ხორცშესხმული ღვთის არსი

ღვთის პირველმა ხორცშესხმამ დედამიწაზე ოცდაცამეტ-ნახევარი წელი დაჰყო, თავის მსახურებას კი ამ წლებიდან მხოლოდ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში ასრულებდა. სამუშაოს შესრულებისას, ისევე როგორც მსახურების დაწყებამდე, ის ფლობდა ნორმალურ ადამიანურ ბუნებას. მთელი ოცდაცამეტ-ნახევარი წლის მანძილზე იგი ამ ჩვეულებრივ ადამიანურობაში მკვიდრობდა. მთელი ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მან განაცხადა თავისი თავი, როგორც ხორცშესხმულმა ღმერთმა. სანამ თავის მსახურებას დაიწყებდა, იგი ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანის სახით ვლინდებოდა და მის ღვთიურობაზე არაფერი მიანიშნებდა; მხოლოდ მას შემდეგ გაცხადდა მისი ღვთიური ბუნება, რაც ოფიციალურად შეუდგა თავის მსახურებას. იმ პირველი ოცდაცხრა წლის განმავლობაში მისმა ცხოვრებამ და შრომამ დაამტკიცა, რომ ის იყო ნამდვილი ადამიანი, ძე კაცისა და ხორციელი არსება, რადგან მისმა მსახურებამ ჭეშმარიტი სახე მხოლოდ ოცდაცხრა წლის ასაკის შემდეგ მიიღო. „ხორცშესხმა“ ნიშნავს ღმერთის გამოჩინებას ხორციელად; ღმერთი საქმეს ასრულებს შექმნილ კაცობრიობას შორის ხორციელი ხატებით. ამრიგად, რადგან ის ღვთის განკაცებაა, ის პირველ რიგში ხორცი უნდა იყოს, ხორცი ნორმალური ადამიანობით. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური წინაპირობა. სინამდვილეში, ღვთის ხორცშესხმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ცხოვრობს და საქმეს ასრულებს ხორციელად, რომ ღმერთი თავისივე არსით ისხამს ხორცს, ხდება ადამიანი. მისი ხორცშესხმული ცხოვრება და მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად. პირველი არის ცხოვრება, რომლითაც იგი თავისი მსახურების დაწყებამდე ცხოვრობს. იგი ცხოვრობს ჩვეულებრივ ადამიანურ ოჯახში, სრულიად ნორმალური ადამიანურობით. ემორჩილება ადამიანური ცხოვრების ნორმალურ მორალსა და კანონებს, გააჩნია ნორმალური ადამიანური საჭიროებები (საკვები, ტანსაცმელი, ძილი, თავშესაფარი), ნორმალური ადამიანური სისუსტეები და ემოციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღნიშნულ პირველ ეტაპზე იგი არაღვთიური, სრულიად ნორმალური ადამიანურობით ცხოვრობს და ყოველგვარ ჩვეულებრივ ადამიანურ საქმიანობაშია ჩაბმული. მეორე ეტაპი არის ცხოვრება, რომლითაც იგი თავისი მსახურების დაწყების შემდეგ ცხოვრობს. იგი კვლავაც ჩვეულებრივ ადამიანურობაში რჩება და ნორმალურ ადამიანურ გარეგნობას ინარჩუნებს; მის გარეგნობაში ზებუნებრიობის არავითარი ნიშანი არ ჩანს. თუმცა, ამ დროს იგი მხოლოდ თავისი მსახურების აღსასრულებლად ცხოვრობს. მისი ნორმალური ადამიანურობა ამ პერიოდში სრულად ემსახურება მისი ღვთიურობის საქმის განხორციელებას, რადგან მისი ადამიანური ბუნება უკვე საკმარისად მომწიფდა იმისთვის, რომ მსახურების ტვირთი ზიდოს. ამგვარად, მისი ცხოვრების მეორე ეტაპი ნორმალურ ადამიანურობაში საკუთარი მსახურების შესრულებაა, როდესაც ეს ცხოვრება ერთდროულად არის ნორმალური ადამიანურობაც და სრული ღვთიურობაც. მიზეზი, რის გამოც თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე იგი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანურობით ცხოვრობს, არის ის, რომ მისი ადამიანური ბუნება ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ღვთიური სამუშაოს მთლიანობას და არ არის საკმარისად მომწიფებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ადამიანურობა მომწიფდება და მსახურების ტვირთის ზიდვას შეძლებს, ძალუძს მას შეუდგეს იმ მსახურების შესრულებას, რომელიც უნდა აღასრულოს. რაკი იგი ხორციელია, მისთვის აუცილებელია ზრდის პროცესის გავლა. აქედან გამომდინარე, მისი ცხოვრების პირველი ეტაპი ერისკაცობაა, განპირობებული მისი ადამიანური ბუნებით, ხოლო მეორე ეტაპი ეძღვნება ღვთისმსახურებას, ქადაგებას და ჩვენ ვხედავთ განკაცებული ღმერთის ადამიანური და ღვთიური ბუნების სრულ სინთეზს, ორბუნებოვნებას. თუ იესო შობიდანვე ოფიციალურად დაიწყებდა ღვთისმსახურებას, ზებუნებრივი ძალების გამოვლენასა და სასწაულების მოხდენას, მას არ ექნებოდა არსება ხორციელი და კაცობრიობაც ვერ შეიცნობდა მისი განკაცების არსს. განკაცებული უფლის ადამიანურობა მისი მიწიერი სხეულის განუყოფელ თვისებადაც შეიძლება ჩაითვალოს, მისი კაცობრიობა — მისივე ხორციელი არსისათვის არსებობს, ადამიანობის გარეშე ხორცი ვერ იარსებებს, ხოლო ადამიანი ადამიანობის გარეშე არ არის ადამიანი. ამგვარად, ღვთის ხორცის ადამიანობა ღვთის განკაცებული ხორცის არსებითი თვისებაა. იმის თქმა, რომ „როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, მას მხოლოდ ღვთაებრიობა გააჩნია და არა ადამიანობა“, ღვთისგმობაა, რადგან ეს დებულება უბრალოდ არ არსებობს და განკაცების პრინციპს არღვევს. მსახურების დაწყების შემდგომ, იგი ღვთაებრიობით ცხოვრობს, კაცობრიობის გარეგნულ სამოსელში მოსილი; მისი ადამიანური ბუნება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ღვთაებრიობამ აღასრულოს თავისი საქმე. ამგვარად, შემოქმედი ამ საქმისა არის ღვთაებრიობა, მკვიდრი მის ადამიანურ ბუნებაში. საქმეს ასრულებს მისი ღვთაებრიობა და არა ადამიანობა, თუმცა ეს ღვთაებრიობა მის ადამიანობაშია დაფარული; არსებითად, მისი საქმე სრულდება მისი სრული ღვთაებრიობით და არა მისი ადამიანობით, მაგრამ შემსრულებელი მისი ხორცია. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ადამიანი და ასევე ღმერთი, რადგან ღმერთი ხდება ხორცში მცხოვრები ღმერთი; მას აქვს ადამიანური გარსი და ადამიანური არსი და კიდევ უფრო მეტად — მას აქვს ღვთის არსი. რადგან ის არის ღვთის არსის მქონე ადამიანი, იგი აღემატება ყველა ქმნილ ადამიანს, აღემატება ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც შეუძლია ღვთის საქმის შესრულება. ამგვარად, მათ შორის, ვისაც მის მსგავსად ადამიანური გარსი აქვს ყველას შორის, ვისაც ადამიანობა გააჩნია, მხოლოდ ის არის თავად განკაცებული ღმერთი — ყველა დანარჩენი კი ქმნილი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველას აქვთ ადამიანობა, ქმნილ ადამიანებს არაფერი გააჩნიათ ადამიანობის გარდა, ხოლო განკაცებული ღმერთი განსხვავებულია: თავის ხორცში მას არა მხოლოდ ადამიანობა აქვს, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, აქვს ღვთაებრიობა. მისი ადამიანური ბუნება ხორციელ გარეგნობასა და ყოველდღიურ ყოფაში ვლინდება, ღვთაებრიობის აღქმა კი ძნელია, რამეთუ მისი ღვთაებრიობა მისი ადამიანური ბუნებით გამოიხატება, ანუ შეზღუდულია მიწიერი სხეულის ფორმით და, შესაძლოა, არ არის ისეთი ზებუნებრივი ან სასწაულებრივი, როგორიც მოკვდავთ წარმოუდგენიათ. დღესაც კი, ადამიანებს ძალიან უჭირთ განკაცებული ღვთის ჭეშმარიტი არსის წვდომა. თუმცა ამდენი ვილაპარაკე, ვგონებ, ბევრისთვის ეს მაინც საიდუმლოდ რჩება. სინამდვილეში კი, ყოველივე მარტივია: რაკი ღმერთი განკაცდა, მისი არსი ადამიანობისა და ღვთაებრიობის ერთობლიობაა. ამ ერთობლიობას ეწოდება თავად ღმერთი, თავად ღმერთი დედამიწაზე.

ის ცხოვრება, რომლითაც იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, ნორმალური ხორციელი ცხოვრება იყო. ის თავის ნორმალურ ხორციელ ადამიანობაში ცხოვრობდა. მისი ხელმწიფება — შეესრულებინა თავისი საქმე და ეთქვა თავისი სიტყვა ან განეკურნა ავადმყოფნი და განედევნა დემონები, ეკეთებინა ასეთი არაჩვეულებრივი რამეები — მეტწილად არ გამოვლენილა მანამ, სანამ მან თავისი მსახურება არ დაიწყო. მისი ცხოვრება ოცდაცხრა წლის ასაკამდე, სანამ ის თავის მსახურებას შეასრულებდა, საკმარისი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ის მხოლოდ ნორმალური ხორციელი სხეული იყო. ამის გამო და იმის გამოც, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული თავისი მსახურების შესრულება, ხალხი მასში ვერაფერ ღვთაებრივს ვერ ხედავდა, ვერ ხედავდა მეტს, ვიდრე ნორმალურ ადამიანს, რიგით პიროვნებას — ისევე, როგორც იმ დროს ზოგიერთს ის იოსების ძედ მიაჩნდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ის რიგითი ადამიანის შვილი იყო, მათ არანაირად არ შეეძლოთ იმის თქმა, რომ ის ღვთის განკაცებული ხორცი იყო; მაშინაც კი, როდესაც თავისი მსახურების შესრულებისას მან მრავალი სასწაული მოახდინა, ადამიანთა უმეტესობა მაინც ამბობდა, რომ ის იოსების ძე იყო, რადგან ის იყო ქრისტე ნორმალური ადამიანობის გარეგნული გარსით. მისი ნორმალური ადამიანობა და მისი საქმე ორივე არსებობდა იმისათვის, რომ აღსრულებულიყო პირველი განკაცების მნიშვნელობა, რათა დაემტკიცებინა, რომ ღმერთი სრულად მოვიდა ხორციელად, რომ ის სრულიად რიგითი პიროვნება გახდა. მისი ნორმალური ადამიანობა, სანამ ის თავის საქმეს დაიწყებდა, იყო იმის მტკიცებულება, რომ ის რიგითი ხორცი იყო და ის, რომ მან შემდგომში შეასრულა საქმე, ასევე ამტკიცებდა, რომ ის იყო რიგითი ხორცი, რადგან ის მოავლენდა ნიშნებსა და სასწაულებს, კურნავდა ავადმყოფებს და დევნიდა დემონებს ხორციელ ფორმაში, ნორმალური ადამიანობით. მიზეზი იმისა, თუ რატომ შეეძლო მას სასწაულების მოხდენა, იყო ის, რომ მის ხორცს ჰქონდა ღვთის ხელმწიფება, ეს იყო ხორცი, რომლითაც ღვთის სული იყო შემოსილი. ის ფლობდა ამ ხელმწიფებას ღვთის სულის გამო და ეს არ ნიშნავდა, რომ ის არ იყო ხორციელი. ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა იყო ის საქმე, რომელიც მას თავის მსახურებაში უნდა შეესრულებინა, ეს იყო მისი ღვთაებრიობის გამოხატულება, რომელიც დაფარული იყო მის ადამიანობაში და რა ნიშნებიც არ უნდა ეჩვენებინა ან როგორაც არ უნდა მოეხდინა თავისი ხელმწიფების დემონსტრირება, ის მაინც ცხოვრობდა ნორმალურ ადამიანობაში და მაინც ჩვეულებრივი ხორციელი იყო. ჯვარცმაზე გადაცვალების შემდეგ მის აღდგომამდე ის ნორმალურ ხორცში მკვიდრობდა. მადლის მინიჭება, ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა იყო მისი მსახურების ნაწილი, ეს ყველაფერი იყო საქმე, რომელსაც ის თავის ნორმალურ ხორციელ მდგომარეობაში ასრულებდა. სანამ ჯვარს ეცმებოდა, ის არასოდეს განშორებია თავის ნორმალურ ადამიანურ ხორცს, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებდა. ის თავად ღმერთი იყო, რომელიც ასრულებდა საკუთრივ ღვთის საქმეს, თუმცა რადგანაც ის იყო ღვთის განკაცებული ხორცი, ის ჭამდა საჭმელს და იცვამდა ტანსაცმელს, ჰქონდა ნორმალური ადამიანური მოთხოვნილებები, ჰქონდა ნორმალური ადამიანური გონება და ნორმალური ადამიანური აზროვნება. ეს ყველაფერი იყო მტკიცებულება იმისა, რომ ის ნორმალური პიროვნება იყო, რაც ამტკიცებდა, რომ ღვთის განკაცებული ხორცი იყო, ხორცი ნორმალური ადამიანობით და არა — ზებუნებრივი არსით. მისი დავალება იყო დაესრულებინა ღვთის პირველი განკაცების საქმე, ბოლომდე მიეყვანა ის მსახურება, რომელიც პირველ ხორცშესხმას უნდა შეესრულებინა. განკაცების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი, ნორმალური პიროვნება ასრულებს თავად ღვთის საქმეს; რაც გულისხმობს იმას, რომ ღმერთი ასრულებს თავის ღვთაებრივ საქმეს ადამიანობში და ამით ამარცხებს სატანას. განკაცება ნიშნავს, რომ ღვთის სული ხდება ხორცი, ანუ ღმერთი ხორცს ისხამს; საქმე, რომელსაც ხორცი აკეთებს, არის სულის საქმე, რომელიც ხორციელდება და გამოიხატება ხორციელის მიერ. არავის, გარდა ღვთის ხორცისა, არ ძალუძს შეასრულოს განკაცებული ღვთის მსახურება; ანუ, მხოლოდ ღვთის განკაცებულ ხორცს, ამ ნორმალურ ადამიანობას — და სხვას არავის — შეუძლია გამოხატოს ღვთაებრივი საქმე. პირველად მოსვლისას ღმერთი ოცდაცხრა წლის ასაკამამდე რომ არ ყოფილიყო ნორმალური ადამიანობის მქონე — დაბადებისთანავე რომ შესძლებოდა სასწაულების მოხდენა, ლაპარაკის სწავლისთანავე რომ შესძლებოდა ზეციური ენით საუბარი, მიწაზე ფეხის დადგმისთანავე რომ შესძლებოდა ყველა ამქვეყნიური საკითხის წვდომა, თითოეული ადამიანის ფიქრებისა და განზრახვების გარჩევა — ასეთ პიროვნებას ვერ ვუწოდებდით ნორმალურ ადამიანს და ასეთ ხორცს ვერ ვუწოდებდით ადამიანურ ხორცს. ასე რომ ყოფილიყო ქრისტეს შემთხვევაში, მაშინ ღვთის განკაცების მნიშვნელობა და არსი დაიკარგებოდა. ის ფაქტი, რომ მას აქვს ნორმალური ადამიანობა, ამტკიცებს, რომ ის არის ხორცშესხმული ღმერთი; ის ფაქტი, რომ ის გადის ნორმალური ადამიანური ზრდის პროცესს, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს, რომ ის არის ნორმალური ხორცი; მეტიც, მისი საქმე საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის არის განკაცებული ღვთის სიტყვა, ღვთის სული. ღმერთი ხორცს ისხამს მისი საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმის ეს ეტაპი უნდა შესრულდეს ხორციელად, ის უნდა შესრულდეს ნორმალურ ადამიანობაში. ეს არის წინაპირობა „სიტყვის ხორცშესხმისა“, „ხორციელად სიტყვის გამოჩინებისა“ და ეს არის ღვთის ორი განკაცების ჭეშმარიტი ისტორია. ხალხს შეიძლება სჯეროდეს, რომ იესო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ახდენდა სასწაულებს, რომ მას არ გამოუვლენია ადამიანობის არანაირი ნიშანი მანამ, სანამ დედამიწაზე მისი საქმე არ დასრულდა, რომ მას არ ჰქონდა ნორმალური ადამიანური მოთხოვნილებები, სისუსტეები ან ადამიანური გრძნობები, არ ესაჭიროებოდა ცხოვრების ძირითადი აუცილებლობანი ან არ ჰქონდა ნორმალური ადამიანური ფიქრები. ისინი წარმოიდგენენ, რომ მას მხოლოდ ზეადამიანური გონება და ტრანსცენდენტული ადამიანობა გააჩნდა. მათ სჯერათ, რომ რადგან ის ღმერთია, მას არ უნდა ეფიქრა და ეცხოვრა ისე, როგორც ნორმალურ ადამიანებს, რომ მხოლოდ ნორმალურ ადამიანს, ჭეშმარიტ ადამიანს შეუძლია ნორმალური ადამიანური ფიქრებით აზროვნება და ნორმალური ადამიანური ცხოვრებით ცხოვრება. ყოველივე ეს ადამიანური იდეები და ადამიანური წარმოდგენებია და ეს წარმოდგენები ეწინააღმდეგება ღვთის საქმის თავდაპირველ განზრახვებს. ნორმალური ადამიანური აზროვნება ინარჩუნებს ნორმალურ ადამიანურ გონებასა და ნორმალურ ადამიანობას; ნორმალური ადამიანობა ინარჩუნებს ხორცის ნორმალურ ფუნქციებს; ხოლო ხორცის ნორმალური ფუნქციები უზრუნველყოფს ხორცის ნორმალურ ცხოვრებას მთლიანობაში. მხოლოდ ასეთი ხორციელი საქმით შეუძლია ღმერთს შეასრულოს თავისი განკაცების მიზანი. განკაცებულ ღმერთს რომ ჰქონოდა მხოლოდ ხორცის გარეგნული გარსი, მაგრამ არ ეფიქრა ნორმალური ადამიანური ფიქრებით, მაშინ ამ ხორცს არ ექნებოდა ადამიანური გონება, მით უმეტეს, ჭეშმარიტი ადამიანობა. როგორ შეეძლო ასეთ ხორცს, ადამიანობის გარეშე, აღესრულებინა ის მსახურება, რომელიც განკაცებულ ღმერთს უნდა შეესრულებინა? ნორმალური გონება უნარჩუნებს ადამიანის ცხოვრებას ყველა ასპექტს; ნორმალური გონების გარეშე ადამიანი არ იქნებოდა ადამიანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს ნორმალური ფიქრებით, ფსიქიკურად დაავადებულია, ხოლო ქრისტეს, რომელსაც არ აქვს ადამიანობა და მხოლოდ ღვთაებრიობა გააჩნია, არ შეიძლება ეწოდოს ღვთის განკაცებული ხორცი. მაშ, როგორ შეიძლება ღვთის განკაცებულ ხორცს არ ჰქონდეს ნორმალური ადამიანობა? განა მკრეხელობა არ არის იმის თქმა, რომ ქრისტეს არ აქვს ადამიანობა? ყველა ქმედება, რომელშიც ნორმალური ადამიანები ერთვებიან, ეყრდნობა ნორმალური ადამიანური გონების ფუნქციონირებას. მის გარეშე ადამიანების ქცევა ანომალიური იქნებდა; ისინი ვერც კი გაარჩევდნენ თეთრს შავისგან, სიკეთეს — ბოროტებისგან; და არ ექნებოდათ ადამიანური ეთიკა და მორალური პრინციპები. მსგავსად ამისა, განკაცებულ ღმერთს რომ ნორმალური ადამიანივით არ ეაზროვნა, მაშინ ის არ იქნებოდა ნამდვილი, ნორმალური ხორცი. ასეთი არამოაზროვნე ხორცი ვერ შეძლებდა ღვთაებრივი საქმის საკუთარ თავზე აღებას. ის ვერ შეძლებდა ნორმალურად ჩართულიყო ნორმალური ხორცის საქმიანობებში, მით უმეტეს მიწაზე ადამიანებთან ერთად ცხოვრებას. და ამგვარად, ღვთის განკაცების მნიშვნელობა, ღვთის ხორციელად მოსვლის თვით არსი, დაიკარგებოდა. განკაცებული ღვთის ადამიანობა არსებობს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ნორმალური ღვთაებრივი საქმე ხორციელად; მისი ნორმალური ადამიანური აზროვნება ინარჩუნებს მის ნორმალურ ადამიანობას და მის ყველა ნორმალურ სხეულებრივ საქმიანობას. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნორმალური ადამიანური აზროვნება არსებობს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ღვთის ყველა ხორციელი საქმე. ამ ხორცს რომ არ ჰქონოდა ნორმალური ადამიანური გონება, მაშინ ღმერთი ვერ შეძლებდა ხორციელად საქმის შესრულებას და ის, რაც მას ხორციელად უნდა გაეკეთებინა, ვერასოდეს აღსრულდებოდა. მართალია, განკაცებულ ღმერთს აქვს ნორმალური ადამიანური გონება, მაგრამ მისი საქმე არ არის შერეული ადამიანურ აზრებთან; ის ახორციელებს საქმეს ადამიანობაში ნორმალური გონებით, გონებრივი ადამიანობის ფლობის წინაპირობით და არა ნორმალური ადამიანური აზროვნების გამოყენებით. რაც არ უნდა ამაღლებული იყოს მისი ხორციელი ფიქრები, მისი საქმე არ არის შებილწული ლოგიკით ან აზროვნებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი საქმე არ არის გათვლილი მისი ხორცის გონებით, არამედ არის ღვთაებრივი საქმის პირდაპირი გამოხატულება მის ადამიანობაში. მთელი მისი საქმე არის მსახურება, რომელიც მან უნდა შეასრულოს და არც ერთი მათგანი არ არის გათვლილი მისი ტვინის მიერ. მაგალითად, ავადმყოფთა განკურნება, დემონთა განდევნა და ჯვარცმა არ იყო მისი ადამიანური გონების პროდუქტი და ვერ შესრულდებოდა ადამიანური გონების მქონე ვერცერთი ადამიანის მიერ. ანალოგიურად, დღევანდელი დაპყრობის საქმე არის მსახურება, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ეს არ არის ადამიანური ნების საქმე, ეს არის საქმე, რომელიც მისმა ღვთაებრიობამ უნდა გააკეთოს, საქმე, რომლის უნარიც არც ერთ ხორციელ ადამიანს არ გააჩნია. ამიტომ განკაცებულ ღმერთს უნდა ჰქონდეს ნორმალური ადამიანური გონება, უნდა ჰქონდეს ნორმალური ადამიანობა, რადგან მან უნდა შეასრულოს თავისი საქმე ადამიანობაში ნორმალური გონებით. ეს არის განკაცებული ღვთის საქმის არსი, თვით განკაცებული ღვთის არსი.

სანამ იესო საქმეს შეასრულებდა, ის მხოლოდ თავის ნორმალურ ადამიანობაში ცხოვრობდა. ვერავინ იტყოდა, რომ ის ღმერთი იყო, ვერავინ იცნო მასში, განკაცებული ღმერთი; ხალხი მას მხოლოდ სრულიად რიგით პიროვნებად იცნობდა. მისი სრულიად რიგითი, ნორმალური ადამიანობა იყო მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი ხორცშესხმული იყო და რომ მადლის ეპოქა იყო განკაცებული ღვთის საქმის ეპოქა და არა სულის საქმის ეპოქა. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ღვთის სულმა მთლიანად ხორცი შეისხა, რომ ღვთის განკაცების ეპოქაში მისი ხორცი შეასრულებდა სულის მთელ საქმეს. ქრისტე ნორმალური ადამიანობით არის ხორცი, რომელშიც სული რეალიზდა და რომელსაც გააჩნია ნორმალური ადამიანობა, ნორმალური გონება და ადამიანური აზროვნება. „სული რეალიზდა“ ნიშნავს ღვთის ადამიანად ქცევას, სულის ხორცად ქცევას; უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ის, როდესაც თავად ღმერთი მკვიდრდება ხორცში ნორმალური ადამიანობით და მისი მეშვეობით გამოხატავს თავის ღვთაებრივ საქმეს — სწორედ ამას ნიშნავს სულის რეალიზება ანუ განკაცება. თავისი პირველი განკაცების დროს ღმერთისთვის აუცილებელი იყო ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა, რადგან მისი საქმე იყო გამოსყიდვა. მთელი ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად ის უნდა ყოფილიყო მოწყალე და მიმტევებელი. საქმე, რომელსაც იგი ჯვარცმამდე აკეთებდა, იყო ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა, რაც მოასწავებდა ადამიანის ხსნას ცოდვისა და სიბინძურისგან. რადგან ეს იყო მადლის ეპოქა, მისთვის აუცილებელი იყო ავადმყოფთა განკურნება, რითაც ავლენდა ნიშნებსა და სასწაულებს, რომლებიც წარმოადგენდნენ მადლს ამ ეპოქაში — რადგან მადლის ეპოქაში ყურადღება გამახვილებული იყო მადლის მინიჭებაზე, რაც სიმბოლიზირებული იყო მშვიდობით, სიხარულით და მატერიალური კურთხევებით, ეს ყველაფერი იყო იესოსადმი ხალხის რწმენის ნიშნები. ეს ნიშნავს, რომ ავადმყოფთა განკურნება, დემონთა განდევნა და მადლის მინიჭება მადლის ეპოქაში იყო იესოს ხორცის ინსტინქტური უნარები, ისინი წარმოადგენდნენ საქმეს, რომლითაც სული რეალიზდა ხორცად. მაგრამ სანამ ის ამგვარ საქმეს ასრულებდა, ის ცხოვრობდა ხორციელად და არ გასცილებია ხორცს. განკურნების რა აქტებიც არ უნდა შეესრულებინა, მას მაინც ჰქონდა ნორმალური ადამიანობა, მაინც ცხოვრობდა ნორმალური ადამიანური ცხოვრებით. მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ღვთის განკაცების ეპოქაში ხორცმა შეასრულა სულის მთელი საქმე, არის ის, რომ რა საქმეც არ უნდა ეკეთებინა, ის ამას აკეთებდა ხორციელად. მაგრამ მისი საქმის გამო, ხალხი არ მიიჩნევდა მის ხორცს სრულიად სხეულებრივი არსის მქონედ, რადგან ამ ხორცს შეეძლო სასწაულების მოხდენა და გარკვეულ განსაკუთრებულ მომენტებში შეეძლო ეკეთებინა ისეთი რამეები, რაც სცდებოდა ხორცის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოვლენა მოხდა მას შემდეგ, რაც მან დაიწყო თავისი მსახურება, როგორიცაა მისი გამოცდა ორმოცი დღის განმავლობაში ან ფერისცვალება მთაზე. ამგვარად, იესოსთან ერთად, ღვთის განკაცების მნიშვნელობა არ დასრულებულა, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ის ცხოვრება, რომლითაც იგი ხორციელად ცხოვრობდა საქმის დაწყებამდე, ყველა თვალსაზრისით სრულიად ნორმალური იყო. საქმის დაწყების შემდეგ მან შეინარჩუნა მხოლოდ თავისი ხორცის გარეგნული გარსი. ვინაიდან მისი საქმე იყო ღვთაებრიობის გამოხატულება, იგი აღემატებოდა ხორცის ნორმალურ ფუნქციებს. ბოლოს და ბოლოს, ღვთის განკაცებული ხორცი განსხვავდებოდა სისხლხორციელი ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას სჭირდებოდა საკვები, ტანსაცმელი, ძილი და თავშესაფარი, მას სჭირდებოდა ყველა ნორმალური აუცილებლობა და ჰქონდა ნორმალური ადამიანის გონება და აზროვნებდა, როგორც ნორმალური ადამიანი. ხალხი მას, მაინც, ნორმალურ პიროვნებად თვლიდა, იმის გარდა, რომ საქმე, რომელსაც ის აკეთებდა, ზებუნებრივი იყო. სინამდვილეში, რაც არ უნდა ეკეთებინა მას, ის ცხოვრობდა რიგით და ნორმალურ ადამიანობაში და იმ ზომით, რა ზომითაც იგი ასრულებდა საქმეს, მისი გონება განსაკუთრებით ნორმალური იყო, მისი აზრები განსაკუთრებით ნათელი, იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნორმალური ადამიანისა. აუცილებელი იყო, რომ განკაცებულ ღმერთს ჰქონოდა ასეთი აზროვნება და გონება, რადგან ღვთაებრივი საქმე უნდა გამოხატულიყო ხორცის მიერ, რომლის გონებაც ძალიან ნორმალური იყო და რომლის ფიქრებიც — ძალიან ნათელ, მხოლოდ ასე შეეძლო მის ხორცს გამოეხატა ღვთაებრივი საქმე. მთელი ოცდაცამეტი წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც იესო ცხოვრობდა დედამიწაზე, მან შეინარჩუნა თავისი ნორმალური ადამიანობა, მაგრამ მისი სამ წელიწადნახევრიანი მსახურების დროს შესრულებული საქმის გამო, ხალხი ფიქრობდა, რომ ის ძალიან ტრანსცენდენტული იყო, რომ ის ბევრად უფრო ზებუნებრივი იყო, ვიდრე — ადრე. სინამდვილეში, მისი ადამიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელი იყო, მაგრამ მისი მსახურების დაწყებამდე და მის შემდგომ პერიოდებს შორის განსხვავების გამო, გაჩნდა ორი განსხვავებული შეხედულება მის ხორცთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ეფიქრა ხალხს, განკაცებულმა ღმერთმა შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი, ნორმალური ადამიანობა მთელი დროის განმავლობაში, რადგან ღმერთის განკაცების შემდეგ ის ცხოვრობდა ხორცში, რომელსაც ჰქონდა ნორმალური ადამიანობა. მიუხედავად იმისა, ასრულებდა თუ არა ის თავის მსახურებას, მისი ხორცის ნორმალური ადამიანობის წაშლა შეუძლებელი იყო, რადგან ადამიანობა ხორცის ძირითადი არსია. სანამ იესო თავის მსახურებას შეასრულებდა, მისი ხორცი რჩებოდა სრულიად ნორმალური, ერთვებოდა ყველა ჩვეულებრივ ადამიანურ საქმიანობაში; ის ოდნავადაც არ ჩანდა ზებუნებრივი, არ ავლენდა რაიმე სასწაულებრივ ნიშნებს. იმ დროს ის იყო უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც თაყვანს სცემდა ღმერთს, თუმცა მისი მისწრაფება უფრო პატიოსანი, უფრო გულწრფელი იყო, ვიდრე — ნებისმიერი სხვისა. სწორედ ასე ვლინდებოდა მისი სრულიად ნორმალური ადამიანობა. ვინაიდან მას არანაირი საქმე არ ჰქონდა შესრულებული თავისი მსახურების დაწყებამდე, არავინ იცოდა მისი ვინაობა, ვერავინ იტყოდა, რომ მისი ხორცი განსხვავდებოდა ყველა სხვისგან, რადგან მას არც ერთი სასწაული არ მოუხდენია, არ შეუსრულებია ღვთის საქმის არც ერთი ნაწილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დაიწყო თავისი მსახურების შესრულება, მან შეინარჩუნა ნორმალური ადამიანობის გარეგნული გარსი და მაინც ცხოვრობდა ნორმალური ადამიანური გონებით, მაგრამ, რადგან მან თავად დაიწყო ღვთის საქმის კეთება, ქრისტეს მსახურება და ისეთი საქმის კეთება, რომლის უნარიც მოკვდავ არსებებს, სისხლხორციელ ადამიანებს არ გააჩნდათ, ხალხმა ჩათვალა, რომ მას არ ჰქონდა ნორმალური ადამიანობა და არ იყო სრულიად ნორმალური ხორცი, არამედ — არასრული ხორცი. მის მიერ შესრულებული საქმის გამო, ხალხი ამბობდა, რომ ის იყო ხორციელი ღმერთი, რომელსაც არ ჰქონდა ნორმალური ადამიანობა. ასეთი გაგება მცდარია, რადგან ხალხი ვერ ჩასწვდა ღვთის განკაცების მნიშვნელობას. ეს მცდარი გაგება წარმოიშვა იმ ფაქტიდან, რომ ღვთის მიერ ხორციელად გამოხატული საქმე იყო ღვთაებრივი საქმე, გამოხატული ხორციელად, რომელსაც ჰქონდა ნორმალური ადამიანობა. ღმერთი შემოსილი იყო ხორცით, ის მკვიდრობდა ხორცში და მისმა საქმემ მის ადამიანობაში დაჩრდილა მისი ადამიანობის ნორმალურობა. ამ მიზეზით, ხალხს სჯეროდა, რომ ღმერთს არ ჰქონდა ადამიანობა, არამედ მხოლოდ ღვთაებრიობა.

თავისი პირველი განკაცებისას ღმერთს არ დაუსრულებია განკაცების საქმე; მან მხოლოდ დაასრულა იმ საქმის პირველი ეტაპი, რომელიც ღმერთს ხორციელად უნდა შეესრულებინა. ამგვარად, განკაცების საქმის დასასრულებლად ღმერთი კვლავ დაბრუნდა ხორციელად, ცხოვრობს ხორცის მთელი ნორმალურობითა და პრაქტიკულობით, ანუ ავლენს ღვთის სიტყვას ყველაზე ნორმალურ და რიგით ხორცში, რითაც ასრულებს იმ საქმეს, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შეასრულოს ხორციელად. მეორე განკაცებულ ხორცს აქვს იგივე არსი, რაც პირველს, მაგრამ ის კიდევ უფრო პრაქტიკულია, კიდევ უფრო ნორმალურია ვიდრე პირველი. ამის შედეგად, ტანჯვა, რომელსაც მეორე განკაცებული ხორცი ითმენს, აღემატება პირველის ტანჯვას, მაგრამ ეს ტანჯვა არის მისი ხორციელი მსახურების შედეგი, რაც განსხვავდება გახრწნილი ადამიანის ტანჯვისგან. ის ასევე მომდინარეობს მისი ხორცის ნორმალურობიდან და პრაქტიკულობიდან. ვინაიდან ის ასრულებს თავის ხორციელ მსახურებას სრულიად ნორმალურად და პრაქტიკულად, ხორცმა უნდა აიტანოს დიდი გაჭირვება. რაც უფრო ნორმალური და პრაქტიკულია ეს ხორცი, მით მეტად დაიტანჯება ის თავისი მსახურების შესრულებისას. ღვთის საქმე გამოიხატება რიგით ხორცში, ისეთში, რომელიც სრულებით არ არის ზებუნებრივი. იმის გამო, რომ მისი ხორცი ნორმალურია და ასევე უნდა იტვირთოს ადამიანის ხსნის საქმე, ის იტანჯება კიდევ უფრო დიდწილად, ვიდრე ზებუნებრივი ხორცი დაიტანჯებოდა და მთელი ეს ტანჯვა მომდინარეობს მისი ხორცის პრაქტიკულობიდან და ნორმალურობიდან. იმ ტანჯვიდან, რომელიც ორმა განკაცებულმა ხორცმა გადაიტანა თავისი მსახურების შესრულებისას, შეიძლება დავინახოთ განკაცებული ხორცის არსი. რაც უფრო ნორმალურია ხორცი, მით უფრო დიდი გაჭირვება უნდა აიტანოს საქმის შესრულებისას; რაც უფრო პრაქტიკულია ხორცი, რომელიც ასრულებს საქმეს, მით უფრო მკაცრია ხალხის წარმოდგენები და მით უფრო სავარაუდოა, რომ მას საფრთხეები დაატყდეს თავს. და მაინც, რაც უფრო პრაქტიკულია ხორცი და რაც უფრო მეტად აქვს ხორცს ნორმალური ადამიანის მოთხოვნილებები და სრული გონება, მით უფრო შეუძლია მას საკუთარ თავზე აიღოს ღვთის ხორციელი საქმე. იესო ჯვარს აცვეს ხორციელად და ის ემსახურა კაცობრიობას როგორც ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი ხორციელად, ანუ სწორედ ნორმალური ადამიანობის მქონე ხორცის მეშვეობით დაამარცხა მან სატანა და მთლიანად იხსნა ადამიანი ჯვრისგან. სწორედ სრული ხორცის მეშვეობით ასრულებს მეორე განკაცება დაპყრობის საქმეს და ამარცხებს სატანას. მხოლოდ ხორცს, რომელიც სრულიად ნორმალური და პრაქტიკულია, შეუძლია შეასრულოს დაპყრობის საქმე მთლიანად და ჰქონდეს ძლიერი მოწმობა. ანუ, ადამიანის დაპყრობა აღწევს თავის ეფექტს ხორციელი ღვთის პრაქტიკულობისა და ნორმალურობის მეშვეობით და არა ზებუნებრივი სასწაულებისა და გაცხადებების მეშვეობით. მსახურება, რომელსაც ასრულებს ეს განკაცებული ღმერთი, არის საუბარი და სწორედ საუბრით იპყრობს და სრულჰყოფს ის ადამიანს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულის საქმის რეალიზება, არის საუბარი და ხორცის საქმეა საუბარი, რითაც მიიღწევა ხალხის სრულად დაპყრობის, გამოაშკარავების, სრულყოფის და განდევნის მიზანი. ამგვარად, სწორედ დაპყრობის საქმეში შესრულდება ღვთის საქმე ხორციელად სრულად. ადამიანის ცოდვების გამოსყიდვის საქმე, რომელიც პირველად შესრულდა, იყო მხოლოდ განკაცების საქმის დასაწყისი; მხოლოდ ხორცი, რომელიც ასრულებს დაპყრობის საქმეს, ასრულებს განკაცების მთლიან საქმეს. სქესის მიხედვით, ერთი მამაკაცია და მეორე ქალი, რითაც სრულდება ღვთის განკაცების მნიშვნელობა და ფანტავს ადამიანის წარმოდგენებს ღმერთზე: ღმერთი შეიძლება გახდეს როგორც მამაკაცი, ისე ქალი და არსობრივად, განკაცებული ღმერთი უსქესოა. მან შექმნა როგორც მამაკაცი, ისე ქალი და მისთვის არ არსებობს სქესთა დაყოფა. საქმის ამ ეტაპზე, ღმერთი არ ავლენს ნიშნებსა და სასწაულებს, რათა საქმემ მიაღწიოს თავის შედეგებს სიტყვების მეშვეობით. ამის მიზეზი, მეტიც, არის ის, რომ განკაცებული ღვთის საქმე ამჯერად არ არის ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა, არამედ ადამიანის დაპყრობა საუბრით, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთის ამ განკაცებული ხორცის თანდაყოლილი უნარია სიტყვების თქმა და ადამიანის დაპყრობა და არა ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა. მისი საქმე ნორმალურ ადამიანობაში არ არის სასწაულების მოხდენა, არც ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა, არამედ საუბარი და ამიტომ მეორე განკაცებული ხორცი ხალხს ბევრად უფრო ნორმალურად ეჩვენება, ვიდრე — პირველი. ხალხი ხედავს, რომ ღვთის განკაცება ტყუილი არ არის; მაგრამ ეს განკაცებული ღმერთი განსხვავდება განკაცებული იესოსგან და თუმცა ისინი ორივე განკაცებული ღმერთია, ისინი სრულიად ერთნაირები არ არიან. იესოს ჰქონდა ნორმალური ადამიანობა, რიგითი ადამიანობა, მაგრამ მას თან ახლდა მრავალი ნიშანი და სასწაული. ამ განკაცებულ ღმერთში ადამიანის თვალები ვერ დაინახავს ვერანაირ ნიშნებსა და სასწაულებს, ვერც ავადმყოფთა განკურნებას და ვერც დემონთა განდევნას, ვერც ზღვის ზედაპირზე სიარულს და ვერც ორმოცი დღის განმავლობაში მარხვას... ის არ აკეთებს იმავე საქმეს, რაც იესომ გააკეთა, არა იმიტომ, რომ არსობრივად მისი ხორცი რითიმე განსხვავდება იესოს ხორცისგან, არამედ იმიტომ, რომ მისი მსახურება არ არის ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა. ის არ ანგრევს თავის საქმეს, არ უშლის ხელს თავის საკუთარ საქმეს. ვინაიდან ის იპყრობს ადამიანს თავისი პრაქტიკული სიტყვებით, არ არის საჭირო მისი დამორჩილება სასწაულებით და ამიტომ ამ ეტაპის მიზანი განკაცების საქმის დასრულებაა. განკაცებული ღმერთი, რომელსაც შენ ხედავ დღეს, არის მთლიანად ხორცი და მასში არაფერია ზებუნებრივი. ის ავად ხდება ისევე როგორც სხვები, სჭირდება საკვები და ტანსაცმელი ისევე, როგორც სხვებს; ის მთლიანად ხორცია. ამჯერად, განკაცებულ ღმერთს, რომ მოევლინა ზებუნებრივი ნიშნები და სასწაულები, რომ განეკურნა ავადმყოფები, განედევნა დემონები ან შეძლებოდა ერთი სიტყვით მოეკლა ვინმე, როგორ განხორციელდებოდა დაპყრობის საქმე? როგორ გავრცელდებოდა ეს საქმე წარმართ ერებში? ავადმყოფთა განკურნება და დემონთა განდევნა იყო მადლის ეპოქის საქმე, ეს იყო გამოსყიდვის საქმის პირველი ეტაპი და ახლა, როცა ღმერთმა იხსნა ადამიანი ჯვრისგან, ის აღარ ასრულებს ამ საქმეს. უკანასკნელ დღეებში რომ გამოჩენილიყო „ღმერთი“, ისეთივე, როგორიც იესო იყო, რომელიც განკურნავდა ავადმყოფებს, განდევნიდა დემონებს და ჯვარს ეცმებოდა ადამიანისთვის, ის „ღმერთი“, თუმცაღა ბიბლიაში ღმერთის აღწერილობის იდენტური იქნებოდა და ადამიანისთვის ადვილი მისაღები, თავისი არსით არ იქნებოდა ღვთის სულით შემოსილი ხორცი, არამედ იქნებოდა ხორცი, შემოსილი ბოროტი სულით. რადგან ღვთის საქმის პრინციპია, არასოდეს გაიმეოროს ის, რაც მან უკვე დაასრულა. ამიტომ, ღვთის მეორე განკაცების საქმე განსხვავდება პირველის საქმისგან. უკანასკნელ დღეებში ღმერთი ახორციელებს დაპყრობის საქმეს რიგით, ნორმალურ ხორცში; ის არ კურნავს ავადმყოფებს, არ ეცმება ჯვარს ადამიანისთვის, არამედ უბრალოდ ამბობს სიტყვებს ხორციელად და იპყრობს ადამიანს ხორციელად. მხოლოდ ასეთი ხორცია ღვთის განკაცებული ხორცი; მხოლოდ ასეთ ხორცს შეუძლია დაასრულოს ღვთის საქმე ხორციელად.

მიუხედავად იმისა, ამ ეტაპზე განკაცებული ღმერთი ითმენს გაჭირვებას თუ ასრულებს თავის მსახურებას, ის ამას აკეთებს განკაცების მნიშვნელობის დასასრულებლად, რადგან ეს ღვთის უკანასკნელი განკაცებაა. ღმერთი შეიძლება მხოლოდ ორჯერ განკაცდეს. მესამედ ეს აღარ მოხდება. პირველი განკაცებისას ის მამაკაცად მოგვევლინა, მეორედ, ქალად და ამგვარად ღვთის ხორცის ხატება დასრულებულია ადამიანის გონებაში; მეტიც, ორმა განკაცებამ უკვე დაასრულა ღვთის ხორციელი საქმე. პირველად, განკაცებულ ღმერთს გააჩნდა ნორმალური ადამიანობა იმისათვის, რომ დაესრულებინა განკაცების მნიშვნელობა. ამჯერადაც, მას გააჩნია ნორმალური ადამიანობა, მაგრამ ამ განკაცების მნიშვნელობა განსხვავებულია: ის უფრო ღრმაა და მის საქმეს უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს. მიზეზი, რის გამოც ღმერთმა კვლავ ხორცი შეისხა, განკაცების მნიშვნელობის დასრულებაა. როდესაც ღმერთი მთლიანად დაასრულებს თავისი საქმის ამ ეტაპს, განკაცების მთელი მნიშვნელობა, ანუ ღვთის ხორციელი საქმე, იქნება სრული და ხორციელად შესასრულებელი საქმე აღარ იქნება დარჩენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ღმერთი აღარასოდეს მოვა ხორციელად თავისი საქმის შესასრულებლად. ღმერთი მხოლოდ კაცობრიობის გადასარჩენად და სრულყოფისთვის ასრულებს განკაცების საქმეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთისთვის არანაირად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ხორცის შესხმა, გარდა საქმის მიზნისა. საქმის შესასრულებლად ხორციელად მოსვლით ის აჩვენებს სატანას, რომ ღმერთი არის ხორცი, ნორმალური ადამიანი, რიგითი ადამიანი და მაინც მას შეუძლია დაამარცხოს სამყარო, დაამარცხოს სატანა, გამოისყიდოს და დაიპყროს კაცობრიობა! სატანის საქმის მიზანი კაცობრიობის გახრწნაა, ხოლო ღვთის მიზანი კაცობრიობის გადარჩენა. სატანა ადამიანს უძირო უფსკრულში აგდებს, ხოლო ღმერთი იხსნის მას იქედან. სატანა აიძულებს ყველა ადამიანს თაყვანი სცეს მას, ხოლო ღმერთი აიძულებს მათ დაემორჩილონ მის ხელმწიფებას, რადგან ის არის შემოქმედი. მთელი ეს საქმე მიიღწევა ღვთის ორი განკაცების მეშვეობით. არსობრივად, მისი ხორცი არის ადამიანობისა და ღვთაებრიობის ერთობა და გააჩნია ნორმალური ადამიანობა. ამიტომ ღვთის განკაცებული ხორცის გარეშე ღმერთი ვერ მიაღწევდა კაცობრიობის ხსნის შედეგებს და მისი ხორცის ნორმალური ადამიანობის გარეშე, მისი ხორციელი საქმე მაინც ვერ მიაღწევდა ამ შედეგებს. ღვთის განკაცების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მას უნდა ჰქონდეს ნორმალური ადამიანობა; სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს შეეწინააღმდეგებოდა ღვთის განკაცების თავდაპირველ განზრახვას.

