თავი 4
ჩემ წინაშე მომსახურე მთელმა ჩემმა ხალხმა უნდა გაიხსენოს წარსული: იყო თუ არა ჩემდამი თქვენი სიყვარული შებილწული? იყო თუ არა ჩემდამი თქვენი ერთგულება წმინდა და უანგარო? იყო თუ არა ჩემ შესახებ თქვენი ცოდნა ჭეშმარიტი? რა ადგილი მეკავა თქვენს გულებში? სრულად მოვიცავდი მათ? ჩემი სიტყვების რა ნაწილი აღსრულდა თქვენში? ნუ ცდილობთ ჩემს გასულელებას! ეს ყოველივე ჩემთვის სრულიად ნათელია! დღეს, როდესაც ჩემი ხსნის ხმა გაისმის, გაიზარდა თუ არა ოდნავ მაინც თქვენი სიყვარული ჩემდამი? გახდა თუ არა ჩემდამი თქვენი ერთგულების ნაწილი უფრო წმინდა? გაღრმავდა თუ არა ჩემ შესახებ თქვენი ცოდნა? ჩაუყარა თუ არა წარსულში აღვლენილმა ქებამ მყარი საფუძველი თქვენს დღევანდელ ცოდნას? თქვენი რა ნაწილი უკავია ჩემს სულს? რა ადგილი უკავია ჩემს ხატებას თქვენში? ჩემმა გამონათქვამებმა მიაღწია თქვენს გულებამდე? ჭეშმარიტად გრძნობთ, რომ სირცხვილისგან დასამალი ადგილი აღარ გაქვთ? ჭეშმარიტად გჯერათ თუ არა, რომ არ ხართ ღირსნი, იყოთ ჩემი ხალხი? თუ თქვენ საერთოდ ვერ აცნობიერებთ ზემოხსენებულ კითხვებს, ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ შენ მხოლოდ პირადი სარგებლისთვის ცდილობ, მიჰყვე დინებას, რომ შენ აქ მხოლოდ რიცხვის შესავსებად ხარ და ჩემ მიერ წინასწარგანსაზღვრულ დროს, შენ აუცილებლად განიდევნები და მეორედ ჩაგაგდებენ უძირო უფსკრულში. ეს ჩემი გამაფრთხილებელი სიტყვებია და ვინც მათ ყურს მიღმა გაატარებს, ჩემი სამსჯავროთი განიგმირება და დათქმულ დროს უბედურებას შეეჩეხება. განა ასე არ არის? კიდევ მჭირდება მაგალითების მოყვანა ამის საილუსტრაციოდ? უფრო ნათლად უნდა ვისაუბრო, რათა თქვენთვის მაგალითი მოვიყვანო? სამყაროს შექმნიდან დღემდე მრავალი ადამიანი აჯანყდა ჩემი სიტყვების წინააღმდეგ და ამიტომ მიტოვებულ და განდევნილ იქნა ჩემი აღდგენის ნაკადის მიერ; საბოლოოდ, მათი სხეულები იღუპება, ხოლო მათი სულები ჰადესში ინთქმება, და დღესაც კი ისინი მძიმე სასჯელს ექვემდებარებიან. მრავალი ადამიანი მიჰყვებოდა ჩემს სიტყვებს, მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ჩემს გაცისკროვნებასა და განათებას, რის გამოც ჩემ მიერ იქნენ განდევნილნი, მოექცნენ სატანის ბატონობის ქვეშ და ჩემს მოწინააღმდეგეთა რიგებს შეუერთდნენ. (დღეს ყველა, ვინც უშუალოდ მეწინააღმდეგება, მხოლოდ ჩემი სიტყვების ზედაპირულობას ემორჩილება, მაშინ როცა ამბოხებულია მათი არსის წინააღმდეგ.) ასევე, მრავლად იყვნენ ისეთებიც, ვინც უბრალოდ უსმენდა გუშინ ჩემ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, ვინც წარსულის „ნაგავს“ ებღაუჭებოდა და არ აფასებდა დღევანდელ „მოსავალს“. ეს ადამიანები არა მხოლოდ ტყვედ ჩაიგდო სატანამ, არამედ ისინი მარადიულ ცოდვილებად და ჩემს მტრებად იქცნენ და ისინი უშუალოდ მეწინააღმდეგებიან. ასეთი ადამიანები ჩემი რისხვის მწვერვალზე ჩემი სამსჯავროს ობიექტები არიან და დღეს ისინი კვლავ ბრმები არიან, კვლავ ბნელ დილეგებში იმყოფებიან (რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები სატანის მიერ კონტროლირებულ დამპალ, გაშეშებულ გვამებში არიან; რადგან მათი თვალები ჩემ მიერ არის დაბინდული, მე ვამბობ, რომ ისინი ბრმები არიან). კარგი იქნება მოვიყვანო მაგალითი თქვენთვის, რათა მისგან ისწავლოთ:
პავლეს ხსენებისას თქვენ გაგახსენდებათ მისი ისტორია და ზოგიერთი ამბავი მის შესახებ, რომლებიც არაზუსტია და არ შეესაბამება რეალობას. იგი ბავშვობიდანვე იღებდა მშობლების სწავლებას, მიიღო ჩემი სიცოცხლე და ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრის შედეგად ფლობდა იმ სულიერ მონაცემებს, რომლებსაც მე ვითხოვ. 19 წლის ასაკში იგი სწავლობდა სხვადასხვა წიგნს სიცოცხლის შესახებ; ამიტომ არ მჭირდება დეტალებში შესვლა იმის თაობაზე, თუ როგორ შეეძლო მას, თავისი სულიერი მონაცემებისა და ჩემი გაცისკროვნებისა და ნათების წყალობით, არა მხოლოდ გარკვეული წვდომით ესაუბრა სულიერ საკითხებზე, არამედ შეეცნო ჩემი განზრახვები. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ერთობლიობას. მიუხედავად ამისა, მისი ერთი ნაკლი ის იყო, რომ თავისი ნიჭის გამო იგი ხშირად მაღალფარდოვნად საუბრობდა. შედეგად, მისი ურჩობის გამო, რომლის ნაწილიც უშუალოდ მთავარანგელოზს განასახიერებდა, როდესაც მე პირველად განვკაცდი, იგი ყოველნაირად ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ჩემთვის. იგი იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელიც არ იცნობდა ჩემს სიტყვებს და ჩემი ადგილი მის გულში უკვე გამქრალიყო. ასეთი ადამიანები უშუალოდ ეწინააღმდეგებიან ჩემს ღვთაებრიობას, განიგმირებიან ჩემ მიერ და მხოლოდ სულ ბოლოს იხრიან მუხლს და აღიარებენ თავიანთ ცოდვებს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მე გამოვიყენე მისი ძლიერი მხარეები — ანუ, მას შემდეგ, რაც მან გარკვეული დროის განმავლობაში იშრომა ჩემთვის — იგი კვლავ დაუბრუნდა თავის ძველ გზას და, თუმცა უშუალოდ არ აჯანყებულა ჩემი სიტყვების წინააღმდეგ, იგი აჯანყდა ჩემი შინაგანი წინამძღოლობისა და გაცისკროვნების წინააღმდეგ და ამგვარად, ყველაფერი, რაც მან წარსულში გააკეთა, ამაო აღმოჩნდა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდების გვირგვინი, რომელზეც იგი საუბრობდა, ცარიელ სიტყვებად, მისივე წარმოსახვის ნაყოფად იქცა, რადგან დღესაც კი იგი კვლავ ექვემდებარება ჩემს სამსჯავროს ჩემი ბორკილების ტყვეობაში.
ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ვინც მეწინააღმდეგება (ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჩემს ხორციელ მეს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩემს სიტყვებსა და ჩემს სულს — ანუ, ჩემს ღვთაებრიობას), თავის ხორცშივე იღებს ჩემს სამსჯავროს. როდესაც ჩემი სული გტოვებს, შენ სწრაფად ეშვები ქვემოთ და პირდაპირ ჰადესში ინთქმები. და თუმცა შენი ხორციელი სხეული დედამიწაზეა, შენ დაკარგული გაქვს გონიერება, ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანის მსგავსად. შენ მყისიერად გრძნობ თავს ისე, თითქოს მკვდარი იყო და მევედრები კიდეც, რომ დაუყოვნებლივ მოვუღო ბოლო შენს ხორცს. თქვენ უმეტესობას, ვისაც სული გაგაჩნიათ, კარგად გესმით ასეთი გარემოებები და არ მჭირდება შემდგომ დეტალებში შესვლა. წარსულში, როდესაც ჩემი ნორმალური ადამიანობით ვმუშაობდი, ადამიანთა უმეტესობა „ებრძოდა“ ჩემს რისხვასა და დიდებულებას და მცირედით იცნობდა ჩემს სიბრძნესა და ხასიათს. დღეს მე უშუალოდ ღვთაებრიობით ვსაუბრობ და ვმოქმედებ და კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თვალით იხილავენ ჩემს რისხვასა და სამსჯავროს; გარდა ამისა, განკითხვის ეპოქის მეორე ნაწილის მთავარი საქმე ისაა, რომ ჩემმა მთელმა ხალხმა უშუალოდ შეიცნოს ხორცში აღსრულებული ჩემი საქმენი და ყველამ უშუალოდ იხილოთ ჩემი ხასიათი. თუმცა, რადგან ხორციელად ვარ, მე ვითვალისწინებ თქვენს სისუსტეებს. იმედი მაქვს, რომ თქვენ არ მოეპყრობით თქვენს სულს, სამშვინველსა და სხეულს, როგორც სათამაშოებს და წინდაუხედავად არ მიუძღვნით მათ სატანას. აჯობებს, დააფასოთ ყოველივე, რაც გაქვთ და არ მოეპყროთ მას, როგორც თამაშს, რადგან ასეთი რამეები თქვენს ბედს უკავშირდება. ნამდვილად შეგიძლიათ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის გააზრება? ნამდვილად შეგწევთ უნარი, გაითვალისწინოთ ჩემი ჭეშმარიტი გრძნობები?
