თავი 72
თუ აღმოაჩენ რაიმე ნაკლოვანებას ან სისუსტეს საკუთარ თავში, დაუყოვნებლივ მე უნდა დამეყრდნო, რათა თავი დააღწიო მას. ნუ დააყოვნებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სულიწმიდის საქმე ძალიან შორს იქნება შენგან და ძალიან ჩამორჩები. საქმე, რომელიც მოგანდე, შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად იქნები ჩემთან დაახლოებული, ილოცებ და გექნება თანაზიარება ჩემი თანდასწრებით. თუ არ გააკეთებ ამ ყველაფერს, მაშინ არავითარი შედეგი არ იქნება მიღწეული და ყველაფერი ფუჭად გაკეთდება. ჩემი დღევანდელი საქმე არ არის იგივე, რაც წარსულში იყო; ადამიანებში, რომლებიც მიყვარს, სიცოცხლის ხარისხი საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. ყველა მათგანს აქვს ჩემი სიტყვების ნათელი გაგება, ისევე, როგორც მათში ღრმა ჩაწვდომის უნარი. ეს არის ყველაზე აშკარა ასპექტი, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ჩემი საქმის სასწაულებრიობას. ჩემი საქმის ტემპი დაჩქარდა და ეს საქმე ნამდვილად განსხვავდება წარსულისგან. ადამიანებისთვის რთულია ამის წარმოდგენა და, მითუმეტეს, შეუძლებელია ბოლომდე შეცნობა. თქვენთვის აღარაფერია საიდუმლო; პირიქით, ყველაფერი ცნობილი და გამჟღავნებულია. ის არის გამჭვირვალე, გამოთავისუფლებული და, უფრო მეტიც, სრულიად თავისუფალი. ისინი, ვინც მიყვარს, ნამდვილად არ იქნებიან შეზღუდულნი არცერთი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის მხრიდან და არც რაიმე სივრცით ან გეოგრაფიით; ისინი გადალახავენ ყველა გარემოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და გამოვლენ ხორციელი ბუნებიდან. ეს არის ჩემი დიდი საქმის აღსრულება. ამის შემდეგ გასაკეთებელი აღარაფერი იქნება; ყველაფერი მთლიანად დასრულდება.
დიდი საქმის აღსრულება ნახსენებია ყველა პირმშო ძესთან და ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც მიყვარს. ამის შემდეგ თქვენ არ იქნებით შებოჭილნი არცერთი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის მიერ. იმოგზაურებთ სამყაროს სხვადასხვა ერში, მოივლით მთელ სამყაროს და ყველგან თქვენს კვალს დატოვებთ. ნუ მიიჩნევთ ამას შორეულ პერსპექტივად; ეს არის ის, რაც ძალიან მალე ახდება, პირდაპირ თქვენ თვალწინ. რასაც მე ვაკეთებ, თქვენც დაგევალებათ, და ადგილებში, სადაც დავაბიჯებ, თქვენი ნაკვალევი იქნება. უფრო მეტიც, ეს არის ჩვენი — თქვენი და ჩემი — ერთად მეფობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. გიფიქრიათ თუ არა იმაზე, თუ რატომ ხდება გაცხადებები, რომლებსაც გაძლევთ, უფრო ნათელი და უფრო და უფრო აშკარა, ისე, რომ ოდნავაც არაფერია დაფარული? რატომ დავამოწმე უმაღლეს საზღვრებამდე და რატომ გაგიმხილეთ თქვენ ყველა ეს საიდუმლო და ყველა ეს სიტყვა? ამის მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ზემოხსენებული საქმე. თუმცა, თქვენი საქმის პროგრესი ამჟამად მეტისმეტად ნელია. თქვენ არ შეგიძლიათ ჩემს ტემპს აუწყოთ ფეხი, არ შეგიძლიათ ძალიან კარგად ითანამშრომლოთ ჩემთან და, ამ დროისთვის, კვლავ მოკლებული ხართ უნარს, აღასრულოთ ჩემი განზრახვები. მე უფრო ინტენსიურად უნდა გაგწვრთნათ და დავაჩქარო თქვენი სრულქმნა, რათა რაც შეიძლება მალე მოუტანოთ კმაყოფილება ჩემს გულს.
ამჟამად ყველაზე აშკარა ის არის, რომ პირმშო ძეთა ჯგუფი ჩამოყალიბებულია. ყველა მათგანი ღირსეულად იქნა მიჩნეული ჩემ მიერ და სამყაროს შექმნიდანვე ჩემგან წინასწარ განსაზღვრულნი და არჩეულნი არიან. თითოეული მათგანი ჩემივე ხელით დაწინაურდა. აქ არ არის ადგილი რაიმე ადამიანური მოსაზრებისთვის. ეს თქვენ კონტროლს მიღმაა. ნუ იქნებით ამაყნი; ეს ყველაფერი ჩემი სიკეთე და წყალობაა. ჩემი თვალთახედვიდან, ყველაფერი უკვე აღსრულებულია. უბრალოდ, თქვენი თვალები მეტისმეტად დაბინდულია და ახლაც არ შეგიძლიათ ჩემი საქმეების სასწაულებრიობის ნათლად დანახვა. თქვენ არ გაქვთ ჩემი ყოვლისშემძლეობის, ჩემი სიბრძნის, ჩემი ყოველი ნაბიჯის ან ჩემი ყოველი სიტყვისა და საქმის სრულად ნათელი ან ჭეშმარიტი გაგება. სწორედ ამ მიზეზით, მე ვსაუბრობ ნათლად და მივუთითებ საკითხებზე. ჩემი ძეებისთვის, ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის, მზად ვარ, გადავიხადო ნებისმიერი ფასი, რათა გავისარჯო და თავი გავიღო. მიცნობთ თუ არა ჩემი სიტყვების მეშვეობით? გჭირდებათ თუ არა, რომ უფრო გარკვევით ვისაუბრო? ნუღარ იქნებით თავაშვებულნი; გამოიჩინეთ ყურადღება ჩემი გულის მიმართ! ახლა, როდესაც ასეთი დიდი საიდუმლო გაგიმხილეთ, რა გაქვთ სათქმელი? კვლავ გაქვთ რაიმე პრეტენზიები? თუ ფასს არ გადაიხდით და ბევრს არ იშრომებთ, მაშინ შეძლებთ კი იყოთ ჩემი საგულდაგულო ძალისხმევის ღირსნი?
ადამიანები დღესდღეობით ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს. ჩემი სიყვარული ვერ აღიძვრება მათში, ვისდამი კეთილგანწყობასაც არ ვავლენ, მაშინაც კი, თუ მათ ეს სურთ. ადამიანები, რომლებიც წინასწარ განვსაზღვრე და ავირჩიე, მაინც ვერ შეძლებენ გაქცევას, მაშინაც კი, თუ მოინდომებენ; არ აქვს მნიშვნელობა სად წავლენ, ისინი ვერ აარიდებენ თავს ჩემს ხელს. ასეთია ჩემი დიდებულება და, კიდევ უფრო მეტად, ჩემი სამსჯავრო. ყველა ადამიანმა თავისი საქმეები ჩემი გეგმისა და ჩემი განზრახვების შესაბამისად უნდა აკეთოს. ამ დღიდან მოყოლებული, აბსოლუტურად ყველაფერი უბრუნდება ჩემს ხელს და მათ კონტროლს მიღმაა. ყველაფერი ჩემ მიერ არის კონტროლირებული, წარმართული და განგებული. თუ ადამიანები მცირედით მაინც ჩაერევიან, მე მათ ადვილად არ გავუშვებ. დღეიდან მე მივცემ ყველა ადამიანს შესაძლებლობას მიცნობდეს — ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც შექმნა ყოველივე, რომელიც მოვიდა ადამიანთა შორის და მათ მიერ იქნა უარყოფილი და ცილისწამებული, და მას, ვინც აკონტროლებს და განაგებს ყველაფერს მთელი სისრულით; მეფეს, რომელიც პასუხისმგებელია სასუფეველზე; თავად ღმერთს, რომელიც მართავს მთელ სამყაროს; და, უფრო მეტიც, ღმერთს, რომელიც აკონტროლებს ადამიანთა სიცოცხლესა და სიკვდილს და რომელსაც აქვს ჰადესის გასაღები. მე მივცემ ყველა ადამიანს (მოზრდილებსა და ბავშვებს, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა სულები და არიან თუ არა ისინი სულელები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და ა.შ.) შესაძლებლობას მიცნობდნენ. მე არავის გავათავისუფლებ ამ დავალებისგან; ეს არის ყველაზე მკაცრი საქმე, დავალება, რომელიც კარგად მოვამზადე და რომელიც სრულდება, და დაწყებულია აი, ახლავე. რასაც ვამბობ, აღსრულდება. გაახილეთ თქვენი სულიერი თვალები, მოიშორეთ თქვენი ინდივიდუალური წარმოდგენები და აღიარეთ, რომ მე ვარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც მართავს სამყაროს! მე არავისთვის ვარ დამალული და მე ვახორციელებ ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს ყველას მიმართ.
საკუთარი ყველაფერი გვერდზე გადადეთ. განა ის, რასაც ჩემგან იღებთ, უფრო დიდი ღირებულების და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არ არის? განა მათსა და შენს ნაგავს შორის სამყაროსხელა განსხვავება არ არის? იჩქარეთ და გადაყარეთ ყველაფერი, რაც უსარგებლოა! ახლა წყდება, კურთხევას მიიღებთ თუ უბედურებას გადაეყრებით. ეს გადამწყვეტი მომენტია; ყველაზე კრიტიკული მომენტიც კი არის. მართლა შეგიძლია თუ არა ამის დანახვა?