გახრწნილ კაცობრიობას მეტისმეტად სჭირდება განკაცებული ღვთისგან მოვლენილი ხსნა
ღმერთი განკაცდა, რადგან მისი საქმის სამიზნე სატანის სული ანდა რაიმე, რასაც ხორციელს ვერ ვუწოდებთ, არამედ ხორციელი და სატანის მიერ გახრწნილი ადამიანია. ხორციელი ადამიანი სწორედ იმიტომ აირჩია ღმერთმა თავისი საქმის სამიზნედ, რომ მისი ხორცი გახრწნილია. უფრო მეტიც, სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი გახრწნილების სამიზნეა, აირჩია ღმერთმა იგი თავისი ხსნის საქმის ყველა ეტაპის ერთადერთ სამიზნედ. ადამიანი მოკვდავია, სისხლისა და ხორცისგან არის შექმნილი და, ღვთის გარდა, არავის შეუძლია მისი ხსნა. ამგვარად, თავისი საქმის შესასრულებლად ღმერთი უნდა იქცეს ხორციელად, რათა იგივე თვისებები ჰქონდეს, რომლებიც ადამიანს აქვს. ღმერთმა სწორედ იმიტომ უნდა შეისხას ხორცი, რომ ხორციელ ადამიანს არ ძალუძს სძლიოს ცოდვას ანდა საკუთარ ხორცს გაეყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის არსი და რაობა ძალიან განსხვავდება ადამიანის არსისა და რაობისგან, ადამიანის სახის მსგავსია მისი სახე, ჩვეულებრივი ადამიანის სახე აქვს, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს და ისინი, ვინც ხედავენ, ვერ განასხვავებენ მას ჩვეულებრივი ადამიანისგან. ეს ჩვეულებრივი სახე და არაფრით განსხვავებული ადამიანურობა საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი ღვთაებრივი საქმე აკეთოს, როგორც ადამიანმა. ხორცი მას ჩვეულებრივი ადამიანივით თავისი საქმის კეთებაში ეხმარება, ხოლო ადამიანთა შორის ჩვეულებრივი ადამიანივით საქმის კეთება მითუმეტეს ეხმარება ადამიანთა შორის ხსნის საქმის განხორციელებაში. მართალია, მის ადამიანურ ჩვეულებრიობას ადამიანთა შორის მრავალი მღელვარება გამოუწვევია, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მისი საქმის ჩვეულებრივ შედეგებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი ჩვეულებრივი ხორცის საქმე ადამიანისთვის უზენაესი სიკეთეა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანად მისი მიღება, მისი საქმე მაინც აღწევს შედეგს და, ეჭვგარეშეა, ეს შედეგი მისი ადამიანური ჩვეულებრიობით მიიღწევა. განკაცებული ღვთის საქმისგან ადამიანი ათჯერ და ათასჯერ მეტს იღებს, ვიდრე მისი ადამიანური ჩვეულებრიობის შესახებ ჩვენ შორის გავრცელებული წარმოდგენებია. მისი საქმე შთანთქავს საბოლოოდ ამგვარ წარმოდგენებს, ხოლო მისი საქმით მიღწეული შედეგი, ასე ვთქვათ, ცოდნა, რომელიც მის შესახებ აქვს ადამიანს, მნიშვნელოვნად გადაწონის წარმოდგენებს მის შესახებ. შეუძლებელია წარმოიდგინო ან გაზომო ხორცშესხმული ღმერთის ნაკეთები საქმე, რამეთუ მისი ხორცი არ ჰგავს არცერთი ადამიანის ხორცს. გარეგანი ფორმა კი მსგავსია, მაგრამ არსი განსხვავებულია. მისი ხორცი ღვთის შესახებ მრავალ წარმოდგენას წარმოშობს ადამიანთა შორის, თუმცა ამ ხორცმა შეიძლება დიდი ცოდნაც შესძინოს ადამიანს და შეიძლება დაიპყროს კიდეც მსგავსი ფორმის მქონე ნებისმიერი ადამიანი, რამეთუ იგი არის არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ღმერთი, რომელსაც ადამიანის გარეგანი ფორმა აქვს და არავის ძალუძს ჩასწვდეს მას ანდა გაუგოს მას. ყველას უყვარს უხილავი და არახელშესახები ღმერთი, ყველა ეგებება მას. თუკი მხოლოდ და მხოლოდ კაცთათვის უხილავი სულია ღმერთი, მაშინ ადამიანისთვის ძალიან ადვილია იწამოს იგი. ადამიანს შეუძლია გზა მისცეს თავის წარმოსახვებს, შეუძლია აირჩიოს ღვთის თავისთვის მოსაწონი ხატი, ხატი, რომელიც გააბედნიერებს. ამგვარად, ადამიანს შეუძლია, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აკეთოს ყველაფერი, რაც მის საკუთარ „ღმერთს“ მოსწონს, რის კეთებასაც იგი მოისურვებს მისგან. მეტიც, ადამიანს სჯერა, რომ არავინ არის მასზე მეტად ღვთისმოსავი და ერთგული „ღვთისა“, რომ წარმართი ძაღლები და ღვთის ორგულები არიან სხვები. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოსაზრებას მისდევენ ისინი, ვისაც ღვთისადმი ბუნდოვანი და დოქტრინაზე დაფუძნებული რწმენა აქვს. ყველაფერი თითქმის ერთნაირია, მცირე განსხვავებებით. უბრალოდ ღვთის ხატები განსხვავდება მათ წარმოდგენებში, თორემ ამ ხატების არსი, ფაქტობრივად, უცვლელია.
ადამიანს არ აწუხებს ღვთისადმი თავისი დაუდევარი რწმენა და, როგორც თავად მოესურვება, ისე სწამს ღმერთი. ეს მისი ერთ-ერთი „უფლება და თავისუფლებაა“, რომელშიც ვერავინ ჩაერევა, რამეთუ თავისი საკუთარი ღმერთი სწამს ადამიანს და არა რომელიმე სხვა ადამიანის ღმერთი. ეს მისი პირადი მონაპოვარია და თითქმის ყველას აქვს ამგვარი პირადი მონაპოვარი. ძვირფასი განძია ასეთი მონაპოვარი, მაგრამ ღვთისთვის არაფერია მასზე მდაბალი თუ გამოუსადეგარი, რამეთუ არ არსებობს ღმერთთან დაპირისპირების უფრო მკაფიო ნიშანი, ვიდრე ადამიანის ამგვარი პირადი მონაპოვარი. განკაცებული ღმერთის საქმის დამსახურებაა, ღმერთი ხელშესახებ ხორცად რომ იქცევა, რომელიც ადამიანმა შეიძლება დაინახოს და შეეხოს. ის უფორმო სული კი არა, ხორცია, რომელიც ადამიანმა შეიძლება დაინახოს, რომელთანაც ურთიერთობა შეიძლება დაამყაროს. არადა, უმეტესობა ღმერთებისა, რომლებიც ადამიანებს სწამთ, უხორცო და უფორმო ღვთაებები არიან, თუმცაღა თავისუფალი ფორმის მქონენი არიან. ამგვარად, განკაცებული ღმერთი მათი უმეტესობის მტრად გადაიქცა, ვისაც სწამს ღმერთი, ხოლო ისინი, ვინც ვერ იღებს ღვთის ხორცშესხმის ფაქტს, ღვთის მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ადამიანი შეპყრობილია წარმოდგენებით არა მისი ფიქრების ანდა მეამბოხეობის, არამედ ადამიანური კერძო საკუთრების გამო. ადამიანთა უმეტესობა ამ საკუთრების გამო კვდება. ბუნდოვანი, ხელშეუხებელი, რეალურად არარსებული ღმერთების გამო, რომლებისაც სწამთ, ენგრევათ ცხოვრება ადამიანებს. ადამიანს ცხოვრებას განკაცებული ღმერთი კი არ ართმევს, მით უფრო ზეციური ღმერთი, არამედ „ღმერთი“, რომელიც მისსავე წარმოსახვაშია. განკაცებულმა ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შეისხა ხორცი, რომ ეს გახრწნილ ადამიანს სჭირდებოდა, ადამიანის და არა ღვთის საჭიროებათა გამო. ადამიანთა მოდგმისთვისაა მის მიერ გადახდილი ყოველგვარი ფასი თუ ტანჯვა და არა იმისთვის, რომ თავად ღმერთს მიეღო სარგებელი. არ არსებობს ღვთისთვის სარგებელი თუ დანაკარგი ან ჯილდო; რასაც ის იღებს, არ მოიმკის. გარდა იმისა, რაც თავდაპირველად ეკუთვნოდა. მიზანი, რომელიც კაცობრიობისთვის მისი ყოველი ნამოქმედარის უკან დგას, და ყოველგვარი ფასი, რომელიც მას კაცობრიობისთვის გადაუხდია, მის მიერ მეტი ჯილდოს მოპოვება კი არ არის, არამედ მხოლოდ კაცობრიობისთვის სიკეთის მოტანაა. მიუხედავად იმისა, რომ განკაცებული ღვთის საქმე მრავალ წარმოუდგენელ სირთულეს გულისხმობს, შედეგები, რომლებსაც ის, ბოლოს და ბოლოს, აღწევს, ბევრად მეტია უშუალოდ სულის საქმეთა შედეგებზე. სიძნელეების საკმაოდ დიდი რაოდენობა სდევს ხორცის საქმეს, ხორცს კი არ ძალუძს ჰქონდეს ისეთივე დიდი რაობა, როგორიც სულს აქვს - მას არ შეუძლია სულის მიერ აღსრულებულის მსგავსი ზებუნებრივი საქმეები განახორციელოს, ხოლო მისი ხელმწიფება კიდევ უფრო ნაკლებია. თუმცა, არაფრით გამორჩეული ამ ხორცის საქმის არსი გაცილებით აღემატება უშუალოდ სულის მიერ ნაკეთები საქმის არსს, რადგან თავად ეს ხორცია, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. მისთვის, ვინც უნდა გადარჩეს, სულის ფასს გაცილებით აღემატება ხორცის ფასი - მთელი სამყარო შეიძლება მოიცვას სულის საქმემ. მან შეიძლება გადალახოს მთები, მდინარეები, ტბები, ოკეანეები, თუმცა ხორცის საქმე უფრო ქმედითად უკავშირდება ყველა ადამიანს, რომელთანაც ურთიერთშეხებაშია. მეტიც, რაკი ხელშესახები ფორმის მქონე ღვთიურ ხორცს ადამიანი უკეთ სწვდება, მეტად ენდობა, ამ ხორცს შეუძლია მეტად გააღრმავოს ადამიანის მიერ ღვთის შემეცნება და უფრო ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს, ღვთის ნამდვილ საქმეებთან დაკავშირებით, ადამიანზე. იდუმალების საბურველშია გახვეული სულის საქმე; ძნელია მოკვდავთათვის წინასწარ განჭვრიტონ რამე. კიდევ უფრო ძნელია დაინახონ რამე. ჰოდა, ისღა დარჩენიათ წარმოიდგინონ რაღაცები სრულიად უსაფუძვლოდ. სამაგიეროდ, ჩვეულებრივი და ნამდვილია ხორცის საქმე. ის ნაზიარებია დიდ სიბრძნეს და, ამასთან, მისი დანახვა საკუთარი თვალით შეუძლია მოკვდავს. ადამიანს შეუძლია პირადად დააფასოს ღვთის საქმის სიბრძნე, თან თავისი მდიდარი წარმოსახვის უნარის გამოყენებაც არ სჭირდება. ეს არის განკაცებული ღმერთის საქმის სიზუსტე და ნამდვილი ღირებულება. სულს ძალუძს მხოლოდ ადამიანისთვის უხილავი და ძნელად წარმოსადგენი რაღაცების კეთება, მაგალითად, სულის გაცისკროვნება, სულის მოძრაობა, სულის გზამკვლევობა, მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც გონება აქვს, ამას არა აქვს არავითარი მკაფიო მნიშვნელობა. მისთვის ამგვარ საქმეებს აქვს მხოლოდ მოძრაობის, ანდა დაახლოებით მოძრაობის მსგავსი მნიშვნელობა, თუმცა სიტყვიერ მითითებას არ გულისხმობს. სულ სხვაა განკაცებული ღვთის საქმე - ის მოიცავს ზუსტ სიტყვიერ მითითებას, თავისი მკაფიო განზრახვებითა და მკაფიო აუცილებელი მიზნებით. შესაბამისად, ადამიანს არ სჭირდება არც აქეთ-იქით ხელის ცეცებით სიარული, არც რაღაცების წარმოდგენა. კიდევ უფრო ნაკლებად სჭირდება ივარაუდოს რამე. ესაა ხორციელად ნაკეთები საქმის სიცხადე და ის დიდად განსხვავდება სულის საქმისგან. სულის საქმე მხოლოდ შეზღუდულ მასშტაბში გამოდგება და ვერ ჩაანაცვლებს ხორცის საქმეს. ზუსტი მიზნები, რომლებიც ადამიანს ხორცის საქმით მოეთხოვება და პრაქტიკული მნიშვნელობა ცოდნისა, რომელსაც ადამიანი ამ საქმით იღებს, გაცილებით აღემატება სულის საქმის სიზუსტესა და პრაქტიკულ მნიშვნელობას. გახრწნილთათვის, ყველაზე ფასეულია მხოლოდ ის საქმე, რომელიც სთავაზობს ზუსტ სიტყვებსა და მკაფიო მიზნებს, რომელიც ხილული და ხელშესახებია. მხოლოდ რეალური საქმე და დროული გზამკვლევობა შეეფერება ადამიანის გემოვნებას და მხოლოდ ნამდვილ საქმეს შეუძლია იხსნას ადამიანი მისი ოდინდელი გახრწნილი და ბიწიერი მიდრეკილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ სული განუყოფელი არსია ღვთისა, მხოლოდ მის ხორცს ხელეწიფება ამგვარი საქმე. სულს დამოუკიდებლად რომ ემოქმედა, მის საქმეს შედეგი არ ექნებოდა. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ადამიანთა უმეტესობა ამ ხორცის გამო მტრად მოეკიდა ღმერთს, თუმცა, როდესაც ის თავის საქმეს განასრულებს, ის, ვინც მისი წინააღმდეგია, არა მარტო მტრობაზე აიღებს ხელს, არამედ გახდება მისი მოწმე. ღვთის მიერ დაპყრობილ მოწმედ გადაიქცევა, მოწმედ, რომელიც ეთვისება მას და განუყოფელია მისგან. მის გამო შეიცნობს ადამიანი განკაცებული ღვთის საქმის მნიშვნელობას და ეცოდინება, რამდენად დიდია ამ ხორცის მნიშვნელობა ადამიანის არსებობის აზრის თვალსაზრისით, ეცოდინება მისი ნამდვილი ღირებულება, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ცხოვრების განვითარებას, უფრო მეტიც, ეცოდინება, რომ ეს ხორცი მოულოდნელად გადაიქცევა სიცოცხლის ცოცხალ წყაროდ, რომლისგან მოწყვეტაც აუტანელია ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის განკაცებული ხორცი ძალიან შორსაა ღვთის არსებისა თუ სტატუსისგან და ადამიანსაც ღვთის ნამდვილ მნიშვნელობასთან შეუთავსებლად ესახება, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია ღვთის განუყოფელი ხატი ანდა განუყოფელი არსება ღვთისა, ამ ხორცს ხელეწიფება საქმე, რომლის უშუალოდ გაკეთება ღვთის სულს არ ძალუძს. ასეთია ღვთის განკაცების თანდაყოლილი მნიშვნელობა და ღირებულება, მნიშვნელობა და ღირებულება, რომლის გაგება და გააზრება ადამიანს არ შეუძლია. მართალია, მთელი კაცობრიობის მზერა მიპყრობილია ზემოთ, ღვთის სულისკენ, და ქვემოთ, ღვთის ხორცისკენ - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას როგორ ხედავენ და რას ფიქრობენ - ხორცის რეალური მნიშვნელობა და ღირებულება ბევრად აღემატება სულის რეალურ მნიშვნელობასა და ღირებულებას. ცხადია, ეს მხოლოდ ადამიანთა გახრწნილ მოდგმას ეხება. ყველასთვის, ვინც ეძიებს სიმართლეს და ღვთის გამოჩინებას ნატრობს, სულის საქმემ შეიძლება მიანიჭოს მხოლოდ მოძრაობა ან შთაგონება და განცვიფრების განცდა, რომ ეს საქმე საკვირველია, განუზომელი და წარმოუდგენელია, ასევე განცდა, რომ ის დიდებულია, ზეაღმატებული და საუცხოოა, თუმცაღა მიუწვდომელი და მიუღწეველია ყველასთვის. ადამიანსა და ღვთის სულს შეუძლიათ მარტოოდენ შორიდან უყურონ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის დიდი მანძილი იყოს. ისინი ერთმანეთს ვერასოდეს დაემსგავსებიან, თითქოს ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთისგან უხილავი წყალგასაყარი ყოფდეს. სინამდვილეში ეს ილუზიაა, რომელიც სულმა შეუქმნა ადამიანს, რამეთუ სხვადასხვა ბუნების არიან სული და ადამიანი და შეუძლებელია ერთსა და იმავე სამყაროში ოდესმე მათი თანაარსებობა, რამეთუ არაფერი აქვს ადამიანისა სულს. შესაბამისად, ადამიანს არ სჭირდება სული, რადგან სულს არ ხელეწიფება ადამიანისთვის საჭირო საქმის უშუალოდ შესრულება. ხორცის საქმე პრაქტიკულ მიზნებს სთავაზობს ადამიანს, გულწრფელ სიტყვებსა და განცდას, რომ ის ნამდვილი და ჩვეულებრივია, მორჩილი და ორდინარული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს მისი, უმეტესობისთვის ის საკმაოდ ხელმისაწვდომია - ადამიანს შეუძლია იხილოს მისი სახე და გაიგონოს მისი ხმა და არ სჭირდება მისი შორიდან ცქერა. ეს ხორცი ადამიანისთვის მიახლოებულად გვევლინება. შორეული ან აუხსნელი კი არ არის, არამედ ხილული და გასაგებია, იმავე სამყაროდანაა, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის.
ყველასგან, ვინც ხორციელად ცხოვრობს, ზნის შეცვლისკენ სწრაფვა მიზნების ქონას მოითხოვს, ხოლო ღვთის შეცნობისკენ სწრაფვა ღვთის ნამდვილი საქმეებისა და მისი ჭეშმარიტი სახის მოწმეობას მოითხოვს. ერთიც და მეორეც მხოლოდ ღვთის განკაცებული ხორცით მიიღწევა, მხოლოდ ჩვეულებრივი, პრაქტიკული ხორცით აღსრულდება ერთიც და მეორეც. სწორედ ამიტომ არის განკაცება აუცილებელი –– მთელ გახრწნილ კაცობრიობას სჭირდება იგი. რაკი ადამიანს ღვთის შეცნობა მოეთხოვება, მისი გულიდან ბუნდოვანი და ზებუნებრივი ღმერთების ხატებები უნდა განიდევნოს, ხოლო რაკი საკუთარ გახრწნილ მიდრეკილებებზე ხელის აღებაც მოეთხოვება, ადამიანმა ჯერ უნდა შეიცნოს ეს გახრწნილი მიდრეკილებები. სხვათა გულებიდან ბუნდოვანი ღმერთების ხატებათა გაფანტვა რომც სცადოს, ადამიანს ხელი მოეცარება, ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს. მხოლოდ სიტყვებით ვერ ამხელ, ვერ უარყოფ და სრულად ვერ განდევნი ადამიანთა გულებში დასადგურებულ ბუნდოვანი ღმერთების ხატებს. ასეთი ქმედებით საბოლოოდ მაინც შეუძლებელი იქნება ადამიანებში ამ ღრმად ფესვგადგმულ რაობათა განდევნა. სათანადო შედეგს შეიძლება მიაღწიო მხოლოდ მაშინ, როდესაც გაურკვეველსა და ზებუნებრივ რაობებს ნამდვილი ღმერთით და ღვთის ხელშეუვალი ხატით შეცვლი, რომლებსაც თანდათან გააცნობ ხალხს. ადამიანი აღიარებს, რომ ღმერთი რომელსაც წარსულში მისდევდა, ბუნდოვანი და ზებუნებრივია. განკაცებული ღვთის გარეშე, სულის უშუალო წინამძღოლობით, შეუძლებელია ამ შედეგის მიღწევა, მით უფრო ცალკეულ პიროვნებათა სწავლებებით. სწორედ იმიტომ, რომ განკაცებული ღვთის ჩვეულებრიობა და პრაქტიკულობა ადამიანის წარმოსახვაში არსებული ბუნდოვანი და ზებუნებრივი ღმერთების სრულიად საპირისპიროა, ადამიანის წარმოდგენები მაშინ ვლინდება, როდესაც განკაცებული ღმერთი გაცხადებულად აღასრულებს თავის საქმეს. ადამიანის თავდაპირველი წარმოდგენები მხოლოდ განკაცებულ ღმერთთან შედარებისას შეიძლება გაცხადდეს. განკაცებულ ღმერთთან შედარების გარეშე, ადამიანის წარმოდგენები ვერ გაცხადდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნამდვილობის ფონის გარეშე ბუნდოვან საგანთა გაცხადება შეუძლებელია. არავის ძალუძს ამ საქმის სიტყვით შესრულება, არავის ძალუძს ამ საქმის სიტყვებით გადმოცემა. ღმერთს თავად შეუძლია აკეთოს თავისი საქმე, საქმე, რომლის ღვთის სახელით კეთება არავის ხელეწიფება. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მდიდარია ადამიანის ენა –– არ ძალუძს ადამიანს ღვთის ნამდვილობისა და ჩვეულებრიობის მკაფიოდ გამოხატვა. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია უფრო პრაქტიკულად შეიცნოს ღმერთი, უფრო მკაფიოდ დაინახოს იგი, როდესაც ღმერთი თავად ასრულებს თავის საქმეს ადამიანთა შორის და სრულად ავლენს თავის სახესა და არსებას. ამ შედეგს ვერცერთი ხორციელი ადამიანი ვერ მიაღწევს. ცხადია, არც ღვთის სულს ძალუძს ამ შედეგის მიღწევა. ღმერთს შეუძლია გახრწნილი ადამიანი სატანის ზეგავლენისგან იხსნას, მაგრამ ამ საქმის შესრულება უშუალოდ ღვთის სულს კი არ ხელეწიფება, არამედ ხორცს, რომელიც მოსავს ღვთის სულს, ხორცს, რომელსაც შეისხამს ღმერთი. ადამიანიცაა ეს ხორცი და ღმერთიც. ეს ხორცი ადამიანია, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანის ბუნება აქვს, და –– აბსოლუტური ღვთაებრიობით გამორჩეული ღმერთი. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხორცი არ წარმოადგენს ღვთის სულს და სულისგანაც დიდად განსხვავდება, ის მაინც თავად განკაცებული ღმერთია, რომელიც იხსნის ადამიანს, რომელიც სულიცაა და ხორციც. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიხსენიებენ, ის თავად ღმერთია მაინც, კაცობრიობის მხსნელი. რაკი ღვთის სული ხორცისგან განუყოფელია, ხოლო ხორცის საქმე სულის საქმეცაა, ეს საქმე სრულდება არა სულის რაობის, არამედ ხორცის რაობის მეშვეობით. საქმე, რომელიც უშუალოდ სულის მიერ უნდა შესრულდეს, განსხეულებას არ საჭიროებს, ხოლო საქმე, რომელიც საჭიროებს ხორცის არსებობას, შეიძლება შესრულდეს არა უშუალოდ სულის, არამედ განკაცებული ღვთის მიერ. აი, რას მოითხოვს ეს საქმე. გახრწნილ კაცობრიობასაც იგივე სჭირდება. ღვთის საქმის სამი ეტაპიდან მხოლოდ ერთი განხორციელდა უშუალოდ სულის მიერ, ხოლო დანარჩენი ორი ხორციელდება არა უშუალოდ სულის, არამედ განკაცებული ღვთის მიერ. რჯულის ეპოქის საქმე, რომელსაც უშუალოდ სული იქმოდა, ადამიანის გახრწნილი ზნის შეცვლას არ გულისხმობდა, არც რამენაირ კავშირში იყო ადამიანის მიერ ღვთის შეცნობასთან, თუმცა მადლის ეპოქასა და სასუფევლის ეპოქაში ღვთიური ხორცის საქმე გულისხმობს ადამიანის გახრწილი ზნისა და ღვთის მისეული აღქმის შეცვლას, რაც ხსნის საქმის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაწილია. მაშასადამე, გახრწნილ კაცობრიობას უფრო მეტად სჭირდება, რომ განკაცებულმა ღმერთმა იხსნას, ის უფრო მეტად საჭიროებს უშუალოდ განკაცებული ღვთის საქმეს. განკაცებული ღმერთი კაცობრიობას სჭირდება, როგორც მწყემსი და როგორც დამხმარე, დამრწყულებელი და დამპურებელი, მსაჯული და დამსჯელი. მეტი მადლი და ცოდვათა უფრო დიდი გამოსყიდვაც სჭირდება კაცობრიობას განკაცებული ღვთისგან. მხოლოდ ხორცშესხმულ ღმერთს ძალუძს იყოს ადამიანის მესაიდუმლე, მისი მწყემსი და საამო შემწე. ამ ყველაფრის გამოა აუცილებელი განკაცება დღეს, ამიტომ იყო აუცილებელი იგი წარსულშიც.
ადამიანი, რომელიც სატანამ გახრწნა, უმაღლესია ღვთის ქმნილებათა შორის და ამიტომაც სჭირდება მას, რომ იხსნას ღმერთმა. ღვთიური ხსნა ადამიანისკენაა მიმართული და არა სატანისკენ. ამიტომაც უნდა გადარჩეს ადამიანის ხორცი, ადამიანის სულითურთ, და არა ეშმაკები. ღმერთი მოსრავს სატანას და იხსნის ადამიანს, ხოლო რამეთუ ადამიანის ხორცი გახრწნილია სატანის მიერ, პირველ ყოვლისა, ადამიანის ხორცს იხსნის ღმერთი. ადამიანის ხორცი ყველაზე ღრმადაა გახრწნილი და ღმერთს უპირისპირდება. იმდენად გახრწნილია, რომ ღმერთს ღიად უპირისპირდება და უარყოფს მის არსებობას. უბრალოდ მეტისმეტად ურჩია ეს ხორცი. არაფერია ხორცის გახრწნილ ზნესთან გამკლავებასა თუ შეცვლაზე უფრო ძნელი. მღელვარების აღსაძრავად შედის სატანა ადამიანის ხორცში. ის იყენებს ადამიანის ხორცს ღვთის საქმის დასარღვევად და ღვთის გეგმის წასახდენად. ჰოდა, იქცა ადამიანი სატანად და ღვთის მტრად. იმისთვის, რომ გადარჩეს, ჯერ უნდა დაპყრობილ იქნეს ადამიანი. ამიტომაც იღებს ღმერთი გამოწვევას და მოდის ხორციელად, რათა შეასრულოს საქმე, რომლის შესრულებაც განუზრახავს, რათა სატანას შეებრძოლოს. ღვთის მიზანია იხსნას გახრწნილი ადამიანი და დაიპყროს, გაანადგუროს სატანა, რომელიც უჯანყდება. ადამიანის დაპყრობით ამარცხებს სატანას და ამავდროულად გარყვნილ კაცობრიობას იხსნის. ეს არის საქმე, რომელიც ერთდროულად ორ მიზანს აღწევს. იგი მოქმედებს ხორციელად, ლაპარაკობს ხორციელად და იწყებს ყოველგვარ საქმეს ხორციელად იმისთვის, რომ უკეთ მიიზიდოს, უკეთ დაიპყროს ადამიანი. როდესაც ღმერთი უკანასკნელად განკაცდება, ის ხორციელად დაასრულებს უკანასკნელი დღეების საქმეს. თითოეულის ბუნების მიხედვით განარჩევს მთელ ხალხს, დაასრულებს მთელ თავის მმართველობას და ასევე განასრულებს მთელ თავის ხორციელ საქმეს. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მთელ თავის საქმეს განასრულებს, აბსოლუტური გამარჯვება მას დარჩება. ხორციელად მოქმედებით ღმერთი სრულად დაიპყრობს კაცობრიობას, სრულად დაეპატრონება მას. განა მთელი მისი მართვის დასრულებას არ ნიშნავს ეს? როდესაც ღმერთი ხორციელად დაასრულებს მთელ თავის საქმეს, როგორც სატანას სძლია და დაამარცხა, ამ უკანასკნელს ადამიანის გახრწნის შესაძლებლობა აღარ ექნება. ღვთის პირველი განკაცების საქმე ადამიანის ცოდვათა გამოსყიდვა და მისი მიტევება იყო. ახლა მისი საქმეა დაიპყროს და სრულად დაეპატრონოს კაცობრიობას, რათა სატანა სავსებით დამარცხდეს და აღარ დარჩეს არავითარი გზა თავისი საქმის საკეთებლად, ხოლო თავად ღმერთი სრულიად ძლევამოსილი იყოს. ეს არის ხორციელი საქმე, საქმე, რომელსაც თავად ღმერთი აკეთებს. ღვთის საქმის სამი ეტაპის თავდაპირველ საქმეს განაგებდა უშუალოდ სული და არა ხორცი; თუმცა ღვთის საქმის სამი ეტაპის ბოლო საქმეს განკაცებული ღმერთი აკეთებს და მას არ განაგებს სული. გარდამავალი ეტაპის გამოსყიდვის საქმეც ღმერთმა შეასრულა, ხორციელად. მთელი მართვის საქმის უმთავრესი არსი სატანის გავლენისგან ადამიანის ხსნაა. მთავარია, გახრწნილი ადამიანები ერთთავად ისე დაიპყრო, რომ შესაძლებელი იყოს დაპყრობილთა თავდაპირველი ღვთის მოშიში გულის აღდგენა, მათ მიერ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების მიღწევა, რომელიც, ასე ვთქვათ, ქმნილების ჩვეულებრივი ცხოვრებაა. ამ საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის მართვის საქმის დედაარსია. ხსნის საქმის სამი ეპოქიდან პირველი, რჯულის ეპოქის საქმის პირველი ეტაპი შორს იყო მართვის საქმის დედაარსისგან. ის მხოლოდ უმნიშვნელოდ ჰგავდა ხსნის საქმეს და არ წარმოადგენდა სატანის ძალისგან ადამიანის გადარჩენის ღვთის საქმის დასაწყისს. საქმის პირველი ეტაპი უშუალოდ სულის მიერ განხორციელდა, რამეთუ, რჯულის მიხედვით, ადამიანმა მხოლოდ რჯულის დაცვა იცოდა და უფრო დიდი სიმართლე არ გააჩნდა, ხოლო რამეთუ რჯულის ეპოქაში საქმე ძნელად თუ გულისხმობდა ადამიანის ზნის შეცვლას, იგი ბევრად ნაკლებად უკავშირდებოდა სატანის ძალისგან ადამიანის გადარჩენის საქმესაც. ამგვარად განასრულა ღვთის სულმა საქმის უკიდურესად მარტივი ეტაპი, რომელიც ადამიანის გახრწნილ ზნეს არ ეხებოდა. ამ ეტაპს ნაკლები საერთო ჰქონდა მართვის დედაარსთან და არცთუ დიდად უკავშირდებოდა ადამიანის ხსნის ფორმალურ საქმეს. შესაბამისად, ის არც ღვთის განკაცებას საჭიროებდა იმისთვის, რომ უშუალოდ ღმერთს აღესრულებინა თავისი საქმე. სულის მიერ შესრულებული საქმე დაფარული და მიუწვდომელია, დიდად დამაფრთხობელი და მიუწვდომელი ადამიანისთვის. ხსნის საქმის პირდაპირ კეთება არ შეეფერება სულს, არც ადამიანისთვის ცხოვრების პირდაპირ მინიჭება. ადამიანს ყველაზე მეტად სულის საქმის იმგვარ მიდგომად გარდაქმნა შეეფერება, რომელიც ახლობელია მისთვის. ასე ვთქვათ, ადამიანს ყველაზე მეტად შეეფერება ის, რომ, თავისი საქმის საკეთებლად, ღმერთი იქცეს რიგით, ჩვეულებრივ ადამიანად. ეს მოითხოვს, რომ ღმერთი განკაცდეს და სულის ნაცვლად თავად აღასრულოს თავისი საქმე, ადამიანისთვის კი არ არსებობს უფრო შესაფერისი გზა, რომლითაც ღმერთი იმოქმედებს. საქმის სამი ეტაპიდან, ორი ხორცის მიერ ხორციელდება. ეს ორი ეტაპი მართვის საქმის მთავარ ფაზებს წარმოადგენს. ორი განკაცება ურთიერთშემავსებელია და სავსებით ავსებს ერთმანეთს. ღვთის განკაცების პირველმა ეტაპმა საფუძველი ჩაუყარა მეორეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი განკაცება ერთ მთლიანობას ქმნის და არ არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. ღვთის საქმის ეს ორი ეტაპი ხორციელდება ღვთის მიერ, განკაცებულ რაობაში, რადგან მათ მეტად დიდი მნიშვნელობა აქვთ მართვის მთელ საქმეში. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ორი განკაცების საქმის გარეშე მართვის მთელი საქმე შეჩერდებოდა, ხოლო კაცობრიობის ხსნის საქმე სხვა არაფერი იქნებოდა, ცარიელი სიტყვების გარდა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირდება კაცობრიობას, რამდენად რეალურია კაცობრიობის ბიწიერება და რამდენად საშიშია სატანის დაუმორჩილებლობა თუ მის მიერ საქმის დარღვევა. მავანის ამოცანისთვის შესაფერისობა ეფუძნება მუშაკის მიერ შესრულებული საქმის ბუნებასა და მნიშვნელობას. როცა საქმის მნიშვნელობაზე მიდგება ჯერი, მეთოდის არჩევის თვალსაზრისით - საქმის უშუალოდ ღვთის სულის მიერ შესრულება იქნება, განკაცებული ღმერთის თუ ადამიანის მეშვეობით, - პირველ ყოვლისა, ადამიანის მეშვეობით შესრულებული საქმე იქნება უგულებელყოფილი. საქმის ბუნებიდან, ასევე ხორცისა და სულის საქმის შეპირისპირების საფუძველზე, საბოლოოდ წყდება, რომ ადამიანისთვის ხორცის მიერ ნაკეთები საქმე უფრო სასარგებლოა, ვიდრე უშუალოდ სულის მიერ ნაკეთები საქმე და მას მეტი უპირატესობა აქვს. ასეთი იყო ღვთის აზრი იმ დროისთვის, როდესაც გადაწყდა, საქმე სულის მიერ შესრულებულიყო თუ ხორცის. თითოეულ ეტაპს თავისი მნიშვნელობა და საფუძველი აქვს. საქმის არცერთი ეტაპი არ ეფუძნება უსაფუძვლო წარმოსახვებს და არც მათი შესრულებაა თვითნებური. განსაზღვრული სიბრძნეა მათში. ასეთია ნამდვილი ამბავი ღვთის ყოველი საქმის უკან. კერძოდ, კიდევ უფრო დიდია ღვთის გეგმა ისეთ დიდ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც განკაცებული ღმერთი უშუალოდ მოქმედებს ადამიანთა შორის. ამიტომ ღვთის სიბრძნე და განუყოფლობა მისი არსებისა აირეკლება მისივე საქმის ყოველ მოქმედებაში, აზრსა და განზრახვაში. ეს არის ღვთის უფრო კონკრეტული და სისტემატური არსი. ადამიანისთვის რთულია ამ სათუთ აზრთა და განზრახვათა წარმოსახვა, მათი დაჯერებაც რთულია ადამიანისთვის, მეტიც, მათი შეცნობაც კი ეძნელება ადამიანს. ადამიანის მიერ შესრულებული საქმე სრულდება საზოგადო პრინციპის მიხედვით, რომელიც მეტად დამაკმაყოფილებელია ადამიანისთვის, თუმცა, ღვთის საქმესთან შედარებით, უბრალოდ მეტისმეტი შეუსაბამობაა. მიუხედავად იმისა, რომ დიდია ღვთის ქმედებანი და ღვთის საქმეც გრანდიოზული მასშტაბისაა, მათ უკან ადამიანისთვის წარმოუდგენელი მრავალი დეტალური და ზუსტი გეგმა თუ წესრიგი დგას. ღვთის საქმის თითოეული ეტაპი არა მარტო ხორციელდება პრინციპის მიხედვით, არამედ შეიცავს ადამიანის ენაზე გამოუთქმელ, ადამიანისთვის უხილავ მრავალ რამეს. სულის საქმე იქნება თუ განკაცებული ღვთისა, ერთიც და მეორეც მოიცავს ღვთის საქმის გეგმებს. ღმერთი არც უმიზეზოდ მოქმედებს და არც უაზრო საქმეს ასრულებს. როდესაც უშუალოდ სული მოქმედებს, ეს ღვთის მიზნებით ხდება, ხოლო როდესაც ღმერთი განკაცდება (ასე ვთქვათ, როდესაც გარდაქმნის თავის გარეგან ფორმას) საქმისთვის, აქ მისი განზრახვა კიდევ უფრო მეტად ჭარბობს. სხვა რისთვის უნდა შეიცვალოს მან ასე უმალ თავისი არსი? კიდევ რატომ უნდა გადაიქცეს ასე უმალ ადამიანად, რომელსაც არაფრად აგდებენ და დევნიან?
უაღრესად მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც ღმერთი ხორციელად იქმს, ხოლო ის, ვინც საბოლოოდ განასრულებს საქმეს, განკაცებული ღმერთია და არა სული. ზოგიერთს სწამს, რომ ღმერთი შეიძლება ოდესმე მოვიდეს დედამიწაზე, გამოჩნდეს კაცთა შორის და პირადად განიკითხოს მთელი კაცობრიობა, სათითაოდ გამოცადოს ადამიანები ისე, რომ არ გამორჩეს არავინ. მათ, ვინც ასე ფიქრობს, არ იციან, რას წარმოადგენს განკაცებული ღვთის საქმის ეს ეტაპი. ერთიმეორის მიყოლებით როდი განიკითხავს ღმერთი ადამიანებს, არც სათითაოდ გამოცდის მათ. განკითხვის საქმე არ იქნებოდა ასეთი რამ. განა მთელი კაცობრიობა ერთნაირად გახრწნილი არ არის? განა ერთი და იგივე არსი არა აქვს მთელ კაცობრიობას? განკითხვის საგანი კაცობრიობის გახრწნილი არსია, ადამიანის არსი, რომელიც სატანას გაუხრწნია, და მისი ყველა ცოდვა. არ განიკითხავს ღმერთი ადამიანის წვრილმანსა და უმნიშვნელო შეცოდებებს. განკითხვის საქმე წარმომადგენლობითია და არ ხორციელდება რომელიმე კონკრეტული ადამიანისთვის. უფრო სწორად, ეს არის საქმე, რომლის ფარგლებშიც ადამიანთან ჯგუფი იმისთვის განიკითხება, რომ წარმოდგენილ იქნას მთელი კაცობრიობის განკითხვა. განკაცებული ღმერთის მიერ ერთი კონკრეტული ჯგუფისკენ უშუალოდ მის მიერ მიმართული საქმე მთელი კაცობრიობისკენ მიმართული საქმეა, რომელიც შემდეგ თანდათან ვრცელდება. ასეთია განკითხვის საქმე. ღმერთი არ განიკითხავს კონკრეტული ტიპის ადამიანს ანდა ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს. ნაცვლად ამისა, ის მთელი კაცობრიობის ბიწიერებას განიკითხავს, იმას, თუ როგორ უპირისპირდება ადამიანი ღმერთს, როგორ არა აქვს მისი შიში, როგორ ცდილობს ჩაშალოს მისი საქმე. განიკითხება კაცობრიობის არსი, როგორც ღმერთთან დაპირისპირება, და განკითხვის ეს საქმე წარმოადგენს უკანასკნელი დღეების დაპყრობის საქმეს. ადამიანისთვის ხილული განკაცებული ღვთის საქმე და სიტყვა განკითხვის საქმეა, რომელიც უკანასკნელ დღეებში დიდი თეთრი ტახტის წინაშე აღსრულდება. ეს ის არის, რასაც ადამიანები წარსულში თავიანთ წარმოდგენებში ინახავდნენ. საქმე, რომელსაც განკაცებული ღმერთი ამჟამად იქმს, სწორედ თეთრი ტახტის წინაშე აღსრულებული განკითხვაა. დღევანდელი განკაცებული ღმერთი ის ღმერთია, რომელიც უკანასკნელ დღეებში მთელ კაცობრიობას განიკითხავს. ეს ხორცი, ასევე მისი საქმე, სიტყვა და მთელი მისი ხასიათი ღვთის მთლიანობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხორცის საქმის მასშტაბი შეზღუდულია და უშუალოდ მთელ სამყაროს არ მოიცავს, განკითხვის საქმის არსი არა ჩინეთის რჩეული ხალხის ანდა ადამიანთა მცირე რაოდენობის, არამედ მთელი კაცობრიობის უშუალო განკითხვაში მდგომარეობს. ღვთის მიერ ხორციელად ქმნილი საქმე, თუმცა კი არ მოიცავს მთელ სამყაროს, მთელი სამყაროს საქმეს წარმოადგენს და მას შემდეგ, რაც განსრულდება ხორციელად ქმნილის ფარგლებში, ღმერთი უმალ განავრცობს მას სამყაროს ყოველ ადგილამდე, ისევე, როგორც იესოს სახარება გავრცელდა მისი მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების შემდეგ. მიუხედავად იმისა, საქმე სულისაა თუ ხორცის, ის შეზღუდულ მასშტაბში ხორციელდება და ამავდროულად წარმოადგენს მთელი სამყაროს საქმეს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ღმერთი თავისი განკაცებული არსით იქმს თავის საქმეს, ხოლო ხორციელი ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ადამიანს დიდი თეთრი ტახტის წინაშე განიკითხავს. მიუხედავად იმისა, სულია თუ ღმერთი, ის, ვინც იქმს განკითხვის საქმეს, არის ღმერთი, რომელიც უკანასკნელ დღეებში კაცობრიობას განიკითხავს. ეს განისაზღვრება მისი საქმით და არა მისი გარეგნობით თუ რამდენიმე სხვა ფაქტორით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქვთ ამ სიტყვებთან დაკავშირებული წარმოდგენები, ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ განკაცებული ღმერთი მთელ კაცობრიობას განიკითხავს და დაიპყრობს. მიუხედავად იმისა, თუ რა აზრისაა ადამიანი ამაზე, ფაქტები, ბოლოს და ბოლოს, ფაქტებია. ვერავინ იტყვის, რომ „ღმერთი იქმს საქმეს, ხორცი კი არაა ღმერთი“. ეს შეხედულება მცდარია, რამეთუ ვერავინ იქმს ამ საქმეს, ხორციელი ღვთის გარდა. რამეთუ განსრულებულია ეს საქმე, ამიერიდან მეორედ აღარ განიკითხავს ღმერთი ადამიანს. მეორედ განკაცებულმა ღმერთმა უკვე განასრულა მთელი მართვის ყოველი საქმე და ღვთის საქმის მეოთხე ეტაპიც აღარ იქნება. რამეთუ ადამიანია ის, ვინც განიკითხეს, ხორციელი ადამიანი, რომელიც გახრწნეს. სატანის სულიც არ არის ის, ვინც უშუალოდ განიკითხება, ამდენად, განკითხვის საქმე აღსრულდება არა სულიერ სამყაროში, არამედ ადამიანთა შორის. არავინ შეეფერება და შეესაბამება ადამიანის ხორცის გახწრნილების განკითხვას განკაცებულ ღმერთზე მეტად. უშუალოდ ღვთის სული რომ განიკითხავდეს, განკითხვა ყოვლისმომცველი იქნებოდა, მეტიც, ადამიანს ამის მიღება გაუჭირდებოდა, რამეთუ სული პირისპირ ვერ მივა ადამიანთან. ამის გათვალისწინებით, შედეგები ვერ იქნებოდა მეყსეული, ადამიანი კი კიდევ უფრო ნაკლებმკაფიოდ აღიქვამდა ღვთის ხასიათის დაურღვევლობას. სატანის სრულად დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი კაცობრიობის გახრწნილებას ხორციელი ღმერთი განიკითხავს. ხორციელი ღმერთი ადამიანიცაა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება აქვს და შეუძლია უშუალოდ განიკითხოს ადამიანის ბიწიერება. ესაა მისი ბუნებითი სიწმინდის და განსაკუთრებულობის ნიშანი. მხოლოდ ღმერთს ძალუძს და ხელეწიფება განიკითხოს ადამიანი, რამეთუ მისია სიმართლე და უბიწოება, ამიტომ მას შეუძლია განიკითხოს ადამიანი. ვისაც სიმართლე და უბიწოება არა აქვს, არ გამოდგება სხვათა განკითხვისთვის. ღვთის სული რომ იქმოდეს ამ საქმეს, ეს არ იქნებოდა სატანაზე გამარჯვება. მოკვდავ არსებებთან შედარებით, სული თავისთავად უფრო ამაღლებულია, ხოლო ღვთის სული წმინდაა და ხორცზე გამარჯვებულია თავისთავად. ამ საქმეს უშუალოდ რომ იქმოდეს სული, ის ვერ განიკითხავდა ადამიანის ყოველგვარ ურჩობას და ვერ გამოააშკარავებდა მის ყოველგვარ მანკიერებას. რაკი განკითხვის საქმე ღვთის შესახებ ადამიანის წარმოდგენებითაც აღსრულდება, ხოლო ადამიანს არასოდეს ჰქონია წარმოდგენები სულის შესახებ, სულსაც არ ძალუძს უკეთ გამოააშკარაოს ადამიანის მანკიერება, მით უფრო არ შეუძლია სრულად ამხილოს იგი. განკაცებული ღმერთი ყველას მტერია, ვინც მას არ იცნობს. ადამიანების წარმოდგენებისა და მისდამი ადამიანის წინააღმდეგობის განკითხვით ის კაცობრიობის მთელ ურჩობას ამხელს. ხორცში მისი საქმის შედეგები უფრო აშკარაა, ვიდრე სულის საქმის შედეგები. შესაბამისად, მთელი კაცობრიობის განკითხვა არა უშუალოდ სულის, არამედ განკაცებული ღვთის საქმეა. ადამიანს შეუძლია დაინახოს ხორციელი ღმერთი, შეეხოს მას, ხოლო ხორციელ ღმერთს შეუძლია მისი სრულად დაპყრობა. ადამიანი ვითარდება ღმერთთან დაპირისპირებიდან მისდამი მორჩილებამდე, ღვთის დევნიდან მის მიღებამდე, ღვთის შესახებ წარმოდგენებიდან მის შეცნობამდე, ღვთის უარყოფიდან მის სიყვარულამდე. ესაა განკაცებული ღვთის საქმის შედეგები. ადამიანის ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის განკითხვის მიღებით. ღვთის სიტყვების მეშვეობით, მხოლოდ თანდათანობით შეიცნობს ადამიანი ღმერთს. ადამიანი დაპყრობილია ღვთის მიერ მაშინ, როცა უპირისპირდება მას და იღებს მისგან უშრეტ სიცოცხლეს, როდესაც იღებს მკაცრ ღვთიურ სასჯელს. ეს ყველაფერი ხორციელი ღვთის საქმეა და არა ღვთის, როგორც სულიერი რაობის. დიდებულზე დიდებულია, უდიდესია საქმე, რომელსაც განკაცებული ღმერთი იქმს, ხოლო ღვთის საქმის სამი ეტაპის ძირითად ნაწილს განკაცების საქმის ორი ეტაპი წარმოადგენს. განკაცებული ღვთის საქმე მეტისმეტად დიდ დაბრკოლებებს აწყდება ადამიანის ღრმა გახრწნილების გამო. კერძოდ, უკანასკნელი დღეების ადამიანებისაკენ მიმართული საქმე კიდევ უფრო დიდ სიძნელეებს უკავშირდება, გარემოც მტრულია და ყველანაირი ადამიანის გაქანებაც ერთობ მცირეა. და მაინც, როცა ეს საქმე განსრულდება, სათანადო შედეგიც უზადოდ მიიღწევა, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. ასეთია ხორცის საქმის შედეგი და ის სულის საქმის შედეგზე ბევრად უფრო დამაჯერებელია. ღვთის საქმის სამი ეტაპი ხორციელად უნდა დასრულდეს, თანაც განკაცებული ღვთის მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საქმე ხორციელად სრულდება, ხოლო ადამიანი ხორციელმა ღმერთმა უნდა იხსნას, სხვამ არავინ. მიუხედავად იმისა, რომ მთელ კაცობრიობას ჰგონია, თითქოს ხორციელ ღმერთს კავშირი არ ჰქონდეს ადამიანთან, სინამდვილეში ეს ხორცი მთელი კაცობრიობის ბედსა და არსებობას უკავშირდება.
ღვთის საქმის ყოველი ეტაპი ხორციელდება მთელი კაცობრიობისთვის და მიმართულია მთელი კაცობრიობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხორცშესხმული ღვთის საქმეა, ის მაინც მთელი კაცობრიობისკენაა მიმართული. ის მთელი კაცობრიობის ღმერთია, ყველა შექმნილი და არშექმნილი არსების ღმერთი. მართალია, ხორციელში ღვთის საქმის ფარგლები და ამ საქმის ობიექტიც შეზღუდულია, ყოველ ჯერზე, როცა კი თავისი საქმის შესასრულებლად განკაცდება, ღმერთი თავისი საქმის ობიექტს ირჩევს, რომელიც უაღრსესად სანიმუშოა. თავისი საქმისთვის ღმერთი ირჩევს არა უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ ისეთი ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ განკაცებული ღვთის საქმე. ადამიანთა ამგვარი ჯგუფი აირჩევა იმიტომ, რომ განკაცებული ღვთის საქმის ფარგლები შეზღუდულია. ის მზადდება საგანგებოდ განკაცებული ღვთისთვის და შეირჩევა საგანგებოდ განკაცებული ღვთის საქმისთვის. ღვთის მიერ თავისი საქმის ობიექტის შერჩევა საფუძველს კი არ არის მოკლებული, არამედ შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება: საქმის ობიექტი სასარგებლო უნდა იყოს ხორციელი ღვთის საქმისთვის და უნდა წარმოადგენდეს მთელ კაცობრიობას. მაგალითად, ებრაელებმა შეძლეს წარმოედგინათ მთელი კაცობრიობა იესოს მიერ ცოდვათა პირადად გამოსყიდვის მიღებაში, ხოლო ჩინელებს შეუძლიათ წარმოადგინონ მთელი კაცობრიობა განკაცებული ღვთის პირად დაპყრობაში. არსებობს საფუძველი ებრაელთა მიერ მთელი კაცობრიობის წარმოდგენისთვის და ასევე არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ ჩინელმა ხალხმა წარმოადგინოს მთელი კაცობრიობა ღვთის პირადი დაპყრობის მიღებაში. არაფერი გამოაჩენს ცოდვის ტყვეობიდან გამოსყიდვას ებრაელთა შორის განხორციელებულ გამოსყიდვაზე უკეთ და არაფერი გამოაჩენს დაპყრობის საქმის სისრულესა და კარგ შედეგს ჩინელ ხალხს შორის განხორციელებულ დაპყრობაზე უკეთ. განკაცებული ღვთის სიტყვა და საქმე თითქოს მცირე ჯგუფისკენაა მიმართული, თუმცა, სინამდვილეში, მისი საქმე მთელი სამყაროს საქმეა და მისი სიტყვაც, ამ მცირე ჯგუფში თქმული, მიმართულია მთელი კაცობრიობისადმი. მას შემდეგ, რაც განსრულდება განკაცებული ღვთის საქმე, თავიანთ წიაღში ქმნილი საქმის გავრცელებას დაიწყებენ მისი მიმდევრები. ღვთის ხორციელად ქმნილი საქმის უდიდესი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთს ძალუძს თავის მიმდევრებს კაცობრიობისთვის დაუტოვოს ზუსტი სიტყვები, შეგონებები და მკაფიო ზრახვები, რათა მათ შემდგომში შეძლონ უფრო ზედმიწევნით და პრაქტიკულად გაავრცელონ ხორცშესხმული ღვთის საქმე და მთელ კაცობრიობასთან დაკავშირებული ზრახვები მათ შორის, ვინც იღებს ამ გზას. მხოლოდ ხორციელ ღმერთს, რომელიც იღვწის ადამიანთა შორის, შეუძლია სინამდვილედ აქციოს ადამიანის გვერდით ღვთის ცხოვრება, არსებობა და აუსრულოს ადამიანს სურვილი იხილოს ღვთის სახე, იყოს მოწმე ღვთის საქმისა და ისმინოს უშუალოდ ღვთის სიტყვა. განკაცებული ღმერთი ასრულებს ხანას, როდესაც კაცობრიობა მხოლოდ იეჰოვას ზურგს ხედავდა. ის ასევე დაასრულებს ხანას, როდესაც კაცობრიობას ბუნდოვანი ღმერთები სწამდა. კერძოდ, ღვთის ბოლო განკაცების საქმეს კაცობრიობა შეჰყავს ხანაში, რომელიც უფრო რეალისტური, უფრო ნამდვილი და მშვენიერია. ეს საქმე არა მხოლოდ ასრულებს რჯულისა და წესების ხანას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, წარმოუჩენს კაცობრიობას ღმერთს, რომელიც ნამდვილი და ჩვეულებრივია, მართალი და წმინდაა, ღმერთს, რომელიც გამოააშკარავებს მართვის საქმის გეგმას და გაუმჟღავნებს კაცობრიობას საიდუმლოებსა თუ დანიშნულების ადგილს, მას, ვინც შექმნა კაცობრიობა, და განასრულებს მართვის საქმეს, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში დაფარულია. ეს საქმე აბსოლუტურად ასრულებს ბუნდოვანების ხანას, ხანას, რომლის განმავლობაშიც კაცობრიობა ნატრობდა მოეძებნა ღვთის სახე და არ შეეძლო. იგი ასრულებს ხანას, რომლის განმავლობაშიც მთელი კაცობრიობა სატანას ემსახურებოდა, და ბოლომდე მიუძღვის მას სრულებით ახალ ხანაში. ეს ყველაფერი შედეგია საქმისა, რომელსაც ხორცშესხმული ღმერთი იქმს, ღვთის სულის ნაცვლად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი ხორციელად იქმს თავის საქმეს, მისი მიმდევრები აღარ ესწრაფვიან და ხელის ცეცებით აღარ დაეძებენ იმას, რაც თან არსებობს და თან არ არსებობს, აღარ ცდილობენ გამოიცნონ, რა განუზრახავთ ბუნდოვან ღმერთებს. როდესაც ღმერთი გაავრცელებს თავის ხორციელ საქმეს, მისმა მიმდევრებმა უნდა გადასცენ მის მიერ განსრულებული საქმე ყველა რელიგიასა და სარწმუნოებას, უნდა მიაწვდინონ მისი სიტყვა ყოველი ადამიანის სმენას. ყველაფერი, რასაც ისმენენ ისინი, ვინც იღებს ღვთის სახარებას, უნდა იყოს ფაქტები ღვთის საქმიდან, ის, რაც პირადად უნახავთ და მოუსმენიათ, ფაქტები და არა ყურმოკრული რამ. ეს ფაქტები მტკიცებულებებია, რომელთა მეშვეობით ღმერთი ავრცელებს თავის საქმეს, და ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის თავისი საქმის გასავრცელებლად იყენებს. ფაქტები რომ არა, ღვთის სახარება არ გავრცელდებოდა ყველგან, ყველა ქვეყანაში. ფაქტები რომ არა, მარტოოდენ ადამიანის წარმოსახვათა ანაბარად, ღმერთი ვერასოდეს შეასრულებდა მთელი სამყაროს დაპყრობის საქმეს. ძნელად აღსაქმელი და უხილავია ადამიანისთვის სული, ხოლო სულის საქმე ვერ დაუტოვებს ადამიანს ღვთის საქმის შესახებ მეტ მტკიცებულებასა თუ ფაქტებს. ადამიანი არასოდეს იხილავს ღვთის ნამდვილ სახეს და ყოველთვის იწამებს არარსებულ ბუნდოვან ღმერთს. ადამიანი არასოდეს იხილავს ღვთის სახეს და არასოდეს მოისმენს უშუალოდ ღვთის მიერ ნათქვამ სიტყვებს. ადამიანის წარმოსახვა, ბოლოს და ბოლოს, ცარიელია და ვერ ჩაანაცვლებს ნამდვილი ღვთის სახეს; ვერ განასახიერებს ადამიანი ღვთიურ ბუნებასა და საქმეს. უხილავი ზეციური ღმერთი და მისი საქმე მხოლოდ და მხოლოდ განსხეულებულმა, ადამიანთა შორის თავისი საქმის პირადად საკეთებლად მოსულმა ღმერთმა შეიძლება მოიტანოს მიწაზე. ეს არის ყველაზე სრულყოფილი გზა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი წარდგება ადამიანის წინაშე, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ხედავს ღმერთს და შეიცნობს მის ნამდვილ სახეს. ხორშეუსხმელად ღმერთი ამას ვერ მიაღწევს. თავისი საქმის ამ ეტაპამდე მოყვანით ღმერთმა უკვე მიაღწია საუკეთესო შედეგსა და სრულ წარმატებას. უშუალოდ ხორცშესხმული ღვთის მიერ ნაკეთები საქმე უკვე შეადგენს მთელი მისი მართვის ოთხმოცდაათ პროცენტს. ამ ხორცმა უზრუნველყო ღვთის მთელი საქმის უკეთ დაწყება და ღვთის მთელი საქმის დასრულება. ამ ხორცმა გაავრცელა ღვთის მთელი საქმე და საბოლოოდ საგულდაგულოდ შეავსო ღვთის მთელი საქმე. ამიერიდან არ იქნება სხვა განკაცებული ღმერთი, რომელიც შეასრულებს ღვთის საქმის მეოთხე ეტაპს, და არასოდეს იარსებებს მესამედ განკაცებული ღვთის არავითარი საკვირველი საქმე.
ხორციელად ყოფნისას ღვთის მიერ განსრულებული საქმის ყოველი ეტაპი მთელი ხანისთვის განკუთვნილ საქმეს წარმოადგენს და არა კონკრეტული პერიოდისას, როგორც ადამიანის საქმის შემთხვევაშია. ამგვარად, მისი უკანასკნელი განკაცებისას შესრულებული საქმის დასრულება არ ნიშნავს, რომ მისი საქმე საბოლოოდაა დასრულებული, რადგან მისი საქმე ხორციელად ყოფნისას ვრცელდება მთელ ხანაზე და არა მხოლოდ პერიოდზე, როდესაც ის ხორციელად აკეთებს თავის საქმეს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ის აღასრულებს მთელი ხანის საქმეს თავისი განკაცების დროს, რის შემდეგაც ეს საქმე ყველგან გავრცელდება. განასრულებს რა თავის მსახურებას, განკაცებული ღმერთი მიმდევრებს მიანდობს თავის მომავალ საქმეს. ამგვარად, შეუფერხებლად გაგრძელდება მთელი ხანისთვის განკუთვნილი მისი საქმე. განკაცების მთელი ხანის საქმე განსრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ის ყველა ადგილს მოიცავს სამყაროში. ახალი ხანა იწყება განკაცებული ღვთის საქმით, ხოლო ღვთის საქმეს განაგრძობენ ისინი, ვისაც ღმერთი იყენებს. საქმე, რომელსაც ადამიანი აკეთებს, ერთთავად ნაწილია ხორცშესხმული ღვთის მსახურებისა და ვერაფრით გასცდება მის ფარგლებს. განკაცებული ღმერთი თავისი საქმის შესასრულებლად რომ არ მოსულიყო, ადამიანი ვერც ძველ ხანას დაასრულებდა და ვერც ახალს დაუდებდა დასაბამს. ადამიანის საქმე მხოლოდ იმ მოვალეობის ფარგლებშია, რომლის შესრულებაც ადამიანს შეუძლია და არ წარმოადგენს ღვთის საქმეს. მხოლოდ განკაცებულ ღმერთს შეუძლია მოვიდეს და განასრულოს საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს. ღვთის სახელით ვერავინ გააკეთებს ამ საქმეს. რა თქმა უნდა, ხორცშესხმის საქმეს ეხება, რასაც ვამბობ. განკაცებული ღმერთი, თავდაპირველად დგამს ნაბიჯს, რომელიც ადამიანის წარმოდგენებს არ შეესაბამება, შემდეგ კი ადამიანის წარმოდგენებთან შეუსაბამო კიდევ უფრო მეტ საქმეს იქმს. ამ საქმის მიზანი ადამიანის დაპყრობაა. ღვთის განკაცება, ერთი მხრივ, არ შეესაბამება ადამიანის წარმოდგენებს და თან ღმერთიც ადამიანის წარმოდგენებთან შეუსაბამო მეტ საქმეს იქმს. შესაბამისად, ადამიანს კიდევ უფრო კრიტიკული შეხედულებები უყალიბდება ღვთის შესახებ. ადამიანის დაპყრობის საქმეს ღმერთი უბრალოდ მათ შორის იქმს, ვისაც ურიცხვი წარმოდგენა აქვს მის შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოექცევიან, განასრულებს თუ არა ღმერთი თავის მსახურებას, ყველა ადამიანი დაემორჩილება მის ხელმწიფებას. ეს საქმე, როგორც ფაქტი, არა მხოლოდ ასახულია ჩინელ ხალხში, არამედ აჩვენებს, თუ როგორ დაიპყრობა მთელი კაცობრიობა. ამ ადამიანებზე მიღწეული გავლენა წინ უძღვის ზემოქმედებას, რომელიც მთელ კაცობრიობაზე მიიღწევა, ხოლო შედეგები საქმისა, რომელსაც მომავალში იქმს ღმერთი, სულ უფრო მეტად გადააჭარბებს ამ ადამიანებთან დაკავშირებით მიღწეულ შედეგებს. ხორცშესხმული ღვთის საქმე არც დიდ ზარ-ზეიმს გულისხმობს და არც ბუნდოვანების საბურველშია გახვეული. ის ნამდვილი და ჭეშმარიტია. ის არის საქმე, რომელშიც ერთი ნიშნავს ერთს და ორი არის ორი. ის არც დაფარულია ვინმესგან და არც შეცდომაში შეჰყავს ვინმე. ყველაფერი, რასაც ადამიანები ხედავენ, ნამდვილი და უტყუარია, ხოლო ადამიანის მონაპოვარი პრაქტიკული ცოდნა და ჭეშმარიტებაა. როდესაც საქმე განსრულდება, ადამიანს ექნება ახალი ცოდნა ღვთის შესახებ, ხოლო ჭეშმარიტ მიმდევრებს აღარასოდეს ექნებათ რაიმენაირი წარმოდგენები მის შესახებ. ეს არა მხოლოდ ჩინელ ხალხზე ღვთის საქმის ზემოქმედების შედეგია, არამედ წარმოადგენს მთელი კაცობრიობის დაპყრობაში ღვთის საქმის შედეგს, რამეთუ არაფერია უფრო სასარგებლო მთელი კაცობრიობის დაპყრობის საქმისთვის, ვიდრე ეს ხორცი, მისი საქმე და ყველაფერი, რაც კავშირშია მასთან. ეს ყველაფერი სასარგებლოა ღვთის საქმისთვის დღესაც და სამომავლოდაც. მთელ კაცობრიობას დაიპყრობს და მთელ კაცობრიობას მოიპოვებს ეს ხორცი. მთელი კაცობრიობისთვის არ არსებობს უკეთესი საქმე, ვიდრე ის, რომლის მეშვეობითაც იხილავს ღმერთს, დაემორჩილება და შეიცნობს მას. საქმეს, რომელსაც ადამიანი ასრულებს, მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდული მასშტაბი აქვს, ხოლო როდესაც ღმერთი ასრულებს თავის საქმეს, ის ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არა, მთელ კაცობრიობას ელაპარაკება, ყველას, ვინც იღებს მის სიტყვას. შედეგების გამოცხადებისას ღმერთი აცხადებს ყველას შედეგს და არა ერთი კონკრეტული ადამიანისას. ის არავის ეპყრობა განსაკუთრებულად და არც არაფერს ურთულებს ვინმეს. მისი საქმე და სიტყვა მიმართულია მთელი კაცობრიობისკენ. ამიტომაც დაყო უკვე ამ განკაცებულმა ღმერთმა მთელი კაცობრიობა, განიკითხა მთელი კაცობრიობა და შესაფერისი ბედი განუსაზღვრა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი თავის საქმეს მხოლოდ ჩინეთში იქმს, სინამდვილეში მან უკვე მთელი სამყაროს საქმე აღასრულა. ღმერთი ვერ მოიცდის, სანამ მისი საქმე მთელ კაცობრიობას მოიცავს, რათა თავისი გამონათქვამები და გეგმები ნაბიჯ-ნაბიჯ მოიყვანოს სისრულეში. მეტისმეტად ხომ არ დაგვიანდებოდა? ახლა მას წინასწარ შეუძლია განასრულოს სამომავლო საქმე. რამეთუ ხორცშესხმული ღმერთია ის, ვინც იქმს, ის შეზღუდულ ფარგლებში განასრულებს უსასრულო საქმეს, ხოლო შემდეგ ადამიანს შეასრულებინებს ამ უკანასკნელის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას. ასეთია ღვთის საქმის პრინციპი. ღმერთმა მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება იცხოვროს ადამიანის გვერდით, მაგრამ მთელი ეპოქის საქმის განსრულებამდე მის გვერდით ვერ იქნება. ღმერთი რომ არის, ამიტომაც ამბობს წინასწარ, თუ რა იქნება მომავალში მისი საქმე. შემდეგ იგი სიტყვით დაყოფს მთელ კაცობრიობას და კაცობრიობაც, ღვთის სიტყვის შესაბამისად, შეაბიჯებს მის ეტაპობრივ საქმეში. ვერავინ დაუსხლტება, ამგვარად უნდა იმოქმედოს ყველამ. შესაბამისად, მომავალში ხანა წარიმართება ღვთის სიტყვით და არა სულის მიერ.
ხორცშესხმული ღვთის საქმე ხორციელად უნდა შესრულდეს. არავითარ შედეგს არ მოიტანდა ამ საქმის უშუალოდ ღვთის სულის მიერ შესრულება. თუნდაც სულის მიერ სრულდებოდეს, ის არც მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა და, საბოლოო ჯამში, არც დამაჯერებლობა გამოარჩევდა. ყველა ქმნილებას სურს იცოდეს, მნიშვნელოვანია თუ არა შემოქმედის საქმე, რას წარმოადგენს იგი, რა კეთდება მის გამო, არის თუ არა ღვთის საქმე აღსავსე ხელმწიფებითა და სიბრძნით, ატარებს თუ არა ის უმაღლეს ღირებულებასა და მნიშვნელობას. მთელი კაცობრიობის დასახსნელად სრულდება ღვთის საქმე, სატანის დასამარცხებლად და ღვთის დასამოწმებლად ყოველ არსებას შორის. ამრიგად, ღვთის საქმეს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. სატანამ გახრწნა ადამიანის ხორცი. ის ერთობ დაბრმავებული და ერთობ დაზიანებულია. უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ საქმობს უშუალოდ ხორცშესხმული ღმერთი, მდგომარეობს იმაში, რომ მისი ხსნის ობიექტს ადამიანი წარმოადგენს, ხორციელი არსება, თანაც ღვთის საქმის დასაბრკოლებლად ადამიანის ხორცს სატანაც იყენებს. სატანასთან ბრძოლა სინამდვილეში, ადამიანის დაპყრობის საქმეა, ადამიანი კი, ამავდროულად, ღვთისმიერი ხსნის ობიექტიცაა. ამგვარად, თავისი საქმის განსასრულებლად ღვთის ხორცად ქცევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. სატანამ ადამიანის ხორცი გახრწნა და ის იქცა სატანის განსახიერებად, იმად, რაც უნდა შემუსროს ღმერთმა. შესაბამისად, სატანასთან ბრძოლისა და კაცობრიობის ხსნის საქმეს ადგილი აქვს დედამიწაზე, ღმერთი კი ადამიანად უნდა იქცეს იმისთვის, რომ სატანას შეებრძოლოს. ეს უაღრესად პრაქტიკული მნიშვნელობის საქმეა. როდესაც ღმერთი ხორციელად საქმობს, ის, სინამდვილეში, სატანას ებრძვის ხორციელად. როდესაც ღმერთი ხორციელად საქმობს, ის თავის საქმეს სულიერ სამყაროშიც განასრულებს და სულიერ სფეროში განსრულებულ მთელ თავის საქმეს - მიწაზეც. ის, ვინც დაპყრობილია, ადამიანია, ადამიანი, რომელიც ღმერთს ეურჩება. დამარცხებული - სატანის განსახიერებაა (ცხადია, ესეც ადამიანია), ის, ვინც ღმერთს მტრობს და ვისაც საბოლოოდ დაიხსნიან, ასევე ადამიანია. მაშასადამე, ღვთისთვის კიდევ უფრო აუცილებელია გადაიქცეს ადამიანად, რომელსაც ქმნილი არსების ფორმა აქვს და, ამდენად, შეუძლია ნამდვილად შეებრძოლოს სატანას, დაიპყროს ადამიანი, რომელიც ღმერთს ეურჩება და მისებრი ფორმა აქვს, ის, და იხსნას ის, ვისაც ისეთივე გარეგანი ფორმა აქვს, როგორიც აქვს ღმერთს, და ვისაც სატანა აზიანებს. ადამიანი მისი მტერია, მის მიერ შექმნილია, მისი დასაპყრობი და დასახსნელია. შესაბამისად, ღმერთი უნდა იქცეს ადამიანად, რაც მის საქმეს ბევრად გააადვილებს. ასე მას შეუძლია დაამარცხოს სატანა, დაიპყროს კაცობრიობა და გადაარჩინოს კაცობრიობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხორცი ჩვეულებრივი და ნამდვილია, ღმერთი არ არის ჩვეულებრივი ხორცი: ღმერთი არ არის ხორცი, რომელიც მხოლოდ ადამიანურია, არამედ ხორცია, რომელიც ადამიანურიცაა და ღვთაებრივიც. ეს განასხვავებს ერთმანეთისგან ღმერთსა და ადამიანს, ესაა ღვთის რაობის ნიშანი. მხოლოდ ამგვარ ხორცს ძალუძს შეასრულოს საქმე, რომლის შესრულებაც ღმერთს განუზრახავს, მხოლოდ მას შეუძლია შეასრულოს ხორცშესხმული ღვთის მსახურება და ბოლომდე მიიყვანოს ადამიანთა შორის ღვთის საქმე. ასე რომ არ იყოს, ადამიანთა შორის მისი საქმე სულ მუდამ ცარიელი და ნაკლოვანი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს შეუძლია შეებრძოლოს სატანის სულს და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს, გახრწნილი ადამიანის ოდინდელ ბუნებას არაფერი ეშველება. ვინც ღმერთს ეურჩება და ეწინააღმდეგება, ვერასოდეს დაექვემდებარება მის ხელმწიფებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ვერასოდეს დაიპყრობს კაცობრიობას, ვერასოდეს მოიპოვებს მთელ კაცობრიობას. თუკი მიწაზე ვერ გადაწყდება მისი საქმე, არც მისი მართვა განსრულდება ოდესმე და მთელი კაცობრიობაც ვერასოდეს პოვებს სიმშვიდეს. თუ ღმერთი, თავის ყველა ქმნილებასთნ ერთად, ვერ პოვებს სიმშვიდეს, მაშინ მართვის საქმესაც ვერასოდეს ექნება შედეგი და, აქედან გამომდინარე, ღვთის დიდებაც გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხორცს ძალაუფლება არა აქვს, მაინც შედეგიანი იქნება საქმე, რომელსაც ის იქმს. ასეთია ღვთის საქმის გარდაუვალი მიმართულება. მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მის ხორცს ძალაუფლება, სანამ ღვთის საქმის შესრულება ძალუძს, იგი თავად ღმერთია. მიუხედავად იმისა, რამდენად ჩვეულებრივი და უბრალოა ეს ხორცი, ღმერთს შეუძლია ქმნას საქმე, რომელიც უნდა ქმნას, ვინაიდან მხოლოდ ადამიანი კი არა, ღმერთიცაა. მიზეზი, რომლის გამოც ამ ხორცს შეუძლია შეასრულოს ადამიანისთვის შეუსრულებელი საქმე, მდგომარეობს იმაში, რომ ღვთის შინაგანი არსი არ ჰგავს არც ერთი ადამიანის შინაგან არსს, ხოლო მიზეზი, რომლის გამოც ღმერთს შეუძლია ადამიანის ხსნა. გახლავთ ის, რომ ღვთის რაობა განსხვავდება ნებისმიერი ადამიანის რაობისგან. ეს ხორცი კაცობრიობისთვის ამდენად მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ადამიანიცაა და ღმერთიც, რამეთუ ძალუძს იმგვარ საქმეთა ქმნა, რომელსაც ვერცერთი ჩვეულებრივი ხორციელი ადამიანი ვერ იქმს და შეუძლია ხსნა გახრწნილი ადამიანისა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანიცაა, განკაცებული ღმერთი კაცობრიობისთვის ნებისმიერ დაფასებულ პიროვნებაზე მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია იმგვარი საქმის ქმნა, რომელსაც ღვთის სული ვერ იქმს, რამეთუ ღვთის სულზე მეტად შეუძლია თავად ღმერთის დამოწმება, ღვთის სულზე მეტად ძალუძს მოიპოვოს მთელი კაცობრიობა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხორცი ჩვეულებრივი და უბრალოა, კაცობრიობის წინაშე ღვთის წვლილისა და კაცობრიობის არსებობაში მისი მნიშვნელობის თვალსაზრისით, ის მეტისმეტად ძვირფასია, ამიტომ ამ ხორცის ნამდვილი ფასი და მნიშვნელობა ნებისმიერი ადამიანისთვის განუზომელია. მართალია, ამ ხორცს არ შეუძლია სატანა უშუალოდ მოსრას, მას ძალუძს, თავისი საქმის მეშვეობით დაიპყროს კაცობრიობა, დაამარცხოს სატანა და სრულად დაუქვემდებაროს იგი თავის ხელმწიფებას. სატანის დამარცხება და კაცობრიობის ხსნა ღმერთს იმიტომ შეუძლია, რომ განკაცებულია. ის უშუალოდ კი არ ანადგურებს სატანას, არამედ სატანის მიერ გახრწნილი კაცობრიობის დაპყრობის საქმის შესასრულებალად გადაიქცევა ხორცად. ამგვარად, მას უკეთ შეუძლია დაემოწმოს საკუთარ თავს თავისივე ქმნილებებს შორის და უკეთ შეუძლია გახრწნილი კაცობრიობის ხსნა. განკაცებული ღვთის მიერ სატანის დამარცხება უფრო დიდ მოწმობას წარმოადგენს და უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ღვთის სულის მიერ სატანის უშუალოდ განადგურება. ხორცშესხმული ღმერთი უფრო გამოადგება ადამიანს შემოქმედის შეცნობაში და უკეთაც დაემოწმება საკუთარ თავს თავისივე ქმნილებებს შორის.