ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (16)
თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2026 წლის 1 მაისი (ნაწილი მეშვიდე)
კითხვა 14: ღვთის სიტყვების კითხვისას გავაცნობიერე, რომ ჩემში მრავალი გახრწნილი თვისებაა და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს გადარჩენის იმედი აღარ მაქვს, რაც ძალიან მთრგუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ღმერთი კვლავ მაძლევს შესაძლებლობას ჩემი გახრწნილი ხასიათის შესაცვლელად, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან გამუდმებით ვავლენ გახრწნილ ხასიათს. როგორ შემიძლია თავი დავაღწიო ამ პესიმისტურ განწყობას და მუდმივად საკუთარი თავის განსჯას?
პასუხი: ამ პესიმისტური მდგომარეობისა და საკუთარი თავის განსჯის პრობლემის გადაჭრაც ღვთის სიტყვების კითხვაზეა დამოკიდებული. თუ ამ საკითხს ნათლად დაინახავ ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით და იპოვი პრაქტიკულ გზას შენი გახრწნილი თვისებების გამოსასწორებლად, შეწყვეტ საკუთარი თავის განსჯას მხოლოდ იმიტომ, რომ გამუდმებით ავლენ გახრწნილ ხასიათს. თუ შენ მხოლოდ ახლა გაიგე ჭეშმარიტების მხოლოდ მცირე ნაწილი და შენი ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ზედაპირულია, შეგიძლია კი ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი თავი და მოიშორო შენი გახრწნილი ხასიათი? (არა.) მაშ, რამდენი წლის გამოცდილება სჭირდება ადამიანს, რომ ჭეშმარიტად შეიცნოს საკუთარი თავი? სამი, ხუთი, ან თუნდაც შვიდი-რვა წლის გამოცდილების გარეშე, ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი თავის საფუძვლიანად შეცნობას და როგორც უნდა ისაუბროს საკუთარი თავის შეცნობაზე, მისი ეს ცოდნა ძალიან ზედაპირული იქნება. ამიტომ, თუ გსურს შეცვალო შენი გახრწნილი ხასიათი მანამ, სანამ საფუძვლიანად შეიცნობ საკუთარ თავს და შენი გახრწნილების ფესვს და სანამ გარკვეულ დონეზე არ შეიცნობ საკუთარ თავს, არის კი ეს შესაძლებელი? (არა.) მაგალითად, მოზარდი ხედავს, რომ მისი მშობლები ძალიან დაღლილები არიან და შრომობენ და წვალობენ ოჯახის სარჩენად, ამიტომ მას ოჯახის ტვირთის საკუთარ თავზე აღება სურს და ამბობს: „უნდა წავიდე, ვიმუშაო და ფული ვიშოვო, რათა ჩემმა ოჯახმა ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს“. შეუძლია მას ამის მიღწევა? (არა.) მუშაობაც რომ სცადოს, მას არავინ დაიქირავებს. მაშ, განა არარეალური არ არის მისთვის ასე ფიქრი? განა ეს უკიდურესად გულუბრყვილო არ არის? (არის.) მაგრამ თუ ის ცოტა უფრო რეალისტური იქნება და უფრო პრაქტიკულად იფიქრებს, იტყვის: „ბევრი უნდა ვისწავლო, და მერე, როცა დამოუკიდებელ ცხოვრებას დავიწყებ და თანამდებობის პირი გავხდები, ბევრი ფულის გამომუშავებას შევძლებ. მერე განა ჩვენი ცხოვრება უკეთესი არ იქნება?“ შესანიშნავია, რომ მას ასე ფიქრი შეუძლია. მოზარდმა ჯერ უნდა ისწავლოს, და შემდეგ, როცა სრულწლოვანი გახდება, იტვირთოს ოჯახის მძიმე ტვირთი. ეს უფრო რეალისტურია. ღვთისადმი რწმენაც ასეთია. საკუთარი თავის ჭეშმარიტად შეცნობა და ჭეშმარიტების მოპოვება მოითხოვს ხანგრძლივ ძალისხმევას და სულ მცირე ათიოდე წლის გამოცდილების გარეშე, შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ღმერთს მაშინ ვირწმუნებ, როცა პენსიაზე გავალ“, ან „ღმერთს მაშინ ვირწმუნებ, როცა აღარ მექნება ოჯახის მძიმე ტვირთი და ჩემი ცხოვრებისეული სირთულეები