წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (29)

პუნქტი მეთხუთმეტე: ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა, მათი გარე სამყაროს ჩარევისგან დაფარვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად წარიმართოს

სად შევჩერდით გასულ ჯერზე წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების თემაზე თანაზიარებისას? (გასულ ჯერზე ჩვენი თანაზიარება ძირითადად ეხებოდა წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობის ბოლო სამ გამოვლინებას, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა სხვადასხვა ტიპის გარჩევასთან მათი ადამიანური ბუნების მიხედვით. ეს სამი გამოვლინებაა: სილაჩრე და ეჭვიანობა, შარში გახვევისკენ მიდრეკილება და რთული წარსულის ქონა.) ჩვენ დავასრულეთ წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე პასუხისმგებლობის ბოლო სამ თემაზე თანაზიარება, ამიტომ დღეს გვექნება თანაზიარება მეთხუთმეტე პასუხისმგებლობაზე. რაში მდგომარეობს მეთხუთმეტე პასუხისმგებლობა? („პუნქტი მეთხუთმეტე: ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა, მათი გარე სამყაროს ჩარევისგან დაფარვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად წარიმართოს.“) „ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა, მათი გარე სამყაროს ჩარევისგან დაფარვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“ ეს პასუხისმგებლობა მოიცავს წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების კიდევ ერთ ასპექტს; ეს ასევე არის კონკრეტული ამოცანა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა ჯეროვნად უნდა შეასრულონ. რას ეხება სამუშაოს ეს ნაწილი? (ის ეხება ღვთის რჩეული ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.) ის მოიცავს პირადი უსაფრთხოების საკითხებს. განა ეს თემა ხშირად არ გვხვდება ეკლესიის საქმეში? ეს თემა უცხოა თქვენთვის? (არა.) ეს თემა არ არის უცხო ჩინელი ძმებისა და დებისთვის, რადგან ჩინეთის სოციალურ გარემოში მორწმუნეებს დევნიან და აპატიმრებენ, და მათ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ისევე, როგორც ცხოვრების ყველა ასპექტში. შესაბამისად, ეს საქმე შედის წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების ფარგლებში; ეს არ არის რაღაც, არასავალდებულო საქმე. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქვეყანას რელიგიის თავისუფლება, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვალეობის შემსრულებელი პერსონალის სწორად განაწილება, არის კონკრეტული საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა იტვირთონ. ამ საქმის ფოკუსი ან კონკრეტული მოთხოვნები შეიძლება იყოს განსხვავებული, თუმცა არსებითად ყველაფერი ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ძმები და დები თავიანთი მოვალეობების უსაფრთხოდ და დაცულად შესრულებას და უზრუნველყოფილი იქნება თუ არა მათი მოვალეობების შედეგები. ამიტომ, ნუ უგულებელყოფ ამ საქმეს და ნუ ჩათვლი, რომ ის შენ არ გეხება იმის გამო, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ. მიუხედავად იმისა, როგორი მმართველობის სისტემაა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, ან იდევნებიან თუ არა იქ მორწმუნეები, ეს საქმე შედის წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების ფარგლებში; ეს არის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ — არავინ არის გამონაკლისი და ის არ უნდა ჩაითვალოს „დამატებით“ საქმედ. მაშ, დღეს მოდით, ვიქონიოთ თანაზიარება ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა სხვადასხვა საკითხზე.

მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის ფარგლები

პირველ რიგში, მოდით, განვიხილოთ, რას ნიშნავს მეთხუთმეტე პასუხისმგებლობაში ნახსენები „ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი“. განა ეს არ არის თემა, რომელზეც უნდა გვქონდეს თანაზიარება? (დიახ.) მაშ, რას გულისხმობს „ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი“? მოდით, ჯერ განვსაზღვროთ ამ საქმის სამიზნე ფარგლები. ვის შეუძლია ამაზე საუბარი? (ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი მოიცავს ძმებსა და დებს ვიდეოგუნდებში, კინოწარმოების გუნდებში, კორექტურის ჯგუფებსა და საგალობლების გუნდებში, და ასევე მათ, ვინც სხვა მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებს. გარდა ამისა, ის მოიცავს ზოგიერთ ძმასა და დას, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეში, ასევე თითოეული გუნდის ხელმძღვანელებს.) კიდევ ვის სურს რამის დამატება? (ის ასევე მოიცავს წინამძღოლებსა და მუშაკებს.) წინამძღოლები და მუშაკები ნამდვილად კარგად უნდა იყვნენ დაცულნი. მეტი ვინ? (ასევე მნიშვნელოვანია პერსონალი, რომელიც დაკავებულია ზოგადი საქმეებით, მაგალითად, პერსონალი რომელიც განაგებს ფინანსებს.) (და ძმები და დები, რომლებიც ღმერთისადმი რწმენისა და მოვალეობის შესრულების გამო იძებნებიან ან პოლიციის ჩანაწერებში ფიგურირებენ, ასევე საჭიროებენ დაცვას.) ეს კიდევ ერთი კატეგორიაა და ის განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს. მოდით, შევაჯამოთ, სულ რამდენი კატეგორიაა. პირველი კატეგორია მოიცავს წინამძღოლებსა და მუშაკებს. მეორე კატეგორია შედგება იმ პერსონალისგან, რომელიც შეუცვლელია ღვთის სახლის სხვადასხვა საქმეში, განსაკუთრებით გუნდის წინამძღოლები და სხვადასხვა სამუშაოს ზედამხედველები და პერსონალი, რომელთაც აქვთ კარგი სულიერი მონაცემები, სულიერი გაგება და პრინციპების წვდომისა და მნიშვნელოვანი საქმის დამოუკიდებლად ტვირთვის უნარი. არსებობს მრავალი ტიპის პერსონალი, რომლებიც სხვადასხვა საქმეებით არიან დაკავებულნი, მაგალითად, ვინც ჩართულია ტექსტებზე მუშაობაში, საგალობლების საქმეში, ფილმების წარმოების საქმეში და ა.შ., ასევე ისინი, ვინც ქადაგებენ სახარებას, გასცემენ მოწმობას ან მსახურობენ სახარების საქმის ხელმძღვანელებად და სხვები. გარდა ამისა, აქ შედის ფინანსებზე, უსაფრთხოდ შენახვასა და საგარეო საქმეებზე მომუშავე პერსონალიც. ეს პირები ეკლესიის საქმეში დამხმარე როლს ასრულებენ და შეუცვლელნი არიან; ისინი ასევე მიეკუთვნებიან სხვადასხვა საქმეში ჩართულ პერსონალს. ეს არის მეორე ძირითადი კატეგორია. მესამე ძირითადი კატეგორია მოიცავს მათ, ვინც ჩართულია ეკლესიის სახიფათო საქმეში. კერძოდ, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებში, სადაც არ არის რელიგიის თავისუფლება, არსებობს ზოგიერთი უკიდურესად სახიფათო საქმე, როგორიცაა წიგნების ბეჭდვა, წიგნების ტრანსპორტირება, ეკლესიის ქონების უსაფრთხოდ შენახვა, ასევე მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელი პერსონალის მასპინძლობა და მათი განთავსების უზრუნველყოფა. კიდევ ვინ შედის აქ? (ასევე არის ზოგადი საქმეებით დაკავებული პერსონალი, რომელიც ინფორმაციას გარეთ გადასცემს; მოვალეობები, რომლებსაც ისინი ასრულებენ, ასევე შედარებით სახიფათოა.) ეს პირები ასევე მიიჩნევიან სახიფათო საქმეში ჩართულებად. თუმცა, ეს ადამიანები ნამდვილად არ ასრულებენ ამ საქმეს დროდადრო; პირიქით, ისინი სპეციალიზდებიან მნიშვნელოვანი და სახიფათო ამოცანების შესრულებაზე, კერძოდ, ინფორმაციის გადაცემაზე, სამუშაო განკარგულებების გავრცელებაზე, ღვთის სახლის ყველა ვიდეოს, ფილმის ან ქადაგების ჩანაწერის გავრცელებაზე და ა.შ. ავტორიტარულ ქვეყნებში, სადაც არ არის რელიგიის თავისუფლება, წინამძღოლებისთვის და მუშაკებისთვის ნათელი უნდა იყოს, ღვთის რჩეული ხალხიდან ვინ ასრულებს მნიშვნელოვან მოვალეობებს და ვინ იტვირთავს სახიფათო საქმეს. მოკლედ, ეს პირები ასევე წარმოადგენენ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის ერთ-ერთ კატეგორიას და წინამძღოლებმა და მუშაკებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მათ უსაფრთხოებას; ამის იგნორირება დაუშვებელია. ეს არის მესამე კატეგორია. მეოთხე კატეგორია არის ეკლესიის საქმეში კიდევ ერთი შეუცვლელი ჯგუფი. ეს პირები გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარებითა და ნიჭით, მაგალითად, ისინი დახელოვნებულნი არიან სახარების ქადაგებაში, ქადაგებების წარმოთქმაში, ეკლესიის მორწყვაში ან იღებენ პასუხისმგებლობას კონკრეტული საქმიანობების ორგანიზებაზე. ისინი შეიძლება იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები, სხვადასხვა საქმის ზედამხედველები ან სახიფათო საქმეში ჩართული ადამიანები. ასეთი ადამიანების გარეშე, მათ მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან საქმეში სიცარიელე წარმოიქმნებოდა და მათი როლის სრულფასოვნად ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებდა. შესაბამისად, ეს პირები უნდა იყვნენ დაცულნი და მათი უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ადამიანების ცალკე კატეგორია. კიდევ ერთ კატეგორიაში შედიან ადამიანები, რომლებიც, იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიები იდევნება, ღმერთისადმი რწმენის გამო იძებნებიან ან პოლიციის ჩანაწერებში ფიგურირებენ. მიუხედავად გამოცხადებული ძებნის მასშტაბისა ან იმ კონკრეტული საქმისა, რომელსაც ისინი ეკლესიაში ასრულებენ, თუ ისინი იძებნებიან ღმერთისადმი რწმენისა და თავიანთი მოვალეობის შესრულების გამო, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გამონახონ მათი დაცვის გზები და უზრუნველყონ მათი განთავსება შედარებით უსაფრთხო ადგილებში, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც რელიგიური რწმენა იდევნება, ჩინეთში დევნა ყველაზე სასტიკია. ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასა და რეგიონში ბევრი ადამიანია დაპატიმრებული ან იძებნება და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მთელ მსოფლიოში და ყველა კონტინენტზე არსებობს ჩინეთის მსგავსი ქვეყნები, სადაც იდევნება რელიგიური რწმენა. ამ ქვეყნებში ასევე არიან ადამიანები, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთის მიღების გამო განიცდიან დევნას და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათთვის, ვინც იდევნება და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწყონ ეკლესიაში სრულ განაკვეთზე მოვალეობების შემსრულებლად. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ისინი უნდა დააბინაონ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, შედარებით უსაფრთხო გარემოში, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება. ეს არის პრიორიტეტული საქმე, რომელიც უნდა შესრულდეს ჯეროვნად. პირები, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან ან იძებნებიან, წარმოადგენენ დასაცავი პერსონალის მეხუთე კატეგორიას. იმ პერსონალს შორის, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს, არსებობს კიდევ ერთი, განსაკუთრებული კატეგორია. ეს პირები ამჟამად შეიძლება არ იყვნენ წინამძღოლები ან მუშაკები, და არც სახიფათო საქმეში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ წარსულში მათ მრავალი მოვალეობა შეასრულეს და ფართო სპექტრის ფუნქციები გააჩნდათ. მათ იციან მრავალი მასპინძელი ოჯახის შესახებ და ასევე ფლობენ ინფორმაციას ზოგიერთი პერსონალის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებს. შესაბამისად, თუ ასეთ პირებს დააპატიმრებენ, ეს ეკლესიის საქმისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ასეთ პირებს უნდა ეწოდოთ „ინფორმირებული პირები“ და ისინი ასევე უნდა შედიოდნენ ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის შემადგენლობაში. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, რათა დაიცვან ღვთის ყველა რჩეულის უსაფრთხოება და უზრუნველყონ ეკლესიის საქმის ნორმალური ფუნქციონირება. ამ კატეგორიის ზოგიერთი პირი განსაკუთრებით დაუდევარია; მათ აკლიათ სიფრთხილე და არ გამოირჩევიან სიბრძნით. მათთვის დამახასიათებელია მუდმივი ენთუზიაზმი, თუმცა გარეთ მოქმედებისას ხშირად დაუფიქრებლად იქცევიან. მათი ასეთი ქცევა განპირობებულია იმით, რომ არც დაპატიმრების და არც წამების გამოცდილება არ გააჩნიათ; ამიტომაც ვერ აცნობიერებენ თანმდევ რისკებსა და შესაძლო მძიმე შედეგებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ რამე არასწორად წავა, და მით უმეტეს, არ ესმით, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ეს შედეგები. რადგან სჯერათ, რომ ვინაიდან მათ უბრალოდ ღმერთი სწამთ და ცუდს არაფერს სჩადიან, არაფერია საშიში. შედეგად, ადგილობრივად გარკვეული დროის მანძილზე მუშაობის შემდეგ, ისინი შეიძლება საკმაოდ ცნობილნი გახდნენ და ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრონ. განა ეს საფრთხეს არ წარმოადგენს? დაპატიმრების შემდეგ, თუ ისინი ვერ გაუძლებენ წამებით დაკითხვას, შეიძლება იუდებად იქცნენ და გაყიდონ ძმები და დები. შედეგად, ეკლესიას დიდი ზიანი მიადგება და სხვა ძმებსა და დებსაც შეიძლება შეეხოს, ისინი დაკავებისა და დაპატიმრების რისკის წინაშე დააყენოს; საბოლოოდ, ეს სერიოზულად აისახება ეკლესიის სხვადასხვა საქმიანობაზე. შესაბამისად, ეკლესიამ ასეთი ადამიანების დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა დაისახოს. თუ ადგილობრივად მათი დასამალი უსაფრთხო ადგილი ვერ მოიძებნება, ისინი სხვა, შედარებით უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად. ეს ადამიანების კიდევ ერთი კატეგორიაა. მათი მდგომარეობის განსაკუთრებული ხასიათის გამო, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ მათი განთავსება, ამიტომ ისინი ასევე შედიან ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის შემადგენლობაში. სულ ადამიანების რამდენი კატეგორია არსებობს? (სულ არის ექვსი კატეგორია. პირველი კატეგორიაა წინამძღოლები და მუშაკები. მეორე კატეგორია შედგება იმ შეუცვლელი პერსონალისგან, რომელიც ღვთის სახლის სხვადასხვა საქმეს განაგებს; ხელმძღვანელებისგან, გუნდის წინამძღოლებისა და სახარების საქმის ხელმძღვანელებისგან; და მათგან, ვისაც საქმის ტვირთვა შეუძლია. მესამე კატეგორია არის პერსონალი, რომელიც ეკლესიის სახიფათო საქმეშია ჩართული. მეოთხე კატეგორია - ვისაც განსაკუთრებული უნარები და ნიჭი გააჩნიათ. მეხუთე კატეგორიას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც იძებნებიან ან პოლიციის ჩანაწერებში ფიგურირებენ. ხოლო მეექვსე კატეგორიაა ინფორმირებული პირები.) ჩვენ ძირითადად განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი პერსონალი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოებში არიან ჩართულნი, მაგრამ უნდა დავამატოთ კიდევ ერთი კატეგორია: თუ ეკლესიაში რომელიმე ძმა ან და, თავისი მოვალეობის შესასრულებლად წასვლის, დაპატიმრების ან სხვა მოულოდნელი სიტუაციის წინაშე აღმოჩენის გამო, ვერ ახერხებს თავის არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას, მაშინ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ ამ ბავშვების შესაფერის ოჯახში განთავსება, რათა მათ ჰქონდეთ საარსებო წყარო. ეს ასევე განსაკუთრებული საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი უშუალოდ ეკლესიის საქმიანობას არ ეხება და ის მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით არის განპირობებული, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ არასრულწლოვანი ბავშვების შესაფერისად განთავსებაზე. თუ მათ არ ჰყავთ შესაფერისი ნათესავები, ან თუ მათი ნათესავები არამორწმუნეები არიან და არ სურთ მათი შეფარება, მაშინ ეკლესიამ უნდა მიიღოს ისინი. ეკლესიამ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს მათთვის შესაფერისი მასპინძლის კერა, არამედ უნდა დანიშნოს ძმები და დები, რომლებიც მათზე ზრუნვაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. მას შემდეგ, რაც მათთვის შესაფერისი ადგილი გამოიძებნება, თუ მათ ექნებათ ღმერთის რწმენა, ეს ნამდვილად იდეალურია და სრულწლოვანების მიღწევისას ისინი შეძლებენ ეკლესიაში თავიანთი მოვალეობის შესრულებას. თუ ისინი არ იწამებენ ღმერთს, მაშინ სრულწლოვანების მიღწევისა და საზოგადოებაში შესვლის შემდეგ, ისინი აღარ იქნებიან ეკლესიასთან დაკავშირებულნი და ჩვენი პასუხისმგებლობაც შესრულებული იქნება. ამის შემდეგ ჩვენ აღარ დაგვჭირდება მათ საქმეებზე ზრუნვა. არის თუ არა ეს მართებული? (დიახ.) მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე არ მოიცავს ეკლესიის სხვადასხვა საქმეს, ის მაინც უნდა შედიოდეს წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების ფარგლებში. თუ ეკლესიაში მოვალეობის შემსრულებელ პირებს ჰყავთ შვილები, რომელთაც განთავსება ესაჭიროებათ, წინამძღოლებსა და მუშაკებს არ აქვთ უფლება ეს საკითხი უყურადღებოდ დატოვონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. თუ მათ იციან ამის შესახებ, უნდა მოიკვლიონ, მოაგვარონ ეს საკითხი და აიღონ პასუხისმგებლობა მათ სათანადოდ განთავსებაზე. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოვალეობის შემსრულებელი ძმები და დები — განსაკუთრებით ისინი, ვინც მნიშვნელოვან საქმეს იტვირთავს — თავისუფალნი იყვნენ წუხილისგან ამ საკითხთან მიმართებაში. ამ საქმის ჯეროვნად შესრულება რთული არაა, ასე არ არის? (არა, არ არის.) არსებობს მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის სულ მცირე ექვსი კატეგორია. მეშვიდე კატეგორია დამატებითია, ის წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებული ტიპის გარემოებას. პირველ ექვს კატეგორიაში აღწერილი სხვადასხვა პერსონალი შესაძლოა ყველა სამწყსო არეალში ან ქვეყანაში არ იყოს. თუმცა, მიუხედავად ქვეყნისა, წინამძღოლებისა და მუშაკების, ასევე მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა დაცვა უმნიშვნელოვანესი საქმეა. ეს არის საქმე, რომელსაც ეკლესიის ყველა წინამძღოლი და მუშაკი ყურადღებას უნდა აქცევდეს, და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ჯეროვნად უნდა შეასრულონ.

მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა გარე სამყაროს ჩარევისგან

I. მასპინძელი ოჯახების უსაფრთხოების მოთხოვნები

მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, ვინ არის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი, მოდით, განვიხილოთ ის კონკრეტული საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ — კერძოდ, ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა, მისი გარე სამყაროს ჩარევისგან დაფარვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაშ, რა კონკრეტული საქმე უნდა შესრულდეს მისი გარე სამყაროს ჩარევისგან ეფექტურად დასაცავად, რათა ჩაითვალოს, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავიანთი პასუხისმგებლობები შეასრულეს? როდესაც საქმე კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ეხება, ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი გრძნობს, რომ საგონებელშია ჩავარდნილი, თავს იმტვრევს, ღელავს და არ იცის, როგორ იმოქმედოს. ამ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის განთავსებისას არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი: ეს პერსონალი დაცული უნდა იყოს გარე სამყაროს ჩარევისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი ძმებისა და დების სახლებში განთავსდება თუ ნაქირავებ ბინებში, არსებითი საკითხი ისაა, რომ ამ პერსონალის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მის დაცვას გარე სამყაროს ჩარევისგან. მაშ, რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ამ პერსონალის გარე სამყაროს ჩარევისგან დასაცავად? ეს მოითხოვს მათ შესაფერის ადგილებში განთავსებას, ვინც მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებს. მოდით, განვიხილოთ ეს ორი ასპექტით: ერთი არის მასპინძელი ოჯახის შიდა გარემო, ხოლო მეორე — გარე გარემო. შიდა გარემოს თვალსაზრისით, პირველ რიგში, მასპინძელი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე, მასპინძლობის მსურველი, კონფიდენციალურობის დაცვისა და სიფრთხილით მოქმედების უნარის მქონე და გარე სამყაროსთან გონივრულად ურთიერთობის შემძლე. თუ რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება, მათ უნდა იცოდნენ, როგორ მოახდინონ მასზე რეაგირება; მათ უნდა შეეძლოთ მისი აქტიურად და არა პასიურად მართვა და მოგვარება. გარდა ამისა, მათ უნდა ჰქონდეთ კარგი რეპუტაცია ადგილობრივად, ან შესაძლოა გარკვეული პრესტიჟი და კავშირები. გავლენაც რომ არ ჰქონდეთ, სულ მცირე, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც წესიერად ცხოვრობენ, იციან თავიანთი ადგილი და არასდროს ეხვევიან შარში ან არ იზიდავენ საეჭვო პირებს თავიანთ სახლში. მათ არ უნდა ჰყავდეთ მეგობრები, რომლებიც იკრიბებიან მაჯონგის სათამაშოდ ან დასალევად. გარდა ამისა, მათი ურთიერთობა გარე სამყაროსთან და მეზობლებთან შედარებით ნორმალური უნდა იყოს. ისინი არ უნდა იყვნენ ჩართულნი ვალებთან დაკავშირებულ რაიმე დავაში და არ უნდა ჰქონდეთ კონფლიქტი მეზობლებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი სახლის გარემო შედარებით მშვიდი უნდა იყოს, მასპინძელს უნდა ჰქონდეს გაურთულებელი ურთიერთობები და ძალიან ცოტა გარეშე პირი უნდა მოდიოდეს მათ სახლში არეულობის გამოსაწვევად და ა.შ. — ყველა ასპექტი შესაფერისი უნდა იყოს. გარდა ამისა, მასპინძლის შვილები ან ნათესავები მხარს უნდა უჭერდნენ მათ რწმენას ღმერთისადმი, ან სულ მცირე, წინააღმდეგნი არ უნდა იყვნენ ძმებისა და დების მასპინძლობისა, და რა თქმა უნდა, არ უნდა საუბრობდნენ ამ საკითხებზე დაუფიქრებლად. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „არ არის ადვილი ისეთი მასპინძელი ოჯახის პოვნა, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს!“ ეს გულისხმობს შედარებით შესაფერისი ადგილის პოვნას; აბსოლუტური სრულყოფილება არ მოითხოვება. სულ მცირე, საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს შესაფერისი — მშვიდი და გარე ჩარევისგან თავისუფალი — რაც აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის გარე სამყაროს ჩარევისგან დაცვის მოთხოვნას. ზოგიერთ მასპინძელ ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი არ არის მორწმუნე, მასპინძელ პირს აქვს პრესტიჟი ოჯახში და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. მათი არამორწმუნე შვილები ან ნათესავები ვერ ბედავენ ჩაერიონ მათ რწმენაში ღმერთისადმი ან ძმებისა და დების მასპინძლობაში; შინაგანად რომც არ ეთანხმებოდნენ, ისინი ვერ გაბედავენ ამ ინფორმაციის ოჯახის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის გაზიარებას. თუ მართლაც მოხდება რამე, მათ დაცვის უზრუნველყოფაში დახმარებაც კი შეუძლიათ. ამგვარად, ამ მასპინძლის კერაში მყოფი ძმები და დები ასევე შეძლებენ დარჩნენ გარე სამყაროს ჩარევის გავლენის მიღმა. ზოგ შემთხვევაში, მასპინძელი მშიშარაა, ეშინია, რომ მისმა შვილებმა შეიძლება გამოააშკარაონ მისი რწმენა ღმერთისადმი, რომ მისმა მეზობლებმა შეიძლება გაიგონ მისი რწმენის შესახებ და დაასმინონ, და განსაკუთრებით იმის, რომ საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს და დააპატიმრონ. როგორც კი ისინი იწყებენ ძმებისა და დების მასპინძლობას, ყოველდღე მუდმივ დაძაბულობაში არიან, დღისით ჭამა არ შეუძლიათ და ღამით — ძილი, მთელ დღეს შეშფოთებულნი და შეშინებულნი ატარებენ, ქურდივით. როდესაც გაიგებენ, რომ რაღაც ხდება, მაგალითად, მთავრობა გეგმავს შინამეურნეობების რეგისტრაციის შემოწმებას ან სამთავრობო პერსონალი მოდის მათ სახლში რაიმეს გასაკეთებლად სხვადასხვა საბაბით, ისინი უკიდურესად ფრთხებიან და გამუდმებით სურთ, რომ ძმებმა და დებმა დაუყოვნებლივ დატოვონ იქაურობა, რათა თავად არ აღმოჩნდნენ შარში ჩათრეულნი. როდესაც ძმები და დები ამას ხედავენ, დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ სხვაგან, რადგან ასეთი ადგილი არ არის შესაფერისი მასპინძლობისთვის; ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ დროებით გასაჩერებლად რამდენიმე დღით. თუ მასპინძელი ოჯახის შვილები, ნათესავები ან მეგობრები ბოროტი ადამიანები არიან, რომლებმაც, თუ გაიგებენ, რომ მასპინძელი მორწმუნეებს იღებს, შეიძლება არეულობა გამოიწვიონ ან ძმები და დები პოლიციასაც კი გადასცენ, მაშინ ეს მეტისმეტად სახიფათოა. ასეთი მასპინძელი ოჯახი არ არის შესაფერისი დასარჩენად. ზოგიერთი მშობელი შვილების წინაშე მონასავით იქცევა; მათ შეიძლება თქვან: „ყველაფერი რიგზეა, ჩემი შვილები მიჯერებენ“, მაგრამ სინამდვილეში, მათი შვილების მორჩილება სიტუაციაზეა დამოკიდებული. როდესაც საქმე მათ საკუთარ ინტერესებს ეხება, შვილები მათ არ უსმენენ. ასეთი ადამიანი ვერ გაბედავს შვილებს გააგებინოს, რომ ძმებსა და დებს მასპინძლობს. მისმა შვილებმა ან ნათესავებმა რომ გაიგონ, აუცილებლად გააგდებდნენ ძმებსა და დებს, და მასპინძელი მათ შეჩერებას ვერ შეძლებდა — საკუთარ ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა მას არ ეკუთვნის. ასეთი ადამიანი არ არის შესაფერისი მასპინძლობისთვის; მას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, მაგრამ არ ჰყოფნიდეს გამბედაობა მასპინძლობისთვის. ნუთუ მშიშარა ადამიანი მართლაც გაბედავდა მასპინძლობას? თუ არ შეგიძლია ძმებისა და დების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაშინ არ ხარ შესაფერისი ამ მოვალეობისთვის — არ უნდა გამოთქვა ამის სურვილი და არ უნდა მისცე ცარიელი დაპირებები წინამძღოლებსა და მუშაკებს, და არც ეს მოვალეობა უნდა მიიღო. თუ წინამძღოლები და მუშაკები უზრუნველყოფენ ძმებისა და დების განთავსებას ასეთ ოჯახში მასპინძლობისთვის, როგორ ფიქრობთ, ეს მართებულია? (არა.) ეს უკიდურესად შეუსაბამოა. ნუ გაგზავნით ძმებსა და დებს საფრთხის ხახაში. შესაძლოა, ძმები და დები საკმაოდ უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ სხვაგან; თუ უზრუნველყოფ მათ განთავსებას ამ ადამიანის სახლში, სადაც შვილები ან ნათესავები არამორწმუნეები არიან და მათ შეუძლიათ დაასმინონ ისინი და პოლიციას გადასცენ, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ იქ მორწმუნეები რჩებიან, რითაც საფრთხეში ჩააგდებენ მათ სიცოცხლეს, განა ეს ამ ადამიანების დაღუპვა არ არის? თუ მასპინძელი მზად არის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს ძმებისა და დების დასაცავად ასეთ სიტუაციებში და შეუძლია ეფექტურად უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, და თუ ის, როგორც წესი, მნიშვნელოვან სიბრძნეს ავლენს, მაშინ ეს მასპინძელი ოჯახი შესაძლოა მაინც შესაფერისი არჩევანი იყოს. თუმცა, თუ მას არ შეუძლია სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს ძმებისა და დების დასაცავად, და როდესაც მის ოჯახში მყოფი არამორწმუნეები ემუქრებიან ძმებისა და დების დასმენითა და პოლიციისთვის გადაცემით, მას არ აქვს გამოსავალი და მხოლოდ კუსავით ნაჭუჭში დამალვა შეუძლია, არ იცავს ძმებსა და დებს და უბრალოდ აძლევს არამორწმუნეებს მათი ჩაბარების საშუალებას, მაშინ ეს ოჯახი არ არის შესაფერისი მასპინძლობისთვის. თუ ძმები და დები იქ დროებით, რამდენიმე დღით დარჩებიან, და შემდეგ დაუყოვნებლივ გადავლენ შესაფერის ადგილას, როგორც კი ასეთი მოიძებნება, ეს კიდევ მისაღებია. არ იქნებოდა მართებული ასეთ სახლში ხანგრძლივად დარჩენა თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად. მასპინძელს სულ მცირე უნდა შეეძლოს ძმებისა და დების უსაფრთხოების დაცვა — ეს არის მასპინძლის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა. იმისათვის, რომ მოვალეობის შემსრულებლებმა თავიდან აიცილონ გარე სამყაროს ჩარევა, პირველ რიგში, მათი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს შესაფერისი; გარდა ამისა, თავად მასპინძლის თვისებებიც ყველა თვალსაზრისით შესაფერისი უნდა იყოს — ანუ, მას უნდა შეეძლოს მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა გარე სამყაროს ჩარევისგან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია ამის მიღწევა, წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ უზრუნველყონ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის მის სახლში განთავსება. თუ მასპინძელს მცირე რწმენა აქვს, არაკომპეტენტური და უნებისყოფოა, არ შეუძლია გადამწყვეტი სიტყვა თქვას საკუთარ ოჯახში, და მის ნებისმიერ არამორწმუნე შვილს ან ნათესავს შეუძლია მოვიდეს და მასზე კონტროლი დაამყაროს, მაშინ ეს საკმაოდ პრობლემურია. ასეთი ადგილი აბსოლუტურად შეუსაბამოა მასპინძლობისთვის. სახლი დიდი რომც იყოს, ბევრი ოთახით, კომფორტული გარემოთი და სხვა მხრივ კარგი პირობებით, ის მაინც არ არის შესაფერისი მასპინძლობისთვის. მხოლოდ შესაფერისი საცხოვრებელი გარემო არ არის საკმარისი; მასპინძელიც შესაფერისი უნდა იყოს. აქ მთავარი ის არის, რომ მასპინძელს პირველ რიგში უნდა შეეძლოს უზრუნველყოს, რომ პერსონალი, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობებს და რომელსაც ის მასპინძლობს, დაცული იყოს გარე სამყაროს ჩარევისგან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას განხილული საცხოვრებელი გარემო. ოდნავ ნაკლებად იდეალური გარემო მაინც მისაღებია — იქნება ეს მცირე სივრცე, შეზღუდული ინტერნეტი, უფრო მარტივი საკვები თუ წყალზე ნაკლებად მოსახერხებელი წვდომა. სანამ მასპინძელი შესაფერისია, შეუძლია რეაგირება მოახდინოს საფრთხეზე მისი წარმოშობისას, მართოს სხვადასხვა რთული სიტუაცია, და განსაკუთრებით, სათანადოდ გაუმკლავდეს ნებისმიერ განსაკუთრებულ გარემოებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძმებისა და დების უსაფრთხოების დასაცავად, მაშინ ის აკმაყოფილებს მასპინძლის სტანდარტს. ჩვენი მოთხოვნები მასპინძელი ოჯახის საცხოვრებელი გარემოს მიმართ არ არის მაღალი; ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას შეეძლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ საკითხზე დეტალებში შესვლა საჭირო არ არის.

II. საცხოვრებელი ადგილის გარემოსთან დაკავშირებული მოთხოვნები

მასპინძელი ოჯახის საცხოვრებლის გარემო პირობებთან დაკავშირებით პირველი, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაითვალისწინონ არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოა იგი. მიუხედავად მასპინძელი ოჯახის პირობებისა ან იმისა, საცხოვრებელი ძმის სახლია, დის თუ ნაქირავები, აუცილებელია იმის შეფასება, არის თუ არა საცხოვრებლის გარე გარემო უსაფრთხო; ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. უპირველეს ყოვლისა, ეს მაშინ არის შესაფერისი, თუ ამ მასპინძელი ოჯახის ღვთისადმი რმენა ფართოდ ცნობილი არ არის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროში მათი რწმენის შესახებ ჩანაწერები არ არსებობს. თუ წარსულში, როდესაც ძმები და დები იქ იკრიბებოდნენ, მეზობლები ამის შესახებ ხელისუფლებას ატყობინებდნენ და ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ ამ ოჯახში ხშირად იკრიბებიან უცნობი ადამიანები, მაშინ ეს ადგილი მასპინძლობისთვის არ გამოდგება. თუ სახლი ქირავდება, ასეთი ოჯახის სახლის დაქირავებაც არ გამოდგება. ეს ერთი ასპექტია. გარდა ამისა, ზოგ ადგილას საზოგადოებრივი უსაფრთხოება კარგად არ არის დაცული, ხშირია ძარცვის, მკვლელობისა და სხვა მსგავსი შემთხვევები. იქ მცხოვრები ადამიანებიც შედარებით რთული პიროვნებები არიან, პოლიცია კი ხშირად მიდის იქ საცხოვრებელი რეგისტრაციისა და პირადობის მოწმობების შესამოწმებლად, დანაშაულში ეჭვმიტანილთა გამოსაძიებლად და სხვა საკითხებისთვის. მითხარით, ასეთ ადგილას რომ გაჩერებულიყავით, განა ხშირად არ შეგაწუხებდნენ? (დიახ.) ასეთი ადგილებიც საცხოვრებლად არ გამოდგება. პოლიცია რამდენიმე დღეში ერთხელ მოდის და კარზე აკაკუნებს, ამბობს, რომ ახლომახლო ქურდობა ან მკვლელობა მოხდა და გამოძიებასთან თანამშრომლობას ითხოვს, ეუბნება ხალხს, რომ თუ დამნაშავეს დაინახავენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ. პოლიცია მუდამ სხვადასხვა საბაბით აკაკუნებს კარზე და აცხადებს, რომ საქმეებს იძიებს, მაგრამ სინამდვილეში უცხოებსა და უცნობებს ამოწმებს, უფრო ზუსტად კი, ღვთის მორწმუნეებს ეძებს. იგრძნობდი თუ არა თავს უსაფრთხოდ ასეთ მასპინძელ ოჯახში ყოფნისას? (არა.) უეჭველია, მთელი დღე დაძაბულობაში იქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მომხდარ ამ დანაშაულებრივ შემთხვევებს მასპინძელ ოჯახთან კავშირი არ აქვს, შენ მაინც ვერ იქნებოდი მშვიდად. ასეთ გარემოში ცხოვრება ხშირად გაგრძნობინებს, რომ შენი პირადი უსაფრთხოება საფრთხეშია. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს პოლიციამ, ძმებისა და დების დანახვისას, ამ უცნობი ადამიანების დაკითხვა დაიწყოს და საბოლოოდ დააპატიმროს ისინი. განა არ იტყოდი, რომ ეს საშიში სიტუაციაა? (დიახ.) გარდა ამისა, ჩინელთა უმეტესობის ცნობიერება უსაფრთხოების შესახებ დაბალია; როგორც კი კარზე კაკუნს გაიგონებენ, მაშინვე აღებენ კარს და როგორც წესი, კარს არც კეტავენ, რაც იოლად იწვევს ინციდენტებს. დასავლეთის თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნებში კერძო საცხოვრებელი კერძო სივრცედ ითვლება. თუ უცხო ადამიანი ნებართვის გარეშე შედის კერძო სივრცეში, ეს უკანონოდ ითვლება და იქ მცხოვრები ადამიანები პოლიციას ურეკავენ. შემდეგ შემოჭრილს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ, თუ უცხო ადამიანი კარზე აკაკუნებს, შეგიძლია კარი არ გააღო — შეგიძლია უარი უთხრა. მაშინაც კი, თუ ვინმეს შენთან ვიზიტი წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ მზად არ ხარ მის მისაღებად ან აზრი შეიცვალე, მაინც შეგიძლია კარი არ გააღო; შეგიძლია მასთან სხვა დრო შეათანხმო. დასავლეთის ქვეყნებში ადამიანებს ეს უფლება აქვთ, მათ აქვთ ასეთი სამართლებრივი ცნობიერება. თუმცა ჩინელებს ასეთი სამართლებრივი ცნობიერება არ აქვთ. როგორც კი კარზე კაკუნს გაიგონებენ, მაშინვე კარს აღებენ. ეს სიფხიზლის ნაკლებობას, თვითდაცვის შესახებ ცნობიერების ნაკლებობასა და შესაბამისი კანონების უცოდინარობას აჩვენებს. იმის გამო, რომ ჩინეთში დიქტატურა სუფევს, სადაც ერთპარტიული მმართველობა კანონზე მაღლა დგას, მისი სამართლებრივი სისტემა მხოლოდ ფასადია. დიდი წითელი დრაკონი ჩინეთში სრულიად უგულებელყოფს კანონსა და წესრიგს, თავაშვებულად სჩადის ბოროტ საქმეებს, ხოლო ხალხს არანაირი ადამიანის უფლებები არ გააჩნია. ჩინელები არაფრად აგდებენ ადამიანის უფლებებს და არც დისციპლინური წესების დაცვისა და კანონისადმი მორჩილების ცნობიერება გააჩნიათ; განსაკუთრებით კი, თავდაცვის შესახებ ცნობიერების ნაკლებობა აქვთ, ხოლო ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, როგორ გამოიყენოს კანონი საკუთარი თავის დასაცავად. ამიტომ, უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, ნებისმიერ ადგილას, სადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოება კარგად არ არის დაცული, მაცხოვრებლებს რთული წარსული და იდენტობა აქვთ, ხშირია შემოწმებები ან დანაშაულის შემთხვევები, ადამიანები ადვილად ექცევიან გარე სამყაროს ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ადგილი იქ დასარჩენად არ გამოდგება. ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი პერსონალის განთავსებისას.

მოვალეობის შემსრულებელი ადამიანებისთვის საცხოვრებელი გარემო გულდასმით უნდა შეირჩეს; უმჯობესია, თავი აარიდოთ ქალაქის ხალხმრავალ უბნებსა და სახიფათო ადგილებს. რომელ ადგილებს ვგულისხმობთ ქალაქის ხალხმრავალ უბნებში? ეს მოიცავს ისეთ ადგილებს, როგორიცაა რკინიგზის, ავტომაგისტრალების, გზაჯვარედინებისა და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები. განსაკუთრებით მთავარი სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, სადაც ყოველდღე უამრავი მატარებელი გადის და ყოველი მატარებლის გავლისას ახლომდებარე სახლების იატაკი ირყევა. ასეთ გარემოში მოვალეობის შესრულებისას სიმშვიდის პოვნა სრულიად შეუძლებელია. გარდა ამისა, ზოგი ადამიანი, რომელიც წლებია სახლიდან მოშორებით ასრულებს თავის მოვალეობას, მუდმივ შფოთვაში ცხოვრობს და მათი გულის მდგომარეობა საუკეთესო არ არის, რაც ასეთ ადგილებში ცხოვრებას მათთვის კიდევ უფრო გამოუსადეგარს ხდის. თუ გარკვეული საქმე მშვიდ გარემოს მოითხოვს, მაგალითად, ხმის ჩაწერის ან ტექსტზე მუშაობის საქმე, მაშინ, სულ მცირე, ხმაურმა ხელი არ უნდა შეუშალოს და უსაფრთხოებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი — ეს იდეალური იქნებოდა. თუ აბსოლუტურად უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, მაშინ შედარებით უსაფრთხო ადგილი უნდა მოიძებნოს. ამ შემთხვევაში მცირე ხმაური მისაღებია და მოთხოვნები მეტისმეტად მაღალი არ უნდა დავაყენოთ; საკმარისი იქნება, თუ საცხოვრებელი გარემო იქნება უსაფრთხო. გარდა ამისა, თუ სახლი მდებარეობს ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის ზონაში, მაგალითად, შუქნიშანთან ან გზაჯვარედინთან ახლოს, ყოველდღე მის წინ უამრავი ქვეითად მოსიარულე და სატრანსპორტო საშუალება გაივლის. ასეთი სახლი მრავალი გამვლელის თვალთახედვის არეში ექცევა და შემთხვევით გამვლელებს იოლად შეუძლიათ დაინახონ, ვინ არის შიგნით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამით შუქი ანთია, სახლში არსებული სიტუაცია მკაფიოდ ჩანს. იტყოდი, რომ ასეთ სახლში გაჩერება მაინც მისაღებია? გამოდგება ასეთი გარემო? (არა.) ის მართლაც არ გამოდგება. ასეთ ადგილას გაჩერებული ადამიანები ხშირად განიცდიან ჩარევას და ხშირად ხედავენ უცხო ადამიანებს, რომლებიც მათ აკვირდებიან. როდესაც მათი მზერა უცხო ადამიანის მზერას ხვდება, მათ შიში იპყრობთ, ყოველდღე მოუსვენრად გრძნობენ თავს და მუდმივად აქვთ განცდა, რომ მათ უთვალთვალებენ — ვინ იცის, იქნებ ვიღაც დგას ამის უკან და ყველაფერს წარმართავს და აკონტროლებს. როგორ ფიქრობ, ასეთ გარემოში მცხოვრები ადამიანი თავს მშვიდად იგრძნობდა? ასევე, ზოგი სახლი უხარისხოდაა აშენებული და ცუდი ხმაიზოლაცია აქვს, ამიტომ, როცა შიგნით ხმამაღლა საუბრობენ ან საგალობლებს უკრავენ, გარეთ მყოფებს ყველაფერი ესმით. გარდა ამისა, ზოგი სახლი დასახლებაში ყველაზე მაღალ ადგილას მდებარეობს; ასეთ შემთხვევაში, ისინი არა მხოლოდ ელვის დაცემის საფრთხის წინაშე დგანან, არამედ გარშემო მეზობლებსაც შეუძლიათ დაინახონ ძმები და დები, როგორც კი ისინი გარეთ გამოვლენ. მათთვის მოუხერხებელია თუნდაც ზოგჯერ ფანჯრის გაღება გასანიავებლად ან გასაგრილებლად; ფანჯრები მჭიდროდ დახურული და ფარდები ჩამოფარებული უნდა იყოს, ამიტომ სინათლე საერთოდ ვერ აღწევს შიგნით, ხოლო გარეთ გასვლა და გადაადგილება კიდევ უფრო მოუხერხებელია. მუდმივად არსებობს შიში, რომ გარეთ მყოფი ადამიანები მათ დააკვირდებიან და შეამჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ ძმები და დები ერთდროულად არ შედიან და არ გამოდიან, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე შედის ან გამოდის, გარეთ მყოფ ადამიანებს ეს ნათლად შეუძლიათ დაინახონ. საბოლოოდ, მათ საერთო წარმოდგენა ექმნებათ, რამდენი უცხო ადამიანი ცხოვრობს ამ სახლში. იტყოდით, რომ ასეთ პირობებში დარჩენისას ადამიანების უსაფრთხოება მაინც უზრუნველყოფილი იქნება? (არა, არ შეიძლება.) ზოგი ფიქრობს: „ჩვენ უმეტეს დროს შენობაში ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და მაშინაც კი, როცა გარეთ გვიწევს გასვლა, რიგრიგობით გავდივართ და არა ერთდროულად. ასეთი პრაქტიკით, გარშემო მცხოვრები მეზობლები ვერაფერს გაიგებენ.“ მაგრამ მაშინაც კი, თუ რიგრიგობით გახვალ, თუ ვინმე შეამჩნევს, რომ უცხო ადამიანი ხარ, ეს მაინც პრობლემას შექმნის. ბევრი არამორწმუნე თავად არ ცხოვრობს კარგად, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს სხვა ადამიანების საქმეებზე დაკვირვებითა და მათში ქექვით. ზოგმა შეიძლება დურბინდიც კი გამოიყენოს შენს სათვალთვალოდ და დააკვირდეს, რას აკეთებ შიგნით. თუ ისინი აღმოაჩენენ, რომ მორწმუნეები იკრიბებიან, მაშინვე გარბიან ხელისუფლებასთან ამის შესატყობინებლად, რათა ჯილდო მიიღონ. როგორც კი ასეთი ადამიანი თვალში ამოგიღებს, განა ეს სახიფათო არ არის? (დიახ.) როგორც კი მისი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდები, შეიძლება ამას რამე კარგი მოჰყვეს? საბოლოოდ, აუცილებლად დაგაპატიმრებენ! არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასა თუ რეგიონზეა საუბარი, ყველგან ყოველთვის მოიძებნებიან სხვის საქმეებში ჩარევის მოყვარულები. თუნდაც შენზე თვალთვალისთვის ერთი თეთრიც არ აიღონ, ისინი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ — საკუთარი ჯიბიდანაც კი გადაიხდიან და თავიანთ საქმესაც გადადებენ, ოღონდ დრო შენს თვალთვალს დაუთმონ. და თუ შენი დასმენის სანაცვლოდ ჯილდოც არის დაწესებული, ამას კიდევ უფრო დიდი მონდომებით გააკეთებენ. განსაკუთრებით ჩინეთის მსგავს დიქტატურაში, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ღმერთის მორწმუნეებს უთვალთვალებს. ვინაიდან ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და ეზიზღებათ ღვთის მორწმუნეები, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მორწმუნეები ერთმანეთთან ურთიერთობენ ან იკრიბებიან, მაშინვე ასმენენ მათ. თუ დასმენისთვის ჯილდოა დაწესებული, ისინი ამას დაუღალავი კმაყოფილებით აკეთებენ. განა ეს ადვილად არ უქმნის ეკლესიას პრობლემას? (დიახ.) თუ თქვენს საქმეებში ასე ერევიან განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა თქვენი განთავსება ჯეროვნად ვერ უზრუნველყვეს? თუ მნიშვნელოვანი პერსონალის განთავსების ადგილი და გარემო სათანადო არ არის იმიტომ, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა საკითხები საფუძვლიანად არ გაითვალისწინეს, სწორედ ამას მოჰყვება ასეთი ვითარება. თუ ადგილი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, მეტისმეტ ყურადღებას იპყრობს, ამან ადვილად შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. როგორც კი პრობლემა წარმოიქმნება და მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ ეს ადგილი იქ დასარჩენად არ გამოდგება, უკვე ძალიან გვიანია. ამიტომ, მოვალეობის შემსრულებელი ადამიანებისთვის საცხოვრებელი ადგილის სათანადოდ შერჩევაც საკვანძო ამოცანაა და ცუდმა შერჩევამ ადვილად შეიძლება საფრთხე გამოიწვიოს.

III. როგორ უნდა შეასრულონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა პერსონალის განთავსების ორგანიზების სამუშაო

მნიშვნელოვანი პერსონალის საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით, იქნება ეს შიდა თუ გარე გარემო, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ყველა ასპექტი საფუძვლიანად უნდა გაითვალისწინონ. ისინი არ უნდა მიუდგნენ საკითხს ძალიან ზედაპირულად და ყოველთვის იმის იმედად არ უნდა იყვნენ, რომ თუ გარე სამყაროსთან კონტაქტი არ გვექნება, არაფერი მოხდება. დღევანდელი საზოგადოება წარმოუდგენლად რთულია, სავსეა ყველანაირი დემონით და ნებისმიერ ადგილას ყოველთვის გამოჩნდებიან ცნობისმოყვარეები, რომლებიც თვალს გადევნებენ, რა ადგილიც არ უნდა იყოს, ყოველთვის არიან სხვის საქმეებში ჩარევის მოყვარულები, რომლებიც გაკვირდებიან, რის გამოც შეუძლებელია მათ დაკვირვებას თავი აარიდო. შეიძლება იფიქრო: „ღვთის რწმენით მე არც კანონს ვარღვევ და არც რამე ცუდს ვაკეთებ. უბრალოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებ; არაფერი უნდა დამემართოს, განა ასე არ არის?” მაგრამ ფაქტები ისეთი მარტივი არ არის, როგორც შენ წარმოგიდგენია. რატომ ხარჯავს ჩინეთის კომუნისტური პარტია ამდენ ადამიანურ ძალასა და რესურსს ღვთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ღვთის ეკლესიის დასათრგუნად? შეგიძლია ამაში აზრი დაინახო? ვერასოდეს შეძლებ. რამდენად შეგიძლია ჩასწვდე ეშმაკებისა და სატანების ბუნებას? შენ მეტისმეტად ცოტა გესმის ეშმაკებისა და სატანების შესახებ. ეს საზოგადოება წარმოუდგენლად რთულია, ხოლო ეშმაკები და სატანები არიან არამზადები, რომლებიც ბოროტ საქმეებს სჩადიან. ყველაზე მეტად მათ სურთ ღვთის რჩეული ხალხის დაპატიმრება და ეკლესიის საქმის არევ-დარევა. თუ შენ სატანებს ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანებად მიიჩნევ, მაშინ ნამდვილად უმეცარი ხარ; ეს აჩვენებს, რომ ვერ დაინახე ამ საზოგადოების ბოროტება და, რასაკვირველია, ვერ დაინახე ეშმაკებისა და სატანების საძულველობა. ამიტომ, იმისათვის, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეკლესიის საქმე ჯეროვნად შეასრულონ, მათ უნდა უზრუნველყონ მოვალეობის შემსრულებელ ადამიანთა უსაფრთხოება — ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. დიქტატორული მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში, სადაც რწმენის თავისუფლება არ არსებობს, მოვალეობის შემსრულებელი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკმაოდ რთულია. თუმცა, რაც არ უნდა რთული იყოს, საცხოვრებლად გამოსადეგი ადგილები გულდასმით უნდა შეირჩეს; ამ მხრივ არავითარი დაუდევრობა არ შეიძლება. ღვთის სახლის სამუშაო ღონისძიებებში ამ საკითხებზე თანაზიარება უკვე იყო ჩართული. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძმებმა და დებმა შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება შეწუხებისა და გარე სამყაროს ჩარევის გარეშე — თუ ისინი გულით მოეკიდებიან ამას, შეძლებენ ამის შესრულებას. ერთადერთი, რაც შემაშფოთებელია ის არის, თუ ისინი ზერელედ და უპასუხისმგებლოდ იმოქმედებენ, მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებენ და ძმებისა და დების უსაფრთხოებას უგულებელყოფენ. ეს შეუძლებელს ხდის ეკლესიის საქმის ჯეროვნად შესრულებას. თუ შენი დაუდევრობის, არასერიოზულობის, უპასუხისმგებლობის ან გარემოსა და პრობლემების შიშის გამო ვერ ასრულებ ამ საქმეებს, რის გამოც მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელ პერსონალს აპატიმრებენ და ძმებისა და დების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება — რაც ეკლესიის საქმეს აყოვნებს და ძმებსა და დებს ზიანს აყენებს — მაშინ, როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა, პასუხისმგებლობა უნდა იტვირთო. ამ პასუხისმგებლობის საკითხი უბრალოდ გარკვეული თანხის კომპენსაციის სახით გადახდით ან ლოცვაში აღიარებით ვერ მოგვარდება; ეს ასე მარტივი არ არის. მაშ, რა არის ამ საკითხის ბუნება? ეს არის წარუშლელი ლაქა, მარადიული გადაცდომა — ეს შენს სახელზე ჩაწერილ შენიშვნად რჩება. ეს „შენიშვნა“ ჩვეულებრივ შეცდომას არ ნიშნავს; ღვთის თვალში ეს გადაცდომაა. თუ შენი გადაცდომები მეტისმეტად ბევრია — წარსულში გადაცდომები ჩაიდინე, დღესაც ჩადიხარ და მომავალშიც კიდევ ჩაიდენ — და რამდენიმე დიდი გადაცდომა დაგიგროვდება, მაშინ წარწყმედა და განადგურება გელის. ღმერთი აღარ გიხსნის და შენი ღმერთის რწმენა ამაო იქნება. შენ არა მხოლოდ ხსნის იმედი აღარ გექნება, არამედ სასჯელსაც მიიღებ. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავიანთი საქმე პრინციპების შესაბამისად შეასრულონ! ეს ხომ დაიმახსოვრე? (დიახ.) წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავიანთი პასუხისმგებლობები უნდა შეასრულონ და რაც არ უნდა არასახარბიელო ან სახიფათო იყოს გარემო, ადგილობრივი პირობების შესაბამისად ყველაფერი უნდა გააკეთონ მნიშვნელოვანი პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად და მათი განთავსების სათანადოდ მოსაწყობად. მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ეკლესიის საქმე ნორმალურად წარიმართოს.

იმისათვის, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი პერსონალისთვის გამოყოფილი ადგილების დაცულობა გარე სამყაროს ჩარევისგან, საცხოვრებლისა და მისი გარემოს მიმართ მოთხოვნებისა და პრინციპების გარდა, არსებობს მოთხოვნები და პრინციპები მასპინძელი ოჯახის სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის მიმართაც. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები პოტენციურ მასპინძელ ოჯახს პოულობენ, მათ პირველ რიგში უნდა გაარკვიონ, როგორია ამ ოჯახის გარემო და პირობები, რა სიტუაცია აქვთ მის წევრებს, აქვთ თუ არა მათ რაიმე დავები სხვებთან, მტრები, რაიმე კავშირი ან გართულება ხელისუფლებასთან, ხშირად არიან თუ არა ჩართულნი სასამართლო დავებში, აქვთ თუ არა რთული სოციალური ურთიერთობები და ასე შემდეგ. ყველა ეს ძირითადი სიტუაცია საფუძვლიანად უნდა გამოიკითხოს და კარგად იქნას შესწავლილი. თუ მასპინძელს ან მის შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს რთული სოციალური ურთიერთობები აქვთ და ოჯახში მუდმივად არეულობაა — თუ მათ ხშირად აკითხავენ საეჭვო პირები, რომლებიც პრობლემების შესაქმნელად ან ვალების ამოსაღებად მოდიან ან თუ იღებენ მუქარის წერილებს ბანდიტებისა თუ მძარცველებისგან, ასევე უწყებებს ხელისუფლებისგან ან სასამართლოსგან — ეს ყველაფერი ძალიან პრობლემური საკითხებია. ამ ოჯახში შეკრებისას ან მოვალეობის შესრულებისას განა ეს ყველაფერი დაბრკოლებას არ შეგიქმნიდა? ამიტომ, როდესაც ასეთ მასპინძელ ოჯახს იპოვი, პირველ რიგში კითხვები უნდა დასვა და მათი ძირითადი ვითარება შეისწავლო. უმჯობესია, ასეთი საკითხები საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ თუ ისინი არსებობს და ამჟამად უფრო სათანადო ადგილის პოვნა არ შეგიძლია, მაშინ უნდა განიხილო, შეუძლია თუ არა მასპინძელს ამ პრობლემების ეფექტურად მოგვარება. თუ მასპინძელს არ შეუძლია მათი ეფექტურად მოგვარება და ამ არეულ საკითხებს ვერ იშორებს, მაშინ ეს ოჯახი ძმებისა და დების მასპინძლობისთვის არ გამოდგება, რადგან აქ ცხოვრებით ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გარე სამყაროსა და გარე ადამიანების, მოვლენებისა და სხვადასხვა ფაქტორის ჩარევის წინაშე აღმოჩნდნენ. ასეთი გარემო პირდაპირ არ არის მიმართული ღვთის მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ. თუმცა, მორწმუნეები განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფია ქვეყანაში, სადაც რელიგია იდევნება და უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მთელი ძალისხმევა გაიღო პროპაგანდის გავრცელებაზე, ტვინის გამორეცხვაზე, ჭორების შეთხზვასა და ცილისწამებაზე, არამორწმუნეებს არა მხოლოდ არ ესმით ღმერთის მორწმუნე ადამიანების, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიტორიკასაც კი იჯერებენ და მორწმუნეთა მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი და მტრობა უვითარდებათ. ამიტომ, თუ ისინი გაიგებენ, რომ რომელიმე ოჯახი მორწმუნეებს მასპინძლობს, ეს ძალიან სახიფათო ხდება როგორც მასპინძელი ოჯახისთვის, ისე ძმებისა და დებისთვისაც. ასეთ გარემოში ცხოვრებისას ძმები და დები არა მხოლოდ ხშირად განიცდიან ჩარევას, არამედ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შეუძლებელია. მაშ, რატომ უნდა დარჩნენ ისინი იქ საცხოვრებლად? ეს აშკარად სახიფათო ადგილია და საცხოვრებლად არ გამოდგება — ისინი სწრაფად უნდა იქნენ გადაყვანილი სხვა ადგილას. წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ უნდა მოაწყონ ძმებისა და დების განთავსება მხოლოდ ფორმალურად და შემდეგ ხელი დაიბანონ ამ საქმეზე და იფიქრონ: „სანამ მათ აქვთ ადგილი, სადაც ჭამენ და სძინავთ და თავს აფარებენ ქარსა და წვიმას, ყველაფერი კარგადაა. სანამ მათ თავიანთი მოვალეობის შესრულება შეუძლიათ, პრობლემა არ არის. სად უნდა ვიპოვოთ ამდენი სათანადო ადგილი?“ ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო მიდგომაა! თუ იმ დროისთვის სათანადო ადგილი არ არის ხელმისაწვდომი, მათ შეუძლიათ იქ დროებით დარჩნენ, მაგრამ შენ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო სათანადო ადგილის ძებნა, რათა რაც შეიძლება მალე გადაიყვანო ისინი; ნუ განიხილავ ამ ადგილს გრძელვადიან საცხოვრებლად.

ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი რეალურ საქმეს არ ასრულებს. ისინი მნიშვნელოვან პერსონალს გარკვეულ ადგილას განათავსებენ, ჰკითხავენ, როგორია კვებისა და დასვენების პირობები და ხომ არ უთვალთვალებენ მათ არამორწმუნეები. როდესაც გაიგებენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ, ამ საკითხს თავს ანებებენ და ნახევარი წლის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში აღარ ამოწმებენ მათ მდგომარეობას. მათ ჰგონიათ, რომ ჯეროვნად განათავსეს და თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულეს, თითქოს ყველაფერი გაკეთებულია და მშვენივრადაა. რაც შეეხება იმას, გაჩნდება თუ არა მოგვიანებით ამ გარემოში რაიმე ჩარევა, ან არსებობს თუ არა უსაფრთხოების რაიმე პოტენციური რისკი, ისინი ამას აღარ აქცევენ ყურადღებას. ნუთუ ეს შესაფერისია? (არა.) რატომ არ არის შესაფერისი? (მათი განთავსების შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მათ მდგომარეობას თვალყური უნდა ადევნონ. თუ ამას არ გააკეთებენ და ძმები და დები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ხოლო სხვა ადგილზე გადასვლას ვერ შეძლებენ, ისინი შეიძლება საბოლოოდ დააპატიმრონ.) მაგრამ ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ფიქრობს: „თქვენ ყველანი ზრდასრული ადამიანები ხართ — ნუთუ მართლა საჭიროა, რომ მე მუდმივად შეგამოწმოთ? განა თავად ვერ ხედავ, არსებობს თუ არა საფრთხე? თუ ვერ ხედავ, მაშინ, ალბათ, გონება არ გიმუშავებს! თუ საფრთხეს შეამჩნევ, თავად გადადი სხვა ადგილას — მართლა საჭიროა, რომ მე გითხრა?“ ისინი ასე მსჯელობენ. თქვენ გგონიათ, ამგვარ მსჯელობას აზრი აქვს? (არა.) რატომ არა? (იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისთავად წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა; ეს მათ ფუნქციაში შემავალი საქმეა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ.) ისინი ამას არ მიიჩნევენ იმ საქმის ნაწილად, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ; ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ ძმებისა და დების დახმარებაა, თითქოს ლეი ფენის მაგალითს ჰბაძავენ და კეთილ საქმეებს სჩადიან. ისინი ამას არც ეკლესიის საქმის დაცვად მიიჩნევენ, არამედ უბრალოდ პერსონალის განთავსების მოწყობად თვლიან, რომელსაც ეკლესიის საქმესთან კავშირი არ აქვს. განა არ იტყვი, რომ ეს სისულელეა? როგორ ადამიანს შეიძლება ასეთი აზრი მოუვიდეს? (პასუხისმგებლობის გრძნობის არმქონე ადამიანს.) ასეთი ზარმაცი, არაერთგული და უპასუხისმგებლო ცრუ წინამძღოლები სწორედ ასე ფიქრობენ. ისინი არ იცავენ ღვთის სახლის საქმეს; ძმებისა და დებისთვის ადგილის მოწყობის შემდეგ ფიქრობენ: „ასეთ კარგ ადგილას დაგაბინავეთ — რა დიდი სამსახური გაგიწიეთ!“ ისინი ამას ეკლესიის საქმის დაცვად არ მიიჩნევენ. თუ თქვენ, როგორც წინამძღოლები და მუშაკები, მნიშვნელოვანი პერსონალის განთავსებას სათანადოდ არ მოაწყობთ და მათი უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფას ვერ შეძლებთ, მაშინ, თუ ისინი საფრთხეში აღმოჩნდებიან და თავიანთი მოვალეობის ნორმალურად შესრულებას ვერ შეძლებენ, განა ეკლესიის საქმე არ შეფერხდება? ჯერ მათი განთავსება სათანადოდ უნდა მოაწყო, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი ნორმალურად მუშაობის დაწყებას. მაგრამ ეს ცრუ წინამძღოლები ასე არ ფიქრობენ; ისინი ამ ადამიანებს რომელიღაც ადგილას ტოვებენ, შემდეგ კი ყურადღებას აღარ აქცევენ და დიდი ხნის განმავლობაში აღარ ამოწმებენ მათ მდგომარეობას. როდესაც სახიფათო სიტუაცია წარმოიქმნება და მათ თავიანთ წინამძღოლთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ სხვა გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ თავად გადავიდნენ სხვა ადგილას. იმ დროისთვის, როცა მათი წინამძღოლი ამის შესახებ შეიტყობს და ბოლოს და ბოლოს მათ შესამოწმებლად მივა, ისინი უკვე დიდი ხნის წასულები იქნებიან, ხოლო წინამძღოლს არც კი ეცოდინება, სად წავიდნენ. როგორი ადამიანია ეს? როგორი წინამძღოლი ან მუშაკია ეს? ცრუ წინამძღოლი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ძმები და დები სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულნი და ადგილობრივ გარემოს არ იცნობენ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა მით უმეტეს რეგულარულად უნდა მოინახულონ ისინი და მათი მდგომარეობა მოიკითხონ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი ერთხელ განთავსებით ყველაფერი სამუდამოდ მოგვარდა; სინამდვილეში, ეს საქმე სრულად დასრულებული სულაც არ არის. მათ ხშირად უნდა მოინახულონ ისინი და თვალყური ადევნონ მათ მდგომარეობას. თუ წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ამ ადგილას პირადად გამოჩენა არ შეუძლიათ, მათ სხვებს უნდა დაავალონ მათი შემოწმება. სულ მცირე, მათ ამ საქმეს თვალყური უნდა ადევნონ — შეაფასონ მნიშვნელოვანი პერსონალის საცხოვრებელი გარემო, შეამოწმონ, არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ან რაიმე უჩვეულო რამ, წარმოიშვა თუ არა რაიმე განსაკუთრებული გარემოება და საჭიროა თუ არა მათი სხვა ადგილზე გადაყვანა. ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს და მას თვალყური უნდა გაედევნოს. თუ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ადგილი ყველაზე საიმედოდ ჩანს, ეს კარგია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისინი კვლავ უნდა მივიდნენ გარემოსა და უსაფრთხოების შესამოწმებლად, ასევე იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა საკმარისი საკვები და მარაგი — ყველა ეს დეტალი უნდა იქნეს გამოკვლეული. შესაძლოა, წინამძღოლებსა და მუშაკებს არ ესმოდეთ მნიშვნელოვანი პერსონალის საქმის სპეციფიკა და ასეთ შემთხვევაში ისინი არ უნდა ჩაერიონ, მაგრამ მათი განთავსების ადგილის სათანადოდ მოწყობა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა — ამის შეუსრულებლობა მათი პასუხისმგებლობის უგულებელყოფაა და აჩვენებს, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან, რომლებიც ნამდვილ საქმეს არ ასრულებენ. განსაკუთრებით იმ ძმებსა და დებს, რომლებიც სხვა რეგიონებიდან ჩამოდიან, მით უმეტეს განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ; მათ მიმართ დაუდევრად მოპყრობა არ შეიძლება. წინამძღოლებმა და მუშაკებმა დროდადრო უნდა მოიკითხონ მათი მდგომარეობა, ნახონ, აქვთ თუ არა რაიმე სირთულე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს და ხომ არ ყოფილა ამ პერიოდში რაიმე პრობლემა ან წარმოქმნილა განსაკუთრებული ვითარება იმ გარემოში, სადაც ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ; მაგალითად, ხომ არ ყოფილა რაიმე უჩვეულო აქტივობა ადგილობრივი მთავრობის, სამეზობლო კომიტეტის ან პოლიციის განყოფილების მხრიდან. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს საკითხები უნდა გამოიკვლიონ და გამოიძიონ, რათა მდგომარეობის შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებულნი. შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მასპინძელთან უნდა იქონიონ თანაზიარება იმ პრინციპებსა და პრაქტიკის გზებზე, რომლებიც თავიანთი მოვალეობის შემსრულებელთა სათანადოდ მასპინძლობასა და დაცვას ეხება, რათა მასპინძელმა სრულად გაიგოს ეს პრინციპები და პრაქტიკის გზები. მაგრამ ამით საკითხი ჯერ კიდევ არ მთავრდება. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე დროდადრო უნდა მოინახულონ მასპინძელი ოჯახი და მათი მდგომარეობა გამოიკითხონ. ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც ისინი აღმოაჩენენ, დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას, რათა არავითარი პრობლემა არ წარმოიშვას. მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქმე მართლაც ჯეროვნად არის შესრულებული. თუ მასპინძელს მასპინძლობასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნება, მაგალითად, ფინანსური შეზღუდვები აქვს ან სიბრძნე აკლია და ამიტომ ვერ ახერხებს წარმოქმნილ სიტუაციებზე სწორად რეაგირებას ან მათთან გამკლავებას, მაშინ წინამძღოლები და მუშაკები უნდა დაეხმარონ ამ პრობლემების გადაჭრაში. ფინანსური შეზღუდვების მოგვარება ადვილია — ღვთის სახლს შეუძლია მასპინძლობისთვის საჭირო სახსრების უზრუნველყოფა, ხოლო მასპინძელ ოჯახს მხოლოდ თავისი შრომით მონაწილეობა მოეთხოვება. თუ მასპინძელს სიბრძნე აკლია, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. წინამძღოლებმა და მუშაკებმა მკაფიოდ უნდა აუხსნან მას ამ სფეროსთან დაკავშირებული აუცილებელი სიბრძნე და პრაქტიკის რამდენიმე პრინციპი. თუ მასპინძელს მაინც არ ჰყოფნის ეს, მაშინ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ახლომახლო უნდა მოძებნონ გონიერი ძმა ან და, რომელიც მასპინძელთან ითანამშრომლებს, რათა ეს საქმე ჯეროვნად შესრულდეს. თუ პრობლემა თავად მასპინძელს ეხება — მაგალითად, ის გაუბედავია ან დაპატიმრების ეშინია — მაშინ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ჭეშმარიტებაზე თანაზიარებით უნდა გაუწიონ მხარდაჭერა და დახმარება, ასევე იქონიონ თანაზიარება ღვთის განზრახვებზე და ამ მოვალეობის შესრულების ღირებულებასა და მნიშვნელობაზე. თუ პრობლემა ობიექტურ გარემოს უკავშირდება, მისი გადადება ან უბრალოდ დინების მიყოლა არ შეიძლება და მით უმეტეს, დაუდევრად მოპყრობა არ შეიძლება; ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. მაგალითად, თუ ამ ადგილმა უკვე მიიქცია სხვების ყურადღება, თუ საეჭვო უცნობები ხშირად მიმოდიან ამ ტერიტორიაზე და შესაძლებელია, ვინმე ამ ადგილს უთვალთვალებდეს, მაშინ ეს ფარულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ძმები და დები დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სხვა ადგილზე — თუ დაელოდებიან, სანამ რამე მოხდება, უკვე გვიანი იქნება. თუ სიტუაცია დროებითია და ეს მხოლოდ ჩვეულებრივი, რუტინული პროცედურაა, მასთან გამკლავება ჯერ კიდევ შეიძლება, თუმცა ძლივს: ძმები და დები დროებით უნდა წავიდნენ, ერთი-ორი დღით თავი აარიდონ ამ ვითარებას და შემდეგ დაბრუნდნენ. თუ ამ ადგილმა უკვე მიიქცია ყურადღება, იქ დარჩენა აღარ შეიძლება და აუცილებელია ძმებისა და დების საბოლოოდ სხვა ადგილზე გადაყვანა. ეს არის ზოგიერთი დეტალური საკითხი, რომლებსაც წინამძღოლები და მუშაკები ამ საქმეში უნდა გაუმკლავდნენ და გადაჭრან. ეს საქმე სულაც არ ნიშნავს უბრალოდ რამდენიმე ადამიანის რომელიღაც ადგილას განთავსებას, მათთვის საკვებისა და თავშესაფრის უზრუნველყოფას და ამის შემდეგ საქმის დასრულებულად ჩათვლას; მასში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, სადაც გარემო განსაკუთრებით მტრულია და რელიგიური დევნა სასტიკია, წინამძღოლებმა და მუშაკებმა მით უმეტეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და ზედმიწევნით ადევნონ თვალყური მნიშვნელოვანი პერსონალის საცხოვრებელ გარემოსა და უსაფრთხოების საკითხებს. მათ არ უნდა გამოიჩინონ დაუდევრობა. კონკრეტული საქმის ყველა ასპექტი ჯეროვნად უნდა შესრულდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ მნიშვნელოვანი პერსონალის უსაფრთხოება და მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობის მშვიდად შესრულება. ასეთ შემთხვევაში, საქმე ჯეროვნად შესრულდება. ეს არის ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა მასპინძელ ოჯახებთან დაკავშირებით უნდა შეასრულონ და აქ საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი, მას შემდეგ, რაც გარკვეულ მნიშვნელოვან პერსონალს შესაფერის მასპინძელ ოჯახებში განათავსებს, მათ სრულიად უგულებელყოფს და აღარ აგრძელებს მასპინძელი ოჯახების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას. ისინი ამბობენ: „ყოველდღე ეკლესიის საქმით ვარ დაკავებული — საიდან მექნება დრო, რომ ეს ადამიანები მოვინახულო? გარდა ამისა, სხვა საქმეც ბევრია და საკმაოდ საშიშიცაა. ჩვენი საქმის შესრულება ადვილი არ არის!“ ისინი გამუდმებით უსვამენ ხაზს ობიექტურ მიზეზებს, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობის შესრულება არ სურთ. როგორ ფიქრობთ, მათი ეს ნათქვამი უძლებს კრიტიკას? (არა.) რატომ არა? (სინამდვილეში, ამ საქმის შესრულება წინამძღოლებისა და მუშაკებისგან მეტისმეტად ბევრ დროსა და ენერგიას არ მოითხოვს. მათ შეუძლიათ ძმები და დები გზად მოინახულონ, როცა სხვა საქმეზე არიან გასული. ხოლო თუ დრო არ აქვთ, შეუძლიათ ახლომახლო მყოფ ძმებსა და დებს დაავალონ მათი მონახულება.) თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს ამ საქმის კარგად შესრულება სურთ, მაშინაც კი, თუ საკუთარი ძირითადი საქმით ცოტათი დაკავებულნი არიან, ისინი მაინც გამონახავენ დროს, რომ ამ საქმეს ყურადღება მიაქციონ. თუ თავად წასასვლელად დრო არ აქვთ, შეუძლიათ სხვებს დაავალონ წასვლა. სხვებს დაავალებენ ამას თუ თავად წავლენ, საბოლოო ჯამში, ეს საქმე მაინც წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის. ამ საქმის კარგად შესრულება წინამძღოლებისა და მუშაკების მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თუ წინამძღოლები და მუშაკები მეტისმეტად დაკავებულნი არიან და თავად დრო არ აქვთ, მაგრამ არც სხვებს ავალებენ წასვლას, მაშინ ამ საკითხს არავინ მიხედავს. თუ რამე მოხდება, ეს წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან პასუხისმგებლობის უგულებელყოფა იქნება. იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებლები გარე სამყაროს ჩარევისგან არ დაზარალდნენ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ყველა ასპექტის საკითხები უნდა გაითვალისწინონ და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ, რომ მათ მშვიდად შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება და მიმდინარე საქმის წესრიგიანად განხორციელება. თუ მნიშვნელოვანი პერსონალი კარგად არის დაცული, ეს მნიშვნელოვანი საქმის დაცვას უდრის. როდესაც მნიშვნელოვანი პერსონალი ნორმალურად მუშაობს, მნიშვნელოვანი საქმეც წესრიგიანად წარიმართება. ამიტომ, წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ მნიშვნელოვანი პერსონალის დაცვის მიზანი, ფაქტობრივად, თითოეული მნიშვნელოვანი საქმის დაცვაა. თუ ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ამბობს: „შენ მნიშვნელოვან მოვალეობას ასრულებ და მე მთხოვენ, რომ დაგიცვა, მაგრამ მე წინამძღოლის თანამდებობაზე ვარ და არც მე ვარ უსაფრთხოდ. საკუთარ უსაფრთხოებასაც კი ვერ უზრუნველვყოფ, მაშ, როგორ დაგიცავთ თქვენ?“ — არის ასეთი განცხადება სწორი? (არ არის სწორი.) როგორი აღქმა აქვთ ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს? (მათი აღქმა სუსტია; ასეთი ადამიანები ეგოისტები არიან და მიდრეკილნი არიან დამახინჯებული აზროვნებისკენ.) ისინი დამახინჯებული აზროვნებისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან. აკლიათ თუ არა დამახინჯებული აზროვნებისკენ მიდრეკილ ადამიანებს გონივრულობა? (დიახ.) ეს ძმები და დები თავიანთ მოვალეობებს ღვთის სახლში რომ არ ასრულებდნენ, არამედ ამქვეყნად მუშაობდნენ და თავიანთ ცხოვრებას ეწეოდნენ, კვლავ დასჭირდებოდათ დაცვა? სწორედ იმიტომ, რომ ისინი ეკლესიის საქმეს და მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებენ ღვთის სახლში და იმიტომ, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეიძლება ციხე მიუსაჯონ ან ისე სცემონ, რომ დაშავდნენ ან დასახიჩრდნენ, რაც ეკლესიის საქმეზე სერიოზულ გავლენას მოახდენს, მნიშვნელოვანი პერსონალი კარგად უნდა იყოს დაცული. მხოლოდ ასე შეძლებს ეკლესიის საქმე წესრიგიანად წარიმართოს. თუ ისინი ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც რელიგიური რწმენის თავისუფლებაა და ღმერთის მორწმუნეებს არ დევნიან, მაშინ წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ეს საქმე მარტივი ხდება. მათ, ძირითადად, მხოლოდ შესაფერისი სახლის პოვნა სჭირდებათ და ადგილობრივი კანონებისა და წესების შესაბამისად, მოვალეობის შემსრულებელთა განთავსება სათანადოდ უნდა მოაწყონ. უმეტეს შემთხვევაში, მათ მხოლოდ ის უნდა იკითხონ, როგორ მიდის ბოლო პერიოდში მათი ყოველდღიური ცხოვრება და ხომ არ არღვევს საცხოვრებელი გარემო მთავრობის რომელიმე წესს. თუ დარღვევა არსებობს, აუცილებელია გაირკვეს, კონკრეტულად რა პრობლემაა, ასევე როგორ უნდა გამოსწორდეს და მოგვარდეს იგი. თუ რაიმე დარღვევა არ არსებობს, მაგრამ მთავრობა ქმნის პრობლემებს, ან ბოროტი ადამიანები თუ უცნობი პირები ავიწროებენ მათ, მაშინ აუცილებელია იურისტთან კონსულტაცია, რათა ეს საკითხები სათანადოდ მოგვარდეს. ზოგ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ამგვარი სამუშაოს შესრულებაა საჭირო. თუმცა დიქტატორულ ქვეყნებში, სადაც არ არის რელიგიური რწმენის თავისუფლება, მასპინძელი ოჯახების გარემოსა და პირობების მიმართ მოთხოვნები უფრო მკაცრი უნდა იყოს, ხოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი სამუშაო — და უფრო დეტალური სამუშაო — უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ასეთ სამუშაოსთან დაკავშირებული სირთულეც უფრო დიდია. რაც შეეხება მნიშვნელოვანი პერსონალის გარე სამყაროს ჩარევისგან დაცვას, თუ გარემოს ყველა ასპექტი საფუძვლიანად იქნება გათვალისწინებული, გარემოდან მომდინარე ჩარევა შედარებით შემცირდება. თუ სრულად იქნება გათვალისწინებული როგორც გარე გარემო, ისე შიდა გარემო, მაშინ შესაძლებელია რეალისტური და განხორციელებადი გზის პოვნა. ამგვარად, გარემო გარკვეულწილად გაუმჯობესდება და ჩარევებიც შემცირდება. ეს შედარებით შესაფერისი მიდგომაა.

მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

I. ღვთის რჩეული ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნებში, სადაც რწმენა იდევნება

წინამძღოლებისა და მუშაკების მეთხუთმეტე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, არის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის გარე სამყაროს ჩარევისგან დაფარვა; გარდა ამისა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ამ ადამიანების უსაფრთხოება. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრია. მოდით, ჯერ ვნახოთ, რომელი ასპექტები უკავშირდება უსაფრთხოებას — უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა პრობლემები შეგიძლიათ გაიხსენოთ? იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს იმ ადამიანთა უსაფრთხოება, ვინც მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებენ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გარანტირება, რომ ისინი არ მოექცნენ გარე სამყაროს ჩარევის ზემოქმედების ქვეშ — ეს არის მინიმუმი, რაც უნდა შესრულდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება საბოლოოდ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უსაფრთხოება, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი იყოს იმის გარანტირება, რომ მოვალეობის შემსრულებელ ადამიანებს არ შეაწუხებენ, არ დააპატიმრებენ და ისინი შეძლებენ თავიანთი მოვალეობების ნორმალურად შესრულებას. სულ ესაა. თუ წინამძღოლები და მუშაკები ვერ დაიფარავენ მოვალეობის შემსრულებელთ ჩარევისა და დაპატიმრებისგან, მაშინ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შეუძლებელი იქნება. დაფიქრდით — რას უნდა მიაქციონ ყურადღება წინამძღოლებმა და მუშაკებმა იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის უსაფრთხოება უზრუნველყონ? პირველ რიგში, მათ უნდა განათავსონ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი სათანადო ადგილას. რას ნიშნავს სათანადო ადგილი? ის მინიმუმ ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი, ეს ადგილი თავისუფალი უნდა იყოს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან. მეორე, ის ყურადღებას არ უნდა იქცევდეს; მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივმა ძმამ და დამ უნდა იცოდეს, რომ ამ ოჯახს ღმერთი სწამს და ძმებსა და დებს მასპინძლობს, ხოლო სხვამ არავინ უნდა იცოდეს ამის შესახებ. მხოლოდ ასეთი ადგილია სათანადო მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა მასპინძლობისთვის. მას შემდეგ, რაც ეს მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი შესახლდება, პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თითოეულის სახელი, გვარი და წარმოშობის ადგილი, ასევე კონკრეტული გარემოებები, მაგალითად, ეკლესიის რა ტიპის საქმეში არიან ჩართულნი და ყოფილან თუ არა ადრე დაპატიმრებულნი ან ძებნილნი ხელისუფლების მიერ, სხვებს დაუფიქრებლად არ უნდა გაუმჟღავნდეს. რაც ნაკლებმა ადამიანმა იცის, მით უკეთესი. რადგან ადამიანების სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა და გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ისინი მტკიცედ დგომას დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, მათ თვითშეგნება უნდა გამოიჩინონ და ძმებისა და დების პერსონალური ინფორმაციის დაუდევრად გამოკითხვა არ უნდა დაიწყონ, რათა მომავალში საკუთარ თავს უსიამოვნებები არ შეუქმნან. ამასთან დაკავშირებულ პრინციპებსა და სიბრძნეზე თანაზიარება ხშირად უნდა მოხდეს, რათა ყველამ გააცნობიეროს ისინი. ეს სასიკეთოა არა მხოლოდ ღვთის სახლის საქმისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვისაც. ამიტომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მასპინძელი ოჯახების ძმებსა და დებს უნდა დაავალონ, დაუფიქრებლად არ ილაპარაკონ და მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა პერსონალური ინფორმაცია არ გაუმჟღავნონ სხვა ძმებსა და დებს ან თავიანთ არამორწმუნე ოჯახის წევრებს. საჭიროა ამ საქმის შესრულება? (საჭიროა.) მასპინძელი ოჯახების ზოგიერთი ძმა და და ენას ვერ აჩერებს. მაგალითად, ვიღაცამ რამდენიმე წინამძღოლსა და მუშაკს უმასპინძლა და გაეცნო ამ ადამიანების პირად გარემოებებს, ოჯახის წარსულსა და იმ მოვალეობებს, რომლებსაც ისინი ასრულებდნენ. შემდეგ მათ თავიანთ შვილებს უთხრეს: „შეხედე, ის შენხელაა. მას უკვე ათი წელია, რაც ღმერთი სწამს და თავისი მოვალეობის შესასრულებლად სამსახურსაც კი თავი დაანება. ადრე ის ამა და ამ ქალაქში სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა და წლიური შემოსავალი ათიათასობით იუანი ჰქონდა!“ ხედავ, თითქოს უბრალოდ უწყინრად საუბრობდნენ, სინამდვილეში მათ თავიანთ არამორწმუნე ოჯახის წევრებს ამ მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელი ადამიანების მდგომარეობა გაუმჟღავნეს. არიან ისეთებიც, ვინც, როდესაც ადრე დაკავებულ და დაპატიმრებულ ძმებსა და დებს მასპინძლობენ, თავიანთ ოჯახის წევრებს ეუბნებიან: „შეხედე, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ციხეში და იუდა არ გამხდარან. გათავისუფლების შემდეგ კვლავ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. ახლა ხელისუფლებას კვლავ სურს მათი დაპატიმრება, ამიტომ მათ არ შეუძლიათ სახლში, თავიანთ ოჯახებთან დაბრუნება, თუმცა სულით არ დაცემულან. ხედავ, როგორი დიდია მათი რწმენა? შენ რატომ არ შეგიძლია სწორად ირწმუნო?“ ამგვარად, შვილების დარიგების გზით, ისინი დაუდევრად ამჟღავნებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ძმებისა და დების შესახებ. შეიძლება ამან მომავალში უსიამოვნებები გამოიწვიოს? (დიახ.) არის ეს პრობლემა? (არის.) თუ ამის გამო არაფერი მოხდება, ხომ კარგი; მაგრამ როგორც კი დიდი წითელი დრაკონი დაპატიმრებებს განახორციელებს, მათი არამორწმუნე ოჯახის წევრები პირველები გამოვლენ და ძმებსა და დებს დაასმენენ: „ოფიცერო! ესა და ეს წინამძღოლია — სწორედ ის არის, ვისაც ეძებ.“ მაშინ ადამიანი, რომელსაც უღალატეს, დიდი წითელი დრაკონის მიერ იქნება დაპატიმრებული და სიკვდილის პირამდე ნაცემი, რის შემდეგაც გაურკვეველია, შეძლებს კი ის კვლავ თავისი მოვალეობის შესრულებას ან საერთოდ — ნორმალურ ცხოვრებას. აი, რა მოჰყვება ღალატს. განა ეს მასპინძლის დაუდევარი ლაპარაკით არ არის გამოწვეული? (დიახ.) თუ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი ასეთი უსაფრთხოების რისკების წინაშე დგება, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავიანთი საქმე საფუძვლიანად არ შეასრულეს? (დიახ.) მასპინძელი ფიქრობს: „ჩვენი ოჯახის წევრები ყველანი კარგი ადამიანები არიან; ისინი თქვენ არ გაგყიდიან. ისინი მხარს უჭერენ ღვთის რწმენას — როცა თქვენ მოდიხართ, ისინი ბოსტნეულსა და ხორცსაც კი ყიდულობენ!“ მორწმუნე მასპინძლები თავიანთ არამორწმუნე ოჯახის წევრებს ისე ეპყრობიან, თითქოს ისინი ძმები და დები იყვნენ და ნათლად ვერ ხედავენ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ არამორწმუნე ოჯახის წევრებს ან რამდენად მძიმე გარემოებები შეიძლება მოჰყვეს ძმებისა და დების გაყიდვას. ისინი ასევე ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენენ ძმებისა და დების მდგომარეობების მიმართ, ეკითხებიან: „რამდენი წელია, ამ მოვალეობას ასრულებ? ოდესმე შეგისრულებია რაიმე სახიფათო მოვალეობა? ადგილობრივად გიცნობენ, როგორც ღვთის მორწმუნეს? ოდესმე დაპატიმრებული ყოფილხარ?“ განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მას, ვინც ღვთის რწმენის გამო ძებნილია ან პოლიციის ჩანაწერი აქვს და სახარებას სხვა რეგიონში ან ქვეყანაში ქადაგებს, მასპინძელი ყოველთვის ცდილობს მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და ეკითხება: „შენ ძებნილი ხარ? შენზე ძებნის ორდერი ადგილობრივ, პროვინციის თუ სახელმწიფოს დონეზეა გაცემული“ „შენ პოლიციის ჩანაწერი გაქვს — რამდენჯერ დაგაპატიმრეს? რამდენი წლით მოგისაჯეს ციხე?“ ისინი ამ საკითხებს დაწვრილებით იკვლევენ. მათ სახლში მცხოვრები ძმები და დები ხედავენ, რომ მასპინძლები მათ საკმაო ენთუზიაზმით იღებენ და ცუდი ადამიანები არ არიან. თუ ამ ინფორმაციას არ გაუზიარებენ, ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება უზრდელობად ჩაუთვალონ, რაც მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ზოგი ადამიანი იძულებულია, რამე მაინც თქვას, ამის შემდეგ კი ზოგჯერ მძიმე ვითარება იქმნება. ამიტომ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა პირდაპირ უნდა უთხრან მასპინძელს: ,,ძმებისა და დების მასპინძლობისას, აუცილებელია დაიცვა რამდენიმე წესი. დაუფიქრებლად ნუ გამოიკითხავ და კითხვებს ნუ დასვამ — მათ შესახებ მეტისმეტად ბევრი რამის ცოდნა შენთვის სასიკეთო არ არის. თუ რამე მოხდება და წამებით გამოწვეულ ტანჯვას ვერ გაუძლებ, შეიძლება საბოლოოდ იუდა გახდე. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც გაიგე და შეიტყვე, არსებითად გზას გიკვალავს, რომ იუდა გახდე. თუ ასე მოხდა, ამას მთელი ცხოვრება ინანებ და საბოლოოდ სასჯელი არ აგცდება. თუ ეს დეტალები არ გეცოდინება, იუდა არ გახდები. ამიტომ, აბსოლუტურად არ უნდა გამოიკითხო ეს საკითხები და არ უნდა ეცადო მათ გაგებას. არცოდნა გიცავს და გავლენას არ ახდენს არც შენს მასპინძლობაზე და არც ღვთის რწმენაში ჭეშმარიტების მოპოვებაზე. უმჯობესია, თუ არ გეცოდინება. შენთვის ნათელია, რომ ეს ძმები და დები აქ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად არიან და ისინი ცუდი ადამიანები ან ბოროტი ადამიანები არ არიან, ამიტომ დამატებითი გამოკითხვა საჭირო არ არის. შენი უმთავრესი მოვალეობაა, უმასპინძლო მათ, ხოლო მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა — საკმარისი.“ ეს არის საქმის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. გარდა ამისა, იმ ადგილობრივ მორწმუნეებს, რომლებსაც რწმენაში საფუძველი არ გააჩნიათ და მხოლოდ იწოდებიან მორწმუნეებად, რომლებსაც ენა არ უჩერდებათ და გამოკითხვას არიან მიჩვეულნი, რომლებიც მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პრობლემის წარმოშობისთანავე იმალებიან, როგორც კუები, თავებს რომ ბაკანში მალავენ — და შეიძლება ეკლესიაც კი გაყიდონ და იუდა გახდნენ — აბსოლუტურად არ უნდა მიეცეთ საშუალება, იცოდნენ, რომ მასპინძელი ოჯახები ძმებსა და დებს მასპინძლობენ. თუ მნიშვნელოვანი პერსონალის მასპინძლობის საქმეში ზოგიერთი ძმისა და დის დახმარება იქნება საჭირო, თანამშრომლობისთვის მხოლოდ ისინი უნდა შეირჩნენ, რომლებსაც ღვთის რწმენის მყარი საფუძველი აქვთ და სიბრძნეს ფლობენ. ისინი, ვისაც საფუძველი ან სიბრძნე არ გააჩნია, აბსოლუტურად არ გამოდგება. მაშ, კონკრეტულად როგორ უნდა გაეწიოს დახმარება? მასპინძელი ოჯახების ძმები და დები ყურადღებას ამახვილებენ სახლში მასპინძლობაზე, ხოლო ადგილობრივი ძმები და დები, რომლებსაც სიბრძნე და რწმენა გააჩნიათ, გარედან ეხმარებიან მათ, უზრუნველყოფენ საიმედო საფარს და იცავენ გარემოს უსაფრთხოებას. მათ ურთიერთობა უნდა დაამყარონ გავლენიან ადამიანებთან, თვალი ადევნონ ხელისუფლების პოლიტიკას, ტენდენციებსა და მოსალოდნელ ოპერაციებს და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მასპინძელი ოჯახების ძმებსა და დებს. ამგვარად, თუ ხელისუფლება დაკავების ოპერაციის დაწყებას დააპირებს, შესაძლებელი იქნება პრევენციული ზომების დროულად გატარება; ასევე დარჩება დრო ევაკუაციისთვის, სხვა ადგილას გადასაყვანად ან დასამალად, რითაც საფრთხე თავიდან იქნება აცილებული. მხოლოდ ამგვარად შეიძლება მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა ძირითადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოკლედ, არ შეიძლება, რომ წინამძღოლები და მუშაკები ამ საქმეს ზედაპირულად მიუდგნენ; ამ მხრივ სიღრმისეულად ფიქრი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მარტივად ფიქრი, რადგან უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა არ შეიძლება — თუ რამე ცუდად წავა, ეს უმნიშვნელო პრობლემა არ იქნება!

ასევე არსებობს გარკვეული სიტუაციები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ზოგი ადამიანი სახიფათო მოვალეობებს იღებს საკუთარ თავზე, როგორიცაა ღვთის სიტყვების წიგნების ტრანსპორტირება, სამუშაო განკარგულებების გადაცემა ან პრობლემურ ადგილებში საქმეების მოგვარება. ისინი, ვინც ასეთ სახიფათო სამუშაოს ასრულებენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ცხოვრობდნენ მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებლებთან ერთად და არც უნდა იცოდნენ, სად ცხოვრობენ ეს ადამიანები ან რომელი ოჯახი მასპინძლობს მათ. ეს იმიტომ, რომ სახიფათო საქმის შემსრულებლებს ნებისმიერ დროს შეიძლება უთვალთვალონ და დააპატიმრონ. თუ მათ დაიჭერენ და აწამებენ, შეიძლება ეკლესიას უღალატონ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებლებსა და მასპინძელ ოჯახებსაც ჩააყენებს საფრთხეში. განა ეს უსაფრთხოების საკითხს არ ეხება? თუ მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელი რომელიმე პირი საქმეების მოსაგვარებლად გავიდა და შეთანხმებული იყო, რომ სამ დღეში დაბრუნდებოდა, მაგრამ სამი დღის შემდეგ არ დაბრუნდა, იტყოდით, რომ ეს სახიფათო სიტუაციაა? უნდა მოხდეს თუ არა მოვალეობის შემსრულებელი დანარჩენი პერსონალის ევაკუაცია? (დიახ.) ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივი ევაკუაცია; დაუშვებელია დაყოვნება და რისკზე წასვლა — არ უნდა ჰქონდეთ იღბალზე მინდობის მენტალიტეტი. ზოგი ადამიანი ზარმაცია, მიიჩნევს, რომ ევაკუაცია არ ღირს წვალებად და ამბობს: „რა დაშავდება, თუ კიდევ ერთ დღეს მოვიცდით? შეიძლება უბრალოდ რაიმე განსაკუთრებული სიტუაციის გამო დააგვიანდათ.“ კიდევ ერთი დღით დაცდა მხოლოდ საფრთხეს ზრდის. თუ ევაკუაციას მოახდენ და არაფერი მოხდება, ყოველთვის შეგიძლია დაბრუნდე და ეს შეცდომა არ იქნება. მაგრამ თუ ევაკუაციას არ მოახდენ და კიდევ ერთ დღეს მოიცდი, შეიძლება ინციდენტი მოხდეს და ამ შემთხვევაში სინანული უკვე დაგვიანებული იქნება. ამიტომ თუ საქმეზე გასული დები და ძმები შეთანხმებულ დროს არ დაბრუნდებიან, შესაძლოა, რაღაც ცუდი მოხდა. ნებისმიერი მოულოდნელი ვითარების თავიდან ასაცილებლად შესაბამისმა ძმებმა და დებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ ევაკუაცია და შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. როგორც კი შესაფერისი ადგილი მოიძებნება, მათ შეუძლიათ თავიანთი მოვალეობების ნორმალურად შესრულებას დაუბრუნდნენ და ეს დაგვიანებული არ იქნება. კიდევ ერთი სიტუაციაა, როდესაც დიდი წითელი დრაკონი აპატიმრებს ადგილობრივ ეკლესიაში იმ ადამიანს, რომელიც ძმებისა და დების მოვალეობის შესრულებისთვის განთავსების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევებში? (მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სხვა ადგილას.) წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის უპირველესი პრიორიტეტი არის ამ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაუყოვნებლივ გადაყვანა შედარებით უსაფრთხო ადგილას. ყველაფერზე მეტად მათი უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული. ისინი არ უნდა აღმოჩნდნენ რაიმე რისკის წინაშე. მათი გადაყვანის შემდეგ კი შეიძლება შემდგომი სამუშაოს შესრულება. ზოგიერთი დაბნეული ადამიანი ყოველთვის იღბალს მიენდობა: „ესა და ეს ადამიანი დააპატიმრეს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა; მისი რწმენა საკმაოდ ძლიერია და არასასურველ გარემოებებში ყოველთვის განსაკუთრებით მტკიცე იყო. ის არასოდეს უღალატებს ვინმეს. ამიტომ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს — არავის გადაყვანა არ არის საჭირო.“ სწორია ეს სიტყვები? (არა.) ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „თუნდაც ღალატი ჩაიდინოს, ამას შერჩევით გააკეთებს — მხოლოდ უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გასცემს, რაც თქვენს უსაფრთხოებაზე ნამდვილად არ იმოქმედებს.“ სწორია ეს სიტყვები? (არა.) ეს სიტყვები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! შეუძლიათ ადამიანებს სხვა ადამიანების ნათლად დანახვა? თუნდაც მოცემულ ადამიანს სიმწიფე ჰქონდეს, ზედმეტად თავდაჯერებული ლაპარაკისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან თუ რამე ცუდად წავა, შექმნილ მდგომარეობას ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე. კიდევ რა სამუშაო უნდა ჩატარდეს მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელი პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად? როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობებს იწყებენ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ნათლად უნდა იქონიონ თანაზიარება მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ ჭეშმარიტების პრინციპებზე და ასევე იმაზე, თუ რომელი პრინციპები და სიბრძნე უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციის წარმოშობისას. გარდა ამისა, როდესაც ისინი თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად გარეთ გადიან, წინამძღოლებმა და მუშაკებმა მათთან თანამშრომლობისთვის ერთი ან ორი ისეთი ადამიანი უნდა მიამაგრონ, ვისაც საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება და სიბრძნე აქვს. მხოლოდ ასეთი მიდგომაა უსაფრთხო და საიმედო. ასეთი პრაქტიკა, ერთი მხრივ, მათ პირად უსაფრთხოებას დაიცავს. მეორე მხრივ, ეს დაეხმარება მათ ზოგიერთი ისეთი საკითხის გადაჭრაში, რომლის გადაჭრაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ეს მათ გარკვეულ უსიამოვნებებს აარიდებს თავიდან და იმის გარანტიაც იქნება, რომ ისინი, ვინც თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად გარეთ გადიან, შეძლებენ თავიანთი საქმის ნორმალურად შესრულებას. წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის მოვალეობის შემსრულებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რწმენის თავისუფლება არ არის. ეკლესიის საქმის კარგად შესასრულებლად, უპირველესი პრიორიტეტი არის მოვალეობის შემსრულებელი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმის მიუხედავად, თავიანთ მოვალეობებს ადგილობრივად ასრულებენ თუ გარეთ გადიან მათ შესასრულებლად. მხოლოდ ის წინამძღოლები და მუშაკები, რომლებსაც უსაფრთხოების საქმის კარგად შესრულება შეუძლიათ, არიან ღვთის მიერ გამოსაყენებლად შესაფერისნი. ისინი, ვისაც ამ საქმის შესრულება არ შეუძლიათ, არიან ადამიანები, რომელთა ადამიანური ბუნება უმწიფარია და ვისაც გამჭრიახობა და სიბრძნე აკლიათ. მათთვის რთული იქნება, გახდნენ ღვთის მიერ გამოსაყენებლად შესაფერისნი.

II. როგორ უნდა უზრუნველვყოთ ღვთის რჩეული ხალხის უსაფრთხოება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში

ა. ღვთის რჩეული ხალხის სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების პროცესი

საზღვარგარეთის ქვეყნებში ეკლესიის საქმის შესრულებისას, უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი პერსონალის სათანადოდ განთავსება, მათი უსაფრთხოების გარანტირება, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობების ნორმალურად შესრულება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზება, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც კი ღვთის რჩეული ხალხი ახალ ქვეყანაში ჩავა. სამართლებრივი სტატუსის არქონის შემთხვევაში ან თუ მათი სტატუსი კანონთან შესაბამისი არ არის, როგორი კარგი საცხოვრებელი გარემოც არ უნდა ჰქონდეთ, დეპორტაციის რისკი ყოველთვის არსებობს. ის პირები, რომელთა სამართლებრივი სტატუსიც კანონთან შესაბამისი არ არის, უკანონო მაცხოვრებლებად ითვლებიან და ამ ადამიანების უსაფრთხოება საფრთხეშია; თუ მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის, ისინი თავიანთი მოვალეობების ხანგრძლივად შესრულებას ვერ შეძლებენ. ამიტომ სხვა ქვეყნებში მოვალეობის შემსრულებელი პერსონალის სათანადოდ განთავსება წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის პირველი ამოცანაა. როგორც კი ისინი სათანადოდ განთავსდებიან, შემდეგ უნდა დაიწყოს მათი სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების პროცესი. ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების მინიმალური მიზანი ის უნდა იყოს, რომ ძმებმა და დებმა იქ კანონიერად ცხოვრება შეძლონ. ესეც იმ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. კანონიერად ცხოვრების მისაღწევად, პირველი მოთხოვნაა, რომ მათ სამართლებრივი სტატუსი ჰქონდეთ; ისინი ქვეყანაში უკანონოდ არ უნდა იმყოფებოდნენ. წინამძღოლები და მუშაკები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, ძმები და დები მთავრობის მიერ კანონიერი ბინადრობისთვის დადგენილი წესების შესაბამისად განათავსონ. წინამძღოლები და მუშაკები შეიძლება უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ განთავსების საქმეში ან ზედამხედველობა გაუწიონ მას. თუ არის საკითხები, რომლებსაც ისინი ბოლომდე ვერ არკვევენ, დროულად უნდა მიმართონ ზემდგომ წინამძღოლებსა და მუშაკებს დახმარებისთვის. განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, მათ უნდა იმოქმედონ ეკლესიის ადრინდელი წესებით. წინამძღოლებმა და მუშაკებმა დროდადრო უნდა გამოჰკითხონ პერსონალი და თუ გაიგებენ, რომ ვინმეს სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა ან რაიმე განსაკუთრებული გარემოება აქვს, უნდა იზრუნონ, რომ საგარეო საქმეებზე პასუხისმგებელმა პირებმა ღვთის რჩეული ხალხის სამართლებრივი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარონ. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი არის რამდენიმე ისეთი ადვოკატის მოძებნა, რომლებიც სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებაში არიან სპეციალიზებულები. ადვოკატების აყვანისას სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოტყუვდნენ და არ დაიქირაონ ყალბი ადვოკატები ან ისეთი ადვოკატები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებაში. წინამძღოლებმა და მუშაკებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინონ სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებასთან დაკავშირებული ეს საკითხები და ყველაფერი ჯეროვნად მოაწყონ. ეს საქმეც მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილია, ამიტომ ამ საქმის შესრულებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიჩინონ უმოქმედობა. ზოგი ამბობს: „მოვალეობის შემსრულებელი პერსონალის განთავსება ღვთის სახლის საქმეა; ჩვენ ეს მხოლოდ მაშინ უნდა გავაკეთოთ, როცა ზემდგომისგან უშუალო განკარგულებას მივიღებთ. თუ ზემდგომი არ დაგვავალებს, ჩვენ არ გვჭირდება ამაზე ზრუნვა და თუნდაც რამე ცუდად წავიდეს, ეს ჩვენთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, ყოველ ქვეყანას იმიგრაციასა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით განსხვავებული წესები აქვს; ასეთი დიდი საკითხის მოგვარება ჩვენს ძალებს აღემატება! ყველა უბრალოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და იღბალს მიენდოს — თუ ქვეყანაში დარჩენას შეძლებენ, ხომ კარგი; თუ არა, უკან დაბრუნდნენ.“ სწორია ეს სიტყვები? (არა.) რას ფიქრობთ ამ დამოკიდებულებაზე? (ეს უპასუხისმგებლობაა.) ერთი მხრივ, ეს უპასუხისმგებლობაა; მეორე მხრივ, ეს არის ცრუ წინამძღოლების გამოვლინება, რომლებიც რეალურ საქმეს არ ასრულებენ და პასუხისმგებლობას თავს არიდებენ. წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის საზღვარგარეთ განთავსება ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია. როგორც კი ისინი სათანადოდ განთავსდებიან და თავიანთი მოვალეობების ნორმალურად შესრულებას შეძლებენ, დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ გარე საქმეებზე პასუხისმგებელი პირები, რათა მათ სამართლებრივი სტატუსის მიღებაში დაეხმარონ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პროცესში ისეთი განსაკუთრებული სიტუაციები წარმოიშობა, რომლებსაც ძმები და დები ვერ უმკლავდებიან, წინამძღოლებმა და მუშაკებმა გამოსავლის მოძებნაზე უნდა იზრუნონ და ეს საკითხი არ უნდა უგულებელყონ. თუ სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არსებობს, ეს პატარა საკითხი არ არის და რაც შეიძლება დროულად უნდა მოგვარდეს. ნუ გადადებთ — ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, ხვალისთვის არ უნდა გადაიდოს; ხვალისთვის გადადებამ შეიძლება ისეთ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს საქმე, რომლის წარმოდგენაც კი საშინელია. თუ წინამძღოლები და მუშაკები დაუდევრობას იჩენენ, თავიანთ პასუხისმგებლობას არ ასრულებენ, ამ საკითხს გადაუდებლად არ მიიჩნევენ და სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებისთვის საუკეთესო დროს ხელიდან უშვებენ, რის გამოც მოვალეობის შემსრულებელი პერსონალი ვერ ახერხებს თავისი მოვალეობების ნორმალურად შესრულებას, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ამ ადამიანებმა სამართლებრივი სტატუსის გაფორმების თხოვნით მიმართეს ეკლესიის წინამძღოლებსა და პასუხისმგებელ პირებს. წინამძღოლები და მუშაკები საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ან სერიოზულად არ მოეკიდნენ ამ საკითხს, ან მისი მოგვარებისგან თავის ასარიდებლად საბაბებს პოულობდნენ. ამის გამო ზოგიერთი მნიშვნელოვანი პერსონალის სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზება დაგვიანდა, რამაც გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ეკლესიის რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეზე. მაშ, თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში ვინ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა? (წინამძღოლებმა და მუშაკებმა.) ღვთის სახლმა ამ საკითხს არაერთხელ გაუსვა ხაზს. წინამძღოლებსა და მუშაკებს ეს საკითხი კარგად იციან; საქმე ის არ არის, რომ ინფორმაცია აკლდეთ ან საკითხს ვერ იგებდნენ; პირიქით, მათ ყველაფერი იციან, მაგრამ სერიოზულად არ ეკიდებიან. თუ საქმე მათ პირადად არ ეხებათ და სხვის საკითხს ეხება, შეძლებისდაგვარად აყოვნებენ მის მოგვარებას, რის გამოც საბოლოოდ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც კი ფერხდება, როგორიც ღვთის რჩეული ხალხის სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებაა. როცა ამას მძიმე გარემოებები მოჰყვება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ლაპარაკით არ შემოიფარგლება — თუ ეს ეკლესიის საქმეზე, განსაკუთრებით ღვთის სახლის მნიშვნელოვან საქმეზე ახდენს გავლენას, მაშინ პასუხისმგებლობა, რომელსაც წინამძღოლები და მუშაკები იტვირთავენ, მნიშვნელოვანი ხდება. სულ მცირე, ღმერთი მათ შენიშვნას ჩაუწერს, ეს იქნება გადაცდომა — აი, რა მოჰყვება ამას. თუ ეს არის ის, რისი გაკეთებაც შენ გევალება, რაც შენი პასუხისმგებლობის ფარგლებშია და ამას არ აკეთებ ან უგულებელყოფ ან გარკვეული პირადი მიზეზების გამო აყოვნებ, მაშინ შენ უნდა იტვირთო პასუხისმგებლობა. ზოგი ადამიანი ამბობს: „არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა; არ ვიცოდი, როგორ მემოქმედა.“ მაგრამ სერიოზულად მოეკიდე ამას და პირველივე შესაძლებლობისას სთხოვე დახმარება ზემდგომ წინამძღოლებსა და მუშაკებს? ზოგი ამბობს, რომ ეს იმიტომ დაავიწყდა, რომ სხვა საქმით იყო დაკავებული. თუნდაც მართლაც დაკავებულობის გამო დაავიწყდა, განა შეიძლება კვლავ და კვლავ ავიწყდებოდეს მას შემდეგ, რაც ვინმე ამ საკითხს წამოჭრის და არაერთხელ შეახსენებს? რა პრობლემაზე მიუთითებს ეს? (მათ გულთან ახლოს არ მიიტანეს ძმებისა და დების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების საკითხი; მათ საერთოდ არ აქვთ ტვირთის განცდა.) ის ფაქტი, რომ შეუძლიათ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის დავიწყება, აჩვენებს, რომ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აკლიათ და სანდოები არ არიან. შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი რამ დაგავიწყდეს, როგორიც ღვთის რჩეული ხალხის სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებაა — საკუთარი სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებაც დაგავიწყდებოდა? თუ საკუთარ საქმეებს არ ივიწყებ, მაგრამ სხვების საქმეების დავიწყება შეგიძლია, ეს შენს ცუდ ხასიათზე, სიყვარულის არქონასა და ეგოისტურ, მდაბიო ბუნებაზე მეტყველებს. შენ საკუთარი სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზება დაასრულე, მაგრამ ძმებისა და დების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებას ჩვეულებრივ უმნიშვნელო საკითხად მიიჩნევ — ან სრულიადაც უგულებელყოფ ამ საკითხს — და საბოლოოდ აყოვნებ მათი სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებას, ამ მნიშვნელოვან საკითხს. შეგიძლია ასეთი პასუხისმგებლობის აღება? განა ასეთი წინამძღოლები და მუშაკები სრულიად მოკლებულნი არ არიან სინდისსა და გონიერებას? ისინი ისეთი ეგოისტები და მდაბიოები არიან! მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და სხვებს უგულებელყოფენ — რა პრობლემაზე მიუთითებს ეს? განა ისინი ცრუ წინამძღოლები არ არიან? (დიახ.) ამგვარად, მათი პრობლემის არსი სრულად გამოაშკარავებულია. მათ უბრალოდ არ სურთ ძმებისა და დების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებაზე ზრუნვა; ეს მათთვის ზედმეტი წვალებაა. გულში ისინი ფიქრობენ: „რა კავშირი აქვს ძმებისა და დების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზებას ჩემთან?“ სწორედ ასეთი დამოკიდებულებით ეპყრობიან ისინი ძმებისა დადების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების საკითხს, საბოლოოდ კი აჭიანურებენ ამ მნიშვნელოვან საკითხს, გავლენას ახდენენ ძმებისა და დების მოვალეობის შესრულებაზე და ეკლესიის საქმეზე. იტყოდი, რომ ასეთი ცრუ წინამძღოლები სასჯელს იმსახურებენ? (დიახ.) მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ, რადგან ეს განზრახ ჩადენილი ქმედება იყო; ეს ნამდვილად არ ყოფილა ობიექტური ფაქტორებით გამოწვეული შემთხვევითი დაყოვნება. თუ ბუნებრივი კატასტროფა მოხდებოდა, მაგალითად მიწისძვრა, წყალდიდობა ან რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ტრანსპორტსა და კომუნიკაციას შეაფერხებდა და ამ საკითხების მოგვარებას შეუძლებელს გახდიდა, ეს გასაგები იქნებოდა. მაგრამ თუ არცერთი ასეთი მოვლენა არ მომხდარა, მათ კი მაინც დაავიწყდათ ან უგულებელყვეს ძმებისა და დების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზება და ამით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი შეაფერხეს, გამოდის, ასეთი წინამძღოლი ან მუშაკი თავის პასუხისმგებლობას გულგრილად ეკიდება. მას შენიშვნა ჩაეწერება და პასუხისმგებლობა დაეკისრება. გესმით? (დიახ.) რაკი წინამძღოლი ან მუშაკი ხარ, პასუხისმგებელი ხარ იმ საქმის შესრულებაზე, რაც გევალება. ყველაფერი, რაც შენი პასუხისმგებლობის ფარგლებშია, სათანადოდ უნდა მოაგვარო და დაასრულო ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ თუ განზრახ არიდებ თავს ამ საქმის შესრულებას ან აყოვნებ მას, ეს შენი პასუხისმგებლობის შეუსრულებლობაა და ეს შეუსრულებლობა გადაცდომაა. თუ განზრახ აყოვნებ საკითხს და არ აგვარებ მას, შენი ეს შეუსრულებლობა საბოლოოდ გადაცდომად იქცევა და ღმერთი შენიშვნას ჩაგიწერს. ამ საკითხზე შენ მოგეთხოვება პასუხი.

საზღვარგარეთის ქვეყნებში თუ ღვთის რჩეულ ხალხს სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით რამე პრობლემა შეექმნება ან თუ მეზობლები ან უცხო ადამიანები დაასმენენ, ისინი შეიძლება დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ასევე შეიძლება საზღვარგარეთის ქვეყნებში მყოფი ღვთის რჩეული გარკვეული ქვეყნის ხელისუფლებამ შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე დააკავოს და დააჯარიმოს ან დააპატიმროს და ციხეში ჩასვას. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ამის შესახებ გაიგებენ, არ უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კუები, თავიანთ ბაკნებში რომ იმალებიან; მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოაგვარონ ეს საკითხი, ხოლო საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ძმებისა და დების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ისინი ბოროტი ადამიანების ხელში არ აღმოჩნდნენ. თუ წინამძღოლები და მუშაკები მხოლოდ ეკლესიის საქმის ორგანიზებაზე ზრუნავენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ ძმებისა და დების სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების საკითხს, რის შედეგადაც ძმები და დები სამართლებრივი სტატუსის არქონის გამო შეიძლება დააპატიმრონ ან დეპორტაციას დაუქვემდებარონ, რა შედეგები მოჰყვება ამას? განა ასეთმა წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ დაუკარგეს ძმებსა და დებს თავიანთი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა? განა ეს უშუალოდ არ აისახება ეკლესიის საქმეზე? ასეთ შემთხვევაში ამ პრობლემის ბუნება საკმაოდ სერიოზულია. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს ეს საკითხი ადრე არ მოუგვარებიათ, მათ შეუძლიათ ძმებსა და დებს შორის მოძებნონ ადამიანი, რომელიც საგარეო საქმეების მოგვარებაში იქნება დახელოვნებული, რათა მან იურისტთან კონსულტაციის გზით ეს საკითხი მოაგვაროს; ეს უნდა გაკეთდეს ძმებისა და დების დაცვისა და მნიშვნელოვანი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ესეც მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა საზღვარგარეთ უნდა შეასრულონ; ადგილობრივი წინამძღოლები და მუშაკები წინ უნდა გამოვიდნენ ამ საკითხის მოსაგვარებლად. ადგილობრივი ძმებისა და დების უსაფრთხოების დაცვასთან ერთად მათ განსაკუთრებით უნდა იზრუნონ უცხოელი ძმებისა და დების უსაფრთხოების დაცვაზე; მხოლოდ ამ გზით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას ეკლესიის საქმის ნორმალურად წარმართვა. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა განახორციელოს თითოეული ქვეყნის წინამძღოლმა და მუშაკმა ადგილობრივი ძმებისა და დებისა და უცხოელი მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის წინაშე; მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიჩინონ უმოქმედობა. ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი ამბობს: „ისინი უცხოელი ძმები და დები არიან, ჩვენ მათ კარგად არ ვიცნობთ; ჩვენ შორის პირადი ურთიერთობები არ არსებობს. ისინი ღვთის სახლმა გამოგზავნა აქ სახარების საქადაგებლად — ჩვენ რა შუაში ვართ? ეს უბედურება მათ თავად დაიტეხეს თავს; აქ ჩამოსვლამდე არ გაერკვნენ სიტუაციაში, ეს საკითხები ჯეროვნად არ მოაგვარეს. ჩვენ ამ უბედურებაში ჩარევის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს; ვინ იცის, რას უზამს მათ ხელისუფლება“. ისინი უბრალოდ სხვადასხვა საბაბს იყენებენ ამ საკითხების თავიდან ასარიდებლად და მათგან თავის დასაღწევად, არ ცდილობენ, წინ გამოვიდნენ და ამ პრობლემების მოგვარების გზები მოძებნონ. სწორია ასეთი ქცევა? (არა.) რატომ არა? (თუ წინამძღოლები და მუშაკები წინ არ გამოვლენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, და ამავდროულად ძმებსა და დებს არ ექნებათ მათი მოგვარების საშუალება, ეს აუცილებლად წარმოშობს უსიამოვნებებს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ შეასრულეს ძმებისა და დების დაცვის პასუხისმგებლობა — ეს მათი პასუხისმგებლობის უგულებელყოფაა.) წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობაა, განახორციელონ თითოეული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ღვთის სახლში ეკისრებათ. ღვთის სახლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილობრივი ტერიტორიით, ადგილობრივი რეგიონით ან რომელიმე კონკრეტული ქვეყნით; ღვთის სახლს არ გააჩნია ეროვნული საზღვრები და რეგიონული შეზღუდვები. განა არსებობს რასობრივი შეზღუდვები იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს ირჩევს და იხსნის? (არ არსებობს.) განა არსებობს ეროვნების ან რეგიონული შეზღუდვები? (არც ისინი არსებობს.) არ არსებობს. ეს არის ის პრინციპი, რის მიხედვითაც ღმერთი თავის საქმეს ასრულებს; ამიტომ, ეს პრინციპი ჭეშმარიტებაა! რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ ძმები და დები, მათ ყველას ერთი ღმერთი სწამთ, ერთ ღმერთს მიჰყვებიან და ასევე ჭამენ და სვამენ ჭეშმარიტებას, რომელსაც ერთი ღმერთი აზიარებს და აწვდის. ისინი განიცდიან იმ საქმეს, რომელსაც ერთი ღმერთი ასრულებს და თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს. კანის ფერისა თუ რასის მიუხედავად, ღვთის სახლში და ღვთის წინაშე ისინი ერთნი არიან — ერთ ოჯახს წარმოადგენენ. ვინაიდან ერთ ოჯახს წარმოადგენენ, მათ შორის სხვაობა არ უნდა არსებობდეს; არ უნდა არსებობდეს რასობრივი ან რეგიონული შეზღუდვები; არ უნდა არსებობდეს დაყოფა: „შენ აზიელი ხარ, მე ევროპელი ვარ“ ან „შენ თეთრკანიანი ხარ, მე ფერადკანიანი ვარ“ — ადამიანებს შორის ასეთი დაყოფა არ უნდა არსებობდეს. თუ ღვთის სახლში შენ კვლავ ასე ასხვავებ, მაშინ ცხადია, რომ ღვთის სახლს ღვთის სახლად არ მიიჩნევ და საკუთარ თავს ღვთის სახლის წევრად არ თვლი. ამიტომ, როდესაც უცხოელი ძმები და დები აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დეპორტაცია ან უკანონო დაკავება მიუხედავად იმისა, საიდან არიან, რა ეროვნების არიან ან რა კანის ფერი აქვთ, ისინი ძმები და დები არიან — და რადგან ძმები და დები არიან, როდესაც პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, ადგილობრივი წინამძღოლები და მუშაკები ვალდებულნი არიან წინ გამოვიდნენ, ეს საქმე მოაგვარონ და ადამიანები ერთმანეთისგან არ განასხვავონ. ეს შეესაბამება პრინციპებს, სრულად თანხვედრაშია ღვთის განზრახვებთან და არის ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებმა პრაქტიკად უნდა აქციონ.

ამჟამად ბევრი ღვთის რჩეული ადამიანი ჩინეთიდან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება სახარების საქადაგებლად და ღვთის დასამოწმებლად. ამ ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ მათ უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყონ სამართლებრივი სტატუსის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება, რათა შემდეგ მშვიდად შეძლონ მუშაობა. სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების საკითხი მარტივი საქმე არ არის; ამას ადგილობრივი ეკლესიის ადამიანების თანამშრომლობა სჭირდება. სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა მოძებნონ ისეთი ძმები და დები, რომლებსაც ესმით თავიანთი ქვეყნის პოლიტიკა და იციან ადგილობრივი კანონები, რათა დაეხმარონ ჩინეთიდან ჩამოსულ ღვთის რჩეულ ხალხს მათი სამართლებრივი სტატუსის ფორმალიზების საკითხის მოგვარებაში. ამ საკითხის გადაჭრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიების წინამძღოლებმა და მუშაკებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამ საკითხზე მუშაობისთვის, რადგან მხოლოდ ადამიანების სამართლებრივი სტატუსის სრული ფორმალიზების შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ეკლესიის საქმე ნორმალურად წარიმართოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გავლენას მოახდენს ეკლესიის საქმეზე. სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიების პასუხისმგებელ პირებს უნდა ეგულებოდეთ ადამიანები, რომლებსაც ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლიათ. ამის გაკეთება სასიკეთოა ეკლესიის საქმისთვის და ასევე წარმოადგენს ღვთის განზრახვების გათვალისწინების გამოვლინებას. ზოგმა წინამძღოლმა და მუშაკმა შეიძლება თქვას: „ჩვენ ასეთი საქმე არასდროს მოგვიგვარებია და არც ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“. ასეთ სიტუაციაში მათ უნდა მოძებნონ ადამიანები, რომლებიც ერკვევიან ამგვარ საკითხებში. ყოველი ქვეყნის ღვთის რჩეულ ხალხში მოიძებნება ადამიანები, რომლებსაც განათლება და ცოდნა გააჩნიათ, ასევე, ისეთებიც, რომლებსაც ქვეყნის კანონები და პოლიტიკა ესმით. მათ ამ საკითხების მოგვარების გზის საპოვნელად მხოლოდ მცირე კონსულტაციის მიღება სჭირდებათ — განა ასე არ არის? ამ ტიპის საკითხების მოგვარებისას პასიურები და უმოქმედონი არ უნდა იყოთ; თუ რამე არ გესმით, უნდა მოძებნოთ იურისტი და მიიღოთ მისგან კონსულტაცია. თუ შესაბამისი პროფილის იურისტს იპოვით, გზა ბუნებრივად გამოჩნდება. ჩვენ შეიძლება ეს საკითხი არ გვესმოდეს, მაგრამ იურისტს ესმის. მაძიებელი გულის ქონა სწორი დამოკიდებულებაა; მაძიებელი გულის ქონა პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლინებაა. თუ გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება, უნდა ილოცოთ, ეძებოთ და ერთ გულად და ერთ გონებად იქონიოთ თანაზიარება, ხოლო პრობლემის გადაჭრის პრინციპებისა და გზის პოვნის შემდეგ, ის სრულად უნდა მოაგვაროთ. მხოლოდ ასე შეიძლება, რომ ეკლესიის საქმე შეუფერხებლად წარიმართოს. თუ პრობლემის აღმოჩენისას წინამძღოლები და მუშაკები შეძლებენ დროულად გაერკვნენ მასში, თვალი ადევნონ მას და მოაგვარონ იგი, განა ისინი პასუხისმგებელი წინამძღოლები და მუშაკები არ არიან? (არიან.) ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, არამედ პრობლემების დროულად მოგვარებაც შეუძლიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ იმედი, გახდნენ სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები. მიუხედავად იმისა, რამდენად ღრმად ესმით მათ ჭეშმარიტება, თუ პრობლემების მოგვარებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაშინ მათ რეალური საქმის შესრულება შეუძლიათ. სულ მცირე, მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვან ან საერთოდ არ დაუშვან შეცდომები; და თუნდაც შეცდომები დაუშვან, შეუძლიათ დროულად გამოასწორონ ისინი, გარკვეული დანაკარგები აანაზღაურონ და საბოლოოდ ღვთის სახლის საქმის დაცვის მიზანს მიაღწიონ. როგორ ფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობის განხორციელება რთულია? (არა.) სინამდვილეში, ეს რთული არ არის; ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვთ თუ არა ადამიანებს ერთგულება თავიანთი მოვალეობის შესრულებისას და შეუძლიათ თუ არა თავიანთი საქმეების პასუხისმგებლიანად შესრულება. საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი დაფიქრება, მცირე დროის გამოყოფა და გარკვეული ენერგიის გაღება; ეს არ მოითხოვს შენგან არც ფულის დახარჯვას და არც რაიმე რისკის საკუთარ თავზე აღებას. საჭიროა მხოლოდ წინ გამოხვიდე, პრობლემების მოგვარებაში დაეხმარო და საქმეები ჯეროვნად მოაგვარო; ამგვარად შეძლებ სტანდარტის შესაბამისი გახდე. ამიტომ ეს რთული საქმე არ არის და წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის მისი მიღწევა ადვილი უნდა იყოს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ მარტივ საქმესაც კი ვერ ასრულებენ და აშკარაა, რომ ამის მიზეზი არასაკმარისი კალიბრი ან უნარი, ან პირობებისა და გარემოს ხელის არშეწყობა კი არ არის, არამედ ის, რომ მათ ამის გაკეთება არ სურთ. როდესაც მნიშვნელოვანი პერსონალის სამართლებრივ სტატუსთან ან ბინადრობასთან ან მათი განთავსების საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიტუაციები წარმოიქმნება, წინამძღოლებსა და მუშაკებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე აიღონ ეს საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთვის უზრუნველყოფ განთავსებას ან რა ეროვნების თუ რასისაა ის; შენ მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რომ ეს ღვთისგან მიიღო. ეს საქმე ღმერთმა მოგანდო; ეს შენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, ასევე შენი მისიაა. ეს საქმე, რომელსაც იღებ, ღვთისგან მოდის და არა რომელიმე ადამიანისგან, ამიტომ არ უნდა იდარდო იმაზე, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთვისაც განთავსებას უზრუნველყოფ. ზოგმა შეიძლება თქვას: „ადგილობრივი ძმებისა და დების დაცვა მისაღებია, მაგრამ თუ უცხოელი ძმები და დები აქ ჩამოვლენ, ეს ჩვენი საქმე არ არის“. განა ადამიანებს, რომლებიც ასე ამბობენ, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა ან ადამიანურობა? (არა.) ისინი ადგილობრივ ძმებსა და დებს ძმებად და დებად მიიჩნევენ, მაგრამ უცხოელ ძმებსა და დებს ძმებად და დებად არ თვლიან — განა ეს გამართლებულია? (არა.) ეს შეესაბამება ჭეშმარიტებას? (არა.) რატომ არ შეესაბამება ჭეშმარიტებას? (ცრუ წინამძღოლები არ ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს; ისინი უგულებელყოფენ უცხოელ ძმებსა და დებს და პრობლემების წარმოშობისას წინ არ გამოდიან საკითხების მოსაგვარებლად — ისინი არ იცავენ ღვთის სახლის საქმეს.) ცრუ წინამძღოლები სხვადასხვა საბაბით თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და რეალურ საქმეს არ ასრულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან თავი მიუძღვნან ღმერთს და მზად არიან ჭეშმარიტება პრაქტიკად აქციონ, მაგრამ როდესაც საქმე მართლაც ეკლესიის საქმის კრიტიკულ საკითხებს ეხება, ისინი იმალებიან. ეს უპასუხისმგებლობაა. საზღვარგარეთ ძმებისა და დების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი წინამძღოლებმა და მუშაკებმა დროულად უნდა მოაგვარონ და ამას უნდა მოეკიდონ, როგორც პასუხისმგებლობასა და შესასრულებელ ამოცანას. მათ არ უნდა მოიყვანონ საბაბები ამის თავიდან ასარიდებლად და არ უნდა დაუშვან, რომ ამ საქმის უგულებელყოფამ ღვთის სახლის სხვადასხვა საქმის წინსვლაზე გავლენა იქონიოს.

ბ. ყველა ძმისა და დისთვის ინფორმაციის მიწოდება საბაზისო სამართლებრივი საკითხების შესახებ

კიდევ რომელი ასპექტები შეგიძლიათ გაიხსენოთ საზღვარგარეთ ძმებისა და დების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? (საზღვარგარეთის ქვეყნებში წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა მიაწოდონ ყველა ძმასა და დას გარკვეული საბაზისო სამართლებრივი ცოდნა საკითხების შესახებ, რათა სამართლებრივი ცნობიერება განუვითარდეთ და თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც კანონს არღვევს.) წინამძღოლებმა და მუშაკებმა ყველა ძმასა და დას უნდა მიაწოდონ საბაზისო ინფორმაცია სამართლებრივი საკითხების შესახებ და აუხსნან სამთავრობო წესები. მათ მეტი უნდა გაიგონ ამ მიმართულებით იმ ქვეყნის ადგილობრივი ძმებისა და დებისგან, სადაც იმყოფებიან, მაგალითად, იმიგრაციის პოლიტიკისა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ, შემდეგ კი ორგანიზება გაუწიონ ძმებისა და დების მიერ ამ საკითხების შესწავლას; ეს საჭიროა იმისთვის, რომ მათ მკაცრად დაიცვან ეროვნული ხელისუფლების წესები და თავი შეიკავონ ისეთი რამის გაკეთებისგან, რაც კანონს არღვევს. ჩინეთიდან ჩამოსული ღვთის რჩეული ხალხი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დიქტატორული მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, განსაკუთრებით მოკლებულია სამართლებრივ ცოდნას და კანონის მნიშვნელობა არ ესმის. ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი დაუდევრად და უზრუნველად, არაცივილიზებული ადამიანებივით იქცევიან. როდესაც ისინი საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადადიან, ძალიან უმეცრად გამოიყურებიან და ხშირად ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ ესმით წესები. მაგალითად, დასავლეთის ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. არსებობს წესები, რომლებიც კრძალავს ხმაურს საღამოს 10:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე — დაუშვებელია ისეთი ხმაურიც კი, როგორიცაა ძაღლის ყეფა ან სამშენებლო ტექნიკის გრუხუნი. თუ ვინმე ამ წესებს დაარღვევს და უჩივლებენ, პოლიცია ჩაერევა და ამ საკითხს მოაგვარებს. კონტინენტურ ჩინეთში კი ამგვარ საკითხებს არავინ არეგულირებს; სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იქ თვითნებურად ხმაურობენ, ხმამაღლა უკრავენ მუსიკას, ცეკვავენ, სვამენ და ქეიფობენ და არავინ ერევა ამაში. თუ ვინმე რამის გაკეთებას ეცდება, შეიძლება შურისძიებას წააწყდეს, ამიტომ ჩინელებს მოთმინების გარდა სხვა გზა არ რჩებათ. დასავლეთის ქვეყნებში კი სხვაგვარად ხდება; ყველა ადამიანი კანონით არის დაცული. თუ შენი ძაღლი ხშირად ყეფს შუაღამისას და მეზობლებს სიმშვიდეს ურღვევს, ისინი შენზე საჩივარს შეიტანენ. ის, რასაც აკეთებ, სხვების ნორმალურ ცხოვრებაზე მოქმედებს; შენ სამართლებრივი წესები დაარღვიე — ამიტომ მათთვის სრულიად კანონიერია, გამოიყენონ კანონი, როგორც იარაღი და შენზე საჩივარი შეიტანონ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე აგრძელებენ, მეზობლებს სიმშვიდეს ურღვევენ და ამის გამო მათზე საჩივრები შედის. შემდეგ პოლიცია მოდის, აჯარიმებს და აფრთხილებს, რომ განსაზღვრულ საათებში არ იხმაურონ. ზოგ ადამიანს გარემოს სისუფთავის ცნობიერებაც კი არ აქვს, ნაგავს ყრის და ქუჩებს ნარჩენებით აბინძურებს. დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები განსაკუთრებით მოწესრიგებულია. მაცხოვრებლებს ნაგვის გატანისთვის განსაზღვრული დრო აქვთ, ხოლო ნაგავმზიდი მანქანები დადგენილ დღეებში მოდიან მის წასაღებად. ნაგვის გატანის შემდეგ ქუჩები სუფთა რჩება. ისინი, ვისაც ეს არ ესმით, შეიძლება ნაგავს ქუჩაში ყრიდნენ, რაც ასევე წესების დარღვევად ითვლება. ეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ სანიტარიასა და ქალაქის იერსახეზე, ამიტომ მათ წინააღმდეგ საჩივრები შეიძლება შეიტანონ. ჩინელებს, რომლებიც წესებს არ იცავენ, საზღვარგარეთ ცხოვრებისას ხშირად უჩივიან. მას შემდეგ, რაც მათზე მრავალჯერ შეიტანენ საჩივარს, მათ დასავლელებზე გარკვეული წარმოდგენები ექმნებათ და ამბობენ: „დასავლელებს უბრალოდ საჩივრების შეტანა უყვართ; ყველა წვრილმანზე საჩივარს წერენ“, რაზეც მე ვპასუხობ: „მათ ამდენ საკითხთან დაკავშირებით შეიტანეს შენზე საჩივარი, შენ კი საკუთარ თავზე არ დაფიქრებულხარ და ამის ნაცვლად მათ ადანაშაულებ საჩივრების შეტანაში. მაშ, სწორად მოიქცნენ ისინი, როცა საჩივრები შეიტანეს? ის, რაც შენ გააკეთე, სწორი იყო თუ არა?“ ისინი სრულიად სწორად მოიქცნენ, როცა ეს საჩივრები შეიტანეს; შენ მათ ინტერესებს ზიანი მიაყენე და მათ ცხოვრებაზე იმოქმედე, მაშ, რატომ არ უნდა შეეტანათ საჩივარი შენზე? ეს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კეთდება და იმაზე მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა კანონით იმართება; ყველა ადამიანი კანონით არის დაცული და ამ ქვეყნის კანონი უბრალოდ საჩვენებლად არ არსებობს — ყველას შეუძლია კანონი იარაღად გამოიყენოს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. მათ შენზე საჩივრები იმიტომ შეაქვთ, რომ შენ კანონი არ გესმის და ადგილობრივი წესები დაარღვიე. ჯერ ადგილობრივი წესები უნდა ისწავლო და კანონებისა და წესების შესაბამისად იმოქმედო — მაშინ როგორ ფიქრობ, ისევ შეიტანენ საჩივრებს შენზე? (აღარ შეიტანენ საჩივრებს.) მაშ, რატომ არ შეაქვთ ჩინელებს არასოდეს საჩივრები, რაც არ უნდა სერიოზული საქმე იყოს? (ისინი მეტისმეტად დიდი ხანია ხელისუფლებისგან ჩაგვრას განიცდიან. ისინი საჩივრის შეტანას ვერ ბედავენ. ჩინელებს ასევე არ აქვთ საკუთარი უფლებების დაცვის განცდა.) ჩინეთი არ არის კანონით მართული ქვეყანა. ის კანონების შესაბამისად არ იმართება. ჩინეთის კანონები მხოლოდ საჩვენებლად არსებობს და იქ საჩივრის შეტანას აზრი არ აქვს. თუ საჩივარს შეიტან, ხოლო მეორე მხარეს ძალაუფლება და გავლენა აქვს, შეიძლება შენზე დაიწყოს დევნა. თუ გავლენა არ გაქვს, საჩივრის შეტანასაც კი ვერ გაბედავ; საჩივრის შეტანამ შეიძლება ადვილად შეგიქმნას პრობლემები. ამიტომ, როდესაც ჩინელები დევნას აწყდებიან — განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ვინმეს კლავენ — რაც არ უნდა უსამართლო იყოს სიკვდილი, საქმე უბრალოდ კერძოდ გვარდება, თუ დამნაშავე გარკვეულ თანხას გადაიხდის. რატომ არ შეაქვთ მსხვერპლის ოჯახის წევრებს სარჩელი სასამართლოში? მათ იციან, რომ ვერასოდეს გაიმარჯვებენ; ეს დიდი თანხა დაუჯდებათ, მაგრამ მაინც ვერ მიაღწევენ სამართალს და დამნაშავე პასუხისგებაში არ მიეცემა, ამიტომ ისინი ირჩევენ, რომ საქმე სასამართლოში არ გააგრძელონ და ამის ნაცვლად კერძოდ მოაგვარონ. ჩინეთის კანონები მხოლოდ საჩვენებლად არსებობს; ჩინეთი არ არის კანონით მართული ქვეყანა და იქ არ არსებობს სამართლიანობის ძიების ასპარეზი. სარჩელის შეტანას აზრი არ აქვს. ამიტომ, რა უკანონო მდგომარეობასაც არ უნდა წააწყდნენ ჩინელები, ისინი საჩივრის შეტანას ვერ ბედავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ კომუნისტური პარტია მხოლოდ ბოროტ საქმეებს სჩადის, გონებას არ ემორჩილება და კანონის შესაბამისად არ მართავს. ჩინეთში, როგორი სერიოზული საკითხის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს რიგითი ადამიანი, კომუნისტური პარტიის თვალში ეს საყურადღებო საქმედ არ ითვლება — მას არავინ მოაგვარებს. ისეთი რამეები, როგორიცაა სხვების მყუდროების დარღვევა, ან თუნდაც ქურდობის, ყაჩაღობისა და ბინაში შეჭრის შემთხვევები, კომუნისტური პარტიისთვის უბრალოდ პრობლემად არ ითვლება. აი, დასავლეთის ქვეყნებში კი სხვაგვარად არის. დასავლეთში დემოკრატიული სისტემა მოქმედებს და საზოგადოება კანონით იმართება; როგორც კი ვინმეს სიმშვიდე დაერღვევა, საჩივარი შევა და პოლიცია მოვა, საკითხს გამოიკვლევს და მოაგვარებს. დასავლელებს ეს სამართლებრივი ცნობიერება გააჩნიათ და ასეთ უგუნურ რამეებს არ აკეთებენ; ასეთ უგუნურ რამეებს მხოლოდ ის აკეთებს, ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და წესებში ვერ ერკვევა. როდესაც ჩინელები პირველად ჩადიან საზღვარგარეთ საცხოვრებლად, მათზე ხშირად შეაქვთ საჩივრები. დროთა განმავლობაში ისინი ადგილობრივ კანონებსა და წესებს ეცნობიან და ვეღარ ბედავენ ისეთი რამის გაკეთებას, რაც კანონს არღვევს ან სხვებს აწუხებს. ამიტომ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაუწიონ ორგანიზება ძმებსა და დებს, რომ ისინი გაეცნონ იმ ქვეყნის სხვადასხვა კანონებსა და წესებს, სადაც იმყოფებიან. რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდნენ, ჯერ კანონს უნდა გაეცნონ — საკუთარ ეზოში ქათმების ან ღორების მოშენებაც რომ სურდეთ, ჯერ ხელისუფლების წესებს უნდა გაეცნონ. მათ შეუძლიათ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიონ ან ადგილობრივ ძმებსა და დებთან გაიარონ კონსულტაცია და ამგვარად ზუსტი პასუხები მიიღონ. სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში ყველა საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტული წესები აქვს. მაგალითად, მშენებლობაში არსებობს წესები, რომლებიც განსაზღვრავს, რა სიმაღლეზე უნდა იყოს ელექტროროზეტები იატაკიდან და რა დაშორება უნდა იყოს როზეტებს შორის. ასევე არსებობს კიბის მოაჯირების სისქისა და კიბის ბალუსტრების სიგანის კონკრეტული სტანდარტები. მშენებლობის თითოეულ ეტაპს ხელისუფლების წარმომადგენლები ამოწმებენ, ამიტომ სამშენებლო კოდექსის დარღვევით აგებული შენობების ან არარეგულირებადი მშენებლობის შემთხვევები იშვიათია. თუ მაცხოვრებლებს სურთ ეზოში სახლის, ხელსაწყოების ფარდულის ან მცირე სათავსოს აშენება, მათ ხელისუფლების ნებართვა უნდა მიიღონ. თუ ქათმების ან იხვების მოშენება სურთ, არსებობს წესები იმის შესახებ, თუ რა მანძილზე უნდა იყოს მათი შემოღობილი ადგილი მეზობლების საკუთრებიდან. მაშინაც კი, თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს ეს კანონები და წესები არ ესმით, თუ ეკლესიის საქმე ამ საკითხებს ეხება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა მათ ყურადღება უნდა მიაქციონ. მათ ჯერ ადგილობრივი კანონები და ხელისუფლების წესები უნდა შეისწავლონ; ამ საკითხებში გარკვევა სასარგებლოა ჩვენი მოვალეობის შესრულებისთვის. მართალია, სამართლებრივი საკითხები პირდაპირ არ უკავშირდება ეკლესიის შიდა საქმეს, მაგრამ საბაზისო სამართლებრივი ცოდნის მიწოდება მაინც ყველასთვის სასიკეთოა. სულ მცირე, ისინი გარკვეულ ცოდნას მიიღებენ, გარკვეულ წესებს გაიგებენ, სწორად ცხოვრებას ისწავლიან და ადამიანურობის მსგავსებას მიაღწევენ. გარდა ამისა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა თანაზიარება უნდა იქონიონ საგარეო საქმეებზე პასუხისმგებელ პირებთან და დაეხმარონ მათ სამართლებრივი ცნობიერების განვითარებაში. წვრილმან საკითხებზე იურისტთან კონსულტაცია საჭირო არ არის — მათ მხოლოდ ადგილობრივი წესების გაცნობა და მათი მკაცრად დაცვა ევალებათ. მნიშვნელოვან საკითხებზე კი იურისტთან უნდა გაიარონ კონსულტაცია, რათა ადგილობრივი კანონები გაიგონ. მოკლედ, რაც არ უნდა გაკეთდეს, ყველა ქმედება კანონებსა და წესებს უნდა შეესაბამებოდეს. ამგვარი პრაქტიკის გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელება ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკუთარი გამოცდილებით დაინახონ კანონებისა და წესების დაცვის მნიშვნელობა და ისინი საქმეების კეთებისას წესებს დაიცავენ. ეს ასევე სასიკეთოა ეკლესიის საქმისთვის.

გ. პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული სახარების საქადაგებლად ადამიანების გაგზავნისას

მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არსებობს კიდევ ერთი სამუშაო სფერო, რომელსაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, კერძოდ, იმ ადამიანების უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც მოვალეობის შესასრულებლად გარეთ მიდიან. რა პრინციპები უნდა იქნას დაცული, მოვალეობის შესასრულებლად ადამიანების გარეთ გაგზავნისას? უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების ასაკი და სქესი, ასევე მათი გამჭრიახობა და ცხოვრებისეული გამოცდილება — ამ საკითხებს წინამძღოლები და მუშაკები დაბნეულად ან დაუდევრად არ უნდა მოეკიდნენ. მაგალითად, თუ სახარების მუშაკებს უცხო ადგილას სახარების საქადაგებლად აგზავნი, როგორი ადამიანების გაგზავნა იქნებოდა შესაფერისი? (ისეთი ადამიანების, რომლებსაც გარკვეული გამჭრიახობა და სიბრძნე გააჩნიათ.) თუ რომელიმე ეკლესიაში ბევრი შესაფერისი ადამიანი არ არის და უმეტესობა ახალგაზრდაა, რომლებსაც ცხოვრებისეული გამოცდილება და გამჭრიახობა აკლიათ, არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ სიტუაციებს — განსაკუთრებით რთულ პრობლემებს — როდესაც მათ აწყდებიან, პრინციპების გარეშე ლაპარაკობენ და სიბრძნეც აკლიათ, მაშინ ისინი ამ საქმის შესრულებას ვერ შეძლებენ. თუ ასეთ ადამიანებს გაგზავნიან, ისინი არა მხოლოდ პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებენ, არამედ, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენენ საქმეზე და შეაფერხებენ მას. ამიტომ, როდესაც ადამიანებს გარეთ, მოვალეობის შესასრულებლად აგზავნიან, აუცილებელია შეარჩიონ ისინი, ვისაც მომწიფებული ადამიანურობა და სიბრძნე გააჩნია — მხოლოდ ასეთი ადამიანები გამოდგებიან. თუ საკმარისი რაოდენობის შესაფერისი ადამიანი არ არის, მაშინ ახალგაზრდებმა უფროსებთან უნდა ითანამშრომლონ მოვალეობის შესასრულებლად. მაგალითად, არის ახალგაზრდა და, დაახლოებით 25 ან 26 წლის ასაკის, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უკვე საკმაოდ დიდი ხანია სწამს, რწმენა და სიმწიფე გააჩნია და დიდი ხანია თავის მოვალეობას ასრულებს, არ ეცოდინება, როგორ დაიცვას თავი, თუ მას უცხო ადგილას მოვალეობის შესასრულებლად გაგზავნიან — ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ისეთი ადგილობრივი ძმის ან დის პოვნა, რომელსაც საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება აქვს, რათა მასთან ითანამშრომლოს მოვალეობის შესრულებისას. რა თქმა უნდა, თუ მოვალეობის შესრულების ადგილი ნაცნობი ტერიტორიაა ან ისეთი ადგილია, სადაც ეკლესია უკვე არსებობს, მაშინ ახალგაზრდა ძმებსა და დებს შეუძლიათ იქ წასვლა. თუმცა, თუ ადამიანები უცნობ ადგილას მიდიან, განსაკუთრებით ისეთ ადგილას, სადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოება ცუდად არის დაცული, სახარების საქადაგებლად ან სხვა საქმის შესასრულებლად, მაშინ მათი პირადი უსაფრთხოება უნდა იქნას გათვალისწინებული. წინამძღოლები და მუშაკები, ვისაც არ უნდა აგზავნიდნენ გარეთ საქმის შესასრულებლად, პირველ რიგში მათი უსაფრთხოება უნდა გაითვალისწინონ. თუ გაურკვეველია, როგორი ადამიანები არიან სახარების პოტენციური მიმღებები ან შეიძლება თუ არა ამ ადამიანებმა რაიმე შეუფერებელი საქციელი ჩაიდინონ, მაშინ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ადამიანებს სახარების საქადაგებლად აგზავნიან. გამიგია, რომ წარსულში ზოგი წინამძღოლი და მუშაკი ხშირად აგზავნიდა დაახლოებით 18 ან 19 წლის ან 20 წელს ოდნავ გადაცილებულ დებს უცნობ ადგილებში სახარების საქადაგებლად და როგორც ამბობენ, გარკვეული უბედური შემთხვევებიც მომხდარა. მიუხედავად იმისა, რეალურად რა მოხდა, საბოლოო ჯამში ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა საქმის შესრულებისას ყველაფერი საფუძვლიანად არ აწონ-დაწონეს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავიანთ საქმეში ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ და ძალიან ახალგაზრდა დები ან ძმები უცნობ და სახიფათო ადგილებში მოვალეობის შესასრულებლად დაუდევრად არ უნდა გაგზავნონ. იყო ერთი წინამძღოლი, რომელმაც ერთხელ 18 ან 19 წლის ასაკის ორი და სახარების საქადაგებლად გაგზავნა. როდესაც ვიღაცამ უთხრა, რომ ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და ამისთვის არ გამოდგებოდნენ, წინამძღოლმა სანაცვლოდ 21 წლის და მოძებნა გასაგზავნად, თან ფიქრობდა: „შენ თქვი, რომ 19 წლის ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ 21 წლის ვიპოვე. ის ხომ უფროსია, არა?“ როგორი იყო ამ წინამძღოლის კალიბრი? განა ის დამახინჯებულად ფიქრისკენ არ იყო მიდრეკილი? (დიახ.) ის მხოლოდ ორი წლით უფროსი იყო 19 წლის დაზე — განა შეიძლებოდა, რომ მას ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონოდა? განა შეიძლებოდა მას საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება ჰქონოდა? სიძნელეებსა თუ სახიფათო ვითარებაში ჩავარდნილს შესაძლოა, ბოლოს ტირილიც კი დაეწყო, არა? მიუხედავად იმისა, რომ ის ორი წლით უფროსი იყო, ასაკით მაინც ძალიან ახალგაზრდა იყო და ამ საქმის საკუთარ თავზე აღება არ შეეძლო. სულ მცირე, აუცილებელია ისეთი ძმის ან დის მოძებნა, რომელიც 30 ან 40 წლის ან 50 ან 60 წლისაა — ისინი უფროსები არიან და საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ; გარკვეული სიტუაციების წინაშე აღმოჩენისას, მათ აქვთ სიბრძნე, რათა მოაგვარონ ისინი და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახიფათო სიტუაციის წარმოქმნა. ახალგაზრდებს ბევრი რამ არ უნახავთ და არ გამოუცდიათ, ამიტომ არ იციან, როგორ მოაგვარონ ასეთი სიტუაციები; საფრთხის წინაშე აღმოჩენისას, შეიძლება პოტენციური სახიფათო შედეგებიც კი ვერ გააცნობიერონ, რის გამოც ადვილად შეიძლება ინციდენტები მოხდეს. უფროსი ასაკის ადამიანებს კი, რადგან უფრო მეტად იცნობენ ამ საზოგადოებისა და კაცობრიობის უკეთურებას, ადამიანებთან ურთიერთობაში მეტ სიფხიზლეს იჩენენ. საზოგადოებაში მიღებულ გამოცდილებასა და რეალური ცხოვრებიდან მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მათ შეუძლიათ გონივრულად განსაჯონ, რა სახის საფრთხე შეიძლება წარმოიშვას გარკვეულ სიტუაციებში, რამდენად მაღალია საფრთხის დონე, რომელი ადამიანები არიან ბოროტი ადამიანები და რა სახის საქმეები შეიძლება ჩაიდინონ გარკვეულმა ადამიანებმა. სახიფათო სიტუაციებთან გამკლავებისას მათ ასევე შესწევთ სიბრძნე, რათა საფრთხეს თავი დააღწიონ. მეორეს მხრივ, ახალგაზრდებს გამოცდილება აკლიათ. როდესაც გარკვეულ სიტუაციებს აწყდებიან, ვერ აცნობიერებენ, რა პოტენციური სახიფათო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ამიტომ, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უფროსი ადამიანები უფრო საფუძვლიანად ითვალისწინებენ ყველაფერს, ვიდრე ახალგაზრდები. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ადამიანებს მოვალეობის შესასრულებლად გარეთ აგზავნიან, მათ ადგილობრივი პირობები უნდა გაითვალისწინონ და ახალგაზრდებთან თანამშრომლობისთვის უნდა გამოჰყონ შედარებით უფროსი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სიბრძნე და გამოცდილება აქვთ, რათა მათ ერთად შეასრულონ მოვალეობა. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს საკითხები საფუძვლიანად უნდა აწონ-დაწონონ.

რომელ ქვეყანაშიც არ უნდა სრულდებოდეს ეკლესიის საქმე, მოვალეობების შემსრულებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის საქმის ის ნაწილი, რომელსაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ. ვინც არ უნდა გაიგზავნოს ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად, მას უნდა ჰქონდეს ამ საქმისთვის შესაფერისი გარკვეული კალიბრი და უნარები, რათა იყოს კომპეტენტური მოცემული საქმისთვის და მისი უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იყოს; განსაკუთრებით კი ეს ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ ცუდ მდგომარეობაში მყოფ რაიონებსა თუ ქვეყნებს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა მოვალეობის შემსრულებელთა უსაფრთხოება მთავარ საკითხად უნდა მიიჩნიონ და დაუდევრად არ უნდა უგულებელყონ იგი. ზოგი ადამიანი ამბობს: „ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ხომ ღვთის სახლში ვასრულებთ მოვალეობებს — გვაქვს ღვთის მფარველობა, ამიტომ არავინ მოკვდება. რა შეიძლება წავიდეს არასწორად?“ სწორია მათი მხრიდან ასე თქმა? (არა.) რატომ არა? (ასე ლაპარაკი უპასუხისმგებლობაა და ეს შეხედულებაც ძალიან მოწყვეტილია რეალობას.) ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმ პასუხისმგებლობების განსახორციელებლად, რომელთა შესრულებაც შეუძლიათ, და ყურადღება მიაქციონ იმას, რისი გათვალისწინებაც შეუძლიათ; მათ არ უნდა გამოცადონ ღმერთი და ძმებისა და დების უსაფრთხოება ფსონად არ უნდა დადონ. ღმერთს შეუძლია ადამიანების დაცვა, მაგრამ თუ არ გაითვალისწინებ იმ პრობლემებს, რომელთა გათვალისწინებაც შეგიძლია, და ძმებისა და დების უსაფრთხოებას ღვთის გამოსაცდელად ფსონად იყენებ, ღმერთი გამოგააშკარავებს — ვინ გაიძულა, ასეთი უკიდურესად სულელი ყოფილიყავი და ასეთი იდიოტური საქმეები გეკეთებინა! ამიტომ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასეთი ლაპარაკით უპასუხისმგებლო მოქმედება არ უნდა გაამართლონ; თავიანთი მოვალეობის შემსრულებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა შენი პასუხისმგებლობაა და შენი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულო. მას შემდეგ, რაც იზრუნებ ყველაფერზე, რისი გათვალისწინებაც და გაკეთებაც შეგიძლია, ის, თუ როგორ იმოქმედებს ღმერთი იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც შენ ვერ გაითვალისწინე, მხოლოდ მისი საქმეა და შენს პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ზოგი ადამიანი განურჩევლად მთელ პასუხისმგებლობას ღმერთს აკისრებს და ამბობს: „ადამიანთა უსაფრთხოებაზე ღმერთია პასუხისმგებელი, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს; შეგვიძლია, ვიქადაგოთ ისე, როგორც გვსურს. ღმერთთან ერთად ყველაფერი თავისუფალი და შეუზღუდავია; ამ საკითხებზე არ უნდა ვიდარდოთ! “ სწორია ასეთი განცხადება? (არა.) ამგვარი შეხედულების მიხედვით, როცა რამე ხდება, ადამიანებს აღარ სჭირდებათ პრინციპების ძიება; ასე რომ იყოს, მაშინ რა სარგებლობა ექნებოდა ჭეშმარიტებას, რომელიც ღმერთმა გამოხატა? ის ხომ უსარგებლო იქნებოდა. ამ წლების განმავლობაში ღმერთმა დიდი მოთმინებითა და გულმოდგინე ზრუნვით იმდენი სიტყვა წარმოთქვა ადამიანების დასამოძღვრად, რათა მის რჩეულ ხალხს გაეგო, როგორ უნდა გადარჩეს, როგორ უნდა ესწრაფოს ჭეშმარიტებას და როგორ უნდა მოიქცეს ამ ბოროტ სამყაროში ამ ბოროტ ადამიანთა შორის ისე, რომ ღვთის განზრახვებს შეესაბამებოდეს. შენ არ გაქვს უფლება გამოცადო ღმერთი, ან იმოქმედო საკუთარი ნება-სურვილით, მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებაზე დაყრდნობით, ყოველგვარი პრინციპების გარეშე. იმისთვის, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა სახარების ქადაგების საქმე კარგად შეასრულონ, მათ უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. ამისათვის მათ ჯერ უნდა გაარკვიონ და ზუსტად იცოდნენ თავიანთი მოვალეობის შემსრულებელთა კონკრეტული გარემოებები, გაგზავნონ შესაფერისი ადამიანები და ასევე ესმოდეთ, რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ რომელიმე ადგილი განსაკუთრებით ქაოსურია, იქ არავის ჰყავს ნაცნობი და სახარების საქადაგებლად წასული ადამიანის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ ჯერჯერობით ნუ გაგზავნით იქ ხალხს; ნუ წახვალთ ამ რისკზე, ნუ გაიღებთ ფუჭ მსხვერპლს. რა მოვალეობაც არ უნდა სრულდებოდეს ან რა საქმეც არ უნდა ხორციელდებოდეს, ეს არ მოითხოვს შენგან თავგანწირვას ან სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას, არც იმას, რომ შენი უსაფრთხოება ან სიცოცხლე ფსონად ჩამოხვიდე. რა თქმა უნდა, ჩინეთის გარემოში მოვალეობის შესრულებისას რისკის გაწევა გარდაუვალია. ხელისუფლება დევნის მათ, ვისაც ღმერთი სწამს და მაშინაც კი, როცა კარგად იცი, რომ საფრთხე არსებობს, მაინც უნდა გწამდეს ღმერთი, მიჰყვე ღმერთს და შეასრულო შენი მოვალეობა; არ შეგიძლია შენი მოვალეობის მიტოვება და არც ერთი საქმე არ უნდა შეჩერდეს. საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში ვითარება განსხვავებულია — ზოგი ჩინეთის მსგავსად ავტორიტარული ქვეყანაა, ზოგს კი დემოკრატიული სისტემა აქვს. დემოკრატიული სისტემის მქონე ქვეყნებში სახარების ქადაგების საქმე შეიძლება დაუბრკოლებლად წარიმართოს და სხვადასხვა სამუშაო პროცესიც უფრო შეუფერხებლად განხორციელდეს. მაგრამ ზოგ ავტორიტარულ ქვეყანაში ხალხი იმდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილია, რომ მათთვის ჭეშმარიტი გზის მიღება ადვილი არ არის. როდესაც მათ სახარებას უქადაგებენ, ისინი არათუ არ იკვლევენ მას, არამედ შეიძლება ბრმად დაგმონ კიდეც და ვითარება პოლიციასაც კი შეატყობინონ. ასეთ შემთხვევაში იქ სახარების საქადაგებლად ადამიანები არ გაგზავნოთ; ამის ნაცვლად, საქმის განსახორციელებლად აირჩიეთ ისეთი ადგილები, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. ეს ყველა ის საკითხია, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა გულდასმით უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალაიზია, ინდონეზია ან ინდოეთი, სადაც რელიგიური ფონი ძალიან რთულია, გარკვეულ რელიგიურ მიმდინარეობებს დიდი გავლენა აქვთ და მთელ საზოგადოებას აკონტროლებენ, იმდენადაც კი, რომ ხელისუფლებებიც ემორჩილებიან ამ რელიგიების გავლენას. ასეთ ქვეყნებში სახარების საქადაგებლად დამატებით ადამიანები არ გაგზავნოთ; საკმარისია, სახარება მხოლოდ ადგილობრივმა ეკლესიებმა იქადაგონ. ზოგ ქვეყანაში მდგომარეობა შტატებისა თუ პროვინციების მიხედვით განსხვავდება, და ადგილობრივი კანონები და წესები განსხვავდება ეროვნული კანონებისა და წესებისგან. მაგალითად, გარკვეულ რეგიონში განსაკუთრებული რელიგიური ფონია, სადაც ეკლესია და სახელმწიფო ერთიანია. ზოგან რელიგიური წინამძღოლების ავტორიტეტი ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლებასაც კი აღემატება, რის გამოც ისინი ზოგჯერ აშკარად უგულებელყოფენ სახელმწიფოებრივ კურსს. თუ ასეთ რეგიონებში სახარებას იქადაგებ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები იარსებებს. ეს პოტენციური რისკები მხოლოდ შენ შესახებ ჭორების შეთხზვით ან შენი გაძევებით არ შემოიფარგლება — მათ შეუძლიათ დაგაპატიმრონ, ბრალის წაყენების გარეშე ციხეში ჩაგსვან და გაწამონ, დაგასახიჩრონ ან მოგკლან კიდეც, ხოლო ხელისუფლება არ ჩაერევა. სინამდვილეში, რელიგიურ აღმსარებლობათა უმეტესობის წინამძღოლებს სძულთ სხვა რელიგიები. რადგან მათი გავლენა მეტისმეტად დიდია და ისინი საერთოდ არ იზღუდებიან კანონით, ვერავინ ბედავს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, როგორი სისასტიკითაც არ უნდა დევნიდნენ სახარების მუშაკებს, და თვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი არ სურთ მათი განაწყენება. როგორც კი მათ ტერიტორიაზე სახარების ქადაგებას დაიწყებ, მათ შეუძლიათ ისე გაწამონ, როგორც მოესურვებათ. ამიტომ, როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ადამიანებს სახარების საქადაგებლად სადმე აგზავნიან, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ჯერ უნდა გამოიკვლიონ და შეისწავლონ იქ არსებული ვითარება — არის თუ არა იქ რწმენის თავისუფლება, რამდენად ძლიერია რელიგიური ძალები და რა შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ იქ სახარების მქადაგებლებს დაასმენენ. ეს საკითხები ნათლად უნდა იყოს გააზრებული, სანამ გადაწყდება, გაგზავნონ თუ არა იქ ადამიანები. თუ რომელიმე ადგილის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაირკვევა, რომ ის სახარების ქადაგებისთვის არ არის შესაფერისი, მაშინ არავის აქვს უფლება, იქ სახარების საქადაგებლად ადამიანები გაგზავნოს. ესეც იმ საქმის ნაწილია, რომელიც სახარების მუშაკთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შესრულდეს. ზოგ წინამძღოლსა და მუშაკს დამახინჯებული აღქმა აქვს და ამბობს: „ყველაფერი რიგზეა; ღმერთი დაგვიცავს. რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო მეტად უნდა შევეჭიდოთ მას. იმ ადგილას იმდენი ადამიანია, ვისაც უფალი სწამს, მაშ რატომ არ უნდა წავიდეთ იქ სახარების საქადაგებლად?“ ვიღაც ეუბნება მათ: „იქ კერძო ციხეებია. თუ იქ სახარების საქადაგებლად წავალთ, არა მხოლოდ დაგვაკავებენ, არამედ შეიძლება იქ დავიხოცოთ კიდეც. ვერ წავალთ!“ ის უგუნური ცრუ წინამძღოლები გულში ფიქრობენ: „დიდ წითელ დრაკონს ამდენი ციხე აქვს, მაგრამ მისი არ გვეშინია — მაშ, რატომ უნდა გვეშინოდეს იქაური კერძო ციხეების? ციხეში შეიძლება დაატყვეონ ჩვენი სხეულები, მაგრამ არა ჩვენი გულები! ნუ შეგეშინდებათ — უბრალოდ წადით!“ შემდეგ ისინი ადამიანთა ჯგუფებს ერთმანეთის მიყოლებით აგზავნიან და ბოლოს არცერთი მათგანი არ ბრუნდება; ყველას აკავებენ. ცრუ წინამძღოლები გაოგნებულნი არიან. რა პრობლემაა აქ? (ასეთი ცრუ წინამძღოლები უტვინოები არიან.) ასეთი ცრუ წინამძღოლები არამზადები არიან; ისინი უპასუხისმგებლონი არიან და ადამიანებს საფრთხის ხახაში გზავნიან. რატომ არ მიდიან თავად? თუ საფრთხის არ ეშინიათ, ჯერ თავად უნდა წავიდნენ. თუ ისინი წავლენ, მშვიდობიანად დაბრუნდებიან და ადამიანებსაც მოაქცევენ, მაშინ სხვებსაც შეუძლიათ მათ მიჰყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სახარების ქადაგებისას ადამიანთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ გასწიოთ რისკი იმ ადგილებში, რომლებიც სახიფათოა და სახარების ქადაგებისთვის შეუფერებელია. ნუ ფიქრობთ, რომ მატერიკული ჩინეთის გარეთ ნებისმიერი ადგილი უსაფრთხოა; ეს ილუზია და დამახინჯებული გაგებაა. მხოლოდ უმეცარი ადამიანები ფიქრობენ ასე — ასეთ ადამიანებს მეტისმეტად ცოტა რამ გაეგებათ ამ სამყაროს შესახებ! არ იფიქრო, რომ რადგან დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში რწმენის თავისუფლება არსებობს და უფლის მორწმუნეც შედარებით ბევრია, შეგიძლია ღიად იქადაგო სახარება და ღიად გამოთქვა სხვადასხვა განცხადება, რომლებიც ამხელს, რამდენად ბნელი და ბოროტია რელიგიური სამყარო; თუ ასე მოიქცევი, ამას წარმოუდგენელი მდგომარეობა მოჰყვება. უნდა გესმოდეს, რომ სახარების ქადაგებისას, რელიგიურ ადამიანებს უქადაგებ თუ არამორწმუნეებს, შენ წინაშე დგას გახრწნილი კაცობრიობა, კაცობრიობა, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. ამ საკითხს მეტისმეტად გამარტივებულად ნუ შეხედავ.

თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს სურთ სახარების მუშაკთა უსაფრთხოების გარანტირება, მათ საკითხის ყველა ასპექტი საფუძვლიანად უნდა გაითვალისწინონ და, თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვა, ის დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. ამის შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მიღებულ გამოცდილებასა და გაკვეთილებზე დაყრდნობით უნდა იპოვონ პრაქტიკის პრინციპები და გზა, და განსაზღვრონ, როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში — ესეც სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს ადრე არ გაუთვალისწინებიათ ან არ შეხვედრიათ; პრობლემების წარმოშობის შემდეგ მათ უნდა გამოიტანონ დასკვნა: „კიდევ უნდა წავიდეთ ასეთ ადგილას? სწორია ადამიანების ასე გაგზავნა? უნდა შევცვალოთ გეგმები, სტრატეგია ან მიმართულება სახარების ქადაგების ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საქმის შემდგომი ნაბიჯებისთვის?“ დასკვნების გამოტანის უწყვეტ პროცესში წინამძღოლებმა და მუშაკებმა თანდათან უნდა განსაზღვრონ საქმის მეთოდები და პრინციპები, რათა რაც უფრო მეტს აკეთებენ ამ საქმეს, მით უფრო კონკრეტული გახდეს იგი და მით უფრო მეტად მიაღწიონ მოსალოდნელ სტანდარტს, ნაკლები გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, ან საერთოდ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ან თუნდაც მნიშვნელოვან სამუშაო პერსონალს არ მოუწიოს რაიმე რისკის აღება. ამის მისაღწევად წინამძღოლებმა და მუშაკებმა ხშირად უნდა გაანალიზონ გამოცდილება და გაერკვნენ სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში სახარების ქადაგებისას აწყდებიან. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ და რაც უფრო ზუსტი იქნება იგი, მით უფრო ზუსტი იქნება საკითხების მოგვარების პრინციპები და გეგმები, რაც საბოლოოდ ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას გახდის შესაძლებელს. ამგვარად, შესაძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ სახარების ქადაგების საქმე გეგმაზომიერად წარიმართოს.

III. როგორ მოვექცეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ უსაფრთხოების საქმეს

ზოგ წინამძღოლსა და მუშაკს მწირი კალიბრი აქვს და პასუხისმგებლობის გრძნობა აკლია; მათ რეალური საქმის შესრულება არ შეუძლიათ და თანაც მეტისმეტად ზარმაცები არიან, რომ რეალური საქმე შეასრულონ. იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებლები ხშირად აწყდებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, რის გამოც გადაადგილება ან სხვა ადგილას გადასვლა უწევთ და თავიანთი მოვალეობის მშვიდად შესრულებას ვერ ახერხებენ. ხშირად ისეთი რამეც კი ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს. მაგალითად, რომელიმე წინამძღოლი ან მუშაკი პოულობს მასპინძელ სახლს, რომელიც დაბლობზე მდებარეობს. როდესაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და წყალდიდობა, იმის შიშით, რომ სახლი არ დაიტბოროს, იქ მცხოვრებ ძმებსა და დებს წინასწარ უწევთ გადასვლა — სამუშაო აღჭურვილობის, ქვაბების, ტაფებისა და ყველა სხვა ნივთის წაღება; გადასვლის პროცესი ზედიზედ ორ დღეს გრძელდება. ეს ყველას საშინლად ღლის და ადამიანები გულგატეხილობისგან უღონოდ არიან. ისინი ამბობენ: „რამდენიმე დღეში ერთხელ გვიწევს საცხოვრებლის გამოცვლა, სულ გაქცევაში ვართ. როდის დასრულდება ეს? ნუთუ არ შეიძლება ვიპოვოთ უსაფრთხო და საიმედო სახლი, სადაც ჩვენს მოვალეობას ნორმალურად შევასრულებთ?“ ასეთი წინამძღოლები და მუშაკები ამ ელემენტარულ საქმესაც კი ვერ ართმევენ თავს; მათ დაქვემდებარებაში მყოფ ძმებსა და დებს არც ნორმალური კვება აქვთ, არც ნორმალური ძილი და არც სათანადო საცხოვრებელი. მათი საცხოვრებელი პირობები ყოველთვის დროებითია და ყველა მზად არის, ნებისმიერ დროს გაექცეს უბედურებას. როგორც კი ყოველდღიური მოხმარების ნივთების გამოყენებას დაასრულებენ, სწრაფადვე ალაგებენ მათ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოულოდნელი შემოწმება. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ ეს ღვთის მორწმუნეების შემოწმებას ნიშნავს, ამიტომ ისინი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ სხვა ადგილას გადასასვლელად. ამის გამო მოვალეობის შემსრულებლები მუდმივად შიშში არიან და უსაფრთხოების განცდა არ აქვთ. განა ეს არ მოქმედებს იმაზე, რამდენად ჯეროვნად ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობას? განა ეს არ უკავშირდება იმ საქმეს, რომელსაც წინამძღოლები და მუშაკები ასრულებენ? (დიახ.) როგორ ასრულებენ ისინი ამ საქმეს? (ცუდად ასრულებენ, თავიანთ პასუხისმგებლობას არ ასრულებენ.) ზოგი წინამძღოლი და მუშაკი უპასუხისმგებლოა და თავდადება აკლია. მათ თავად არ აქვთ მაღალი მოთხოვნები საცხოვრებელი პირობების მიმართ; მათთვის საკმარისია ისეთი ადგილი, რომელიც ქარისა და წვიმისგან დაიცავს. ამიტომ ისინი სათანადო ძალისხმევასაც არ იჩენენ, რომ ძმებისა და დებისთვის საცხოვრებლად უსაფრთხო და სტაბილური ადგილი იპოვონ. ზოგ წინამძღოლსა და მუშაკს მწირი კალიბრი აქვს; მათ არ იციან, როგორი გარემოა მშვიდი და საცხოვრებლად შესაფერისი, ან როგორი გარემოა შესაფერისი იმისთვის, რომ ძმებმა და დებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულონ. ისინი ქირაობენ დაბლობ ადგილას მდებარე სახლს, რომლის დაქირავებაც სხვას არავის სურს, და მას შემდეგ, რაც ძმები და დები იქ გადადიან, რამდენიმე დღეში ეგზემა უჩნდებათ და მთელ სხეულზე ქავილით იტანჯებიან. რა ხდება? სახლი მეტისმეტად ნესტიანია და იატაკიდან წყალი ჟონავს. შეუძლია ვინმეს ასეთ ადგილას ცხოვრება? ასეთი წინამძღოლები და მუშაკები ამ პრობლემასაც კი ვერ აგვარებენ, ვერ პოულობენ მოვალეობის შესასრულებლად შესაფერის სახლს — ეს როგორი კალიბრია? ზოგიერთი სხვა წინამძღოლი და მუშაკი ქირაობს სახლებს, რომლებშიც მუდმივად ჩამოდის წვიმის წყალი, უბერავს ქარი, ხმის იზოლაცია არ არის ან არ არის ინტერნეტი, წყალი თუ ელექტროენერგია — როგორ შეიძლება ადამიანმა იქ იცხოვროს? ისინი ყურადღებას არ აქცევენ კარგ სახლებს და ჯიუტად ქირაობენ სწორედ ასეთ ხარვეზიან სახლებს — განა ეს საქმეს არ აფერხებს? მიუხედავად იმისა, რომ ძმებსა და დებს ღია ცის ქვეშ გაჭირვებით ცხოვრება არ უწევთ, სახლს აკლია ბევრი ელემენტარული საცხოვრებელი პირობა; მათთვის კარავში ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. მაშინაც კი, თუ ძმებისა და დების უმეტესობა გაჭირვებას არის მიჩვეული და ფიქრობს, რომ ასეთი დონის გაჭირვების ატანა რაღაც უკიდურესი არ არის და მისი მოთმენა შეუძლია, განა რამდენიმე დღეში ერთხელ ასეთი ტანჯვა სისტემატურად არ იმოქმედებს მათი მოვალეობის შესრულებაზე? ამგვარად, თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს მწირი კალიბრი აქვთ და პასუხისმგებლობის გრძნობა აკლიათ, ისინი ამ საქმეს ვერ გაართმევენ თავს; მათ დროულად უნდა დატოვონ თანამდებობა და რეკომენდაცია გაუწიონ ვინმეს, ვისაც შეუძლია ეს საქმე ჯეროვნად შეასრულოს, რათა გავლენა არ მოახდინონ მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის უმეტესობის ცხოვრებასა და მოვალეობის შესრულებაზე. მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა განთავსებისას არ არის საჭირო ყოველი ცალკეული ასპექტის გათვალისწინება, მაგრამ აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობები მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მხოლოდ მაშინ, როცა ეს უზრუნველყოფილია, ეკლესიის საქმე არ დაზარალდება. ადვილია ამ საქმის შესრულება? (დიახ.) მარტივია მხოლოდ იმის თქმა, რომ მისი შესრულება ადვილია, მაგრამ თუ წინამძღოლები და მუშაკები მწირი კალიბრის მქონე დაბნეული ადამიანები არიან და პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ აქვთ, ისინი ამას უბრალოდ ვერ გააკეთებენ. როდესაც წინამძღოლებსა და მუშაკებს არ შეუძლიათ ამ საქმის შესრულება ან ჯეროვნად შესრულება, ამის გამო ბევრი ადამიანი იტანჯება და ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს შიმშილობას გაურბოდეს — ასეთ მდგომარეობაში როგორ შეუძლიათ მოვალეობის შესრულება? ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს არ ესმის ჭეშმარიტების პრინციპები, მაგრამ მაინც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათ საქმის ჯეროვნად შესრულება არ შეუძლიათ, მაგრამ თანამდებობიდან გადადგომაზე უარს ამბობენ, საკუთარ პოზიციას ებღაუჭებიან და არ მიდიან. როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ წინამძღოლებს? (ისინი უნდა გათავისუფლდნენ.) მათი გათავისუფლება ადვილია; პრობლემა ის არის, არის თუ არა ვინმე უკეთესი, ვინც მათ საქმეს გადაიბარებს. თუ არ არის, შეგიძლიათ თქვენ ამ საქმის საკუთარ თავზე აღება? შეგიძლიათ იმის გარანტირება, რომ მნიშვნელოვან სამუშაო პერსონალს სტაბილური საცხოვრებელი გარემო ექნება? თუ ერთი ადამიანი ამას ვერ უმკლავდება, შეგიძლიათ სამმა ან ხუთმა ითანამშრომლოთ და ეს საქმე საკუთარ თავზე აიღოთ? თუ თქვენც ვერ უმკლავდებით ამ საქმეს — თუ ასეთ მარტივ ამოცანასაც კი ვერ ასრულებთ და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაც კი არ შეგიძლიათ — მაშინ დროებით ცოტათი მეტი გაჭირვებისა და ტანჯვის ატანა მოგიწევთ. თუ კვლავ შეძლებთ თქვენი მოვალეობის შესრულების გაგრძელებას და ღმერთი დაინახავს რა, რომ თქვენი ნება, აიტანოთ გაჭირვება, საკმაოდ მტკიცეა, გამოგიგზავნით ვინმეს, ვინც საქმეს საიმედოდ უძღვება და პრობლემების გადაჭრა შეუძლია, მაშინ თქვენი ტანჯვის დღეები დასრულდება და მათ კარგი დღეები ჩაანაცვლებს. თუ ასეთი ადამიანი არ მოვა ამ პრობლემების გადასაჭრელად, მაშინ თქვენს ბედს უნდა შეეგუოთ — თქვენთვის ამ მძიმე მდგომარეობის ატანაა განსაზღვრული; უნდა დამშვიდდეთ და მოითმინოთ; გული უნდა დაიმშვიდოთ და მოითმინოთ. სინამდვილეში, ამ მცირე გაჭირვების ატანა ღირს; ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ციხეში ყოფნა და წამების ატანა. ყოველ შემთხვევაში, არ გაწამებენ და დაკითხვას არ გიწყობენ; ჯერ კიდევ შეგიძლიათ ღვთის სიტყვების კითხვა, თქვენი მოვალეობის შესრულება და ძმებთან და დებთან ერთად ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება. თუმცა არსებობს გარკვეული შიშები, წარუმატებლობები და დაბრკოლებები გზაზე და ხშირად გიწევთ ადგილის შეცვლა, მაგრამ ეს მაინც არაჩვეულებრივი გამოცდილებაა თქვენს ცხოვრებაში, საიდანაც შეგიძლიათ გაკვეთილები გამოიტანოთ და გარკვეული სარგებელი მიიღოთ. განა ეს საკმაოდ კარგი არ არის? (დიახ.) ადამიანებს სიძნელეების ატანის მტკიცე ნება უნდა ჰქონდეთ და ღმერთს მისცენ საშუალება, როგორც სურს, ისე განაგოს ყველაფერი. თუ ნამდვილად ვერ უძლებთ ამ სიძნელეებს, შეგიძლიათ გულებში გულწრფელად ილოცოთ ღმერთის მიმართ: „ღმერთო, გთხოვ, მოგვხედო ჩვენ, ვინც ვიტანჯებით — რა საცოდავები ვართ! ჩვენ მოგყვებით ყოველგვარი ჩივილისა და სინანულის გარეშე! გთხოვთ, ჩვენი ურყევი ერთგულების გათვალისწინებით, დაასრულო ეს სიძნელეებით სავსე ცხოვრება! გთხოვთ, გამოგვიგზავნო შესაფერისი წინამძღოლი ან მუშაკი, რათა მან ჩვენთვის შესაფერისი ადგილი იპოვოს! ჩვენ მუდმივად ღია ცის ქვეშ გაჭირვებით ვცხოვრობთ, ყოველდღე ადგილიდან ადგილზე გადავდივართ და არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. აღარ გვინდა ადგილიდან ადგილზე ხეტიალი — გთხოვთ, მოგვიძებნო სტაბილური საცხოვრებელი!“ შესაფერისია ასე ლოცვა? შეგიძლიათ ასე ილოცოთ; გარემოს საჭიროებებიდან გამომდინარე ასე უნდა ილოცოთ.

სხვა კუთხით რომ შევხედოთ, სიძნელეების ატანა არც ისეთი ცუდია; გარკვეული სიძნელეების ატანას შეუძლია შენი ნების გამტკიცება. რას ნიშნავს შენი ნების გამტკიცება? ეს ნიშნავს, რომ ამ სიძნელეების მუდმივად ატანა მათ მიმართ უგრძნობელს გხდის და უკვე აღარ აღიქვამ სიძნელეებად; რაც არ უნდა დიდი სიძნელეები გამოიარო, მას აღარ აღიქვამ, როგორც ტკივილს. თუმცა, როდესაც სხვადასხვა სიტუაციას აწყდები, მათგან გარკვეული გაკვეთილები უნდა ისწავლო, გამჭრიახობა მოიპოვო და ადამიანების გარჩევა ისწავლო. თუ წინამძღოლს ან მუშაკს უკიდურესად მწირი კალიბრი აქვს და განთავსების საქმის სათანადოდ შესრულებაც კი არ შეუძლია, როგორ შეძლებს ის ღვთის რჩეული ხალხის უზრუნველყოფასა და წინამძღოლობას? ასეთი ადამიანები წინამძღოლებად ან მუშაკებად ვერ გამოდგებიან. ღვთის სახლს სახლების დასაქირავებლად საჭირო ფული არ აკლია და მას არ სურს, რომ ძმები და დები მუდმივად სტაბილური საცხოვრებელი ადგილის გარეშე იყვნენ. ღვთის სახლი არ უჭერს მხარს იმას, რომ ადამიანები მუდამ იტანდნენ სიძნელეებს ან ყოველდღე რთული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, არც იმას გაურბის, რომ ადამიანებმა გარკვეული სიძნელეები აიტანონ. მაგრამ თუ წინამძღოლები და მუშაკები განთავსების ორგანიზებასაც კი ვერ უმკლავდებიან და რაიმე ჯეროვანი საქმის გაკეთება მათთვის ნამდვილად ბრძოლაა, მაშინ რით შეუძლიათ დაიკვეხნონ? თითოეული მათგანი წარმოსადეგად გამოიყურება, დიპლომები აქვს და სტატუსის მქონე ადამიანია, მაგრამ ასეთი მცირე საკითხის მოგვარებაც კი მათთვის ამხელა სირთულეს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს იზამ — ისღა დაგრჩენია, რომ ეს ღვთისაგან მიიღო. ეს არის სიძნელეები, რომლებიც ადამიანებმა უნდა აიტანონ; ღმერთს უნდა მისცე საშუალება, როგორც სურს, ისე წარმართოს ყველაფერი. ეს სწორია. შესაძლოა, ერთ დღეს ამ სიძნელეებს უკეთესი დღეები მოჰყვეს და ასეთი ცხოვრება აღარ გაგრძელდეს. როგორ გარემოშიც არ უნდა იყო, მორჩილების დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნო და ჩივილს მოერიდო. თუ რომელიმე წინამძღოლი ან მუშაკი არასაიმედოა და საქმეს ჯეროვნად ვერ ასრულებს, ნუ მისცემ ამას უფლებას გავლენა მოახდინოს შენს გულწრფელობასა და ღვთისადმი ერთგულებაზე და არც შენს ღვთისადმი მორჩილებასა და მის მიმართ მორჩილების დამოკიდებულებაზე. ამგვარად, ამ საკითხთან მიმართებაში მტკიცედ დადგები. წინამძღოლები და მუშაკები უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თუ ისინი დაბალი კალიბრის პიროვნებები არიან და საქმის შესრულება არ ძალუძთ, ან თუ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან, რომლებიც თავიანთ პასუხისმგებლობას არ ასრულებენ, ეს მათი პირადი პრობლემაა და ღვთის სახლთან კავშირი არ აქვს. ღვთის სახლს არ დაუვალებია მათთვის ასე მოქცევა; უბრალოდ, ისინი თავიანთი უპასუხისმგებლობის გამო გამოაშკარავდნენ. ისინი ვერ ასრულებენ ღვთის სახლის მიერ მათთვის მინდობილ საქმეს და ამიტომ სხვა გზა არ რჩება — ისინი უნდა მოიხსნან და განიდევნონ. ასეთ გარემოებებში, როდესაც ღვთის რჩეული ადამიანები ამ სიძნელეებს იტანენ, მათ ეს ღვთისაგან უნდა მიიღონ და ღმერთს მისცენ საშუალება, როგორც სურს, ისე წარმართოს ყველაფერი. მაშინაც კი, თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს საქმე კარგად არ შეუსრულებიათ ან მათ რაიმე პრობლემები აქვთ, ის ფაქტი, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე, სამუდამოდ უცვლელია. შენი სწრაფვა ღვთის მიყოლისკენ, ღვთისადმი მორჩილებისა და ღვთის სიტყვების მიღებისკენ არასოდეს უნდა შეიცვალოს. ეს მარადიული ჭეშმარიტებებია. მოვალეობის შესრულებისას როგორი უსიამოვნო საკითხებიც არ უნდა წარმოიშვას, ისინი ღვთისგან უნდა მიიღო და მათში არსებული გაკვეთილები გამოიტანო. ღვთის წინაშე უნდა დამშვიდდე და მის მიმართ ილოცო და არ მისცე საკუთარ თავს უფლება, გარე სამყარომ გავლენა მოახდინოს შენზე. უნდა ისწავლო სხვადასხვა გარემოსთან შეგუება და სხვადასხვა გარემოში ღვთის საქმიდან გამოცდილების მიღება. მხოლოდ ამგვარად შეძლებ სიცოცხლეში შესვლას. ზოგი ადამიანის სიმწიფე დაბალია; სიძნელეების წარმოშობისას ისინი ჩივიან და ღელავენ, დარდობენ და ღვთისადმი რწმენას კარგავენ — ეს უკიდურესი სისულელე და უმეცრებაა! წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც რეალურ საქმეს არ ასრულებენ, გამოაშკარავდნენ და განიდევნენ, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას შენთან? რატომ უნდა გახდე ნეგატიური და ღმერთს დაშორდე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ყველაფერი არასწორად გააკეთეს? განა ეს სრულიად ურჩობა არ არის? (არის.) როდესაც ადამიანები რამეს არასწორად აკეთებენ, შეგიძლია მათი ქცევები გაარჩიო და უარყო, მაგრამ ღმერთი არ უარყო და ჭეშმარიტება არ უარყო. ჭეშმარიტება არ არის არასწორი, ღმერთი არ არის არასწორი. ღვთის თავდაპირველი განზრახვა არ არის, რომ ადამიანებმა ასეთი სირთულეები აიტანონ; მაგრამ გახრწნილი კაცობრიობისთვის გარკვეული სირთულეების ატანა მართლაც აუცილებელია. ცოტაოდენი სირთულის ატანა შენთვის სასიკეთოა; სარგებელი ის არის, რომ გაკვეთილებს იღებ და პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტების ძიებას სწავლობ. თუ სხვადასხვა სიძნელის ატანა შეგიძლია, გარკვეულ გამძლეობას იძენ და სხვადასხვა გარემოში შენს მოწმობაში მტკიცედ დგომას ახერხებ. სირთულეების ატანის უნარი შენს ღვთისადმი მორჩილების გადაწყვეტილებას ამტკიცებს. ეს არის ღვთის თავდაპირველი განზრახვა და ის მდგომარეობა, რომლის დანახვაც ღმერთს შენში სურს. თუ შეგიძლია გაიგო ღვთის განზრახვები და ღვთის განზრახვების შესაბამისად იმოქმედო და პრაქტიკაში დანერგო; თუ შეგიძლია, როგორი ადამიანებიც ან გარემოებებიც არ უნდა შეგხვდეს, ღმერთი არ მიატოვო; და თუ შეგიძლია ისწავლო ჭეშმარიტების პრაქტიკაში დანერგვა, გქონდეს ღვთისადმი მორჩილება, სწორი გაგება და დამოკიდებულება, შეინარჩუნო უცვლელი რწმენა ღვთისადმი და, რამდენი ტანჯვაც არ უნდა აიტანოს შენმა ხორცმა, ღმერთს არ შესჩივლო და გულით არ დაშორდე მას, მაშინ სიმწიფე გაგაჩნია.

წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა დაიცვან მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა უსაფრთხოება და დაიფარონ ისინი გარე სამყაროს ჩარევისგან. ეს საქმე მრავალ დეტალს მოიცავს. ერთი მხრივ, წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ესმოდეთ, კონკრეტულად როგორ განახორციელონ ეს დეტალური ამოცანები. გარდა ამისა, გარკვეული განსაკუთრებული სიტუაციების წარმოქმნისას მათ ზუსტი შეფასებები უნდა გააკეთონ, შემდეგ შესაბამისი პრინციპები იპოვონ და ამ სიტუაციების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმები შეიმუშაონ. საბოლოო მიზანია ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მხოლოდ ამგვარად შეიძლება გარანტირებული იყოს სახარების ქადაგების საქმის გეგმაზომიერად წარმართვა. ამ პრინციპის დაცვა სწორია; ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების მიზანი და ამ საქმის შესრულების პრინციპი. თუ წინამძღოლები და მუშაკები ზუსტად იცავენ ამ მიზანსა და პრინციპს, მაშინ ისინი ამ საქმის შესრულებისას ძირითადად სტანდარტს აკმაყოფილებენ. კიდევ რა პრობლემებს მოიცავს ეს საქმე? ზოგი ადამიანი ამბობს: „ადრე არასოდეს ვყოფილვარ წინამძღოლი ან მუშაკი და არც ასეთი საკითხები შემხვედრია. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამ საქმეში და არც ის ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო. ამიტომ, არ მჭირდება ამის გაკეთება — ვის აინტერესებს, უსაფრთხოდ ხართ თუ არა? თავად მიხედეთ ამას.“ მისაღებია, რომ მათ უბრალოდ ხელები დაიბანონ ამ საკითხზე? (არა, არ არის.) ასეთი წინამძღოლები და მუშაკები უნდა გათავისუფლდნენ. თუ რეალურ საქმეს არ ასრულებ, რა სარგებელი მოაქვს შენს არსებობას? იმიტომ უნდა დაგტოვოთ, რომ ლამაზად გამოიყურები და დეკორაციად გამოგვადგები? ასეთი წინამძღოლები და მუშაკები უნდა გათავისუფლდნენ და მოიკვეთონ; მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, თანამდებობა დაიკავონ და საქმე არ აკეთონ. ცრუ წინამძღოლები რეალურ საქმეს არ ასრულებენ — მათ სინდისი ან გონიერება არ აქვთ, ასე არ არის? მათ ნამდვილად რომ ჰქონდეთ სინდისი და გონიერება, რატომ არ ეძებენ ჭეშმარიტებას პრობლემების გადასაჭრელად, როდესაც ისინი წარმოიშობა? არავინ იბადება ყველაფრის მცოდნედ; ყველა სწავლობს გზადაგზა. თუ ჭეშმარიტების ძიება შეგიძლია, საქმის ჯეროვნად შესრულების გზას იპოვი. თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, საქმის ჯეროვნად შესრულების გზას მოიფიქრებ. წინამძღოლობის საქმის შესრულება სინამდვილეში რთული არ არის; თუ ადამიანს ჭეშმარიტების ძიება შეუძლია, საქმის ჯეროვნად შესრულება ადვილია. გარდა ამისა, წინამძღოლებსა და მუშაკებს პარტნიორები ჰყავთ; თუ ორი ან სამი ადამიანი ერთი გულითა და ერთი აზრით მოქმედებს, ნებისმიერი საქმის შესრულება ადვილია. ამჟამად ბევრი წინამძღოლი და მუშაკი წვრთნას გადის; ისინი წვრთნას გადიან იმაში, რომ ყველაფერში ჭეშმარიტება ეძიონ პრობლემების გადასაჭრელად. ამ ეტაპზე, სულ მცირე, ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი კომპეტენტურია წინამძღოლობის საქმეში და სრულად შეუძლია სახარების გავრცელების საქმის კარგად შესრულება, ასე არ არის? (დიახ.) მაშ, დღეს აქამდე გვქონდეს თანაზიარება. ნახვამდის!

20 ივლისი, 2024 წ.

წინა: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (23)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება