ადამიანის არსი და ვინაობა
სინამდვილეში, ისრაელიანები არ არიან იმედგაცრუებულნი; ისინი თვალს ადევნებდნენ ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეს გასული ექვსი ათასი წლის განმავლობაში, რადგან ისინი არ მიმიტოვებია. არამედ იმის გამო, რომ მათმა წინაპრებმა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი იგემეს, რომელიც მათ ბოროტმა უბოძა, მათ ცოდვის გამო მიმატოვეს. სიკეთე ყოველთვის მე მეკუთვნის, ხოლო ბოროტება იმ ბოროტისაა, რომელიც ჩემს შეცდენას ცდილობს ცოდვისათვის. არ ვადანაშაულებ ადამიანებს, არც შეუბრალებლად ვანადგურებ და არც დაუნდობელ გაკიცხვას ვუქვემდებარებ, რადგან ბოროტება თავდაპირველად არ ეკუთვნოდა კაცობრიობას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ ისრაელიანებმა საჯაროდ გამაკრეს ჯვარს, მათ, ვინც ელოდა მესიასა და იეჰოვას და ესწრაფვოდა მაცხოვარ იესოს, არასოდეს დავიწყებიათ ჩემი დანაპირები: რადგან ისინი არ მიმიტოვებია. ბოლოს და ბოლოს, სისხლი დავღვარე კაცობრიობასთან დადებული აღთქმის დასტურად; ეს ფაქტი იქცა „სისხლის აღთქმად“, რომელიც დაღივითაა აღბეჭდილი ამ ახალგაზრდა და უმანკო ადამიანების გულებში და ისევე მარადიულად განუყოფელია, როგორც ცა და მიწა. რადგან არასოდეს მომიტყუებია ის მწუხარე სულები, რომლებიც წინასწარ განვსაზღვრე, გამოვარჩიე, მოგვიანებით კი გამოვისყიდე და მოვიპოვე, და რომლებმაც ბოროტზე მეტად შემიყვარეს, ისინი მოუთმენლად ელიან ჩემს დაბრუნებას და გულმხურვალედ ესწრაფვიან ჩემთან შეხვედრას. ვინაიდან არასოდეს წამიშლია მათთან სისხლით დადებული აღთქმა, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ამგვარი სასოებით მელიან. დავიბრუნებ ჩემს კრავებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაკარგულნი იყვნენ, რადგან ყოველთვის მიყვარს ადამიანები; უბრალოდ, მათში არსებულ სიკეთეს ბოროტების ელემენტები შეერია. მოვიპოვებ იმ საბრალო სულებს, რომელთაც ვუყვარვარ და რომლებიც ასე დიდხანს მიყვარდა, მაგრამ როგორ შევიყვანო ჩემს სახლში ის ბოროტები, რომელთაც არასოდეს ვყვარებივარ და რომლებიც მტრებივით არიან? არ შევიყვან ჩემს სასუფეველში ეშმაკისა და გველგესლას იმ შთამომავლებს, რომელთაც ვძულვარ, რომელნიც მეწინააღმდეგებიან, მებრძვიან, თავს მესხმიან და მწყევლიან, მიუხედავად კაცობრიობასთან სისხლით დადებული ჩემი აღთქმისა. ზუსტად უნდა იცოდე, რატომ ვასრულებ ჩემს საქმეს და ვისთვის ვაკეთებ ამას. შენი სიყვარული სიკეთეს შეიცავს თუ ბოროტებას? ჩემ შესახებ შენი ცოდნა დავითისა და მოსეს ცოდნის მსგავსია თუ არა? ჩემდამი შენი მსახურება აბრაამის მსახურების მსგავსია თუ არა? შენ ნამდვილად სრულყოფილი ხდები ჩემ მიერ, მაგრამ უნდა იცოდე, როგორც ის, თუ ვის წარმოადგენ, ასევე ვის მსგავს შედეგს მოიმკი. მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი საქმის განცდისას, სიხარულით მოიმკე თუ არა უხვი მოსავალი? არის თუ არა ის უხვი და ნაყოფიერი? საკუთარი თავი უნდა გამოიკვლიო: წლების განმავლობაში იტანდი გასაჭირს ჩემი გულისთვის, მაგრამ ოდესმე თუ მიგიღია რაიმე? განიცადე თუ არა რაიმე ცვლილება ან შეიძინე თუ არა რაიმე? შენი ტანჯვის გამოცდილების სანაცვლოდ, გახდი თუ არა ჯვარცმული პეტრეს მსგავსი, ან პავლეს მსგავსი, რომელიც განგმირულ იქნა და რომელმაც დიდი ნათელი მიიღო? უნდა გქონდეს ამ ყველაფრის გარკვეული შეგნება. მე მუდმივად არ ვსაუბრობ ან არ ვამახვილებ ყურადღებას შენს სიცოცხლეზე, რომელიც მდოგვის მარცვალზე მცირეა და ქვიშის მარცვალივით პატარაა. მარტივად რომ ვთქვათ, მე კაცობრიობას ვმართავ. თუმცა, ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც ოდესღაც მძულდა, მაგრამ მოგვიანებით კვლავ მივიღე, არ მივიჩნევ ჩემი მართვის მნიშვნელოვან ნაწილად. ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეს თქვენს უწინდელ ვინაობაზე, ისევე როგორც იმაზე, თუ ვისი მონები იყავით. ამრიგად, არ ვიყენებ ადამიანის სატანისმაგვარ სახეს ნედლეულად ადამიანის მართვისთვის, რადგან ადამიანი არ არის ღირებული საგანი. უნდა გაიხსენოთ ჩემი თავდაპირველი დამოკიდებულება თქვენდამი და გახსოვდეს, როგორ მოგმართავდით მაშინ — ეს წოდება არ იყო მოკლებული პრაქტიკულ მნიშვნელობას. უნდა იცოდე, რომ იარლიყებს, რომლებსაც ატარებთ, თავისი მიზეზები აქვთ. ვვარაუდობ, ყველამ იცით, რომ თავდაპირველად არ იყავით ღვთის მიერ რჩეულნი, არამედ თავიდანვე სატანამ დაგატყვევათ და მის სახლში ერთგულ მსახურებად მსახურობდით, მე კი დიდი ხნის წინ დამივიწყეთ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში იყავით ჩემი სახლის გარეთ და ბოროტის ხელში. ისინი, ვისაც გადავარჩენ, ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ხნის წინ წინასწარ განვსაზღვრე და ჩემ მიერ არიან გამოსყიდულნი, ხოლო თქვენ ხართ საცოდავი სულები, რომლებიც კაცობრიობაში გამონაკლისის სახით ხართ მოთავსებულნი. უნდა იცოდეთ, რომ ეკუთვნით არა დავითის ან იაკობის სახლს, არამედ მოაბის სახლს, და რომ წარმართული ოჯახების წევრები ხართ. რადგან თქვენთან აღთქმა არ დამიდია და მხოლოდ საქმეს ვასრულებდი, ვსაუბრობდი თქვენ შორის და მიგიძღოდით. ჩემი სისხლი თქვენთვის არ დაღვრილა; უბრალოდ ვასრულებდი ჩემს საქმეს თქვენ შორის ჩემი მოწმობის გულისთვის. განა ეს არ იცოდით? ნუთუ ჩემი საქმე მართლაც ჰგავს იმას, თუ როგორ დაიცალა იესო სისხლისგან თქვენ გამო? თავიდანვე არ ღირდა, თქვენ გამო ასეთი დიდი დამცირება რომ ავიტანე. ღმერთი, რომელიც აბსოლუტურად უცოდველია, პირდაპირ მოვიდა უკიდურესად საძაგელ და ამაზრზენ ადგილას, ღორებისა და ძაღლების სამყაროში, რომელიც შეუფერებელი იყო ადამიანთა საცხოვრებლად, მაგრამ მაინც ავიტანე ყველა ეს სასტიკი დამცირება ჩემი მამის დიდებისა და მარადიული მოწმობისთვის. უნდა იცოდეთ, როგორია თქვენი საქციელი და დაინახოთ, რომ თქვენ ხართ არა „მდიდარ და ძლევამოსილ ოჯახებში“ დაბადებული შვილები, არამედ მხოლოდ სატანის ღატაკი ნაშიერნი. ასევე არ ხართ კაცობრიობის მამამთავრები, არც ადამიანური უფლებები გაგაჩნიათ და არც თავისუფლება. თავდაპირველად არავითარი წილი არ გქონდათ კაცობრიობის კურთხევებში და არც ცათა სასუფეველში. ეს იმიტომ, რომ კაცობრიობის ყველაზე მდაბალ ფენაში ხართ და არასოდეს მიფიქრია თქვენს მომავალზე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმის ნაწილი იყო, დღეს მქონოდა იმისი რწმენა, რომ სრულგყოფდით, ეს უპრეცედენტო საქმეა, რადგან თქვენი სტატუსი ასეთი დაბალია და თავიდანვე არავითარი წილი არ გქონიათ კაცობრიობაში. განა ეს სწორედაც რომ კურთხევა არ არის ადამიანისთვის?
ისინი, ვისაც გადავარჩენ, ის სულები არიან, რომლებიც დიდი ხნის წინ გავათავისუფლე განსაწმენდელიდან, ისინი არიან რჩეული ხალხი, რომელთაც დიდი ხნის წინ ვეწვიე, რადგან ისინი ესწრაფვოდნენ ჩემს კვლავ გამოჩინებას მათ შორის. მათ შემიყვარეს და თავიანთ გულებში ამოიტვიფრეს ჩემი აღთქმა, რომელიც სისხლით დავდე, რადგან მიყვარდნენ. ისინი ჰგვანან დაკარგულ კრავებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მეძებდნენ და ბუნებით კეთილნი არიან; ამიტომ, მათ ვუწოდებ კეთილ ისრაელიანებს და საყვარელ პატარა ანგელოზებს. ასეთ დამცირებას არ განვიცდიდი, მათ შორის რომ ვყოფილიყავი. ეს იმიტომ, რომ მათ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ, მე კი ისინი მიყვარან, როგორც ყველაზე მშვენიერნი ყოველივეს შორის. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩემ მიერ არიან შექმნილნი და რჩეულნი; მათ არასოდეს დავვიწყებივარ. მათი სიყვარული აღემატება თქვენსას და მათ იმაზე მეტად ვუყვარვარ, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე გიყვართ. ისინი ისევე მემორჩილებიან, როგორც პატარა თეთრი მტრედები ემორჩილებიან ცას, და მათ გულებში ჩემდამი უფრო მეტი მორჩილებაა, ვიდრე თქვენსაში. და ეს იმიტომ, რომ ისინი იაკობის შთამომავლები, ადამის მოდგმა და ჩემი რჩეული ხალხია, რადგან ასე დიდხანს მიყვარს ისინი — და იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე თქვენ მიყვარხართ; ეს იმიტომ, რომ თქვენში მეტისმეტად ბევრი ურჩობაა, ასეთ სერიოზულ წინააღმდეგობას მიწევთ, მეტისმეტად ზემოდან მიყურებთ, მეტისმეტად ცივად მეპყრობით, მეტისმეტად ცოტათი გიყვარვართ და მეტისმეტად გძულვართ. მეტისმეტად აბუჩად იგდებთ ჩემს საქმეს და არაფრად აგდებთ ჩემს ქმედებებს. მათგან განსხვავებით, ჩემი საქმეები არასოდეს მიგიჩნევიათ საუნჯედ. ამის ნაცვლად, არაფრად აგდებთ მათ და, სატანის მსგავსად, თვალები განრისხებისგან გაქვთ გაწითლებული. სად არის თქვენი მორჩილება? სად არის თქვენი ზნეობა? სად არის თქვენი სიყვარული? როდის გამოგივლენიათ სიყვარულის ის ნიშანწყალი, რომელიც თქვენშია? როდის მიგიღიათ ჩემი საქმე სერიოზულად? საბრალონი არიან ის მშვენიერი ანგელოზები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ჩემს მოსვლას და ასე ძლიერ იტანჯებიან ჩემს მხურვალე მოლოდინში, რადგან ასე ძლიერ მიყვარს ისინი. თუმცა, რასაც დღეს ვხედავ, ისეთი არაადამიანური სამყაროა, რომელსაც მათთან არაფერი აქვს საერთო. განა არ ფიქრობთ, რომ თქვენი სინდისი დიდი ხნის წინ გაუხეშდა და უგრძნობი გახდა? ნუთუ არ გგონიათ, რომ თქვენ ხართ ის საძაგლები, ვინც ხელს უშლით ჩემს შეხვედრას ამ მშვენიერ ანგელოზებთან?[ა] როდის არ ელოდნენ ისინი ჩემს დაბრუნებას? როდის არ ელოდნენ ჩემთან კვლავ შეხვედრას? როდის არ ესწრაფვოდნენ ჩემთან ერთად მშვენიერი დღეების გატარებასა და ჩემთან ერთად ტრაპეზობას? ოდესმე თუ გაგიცნობიერებიათ, რას აკეთებთ დღეს: დათარეშობთ ქვეყნიერებაზე; ერთმანეთის წინააღმდეგ ხლართავთ ინტრიგებს; ატყუებთ ერთმანეთს; ეწევით სიცრუეს და მალავთ ჭეშმარიტებას; არ გაგაჩნიათ სირცხვილის გრძნობა; არ იცით ჭეშმარიტება; მოქმედებთ სიმრუდითა და მზაკვრობით; მიმართავთ პირფერობას; ხართ თვითმართალნი, მედიდურნი და ამპარტავანნი; და იქცევით ისევე ველურად, როგორც გარეული მხეცები მთებში და ისევე სასტიკად, როგორც მხეცთა მეფე — შეჰფერის კი ეს საქციელი ადამიანს? უხეშები და უგუნურები ხართ. ჩემი სიტყვები არასოდეს მიგიჩნევიათ საუნჯედ, ნაცვლად ამისა, მათ მიმართ აბუჩად ამგდები დამოკიდებულება გაქვთ. ასეთი მდგომარეობისას, როგორ შეიძლება არსებობდეს მიღწევები, ჭეშმარიტი ადამიანური ცხოვრება და მშვენიერი იმედები? ნუთუ შენი ზღვარგადასული წარმოსახვა მართლაც დაგიხსნის ვეფხვის ხახისგან? ნუთუ მართლაც დაგიხსნის მოგიზგიზე ალისგან? ნუთუ აქამდე დაეცემოდი, ჩემი საქმე მართლაც შეუფასებელ საგანძურად რომ მიგეჩნია? ნუთუ შენი ბედის შეცვლა მართლაც შეუძლებელია? ნუთუ შეეგუე იმას, რომ ასეთი მწარე სინანულით უნდა მოკვდე?
სქოლიო:
ა. დედანშია: „განა არ ფიქრობთ, რომ ის საძაგელნი ხართ, რომლებიც ანადგურებენ ჩემს კვლავ შეხვედრას იმ მშვენიერ ანგელოზებთან?“