თავი 29
იმ დღეს, როცა ყოველივე აღდგა, მე მოვედი ადამიანთა შორის და მათთან ერთად გავატარე საოცარი დღეები და ღამეები. მხოლოდ ასეთ ვითარებაში იწყებს ადამიანი ჩემი სიახლოვის გაცნობიერებას და რაც უფრო ხშირად ურთიერთობს ჩემთან, მით უფრო მკაფიოდ ხედავს, რაც მაქვს და რაც ვარ — შედეგად, ნელ-ნელა იძენს ჩემ შესახებ უფრო სიღრმისეულ ცოდნას. ადამიანთა შორის მე ვწევ თავს და ვაკვირდები და თითოეული მათგანი მხედავს მე. თუმცა, როდესაც სამყაროს თავს უბედურება დაატყდება, ისინი მყისვე შფოთში ვარდებიან და ჩემი სახე მათი გულებიდან ქრება; მოახლოებული განსაცდელით შეშინებულნი, ისინი აღარ უსმენენ ჩემს შეგონებებს. მრავალი წელი გავატარე ადამიანთა შორის, მაგრამ ისინი მუდამ უმეცარნი იყვნენ და არასოდეს მიცნობდნენ მე. დღეს მე ამას ჩემი პირით ვეუბნები მათ, რათა ყოველი ადამიანი მოვიდეს ჩემთან და მიიღოს რაღაც ჩემგან, თუმცა ისინი კვლავაც შორს დგანან ჩემგან და ამიტომ არ მიცნობენ. როცა ჩემი ნაბიჯები მთელ სამყაროს შემოივლის და მიწის კიდეებამდე მიაღწევს, ადამიანი საკუთარ თავზე დაფიქრდება და ყოველი ადამიანი მოვა ჩემთან, დაემხობა ჩემს წინაშე და თაყვანს მცემს. ამ დღეს მე მოვიპოვებ დიდებას, ეს იქნება ჩემი დაბრუნების დღეც და ჩემი წასვლის დღეც. ახლა მე დავიწყე ჩემი საქმე მთელ კაცობრიობაში, ფორმალურად წარმოვაჩენ ჩემი მმართველობის გეგმის საბოლოო ნაწილს სამყაროში. თუ ვინმე კვლავ უგუნურია, ნებისმიერ დროს ჩავარდება უმოწყალო სასჯელში. ეს იმიტომ არ არის, რომ მე უმოწყალო ვარ; პირიქით, ეს ჩემი მმართველობის გეგმის ნაბიჯია; ყველაფერი უნდა მოხდეს ჩემი გეგმის ნაბიჯების შესაბამისად და ვერავინ შეცვლის ამას. როცა მე ფორმალურად ვიწყებ ჩემს საქმეს, ყველა ადამიანი ჩემთან ერთად იწყებს მოძრაობას, ადამიანები მთელ სამყაროში ერთიანად ერთვებიან ჩემს საქმეში, მთელი სამყარო თითქოს „ზეიმის“ მდგომარეობაშია და მე თავად ვუბიძგებ ადამიანს წინსვლისკენ. შედეგად, თვით დიდი წითელი დრაკონიც კი ჩემი ნებით ქაოსსა და დაბნეულობაში ვარდება და ჩემს საქმეს ემსახურება და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სურს, ვერ მიჰყვება საკუთარ სურვილებს და იძულებულია დამემორჩილოს, რათა ჩემი ნებით ვიმოქმედო. ჩემს ყველა გეგმაში დიდი წითელი დრაკონი არის ჩემი საპირისპირო ფონი, ჩემი მტერიც და ამავე დროს ჩემი მსახურიც; ამიტომ მის მიმართ ჩემი „მოთხოვნები“ არასოდეს შემიმსუბუქებია. ამგვარად, ჩემი ხორცშესხმის საქმის საბოლოო ეტაპი სრულდება მისივე გარემოში — ეს უფრო ხელსაყრელია, რათა დიდი წითელი დრაკონი სათანადოდ მემსახუროს, რისი წყალობითაც,მე დავიმორჩილებ მას და დავასრულებ ჩემს გეგმას. როცა მე აღვასრულებ ჩემს საქმეს, ყველა ანგელოზი ჩემთან ერთად ერთვება გადამწყვეტ ბრძოლაში და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საბოლოო ეტაპზე სრულად დააკმაყოფილოს ჩემი განზრახვები, რათა ადამიანები მიწაზე დამემორჩილონ ისე, როგორც ანგელოზები მემორჩილებიან, არ ჰქონდეთ სურვილი შემეწინააღმდეგონ და არ ჩაიდინონ არაფერი, რაც მე მღალატობს. ასეთია სამყაროში ჩემი საქმის დინამიკა.
კაცთა შორის ჩემი გამოცხადების მიზანი და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ გადავარჩინო მთელი კაცობრიობა, დავაბრუნო იგი ჩემს სახლში, გავაერთიანო ცა და მიწა და ისე მოვაწყო, რომ ადამიანი გადასცემდეს „სიგნალებს“ ცასა და მიწას შორის — რადგან ეს არის მისი თანდაყოლილი ფუნქცია. იმ დროს, როდესაც მე ვქმნიდი კაცობრიობას, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე მისთვის და შემდეგ დავუშვი, რომ ჩემი მოთხოვნების შესაბამისად მიეღო ის სიმდიდრე, რომელიც მე განვუსაზღვრე. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით კაცობრიობამ დღევანდელ დღემდე მოაღწია. და ეს ყველაფერი ჩემი გეგმის ნაწილია. მთელს კაცობრიობაში უთვალავი ადამიანი ცხოვრობს ჩემი სიყვარულის დაცვის ქვეშ და უთვალავი ადამიანი — ჩემი გაკიცხვის სასჯელის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მუდამ ლოცვებით მომმართავენ, მაინც ვერ ახერხებენ თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობის შეცვლას; როგორც კი იმედს კარგავენ, მათ მხოლოდ ისღა რჩებათ, რომ მოვლენებს თავისი გზით განვითარების ნება მისცენ და შეწყვიტონ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ეს არის ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი. როდესაც საქმე ადამიანის ცხოვრების მდგომარეობას ეხება, ადამიანს ჯერ კიდევ არ უპოვია ჭეშმარიტი სიცოცხლე და ვერ გაუცნობიერებია სამყაროს უსამართლობა, გაპარტახება და საცოდავი მდგომარეობა — ამიტომ, რომ არა კატასტროფები, ადამიანთა უმეტესობა კვლავ ჩაეკრობოდა დედა-ბუნებას და განაგრძობდა „ცხოვრების“ გემოთი ტკბობას. განა ეს არ არის სამყაროს რეალობა? განა ეს არ არის ხსნის ხმა, რომელსაც მე ვაუწყებ კაცობრიობას? რატომ მოხდა, რომ ადამიანთა შორის არავის, არასოდეს შევყვარებივარ ჭეშმარიტი სიყვარულით? რატომ ვუყვარვარ ადამიანს მხოლოდ მაშინ, როცა სასჯელსა და განსაცდელშია, ხოლო როცა ჩემი დაცვის ქვეშ იმყოფება, აღარავის ვუყვარვარ? მრავალჯერ მომივლენია ჩემი სასჯელი კაცობრიობაზე. ისინი ხედავენ ამას, მაგრამ შემდეგ უგულებელყოფენ, არ იკვლევენ და არ ფიქრობენ მასზე იმ დროს, რის გამოც ადამიანზე მხოლოდ ულმობელი განაჩენი გადმოდის. ეს არის ჩემი მოქმედების ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ ისიც მიმართულია იმისკენ, რომ შეცვალოს ადამიანი და მიიყვანოს იქამდე, რომ შემიყვაროს.
მე ვმეფობ სასუფეველში და უფრო მეტიც, ვმეფობ მთელ სამყაროში; მე ვარ როგორც სასუფევლის მეფე, ასევე სამყაროს მმართველი. ამ დროიდან მე შევკრებ ყველას, ვინც არ არის რჩეული, დავიწყებ ჩემს საქმეს წარმართთა შორის და გამოვაცხადებ ჩემს ადმინისტრაციულ დადგენილებებს მთელ სამყაროში, რათა წარმატებით შევუდგე ჩემი საქმის შემდეგ ეტაპს. მე ვიყენებ სასჯელს, რათა გავავრცელო ჩემი საქმე წარმართთა შორის, ანუ მივმართავ „ძალას“ ყველას მიმართ, ვინც წარმართია. ბუნებრივია, ეს საქმე განხორციელდება იმავე დროს, როცა ჩემი საქმე მიმდინარეობს რჩეულთა შორის. როცა ჩემი ხალხი იმეფებს და ექნება ძალაუფლება მიწაზე, ეს იქნება ის დღეც, როცა ყველა ადამიანი მიწაზე იქნება დამორჩილებული და უფრო მეტიც, ეს იქნება ჩემი მოსვენების დრო — და მხოლოდ მაშინ გამოვეცხადები ყველას, ვინც დამორჩილებულია. მე ვცხადდები წმინდა სასუფეველში და დავიმალები ბინძური მიწისგან. ყველა, ვინც დამემორჩილა და მორჩილი გახდა ჩემს წინაშე, შეძლებს საკუთარი თვალით იხილოს ჩემი სახე და საკუთარი ყურით მოისმინოს ჩემი ხმა. ეს არის კურთხევა მათთვის, ვინც დაიბადა უკანასკნელ დღეებში, ეს არის კურთხევა, რომელიც მე წინასწარ განვსაზღვრე და ამას ვერავინ შეცვლის. დღეს მე ასე ვმოქმედებ მომავალი საქმისთვის. ჩემი მთელი საქმე ურთიერთდაკავშირებულია, ყველაფერში არის მოწოდება და პასუხი: არც ერთი ნაბიჯი არასოდეს შეწყვეტილა უეცრად და არც ერთი ნაბიჯი არ შესრულებულა დანარჩენებისგან დამოუკიდებლად. განა ასე არ არის? განა წარსული საქმე არ არის დღევანდელი საქმის საფუძველი? განა წარსულის სიტყვები არ არიან დღევანდელი სიტყვების წინამორბედნი? განა წარსულის ნაბიჯები არ არის დღევანდელი ნაბიჯების სათავე? როდესაც მე ოფიციალურად ვხსნი გრაგნილს, მაშინ ადამიანები მთელ სამყაროში დაისჯებიან, ადამიანები მთელ მსოფლიოში განსაცდელებს განიცდიან და ეს არის ჩემი საქმის კულმინაცია; ყველა ადამიანი იცხოვრებს სინათლეს მოკლებულ ქვეყანაში და ყველა იცხოვრებს იმ საფრთხეების ქვეშ, რომლებიც მათი გარემოდან მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ცხოვრება, რომელიც ადამიანს შექმნიდან დღემდე არასოდეს გამოუცდია და საუკუნეების განმავლობაში არავის არასოდეს „უხალისია“ ასეთი ცხოვრებით; ამიტომაც ვამბობ, რომ მე შევასრულე საქმე, რომელიც აქამდე არასოდეს შესრულებულა. ასეთია საქმის ჭეშმარიტი ვითარება და ასეთია მისი შინაგანი მნიშვნელობა. რადგან ჩემი დღე უახლოვდება მთელ კაცობრიობას, რადგან ის შორს არ ჩანს, არამედ ადამიანის თვალწინ დგას, ვინ არ იგრძნობს ამის გამო შიშს? და ამის გამო ვინ არ აღფრთოვანდებოდა? ბაბილონის უწმინდური ქალაქი საბოლოოდ მივიდა თავის დასასრულამდე; ადამიანი კვლავ შეხვდა სრულიად ახალ სამყაროს, ხოლო ცა და მიწა შეიცვალა და განახლდა.
როდესაც მე ვჩნდები ყველა ხალხისა და ერის წინაშე, ცაში თეთრი ღრუბლები ტრიალებენ და მფარავენ მე. ასევე, მიწაზე მყოფი ფრინველები ჭიკჭიკებენ და სიხარულით ცეკვავენ ჩემთვის, მიწის ატმოსფეროს სიცოცხლით ავსებენ, ისე, რომ „დაბლა ნელა აღარ ეშვებიან“, არამედ სიცოცხლით სავსე ატმოსფეროში ცხოვრობენ. როდესაც ღრუბლებში ვიმყოფები, ადამიანი ბუნდოვნად არჩევს ჩემს სახესა და თვალებს და ამ დროს გარკვეულ შიშს გრძნობს. წარსულში მას ჩემზე მხოლოდ ლეგენდებში გადმოცემული ამბები სმენია, ამიტომაც ნახევრად რწმენით და ნახევრად ეჭვით არის ჩემს მიმართ. არ იცის, სად ვიმყოფები და რამდენად დიდია ჩემი სახე — არის თუ არა განიერი, როგორც ზღვა, ან უსაზღვრო, როგორც მწვანე საძოვრები? ეს არავინ იცის. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი დღეს ჩემს სახეს ხედავს ღრუბლებში, გრძნობს, რომ მე, ლეგენდების პერსონაჟი კი არა, თურმე რეალური ვყოფილვარ და ამიტომ, ის ჩემს მიმართ ცოტა უფრო კეთილგანწყობილი ხდება და მხოლოდ ჩემი საქმეების გამო იზრდება მისი ჩემდამი აღტაცება. მაგრამ ადამიანი მაინც არ მიცნობს და ღრუბლებიდან ჩემს მხოლოდ ერთ ნაწილს ხედავს. ამიტომაც, მე ვშლი ჩემს ხელებს და ვაჩვენებ მათ ადამიანს. ადამიანი გაოცებულია და ხელებს პირზე იფარებს, ღრმად შიშობს, რომ ჩემი ხელით არ დაისაჯოს და ამიტომ, ცოტა შიშს უმატებს თავის აღტაცებას. ადამიანი თვალს ადევნებს ჩემს ყოველ მოძრაობას, ღრმად შიშობს, რომ თუ ყურადღებით არ იქნება, დავსჯი, — მაგრამ მე არ ვარ შეზღუდული ადამიანის მიერ თვალთვალის გამო და ჩემი ხელით საქმის კეთებას ვაგრძელებ. მხოლოდ ყველა ჩემს მიერ შესრულებულ საქმეში აქვს ადამიანს ჩემდამი გარკვეული კეთილგანწყობა და ამგვარად, თანდათანობით მოდის ჩემ წინაშე, რათა ჩემთან ურთიერთობა დაიწყოს. როდესაც მე სრულად გამოვეცხადები ადამიანს, ის იხილავს ჩემს სახეს და მას შემდეგ აღარ დავიმალები და თავს ადამიანისგან აღარ დავფარავ. მთელ სამყაროში მე ღიად გამოვეცხადები ყველა ადამიანს და ყველა, ვინც ხორციელი და სისხლიანია, იხილავს ჩემს ყველა საქმეს. ყველა, ვინც სულისგან არის, უეჭველად იცხოვრებს მშვიდობაში ჩემს სახლში და აუცილებლად ისიამოვნებს ჩემთან ერთად საოცარი კურთხევებით. ყველა, ვისზეც მე ვზრუნავ, უეჭველად გადაურჩება სასჯელს და აუცილებლად აირიდებს როგორც სულიერ ტკივილს, ისე ხორციელ ტანჯვას. მე საჯაროდ გამოვეცხადები ყველა ადამიანს, დავაწესებ და გამოვიყენებ ძალაუფლებას, რათა ლეშის სუნი აღარ გავრცელდეს მთელ სამყაროში; სანაცვლოდ, ჩემი სუფთა სურნელი გავრცელდება მთელ მსოფლიოში, რადგან ჩემი დღე ახლოვდება, ადამიანი იღვიძებს, მიწაზე ყველაფერი წესრიგდება და მიწის გადარჩენის დღეები აღარ არის, რადგან მე მოვედი!
1992 წლის 6 აპრილი