გსურთ, რომ დატკბეთ დედამიწაზე ჩემი კურთხევებით, რომლებიც ზეციურის მსგავსია? გსურთ, რომ ჩემი გაგება, ჩემი სიტყვებით ტკბობა და ჩემ შესახებ ცოდნა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულ და მნიშვნელოვან რამედ დააფასოთ? ჭეშმარიტად შეგიძლიათ, სრულად დამემორჩილოთ ისე, რომ არ იფიქროთ საკუთარ პერსპექტივაზე? ჭეშმარიტად შეგიძლიათ, ნება დამრთოთ, სიკვდილით დაგსაჯოთ და ცხვრებივით გატაროთ? არის კი თქვენ შორის ვინმე, ვისაც ამის მიღწევა შეუძლია? ნუთუ ყველა, ვინც ჩემ მიერ არის მიღებული და იღებს ჩემს აღთქმებს, მოიპოვებს ჩემს კურთხევებს? გაიგეთ რამე ამ სიტყვებიდან? თუ მე გამოგცდით, ჭეშმარიტად შეგიძლიათ თუ არა ნება დამრთოთ, წარვმართო და განვაგო ყველაფერი ჩემი ნებისამებრ, და ამ განსაცდელების შუაგულში ეძიოთ ჩემი განზრახვები და შეიგრძნოთ ჩემი გული? მე არ მსურს, რომ შენ ბევრი გულისამაჩუყებელი სიტყვის თქმა ან მრავალი ამაღელვებელი ისტორიის მოყოლა შეგეძლოს; არამედ, ვითხოვ, რომ შეგეძლოს ჩემთვის ლამაზი მოწმობის გაცემა და ყოველმხრივ ღრმად შესვლა რეალობაში. მე რომ პირდაპირ არ მესაუბრა, შეძლებდი თუ არა, მიგეტოვებინა ყველაფერი გარეგნული და ნება მიგეცა საკუთარი თავისთვის, რომ ყოფილიყავი ჩემ მიერ გამოყენებული? განა ეს არ არის ის რეალობა, რომელსაც მე ვითხოვ? ვის შეუძლია ჩაწვდეს ჩემი სიტყვების მნიშვნელობას? თუმცა, ვითხოვ, რომ აღარ იყოთ დამძიმებულნი ეჭვებით, რომ დადებითი მიდგომა გამოიყენოთ თქვენს შესვლაში და ჩაწვდეთ ჩემი სიტყვების არსს, რათა არასწორად არ გაიგოთ ჩემი სიტყვები, ბუნდოვანი არ იყოს თქვენთვის ჩემი მნიშვნელობა და ამგვარად არ დაარღვიოთ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები. ვიმედოვნებ, რომ ჩემს სიტყვებში ჩაწვდებით თქვენდამი ჩემს განზრახვებს. აღარ იფიქროთ საკუთარ პერსპექტივაზე და იმოქმედეთ ისე, როგორც ჩემ წინაშე გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერში მიენდოთ ღვთის წარმართვასა და განგებას. ყველამ, ვინც ჩემს სახლში დგას, უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რაც შეუძლია; შენ უნდა შესწირო შენი საუკეთესო ნაწილი დედამიწაზე ჩემი საქმის უკანასკნელ ეტაპს. ჭეშმარიტად გსურს თუ არა ამ ყოველივეს პრაქტიკაში განხორციელება?
1992 წლის 23 თებერვალი