თავი 9
რაკი ჩემს სახლეულობაში მოიაზრები და ჩემს სასუფეველში ერთგულებას იჩენ, ყველაფერთან მიმართებაში, რასაც კი აკეთებ, უნდა აკმაყოფილებდე იმ სტანდარტებს, რომლებსაც გიწესებ. ვითხოვ, რომ არ იყო მხოლოდ მოხეტიალე ღრუბელი, არამედ, მოელვარე თოვლი და ფლობდე მის არსსა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მის ღირებულებას. ეს იმიტომ, რომ მე წმინდა მიწიდან გევლინები და არ ვგავარ ლოტოსს, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს და არა არსი, რადგან ის ტალახიდან იშვა და არა წმინდა მიწიდან. დრო, როდესაც ახალი ცა ეშვება დედამიწაზე და ახალი მიწა იშლება სამყაროს კამარაზე, სწორედ ის დროა, როცა მე ოფიციალურად ვიწყებ მოქმედებას კაცთა შორის. ადამიანთაგან ვინ მიცნობს? ვინ იხილა ჩემი მოსვლის წამი? ვინ დაინახა, რომ არა მხოლოდ სახელი მაქვს, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არსსაც ვფლობ? ხელით ვფანტავ თეთრ ღრუბლებს და ყურადღებით ვაკვირდები ცის კამარას; სივრცეში არაფერია ისეთი, რაც ჩემი ხელით არ არის მოწყობილი და მის ქვეშ არავინაა ისეთი, ვისაც თავისი მცირე წვლილი არ შეაქვს ჩემი დიადი საქმის აღსრულებაში. არ ვუყენებ რთულ მოთხოვნებს დედამიწაზე მყოფ ადამიანებს, რადგან ბუნებრივად ვარ პრაქტიკული ღმერთი და რადგან ვარ ყოვლისშემძლე, რომელმაც შექმნა ადამიანები და კარგად იცნობს მათ. ადამიანთაგან ვინ არ არის ყოვლისშემძლის თვალთახედვის არეში და თუნდაც ისინი დედამიწის ან ზღვის დასალიერს იყვნენ, როგორ შეძლებდნენ ჩემი სულის გამომცდელი მზერისგან თავის დაღწევას? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები „იცნობენ“ ჩემს სულს, ისინი მაინც აყენებენ შეურაცხყოფას ჩემს სულს. ჩემი სიტყვები აშიშვლებს ყველა ადამიანის მახინჯ სახეს ისევე, როგორც მათ ფიქრებსა და იდეებს, და იწვევს იმას, რომ დედამიწაზე მყოფი ყოველი ადამიანი ჩემი ნათლით გამოაშკარავდეს და დაემხოს ჩემი გამომცდელი მზერის წინაშე. მიუხედავად დაცემისა, მათი გულები ვერ ბედავს, რომ განმეშორონ. ქმნილებათა შორის ვის არ უჩნდება „სიყვარული“ ჩემ მიმართ ჩემი საქმეების გამო? ვის არ უჩნდება გულში „ლტოლვა“ ჩემი სიტყვების გამო? ვისში არ იბადება მიჯაჭვულობის გრძნობა ჩემი სიყვარულის გამო? მხოლოდ სატანის მიერ გახრწნის გამო ვერ მიაღწიეს ადამიანებმა იმ მდგომარეობას, რომელსაც ვითხოვ. მათ „ეჭვებიც“ კი უჩნდებათ იმ ყველაზე დაბალი სტანდარტების მიმართ, რომლებსაც ვითხოვ, რომ აღარაფერი ვთქვათ დღევანდელ დღეზე — ამ ეპოქაზე, როდესაც სატანა მძვინვარებს და შეშლილივით დესპოტურია — ან იმ დროზე, როდესაც ადამიანები ისე გათელა სატანამ, რომ მათი სხეულები მთლიანად სიბინძურით დაიფარა. როგორ არ უნდა ვწუხდე იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანები დაეცნენ და არ ითვალისწინებენ ჩემს გულს? ნუთუ მეცოდება სატანა? ნუთუ ვცდები ჩემს სიყვარულში? როდესაც ადამიანები მიჯანყდებიან, ჩემი გული ფარულად ტირის; როდესაც ისინი მეწინააღმდეგებიან, ვკიცხავ მათ; როდესაც ისინი ჩემ მიერ არიან გადარჩენილნი და მკვდრეთით აღმდგარნი, მათ უდიდესი მზრუნველობით ვკვებავ; როდესაც ისინი მემორჩილებიან, ჩემი გული დიდ სიმშვიდეს გრძნობს და მაშინვე ვხედავ დიდ ცვლილებებს ცაში, დედამიწაზე და ყოველივეში. როდესაც ადამიანები მადიდებენ, როგორ არ უნდა ვისიამოვნო ამით? როდესაც ისინი მოწმობენ ჩემზე და ჩემ მიერ არიან მოპოვებულნი, როგორ არ უნდა მივიღო დიდება? ნუთუ ყოველივე, რასაც ადამიანები აკეთებენ, ჩემ მიერ არ იმართება და ჩემი წყაროდან არ მომდინარეობს? თუ არ გავცემ მითითებებს, ადამიანები უსაქმოდ სხედან; უფრო მეტიც, „ჩემს ზურგს უკან“ თითოეული მათგანი ერთვება იმ „საქებარ“ ბინძურ საქმეებში. გგონია, რომ ხორციელმა სხეულმა, რომლითაც შევიმოსე, არაფერი იცის შენი ქმედებების, შენი ქცევისა და შენი სიტყვების შესახებ? მრავალი წელია ვუძლებ ქარსა და წვიმას და ასევე გამოვცადე ადამიანთა სამყაროს სიმწარე; თუმცა, უფრო ახლოდან დაკვირვებისას, ვერანაირი ტანჯვა ვერ აიძულებს ხორციელ ადამიანებს, დაკარგონ ჩემი იმედი, მით უმეტეს, ვერანაირი სიტკბოება ვერ აიძულებს მათ, გაცივდნენ, გული გაიტეხონ ან მიმატოვონ. ნუთუ მათი სიყვარული ჩემ მიმართ მართლაც სიმწარისა და სიტკბოს არარსებობით შემოიფარგლება?
დღეს ვმკვიდრობ ხორციელ სხეულში და ოფიციალურად დავიწყე იმ საქმის აღსრულება, რომელიც მე უნდა გავაკეთო. თუმცა ადამიანებს ეშინიათ ჩემი სულის მიერ წარმოთქმული გამონათქვამების, ისინი ეურჩებიან ჩემი სულის არსს. არ არის საჭირო იმის აშკარად განცხადება, რომ ადამიანთათვის ძალიან რთულია ჩემი ხორცშსხმული „მეს“ შეცნობა. როგორც ადრე ვთქვი, არ ვარ მკაცრი ჩემს მოთხოვნებში და არ ვითხოვ თქვენგან, რომ მიაღწიოთ ჩემს სრულ შეცნობას (რადგან ადამიანები არასრულყოფილნი არიან; ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა და არ არსებობს შანსი, რომ რომელიმე შეძენილმა თვისებამ ეს აანაზღაუროს). თქვენ მხოლოდ უნდა იცოდეთ ყოველივე, რასაც განკაცებული ვაკეთებ და ვამბობ. რაკი ჩემი მოთხოვნები არ არის მკაცრი, იმედია, რომ თქვენ ყველანი შეძლებთ ამ საქმეთა და სიტყვათა შეცნობას და ამის მიღწევას. უნდა გათავისუფლდეთ თქვენი უწმინდურებისგან ამ ბინძურ სამყაროში, უნდა იბრძოლოთ, რომ პროგრესს მიაღწიოთ ამ ჩამორჩენილ „იმპერატორთა ოჯახში“ და არასოდეს მისცეთ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. ნუ იქნებით ოდნავადაც ლმობიერნი საკუთარი თავის მიმართ. დიდი დროისა და ძალისხმევის ხარჯვა დაგჭირდებოდა, რათა შეგეცნო ის, რასაც ერთ დღეში წარმოვთქვამ და მთელი ცხოვრება დაგჭირდებოდა ჩემ მიერ წარმოთქმული ერთი წინადადებიდან ცოდნის მისაღებად და გამოსაცდელად. ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები არ არის ბუნდოვანი; ეს არ არის ცარიელი საუბარი. რამდენი ადამიანი იმედოვნებს ჩემი სიტყვების მოპოვებას, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევ; რამდენი ადამიანია მოწყურებული ჩემს სიუხვეს, მაგრამ მათ მცირედსაც არ ვაძლევ; რამდენ ადამიანს სურს ჩემი სახის ხილვა, მაგრამ ის ყოველთვის დაფარული მქონდა; რამდენი ადამიანი გულმოდგინეთ უსმენს ჩემს ხმას, მაგრამ თვალდახუჭული თავს უკან ვხრი და შეუვალი ვრჩები მათი „ლტოლვის“ მიმართ; რამდენ ადამიანს ეშინია ჩემი ხმის გაგონების, მაგრამ ჩემი სიტყვები ყოველთვის „შემტევია“; რამდენ ადამიანს აშინებს ჩემი სახის ხილვა, მაგრამ განზრახ ვჩნდები, რათა განვგმირო ისინი. ადამიანებს არასოდეს უნახავთ ჭეშმარიტად ჩემი სახე და არც არასოდეს გაუგონიათ ჭეშმარიტად ჩემი ხმა; ეს იმიტომ, რომ ისინი ჭეშმარიტად არ მიცნობენ. თუნდაც განგმირულ იქნენ ჩემ მიერ, თუნდაც მიმატოვონ და თუნდაც გაიკიცხონ ჩემი ხელით, მაინც არ იციან, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მათი ქმედებები და ქცევა ჩემს გულს და არც ის იციან, ზუსტად ვის ვუჩვენებ ჩემს გულს. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული არავის არასოდეს შევუცნივარ ან ვუნახივარ ჭეშმარიტად და თუმცა დღეს ხორცი შევისხი, თქვენ მაინც არ მიცნობთ. განა ეს ფაქტი არ არის? ოდესმე გიხილავთ თუნდაც მცირედი ჩემი განკაცებული „მეს“ ქმედებებიდან და ხასიათიდან?
ზეცაში არის ადგილი, სადაც მე განვისვენებ; ცისქვეშეთში არის ადგილი, სადაც სიმშვიდეს ვპოულობ. მაქვს სავანე და დრო, როდესაც ვავლენ ჩემს ძალებს. დედამიწაზე რომ არ ვყოფილიყავი, ხორციელ სხეულში რომ არ დავმალულიყავი და თავმდაბალი და დაფარული რომ არ ვყოფილიყავი, განა ზეცა და დედამიწა დიდი ხნის წინ არ შეიცვლებოდა? ნუთუ თქვენ, ჩემო ხალხო, უკვე დიდი ხნის წინ არ იქნებოდით ჩემ მიერ „წაყვანილი და გამოყენებული? თუმცა ჩემს ქმედებებში არის სიბრძნე და მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვაცნობიერებ ადამიანთა მზაკვრობას, არ მივყვები მათ მაგალითს, არამედ სანაცვლოდ მათ რაღაცას ვაძლევ. ჩემი სიბრძნე სულიერ სამყაროში ამოუწურავია, მაგრამ ჩემი სიბრძნე ხორციელ სხეულში მარადიულია. განა ეს არ არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩემი საქმეები ცხადდება? მრავალჯერ ვაპატიე და შევუნდე ადამიანებს დღევანდელ დღემდე სასუფევლის ეპოქაში. ნუთუ მართლა შემეძლო ჩემი დროის კიდევ უფრო გადაწევა? მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად უფრო გულმოწყალე ვიყავი „სუსტ“ ადამიანთა მიმართ, მას შემდეგ, რაც ჩემი საქმე აღსრულდება, ნუთუ კვლავ დავარღვევ ჩემსავე საქმეს ძველი საქმის კეთებით? ნუთუ შეგნებულად მივცემ სატანას ჩემთვის ბრალის დადების უფლებას? არაფერს ვითხოვ ადამიანებისგან, გარდა იმისა, რომ მიიღონ ჩემი სიტყვების რეალობა და მათი პირვანდელი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი სიტყვები მარტივია, არსობრივად ისინი რთულია, რადგან მეტისმეტად მცირენი და ზედმეტად უგრძნობნი ხართ. როდესაც, ხორცშესხმული პირდაპირ ვამჟღავნებ ჩემს საიდუმლოებებს და ვაცხადებ ჩემს განზრახვებს, არ გესმით; მხოლოდ გესმით ჩემი სიტყვების ხმა, მაგრამ ვერ სწვდებით მათ მნიშვნელობას. ჩემი გული სავსეა ღრმა მწუხარებით. მიუხედავად იმისა, რომ განკაცებული ვარ, არ ძალმიძს ხორციელი მსახურების საქმის აღსრულება.
ვინ შეიცნო ჩემი საქმეები ჩემს მიერ ხორცშესხმულ მდგომარეობაში წარმოთქმული სიტყვებიდან და განხორციელებული მოქმედებებიდან? თუ ჩემს საიდუმლოებებს წერილობით ვამჟღავნებ ან წარმოთქმული სიტყვით გავაცხადებ, ყველა ადამიანი გაოგნებული რჩება; ისინი დუმილით ხუჭავენ თვალებს. რატომ არის ის, რასაც ვამბობ, ადამიანებისთვის გაუგებარი? რატომ არ ძალუძთ მათ ჩემ სიტყვებში ჩაწვდომა? რატომ არიან ისინი ასე ბრმანი ჩემი საქმეების მიმართ? ვის ძალუძს მიხილოს და არასდროს დამივიწყოს? მათ შორის ვის ძალუძს ჩემი ხმის გაგონება და მისი უგულებელყოფა? ვის ძალუძს ჩემი განზრახვების შეგრძნება და ჩემი გულის გახარება? ვცხოვრობ და ვმოძრაობ ადამიანთა შორის, რათა გამოვცადო ადამიანური ცხოვრება; თუმცა ვგრძნობდი, რომ ყოველივე კარგი იყო, მას შემდეგ, რაც ისინი კაცობრიობისთვის შევქმენი, არ აღვიქვამ ადამიანთა შორის ცხოვრებას სიამოვნებად და არც მიწიერი სამყაროს კურთხევით ვტკბები. ზიზღით არ უარვყოფ ადამიანებს, მაგრამ არც მათზე ვარ მიჯაჭვული — რამეთუ ისინი არ მიცნობენ მე. ისინი ვერ ხედავენ ჩემს სახეს წყვდიადში; მთელ ამ ხმაურში მათ უჭირთ ჩემი ხმის გაგონება და არ ძალუძთ გაარჩიონ, რას ვამბობ. ამგვარად, გარეგნულად მემორჩილებით ყოველივეში, რასაც აკეთებთ, მაგრამ გულში მიჯანყდებით. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთია მთელი კაცობრიობის ძველი ბუნება. ვინ არის გამონაკლისი? ვინ არ არის ჩემი გაკიცხვის ობიექტებს შორის? თუმცა, ვინ არის ისეთი, ვინც ჩემი სულგრძელობით არ საზრდოობს? ყველა ადამიანი რომ განადგურებულიყო ჩემი რისხვით, რა მნიშვნელობა ექნებოდა ჩემ მიერ ცისა და დედამიწის შექმნას? ოდესღაც ბევრი გავაფრთხილე, ბევრს მოვუწოდე და ბევრი საჯაროდ განვიკითხე — განა ეს ბევრად უკეთესი არ არის, ვიდრე ადამიანების პირდაპირ განადგურება? ჩემი მიზანი არ არის ადამიანთა სიკვდილით დასჯა, არამედ ის, რომ შევაცნობინო მათ ყველა ჩემი საქმე ჩემი სამსჯავროს შუაგულში. როდესაც ამოხვალთ უძირო უფსკრულიდან — რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც „თავს დააღწევთ“ ჩემს სამსჯავროს — ყველა თქვენი პირადი მოსაზრება და გეგმა გაქრება და ყველა გადაწყვეტს ჩემს დაკმაყოფილებას. ამით განა არ მივაღწევ ჩემს მიზანს?
1 მარტი, 1992 წ.