ღვთის საქმის ხედვა (1)
იოანე შვიდი წლის განმავლობაში იღვწოდა იესოსთვის და მას გზა უკვე გაკვალული ჰქონდა, როდესაც იესო მოვიდა. მანამდე იოანეს მიერ ნაქადაგები სახარებაი სასუფევლისაი მთელ ქვეყანაში ისმოდა ისე, რომ ის მთელ იუდეაში გავრცელდა და ყველა მას წინასწარმეტყველს უწოდებდა. იმ დროს მეფე ჰეროდეს იოანეს მოკვლა სურდა, თუმცა ვერ ბედავდა, რადგან ხალხი იოანეს დიდ პატივს სცემდა და ჰეროდეს ეშინოდა, რომ მისი მოკვლის შემთხვევაში ხალხი აჯანყდებოდა. იოანეს მიერ აღსრულებულმა საქმემ ფესვი გაიდგა უბრალო ხალხში და მან ებრაელები მორწმუნეებად აქცია. შვიდი წლის განმავლობაში ის გზას უკვალავდა უფალს მანამ, სანამ იესო თავის მსახურებას დაიწყებდა. სწორედ ამიტომ იყო იოანე ყველა წინასწარმეტყველს შორის უდიდესი. მხოლოდ იოანეს დაპატიმრების შემდეგ დაიწყო იესომ ოფიციალური მოღვაწეობა. იოანემდე არ ყოფილა წინასწარმეტყველი, რომელმაც გზა გაუკვალა ღმერთს, რადგან იესომდე ღმერთი არასოდეს განკაცებულა. ასე რომ, იოანემდე არსებულ ყველა წინასწარმეტყველს შორის ის იყო ერთადერთი, ვინც გზა გაუკვლია განკაცებულ ღმერთს და ამგვარად იოანე გახდა ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველი. იოანემ იესოს ნათლობამდე შვიდი წლით ადრე დაიწყო ცათა სასუფევლის სახარების ფართოდ ქადაგება. ხალხისთვის მისი საქმე იესოს მიერ შემდგომ აღსრულებულ საქმეზე აღმატებულიც კი ჩანდა, თუმცა ის მაინც მხოლოდ წინასწარმეტყველი იყო. ის შრომობდა და ქადაგებდა არა ტაძარში, არამედ მის გარეთ ქალაქებსა და სოფლებში. ამას ის, რა თქმა უნდა, ებრაელ ხალხში აკეთებდა, განსაკუთრებით კი მათ შორის, ვინც ღარიბი იყო. იოანე იშვიათად ურთიერთობდა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებთან და სახარებას მხოლოდ იუდეის უბრალო ხალხში ქადაგებდა. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ მოემზადებინა შესაფერისი ადამიანები უფალ იესოსთვის და შესაფერისი ადგილები - მისი საქმის აღსასრულებლად. როდესაც ისეთი წინასწარმეტყველი, როგორიც იოანეა, გზას კვალავდა, უფალ იესოს შეეძლო მოსვლისთანავე პირდაპირ შედგომოდა თავისი ჯვარცმის გზას. როდესაც ღმერთი განკაცდა თავისი საქმის აღსასრულებლად, მას არ უწევდა ხალხის შერჩევა და არც პირადად ადამიანების ან სამუშაო ადგილის მოძიება. მოსვლისას მას ასეთი საქმე არ შეუსრულებია. შესაბამისმა ადამიანმა ეს ყველაფერი მის მოსვლამდე უკვე მოამზადა. იოანეს ეს საქმე უკვე დასრულებული ჰქონდა იესოს მოღვაწეობის დაწყებამდე, რადგან როდესაც განკაცებული ღმერთი მოვიდა თავისი საქმის აღსასრულებლად, მან მაშინვე დაიწყო იმათგან, ვინც დიდი ხანია ელოდა მას. იესო არ მოსულა ადამიანის გამოსასწორებელი საქმის აღსასრულებლად. იგი მოვიდა მხოლოდ თავისი მსახურების აღსავლენად. ყოველივე დანარჩენს მასთან კავშირი არ ჰქონდა. როდესაც იოანე მოვიდა, მას სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ტაძრიდან და ებრაელებიდან გამოიყვანა იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მიიღეს ცათა სასუფევლის სახარება, რათა ისინი უფალ იესოს საქმის ობიექტები გამხდარიყვნენ. იოანე შვიდი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში ქადაგებდა სახარებას. თავისი მოღვაწეობისას იოანეს ბევრი სასწაული არ მოუხდენია, რადგან მისი საქმე გზის შემზადება იყო. მისი საქმე იყო მოსამზადებელი სამუშაო. ყველა სხვა საქმეს, რომლის შესრულებასაც იესო აპირებდა, მასთან კავშირი არ ჰქონდა. ის მხოლოდ სთხოვდა ადამიანებს, ეღიარებინათ და მოენანიებიათ ცოდვები და ნათლავდა მათ, რათა გადაერჩინა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ მან შეასრულა ახალი საქმე და გაკვალა გზა, რომელზეც ადამიანს მანამდე არასოდეს გაევლო, მან მაინც მხოლოდ გზა შეუმზადა იესოს. იგი იყო უბრალოდ წინასწარმეტყველი, რომელმაც მოსამზადებელი სამუშაო შეასრულა და მას არ შეეძლო იესოს საქმის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ იესო არ იყო პირველი, ვინც ცათა სასუფევლის სახარება იქადაგა და მიუხედავად იმისა, რომ მან გააგრძელა იოანეს მიერ დაწყებული გზა, მაინც არავინ იყო სხვა, ვისაც შეეძლო მისი საქმის შესრულება და ეს იოანეს საქმეზე აღმატებული იყო. იესოს არ შეეძლო საკუთარი თავისთვის გზის გაკვალვა. მისი საქმე უშუალოდ ღვთის სახელით ხორციელდებოდა. ამრიგად, რამდენი წელიც არ უნდა ეღვაწა იოანეს, ის მაინც წინასწარმეტყველი იყო და ის, ვინც გზას კვალავდა. იესოს მიერ შესრულებულმა სამწლიანმა საქმემ გადააჭარბა იოანეს შვიდწლიან შრომას, რადგან მისი საქმის არსი განსხვავებული იყო. როდესაც იესომ დაიწყო თავისი მსახურების აღსრულება, რაც ასევე იოანეს საქმის დასასრულს ნიშნავდა, იოანეს უკვე საკმარისი ხალხი და ადგილი ჰქონდა მომზადებული უფალი იესოსთვის და ეს საკმარისი იყო უფლის სამწლიანი მოღვაწეობის დასაწყებად. ასე რომ, როგორც კი იოანეს საქმე დასრულდა, უფალმა იესომ ოფიციალურად დაიწყო თავისი საქმის აღსრულება, ხოლო იოანეს მიერ ნათქვამი სიტყვები დროებით გვერდზე გადადო. ეს იმიტომ, რომ იოანეს მიერ შესრულებული საქმე მხოლოდ გარდამავალი ეტაპისთვის იყო და მისი სიტყვები არ იყო სიცოცხლის სიტყვები, რომლებიც ადამიანს ახალი ზრდისკენ წაუძღვებოდა. საბოლოო ჯამში, მისი სიტყვები მხოლოდ დროებით გამოსაყენებლად იყო.
საქმე, რომელიც იესომ აღასრულა, არ იყო ზებუნებრივი. მას ჰქონდა განსაზღვრული პროცესი და ყველაფერი ნორმალურ კანონზომიერებას ექვემდებარებოდა. სიცოცხლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იესომ დანამდვილებით იცოდა, რომ ამ საქმის აღსასრულებლად მოვიდა და იცოდა, რომ ჯვარზე უნდა გაკრულიყო. სანამ ჯვარს აცვამდნენ, იესო გამუდმებით ლოცულობდა მამა ღმერთის მიმართ და ასევე სამჯერ ილოცა გეთსიმანიის ბაღში. ნათლობის შემდეგ იესო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ეწეოდა მსახურებას, მისი ოფიციალური მოღვაწეობა კი ორწელიწად-ნახევარს გაგრძელდა. პირველი წლის განმავლობაში მას სატანა ადანაშაულებდა, ადამიანი ავიწროებდა და ადამიანურ გამოცდას გადიოდა. თავისი საქმის აღსრულებისას მან მრავალ ცდუნებას გაუძლო. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც იესო მალე ჯვარს უნდა ეცვათ, პეტრეს ბაგეთაგან გაჟღერდა სიტყვები, რომ ის იყო ცოცხალი ღვთის ძე, რომ ის იყო ქრისტე. მხოლოდ მაშინ გაცხადდა მისი საქმე ყველასთვის და მხოლოდ მაშინ გაიგო მისი ვინაობა ხალხმა. ამის შემდეგ იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ იგი ადამიანის გულისთვის უნდა ჯვარცმულიყო და სამი დღის შემდეგ აღდგებოდა; რომ იგი მოვიდა გამოსყიდვის საქმის აღსასრულებლად და ის იყო მაცხოვარი. მხოლოდ ბოლო ექვს თვეში გაამჟღავნა მან თავისი ვინაობა და ის საქმე, რომლის აღსრულებასაც აპირებდა. ეს ასევე იყო ღვთის ჟამი და სწორედ ასე უნდა განხორციელებულიყო ეს საქმე. იმ დროს იესოს საქმის ნაწილი შეესაბამებოდა ძველ აღთქმას, ასევე მოსეს რჯულის კანონებსა და იეჰოვას სიტყვებს რჯულის ეპოქაში. ყოველივე ამას იესო თავისი საქმის ნაწილის აღსასრულებლად იყენებდა. იგი უქადაგებდა ხალხს და ასწავლიდა მათ სინაგოგებში, იყენებდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებებს მის მიმართ მტრულად განწყობილი ფარისევლების სამხილებლად და წმინდა წერილის სიტყვებს მათი ურჩობის გამოსააშკარავებლად და მათ დასაგმობად. რადგან მათ სძულდათ ის, რაც იესომ გააკეთა; კერძოდ, იესოს საქმის დიდი ნაწილი არ სრულდებოდა წმინდა წერილის კანონების მიხედვით და გარდა ამისა, ის, რასაც იგი ასწავლიდა, აღემატებოდა მათ სიტყვებს და კიდევ უფრო აღემატებოდა იმას, რასაც წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ წმინდა წერილში. იესოს საქმე მხოლოდ ადამიანის გამოსყიდვისა და ჯვარცმისთვის უნდა აღსრულებულიყო და ამიტომ მას არ სჭირდებოდა მეტი სიტყვის თქმა რომელიმე ადამიანის დასამორჩილებლად. ბევრი რამ, რასაც ის ადამიანს ასწავლიდა, წმინდა წერილის სიტყვებიდან იყო აღებული და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი საქმე არ აღემატებოდა წმინდა წერილს, მან მაინც შეძლო ჯვარცმის საქმის აღსრულება. მისი საქმე იყო არა სიტყვის საქმე და არც კაცობრიობის დასამორჩილებლად აღსრულებული საქმე, არამედ კაცობრიობის გამოსასყიდად აღსრულებული საქმე. იგი მხოლოდ კაცობრიობის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი იყო და არ მოქმედებდა, როგორც სიტყვის წყარო ადამიანებისთვის. მან აღასრულა არა წარმართთა საქმე, რაც ადამიანის დამორჩილების საქმე იყო, არამედ ჯვარცმის საქმე, რომელიც აღსრულდა მათ შორის, ვისაც სწამდა ღვთის არსებობის. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე წმინდა წერილის საფუძველზე ხორციელდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ის იყენებდა ძველ წინასწარმეტყველთა ნაწინასწარმეტყველებებს ფარისევლების დასაგმობად, ეს საკმარისი იყო ჯვარცმის საქმის აღსასრულებლად. დღევანდელი საქმე კვლავ წმინდა წერილში მოცემული ძველ წინასწარმეტყველთა ნაწინასწარმეტყველების საფუძველზე რომ სრულდებოდეს, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა თქვენი დამორჩილება, რადგან ძველი აღთქმა არ მოიცავს ჩანაწერს თქვენი, ჩინელი ხალხის, ურჩობისა და ცოდვების შესახებ და არ არსებობს თქვენი ცოდვების ისტორია. ამიტომ თუ ეს საქმე კვლავ ბიბლიაში იქნებოდა, თქვენ არასოდეს დანებდებოდით. ბიბლია გადმოგვცემს ისრაელიტების მხოლოდ შეზღუდულ ისტორიას, რომლითაც შეუძლებელია იმის დადგენა, ბოროტი ხართ თუ კეთილი ან თქვენი განსჯა. წარმოიდგინეთ, რომ მე თქვენ ისრაელიტთა ისტორიის მიხედვით განგსჯიდეთ — კვლავაც გამომყვებოდით ისე, როგორც დღეს? იცით, რამდენად რთულ მდგომარეობაში ხართ? ამ ეტაპზე ერთი სიტყვაც რომ არ თქმულიყო, მაშინ დამორჩილების საქმის დასრულება შეუძლებელი იქნებოდა. რადგან მე ჯვარცმისთვის არ მოვსულვარ, უნდა ვთქვა ბიბლიური სიტყვებისგან განსხვავებული სიტყვები, რათა თქვენ დაგიპყროთ. იესოს მიერ აღსრულებული საქმე მხოლოდ ერთი საფეხურით აღემატებოდა ძველ აღთქმას. იგი გამოიყენებოდა ეპოქის დაწყებისა და წარმართვის მიზნით. რატომ თქვა მან: „რჯულის გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.” თუმცა მისი საქმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ რჯულისა და მცნებებისგან, რომლებსაც ძველი აღთქმის ისრაელიტები მისდევდნენ, რადგან იგი მოვიდა არა რჯულზე დასამორჩილებლად, არამედ მის აღსასრულებლად. მისი აღსრულების პროცესი საკმაოდ პრაქტიკული იყო: მისი საქმე უფრო პრაქტიკული და რეალისტური იყო და უფრო მეტიც, ის უფრო ცოცხალი იყო და არ გულისხმობდა წესების მკაცრ დაცვას. განა ისრაელიტები არ იცავდნენ შაბათს? როდესაც იესო მოვიდა, ის არ იცავდა შაბათს, რადგან თქვა, რომ ძე კაცისა იყო შაბათის უფალი და როდესაც შაბათის უფალი მოვიდოდა, ის გააკეთებდა იმას, რაც სურდა. იგი მოვიდა ძველი აღთქმის კანონების აღსასრულებლად და მათ შესაცვლელად. ყოველივე, რაც დღეს აღესრულება, ეფუძნება აწმყოს, თუმცა ამასთანავე რჯულის ეპოქაში იეჰოვას საქმის ჩაყრილ საფუძველს და არ სცილდება მის ფარგლებს. მაგალითად, ენის დაცვა და მრუშობის არჩადენა — განა ეს ძველი აღთქმის კანონები არ არის? დღეს ის, რაც თქვენ მოგეთხოვებათ, შემოიფარგლება არა მხოლოდ ათი მცნებით, არამედ მოიცავს უფრო მაღალი რიგის მცნებებსა და კანონებს, ვიდრე მანამდე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, რაც ადრე იყო, გაუქმდა, რადგან ღვთის საქმის თითოეული ეტაპი ხორციელდება წინა ეტაპის საფუძველზე. რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც მაშინ იეჰოვამ აღასრულა ისრაელში, როგორიცაა ხალხის მიმართ მოთხოვნების წაყენება, რომ შეეწირათ მსხვერპლი, პატივი ეცათ მშობელთათვის, არ ეცათ თაყვანი კერპებისთვის, თავს არ დასხმოდნენ და არ დაეწყევლათ სხვები, არ ჩაედინათ მრუშობა, თავი შეეკავებინათ მოწევისა და სმისგან, არ შეეჭამათ მკვდარი ცხოველის ხორცი და არ დაელიათ სისხლი — განა ეს არ ქმნის თქვენი დღევანდელი პრაქტიკის საფუძველს? სწორედ წარსულის საფუძველზე ხორციელდება საქმე დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ წარსულის კანონები აღარ მოიხსენიება და შენს მიმართ ახალი მოთხოვნებია წაყენებული, ეს კანონები კი არ გაუქმებულა, არამედ პირიქით, უფრო მაღლა იქნა აყვანილი. იმის თქმა, რომ ისინი გაუქმდა, ნიშნავს იმას, რომ წინა ეპოქა მოძველდა მაშინ, როცა არსებობს ზოგიერთი მცნება, რომელიც თქვენ მუდმივად უნდა დაიცვათ. წარსულის მცნებები უკვე დანერგილია პრაქტიკაში, უკვე შეისისხლხორცა ადამიანმა და არ არის საჭირო განსაკუთრებული ხაზგასმა ისეთ მცნებებზე, როგორიცაა „არ მოწიო“, „არ დალიო“ და ა.შ. ამის საფუძველზე დგინდება ახალი მცნებები თქვენი დღევანდელი საჭიროებების, სულიერი სიმწიფისა და დღევანდელი საქმის მიხედვით. ახალი ეპოქის მცნებების დადგენა ნიშნავს არა ძველი ეპოქის მცნებების გაუქმებას, არამედ მათ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ამ საფუძველზე, რათა ადამიანის ქმედებები გახდეს უფრო სრულყოფილი და რეალობასთან შესაბამისი. დღეს თქვენგან მხოლოდ ძველი აღთქმის მცნებებისა და კანონების დაცვა ისევე რომ მოითხოვებოდეს, როგორც ისრაელიტებისგან და იეჰოვას მიერ დადგენილი კანონების ზეპირად დასწავლაც კი რომ მოგთხოვონ, თქვენი შეცვლის არანაირი შესაძლებლობა არ იარსებებდა. მხოლოდ იმ რამდენიმე შეზღუდული მცნების დაცვა ან უთვალავი კანონის დაზეპირება რომ მოგიწიოთ, თქვენი ძველი ხასიათი ღრმად გაიდგამდა ფესვებს და მისი ამოძირკვა შეუძლებელი იქნებოდა. ამრიგად, თქვენ სულ უფრო მეტად გაიხრწნებოდით და ვერცერთი თქვენგანი ვერ გახდებოდა მორჩილი. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მარტივი მცნება ან უთვალავი კანონი ვერ დაგეხმარება იეჰოვას საქმეების შეცნობაში. თქვენ არ ხართ ისეთი, როგორებიც ისრაელიტები იყვნენ: კანონების დაცვითა და მცნებების დაზეპირებით მათ შეძლეს იეჰოვას საქმეთა მოწმენი გამხდარიყვნენ და მხოლოდ მისთვის მიეძღვნათ თავი. მაგრამ თქვენ ამის მიღწევა არ შეგიძლიათ და ძველი აღთქმის ეპოქის რამდენიმე მცნებას არა მხოლოდ არ ძალუძს თქვენი გულის მოპოვება ან თქვენი დაცვა, არამედ პირიქით, მოგადუნებთ და ჯოჯოხეთში გადაგაგდებთ. რადგან ჩემი საქმე არის დაპყრობის საქმე და ის მიმართულია თქვენი ურჩობისა და ძველი ხასიათისკენ. იეჰოვასა და იესოს კეთილი სიტყვები ახლოსაც ვერ მივა დღევანდელი მკაცრი სამსჯავროს სიტყვებთან. ასეთი მკაცრი სიტყვების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თქვენი, ათასწლეულების მანძილზე ამბოხებული „ექსპერტების” დაპყრობა. ძველი აღთქმის კანონებმა თქვენზე ძალაუფლება დიდი ხნის წინ დაკარგა, დღევანდელი სამსჯავრო კი ბევრად უფრო შიშის მომგვრელია, ვიდრე ძველი კანონები. თქვენთვის ყველაზე შესაფერისია სამსჯავრო და არა კანონების უმნიშვნელო შეზღუდვები, რადგან თქვენ წარმოადგენთ არა იმ კაცობრიობას, რომელიც თავდაპირველად იყო, არამედ კაცობრიობას, რომელიც ათასობით წლის მანძილზე იხრწნებოდა. ის, რასაც ადამიანმა ახლა უნდა მიაღწიოს, შეესაბამება ადამიანის დღევანდელ რეალურ მდგომარეობას, მის შესაძლებლობებსა და სულიერ სიმწიფეს და არ მოითხოვს წესების დაცვას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შენს ძველ ბუნებაში ცვლილებები მოხდეს და შეძლო შენი წარმოდგენების გვერდზე გადადება. ფიქრობ, რომ მცნებები წესებია? შეიძლება ითქვას, რომ ისინი ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებებია. ისინი არ არის წესები, რომლებიც შენ უნდა დაიცვა. ავიღოთ, მაგალითად, მოწევის აკრძალვა — განა ეს წესია? ეს არ არის წესი! ეს ნორმალური ადამიანობისთვის არის საჭირო. ეს არის არა წესი, არამედ მთელი კაცობრიობისთვის დადგენილი პირობა. დღეს დადგენილი ათამდე მცნება ასევე არ წარმოადგენს წესებს. ისინი საჭიროა ნორმალური ადამიანობის მისაღწევად. წარსულში ადამიანებს ასეთი რამ არ ჰქონდათ ან არ იცოდნენ მათ შესახებ. ამიტომ დღეს ადამიანებს მოეთხოვებათ მათი მიღწევა და ასეთი რამ წესებად არ ითვლება. კანონები და წესები ერთი და იგივე არ არის. წესები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, ეხება ცერემონიებს, ფორმალობებს ან ადამიანის დამახინჯებულ პრაქტიკას. ისინი წარმოადგენს პროტოკოლებს, რომლებიც არანაირად ხელს არ უწყობს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს ადამიანისთვის. ისინი ქმნიან მოქმედებათა კურსს, რომელსაც აზრი არ აქვს. ეს არის წესების განსახიერება და ასეთი წესები უნდა იქნას უარყოფილი, რადგან მათ ადამიანისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. სწორედ ის უნდა დაინერგოს პრაქტიკაში, რაც ადამიანისთვის სასარგებლოა.