თავი 21
ადამიანი ეცემა ჩემი სინათლის შუაგულში და მყარად დგას ჩემი ხსნის წყალობით. როდესაც ხსნას მოვუტან მთელ სამყაროს, ადამიანი ცდილობს იპოვოს გზები ჩემი აღდგენის ნაკადში შესასვლელად, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც ამ აღდგენის ნიაღვარმა უკვალოდ წალეკა; ბევრია ისეთი, ვინც დაიხრჩო და შთაინთქა ნიაღვრის წყლებით; და ასევე, ბევრია ისეთი, ვინც მყარად დგას ამ ნაკადში, ვისაც არასოდეს დაუკარგავს მიმართულების გრძნობა და ვინც ამგვარად მიჰყვება ნაკადს დღევანდელ დღემდე. ადამიანთან ფეხდაფეხ მივიწევ წინ, თუმცა მას მაინც არასოდეს უცვნივარ; მხოლოდ ჩემს გარეგნობასა და სამოსს იცნობს, მაგრამ ვერ ამჩნევს ჩემში დაფარული სიმდიდრეს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უზრუნველვყოფ ადამიანს და ვაძლევ მას, ყოველთვის უძლურია ჭეშმარიტად მიიღოს, ყოველთვის უჭირს ჩემგან ნაბოძები მთელი სიმდიდრის მიღება. მე სრულად ვწვდები ადამიანის გახრწნილებას; ჩემთვის მისი შინაგანი სამყარო ისეთივე ნათელია, როგორც კაშკაშა მთვარე წყალზე. ადამიანს ზედაპირულად არ ვექცევი და არც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვურთიერთობ მასთან; უბრალოდ, ადამიანს არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, და ამიტომ, მთელი კაცობრიობა ყოველთვის გარყვნილი იყო და დღესაც უძლურია თავი დააღწიოს ასეთ გარყვნილებას. საწყალი, საბრალო კაცობრიობა! რატომ ხდება, რომ ადამიანს კი ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი სულის განზრახვების აღსრულება არ შეუძლია? განა მართლაც არ განვუცხადე თავი კაცობრიობას? განა კაცობრიობას მართლაც არასოდეს უხილავს ჩემი სახე? ნუთუ ზედმეტად მცირე მოწყალება გამოვიჩინე ადამიანთა მიმართ? ოჰ, მთელი კაცობრიობის მეამბოხენო! ისინი უნდა გაიჭყლიტონ ჩემს ფეხქვეშ; ისინი უნდა გაქრნენ ჩემი გაკიცხვის დროს და ჩემი დიდი საქმის დასრულების დღეს უარყოფილ უნდა იქნან კაცობრიობიდან, რათა მთელმა კაცობრიობამ იცოდეს მათი მახინჯი სახე. ის ფაქტი, რომ ადამიანისთვის რთულია ჩემი სახის დანახვა ან ჩემი ხმის გაგონება, იმის გამოა, რომ მთელი სამყარო ზედმეტად მღვრიეა და მისი ხმაური ზედმეტად დიდია, და ამიტომ, ადამიანი ზედმეტად ზარმაცია იმისთვის, რომ ჩემი სახე ეძიოს და ჩემი გული შეიცნოს. განა ეს არ არის ადამიანის გახრწნილების მიზეზი? განა ამიტომ არ არის ადამიანი გაჭირვებაში? მთელი კაცობრიობა ყოველთვის ჩემი მზრუნველობის ქვეშ იყო; ასე რომ არ ყოფილიყო, მე რომ მოწყალე არ ვყოფილიყავი, ვინ გადარჩებოდა დღევანდელ დღემდე? ჩემში არსებული სიმდიდრე შეუდარებელია, თუმცა ყოველი უბედურებაც ჩემს ხელთაა და ვის შეუძლია თავი დააღწიოს უბედურებას, როცა მოესურვება? აძლევს მას ამის საშუალებას ადამიანის ლოცვები ან მისი გულის ტირილი? ადამიანს ჩემდამი ჭეშმარიტი ლოცვა არასოდეს აღუვლენია და ამიტომ, მთელ კაცობრიობაში არავის უცხოვრია მთელი თავისი ცხოვრება ჭეშმარიტ სინათლეში. ადამიანები მხოლოდ ისეთ სინათლეში ცხოვრობენ, რომელიც ხანდახან ციმციმებს და ხან ჩნდება, ხან ქრება. სწორედ ამან გამოიწვია კაცობრიობის დღევანდელი ნაკლოვანება.
ყველა მოუთმენლადაა და მზადაა ყველაფერი გაიღოს ჩემთვის, რათა მიიღოს რაიმე ჩემგან, და ამიტომ, ადამიანის ფსიქოლოგიის შესაბამისად, მე ვაძლევ მას დაპირებებს, რათა შთავუნერგო ჭეშმარიტი სიყვარული. ნუთუ მართლა ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარული აძლევს მას ძალას? ნუთუ ადამიანის ერთგულებაა ჩემ მიმართ ის, რამაც აამოძრავა ჩემი სული ზეცაში? ზეცა ოდნავადაც კი არასოდეს შეძრულა ადამიანის ქმედებებით და ადამიანს მისი ყოველი ქმედების მიხედვით ვეპყრობოდე, მაშინ მთელი კაცობრიობა ჩემი გაკიცხვის ქვეშ იცხოვრებდა. მრავალი ადამიანი მინახავს ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლებით და მინახავს მრავალი, ვინც გულს მიძღვნიდა ჩემი სიმდიდრის სანაცვლოდ. მიუხედავად ასეთი „ღვთისმოსაობისა“, მისი უეცარი აღტკინების გამო ადამიანისთვის დაუფიქრებლად არასოდეს მიმიცია ყოველივე ჩემი, რადგან ადამიანს არასოდეს ჰქონია სურვილი, სიხარულით მოეძღვნა თავი ჩემთვის. ყველას ჩამოვგლიჯე ნიღაბი და ცეცხლის ტბაში მოვისროლე; შედეგად, ჩემ მიმართ ადამიანის ეგრეთ წოდებული ერთგულება და ვედრება არასოდეს ყოფილა მტკიცე. ადამიანი ცაში მყოფ ღრუბელს ჰგავს: როდესაც ქარი გუგუნებს, მას ეშინია ქარის სიმძლავრის და ამიტომ ნაჩქარევად მიჰყვება მას, რადგან უზომოდ ეშინია, რომ თავისი მეამბოხეობის გამო არ განიგმიროს. განა ეს არ არის ადამიანის მახინჯი სახე? განა ეს არ არის ადამიანის ეგრეთ წოდებული მორჩილება? განა ეს არ არის ადამიანის „ჭეშმარიტი გრძნობა“ და მოჩვენებითი გულწრფელობა? ბევრი უარს ამბობს, ირწმუნოს ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვები და ბევრი არ იღებს ჩემს შეფასებას; შესაბამისად, მათი სიტყვები და ქმედებები ჩემ მიმართ მოღალატეობრივ განზრახვას ააშკარავებს. განა ის, რაზეც მე ვსაუბრობ, ეწინააღმდეგება ადამიანის ძველ ბუნებას? განა მე არ მივეცი ადამიანს შესაფერისი განმარტება „ბუნების კანონების“ მიხედვით? ადამიანი ჭეშმარიტად არ მემორჩილება; ის ჭეშმარიტად რომ მეძებდეს, მე არ მომიწევდა ამდენის თქმა. ადამიანი უსარგებლო ნაგავია და ჩემი გაკიცხვა უნდა გამოვიყენო, რათა წინსვლა ვაიძულო; ასე რომ არ მოვიქცე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ მიცემული დაპირებები სრულიად საკმარისია მის დასატკბობად, როგორ შეირხეოდა მისი გული? ადამიანი ყოველთვის ცხოვრობდა მტკივნეულ ბრძოლაში მრავალი წლის განმავლობაში; შეიძლება ითქვას, რომ ის ყოველთვის სასოწარკვეთილებაში ცხოვრობდა. შედეგად, ის ტანჯვაში დარჩა სასოწარკვეთის ზღვრამდე, მისი სული დაიღალა და ძალა გამოელია, და ამიტომ, ის სიხარულით არ იღებს იმ სიმდიდრეს, რომელსაც მე ვაძლევ. დღესაც კი არავის შეუძლია მიიღოს სულის მთელი სიტკბოება ჩემგან. ადამიანები მხოლოდ ღარიბებად რჩებიან და ელიან უკანასკნელ დღეს.
ბევრ ადამიანს სურს ჭეშმარიტად ვუყვარდე, მაგრამ რადგან მათი გული თავად არ ეკუთვნით, არ აქვთ კონტროლი საკუთარ თავზე. მრავალ ადამიანს ჭეშმარიტად ვუყვარვარ, როდესაც ჩემ მიერ მოვლენილ განსაცდელებს განიცდის, თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის აღქმა, რომ მე მართლაც ვარსებობ, და მხოლოდ სიცარიელეში ვუყვარვარ და არა ჩემი ნამდვილი არსებობის გამო. მრავალი გულს შლის ჩემ წინაშე, მაგრამ შემდეგ აღარ აქცევს მას ყურადღებას; შესაბამისად, როგორც კი შანსი მიეცემა, სატანა იტაცებს მათ გულს და შემდეგ, ისინი მტოვებენ. მრავალ ადამიანს ჭეშმარიტად ვუყვარვარ, როდესაც ჩემს სიტყვებს ვაწვდი, თუმცა არ უფრთხილდება ჩემს სიტყვებს თავის სულში, არამედ უდიერად იყენებს მათ, როგორც საზოგადოებრივ საკუთრებას, და როცა მოესურვება ისევ უკან აბრუნებს. ყველა ადამიანი მტკივნეულ წუთებში მეძებს და განსაცდელის დროს შემომყურებს; მშვიდობის ჟამს ტკბება ჩემით, საფრთხეში უარმყოფს, მოუცლელობისას ვავიწყდები და თავისუფალ დროს ზედაპირულად ცდილობს ჩემთან ურთიერთობას. და მაინც, არავის არასოდეს ვყვარებივარ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მსურს, ადამიანები გულწრფელნი იყვნენ ჩემ წინაშე.. არ ვითხოვ, რომ რაიმე მომცენ, არამედ მხოლოდ იმას, რომ სერიოზულად მომეკიდონ; რათა ჩემი მოთაფვლის სანაცვლოდ მათი გულწრფელობის მოპოვების საშუალება მომცენ. ჩემ მიერ ნათლის მოფენა, განათება და სასიცოცხლო ენერგია ყველას სჭვალავს, თუმცა ადამიანის ყოველი ქმედების ჭეშმარიტი ფაქტიც ყველას სჭვალავს, ისევე როგორც, მათი მხრიდან ჩემი მოტყუება. თითქოს მოტყუების უნარი ადამიანს ჯერ კიდევ დედის მუცლიდან დაჰყვა თან და დაბადებისთანავე ფლობდა გაცურების განსაკუთრებულ ნიჭს. უფრო მეტიც, მას არასოდეს გაუცია თავი; არავის არასოდეს ჩაუხედავს გაცურების ამ უნარების საწყისში. შედეგად, ადამიანი ისე ცხოვრობს მოტყუებაში, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას, და თითქოს პატიობს საკუთარ თავს, თითქოს ეს ღვთის განგებაა და არა ჩემი განზრახ მოტყუება. განა ეს არ არის ჩემი მოტყუების მთავარი საწყისი? განა ეს არ არის მისი გეგმა? მე არასოდეს ვყოფილვარ დაბნეული ადამიანის ყალბი ტკბილი სიტყვებით, რადგან დიდი ხნის წინ ჩავწვდი მის რაობას. ვინ იცის, რამდენი სიბინძურეა მის სისხლში და სატანის რამდენი შხამია გამჯდარი მის ძვლის ტვინში? ის გროვდება ყოველდღიურად და ადამიანი ეჩვევა მას, საერთოდ ვერ გრძნობს სატანის ტანჯვას, და ამიტომ, არ აქვს სურვილი აღმოაჩინოს „ჯანსაღი არსებობის ხელოვნება“.
როდესაც ადამიანი შორს არის ჩემგან და მცდის, ღრუბლებს შორის ვემალები. შედეგად, ვერ პოულობს ჩემს კვალს და ცხოვრობს მხოლოდ ბოროტთა ხელით, აკეთებს ყველაფერს, რასაც სთხოვენ. როდესაც ადამიანი ახლოს არის ჩემთან, ვეცხადები და არ ვუმალავ სახეს; ამ დროს ადამიანი ხედავს ჩემს კეთილ სახეს. მოულოდნელად გონს მოდის და ჩემდამი სიყვარული ბუნებრივად იბადება მასში. გულში მოულოდნელად გრძნობს შეუდარებელ სიტკბოებას და უკვირს, როგორ შეეძლო არ სცოდნოდა სამყაროში ჩემი არსებობის შესახებ. ამგვარად, ადამიანი უფრო მეტად გრძნობს ჩემს მშვენიერებას და, უფრო მეტიც, ჩემს სიძვირფასეს. შედეგად, მას ჩემი დატოვება აღარასოდეს სურს, მხედავს როგორც გადარჩენის სინათლეს და, უზომოდ შეშინებული, რომ მივატოვებ, მაგრად მეხუტება. ადამიანის მონდომება არ მაღელვებს, არამედ მისი სიყვარულის გამო ვანიჭებ „წყალობას“. ამ დროს ადამიანი მყისიერად აღმოჩნდება ჩემს განსაცდელებში. ჩემი სახე ქრება მისი გულიდან და ის მაშინვე გრძნობს, რომ მისი ცხოვრება ცარიელია, და მხოლოდ გაქცევაზე ფიქრობს. ამ მომენტში ადამიანის გული შიშვლდება. ის არ მეხუტება ჩემი ხასიათის გამო, არამედ ითხოვს, რომ დავიცვა იგი ჩემი სიყვარულის გამო. თუმცა, როდესაც ჩემი სიყვარული უკან უბრუნდება ადამიანს, ის მაშინვე იცვლის აზრს; არღვევს ჩემ წინაშე დადებულ აღთქმას და წყდება ჩემს სამსჯავროს, რადგან აღარასოდეს სურს იხილოს ჩემი კეთილი სახე, და, ამგვარად, ის იცვლის თავის შეხედულებას ჩემზე და ამბობს, რომ მე არასოდეს გადამირჩენია ადამიანი. განა ჭეშმარიტი სიყვარული მართლაც მხოლოდ წყალობას მოიცავს? განა ადამიანს მხოლოდ მაშინ ვუყვარვარ, როდესაც ჩემი კაშკაშა სინათლის ქვეშ ცხოვრობს? ის უკან უყურებს გუშინდელ დღეს და ცხოვრობს დღევანდელობით — განა ეს არ არის ადამიანის ყოფიერება? ნუთუ მართლაც ასეთები იქნებით ხვალაც? მე ის მინდა, რომ ადამიანს გულის სიღრმეში სწყუროდეს ჩემი არსებობა და არა უბრალოდ გარეგნული ქმედებებით ცდილობდეს, რომ მასიამოვნოს.
21 მარტი, 1992 წ.