თავი 17
სინამდვილეში, ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი გამონათქვამი, ადამიანთათვის უცნობია; ეს ეს ყოველივე არის სიტყვები, რომლებიც ხალხს არ სმენია. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ თავად ღვთის სიტყვები საიდუმლოა. ადამიანთა უმეტესობას შეცდომით სჯერა, რომ საიდუმლოებები მოიცავს მხოლოდ იმას, რისი ჩაწვდომაც ადამიანურ წარმოდგენებს არ ძალუძს, ზეციურ საკითხებს, რომელთა ცოდნის ნებასაც ღმერთი ახლა რთავს ადამიანებს ან იმ ჭეშმარიტებას, თუ რას აკეთებს ღმერთი სულიერ სამყაროში. აქედან ნათლად ჩანს, რომ ადამიანები ღვთის ყველა სიტყვას თანაბრად არ ეპყრობიან და არც საუნჯედ მიიჩნევენ მათ; ნაცვლად ამისა, ისინი ფოკუსირდებიან იმაზე, რასაც თავად მიიჩნევენ „საიდუმლოებებად“. ეს ამტკიცებს, რომ ადამიანებმა არ იციან, რა არის ღვთის სიტყვები ან რა არის საიდუმლოებები; ისინი მის სიტყვებს მხოლოდ საკუთარი წარმოდგენების ფარგლებში კითხულობენ. რეალობა ისაა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღვთის სიტყვები და სწორედ ეს არის მისი ნათქვამის საფუძველი: „ადამიანები ჩემს გაბრიყვებაში ექსპერტები არიან“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანებს ყოველგვარ ღირსებას მოკლებულად ან სრულ ხელმოცარულებად წარმოაჩენდეს; ეს კაცობრიობის რეალურ მდგომარეობას აღწერს. თავად ადამიანებისთვისაც არ არის ბოლომდე ნათელი, თუ რა ადგილი უკავია ღმერთს მათ გულებში; ეს სრულად მხოლოდ თავად ღმერთმა იცის. ამიტომ ამჟამად ადამიანები ძუძუმწოვარ ჩვილებს ჰგვანან. მათ სრულიად არ ესმით, რატომ სვამენ რძეს და რატომ უნდა გადარჩნენ. მხოლოდ დედას ესმის ჩვილის საჭიროებები; ის არც შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტებს მას და არც იმის ნებას მისცემს, რომ ზედმეტი ჭამით მოიკლას თავი. ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის ადამიანთა საჭიროებები, ამიტომ ზოგჯერ მისი სიყვარული მისსავე სიტყვებში ვლინდება, ზოგჯერ მათში მისი სამსჯავრო ვლინდება, ზოგჯერ ისინი ადამიანებს გულს სტკენს, ზოგჯერ კი გულწრფელი და სერიოზულია. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეიგრძნონ ღვთის სიკეთე და მისაწვდომობა და ის, რომ იგი არ არის მათ წარმოსახვაში არსებული შიშისმომგვრელი ფიგურა, რომელსაც ვერ შეეხებიან. არც ადამიანთა გონებაში არსებული ზეცის ძეა, რომლისთვისაც თვალის გასწორება შეუძლებელია და მით უმეტეს, არ არის უდანაშაულოთა დამხოცველი ჯალათი, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ. ღვთის მთელი ხასიათი მის საქმეში მჟღავნდება; დღეს ხორცშესხმული ღვთის ხასიათი კვლავაც მისი საქმით ვლინდება. ამგვარად, ღვთის მსახურება სიტყვების მსახურებაა — საქმე ის კი არ არის, რას აკეთებს იგი ან როგორ გამოიყურება გარეგნულად. საბოლოო ჯამში, ყველას დამოძღვრავს ღვთის სიტყვები და მათი მეშვეობით სრულქმნილი გახდება. თავიანთ გამოცდილებაში ღვთის სიტყვების წინამძღოლობით ადამიანები პრაქტიკის გზას მოიპოვებენ და ღვთის ბაგეთაგან გამომავალი სიტყვებით მის მთელ ხასიათს შეიცნობენ. მისი სიტყვების გამო ღვთის მთელი საქმე აღსრულდება, ადამიანები გაცოცხლდებიან და ყველა მტერი დამარცხდება. ეს არის უპირველესი საქმე, რომლის უგულებელყოფაც არავის შეუძლია. მოდით, შევხედოთ მის სიტყვებს: „ჩემი გამონათქვამები ჭექა-ქუხილივით გაისმის, ნათელს ჰფენს ყოველ მხარეს და მთელ დედამიწას და ჭექა-ქუხილსა და ელვაში ადამიანი განიგმირება. არავინ დარჩენილა მტკიცედ ჭექა-ქუხილსა და ელვაში; უმეტესობა გონებას კარგავს შიშისგან, როდესაც ნათელს ვფენ და არ იცის, რა მოიმოქმედოს“. როგორც კი ღმერთი ბაგეს ხსნის, სიტყვები გადმოედინება. იგი ყველაფერს სიტყვებით აღასრულებს, ყოველივე მათით გარდაიქმნება და უამრავი ადამიანი მათი მეშვეობით განახლდება. რას გულისხმობს „ჭექა-ქუხილი და ელვა“? და რას გულისხმობს „სინათლე“? ვერაფერი დააღწევს თავს ღვთის სიტყვებს. იგი მათ იყენებს ადამიანთა გონების გასაშიშვლებლად და მათი სიმახინჯის დასახატად; იგი იყენებს სიტყვებს მათი ძველი ბუნების გასასხლავად, რათა სრულქმნას მთელი თავისი ხალხი. განა სწორედ ეს არ არის ღვთის სიტყვების მნიშვნელობა? მთელ სამყაროში რომ არა ადამიანის საყრდენად და მხარდასაჭერად მოვლენილი ღვთის სიტყვები, კაცობრიობა დიდი ხნის წინ აღიგვებოდა პირისაგან მიწისა და შეწყვეტდა არსებობას. ეს არის ღვთის მოქმედების პრინციპი და ის მეთოდი, რომლითაც იგი თავისი ექვსათასწლიანი მართვის გეგმის განმავლობაში ასრულებს საქმეს. ეს ნათელს ხდის ღვთის სიტყვების მნიშვნელობას. ისინი პირდაპირ ადამიანთა სულების სიღრმეში აღწევენ. როგორც კი ადამიანები მის სიტყვებს ხედავენ, გაოგნებულნი და თავზარდაცემულნი არიან და სასწრაფოდ გარბიან. მათ სურთ, თავი დააღწიონ მისი სიტყვების რეალობას, რის გამოც ამ „ლტოლვილების“ დანახვა ყველგან შეიძლება. როგორც კი ღვთის სიტყვები გაისმის, ადამიანები თავქუდმოგლეჯილები გარბიან. ეს არის კაცობრიობის სიმახინჯის ხატების ერთ-ერთი ასპექტი, რომელსაც ღმერთი აღწერს. ახლა ყველა ადამიანი თანდათან ფხიზლდება; თითქოს ყველას მანამდე დემენცია ჰქონდა — და ახლა, როცა ღვთის სიტყვებს ხედავენ, თითქოს ამ დაავადების ნარჩენ ეფექტებს განიცდიან და ვერ ახერხებენ თავიანთი ძველი მდგომარეობის დაბრუნებას. ასეთია სინამდვილეში ყველა ადამიანი და ეს ასევე არის ამ სიტყვების ჭეშმარიტი ასახვა: „მრავალი ადამიანი, ამ მკრთალი ნათებით შეძრული, მყისიერად იღვიძებს თავისი ილუზიებიდან. თუმცა არავის არასოდეს გაუცნობიერებია, რომ დადგა დღე, როდესაც ჩემი ნათელი დედამიწაზე ეშვება“. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა: „ადამიანთა უმეტესობა გაოგნებულია ნათლის მოულოდნელი მოვლინებით“. ეს სრულიად მართებულია. ღვთის მიერ კაცობრიობის აღწერაში უმცირესი ხარვეზიც კი არ არის და მან ეს მართლაც ზუსტად და უშეცდომოდ ჩამოაყალიბა, რის გამოც ყველა ადამიანი სრულად არის დარწმუნებული. უფრო მეტიც, მათდაუნებურად, ღვთისადმი სიყვარულმა მათი გულის სიღრმიდან დაიწყო გაღვივება. მხოლოდ ასე ხდება ღვთის ადგილი იქ კიდევ უფრო ნამდვილი და ეს ასევე არის ღვთის მიერ საქმის აღსრულების ერთ-ერთი გზა.
„ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ გზააბნეულია; სინათლისგან თვალები დაბრმავებიათ და ტალახში არიან ჩაცვენილნი.“ რადგან ასეთი ადამიანები ღვთის ნების წინააღმდეგ მიდიან (ანუ ეწინააღმდეგებიან ღმერთს), როდესაც მისი სიტყვები გაისმის, ისინი თავიანთი ამბოხების გამო გაკიცხვას განიცდიან; სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ სინათლისაგან დაბრმავდნენ. ასეთი ადამიანები უკვე გადაეცნენ სატანას; ამიტომ, ახალ საქმეში შესვლისას, მათ არც ნათელი ეფინებათ და არც გაცისკროვნდებიან. ყველა, ვისაც სულიწმიდის საქმე არ გააჩნია, სატანის მიერ არის დაპყრობილი და მათი გულის სიღრმეში ღვთისთვის ადგილი არ არის. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ეს ადამიანები „ტალახში არიან ჩაცვენილნი”. ყველა, ვინც ამ მდგომარეობაშია, არეულობას განიცდისა. მათ არ ძალუძთ სწორ გზაზე დადგომა და ვერც ნორმალურ მდგომარეობას ვერ უბრუნდებიან; მათი ყველა ფიქრი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. დედამიწაზე ყველა ადამიანი უკიდურესად არის გახრწნილი სატანის მიერ. მათ არ გააჩნიათ სიცოცხლისუნარიანობა და გვამების სუნი ასდით. დედამიწის ყოველი მკვიდრი მიკრობების მძვინვარების პირობებში გადარჩენისთვის იბრძვის, რომელსაც ვერავინ დააღწევს თავს. მათ არ სურთ დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ ყოველთვის გრძნობენ, რომ რაღაც უფრო დიდი მოხდება, რასაც ადამიანები საკუთარი თვალით იხილავენ; ამგვარად, ადამიანები საკუთარ თავს აიძულებენ, განაგრძონ ცხოვრება. მათ გულებში უკვე დიდი ხანია ძალა აღარ არის; ისინი უბრალოდ თავიანთ უხილავ იმედებს იყენებენ სულიერ საყრდენად და ამგვარად, თავს ძლივს იმაგრებენ, რათა ადამიანებად მოაჩვენონ თავი და დედამიწაზე თავიანთ დღეებს ძლივს ატარებენ. თითქოს ყველა ადამიანი ხორცშესხმული ეშმაკის შვილი იყოს. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა: „არეულობამ მოიცვა დედამიწა; აუტანლად სავალალო სანახაობაა, რომელიც, ახლოდან დაკვირვებისას, მყისიერად ავსებს ადამიანს სევდით.” რადგან ასეთი მდგომარეობა შეიქმნა, ღმერთმა დაიწყო „ჩემი სულის თესლის გაბნევა” მთელ სამყაროში და დაიწყო თავისი ხსნის საქმის აღსრულება მთელ დედამიწაზე. სწორედ ამ საქმის წინსვლის გამო მოავლინა ღმერთმა ყოველგვარი უბედურება, რითაც იხსნის გულქვა ადამიანებს. ღვთის საქმის ეტაპებში ხსნა კვლავაც სხვადასხვა უბედურების სახეს იღებს და ვერცერთი განწირული ვერ დააღწევს მათ თავს, რათა საბოლოოდ შესაძლებელი გახდეს დედამიწაზე ისეთი სიტუაციის მიღწევა, რომელიც „ისეთივე მშვიდია, როგორც მესამე ცა: აქ, დიდი თუ პატარა ქმნილებები ჰარმონიაში თანაარსებობენ და არასოდეს ერთვებიან სიტყვიერ პაექრობაში”. ღვთის საქმეს ორი ასპექტი აქვს: პირველი არის მისი სიტყვის გამოყენება კაცობრიობის დასამორჩილებლად და რჩეული ხალხის მოსაპოვებლად, მეორე კი, მრავალი უბედურების მოვლენაა, რომელიც აჯანყებულ შვილებს დასასრულს მოუტანს. ეს ღვთის უზარმაზარი საქმის კრიტიკული ასპექტია. ეს არის ღვთის საქმის ყველაზე წმინდა და ძვირფასი ასპექტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც მისი სამეფო აღსრულდება დედამიწაზე.
ღმერთი მუდმივად ითხოვს ადამიანებისგან, ჩასწვდნენ ზეცის კანონზომიერებას. შეუძლიათ კი მათ ჭეშმარიტად ამის მიღწევა? რეალობა ისაა, რომ ადამიანები თავიანთი ამჟამინდელი, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც ისინი 5900 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იხრწნებოდნენ სატანის მიერ, ვერ შეედრებიან პეტრეს; ამგვარად, მათ უბრალოდ არ ძალუძთ ამის მიღწევა. ეს არის ღვთის საქმის ერთ-ერთი მეთოდი. მას არ სურს, რომ ადამიანები პასიურად ელოდნენ; ნაცვლად ამისა, მას სურს, რომ ისინი აქტიურად ეძიებდნენ. მხოლოდ ამგვარად ექნება ღმერთს ადამიანებში მუშაობის შესაძლებლობა. კარგი იქნებოდა ცოტა მეტი ახსნა-განმარტების მოცემა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს მხოლოდ ზედაპირული გაგება ექნებათ. მას შემდეგ, რაც ღმერთმა შექმნა კაცობრიობა და უბოძა მათ სულები, მან დაავალა ადამიანებს, რომ თუ ისინი არ მოუხმობდნენ მას, მაშინ ვერ შეძლებდნენ მის სულთან დაკავშირებას და, შესაბამისად, ზეციდან „სატელიტური ტელევიზიის” სიგნალის მიღება დედამიწაზე შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც ღმერთი აღარ არის ადამიანთა სულებში, სხვა რამისთვის ცარიელი ადგილი რჩება და სატანა ამგვარად იყენებს შესაძლებლობას, რომ შიგნით შეაღწიოს. როდესაც ადამიანები გულით უკავშირდებიან ღმერთს, სატანა მყისიერად პანიკაში ვარდება და გაქცევას ჩქარობს. როდესაც კაცობრიობა შეჰღაღადებს ღმერთს, ის მათ ანიჭებს იმას, რაც სჭირდებათ, მაგრამ თავდაპირველად არ „მკვიდრობს” მათში. იგი უბრალოდ მუდმივ დახმარებას უწევს მათ, რადგან შეჰღაღადებენ და ამ შინაგანი ძალიდან ადამიანები იძენენ გამძლეობას, რათა სატანამ ვერ გაბედოს შიგნით შესვლა და თავისი ნებისამებრ „თამაში”. ამიტომ, თუ ადამიანები განუწყვეტლივ უკავშირდებიან ღვთის სულს, სატანა ვერ ბედავს მოსვლას და არევ-დარევის გამოწვევას. სატანის მიერ არევ-დარევის გარეშე ყველა ადამიანის ცხოვრება ნორმალურია და ღმერთს მაშინ აქვს შესაძლებლობა, შეუფერხებლად აღასრულოს საქმე მათზე. ამგვარად, ის, რისი გაკეთებაც ღმერთს სურს, შეიძლება მიღწეულ იქნას ადამიანების მეშვეობით. აქედან შეიძლება გავიგოთ, რატომ მოითხოვდა ღმერთი ყოველთვის ადამიანებისგან რწმენის განმტკიცებას და ასევე ამბობდა: „შესაბამის მოთხოვნებს ვუყენებ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს მათი სულიერი ზრდის მიხედვით. არასოდეს შემიქმნია ვინმესთვის სირთულეები, არც არასოდეს მითხოვია ვინმესთვის, რომ ჩემი სიამოვნებისთვის ტყავი გაეძრო.” ადამიანთა უმეტესობა დაბნეულია ღვთის მოთხოვნებით. მათ უკვირთ, რატომ აგრძელებს ღმერთი მათთვის მოთხოვნების წაყენებას, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ ეს მოცემულობა და გამოუსწორებლად არიან გახრწნილნი სატანის მიერ. განა ეს არ არის ღმერთი, რომელიც ადამიანებს რთულ მდგომარეობაში აყენებს? მათი სერიოზული სახეების და შემდეგ მათი უხერხული გამომეტყველების დანახვისას, არ შეიძლება არ გაგეცინოს. ადამიანთა სხვადასხვა მახინჯი გარეგნობა ყველაზე სასაცილოა: ზოგჯერ ისინი თამაშის მოყვარულ ბავშვებს ჰგვანან, ზოგჯერ კი პატარა გოგონას, რომელიც „დედობანას” თამაშობს. ზოგჯერ ისინი თაგვის მჭამელ ძაღლს ჰგვანან. ადამიანმა არ იცის, იცინოს თუ იტიროს მათ ყველა ამ მახინჯ მდგომარეობაზე და ხშირად, რაც უფრო ნაკლებად შეუძლიათ ადამიანებს ღვთის განზრახვების აღქმა, მით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი შარში გახვევისკენ. ამიტომ, ღვთის შემდეგი სიტყვები — „განა მე ის ღმერთი ვარ, რომელიც მხოლოდ დუმილს აკისრებს მის ქმნილებებს?” — საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უგუნურნი არიან ადამიანები და ისინი ასევე აჩვენებენ, რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია ღვთის განზრახვების გაგება. მაშინაც კი, თუ იგი გამოხატავს, რა არის მისი განზრახვები, მათ არ შეუძლიათ მათი გათვალისწინება. ისინი ღვთის საქმეს მხოლოდ ადამიანური განზრახვების მიხედვით აკეთებენ. ამგვარად, როგორ შეუძლიათ მათ მისი განზრახვების აღქმა? „დავდივარ დედამიწაზე, ყველგან ვაფრქვევ ჩემს სურნელს და ყოველ ადგილას ვტოვებ ჩემს ფორმას. ყველა ადგილას ექოსავით გაისმის ჩემი ხმა. ყოველი კუთხიდან ადამიანები გუშინდელი დღის წარმავალ მშვენიერებასშესცქერიან, რადგან ყველა მათგანი წარსულის მოგონებებშია ჩაძირული...” ასეთი იქნება მდგომარეობა, როდესაც სამეფო ჩამოყალიბდება. სინამდვილეში, რამდენიმე ადგილას ღმერთმა უკვე იწინასწარმეტყველა სამეფოს ჩამოყალიბების მშვენიერება და ეს ყველაფერი ერთად ქმნის სამეფოს სრულ სურათს. თუმცა, ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ; ისინი უბრალოდ ისე აღიქვამენ მას, თითქოს ეს მულტფილმი იყოს.
რადგან სატანის მიერ ათასწლეულების განმავლობაში იხრწნებოდნენ, ადამიანები ყოველთვის სიბნელეში ცხოვრობდნენ, ამიტომ ეს მათ არ აწუხებთ და არც სინათლისკენ ისწრაფვიან. ამან გამოიწვია შემდეგი: როდესაც დღეს სინათლე მოდის, „ყველას სძულს ჩემი მოსვლა; ისინი განდევნიან ნათლის მოვლინებას, თითქოს მე ადამიანის ზეციური მტერი ვიყო. ადამიანი მხვდება, რომელსაც თვალებში თავდაცვის ნაპერწკალი უელავს”. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა ცდილობს ღმერთი ჭეშმარიტი გულით უყვარდეს, იგი მაინც არ არის კმაყოფილი და კვლავაც გმობს კაცობრიობას. ეს ადამიანებისთვის დამაბნეველია. რადგან ისინი სიბნელეში ცხოვრობენ, ისინი კვლავაც ისე ემსახურებიან ღმერთს, როგორც ამას სინათლის არარსებობისას აკეთებენ. ანუ ყველა ადამიანი ემსახურება ღმერთს საკუთარი წარმოდგენების გამოყენებით და როდესაც იგი მოდის, ასეთია მათი მდგომარეობა და მათ არ შეუძლიათ ემსახურონ მას ახალი სინათლის მიღებით; ნაცვლად ამისა, ისინი ემსახურებიან მას მთელი იმ გამოცდილებით, რაც თავად ჰქონიათ. ღმერთი არ იღებს სიამოვნებას კაცობრიობის „თავდადებისგან”, ამიტომ სიბნელეში მყოფ ადამიანებს ვერ მოეწონებათ სინათლე. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა ზემოთ მოყვანილი სიტყვები; ეს აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება რეალობას და არ არის ღვთის მიერ კაცობრიობისადმი ცუდი მოპყრობა, არც მათ მიმართ უსამართლობაა. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული, არცერთ ადამიანს არ განუცდია ჭეშმარიტად ღვთის სითბო; ადამიანები ყოველთვის თავდაცვით პოზიციაში იყვნენ ღვთის მიმართ, რადგან ძალიან ეშინოდათ, რომ იგი განგმირავდა და გაანადგურებდა მათ. ამგვარად, ამ 6000 წლის განმავლობაში, ღმერთი ყოველთვის სითბოს მიაგებდა ადამიანს მისი გულწრფელობის სანაცვლოდ და განაგრძობდა მათ მოთმინებით წინამძღოლობას ყოველ ნაბიჯზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ძალიან სუსტები არიან და არ შეუძლიათ სრულად შეიცნონ ღვთის განზრახვები ან უყვარდეთ იგი მთელი გულით, რადგან მათ არ ძალუძთ არ დაემორჩილონ სატანის მანიპულირებას. მიუხედავად ამისა, ღმერთი კვლავაც მომთმენია და ერთ დღეს, ასეთი მოთმინების შემდეგ — ანუ როდესაც იგი განაახლებს სამყაროს — იგი აღარ იზრუნებს ადამიანებზე დედასავით. ნაცვლად ამისა, იგი ადამიანებს მათთვის შესაფერის საზღაურს მიაგებს. ამ მიზეზით, შემდეგ ეს მოხდება: „გვამები ტივტივებენ ოკეანის ზედაპირზე”, ხოლო „იქ, სადაც წყალი არ არის, სხვა ადამიანები კვლავაც ტკბებიან, სიცილითა და გალობით, იმ აღთქმებით, რომლებიც მე მათ მივმადლე.” ეს არის შედარება დასჯილთა და დაჯილდოებულთა დანიშნულების ადგილებს შორის. „ოკეანის ზედაპირი” მიუთითებს კაცობრიობის გაკიცხვის უძირო უფსკრულზე, რომელზეც ღმერთმა ისაუბრა. ეს არის სატანის დანიშნულების ადგილი და ეს არის „განსასვენებელი ადგილი”, რომელიც ღმერთმა მოამზადა ყველასთვის, ვინც მას ეწინააღმდეგება. ღმერთს ყოველთვის სურდა კაცობრიობის ჭეშმარიტი სიყვარული, თუმცა ადამიანებმა ეს არ იციან, ვერ გრძნობენ ამას და კვლავაც თავიანთ საქმეს აკეთებენ. ამის გამო, თავის ყველა სიტყვაში, ღმერთი ყოველთვის ითხოვს რაღაცას ადამიანებისგან, მიუთითებს მათ ნაკლოვანებებზე და უჩვენებს მათ პრაქტიკის გზას, რათა მათ შეძლონ ამ სიტყვების მიხედვით პრაქტიკაში განხორციელება. მან აჩვენა თავისი დამოკიდებულება ადამიანებს: „თუმცა მე არასოდეს შემთხვევით არ ამიღია ადამიანის სიცოცხლე, რათა მეთამაშა მისით, თითქოს სათამაშო ყოფილიყოს. მე ვხედავ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს და იმ ფასს, რომელიც მან გადაიხადა. როდესაც ის ჩემ წინაშე დგას, არ მსურს ადამიანის მოულოდნელად გამოჭერა, რათა გავკიცხო იგი, არც ის მსურს, რომ მივცე მას არასასურველი რამ. ნაცვლად ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ვზრუნავდი ადამიანზე და ვაძლევდი მას.” როდესაც ადამიანები კითხულობენ ღვთის ამ სიტყვებს, ისინი მყისიერად გრძნობენ მის სითბოს და ფიქრობენ: „მართლაც, წარსულში მე ფასი გადავიხადე ღვთისთვის, მაგრამ ასევე გულგრილად ვეპყრობოდი მას და ზოგჯერ ვწუწუნებდი მასზე. ღმერთი ყოველთვის მიძღვებოდა თავისი სიტყვებით და იგი ასე დიდ ყურადღებას აქცევს ჩემს სიცოცხლეს, თუმცა ზოგჯერ მე მას ისე ვეთამაშები, თითქოს სათამაშო იყოს. მე ნამდვილად არ უნდა გავაკეთო ეს. ღმერთს ასე ძალიან ვუყვარვარ, მაშ, რატომ არ შემიძლია საკმარისად ძლიერად ვეცადო?” როდესაც ასეთი ფიქრები უჩნდებათ, ადამიანებს ნამდვილად სურთ საკუთარ სახეში სილის გაწვნა, ზოგიერთს ცხვირიც კი უთრთის და ხმამაღლა ტირის. ღმერთს ესმის, რას ფიქრობენ ისინი და შესაბამისად საუბრობს, და ეს რამდენიმე სიტყვა — რომელიც არც მკაცრია და არც რბილი — შთააგონებს ადამიანებს მისდამი სიყვარულს. საბოლოოდ, ღმერთმა იწინასწარმეტყველა თავისი საქმის ცვლილება, როდესაც სამეფო ჩამოყალიბდება დედამიწაზე: როდესაც ღმერთი დედამიწაზეა, ადამიანები შეძლებენ გათავისუფლდნენ უბედურებებისა და კატასტროფებისგან და შეძლებენ მადლით დატკბობას; თუმცა, როდესაც იგი დაიწყებს დიდი დღის სამსჯავროს, ეს იქნება მაშინ, როდესაც იგი გამოჩნდება მირიად ადამიანს შორის და მისი მთელი საქმე დედამიწაზე დასრულდება. იმ დროს, რადგან დღე უკვე დამდგარი იქნება, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ბიბლიაშია დაწერილი: „უსამართლო კვლავაც უსამართლო იყოს და წმინდა კვლავაც წმინდა იყოს”. უსამართლო გაკიცხვას დაექვემდებარება, ხოლო წმინდა ტახტის წინაშე წარდგება. არცერთ ადამიანს არ ექნება ღვთის შემწყნარებლობის მოპოვების შესაძლებლობა; არც სამეფოს ძეებსა და ხალხს. ეს ყველაფერი ღვთის სამართლიანობაა და ეს ყველაფერი მისი ხასიათის გაცხადებაა. იგი მეორედ აღარ გამოიჩენს მზრუნველობას კაცობრიობის სისუსტეების მიმართ.