სრულად მოგვარდება“. ეს ფიქრები უკიდურესად არარეალური და გულუბრყვილოა. ფიქრობ, რომ საკმარისია მხოლოდ ირწმუნო ყოვლისშემძლე ღმერთი, რათა გადარჩე და შეხვიდე ცათა სასუფეველში, და არ აქვს მნიშვნელობა, როდის გააკეთებ ამას? გადარჩენა და ცათა სასუფეველში შესვლა არ არის ისეთი მარტივი, როგორც შენ წარმოგიდგენია. შენ უნდა მიიღო ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ გამოხატული ყველა ჭეშმარიტება და შეხვიდე მასში და უნდა განიცადო მრავალგზის გასამართლება, გაკიცხვა, განსაცდელი და გამოწრთობა, სანამ შეძლებ შენი გახრწნილი ბუნების მოშორებასა და განწმენდას, რათა საბოლოოდ გადარჩე და შეხვიდე ცათა სასუფეველში. ეს მოითხოვს შენგან ხანგრძლივი პროცესის გავლას და შეუძლებელია შედეგების მიღწევა სამი ან ხუთი წლის ძალისხმევის გარეშე. ამიტომ, ბევრი ადამიანი, ვინც შედარებით გვიან ირწმუნა ღმერთი, ახლა ნანობს და ამბობს: „ნეტავ უფრო ადრე მერწმუნა ყოვლისშემძლე ღმერთი. განა ახლა არ შემეძლებოდა ჩემი გამოცდილების შესახებ დამოწმება? განა ახლა გარკვეულწილად არ მექნებოდა მოშორებული ჩემი გახრწნილი ხასიათი? განა არ შემეძლებოდა სახარების ქადაგება და ღვთის შესახებ დამოწმება? ადრე ყველაფერზე ზედმეტად მარტივად ვფიქრობდი. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ კომფორტულად მოვეწყობოდი და მხოლოდ ამის შემდეგ მერწმუნა ღმერთი. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ ჩემი კარიერა სტაბილური გახდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მერწმუნა ღმერთი. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ ჩემი შვილები გაიზრდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მერწმუნა ღმერთი. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ ცხოვრებაში სირთულეები აღარ მექნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მერწმუნა ღმერთი. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ კიდევ მექნებოდა დრო, თუ რამდენიმე წელი დავიცდიდი ღმერთის რწმენის დასაწყებად. ახლა რომ ვიხსენებ, ვხედავ, რომ ეს ყველაფერი უკიდურესი გულუბრყვილობა იყო. ამ ბოლო წლებში ღვთისადმი რწმენაში დაგვიანებით ჩემი სიცოცხლისთვის მიყენებული ზარალი ძალიან დიდი იყო! ღვთის საქმე ახლა თითქმის დასრულებულია და ახლაც რომ გავაძლიერო ჭეშმარიტების ძიება, უკვე ძალიან გვიანია. განა დრო არ დავკარგე და არ დავღუპე ჩემი სიცოცხლე?“ შენ ყოველთვის გსურს დაიკმაყოფილო ხორციელი სურვილები, სანამ ღმერთს ირწმუნებ. ასეთი არარეალური ფიქრებით, შენ დაღუპე შენი სიცოცხლე, შენი მომავალი და ის კურთხევები, რომლებიც უნდა მიგეღო. განა უკიდურესად სულელი არ იყავი? ეს შენი სისულელე და უმეცრებაა!
ადამიანს, რომელმაც ეს კითხვა დასვა, ჯერ კიდევ არ დაუნახავს ნათლად საკუთარი თავის შეცნობის ეს საკითხი. ის საკუთარ თავს განსჯის მხოლოდ იმიტომ, რომ გამუდმებით ავლენს გახრწნილ ხასიათს. განა ეს სისულელე და უმეცრება არ არის? (არის.) ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა მოიძებნოს ღვთის სიტყვების შესაბამისი მონაკვეთები. მითხარი, შეუძლიათ ადამიანებს დამოუკიდებლად შეცვალონ საკუთარი თავი? შეხედე სიცოცხლის გამოცდილების შესახებ დამოწმების მრავალ ვიდეოს ღვთის სახლის ვებსაიტზე. იყო თუ არა ამ დამოწმებებიდან რომელიმე გამოწვეული იმით, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა დამოუკიდებლად შეცვალა საკუთარი თავი? (არა.) არავის შეუძლია დამოუკიდებლად შეცვალოს საკუთარი თავი. ადამიანები ცვლილებას აღწევენ ღვთის საქმის განცდით. მაშ, რაში მდგომარეობს ღვთის საქმის განცდა? ეს ნიშნავს, რომ როდესაც ავლენ გახრწნილ ხასიათს, შეგიძლია პროქტიულად ილოცო ღვთის მიმართ, პროქტიულად იკითხო ღვთის სიტყვები, პროაქტიულად ეძიო ჭეშმარიტება და დაეყრდნო ღმერთს შენი ამ გახრწნილი ხასიათის გამოსასწორებლად, და შემდეგ სულიწმიდა იმოქმედებს. სულიწმიდა განგანათლებს, მოგცეს საშუალება, უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეიცნო საკუთარი თავი, რითაც შენში წარმოშობს სიძულვილს სატანური გახრწნილი ხასიათის მიმართ და საბოლოოდ მოგცეს უნარი, მიატოვო, აუმბოხდე და უარყო იგი. ამგვარად, ჭეშმარიტებას პრაქტიკაში განახორციელებ. ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების ეს პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ცვლიან საკუთარ თავს, არამედ ეს არის ადამიანების თანამშრომლობა ღვთის საქმესთან. ღვთის საქმესთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ადამიანები პროაქტიულად ეძიებენ ჭეშმარიტებას და აკეთებენ ყველაფერს, რაც უნდა გააკეთონ. მეორე მხრივ, ეს არის სულიწმიდის მოქმედება, რომელიც განგანათლებს და წარგმართავს, რათა შეძლო ჭეშმარიტების გაგება და საკუთარი თავის შეცნობა. სულიწმიდის საქმით მიღწეული შედეგი ის არის, რომ შეგიძლია შეიძულო ხორცი, სატანა და შენი გახრწნილი ხასიათი, და საბოლოოდ შეძლო გახრწნილი ხასიათის მოშორება. მაშ, შეიძლება თუ არა ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების ეს პროცესი განცალკევდეს სულიწმიდის საქმისგან? (არა.) ადამიანები ძირითადად სულიწმიდის საქმეს ეყრდნობიან თავიანთი გახრწნილი ხასიათის მოსაშორებლად და არა საკუთარი თავის დამოუკიდებლად შეცვლას. გახსოვდეთ, რა პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, თუკი ისინი ილოცებენ ღვთის მიმართ და დაეყრდნობიან მას, შეძლებენ სულიწმიდის საქმის მოპოვებას და ღვთის დახმარების მიღებას. მოდით, განვიხილოთ მაგალითი. საახალწლო მრავალფეროვან წარმოდგენაში მონაწილეობისას, ღვთის რჩეული ხალხიდან ზოგიერთს არ შეეძლო იმ სიმღერების მელოდიების გახსენება, რომლებსაც მღეროდნენ. ამ პრობლემის წინაშე მყოფებმა ილოცეს ღვთის მიმართ. ღმერთზე დაყრდნობით მათ დაინახეს, რომ ღმერთი ეხმარებოდათ. ისინი სწრაფად მიხვდნენ, როგორ უნდა ემღერათ დაძალიან კარგად იმღერეს. ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რომ ყველაფერს სულიწმიდა აკეთებს, ადამიანები კი მხოლოდ თანამშრომლის როლს ასრულებენ. მაშ, ვინ ასრულებს აქ გადამწყვეტ როლს, სულიწმიდა თუ ადამიანები? (სულიწმიდა.) თუმცა, ადამიანების თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულიწმიდას მხოლოდ მაშინ შეუძლია მოქმედება, როდესაც პროაქტიულად თანამშრომლობ. თუ არ ითანამშრომლებ და ვერ შეასრულებ მოვალეობას, მაშინ ვერც სულიწმიდა იმოქმედებს. არის კი იმის საჭიროება, რომ ადამიანები იყვნენ პესიმისტები და საკუთარი თავი განსაჯონ მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ თავიანთი გახრწნილი ხასიათის მოშორება? (არა.) უბრალოდ უნდა ილოცო ღვთის მიმართ, დაეყრდნო ღმერთს და ეძიო ჭეშმარიტება. გარკვეული დროის განმავლობაში ამგვარი გამოცდილების მიღების შემდეგ, აუცილებლად განიცდი გარკვეულ ცვლილებებს. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ძალიან ამპარტავანია და სხვებს ყოველთვის ზემოდან უყურებს. როგორ უნდა მოგვარდეს ეს? უნდა ილოცო და ეძიო ღმერთი ამ საკითხთან დაკავშირებით. უთხარი ღმერთს: „ღმერთო, მე ყოველთვის ამპარტავანი ვარ და სხვებს ზემოდან ვუყურებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? როგორ შემიძლია შევიცნო საკუთარი თავი და შევიძულო ჩემი გახრწნილი ხასიათი? დაე, შენ წარმმართო და დამეხმარო“. ეძიე ჭეშმარიტება ლოცვისას და სრულიად გაუცნობიერებლად შეიცნობ საკუთარ ამპარტავნებასა და თვითმართლობას, და ჭეშმარიტად შეიძულებ მას. იტყვი: „თავად ის ფაქტი, რომ მე შემიძლია ამ გახრწნილი ხასიათის გამოვლენა — განა არ აჩვენებს, რომ ცოცხალი სატანა ვარ? ასეთი ხასიათი მხოლოდ სატანასა და ეშმაკებს აქვთ. როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ასეთი რამ გააჩნდეს? მე ჭეშმარიტად უწმინდური და უკეთური ვარ!“ როდესაც შეძლებ საკუთარი თავის შეცნობასა და შეძულებას, შენი დამოკიდებულება სხვების მიმართ ნელ-ნელა შეიცვლება და შეძლებ სხვებს სწორად მოეპყრო. სინამდვილეში, ყველა ღვთის მიერ არის შექმნილი და ადამიანების სულიერი მონაცემები ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული. მიუხედავად იმისა, ადამიანის სულიერი მონაცემები კარგია თუ ცუდი, თითოეულ ადამიანს თავისი ღირებულება აქვს. უკეთესი სულიერი მონაცემების მქონეებსაც კი აქვთ ნაკლოვანებები და ხარვეზები. ყველა ასეთია. არავინ უნდა გრძნობდეს თავს სრულყოფილად. არავინ არის სრულყოფილი. მაშ, როდესაც ადამიანებს ნეგატიური წარმოდგენები აქვთ, როგორ უნდა მოაგვარონ ისინი? მათ დასაძლევად აუცილებელია ჭეშმარიტების ძიება. მაგალითად, ღვთის განკაცებული ხორცი სრულიად შეუსაბამოა ადამიანების წარმოდგენებთან, მაგრამ ეს ხორცი ღმერთმა გახრწნილი კაცობრიობის საჭიროებების მიხედვით შექმნა. არსებობს მკაცრი პრინციპები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხორცით იმოსება ღმერთი და ყოველივე ეს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის განკაცებული ხორცი არ შეესაბამება ადამიანების წარმოდგენებს, ეს სასარგებლოა ღვთის შესახებ ადამიანების წარმოდგენების, ასევე, ღვთის მიმართ ადამიანთა ურჩობისა და წინააღმდეგობის გამოსავლენად, და ეს ეხმარება ადამიანებს ჭეშმარიტების ძიებასა და საკუთარი თავის შეცნობაში. ამიტომ, ყოველივე, რასაც განკაცებული ღმერთი ავლენს, უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანების სრულსაყოფად. ღმერთი რომ ისეთი ხორცით შემოსილიყო, რომელიც სრულად შეესაბამებოდა ადამიანების წარმოდგენებს, გამოაშკარავდებოდა კი ადამიანების წარმოდგენები და წინააღმდეგობა ღვთის მიმართ? შეიცნობდნენ ადამიანები საკუთარ თავს? მოიპოვებდნენ ადამიანები ამდენ ჭეშმარიტებას? ვერა, და ეს არავითარ სარგებელს არ მოიტანდა ადამიანების სრულსაყოფად. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად შეესაბამება განკაცებული ღმერთი ადამიანების წარმოდგენებს, მით უფრო მეტად შესწევთ ადამიანებს ჭეშმარიტების მოპოვების უნარი და მით უფრო სასარგებლოა ეს მათთვის. გესმით? (დიახ.) ყოველივე, რასაც ღვთის განკაცებული ხორცი ავლენს, თავის თავში ფარავს საიდუმლოებებს და ეს ყველაფერი ღრმა მნიშვნელობის მატარებელია. თუ არ შეგიძლია ამის ნათლად დანახვა, გაგიჩნდება ნეგატიური წარმოდგენები, და თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას მათ მოსაგვარებლად, მაშინ სულელი ხარ.
მაშ, როგორ შეგიძლია აღმოფხვრა შენი გახრწნილი ხასიათი და შეცვალო საკუთარი თავი? იპოვე თუ არა ახლა ამის გაკეთების გზა? სინამდვილეში, არ არის საჭირო მიზანმიმართულად იფიქრო იმაზე, რომ: „მე უნდა მოვიშორო ეს გახრწნილი ხასიათი, მე უნდა შევცვალო საკუთარი თავი“. უბრალოდ უნდა ილოცო ღვთის მიმართ, დაეყრდნო ღმერთს, ეძიო ჭეშმარიტება საკუთარი თავის შესაცნობად და უბრალოდ ბუნებრივად განიცადო ღვთის საქმე, და სრულიად გაუცნობიერებლად, ეს გახრწნილი ხასიათი მოგვარდება. მაგალითად, როდესაც ავლენ გახრწნილებას, ლოცულობ ღვთის მიმართ და ამბობ: „ღმერთო, რატომ გამოვავლინე კვლავ გახრწნილება? მე ჭეშმარიტად ამბოხებული ვარ და ვიმსახურებ შენეულ დატუქსვას.“ შემდეგ ფიქრობ იმაზე, თუ რატომ გამოავლინე ეს გახრწნილი ხასიათი, რა იყო ამის ძირეული მიზეზი, რა იყო ამ საქციელის ბუნება და ა.შ. თუ განაგრძობ ამ კითხვებზე ფიქრს, თანდათანობით შეძლებ საკუთარი თავის შეცნობას და შეიძულებ საკუთარ თავს. როდესაც ჭეშმარიტად შეიძულებ საკუთარ თავს, შემდეგ ჯერზე, როდესაც იგივე სიტუაციას წააწყდები, ბევრად უკეთესად იქნები. შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას და არ იმოქმედებ შენს გახრწნილ ხასიათზე დაყრდნობით. რაც უფრო მეტად შეიძულებ საკუთარ თავს, მით უფრო მეტად შეიცვლები. რაც უფრო მეტად შეგზიზღდება საკუთარი თავი, მით უფრო სწრაფად შეიცვლები და მით უკეთესი იქნება შედეგები. თუ ოდნავადაც არ გეზიზღება ან არ გძულს საკუთარი თავი, და პირიქით, აღფრთოვანებულიც კი ხარ საკუთარი თავით და გრძნობ, რომ საკმაოდ კარგი ხარ, მაშინ შენი გახრწნილი ხასიათი საერთოდ არ შეიცვლება. ამიტომ, როდესაც შეგზიზღდება საკუთარი თავი, შეიძულებ საკუთარ თავს და დაინახავ, რომ სულიერად მახინჯი ხარ და არ იმსახურებ სიცოცხლეს, დაიწყებ შეცვლას და გარკვეულწილად შეიცვლები. აი, ნახე, სანამ ადამიანის ამპარტავანი ხასიათი არ შეიცვლება, ის ძალიან თვითმართალი იქნება და ზედმეტად მიენდობა საკუთარ თავს. თუ ვინმე რაიმეს გაკეთებას დაავალებს, იგრძნობს, რომ გარანტირებულად კარგად გააკეთებს ამას. სანამ ფაქტები არ გამოააშკარავებს მათ რეალურ ბუნებას, ადამიანები სწორედ ასეთი ამპარტავნები და უმეცრები არიან. ნება მიბოძე გითხრა, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, არასოდეს ენდო საკუთარ თავს. საკუთარი თავის ნდობა, სავარაუდოდ, სირცხვილსა და წარუმატებლობას გამოიწვევს. მაგალითად, თუ ღმერთი გავალებს რაიმეს გაკეთებას და გეკითხება, კარგად გააკეთე თუ არა, და შენ ამბობ: „რა თქმა უნდა, გავაკეთე. მე ამაში კარგი ვარ, მაშ, როგორ შეიძლებოდა კარგად არ გამეკეთებინა?“ მაშინ ცდები, თუ ეს არის შენი დამოკიდებულება. ეს არის ამპარტავნება და თვითმართლობა. მაგრამ თუ იტყვი: „ვფიქრობ, გავაკეთე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მე არ ვენდობი საკუთარ თავს და კიდევ ერთხელ უნდა შევამოწმო“, მაშინ შენ სულიერად მომწიფდი და შეიცვალე. თუ შეგიძლია არ ენდო საკუთარ თავს და შეგიძლია უარყო საკუთარი თავი, მაშინ პროგრესს მიაღწიე. თუ ყოველთვის ენდობი საკუთარ თავს და ყოველთვის ამართლებ საკუთარ თავს, მაშინ კვლავ ამპარტავანი და თვითმართალი ხარ, და გარანტირებულად არ შეიცვლები. თუ არასოდეს ენდობი საკუთარ თავს, და თუ მხოლოდ ყველაფრის გადამოწმების შემდეგ იჯერებ, აცნობიერებ, რომ უზუსტობებისკენ ხარ მიდრეკილი და არასანდო ხარ, მაშინ ამგვარად მოქმედების უნარით, ბევრად უფრო სანდო იქნები. მაშ, როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი ცვლილებების მიღწევა? ღვთის მიმართ მუდმივი ლოცვით, ღმერთზე დაყრდნობით და ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის განცდით. რას იტყვით ასეთ გამოცდილებაზე? (კარგი.) მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის სჯერა, რომ შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა, და ეს პრობლემაა. არ უნდა იფიქრო, რომ შეგიძლია საკუთარი თავის შეცვლა. ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის შეცვლა. ჩვენ, ადამიანებს, მხოლოდ სულიწმიდის საქმესთან თანამშრომლობა შეგვიძლია. უბრალოდ უნდა ეძიო ჭეშმარიტება და ისწრაფვოდე ჭეშმარიტებისკენ, ფოკუსირდე ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაზე, ფოკუსირდე ღვთის მიმართ ლოცვასა და ღმერთზე დაყრდნობაზე, და ფოკუსირდე საკუთარ თავზე დაფიქრებასა და საკუთარი თავის შეცნობაზე. როგორც კი დაინახავ, რომ მოკლებული ხარ ყოველგვარ ღირსებას და რომ არაფერს წარმოადგენ, და რომ ხარ ეშმაკი და სატანა, შეგზიზღდება და შეიძულებ საკუთარ თავს. მაშინ აღარ ენდობი საკუთარ თავს, საფუძვლიანად უარყოფ საკუთარ თავს და შენი გახრწნილი ხასიათი თანდათანობით აღმოიფხვრება.
კითხვა 15: ვხედავ, რომ ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს შეუძლია სწრაფად ჩასწვდეს პრობლემის არსს და იპოვოს ღვთის სიტყვის შესაბამისი მონაკვეთები ეკლესიის საქმის შესრულებისას მის მოსაგვარებლად, მე კი ეს არ შემიძლია. ამიტომ, ძალიან მეშინია, როდესაც და-ძმები კითხვებს მისვამენ, რადგან ვღელავ, რომ ვერ შევძლებ მათ გადაჭრას. როგორ უნდა მოვაგვარო ეს არასწორი მდგომარეობა?
პასუხი: ამ არასწორი მდგომარეობის გამოსასწორებლად, უნდა იკითხო ღვთის სიტყვები და ეძიო ჭეშმარიტება. როგორც კი ნათლად დაინახავ ამ მდგომარეობას, მისი გამოსწორება ადვილი იქნება. ამ მდგომარეობის ნათლად დანახვა არ ნიშნავს მის თეორიულ გაგებას, არამედ ნიშნავს იმის ნათლად დანახვას, თუ როგორ წარმოიშობა ეს პრობლემა, რა პრობლემები არსებობს შენში, სად არის ამ პრობლემის სათავე და ა.შ. ამ პრობლემის სათავის წვდომის შემდეგ, გეცოდინება, როგორ განახორციელო ჭეშმარიტება პრაქტიკაში მის მოსაგვარებლად, და ნაპოვნი გექნება მისი მოგვარების გზა. თუ იპოვე პრაქტიკის პრინციპები და გზა, მაგრამ მაინც არ შეგიძლია მათი პრაქტიკაში განხორციელება, მაშინ შენი დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ არასწორია, არ გიყვარს ჭეშმარიტება, ან შენი სულიერი ზრდა ძალიან მცირეა და ვერ სწვდები ჭეშმარიტებას. ამ შემთხვევაში, უნდა ილოცო ღვთის მიმართ და სთხოვო ღმერთს დაგეხმაროს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაში. ილოცე ღვთის მიმართ გარკვეული დროის განმავლობაში, და თუ დღეს არ შეგიძლია მისი პრაქტიკაში განხორციელება, განაგრძე მცდელობა ხვალ. თუ ხვალაც არ შეგიძლია მისი პრაქტიკაში განხორციელება, განაგრძე მცდელობა ზეგ. ასეთი ურყევი ნებითა და შეუპოვრობით, ერთ დღესაც შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას.
კითხვა 16: ახლახან რაიონის გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის წინამძღოლად ამირჩიეს. მაგრამ ზოგჯერ ეკლესიაში ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომელთა გადაჭრაც არ ვიცი და მუდმივად სხვებს ვეყრდნობი, რათა მითხრან, როგორ გავუმკლავდე მათ. ვხედავ, რომ ჩემი სულიერი ზრდა ძალიან მცირეა, რომ ეკლესიის საქმის წინსვლაში წვლილი არ შემიტანია და ღვთის სახლის საქმე დავაბრკოლე. მოვალეობისთვის თავის არიდებაზეც კი მიფიქრია. როგორ უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა?
პასუხი: ეს მხოლოდ მცირე სულიერი ზრდის პრობლემა არ არის. მცირე სულიერი ზრდა ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადამიანებს ჭეშმარიტება აკლიათ. მათ არ შეუძლიათ არსებული პრობლემების ნათლად დანახვა, თუმცა მაინც არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ. თუ მოვალეობის შესრულებისას მსხვერპლს არ გაიღებ, არ ილოცებ ღვთის მიმართ, არ დაეყრდნობი ღმერთს ან არ ეძიებ ჭეშმარიტებას, მაშინ სულიწმიდა ვერ იმოქმედებს. მაშ, როგორ შეძლებ ეკლესიაში წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას? ვის შეუძლია მათი მოგვარება საკუთარ ძალებზე დაყრდნობით? არავის. მთავარია ილოცო ღვთის მიმართ და დაეყრდნო ღმერთს, და თავადაც მეტი მსხვერპლი უნდა გადაიხადო სულიწმიდის საქმესთან სათანამშრომლოდ. როდესაც პირველად დავიწყე მატერიკულ ჩინეთში ეკლესიების მორწყვა, დიდი წითელი დრაკონი გამალებით აპატიმრებდა და დევნიდა ღვთის რჩეულ ხალხს. მითხარი, დიდი იყო თუ არა იმ დროს საქმის შესრულების სირთულეები? (დიახ.) მაშ, რა უნდა მექნა? როგორ შემეძლო დავხმარებოდი ღვთის რჩეულ ხალხს, რომ იმ გარემოში მტკიცედ მდგარიყვნენ? მე ყურადღება გავამახვილე იმათ მორწყვაზე, ვისაც ახლახან ჰქონდა მიღებული ღვთის საქმე. მაგრამ რამდენი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა იმ დროს მორწყვით? მორწყვას მხოლოდ კრიტიკული და გადაუდებელი პრობლემების მოგვარება შეეძლო. მაგრამ შეიძლებოდა თუ არა ამ პრობლემებზე ერთბაშად, საფუძვლიანად თანაზიარება? არა. იმ დროს ჩემი სულიერი ზრდა იმაზე მცირე იყო, ვიდრე ახლაა. მაშ, რა უნდა მექნა, თუ ამ პრობლემებზე საფუძვლიანად თანაზიარება შეუძლებელი იყო? მხოლოდ ის შემეძლო, რომ მელოცა ღვთის მიმართ, შემეხედა ღვთისთვის და დავყრდნობოდი სულიწმიდის საქმეს. მთავარი ის იყო, რომ თავად უნდა მეთანამშრომლა. მეტი შეკრება უნდა ჩამეტარებინა და მეტი თანაზიარება მქონოდა. თუ ერთ შეკრებაზე ვერ შევძლებდი საფუძვლიანად თანაზიარებას, მაშინ ორს ჩავატარებდი. თუ ორ შეკრებაზე ვერ შევძლებდი საფუძვლიანად თანაზიარებას, მაშინ კიდევ რამდენიმეს ჩავატარებდი. უბრალოდ განვაგრძობდი ამგვარად თანაზიარებას, რამდენიმე დღეს ვუთმობდი ერთ პრობლემაზე თანაზიარებას, სანამ ყველა არ იტყოდა, რომ თანაზიარება ნათელი იყო. და-ძმები ენთუზიაზმით ივსებოდნენ, ნეგატიურად განწყობილნი, ძალას იკრებდნენ, ხოლო ისინი, ვისაც არ სურდათ თავიანთი მოვალეობის შესრულება, მზადყოფნას გამოთქვამდნენ. ზარმაცებიც კი მოუთმენლად ესწრაფვოდნენ ღვთისთვის დახარჯვას, ისე მოუთმენლად, რომ ტუჩები უსკდებოდათ. სწორედ ასე მიიღწეოდა შედეგები. აი, ნახე, ღმერთზე დაყრდნობითა და მცირედი საფასურის გადახდით, ჩვენ მოვიპოვებთ სულიწმიდის საქმეს. მაშინაც კი, თუ ჩვენ თავად არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა ჭეშმარიტებაზე, მაინც შეგვიძლია ზოგიერთი პრობლემის მოგვარება. განა ღმერთზე დაყრდნობით მიღწეული ეს შედეგი ძალიან აშკარა არ არის? (არის.) ის, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია, არ ნიშნავს, რომ ბევრი ჭეშმარიტება გვესმის. მთავარია, ვიყოთ მოტივირებულნი. რა სირთულეებიც არ უნდა იყოს საქმეში, უბრალოდ უნდა ვილოცოთ ღვთის მიმართ, დავეყრდნოთ ღმერთს, ყოველდღე ჩავატაროთ შეკრებები ჭეშმარიტებაზე თანაზიარებისთვის და განუწყვეტლივ მოვრწყათ და-ძმები, და ამგვარად, სულიწმიდა იმოქმედებს, და ჭეშმარიტებაზე თანაზიარებაც გამოიღებს შედეგებს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმის ჭეშმარიტება და არ შეგიძლია ნათლად თანაზიარება — უბრალოდ მეტი ილოცე ღვთის მიმართ, ჩაატარე კიდევ რამდენიმე შეკრება და მეტი თანაზიარება გქონდეს ხალხთან. ამგვარად, სულიწმიდა დიდ საქმეს აღასრულებს და ჭეშმარიტებაზე შენი თანაზიარება მაინც შეძლებს შედეგების გამოღებას. სწორედ ამას ნიშნავს უნარის ნაკლებობის შრომისმოყვარეობით ანაზღაურება. სინამდვილეში, ახლა საქმის კეთება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ადრე იყო. წარსულში, წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობას არ გააჩნდა ჭეშმარიტების რეალობა და არც ის იცოდნენ, როგორ ეწარმოებინათ ჭეშმარიტებაზე თანაზიარება. შეკრებებზე ისინი თითქმის ყოველთვის მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ქადაგებდნენ. მაგრამ ახლა, ღვთის სახლს აქვს ღვთის ამდენი თანაზიარება და ზემდგომის თანაზიარება, ასევე ამდენი გამოცდილებითი დამოწმების ვიდეო და სხვადასხვა ფილმი თუ ვიდეო. თუ არ შეგიძლია და-ძმების პრობლემებზე საფუძვლიანად თანაზიარება, მაშინ შეგიძლია უბრალოდ აჩვენო მათ რამდენიმე შესაბამისი გამოცდილებითი დამოწმების ვიდეო და მათი პრობლემები მოგვარდება. ეს ბევრად უფრო საფუძვლიანი და დეტალური იქნება, ვიდრე შენი საკუთარი თანაზიარება. ამიტომ, ამჟამად, ეკლესიის ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა სირთულის დაძლევა ძალიან ადვილია. გარდა ამისა, თუ სირთულეები გაქვს სახარების ქადაგებისას, არ შეგიძლია ნათლად თანაზიარება ხილვებთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებებზე და არ იცი, როგორ მოაგვარო რელიგიური წარმოდგენები, ღვთის სახლს აქვს სხვადასხვა სახარებისეული ვიდეო, ფილმი, ქადაგება და თანაზიარება, ასევე წიგნები სახარების ქადაგების შესახებ. ჭეშმარიტებები, რომლებსაც ეს მასალები ეხება, მოაგვარებს რელიგიური ადამიანების სხვადასხვა წარმოდგენასა და პრობლემას. უბრალოდ მეტი უყურე, მოუსმინე და იკითხე, და მეტი ძალისხმევა ჩადე მათ გააზრებაში, და აუცილებლად სწრაფ პროგრესს განიცდი. ერთადერთი საშიშროება ის არის, რომ არ უყურებ ან არ ისწავლი, რა შემთხვევაშიც ვერავითარ პროგრესს ვერ მიაღწევ. ამიტომ ნუ განაგრძობ სირთულეებში ჩაფლობას და ნუ იტყვი: „ჩემი სულიერი ზრდა მცირეა, არ შემიძლია ჭეშმარიტებაზე ნათლად თანაზიარება და ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. შემიძლია ერთ საათში დავასრულო იმ მწირი სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება, რაც ვიცი, და შემდეგ მხოლოდ მათი გამეორებაღა მრჩება. თუ მათ ზედმეტად ბევრჯერ გავიმეორებ, და-ძმები მოსმენით დაიღლებიან და შეკრებებზე მოსვლა აღარ ენდომებათ.“ თუ თავად არაფერი გაქვს თანაზიარებისთვის, მაშინ სხვა მეთოდებს მიმართე. შეკრიბე ყველა ერთად, რათა მოუსმინონ ღვთის სახლის ქადაგებებსა და თანაზიარებას, ან უყურონ ღვთის სახლის გამოცდილებითი დამოწმების ვიდეოებსა და ფილმებს, და ა.შ. შესაძლოა ქადაგებისა და თანაზიარების გარკვეულმა ნაწილმა, ფილმის ნაწყვეტმა ან გამოცდილებითმა დამოწმებამ მოაგვაროს მათი პრობლემები. განა ახლა ეკლესიის საქმის კეთება ბევრად უფრო ადვილი არ არის, ვიდრე ადრე იყო? (არის.) თუ ამ ვითარებაში მაინც არ იცი, როგორ ეძიო ჭეშმარიტება პრობლემების მოსაგვარებლად, და უბრალოდ განაგრძობ სირთულეებში ჩაფლობას, ხდები ნეგატიური და უკან იხევ, მაშინ განა სუფრასთან მჯდომი შიმშილით არ კვდები? (დიახ.) ეს უკიდურესი სისულელეა. ბრძენმა ადამიანებმა იციან ჭეშმარიტების ძიება პრობლემების მოსაგვარებლად.