ადამიანის ნორმალური ცხოვრების აღდგენა და მისი მიყვანა მშვენიერ საბოლოო სამყოფლამდე

ადამიანს დღევანდელი და მომავალი საქმის მცირედი გაგება აქვს, თუმცა ვერ სწვდება იმას, ზუსტად რა საბოლოო სამყოფელში უნდა შევიდეს კაცობრიობა. როგორც ქმნილებამ, ადამიანმა უნდა აღასრულოს თავისი წილი ქმნილების მოვალეობა: უნდა მიჰყვეს ღმერთს ყველაფერში, რასაც იგი აკეთებს; უნდა იმოქმედოთ ისე, როგორც მე გეტყვით. შენ ვერ მართავ საკუთარ თავს და ძალაუფლებაც არ გაქვს საკუთარ თავზე. ყველაფერი ღვთის მოწყალებას უნდა მიენდოს, ყოველივე მის ხელშია. თუ თავის საქმეში ღმერთი წინასწარ დაანახებდა ადამიანს შედეგს — მშვენიერ საბოლოო სამყოფელს — და ამით მიიზიდავდა მას, რათა მას მიჰყოლოდა, თუ ერთგვარ გარიგებას დადებდა ადამიანთან, ეს არც დაპყრობა იქნებოდა და არც ადამიანის სიცოცხლეში საქმის შესრულება. თუ ღმერთი ადამიანის საბოლოო შედეგს მის გასაკონტროლებლად და მისი გულის მოსაგებად გამოიყენებდა, ეს ვერ იქნებოდა ადამიანის სრულყოფა და ვერც მისი ჭეშმარიტი მოპოვება — ეს მხოლოდ ადამიანის კონტროლი იქნებოდა მისი საბოლოო სამყოფელის საშუალებით. ადამიანს არაფერი ადარდებს ისე, როგორც საკუთარი მომავალი შედეგი, საბოლოო სამყოფელი და ის, არის თუ არა რაიმე კარგი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს. თუ ადამიანს დაპყრობის საქმის დროს წინასწარ მიეცემოდა ლამაზი იმედი და დაპყრობამდევე მიეცემოდა შესაბამისი საბოლოო სამყოფელი მისწრაფებისთვის, მაშინ არა მხოლოდ ვერ მიიღწეოდა დაპყრობის მიზანი, არამედ თავად ამ საქმის შედეგიც დამახინჯდებოდა. ანუ, დაპყრობის საქმე თავის შედეგს აღწევს ადამიანისთვის ბედისა და პერსპექტივების წართმევით და ადამიანის ურჩი ბუნების განსჯითა და გაკიცხვით. ის არ მიიღწევა ადამიანთან გარიგებით, ადამიანისთვის კურთხევისა და მადლის მიცემით, არამედ მისთვის „თავისუფლების” წართმევით და მისი პერსპექტივების აღმოფხვრით და ამით იმის დანახვით, თუ რამდენად ერთგულია იგი. ეს არის დაპყრობის საქმის არსი. თუ ადამიანს თავიდანვე მიეცემოდა მშვენიერი იმედი და შემდეგ განხორციელდებოდა გაკიცხვისა და განსჯის საქმე, მაშინ იგი ამ გაკიცხვასა და განსჯას მიიღებდა პერსპექტივის ქონის საფუძველზე და საბოლოოდ ვერ მიიღწეოდა შემოქმედისადმი მისი ყველა ქმნილების უპირობო მორჩილება და თაყვანისცემა; დარჩებოდა მხოლოდ ბრმა, უმეცარი მორჩილება ან ადამიანი ბრმად წაუყენებდა მოთხოვნებს ღმერთს და შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის გულის სრულად დაპყრობა. შესაბამისად, ამგვარი დაპყრობის საქმით ვერ მოიპოვებდა ადამიანსდა მით უმეტეს, ადამიანის მიერ ღვთისადმი მოწმობის გაღება. ასეთი ქმნილებები ვერ შეძლებდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და მხოლოდ ივაჭრებდნენ ღმერთთან; ეს იქნებოდა არა დაპყრობა, არამედ წყალობა და კურთხევა. ადამიანის ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ იგი ყოველთვის საკუთარ ბედსა და პერსპექტივაზე ფიქრობს და ამ ყველაფერს კერპად აქცევს. ადამიანი ღმერთს თავისი ბედისა და პერსპექტივის გამო ეძებს; იგი მას სიყვარულით არ სცემს თაყვანს. ამიტომ, ადამიანის დაპყრობის პროცესში მისი ეგოიზმი, სიხარბე და ყველაფერი, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ღვთისადმი მის თაყვანისცემას, უნდა მოგვარდეს. ამით აღესრულება კიდეც ადამიანის დაპყრობა. შედეგად, ადამიანის დაპყრობის საწყის ეტაპებზე აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, მისი ველური ამბიციებისა და ყველაზე საბედისწერო სისუსტეების განწმენდა, რათა გამოვლინდეს ადამიანის ღვთისადმი მოსიყვარულე გული, ასევე მისი ადამიანური ცხოვრების, ღვთის შესახებ წარმოდგენისა და საკუთარი არსებობის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის შეცვლა. ამგვარად, ადამიანის ღვთისადმი მოსიყვარულე გული ხდება უბიწო, ანუ ადამიანის გული დაპყრობილია. მაგრამ ყველა ქმნილების მიმართ ღვთის დამოკიდებულებაში, ღმერთი არ ცდილობს დაპყრობას დაპყრობისთვის; პირიქით, იგი იპყრობს იმისათვის, რომ მოიპოვოს ადამიანი, საკუთარი დიდებისათვისა და იმისათვის, რომ აღადგინოს ადამიანის პირვანდელი მსგავსება. თუ იგი მხოლოდ დაპყრობის გულისთვის დაიპყრობდა, მაშინ დაპყრობის საქმის მნიშვნელობა დაიკარგებოდა. ანუ, ღმერთს მხოლოდ რომ დაეპყრო ადამიანი და ამის შემდეგ ხელები დაებანა, ხოლო ადამიანის სიცოცხლესა თუ სიკვდილისთვის ყურადღება აღარ მიექცია, მაშინ ეს არც კაცობრიობის მართვა იქნებოდა და არც მისი ხსნისთვის გაკეთებული საქმე. მხოლოდ ადამიანის მოპოვება დაპყრობის შემდეგ და საბოლოოდ კაცობრიობის მიყვანა მშვენიერ საბოლოო სამყოფელამდე არის მთელი ხსნის საქმის არსი, და მხოლოდ ეს აღწევს ადამიანის ხსნის მიზანს. სხვა სიტყვებით, მხოლოდ ადამიანის მისვლა მშვენიერ საბოლოო სამყოფელში და მისი შესვლა განსვენებაში არის ის, რაც ყველა ქმნილების წინაშე დგას როგორც მიზანი და სწორედ ეს არის საქმე, რომელიც შემოქმედმა უნდა აღასრულოს. თუ ამ საქმეს ადამიანი შეასრულებდა, მაშინ ზედმეტად შეზღუდული იქნებოდა: ის შეძლებდა ადამიანის გარკვეულ ეტაპამდე მიყვანას, მაგრამ ვერ მიიყვანდა მარადიულ საბოლოო სამყოფლამდე. ადამიანი ვერ განსაზღვრავს ადამიანის ბედს და, მით უმეტეს, ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პერსპექტივასა და მომავალ საბოლოო სამყოფელს. თუმცა, ღვთის მიერ შესრულებული საქმე განსხვავებულია. ვინაიდან მან შექმნა ადამიანი, ის მიუძღვება მას; ვინაიდან ის იხსნის ადამიანს, ის საფუძვლიანად იხსნის და მოიპოვებს მას; ვინაიდან წინ მიუძღვება ადამიანს, იგი მიიყვანს მას შესაბამის საბოლოო სამყოფლამდე; და ვინაიდან შექმნა და მართავს ადამიანს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ადამიანის ბედსა და პერსპექტივაზე. სწორედ ეს არის შემოქმედის მიერ შესრულებული საქმე. მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის საქმე მიიღწევა ადამიანის პერსპექტივების აღმოფხვრით, საბოლოოდ ადამიანი უნდა შევიდეს იმ შესაბამის საბოლოო სამყოფელში, რომელიც ღმერთმა მოამზადა მისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი ქმნის ადამიანს, ადამიანს აქვს საბოლოო სამყოფელი და მისი ბედი უზრუნველყოფილია. აქ მოხსენიებული შესაფერისი საბოლოო სამყოფელი არ არის ადამიანის ადრე აღმოფხვრილი იმედები და პერსპექტივები; ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან. ხოლო ის, რისკენაც ადამიანი ისწრაფვის და რისი იმედიც აქვს, არის ის გარემოებები, რაც ხორციელად თავშეუკავებელი ლტოლვისას სწყურია და არა ის სამყოფელი, რომელიც მას ეკუთვნის. ის, რაც ღმერთმა ადამიანს მოუმზადა, არის ის კურთხევა და აღთქმა, რომლებიც მას ეკუთვნის მას შემდეგ, რაც განიწმინდება, რაც ღმერთმა სამყაროს შექმნის შემდეგ მოუმზადა ადამიანს და რაც არ არის შებილწული ადამიანის არჩევანით, წარმოდგენებით, წარმოსახვითა თუ ხორციელი ბუნებით. ეს სამყოფელი არ არის განკუთვნილი რომელიმე ერთისთვის; იგი მთელი კაცობრიობის განსვენების ადგილია. და სწორედ ამიტომ, ეს არის ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი საბოლოო სამყოფელი.

შემოქმედს აქვს განზრახვა, წარმართოს და განაგოს ქმნილებები. რასაც არ უნდა აკეთებდეს, არ უნდა ეცადო მისგან თავის დაღწევას — უნდა დაემორჩილო მას და არ აჯანყდე მის წინააღმდეგ როდესაც მისი საქმე საბოლოოდ მიაღწევს მიზანს, ამით იგი მოიპოვებს დიდებას. დღეს რატომ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მოაბის შთამომავალი ხარ თუ დიდი წითელი დრაკონის შთამომავალი, არც რჩეულ ხალხზეა საუბარი და მხოლოდ შექმნილ არსებებზეა ლაპარაკი? ეს იყო ადამიანის პირველსაწყისი დანიშნულება, მისი პირვანდელი ვინაობა — შექმნილი არსების ვინაობა. სახელები იცვლება მხოლოდ იმის გამო, რომ პერიოდები და სამუშაოს ეტაპები იცვლება; სინამდვილეში, ადამიანი არის ჩვეულებრივი ქმნილება. ყველა ქმნილებამ, იქნება იგი ყველაზე გახრწნილი თუ ყველაზე წმინდა, უნდა შეასრულოს ქმნილების მოვალეობა. როდესაც ღმერთი აღასრულებს დაპყრობის საქმეს, იგი არ აკონტროლებს შენს პერსპექტივებს, ბედს ან საბოლოო სამყოფელს. სინამდვილეში, ამის საჭიროებაც არ არსებობს. დაპყრობის მიზანია, რომ ადამიანმა შეასრულოს ქმნილების მოვალეობა და თაყვანი სცეს შემოქმედს; მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იგი შევიდეს მშვენიერ საბოლოო სამყოფელში. ადამიანის ბედი ღვთის ხელშია. შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება. მაშინაც კი, თუ ადამიანი ყოველთვის ჩქარობს და საკუთარ საქმეზეა დაკავებული, იგი მაინც ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. თუ შეძლებდი შენი პერსპექტივების ცოდნას და საკუთარი ბედის მართვას, კვლავაც ქმნილება გერქმეოდა? მოკლედ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, მისი ყველა საქმე ადამიანისათვის არის. ისევე, როგორც ცა, მიწა და ყოველივე შექმნა ღმერთმა ადამიანისათვის: მან შექმნა მთვარე, მზე და ვარსკვლავები ადამიანისათვის, შექმნა ცხოველები და მცენარეები ადამიანისათვის, შექმნა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი ადამიანისათვის; ყოველივე ეს ადამიანის არსებობისთვის შეიქმნა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, როგორ გაკიცხავს და განსჯის ღმერთი ადამიანს, ეს ყველაფერი მისი ხსნისთვის ხდება. თუნდაც წაართვას მან ადამიანს ხორციელი იმედები, ეს მაინც ადამიანის განწმენდისთვის ხდება, ხოლო ადამიანის განწმენდა აუცილებელია მისი არსებობისთვის. ადამიანის საბოლოო სამყოფელი შემოქმედის ხელშია; მაშ, როგორ შეძლებს ადამიანი საკუთარი თავის მართვას?

დაპყრობის საქმის დასრულების შემდეგ, ადამიანი შევა მშვენიერ სამყაროში. ეს ცხოვრება, რა თქმა უნდა, კვლავაც დედამიწაზე იქნება, მაგრამ სრულიად განსხვავებული იქნება ადამიანის დღევანდელი ცხოვრებისგან. ეს არის ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას ექნება მას შემდეგ, რაც მთელი კაცობრიობა დაიპყრობა; ეს დედამიწაზე ადამიანის ახალი დასაწყისი იქნება. ასეთი ცხოვრება კაცობრიობისთვის იქნება იმის დასტური, რომ კაცობრიობა შევიდა ახალ და მშვენიერ სამყაროში; ეს იქნება ღმერთისა და ადამიანის ცხოვრების დასაწყისი დედამიწაზე. ასეთი მშვენიერი ცხოვრების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ განწმენდისა და დაპყრობის შემდეგ ადამიანი დაემორჩილოს შემოქმედს. ამგვარად, დაპყრობის საქმე არის ღვთის საქმის ბოლო ეტაპი მანამდე, სანამ ადამიანი შევა მშვენიერ საბოლოო სამყოფელში. ასეთია ადამიანის მომავალი ცხოვრება დედამიწაზე, ყველაზე მშვენიერი ცხოვრება დედამიწაზე, ისეთი ცხოვრება, რომელსაც ადამიანი ნატრობს და რომლის მსგავსიც ადამიანს მსოფლიო ისტორიაში არასდროს ჰქონია. ეს არის მართვის საქმის 6000-წლიანი საბოლოო შედეგი; ეს არის ის, რასაც კაცობრიობა ყველაზე მეტად ესწრაფვის და ამავე დროს, ღვთის აღთქმაც ადამიანისთვის. თუმცა, ეს აღთქმა მაშინვე არ აღსრულდება: ადამიანი მხოლოდ მაშინ შევა მომავალ სამყოფელში, როდესაც უკანასკნელი დღეების საქმე დასრულდება და იგი სრულად დაიპყრობა — ანუ მაშინ, როცა სატანა საბოლოოდ დამარცხდება. გამოწრთობის შემდეგ ადამიანს აღარ ექნება ცოდვილი ბუნება, რადგან ღმერთი დაამარცხებს სატანას, რაც ნიშნავს, რომ აღარ მოხდება მტრული ძალების შემოჭრა და საერთოდ აღარ იარსებებს მტრული ძალები, რომელსაც შეუძლია ადამიანის ხორცზე თავდასხმა. ამგვარად ადამიანი იქნება თავისუფალი და განწმენდილი — იგი შევა მარადისობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბნელეთის ძალები შეიბოჭება და ადამიანი იქნება თავისუფალი ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს, მას აღარ ექნება არც ამბოხება და არც წინააღმდეგობა. სატანას მხოლოდ შებოჭვა სჭირდება, და ყველაფერი კარგად იქნება ადამიანისთვის; დღევანდელი მდგომარეობა არსებობს იმიტომ, რომ სატანა კვლავ აღძრავს არეულობას ყველგან დედამიწაზე და ასევე იმიტომ, რომ ღვთის მართვის საქმეს ჯერ არ მიუღწევია თავისი დასასრულისთვის. სატანის დამარცხების შემდეგ ადამიანი სრულად გათავისუფლდება; როდესაც ადამიანი მოიპოვებს ღმერთს და გათავისუფლდება სატანის ძალისგან, იგი იხილავს სამართლიანობის მზეს. აღდგება ნორმალური ადამიანური ცხოვრება; აღდგება ყველაფერი, რაც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგალითად, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, ცოდნა იმისა, თუ როგორ იკვებოს და შეიმოსოს, ექნება ნორმალურად ცხოვრების უნარი - ეს ყველაფერი აღდგება. ადამიანის შექმნისთანავე, ევა გველსაც რომ არ ეცდუნებინა, ადამიანს მაინც ასეთი ნორმალური ცხოვრება უნდა ჰქონოდა. მას უნდა ეჭამა, შემოსილიყო და ეცხოვრა ნორმალური ადამიანური ცხოვრებით დედამიწაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანი გაიხრწნა, ეს ცხოვრება იქცა მიუწვდომელ ილუზიად და, დღესაც კი, ადამიანი ვერ ბედავს ასეთი რამის წარმოდგენას. სინამდვილეში, ეს მშვენიერი ცხოვრება, რომელსაც ადამიანი ნატრობს, აუცილებლობაა. ადამიანს ასეთი საბოლოო სამყოფელი რომ არ ჰქონოდა, მაშინ მისი გახრწნილი ცხოვრება დედამიწაზე არასოდეს შეწყდებოდა და თუ არ იარსებებდა ასეთი მშვენიერი ცხოვრება, მაშინ არც სატანის ხვედრს და არც იმ ეპოქას ექნებოდა დასასრული, რომელშიც სატანა ფლობს ძალას დედამიწაზე. ადამიანი უნდა მივიდეს ისეთ სამყაროში, რომელიც მიუწვდომელია ბნელეთის ძალებისთვის, და როდესაც ის მას მიაღწევს, ეს იქნება იმის დასტური, რომ სატანა დამარცხებულია. ამგვარად, მხოლოდ მაშინ, როდესაც აღარ არის სატანის მხრიდან ხელისშეშლა და კაცობრიობა უშუალოდ ღვთის ხელშია, ხოლო ადამიანის მთელი ცხოვრება ღვთის ხელთაპყრობილი და მისი კონტროლის ქვეშაა, შეიძლება ეწოდოს ამას სატანის დამარცხება. ადამიანის დღევანდელი ცხოვრება უმეტესად უწმინდური ცხოვრებაა; კვლავ ტანჯვისა და გასაჭირის ცხოვრებაა. ამას არ შეიძლება ეწოდოს სატანის დამარცხება; ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუღწევია თავი სატანჯველის ზღვისგან, ჯერ კიდევ არ დაუღწევია თავი ადამიანის ცხოვრების ტანჯვისა თუ სატანის გავლენისგან და მას ჯერ კიდევ მხოლოდ მწირი ცოდნა აქვს ღვთის შესახებ. ადამიანის მთელი ტანჯვა სატანამ შექმნა; სწორედ სატანამ შემოიტანა გასაჭირი ადამიანის ცხოვრებაში და მხოლოდ სატანის შებოჭვის შემდეგ შეძლებს ადამიანი სრულად დააღწიოს თავი სატანჯველის ზღვას. თუმცა, სატანის შებოჭვა მიიღწევა ადამიანის გულის დაპყრობითა და მოპოვებით, იმით, რომ ადამიანი გახდეს ნადავლი სატანასთან ბრძოლაში.

მძლეველად გახდომა და სრულყოფის მიღწევა არის ის, რისკენაც ადამიანი დღეს ისწრაფვის, სანამ დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრება ექნება, ეს არის მიზნები, რომლებსაც იგი ისახავს სატანის შებოჭვამდე. არსებითად, ადამიანის სწრაფვა, გახდეს მძლეველი, სრულყოფილი, ან გამოყენებულ იქნეს დიდ საქმეში, ნიშნავს სატანის გავლენისგან თავის დაღწევას. ადამიანი ისწრაფვის, გახდეს მძლეველი, თუმცა საბოლოო შედეგი სწორედ სატანის გავლენისგან მისი გათავისუფლებაა. როგორც კი ადამიანი სატანის გავლენას თავს დააღწევს, მას შეეძლება დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრებით — ღვთის თაყვანისცემით იცხოვროს. მძლეველად ქცევა და სრულყოფის მიღწევა არის ის, რისკენაც ადამიანი დღეს ისწრაფვის, სანამ დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრება ექნება. ამ მიზნებს ადამიანი უპირველესად ესწრაფვის იმისთვის, რომ განიწმინდოს, პრაქტიკაში დანერგოს ჭეშმარიტება და თაყვანი სცეს შემოქმედს. თუ ადამიანს ექნება ნორმალური ადამიანური ცხოვრება დედამიწაზე — ცხოვრება ტანჯვისა და განსაცდელის გარეშე — მაშინ იგი აღარ ისწრაფვებს ძლევით მოსილად გახდომისკენ. „ძლევით მოსილად გახდომა“ და „სრულყოფილად გახდომა“ არის ის მიზნები, რომლებსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, რათა ამ მიზნებისკენ სწრაფვის გზით იგი ჭეშმარიტება პრაქტიკაში დანერგოს და აზრიანი ცხოვრებით იცხოვროს. მიზანი ადამიანის სრულქმნა და მისი მოპოვებაა, ხოლო მძლეველად თუ სრულყოფილად გახდომისკენ სწრაფვა მხოლოდ საშუალებაა. თუ მომავალში ადამიანი შევა მშვენიერ საბოლოო სამყოფელში, იქ აღარ იქნება საუბარი ძლევით მოსილად ან სრულყოფილად გახდომაზე; იქ მხოლოდ ის იარსებებს, რომ თითოეული ქმნილება თავის მოვალეობას შეასრულებს. დღეს ადამიანი იძულებულია ესწრაფოდეს ამ მიზნებს, რათა განისაზღვროს მისი საზღვრები და მისი სწრაფვა გახდეს უფრო მიზანმიმართული და პრაქტიკული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ბუნდოვანებაში იცხოვრებდა და ისწრაფოდა მარადიულ ცხოვრებაში შესვლისკენ ექნებოდა სწრაფვა; და ასეთ შემთხვევაში, განა კიდევ უფრო საცოდავი არ იქნებოდა? ასეთი სწრაფვა, მიზნებისა და პრინციპების გარეშე, განა თვითმოტყუება არ არის? საბოლოოდ, ასეთი სწრაფვა ბუნებრივად უნაყოფო იქნებოდა; ადამიანი მაინც დარჩებოდა სატანის ძალის ქვეშ და ვერ შეძლებდა მისგან თავის დაღწევას. რატომ უნდა დაემორჩილოს იგი ასეთ უმიზნო სწრაფვას? როდესაც ადამიანი შევა მარადიულ საბოლოო სამყოფელში, იგი თაყვანს სცემს შემოქმედს; და რადგან ადამიანი გადარჩება და შევა მარადიულობაში, იგი აღარ ისწრაფებს რაიმე მიზნებისკენ და მით უმეტეს, აღარ ექნება შიში სატანის ალყისა. ამ დროს თითოეული ადამიანი დაიკავებს თავის ადგილს და შეასრულებს თავის მოვალეობას; მაშინაც კი, თუ აღარ იქნება განსჯა ან სასჯელი, თითოეული მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას. იმ დროს ადამიანი იქნება შექმნილი არსება როგორც იდენტობით, ასევე სტატუსით. აღარ იარსებებს განსხვავება მაღალსა და დაბალს შორის, უბრალოდ თითოეული თავის განსხვავებულ ფუნქციას შეასრულებს. თუმცა ადამიანი მაინც იცხოვრებს საბოლოო სამყოფელში, რომელიც მოწესრიგებულია და კაცობრიობისთვის შესაფერისია; იგი შეასრულებს თავის მოვალეობას შემოქმედის თაყვანისცემისთვის — და სწორედ ასეთი კაცობრიობა იქნება მარადისობის კაცობრიობა. ამ დროს ადამიანს ექნება მოპოვებული ღვთით გაცისკროვნებული ცხოვრება, ცხოვრება ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ და ღმერთთან ერთად იცხოვრებს. კაცობრიობა იცხოვრებს ნორმალური ცხოვრებით დედამიწაზე და ყოველი ადამიანი დადგება სწორ გზაზე. 6 000-წლიანი მართვის გეგმა საბოლოოდ დაამარცხებს სატანას, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი აღადგენს ადამიანის თავდაპირველ სახეს დედამიწაზე მისი შექმნის შემდეგ და ამით მისი პირვანდელი განზრახვაც აღსრულდება. თავდაპირველად, სანამ კაცობრიობას სატანა გახრწნიდა, ადამიანი ცხოვრობდა ნორმალური ცხოვრებით დედამიწაზე. მოგვიანებით, სატანის მიერ გახრწნის შემდეგ, მან ეს ნორმალური ცხოვრება დაკარგა და სწორედ აქედან დაიწყო ღვთის მართვის საქმე და სატანასთან ბრძოლა, რათა აღდგენილიყო ადამიანის ნორმალური ცხოვრება. მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება ღვთის 6 000-წლიანი მართვის საქმე, მთელი კაცობრიობის ცხოვრება ოფიციალურად დაიწყება დედამიწაზე; მხოლოდ მაშინ ექნება ადამიანს მშვენიერი ცხოვრება, და ღმერთი აღადგენს როგორც თავის თავდაპირველ განზრახვას, რომელიც ჰქონდა ადამიანის შექმნისას, ასევე მის პირვანდელ სახეს. ამგვარად, როდესაც ადამიანს ექნება ნორმალური ადამიანური ცხოვრება დედამიწაზე, იგი აღარ ისწრაფებს გახდეს ძლევით მოსილი ან სრულყოფილი, რადგან უკვე განწმენდილი იქნება. „ძლევით მოსილად“ და „სრულყოფილად“ გახდომა, რაზეც ადამიანები ლაპარაკობენ, არის მიზნები, რომლებიც ადამიანს ეძლევა ღმერთსა და სატანას შორის ბრძოლის დროს. და ისინი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი გახრწნილია. სწორედ ამ მიზნების შენთვის მოცემით და მათკენ შენი სწრაფვით ხდება სატანის დამარცხება. მოთხოვნა, რომ გახდე მძლეველი სრულქმნილი ან გამოყენებულ იქნე, გულისხმობს, რომ მოწმობდე სატანის შესარცხვენად. საბოლოოდ, თუ ადამიანი იცხოვრებს ნორმალური ადამიანური ცხოვრებით დედამიწაზე და ყველა განწმენდილი იქნება; განა კვლავ ისწრაფებენ მძლეველობისკენ? განა ყველანი ქმნილებები არ არიან? როდესაც საუბარია ძლევით მოსილობასა და სრულყოფაზე, ეს სიტყვები მიმართულია სატანისა და ადამიანის უწმინდურების წინააღმდეგ. განა სიტყვები „ძლევით მოსილი“ სწორედ სატანასა და მტრულ ძალებზე გამარჯვებას არ აღნიშნავს? როდესაც ამბობ, რომ სრულქმნილი ხარ, რა არის შენში სრულქმნილი? განა ეს არ ნიშნავს, რომ მოიშორე შენი სატანური გახრწნილი ხასიათები და ბოლომდე შეიყვარე ღმერთი? ამგვარი გამონათქვამები ეხება ადამიანის შიგნით არსებულ უწმინდურებას და სატანას; ეს სიტყვები ღმერთთან მიმართებით არ არის ნათქვამი.

ახლა შენ გმართებს ისწრაფოდე გახდე გამარჯვებული და ისწრაფოდე გახდე სრულყოფილი — თუ ამას არ შეასრულებ, მაშინ მომავალში, როდესაც კაცობრიობა ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებს დედამიწაზე, აღარ გექნება შესაძლებლობა, რომ ამ მიზნებისკენ ისწრაფოდე. იმ დროს ყოველი ტიპის ადამიანის საქმიანობის შედეგი უკვე გამოაშკარავებული იქნება. იმ დროს შენი ნამდვილი სახე გამოაშკარავდება და თუ მოისურვებ, რომ ისწრაფოდე გახდე გამარჯვებული ან ისურვო გახდე სრულყოფილი, ეს უკვე შეუძლებელი იქნება. მოხდება მხოლოდ ის, რომ თავისი ურჩობის გამო ადამიანი დაისჯება მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდება. იმ დროს ადამიანის მისწრაფება აღარ იქნება სხვებზე მაღალი პოზიციის დაკავება, რათა ზოგიერთები გახდნენ გამარჯვებულნი და სხვები — სრულყოფილნი, ან ზოგიერთები გახდნენ ღვთის პირმშო ძენი და სხვები — ღვთის ძენი; ისინი აღარ ისწრაფებენ ამ რაღაცებისკენ. ყველა იქნება ქმნილება, ყველა იცხოვრებს დედამიწაზე და ყველა იცხოვრებს ღმერთთან ერთად დედამიწაზე. ახლა არის ღმერთსა და სატანას შორის ბრძოლის დრო, ეს არის დრო, როდესაც ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, დრო, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ არის სრულად მოპოვებული; ეს არის გარდამავალი პერიოდი. ამიტომ, ადამიანს მოეთხოვება, ისწრაფოდეს, გახდეს ძლევით მოსილი ან ღვთის ხალხის ნაწილი. დღეს არსებობს განსხვავებები სტატუსში, მაგრამ როდესაც ამის დრო მოვა, ასეთი განსხვავებები აღარ იარსებებს: ყველა გამარჯვებულის სტატუსი იქნება ერთნაირი, ისინი ყველანი იქნებიან სტანდარტის შესაბამისი კაცობრიობის წევრები და თანასწორად იცხოვრებენ დედამიწაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველანი იქნებიან სტანდარტის შესაბამისი ქმნილებები და ყველას ერთნაირად მიეცემა. ვინაიდან ღვთის საქმის პერიოდები განსხვავებულია და მისი საქმის ობიექტებიც განსხვავებულია, თუ ეს საქმე თქვენში სრულდება, მაშინ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ სრულყოფილნი და გახდეთ გამარჯვებულნი; ეს საქმე საზღვარგარეთ რომ სრულდებოდეს, მაშინ იქაურ ხალხს მიეცემოდა შესაძლებლობა, გამხდარიყო დასაპყრობ ადამიანთა პირველი ჯგუფი და სრულყოფილად ქცეულ ადამიანთა პირველი ჯგუფი. დღეს ეს საქმე საზღვარგარეთ არ სრულდება, ამიტომ სხვა ქვეყნების ხალხებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, გახდენ სრულყოფილნი და გამარჯვებულნი, და მათთვის შეუძლებელია პირველ ჯგუფად ქცევა. ვინაიდან ღვთის საქმის ობიექტები განსხვავებულია, ღვთის საქმის პერიოდები განსხვავებულია და მას განსხვავებული მასშტაბები აქვს, არსებობს პირველი ჯგუფი, ანუ არსებობენ გამარჯვებულნი და ასევე იარსებებს მეორე ჯგუფი, რომელიც სრულყოფილი გახდება. როგორც კი იარსებებს პირველი ჯგუფი, რომელიც სრულყოფილი გახდება, იარსებებს ნიმუში და ეტალონი, და ამიტომ მომავალში იარსებებს სრულყოფილად ქცეულთა მეორე და მესამე ჯგუფი, მაგრამ მარადისობაში ისინი ყველანი ერთნაირები იქნებიან და სტატუსის მიხედვით კლასიფიკაცია აღარ იარსებებს. ისინი უბრალოდ, სხვადასხვა დროს გახდებიან სრულყოფილნი და სტატუსში არავითარი განსხვავება არ იქნება. როდესაც მოვა დრო, რომ ყველა სრულქმნილი იქნება და მთელი სამყაროს საქმე დასრულდება, სტატუსში განსხვავებები აღარ იარსებებს და ყველა თანაბარი სტატუსის მქონე იქნება. დღეს ეს საქმე თქვენში სრულდება, რათა თქვენ გამარჯვებულებად იქცეთ. ეს ბრიტანეთში რომ სრულდებოდეს, მაშინ ბრიტანეთს ეყოლებოდა პირველი ჯგუფი, ისევე, როგორც თქვენ იქნებით პირველი ჯგუფი. უბრალოდ, თქვენ განსაკუთრებულად ხართ მადლით კურთხეულნი იმის გამო, თუ როგორ სრულდება საქმე თქვენში დღეს, და ეს საქმე თქვენში რომ არ სრულდებოდეს, მაშინ თქვენ იქნებოდით მეორე ჯგუფი, ან მესამე, ან მეოთხე, ან მეხუთე. ეს მხოლოდ საქმის თანმიმდევრობის განსხვავების გამოა; პირველი ჯგუფი და მეორე ჯგუფი არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მეორეზე მაღლა ან დაბლა დგას, ეს უბრალოდ მიუთითებს იმ თანმიმდევრობაზე, რომლითაც ეს ადამიანები სრულყოფილნი ხდებიან. დღეს ამ სიტყვების თქვენთან თანაზიარება ხდება, მაგრამ რატომ არ გეცნობათ ეს ადრე? იმიტომ, რომ პროცესის გარეშე ადამიანები უკიდურესობებისკენ არიან მიდრეკილნი. მაგალითად, იესომ თავის დროზე თქვა: „როგორც წავედი, ისევე მოვალ“. დღეს ბევრია თავბრუდახვეული ამ სიტყვებით და მათ ყოველთვის სურთ თეთრი სამოსის ტარება და ზეატაცების დალოდება. ამრიგად, არსებობს ბევრი სიტყვა, რომლის ნაადრევად თქმაც არ შეიძლება; ისინი ნაადრევად რომ თქმულიყო, ადამიანი უკიდურესობებისკენ მიდრეკილი გახდებოდა. ადამიანის სიმწიფე მეტისმეტად მცირეა და მას არ ძალუძს ამ სიტყვების კარგად დანახვა.

როდესაც ადამიანი მიაღწევს ჭეშმარიტ ადამიანურ ცხოვრებას დედამიწაზე და სატანის მთელი ძალები შეიბოჭება, ადამიანი საკმაოდ ადვილად იცხოვრებს დედამიწაზე. ყველაფერი ისეთი რთული აღარ იქნება, როგორც დღეს არის: პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, სოციალური ურთიერთობები, რთული ოჯახური ურთიერთობები — მათ ამდენი შფოთი, ამდენი ტკივილი მოაქვს! რაოდენ შემაწუხებელია ამ ყველაფრის შუაგულში ცხოვრება! მას შემდეგ, რაც ადამიანი დაპყრობილი იქნება, მისი გული და გონება შეიცვლება. მას ექნება ღვთისმოშიში და ღვთისმოყვარე გული. მას შემდეგ, რაც სამყაროში დაპყრობილი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღვთის შეყვარებისკენ ისწრაფვის, ანუ მას შემდეგ, რაც სატანა დამარცხდება და სატანა — ბნელეთის ყველა ძალა — შეიბოჭება, ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე უშფოთველი იქნება და იგი შეძლებს თავისუფლად ცხოვრებას დედამიწაზე. ადამიანის ცხოვრება ხორციელი ურთიერთობებისა და ხორცის რთული საკითხების გარეშე რომ ყოფილიყო, მაშინ ის ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. ადამიანის ხორციელი ურთიერთობები მეტისმეტად რთულია და ის, რომ ადამიანს ასეთი რამ აქვს, იმის დასტურია, რომ მას ჯერ კიდევ არ დაუღწევია თავი სატანის გავლენისთვის. თითოეულ ძმასა და დასთან ერთნაირი ურთიერთობა რომ გქონდეს, შენი ოჯახის თითოეულ წევრთან ერთნაირი ურთიერთობა რომ გქონდეს, მაშინ არაფერი შეგაწუხებდა და არავისზე ფიქრი არ დაგჭირდებოდა. ამაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა და ამგვარად ადამიანი თავისი ტანჯვის ნახევრისგან გათავისუფლდებოდა. დედამიწაზე ნორმალური ადამიანური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი ანგელოზების მსგავსი იქნება; თუმცა კვლავ ხორციელი იქნება, იგი ძალიან დაემსგავსება ანგელოზს. ეს არის საბოლოო აღთქმა, უკანასკნელი აღთქმა, რომელიც ადამიანს მიეცა. დღეს ადამიანი გადის გაკიცხვასა და სამსჯავროს; ფიქრობ, რომ ადამიანის მიერ ამგვარი რამის განცდა უაზრობაა? შეიძლება, რომ გაკიცხვისა და სამსჯავროს საქმე ტყუილუბრალოდ სრულდებოდეს? ადრე ითქვა, რომ ადამიანის გაკიცხვა და განსჯა ნიშნავს მის ჩაგდებას უძირო უფსკრულში, რაც მისი ბედისა და პერსპექტივების წართმევას გულისხმობს. ეს ერთი რამისთვის ხდება: ადამიანის განწმენდისთვის. ადამიანი განზრახ არ არის ჩაგდებული უძირო უფსკრულში, რათა შემდეგ ღმერთმა მასზე ხელი დაიბანოს. პირიქით, ეს ხდება ადამიანში არსებული ურჩობის გასასხლავად, რათა საბოლოოდ ადამიანში არსებული ყოველივე განიწმინდოს, რათა მას ჰქონდეს ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა და იყოს წმინდა ადამიანის მსგავსი. თუ ეს გაკეთდება, მაშინ ყველაფერი აღსრულდება. სინამდვილეში, როდესაც ადამიანში არსებული ის რამეები, რომლებიც უნდა გაისხლას, გაისხლება და ადამიანი მედგარ მოწმობას გასცემს, სატანაც დამარცხდება, და თუმცა შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ისეთი რამ, რაც თავდაპირველად ადამიანშია და სრულად არ არის განწმენდილი, როგორც კი სატანა დამარცხდება, ის აღარ გამოიწვევს არევ-დარევას და იმ დროს ადამიანი სრულად იქნება განწმენდილი. ადამიანს არასოდეს განუცდია ასეთი ცხოვრება, მაგრამ როდესაც სატანა დამარცხდება, ყველაფერი მოგვარდება და ადამიანში არსებული ის წვრილმანი რამეებიც გადაიჭრება, და როგორც კი ეს მთავარი პრობლემა გადაიჭრება, ყველა სხვა შფოთი დასრულდება. დედამიწაზე ღვთის ამ განკაცების დროს, როდესაც იგი პირადად ასრულებს თავის საქმეს ადამიანთა შორის, მთელი საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, სატანის დასამარცხებლად სრულდება და იგი დაამარცხებს სატანას ადამიანის დაპყრობითა და თქვენი სრულქმნით. როდესაც თქვენ მედგარ მოწმობას გასცემთ, ესეც სატანის დამარცხების ნიშანი იქნება. ადამიანი ჯერ იპყრობა და საბოლოოდ სრულად სრულყოფილი ხდება სატანის დასამარცხებლად. თუმცა, არსებითად, სატანის დამარცხებასთან ერთად, ეს ასევე არის მთელი კაცობრიობის ხსნა ამ ამაო სატანჯველის მორევისგან. განურჩევლად იმისა, საქმე მთელ სამყაროში სრულდება თუ ჩინეთში, ეს ყველაფერი სატანის დასამარცხებლად და მთელი კაცობრიობისთვის ხსნის მოსატანად ხდება, რათა ადამიანი შევიდეს მოსასვენებელ ადგილას. განკაცებული ღმერთი, ეს ნორმალური ხორცი, სწორედ სატანის დასამარცხებლად არის. ხორცში ღვთის საქმე გამოიყენება იმისათვის, რომ ხსნა მოუტანოს ცისქვეშეთში მყოფ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უყვარს ღმერთი, ეს არის მთელი კაცობრიობის დასაპყრობად და, უფრო მეტად, სატანის დასამარცხებლად. ღვთის მთელი მართვის საქმის ბირთვი განუყოფელია სატანის დამარცხებისგან, რათა ხსნა მოუტანოს მთელ კაცობრიობას. რატომ არის ამ საქმის დიდ ნაწილში ყოველთვის საუბარი იმაზე, რომ თქვენ უნდა გასცეთ მოწმობა? და ვისკენ არის მიმართული ეს მოწმობა? განა ის სატანისკენ არ არის მიმართული? ეს მოწმობა ღვთისთვის არის და ის იმის დასამოწმებლად კეთდება, რომ ღვთის საქმემ თავის შედეგს მიაღწია. მოწმობის გაცემა დაკავშირებულია სატანის დამარცხების საქმესთან; სატანასთან ბრძოლა რომ არ ყოფილიყო, მაშინ ადამიანს არ მოეთხოვებოდა მოწმობის გაცემა. სწორედ იმიტომ, რომ სატანა უნდა დამარცხდეს, ადამიანის გადარჩენის პარალელურად, ღმერთი მოითხოვს, რომ ადამიანმა დაემოწმოს მას სატანის წინაშე, რასაც იგი იყენებს ადამიანის გადასარჩენად და სატანასთან საბრძოლველად. შედეგად, ადამიანი არის როგორც ხსნის ობიექტი, ასევე იარაღი სატანის დამარცხებისას, და ამიტომ ადამიანი არის ღვთის მთელი მართვის საქმის ბირთვში, ხოლო სატანა მხოლოდ განადგურების ობიექტია, მტერი. შეიძლება გეგონოს, რომ არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ შენს ხასიათში მომხდარი ცვლილებების გამო მოწმობა გაცემულია და ეს მოწმობა მიმართულია სატანისკენ და არ კეთდება ადამიანისთვის. ადამიანი არ არის ღირსი, დატკბეს ასეთი მოწმობით. როგორ შეეძლო მას ნათლად დაენახა ღვთის მიერ შესრულებული საქმე? ის, ვისაც ღმერთი ებრძვის, არის სატანა; ადამიანი კი მხოლოდ ხსნის ობიექტია. ადამიანს აქვს სატანური გახრწნილი ხასიათი და არ ძალუძს ამ საქმის ნათლად დანახვა. ეს სატანის მიერ გახრწნის გამოა და არ არის ადამიანისთვის თანდაყოლილი, არამედ სატანის მიერ არის წარმართული. დღეს ღვთის მთავარი საქმე სატანის დამარცხებაა, ანუ ადამიანის სრულად დაპყრობა, რათა ადამიანმა საბოლოო მოწმობა გასცეს ღვთისთვის სატანის წინაშე. ამგვარად, ყველაფერი აღსრულდება. ხშირ შემთხვევაში, შენი შეუიარაღებელი თვალით ისე ჩანს, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მაგრამ სინამდვილეში, საქმე უკვე დასრულებულია. ადამიანი მოითხოვს, რომ სრულქმნის მთელი საქმე ხილული იყოს, მაგრამ შენთვის ამის ხილვადობის გარეშე, მე დავასრულე ჩემი საქმე, რადგან სატანა დანებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად დამარცხდა, რომ ღვთის მთელმა სიბრძნემ, ძალამ და ხელმწიფებამ სძლია სატანას. სწორედ ეს არის ის მოწმობა, რომელიც უნდა გაიცეს, და თუმცა მას არ აქვს მკაფიო გამოხატულება ადამიანში, თუმცა ის არ არის ხილული შეუიარაღებელი თვალისთვის, სატანა უკვე დამარცხებულია. მთელი ეს საქმე მიმართულია სატანის წინააღმდეგ და ხორციელდება სატანასთან ბრძოლის გამო. ამიტომ, ბევრი რამ არის, რასაც ადამიანი არ მიიჩნევს წარმატებულად, მაგრამ რაც, ღვთის თვალში, წარმატებით დასრულდა დიდი ხნის წინ. ეს არის ღვთის მთელ საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი დაფარული ფაქტი.

მას შემდეგ, რაც სატანა დამარცხდება, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულად დაპყრობილი იქნება, ადამიანი ჩასწვდება, რომ მთელი ეს საქმე ხსნისთვისაა და რომ ამ ხსნის საშუალება სატანის ხელიდან ადამიანების გამოგლეჯაა. ღვთის მართვის საქმის 6 000 წელი სამ ეტაპად იყოფა: რჯულის ეპოქა, მადლის ეპოქა და სასუფევლის ეპოქა. საქმის ეს სამი ეტაპი კაცობრიობის ხსნისთვისაა, ანუ იმ კაცობრიობის ხსნისთვის, რომელიც სატანის მიერ სასტიკად გაიხრწნა. თუმცა, ამავდროულად, ღმერთი სატანასაც ებრძვის. ამრიგად, ისევე როგორც ხსნის საქმე იყოფა სამ ეტაპად, სატანასთან ბრძოლაც სამ ეტაპად იყოფა და ღვთის საქმის ეს ორი ასპექტი ერთდროულად მიმდინარეობს. სატანასთან ბრძოლა სინამდვილეში კაცობრიობის ხსნისთვისაა, და რადგან კაცობრიობის ხსნის საქმე არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება წარმატებით დასრულდეს ერთ ეტაპზე, სატანასთან ბრძოლაც იყოფა ფაზებად და პერიოდებად, და სატანასთან ომი წარმოებს ადამიანის საჭიროებებისა და სატანის მიერ მისი გახრწნის ხარისხის შესაბამისად. შესაძლოა, თავის წარმოსახვაში ადამიანს სჯერა, რომ ამ ბრძოლაში ღმერთი იარაღს აიღებს სატანის წინააღმდეგ ისევე, როგორც ორი არმია ებრძვის ერთმანეთს. ეს მხოლოდ ის არის, რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას ძალუძს; ეს უკიდურესად ბუნდოვანი და არარეალური იდეაა, თუმცა ადამიანს სწორედ ამის სჯერა. და რადგან მე აქ ვამბობ, რომ ადამიანის ხსნის საშუალება სატანასთან ბრძოლაა, ადამიანი წარმოიდგენს და სჯერა, რომ ბრძოლა სწორედ ასე მიმდინარეობს. ადამიანის ხსნის საქმეში სამი ეტაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ სატანასთან ბრძოლა სამ ეტაპად დაიყო და ამგვარად სატანა ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება. თუმცა სატანასთან ბრძოლის მთელი საქმის რეალური ამბავი ის არის, რომ მისი შედეგები მიიღწევა საქმის რამდენიმე ნაბიჯით: ადამიანისთვის მადლის მინიჭებით, ადამიანის ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად ქცევით, ადამიანის ცოდვების მიტევებით, ადამიანის დაპყრობითა და ადამიანის სრულყოფით. მარტივად რომ ვთქვათ, სატანასთან ბრძოლა სატანის წინააღმდეგ იარაღის აღება კი არ არის, არამედ ღვთისთვის მოწმობის გაცემა ადამიანის გადარჩენის, ადამიანის სიცოცხლისთვის საქმის შესრულებისა და ადამიანის ხასიათის შეცვლის გზით, და ამგვარად სატანის დამარცხება. სატანა მარცხდება ადამიანის გახრწნილი ხასიათის შეცვლით. როდესაც სატანა დამარცხდება, ანუ როდესაც ადამიანი სრულად იქნება გადარჩენილი, მაშინ დამცირებული სატანა სრულად შეიბოჭება და ამგვარად, ადამიანი სრულად იქნება გადარჩენილი. ამრიგად, ადამიანის ხსნის არსი სატანის წინააღმდეგ ბრძოლაა, და ეს ბრძოლა უპირველესად ადამიანის ხსნაში აისახება. უკანასკნელი დღეების ეტაპი, რომელზეც ადამიანი უნდა იქნეს დაპყრობილი, არის სატანასთან ბრძოლის საქმის ბოლო ეტაპი და ეს ასევე არის სატანის ძალაუფლებისგან ადამიანის სრული ხსნის საქმე. ადამიანის დაპყრობის შინაგანი მნიშვნელობა არის სატანის განსახიერების — სატანის მიერ გახრწნილი ადამიანის — შემოქმედთან დაბრუნება მისი დაპყრობის შემდეგ, რის მეშვეობითაც იგი ამბოხდება სატანის წინააღმდეგ და სრულად დაუბრუნდება ღმერთს. ამგვარად, ადამიანი სრულად იქნება გადარჩენილი. ამიტომ, დაპყრობის საქმე არის ბოლო საქმე სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს არის ღვთის მართვის დასკვნითი ეტაპი, რომელიც სატანის დამარცხებას ისახავს მიზნად. ამ საქმის გარეშე, ადამიანის სრული ხსნა საბოლოოდ შეუძლებელი იქნებოდა, სატანის სრული დამარცხებაც შეუძლებელი იქნებოდა და კაცობრიობა ვერასოდეს შეძლებდა მშვენიერ საბოლოო სამყოფელში შესვლას ან სატანის გავლენისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, ადამიანის ხსნის საქმე ვერ დასრულდება სატანასთან ბრძოლის დასრულებამდე, რადგან ღვთის მართვის საქმის ბირთვი კაცობრიობის ხსნისთვისაა. თავდაპირველად, კაცობრიობა ღვთის ხელში იყო, მაგრამ სატანის ცდუნების და გახრწნის გამო, ადამიანი სატანამ შებოჭა და იგი ბოროტის ხელში ჩავარდა. ამრიგად, სატანა გახდა დასამარცხებელი ობიექტი ღვთის მართვის საქმეში. ვინაიდან სატანა დაეუფლა ადამიანს, და ვინაიდან ადამიანი არის კაპიტალი ღვთის მთელ მართვაში, თუ ადამიანი უნდა გადარჩეს, მაშინ იგი უნდა იქნეს დაბრუნებული სატანის ხელიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც სატანას ჰყავდა დატყვევებული, უკან უნდა იქნეს დაბრუნებული. ამრიგად, სატანა უნდა დამარცხდეს ადამიანის ძველი ხასიათის შეცვლითა და ადამიანის თავდაპირველი გონების აღდგენით. ამგვარად, დატყვევებული ადამიანი შეიძლება სატანის ხელიდან უკან იქნეს დაბრუნებული. თუ ადამიანი გათავისუფლდება სატანის გავლენისა და ბორკილებისგან, მაშინ სატანა შერცხვება, ადამიანი საბოლოოდ უკან იქნება დაბრუნებული და სატანა დამარცხდება. და რადგან ადამიანი გათავისუფლდა სატანის ბნელი გავლენისგან, ადამიანი გახდება მთელი ამ ბრძოლის ნადავლი, ხოლო სატანა გახდება დასასჯელი ობიექტი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რის შემდეგაც კაცობრიობის ხსნის მთელი საქმე დასრულებული იქნება.

ღმერთს არ აქვს ბოროტი განზრახვა ქმნილებების მიმართ; ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, სატანის დასამარცხებლად არის. მისი მთელი საქმე — იქნება ეს გაკიცხვა თუ სამსჯავრო — მიმართულია სატანისკენ; ის ხორციელდება კაცობრიობის ხსნისთვის, ეს ყველაფერი სატანის დასამარცხებლად არის და მას ერთი მიზანი აქვს: ებრძოლოს სატანას ბოლომდე! ღმერთი არასოდეს მოისვენებს, სანამ არ გაიმარჯვებს სატანაზე! იგი მხოლოდ მაშინ მოისვენებს, როდესაც სრულად დაამარცხებს სატანას. ვინაიდან ღვთის მიერ შესრულებული მთელი საქმე მიმართულია სატანისკენ, და ვინაიდან ისინი, ვინც სატანამ გახრწნა, სატანის ძალაუფლების კონტროლის ქვეშ არიან და ყველანი სატანის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობენ, ღმერთს რომ არ წაეყვანა ეს ადამიანები სატანის წინააღმდეგ საბრძოლველად და მასთან კავშირის გასაწყვეტად, და ღმერთს რომ არ შესძლებოდა სატანაზე გამარჯვება, სატანა არ გაუშვებდა ამ ადამიანებს და ისინი ვერ იქნებოდნენ ღვთის მიერ მოპოვებულნი. ღმერთს რომ არ მოეპოვებინა ისინი, ეს დაამტკიცებდა, რომ სატანა არ დამარცხებულა, რომ ის არ ყოფილა ძლეული. ამიტომ, ღვთის 6 000-წლიან მართვის გეგმაში, პირველ ეტაპზე მან შეასრულა რჯულის საქმე, მეორე ეტაპზე მან შეასრულა მადლის ეპოქის საქმე, ანუ ჯვარცმის საქმე, ხოლო მესამე ეტაპზე იგი ასრულებს კაცობრიობის დაპყრობის საქმეს. მთელი ეს საქმე მიმართულია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად გახრწნა სატანამ კაცობრიობა, ეს ყველაფერი სატანის დასამარცხებლად არის და თითოეული ეტაპი სატანის დამარცხებას ემსახურება. ღვთის მართვის 6 000-წლიანი საქმის არსი დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ ბრძოლაა, ხოლო კაცობრიობის მართვის საქმე არის სატანის დამარცხების საქმე, სატანასთან ბრძოლის საქმე. ღმერთი 6 000 წელი იბრძოდა და, შესაბამისად, 6 000 წელი ასრულებდა საქმეს. საბოლოოდ, იგი ადამიანს ახალ სამყაროში შეიყვანს. როდესაც სატანა დამარცხდება, ადამიანი სრულად გათავისუფლდება. განა ეს არ არის დღეს ღვთის საქმის მიმართულება? სწორედ ეს არის დღევანდელი საქმის ტენდენცია: იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანი იყოს სრულად გათავისუფლებული და თავისუფალი, არ იბოჭებოდეს არავითარი წესებით და არ იბორკებოდეს არავითარი კავშირებითა თუ შეზღუდვებით. მთელი ეს საქმე სრულდება თქვენი სულიერი ზრდისა და თქვენი საჭიროებების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგეწოდებათ ყველაფერი, რისი მიღწევაც შეგიძლიათ. ეს არ ჰგავს თევზისთვის ხმელეთზე ცხოვრების იძულებას ან თქვენთვის რაიმეს თავს მოხვევას; პირიქით, მთელი ეს საქმე თქვენი რეალური საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება. საქმის თითოეული ეტაპი ხორციელდება ადამიანის რეალური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად; საქმის თითოეული ეტაპი სატანის დასამარცხებლად არის. სინამდვილეში, დასაბამიდან, შემოქმედსა და ქმნილებებს შორის არავითარი ბარიერი არ არსებობდა. ყველა ეს ბარიერი სატანამ გამოიწვია. ადამიანმა დაკარგა რაიმეს დანახვის ან შეგრძნების უნარი იმის გამო, თუ როგორ დააბრკოლა და გახრწნა იგი სატანამ. ადამიანი არის მსხვერპლი, ის, ვინც მოტყუებულ იქნა. როგორც კი სატანა დამარცხდება, ქმნილებები იხილავენ შემოქმედს, ხოლო შემოქმედი გადმოხედავს ქმნილებებს და შეძლებს პირადად უწინამძღოლოს მათ. მხოლოდ ეს არის ის ცხოვრება, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს დედამიწაზე. ამიტომ, ღვთის მთავარი საქმე სატანის დასამარცხებლად სრულდება, და როგორც კი სატანა დამარცხდება, ყველაფერი მოგვარდება. დღეს შენ დაინახე, რომ ადამიანთა შორის მოსვლა ღვთისთვის მარტივი საქმე არ არის. იგი არ მოსულა იმისთვის, რომ ყოველი დღე თქვენში ნაკლის ძიებაში გაატაროს, თქვას ესა თუ ის ან უბრალოდ მოგცეთ საშუალება, დაინახოთ, როგორ გამოიყურება, როგორ საუბრობს და ცხოვრობს იგი. ღმერთი არ განკაცებულა მხოლოდ იმისთვის, რომ მოგცეთ მისი ხილვის ან თქვენი თვალსაწიერის გაფართოების საშუალება, ან მოგცეთ საშუალება, მოისმინოთ ის საიდუმლოებები, რომლებზეც მან ისაუბრა, და იმ შვიდი ბეჭდის ამბავი, რომლებიც მან ახსნა, არამედ იგი სატანის დასამარცხებლად განკაცდა. იგი პირადად მოვიდა ადამიანთა შორის ხორციელად, რათა გადაარჩინოს ადამიანი და ებრძოლოს სატანას; ეს არის მისი განკაცების მნიშვნელობა. ეს სატანის დასამარცხებლად რომ არ ყოფილიყო, მაშინ იგი პირადად არ შეასრულებდა ამ საქმეს. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე, რათა შეასრულოს თავისი საქმე ადამიანთა შორის, პირადად გამოეცხადოს ადამიანს და მისცეს მას მისი ხილვის საშუალება; განა ეს მცირე საქმეა? ეს ნამდვილად არ არის მარტივი! ეს არ არის ისე, როგორც ადამიანს წარმოუდგენია: თითქოს ღმერთი მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს მისი ხილვა, რათა ადამიანმა გაიგოს, რომ ღმერთი პრაქტიკულია და არა ბუნდოვანი ან ფუჭი, და რომ ღმერთი ამაღლებულია, მაგრამ ამავე დროს თავმდაბალი. შეიძლება ეს ასე მარტივი იყოს? სწორედ იმიტომ, რომ სატანამ გახრწნა ადამიანის ხორცი, და ადამიანი არის ის, ვისი გადარჩენაც ღმერთს განზრახული აქვს, ღმერთმა უნდა შეისხას ხორცი, რათა ებრძოლოს სატანას და პირადად დამწყემსოს ადამიანი. მხოლოდ ეს არის სასარგებლო მისი საქმისთვის. ღვთის ორი განკაცება არსებობდა სატანის დასამარცხებლად და ასევე ადამიანის უკეთ გადასარჩენად. ეს იმიტომ, რომ ის, ვინც სატანას ებრძვის, მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს, იქნება ეს ღვთის სული თუ ღვთის განკაცებული ხორცი. მოკლედ, სატანასთან მებრძოლნი არ შეიძლება იყვნენ ანგელოზები, და მითუმეტეს არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც სატანამ გახრწნა. ანგელოზები უძლურნი არიან ამ ბრძოლაში, ხოლო ადამიანის მონაწილეობის შანსი კიდევ უფრო მცირეა. ამრიგად, თუ ღმერთს სურს ადამიანის სიცოცხლეზე საქმის შესრულება, თუ მას სურს პირადად მოვიდეს დედამიწაზე ადამიანის გადასარჩენად, მაშინ იგი პირადად უნდა განკაცდეს — ანუ, მან პირადად უნდა შეისხას ხორცი — და თავისი თანდაყოლილი იდენტობითა და იმ საქმით, რომელიც უნდა შეასრულოს, მოვიდეს ადამიანთა შორის და პირადად გადაარჩინოს ადამიანი. ასე რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე ღვთის სულს ან ადამიანს რომ შეესრულებინა, მაშინ ამ ბრძოლიდან არაფერი გამოვიდოდა და ის არასოდეს დასრულდებოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი განკაცდება, რათა პირადად შეებრძოლოს სატანას ადამიანთა შორის, ეძლევა ადამიანს გადარჩენის შანსი. გარდა ამისა, სატანა შესაბამისად შერცხვება და რჩება ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე, რომ რაიმე შეიმუშაოს ან რაიმე გეგმა განახორციელოს. განკაცებული ღვთის მიერ შესრულებული საქმე მიუღწეველია ღვთის სულისთვის, და კიდევ უფრო შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი ხორცშესხმული ადამიანისთვის მისი შესრულება ღვთის ნაცვლად, რადგან საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, მთლიანად ადამიანის სიცოცხლისთვის და ადამიანის გახრწნილი ხასიათის შესაცვლელადაა. ადამიანს რომ მიეღო მონაწილეობა ამ ბრძოლაში, იგი მხოლოდ დაყრიდა იარაღს და გაიქცეოდა სრული შერცხვენით და არეულად; მას უბრალოდ არ ექნებოდა ადამიანის გახრწნილი ხასიათის შეცვლის უნარი. იგი ვერ შეძლებდა ჯვრისგან ადამიანის გადარჩენას, ან მთელი ამბოხებული კაცობრიობის დაპყრობას, არამედ მხოლოდ შეძლებდა მცირეოდენი ძველი საქმის შესრულებას, რომელიც არ სცდება პრინციპებს, ან ისეთი საქმისა, რომელიც არ უკავშირდება სატანის დამარცხებას. მაშ, რაღად ღირს გარჯა? იგი ვერ შეძლებდა ადამიანის მოპოვებას, და მითუმეტეს ვერ შეასრულებდა სატანის დამარცხების საქმეს, მაშ, რა აზრი ექნებოდა ამას? ამიტომ, სატანასთან ბრძოლა მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია აწარმოოს, ხოლო ადამიანისთვის ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ადამიანის მოვალეობაა დაემორჩილოს და მიჰყვეს, რადგან ადამიანს სრულიად არ ძალუძს შეასრულოს ცისა და მიწის შექმნის მსგავსი საქმე, მითუმეტეს არ შეუძლია სატანასთან ბრძოლის საქმის განხორციელება. ადამიანს მხოლოდ შეუძლია დააკმაყოფილოს შემოქმედი თავად ღვთის წინამძღოლობით, რის მეშვეობითაც სატანა მარცხდება; ეს არის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი ბრძოლა იწყება, ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი ეპოქის საქმე იწყება, ამ საქმეს პირადად ასრულებს თავად ღმერთი, რის მეშვეობითაც იგი წინამძღოლობს მთელ ეპოქას და ხსნის უფრო ახალ გზას მთელი კაცობრიობისთვის. თითოეული ახალი ეპოქის გარიჟრაჟი არის ახალი დასაწყისი სატანასთან ბრძოლაში, რის მეშვეობითაც ადამიანი შედის უფრო ახალ, უფრო მშვენიერ სამყაროში და ახალ ეპოქაში, რომელსაც პირადად თავად ღმერთი წინამძღოლობს. ადამიანი ყოველივეს ბატონია, მაგრამ ისინი, ვინც მოპოვებულნი არიან, სატანასთან ყველა ბრძოლის ნაყოფად იქცევიან. სატანა არის ყოველივეს გამხრწნელი, ის არის დამარცხებული ყველა ბრძოლის ბოლოს და არის ასევე ის, ვინც დაისჯება ამ ბრძოლების შემდეგ. ღმერთს, ადამიანსა და სატანას შორის, მხოლოდ სატანაა ის, ვინც იქნება ზიზღით უარყოფილი. ამ დროს, ისინი, ვინც სატანამ მოიპოვა, მაგრამ ღმერთმა არ დაიბრუნა, გახდებიან ისინი, ვინც სატანის სახელით მიიღებენ სასჯელს. ამ სამიდან მხოლოდ ღმერთს უნდა სცემდეს თაყვანს ყოველივე. ამ დროს, ისინი, ვინც სატანამ გახრწნა, მაგრამ ღმერთმა დაიბრუნა და ვინც ღვთის გზას მიჰყვება, გახდებიან ისინი, ვინც მიიღებენ ღვთის აღთქმას და ღვთისთვის განსჯიან ბოროტებს. ღმერთი ნამდვილად გაიმარჯვებს და სატანა ნამდვილად დამარცხდება, მაგრამ ადამიანთა შორის იქნებიან ისინი, ვინც გაიმარჯვებენ და ისინი, ვინც დამარცხდებიან. ისინი, ვინც გაიმარჯვებენ, გამარჯვებულთა შორის იქნებიან, ხოლო ისინი, ვინც დამარცხდებიან, დამარცხებულთა შორის იქნებიან; ეს არის თითოეულის დახარისხება მათი გვარისამებრ, ეს არის ღვთის მთელი საქმის საბოლოო დასასრული. ეს ასევე არის ღვთის მთელი საქმის მიზანი და ის არასოდეს შეიცვლება. ღვთის მართვის გეგმის ბირთვი უპირველესად ადამიანის ხსნაზეა ფოკუსირებული, და ღმერთი განკაცდება უპირველესად ამ ბირთვისთვის, ამ საქმისთვის და სატანის დასამარცხებლად. ღმერთი პირველად განკაცდა ასევე სატანის დასამარცხებლად. იგი პირადად განკაცდა და პირადად ეცვა ჯვარს, რათა დაესრულებინა პირველი ბრძოლის საქმე, რომელიც კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე იყო. მსგავსადვე, საქმის ამ ეტაპსაც პირადად ასრულებს ღმერთი, რომელიც განკაცდა, რათა შეასრულოს თავისი საქმე ადამიანთა შორის, პირადად წარმოთქვას თავისი სიტყვა და მისცეს ადამიანს ამის ხილვის საშუალება. რა თქმა უნდა, გარდაუვალია, რომ ამ გზაზე იგი სხვა საქმესაც ასრულებს, მაგრამ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც იგი პირადად ახორციელებს თავის საქმეს, არის სატანის დამარცხება, მთელი კაცობრიობის დაპყრობა და ამ ადამიანების მოპოვება. ამიტომ, ღვთის განკაცების საქმე მარტივი არ არის. მისი მიზანი მხოლოდ ის რომ ყოფილიყო, ეჩვენებინა ადამიანისთვის, რომ ღმერთი თავმდაბალი და დაფარულია და რომ ღმერთი პრაქტიკულია, ეს მხოლოდ ამ საქმის შესასრულებლად რომ ყოფილიყო, მაშინ განკაცების საჭიროება არ იარსებებდა. ღმერთი რომ არც განკაცებულიყო, მას შეეძლო პირდაპირ გაეცხადებინა ადამიანისთვის თავისი თავმდაბლობა და დაფარულობა, და თავისი სიდიადე და სიწმინდე, მაგრამ ასეთ რამეებს არავითარი კავშირი არ აქვს კაცობრიობის მართვის საქმესთან. მათ არ ძალუძს ადამიანის გადარჩენა ან მისი სრულქმნა, მითუმეტეს არ შეუძლია სატანის დამარცხება. სატანის დამარცხება მხოლოდ სულის მიერ სულის წინააღმდეგ ბრძოლას რომ მოიცავდეს, მაშინ ასეთ საქმეს კიდევ უფრო ნაკლები პრაქტიკული ღირებულება ექნებოდა; ის ვერ შეძლებდა ადამიანის მოპოვებას და გაანადგურებდა ადამიანის ბედსა და პერსპექტივებს. ამრიგად, ღვთის დღევანდელ საქმეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანმა იხილოს იგი, ან იმისთვის, რომ ადამიანის თვალსაწიერი გაფართოვდეს, ან იმისთვის, რომ მას შთაგონებისა და გამხნევების მცირედი გრძნობა მიანიჭოს; ასეთ საქმეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ მხოლოდ ამგვარ ცოდნაზე შეგიძლია საუბარი, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ არ შეგიცნია ღვთის განკაცების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

ღვთის მთელი მართვის გეგმის საქმეს პირადად ასრულებს თავად ღმერთი. პირველი ეტაპი — სამყაროს შექმნა — პირადად შეასრულა თავად ღმერთმა, და ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ვერავინ შეძლებდა კაცობრიობის შექმნას. მეორე ეტაპი, მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა, ასევე პირადად შეასრულა თავად ღმერთმა. მესამე ეტაპზე საუბარიც ზედმეტია: კიდევ უფრო დიდი საჭიროებაა, რომ ღვთის მთელი საქმის დასრულება თავად ღმერთმა შეასრულოს. მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის, დაპყრობის, მოპოვებისა და სრულყოფის საქმეს პირადად ახორციელებს თავად ღმერთი. მას პირადად რომ არ შეესრულებინა ეს საქმე, მაშინ მის ვინაობას ვერ წარმოადგენდა ადამიანი და ვერც მის საქმეს შეასრულებდა ადამიანი. სატანის დასამარცხებლად, კაცობრიობის მოსაპოვებლად და ადამიანისთვის დედამიწაზე ნორმალური ცხოვრების მისაცემად, იგი პირადად წინამძღოლობს ადამიანს და პირადად ასრულებს საქმეს ადამიანთა შორის; თავისი მთელი მართვის გეგმისთვის და თავისი მთელი საქმისთვის, მან პირადად უნდა შეასრულოს ეს საქმე. თუ ადამიანს მხოლოდ ის სჯერა, რომ ღმერთი იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანმა იხილოს იგი, ადამიანის გასახარებლად, მაშინ ასეთ რწმენას არავითარი ღირებულება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანის გაგება მეტისმეტად ზედაპირულია! მხოლოდ ამ საქმის პირადად განხორციელებით შეუძლია ღმერთს ამ საქმის საფუძვლიანად და სრულად შესრულება. ადამიანს რომ შეესრულებინა ეს საქმე, იგი ვერ შეძლებდა ღვთის ადგილას დადგომას. ვინაიდან მას არ აქვს ღვთის ვინაობა ან მისი არსი, მას არ ძალუძს ღვთის საქმის შესრულება, და ადამიანს რომც შეესრულებინა ეს საქმე, მას არავითარი შედეგი არ ექნებოდა. ღმერთი პირველად განკაცდა გამოსყიდვისთვის, რათა გამოესყიდა მთელი კაცობრიობა ცოდვისგან, რათა ადამიანს შესძლებოდა განწმენდა და ცოდვების მიტევების მიღება. დაპყრობის საქმესაც პირადად ასრულებს ღმერთი ადამიანთა შორის. ამ ეტაპზე ღმერთს მხოლოდ წინასწარმეტყველება რომ წარმოეთქვა, მაშინ შეიძლებოდა მოძებნილიყო წინასწარმეტყველი — ნიჭიერი ადამიანი — რომელიც მის ადგილს დაიკავებდა; მხოლოდ წინასწარმეტყველება რომ წარმოთქმულიყო, მაშინ ადამიანს შეეძლო ღვთის ადგილას დადგომა. მაგრამ რაც შეეხება თავად ღვთის საქმის პირადად შესრულებას და ადამიანის სიცოცხლისთვის საქმის შესრულებას, ადამიანი ვერ შეძლებდა ამ საქმის შესრულებას. ის პირადად უნდა შეასრულოს თავად ღმერთმა: ღმერთი პირადად უნდა განკაცდეს ამ საქმის შესასრულებლად. სიტყვის ეპოქაში, მხოლოდ წინასწარმეტყველება რომ წარმოთქმულიყო, მაშინ შეიძლებოდა ესაია ან ელია წინასწარმეტყველის მოძებნა ამ საქმის შესასრულებლად, და არ იარსებებდა იმის საჭიროება, რომ თავად ღმერთს პირადად შეესრულებინა იგი. ვინაიდან ამ ეტაპზე შესრულებული საქმე არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველების წარმოთქმა და ვინაიდან უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სიტყვების საქმე გამოიყენება ადამიანის დასაპყრობად და სატანის დასამარცხებლად, ეს საქმე არ შეიძლება შეასრულოს ადამიანმა და ის პირადად უნდა შეასრულოს თავად ღმერთმა. რჯულის ეპოქაში იეჰოვამ შეასრულა თავისი საქმის ნაწილი, რის შემდეგაც მან წარმოთქვა გარკვეული სიტყვები და შეასრულა გარკვეული საქმე წინასწარმეტყველთა მეშვეობით. ეს იმიტომ, რომ ადამიანს შეეძლო იეჰოვას ჩანაცვლება მის საქმეში, და ნათელმხილველებს შეეძლოთ წინასწარმეტყველება და ზოგიერთი სიზმრის ახსნა მის ნაცვლად. იმ დროს შესრულებული საქმე არ იყო ადამიანის ხასიათის უშუალოდ შეცვლის საქმე და არ უკავშირდებოდა ადამიანის ცოდვას, და ადამიანს მხოლოდ რჯულის დაცვა მოეთხოვებოდა. ამიტომ იეჰოვა არ განკაცებულა და არ გამოცხადებია ადამიანს; ნაცვლად ამისა, იგი უშუალოდ ესაუბრებოდა მოსესა და სხვებს, აიძულებდა მათ, ესაუბრათ და ემოქმედათ მისი სახელით და უშუალოდ ემოქმედათ კაცობრიობაში. ღვთის საქმის პირველი ეტაპი ადამიანის წინამძღოლობა იყო. ეს იყო სატანის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი, მაგრამ ეს ბრძოლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო. სატანის წინააღმდეგ ოფიციალური ომი ღვთის პირველი განკაცებით დაიწყო და ის დღემდე გრძელდება. ამ ომის პირველი ბრძოლა იყო მაშინ, როდესაც განკაცებული ღმერთი ჯვარს აცვეს. განკაცებული ღვთის ჯვარცმამ დაამარცხა სატანა და ეს იყო ომის პირველი წარმატებული ეტაპი. როდესაც განკაცებულმა ღმერთმა დაიწყო უშუალოდ ადამიანის სიცოცხლისთვის საქმის შესრულება, ეს იყო ადამიანის დაბრუნების საქმის ოფიციალური დასაწყისი, და რადგან ეს იყო ადამიანის ძველი ხასიათის შეცვლის საქმე, ეს იყო სატანასთან ბრძოლის საქმე. დასაბამისას იეჰოვას მიერ შესრულებული საქმის ეტაპი მხოლოდ დედამიწაზე ადამიანის ცხოვრების წინამძღოლობა იყო. ეს იყო ღვთის საქმის დასაწყისი და მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არ მოეცვა რაიმე ბრძოლა ან რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, მან საფუძველი ჩაუყარა მომავალი ბრძოლის საქმეს. მოგვიანებით, მადლის ეპოქაში საქმის მეორე ეტაპი მოიცავდა ადამიანის ძველი ხასიათის შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ღმერთმა შექმნა ადამიანის სიცოცხლე. ეს პირადად ღმერთს უნდა შეესრულებინა: ეს მოითხოვდა, რომ ღმერთი პირადად განკაცებულიყო. იგი რომ არ განკაცებულიყო, სხვა ვერავინ შეძლებდა მის ჩანაცვლებას საქმის ამ ეტაპზე, რადგან ის წარმოადგენდა სატანის წინააღმდეგ უშუალოდ ბრძოლის საქმეს. ადამიანს რომ შეესრულებინა ეს საქმე ღვთის ნაცვლად, სატანის წინაშე, ის არ დანებდებოდა; მისი დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ განკაცებული ღმერთი უნდა მოსულიყო მის დასამარცხებლად, რადგან განკაცებული ღვთის არსი კვლავაც ღმერთია, იგი კვლავაც ადამიანის სიცოცხლეა და იგი კვლავაც შემოქმედია; რაც არ უნდა მოხდეს, მისი ვინაობა და არსი არ შეიცვლება. ამიტომ, მან შეისხა ხორცი და შეასრულა საქმე, რათა სატანა სრულად დანებებულიყო. უკანასკნელი დღეების საქმის ეტაპზე, თუკი ადამიანს უნდა შეესრულებინა ეს საქმე და მოეთხოვებოდა უშუალოდ წარმოეთქვა სიტყვები, მაშინ იგი ვერ შეძლებდა მათ წარმოთქმას, და წინასწარმეტყველება რომ წარმოთქმულიყო, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის დაპყრობა. განკაცებით ღმერთი მოდის სატანის დასამარცხებლად და აიძულებს მას სრულად დანებდეს. როდესაც იგი სრულად დაამარცხებს სატანას, სრულად დაიპყრობს ადამიანს და სრულად მოიპოვებს ადამიანს, საქმის ეს ეტაპი დასრულდება და წარმატება მიიღწევა. ღვთის მართვისას ადამიანს არ შეუძლია ღვთის ადგილას დადგომა. კერძოდ, ეპოქის წინამძღოლობისა და ახალი საქმის დაწყების საქმე კიდევ უფრო მეტად საჭიროებს თავად ღვთის მიერ პირადად შესრულებას. ადამიანისთვის გაცხადების მიცემა და მისთვის წინასწარმეტყველების მიწოდება ადამიანს შეუძლია, მაგრამ თუ ეს არის საქმე, რომელიც პირადად ღმერთმა უნდა შეასრულოს, თავად ღმერთსა და სატანას შორის ბრძოლის საქმე, მაშინ ამ საქმეს ადამიანი ვერ შეასრულებს. საქმის პირველი ეტაპის დროს, როდესაც სატანასთან ბრძოლა არ მიმდინარეობდა, იეჰოვა პირადად წინამძღოლობდა ისრაელის ხალხს წინასწარმეტყველთა მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების გამოყენებით. შემდგომ, საქმის მეორე ეტაპი იყო სატანასთან ბრძოლა, და თავად ღმერთი პირადად განკაცდა და მოვიდა ხორციელად ამ საქმის შესასრულებლად. ყველაფერი, რაც სატანის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, უკავშირდება ღვთის განკაცებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლის წარმოება ადამიანს არ შეუძლია. ადამიანს რომ ეწარმოებინა ბრძოლა, იგი ვერ შეძლებდა სატანის დამარცხებას. როგორ ექნება მის წინააღმდეგ ბრძოლის ძალა, როცა ჯერ კიდევ მის ძალაუფლებაში იმყოფება? ადამიანი შუაშია: თუ სატანისკენ იხრები, მაშინ სატანას ეკუთვნი, მაგრამ თუ ღმერთს აკმაყოფილებ, მაშინ ღმერთს ეკუთვნი. ადამიანს რომ ეცადა და ღვთის ადგილას დამდგარიყო ამ ბრძოლის საქმეში, შეძლებდა კი ამას? ასე რომ მოქცეულიყო, განა დიდი ხნის წინ არ დაიღუპებოდა? განა დიდი ხნის წინ არ შევიდოდა ქვესკნელში? ამგვარად, ადამიანს არ შეუძლია ღვთის ჩანაცვლება მის საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს ღვთის არსი, და შენ რომ გებრძოლა სატანასთან, ვერ შეძლებდი მის დამარცხებას. ადამიანს მხოლოდ გარკვეული საქმის შესრულება შეუძლია; მას შეუძლია ზოგიერთი ადამიანის გადმობირება, მაგრამ მას არ შეუძლია ღვთის ადგილას დგომა თავად ღვთის საქმეში. როგორ შეუძლია ადამიანს სატანასთან ბრძოლა? სატანა დაგატყვევებდა მანამ, სანამ დაწყებასაც კი ვერ მოასწრებდი. მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ღმერთი ებრძვის სატანას, ხოლო ადამიანი მიჰყვება და ემორჩილება ღმერთს ამ საფუძველზე, შეიძლება ადამიანი მოპოვებულ იქნეს ღვთის მიერ და დააღწიოს თავი სატანის ბორკილებს. ის, რისი მიღწევაც ადამიანს საკუთარი სიბრძნითა და უნარებით შეუძლია, მეტისმეტად შეზღუდულია; მას არ ძალუძს ადამიანის სრულქმნა, არ ძალუძს მისი წინამძღოლობა და მითუმეტეს არ ძალუძს სატანის დამარცხება. ადამიანის გონებასა და სიბრძნეს არ შეუძლია ჩაშალოს სატანის მზაკვრობები, მაშ, როგორ შეძლებდა ადამიანი მასთან ბრძოლას?

ყველას, ვისაც სურს სრულქმნა, აქვს შანსი, რომ სრულქმნილი გახდეს, ამიტომ ყველა უნდა დამშვიდდეს: მომავალში თქვენ ყველანი შეხვალთ საბოლოო სამყოფელში. მაგრამ თუ შენ არ გსურს სრულქმნა და არ გსურს მშვენიერ სამყაროში შესვლა, მაშინ ეს შენი პასუხისმგებლობაა. ყველა, ვისაც სურს სრულქმნა და ღვთისადმი ერთგულია, ყველა, ვინც ემორჩილება, და ყველა, ვინც პატიოსნად ასრულებს თავის ფუნქციას — ყველა ასეთი ადამიანი შეიძლება სრულქმნილი გახდეს. დღეს ყველა, ვინც თავდადებით არ ასრულებს თავის მოვალეობას, ყველა, ვინც არ არის ღვთის ერთგული, ყველა, ვინც არ ემორჩილება ღმერთს, განსაკუთრებით ისინი, ვინც მიიღო სულიწმიდისგან ნათელის მოფენა და განათება, მაგრამ არ ახორციელებს მას პრაქტიკაში — ყველა ასეთი ადამიანი ვერ გახდება სრულქმნილი. ყველა, ვისაც სურს იყოს ერთგული და დაემორჩილოს ღმერთს, შეიძლება სრულქმნილი გახდეს, თუნდაც ოდნავ უმეცარი იყოს; ყველა, ვისაც სურს სწრაფვა, შეიძლება სრულქმნილი გახდეს. ამაზე წუხილი არ არის საჭირო. სანამ შენ გსურს ამ მიმართულებით სწრაფვა, შეგიძლია გახდე სრულქმნილი. მე არ მსურს რომელიმე თქვენგანის მიტოვება ან განდევნა, მაგრამ თუ არ ცდილობ, რომ კარგად იმოქმედო, მაშინ შენ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებ; მე კი არ განგდევნი შენ, არამედ — თავად შენ. თუ თავად არ ცდილობ, რომ კარგად იმოქმედო — თუ ხარ ზარმაცი, ან არ ასრულებ შენს მოვალეობას, ან არ ხარ ერთგული, ან არ ესწრაფვი ჭეშმარიტებას, და ყოველთვის შენი ნებისამებრ აკეთებ ყველაფერს, იქცევი დაუფიქრებლად, იბრძვი საკუთარი დიდებისა და სარგებლისთვის და ხარ არაკეთილსინდისიერი საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, მაშინ თავად იტვირთავ შენივე ცოდვების ტვირთს; შენ არ ხარ არავის სიბრალულის ღირსი. ჩემი განზრახვაა, რომ თქვენ ყველანი სრულქმნილნი გახდეთ და, სულ მცირე, დაპყრობილნი იყოთ, რათა საქმის ეს ეტაპი წარმატებით დასრულდეს. ღვთის სურვილია, რომ ყოველი ადამიანი სრულქმნილი გახდეს, საბოლოოდ მოპოვებული იქნეს მის მიერ, სრულად განიწმინდოს მის მიერ და გახდეს ხალხი, რომელიც მას უყვარს. განურჩევლად იმისა, ვიტყვი, რომ ჩამორჩენილები ხართ თუ მწირი სულიერი მონაცემები გაქვთ, ეს ყველაფერი ფაქტია. თუმცა, ჩემგან ამის თქმა არ ამტკიცებს, რომ განზრახული მაქვს თქვენი მიტოვება, რომ თქვენი იმედი დავკარგე, და მითუმეტეს, რომ არ მსურს თქვენი გადარჩენა. დღეს მე მოვედი თქვენი ხსნის საქმის შესასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე, რომელსაც მე ვასრულებ, ხსნის საქმის გაგრძელებაა. ყოველ ადამიანს აქვს შანსი, გახდეს სრულქმნილი: იმ პირობით, თუ შენ გსურს, იმ პირობით, თუ შენ ისწრაფვი, საბოლოოდ შეძლებ ამ შედეგის მიღწევას და არცერთი თქვენგანი არ იქნება მიტოვებული. თუ მწირი სულიერი მონაცემები გაქვს, შენდამი ჩემი მოთხოვნები შენი მწირი სულიერი მონაცემების შესაბამისი იქნება; თუ მაღალი სულიერი მონაცემები გაქვს, შენდამი ჩემი მოთხოვნები შენი მაღალი სულიერი მონაცემების შესაბამისი იქნება; თუ უმეცარი და წერა-კითხვის უცოდინარი ხარ, შენდამი ჩემი მოთხოვნები ამის შესაბამისი იქნება; თუ წერა-კითხვის მცოდნე ხარ, შენდამი ჩემი მოთხოვნები იმ ფაქტის შესაბამისი იქნება, რომ წერა-კითხვის მცოდნე ხარ; თუ ხანდაზმული ხარ, შენდამი ჩემი მოთხოვნები შენი ასაკის შესაბამისი იქნება; თუ შეგიძლია მასპინძლის მოვალეობის შესრულება, შენდამი ჩემი მოთხოვნები ამის შესაბამისი იქნება; თუ ამბობ, რომ მასპინძლის მოვალეობის შესრულება არ შეგიძლია და მხოლოდ გარკვეული ფუნქციის შესრულება ძალგიძს, იქნება ეს სახარების ქადაგება, ეკლესიაზე ზრუნვა თუ სხვა ზოგადი საქმეების მოგვარება, ჩემ მიერ შენი სრულქმნა იმ ფუნქციის შესაბამისი იქნება, რომელსაც შენ ასრულებ. იყო ერთგული, დაემორჩილო ბოლომდე და ეძიებდე ღვთის შეყვარებას უმაღლეს დონეზე — ეს არის ის, რასაც უნდა მიაღწიო, მხოლოდ ეს სამი რამ, და ეს არის საუკეთესო პრაქტიკა. საბოლოოდ, ადამიანებს მოეთხოვებათ ამ სამი რამის მიღწევა და ისინი, ვინც შეძლებენ მათ მიღწევას, სრულქმნილნი გახდებიან. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გულწრფელად უნდა ისწრაფოდე, აქტიურად უნდა მიიწევდე წინ და ზევით და არ იყო პასიური ამ საკითხში. მე ვთქვი, რომ ყოველ ადამიანს აქვს შანსი გახდეს სრულქმნილი და შესწევს უნარი გახდეს სრულქმნილი, და ეს სიმართლეა, მაგრამ შენ არ მიიწევ ზევით. ისინი, ვინც ვერ მიაღწევენ ამ სამ კრიტერიუმს, საბოლოოდ მაინც განიდევნებიან. მე მინდა, რომ ყველამ ფეხი აუწყოს, მინდა, რომ ყველას ჰქონდეს სულიწმიდის საქმე და ნათელის მოფენა და შეეძლოს ბოლომდე დამორჩილება, რადგან ეს არის მოვალეობა, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეასრულოს. როდესაც თქვენ ყველანი შეასრულებთ თქვენს მოვალეობას, თქვენ ყველანი სრულქმნილნი გახდებით და ასევე გექნებათ მედგარი მოწმობა. ყველა, ვისაც აქვს მოწმობა, არის ის, ვინც გაიმარჯვა სატანაზე და მოიპოვა ღვთის აღთქმა, და სწორედ ისინი დარჩებიან და იცხოვრებენ მშვენიერ საბოლოო სამყოფელში.

წინა: ქრისტეს არსი ზეციერი მამის ნებისადმი მორჩილებაა

შემდეგი: ღმერთი და ადამიანი ერთად შევლენ განსვენებაში

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება