითხოვია, ერთი წამითაც არ დაყოვნებულან, ისე იყიდეს, არც გეგმა შეუდგენიათ და არც უმრავლესობასთან განუხილავთ თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს ნივთები — უბრალოდ, ისე გაფლანგეს ფული, როგორც მოისურვეს. ცოტა ხნის წინ, შეიქმნა გარკვეული განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც ზოგიერთ ადამიანს სთხოვეს, ექვსი თვიდან ერთი წლის მარაგამდე საკვები ეყიდათ, იმის შიშით, რომ საკმარისი საჭმელი არ ექნებოდათ. ეს საკითხი მათ ასე მოკლედ და მარტივად აუხსნეს და ერთ კვირაში, მათ უკვე გააკეთეს მოხსენება, რომ შესყიდვები სამ დღეში დაასრულეს; მათ იყიდეს როგორც ორგანული პროდუქტები, ასევე პროდუქტები, რომლებიც მალე მიიღებდნენ ორგანული პროდუქტების სერტიფიკატს. როგორ გაართვეს ამას თავი? განა შესანიშნავად არ გააკეთეს საქმე? სხვა რამის თქმა საჭირო არ გამხდარა, საქმე უკვე მოგვარებული იყო. მათ საკუთარი თავისთვის ეს საქმე ხალისითა და მზადყოფნით მოაგვარეს და განსაკუთრებით უნარიან, სწრაფ, ჭკვიან და ყურადღებიან ადამიანებად წარმოჩნდნენ. მათ არამხოლოდ საჭირო საკვები იყიდეს, არამედ ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც. ყოველდღიური საჭიროებები მოიცავდა ყველაფერს, რაც კი სჭირდებოდათ — მათ ყველაფრის შეძენა შეძლეს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, მათ შორის ისეთი რაღაცებიც, როგორიცაა კანფეტები, ნესვის თესლები და სხვა წასახემსებლები. გულში ვიფიქრე, რომ ამ ადამიანებმა მართლაც იცოდნენ ცხოვრება; მათ იცოდნენ ფულის დახარჯვა და ამასთანავე, ბედავდნენ კიდეც მის დახარჯვას. ისინი ნიჭიერები იყვნენ, ძალიან ძლიერი გადარჩენის უნარებით, რომელიც გარეული ცხოველების უნარებზეც კი ძლიერი იყო, და ისინი ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ — უფრო სწრაფად, ვიდრე მე მოველოდი. გადარჩენისთვის მზად იყვნენ, მთები და ზღვებიც დაეძრათ — არ არსებობდა რაიმე, რასაც ვერ შეძლებდნენ. ამ შემთხვევამ მაჩვენა, რომ ეს ადამიანები სულაც არ იყვნენ სრულიად უტვინოები ან უუნარონი საქმის შესასრულებლად, არამედ ეს ძირითადად იმას უკავშირდებოდა, თუ ვისთვის ასრულებდნენ ამ საქმეებს. როდესაც საქმეებს საკუთარი თავისთვის აკეთებდნენ, განსაკუთრებით აქტიურები, ჭკვიანები, მოქნილები და ეფექტურები ჩანდნენ — არავის შეხსენება არ სჭირდებოდათ და არც მე მიწევდა მათზე ნერვიულობა. მაგრამ როდესაც ღვთის სახლში ასრულებდნენ მოვალეობას, მათ უჭირდათ ნებისმიერი საქმის მოგვარება, ვერასოდეს პოულობდნენ პრინციპებს და მუდამ ყველაფერს აფუჭებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა და უზარმაზარი განსხვავება იყო იმაში, საკუთარი თავისთვის აკეთებდნენ საქმეს თუ ღვთის სახლისთვის. ამჯერად, მოდით, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ტიპის ხასიათი ან არსი ჰქონდათ ამ ადამიანებს. ორმა სრულიად განსხვავებულმა დამოკიდებულებამ, რაც ამ ადამიანებს საქმეების კეთების მიმართ ჰქონდათ, ცხადყო, რომ მათ ნამდვილად მდაბალი ზნეობა ჰქონდათ. ზუსტად რამდენად მდაბალი იყო მათი ზნეობა? მოდით, თავად განვსაზღვრავ თქვენთვის — ეს ადამიანები არ იყვნენ ადამიანები, ისინი უბრალოდ მხეცთა ჯგუფს წარმოადგენდნენ! შეესაბამება მათ ეს განსაზღვრება? (დიახ, შეესაბამება.) შესაძლოა, ეს სიტყვები მძიმე მოსასმენია და მათი მიღება არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს არის ზუსტად ის ფორმა, რომლითაც ეს ადამიანები საქმეებს აგვარებდნენ, და ზუსტად ისეთები არიან, როგორც ახლა აღვწერე. რასაც ვამბობ, ფაქტებს ეფუძნება და ეს არანაირი უსაფუძვლო ცილისწამება არ არის. როდესაც ღვთის სახლი ზოგიერთ ადამიანს იყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ახალგაზრდები არიან, გარკვეულწილად დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ და საფუძველსა და სულიერს სიმწიფეს მოკლებულნი არიან, ის მათ მუდმივად დაეხმარება და ჭეშმარიტებასა და პრინციპებზე ექნება მათთან თანაზიარება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მდაბალი ზნეობა მაინც მდაბალი ზნეობაა, მხეცი მაინც მხეცია და ეს ადამიანები არასდროს შეიცვლებიან. ისინი არა მხოლოდ არ განახორციელებენჭეშმარიტებას პრაქტიკაში, არამედ უარესობისკენ წავლენ, ფეხზე რომ დაისვამ, თავზე დაგაჯდებიან და სირცხვილის გრძნობის ნატამალიც არ გააჩნიათ, რომელიც ნორმალური ადამიანობის ნაწილია. როდესაც ღვთის სახლისთვის ყიდულობენ რამეს ან რაიმე მოვალეობას ასრულებენ, ისინი არასდროს ითხოვენ რჩევას იმის შესახებ, თუ იაფად როგორ შეიძინონ ეს ნივთები და როგორ დაზოგონ ფული ისე, რომ რაღაც პრაქტიკულიც შეიძინონ. ისინი ამას არასდროს აკეთებენ. უბრალოდ ბრმად ხარჯავენ ფულს, ნივთებს დაუდევრად ყიდულობენ და უბრალოდ რაღაც უსარგებლო პროდუქტებს იძენენ. მაგრამ როგორც კი იმის დრო მოდის, რომ რაიმე მოვალეობა უნდა შეასრულონ ან პირადად ჩემთვის იყიდონ რაღაც, ისინი სერიოზულად ღებულობენ ამას და ფიქრობენ, როგორ შეამცირონ ხარჯები და აგრეთვე, როგორ დახარჯონ ნაკლები და გააკეთონ მეტი. ისინი ფიქრობენ, რომ საქმეების ასე კეთება ნიშნავს პრინციპების დაცვას და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას. აქვთ ამ ადამიანებს გონიერების ნატამალიც კი? ვისი ფულია და ვისზე უნდა იხარჯებოდეს — ეს საკითხები მათთვის გაურკვეველიც კი არის. განა ეს ნაძირალასავით საქმის მოგვარება არ არის? არიან თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები? ყველა, ვინც ეკლესიისთვის ძვირფასი ან ძვირადღირებული ნივთების შეძენისას არ მსჯელობს ფინანსურ პერსონალთან ან იმ ძმებსა და დებთან, რომლებთანაც ერთად მუშაობს, ვინც უბრალოდ თავის ნებაზე ფლანგავს შესაწირს, ვისაც ესმის, რომ საკუთარი ფულის ხარჯვისას თანხა უნდა დაზოგოს და ხარჯები გათვალოს, მაგრამ ღვთის შესაწირის ხარჯვისას ფულს თვითნებურად ფლანგავს — ასეთი ადამიანები უბრალოდ მეტისმეტად საზიზღრები არიან! არა? (დიახ). როდესაც ამაზე ვფიქრობ, მსგავსი რაღაცები ზიზღს მგვრის. ის მხეცები, დარაჯ ძაღლებზეც დაბლა დგანან. იმსახურებენ ღვთის სახლში ცხოვრებას?
იყო ერთი წინამძღოლი, რომელიც ყველა იმ ნივთს, რასაც სხვადასხვა ადგილას მყოფი დები და ძმები ღმერთს სწირავდნენ, „თავისთან ინახავდა“, მათ შორის ძვირფას საგნებს, ჩვეულებრივ ტანსაცმელს, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკვებ პროდუქტებს და ა.შ. ზურგზე ბრენდული ჩანთები ეკიდა, ფეხებზე ტყავის ფეხსაცმელი ეცვა, თითებზე ბეჭდები ეკეთა, ყელზე — ყელსაბამები და ა.შ. — ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეეძლო, ისაკუთრებდა და იყენებდა, სხვისი თანხმობის გარეშე. ერთ დღეს, ზემდგომმა ძმამ ჰკითხა, თუ რატომ არ იყო ჩაბარებული ყოველივე ის, რასაც სხვადასხვა ადგილას მყოფი დები და ძმები ღმერთს სწირავდნენ. მან უპასუხა: „დებმა და ძმებმა თქვეს, რომ ეს ნივთები ეკლესიას გადაეცემოდა მათ არ უთქვამთ, რომ ღმერთს სწირავდნენ.“ ის განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ეს ყოველივე ეკლესიას გადაეცა; მისი გამოუთქმელი აზრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან თავად წარმოადგენდა ეკლესიის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ღმერთს შეეძლო აღარც კი ჰქონოდა იმის იმედი, რომ ამ ყველაფერს მიიღებდა — ეს ნივთები ღვთისთვის კი არ იყო განკუთვნილი, არამედ ეკლესიას უნდა გამოეყენებინა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის გულისხმობდა: „ეს ნივთები მე უნდა გამოვიყენო, ისინი არ შეწირულა იმისთვის, რომ ღმერთმა გამოიყენოს. რას ითხოვ? გაქვს ამის კითხვის უფლება?“ განა ამის მოსმენა არ გაბრაზებთ? (გაბრაზებთ). ამის მოსმენა ყველას გააბრაზებდა. მითხარით, არის ვინმე ისეთი, ვისაც სწამს, რომ ის, რასაც ძმები და დები ეკლესიას აძლევენ, ეკლესიის წინამძღოლებს ეწირება? არის ვინმე ისეთი, ვინც ამბობს, რომ როდესაც ნივთებს ეკლესიას შესწირავს, მათ რომელიმე კონკრეტული ეკლესიის წინამძღოლს სწირავს? აქვს ვინმეს ასეთი განზრახვა? (არა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწირვისას მიაწერენ: „გთხოვთ, ეს ამა და ამ პირს გადასცეთ“ — მხოლოდ მაშინ შედის ეს საგანი ამ წინამძღოლის პირად მფლობელობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი, რაც შეწირულია — იქნება ეს ფული თუ ნივთები — დებისა და ძმების მიერ ღვთისთვის არის მიცემული. ღვთისთვის შეწირულ ნივთებს ერთობლივად შესაწირს უწოდებენ. როგორც კი ისინი შესაწირად გამოიყოფა, ღვთის გამოსაყენებელი ხდება. როდესაც ისინი ღვთის მიერ გამოსაყენებელია, როგორ იყენებს ღმერთი მათ? როგორ ანაწილებს ღმერთი ამ ყველაფერს? (ის მათ ეკლესიას აძლევს თავის საქმეში გამოსაყენებლად.) სწორია. არსებობს პრინციპები და კონკრეტული დეტალები ეკლესიის საქმეში მათი გამოყენების შესახებ, მათ შორის საცხოვრებელი ხარჯები მათთვის, ვინც ეკლესიაში სრულ განაკვეთზე ასრულებს მოვალეობებს, და ასევე, ეკლესიის საქმის სხვადასხვაგვარი ხარჯები. ღვთის განკაცების პერიოდში, ეს გამოყენება მოიცავს ორ პუნქტს: ქრისტეს ყოველდღიურ ხარჯებს და ეკლესიის საქმის ყველა ხარჯს. ახლა კი, ამ ორ პუნქტს შორის, არის ერთი, რომელიც ამბობს, რომ შესაწირის პირად ხელფასად, ჯილდოდ, ხარჯებად და ანაზღაურებად გადაქცევა შესაძლებელია? (არა, არ არის.) შესაწირი არცერთ ცალკეულ პირს არ ეკუთვნის. შესაწირის გამოყენება და განაწილება ღვთის სახლმა უნდა მოაწესრიგოს, და ისინი, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის საქმეში გამოიყენება: აქ არ იგულისხმება, რომ ვინც ეკლესიის წინამძღოლია, მას ექნება ხელმწიფება, დაეპატრონოს ან გამოიყენოს შესაწირი. მაშ ასე, ზუსტად როგორ უნდა გამოიყენონ ის? შესაწირი უნდა განაწილდეს ეკლესიის ქონების გამოყენების მარეგულირებელი პრინციპების შესაბამისად. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, სამარცხვინო არ არის, რომ ანტიქრისტეებს ყოველთვის სურთ, უპირატესობა შესაწირის მათ მიერ ფლობასა და გამოყენებას მიანიჭონ? ანტიქრისტეებს ყოველთვის სწამთ, რომ ფული და ნივთები, რომელსაც დები და ძმები სწირავენ, ეკუთვნის მას, ვინც წინამძღოლის პოზიციაზეა. განა ეს არ არის უსირცხვილო აზროვნება? (დიახ, არის.) ეს უკიდურესად უსირცხვილოა! ანტიქრისტეები არა მხოლოდ უკეთურები და სასტიკნი არიან თავიანთი ხასიათით, არამედ მათი ზნეობაც მდაბალი და საზიზღარია, სირცხვილის გრძნობის გარეშე.
ამ საკითხებზე თანაზიარებითა და ამ საქმეების განხილვით, ცხადი გახდება ის ჭეშმარიტებანი, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაიგონ და პრაქტიკაში განახორციელონ. თუმცა, თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე თანაზიარება, ზოგიერთი ჭეშმარიტების ადამიანისეული გაგება უსათუოდ შეჩერდება სიტყვასიტყვით და დოგმატურ დონეზე და შედარებით ზედაპირული დარჩება. თუ ჭეშმარიტებაზე ჩვენს თანაზიარებაში გავაერთიანებთ რეალურ საქმეებს, ადამიანებისთვის გაცილებით უფრო იოლი იქნება საგანთა არსში ჩაწვდომა, და მათი ჭეშმარიტების გაგება უფრო კონკრეტული და პრაქტიკული გახდება. ამიტომ, ამ საკითხებზე თანაზიარება არავითარ შემთხვევაში არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ვინმეს ცილი დავწამოთ ან საქმე გავურთულოთ. ეს არის რაღაცები, რომლებიც მართლაც მოხდა, და, უფრო მეტიც, ისინი დაკავშირებულია იმ საკითხთან, რაზეც გვაქვს თანაზიარება. ასე რომ, გარკვეული ადამიანები ცოცხალ სასწავლო მასალად გადაიქცნენ და იმ თვალსაჩინო მაგალითების ფიგურები და პერსონაჟები არიან, რომლებზეც თანაზიარებას ვმართავთ და რომლებსაც ვაანალიზებთ. ეს ძალიან ნორმალურია. ჭეშმარიტება, განსაზღვრებით, დაკავშირებულია სიტყვებთან, აზრებთან, შეხედულებებთან, ქმედებებთან და ხასიათებთან, რომლებიც ადამიანური ცხოვრების მსვლელობისას ვლინდება. თუკი ჩვენ მხოლოდ ჭეშმარიტების სიტყვასიტყვით მნიშვნელობაზე გვექნებოდა თანაზიარება და ახსნა, რეალური ცხოვრებისგან მოშორებით, მაშინ როდის მოიპოვებდნენ ადამიანები ჭეშმარიტების ნამდვილ გაგებას? ამგვარად საქმის კეთება გაცილებით გაართულებდა ადამიანთათვის ჭეშმარიტების გაგებას, და ადამიანებს გაუჭირდებოდათ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. თანაზიარებისა და ანალიზისთვის თვალსაჩინო მაგალითების მოყვანა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებმა გაიგონ ჭეშმარიტება, პრინციპები, რომლებიც პრაქტიკაში უნდა განახორციელონ, ღვთის განზრახვები და გზა, რომელსაც უნდა მისდიონ. ამ მიზეზით, რაც არ უნდა მოხდეს, ეს მეთოდი ადამიანთათვის შესაფერისიცაა და სასარგებლოც. თუკი ეს საკითხები არ შეეხებოდა ჭეშმარიტებას ან ანტიქრისტეების ხასიათს, რომელსაც ვაანალიზებთ, არ ვისურვებდი მათზე საუბარს. მაგრამ იმ ადამიანების ხასიათი და არსი, რომლებმაც ეს საქმეები ჩაიდინეს, ნამდვილად შეეხება საკითხს, რომელზეც თანაზიარებას ვმართავთ, ამიტომ, საჭიროებისამებრ უნდა გვქონდეს მათზე თანაზიარება. ამაზე თანაზიარების მიზანი არ არის ადამიანთა ჩახშობა ან მათთვის პრობლემების შექმნა, არც მათი საჯარო დამცირება; არამედ, ეს მიმართულია ადამიანთა ხასიათისა და არსის, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებში ანტიქრისტეების ხასიათის გასაანალიზებლად. როდესაც ჩვენი თანაზიარება ამ საკითხებს ეხება, თუ თქვენ მხოლოდ ის გახსენდებათ, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ასეთი და ასეთი რამ ჩაიდინა, და ვერ ახერხებთ იმაზე დაფიქრებას, თუ როგორ უკავშირდება ეს ჭეშმარიტებასა და ადამიანთა გახრწნილ ხასიათს, ამტკიცებს ეს იმას, რომ ჭეშმარიტება გაიგეთ? (არა). თუკი თქვენ მხოლოდ ერთი საკითხი ან ერთი კონკრეტული ადამიანი გახსენდებათ, და თქვენში ჩნდება მიკერძოებები, შეხედულებები და წინასწარგანწყობები იმ ადამიანის მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტების გაგებას მიაღწიეთ? ეს არ არის ჭეშმარიტების გაგება. მაშ ასე, რა პირობებში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჭეშმარიტების გაგებას მიაღწიეთ? თითქმის ყოველ ჯერზე, როცა თანაზიარებას ვმართავთ და ანტიქრისტეების არსის სხვადასხვა გამოვლინებებს ვაანალიზებთ, რამდენიმე ისტორია მომყავს თვალსაჩინო მაგალითად და თანაზიარებას ვმართავ თქვენთან იმაზე, თუ სად არის შეცდომები ამ ისტორიებში და რა გზას უნდა გაჰყვნენ ადამიანები. თუკი ამგვარი თანაზიარების შემდეგ კვლავ ვერ იგებთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა თქვენს წვდომაშია, რომ თქვენი სულიერი მონაცემები ძალიან დაბალია და რომ თქვენ არ გაქვთ სულიერი გაგება. მაშ ასე, რა პირობებში შეიძლება ჩაითვალოს, რომ გაქვთ წვდომის უნარი, გაქვთ სულიერი გაგება და გაიგეთ ჭეშმარიტება იმ მაგალითების საფუძველზე, რომლებზეც თანაზიარება გვქონდა? უპირველეს ყოვლისა, უნდა შეძლოთ საკუთარი თავის შედარება მაგალითებთან, რომლებზეც თანაზიარება გვაქვს და უნდა შეძლოთ საკუთარი თავის შეცნობა, უნდა დააკვირდეთ, რამდენად გაქვთ ამგვარი ხასიათი და რამდენად შეძლებდით ამგვარი საქმეების ჩადენას, სტატუსი და ხელმწიფება რომ გქონდეთ, და რამდენად გაქვთ თქვენც ამგვარი აზრები და შეხედულებები, ან ამჟღავნებთ თუ არა ამგვარ ხასიათს. ეს არის ერთი ასპექტი. გარდა ამისა, მაგალითებში, რომლებზეც თანაზიარებას ვმართავთ, თქვენ უნდა ეძიოთ ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებიც დადებითად უნდა გაიგოთ და დაიცვათ. ეს ნიშნავს იმ გზის პოვნას, რომელიც პრაქტიკაში უნდა განახორციელოთ და იმის გაცნობიერებას, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოთ ამ გარემოებებში და როგორ უნდა იქცეოდეთ სწორად და ღვთის განზრახვების შესაბამისად. უფრო მეტიც, ანალიზის მეშვეობით, უნდა შეძლოთ ამოცნობა, რომ თქვენი და ანტიქრისტეების ხასიათი ერთი და იგივეა, უნდა შეძლოთ ამ კავშირის დანახვა და იცოდეთ, თუ როგორ მოაგვაროთ ეს. ამგვარად, მიაღწევთ ჭეშმარიტების გაგებას, გახდებით ადამიანი, რომელსაც სულიერი გაგება გააჩნია, და რომელსაც აქვს ჭეშმარიტების წვდომის უნარი. თუ ისტორიის მოსმენის შემდეგ, გახსოვთ ყველა დეტალი, ყველა მიზეზი და შედეგი, და შეგიძლიათ მათი ახსნა, მაგრამ არ გესმით ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებიც ადამიანებმა პრაქტიკაში უნდა განახორციელონ და შევიდნენ მათში, და როცა შესაბამის სიტუაციაში აღმოჩნდებით, არ იცით, როგორ გამოიყენოთ ეს ჭეშმარიტებები, რათა ჩასწვდეთ ადამიანებსა და საგნებს, და შეიცნოთ საკუთარი თავი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვთ წვდომის უნარი. და ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია წვდომის უნარი, არის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სულიერი გაგება.
კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. იყო ერთი ადამიანი, რომელიც ახლად არჩეული წინამძღოლი იყო. სანამ ის ჭეშმარიტად გაერკვეოდა და გაითავისებდა საქმის სხვადასხვა ასპექტების რეალურ მდგომარეობას, ესე იგი, სანამ ჯეროვნად ჩაებმებოდა საქმის თითოეულ სხვადასხვა ასპექტში, მან დაიწყო პირადი გამოკითხვები: „ვინ არიან ჩვენს ეკლესიაში ღვთისთვის შესაწირის შენახვაზე პასუხისმგებელნი? მომახსენეთ მათი სახელების სია. ასევე, მომეცით ყველა ანგარიშის ნომერი და პაროლი. მინდა, ვიცოდე, რამდენი ფულია.“ მას არანაირი ინტერესი არ ჰქონდა საქმის მიმართ. ერთადერთი რამ, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა და ყველაზე ძლიერ აღელვებდა, იყო იმ ადამიანების სახელები, ვინც შესაწირის შენახვას უზრუნველყოფდნენ, და ასევე, ანგარიშის ნომრები და პაროლები. ხომ არ ნიშნავდა ეს რაღაც არასწორის მოახლოებას? მას ხომ შესაწირის ხელში ჩაგდება სურდა? როცა ასეთ სიტუაციას წააწყდებით, რა უნდა გააკეთოთ? რაკი ის გახდა წინამძღოლი, ხომ არ გამოდის, რომ ეკლესიის ქონება მას უნდა გადაეცეს და რომ მან უნდა იცოდეს ამის შესახებ და მისი გაკონტროლების ძალაუფლება ჰქონდეს? (არა, მას ეს ინფორმაცია არ უნდა მიეცეს.) რატომ არა? განა დაუმორჩილებლობაში არ დაგედებოდათ ბრალი, თუ მას არ მიაწვდიდით ამას? (ფაქტი, რომ მან ეს გამოვლინებები გამოამჟღავნა, ადასტურებს, რომ მასთან რაღაც რიგზე არ არის, და ამიტომ, ღვთის შესაწირის დასაცავად, ჩვენ ეს ინფორმაცია არ უნდა მივცეთ მას.) ზუსტად ასეა: რაკი მასთან რაღაც რიგზე არ არის, თქვენ მას ეს არ უნდა მისცეთ. თქვენი პასუხი ამტკიცებს, რომ ჩემი წინა თანაზიარება ამაო არ ყოფილა და რომ გაგიგიათ. რატომ არ შეგიძლიათ, მისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება? წინამძღოლის პასუხისმგებლობები და მოვალეობა არ გულისხმობს შესაწირისადმი ინტერესს, ან შესაწირთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ხელში ჩაგდების მცდელობას. ეს არ წარმოადგენს წინამძღოლის მოვალეობას ან პასუხისმგებლობებს. ეკლესიებში ყველგან ჰყავთ ადამიანები, რომლებიც დანიშნულნი არიან შესაწირის სამართავად და შესანახად. უფრო მეტიც, ეკლესიას აქვს მკაცრი წესები და პრინციპები, რომლებიც არეგულირებენ შესაწირის გამოყენებას. არავის აქვს იმის უფლება, რომ უპირატესობა შესაწირის პირად გამოყენებას მიანიჭოს, და მით უმეტეს — მის პირად ფლობას. ეს გამონაკლისის გარეშე ყველას ეხება. ეს ხომ ფაქტია? ხომ სწორია? (დიახ, ასეა.) როდესაც ანტიქრისტეებს სურთ, უპირატესობა შესაწირის პირად ფლობასა და გამოყენებას მიანიჭონ, ეს თავისთავად არასწორია. მათ სწამთ, რომ, როგორც წინამძღოლებს, უნდა შეეძლოთ შესაწირის გამოყენებით თავისუფლად ტკბობა: არის ეს ჭეშმარიტება? ეს ფული ღმერთს ეკუთვნის — რატომ იყენებენ მას არასწორად? რატომ იყენებენ მას საკუთარი ნება-სურვილისამებრ? აქვთ კი ამის უფლება? ეთანხმება მათ ღმერთი, რომ ასე გამოიყენონ შესაწირი? დაამტკიცებდნენ ამას ღვთის რჩეული ადამიანები? ის ფაქტი, რომ ანტიქრისტეები იტაცებენ შესაწირს და ფლანგავენ მას, განპირობებულია მათი ბოროტი ხასიათით; ეს არის საგნებისადმი ისეთი ხედვა, რომელიც მათი სიხარბიდან მომდინარეობს და არ არის ღვთის სიტყვით დადგენილი. ამ ანტიქრისტეს ყოველთვის უნდოდა, კონტროლი მოეპოვებინა ყველა შესაწირზე, აგრეთვე ყველა იმ ადამიანის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათ უსაფრთხოდ შენახვაზე, და ყველა საბანკო ანგარიშის ნომერსა და პაროლზე. ეს სერიოზული პრობლემაა, არა? განა მას სურდა, სცოდნოდა ძირითადი ფაქტები ღვთის შესაწირის შესახებ, კარგად შეენახა ისინი, და შემდეგ გონივრულად გაენაწილებინა და ხელუხლებლად შეენარჩუნებინა ისე, რომ არავისთვის მიეცა უფლება თავისუფლად და დაუფიქრებლად დაეხარჯა? ჰქონდა მას ასეთი განზრახვა? შეინიშნება მისი ქმედებებიდან რაიმე კეთილი განზრახვის ნიშანი? (არა). ასე რომ, თუ ადამიანი ჭეშმარიტად ხარბად არ ესწრაფვის შესაწირს, რას გააკეთებს, თუ წინამძღოლად აირჩევენ? (ჯერ გაარკვევს ეკლესიის საქმის სხვადასხვა ასპექტების ეფექტურობას, ისევე როგორც იმას, თუ როგორ ინახება შესაწირი და უსაფრთხოა თუ არა ის ადგილი, სადაც ის ინახება. თუმცა, ის არ იკითხავს ანგარიშის ნომრებზე, პაროლებზე ან ჯამურ თანხაზე.) სწორია, მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც. მას შემდეგ, რაც ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ხარბად არ ესწრაფვის შესაწირს, წინამძღოლად აირჩევა, ის შეამოწმებს, რამდენად უსაფრთხოა შესაწირის შესანახი ადგილი და ასევე იმას, რამდენად არიან მის შენახვაზე პასუხისმგებელი ადამიანები შესაფერისნი და საიმედონი, მიითვისებდნენ თუ არა შესაწირს, და ინახავენ თუ არა შესაწირს პრინციპების შესაბამისად. ჯერ ამ საკითხებზე დაფიქრდებიან. რაც შეეხება სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა შესაწირის რაოდენობა და პაროლები, სიხარბის არმქონე ადამიანები — წესიერი და პატიოსანი ადამიანები — ამისგან თავს შორს დაიჭერენ. მაგრამ ხარბი ადამიანი თავს არ აარიდებს ამას, ისინი გამოიყენებენ საბაბს: „მე ვარ წინამძღოლი. განა ხელში არ უნდა მქონდეს საქმის ყველა ასპექტი? ყველაფერი უკვე გადმომეცა, რატომ არ გადმომცეს შესაწირი?" საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით, ისინი მოინდომებენ, რომ ამ საბაბით ეკლესიის ფინანსებზე კონტროლი მოიპოვონ. ეს პრობლემაა. ისინი ჯეროვნად არ ასრულებენ თავიანთ საქმეს თუ პასუხისმგებლობებს და არც ეკლესიის ფინანსებს მართავენ ნორმალური პროცედურებისა და პრინციპების შესაბამისად. ამის ნაცვლად, საკუთარი თავისთვის დასახავენ გეგმებს. ყველას შეუძლია ამის დანახვა, ვინც კი ნორმალური ადამიანივით ფიქრობს. როგორც კი წინამძღოლმა ამის კეთება დაიწყო, ვიღაცამ მოახსენა მასზე და ის შეაჩერეს. შემდეგ, იმ ადამიანმა მომახსენა მე, მკითხა, სწორი იყო თუ არა ამის გაკეთება, და ვთქვი, რომ სწორი იყო. ამას ეწოდება ღვთის სახლის ინტერესების დაცვა; ეს ინფორმაცია არ შეიძლება მიეცეს ასეთ ადამიანს. ღვთის სახლის ფულის გაკონტროლების სურვილი, ისე, რომ თითი არ გაგინძრევიათ და არანაირი საქმე არ გაგიკეთებიათ — განა გარკვეულწილად დიდ წითელ დრაკონს არ ჰგავს? როდესაც დიდი წითელი დრაკონი დებსა და ძმებს აპატიმრებს, პირველი, რასაც აკეთებს, არ არის მათი ცემა, იმის შიშით, რომ ცემით გონდაკარგულებმა ვერ შეძლონ გარკვევით საუბარი — ის ჯერ ეკითხება, სად ინახება ეკლესიის ფული, ვინ ინახავს მას და რამდენია. მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხავს, ვინ არიან ეკლესიის წინამძღოლები. მისი მიზანი უბრალოდ ფულის ხელში ჩაგდებაა. რასაც ეს წინამძღოლი აკეთებდა და რასაც დიდი წითელი დრაკონი აკეთებს, ბუნებით ერთი და იგივეა. მან საქმესთან დაკავშირებით არაფერზე გამოკითხვა არ ჩაატარა, არცერთ საკითხზე არ იკისრა ტვირთი და მხოლოდ ფინანსებს დაუთმო ყურადღება — განა ეს სიმდაბლე არ არის? ამ მდაბალი ადამიანის ქმედებები ისეთი აშკარა იყო! სანამ მისი სტატუსი დამკვიდრდებოდა, მას სურდა, ხელში ჩაეგდო ფული. განა ზედმეტად არ ჩქარობდა? მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სხვებმა ამოიცნეს, და მალევე გაათავისუფლეს. როცა საქმე ასეთ ადამიანს ეხება, რომელიც აშკარად ასე იქცევა, ეს უნდა გახსოვდეთ: ჩქარა გაათავისუფლეთ ისინი. საჭირო არ არის, სხვა რაიმე გაარკვიოთ ასეთ ადამიანთან დაკავშირებით, მაგალითად ხასიათები, ადამიანობა, განათლება, ოჯახის წარმომავლობა, რამდენი ხანია, რაც ღვთის სწამთ, გააჩნიათ თუ არა საფუძველი, როგორია მათი სიცოცხლის გამოცდილებანი — ამ ყველაფრის გარჩევა საჭირო არ არის, მხოლოდ ეს ერთი რამ საკმარისია იმის დასადგენად, რომ ასეთი ადამიანი ანტიქრისტეა. ყველანი უნდა გაერთიანდეთ, რომ გაათავისუფლოთ და მოაშოროთ ეს ადამიანი. ის, როგორც წინამძღოლი, არ გჭირდებათ. რატომ? თუ დაუშვებ იმას, რომ ისინი წაგიძღვნენ, ეკლესიას რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, ყველაფერს გაფლანგავენ და მთლიანად მიითვისებენ; მაშინ კი ეკლესიის საქმე შეჩერდება და მისი შესრულება შეუძლებელი გახდება. თუ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც ფულის ხელში ჩაგდებაზეა ორიენტირებული, რომლის ყურადღებაც ყოველთვის და ურყევად სიმდიდრისკენ არის მიმართული და რომელიც ხარბია — მაგრამ თუ მისი ჭეშმარიტი ბუნების ნიშნები ჯერ არ გამჟღავნებულა და ის ყველამ გონებაარეულად აირჩია, რადგან ეგონათ, რომ მას ჰქონდა გარკვეული ნიჭი, ჰქონდა მუშაობის უნარი და შეეძლო ყველას გაძღოლოდა ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლაში — ისე, რომ არ ელოდნენ, რომ როგორც კი წინამძღოლები გახდებოდნენ, დაიწყებდნენ ფულის საკუთარ ჯიბეებში ჩაწყობას, მაშინ უნდა იჩქაროთ და ჩამოაგდოთ თავიანთი პოზიციიდან. ეს აბსოლუტურად სწორი საქციელია. ამის შემდეგ შეგიძლიათ სხვა აირჩიოთ. ეკლესია არ დაიშლება, თუ ერთი დღით წინამძღოლის გარეშე დარჩება. ღვთის რჩეულ ხალხს ღმერთის სწამთ და არა რომელიმე კონკრეტული წინამძღოლის. მითხარით, არის თუ არა ისეთი დრო, როცა ძმებსა და დებს განსჯის უნარი უქვეითდებათ? სანამ ეს ადამიანი წინამძღოლი გახდებოდა, შეუძლებელი იყო იმის თქმა, რომ ის ხარბი იყო. სხვებთან ურთიერთობაში არ ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, ნივთების ყიდვისას საკუთარ ფულს ხარჯავდა და მოწყალებასაც გასცემდა. მიუხედავად ამისა, პირველი, რაც მან წინამძღოლად გახდომისთანავე გააკეთა, იყო ის, რომ ეკლესიის ფინანსების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ადამიანების უმრავლესობას არ შეუძლია ასეთი უკეთური სურვილის ჩახშობა — ეს უბრალოდ დაუჯერებელია! როგორ შეიძლებოდა, რომ ის ერთ ღამეში შეცვლილიყო? საქმე ის კი არ არის, რომ ერთ ღამეში შეიცვალა, არამედ ის, რომ უბრალოდ თავიდანვე ასეთი არსება იყო; ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ წინა პერიოდში ის არ იმყოფებოდა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას გამოააშკარავებდა, ახლა კი ამ სიტუაციამ გამოააშკარავა. რაკი ეს ადამიანი გამოაშკარავდა, რატომღა უნდა იყოთ მის მიმართ მოწყალე? უბრალოდ ფეხი კარგად ამოსცხეთ, რომ აქედან გააქციოთ, რაც უფრო შორს, მით უკეთესი! გაბედავთ ამას? (დიახ). როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მუდმივად გეგმებს აწყობს ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებით, არ აირჩიოთ ისინი, სანამ ბოლომდე არ ჩასწვდებით. თუკი უმეცრების გამო, მაინც მათ აირჩევთ, მათი საფუძვლიანი წვდომის გარეშე, და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ისინი ხარბი არსებები და იუდები არიან, უნდა იჩქაროთ მათი გაძევება და მოცილება. ნუ იქნებით მოწყალენი და ნუ დაყოვნდებით. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ხარბია, სხვა ყველა მხრივ კარგებია. მას შეუძლია ადამიანებს ღვთის სიტყვის გაგებაში გაუძღვეს და შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ ადამიანებმა თავიანთი მოვალეობები ნორმალურად აღასრულონ.“ მაგრამ ისინი მხოლოდ წამიერად არიან ასეთები. დროის გასვლასთან ერთად ასეთები აღარ იქნებიან. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მათი დემონური სახე აშკარა გახდება. ყველა ის გამოვლინება და ხასიათი, რაც ანტიქრისტეებს ახასიათებთ და რაზეც წარსულში გვქონდა თანაზიარება, მათში ნელ-ნელა გამოვლინდება. იმ დროისთვის, მათი გათავისუფლება უკვე გვიანი იქნება, არა? ეკლესიის საქმე უკვე დაზარალებული იქნება. თუ არ გჯერა ჩემი ნათქვამის და ყოყმანობ, როცა ინანებ, მერე ნუღარ იტირებ. ჯერ შეხედეთ იმას, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი შესაწირს: ეს არის ყველაზე მარტივი სტრატეგია, და ასევე, ყველაზე პირდაპირი და მარტივი გზა იმის განჭვრეტისთვის, თუ რამდენად აქვს ადამიანს ანტიქრისტეების არსი. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც წარსულში გვქონდა თანაზიარება, უნდა გამოგვერკვია ანტიქრისტეების ხასიათები გარკვეული გამოვლინებების, გაცხადებების, თვალთახედვების, სიტყვებისა და ქმედებების მეშვეობით და მათი ხასიათების საფუძველზე გვენახა, ჰქონდათ თუ არა მათ ანტიქრისტეების არსი. მხოლოდ ამ ერთ საკითხთან მიმართებაშიც კი, არ არის საჭირო ამ ყველაფრის კეთება: ეს პირდაპირი და ცხადია, მარტივია და ნაკლებ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. თუკი ადამიანი ამგვარ გამოვლინებას ამჟღავნებს — გამუდმებით სურს, უპირატესობა შესაწირის პირად ფლობას მიანიჭოს, ან ძალით ისაკუთრებს შესაწირს — მაშინ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ის ასი პროცენტით ანტიქრისტეა. ისინი ანტიქრისტეებად ხასიათდებიან და წინამძღოლებად ვერ იმსახურებენ — ძმებმა და დებმა ისინი თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ და უარყონ.
ჩვენ ახლახან ვიმსჯელეთ ანტიქრისტეთა იმ გამოვლინებებზე, როდესაც ისინი უპირატესობას შესაწირის პირად ფლობასა და გამოყენებას ანიჭებენ, და ეს ყოველივე გამოვიყენეთ იმ ხასიათისა და არსის განსამარტად და გასაანალიზებლად, რომელსაც ანტიქრისტეები ეკლესიის ფინანსების გაკონტროლების მცდელობისას ავლენენ. ეს არის პირველი პუნქტი. ფლობა და გამოყენება — ანტიქრისტეების ყველაზე წინასწარი და საბაზისო მიდგომებია, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის ქონებას. ამ პუნქტში ჩვენ არ გვქონია კონკრეტული თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ ფლობენ და იყენებენ ანტიქრისტეები ეკლესიის ქონებას. ჩვენ უფრო კონკრეტულ დეტალებში შევალთ შემდეგ პუნქტში, რომელიც ეხება ანტიქრისტეების მიერ შესაწირის გაფლანგვას, არამიზნობრივად გამოყენებას, გასესხებას, თაღლითურად გამოყენებასა და მოპარვას.
ბ. შესაწირის გაფლანგვა, არამიზნობრივად გამოყენება, გასესხება, თაღლითურად გამოყენება და მოპარვა
1. შესაწირის გაფლანგვა
ანტიქრისტეებს მიაჩნიათ, რომ სტატუსისა და ძალაუფლების ფლობა მათ აძლევს უფლებას, უპირატესობა შესაწირის პირად ფლობასა და გამოყენებას მიანიჭონ. მაშ, როგორც კი ისინი ამ უფლებას მოიპოვებენ, როგორ ანაწილებენ და იყენებენ შესაწირს? აკეთებენ ამას ეკლესიის წესების ან ეკლესიის საქმის საჭიროებების განმსაზღვრელი პრინციპების შესაბამისად? შეუძლიათ ამის გაკეთება? (არა, არ შეუძლიათ.) ფაქტი, რომ ეს არ შეუძლიათ, ბევრ რამეს ეხება. სტატუსის მოპოვების შემდეგ, ანტიქრისტეები ვერ აირიდებენ თავიდან ისეთი რაღაცების კეთებას, რომლებიც ეკლესიის საქმეს ეხება, და ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილი ეკლესიის ქონების ხარჯებსა და განაწილებას მოიცავს. იმ შემთხვევაში, რა პრინციპებით უდგებიან ისინი ეკლესიის ქონების განაწილებას? ეკონომიურობასთან გვაქვს საქმე? არის ეს ხარჯების ზედმიწევნით დაგეგმვა, რომელიც ყველგან, სადაც შესაძლებელია, დანაზოგისკენაა მიმართული? არის ეს ყველაფერში ღვთის სახლის გათვალისწინება? არა. თუ მათ სადმე ველოსიპედით მისვლა შეუძლიათ, ისინი მაინც ხარჯავენ ფულს ავტობუსზე. და როდესაც მიიჩნევენ, რომ ყოველთვის ავტობუსით ან ნაქირავები მანქანით მგზავრობა მოუხერხებელი და არაკომფორტულია, იმაზე ფიქრს იწყებენ, რომ მანქანის შესაძენად ღვთის სახლის თანხა გამოიყენონ. მანქანის შერჩევისას ცხვირს იბზუებენ დაბალი ფასისა და საშუალო წარმადობის მოდელებზე და სპეციალურად ირჩევენ მძლავრ მანქანას, საზღვარგარეთიდან პირდაპირ შემოტანილ, ცნობილი ბრენდის მოდელს, რომელიც მილიონ იუანზე მეტი ღირს. ისინი ფიქრობენ: „ეს დიდი არაფერია, და ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის სახლი იხდის, ხოლო ღვთის სახლის ფული ყველას ფულია. არაფერია რთული იმაში, რომ ყველამ ერთად იყიდოს მანქანა. ღვთის სახლი ისეთი დიდია, მთელი სამყარო ღმერთს ეკუთვნის — ასე რომ, დიდი ამბავია, თუ ღვთის სახლი მანქანას იყიდის? სატანის სამყაროში მანქანები, რომლებითაც ხალხი დადის, ყველა რამდენიმე მილიონი იუანი ღირს, ასე რომ, ჩვენი ეკლესიის მიერ სულ რაღაც ერთი მილიონი იუანის ღირებულების მანქანის ყიდვა საკმაოდ ეკონომიურია. გარდა ამისა, მანქანა მხოლოდ ჩემთვის გამოსაყენებელი არ არის, მთელი ეკლესია აპირებს მის ერთად მოხმარებას.“ როგორც კი ანტიქრისტეები პირს გააღებენ, მილიონ იუანზე მეტი ისე ქრება, რომ თვალსაც არ ახამხამებენ, არც გული უჩქარდებათ და არც სინდისის მცირე ნატამალი აწუხებთ. მანქანის ყიდვის შემდეგ ისინი მისით ტკბობას იწყებენ. ფეხით აღარ დადიან იმ ადგილებში, სადაც ფეხით უნდა იარონ, ველოსიპედით აღარ დადიან იმ ადგილებში, სადაც ველოსიპედით უნდა იარონ და აღარც მანქანებს ქირაობენ იმ ადგილებისთვის, სადაც ნაქირავები მანქანით მისვლა შეუძლიათ; ამის ნაცვლად, ისინი მტკიცედ ითხოვენ „კუთვნილი მანქანით“ სარგებლობას; ისეთი თვალშისაცემი მანერებით მოქმედებენ, თითქოს დიდი საქმის კეთების თავი ჰქონდეთ. ანტიქრისტეები ფულს ძალიან ხელგაშლილად ხარჯავენ, ყველაფერი, რასაც ყიდულობენ, კარგი, მაღალი კლასის და უახლესი უნდა იყოს. მაგალითად, გარკვეული სახის მანქანებისა და აღჭურვილობის საბაზისო და მაღალი კლასის მოდელებს შორის ფასთა სხვაობამ შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი იუანიც კი შეადგინოს. ასეთ სიტუაციებში ანტიქრისტეები მაღალი კლასის მოდელის ყიდვას მოისურვებენ და სანამ საკუთარ ფულს არ ხარჯავენ, ამის გაკეთება საერთოდ არ აწუხებთ. საკუთარი ჯიბიდან რომ იხდიდნენ, ისინი საბაზისო ან დაბალი კლასის მოდელსაც ვერ გასწვდებოდნენ, მაგრამ როდესაც ამბობთ, რომ ამის ფულს ღვთის სახლი გადაიხდის, მაშინვე მაღალი კლასის მოდელი მოუნდებათ. განა მხეცები არიან? განა უგუნურები არიან? განა ეს შესაწირის გაფლანგვა არ არის? (დიახ, არის.) ადამიანებს, რომლებიც შესაწირს ფლანგავენ, ცუდი ადამიანობა აქვთ, ისინი ეგოისტები და საზიზღარნი არიან! როგორც კი ანტიქრისტეები შესაწირის გამოყენების ძალაუფლებას მოიპოვებენ, ისინი შესაწირის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, იყენებენ მას პრინციპების სრული უგულებელყოფით და ყოველი შესყიდვისას მაღალი კლასის ნივთების მიღებას ითხოვენ. როდესაც სათვალეს ყიდულობენ, მაღალი კლასის სათვალე უნდათ, ისეთი, რომელიც ბლოკავს ლურჯ სინათლესა და ულტრაიისფერ სხივებს, ყველაზე სუფთა ლინზებით, ხოლო როდესაც კომპიუტერს ყიდულობენ, მაღალი კლასის კომპიუტერი, უახლესი მოდელი უნდათ. მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ თავიანთ მოვალეობებში სხვადასხვა სახის იარაღები და აღჭურვილობა, როგორც კი მსგავსი ნივთების ყიდვის საკითხი დგება, მაღალი კლასის ნივთების შეძენა უნდათ. განა ეს შესაწირის გაფლანგვა არ არის? მათ იციან, როგორ იყვნენ ეკონომიურები საკუთარი ფულის ხარჯვისას — ნებისმიერი ნივთი გამოდგება, მთავარია, პრაქტიკული იყოს — მაგრამ როდესაც საქმე ღვთის სახლისთვის რამის ყიდვას ეხება, მაშინ პრაქტიკულობისა და ფულის დაზოგვის საკითხები განხილვის საგანი აღარ არის. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ეს აუცილებლად ცნობილი ბრენდი უნდა იყოს, მათი სტატუსი უნდა წარმოაჩინოს და ყიდულობენ იმას, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია. განა ეს საკუთარი განადგურების ძიება არ არის? შესაწირის ფლანგვა — განა ამას არ აკეთებენ ანტიქრისტეები? (დიახ).
იყო ერთი პირი, რომელიც ზემდგომ ძმასთან ერთად კბილის ჯაგრისების საყიდლად წავიდა. მან ზემდგომისთვის ერთ დოლარზე ცოტა მეტი ღირებულების კბილის ჯაგრისი იყიდა, ხოლო საკუთარი თავისთვის იმპორტირებული აიღო, რომელიც 15 დოლარზე მეტი ღირდა. ახლა, არ იტყოდით, რომ ზემდგომ ძმასა და ამ ჩვეულებრივ ძმას შორის რაღაც განსხვავება, რაღაც უთანასწორობა იყო მათი სტატუსის თვალსაზრისით? (დიახ). ლოგიკურად — მოდით, არ შევეხოთ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა სტატუსი, მდგომარეობა ან ის გზა, რომლითაც ღმერთი ანაწილებს, და უბრალოდ განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ზემდგომი ძმა ამდენი წლის განმავლობაში ბევრს შრომობდა — განა მას არ უნდა გამოეყენებინა რაღაც უფრო მაღალი ხარისხის? მაგრამ ის ამაზე არ ფიქრობდა. რა პრინციპებს მიჰყვებოდა ის? რაც შეიძლება მეტი ეკონომიურობა ყველგან, სადაც კი შესაძლებელია: ასეთი ნივთი საერთოდ არ არის რაიმე დახვეწილი, ამიტომ არ ღირს ასეთი ძვირადღირებულის გამოყენება და არც იმის საჭიროებაა, რომ ამდენი ფული დაიხარჯოს, ერთი გამოსადეგი ნივთიც სავსებით საკმარისია. ახლა, რაც შეეხება ამ ორი ადამიანის ვინაობას, მდგომარეობასა და სტატუსს, მათ შორის გარკვეული განსხვავებაა: ყველაზე საშუალო ხარისხის ნივთი შეიძინეს იმ პირისთვის, რომელსაც კარგი ნივთი უნდა ჰქონოდა, ხოლო საუკეთესო ხარისხის ნივთი შეიძინეს იმისთვის, ვისაც საშუალო ხარისხის ნივთი უნდა ჰქონოდა. რა პრობლემა იყო აქ? ამ ორი ადამიანიდან რომელს ჰქონდა პრობლემა? პრობლემა იმას ჰქონდა, ვინც კარგ ნივთს იყენებდა. მას არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო, არც სირცხვილის გრძნობა გააჩნდა და ყოველთვის ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო ნივთს ყიდულობდა, რადგან ხარჯებს ღვთის სახლი ფარავდა. ჰქონდა ამ ადამიანს გონიერების ნატამალი? თუ ასე იქცეოდა, როცა ზემდგომ ძმასთან ერთად იყო საყიდლებზე და მის თვალწინ ასეთ არჩევანს აკეთებდა, მარტო რომ ყოფილიყო, მაშინ როგორ მოიქცეოდა? რამდენს გაფლანგავდა? ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა და მხოლოდ ათიოდე დოლარის სხვაობასთან ნამდვილად არ გვექნებოდა საქმე; ის გაბედავდა, ნებისმიერ ფასად შეესყიდა ნივთები და მათზე ნებისმიერი ოდენობის თანხა დაეხარჯა. ის სწორედ ასე ხარჯავდა შესაწირსა და ღვთის სახლის ფულს — განა ეს საკუთარი თავის განადგურების ძიება არ იყო? არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ: „მე ასეთი დიდი საქმე გავაკეთე ღვთის სახლისთვის, ამდენი რისკი გავწიე, ამდენი განსაცდელი გამოვიარე და ციხეშიც კი ჩამაგდეს რამდენჯერმე. ეს კანონიერად მეკუთვნის და განსაკუთრებული მოპყრობით უნდა ვსარგებლობდე“. ეს „კანონიერად მეკუთვნის“ — ჭეშმარიტებაა? ღვთის რომელ სიტყვაში დაადგინა მან, რომ ვინც დაპატიმრებული იყო, ან განსაცდელი გამოიარა, ან წლების განმავლობაში მისთვის იხეტიალა, კანონიერად უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული მოპყრობით, პირველს უნდა ჰქონდეს კანონიერად შესაწირის გამოყენებისა და ხელში ჩაგდების პრიორიტეტულობა და თავის ნებაზე ფლანგავდეს მას, და რომ ეს ადმინისტრაციული განკარგულებაა? წარმოთქვა ღმერთმა თუნდაც ერთი სიტყვა ამის შესახებ? (არა, არ წარმოუთქვამს.) აბა მაშინ, რა თქვა ღმერთმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ შესაწირი ასეთმა ადამიანებმა, წინამძღოლებმა, მუშაკებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ღვთის სახლში თავის მოვალეობას ასრულებს? ისინი მათ ნორმალური გასავლებისა და ნორმალური ხარჯებისთვის უნდა იყენებდნენ; არავის აქვს რაიმე განსაკუთრებული ხელმწიფება შესაწირის ფლობასა და გამოყენებაზე. ღმერთი თავის შესაწირს არავითარ შემთხვევაში არ აქცევს რომელიმე ცალკეული ადამიანის კერძო საკუთრებად. ამავდროულად, ღმერთს არ დაუდგენია, რომ ადამიანებმა ფული უნდა ფლანგონ შესაწირის გამოყენებისა და განაწილების დროს. როგორი ადამიანი ფლანგავს ფულს? როგორი განწყობა და ხასიათი აქვს იმ ადამიანს, ვინც შესაწირს ფლანგავს? ამას აკეთებენ მხეცები, ტირანები, ხულიგნები, განგსტერები და სირცხვილის გრძნობას მოკლებული საზიზღარი ბოროტმოქმედები, ამას სჩადიან ანტიქრისტეები. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თუნდაც მცირედი ადამიანობა და სირცხვილის გრძნობა გააჩნია, მსგავს დონემდე არ დაეცემა. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ეკლესიის წინამძღოლად მოსვლა, მათ შესაწირისა და ეკლესიის ქონების გამოყენების უფლებას ანიჭებს. ისინი ყველაფრის ყიდვას ლამობენ და ბედავენ, და ასევე, მათ ყველაფრის მოთხოვნა სურთ. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი, რასაც ყიდულობენ და რასაც სიამოვნებით მოიხმარენ, სავსებით დამსახურებულია მათ მიერ; მეტიც, ისინი არასდროს იწუხებენ თავს, რომ ფასი იკითხონ. და თუ ვინმე იაფფასიან და ჩვეულებრივ ნივთს უყიდის, კიდევ უფრო გაბრაზდებიან და გულში წყენას ჩაიდებენ. ესენი არიან ანტიქრისტეები.
2. შესაწირის არამიზნობრივად გამოყენება
ანტიქრისტეების კიდევ ერთი გამოვლინება, როდესაც ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ ეკლესიის ფინანსები, არის არამიზნობრივი გამოყენება. ტერმინი „არამიზნობრივი გამოყენება“ ადვილად გასაგები უნდა იყოს. ნიშნავს თუ არა არამიზნობრივი გამოყენება იმას, რომ აიღო ეკლესიის ქონება და მისცე დებსა და ძმებს ან გამოყო იგი ეკლესიის საქმისთვის, რათა სათანადო დანიშნულებით გამოიყენონ? (არა, არ ნიშნავს.) მაშინ რას ნიშნავს „არამიზნობრივი გამოყენება“? (ეს ნიშნავს, რომ ის სათანადო წესით კი არ იხარჯება, არამედ საკუთარი ნება-სურვილისამებრ ან ფარულად გამოიყენება.) მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა „ფარულად გამოყენება“ სწორია, ეს მაინც არ არის საკმარისად კონკრეტული. თუ ადამიანი ეკლესიის ქონებას ფარულად იყენებს იმ პირების საარსებო ხარჯებისთვის, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს სრულ განაკვეთზე ასრულებენ, მაშინ ამაში არაფერი არასწორი არ არის და ეს არც არამიზნობრივი გამოყენებაა. არამიზნობრივი გამოყენება დაგმობილია და ის შეუსაბამოა პრინციპებთან. მაგალითად, ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლი ხელში იგდებს ეკლესიის ფულს და როდესაც მათი შვილები კოლეჯში წასასვლელად საჭირო თანხის გარეშე რჩებიან, სახლში კი ისედაც არ აქვთ იმდენი ფული, ისინი ღვთის წინაშე ლოცვით წარდგებიან და ამბობენ: „ოჰ, ღმერთო, ნება მომეცი, ჯერ დანაშაული ვაღიარო და შენგან პატიება ვითხოვო. თუ ვინმე უნდა დასაჯო, გთხოვ, მე დამსაჯე და არა ჩემი შვილი. ვიცი, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ ახლა რთულ მდგომარეობაში ვარ და ამის გაკეთება მიწევს. შენი მადლი ყოველთვის უხვად არის, ამიტომ უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ამჯერადაც ხელს გამომიწვდი და კურთხევას მომცემ. ჩემი შვილის კოლეჯში სწავლის საფასურზე ოცი-ოცდაათი ათასი იუანი მაკლდება და თანხის მობილიზებისა და აქეთ-იქით სესხების მერეც საკმარისი არ მაქვს. შეიძლება შენი ფული გამოვიყენო ჩემი შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად?“ შემდეგ კი, როდესაც ლოცვას დაასრულებენ, თავს სრულიად მშვიდად გრძნობენ, ფიქრობენ, რომ ღმერთმა ამაზე თანხმობა განაცხადა და ფულს საკუთარი პირადი მიზნებისთვის იღებენ. განა ეს არ არის არამიზნობრივი გამოყენება? როდესაც ფული არ იხარჯება იმისთვის, რასაც უნდა ხმარდებოდეს, არამედ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის, რითაც ირღვევა ღვთის სახლში შესაწირის გამოყენების მარეგულირებელი პრინციპები — სწორედ ამას ეწოდება „არამიზნობრივი გამოყენება“. როდესაც ოჯახის წევრი ავად ხდება და ფული სჭირდება, ან ბიზნესის ტრანზაქციაში აკლდებათ სახსრები, ისინი შესაწირთან დაკავშირებით გეგმების „შეთხზვას“ იწყებენ და გულში ლოცულობენ: „ოჰ, ღმერთო, გთხოვ, მაპატიე, ეს განზრახ არ მიქნია, ჩემი ოჯახი მართლაც დიდ სირთულეებს განიცდის. შენი სიყვარული ოკეანესავით ვრცელი და ცასავით უსაზღვროა, და შენ არ იხსენებ ადამიანთა ცოდვებსა და გადაცდომებს. როდესაც ამ ნაღდ ფულს გამოვიყენებ, ოჯახური ბიზნესი რომ მოგებას ნახავს, ორმაგად დაგიბრუნებ, ამიტომ გთხოვ, ნება მომეცი, რომ გამოვიყენო.“ აი, ასე იყენებენ ისინი ღვთის შესაწირს. არ აქვს მნიშვნელობა, ნათესავია თუ მეგობარი, ვისაც ფული სჭირდება — სანამ ამ წინამძღოლების ხელშია ფული, ისინი მას მისცემენ, თან ისე, რომ არც პრინციპების შესაბამისად მოქმედებენ და არც სხვების თანხმობას იღებენ, მით უმეტეს, წამითაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ღვთის შესაწირია. ამის ნაცვლად, თავად იღებენ გადაწყვეტილებას, გააქვთ ფული ეკლესიიდან და სხვა მიზნებისთვის იყენებენ. განა ეს არ არის არამიზნობრივი გამოყენება? (არის). ეს არამიზნობრივი გამოყენებაა. ახლა, ზოგიერთი ადამიანი ფულს სრულად აბრუნებს მას შემდეგ, რაც შესაწირი ფარულად, არამიზნობრივად გამოიყენა; ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ აღარ აქვთ შესაწირის არამიზნობრივად გამოყენების ცოდვის ბრალეულობა? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისინი შეიძლება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ? ან იქნებ არამიზნობრივად გამოყენების მომენტში მათ ჰქონდათ ახსნა-განმარტება, გარკვეული კონტექსტი ან სირთულეები და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ფული არამიზნობრივად გამოეყენებინათ — შეიძლება თუ არა, რომ ეს არამიზნობრივი გამოყენება შეენდოთ და არ დაგმონ? (არა, არ შეიძლება.) ამ შემთხვევაში, შესაწირის არამიზნობრივად გამოყენების ცოდვა სერიოზული ცოდვაა! რით განსხვავდება იმისგან, რაც იუდამ ჩაიდინა? განა ისინი, ვინც შესაწირს არამიზნობრივად იყენებენ, იუდასავით არ არიან? (დიახ, არიან.) მათ ყველა სიტუაციაში სურთ ეკლესიის ფულის დახარჯვა — როდესაც მათი შვილები უნივერსიტეტში მიდიან, როდესაც ვინმე მათი ოჯახიდან ბიზნესს აკეთებს, ან როდესაც მოხუცებულ ადამიანს სამედიცინო მკურნალობა სჭირდება, ანდა როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასუქი არ აქვთ. ზოგიერთი მათგანი დებისა და ძმების გაღებული შესაწირის ქვითრებსაც ანადგურებს, შემდეგ კი ფულს საკუთარ ჯიბეებში იტენის და ისე ხარჯავს, როგორც თავად მოესურვება, ისე, რომ სახეზე ოდნავადაც არ წითლდება და გულიც არ უჩქარდება. ზოგიერთი მათგანი შეკრებებზე დებისა და ძმებისგან ფულადი შესაწირის სახით მიღებულ თანხებსაც კი იღებს და როგორც კი შეკრება მთავრდება, მაშინვე მიდის და ნივთებს ყიდულობს. და შემდეგ არიან ისეთი დები და ძმები, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავენ, თუ როგორ არამიზნობრივად იყენებენ ეს ადამიანები შესაწირს, მაგრამ მაინც აძლევენ მათ ფულის შენახვის უფლებას, თან ისე, რომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას და არავინ გამოდის, რომ ამას ბოლო მოუღოს. ყველანი უფრთხიან ამ წინამძღოლების განაწყენებას, ამიტომ უბრალოდ გვერდიდან ადევნებენ თვალყურს, თუ როგორ ხარჯავენ ისინი ფულს. აბა მაშინ, შესწირე ეს ფული ღმერთს, თუ არა? თუ სხვებს ქველმოქმედებას უწევ, მკაფიოდ უნდა განაცხადო, რომ ამ ფულს ღმერთს არ სწირავ და მაშინ ღმერთი ამას არ გაიხსენებს. რაც შეეხება იმას, თუ ვის ეკუთვნის ეს ფული, ვინ ხარჯავს და როგორ იხარჯება — ამ ყველაფერს უკვე აღარანაირი შეხება აღარ ექნება ღვთის სახლთან. მეორე მხრივ, თუ ეს შენი ფული მართლაც ღმერთს იყო შეწირული, მაგრამ სანამ ეკლესიას მისი გამოყენების შანსი მიეცემოდა, ვინმე მას ასე ხარჯავს და ფლანგავს, შენ კი ეს სრულიად არ განაღვლებს — არც აჩერებ და არც მოახსენებ ამაზე — მაშინ ამ შემთხვევაში შენც პრობლემა გაქვს, შენც მათ ცოდვაში თანამონაწილე ხარ და როდესაც მათ დაგმობენ, ვეღარც შენ დააღწევ თავს.
3. შესაწირის გასესხება
ყველაფერი, რაც შესაწირის თვითნებურ გამოყენებას, მის არასათანადო მოხმარებასა და ხარჯვას უკავშირდება, უცვლელად ეხება ადმინისტრაციულ დადგენილებებს და მათი დარღვევის ხასიათს ატარებს. ზოგიერთი, როდესაც ეკლესიის ქონებას განკარგავს, შესაძლოა ამბობდეს: „ეკლესიის ქონება უბრალოდ ისეა განთავსებული. ამჟამად ბანკებს აქვთ ყოველგვარი საინვესტიციო პროგრამა, როგორიცაა ობლიგაციები და ფონდები, ყველას კარგი საპროცენტო განაკვეთები აქვთ. თუკი ეკლესიის ფულს ავიღებთ და დავაბანდებთ, და ცოტა პროცენტს გამოვიმუშავებთ, განა ეს ღვთის სახლისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება?“ შემდეგ კი, ყოველგვარი განხილვისა და ეკლესიაში ვინმეს თანხმობის გარეშე, ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას და ფულს ასესხებენ. რა არის ამის გაკეთების მიზანი? თავაზიანად რომ ვთქვათ, ეს არის ღვთის სახლისთვის პროცენტის გამომუშავება, ღვთის სახლზე ზრუნვა; მაგრამ რეალურად, ეს ადამიანები ეგოისტურ განზრახვას ატარებენ. მათ უნდათ, რომ ფული ისე გაასესხონ, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს და შემდეგ, საბოლოო ჯამში, ძირითადი თანხა ღვთის სახლს დაუბრუნონ, პროცენტი კი თავისთვის დაიტოვონ. განა ეს მოღალატეობრივი განზრახვა არ არის? ამას შესაწირის გასესხება ჰქვია. შეიძლება თუ არა, რომ შესაწირის გასესხება მის სათანადო გამოყენებად ჩაითვალოს? (არა, არ შეიძლება.) სხვები ამბობენ: „ღმერთს უყვარს კაცობრიობა, ღვთის სახლი თბილია. ზოგჯერ, როდესაც ჩვენს დებსა და ძმებს ფული აკლიათ, ნუთუ არ შეგვიძლია ღვთის შესაწირი ვასესხოთ?“ შემდეგ, რამდენიმე ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ზოგიერთი ანტიქრისტე მიმართავს დებსა და ძმებს, აქეზებს მათ და ამბობს: „ღმერთს უყვარს კაცობრიობა, ღმერთი სიცოცხლეს აძლევს, ყველაფერს აძლევს ადამიანს, ასე რომ, ფულის გასესხება დიდი არაფერი იქნება, არა? განა ღვთის განზრახვა არ არის, რომ ფული ვასესხოთ ჩვენს დებსა და ძმებს, რათა მათ გადაუდებელი საჭიროების პერიოდი გადალახონ და დავეხმაროთ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში? თუ ღმერთს უყვარს კაცობრიობა, როგორ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი არ უყვარდეთ? აბა, ვასესხოთ მათ ფული!“ უმეცართა დიდი უმრავლესობა, ამის მოსმენისას, ამბობს: „რა თქმა უნდა, თუ ასე ამბობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფული ყველას ეკუთვნის, ამიტომ მოდით, ეს ისე განვიხილოთ, თითქოს ყველანი ვეხმარებით ვიღაცას.“ და ამგვარად, მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი მაღალფარდოვან იდეებს აფრქვევს, ხოლო მლიქვნელთა ბრბო ეპირფერება, საბოლოო ჯამში, ფული იკარგება. მაშ, ნუთუ ძალა აქვს იმას, რასაც ამბობ, რომ „ეს ფული ღმერთს შეეწირა“? თუ ასე ითვლება, მაშინ ეს ფული უკვე ღმერთს ეკუთვნის და ახლა წმინდად არის გამოყოფილი, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ იმ პრინციპების შესაბამისად იქნება მართებული, რომლებიც ღმერთმა დაადგინა. ხოლო თუ ის არ ითვლება, თუ ფული, რომელსაც სწირავ, არ ითვლება, მაშინ რა სახის ქმედებაა შენი მხრიდან ამ შესაწირის გაღება? განა ეს უბრალოდ თამაშია? თამაშობ ღმერთთან და ატყუებ მას? მას შემდეგ, რაც სამსხვერპლოზე დადებ იმ ნივთებს, რომელთა შეწირვაც გსურს, გული გწყდება, რადგან ეს ნივთები იქ არის განთავსებული, მაგრამ ღმერთი არ იყენებს მათ და ისე ჩანს, თითქოს საბოლოოდ არც სჭირდება ისინი. ამიტომ, როდესაც მათი გამოყენება გჭირდება, იღებ და შენთვის იყენებ. ან იქნებ ზედმეტად ბევრი შესწირე და მერე რომ ინანე, მისი ნაწილი უკან წაიღე. ან იქნებ კარგად არ აზროვნებდი, როდესაც შესაწირი გაიღე და ახლა, როდესაც მისი საჭიროება აღმოაჩინე, უკან იღებ. როგორია ამ ქცევის ბუნება? ფული და ნივთები: როგორც კი ადამიანი მათ ღმერთს შესწირავს, ეს საკურთხეველზე მიძღვნის ტოლფასია; და რა არის ის, რაც საკურთხეველზეა მიტანილი? ისინი შესაწირია. თუნდაც იყოს მხოლოდ ერთი ქვა, ან ერთი მარცვალი ქვიშა, ორთქლზე მოხარშული ფუნთუშა ან ერთი ჭიქა წყალი, სანამ მას საკურთხეველზე დადებ, ეს საგანი ღმერთს ეკუთვნის და არა ადამიანს და არცერთ ადამიანს აღარ აქვს უფლება, რომ მას შეეხოს. მიუხედავად იმისა, ხარბად ესწრაფვი მას თუ არა ან ფიქრობ თუ არა, რომ მისი გამოყენების კანონიერი უფლება გაქვს, არცერთ ადამიანს აღარ აქვს ამის უფლება. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „განა ღმერთს არ უყვარს კაცობრიობა? მერე რა, თუ კაცობრიობასაც გაუზიარებს? ახლა შენ არ ხარ მწყურვალი და წყალი არ გჭირდება, მაგრამ მე მწყურია, მაშ, რატომ არ შემიძლია, რომ წყალი დავლიო?“ მაგრამ, მერე შენ უნდა ნახო, თანახმაა თუ არა ღმერთი. თუ ღმერთი თანახმაა, ეს ამტკიცებს, რომ მან მოგცა უფლება და რომ გაქვს მისი გამოყენების უფლება; მაგრამ თუ ღმერთი თანახმა არ არის, მაშინ შენ არ გაქვს მისი გამოყენების უფლება. იმ სიტუაციაში, როდესაც არ გაქვს უფლება, როდესაც ღმერთმა არ მოგცა უფლება, ღვთის კუთვნილი რაიმეს გამოყენება უდიდესი ტაბუს დარღვევა იქნებოდა, რაც ღმერთს ყველაზე მეტად ეზიზღება. ხალხი სულ ამბობს, რომ ღმერთი არ ითმენს ადამიანის მხრიდან შეურაცხყოფას, მაგრამ მათ არასოდეს ესმოდათ, როგორია რეალურად ღვთის ხასიათი ან მათი გაკეთებული საქმეებიდან რომელი შეურაცხყოფს ყველაზე მეტად მის ხასიათს. ღვთის შესაწირის საკითხში ბევრი მუდმივად ფიქრობს მათზე და ცდილობს, საკუთარი ნებისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს ისინი, დაეუფლოს მათ ან თუნდაც გაფლანგოს; მაგრამ მე გეუბნები, დამთავრებული ხარ, სიკვდილს იმსახურებ! ასეთია ღვთის ხასიათი. ღმერთი არავის აძლევს უფლებას, შეეხოს მის საკუთრებას; ასეთია მისი ღირსება. არსებობს მხოლოდ ერთი სიტუაცია, როდესაც ადამიანებს ღმერთისგან ეძლევათ მათი გამოყენების უფლება და ეს მათი სათანადო გამოყენებაა ეკლესიის რეგულაციებისა და მათი გამოყენების მარეგულირებელი პრინციპების შესაბამისად. ამ საზღვრებში დარჩენა მისაღებია ღვთისთვის, მაგრამ საზღვრების გადაკვეთა ღვთის ხასიათის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ადმინისტრაციული განკარგულებების დარღვევა იქნება. ეს იმდენად მკაცრია, რომ არ ტოვებს მოლაპარაკების ადგილს და არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა. ამიტომ, ისინი, ვინც ისეთ ქმედებებს სჩადიან, როგორიცაა შესაწირის გაფლანგვა, არამიზნობრივად გამოყენება ან გასესხება, ღვთის თვალში ანტიქრისტეებად არიან შერაცხულნი. რატომ ეპყრობიან მათ ასეთი სიმკაცრით ისე, რომ ანტიქრისტეებად არიან შერაცხულნი? თუ ის, ვისაც ღვთის სწამს, იმდენად შორს წავა, რომ გაბედავს და შეეხება, გამოიყენებს ან საკუთარი ნებისამებრ გაფლანგავს იმ საგნებს, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის და წმიდად არის გამოყოფილი, მაშინ როგორი ადამიანია ის? ასეთი ადამიანი ღვთის მტერია. მხოლოდ ღვთის მტრებს ექნებათ ასეთი დამოკიდებულება მის საკუთრებასთან დაკავშირებით; არცერთი ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანი არ გააკეთებს ამას, არც რომელიმე ცხოველი იზამს, მხოლოდ ღვთის მტრები, სატანა და დიდი წითელი დრაკონი ჩაიდენენ მსგავს რაღაცას. ზედმეტად მკაცრად ნათქვამია ეს? არა, ეს ფაქტია და სრულიად ზუსტი. როგორ შეუძლია სატანის მოდგმას, რომ შეეხოს იმ ნივთებს, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის? ასეთია ღვთის ღირსება!
4. შესაწირის თაღლითურად გამოყენება
არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა საბაბით სთხოვენ ღვთის ოჯახს ფულსა და ნივთებს და ამბობენ: „ჩვენს ეკლესიას სკამი აკლია, ამიტომ ერთი გვიყიდეთ. ჩვენს ეკლესიაში ზოგიერთ დას და ძმას კომპიუტერი არ აქვს მოვალეობების შესასრულებლად, ამიტომ მაკი გვიყიდეთ. ჩვენ ხშირად ვუკავშირდებით ადამიანებს მუშაობის პროცესში და არ გამოვა ტელეფონი რომ არ გვქონდეს, ასე რომ, აიფონი გვიყიდეთ. მაგრამ ერთი არ კმარა, ასე ძალიან მოუხერხებელი იქნება, რადგან ზოგჯერ სხვადასხვა ადამიანთან გვიწევს დაკავშირება. თანაც, ერთი სატელეფონო ხაზი ადვილად ექვემდებარება მოსმენას, ამგვარად, საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუ რამდენიმე ხაზი გვექნება.“ და ასე, ამ ადამიანებიდან ზოგს ოთხი-ხუთი მობილური ტელეფონი აქვს თან და ერთდროულად ორ-სამ ლეპტოპს დაატარებს; მათ ძალიან შთამბეჭდავი გარეგნობა აქვთ, მაგრამ მუშაობის ცუდი შედეგები აქვთ. როგორ იშოვეს ეს ყველაფერი? მათ ეს ყველაფერი თაღლითურად მოიპოვეს. წარსულში საუბარი გვქონდა ერთ სულელ ქალზე, რომელიც ტიპური ანტიქრისტე იყო. როდესაც ღვთის სახლი ეკლესიის შენობას არემონტებდა, იგი ერთ მამაკაცთან გაერთიანდა, რათა ეკლესიის ფული თაღლითურად გამოეყენებინათ, რამაც ღვთის სახლს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. როდესაც ამ მამაკაცმა რემონტი განახორციელა, მან თანხის ნაწილი შუა გზიდან აიღო, ზუსტად ისე, როგორც არამორწმუნე მენარდე გააკეთებდა, ყველაფერში ძვირადღირებულ ნივთებს ყიდულობდა და დამატებით ბევრ ფულს ხარჯავდა. როდესაც ზოგიერთმა ადამიანმა შენიშნა, რომ რაღაც არასწორი იყო, ეს სულელი ქალი დაეხმარა მას ამის დაფარვასა და დამალვაში და მათ ერთად თაღლითურად გამოსძალეს ღვთის სახლს ფული. საბოლოოდ, დაიჭირეს და ორივე გარიცხეს. ამით მათ თავად უხმეს საკუთარ განადგურებას და ცხოვრება დაინგრეს. რამე სარგებელი მოუტანა მათ ქვითინმა? რაკი საბოლოოდ ასე დასრულდა, რატომ მოიქცნენ თავიდანვე ასე? როგორ მოხდა, რომ ის სულელი ქალი კარგად არ დაფიქრდა, როცა შესაწირს თაღლითურად იყენებდა? გადამეტებული იყო, რომ ღვთის სახლმა იგი გარიცხა და ფულის დაბრუნება აიძულა? (არა, არ იყო.) ეს მას ეკუთვნოდა! ასეთი ადამიანი თანაგრძნობას არ იმსახურებს. მათ მიმართ მოწყალების გამოჩენა არ შეიძლება. შემდეგ არის ის ქალი წინამძღოლი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. მან ფარულად აიღო ეკლესიის ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი და არამორწმუნეს ასესხა. მოგვიანებით მასაც მიხედეს. შესაძლოა, ზოგმა გულში იფიქროს: „განა მხოლოდ ცოტა ფული არ ასესხა? დაე, დააბრუნოს და საქმე დასრულდეს. რატომ უნდა მოიცილონ? ეს ხომ ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი ადამიანი თვალის დახამხამებაში არამორწმუნე გახდება და საარსებოდ სამუშაოდ წასვლა მოუწევს. რა საბრალოა!“ რატომ არ ამბობ, რომ ის საძულველია? რატომ არ უყურებ იმას, რაც მან ჩაიდინა? რაც ჩაიდინა, საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გეზიზღებოდეს, შენ კი აქ მის მიმართ სიბრალულს იჩენ! ისინი, ვინც მის მიმართ სიბრალულს იჩენენ — როგორი ადამიანები არიან? ყველანი უგუნურნი და ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც განურჩევლად ყველას მიმართ სიკეთეს იჩენენ.
5. შესაწირის მოპარვა
არსებობს ანტიქრისტეების მიერ ეკლესიის ფინანსების კონტროლის ერთი საბოლოო გამოვლინება და ეს არის შესაწირის მოპარვა. ზოგი უგუნური ადამიანი, როცა შესაწირს გაიღებს, ხელმძღვანელობს პრინციპით— „მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა“ — და შემდეგ შესაწირად განკუთვნილ თანხას ისეთი ადამიანის ხელში გადასცემს, ვის სანდოობაშიც თავადაც კი არ არის დარწმუნებული. ისინი ამბობენ: „ამჯერად ჩემი გაღებული შესაწირი საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ სხვას ნუ აცნობებთ ამის შესახებ და საბუღალტრო წიგნში ნუ ჩაწერთ. მე ამას ღვთის წინაშე ვაკეთებ და არა სხვა ადამიანების წინაშე. მთავარია, ღმერთმა იცოდეს ამის შესახებ, ესეც საკმარისია. თუ დებსა და ძმებს ვაცნობებთ, ალბათ თაყვანს მცემენ. ამიტომ ამას ფარულად ვაკეთებ, რათა მათ ჩემზე გადამეტებული წარმოდგენა არ შეექმნათ. ამის გაკეთების შემდეგ თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ და ფიქრობენ: „ჩემი შესაწირი პრინციპულად, შეუმჩნევლად და აუღელვებლად გავიღე, სადმე ჩაუწერელად და დებისა და ძმებისთვის შეუტყობინებლად.“ მაგრამ საქმის კეთების ამ უგუნურმა წესმა ხარბ ადამიანებს საშუალება მისცა, რომ ამით ისარგებლონ. როგორც კი შესაწირს გაიღებენ, ანტიქრისტე, ვისაც ის გადაეცა, მიდის და ბანკში შეაქვს, თითქოს თავისი იყოს. და ისინი შესაწირის გამცემსაც კი ეტყვიან: „შემდეგ ჯერზე, როცა შესაწირს გაიღებ, აუცილებლად ასე უნდა მოიქცე. ასე მოქცევა სწორია და პრინციპების შესაბამისია; შესაწირის გაღებისას ადამიანი შეუმჩნეველი უნდა დარჩეს. ღვთის სახლმა თქვა, რომ ადამიანებს შესაწირის გაღებისკენ არ მოუწოდონ. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანებისგან მოითხოვს შეუმჩნეველად ყოფნას, რომ შესაწირის გაღების შემდეგაც კი არ ისაუბრონ მასზე, არც გაცემული თანხის ოდენობა გაამჟღავნონ და მით უმეტეს, არც ის თქვან, ვისთვის გასცეს.“ შეუძლია ადამიანს, რომელმაც ეს შესაწირი გაიღო, ადამიანებში ჩაწვდომა? რატომ გადადგამდნენ ასეთ უგუნურ ნაბიჯს? წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად უკეთური და ცბიერი შეიძლება იყოს ადამიანის გული, მთელ ამ რწმენას ამ ადამიანს უძღვნიან და საბოლოოდ ის მათ ფულს იპარავს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ ანტიქრისტეს მისცა შესაძლებლობა, რომ ფული მოეპარა. მაგრამ არსებობს თუ არა შემთხვევა, როდესაც ანტიქრისტეს შესაძლებლობის მიცემის გარეშეც შეუძლია ფულის მოპარვა? არის თუ არა შემთხვევები, როდესაც ვიღაც, აღრიცხვის წარმოებისას, განზრახ ჩაწერს არასწორ თანხას ან უფრო მცირე თანხას და ფარულად იღებს ფულს, ცოტ-ცოტად, მაშინ, როცა ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ? ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია. ასეთი ადამიანები სიმდიდრეზე დახარბებულნი არიან, დაბალი და ბოროტგანზრახული ზნეობა აქვთ და ყველაფრის ჩადენა შეუძლიათ, სანამ შესაძლებლობა აქვთ. არსებობს გამოთქმა: „ იღბალი მზადმყოფს სწყალობს.” ადამიანები, რომლებსაც სიხარბე არ აქვთ, ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ხარბი ადამიანები ყოველთვის ამჩნევენ. მათი გონება მუდმივად დაკავებულია გეგმების ხლართვით და ფულთან დაკავშირებით ისეთი შესაძლებლობების ძიებით, რომლებითაც ისარგებლებენ; ფიქრობენ, როგორ ისარგებლონ ვითარებით და ფული მალულად დახარჯონ.
იყო ერთი სულელი ქალი. ერთხელ, როცა მასთან ვსაუბრობდი, ვახსენე, რომ ეკლესიას რამდენიმე წიგნის დაბეჭდვა სურდა, და ვკითხე, იცოდა თუ არა რამე ბეჭდვის საქმეში. პასუხად მან მთელი რიგი თეორიები მოაყოლა და მაშინვე დასძინა: „როგორც წესი, სტამბები წიგნების დაბეჭდვისას საკომისიოს იძლევიან. თუ ამ საქმის გასაკეთებლად არამორწმუნეს დავიქირავებთ, იქ, რა თქმა უნდა, უთუოდ იქნება ბევრი საეჭვო გარიგება და ისინი თავისთვის, ფარულად, აუცილებლად ნახავენ საკმაოდ დიდ მოგებას.“ ლაპარაკისას სახე სიხარულით გაუბრწყინდა. თვალები აუციმციმდა, წარბები შუბლს ზემოთ აეწკიპა, ლოყები შეუფაკლდა, სიხარულისგან და აღტაცებისგან აინთო. ჩემთვის ვიფიქრე: „თუ ამ ბეჭდვის საქმეს თავს გაართმევ, მაშინ იკისრე ის, და რაც იცი ამის შესახებ, იმდენივე მითხარი. ასე რამ გაგახარა?“ მაგრამ როგორც კი ამაზე ფიქრი დავიწყე, მივხვდი: აქ სარგებლის მიღების შესაძლებლობა არსებობდა. მას სულაც არ აინტერესებდა, როგორ უნდა დაბეჭდილიყო წიგნები, რომელი წიგნები უნდა დაბეჭდილიყო, როგორი ხარისხის იქნებოდა ისინი ან როგორ უნდა მოეძებნა სტამბა — მისთვის მთავარი თავისი წილის აღება იყო. ჯერ არაფერი იყო გაკეთებული და ის უკვე პროცენტის აღებაზე საუბრობდა. ვიფიქრე: „ალბათ სიღატაკემ ჭკუიდან შეგშალა. როგორ უნდა გქონოდა იმის იმედი, რომ ღვთის სახლისთვის წიგნების ბეჭდვიდან პროცენტს მიიღებდი? წიგნების დარიგებისას ღვთის სახლი ერთ თეთრსაც არ შოულობს, ყველაფერი უფასოდ გაიცემა და შენ წილის წამოღება გინდა?“ განა ეს ქალი სიკვდილს არ ეძებდა? სანამ ღვთის სახლი დაეთანხმებოდა, რომ ეს საქმე აეღო, მაშინაც კი, როცა უბრალოდ ინფორმაციას ვიძიებდი, ის უკვე წილის გამოყოფაზე ლაპარაკობდა. ეს საქმე რომ მართლაც მისთვის მიენდოთ, ის მხოლოდ პროცენტის აღებით არ დაკმაყოფილდებოდა და, შესაძლოა, მთელი ფული გაეტანა — რამდენსაც ხელში ჩაუგდებდი, იმდენს მოგატყუებდა, იმდენს მოიპარავდა. ხომ არ ვაჭარბებ? ეს სულელი ქალი ნამდვილად გამორჩეული ტიპი იყო, არა? ჩემი აზრით, ის ყაჩაღი და განგსტერი იყო, რომელიც ყველაფერს იკადრებდა, ოღონდ კი რამე ფული ჩაეგდო ხელში. მოდით, ამჯერად გვერდზე გავდოთ კითხვა, თანახმაა თუ არა ამაზე ღმერთი, და უბრალოდ დებსა და ძმებს ვკითხოთ, ასრულებს თუ არა ის ამ საქმეს კეთილსინდისიერად, შეუძლიათ თუ არა მათ მისი ქმედების წესის მიღება და შეუძლია თუ არა ღვთის რჩეულ ხალხს მისი პატიება.
კიდევ არიან ისეთები, რომელთა ხსენებაც კი ზიზღისმომგვრელია. როდესაც ისინი ღვთის სახლისთვის რაიმე საქმეს იღებენ, არამორწმუნეებს ეკვრებიან ფასის გასაზრდელად, რის გამოც ღვთის სახლი ზედმეტ თანხას იხდის და ზარალს განიცდის. თუ ეტყვი, რომ ამას არ ყიდულობ ან მათ წინადადებას არ დათანხმდები, ისინი გაღიზიანდებიან და ყველაფერს ეცდებიან, რომ დაგარწმუნონ ან გადაგათქმევინონ და ეკლესიიდან ფული მიიღონ. როცა ფული არამორწმუნეებს გადაეცემათ, ისინი სარგებელს ნახავენ და მათი რეპუტაციაც გაიზრდება, ისინი ამით ისე ხარობენ, თითქოს ლატარიაში მოიგეს. ეს არის გარეშე პირთა მხარეზე დგომა, შესაწირის გაფლანგვა და ის, რომ არასდროს ცდილობენ ღვთის სახლისთვის თუნდაც უმცირესი სარგებლის მოპოვებას. რატომ გაათავისუფლეს ის სულელი ქალები, რომლებიც წიგნების ბეჭდვას უძღვებოდნენ? იმიტომ, რომ ღვთის სახლს ზარალი მიაყენეს და უგუნურად იმოქმედეს. როდესაც არამორწმუნეებთან მოლაპარაკებას მართავდნენ, ფასს ისე სწევდნენ ქვემოთ, რამდენადაც შეეძლოთ — იქამდე, რომ ის თვითღირებულებაზე დაბალიც კი ხდებოდა; იმ დონემდე, რომ ეს უკვე ზიზღისმომგვრელი იყო და არამორწმუნეებს აღარ უნდოდათ მათთან საქმის დაჭერა. საბოლოოდ არამორწმუნეები უხალისოდ დათანხმდნენ, მაგრამ ხარისხი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მითხარით, მოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარი ზარალის ხარჯზე, ნებაყოფლობით დაიჭერს ვინმესთან საქმეს? ამ ქვეყნის ადამიანებს გადარჩენა სჭირდებათ და ბიზნესის წარმოებისას, წარმოების თვითღირებულების გარდა, საკმარისი ფული უნდა მოიპოვონ საარსებო ხარჯებისა და შრომის ხარჯების დასაფარად. ამ ქალებმა არამორწმუნეებს ფულის შოვნის საშუალება არ მისცეს, ფასზე უსაფუძვლოდ ვაჭრობდნენ და რამდენადაც შეეძლოთ იმდენად აკლებინებდნენ და ამასობაში ფიქრობდნენ, რომ ღვთის სახლისთვის ფულს ზოგავდნენ, და როგორ დასრულდა ეს? მეორე მხარემ საბოლოოდ სამუშაოს ხარისხსა და აკინძვაზე დაზოგა. თუ ამ დანაკლისს არ აინაზღაურებდნენ, განა ზარალს არ განიცდიდნენ? თუ ზარალს განიცდიდნენ, შეასრულებდნენ ამ საქმეს? შეეძლოთ კი მათ იმის უფლება მიეცათ, რომ ამ ქალებს გარიგებით ეხეირათ? არა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. თუკი ისინი იმ ქალებს მისცემდნენ უფლებას, რომ გარიგებით ეხეირათ, მაშინ მათ ბიზნესი კი არ ექნებოდათ, არამედ ქველმოქმედებით იქნებოდნენ დაკავებულნი. ამ სულელმა ქალებმა ვერ დაინახეს ეს, ღვთის სახლის საქმე ამგვარად აწარმოეს და ყველაფერი სრულიად აურიეს. საბოლოოდ, მაინც ბევრ საბაბს ეძებდნენ და ამბობდნენ: „ღვთის სახლზე ვფიქრობდი. ღვთის სახლისთვის ვზოგავდი ფულს. დაზოგილი თეთრი — ნაშოვნი თეთრია, ხოლო ორი დაზოგილი თეთრი — მოპოვებული ფულია!“ ისინი სისულელეს ბოდავდნენ! იცოდნენ კი, რა არის დარგობრივი წესები? იცოდნენ კი, რას ნიშნავს დამკვიდრებული პრაქტიკა და გონივრულობა? მაშ, რა იყო საბოლოო შედეგი? ზოგიერთი წიგნი ძალიან უხარისხო იყო: რამდენიმე გადაფურცვლის შემდეგ გვერდები სძვრებოდა და მთელი წიგნი იშლებოდა, რის გამოც წაკითხვა შეუძლებელი ხდებოდა, ამიტომ სხვა გზა აღარ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ყველაფერი თავიდან დაბეჭდილიყო. ფულის დაზოგვა გამოვიდა თუ მეტი დაიხარჯა? (მეტი ფული დაიხარჯა.) ეს იყო მარცხი, რომელიც იმ სულელმა ქალებმა გამოიწვიეს.
ის ფაქტი, რომ ანტიქრისტეების მიდგომა შესაწირის მიმართ სრულიად მოკლებულია პრინციპულობასა და ადამიანობას, მათი უკეთური და სასტიკი ხასიათის აშკარა მტკიცებულებაა. იმის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, თუ როგორ ეპყრობიან ისინი შესაწირს და ყველაფერს, რაც ღმერთს ეკუთვნის, ანტიქრისტეს ხასიათი ჭეშმარიტად უპირისპირდება ღმერთს. ისინი უდიდესი გულგრილობით ეპყრობიან ღვთის კუთვნილ შესაწირს, თამაშობენ ამით და ისე ეპყრობიან მათ, როგორც მოესურვებათ, არანაირ პატივისცემას არ ამჟღავნებენ და მოკლებულნი არიან ყოველგვარ საზღვრებს. თუ ისინი ასეთები არიან იმ ნივთების მიმართ, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის, როგორ ეპყრობიან თავად ღმერთს? ან მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს? პასუხი თავისთავად ცხადია. ეს არის ანტიქრისტეს ბუნება-არსება, ანტიქრისტეს არსი, რომელშიც დომინირებს უკეთურება და სისასტიკე; ეს ჭეშმარიტად ანტიქრისტეა. კარგად დაიმახსოვრეთ: როდესაც საქმე ეხება ვინმეს, ვისაც აქვს უნარი, გაფლანგოს, არამიზნობრივად გამოიყენოს, გაასესხოს, თაღლითურად გამოიყენოს ან მოიპაროს შესაწირი, არ არის საჭირო სხვა გამოვლინებაზე დაკვირვება. საკმარისია ამ კატეგორიებიდან ერთ-ერთიც არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი ანტიქრისტედ დახასიათდეს. თქვენ არ გჭირდებათ გამოძიება, შესწავლა და მით უმეტეს მათი გამოკვლევა იმის დასადგენად, არიან თუ არა ისინი ასეთი ტიპის ადამიანები და შეძლებენ თუ არა მომავალში მსგავსი რაღაცების კეთებას. საკმარისია, ისინი თუნდაც ერთ-ერთ ამ კატეგორიას აკმაყოფილებდნენ და ეს მათ გაწირავს იმისთვის, რომ იყვნენ ანტიქრისტეები, იყვნენ ღვთის მტრები. აბა, ყველამ შეხედეთ: იქნება ეს წინამძღოლი, რომელიც უკვე აირჩიეთ, თუ წინამძღოლი, რომლის არჩევაც გადაწყვიტეთ, ანდა ვინმე იმ ადამიანთაგანი, რომელსაც ძალიან კარგად მიიჩნევთ — ვინც კი ამგვარ ქცევას ან ამგვარ მიდრეკილებას გამოავლენს, ვეღარ გაექცევა იმას, რომ ანტიქრისტე იყოს.
ისწავლეთ რაიმე გაკვეთილი იმისგან, რაზეც დღეს თანაზიარება გვქონდა? მოიპოვეთ ჭეშმარიტების გაგება? თქვენ არ შეგიძლიათ ამაზე მკაფიოდ საუბარი, ამიტომ მე გეტყვით, თუ რა სახის გაკვეთილი უნდა ისწავლოთ. არანაირი გეგმები არ უნდა ხლართო იმ ნივთებთან დაკავშირებით, რასაც ადამიანები ღმერთს შესწირავენ. რაც არ უნდა იყოს ეს საგნები, ღირებულია ისინი თუ არა, გჭირდება თუ არა ისინი, ძვირფასია თუ არა — მათთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ უნდა ხლართო. წადი და გამოიმუშავე ფული, თუკი ამის უნარი გაქვს — იშოვე იმდენი, რამდენიც გინდა, ამაში ხელს არავინ შეგიშლის, მაგრამ აბსოლუტურად აკრძალულია ღვთის შესაწირზე რაიმე გეგმების ხლართვა. ეს სიფხიზლე უნდა გქონდეთ; ეს გონივრულობა უნდა გქონდეთ. ზემოთხსენებული ერთი გაკვეთილია. მეორე გაკვეთილი ისაა, რომ ყველა, ვინც შესაწირს ფლანგავს, არამიზნობრივად იყენებს, ასესხებს, თაღლითურად იყენებს და იპარავს, იუდასგვარად უნდა მივიჩნიოთ. ადამიანებმა, რომლებმაც ამგვარი ქმედებები და პრაქტიკა განახორციელეს, უკვე შეურაცხყვეს ღვთის ხასიათი და ღმერთი მათ არ გადაარჩენს. შენ არ უნდა გქონდეს რაიმე ზედმეტი იმედი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ასე წარმოვთქვი და ღმერთი ამ ყველაფერს აღასრულებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და განხილვას აღარ ექვემდებარება. ზოგიერთი იტყვის: „ჩემს არამიზნობრივად გამოყენებას კონტექსტი ჰქონდა: ახალგაზრდა და უგუნური ვიყავი, როდესაც ეს ფული დაუდევრად დავხარჯე, მაგრამ ღვთის სახლისთვის ბევრი ფული არ მომიპარავს, სულ რაღაც 20-დან 30-მდე, ან 30 თუ 50 იუანი მოვიპარე“. მაგრამ საქმე თანხის ოდენობას არ ეხება; პრობლემა ისაა, რომ როდესაც ამას აკეთებ, შენი მოქმედების ობიექტი ღმერთია. შენ შეეხე ღვთის კუთვნილ ნივთებს და ამის გაკეთება მიუღებელია. ღვთის კუთვნილი ნივთები არ არის საერთო ქონება, ისინი ყველას არ ეკუთვნის, არ ეკუთვნის ეკლესიას, არ ეკუთვნის ღვთის სახლს: ისინი ღმერთს ეკუთვნის და შენ ერთმანეთში არ უნდა აგერიოს ეს ცნებები. ღმერთი ასე არ ფიქრობს და არც ის უთქვამს შენთვის, რომ „ჩემი ნივთები და შესაწირი ეკლესიას ეკუთვნის და ისინი ეკლესიამ უნდა განკარგოს“, მით უმეტეს არ უთქვამს, რომ „ჩემი ყველა შესაწირი ეკლესიას, ღვთის სახლს ეკუთვნის და დებისა და ძმების განკარგულებაშია, და რომ ვინც მათ გამოყენებას ისურვებს, უბრალოდ ამის შესახებ უნდა განაცხადოს.“ ღმერთს მსგავსი არაფერი უთქვამს, მას ეს არასდროს უთქვამს. მაშ, რა თქვა ღმერთმა? ის, რაც ღმერთს ეძღვნება, ღმერთს ეკუთვნის და როგორც კი ეს ნივთი საკურთხეველზე იქნება წარმოდგენილი, ის ერთხელ და სამუდამოდ ღმერთს მიეკუთვნება და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება ან ძალაუფლება, რომ ის უნებართვოდ გამოიყენოს. შესაწირთან დაკავშირებით გეგმების ხლართვა, მათი არამიზნობრივად გამოყენება, თაღლითურად გამოყენება, მოპარვა, გასესხება და გაფლანგვა — ყველა ეს ქმედება დაგმობილია, როგორც შეურაცხყოფა ღვთის ხასიათის წინააღმდეგ, როგორც ანტიქრისტეების ქმედებები, და ისინი უთანაბრდება სულიწმიდის გმობის ცოდვას, რასაც ღმერთი არასდროს გაპატიებს. ასეთია ღვთის ღირსება და ადამიანებმა ეს არასათანადოდ არ უნდა შეაფასონ. როდესაც სხვებს ძარცვავ ან იპარავ, კანონმა შესაძლოა ერთი-ორი წლით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა მოგისაჯოს და როგორც კი სამიდან ხუთ წლამდე მოიხდი სასჯელს, რაიმე დანაშაული აღარ დაგედება ბრალად. მაგრამ როდესაც იღებ და იყენებ ღვთის კუთვნილ ნივთებს, ღვთის შესაწირს, ეს არის ცოდვა, რომელიც ღვთის თვალში სამარადისოა — ცოდვა, რომელიც არ მიეტევება. მე წარმოვთქვი ეს სიტყვები შენთვის და ვინც მათ წინააღმდეგ წავა, შედეგებს მოიმკის. როდესაც დრო მოვა, უკეთესი იქნება, თუ არ იწუწუნებ, რომ არ გამაფრთხილეო. დღეს აქ ნათლად გამოვთქვი ჩემი სიტყვები შენთვის, ლურსმნებივით მივაჭედე დაფაზე და სწორედ რომ აღსრულდება. შენზეა დამოკიდებული, გჯერა თუ არა ამისა. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეშინიათ. აბა, თუ არ გეშინია, დაელოდე და ნახე, როგორ განვითარდება მოვლენები. ნუ მოიცდი იქამდე, სანამ დაისაჯები, რადგან მაშინ უკვე გვიანი იქნება ტირილი, კბილთა ღრჭენა და მკერდში მჯიღის ცემა.
2020 წლის 24 ოქტომბერი