რატომ ვამბობ, რომ განკაცების მნიშვნელობა არ დასრულებულა იესოს საქმეში? რადგან სიტყვა მთლიანად არ გამხდარა ხორცი. რაც იესომ გააკეთა, იყო ღვთის ხორციელი საქმის მხოლოდ ერთი ნაწილი; მან მხოლოდ გამოსყიდვის საქმე შეასრულა და არ შეუსრულებია ადამიანის სრულად მოპოვების საქმე. ამ მიზეზით ღმერთი კვლავ განკაცდა უკანასკნელ დღეებში. საქმის ეს ეტაპიც სრულდება რიგით ხორცის მეშვეობით; ის სრულდება სრულიად ნორმალური ადამიანის მიერ, ვისი ადამიანობაც ოდნავადაც არ არის ტრანსცენდენტული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი გახდა სრულად ადამიანი; ის არის პიროვნება, რომლის ვინაობაც ღმერთისაა, სრულად ადამიანი, სრულად ხორცი, რომელიც ასრულებს საქმეს. ადამიანის თვალები ხედავს ხორციელ სხეულს, რომელიც საერთოდ არ არის ტრანსცენდენტული, მეტად რიგით პიროვნებას, რომელსაც შეუძლია საუბარი ზეციური ენით, რომელიც არ გამოავლენს სასწაულებრივ ნიშნებს, არ ახდენს სასწაულებს, მით უმეტეს, დიდ შეკრებებზე არ ამხელს ნამდვილ ისტორიას რელიგიის მიღმა. ადამიანებისთვის მეორე განკაცებული ხორცის საქმე სრულიად განსხვავებულად გამოიყურება პირველისგან, იმდენადაც კი, რომ თითქოს მათ არაფერი აქვთ საერთო და ამჯერად პირველის მიერ შესრულებული საქმის ნიშნებიდან არც ერთი ჩანს. თუმცა მეორე განკაცებული ხორცის საქმე განსხვავდება პირველისგან, ეს არ ამტკიცებს, რომ მათი წყარო ერთი და იგივე არ არის. მათი წყარო ერთი და იგივეა თუ არა, დამოკიდებულია ხორცის მიერ შესრულებული საქმის ბუნებაზე და არა მათ გარეგნულ გარსებზე. თავისი საქმის სამი ეტაპის განმავლობაში ღმერთი ორჯერ განკაცდა და ორივეჯერ განკაცებული ღვთის საქმე იწყებს ახალ ეპოქას, ახალ საქმეს; განკაცებები ავსებენ ერთმანეთს. ადამიანის თვალთახედვით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს ორი ხორცი სინამდვილეში ერთი და იგივე წყაროდან მოდის. ცხადია, რომ ეს სცდება ადამიანის თვალის ან ადამიანის გონების შესაძლებლობებს. მაგრამ თავიანთი არსით, ისინი ერთნაირები არიან, რადგან მათი საქმე მომდინარეობს ერთი და იმავე სულიდან. მომდინარეობს თუ არა ორი განკაცებული ხორცი ერთი და იმავე წყაროდან, არ შეიძლება განისაჯოს ეპოქისა და იმ ადგილის მიხედვით, სადაც ისინი დაიბადნენ, ან სხვა მსგავსი ფაქტორებით, არამედ მათ მიერ გამოხატული ღვთაებრივი საქმით. მეორე განკაცებული ხორცი არ ასრულებს არცერთ იმ საქმეს, რაც იესომ გააკეთა, რადგან ღვთის საქმე არ მიჰყვება დამკვიდრებულ წესებს, არამედ ყოველ ჯერზე ახალ გზას ხსნის. მეორე განკაცებული ხორცი მიზნად არ ისახავს ხალხის გონებაში პირველი ხორცის შთაბეჭდილების გაღრმავებას ან განმტკიცებას, არამედ მის შევსებასა და სრულყოფას, ადამიანის მიერ ღვთის შემეცნების გაღრმავებას, ხალხის გულებში არსებული ყველა წესის დამსხვრევას და მათ გულებში ღმერთის მცდარი ხატების განადგურებას. შეიძლება ითქვას, რომ საკუთრივ ღვთის საქმის არცერთ ინდივიდუალურ ეტაპს არ შეუძლია მისცეს ადამიანს მისი სრული შემეცნება; თითოეული იძლევა მხოლოდ ნაწილს და არა მთლიანს. თუმცა ღმერთმა სრულად გამოხატა თავისი ხასიათი, ადამიანის შეზღუდული აღქმის უნარის გამო, ღვთის შემეცნება მაინც არასრული რჩება. ადამიანური ენის გამოყენებით შეუძლებელია ღვთის ხასიათის სრულად გადმოცემა; მეტიც, როგორ შეუძლია მისი საქმის ერთადერთ ეტაპს სრულად გამოხატოს ღმერთი? ის მუშაობს ხორციელად თავისი ნორმალური ადამიანობის საფარქვეშ და მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ მისი ღვთაებრიობის გამოხატულებებით და არა მისი სხეულებრივი გარსით. ღმერთი მოდის ხორციელად, რათა ადამიანს მისცეს საშუალება შეიმეცნოს იგი თავისი სხვადასხვა საქმის მეშვეობით და მისი საქმის ორი ეტაპიდან არცერთი ჰგავს ერთმანეთს. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ადამიანს ჰქონდეს ღვთის ხორციელი საქმის სრული შემეცნება და არ შემოფარგლოს ის გარკვეული საზღვრებით. მართალია, ორივე ხორცშესხმისას შესრულებული საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ თავად ხორცშესხმულთა არსი და მათი შრომის სათავე მაინც ერთი და იგივეა. ისინი მხოლოდ საქმის ორ განსხვავებულ საფეხურს აღასრულებენ და ორ სხვადასხვა ეპოქაში მოევლინებიან სამყაროს. რაც უნდა მოხდეს, ღვთის განკაცებულ ხორცთ ერთი არსი და ერთი დასაბამი აქვთ — ეს არის ჭეშმარიტება, რომლის უარყოფაც არავის ძალუძს.

წინა: გახრწნილ კაცობრიობას მეტისმეტად სჭირდება განკაცებული ღვთისგან მოვლენილი ხსნა

შემდეგი: იმ დროისთვის, როდესაც იესოს სულიერ სხეულს იხილავ, ღმერთს ცა და დედამიწა უკვე განახლებული ექნება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება