ყოველივე ღვთის სიტყვით აღსრულდება

ღმერთი წარმოთქვამს თავის სიტყვებს და აღასრულებს თავის საქმეს სხვადასხვა ეპოქის შესაბამისად, და სხვადასხვა ეპოქაში იგი სხვადასხვა სიტყვებს წარმოთქვამს. ღმერთი არ ექვემდებარება წესებს, არ იმეორებს ერთსა და იმავე საქმეს და არ არის წარსულზე მიჯაჭვული; იგი არის ღმერთი, რომელიც მუდამ ახალია და არასდროს ძველდება, და იგი ყოველდღე ახალ სიტყვებს წარმოთქვამს. შენ უნდა დაიცვა ის, რაც დღეს უნდა იყოს დაცული; ეს არის ადამიანის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაში განხორციელება ღვთის ამჟამინდელ ნათელსა და სიტყვებს დაეფუძნოს. ღმერთი არ ემორჩილება წესებს; მას შეუძლია ილაპარაკოს უამრავი სხვადასხვა პერსპექტივიდან, რათა გამოავლინოს თავისი სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. მნიშვნელობა არ აქვს, სულის პერსპექტივიდან მეტყველებს იგი თუ ადამიანის, თუ მესამე მხარის გადმოსახედიდან — ღმერთი მარად ღმერთია და შენ ვერ იტყვი, რომ იგი არ არის ღმერთი მხოლოდ იმ ადამიანური პერსპექტივის გამო, საიდანაც იგი ლაპარაკობს. ზოგიერთმა ადამიანმა შეიქმნა წარმოდგენები იმის გამო, რომ ღმერთი სხვადასხვა პერსპექტივიდან ლაპარაკობს. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ღვთის შემეცნება და არც მისი საქმენი უწყიან. ღმერთი მუდამ მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან რომ ლაპარაკობდეს, განა ადამიანი არ შემოსაზღვრავდა მას? დაუშვებდა კი ღმერთი, რომ ადამიანს ასე ემოქმედა? რომელი პერსპექტივიდანაც არ უნდა ლაპარაკობდეს იგი, მას ამის თავისი მიზეზები აქვს. ღმერთი მუდამ სულის პერსპექტივიდან რომ ლაპარაკობდეს, განა შეძლებდი მასთან ურთიერთობას? ამრიგად, იგი ხანდახან მესამე მხარის პერსპექტივიდან ლაპარაკობს, რათა უზრუნველგყოს და რეალობაში შეგიძღვეს. ყოველივე, რასაც ღმერთი იქმს, მართებულია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე ღვთის მიერ არის გაკეთებული და ამაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს. იგი არის ღმერთი და, რომელი პერსპექტივიდანაც არ უნდა ლაპარაკობდეს, იგი მარადის ღმერთად დარჩება. ეს არის უცვლელი ჭეშმარიტება. როგორც არ უნდა მოქმედებდეს, იგი ღმერთია და მისი არსი უცვლელია! პეტრეს ისე უყვარდა ღმერთი და ისეთი ადამიანი იყო, რომელიც შეესაბამებოდა ღვთის განზრახვებს, თუმცა ღმერთს იგი უფლად ან ქრისტედ არ დაუმოწმებია. რამეთუ არსების არსი არის ის, რაც არის, და იგი არასოდეს იცვლება. ღვთის საქმენი არ ექვემდებარება წესებს, არამედ იყენებს სხვადასხვა გზას, რათა მისმა საქმემ ნაყოფი გამოიღოს და ადამიანს მისი შემეცნება გაუღრმავოს. მისი მოქმედების ყოველი მეთოდის მიღმა არსებული მიზანი არის ის, რომ დაეხმაროს ადამიანს მის შეცნობაში და გახადოს ადამიანი სრულყოფილი. მოქმედების რა მეთოდსაც არ უნდა მიმართავდეს იგი, ყოველი მათგანი ადამიანის აღშენებისა და სრულყოფისკენ არის მიმართული. თუნდაც მისი მოქმედების რომელიმე მეთოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, ეს მისდამი ადამიანის რწმენის გამოსაწრთობად ხდება. ამიტომ, გულებში ეჭვი არ უნდა გაივლოთ. ყოველივე ეს ღვთის საქმის ეტაპებია და თქვენ უნდა დაემორჩილოთ მათ.

ის, რაზეც დღეს ითქმის, არის რეალობაში შესვლა და არა ზეცად ამაღლება ან მეფეებივით ძალაუფლების ფლობა; ყოველივე, რაზეც ითქმის, რეალობაში შესვლისკენ სწრაფვაა. ამაზე უფრო პრაქტიკული სწრაფვა არ არსებობს, მეფეებივით ძალაუფლების ფლობაზე საუბარი კი არარეალისტურია. ადამიანი დიდ ცნობისმოყვარეობას იჩენს და ღვთის დღევანდელ საქმეს თავისი რელიგიური წარმოდგენებით ზომავს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მოქმედების მრავალი მეთოდი გამოუცდია, ადამიანმა კვლავ არ იცის ღვთის საქმე, ისევ ეძებს ნიშნებსა და სასწაულებს და კვლავაც იმის სანახავად იყურება, აღსრულდა თუ არა ღვთის სიტყვები. განა ეს სრული სიბრმავე არ არის? ღვთის სიტყვები რომ არ აღსრულებულიყო, მაინც ირწმუნებდი, რომ იგი ღმერთია? დღეს ეკლესიაში მრავალი ასეთი ადამიანი ელის ნიშნებისა და სასწაულების ხილვას. ისინი ამბობენ: თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება, მაშინ იგი არის ღმერთი; ხოლო თუ ღვთის სიტყვები არ აღსრულდება, მაშინ იგი არ არის ღმერთი. მაშ, შენ იმიტომ გწამს ღმერთი, რომ მისი სიტყვები აღსრულდა, თუ იმიტომ, რომ იგი თავად არის ღმერთი? ადამიანის შეხედულება ღვთის რწმენაზე უნდა გამოსწორდეს! როდესაც ხედავ, რომ ღვთის სიტყვები არ აღსრულებულა, გარბიხარ — როგორი მორწმუნეა ეს? როდესაც ღმერთი გწამს, ყოველივე ღვთის წარმართვასა და განგებას უნდა მიანდო და ღვთის ყოველ საქმეს დაემორჩილო. ღმერთმა უამრავი სიტყვა წარმოთქვა ძველ აღთქმაში — მათგან რომელი იხილე შენი საკუთარი თვალით აღსრულებული? განა შეგიძლია თქვა, რომ იეჰოვა არ არის ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ვერ იხილე? თუნდაც მრავალი სიტყვა აღსრულებულიც იყოს, ადამიანი უძლურია ეს ნათლად დაინახოს, რამეთუ მას არ გააჩნია ჭეშმარიტება და არაფერი ესმის. ზოგიერთს გაქცევა სურს, როდესაც ჰგონია, რომ ღვთის სიტყვანი არ აღსრულდა. აბა, სცადე. ვნახოთ, თუ შეძლებ გაქცევას. გაქცევის შემდეგაც კი მაინც უკან დაბრუნდები. ღმერთი თავისი სიტყვით გაკონტროლებს, ხოლო თუ დატოვებ ეკლესიასა და ღვთის სიტყვას, არსებობის არანაირი საშუალება აღარ გექნება. თუ არ გჯერა, თავად გამოსცადე — გგონია, ასე ადვილად წახვალ? ღვთის სული გაკონტროლებს. ვერ წახვალ. ეს არის ღვთის ადმინისტრაციული განკარგულება! თუ ზოგიერთ ადამიანს ცდა სურს, შეუძლია სცადოს! შენ ამბობ, რომ ეს პიროვნება არ არის ღმერთი — მაშ, შეურაცხყავი იგი და იხილე, რას მოიმოქმედებს. შესაძლოა, შენ ხორციელად არ მოკვდე — კვლავ შეგეძლოს ჭამა და ჩაცმა, მაგრამ გონებრივად ეს გაუსაძლისი იქნება. ზეწოლასა და ტკივილს იგრძნობ; ამაზე უფრო მტანჯველი არაფერი იქნება. ადამიანს არ ძალუძს გაუძლოს გონებრივ ტანჯვასა და განადგურებას — შესაძლოა, შენ ხორციელი ტანჯვის ატანა შეგეძლოს, მაგრამ შენ სრულიად უძლური ხარ, გაუძლო გონებრივ სტრესსა და ხანგრძლივ ტანჯვას. დღეს ზოგიერთი ადამიანი ნეგატიური ხდება, რადგან ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანსა და სასწაულს, თუმცა ვერავინ ბედავს გაქცევას, რაოდენ ნეგატიურიც არ უნდა გახდეს, რადგან ღმერთი თავისი სიტყვით აკონტროლებს ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები არ დამდგარა, მაინც ვერავინ ახერხებს გაქცევას. განა ეს ღვთის მოქმედება არ არის? დღეს ღმერთი მოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანს სიცოცხლე მიანიჭოს. იგი, როგორც ადამიანები წარმოიდგენენ, ყოველთვის როდი გიგებს გულს ნიშნებისა და სასწაულების ჩვენებით, რათა შეინარჩუნოს მშვიდობიანი ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ყველა, ვინც ყურადღებას სიცოცხლეზე კი არ ამახვილებს, არამედ იმაზეა კონცენტრირებული, რომ ღმერთმა ნიშნები და სასწაულები აჩვენოს, ფარისეველია! სწორედ ფარისევლებმა გააკრეს იესო ჯვარზე. თუკი შენ ღმერთს ზომავ ღვთისადმი რწმენის შესახებ შენი საკუთარი შეხედულების მიხედვით, და გწამს ღმერთი მხოლოდ მაშინ, როცა მისი სიტყვები აღსრულდება, ხოლო თუ არ აღსრულდა, დაეჭვდები და გმობ კიდეც მას — განა შენც ჯვარზე არ აკრავ მას? ამგვარი ადამიანები ჯეროვან მოვალეობებს არ ასრულებენ და ხარბად ესწრაფვიან კომფორტს!

ადამიანის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი სირთულის ერთ-ერთი ასპექტი არის ის, რომ მან არ უწყის ღვთის საქმე. თუმცა ადამიანის დამოკიდებულება არ არის უარყოფა, იგი არის ეჭვი. ადამიანი არც უარყოფს და არც სრულად აღიარებს. თუ ადამიანებს ექნებათ ღვთის საქმის სრული შემეცნება, ისინი არ გაიქცევიან. მეორე ასპექტი კი ისაა, რომ იგი არ იცნობს პრაქტიკულობას. დღეს თითოეული ადამიანი შეეხო ღმერთის სიტყვას; სიმართლე რომ ვთქვათ, ნუ ფიქრობ, რომ მომავალში შეძლებ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას. პირდაპირ გეუბნები შენ: ამჟამინდელ ეტაპზე ყოველივე, რისი ხილვაც შენ შეგიძლია, მხოლოდ ღვთის სიტყვებია, და თუმცა ფაქტები არ არის, ღვთის სიცოცხლე მაინც შეიძლება ჩაიჭედოს ადამიანში. სწორედ ეს არის ათასწლოვანი სასუფევლის მთავარი საქმე და თუ ვერ ჩასწვდები ამ საქმეს, მაშინ დაუძლურდები და დაეცემი; განსაცდელში ჩავარდები და, მძიმე შემთხვევებში, სატანის ტყვეობაში აღმოჩნდები. ღმერთი დედამიწაზე მოვიდა უპირატესად იმისათვის, რათა თქვას თავისი სიტყვები; ის, რასაც შენ ეხები, ღვთის სიტყვაა; რასაც კითხულობ, ღვთის სიტყვაა; რასაც ისმენ, ღვთის სიტყვაა; რასაც იცავ, ღვთის სიტყვაა; რასაც განიცდი, ღვთის სიტყვაა; და ამჯერად, განკაცებისას, ღმერთი უმთავრესად სიტყვას იყენებს ადამიანის სრულყოფისთვის. იგი არ აჩვენებს ნიშნებსა და სასწაულებს და განსაკუთრებით არ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც იესომ გააკეთა წარსულში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღმერთი არიან და ორივენი ხორცი არიან, მათი მსახურებები არ არის იგივე. როდესაც იესო მოვიდა, მანაც გააკეთა ღვთის საქმის ნაწილი და თქვა ზოგიერთი სიტყვა — მაგრამ რა იყო ის მთავარი საქმე, რომელიც მან აღასრულა? მისი უმთავრესი აღსრულებული საქმე ჯვარცმა იყო. იგი გახდა ცოდვილი ხორცის მსგავსება, რათა დაასრულოს ჯვარცმის საქმე და გამოისყიდოს მთელი კაცობრიობა, და იგი გამოდგა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად მთელი კაცობრიობის ცოდვების გამო. ეს არის ის მთავარი საქმე, რომელიც მან აღასრულა. საბოლოოდ, მან აჩვენა ჯვრის გზა მათ, ვინც მის შემდგომ მოვიდოდა. იესოს მოსვლის უპირატესი მიზანი გამოსყიდვის საქმის აღსრულება იყო. მან გამოისყიდა მთელი კაცობრიობა, მოუტანა ადამიანებს ცათა სასუფევლის სახარება და, უფრო მეტიც, გაუკვალა მათ გზა ცათა სასუფევლისკენ. ამის შედეგად, ყველამ, ვინც შემდეგ მოვიდა, თქვა: „ჩვენ ჯვრის გზით უნდა ვიაროთ და თავი შევწიროთ ჯვარს“. რა თქმა უნდა, თავდაპირველად იესომ სხვა გარკვეული საქმეებიც აღასრულა და გარკვეული სიტყვებიც წარმოთქვა, რათა ადამიანს მოენანიებინა და ეღიარებინა თავისი ცოდვები. თუმცა მისი მსახურება მაინც ჯვარცმა იყო, ხოლო ის სამნახევარი წელი, რომელიც მან გზის ქადაგებაში გაატარა, მზადება გახლდათ შემდგომი ჯვარცმისათვის. ის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იესო ლოცულობდა, ასევე ჯვარცმის გულისთვის იყო. ის ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება, რომლითაც იგი ცხოვრობდა და ის ოცდაცამეტნახევარი წელი, რომელიც მან მიწაზე დაჰყო, უპირატესად ჯვარცმის საქმის დასასრულებლად იყო; ისინი იმისთვის იყო, რომ მისთვის მიეცათ ძალა ამ საქმის საკისრებლად. და ამიტომ, ღმერთმა მას მიანდო ჯვარცმის საქმის აღსრულება. რა საქმეს აღასრულებს განკაცებული ღმერთი დღეს? დღეს ღმერთი განკაცდა უპირატესად იმისათვის, რათა დაასრულოს „ხორცში სიტყვის გამოჩენის“ საქმე. იგი იყენებს სიტყვას, რათა სრულყოს ადამიანი და მიაღებინოს მას სიტყვის გასხვლა და სიტყვის გამოწრთობა. თავისი სიტყვებით საზრდოსა და სიცოცხლეს გაძლევს და განახებს თავის საქმესა და ქმედებებს. ღმერთი იყენებს სიტყვას შენს დასასჯელად და გამოსაწრთობად, ამიტომ, მაშინაც კი, თუ იტანჯები, ესეც ღვთის სიტყვის გამო ხდება. დღეს ღმერთი აკეთებს საქმეს არა ფაქტებით, არამედ სიტყვებით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი სიტყვა მოვა შენზე, შეუძლია სულიწმინდას იმოქმედოს შენში, რათა განიცადო ტკივილი ან იგემო სიტკბო. მხოლოდ ღვთის სიტყვას ძალუძს შენი რეალობაში შეყვანა და მხოლოდ ღვთის სიტყვას ხელეწიფება შენი სრულქმნა. ამიტომ, მცირედი მაინც უნდა გესმოდეს: უკანასკნელ დღეებში ღვთის მიერ შესრულებული საქმე უპირატესად იმაში მდგომარეობს, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით სრულყოს თითოეული ადამიანი და უწინამძღვროს მას. ყოველი საქმე, რასაც იგი აკეთებს, სიტყვის მეშვეობითაა; იგი არ იყენებს ფაქტებს შენს დასასჯელად. არის პერიოდები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს. ღმერთი არ გაყენებს დიდ დისკომფორტს, შენი ხორცი არ ისჯება და არც რაიმე ტკივილს განიცდის — მაგრამ როგორც კი მისი სიტყვა მოგეახლება და გამოგწრთობს, ეს შენთვის გაუსაძლისი ხდება. განა ასე არ არის? მსახურების შემსრულებელთა ხანაში ღმერთმა თქვა, რომ ადამიანი უძირო უფსკრულში ჩაეგდოთ. განა ადამიანი მართლაც მოხვდა უძირო უფსკრულში? უბრალოდ სიტყვის გამოყენებით ადამიანის გამოწრთობის მეშვეობით, ადამიანი შევიდა უძირო უფსკრულში. ამრიგად, უკანასკნელ დღეებში, როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, იგი ყოველივეს აღსასრულებლად და გამოსავლენად უმთავრესად სიტყვას იყენებს. მხოლოდ მის სიტყვებში შეგიძლია იხილო ღვთის არსება; მხოლოდ მის სიტყვებში შეგიძლია დაინახო, რომ იგია თავად ღმერთი. როდესაც განკაცებული ღმერთი დედამიწაზე მოდის, იგი სხვა საქმეს არ აკეთებს, გარდა სიტყვის წარმოთქმისა — ამიტომ ფაქტები საჭირო არ არის; მხოლოდ სიტყვებიც კმარა. ეს იმიტომ, რომ იგი უმთავრესად, სწორედ ამ საქმის აღსასრულებლად მოვიდა, რომ ადამიანმა მის სიტყვებში იხილოს მისი დიადი ძალა და უზენაესობა, მის სიტყვებში იხილოს მისი თავმდაბლობა და ფარულობა და მის სიტყვებში შეიცნოს მისი მთლიანობა. ყოველივე, რაც მას გააჩნია და ყოველივე, რაც იგი არის, მის სიტყვებშია. მისი სიბრძნე და საკვირველება მის სიტყვებშია. ამაში შეგიძლია იხილო ის მრავალი მეთოდი, რომლებითაც ღმერთი თავის სიტყვებს წარმოთქვამს. ღმერთი მუშაობდა ასეთი დიდი ხნის განმავლობაში, და იგი ძირითადად უზრუნველყოფდა ადამიანს, ამხილებდა მას ან სხლავდა მას. ღმერთი იოლად არავის წყევლის და მაშინაც კი, როცა ამას იქმს, სიტყვის მეშვეობით წყევლის. ამიტომ ღვთის განკაცების ამ ეპოქაში ნუ ელი მისგან სნეულთა კვლავ განკურნებას და ეშმაკთა განდევნას, და შეწყვიტე ნიშნების მუდმივი ძებნა — მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს! იმ ნიშნებს არ შეუძლია ადამიანის სრულყოფა! მარტივად რომ ვთქვათ: დღეს თავად განკაცებული პრაქტიკული ღმერთი არ მოქმედებს; იგი მხოლოდ მეტყველებს. ეს არის ჭეშმარიტება! იგი იყენებს სიტყვებს, რათა სრულგყოს შენ, და იყენებს სიტყვებს შენს გამოსაკვებად და მოსარწყავად. ის ასევე იყენებს სიტყვებს თავისი საქმის აღსასრულებლად, იყენებს სიტყვებს ფაქტების ჩასანაცვლებლად და იმისთვის, რომ შეგაცნობინოს თავისი პრაქტიკულობა. თუ ნათლად დაინახავ ღვთის საქმის ამგვარ სახეს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეგატიური გახდე. უარყოფითზე კონცენტრირების ნაცვლად, მხოლოდ დადებითზე უნდა კონცენტრირდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, აღსრულდება თუ არა ღვთის სიტყვები ან დადგება თუ არა ფაქტები, ღმერთი მოაპოვებინებს ადამიანს სიცოცხლეს მისი სიტყვებიდან, და ეს არის უდიდესი ყველა ნიშანთა შორის. უფრო მეტიც, ეს არის უცილობელი ფაქტი, ეს არის საუკეთესო მტკიცებულება, რომლის მეშვეობითაც შეიცნობა ღმერთი, და არის ნიშნებზე უფრო დიდი ნიშანიც კი. მხოლოდ ამ სიტყვებს ხელეწიფება ადამიანის სრულყოფა.

სასუფევლის ეპოქის დადგომისთანავე, ღმერთმა თავისი სიტყვების გამოცხადება დაიწყო. მომავალში ეს სიტყვები თანდათან შესრულდება და იმ დროისთვის ადამიანის სიცოცხლე უკვე მომწიფებული იქნება. ღმერთი იყენებს სიტყვას ადამიანის გახრწნილი ხასიათის სამხილებლად; ეს უფრო პრაქტიკული და უფრო აუცილებელია. იგი სხვას არაფერს იყენებს თავისი საქმისთვის, გარდა სიტყვისა, რათა სრულყოს ადამიანის რწმენა, რამეთუ დღეს სიტყვის ეპოქაა და იგი ადამიანისგან რწმენას, მტკიცე ნებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. უკანასკნელ დღეებში განკაცებული ღვთის საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით ემსახუროს ადამიანს და უზრუნველყოს იგი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც განკაცებული ღმერთი დაასრულებს თავის სიტყვებს, დაიწყება მათი აღსრულება. მისი მეტყველების პერიოდში მისი სიტყვები არ სრულდება, რადგან როდესაც იგი ხორცის ეტაპზეა, მისი სიტყვები ვერ სრულდება. ეს იმისთვისაა, რომ ადამიანმა იხილოს ღმერთი ხორციელია და არა სულიერი; რათა ადამიანმა საკუთარი თვალით იხილოს ღვთის პრაქტიკულობა. იმ დღეს, როდესაც მისი საქმე დასრულდება და ყველა სიტყვა, რაც კი დედამიწაზე უნდა ეთქვა, წარმოთქმული იქნება, მისი სიტყვები აღსრულებას დაიწყებს. ახლა არ არის ღვთის სიტყვების აღსრულების ხანა, რადგან მას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია თავისი სიტყვების თქმა. ასე რომ, როდესაც ხედავ, რომ ღმერთი ჯერ კიდევ ამბობს თავის სიტყვებს დედამიწაზე, ნუ ელოდები მისი სიტყვების აღსრულებას; როდესაც ღმერთი შეწყვეტს თავისი სიტყვების თქმას და როდესაც დედამიწაზე მისი საქმე დასრულდება, სწორედ მაშინ დაიწყებს მისი სიტყვები აღსრულებას. იმ სიტყვებში, რომელთაც იგი დედამიწაზე წარმოთქვამს, ერთი მხრივ, სიცოცხლის საზრდოა, ხოლო მეორე მხრივ — წინასწარმეტყველება; წინასწარმეტყველება იმისა, რაც უნდა მოვიდეს, რაც უნდა გაკეთდეს და რაც ჯერ კიდევ აღსასრულებელია. იესოს სიტყვებშიც იყო წინასწარმეტყველება. ერთი მხრივ, იგი აწვდიდა სიცოცხლეს, ხოლო მეორე მხრივ, იგი ამბობდა წინასწარმეტყველებას. დღეს არ არის საუბარი სიტყვისა და საქმის თანადროულად აღსრულებაზე, რამეთუ მეტისმეტად დიდია სხვაობა იმას შორის, რისი ხილვაც ადამიანს საკუთარი თვალით შეუძლია და ღვთის განხორციელებულ ფაქტებს შორის. შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ როგორც კი ღვთის საქმე დასრულდება, მისი სიტყვები აღსრულდება და სიტყვას მოჰყვება საქმეც. უკანასკნელ დღეებში განკაცებული ღმერთი დედამიწაზე მოდის სიტყვის მსახურების შესასრულებლად, და სიტყვის მსახურების აღსრულებისას იგი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და სხვა საკითხებს არ ეხება. როგორც კი ღვთის საქმე შეიცვლება, მისი სიტყვები აღსრულებას დაიწყებს. დღეს სიტყვები ჯერ შენი სრულყოფისთვის გამოიყენება; ხოლო როდესაც იგი მთელ სამყაროში მოიპოვებს დიდებას, მისი საქმეც დასრულდება, ყველა სიტყვა, რომელიც უნდა ითქვას, ნათქვამი იქნება და ყველა სიტყვა ფაქტად იქცევა. ღმერთი უკანასკნელ ჟამს, დედამიწაზე სიტყვის მსახურების აღსასრულებლად მოვიდა, რათა ადამიანმა შეიცნოს იგი; რათა ადამიანმა მისივე სიტყვიდან დაინახონ, თუ ვინ არის ის, ასევე იხილონ მისი სიბრძნე და ყოველი მისი საკვირველი საქმე. სასუფევლის ეპოქის დროს, ღმერთი უმთავრესად სიტყვას იყენებს ადამიანთა მოსადრეკად. მომავალში მისი სიტყვა მიწვდება ყველა რელიგიას, სფეროს, ერსა და აღმსარებლობას. ღმერთი იყენებს სიტყვას დასაპყრობად, რათა ყველა ადამიანმა დაინახოს, რომ მის სიტყვას ხელმწიფება და ძლევამოსილება აქვს, ამიტომ, დღეს თქვენ მხოლოდ ღვთის სიტყვის წინაშე დგახართ.

ამ ეპოქაში ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები განსხვავდება რჯულის ეპოქაში ნათქვამი სიტყვებისგან, და ასევე განსხვავდება მადლის ეპოქაში ნათქვამი სიტყვებისგან. სიტყვის საქმე არ შესრულებულა მადლის ეპოქაში; მხოლოდ ნახსენები იყო ღმერთის ჯვარცმა მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად. ბიბლია მხოლოდ მიუთითებს იმაზე, თუ რატომ უნდა ჯვარცმულიყო იესო, რა ტანჯვა განიცადა მან ჯვარცმისას და როგორ უნდა ეცვას კაცი ჯვარს ღმერთისთვის. იმ ეპოქაში ღვთის მიერ აღსრულებული ყოველი საქმე ჯვარცმის გარშემო იყო კონცენტრირებული. სასუფევლის ეპოქაში კი განკაცებული ღმერთი წარმოთქვამს სიტყვებს ყველა იმ ადამიანის დასაპყრობად, ვისაც მისი სწამს. ეს არის „სიტყვის გამოჩინება ხორცში“; ღმერთი მოვიდა უკანასკნელ დღეებში ამ საქმის გასაკეთებლად, და სიტყვის ხორცში გამოჩინების რეალური მნიშვნელობის აღსასრულებლად. იგი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და იშვიათია ფაქტების დადგომა. სწორედ ეს არის „სიტყვის ხორცში გამოჩინების“ არსი; და როდესაც განკაცებული ღმერთი ამბობს თავის სიტყვებს, ეს არის სიტყვის გამოჩინება ხორცში და სიტყვის მოსვლა ხორცში. „დასაბამიდან იყო გზა, და გზა იყო ღმერთთან, და გზა იყო ღმერთი, და სიტყვა ხორცად იქცა“. ეს (სიტყვის ხორცში გამოჩინების საქმე) არის ის საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს უკანასკნელ დღეებში, და ეს არის მისი მთელი მართვის გეგმის დასკვნითი თავი, და ასე, ღმერთი უნდა მოვიდეს დედამიწაზე და გამოავლინოს თავისი სიტყვები ხორცში. ის, რაც დღეს კეთდება, ის, რაც მომავალში გაკეთდება, ის, რაც აღსრულდება ღვთის მიერ, ადამიანის საბოლოო სამყოფელი, ვინ გადარჩება, ვინ განადგურდება და ა.შ. — მთელი ეს საქმე, რომელსაც ბოლოს უნდა მივაღწიოთ, უკვე ნათლად არის გაცხადებული, და ყოველივე ეს იმისთვისაა, რომ აღსრულდეს სიტყვის ხორცში გამოჩინების რეალური მნიშვნელობა. მანამდე გამოცემული ადმინისტრაციული განკარგულებები და კონსტიტუცია, ვინ განადგურდება, ვინ შევა განსასვენებელში — ყველა ეს სიტყვა უნდა აღსრულდეს. სწორედ ეს არის ის საქმე, რომელსაც განკაცებული ღმერთი უმთავრესად უკანასკნელ დღეებში ახორციელებს, რათა ადამიანებმა გაიგონ, სად არის ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრულთა ადგილი და სად — წინასწარ განუსაზღვრელთა, როგორ დაიყოფიან მისი ხალხი და ძენი, რა ბედი ეწევა ისრაელსა და ეგვიპტეს — მომავალში თითოეული ეს სიტყვა აღსრულდება. ღვთის საქმის ტემპი სულ უფრო იმატებს. ღმერთი იყენებს სიტყვას, რათა აცნობოს ადამიანს, თუ რა უნდა გაკეთდეს ყოველ ეპოქაში, რა უნდა გააკეთოს უკანასკნელი დღეების განკაცებულმა ღმერთმა და რა მსახურება უნდა აღასრულოს მან, და ყველა ეს სიტყვა იმისთვისაა, რომ აღსრულდეს სიტყვის ხორცში გამოჩინების რეალური მნიშვნელობა.

მანამდეც მითქვამს: „ყველა, ვინც ყურადღებას ამახვილებს ნიშნებისა და სასწაულების ხილვაზე, მიტოვებულ იქნება; ისინი არ განეკუთვნებიან მათ, რომელნიც სრულყოფილ იქმნებიან“. ამდენი სიტყვა ვთქვი, ადამიანს კი მაინც არ გააჩნია ამ საქმის მცირედი შემეცნებაც კი და, ამ ეტაპზე მოსულიც, კვლავ ნიშნებსა და სასწაულებს ითხოვს. შენი ღვთისადმი რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ნიშნებისა და სასწაულებისკენ სწრაფვა, თუ სიცოცხლის მოპოვებას ისახავს მიზნად? იესომაც მრავალი სიტყვა წარმოთქვა და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. განა შეგიძლია თქვა, რომ იესო არ არის ღმერთი? ღმერთმა დაამოწმა, რომ იგი იყო ქრისტე და ღვთის საყვარელი ძე. განა შეგიძლია ამის უარყოფა? დღეს ღმერთი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და თუ ამას საფუძვლიანად არ შეიცნობ, მაშინ მტკიცედ ვერ იდგები. გწამს მისი, რადგან იგი ღმერთია, თუ გწამს მისი იმის მიხედვით, აღსრულდება თუ არა მისი სიტყვები? ნიშნებისა და სასწაულების გწამს თუ ღვთისა? დღეს იგი არ ავლენს ნიშნებსა და სასწაულებს — განა იგი მართლაც ღმერთია? თუ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები არ აღსრულდება, განა იგი მართლაც ღმერთია? განა ღვთის არსი იმით განისაზღვრება, აღსრულდება თუ არა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები? რატომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი მუდამ ღვთის სიტყვების აღსრულებას ელოდება, სანამ მას ირწმუნებდეს? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მას არ იცნობენ? ყველა, ვისაც ასეთი წარმოდგენები აქვს, ღმერთს უარყოფს. ისინი ღმერთს საკუთარი წარმოდგენებით ზომავენ. თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება, მათ სწამთ მისი, ხოლო თუ არა — მაშინ არ სწამთ. ისინი მუდამ მიისწრაფვიან ნიშნებისა და სასწაულების ხილვისკენ. განა ეს ხალხი თანამედროვეობის ფარისევლები არ არიან? შეძლებ თუ არა მტკიცედ დგომას, იმაზეა დამოკიდებული, იცნობ თუ არა პრაქტიკულ ღმერთს — სწორედ ეს არის გადამწყვეტი! რაც უფრო მეტია შენში ღვთის სიტყვის რეალობა, მით მეტია შენი ცოდნა ღვთის პრაქტიკულობის შესახებ, და მით უფრო შეძლებ მტკიცედ დგომას განსაცდელების დროს. რაც უფრო მეტად ხარ კონცენტრირებული ნიშნებისა და სასწაულების ხილვაზე, მით ნაკლებად შეძლებ მტკიცედ დგომას და განსაცდელების დროს დაეცემი. ნიშნები და სასწაულები არ არის საძირკველი; მხოლოდ ღვთის პრაქტიკულობაა სიცოცხლე. ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, თუ რა შედეგები უნდა იქნეს მიღწეული ღვთის საქმით. ისინი დღეებს დაბნეულობაში ატარებენ და არ ესწრაფვიან ღვთის საქმის შემეცნებას. მათი სწრაფვის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ღმერთმა მათი სურვილები შეასრულოს და მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი სერიოზულნი თავიანთ რწმენაში. ამბობენ, რომ თუ ღვთის სიტყვები აღსრულდება, ისინი ისწრაფებენ სიცოცხლისკენ, ხოლო თუ მისი სიტყვები არ შესრულდება, მაშინ მათთვის სიცოცხლის ძიების ყოველგვარი შესაძლებლობა გაქრება. ხალხს ჰგონია, რომ ღვთისადმი რწმენა არის ნიშნებისა და სასწაულების ხილვისკენ სწრაფვა და ზეცაში და მესამე ცაზე ამაღლებისკენ სწრაფვა. მათგან არავინ ამბობს, რომ ღვთისადმი მათი რწმენა არის რეალობაში შესვლისკენ სწრაფვა, სიცოცხლისკენ სწრაფვა და ღვთის მიერ მოპოვებისკენ სწრაფვა. რა ფასი აქვს ასეთ სწრაფვას? ისინი, რომელნიც არ ესწრაფვიან ღვთის შეცნობასა და ღვთის დაკმაყოფილებას, არ არიან ისინი, რომელთაც სწამთ ღმერთი; ისინი არიან ისინი, რომელნიც გმობენ ღმერთს!

ახლა თუ გესმით, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა? განა ღვთისადმი რწმენა ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ნიშნავს? ნიშნავს ეს ზეცაში წასვლას? ღვთისადმი რწმენა არავითარ შემთხვევაში არ არის მარტივი საქმე. რწმენის რელიგიური გზები უნდა აღმოიფხვრას; სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნისკენ სწრაფვა, ნიშნებსა და სასწაულებზე კონცენტრირება, ღვთის მეტი მადლის, მშვიდობისა და სიხარულის ხარბად სწრაფვა, ხორცის პერსპექტივებისა და კომფორტის დევნა — ყოველივე ეს რწმენის რელიგიური გზებია, ასეთი რწმენის გზები კი რწმენის ბუნდოვანი სახეობაა. რა არის დღეს ღვთისადმი პრაქტიკული რწმენა? ეს არის ღვთის სიტყვის მიღება შენს სიცოცხლე-რეალობად, ღვთის შემეცნება მისივე სიტყვიდან, და ამგვარად, მისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის მიღწევა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ღვთისადმი რწმენა იმისთვის არსებობს, რომ შენ დაემორჩილო ღმერთს, გიყვარდეს იგი და აღასრულო ის მოვალეობა, რომელიც ქმნილებამ უნდა აღასრულოს. ეს არის ღვთისადმი რწმენის მიზანი. შენ უნდა შეიცნო ღვთის მშვენიერება, გააცნობიერო, რამდენად ღირსია იგი მოკრძალებისა და როგორ არის საქმე, რომელსაც ღმერთი თავის ქმნილებებზე აღასრულებს, მათი ხსნა და მათი სრულყოფა — ესენია ღვთისადმი შენი რწმენის უმცირესი აუცილებელი საფუძვლები. ღვთისადმი რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ხორციელი ცხოვრებიდან ღვთის სიყვარულით სავსე ცხოვრებაზე გადასვლაა და გახრწნაში ცხოვრებიდან ღვთის სიტყვების სიცოცხლეში ცხოვრებაზე გადასვლა; ეს არის სატანის ბატონობის ქვეშიდან გამოსვლა და ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ ცხოვრება; ეს იმისთვისაა, რომ შეძლო დაემორჩილო ღმერთს და არა ხორცს, რათა ღმერთმა მოიპოვოს შენი მთლიანი გული და გაგხადოს სრულყოფილი, და რათა განთავისუფლდე სატანური გახრწნილი ხასიათებისგან. ღვთისადმი რწმენა ძირითადად იმისთვისაა, რომ ღვთის დიდი ძალმოსილება და ღვთის დიდება გამოვლინდეს შენში, რათა მიჰყვე ღვთის ნებას, რათა ღვთის გეგმა განხორციელდეს, და რათა შეძლო, დაამოწმო ღმერთი სატანის წინაშე. ღმერთის რწმენა არ უნდა ტრიალებდეს ნიშნებისა და სასწაულების ხილვის სურვილის გარშემო, და არც შენი საკუთარი ხორცის გულისთვის უნდა იყოს. ეს უნდა ეხებოდეს ღმერთის შეცნობისკენ სწრაფვას, ღმერთისადმი მორჩილების უნარს და, პეტრეს მსგავსად, მისდამი სიკვდილამდე მორჩილებას. მთავარი მიზანი ამის მიღწევაა. ადამიანი ჭამს და სვამს ღმერთის სიტყვას ასევე იმისთვის, რომ შეიცნოს ღმერთი და ასიამოვნოს მას. ღვთის სიტყვის ჭამა და სმა მასზე უფრო ღრმა ცოდნას გაძლევს, მხოლოდ ამის შემდეგ ძალგიძს მისი მორჩილება. მხოლოდ ღვთის შემეცნებით შეგიძლია მისი სიყვარული და სწორედ ეს უნდა იყოს ადამიანის მიზანი ღვთისადმი რწმენაში. თუ ღვთისადმი შენს რწმენაში მუდამ ნიშნებისა და სასწაულების ხილვას ესწრაფვი, მაშინ შენი შეხედულება რწმენაზე მცდარია. ღვთისადმი რწმენა, უპირველესად, ღვთის სიტყვის სიცოცხლე-რეალობად მიღებაა. როდესაც ღვთის პირიდან გამოსული სიტყვები პრაქტიკაში ხორციელდება ადამიანების მიერ და რეალიზდება მათში, ღვთის მიზანი მიღწეულია. ღვთისადმი რწმენაში ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს ღვთის მიერ სრულყოფას, მორჩილების უნარსა და ღვთისადმი სრულ მორჩილებას. თუ შეძლებ დაემორჩილო ღმერთს ყოველგვარი ჩივილის გარეშე, გაითვალისწინო ღმერთის განზრახვები და მიაღწიო პეტრეს სიმწიფეს, ფლობდე ღმერთის მიერ ნათქვამ პეტრეს სტილს, სწორედ მაშინ მიაღწევ წარმატებას ღვთისადმი რწმენაში და ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენ ღმერთმა მოგიპოვა.

ღმერთი თავის საქმეს მთელ სამყაროში აღასრულებს. ყველამ, ვისაც მისი სწამს, უნდა მიიღოს მისი სიტყვა, უნდა ჭამოს და სვას მისი სიტყვა. ღვთის მიერ ნაჩვენები ნიშნებისა და სასწაულების ხილვით ვერავინ გახდება ღვთის მიერ მოპოვებული. საუკუნეებისა და თაობების განმავლობაში ღმერთი ადამიანის სრულყოფისთვის მუდამ სიტყვას იყენებდა. ამიტომ, მთელ ყურადღებას ნიშნებსა და სასწაულებს კი არ უნდა უთმობდეთ, არამედ ღვთის მიერ თქვენს სრულყოფას უნდა ესწრაფვოდეთ. ძველი აღთქმის რჯულის ეპოქაში ღმერთმა გარკვეული სიტყვები წარმოთქვა, ხოლო მადლის ეპოქაში იესომაც მრავალი სიტყვა წარმოთქვა. მას შემდეგ, რაც იესომ მრავალი სიტყვა წარმოთქვა, შემდგომი დროის მოციქულები და მოწაფეები ხალხს იესოს მიერ გაცემული მცნებების პრაქტიკაში განხორციელებისკენ წარმართავდნენ. და განიცდიდნენ ყველაფერს იესოს მიერ თქმული სიტყვებისა და მის მიერ გადაცემული პრინციპების მიხედვით. უკანასკნელ დღეებში ღმერთი ადამიანის სრულყოფისთვის უმთავრესად სიტყვას იყენებს. ის არ იყენებს ნიშნებსა და სასწაულებს ადამიანის იძულებით დასარწმუნებლად; ამას არ შეუძლია ღვთის დიდი ძალმოსილების გამოვლენა. ღმერთს მხოლოდ ნიშნები და სასწაულები რომ ეჩვენებინა, ეს ვერ გააცხადებდა ღმერთის პრაქტიკულობას და ადამიანის სრულყოფაც ვერ მოხდებოდა. ღმერთი ადამიანს ნიშნებითა და სასწაულებით კი არ სრულყოფს, არამედ სიტყვის მეშვეობით რწყავს და მწყემსავს მას, რის შემდეგაც ადამიანს შეუძლია სრულად დაემორჩილოს ღმერთს და შეიცნოს ღმერთი. სწორედ ეს არის მისი საქმისა და მისი სიტყვების მიზანი. ღმერთი ადამიანის სრულყოფისთვის ნიშნებისა და სასწაულების ჩვენების გზას როდი იყენებს, იგი იყენებს სიტყვას და საქმის აღსრულების მრავალგვარ მეთოდებს. იქნება ეს სიტყვით გამოწრთობა, გასხვლა თუ მომარაგება, ღმერთი მრავალი სხვადასხვა კუთხით საუბრობს ადამიანის სრულყოფისთვის, და რათა მისცეს ადამიანს ღვთის საქმის, სიბრძნისა და საკვირველების შესახებ უფრო მეტი ცოდნის მოპოვების საშუალება. როდესაც ადამიანი სრულქმნილი გახდება იმ დროს, როდესაც ღმერთი უკანასკნელ დღეებში დაასრულებს ეპოქას, მაშინ ის იქნება ნიშნებისა და სასწაულების ჭვრეტის ღირსი. როდესაც ღმერთს შეიცნობ და შეძლებ მას დაემორჩილო, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს იგი, ნიშნებისა და სასწაულების ხილვისას მასზე აღარავითარი წარმოდგენა აღარ გექნება. ამჟამად, შენ გახრწნილი ხარ და ღვთისადმი სრული მორჩილების უნარი არ შეგწევს. განა გგონია, რომ ნიშნებისა და სასწაულების ხილვის ღირსი ხარ? როდესაც ღმერთი ნიშნებსა და სასწაულებს ავლენს, სწორედ მაშინ სჯის იგი ადამიანს; ეს არის ეპოქის ცვლილებისა და, უფრო მეტიც, ეპოქის დასასრულის ჟამი. როდესაც ღვთის საქმე ნორმალურად ხორციელდება, ის არ აჩვენებს ნიშნებსა და სასწაულებს. ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება უაღრესად იოლია მისთვის, მაგრამ ეს არც ღვთის საქმის პრინციპია და არც ადამიანის მართვის ღვთისმიერი მიზანი. ადამიანს ნიშნები და სასწაულები რომ ეხილა და ღვთის სულიერი სხეულიც რომ გამოცხადებოდა, განა მაშინ ყველა არ „იწამებდა“ ღმერთს? მანამდეც მითქვამს, რომ აღმოსავლეთიდან მოპოვებულ იქნება მძლეველთა გუნდი — მძლეველები, რომელთაც დიდი გასაჭირი განვლეს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მოპოვებულნი არიან, მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ ჭეშმარიტად მორჩილნი, რაც გაიარეს სამსჯავრო, დასჯა, გასხვლა, და ყოველგვარი გამოწრთობა გამოიარეს. ამ ხალხის რწმენა ბუნდოვანი კი არა, პრაქტიკულია. მათ არ უხილავთ ნიშნები და სასწაულები, ან საოცრებები; მათ არ შეუძლიათ ამაღლებული სიტყვებისა და მოძღვრებების თქმა, ან ღრმა მოსაზრებების გამოთქმა; ამის ნაცვლად, მათ აქვთ რეალობა, ღვთის სიტყვები და ღვთის პრაქტიკული და ჭეშმარიტი შემეცნება. განა ასეთ ჯგუფს უკეთ არ შეუძლია ღვთის დიდი ძალმოსილების გამოვლენა? ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში, პრაქტიკული საქმეა. იესოს ეპოქაში, იგი ადამიანთა სრულყოფისთვის კი არ მოვიდა, არამედ მათ გამოსასყიდად, ამიტომაც მოახდინა ზოგიერთი სასწაული, რათა ხალხი მას გაჰყოლოდა. რადგან იგი, უმთავრესად, ჯვარცმის საქმის დასასრულებლად მოვიდა, ხოლო ნიშნების ჩვენება არ ყოფილა მისი მსახურების საქმის ნაწილი. ასეთი ნიშნები და სასწაულები მისი საქმის ნაყოფიერებისთვის სრულდებოდა; ეს იყო დამატებითი სამუშაო და იგი მთელი ეპოქის საქმეს არ წარმოადგენდა. ძველი აღთქმის რჯულის ეპოქაშიც აჩვენებდა ღმერთი ზოგიერთ ნიშანსა და სასწაულს — მაგრამ საქმე, რომელსაც ღმერთი დღეს აღასრულებს, პრაქტიკული საქმეა და იგი ახლა აბსოლუტურად არ აჩვენებს ნიშნებსა და სასწაულებს. მას ნიშნები და სასწაულები რომ ეჩვენებინა, მისი პრაქტიკული საქმე აირეოდა და იგი ვეღარავითარი საქმის აღსრულებას ვეღარ შეძლებდა. ღმერთს რომ ეთქვა, რომ სიტყვას გამოიყენებდა ადამიანის სრულყოფისთვის, მაგრამ ამავდროულად ნიშნებსა და სასწაულებსაც აჩვენებდა, განა ეს შეძლებდა იმის გამჟღავნებას, ჭეშმარიტად სწამს თუ არა ადამიანს მისი? ამიტომაც, ღმერთი ასე არ იქცევა. ადამიანში ზედმეტადაა გამჯდარი რელიგიურობა. ღმერთი უკანასკნელ დღეებში მოვიდა, რათა განდევნოს ადამიანში არსებული ყველა რელიგიური წარმოდგენა და ყველა ზებუნებრივი რამ, ღვთის პრაქტიკულობა დაანახოს და ღვთის ის ხატება წაშალოს, რომელიც ბუნდოვანი, არარეალისტური და, შეიძლება ითქვას, სრულიად არარსებულია. ამიტომ, ახლა ერთადერთი ძვირფასი რამ პრაქტიკულობის შემეცნებაა! ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას. რამდენად ფლობ ჭეშმარიტებას დღეს? განა ყველაფერი, რაც ნიშნებსა და სასწაულებს ავლენს, ღმერთია? ბოროტ სულებსაც შეუძლიათ ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება; განა ისინი ღმერთები არიან? ღვთისადმი თავის რწმენაში, ის, რასაც ადამიანი ეძებს, არის ჭეშმარიტება, ხოლო ის, რასაც ესწრაფვის — სიცოცხლე, და არა ნიშნები და სასწაულები. სწორედ ეს უნდა იყოს ყველა ღვთისმორწმუნის მიზანი.

წინა: სასუფევლის ჟამი სიტყვის ჟამია

შემდეგი: ღვთის ჭეშმარიტი მოყვარულნი არიან ისინი, ვისაც შეუძლია მისი პრაქტიკულობის უპირობო მორჩილება

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება