მსჯელობა ეკლესიურ და რეალურ ცხოვრებაზე

ადამიანები თვლიან, რომ მათი ტრანსფორმაცია მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით არის შესაძლებელი. თუ ისინი ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობენ, ფიქრობენ, რომ ვერ მოახერხებენ გარდაქმნას, თითქოს ეს რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. ხედავთ ამაში პრობლემას? მე ადრეც ვისაუბრე ღმერთის რეალურ ცხოვრებაში შემოყვანაზე; მათთვის, ვისაც ღმერთის სწამს, ეს არის ღვთის სიტყვის რეალობაში შესვლის გზა. სინამდვილეში, ეკლესიური ცხოვრება ადამიანის სრულყოფის მხოლოდ შეზღუდული საშუალებაა. მისი სრულყოფის ძირითადი გარემო მაინც რეალური ცხოვრებაა. ეს არის ნამდვილი პრაქტიკა და ნამდვილი წვრთნა, რომელზეც მე ვისაუბრე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიაღწიონ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოავლინონ ჭეშმარიტი ადამიანის სახე. ერთი მხრივ, აუცილებელია სწავლა განათლების დონის ასამაღლებლად, ღვთის სიტყვის გასაგებად და გაგების უნარის გასავითარებლად. მეორე მხრივ, საჭიროა ადამიანი აღიჭურვოს ქცევის საბაზისო ცოდნით და განივითაროს ნორმალური ადამიანური გამჭრიახობა და გონიერება, რადგან ადამიანებს თითქმის მთლიანად აკლიათ ეს თვისებები. ამასთანავე, ადამიანმა ეკლესიური ცხოვრების გზით უნდა შეიტკბოს ღვთის სიტყვა და თანდათანობით მიაღწიოს ჭეშმარიტების მკაფიო გაგებას.

რატომ ამბობენ, რომ ღვთის რწმენა მოითხოვს ღმერთის რეალურ ცხოვრებაში შემოყვანას? ადამიანი გარდაიქმნება არა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით. გაცილებით მნიშვნელოვანია მისთვის რეალურ ცხოვრებაში შესვლა და რეალობის გათავისება. თქვენ ყოველთვის საუბრობდით თქვენს სულიერ მდგომარეობასა და სულიერ საკითხებზე და ამასთანავე უგულებელყოფდით რეალურ ცხოვრებაში ბევრი რამის პრაქტიკაში განხორციელებას და ასევე მათში შესვლას. თქვენ ყოველდღე წერდით, ყოველდღე უსმენდით და ყოველდღე კითხულობდით. საჭმლის მომზადების დროსაც კი ლოცულობდით: „ღმერთო! დაე, გახდე ჩემი სიცოცხლე ჩემში. რაც არ უნდა მოხდეს დღეს, გთხოვ, დამლოცე და მომანიჭე ნათელი. რაც არ უნდა მომფინო ნათელი დღეს, გთხოვ, მომეცი საშუალება, ამ მომენტში გავიგო ეს, რათა შენი სიტყვები ჩემს ცხოვრებად იქცეს.” სადილის დროს თქვენ ასევე ლოცულობდით: „ო, ღმერთო! შენ მოგვეცი ეს საჭმელი. დაგვლოცე. ამინ! დაე, ვიცხოვროთ შენით. დაე, იყო ჩვენთან. ამინ!” სადილის დასრულების შემდეგ და ჭურჭლის რეცხვისას დაიწყეთ ბუტბუტი: „ღმერთო ჩემო, მე ვარ ეს თასი. სატანამ გაგვხრწნა და გამოყენებულ თასებს დავემსგავსეთ, რომლებიც წყლით უნდა განიწმინდოს. შენ ხარ წყალი და შენი სიტყვები ცოცხალი წყალია, რომელიც სიცოცხლეს მანიჭებს.” სანამ ამას გაიაზრებდი, დაძინების დრო დადგა და ისევ დაიწყე ბუტბუტი: „ო, ღმერთო! შენ მაკურთხე და მიწინამძღვრე მე მთელი დღის მანძილზე. ჭეშმარიტად მადლიერი ვარ შენი...” ასე გაატარეთ დღე და შემდეგ ძილს მიეცით. ადამიანების უმეტესობა ყოველდღე ასე ცხოვრობს და ახლაც კი უგულებელყოფენ რეალურ შესვლას და ლოცვისას მხოლოდ ბაგეებით მსახურობაზე არიან ორიენტირებულნი. ეს მათი წინა ცხოვრებაა — მათი ძველი ცხოვრება. უმეტესობა ასეთია. მათ აკლიათ რეალური წვრთნა და რეალურ ტრანსფორმაციას ძალიან მცირე დოზით გადიან. ისინი ლოცვისას მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამენ, ღმერთს მხოლოდ სიტყვებით უახლოვდებიან, მაგრამ მათი გაგების სიღრმე აკლიათ. ავიღოთ უმარტივესი მაგალითი, როგორიცაა სახლის დალაგება. ხედავთ, რომ თქვენი სახლი არეულია, ზიხართ და ლოცულობთ: „ო, ღმერთო! შეხედე, როგორ გამხრწნა სატანამ. მეც ისეთივე ბინძური ვარ, როგორც ეს სახლი. ო, ღმერთო! ჭეშმარიტად გადიდებ და გმადლობ შენ. შენი ხსნისა და განმანათლებლობის გარეშე ამას ვერ გავაცნობიერებდი.” თქვენ უბრალოდ ზიხართ და უთავბოლოდ ლაპარაკობთ და შემდეგ ისე იქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს მოლაყბე მოხუცი ქალი ყოფილიყოთ. ისე ატარებთ თქვენს სულიერ ცხოვრებას, რომ საერთოდ ვერ ახერხებთ რეალობაში შებიჯებას და ძალიან ხშირად ზედაპირულ დამოკიდებულებას ავლენთ! რეალური წვრთნა მოიცავს ადამიანების რეალურ ცხოვრებას და მათ პრაქტიკულ სირთულეებს — ეს არის მათი შეცვლის ერთადერთი გზა. რეალური ცხოვრების გარეშე ადამიანი ვერ გარდაიქმნება. რა აზრი აქვს ლოცვისას მხოლოდ სიტყვიერ მსახურებას? ადამიანური ბუნების გაგების გარეშე ყველაფერი დროის ფუჭად კარგვაა და პრაქტიკის გზის გარეშე, ყველა ძალისხმევა ფუჭია! ნორმალურ ლოცვას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს ნორმალური შინაგანი მდგომარეობის შენარჩუნებაში, მაგრამ მისი მეშვეობით ის სრულად ვერ გარდაიქმნება. ადამიანის თვითმართლობის, ამპარტავნების, ქედმაღლობის, პატივმოყვარეობისა და გახრწნილი ბუნების გაგება და მათ შესახებ ცოდნა, რაც ლოცვით არ მოდის, შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაში ღვთის სიტყვებით ტკბობით და შეიცნობა რეალურ ცხოვრებაში სულიწმიდის მიერ ნათლის მოფენით. დღესდღეობით ყველა საკმაოდ კარგად საუბრობს და ყველას მოუსმენია ყველაზე ამაღლებული ქადაგება, რომელიც უფრო ამაღლებულია საუკუნეების მანძილზე მოსმენილ ქადაგებებთან შედარებით, თუმცა მისი ძალიან მცირე ნაწილი ხორციელდება რეალურად ადამიანების რეალურ ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არ არის მათ რეალურ ცხოვრებაში. ისინი ტრანსფორმაციის შემდეგ ახალი ადამიანის სიცოცხლეს არ იძენენ. ისინი რეალურ ცხოვრებაში ჭეშმარიტებით არ ცხოვრობენ და არც ღმერთი შემოჰყავთ რეალურ ცხოვრებაში. ისინი ცხოვრობენ, როგორც ჯოჯოხეთის შვილები. განა ეს თვალშისაცემი გადახრა არ არის?

ნორმალურ ადამიანთან მსგავსების აღსადგენად ანუ ნორმალური ადამიანობის მისაღწევად ადამიანები მხოლოდ თავიანთი სიტყვებით ვერ ასიამოვნებენ ღმერთს. ამით ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ და ეს არ წაადგება მათ რეალურ ცხოვრებაში შესვლას ან ტრანსფორმაციას. ამიტომ ტრანსფორმაციის მისაღწევად ადამიანებმა ნელ-ნელა უნდა ივარჯიშონ. ისინი ნელ-ნელა უნდა შევიდნენ, მოიძიონ და გამოიკვლიონ, პოზიტიური პერსპექტივით შევიდნენ და იცხოვრონ ჭეშმარიტებით სავსე პრაქტიკული ცხოვრებით; წმინდანის ცხოვრებით. ამის შემდეგ რეალური საგნები, რეალური მოვლენები და რეალური გარემო ადამიანისთვის პრაქტიკული წვრთნის საშუალებას იძლევა. ადამიანებს არ მოეთხოვებათ ცარიელი სიტყვებით მსახურება. ამის ნაცვლად ისინი რეალურ გარემოში უნდა გადიოდნენ წვრთნას. ადამიანები ჯერ იმას აცნობიერებენ, რომ დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ და შემდეგ ჩვეულებრივ საზრდოობენ ღვთის სიტყვებით, ასევე ნორმალურად შედიან და პრაქტიკაშიც ახორციელებენ; მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ მათ რეალობის მიღწევა და ასე შეიძლება რეალურ ცხოვრებაში შესვლა კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს. ადამიანების ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია გარკვეული პრაქტიკულობა; მათ პრაქტიკა უნდა გაიარონ რეალური საგნებით, რეალური მოვლენებითა და რეალურ გარემოში. შეუძლია თუ არა ადამიანს ჭეშმარიტი წვრთნის მიღწევა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით? შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ამ გზით შევიდნენ რეალობაში? არა! თუ ადამიანებს არ შეუძლიათ რეალურ ცხოვრებაში შესვლა, მაშინ ისინი ვერ შეცვლიან ძველი ცხოვრების წესსა და საქმის კეთების გზებს. ეს მთლიანად ადამიანების სიზარმაცისა და დამოკიდებულების მაღალი დონის გამო არ ხდება, არამედ იმით, რომ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ ცხოვრების უნარი და უფრო მეტიც, არ ესმით ნორმალურ ადამიანთან მსგავსებასთან დაკავშირებით ღვთის სტანდარტი. წარსულში ადამიანები ყოველთვის საუბრობდნენ, ლაპარაკობდნენ, თანაზიარნი იყვნენ და „ორატორებიც” კი ხდებოდნენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ ცდილობდა სიცოცხლე-განწყობის ტრანსფორმაციას; ამის ნაცვლად ისინი ბრმად მისდევდნენ ღრმა თეორიებს. ამრიგად, დღევანდელმა ადამიანებმა უნდა შეცვალონ ღვთის რწმენის ეს რელიგიური სტილი თავიანთ ცხოვრებაში. ისინი უნდა შევიდნენ პრაქტიკაში ერთ მოვლენაზე, ერთ რამეზე, ერთ ადამიანზე ყურადღების გამახვილებით. მათ ეს უნდა გააკეთონ მიზანმიმართულად. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ შედეგების მიღწევა. ადამიანების ტრანსფორმაცია იწყება მათი არსის ცვლილებით. საქმე უნდა იყოს მიმართული ადამიანის არსისკენ, მისი ცხოვრებისკენ და მისი სიზარმაცის, დამოკიდებულებისა და მონობისკენ — მხოლოდ ამ გზით შეიძლება მისი ტრანსფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურ ცხოვრებას შეუძლია შედეგების მოტანა ზოგიერთი მიმართულებით, მთავარი მაინც ის არის, რომ რეალურ ცხოვრებას შეუძლია ადამიანის ტრანსფორმაცია. ადამიანის ძველი ბუნება ვერ გარდაიქმნება რეალური ცხოვრების გარეშე. მაგალითად, ავიღოთ იესოს საქმე მადლის ეპოქაში. როდესაც იესომ გააუქმა წინა კანონები და დაამკვიდრა ახალი ეპოქის მცნებები, ის საუბრობდა რეალური ცხოვრებიდან აღებული რეალური მაგალითებით. როდესაც იესოს შაბათს თავისი მოწაფეები პურის ყანაში მიჰყავდა, მის მოწაფეებს მოშივდათ და მარცვლეულის თავთავები მოწყვიტეს საჭმელად. ფარისევლებმა ეს დაინახეს და თქვეს, რომ ისინი არ იცავდნენ შაბათს. მათ ასევე თქვეს, რომ ხალხს არ ჰქონდა უფლება, შაბათს ორმოში ჩავარდნილი ხბოები გადაერჩინა და ამტკიცებდნენ, რომ შაბათს არანაირი სამუშაოს შესრულება არ შეიძლებოდა. იესოს ეს შემთხვევები მოჰყავდა ახალი ეპოქის მცნებების თანდათანობით გასავრცელებლად. იმ დროს ის ბევრ პრაქტიკულ საკითხს იყენებდა, რათა დახმარებოდა ადამიანებს გაგებასა და ტრანსფორმაციაში. ეს არის პრინციპი, რომლითაც სულიწმიდა ასრულებს თავის საქმეს და ეს არის ადამიანის ტრანსფორმაციის ერთადერთი გზა. პრაქტიკული საკითხების გარეშე ადამიანებს მხოლოდ თეორიული და ინტელექტუალური გაგების მიღწევა შეუძლიათ — ეს არ არის ტრანსფორმაციის ეფექტური გზა. მაშ, როგორ შეიძლება სიბრძნისა და გამჭრიახობის მოპოვება წვრთნის მეშვეობით? შეუძლიათ თუ არა ადამიანებს სიბრძნისა და გამჭრიახობის შეძენა უბრალოდ მოსმენით, კითხვითა და ცოდნის გაღრმავებით? როგორ არის ეს შესაძლებელი? ადამიანებმა უნდა გაიგონ და გამოსცადონ ის რეალურ ცხოვრებაში! ამიტომ, ადამიანმა უნდა გაიაროს წვრთნა და არ უნდა განეშოროს რეალურ ცხოვრებას. ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სხვადასხვა ასპექტს და შევიდნენ მათში: განათლების დონე, გამოხატვის უნარი, საგნების დანახვის უნარი, გამჭრიახობა, ღვთის სიტყვების გაგების უნარი, საღი აზრი და ადამიანობის წესები და ადამიანობასთან დაკავშირებული სხვა ასპექტები, რითაც ადამიანები უნდა იყვნენ აღჭურვილნი. გაგების მიღწევის შემდეგ ადამიანებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რეალურ ცხოვრებაში შესვლაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ტრანსფორმაციის მიღწევა. თუ ვინმემ მიაღწია გაგებას, მაგრამ უგულებელყოფს პრაქტიკას, როგორ შეიძლება მოხდეს ტრანსფორმაცია? ამჟამად ადამიანებს ბევრი ესმით, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ რეალობით; ამრიგად, ისინი არსებითად მცირედ აცნობიერებენ ღვთის სიტყვებს. შენ მხოლოდ ზედაპირულად განათლდი; შენ მცირედ ხარ განათლებული სულიწმიდისგან, მაგრამ არ შესულხარ რეალურ ცხოვრებაში ან შეიძლება არც კი გაინტერესებდეს მასში შესვლა და ამიტომ შენი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა მცირდება. ამდენი ხნის შემდეგ ადამიანებს ბევრს ესმით. მათ შეუძლიათ ბევრი ისაუბრონ თავიანთ თეორიულ ცოდნაზე, მაგრამ მათი გარეგანი განწყობა და სულიერი მონაცემები არ იცვლება და ოდნავადაც არ ვითარდება. თუ ასეა, ბოლოს და ბოლოს როდის შეხვალ?

ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ ისეთი ცხოვრებაა, როდესაც ადამიანები ღვთის სიტყვებით ტკბობის მიზნით იკრიბებიან და ის მათი ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. თუ ადამიანების რეალური ცხოვრება მათი ეკლესიური ცხოვრების მსგავსი იქნება, რაც მოიცავს ნორმალურ სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვებით ჩვეულებრივად ტკბობას, ლოცვასა და ღმერთთან სიახლოვეს, რეალურ ცხოვრებას, სადაც ყველაფერი ღვთის განზრახვებისა და ჭეშმარიტების შესაბამისად სრულდება და სავსეა ლოცვითა და ღვთის წინაშე მდუმარებით, საგალობლებითა და ცეკვით, მაშინ მხოლოდ ის მიიყვანს მათ ღვთის სიტყვით სავსე ცხოვრებამდე. ადამიანთა უმეტესობა ეკლესიური ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე საათზეა კონცენტრირებული და არ „ზრუნავს” ამ საათების მიღმა ცხოვრებაზე, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ასევე ბევრია ისეთი, ვინც წმინდანთა ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ შედის, როდესაც ღვთის სიტყვით საზრდოობს, საგალობლებს მღერის ან ლოცულობს და ამ დროის მიღმა კი უბრუნდება ძველ მეს. ასეთი ცხოვრების წესი ვერ შეცვლის ადამიანებს, მით უმეტეს, ვერ დაეხმარება მათ ღმერთის შეცნობაში. თუ ადამიანებს ღვთის რწმენის მიუხედავად სურთ საკუთარი ხასიათის შეცვლა, არ უნდა მოწყდნენ რეალურ ცხოვრებას. რეალურ ცხოვრებაში ტრანსფორმაციის თანდათანობით მიღწევამდე უნდა შეიცნო შენი თავი, აუჯანყდე საკუთარ თავს, იცხოვრო ჭეშმარიტებით და გაითავისო პრინციპები, საღი აზრი და ქცევის წესები ყველა საკითხთან მიმართებაში. თუ შენ მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე გაამახვილებ ყურადღებას და მხოლოდ რელიგიური რიტუალებით იცხოვრებ რეალობაში ჩაღრმავებისა და რეალურ ცხოვრებაში შესვლის გარეშე, მაშინ ვერასდროს შეხვალ რეალობაში, ვერასდროს შეიცნობ საკუთარ თავს, ჭეშმარიტებას ან ღმერთს და შენ სამუდამოდ ბრმა და უმეცარი დარჩები. ღვთის საქმე ადამიანების გადასარჩენად არ გულისხმობს მათთვის მოკლე პერიოდის შემდეგ ნორმალური ადამიანური ცხოვრების უფლების მიცემას და არც მათი მცდარი წარმოდგენებისა და დოქტრინების შეცვლას. პირიქით, მისი მიზანია შეცვალოს ადამიანების ძველი განწყობები, მათი ძველი ცხოვრების წესი მთლიანად და მათი მოძველებული აზროვნება და მსოფლმხედველობა. მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება ვერ შეცვლის ადამიანების ძველ ცხოვრებისეულ ჩვევებს ან იმ ძველ წესებს, რომლებითაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. რაც არ უნდა იყოს, ადამიანები არ უნდა მოწყდნენ რეალურ ცხოვრებას. ღმერთი ითხოვს, რომ ადამიანებმა იცხოვრონ ნორმალური ადამიანური თვისებებით რეალურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით; რომ იცხოვრონ ჭეშმარიტებით რეალურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში; და რომ შეასრულონ თავიანთი ფუნქციები რეალურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში. რეალობაში შესასვლელად ყველაფერი რეალური ცხოვრებისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ ღმერთის რწმენის მიუხედავად ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის შეცნობა რეალურ ცხოვრებაში შესვლის გზით და თუ მათ არ შეუძლიათ ჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით ცხოვრება რეალურ ცხოვრებაში, მაშინ ისინი დამარცხდებიან. ისინი, ვინც ღმერთს ეურჩებიან, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ რეალურ ცხოვრებაში შესვლა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ადამიანურობაზე, მაგრამ ცხოვრობენ დემონების ბუნებით. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ცხოვრობენ დოქტრინებით. ის ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ რეალურ ცხოვრებაში ჭეშმარიტებით ცხოვრება, არიან ისინი, ვისაც სწამთ ღმერთის, მაგრამ უარყოფილნი არიან მის მიერ. შენ უნდა პრაქტიკაში განახორციელო რეალურ ცხოვრებაში შესვლა, იცოდე შენი ნაკლოვანებანი, ურჩობა და უმეცრება, ასევე გაიგო შენი არანორმალური ადამიანური თვისებები და სისუსტეები. ამგვარად შენი ცოდნა ინტეგრირებული იქნება შენს რეალურ მდგომარეობასა და სირთულეებთან. მხოლოდ ამ ტიპის ცოდნაა რეალური და საშუალებას გაძლევს, ჭეშმარიტად გააცნობიერო შენი მდგომარეობა და მიაღწიო ხასიათის ტრანსფორმაციას.

ახლა, როდესაც ადამიანის სრულყოფა ოფიციალურად დაიწყო, უნდა შეხვიდე რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ტრანსფორმაციის მიღწევა უნდა დაიწყო რეალურ ცხოვრებაში შესვლით და თანდათანობით გარდაიქმნა. თუ თავს არიდებ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას და მხოლოდ სულიერ საკითხებზე ისაუბრებ, მაშინ ყველაფერი მშრალი და უინტერესო ხდება; ყველაფერი არარეალური ხდება და შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანის გარდაქმნა? ახლა შენ გეუბნებიან, რომ შეხვიდე რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკისთვის, რათა საფუძველი ჩაუყარო პრაქტიკულ გამოცდილებაში შესვლას. ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ. სულიწმიდის საქმე ძირითადად წინამძღოლობაა, დანარჩენი კი დამოკიდებულია ადამიანების პრაქტიკასა და რეალურ ცხოვრებაში შესვლაზე. ყველას შეუძლია რეალურ ცხოვრებაში შესვლა სხვადასხვა გზით, რათა მათ შეძლონ ღმერთის რეალურ ცხოვრებაში შემოყვანა და ჭეშმარიტად ნორმალური ადამიანური ცხოვრება. ეს არის ერთადერთი ცხოვრება, რომელსაც აქვს აზრი!

წინა: ნორმალური სულიერი ცხოვრების შესახებ

შემდეგი: ღმერთის მიერ ადამიანის გამოყენება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება