„მაცხოვარი“ უკვე დაბრუნდა „თეთრ ღრუბელზე“

რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე, ადამიანს ეწადა მაცხოვრის ჩამოსვლის მოწმე გამხდარიყო. ადამიანს ეწადა ეხილა იესო მაცხოვარი, თეთრ ღრუბელზე ამხედრებული, პირადად ჩამოსული მათ შორის, ვინც ათასწლეულების განმავლობაში მის მოლოდინსა და სასოებაში იყო. ადამიანს ასევე სწყუროდა მაცხოვრის დაბრუნება და მასთან კვლავ გაერთიანება; ანუ, ელოდა მაცხოვარ იესოს, რომელიც ათასობით წლის მანძილზე იყო ადამიანს დაცილებული, რათა იგი დაბრუნებულიყო და კვლავ აღესრულებინა გამოსყიდვის ის საქმე, რომელიც ებრაელებს შორის გასწია; რათა ყოფილიყო მოწყალე ადამიანის მიმართ და მოსიყვარულე ადამიანის მიმართ, მიეტევებინა ადამიანის ცოდვები, ეტვირთა ისინი და ეტვირთა ადამიანის თითოეული გადაცდომა, რათა ეხსნა იგი ცოდვისგან. ადამიანი ელის, რომ მაცხოვარი იესო იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო — საყვარელი, მეგობრული და პატივსაცემი მხსნელი, რომელიც არასოდეს ბრაზდება ადამიანზე და არასოდეს საყვედურობს მას, არამედ მიუტევებს და თავის თავზე იღებს ადამიანის თითოეულ ცოდვას და, წინანდებურად, ჯვარზეც კი მოკვდება მისთვის. მას შემდეგ, რაც იესო წავიდა, მოწაფეები, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ, ისევე როგორც ყველა წმინდანი, ვინც მისი სახელით იქნა გამოსყიდული, სულმოუთქმელად ნატრობდა მას და ამგვარად მოელოდა მის გამოცხადებას. ყველანი, ვინც მადლის ეპოქაში იესო ქრისტეს მადლით იქნენ გამოსყიდულნი, მოუთმენლად ელიან უკანასკნელ დღეებში იმ ნეტარებით აღსავსე დღეს, როდესაც მაცხოვარი იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრებული ჩამოვა ხალხს შორის, გამოჩინდება ურიცხვი ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არის ყველა იმ ადამიანის საერთო სურვილიც, რომლებიც დღეს იღებენ იესო მაცხოვრის სახელს. სამყაროს ყოველი ბინადარი, ვინც უწყის მაცხოვარ იესოს მიერ ბოძებული მაცხოვნებელი მადლის შესახებ, „სულმოუთქმელად ელის“ იესო ქრისტეს ანაზდეულ ჩამოსვლას, რათა „აღსრულდეს“ მისივე სიტყვები, დედამიწაზე ყოფნისას რომ წარმოთქვა: „ისევე მოვალ, როგორც წავედი“. ადამიანს სწამს, რომ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ იესო თეთრ ღრუბელზე ამხედრდა და დაბრუნდა თავის ადგილზე, ზეცაში, უზენაესის მარჯვნივ. ანალოგიურად, იესო კვლავ ამხედრდება თეთრ ღრუბელზე (ეს ღრუბელი აღნიშნავს იმ ღრუბელს, რომელზეც იესო იყო ამხედრებული, როდესაც იგი ზეცად დაბრუნდა), ებრაელთა იერითა და ებრაელთა სამოსით შემოსილი, რათა ჩამოვიდეს იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში სულმოუთქმელად ნატრობდნენ მას. მათთან გამოჩინების შემდეგ, იგი უბოძებს მათ საზრდოს და გადმოუღვრის ცოცხალ წყალს, იცხოვრებს ადამიანებს შორის, მადლითა და გულმოწყალებით აღვსილი, სიცოცხლით სავსე და ცოცხალი. ყველა მსგავსი წარმოდგენა მხოლოდ ის არის, რაც ადამიანს სწამს. თუმცა, მაცხოვარ იესოს ეს არ გაუკეთებია; ის, რაც მან მოიმოქმედა, სრულიად ეწინააღმდეგებოდა ადამიანთა წარმოდგენებს. იგი არ ჩამოსულა მათ შორის, ვინც ასე სულმოუთქმელად ელოდა მის დაბრუნებას და არც ურიცხვი ხალხის წინაშე გამოჩინებულა თეთრ ღრუბელზე ამხედრებული. იგი უკვე ჩამოვიდა, თუმცა ადამიანი მას არ იცნობს, კვლავ უმეცრებაში რჩება და მას უბრალოდ უმიზნოდ მოელის. ადამიანმა არც კი უწყის, რომ იგი უკვე დაეშვა „თეთრ ღრუბელზე“ (თეთრი ღრუბელი, რომელიც არის მისი სული, მისი სიტყვები, მისი სრული ხასიათი და ყოველივე ის, რაც ის არის) მძლეველთა იმ ჯგუფს შორის, რომელსაც იგი სრულქმნის უკანასკნელ დღეებში! როგორ უნდა სცოდნოდა ადამიანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მაცხოვარი იესო აღსავსეა კაცთმოყვარეობითა და სიყვარულით, იგი ვერანაირად ვერ იმოქმედებდა იმ „ტაძრებში“, რომლებიც სიბინძურით არის სავსე და არაწმიდა სულებითაა დასახლებული? მართალია, ადამიანი მოელის მის ჩამოსვლას, როგორ შეეძლო მას გამოცხადებოდა მათ, რომელნიც უსამართლოთა ხორცს ჭამენ, უსამართლოთა სისხლს სვამენ და უსამართლოთა სამოსს ატარებენ, მათ, რომელთაც სწამთ მისი, მაგრამ არ იცნობენ მას და გამუდმებით სძალავენ მას? ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რომ მაცხოვარი იესო აღსავსეა გულმოწყალებით, ზღვარგადასული წყალობით და რომ იგი არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, რომელიც სავსეა გამოსყიდვით. მაგრამ ადამიანმა არ იცის, რომ იგი თავად ღმერთია, რომელიც აღსავსეა სამართლიანობით, დიდებულებით, რისხვითა და განკითხვით, ფლობს ხელმწიფებას და სავსეა ღირსებით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დაუოკებელი სურვილით ელის და ესწრაფვის გამომსყიდველის დაბრუნებას და მისი ლოცვები „ზეცასაც“ კი აღძრავს, მაცხოვარი იესო არ ეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი, მაგრამ არ იცნობენ მას.

„იეჰოვა“ არის სახელი, რომელიც ისრაელში ჩემი მოღვაწეობისას დავირქვი; და იგი ნიშნავს ისრაელიანთა (ღვთის რჩეული ხალხის) ღმერთს, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს ადამიანი, დასწყევლოს ადამიანი და წარმართოს ადამიანის ცხოვრება; ღმერთს, რომელიც ფლობს დიდ ძალას და აღსავსეა სიბრძნით. „იესო“ არის ემანუელი, რაც ნიშნავს გულმოწყალებითა და წყალობით აღსავსე ცოდვის მსხვერპლს, რომელიც გამოისყიდის ადამიანს. იგი არის ის, ვინც აღასრულა მადლის ეპოქის საქმე, და იგი არის ის, ვინც წარმოადგენს მადლის ეპოქას, და მას მხოლოდ მართვის გეგმის საქმის ერთი ნაწილის წარმოდგენა შეუძლია. ესე იგი, მხოლოდ იეჰოვაა ისრაელის რჩეული ხალხის ღმერთი — აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი, მოსეს ღმერთი და სრულიად ისრაელიანთა ღმერთი. ამრიგად, იმ დროის ყველა ისრაელიტი, მათ შორის იუდეველი ხალხი, თაყვანს სცემდა იეჰოვას. ისინი სამსხვერპლოზე შესწირავდნენ მას მსხვერპლს და მღვდლის სამოსით შემოსილნი ემსახურებოდნენ ტაძარში. ის, რასაც ისინი ელოდნენ, იეჰოვას ხელახალი გამოცხადება იყო. მხოლოდ იესოა კაცობრიობის გამომსყიდველი და იგია ის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, რომელმაც ადამიანთა მოდგმა ცოდვისაგან გამოისყიდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელი იესო მადლის ეპოქიდან მომდინარეობს და იგი სწორედ მადლის ეპოქაში აღსრულებული გამოსყიდვის საქმის შედეგად დამკვიდრდა. სახელი იესო იმისთვის დამკვიდრდა, რომ მადლის ეპოქის ადამიანთათვის ხელახლა შობისა და გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა. და არის კონკრეტული სახელი მთელი კაცობრიობის გამოსყიდვისთვის. ამგვარად, სახელი „იესო“ წარმოადგენს გამოსყიდვის საქმეს და აღნიშნავს მადლის ეპოქას. სახელი „იეჰოვა“ არის საკუთრივ ისრაელიანთათვის განკუთვნილი სახელი, მათთვის, ვინც რჯულის ქვეშ ცხოვრობდა. თითოეულ ეპოქასა და საქმის თითოეულ ეტაპზე ჩემი სახელი უსაფუძვლო როდია, არამედ მას წარმომადგენლობითი მნიშვნელობა აქვს: თითოეული სახელი ერთ ეპოქას წარმოადგენს. „იეჰოვა“ წარმოადგენს რჯულის ეპოქას და არის საპატიო სახელი, რომლითაც ისრაელიანნი მოიხსენიებდნენ მათ მიერ თაყვანცემულ ღმერთს. „იესო“ წარმოადგენს მადლის ეპოქას და არის ყველა იმ ადამიანის ღმერთის სახელი, ვინც მადლის ეპოქაში იქნა გამოსყიდული. თუკი ადამიანი უკანასკნელ დღეებში კვლავაც მაცხოვარ იესოს ჩამოსვლას ელის და კვლავაც ელის მის ჩამოსვლას იმ სახით, რომელიც მას იუდეაში ჰქონდა, მაშინ მართვის მთელი ექვსი ათასწლიანი გეგმა გამოსყიდვის ეპოქაში შეჩერდებოდა და წინ ვეღარ წაიწევდა. უფრო მეტიც, უკანასკნელი დღეები არასოდეს დადგებოდა და ეს ეპოქაც ვერასდროს ჰპოვებდა თავის აღსასრულს. ეს იმიტომ, რომ „მაცხოვარი იესო“ მხოლოდ კაცობრიობის გამოსასყიდად და კაცობრიობის გადასარჩენად მოვიდა. სახელი „იესო“ მხოლოდ მადლის ეპოქის ყველა ცოდვილის გამო დავირქვი; ეს სახელი იმისთვის არ დამირქმევია, რომ მთელი კაცობრიობა დასასრულამდე მივიყვანო. თუმცა იეჰოვა, იესო და მესია, ყველა ჩემს სულს წარმოადგენს, ეს სახელები მხოლოდ ჩემი მართვის გეგმის სხვადასხვა ეპოქას აღნიშნავს და არ გამომხატავს მე ჩემს სისრულეში. სახელებს, რომლებითაც დედამიწაზე მყოფი ადამიანი მიწოდებს, არ შეუძლია სრულად გამოხატოს ჩემი მთელი ხასიათი და ყოველივე ის, რაც მე ვარ. ესენი მხოლოდ სხვადასხვა სახელია, რომლებითაც სხვადასხვა ეპოქაში ვიწოდები. ამრიგად, როდესაც დადგება უკანასკნელი ჟამი — საბოლოო ეპოქა — ჩემი სახელი კვლავ შეიცვლება. აღარ მეწოდება იეჰოვა, აღარ მეწოდება იესო და მით უმეტეს, აღარ მეწოდება მესია — არამედ მეწოდება თავად ძლევამოსილი და ყოვლისშემძლე ღმერთი, და ამ სახელით მივიყვან მთელ ეპოქას დასასრულამდე. ოდესღაც იეჰოვა მეწოდებოდა, ადამიანი მესიის სახელითაც მიცნობდა და ერთ დროს ადამიანს ვუყვარდი, იგი მაფასებდა და მაცხოვარ იესოს მიწოდებდა. დღეს მე აღარც ის იეჰოვა ვარ და აღარც იესო, რომელსაც ადამიანი წარსულ დროში იცნობდა. არამედ მე ვარ ღმერთი, რომელიც უკანასკნელ დღეებში დაბრუნდა და რომელიც ამ ეპოქას აღსასრულამდე მიიყვანს. მე ვარ თავად ღმერთი, რომელიც აღიმართება ქვეყნის კიდეებში, ჩემი მთელი ხასიათით განმსჭვალული, ხელმწიფებით, პატივითა და დიდებით აღსავსე. ადამიანს არასდროს ჰქონია კავშირი ჩემთან, მას არასოდეს ვუცვნივარ და მუდამ ჩემი ხასიათის უმეცარი იყო. სამყაროს დასაბამიდან დღემდე არავის ვუხილავვარ. ეს არის ღმერთი, რომელიც უკანასკნელ დღეებში ეცხადება ადამიანს, თუმცა ამავდროულად დაფარულია ადამიანთა შორის; ადამიანთა შორის მკვიდრობს, სიცოცხლით სავსე და ცოცხალი, როგორც მცხუნვარე მზე და როგორც ცეცხლის ალი, ძალით აღვსილი და ხელმწიფებით პირთამდე სავსე. არ დარჩება არცერთი ადამიანი თუ საგანი, რომელიც არ განისჯება ჩემი სიტყვებით, და არცერთი ადამიანი თუ საგანი, რომელიც არ განიწმინდება ცეცხლის წვით. საბოლოოდ, ურიცხვი ერი ჩემი სიტყვების წყალობით იკურთხება და ასევე ჩემი სიტყვების გამო ნამსხვრევებად იქცევა. ამგვარად, უკანასკნელ დღეებში ყველა ადამიანი იხილავს, რომ მე ვარ დაბრუნებული მაცხოვარი და რომ მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც იპყრობს მთელ კაცობრიობას. და ყოველი იხილავს, რომ ოდესღაც ადამიანის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი ვიყავი, არამედ იმასაც, რომ უკანასკნელ დღეებში გავხდი მცხუნვარე მზის ალი, რომელიც ყოველივეს ბუგავს, ისევე როგორც სამართლიანობის მზე, რომელიც ყოველივეს ააშკარავებს. ეს არის ჩემი საქმე უკანასკნელ დღეებში. მიზეზი, რის გამოც მე ამ სახელს ვირქმევ და ამ ხასიათს ვატარებ, სწორედ ისაა, რომ ყველამ იხილოს, რომ მე ვარ სამართლიანი ღმერთი, მცხუნვარე მზე და აგრეთვე ცეცხლის ალი, რათა ყველა ადამიანმა თაყვანი მცეს მე, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და რათა მათ იხილონ ჩემი ჭეშმარიტი სახე: მე არ ვარ მხოლოდ ისრაელიანთა ღმერთი, და არ ვარ მხოლოდ გამომსყიდველი, არამედ მე ვარ ყოველი ქმნილების ღმერთი მთელ ცაში, დედამიწაზე და ზღვებში.

იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვარი უკანასკნელ დღეებში ჩამოვიდოდა და კვლავ იესო ერქმეოდა, კვლავ იუდეაში დაიბადებოდა და თავის საქმესაც იქ აღასრულებდა, ეს იმის დამამტკიცებელი იქნებოდა, რომ მე მხოლოდ ისრაელის ხალხი შევქმენი და მხოლოდ ისინი გამოვისყიდე, წარმართებთან კი არანაირი კავშირი არ მაქვს. განა ეს არ ეწინააღმდეგება ჩემს სიტყვებს: „მე ვარ უფალი, რომელმაც შექმნა ცა, მიწა და ყოველივე“? მიზეზი, რის გამოც მე დავტოვე იუდეა და ჩემს საქმეს წარმართთა შორის ვაკეთებ არის ის, რომ მე მხოლოდ ისრაელის ხალხის ღმერთი კი არ ვარ, არამედ ყველა ქმნილების ღმერთი. მიზეზი, რის გამოც მე უკანასკნელ დღეებში წარმართთა შორის ვჩნდები, არის ის, რომ მე არა მხოლოდ იეჰოვა ვარ — ისრაელის ხალხის ღმერთი, არამედ, მეტიც, მე ვარ წარმართებს შორის ყველა ჩემი რჩეული ხალხის შემოქმედი. მე არა მხოლოდ ისრაელი შევქმენი, ეგვიპტე შევქმენი და ლიბანი შევქმენი, არამედ ასევე შევქმენი ისრაელის მიღმა არსებული ყველა წარმართი ერი. ამის გამო, მე ვარ ყოველი ქმნილების უფალი. მე ისრაელი მხოლოდ ჩემი საქმის ამოსავალ წერტილად გამოვიყენე, იუდეა და გალილეა კი ჩემი გამოსყიდვის საქმის საყრდენებად ვაქციე, და წარმართ ერს ვიყენებ იმ ბაზად, საიდანაც მთელ ეპოქას დავასრულებ. მე ისრაელში ჩემი საქმის ორი ეტაპი განვახორციელე (ეს ორი ეტაპი იყო რჯულის ეპოქა და მადლის ეპოქა), ხოლო საქმის შემდგომ ორ ეტაპს (მადლის ეპოქასა და სასუფევლის ეპოქას) ისრაელის მიღმა მდებარე მიწებზე ვახორციელებ. წარმართ ერებში მე განვახორციელებ დაპყრობის საქმეს და ამგვარად დავასრულებ ეპოქას. თუ ადამიანები მუდამ იესო ქრისტეს მიწოდებენ, მაგრამ არ იციან, რომ უკანასკნელ დღეებში ახალი ეპოქა დავიწყე და ახალ საქმეს შევუდექი, და თუ ისინი აკვიატებულად განაგრძობენ მაცხოვარ იესოს ჩამოსვლის ლოდინს, მაშინ მე ასეთ ადამიანებს ვუწოდებ მათ, რომელთაც ჩემი არ სწამთ; ისინი არ მიცნობენ მე და თავს მორწმუნეებად ასაღებენ. როგორ შეძლებდნენ ასეთი ადამიანები ზეციდან „მაცხოვარი იესოს“ ჩამოსვლის ხილვას? რასაც ისინი ელიან, ჩემი ჩამოსვლა კი არა, იუდეველთა მეფის ჩამოსვლაა. ისინი არ ესწრაფვიან ჩემ მიერ ამ ბინძური, ძველი სამყაროს განადგურებას, არამედ იესოს მეორედ ჩამოსვლას ნატრობენ, რათა გამოსყიდულნი იქნენ. ისინი მოელიან, რომ იესო კიდევ ერთხელ გამოისყიდის მთელ კაცობრიობას ამ ბინძური და უსამართლო მიწიდან. როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლებელს გახდიან უკანასკნელ დღეებში ჩემი საქმის დასრულებას? ადამიანის წადილებს არ ძალუძს ჩემი სურვილების აღსრულება ან ჩემი საქმის დასრულება, ვინაიდან ადამიანი უბრალოდ აღფრთოვანებულია ჩემ მიერ მანამდე აღსრულებული საქმით ან სიყვარულით იხსენებს მას; მას წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ მე ვარ თვით ღმერთი, რომელიც მარად ახალია და არასოდეს ძველი, და იცის მხოლოდ ის, რომ მე ვარ იეჰოვა და რომ მე ვარ იესო, ისე, რომ ოდნავი წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ სწორედ მე ვარ უკანასკნელი დღეების ის ერთადერთი, რომელიც კაცობრიობას დასასრულამდე მიიყვანს. ყველაფერი, რისკენაც ადამიანი მიილტვის და რაც მან იცის, მხოლოდ მისივე წარმოდგენებიდან მომდინარეობს და არის მხოლოდ ის, რისი დანახვაც მას საკუთარი თვალით შეუძლია. ეს არ შეესაბამება ჩემ მიერ შესრულებულ საქმეს, არამედ წინააღმდეგობაშია მასთან. ჩემი საქმე ადამიანთა წარმოდგენების მიხედვით რომ წარმართულიყო, მაშინ როდისღა დასრულდებოდა იგი? როდის შევიდოდა კაცობრიობა განსვენებაში? და როგორ შევძლებდი მეშვიდე დღეში, შაბათში შესვლას? მე ჩემი გეგმისა და ჩემი მიზნის შესაბამისად ვმოქმედებ და არა ადამიანის ზრახვების მიხედვით.

წინა: ვერც ერთი ხორციელი ვერ გაექცევა რისხვის დღეს

შემდეგი: სახარების გავრცელების საქმიანობა ადამიანის გადარჩენის საქმიანობაც არის

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება