თავი 11

კაცობრიობის თითოეული ადამიანი ჩემი სულის მიერ გამოკვლევას უნდა დაექვემდებაროს, ყოველ საკუთარ სიტყვას და ქმედებას გულდასმით უნდა წონიდეს და უფრო მეტიც, ჩემს საოცარ საქმეებს უნდა ჭვრეტდეს. რას გრძნობთ, როდესაც სამეფო დედამიწაზე მკვიდრდება? როდესაც ჩემი ძენი და ხალხი ჩემი ტახტისკენ მოემართებიან, განკითხვას დიდი თეთრი ტახტის წინაშე ოფიციალურად ვიწყებ. ანუ, როდესაც მე პირადად ვიწყებ ჩემს საქმეს დედამიწაზე და როდესაც განკითხვის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, მე ჩემს სიტყვებს მთელი სამყაროსკენ მივმართავ და ჩემი სულის ხმას მთელ სამყაროში გავავრცელებ. ჩემი სიტყვით ცაში, მიწასა და ყოველივეში, ყველა ადამიანს და ყველაფერს განვწმენდ, რათა მიწა აღარ იყოს ბილწი და გარყვნილი, არამედ იყოს წმიდა სამეფო. განვაახლებ ყოველს, რათა ჩემი სამსახურისთვის იყოს გამზადებული, რათა აღარ ატარებდეს მიწიერ სუნთქვას და მიწის სურნელით შებილწული აღარ იყოს. დედამიწაზე ადამიანი ჩემი სიტყვების მიზანსა და საწყისს ეძებდა და ჩემს საქმეებს აკვირდებოდა, მაგრამ ჭეშმარიტად არავის შეუცვნია ჩემი სიტყვების საწყისი და ჩემს საქმეებში ჭეშმარიტად საოცრება არავის უხილავს. მხოლოდ დღეს, როდესაც მე კაცთა შორის თავად მოვდივარ და ჩემს სიტყვებს წარმოვთქვამ, ადამიანს ჩემ შესახებ გარკვეული ცოდნა უჩნდება, თავის ფიქრებში „მე“-ს მიერ დაკავებულ ადგილს წაშლის და მის ნაცვლად, თავის ცნობიერებაში რეალური ღმერთისთვის ადგილს ქმნის. ადამიანს გააჩნია წარმოდგენები და სავსეა ცნობისმოყვარეობით. ვინ არ ისურვებდა ღვთის ხილვას? ვინ არ ინატრებდა ღმერთთან შეხებას? და მაინც, ადამიანის გულში მყარ ადგილს მხოლოდ ის ღმერთი იკავებს, რომელსაც ადამიანი ბუნდოვნად და აბსტრაქტულად აღიქვამს. ამას ვინ მიხვდებოდა, მე რომ მათთვის ეს პირდაპირ არ მეთქვა? ჭეშმარიტად ვინ ირწმუნებდა, რომ მე ნამდვილად ვარსებობ? ნუთუ ამის შესახებ, მართლა ოდნავი ეჭვიც კი არ ექნებოდათ? ადამიანის გულში არსებულ „მე“-სა და რეალობის „მე“-ს შორის უდიდესი განსხვავებაა და ერთმანეთთან მათი შედარების უნარი არავის აქვს. მე რომ ხორცი არ შემესხა, ადამიანი ვერასოდეს შემიცნობდა და რომც შევემეცნებინე, განა ასეთი ცოდნა მაინც წარმოდგენა არ იქნებოდა? ყოველდღე დავდივარ ადამიანთა დაუსრულებელ ნაკადში და ყოველდღე ვმოქმედებ თითოეულ ადამიანში. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად მიხილავს, ის შეძლებს ჩემს შეცნობას ჩემს სიტყვებში და როგორც ჩემი საუბრის გზებს, ისე ჩემს განზრახვებს ჩაწვდება.

როდესაც სამეფო დედამიწაზე ოფიციალურად დამკვიდრდება, ყოველივეს შორის რა არ დადუმდება? ადამიანთა შორის ვის არ შეეშინდება? მე მთელ სამყაროში, ყველგან დავდივარ და ყველაფერი პირადად ჩემ მიერ არის განგებული. დღეს, ვინ არ იცის, რომ ჩემი საქმეები საოცარია? ჩემს ხელებს ყოველივე უპყრია, და, იმავდროულად, მე ყოველივეზე მაღლა ვარ. დღეს მე ხორცი შევისხი და კაცთა შორის პირადად მოვედი — განა ეს ჩემი თავმდაბლობისა და ფარულობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა არ არის? გარეგნულად ბევრი ადამიანი მადიდებს, როგორც კეთილს და მაქებს, როგორც მშვენიერს, მაგრამ ჭეშმარიტად ვინ მიცნობს? დღეს თქვენგან ჩემს შეცნობას რატომ ვითხოვ? განა ჩემი მიზანი დიდი წითელი დრაკონის შერცხვენა არ არის? მე არ მსურს, რომ ადამიანი იძულებით მაქებდეს, არამედ მსურს, რომ ადამიანმა შემიცნოს, რისი წყალობითაც შემიყვარებს და ამგვარად განმადიდებს. ასეთი ქება თავისი სახელის ღირსია და ფუჭი სიტყვები არ არის; მხოლოდ ასეთ ქებას შეუძლია ჩემს ტახტს მიაღწიოს და ზეცაში აიჭრას. რადგან ადამიანი სატანამ აცდუნა და გახრწნა, რადგან იგი წარმოდგენებმა და აზროვნებამ მოიცვა, მე ხორცი შევისხი, რათა მთელი კაცობრიობა პირადად დამეპყრო, ადამიანის ყველა წარმოდგენა მემხილა და ადამიანის აზროვნება დამემსხვრია. შედეგად, ადამიანი ჩემ წინაშე აღარ ყოყოჩობს და თავისი საკუთარი წარმოდგენებით აღარ მემსახურება და ამგვარად, ადამიანის წარმოდგენებში არსებული „მე“ სრულად ქარწყლდება. როდესაც სამეფო მოდის, პირველი, რასაც ვაკეთებ, საქმის ამ ეტაპის დაწყებაა და ამას ჩემს ხალხში ვაკეთებ. როგორც ჩემს ხალხში, რომელიც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში დაიბადა, თქვენში ნამდვილად არ არის ამ დიდი წითელი დრაკონის შხამის მხოლოდ მცირე ნაწილი. ამგვარად, ჩემი საქმის ეს ეტაპი უპირველესად თქვენზეა ფოკუსირებული და ეს ჩინეთში ჩემი განკაცების მნიშვნელობის ერთ-ერთი ასპექტია. ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია, ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვების მცირედსაც კი ჩაწვდეს და როდესაც ამას ახერხებენ, მათი გაგება ბუნდოვანი და არეული ხდება. ჩემი საუბრის მეთოდში ეს გარდამტეხი მომენტია. თუ ჩემი სიტყვების წაკითხვას და მათი მნიშვნელობის გაგებას ყველა ადამიანი შეძლებდა, მაშინ კაცთაგან ჯოჯოხეთში ვინ ჩავიდოდა? როდესაც კაცი შემიცნობს და დამემორჩილება, ეს იქნება ჟამი ჩემი განსვენებისა და სწორედ ეს იქნება ის ჟამი, როდესაც ადამიანი ჩემი სიტყვების მნიშვნელობის ჩაწვდომას შეძლებს. დღეს, თქვენი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა — ის უბრალოდ საცოდავად მცირეა, იმდენად, რომ მისი ამაღლებაც კი შეუძლებელია — ჩემ შესახებ თქვენს ცოდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, ჩემ ძეთა და ხალხის სამწყემსად ანგელოზების მოვლინება დაიწყო, არავის შესწევს უნარი, ჩემი სიტყვების მნიშვნელობა გაიგოს. როდესაც კაცთა შორის მე პირადად მოვდივარ, იმავდროულად, ანგელოზები მწყემსვის საქმეს იწყებენ და ანგელოზთა მწყემსვის ჟამს, ყველა ძე და ხალხი არა მხოლოდ იღებს განსაცდელსა და მწყემსვას, არამედ საკუთარი თვალითაც ხედავს სხვადასხვა ხილვას. რადგან მე უშუალოდ ღვთაებრიობაში ვმოქმედებ, ყოველივე ახალ დასაწყისში შედის და რადგან ეს ღვთაებრიობა პირდაპირ მოქმედებს, ის ადამიანობით საერთოდაც არ იზღუდება და თავისუფლად მოქმედებს იმ პირობებში, რომელთაც ადამიანი ზებუნებრივად მიიჩნევს. თუმცა, ჩემთვის ეს სრულიად ნორმალურია (კაცს სჯერა, რომ ეს ზებუნებრივია, რადგან იგი ღვთაებრიობას პირისპირ არასოდეს შეხვედრია); იგი კაცის არავითარ წარმოდგენას არ შეიცავს და შეუბილწავია ადამიანური იდეებით. ხალხი ამას მხოლოდ მაშინ დაინახავს, როდესაც ყველა სწორ გზაზე დადგება; რადგან ახლა მხოლოდ დასაწყისია, რაც მის შესვლას შეეხება, ადამიანს მრავალი ნაკლოვანება აქვს და მარცხისა და ბუნდოვანების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. დღეს, რადგან აქამდე მოგიყვანეთ, მე ყოველივე სათანადოდ განვაგე და ჩემი საკუთარი მიზნები მაქვს. დღეს რომ მათ შესახებ მეთქვა, მათ შეცნობას ჭეშმარიტად შეძლებდით? მე კარგად ვიცნობ ადამიანის გონების ფიქრებსა და ადამიანის გულის წადილს: ვის არ უძებნია გამოსავალი საკუთარი თავისთვის? ვის არ უფიქრია საკუთარ მომავალზე? თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს უხვი და მრავალფეროვანი ფიქრი გააჩნია, ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ ათასწლეულების შემდეგ, აწმყო ასეთი იქნებოდა? ნუთუ ეს მართლაც შენი საკუთარი სუბიექტური ძალისხმევის ნაყოფია? ნუთუ ეს შენი ყოველგვარი ჯაფის საზღაურია? ნუთუ ეს შენი გონების მიერ წარმოსახული მშვენიერი სურათია? მე რომ მთელ კაცობრიობას არ წარვმართავდე, ჩემი განგებისგან თავის დაღწევას და სხვა გამოსავლის პოვნას ვინ შეძლებდა? ნუთუ ადამიანის ფანტაზიებმა და წადილმა, იგი დღევანდელ დღემდე მოიყვანა? მრავალი ადამიანი მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, რომ მათი წადილი არ სრულდება. ნუთუ ეს მართლაც მათი აზროვნების ხარვეზის ბრალია? მრავალი ადამიანის ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებითა და კმაყოფილებით. ნუთუ ეს იმის გამოა, რომ ისინი მეტისმეტად ცოტას მოელიან? კაცობრიობაში ყოვლისშემძლის მზრუნველობის ქვეშ ვინ არ არის? ყოვლისშემძლის წინასწარ განგებულების ფარგლებში ვინ არ ცხოვრობს? განა ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი მისივე არჩევანით ხდება? განა ადამიანი საკუთარ ბედს თავად განაგებს? ბევრი ადამიანი სიკვდილს ნატრობს, მაგრამ ის მათგან შორსაა; ბევრ ადამიანს სურს იყოს ძლიერი და სიკვდილის ეშინია, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ მათი აღსასრულის დღე ახლოვდება და ისინი სიკვდილის უფსკრულში იჩეხებიან; ბევრი ადამიანი ცას აჰყურებს და ღრმად ამოიოხრებს; ბევრი მწარედ და ხმამაღლა ტირის; ბევრი განსაცდელში ვარდება; და ბევრიც ცდუნების ხაფანგში ებმება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ გამოვჩნდები, რათა კაცმა ნათლად დაინახოს, ბევრ ადამიანს ჩემი სახის დანახვის ეშინია და სიღრმისეულად შიშობენ, რომ მე მათ გავანადგურებ, რომ მათ გავაქრობ. ნუთუ კაცი ნამდვილად მიცნობს? დანამდვილებით ვერავინ იტყვის. განა ასე არ არის? თქვენ როგორც ჩემი, ასევე ჩემი გაკიცხვის გეშინიათ, მაგრამ, ამავდროულად, ღიად მეწინააღმდეგებით და განმსჯით. განა ასე არ არის? ის, რომ კაცი არასდროს მიცნობდა, იმის გამოა, რომ არასდროს უნახავს ჩემი სახე და არასდროს სმენია ჩემი ხმა. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მე ადამიანის გულში ვარ, არის კი ვინმე, ვის გულშიც ბუნდოვანი და გაურკვეველი არ ვარ? არის კი ვინმე, ვის გულშიც მე სრულიად ნათელი ვარ? არ მსურს, რომ ჩემი ხალხი ბუნდოვნად და გაუმჭვირვალედ მხედავდეს და ამიტომ, ამ დიდ საქმეს ვიწყებ.

მე ჩუმად მოვდივარ ადამიანთა შორის და შემდეგ ვუჩინარდები. ოდესმე ვინმეს ვუნახივარ? მზეს ჩემი ხილვა შეუძლია თავისი მცხუნვარე ალის გამო? მისი კაშკაშა ბრწყინვალების გამო, მთვარეს ჩემი ხილვა შეუძლია? ცაში თავიანთი ადგილსამყოფელის გამო, თანავარსკვლავედებს ჩემი ხილვა შეუძლიათ? როდესაც მოვდივარ, ადამიანმა არ იცის და ყოველივე უმეცრებაში რჩება და როდესაც მივდივარ, ადამიანი კვლავაც ვერაფერს ხვდება. ჩემი დამოწმება ვის შეუძლია? იქნებ დედამიწაზე მყოფი ხალხის ქებას? იქნებ ველურ ბუნებაში აყვავებულ შროშანებს? იქნებ ცაში მფრინავ ჩიტებს? ან იქნებ მთებში მოღრიალე ლომებს? ჩემ შესახებ სრულად დამოწმება არავის შეუძლია! იმ საქმის კეთება, რომელსაც მე აღვასრულებ, არავის შეუძლია! მათ რომ ეს საქმე შეასრულონ კიდეც, ამას რა შედეგი ექნება? მრავალი ადამიანის ყველა ქმედებას ყოველდღე ვაკვირდები და მრავალი ადამიანის გულებსა და გონებას ყოველდღე გულდასმით ვიკვლევ; ვერავინ ვერასდროს გაქცევია ჩემს განკითხვას და არავის არასოდეს დაუღწევია თავი ჩემი განკითხვის რეალობისთვის. მე ზეცაზე მაღლა ვდგავარ და შორს გავცქერი: უთვალავი ადამიანი განმიგმირავს, მაგრამ ასევე უამრავი ადამიანი ჩემი წყალობითა და სიკეთით ცხოვრობს. განა თქვენც ასეთ ვითარებაში არ ცხოვრობთ?

1992 წლის 5 მარტი

წინა: სასუფევლის ჰიმნი

შემდეგი: თავი 14

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება