თავი 63
შენ უნდა გესმოდეს შენი საკუთარი მდგომარეობა და, უფრო მეტიც, ცხადად უნდა ხედავდე გზას, რომლითაც უნდა იარო; მე ნუღარ დამელოდები, რომ ყურები აგიწიო და რაღაცებზე მიგითითო. მე ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანის გულის წიაღს აკვირდება; მე ვიცი შენი ყოველი აზრი და იდეა, და, უფრო მეტიც, მე მესმის შენი ქმედებები და ქცევები. მაგრამ, აქვს ყველა შენს ქმედებასა და ქცევას ჩემი მოწონება და შეიცავს ისინი ჩემს განზრახვებს? ოდესმე ჭეშმარიტად მოგიძიებია პასუხი ამ მხრივ? მართლა დაგიხარჯავს ამაზე დრო? მართლა გაგიღია რაიმე ძალისხმევა? მე შენ არ გაკრიტიკებ; თქვენ უბრალოდ უგულებელყოფთ ამ ასპექტს! მუდამ ასეთი დაბნეულები ხართ და ამ საკითხში საერთოდ არ გაქვთ სიცხადე. იცი რა არის ამის მიზეზი? ის, რომ თქვენი აზრები ბუნდოვანია და თქვენი წარმოდგენები — მეტისმეტად მყარად ფესვგადგმული; უფრო მეტიც, თქვენ არ ითვალისწინებთ ჩემს განზრახვებს. ზოგიერთი ადამიანი იტყვის: „როგორ შეგიძლია თქვა, რომ არ ვითვალისწინებთ შენს განზრახვებს? ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღვიქვათ შენი განზრახვები, მაგრამ არასდროს გამოგვდის — მაშ, რა უნდა ვიღონოთ? ნუთუ მართლა შეგიძლია თქვა, რომ არანაირ ძალისხმევას არ გავიღებთ?“ ნება მომეცი, გკითხო: გაბედავ თქვა, რომ ჭეშმარიტად ერთგული ხარ ჩემი? და ვინ ბედავს თქვას, რომ სრული ერთგულებით შემომწირავს თავს? ვშიშობ, რომ თქვენ შორის ვერცერთი ვერ იტყვის ამას, რადგან, საჭიროც არაა ამაზე საუბარი, თითოეულ თქვენგანს აქვს საკუთარი არჩევანი, საკუთარი მოსაწონი და, უფრო მეტიც, საკუთარი განზრახვები. ნუ იქნებით მზაკვრები! მე დიდი ხანია, საფუძვლიანად ჩავწვდი თქვენს ყოველ შინაგან აზრს. ნუთუ, კვლავ მჭირდება ამის განმარტება? ყველა ასპექტიდან მეტი უნდა გამოიკვლიო (შენი აზრები და იდეები, ყველაფერი, რასაც ამბობ, ყოველი სიტყვა, და ყოველი განზრახვა თუ შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯის უკან არსებული მოტივაცია); ამ გზით, მიაღწევ შესვლას ყველა ასპექტიდან. უფრო მეტიც, შეძლებ, აღიჭურვო სრული ჭეშმარიტებით.
თქვენთვის რომ არ მეთქვა ასეთი რაღაცები, კვლავ დაბნეულები იქნებოდით, მთელი დღე ხორციელი სიამოვნებებისკენ მიილტვოდით და სურვილიც არ გექნებოდათ, გაგეთვალისწინებინათ ჩემი განზრახვები. მე მუდმივად ვიყენებ ჩემს მოსიყვარულე ხელს თქვენს გადასარჩენად. იცით ეს? განგიცდიათ? მე შენ გულწრფელად მიყვარხარ. განა, გაბედავ თქვა, რომ გულწრფელად გიყვარვარ? ხშირად დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა: ნამდვილად შეგიძლია, შენი ყოველი ქმედებისა და ნაბიჯის წარდგენა ჩემ წინაშე შესამოწმებლად? შეგიძლია, გულწრფელად მომცე უფლება, სათითაოდ გამოვიკვლიო შენი ყოველი ქმედება და ნაბიჯი? მე ვამბობ, რომ გარყვნილი ხარ, შენ კი მაინც იმართლებ თავს. ჩემი სამჯავრო შენ დაგატყდა თავს; ახლა უნდა გამოფხიზლდე ჭეშმარიტებისკენ! ყველაფერი, რასაც ვამბობ, რეალურია; ყველა ჩემი სიტყვა მიუთითებს შენში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე. ოჰ, კაცობრიობავ! თქვენთან გამკლავება ისეთი რთულია. მხოლოდ მაშინ ხართ სრულად დარწმუნებულები, როცა მე მივუთითებ თქვენს რეალურ მდგომარეობაზე. ეს რომ არ გამეკეთებინა, ყოველთვის ჩაეჭიდებოდით თქვენს ძველ გზებს და მიეჯაჭვებოდით თქვენს აზროვნებას, იმ იმედით, რომ დედამიწაზე არავინაა თქვენზე ჭკვიანი. ამაში განა უბრალოდ თვითმართალი არ ხარ? განა არ ხარ კმაყოფილი, თავდაჯერებული და ამპარტავნებითა და ქედმაღლობით სავსე? ახლა უკვე უნდა აღიარო ეს! არ უნდა ფიქრობდე, რომ ჭკვიანი ან გამორჩეული ხარ; პირიქით, მუდმივად უნდა აცნობიერებდე შენს ნაკლოვანებებსა და სუსტ წერტილებს. ამ გზით, შენი ერთგულება ჩემი სიყვარულისადმი არ შემცირდება, პირიქით — უფრო და უფრო გაძლიერდება და შენი მდგომარეობა განაგრძობს გაუმჯობესებას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შენი ცხოვრება დღითიდღე კიდევ უფრო წინ წაიწევს.
როდესაც ჩემს განზრახვებს აღიქვამ, შენ საკუთარ თავსაც შეიცნობ, რითაც უკეთ მოიპოვებ გაგებას ჩემზე და კიდევ უფრო დარწმუნდები ჩემში. ამჟამად, თუ ვინმეს არ შეუძლია ჩემ მიმართ ოთხმოცდაათი პროცენტით დარწმუნებულობას მიაღწიოს და, ნაცვლად ამისა, განაგრძობს რყევას — ერთ წუთს მაღლა, მეორე წუთს — დაბლა, ფიქრითა და ქმედებით ორჭოფობს — მაშინ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი აუცილებლად იქნება მიტოვებული. დარჩენილი ათი პროცენტი მთლიანად ჩემს გაცისკროვნებასა და განათებაზეა დამოკიდებული; ამით ადამიანებს შეუძლიათ, ჩემ მიმართ ასპროცენტიანი დარწმუნების დონეს მიაღწიონ. ახლა — დღევანდელ დღეს — რამდენი აღწევს ასეთ სულიერ სიმწიფეს? მე მუდმივად ვამჟღავნებ შენთან ჩემს განზრახვებს და შენში განუწყვეტლივ მოედინება სიცოცხლის შეგრძნებები. რატომ არ მოქმედებ მაშინ სულის შესაბამისად? შეცდომების დაშვების გეშინია? თუ ასეა, რატომ არ ამახვილებ ყურადღებას წვრთნაზე? მე გეუბნები, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ჩემი განზრახვების აღქმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მცდელობით; მათ უნდა გაიარონ პროცესი. მე ეს მრავალჯერ აღვნიშნე, მაშინ, რატომ არ იყენებ ამას პრაქტიკაში? განა არ ფიქრობ, რომ ეს დაუმორჩილებლობაა? შენ გსურს, ყველაფერი მყისიერად დაასრულო და არასდროს გაქვს მზაობა, გაიღო რაიმე ძალისხმევა ან დახარჯო დრო რამეზე. რაოდენ გონებაარეული და, უფრო მეტიც, რაოდენ უმეცარი ხარ!
განა არ იცით, რომ მუდმივად პირდაპირ ვსაუბრობ და არაფერს ვფუთავ? რატომ განაგრძობთ სიბნელეში ყოფნას, გულგრილობასა და სიჩლუნგეს? თქვენ თავად უნდა გამოიკვლიოთ საკუთარი თავები და თუ რამეა ისეთი, რასაც ვერ იგებთ, მაშინ უფრო ხშირად უნდა მოდიოდეთ ჩემ წინაშე. ამას გეტყვი: ჩემი ასე თუ ისე საუბრის მიზანი არის ის, რომ ჩემ წინაშე მოგიყვანოთ. რატომაა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ ამას? ნუთუ იმიტომ, რომ ჩემმა სიტყვებმა სრულიად დაგაბნიათ? თუ იმიტომ, რომ ჩემი სიტყვებიდან არცერთი არ მიგიღიათ სერიოზულად? როდესაც მათ კითხულობთ, საკუთარ თავებს კარგად შეიცნობთ და ამბობთ კიდეც ისეთ რამეებს, თითქოს ჩემი ვალი გაქვთ და ვერ აღიქვამთ ჩემს განზრახვებს. თუმცა, რა ხდება ამის შემდეგ? ისეა, თითქოს ამ ყველაფერთან არაფერი გაკავშირებთ; თითქოს შენ უბრალოდ ის ადამიანი არ ხარ, ვისაც ღმერთის სწამს. განა მხოლოდ უაზროდ არ ყლაპავთ ინფორმაციას ისე, რომ საკუთარ თავს მისი გადამუშავების დროსაც არ აძლევთ? როდესაც ჩემი სიტყვებით სიამოვნებას იღებთ, ეს ჰგავს ცხენზე ჯირითისას, ყვავილების ერთი თვალის შევლებით დათვალიერებას; თქვენ არასდროს ცდილობთ, ჩემს სიტყვებში ჩემი განზრახვები აღიქვათ. აი, როგორია ხალხი: მათ ყოველთვის უყვართ თავმდაბლად გამოჩენა. ასეთები ყველაზე საძულველი ტიპის ადამიანები არიან. როდესაც სხვებთან ერთად თანაზიარებისთვის იკრიბებიან, მათ ყოველთვის უყვართ სხვების წინაშე საკუთარი ცოდნის გაზიარება, რათა დაანახვონ სხვებს, რომ ისინი ითვალისწინებენ ჩემს ტვირთს — თუმცა სინამდვილეში, ისინი ყველაზე უგუნური ბრიყვები არიან. (ისინი თავიანთ დებსა და ძმებს არ უზიარებენ ჭეშმარიტ ხედვებსა თუ ჩემ შესახებ ცოდნას; სამაგიეროდ, მხოლოდ საკუთარ თავს აჩენენ და სხვების წინაშე თავს იწონებენ; მე ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად მძულს, რადგან ისინი მგმობენ და შეურაცხყოფას მაყენებენ.)
მე ხშირად ვავლენ ჩემს უდიდეს სასწაულებს თქვენში. ნუთუ ვერ ხედავთ მათ? ეგრეთ წოდებულ „რეალობაში“ ცხოვრობენ ისინი, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ნუთუ არ გინახავთ ეს? არ არის ეს საუკეთესო მტკიცებულება, რომლითაც შეგიძლიათ მიცნოთ? არ მოწმობს ეს უფრო მეტად ჩემზე? და მაინც, თქვენ ვერ ცნობთ ამას. მითხარით: ვის შეუძლია იცხოვროს რეალობით ამ გარყვნილ მიწაზე, რომელიც ასეთი ბინძური, უწმინდური და სატანის მიერ გახრწნილია? ნუთუ ყველა ადამიანი არ არის გახრწნილი და ცარიელი? ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემმა სიტყვებმა თავის პიკს მიაღწია; არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამაზე ადვილად გასაგები იქნებოდა. სულელსაც კი შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ჩემი სიტყვები — მაშ, ეს უბრალოდ იმის ბრალი არ არის, რომ თქვენ არ გაგიღიათ ძალისხმევა?