ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (16)

თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2026 წლის 1 მაისი (ნაწილი მეორე)

შეკითხვა 2: სახარების ზოგიერთი პოტენციური მიმღები ამბობს: „მოწმობთ, რომ ღმერთი განკაცდა და დაბრუნდა, მაგრამ მე რატომ არ მინახავს ეს? დღესდღეობით ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, ამიტომ ვინმეს მართლა რომ ენახა და ეცნო განკაცებული ღმერთი, მედია ამას დიდი ხნის წინ გააშუქებდა. მაგრამ მსგავსი არაფერი გაშუქებულა, მაშ, როგორ ამბობთ, რომ უფალი განკაცდა და დაბრუნდა?“ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას?

პასუხი: განა რელიგიური ადამიანების ნათქვამი სიტყვები უგუნური არ არის? (დიახ, არის.) რელიგიური ადამიანების მტკიცებით, უფალი მხოლოდ მაშინ მიიჩნევა დაბრუნებულად, თუ ეკლესიაში ყველა, პასტორებისა და უხუცესების ჩათვლით, ირწმუნებს ამას; უფალი მხოლოდ მაშინ მიიჩნევა დაბრუნებულად, თუ წუთისოფლის ეშმაკნი და სატანები და ყველა არამორწმუნე ირწმუნებს ამას; უფალი მხოლოდ მაშინ მიიჩნევა დაბრუნებულად, თუ მსოფლიო მედია ირწმუნებს ამას და გააშუქებს ამ ფაქტს. მაგრამ როგორი ადამიანებისგან შედგება მსოფლიო მედია? სწამთ მათ ღმერთი? (არა, ისინი სატანისგან არიან. ისინი სატანის რუპორები არიან.) რელიგიური სამყაროს ამ ადამიანებს არ შეუძლიათ სატანის რუპორების, ორგანიზაციებისა და მედიის არსში წვდომა. მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედია გააშუქებს და მიიღებს ამას, იქნება უფალი ჭეშმარიტად დაბრუნებული. მითხარით, რაოდენ უგუნურნი უნდა იყვნენ ასეთი მორწმუნეები, მსგავსი რამ რომ თქვან? მათ ჰგონიათ, რომ თუ მედიას არ გაუშუქებია უფლის დაბრუნება, მაშინ უფალი არ დაბრუნებულა. მაგრამ იცი, რა სახის ამბებს აშუქებს მედია? მედიის უმეტესობას მმართველი პარტია აკონტროლებს, ისინი მხოლოდ იმას აშუქებენ, რისი გაშუქების ნებასაც მმართველი პარტია რთავს, და არ აშუქებენ იმას, რასაც მმართველი პარტია უკრძალავს. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მედია სწორედ ასე მუშაობს. ისინი თავიანთ რეპორტაჟებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის საჭიროებებზე აფუძნებენ და რასაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ავრცელებს, მედიაც იმას აშუქებს. შესაბამისად, მედიის მიერ გაშუქებული ამბების უმეტესობა სრულიად აბსურდულია. რელიგიურ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შეკითხვებს სვამენ, ჰგონიათ, რომ თუ უფალი მართლაც დაბრუნდა, ჯერ მედიის მიერ გაშუქებული უნდა იხილონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს უფლის დაბრუნება რეალურად. შეესაბამება კი მათი ეს მტკიცება ბიბლიას? შეესაბამება კი იგი უფლის სიტყვებს? (არა.) თქვა კი უფალმა იესომ, რომ მედია გააშუქებდა მის დაბრუნებას? თქვა უფალმა მსგავსი რამ? (არა.) მაშ, როგორ იწინასწარმეტყველა უფალმა იესომ თავისი დაბრუნება? „რადგან, როგორც აღმოსავლეთში გაელვებული ნათელი დასავლეთის კიდემდე აღწევს, ზუსტად ამგვარი იქნება ძე კაცისას მოვლინებაც“ (მათ. 24:27). „აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი“ (გამოცხ. 16:15). „მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: «აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!»“ (მათ. 25:6). უფლის დაბრუნება არის ძე კაცისას ფარულად ჩამოსვლა და იგი ჩუმად მოდის, როგორც მპარავი. ვის შეუძლია მისი ამოცნობა? არავის. შესაბამისად, როდესაც უფალი განკაცდება, როგორც ძე კაცისა და მოვა, ვერავინ მიხვდება, რომ ეს ის არის და არავის ეცოდინება, რომ უფალი დაბრუნდა. მაშ, რას ეყრდნობიან ისინი, ვინც იღებს უფალს, მის ამოსაცნობად? ისინი მას ღვთის ხმის საფუძველზე და ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებების საფუძველზე ცნობენ. ის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია ამდენი ჭეშმარიტების გამოხატვა, ამტკიცებს, რომ იგი ღვთის გამოჩინებაა და რომ იგი თავად ღმერთია. ამჯერად, როდესაც ღმერთი თავდაპირველად გამოჩნდა, დაიწყო მოქმედება და თავისი სიტყვების წარმოთქმა, ვერავინ იცნო, რომ იგი ღმერთი იყო. იმ დროს არც მე ვიცნობდი ღმერთს; უბრალოდ მეგონა, რომ სიტყვები, რომლებსაც იგი ამბობდა, სულიწმიდისგან მოდიოდა და სულიწმიდის გამონათქვამები იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის, ვინც ამ სიტყვებს გამოხატავდა, განკაცებული ღმერთი იყო. დროთა განმავლობაში ღმერთი სულ უფრო მეტ ჭეშმარიტებას გამოხატავდა, სანამ საბოლოოდ არ გაამჟღავნა განკაცების ყველა საიდუმლო. მხოლოდ მაშინ მიხვდა ხალხი უცებ, რომ ეს ძე კაცისა განკაცებული ღმერთი იყო! შემდეგ მათ შეიძულეს საკუთარი თავი ბრმა და სულელური ქცევისა და ასევე, იმის გამო, რომ არ იცნობდნენ ღმერთს. მაგრამ ღმერთს არ გაუკიცხავს ადამიანები, რადგან ადამიანები სატანის მიერ ასე ღრმად არიან გახრწნილნი, სავსენი არიან ღვთის შესახებ წარმოდგენებითა და ფანტაზიებით და უბრალოდ არ ესმით განკაცების ჭეშმარიტება. შესაბამისად, ღმერთი კვლავაც გულმოწყალეა მათ მიმართ, ვისაც შეუძლია განკაცების მიღება. მაშინაც კი, თუ ასეთ ადამიანებს აქვთ წარმოდგენები და სულელები არიან, ღმერთი არ გმობს მათ. გარდა ამისა, ადამიანებს არ შეუძლიათ პირდაპირ სულიერ სამყაროში შეხედვა. დანახვაზე დაყრდნობით ვერავინ იტყვის, რომ ეს ძე კაცისა ღმერთია. ადამიანმა უნდა გამოსცადოს განკაცებული ღვთის სიტყვები და საქმე, და მხოლოდ ღვთის სიტყვების წაკითხვითა და განკაცების ჭეშმარიტების გაგებით შეუძლია ადამიანს ეტაპობრივად შეიცნოს ღმერთი. როგორც კი ადამიანები გაიგებენ ჭეშმარიტებას, ისინი რწმუნდებიან განკაცებულ ღმერთში და მათი წარმოდგენები ქრება. შესაბამისად, თავდაპირველად ადამიანებმა ირწმუნეს ყოვლისშემძლე ღმერთი არა იმიტომ, რომ ესმოდათ ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ დაეყრდნენ თავიანთ სულიერ ინტუიციასა და გრძნობას, რათა გაეგოთ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ღვთის ხმა იყო. იმ დროს ადამიანები არ იცნობდნენ განკაცებულ ღმერთს, ამიტომ გარდაუვალი იყო, რომ მათ მრავალი წარმოდგენა გაუჩნდებოდათ. ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რომ იგი ღმერთი იყო ისეთი ასპექტებიდან, როგორიცაა ქრისტეს სქესი, ასაკი ან ოჯახური წარმომავლობა, და შესაბამისად, მათ მრავალი წარმოდგენა ჰქონდათ. მაგრამ თანდათან, ღვთის სიტყვებმა გააქარწყლა ადამიანთა წარმოდგენები. ადამიანები სულ უფრო მეტად იცნობდნენ ღმერთს და მათი წარმოდგენები მის შესახებ სულ უფრო მცირდებოდა, სანამ საბოლოოდ არ მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც მათ აღარავითარი წარმოდგენა აღარ ჰქონდათ ღვთის განკაცებულ ხორცზე. მაშ, რამდენი წლის გამოცდილებაა საჭირო იმ წერტილამდე მისაღწევად, როდესაც წარმოდგენები აღარ არსებობს? ადამიანმა სულ მცირე რვა-ათი წლის გამოცდილება უნდა დააგროვოს, რათა თითქმის სრულად გათავისუფლდეს წარმოდგენებისგან. ამ ეტაპზე, მაშინაც კი, თუ ასეთ ადამიანში ზოგჯერ ჩნდება წარმოდგენები, ისინი სწრაფად გვარდება ჭეშმარიტების ძიების მეშვეობით. ღვთის რწმენის სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ადამიანებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ სრულად უარყონ თავიანთი წარმოდგენები და ისინი ღვთისადმი მუდმივად ნახევრად რწმენისა და ნახევრად ეჭვის მდგომარეობაში რჩებიან. რაც უფრო დიდხანს სწამთ ღმერთი და რაც უფრო მეტ ჭეშმარიტებას იგებენ ღვთის საქმის გამოცდით, ისინი გადადიან ხუთი წილი რწმენისა და ხუთი წილი ეჭვის მდგომარეობიდან შვიდი წილი რწმენისა და სამი წილი ეჭვის მდგომარეობაში, შემდეგ რვა წილი რწმენისა და ორი წილი ეჭვის მდგომარეობაში, და შემდეგ ცხრა წილი რწმენისა და ერთი წილი ეჭვის მდგომარეობაში. მათი წარმოდგენები ნელ-ნელა ქრება, სანამ საბოლოოდ არ მიაღწევენ ღვთისადმი სრული რწმენის წერტილს, სადაც აბსოლუტურად ყველა ეჭვი გამქრალია. ასეთია ღვთის შეცნობის პროცესი. როდესაც ღმერთი ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს თავის საქმეს, ადამიანი თანდათანობით აღწევს ღვთის ჭეშმარიტ შეცნობას და პირისპირ ხვდება ღმერთს. მაშ, ღვთის რომელი საქმეები უნდა გამოსცადონ ადამიანებმა ღვთის სრული შეცნობის მისაღწევად? მათ უნდა გამოსცადონ განკითხვა, გაკიცხვა, გასხვლა, განსაცდელი და გამოწრთობა. მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს საბოლოოდ მიაღწიოს ღვთისადმი აბსოლუტურ მორჩილებას და სრულად გათავისუფლდეს ღვთის შესახებ ყველა წარმოდგენისგან. თუ ადამიანები არ გამოსცდიან განკითხვას, გაკიცხვას, გასხვლას, განსაცდელსა და გამოწრთობას, მათთვის შეუძლებელია ასი პროცენტით გათავისუფლდნენ წარმოდგენებისგან. თუმცა, როდესაც ადამიანებს აქვთ წარმოდგენები, თუ მათ შეუძლიათ ეძიონ ჭეშმარიტება, იფიქრონ ღვთის სიტყვებზე და შეიცნონ ღმერთი და მისი საქმე მისი სიტყვების საფუძველზე, მაშინ მათი შეხედულებები შეიცვლება და მათ აღარ ექნებათ არავითარი წარმოდგენა ღვთის შესახებ. თუ ადამიანები შეძლებენ, თავიდან აირიდონ თავიანთი წარმოდგენების მიერ კონტროლი და შეძლებენ ჭეშმარიტების ძიებას მათ მოსაგვარებლად, მაშინ მათი წარმოდგენები თანდათანობით გაქრება. ამგვარად, პრაქტიკაში გამოყენებით, ადამიანებს შეუძლიათ თანდათანობით შეიცნონ ღმერთი. ახლა, რადგან ჩვენ გვესმის ზოგიერთი ჭეშმარიტება და გვაქვს სულიერი სიმწიფე, ჩვენ თითქმის აღარ გვაქვს წარმოდგენები ღვთის შესახებ და როდესაც ვხედავთ რელიგიური ადამიანების მიერ დასმულ შეკითხვებს, ვგრძნობთ, რაოდენ გულუბრყვილო, სულელური და უმეცარია ეს შეკითხვები. მაგრამ როდესაც ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება, მათ არ შეუძლიათ საგნების ნათლად დანახვა და სრულიად ნორმალურია, რომ მათ აქვთ წარმოდგენები ღვთის შესახებ. ჩვენც ზუსტად მათნაირები ვიყავით, როდესაც პირველად ვირწმუნეთ ღმერთი. შესაბამისად, როდესაც სახარებას ვქადაგებთ, უფრო მეტად უნდა გავუზიაროთ ჭეშმარიტება სახარების პოტენციურ მიმღებებს. თუ ჭეშმარიტებაზე ნათლად ჩაატარებ თანაზიარებას და თუ მათ აქვთ წვდომის უნარი, მაშინ მათი წარმოდგენები ბუნებრივად მოგვარდება.

შეკითხვა 3: სახარების ზოგიერთი პოტენციური მიმღები ამბობს: „რატომ უნდა შევუერთდეთ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიას? არ შეგვიძლია დავრჩეთ იმ ეკლესიაში, რომელშიც ახლა ვართ?“ როგორ შეგვიძლია უკეთ ვუპასუხოთ ამ შეკითხვას?

პასუხი: რატომ უნდა შეუერთდე ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიას? რას ნიშნავს ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიასთან შეერთება? ეს ნიშნავს ყოვლისშემძლე ღვთის განკითხვისა და გაკიცხვის მიღებას და ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებისა და საქმის გამოცდას. შეგიძლია მიიღო ყოვლისშემძლე ღვთის განკითხვა და გაკიცხვა შენს აღმსარებლობაში? შეგიძლია გამოსცადო ღვთის სიტყვები და საქმე? შენს აღმსარებლობას პასტორები, უხუცესები, მღვდლები ან ეპისკოპოსები აკონტროლებენ. მოგცემენ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების ჭამა-სმის ნებას? მოგცემენ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიაში მოვალეობის შესრულების ნებას? (არა.) ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიასთან შეერთების გარეშე, შეგიძლია გამოსცადო ყოვლისშემძლე ღვთის განკითხვა და გაკიცხვა? შეგიძლია გამოსცადო განსაცდელი და გამოწრთობა? შეგიძლია მიიღო ღვთის გასხვლა? (არა.) მაშინ ვერ შეძლებ ხსნის მოპოვებას. რელიგიური ადამიანები არ იღებენ ყოვლისშემძლე ღმერთს და სანაცვლოდ, ისინი ეწინააღმდეგებიან ყოვლისშემძლე ღმერთს. თუ კათოლიკურ ან ქრისტიანულ ეკლესიაში წაიკითხავ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებს და ილოცებ ყოვლისშემძლე ღვთის მიმართ, ისინი დაგგმობენ, უარგყოფენ და გამოგაგდებენ კიდეც. შესაბამისად, ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიასთან შეერთების მნიშვნელობა ამ ფორმალობის გავლაში არ მდგომარეობს. არამედ, მხოლოდ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიაში ეკლესიური ცხოვრებით შეგიძლია ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების ჭამა-სმა და ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების გამოცდა. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიაში შეგიძლია მიიღო ღვთის განკითხვა და გაკიცხვა, გამოსცადო განსაცდელი და გამოწრთობა, გაიზარდო სიცოცხლეში, ნორმალურად შეასრულო ქმნილების მოვალეობა, იქადაგო სახარება და დაამოწმო ღმერთი. თუ დატოვებ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიას, ვერანაირად ვერ შეძლებ ღვთის საქმის გამოცდას. საკუთარ თავს ყოვლისშემძლე ღვთის მორწმუნეც რომ უწოდო, ვერ მოიპოვებ ჭეშმარიტებას და საბოლოოდ, ვერ მიაღწევ ხსნას.

შეკითხვა 4: სახარების ზოგიერთი პოტენციური მიმღები კითხულობს უფალი იესოს სიტყვებს: „მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოან. 14:2–3), და მათ ჰგონიათ, რომ უფალი დაბრუნდება სულიერი სხეულით ჩამოსვლით და რომ აღარ არის საჭირო მისი კვლავ განკაცება დედამიწაზე სამოქმედოდ. როგორ უნდა ვიქონიოთ თანაზიარება, რათა უკეთ გავაქარწყლოთ სახარების პოტენციური მიმღებების წარმოდგენები და გავაგებინოთ მათ, რომ უფლის დაბრუნება არის მისი განკაცება დედამიწაზე სამოქმედოდ?

პასუხი: პირველ რიგში, ადამიანებს ზუსტად უნდა ესმოდეთ, რას გულისხმობდა უფალი იესო ამაში. უფალმა იესომ თქვა: „როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოან. 14:3). ეს სიტყვები საიდუმლოა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ ეს საიდუმლო? ყოვლისშემძლე ღმერთი რომ არ მიგვეღო, ჩვენი გაგებაც რელიგიური ადამიანების გაგების იდენტური იქნებოდა. ვიფიქრებდით, რომ ეს ნაწყვეტი ნიშნავს: „უფალი დაბრუნდა მესამე ცაში, რათა იქ სახლი მოემზადებინა ჩვენთვის, და როდესაც ის მზად იქნება, ერთ დღესაც აგვიყვანს მესამე ცაში, რათა სადაც უფალია, ჩვენც იქ ვიყოთ“. განა ყველა რელიგიური ადამიანი ასე არ ფიქრობს? (დიახ.) მაშ, შესწევთ კი რელიგიურ ადამიანებს იმის უნარი, გააცნობიერონ, რომ ეს აზრი გულუბრყვილო და მცდარია? არ შესწევთ. მხოლოდ ჩვენ, ვინც მივიღეთ ყოვლისშემძლე ღვთის გამოჩინება და საქმე, ვიცით, რომ ეს გაგება მცდარია. ღვთის ამჟამინდელი საქმის ფაქტების მიხედვით ახსნილი ეს სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი განკაცდა და მოდის დედამიწაზე უკანასკნელ დღეებში; იგი თავის რჩეულ ხალხსაც აძლევს უკანასკნელ დღეებში დედამიწაზე დაბადების ნებას, რათა მიიღონ მისი საქმე, გამოსცადონ მისი სიტყვების განკითხვა, განიწმინდონ და გადარჩნენ, რათა შევიდნენ ქრისტეს სასუფეველში. მაშ, შეუძლიათ რელიგიურ ადამიანებს ჩვენი ამ ახსნის მიღება? (მარტივად არა.) როგორ შეგვიძლია დავარწმუნოთ ისინი მის მიღებაში? მათთან ასე უნდა ითანაზიარო. უთხარი მათ: „ცათა სასუფეველი სინამდვილეში ზეცაშია თუ დედამიწაზე? ამ საკითხში ნათლად უნდა გაერკვე. გამოცხადება წინასწარმეტყველებს: „ამ სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 11:15). „აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი“ (გამოცხ. 21:3). ეს აჩვენებს, რომ ცათა სასუფეველი დედამიწაზე უნდა იყოს. რადგან ცათა სასუფეველი დედამიწაზე უნდა იყოს, ყველა, ვინც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ წილი ექნებოდა ცათა სასუფეველში, ასევე უნდა დაიბადოს როგორც ადამიანი და მოვიდეს დედამიწაზე. უფალმა იესომ თქვა: „აჰა, მოვალ მალე“ (გამოცხ. 22:7). უკანასკნელ დღეებში უფალი კვლავ მოვა დედამიწაზე და ისინი, ვინც უფალს მიჰყვებიან, ასევე უნდა მოვიდნენ დედამიწაზე. სადაც უფალია, ისინიც იქ იქნებიან, ვინც უფალს მიჰყვებიან. სწორედ ეს იგულისხმება სიტყვებში „სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“. როდესაც უფალი მოდის დედამიწაზე გამოსაჩენად და სამოქმედოდ, ისინი, ვინც უფალს მიჰყვებიან, ასევე უნდა მოვიდნენ დედამიწაზე, რათა მიიღონ ღვთის საქმე და ხსნა, და საბოლოოდ განიწმინდონ და სრულყოფილნი გახდნენ. მხოლოდ ამგვარად შეძლებენ ისინი უფალთან ერთად ცათა სასუფეველში, ქრისტეს სასუფეველში შესვლას. ცათა სასუფეველი არის ქრისტეს სასუფეველი და ეს არის ქრისტეს მიერ დედამიწაზე დაფუძნებული სასუფეველი. გამოცხადება წინასწარმეტყველებს, რომ დედამიწაზე ჩამომავალი ახალი იერუსალიმი არის დედამიწაზე ჩამომავალი ცათა სასუფეველი და ცათა სასუფევლის განხორციელება დედამიწაზე. გამოცხადების წინასწარმეტყველებები მალე აღსრულდება და ქრისტეს სასუფეველი მალე განხორციელდება დედამიწაზე. თუ კვლავ ელი ზეცაში ასვლას უფლის მისაღებად, მაშინ შენი ეს მოლოდინი ეწინააღმდეგება უფლის სიტყვებს და ვერანაირად ვერ შეძლებ უფლის მიღებას“. რას ფიქრობთ ამ წინასწარმეტყველების ასეთ ახსნაზე? (კარგია.) მაშ, რა არის ამ წინასწარმეტყველების ახსნის საწყისი წერტილი? გამოცხადების წინასწარმეტყველებები. ეს იმისთვისაა, რომ რელიგიურმა ადამიანებმა გაიგონ, რომ ქრისტეს სასუფეველი დედამიწაზე ხორციელდება და თუ მათ კვლავ სურთ ზეცაში ასვლა, მაშინ მათ არ ექნებათ წილი დედამიწაზე არსებულ სასუფეველში. ბიბლია ასევე წინასწარმეტყველებს: „რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა“ (1 პეტრ. 4:17). „როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:13). ორივე მათგანი ეხება იმ საქმეს, რომელსაც ღმერთი აღასრულებს დედამიწაზე უკანასკნელ დღეებში. უკანასკნელ დღეებში ღმერთი განკაცდება და მოდის დედამიწაზე განკითხვის საქმის აღსასრულებლად, რათა წაუძღვეს თავის ხალხს სრულ ჭეშმარიტებაში და საბოლოოდ შეიყვანოს ადამიანები თავის სასუფეველში. შესაბამისად, უნდა გამოსცადო ღვთის განკითხვა უკანასკნელ დღეებში დედამიწაზე, რათა გქონდეს ღვთის სასუფეველში შესვლის შესაძლებლობა. მაშ, რა კონტექსტში განიცდიან ადამიანები ღვთის განკითხვას უკანასკნელ დღეებში? უფალი იესოს დაბრუნების კონტექსტში. შესაბამისად, უფალი იესოს ამ წინასწარმეტყველების შესახებ თანაზიარება უნდა ეფუძნებოდეს უფალი იესოს დაბრუნების კონტექსტს. ამგვარი თანაზიარებით, რელიგიური ადამიანების წარმოდგენები მარტივად გაქარწყლდება.

შეკითხვა 5: ბიბლიური მუხლის გამო: „ამ ნებით ვართ ჩვენ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრ. 10:10), სახარების ზოგიერთ პოტენციურ მიმღებს სჯერა, რომ უფალი იესოს მიერ საკუთარი სხეულის შეწირვამ უკვე განწმინდა ადამიანები. მათ ჰგონიათ, რომ რადგან მათი ცოდვები მიტევებულია უფალი იესოს რწმენის მეშვეობით, აღარ არის საჭირო, მიიღონ ღვთის განკითხვა ან გაკიცხვა. როგორ უნდა ვიქონიოთ მათთან თანაზიარება, რათა მათ შეძლონ ღვთის განკითხვის საქმის მიღება უკანასკნელ დღეებში?

პასუხი: რას გულისხმობს „განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ ებრაელთა 10:10-ში? ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია განიწმინდო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ცოდვები მიტევებულია უფალი იესოს რწმენის მეშვეობით. მაინც უნდა ირწმუნო უფლის მეორედ განკაცებული ხორცი — ყოვლისშემძლე ღმერთი. უფალი იესოსა და ყოვლისშემძლე ღვთის გამოჩინება და საქმე არის ერთი ღვთის მიერ განკაცების მეშვეობით შესრულებული საქმის ორი ეტაპი. უფალმა იესომ თქვა: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“ (იოან. 3:36). აქ „ძე“ არ გულისხმობს ღვთის ერთ განკაცებას, არამედ ღვთის ორ განკაცებას. თუ მხოლოდ ღვთის პირველად განკაცებული ხორცის გწამს და არა მეორის, ვერ განიწმინდები, რადგან ღვთის ხსნის საქმის ერთი ეტაპით ნაკლები გექნება გამოცდილი. თუ იტყვი: „ჩვენ განვიწმინდებით მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსყიდვით“, მაშინ შეხედე მათ, ვისაც სწამს უფალი იესო — ვინ განიწმინდა მათ შორის? ადამიანები უკვე განწმენდილნი რომ ყოფილიყვნენ მხოლოდ უფალი იესოს რწმენით, რატომ დაგმობდა უფალი იესო მათ, ვინც ქადაგებდა და შრომობდა უფლისთვის, სიტყვებით: „მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“ (მათ. 7:23)? იყვნენ კი ეს ადამიანები განწმენდილნი? (არა.) ისინი კვლავ სცოდავდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს, ამიტომ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, რომ ისინი განწმენდილნი ყოფილიყვნენ. მაშ, რა არის განწმენდის კრიტერიუმი? უფალმა იესომ ნათლად თქვა: „ყველა, ვინც მეუბნება: «უფალო, უფალო!» როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მათ. 7:21). მხოლოდ ისინი, ვინც მიჰყვებიან ღვთის ნებას, არიან ღირსნი შევიდნენ ცათა სასუფეველში და მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან განწმენდილნი. მაშ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან ღვთის ნებას? მადლის ეპოქაში თითქმის არ არსებობდნენ ასეთი ადამიანები, პეტრე ერთადერთი განსაკუთრებული გამონაკლისი იყო. პეტრე მაგალითია მათთვის, ვინც იღებს ღვთის საქმეს უკანასკნელ დღეებში. მადლის ეპოქაში პეტრეს გარდა არავინ განწმენდილა. თუ ადამიანებს სურთ განწმენდა, მაშინ მათ უნდა მიიღონ ღმერთი მის მეორე განკაცებაში და გამოსცადონ ღვთის განკითხვა, გაკიცხვა, განსაცდელი და გამოწრთობა უკანასკნელ დღეებში, რითაც უარყოფენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს, განიწმინდებიან და საბოლოოდ სრულყოფილნი გახდებიან. მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი განწმენდა. შესაბამისად, განსაწმენდად არ არის საკმარისი მხოლოდ პირველად განკაცებული ღვთის რწმენა და ვერ განიწმინდები მხოლოდ უფალი იესოს რწმენით. უნდა მიიღო ღმერთი მის მეორე განკაცებაში. ბიბლიაში არის კიდევ ერთი მუხლი განწმენდის შესახებ: „ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის“ (ებრ. 10:26). რას ნიშნავს ეს ნაწყვეტი? თუ ადამიანები უფლის რწმენის შემდეგ კვლავ განაგრძობენ შეცოდებას და ცოდვაში ცხოვრებას, მაშინ ასეთ ადამიანებს აღარ აქვთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი. ისინი კვლავ ბინძურნი და გახრწნილნი არიან და ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ განწმენდისთვის. თუ რელიგიური ადამიანების მტკიცებით, უფალი იესოს რწმენა ნიშნავს, რომ ადამიანი განიწმინდა, მაშინ რატომ განაგრძობენ მადლის ეპოქის მორწმუნეები შეცოდებას? რატომ რჩებიან ისინი შეცოდებისა და აღსარების, შეცოდებისა და აღსარების დაუსრულებელ ციკლში? რატომ არ შეუძლიათ მათ ცოდვისგან თავის დაღწევა? სინამდვილეში, მადლის ეპოქაში არავის შეუძლია ცოდვისგან თავის დაღწევა. პავლესაც კი არ შეეძლო. შეუძლიათ ადამიანებს განიწმინდონ, თუ არ შეუძლიათ ცოდვისგან თავის დაღწევა? აბსოლუტურად არა. მადლის ეპოქის ადამიანებს მხოლოდ უფლის მადლზე დაყრდნობით მიეტევებათ ცოდვები, მაგრამ არცერთი მათგანი არ განწმენდილა. განა ეს ასე არ არის? (დიახ, ასეა.) მაშ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს განიწმინდონ? უფალმა იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:12–13). გულისხმობს თუ არა „შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში“ განწმენდას? (დიახ.) შეგიძლია განიწმინდო მხოლოდ უკანასკნელ დღეებში ღვთის მიერ გამოხატულ ყველა ამ ჭეშმარიტებაში შესვლით. როგორ შეგიძლია განიწმინდო ყველა ამ ჭეშმარიტებაში შესვლის გარეშე? განწმენდა არ შედგება ცარიელი სიტყვებისგან — ის მოიცავს კონტექსტსა და პროცესს. ხედავ, ბიბლიაში, იქნება ეს უფალი იესოს სიტყვები თუ სულიწმიდის მიერ გაცხადებული სიტყვები, არსად წერია, რომ „ადამიანი განიწმინდება, როდესაც მისი ცოდვები მიეტევება უფალი იესოს რწმენის მეშვეობით“. სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი იესო ამბობს: „ბევრი მეტყვის იმ დღეს: «უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?»“ (მათ. 7:22). ეს ადამიანები ეკითხებოდნენ უფალ იესოს, იყვნენ თუ არა ისინი განწმენდილნი და შეეძლოთ თუ არა ცათა სასუფეველში შესვლა. და რა თქვა უფალმა იესომ? „მაშინ მე განვუცხადებ მათ: «მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო»“. აქ „თქვენ“ მხოლოდ ფარისევლებს არ გულისხმობს, არამედ ყველას, ვისაც სწამს უფალი. ყველა, ვინც ქადაგებდა უფლის სახელით, დევნიდა ეშმაკებს უფლის სახელით და ახდენდა მრავალ სასწაულს უფლის სახელით, შედის ამაში. ამის თქმით, უფალმა იესომ სრულად დაგმო ამ ადამიანების რწმენა. უფალი მათ მიიჩნევდა ბოროტმოქმედებად და მოკვეთისთვის განწირულებად. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ადამიანი განიწმინდება, როდესაც მისი ცოდვები მიეტევება უფალი იესოს რწმენის მეშვეობით“, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური წარმოდგენები და ფანტაზიები. ის არ შეესაბამება უფლის სიტყვებს და სინამდვილეში, სრულიად ეწინააღმდეგება მათ.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ სამყაროში პასტორებს მრავალი წელია სწამთ უფალი და ხშირად სწავლობენ ბიბლიას, მათ არ ესმით ჭეშმარიტება და არ აქვთ მრავალი მუხლის წმინდა გაგება. ამრიგად, არსებობს მრავალი რამ, რაზეც ისინი ყოველთვის საგონებელში ვარდებიან და გრძნობენ, რომ მუხლები თითქოს ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მათი ახსნა შეუძლებელია. მაგალითად, არსებობს შეკითხვა, რომელმაც საგონებელში ჩააგდო ადამიანები რელიგიურ სამყაროში: „გამოცხადება ამბობს, რომ ფილადელფიის ეკლესია ზეატაცებული იქნება უკანასკნელ დღეებში, მაგრამ ახლა უკანასკნელი დღეები უკვე დადგა და არცერთი ეკლესია არ ყოფილა ზეატაცებული. კონკრეტულად რატომ ხდება ეს?“ როგორ უნდა აიხსნას ეს შეკითხვა? ფილადელფიის ეკლესიის ზეატაცება არის წინასახე და ის არ გულისხმობს კონკრეტული ეკლესიის ზეატაცებას, არამედ ყველა იმ ადამიანს სხვადასხვა რელიგიასა და აღმსარებლობაში, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება, შეუძლია მისი მიღება და ეგებება უფალს. ამ კრებულს ეწოდება ფილადელფიის ეკლესია. დიდი კატასტროფები მალე დატყდება თავს და ის, რაც ნამდვილად აგდებს საგონებელში რელიგიური სამყაროს ადამიანებს, არის ის, რომ ისინი ხედავენ, რომ მათი ეკლესიები არ ყოფილა ზეატაცებული და არც მათი პასტორები და უხუცესები, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ მრავალი პასტორი და უხუცესი დაიღუპა კიდეც კატასტროფებში, და მაინც არავის უნახავს უფლის გამოჩენა. მაგრამ ვისი ბრალია ეს? (თავად მათი.) ყოვლისშემძლე ღმერთმა ასეთი დიდი საქმე აღასრულა ადამიანთა შორის და გამოხატა ამდენი ჭეშმარიტება, თუმცა ისინი უბრალოდ უარს ამბობენ მათ გამოკვლევასა თუ მიღებაზე. ისე არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ ყოვლისშემძლე ღვთის გამოჩინებისა და საქმის ფაქტის დანახვა. ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები და ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიის მიერ შექმნილი ვიდეოები და ფილმები ინტერნეტშია, ამიტომ რამდენადაც ადამიანმა იცის ინტერნეტის გამოყენება, როგორ შეიძლება ვერ დაინახოს ისინი? მათ ჭეშმარიტად რომ წაეკითხათ ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები და ენახათ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიის ვიდეოები და ფილმები, უნდა დაენახათ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ღვთის ხმაა და რომ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია ფლობს სულიწმიდის საქმეს. მაგრამ რელიგიური სამყაროს ადამიანები უბრალოდ უარს ამბობენ ამ ყველაფრის ნახვასა თუ გამოკვლევაზე. რაოდენ ამპარტავნები და თვითმართლები არიან ისინი! რაოდენ მედიდურნი და ქედმაღალნი! მათ საერთოდ არ აქვთ ღვთისმოშიში გულები. მათ უბრალოდ ჰგონიათ, რომ მათი საკუთარი აღმსარებლობა კარგია და ამიტომ უარს ამბობენ მის დატოვებაზე. მაგრამ აქვს კი შენს აღმსარებლობას სულიწმიდის საქმე? აქვს მას კარგი გამოცდილებითი დამოწმებები? რამდენი ახალი საგალობელი შექმენით ღვთის სადიდებლად? რამდენი ვიდეო და ფილმი გადაიღეთ ღვთის დასამოწმებლად? თუ არ გაქვთ ღვთის სადიდებელი ახალი საგალობლები და არც სიცოცხლის გამოცდილების დამოწმების ვიდეოები ან ფილმები, მაშინ რატომ არ უყურებთ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიის მიერ შექმნილ ვიდეოებსა და ფილმებს? რატომ არ დაფიქრდებით იმაზე, თუ როგორ ახერხებს ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია ამდენი ვიდეოსა და ფილმის შექმნას? შეიძლებოდა ასეთი შედეგების მიღწევა, რომ არა სულიწმიდის საქმე? (არა.) ისინი მუდმივად ვერ ხედავენ ყოვლისშემძლე ღვთის საქმის შედეგებს უკანასკნელ დღეებში. ისინი მართლაც ბრმები არიან! სწორედ ასეთია ადამიანთა უმეტესობა რელიგიურ სამყაროში. თუ ისინი განაგრძობენ თავიანთ წარმოდგენებზე ჩაჭიდებას და უარს იტყვიან ღვთის საქმის მიღებაზე უკანასკნელ დღეებში, მაშინ ისინი საბოლოოდ მოიკვეთებიან.