პუნქტი პირველი: ისინი ცდილობენ ადამიანთა გულების მოგებას

დანართი: დამატებითი ჭეშმარიტებები სახარების ქადაგებისას

წინა რამდენიმე შეკრებაზე განხილული თემა ეხებოდა საკუთარი მოვალეობების სათანადოდშესრულებას და ჩვენ კატეგორიებად დავყავით მოვალეობები, ადამიანების მიერ შესასრულებელი მოვალეობები და თავად მუშაკები. რა კონკრეტული კატეგორიებია? (პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან სახარების მუშაკები, მეორე კატეგორია მოიცავს ეკლესიის სხვადასხვა დონის წინამძღოლებსა და მუშაკებს, მესამე - სხვადასხვა სპეციალური მოვალეობების შემსრულებელ პირებს, მეოთხე — ჩვეულებრივი მოვალეობების შემსრულებლებს, მეხუთე კი მათ, ვინც თავისუფალ დროს ასრულებენ მოვალეობებს, ხოლო მეექვსე კატეგორია ეხება მათ, ვინც არ ასრულებენ მოვალეობებს.) ჯამში სულ ექვსი კატეგორიაა. წინაზე განვიხილეთ პირველი კატეგორია, რომელიც ეხება სახარების ქადაგების მოვალეობასთან დაკავშირებულ პრინციპებსა და ჭეშმარიტებებს, რომელიც მოიცავს სახარების ქადაგების ყველა ასპექტს, მათ შორის, საყურადღებო საკითხებს, შესაბამის პრინციპებსა და ჭეშმარიტებებს, იმ სფეროებს, რომელთა მიმართ ადამიანები სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, ასევე გავრცელებულ შეცდომებსა და ცდომილებებს, რომლებიც ამ მოვალეობის შესრულების პროცესში გვხვდება. კონკრეტულ თემაზე ქადაგების მოსმენის შემდეგ შეგიძლიათ მისი ძირითადი საკითხების შეჯამება? თუ თქვენ შეძლებთ ჩაწვდეთ თემის მთავარ არსს, გულთან მიიტანთ შესაბამის ჭეშმარიტებებს, შემდეგ კი თქვენი მოვალეობის შესრულების პროცესში თანდათანობით აქცევთ მათ თქვენს რეალობად, ცხოვრებად და თქვენს პრაქტიკულ გზად, მაშინ თქვენ ნამდვილად ჩაწვდომიხართ იმ შინაარსს, რომელზეც ვსაუბრობთ. თუ ქადაგების განხილვის შემდეგ თქვენ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა დაგრჩათ ან გარკვეული მოვლენები და ისტორიები დაიმახსოვრეთ, მაგრამ არ გესმით, რა არის მათი საფუძვლად მდებარე ჭეშმარიტებები და პრინციპები, და რატომ განიხილებოდა ეს საკითხები, განა ეს გაგებად ითვლება? ეს ჭეშმარიტების გაგებად ითვლება? (არა.) ეს არ ითვლება ჭეშმარიტების გაგებად; ანუ თქვენ ვერ გაიგეთ, რა ჭეშმარიტებები იყო გადმოცემული, ვერ ჩაწვდით მათ და არ მიიღეთ ისინი. მაშინ შეგიძლიათ შეჯამება? ვინმეს შეუძლია მითხრას ჩვენი ბოლო განხილვის მთავარი საკითხები? (ჩვენ შვიდი საკითხი გამოვყავით: პირველი, როგორ განვსაზღვროთ სახარების მუშაკები; მეორე — სახარების ქადაგების მოვალეობის არსი; მესამე — ადამიანთა დამოკიდებულება ამ მოვალეობის მიმართ და მათი შინაგანი შეხედულებები; მეოთხე — სახარების ქადაგების პრაქტიკის კონკრეტული პრინციპები, როგორიცაა ვინ შეესაბამება სახარების ქადაგების მიღების პრინციპებს და ვინ არა; მეხუთე — როგორ მოვექცეთ მათ, ვინც შეესაბამება სახარების ქადაგების მიღების პრინციპებს; მეექვსე — შედეგები, როდესაც სახარების მუშაკები ტოვებენ თავიანთ თანამდებობებს და გარბიან მოვალეობის შესრულებისას; მეშვიდე — ისტორიის მანძილზე სახარების ქადაგებისას წმინდანების მიერ გაღებული მსხვერპლი და როგორ უნდა დავაფასოთ ჩვენი მოვალეობის შესრულების დღევანდელი შესაძლებლობები და სწრაფად აღვიჭურვოთ ჭეშმარიტებით.) თქვენ მიერ გაკეთებული შეჯამება ძირითადად მოიცავს ჩვენი წინა განხილვის საკვანძო ასპექტებს — ძალიან კარგი. რამე ხომ არ გამომრჩა? (არის კიდევ ერთი საკითხი: ადამიანთა შეხედულებების შეცვლა, რათა მათ გაიგონ, რომ სახარების ქადაგება არა მხოლოდ სახარების მუშაკების მოვალეობაა, არამედ პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცევა ვერავინ, ვისაც ღმერთი სწამს და მას მიჰყვება. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა აღიქვას.) სახარების ქადაგება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა — ესეც მისი ერთ-ერთი ასპექტია. იცით ამ ჭეშმარიტების შესახებ განხილვის მიზანი? ის მიზნად ისახავს ადამიანთა გაგებაში არსებული გადახრების აღმოფხვრას. იცით, რომელ ასპექტებში არსებობს გადახრები? (მე არ ვიცი.) არცოდნა ამტკიცებს, რომ თქვენ არ გესმით ჭეშმარიტების ეს ასპექტი. მაშ, რატომ მჭირდებოდა ამ ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება? დადებითი თვალსაზრისით ეს ჭეშმარიტების ერთ-ერთი ასპექტია, რომელიც ადამიანებმა უნდა გაიგონ. უარყოფითი თვალსაზრისით კი, ეს აუცილებელია იმ გადახრების გამოსასწორებლად, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს სახარების ქადაგების გაგებაში.

ბევრ ადამიანს აქვს გადახრები სახარების ქადაგების ამ საკითხის აღქმაში. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „ახლა განსაკუთრებულ მოვალეობას ვასრულებ, ამიტომ სახარების ქადაგება მე არ მეხება. ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ამიტომ, მე არ მეხება ის ჭეშმარიტებები, პრინციპები და ღვთის მოთხოვნები, რომელთა გაგებაც სახარების ქადაგებისთვისაა საჭირო. მე არ მჭირდება მათი გაგება“. ამგვარად, როდესაც სახარების ქადაგების შესახებ ჭეშმარიტების ამ ასპექტის განხილვა ხდება, ისინი დაუდევრობას იჩენენ, სათანადო გულმოდგინებას არ ავლენენ და უყურადღებოდ ეპყრობიან მას. მაშინაც კი, თუ უსმენენ, არ იციან, რა განიხილეს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „მას შემდეგ, რაც ღმერთი ვირწმუნე, ყოველთვის წინამძღოლი ვიყავი. მე მაქვს სულიერი შესაძლებლობები და მუშაობის უნარი. მე დავიბადე წინამძღოლად. როგორც ჩანს, ღმერთმა მომანიჭა ეს მოვალეობა და ჩემი ცხოვრებისეული მისია წინამძღოლობაა“. ამით ისინი მიანიშნებენ, რომ სახარების ქადაგება მათ არ ეხებათ. ამრიგად, სახარების ქადაგების შესახებ ჭეშმარიტების თანაზიარებისას ისინი ამას სერიოზულად არ ეკიდებიან. როდესაც წინა შეხვედრის განხილვისშეჯამებას სთხოვენ, ზოგიერთი დიდხანს ფურცლავს თავის ჩანაწერებს და მაინც ვერ პასუხობს. რატომ ხდება ეს? ეს მათი ცუდი მეხსიერების ბრალია? (არა.) იქნებ იმიტომ, რომ მათ გონება სხვა რამით აქვთ დაკავებული და გონება გადატვირთული აქვთ? (არა.) ეს ასე არ არის. ეს აჩვენებს, რომ ადამიანთა დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი ისაა, რომ ჭეშმარიტება ბეზრდებათ და არ უყვართ. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ და ვაცნობებ, რომ სახარების ქადაგება არის არა გარკვეული ტიპის რომელიმე კონკრეტული ტიპის ადამიანის ან ჯგუფის სპეციფიკური პასუხისმგებლობა, არამედ ყოველი იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც ღმერთს მიჰყვება. რატომ უნდა ესმოდეთ ადამიანებს სახარების ქადაგების ჭეშმარიტება? რატომ სჭირდებათ ადამიანებს ამ ჭეშმარიტებების ცოდნა? როგორც ქმნილება, როგორც ღვთის მიმდევარი მიუხედავად ასაკისა, სქესისა, ახალგაზრდამ თუ ხანდაზმულმა, ყველამ უნდა მიიღოს სახარების ქადაგება, როგორც მისია და პასუხისმგებლობა. თუ ეს მისია დაგეკისრება და მოითხოვს ღვთისთვის თავის გაღებას, საფასურის გადახდას ან თუნდაც სიცოცხლის გაწირვას, რა უნდა გააკეთო? შენ ვალდებული ხარ, მიიღო ის. ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ის, რაც უნდა გაიგო. ეს არ არის უბრალო მოძღვრება — ეს არის ჭეშმარიტება. რატომ ვამბობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა? იმიტომ, რომ როგორადაც უნდა შეიცვალოს დრო და ეპოქა, როგორადაც უნდა შეიცვალოს ადგილები და სივრცეები, სახარების ქადაგება და ღვთის მოწმობა ყოველთვის დადებითი რამ იქნება. მისი მნიშვნელობა და ღირებულება არასდროს შეიცვლება: მასზე სრულიად არ იცვლება დროის ან გეოგრაფიული მდებარეობის ცვლილებები. სახარების ქადაგება და ღვთის მოწმობა მარადიულია და როგორც ქმნილებამ, უნდა მიიღო და პრაქტიკაში გამოიყენო იგი. ეს არის მარადიული ჭეშმარიტება. ზოგი ადამიანი ამბობს: „სახარების ქადაგება არ არის მოვალეობა, რომელსაც ვასრულებ“. თუმცა სახარების ქადაგებასთან დაკავშირებული ეს ჭეშმარიტება ისეთი რამაა, რაც ხალხმა უნდა გაიგოს, რადგან ეს ხილვებთან დაკავშირებული ჭეშმარიტებაა და ყველამ, ვისაც ღმერთი სწამს, უნდა გაიგოს ეს; ეს ღვთისადმი რწმენის საფუძველია და სიცოცხლეში შესვლისთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, რა მოვალეობასაც უნდა ასრულებდე ეკლესიაში, გექნება არამორწმუნეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და შესაბამისად, მათთვის სახარების ქადაგების პასუხისმგებლობა. როგორც კი გაიგებ სახარების ქადაგების ჭეშმარიტებას, გულში გაიაზრებ:„ჩემი პასუხისმგებლობაა გავავრცელო ღვთის ახალი საქმე და სახარება ღვთის მიერ კაცობრიობის ხსნის შესახებ“. მიუხედავად ადგილისა თუ დროისა და მიუხედავად თანამდებობისა თუ როლისა, თუ მსახიობად ვმსახურობ, ვალდებული ვარ, სახარება ვიქადაგო; თუ ამჟამად ეკლესიის წინამძღოლი ვარ, ასევე ვალდებული ვარ, სახარება ვიქადაგო. რა მოვალეობასაც უნდა ვასრულებდე ახლა, ვალდებული ვარ გავავრცელო ცათა სასუფევლის სახარება. როცა შესაძლებლობა ან თავისუფალი დრო მექნება, უნდა წავიდე და სახარება ვიქადაგო. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც თავს ვერ ავარიდებ“. ამჟამად ადამიანთა უმეტესობა ასე ფიქრობს? (არა.) მაშინ რას ფიქრობს ადამიანთა უმეტესობა? „ამჟამად კონკრეტული მოვალეობა მაქვს. ვსწავლობ და ვეუფლები კონკრეტულ პროფესიას, კონკრეტულ სფეროს, ამიტომ სახარების ქადაგებას ჩემთან არაფერი აქვს საერთო“. როგორი დამოკიდებულებაა ეს? ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობისა და მისიისთვის თავის არიდების დამოკიდებულება, უარყოფითი დამოკიდებულება. ასეთი ადამიანები არ ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს, ისინი ეურჩებიან ღმერთს. ვინც უნდა იყო, თუ სახარების ქადაგების პასუხისმგებლობას არ გრძნობ, განა ეს იმის ნიშანი არ არის, რომ სინდისი და გონიერება გაკლია? თუ აქტიურად არ თანამშრომლობ, საქმეს საკუთარ თავზე არ იღებ და არ ემორჩილები, მაშინ საქმეს პასიურად და ზერელედ ეკიდები — ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. რა მოვალეობასაც უნდა ასრულებდე, რა პროფესიასა თუ ცოდნის დარგსაც უნდა ეუფლებოდე, ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი, რომელსაც უნდა მიაღწიო, არის ის, რომ შეძლო ღვთის შესახებ დამოწმება და გაავრცელო სახარება კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის მიერ აღსრულებული საქმის შესახებ. ეს არის ქმნილების მიმართ წაყენებული მინიმალური მოთხოვნა. თუ შენ ამ მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ აკმაყოფილებ, რა მიიღე შენი მოვალეობის შესრულებით ღვთისადმი რწმენის ამ წლების განმავლობაში? რა მოიპოვე? გესმის ღვთის განზრახვანი? მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ასრულებ შენს მოვალეობას და დახელოვნდი შენს პროფესიაში, თუ ვერაფერს იტყვი ან ვერ თანაზიარებ ჭეშმარიტების ვერცერთ ასპექტს, როდესაც ღვთის მოწმობას გთხოვენ, რაშია აქ პრობლემაა? პრობლემა ისაა, რომ არ გესმის ჭეშმარიტება. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ უსამართლობაა იმის თქმა, თითქოს მათ ჭეშმარიტება არ ესმით. შეიძლება მიაჩნიათ, რომ ეფექტურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ არ ესმით ღვთის საქმის ხილვები და მისი განზრახვა, გადაარჩინოს კაცობრიობა. შეიძლება ამას ჭეშმარიტების გაგება ეწოდოს? როგორც მინიმუმ, ჯერ კიდევ არ ჩაგიყრია რწმენის საფუძველი ჭეშმარიტ გზაზე. ტვირთად არ მიგაჩნია ღვთის საქმისა და კაცობრიობის ხსნისათვის მისი სახარების გავრცელება და გაკლია ყოველგვარი ხედვა, გაგება ან აღქმა. ნუთუ მართლა შეიძლება გერქვას ღვთის მიმდევარი? დაამყარე ნორმალური ურთიერთობა ღმერთთან? თუ თქვენ ამათგან არცერთი არ მიგიღწევიათ, მაშინ თქვენ არ ფლობთ ჭეშმარიტების რეალობას.

ახლა კი დავუბრუნდეთ იმ თემას, რომელსაც ადრე განვიხილავდით. სახარების ქადაგება ღვთის ყველა რჩეულის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ჭეშმარიტების ამ ასპექტის განხილვის შემდეგ რა არის ის მთავარი, რაც ყველამ უნდა გაიგოს? რა საფასურსაც არ უნდა იხდიდეს ადამიანი, თუნდაც ტოვებდესოჯახსა და სამუშაოს, რათა ღვთისათვის თავი გადადოს ან თუნდაც სიცოცხლე შესწიროს, სინამდვილეში ეს ყველაფერი ზედაპირულია. საბოლოო ჯამში, რას მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან? საქმე ისაა, რომ როდესაც სულიერად იზრდები და სულიერად მწიფდები, დროთა განმავლობაში თანდათან იწყებ ღვთის საქმისა და კაცობრიობის გადარჩენის მისი განზრახვის შესახებ სხვადასხვა ჭეშმარიტების გაგებას. სახარების ქადაგებისა და ღვთის შესახებ დამოწმების ტვირთი სულ უფრო აშკარა ხდება და ამ მოვალეობის ტვირთვის შენი მზაობა ძლიერდება. თუ ეკლესიის წინამძღოლი მრავალი წელია მოღვაწეობს, მაგრამ რაც დრო გადის, გრძნობს, რომ სახარების ქადაგებისას სულ უფრო ნაკლები ენთუზიაზმი აქვს, სულ უფრო ნაკლებ შთაგონებას გრძნობს და სულ უფრო ნაკლებ ტვირთს გრძნობს — კარგად ასრულებს იგი თავის მოვალეობას? (კარგად არა.) როგორ? რა პრობლემა იჩენს თავს? თუ მას ასეთი მდგომარეობა უყალიბდება ან ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ერთი რამ მაინც ცხადია: ეს ადამიანი წლების განმავლობაში ჭეშმარიტებას არ ეძიებდა და არანაირი პრაქტიკული საქმე არ შეუსრულებია. ის დიდი წითელი დრაკონის ბიუროკრატ კადრს ჰგავს. შედეგად, მას არც ტვირთი აკისრია და არც გამჭრიახობა აქვს ღვთის სახელის გამოსაცხადებლად და მისი საქმის დასამოწმებლად. განა ეს არ არის შედეგი? (დიახ.) ეს გარდაუვალი შედეგია. რამდენი წელიც არ უნდა მუშაობდეს ეს ადამიანი, მაშინაც კი, თუ ფიქრობს, რომ სულიერად მოწიფულია, შეუძლია გაიზიაროს ღვთის ტვირთი და იმსახუროს ღვთის განზრახვების შესაბამისად, როდესაც საქმე სახარების ქადაგებაზე მიდგება, იგი უკან იხევს და არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. როდესაც ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც მოწყურებულნი არიან ღვთის გამოცხადებას და მოდიან ჭეშმარიტი გზის საძიებლად და შესასწავლად, მას ენა ებმის. სიტყვასაც ვერ ამბობს და არ იცის, საიდან დაიწყოს. რაშია აქ პრობლემა? იმაში, რომ მას არ ესმის ჭეშმარიტება და არ მოუპოვებია იგი, ამიტომაც არ ძალუძს ღვთის შესახებ დამოწმება. მხოლოდ მათ, ვისაც ესმით ჭეშმარიტება, შეუძლიათ ღვთის მოწმობა. სახარების ქადაგება და ღვთის მოწმობა შენს მოვალეობებში შედის. თუ გესმის ჭეშმარიტება, თუ მოიპოვე იგი, რატომ არაფერი გაქვს სათქმელი, როდესაც ხვდები ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტ გზას იკვლევენ? განა ეს პრობლემა არ არის? თქვენ ხშირად აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციებში? (დიახ.) რა არის აქ პრობლემა? თქვენ არ გრძნობთ ტვირთს. ტვირთის არქონა პრობლემაა? შეგიძლიათ შეასრულოთ თქვენი მოვალეობა ტვირთის გარეშე? მაშინაც კი, თუ თქვენს მოვალეობას ასრულებთ, შეგიძლიათ ის ერთგულად შეასრულოთ? შეგიძლიათ ამის გაკეთება სტანდარტის შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის არქონა შეიძლება არ იყოს საბედისწერო საკითხი, ის მაინც სერიოზული პრობლემაა, რადგან გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კარგად ასრულებთ თქვენს მოვალეობას. განა არ არის საჭირო ამ პრობლემის მოგვარება? (დიახ, საჭიროა.) ამრიგად, როგორ გადაჭრით მას? უნდა შეცვალოთ თქვენი მცდარი შეხედულებები სახარების ქადაგების შესახებ და ჩაწვდეთ მის ჭეშმარიტებას. ყველა ის საქმე, რომლითაც ახლა დაკავებული ხართ, პირდაპირ კავშირშია სახარების ქადაგებასთან და მის ფარგლებში ექცევა. მისი მიზანია ღვთის მოწმობა, სახარებისეული საქმის გავრცელება, ღვთის სახელის დამოწმება და კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის მიერ გაწეული საქმის სახარების გავრცელება, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ და მეტი ადამიანი წარდგეს ღვთის წინაშე, მიიღოს ღვთის მიერ დაპყრობა, ღვთის ხსნა და საბოლოოდ, თუ წილად ხვდებათ, ღვთისგან სრულყოფა მიიღონ — ეს კიდევ უკეთესია. რას ნიშნავს, როდესაც მეტი ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე და ამით რა საბოლოო შედეგი უნდა მივიღოთ? (რათა მეტმა ადამიანმა მოიპოვოს ღვთის ხსნა.) რატომ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული? იმიტომ, რომ ეს ღვთის განზრახვაა. სწორედ ამიტომ, დაუღალავად განვმარტავთ ამ ჭეშმარიტებებს. ამას ღვთის განზრახვასთან საერთო რომ არაფერი ჰქონოდა, ამ საკითხებზე საუბარი უსარგებლო და ფუჭი იქნებოდა. რადგან ეს ღვთის განზრახვაა, ჩვენ ამას ნათლად ვხსნით და ყველას ვეხმარებით მის გაგებაში, რათა მათ იცოდნენ, რომ ეს არის ჭეშმარიტება და რომ ყველამ უნდა ჩადოს ძალისხმევა სახარების ქადაგების ამ ჭეშმარიტებაში, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს ასეთი გაგება და დაეკისროს ასეთი ტვირთი.

შემდეგი კითხვაა: რატომ უნდა გავაცნოთ მეტ ადამიანს ღვთის განზრახვა, რათა მათ შეძლონ სახარების ქადაგება და თავიანთი მოვალეობების შესრულება? რატომ უნდა გაკეთდეს ეს? ზოგმა შეიძლება თქვას: „ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, ამიტომ უნდა მივცეთ მეტ ადამიანს ღვთის საქმის მიღების საშუალება.“ ეს განცხადება სწორია, მაგრამ ეს არ არის ამ კითხვაზე არსებითი პასუხი. მაშ, რა არის ამ კითხვაზე არსებითი პასუხი? იცით? (ღმერთს სურს მოიპოვოს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მასთან ერთი გულისა და გონებისანი იქნებიან.) ღმერთს სურს მოიპოვოს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მასთან ერთი გულისა და გონებისანი იქნებიან და ეს სახარების გავრცელებით უნდა მიიღწეს. რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არის სახარების ფართოდ ქადაგება. არის თუ არა განსხვავება სახარების ფართოდ ქადაგებასა და ადამიანთა ჯგუფის მოპოვებას შორის? (დიახ.) მაშინ, რა არის სახარების ფართოდ ქადაგების მიზანი? (რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა.) რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა ღვთის მიერ ადამიანის გადარჩენის პრინციპია, მაგრამ არა ამ კითხვაზე პასუხი. ამ საქმის დაწყებიდან მოყოლებული, მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, თუ როგორ მოვიდა ღმერთი ამჯერად საქმის შესასრულებლად, რათა ახალი ეპოქა დაეწყო და ძველი დაესრულებინა — მოეტანა სასუფევლის ეპოქა და დაესრულებინა მადლის ეპოქა. ყველა, ვინც იღებს ღვთის საქმეს უკანასკნელ დღეებში, ამ ფაქტის მოწმეა. ღმერთი ასრულებს ახალ საქმეს, გამოხატავს ჭეშმარიტებას კაცობრიობის განსასჯელად, განსაწმენდად და გადასარჩენად. ცათა სასუფევლის სახარებამ გავრცელება დაიწყო მრავალ ქვეყანაში. ეს კაცობრიობა უკვე გამოვიდა რჯულის ეპოქიდან და მადლის ეპოქიდან. ისინი აღარ კითხულობენ ბიბლიას, აღარ ცხოვრობენ ჯვრის ქვეშ და აღარ უხმობენ მაცხოვარ იესოს სახელს. ამის ნაცვლად, ისინი ლოცულობენ ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით და ამავდროულად იღებენ ღვთის დღევანდელ სიტყვებს, როგორც თავიანთ ცხოვრებაში გადარჩენის პრინციპებს, მეთოდებსა და მიზნებს. ამ თვალსაზრისით, განა ეს ადამიანები უკვე არ შევიდნენ ახალ ეპოქაში? (დიახ.) ისინი შევიდნენ ახალ ეპოქაში. მაშ, რომელ ეპოქაში ცხოვრობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი, რომელთაც არ მიუღიათ სახარება უკანასკნელ დღეებში და ღვთის ახალი სიტყვები? ისინი კვლავ მადლის ეპოქაში ცხოვრობენ. ახლა, რა არის თქვენი პასუხისმგებლობა? თქვენი პასუხისმგებლობა მათი გამოყვანაა მადლის ეპოქიდან და შეიყვანოთ ახალ ეპოქაში. შეგიძლიათ შეასრულოთ ღვთის დავალება მხოლოდ ღვთისადმი ლოცვითა და მისი სახელის მოხმობით? საკმარისია მხოლოდ ღვთის რამდენიმე სიტყვის ქადაგება? ნამდვილად არა. ეს მოითხოვს, რომ ყველამ იტვირთოთ სახარების ქადაგების ეს დავალება, ფართოდ გაავრცელოთ ღვთის სიტყვები, იქადაგოთ ღვთის სიტყვები სხვადასხვა გზით და იქადაგოთ და გაავრცელოთ ცათა სასუფევლის სახარება. რას ნიშნავს გავრცელება? ეს ნიშნავს ღვთის სიტყვების გადაცემას მათთვის, ვისაც არ მიუღია ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ღმერთი ასრულებს ახალ საქმეს, და შემდეგ დაუმოწმოთ ღვთის სიტყვები, გამოიყენოთ თქვენი გამოცდილება ღვთის საქმის დასამოწმებლად და ისინიც შეიყვანოთ ახალ ეპოქაში — ამგვარად ისინიც შევლენ ახალ ეპოქაში, ისევე როგორც თქვენ. ღვთის განზრახვა ნათელია. ეს არ არის მხოლოდ თქვენთვის, ვინც მოისმინეთ მისი სიტყვები, მიიღეთ ისინი და გაჰყევით მას, რათა შეხვიდეთ ახალ ეპოქაში, არამედ ის მთელ კაცობრიობას შეიყვანს ამ ახალ ეპოქაში. ეს არის ღვთის განზრახვა და ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ახლა ღვთის ყველა მიმდევარმა უნდა გაიგოს. ღმერთს არ შეჰყავს ადამიანთა ჯგუფი, მცირე ფრაქცია ან მცირე ეთნიკური ჯგუფი ახალ ეპოქაში; არამედ, მას განზრახული აქვს მთელი კაცობრიობის შეყვანა ახალ ეპოქაში. როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა? (სახარების ფართოდ ქადაგებით.) მართლაც, ეს უნდა მიიღწეს სახარების ფართოდ ქადაგებით, სხვადასხვა მეთოდისა და გზის გამოყენებით მის ფართოდ გასავრცელებლად. სახარების ფართოდ ქადაგებაზე საუბარი ადვილია, მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა გაკეთდეს ეს? (ეს მოითხოვს ადამიანურ თანამშრომლობას.) ზუსტად, ეს მოითხოვს ადამიანურ თანამშრომლობას. თუ ადამიანები ყოველთვის ეჭიდებიან რაღაც ძველს თავიანთ გულებში, ყოველთვის მცდარი წარმოდგენები აქვთ, ეჭიდებიან ძველ წესებსა და პრაქტიკებს, მაგრამ სერიოზულად არ ეკიდებიან სახარებისეულ საქმეს და არ იღებენ ღვთის დავალებას, მიიჩნევენ რა სახარებისეულ საქმეს ისეთად, რაც მათ არ ეხებათ, შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანები დაწინაურდნენ და გამოიყენოს ღმერთმარ? არიან კი ისინი ღირსნი, იცხოვრონ ღვთის წინაშე? შეუძლიათ მათ ღვთის მოწონების მოპოვება? აბსოლუტურად არა. ამიტომ, მე თქვენს აზროვნებაზე უნდა ვიმუშაო, გავარკვიო, რა არ გესმით, და დაუღალავად განვმარტო შესაბამისი ჭეშმარიტებები, სანამ არ ჩაწვდებით მათ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უგრძნობი და უგუნური შეიძლება იყოთ, მე უნდა გავაგრძელო თქვენთან საუბარი და გაგაგებინოთ, რომ ეს არის ღვთის განზრახვა, ეს არის მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულოთ, და ეს არის თქვენი მისია და ვალდებულება ამ ცხოვრებაში. თუ ყურადღებას არ აქცევ იმას, რასაც ვამბობ ან არ გესმის ეს, მე უნდა გავაგრძელო საუბარი. მაშინაც კი, თუნდაც მოგბეზრებოდათ, მე უნდა გავაგრძელო საუბარი, სანამ არ გაიგებ ჭეშმარიტებას. რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება არის ის, რასაც ღმერთი გამოხატავს; ეს არის ღვთის განზრახვები, ღვთის მოთხოვნები კაცობრიობის მიმართ და ჭეშმარიტების რეალობა, რომელიც ახალ ეპოქაში მყოფ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ. როგორ უნდა მოეპყრონ ადამიანები ღვთის განზრახვებს? მათ უყოყმანოდ და აბსოლუტურად უნდა მიიღონ ისინი, შემდეგ დაემორჩილონ და ითანამშრომლონ, რითაც დააკმაყოფილებენ ღვთის განზრახვებს. ეს არის ადამიანის ვალდებულება. გესმით, როცა ამას ასე ვამბობ? ზოგმა შეიძლება თქვას: „ოჰ, ღმერთი მოითხოვს ადამიანებისგან მისი დავალების მიღებას, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ჩვენნაირ უბრალო ადამიანებთან?“ როგორ ფიქრობთ, აქვს ამას რაიმე კავშირი მათთან? (დიახ, აქვს.) რა კავშირი აქვს ამას მათთან? მე აგიხსნით. ღმერთი არის შემოქმედი, ხოლო ადამიანები მისი ქმნილებები არიან. რა კავშირია „შექმნასა“ და „შექმნილს“ შორის? ეს არის კავშირი მოქმედებასა და მასზე ზემოქმედებას შორის, შემოქმედსა და ქმნილებას შორის. რადგან შემოქმედის განზრახვები გაუწყეს, როგორი განწყობით უნდა გამოეხმაურო? (მივიღო ისინი და მთელი ჩემი ძალით ვითანამშრომლო.) ზუსტად, უნდა დაემორჩილო და მიიღო ისინი, ითანამშრომლო მთელი ძალით, ნებისმიერ ფასად. მოიცავს თუ არა ეს თანამშრომლობა ჭეშმარიტების ძიებას? მოიცავს თუ არა ის ჭეშმარიტების გაგებას? ის ორივეს მოიცავს. რადგან გესმის ღვთის მოთხოვნები და დავალება, ეს შენს მისიას უკავშირდება, ეს შენი მოვალეობაა — რადგან იცი ეს, უნდა მიიღო იგი. სწორედ ასე უნდა მოიქცეს სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანი. თუ იცი ღვთის მოთხოვნები და დავალება, მაგრამ არ შეგიძლია მათი მიღება, მაშინ მოკლებული ხარ სინდისსა და გონიერებას და არ იმსახურებ ადამიანად წოდებას. ზოგმა შეიძლება მაინც ვერ გაიგოს და იფიქროს: „რა კავშირი აქვს ღვთის განზრახვებს ჩვენთან?“ თუ ღვთის განზრახვებს შენთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაშინ არ ხარ ღვთის მიმდევარი ან ღვთის სახლის წევრი. მაგალითად, მშობლებმა გაგაჩინეს და მრავალი წელი გზრდიდნენ; ჭამდი მათ საჭმელს, ცხოვრობდი მათ სახლში და ხარჯავდი მათ ფულს. მაგრამ როდესაც სახლში პრობლემა ჩნდება და ამბობ, რომ ეს არ გეხება, უგულებელყოფ მას და უბრალოდ გარბიხარ, როგორი საძაგელი ადამიანია ეს? იმის თქმა, რომ გარეშე პირი ხარ, სასიამოვნოდ ჟღერს; სინამდვილეში კი, ამბოხებული, საძაგელი ადამიანი ხარ, ადამიანის სამოსში გახვეული მხეცი, პირუტყვზე უარესი. ღვთის განზრახვა ნათელი გახდა და ღმერთი ამბობს: „თქვენ მიიღეთ საქმის ეს ეტაპი და მე უკვე მოგეცით ეს სიტყვები პირველებს, რათა პირველებს მოგესმინათ ისინი, და თქვენ მოისმინეთ, გაიგეთ და ჩაწვდით მათ. ახლა, მე ასევე გეტყვით ჩემს განზრახვასა და ჩემს მოთხოვნას თქვენ მიმართ. თქვენ უნდა გაავრცელოთ ჩემი საქმე, ჩემი სიტყვები და ის, რის აღსრულებასაც ვაპირებ, რათა მთელმა კაცობრიობამ შეძლოს ჩემი ხმის მოსმენა; თქვენ უნდა გაავრცელოთ ჩემი ცათა სასუფევლის სახარება, რათა მთელმა კაცობრიობამ სწრაფად მიიღოს ღვთის საქმე და შევიდეს სასუფევლის ეპოქაში. ეს არის ღვთის განზრახვა და მოთხოვნა.“ როგორ უნდა დაფიქრდე ამის მოსმენისას? როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს? როგორ უნდა გააკეთო არჩევანი? როგორ უნდა შეასრულო ის მოვალეობა, რომელიც ქმნილებამ უნდა შეასრულოს? ზოგმა შეიძლება იგრძნოს, რომ ტვირთი მძიმეა, მაგრამ მხოლოდ გრძნობა არ არის საკმარისი; გჭირდება მოქმედება და ჭეშმარიტი გაგება. ასე უნდა ილოცო ღვთის მიმართ: „ო, ღმერთო, შენ დამაკისრე სახარების ქადაგების პასუხისმგებლობა — ეს შენი მხრიდან ჩემი ამაღლებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტება ძალიან მცირედ მესმის, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო ამ დავალების შესასრულებლად. მე მოვისმინე ამდენი ქადაგება და გავიგე ზოგიერთი ჭეშმარიტება — ყოველივე ეს შენი კურთხევაა, და ახლა მე მაკისრია ეს პასუხისმგებლობა, დავამოწმო ღვთის სიტყვები და საქმე, რათა შევასრულო ეს დავალება.“ ეს სწორია; როდესაც ადამიანებს ღვთისადმი მორჩილი გული აქვთ, ის მიუძღვის მათ. ღმერთმა უკვე ნათლად უთხრა ადამიანებს და განაცხადა, რომ ღვთის სახარების გავრცელება არის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელსაც თავს ვერავინ აარიდებს. ეს არის მთელი ცხოვრების მანძილზე შესასრულებელი მოვალეობა, ყოველი ქმნილების მოვალეობა. შეიცავს თუ არა ეს სიტყვები ღვთის ბრძანებას? შეიცავს თუ არა მის შეგონებას? (დიახ, შეიცავს.) შეიცავს თუ არა ღვთის განზრახვას? (დიახ.) შეიცავს თუ არა ჭეშმარიტებებს, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაიგონ? (დიახ.) არის თუ არა აქ პრაქტიკული პრინციპები და გზები, რომლებსაც ადამიანი შეიძლება გაჰყვეს? (დიახ.) სულ რამდენი პუნქტი ვახსენე? (ოთხი პუნქტი: პირველი არის ღვთის ბრძანება და შეგონება. მეორე არის ღვთის განზრახვა. მესამე არის ჭეშმარიტებები, რომლებიც უნდა გავიგოთ. მეოთხე არის პრაქტიკული პრინციპები და გზები, რომლებსაც უნდა მივდიოთ.) სწორია; სულ ეს ოთხი პუნქტი ვახსენე. შემდეგ, მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანის კონკრეტულ შინაარსზე.

პირველი პუნქტი არის ღვთის ბრძანება. რა არის ღვთის ბრძანება? (ცათა სასუფევლის სახარების გავრცელება.) ეს არის ცათა სასუფევლის სახარების ფართოდ ქადაგება. მეორე პუნქტი არის ღვთის განზრახვა. რა არის ღვთის განზრახვა? ის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ღმერთი უკვე მოვიდა, რომ ის ასრულებს ახალ საქმეს, რომ ღმერთს განზრახული აქვს ეპოქის შეცვლა, ძველი ეპოქის დასრულება და კაცობრიობის ახალ ეპოქაში შეყვანა. ეს არის ღვთის განზრახვა, არა? შეიძლება ითქვას, რომ ღვთის განზრახვა სახარების გავრცელებაა? ეს არც ისე მარტივია. სახარების გავრცელებას აქვს საბოლოო მიზანი და შედეგი — რა უნდა იყოს ეს? (რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ღმერთი მოვიდა, ის ასრულებს ახალ საქმეს და მას განზრახული აქვს ძველი ეპოქის დასრულება და მთელი კაცობრიობის ახალ ეპოქაში შეყვანა.) სწორია, მთელი კაცობრიობის ახალ ეპოქაში შეყვანა. რა გავლენას ახდენს ეს კაცობრიობაზე? კაცობრიობა შედის ახალ ეპოქაში; ეს ეპოქა გარდაიქმნება. მაშ, რა არის ღვთის განზრახვა? გთხოვთ, გაიმეოროთ. (ღმერთს განზრახული აქვს ეპოქის შეცვლა, ძველი ეპოქის დასრულება და კაცობრიობის ახალ ეპოქაში შეყვანა.) არაფერი არ უნდა გამოგრჩეთ — ყველაფერი ჩაინიშნეთ? (დიახ.) მესამე პუნქტი არის ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებმა უნდა გაიგონ. რა უნდა იყოს ეს ჭეშმარიტება? (სახარების ქადაგება ყოველი ქმნილების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.) ეს არის ჭეშმარიტება. ამ ჭეშმარიტების ფარგლებში, ადამიანებმა უნდა მიიღონ სახარების ქადაგების მოვალეობა და შემდეგ ამ განცხადებაში იპოვონ პრაქტიკის პრინციპები და გზები. ეს სიტყვები ადამიანებისთვის ჭეშმარიტებაა. რა არის ეს ფრაზა? (სახარების ქადაგება ყოველი ქმნილების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.) ეს უნდა იყოს მოვალეობა და მისია. როგორ გესმით მოვალეობა და მისია? მოვალეობა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, და პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, ასევე მისი მოვალეობაა. მაგრამ მისია განსხვავებულია; მისია უფრო დიდია, უფრო ზუსტი, უფრო ღრმა მნიშვნელობისა და უფრო დიდი წონადი, ვიდრე პასუხისმგებლობა. ჩაინიშნეთ ეს? (დიახ.) ახლა, მე შევამჩნიე რაღაც; მთელი ეს შინაარსი, რასაც ჩვენ განვიხილავთ, წერილობით უნდა ჩაიწეროს, სანამ მასზე წარმოდგენა შეგექმნებათ. თუ არ ჩაინიშნავთ და მხოლოდ ასე მოისმენთ, არც კი დაგამახსოვრდებათ. რაზე მიუთითებს ეს? ეს აჩვენებს, რომ ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება; ისინი მხოლოდ მცირედ მოძღვრებას სწვდებიან და იციან გარკვეული ჭეშმარიტებების განმარტება, კონცეფცია და მონახაზი. როდესაც საქმე ეხება ამ ჭეშმარიტებების კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში, წარმოდგენაც არ აქვთ, ასე არ არის? თქვენი უმეტესობისთვის მოძღვრებაზე ორი ან სამი საათის განმავლობაში საუბარი რთული არ არის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტების გამოყენებას სიტუაციების მოსაგვარებლად, პრაქტიკის იმ პრინციპებისა და გზების გამოყენებით, რომლებიც თქვენ გამოსცადეთ და გაიგეთ — ეს რთულია. რაშია აქ პრობლემა? იმაში, რომ არ გესმით ჭეშმარიტება, განა ასე არ არის? ახლა, მოდით, გადავიდეთ მეოთხე პუნქტზე. რა არის მეოთხე პუნქტი? (პრაქტიკის პრინციპები და გზები, რომლებსაც უნდა გავყვეთ.) როგორ განისაზღვრება ეს პრინციპები და გზები? ისინი განისაზღვრება ორი რამის საფუძველზე: ერთი არის ღვთის განზრახვა, ხოლო მეორე — ჭეშმარიტება. ეს ორი რამ არის ის, რაც ადამიანებმა უნდა გაიგონ. მაგალითად, თუ თავს იკავებ სახარების ქადაგებისგან, როდესაც ამას გთხოვენ, მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ სახარების ქადაგება მისი განზრახვაა, რა უნდა გააკეთო? რა უნდა იყოს პრაქტიკის პრინციპები? როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება? უნდა დაემორჩილო და მიიღო ის მთლიანად, უყოყმანოდ, ანალიზისა თუ გამოკვლევის გარეშე, მიზეზის ძიების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტი მორჩილება. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისას. როდესაც ღვთის განზრახვას განვმარტავთ, რას გულისხმობს ის ჩვეულებრივ? ღვთის განზრახვა არსებითად არის ღვთის წადილი, მისი ქმედებების მიზანი, წყარო და საწყისი წერტილი. სულიერი ტერმინოლოგიით, მას უწოდებენ მის „განზრახვას“ ან „ხილვას“. როდესაც ღმერთი გიმჟღავნებს თავის განზრახვას, ის გაძლევს ზოგად მიმართულებას, გაგებინებს, რის გაკეთებას აპირებს. თუმცა, თუ ღმერთი არ გაწვდის კონკრეტულ დეტალებს ან პრინციპებს, იცი თუ არა პრაქტიკის ზუსტი გზა და მიმართულება? არ გეცოდინება. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ რაღაც გააკეთონ, ისინი, ვისაც გონება უჭრით, ვისაც აქვთ გული და სული, დავალების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ მოიძიებენ დეტალებს და იმას, თუ კონკრეტულად როგორ გააკეთონ ეს. მათ, ვისაც გონება არ უჭრით, ვისაც არ აქვთ გული და სული, შეიძლება იფიქრონ, რომ ეს ადვილია და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოქმედება დამატებითი დეტალების მოლოდინის გარეშე. აი, რას ნიშნავს, როცა ადამიანს გონება არ უჭრის და საქმეს ბრმად აკეთებს. როდესაც იღებ დავალებას ღვთისგან და მიზნად ისახავ შენი მოვალეობის შესრულებასა და შენი მისიის დასრულებას, პირველ რიგში უნდა გაიგო ღვთის განზრახვა. უნდა იცოდე, რომ ეს დავალება ღვთისგან მოდის, რომ ეს მისი განზრახვაა, და უნდა მიიღო ის, გაითვალისწინო და, რაც მთავარია, დაემორჩილო მას. მეორეც, უნდა მოიძიო, რომელი ჭეშმარიტებების გაგება გჭირდება ამ მოვალეობის შესასრულებლად, რომელ პრინციპებს უნდა გაჰყვე და როგორ გამოიყენო ისინი პრაქტიკაში ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ღვთის რჩეულ ხალხს და ღვთის სახლის საქმეს. ეს არის პრაქტიკის პრინციპები. ღვთის განზრახვის გაგების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა ეძიო და გაიგო ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები და, ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, დაადგინო ამ ჭეშმარიტებების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები და გზა. რას გულისხმობს „პრინციპები“? კონკრეტულად, პრინციპი გულისხმობს იმას, რასაც უნდა ეფუძნებოდეს მიზნის მიღწევა ან შედეგების გამოღება ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისას. მაგალითად, თუ დაგევალა ნივთის შეძენა, რა არის პრაქტიკის კონკრეტული პრინციპები? პირველ რიგში, უნდა გაიგო შესაძენი ნივთის სპეციფიკაციები და მოდელი, ხარისხის სტანდარტები, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს, და არის თუ არა ფასი მისაღები. ძიების პროცესში ნათელი გახდება პრაქტიკის კონკრეტული პრინციპები. ეს პრინციპები გაძლევს საზომსა და ჩარჩოს — ყველაფერი რიგზე იქნება, სანამ ამ დიაპაზონში დარჩები. როგორც კი გაიგებ ნივთის სპეციფიკაციების, ხარისხისა და ფასის ძირითად პრინციპებს, ეს აჩვენებს, რომ ჩაწვდი ამ დავალებისთვის მოთხოვნილ სტანდარტებს. ეს ნიშნავს, რომ არსებითად ისწავლე, როგორ გამოიყენო ეს პრაქტიკაში. ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოსაყენებლად ადამიანი უნდა ჩაწვდეს პრინციპებს: პრინციპები არის გასაღები, ყველაზე საბაზისო ელემენტი. როგორც კი ჩაწვდები მოვალეობის შესრულების ფუნდამენტურ პრინციპებს, ეს აჩვენებს, რომ გესმის ამ მოვალეობის შესრულებისთვის მოთხოვნილი სტანდარტები. ამ პრინციპების დაუფლება უდრის იმის ცოდნას, თუ როგორ გამოიყენო ჭეშმარიტება პრაქტიკაში. მაშ, რის საფუძველზე ყალიბდება პრაქტიკის ეს უნარი? ის ეფუძნება ღვთის განზრახვისა და ჭეშმარიტების გაგებას. ითვლება თუ არა ჭეშმარიტების გაგებად, თუ მხოლოდ ერთი წინადადება იცი იმის შესახებ, რასაც ღმერთი მოითხოვს? არა, არ ითვლება. რა სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ეს ჭეშმარიტების გაგებად ჩაითვალოს? უნდა გესმოდეს მოვალეობის შესრულების მნიშვნელობა და ღირებულება და, როგორც კი ნათლად გაიგებ ამ ორ ასპექტს, გაგებული გექნება მოვალეობის შესრულების ჭეშმარიტება. გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, ასევე უნდა ჩაწვდე მოვალეობის შესრულების პრინციპებსა და პრაქტიკულ გზებს. როგორც კი შეძლებ მოვალეობის შესრულების პრინციპების ჩაწვდომასა და გამოყენებას, და ზოგჯერ მცირედი სიბრძნის გამოვლენას, შეძლებ უზრუნველყო მოვალეობის შესრულების ეფექტურობა. ამ პრინციპების ჩაწვდომითა და მათ მიხედვით მოქმედებით, შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში ჯეროვნად გამოყენებას. თუ ასრულებ მოვალეობას ყოველგვარი ადამიანური განზრახვების შერევის გარეშე, თუ ეს კეთდება ღვთის მოთხოვნებისადმი აბსოლუტური მორჩილებითა და ღვთის სახლის სამუშაო მოწყობის შესაბამისად, ღვთის სიტყვებთან სრული თანხვედრით, მაშინ სრულად, სათანადოდშეგისრულებია მოვალეობა, და თუნდაც შედეგებში იყოს გარკვეული შეუსაბამობები ღვთის მოთხოვნებთან შედარებით, ეს მაინც ღვთის მოთხოვნების შესრულებად ითვლება. თუ სრულად ასრულებ მოვალეობას პრინციპების შესაბამისად, თუ ხარ ერთგული და აკეთებ ყველაფერს შესაძლებლობების ფარგლებში, მაშინ მოვალეობის შესრულება სრულად შეესაბამება ღვთის განზრახვას. შეგისრულებია შენი, როგორც ქმნილების, მოვალეობა მთელი გულით, გონებითა და ძალით, რაც ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებით მიღწეული შედეგია. ახლა, პრაქტიკის პრინციპებისა და გზების ჩასაწვდომად, რა უნდა გაიგო პირველ რიგში ამ შედეგის მისაღწევად? (პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიგოთ ღვთის განზრახვა, შემდეგ კი მივიღოთ და დავემორჩილოთ მას მთლიანად და უარის თქმის გარეშე.) ეს არის ის, რაც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ პრაქტიკისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით. რა უნდა გავიგოთ შემდეგ? უნდა გაიგო ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტებაში არსებული დეტალები ქმნიან პრინციპებსა და გზებს. იმისათვის, რომ ჩაწვდე პრაქტიკის პრინციპებსა და გზებს, რომელთაც უნდა მისდიო, პირველი, რაც უნდა გაიგო, არის ღვთის განზრახვა, რასაც მოჰყვება ჭეშმარიტება. ეს არის ორი მთავარი პუნქტი, დანარჩენი კი მათში შემავალი დეტალური შინაარსისგან შედგება.

პირველი კატეგორია, რომელიც ეხება მათ, ვინც სახარების ქადაგების მოვალეობას ასრულებს, დროებით აქ დავასრულოთ. დღეს მე კიდევ ცოტა რამ დავამატე, რათა წინა ჯერზე განხილული მთავარი თემა შეგახსენოთ. ამავდროულად, ის ემსახურება გაფრთხილებას, რათა ყველამ გააცნობიეროს ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა და თითოეული საქმე, რომლითაც ამჟამად ხარ დაკავებული და თითოეული მოვალეობა, რომელსაც ასრულებ, ამ მიზნისკენ იყოს მიმართულინ და ხორციელდებოდეს ამ საფუძველზე — რაც მთლიანად უკავშირდება სახარების ქადაგებას. მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ წინა ხაზზე და არ ურთიერთობ სახარების პოტენციურ მსმენელებთან, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მოვალეობა, რომელსაც ამჟამად ასრულებ, უკავშირდება სახარებისეულ საქმეს. ამის საფუძველზე, განა ყველას არ უნდა ჰქონდეს სახარების ქადაგებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების უფრო ნათელი და გაცისკროვნებული გაგება? (დიახ.) დღევანდელი დანართის მეშვეობით, დაინახეთ თუ არა ნათლად სახარების ქადაგების მოვალეობის სიმძიმე და მნიშვნელობა? (დიახ.) მაშ ასე, როგორია მომავალში ამ ჭეშმარიტების მიმართ ყველაზე შესაფერისი და მართებული დამოკიდებულება? სახარების გავრცელება ღვთის განზრახვაა. ღმერთს განზრახული აქვს ამ ძველი ეპოქის დასრულება და მეტი ადამიანის მოყვანა მის წინაშე, მათი გამოყვანა ძველი ეპოქიდან და შეყვანა ახალში. ეს არის ღვთის განზრახვა და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გაიგოს. ზოგმა შეიძლება თქვას: „მე მესმის, მაგრამ არ მაქვს სახარების საქადაგებლად საჭირო შემართება და არ მაქვს იმის გული, რომ ჩემი წილი საქმე გავაკეთო.“ რაშია აქ პრობლემა? (ადამიანობის არქონაში.) ზუსტად. თავს ქმნილებად აღიარებს და ღვთის მიმდევრად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღვთის განზრახვას, რომლის შესახებაც ის ხშირად შეაგონებს ყველას, მის გადაუდებელ განზრახვას, რომელიც ნათლად აეხსნა ყველა ადამიანს, თუ ყურადღებას არ აქცევ და არ ითვალისწინებ მას, როგორი ადამიანი ხარ? ეს ადამიანობის არქონის გამოვლინებაა. გსურს. რომ ღმერთი განადიდო და ამბობ, რომ ის არის შენი ღმერთი და შენი უფალი, მაგრამ როდესაც საქმე ღვთის განზრახვას ეხება, ოდნავ ყურადღებასაც არ აქცევ და საერთოდ არ ითვალისწინებ. ეს არის ადამიანობის ნაკლებობა და ასეთი ადამიანი უგულოა. ეს თემა აქ სრულდება.

წინამძღოლებისა და მუშაკების განმარტება და მათი დანიშვნის მიზეზები

შემდეგ განვიხილოთ მეორე კატეგორია: ისინი, ვინც ასრულებენ წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არიან, მათი საქმის ბუნების გათვალისწინებით, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობები ბევრ ჭეშმარიტებასაც მოიცავს, უფრო მეტ ჭეშმარიტებასაც კი, ვიდრე სახარების ქადაგება. რატომ ვამბობ ამას? ეს მოვალეობები თავისი მასშტაბით ძალიან ფართოა. ამ მოვალეობების ერთი ასპექტია სახარების საქმის გარეთ გავრცელება, ხოლო მეორე არის შიგნით ღვთის რჩეული ხალხის მორწყვა და უზრუნველყოფა, ეკლესიის ცხოვრების ჯეროვნად მართვა, აგრეთვე ეკლესიის საკითხების მოგვარება და ყოველგვარი პრობლემის გადაჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მეტი ჭეშმარიტება უნდა გაიგონ, მათ მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული პრაქტიკის გარკვეულ პრინციპებთან დაკავშირებით და მათი ურთიერთობა ღმერთთან უფრო მჭიდრო უნდა იყოს. წინამძღოლობა თუ მუშაკობა მოითხოვს პრაქტიკას და შესვლას ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტში, იმ გზებში, რომლებსაც ადამიანები გადიან, ისევე როგორც ბევრ სხვა ასპექტში. სახარების ქადაგების მოვალეობის შესრულებასთან შედარებით, წინამძღოლობა და მუშაკობა უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული სიცოცხლეში შესვლასთან და ასევე მოითხოვს ხასიათის ცვლილების მიღწევას. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ჭეშმარიტება, რომლებიც ეხება წინამძღოლების საქმის კარგად შესრულებას, რაოდენობრივად და მასშტაბით უფრო დიდია. თუმცა, რაოდენობის მიუხედავად, ისინი მაინც რამდენიმე ძირითად თემაში ერთიანდება, ამიტომ მოდით, სათითაოდ, პუნქტობრივად განვიხილოთ და თქვენ თანდათან ჩასწვდებით მათ. დავიწყოთ წინამძღოლებისა და მუშაკების განსაზღვრებაზე საუბრით. რატომ არის საჭირო მათი განმარტება? განსაზღვრა რაღაცის პოზიციონირების ტოლფასია, ანუ ის ადამიანებს უხსნის ამ მოვალეობების პასუხისმგებლობების ბუნებასა და მასშტაბს, ისევე როგორც მათ სახელწოდებებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა უნდა ეწოდოთ მათ. ამ მოვალეობების ზუსტი განსაზღვრით, ადამიანებს შეუძლიათ ნათლად გააცნობიერონ, თუ რა ადგილი უჭირავს ამ კატეგორიის ხალხს ღვთის გონებაში, რას ითხოვს იგი მათგან, რა მოთხოვნები აქვს მათ მიერ ამ მოვალეობების შესრულების მიმართ, რა გზას უნდა გაჰყვნენ და რა პრინციპები უნდა განახორციელონ პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, ახალგაზრდები არიან თუ მოხუცები, მაღალი და წარჩინებული სტატუსის თუ დაბალი და მდაბალი სტატუსის, და მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთს ასეთი ადამიანებისთვის დადგენილი სტანდარტები გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ჭეშმარიტებები, რომლებიც უნდა ესმოდეთ ადამიანებს, ვინც ასეთ მოვალეობებს ასრულებენ. არსებობს ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებიც მათ უნდა აღიქვან და პრაქტიკაში გამოიყენონ, ასევე, არის გარკვეული გზა, რომელსაც ისინი უნდა გაჰყვნენ. მაშ, ჩვეულებრივ, როგორ განისაზღვრებიან ისინი, ვინც ღვთის მიმდევართაგან არიან არჩეულნი წინამძღოლობისა და მუშაობისთვის? როგორია ზუსტი განსაზღვრება? რას მიიჩნევენ ადამიანები ამ განსაზღვრებად? და კონკრეტულად რა ადგილი უკავიათ ასეთ ადამიანებს სხვების გულებში? განა ეს არ უკავშირდება ასეთი ადამიანების იდენტობისა და სტატუსის განსაზღვრას? ზუსტად რა ადგილი უჭირავთ ასეთ ადამიანებს სხვების გულებში? როგორც მოციქულების? არა. როგორც მოწაფეების? არც როგორც მოწაფეების. არის ვინმე, ვინც მათ მწყემსებს უწოდებს? (დიახ). არის „მწყემსი“ შესაფერისი სახელწოდება? (არ არის). რატომ არ არის? (ეს არასწორი პოზიციაა.) შეუძლიათ ადამიანებს მწყემსის როლის აღება? (არა). რადგან ისინი არც მოციქულები არიან და არც მოწაფეები და არც „მწყემსებია“ შესაფერისი, ზუსტად რა არის ყველაზე შესაბამისი სახელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ მოვალეობებს ასრულებენ? რომელია უფრო მართებული ტერმინი? (გუშაგები.) არის „გუშაგები“ შესაფერისი? მე ვერ ვხედავ განსხვავებას ამ სახელწოდებასა და „მწყემსებს“ შორის. ეს დიდებულად ჟღერადი სახელია, მაგრამ საქმე, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ, საკმაოდ უმნიშვნელოა. არცერთი ეს სახელწოდება არ არის შესაფერისი. მაშ, ამ ადამიანების მიერ განხორიელებული მოვალეობების ხასიათიდან გამომდინარე, რა არის უფრო მართებული სახელწოდება და განსაზღვრება? რა პრინციპებით უნდა მოხდეს ასეთი ადამიანების განმარტება? განმარტება უნდა შეესაბამებოდეს მათი საქმის ბუნებას, ისევე როგორც მათ იდენტობასა და სტატუსს და ის უნდა იყოს ზუსტი და არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდებული. ეს ადამიანები „მოციქულებად“ რომ განგვესაზღვრა, განა ეს მეტისმეტად გრანდიოზული არ იქნებოდა? (დიახ). ან რას იტყვით „გუშაგებზე“? (ეს კიდევ უფრო გრანდიოზულია.) განა შენ შეგიძლია, ადამიანებს უდარაჯო? თუ არა, მაშინ შენ არ ხარ გუშაგი. რას იტყვით „მწყემსებზე“? რას გულისხმობს სიტყვა „მწყემსი“? (ადამიანებს, რომლებიც მწყემსავენ ფარას.) ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც უვლიან და დარაჯობენ ცხვრის ფარას. ეს სახელი რეალურად შეეფერება ამ ჯგუფს მხოლოდ მათი საქმის ბუნებიდან გამომდინარე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რისი ტვირთვა შეუძლიათ ადამიანებს დღეს, რისი მიღწევა შეუძლიათ და როგორია მათი გახრწნილი ხასიათი, არის კი სახელწოდება „მწყემსები“ შესაფერისი? (არა). ეს ცოტა გრანდიოზულია. მათ ეს არ შეუძლიათ და არც იმ საქმის ბუნებასა თუ მასშტაბს შეესაბამება, რომელსაც ადამიანები დღეს ახორციელებენ. ცხადია, ეს სახელწოდება მათ არ შეეფერება. მაშ, რა არის ყველაზე შესაფერისი გზა ადამიანთა ამ კატეგორიის განსასაზღვრად? (წინამძღოლები და მუშაკები.) ეს ფრაზა შედარებით შესაფერისია.

რა არის იმ ადამიანთა კატეგორიის წარმოქმნის მიზეზი, რომლებიც წინამძღოლები და მუშაკები არიან? როგორ წარმოიშვნენ ისინი? ფართო გაგებით, ისინი საჭირონი არიან ღვთის საქმისთვის, ვიწრო გაგებით კი, ისინი საჭირონი არიან ეკლესიის საქმისთვის, ისინი სჭირდებათ ღვთის რჩეულ ხალხს. მათი იდენტობისა თუ სტატუსის მიუხედავად და იმ როლის მიუხედავად, რომელსაც ასრულებენ, ისინი ღვთის რჩეული ხალხის ჩვეულებრივი წევრების თანასწორნი არიან, ღვთის წინაშე მათი იდენტობა და სტატუსი ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არსებობს ტერმინი „წინამძღოლები და მუშაკები“ და მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნებები არიან „წინამძღოლები“ და „მუშაკები“, რომლებიც თავიანთი დებისა და ძმებისგან განსხვავებულ მოვალეობებს ასრულებენ, ღვთის წინაშე მათი წოდება „შექმნილი არსებები“ მაინც იგივეა, ეს იდენტობა არ შეიცვლება. განსხვავება წინამძღოლებსა და მუშაკებს და ღვთის რჩეული ხალხის ჩვეულებრივ წევრებს შორის მხოლოდ მათ მიერ შესრულებული მოვალეობების განსაკუთრებულ მახასიათებელშია. ეს განსაკუთრებული მახასიათებელი, ძირითადად, მათ ხელმძღვანელ როლებში ვლინდება. მაგალითად, რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს ეკლესიაში, წინამძღოლი არის ხელმძღვანელი. მაშ, რა როლს ასრულებს ეს წინამძღოლი წევრებს შორის? ისინი ხელმძღვანელობენ ღვთის ყველა რჩეულ ადამიანს ეკლესიაში. მაშ, რა გავლენა აქვთ მათ მთელ ეკლესიაზე? თუ ეს წინამძღოლი არასწორ გზას დაადგება, ეკლესიაში ყველა მას გაჰყვება არასწორი გზით, რაც დიდ გავლენას მოახდენს ეკლესიაში მყოფ ღვთის ყველა რჩეულ ადამიანზე. ავიღოთ, მაგალითად, პავლე. ის წინ მიუძღოდა ბევრ მის მიერ დაარსებულ ეკლესიასა და ღვთის რჩეულ ხალხს. როდესაც პავლე გზას ასცდა, ეკლესიები და ღვთის რჩეული ხალხიც, რომელთაც ის ხელმძღვანელობდა, ასევე ასცდნენ გზას. ასე რომ, როდესაც წინამძღოლები საკუთარ, განსხვავებულ გზას ირჩევენ, ეს მხოლოდ მათზე არ ახდენს გავლენას, გავლენა ვრცელდება ეკლესიებსა და ღვთის რჩეულ ხალხზეც, რომლებსაც ისინი წინამძღოლობენ. თუ წინამძღოლი მართალი ადამიანია, ის, ვინც სწორ გზაზე დგას და ესწრაფვის და პრაქტიკაში ახორციელებს ჭეშმარიტებას, მაშინ ადამიანები, რომელთაც ის წინ მიუძღვის, ჩვეულებრივ შეჭამენ და დალევენ ღვთის სიტყვებს და ნორმალურად ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ; ამავდროულად, წინამძღოლის ცხოვრებისეული გამოცდილება და პროგრესი სხვებისთვის ხილული იქნება და მათზე გავლენას მოახდენს. მაშ, როგორია სწორი გზა, რომელსაც წინამძღოლი უნდა გაჰყვეს? ეს არის უნარი, გაუძღვე სხვებს ჭეშმარიტების გაგებისა და მასში შესვლისკენ და მიიყვანო ისინი ღვთის წინაშე. რა არის არასწორი გზა? ეს არის სტატუსის, დიდებისა და გამორჩენის ძიება, საკუთარი თავის ხშირი წარმოჩენა და საკუთარი თავის დამოწმება და არასოდეს ღვთის დამოწმება. რა გავლენას ახდენს ეს ღვთის რჩეულ ხალხზე? (ეს მათ საკუთარი თავის წინაშე მიიყვანს.) ისინი განეშორებიან ღმერთს და ამ წინამძღოლის კონტროლის ქვეშ მოექცევიან. თუ შენ ადამიანებს საკუთარ თავთან მიიყვან, მაშინ შენ მათ გახრწნილ ადამიანთან მიიყვან და შენ მათ სატანასთან მიიყვან და არა ღმერთთან. ადამიანების მხოლოდ ჭეშმარიტებასთან მიყვანა ნიშნავს მათ ღმერთთან მიყვანას. წინამძღოლებსა და მუშაკებს, მიუხედავად იმისა, სწორ გზას ადგანან თუ მცდარს, პირდაპირი გავლენა აქვთ ღვთის რჩეულ ხალხზე. სანამ მათ ჯერ კიდევ არ ესმით ჭეშმარიტება, ღვთის რჩეული ხალხის უმრავლესობა ბრმად მიჰყვება მათ. წინამძღოლი შეიძლება იყოს კარგი ადამიანი და ისინი მას გაჰყვებიან; წინამძღოლი შეიძლება იყოს ცუდი და ისინი მასაც გაჰყვებიან — არაფრით არ განასხვავებენ. ისინი იქით გაჰყვებიან, საითაც წაიყვანენ, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის წინამძღოლი. ამიტომ გადამწყვეტია, რომ ეკლესიებმა წინამძღოლებად კარგი ადამიანები აირჩიონ. თითოეული ადამიანის გზა, ვისაც ღმერთის სწამს, პირდაპირ კავშირშია მათი წინამძღოლების მიერ განვლილ გზასთან და სხვადასხვა ხარისხით შეიძლება მოექცეს ამ წინამძღოლებისა და მუშაკების გავლენის ქვეშ. მოდით, დავიწყოთ თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჭეშმარიტებაზე ამ ორი მიმართულებით — ერთი მხრივ, სწორ გზაზე, ხოლო მეორე მხრივ, არასწორ გზაზე. ამ ორიდან პირველად რომელზე გვქონდეს თანაზიარება? (არასწორ გზაზე). რატომ ირჩევთ ამას? უკეთესია, ჯერ სწორი გზა განვიხილოთ თუ არასწორი? (არასწორი). სინამდვილეში ორივე სწორია, მაგრამ იმას, თუ რომელს განვიხილავთ პირველად, განსხვავებული ეფექტი ექნება. თუკი მსჯელობას არასწორი გზის განხილვით დავიწყებთ, ადამიანებს შეეძლებათ ამ არასწორ გზაში უფრო მეტი აღმოაჩინონ სწორი გზის შესახებ, ასევე დაინახონ მრავალი უარყოფითი მხარე თუ ცოდნა, რაც საკუთარი თავის დასამოძღვრად გამოადგებათ. მათ შეუძლიათ, აქედან რაღაც დადებითი გამოიტანონ და თუ შემდეგ გადავალთ სწორი გზის განხილვაზე, ადამიანები შეძლებენ უფრო ღრმად და სწრაფად ჩასწვდნენ იმას, რაც დადებითია. არსებითად, ეს მიდგომა გამართლებულია და ხალხს სარგებელს მოუტანს. ამიტომ, მოდით, დავიწყოთ არასწორი გზის განხილვით.

ანტიქრისტეთა მიერ ადამიანთა კონტროლის მეთოდები

მას შემდეგ, რაც პიროვნებას აირჩევენ წინამძღოლად ან მუშაკად და დაიწყებს მოვალეობების შესრულებას, უნდა გამოიმუშაოს თუ არა გარკვეული ქცევის მანერა? ზოგი კითხულობს: „რა ქცევის მანერა? ღრუბლებში უნდა დაფრინავდნენ თუ ქარსა და წვიმას განაგებდნენ?“ არცერთი არ არის სწორი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ უნდა დაფრინავდნენ ღრუბლებში და არც ქარსა და წვიმას განაგებდნენ და, რა თქმა უნდა, არც საქვეყნოდ არ უნდა გაჰყვიროდნენ, რადგან ისინი არიან გახრწნილი ადამიანები სატანის გახრწნილი ხასიათითა და არსით, ასეთ დროს ყოველი პიროვნება მაინც გრძნობს შინაგანად გრგვინვისებურ ძალას. ყველას აქვს ამბიციური მიზნები და გრძნობს სწრაფვას, წარმატებას მიაღწიოს კარიერაში, გამოავლინოს თავისი უნარები, მოახდინოს შთაბეჭდილება და დაიხარჯოს ბოლომდე. მოდით, ჯერჯერობით ნუ განვიხილავთ, სწორია თუ არა ასეთი სწრაფვა. როდესაც ვინმეს აირჩევენ წინამძღოლად ან მუშაკად, იგი შინაგანად ძალიან კომპლექსურ გრძნობებს განიცდის. რას ვგულისხმობ კომპლექსურში? ზოგს სჯერა, რომ წინამძღოლად არჩევა სულაც არ არის ადვილი და მიუხედავად იმისა, რომ არ არიან დარწმუნებულნი, შეძლებენ თუ არა საქმის ჯეროვნად კეთებას და არ იციან, როგორი იქნება მათი მომავალი გზა, მათი თანდაყოლილი ბუნება ისეთია, რომ ძალიან უხარიათ ეს შესაძლებლობა და ძალიან ბედნიერნი არიან ამ საპატიო პასუხისმგებლობისა და მძიმე ტვირთის მიღებით. ასევე, გულის სიღრმეში, გარკვეულ თვითკმაყოფილებას გრძნობენ და თვლიან, რომ გაუმართლათ. რის გამო თვლიან, რომ გაუმართლათ? ისინი ფიქრობენ: „მე ამირჩიეს ათობით ადამიანს შორის, ალბათ საკმაოდ გამორჩეული და ნიჭიერი ვარ. ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესი უნდა ვიყო, აღქმის უკეთესი უნარი და მეტი სულიერი გაგება უნდა მქონდეს, ვიდრე უმეტესობას. უამრავი წელია, ღმერთის მწამს, ბევრი გავიღე და ვიშრომე. ფაქტები ადასტურებს, რომ კვალიფიციური ვარ ეკლესიაში წინამძღოლობისთვის, რათა გავუძღვე ადამიანებს ღვთის სიტყვებში შესვლასა და ჭეშმარიტების გაგებაში. ირგვლივ იმდენი ჩემზე ჭკვიანი, განათლებული და ენამოსწრებული ადამიანია, რატომ ამირჩიეს მე მათ ნაცვლად? ეს აჩვენებს, რომ უნარიანი ვარ და კარგი ადამიანობა მაქვს. ეს ღვთის მადლია“. ეს მათი შინაგანი მონოლოგია. „ღვთის მადლს“ ბოლოში ამატებენ, მაგრამ, სინამდვილეში, მათი ჭეშმარიტი ფიქრები და გაგება მონოლოგის პირველ ნაწილშია. ისინი ფიქრობენ: „მიუხედავად იმისა, რომ არ მიბრძოლია ამისთვის, მაინც მე ამირჩიეს. ახლა რა უნდა გავაკეთო? იმედი არავის უნდა გავუცრუო, ბოლომდე უნდა დავიხარჯო!“ და როგორ იხარჯებიან ისინი ბოლომდე? მუშაობის პირველივე დღეს, ისინი იწვევენ თითოეული გუნდის ზედამხედველს შეკრებაზე და განსაკუთრებული ქცევის მანერითა და შემართებით გამოირჩევიან. როგორია ეს შემართება? ისინი მოქმედებენ სწრაფად და გადაჭრით, რასაც ამბობენ, ასრულებენ, სურთ, დასაწყისშივე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ. პირველ რიგში, ცდილობენ ყველას აჩვენონ, რამდენად უნარიანები არიან, შემდეგ კი ცდილობენ, ადამიანებმა შეიცნონ და უარყონ მათი წინამორბედი. ისინი ამბობენ: „დღეს, მოდით, ჯერ დრო დავუთმოთ ჩემი წინამორბედის გაანალიზებას, მაგალითად, იმ გზებს, რომლითაც ის ზღუდავდა ადამიანებს, საქმის რომელ ასპექტებში იყო ხარვეზიანი თუ დაუდევარი — ჩვენ შეგვიძლია ამ ყოველივეზე თანაზიარება. როდესაც თანაზიარებას დავასრულებთ და თქვენ ნათლად დაინახავთ წინა წინამძღოლის ნამდვილ სახეს, შეძლებთ მის უარყოფას, აღარ იქნებით მისით შეზღუდულნი და აღარც მისკენ მიილტვით, მხოლოდ მაშინ ჩაითვლებით გონიერების მქონედ და ღვთის ერთგულ და მორჩილ ადამიანებად. დღევანდელ შეკრებას დავიწყებთ წინა ცრუ წინამძღოლისა და ანტიქრისტეს კრიტიკით. მოდით, ვამხილოთ იგი“. საპასუხოდ, ყველა ამბობს, რომ მათ ისინი უკვე თანაეზიარნენ და დაინახეს, რომ წინამორბედი ცრუ წინამძღოლი და ანტიქრისტე იყო, ამიტომ აღარაფერი დარჩა სამხილებელი. მაგრამ ეს ახალი წინამძღოლები არ ეთანხმებიან და იწყებენ ადამიანების სათითაოდ ამორჩევას და მათგან თანაზიარების მოთხოვნას. ზოგიერთი ადამიანის თანაზიარება მათ არ მოსწონთ, ამიტომ სთხოვენ ერთ-ერთ დას ან ძმას, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ყოფილ წინამძღოლთან, რომ ამხილოს და გააანალიზოს იგი. მაგრამ ამ თანაზიარების მოსმენის შემდეგ, ეს ახალი წინამძღოლები ფიქრობენ: „ამ ადამიანს არ აქვს ჩემი წინამორბედის სწორი ხედვა და არც მიუტოვებია ის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მას კვლავ უჭირავს ადგილი ამ ადამიანის გულში. ეს საერთოდ არ გამოდგება; დღეს ჩემი წინამორბედის სრულად სამხილებელი გზა უნდა ვიპოვო“. ამის შემდეგ, ისინი მოუხმობენ ვინმეს, ვისაც ყველაზე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა წინა წინამძღოლთან, რათა ადგეს და ამხილოს ის. როგორც კი ეს ადამიანი ამხელს წინა წინამძღოლს, ისინი კმაყოფილდებიან და ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი იმსახურებს კულტივირებას. და რისი მიღწევა სურთ ამ კულტივირებით? მათ სურთ თანამზრახველის კულტივირება, საკუთარი ძალების კულტივირება. აი, ასე მიმდინარეობს პირველი შეკრება. მიაღწევენ კი ისინი მიზანს ამ შეკრების შემდეგ? ასე სრულყოფილად ან ასე სწრაფად — ვერა. რას გეგმავენ ისინი გულში? „არაფერია ადამიანის გულზე უფრო ამოუცნობი და არაფერია უფრო ბოროტი. უნდა გავარკვიო, რას ფიქრობს თითოეული ადამიანი ჩემს წინამორბედზე და ნათლად უნდა ვიცოდე, რას ფიქრობენ ჩემზე, იციან თუ არა ჩემი წარსული, იციან თუ არა ჩემზე ყველა წვრილმანი, და, საბოლოოდ, ვაჩვენო ყველას, რომ ჩემთან ხუმრობა არ შეიძლება. მაგრამ ფრთხილად უნდა შევარჩიო ჩემი მეთოდები და ტაქტიკა. არ შემიძლია ჩემი განზრახვების გამჟღავნება; ისინი უნდა დავმალო“. და საიდან მოდის ეს ფიქრები, საქმიანობის მეთოდები და მოტივები? მათი სატანური ბუნებიდან. თქვენ გაქვთ ასეთი გამოვლინებები? იმ დღეს, როდესაც წინამძღოლებად ან მუშაკებად აგირჩიეს, შესაძლოა, დაიწყეთ საკუთარ თავის გაფრთხილებით, რომ არ დამდგარიყავით არასწორ გზაზე, არ გევლოთ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების გზაზე. შესაძლოა, საკუთარ თავს ეუბნებოდით, რომ უნდა დაგეთმოთ სტატუსი და არ გემუშავათ საკუთარი დიდების, გამორჩენის ან სტატუსისთვის, ან საქმიანობისას არ ემართეთ სურვილებს, არამედ ბევრი გემუშავათ თქვენი მოვალეობების შესასრულებლად და ყოფილიყავით ღვთის ერთგულნი. თუმცა, რაც დრო გადის, არიან ისეთები, რომლებიც თავს ვერ იკავებენ და როგორც კი დაიწყებენ ლაპარაკს ან მოქმედებას, მათი მიზანი ძალიან ნათელი ხდება: ისინი მაშინვე ცდილობენ საკუთარი სტატუსის განმტკიცებას და ადამიანთა გულების მოგებას. როგორც კი ვინმე უკმაყოფილების ან დაუმორჩილებლობის უმცირეს ნიშანს გამოავლენს, ეს მათ აღიზიანებთ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ღიად არ გარიყონ ან თავს არ დაესხან ამ ადამიანს, გულის სიღრმეში მათ მიმართ დიდ ზიზღს გრძნობენ. როგორ ავლენენ ზიზღის ამ გრძნობას? (ისინი აიგნორებენ ამ ადამიანს.) მათი იგნორირება ჩუმი გამოვლინებაა, მაშ, რა კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს ეს ზიზღი? მაგალითად, შეკრებებზე ისინი თავის წინ სვამენ იმ ადამიანებს, ვინც მოსწონთ, ხოლო ვინც არ მოწონთ, პოულობენ მიზეზს, რომ ისინი განზე დასვან. არის ეს თავდასხმა? (დიახ). ეს მათი თავდასხმის დასაწყისია. ისინი მოქმედებას იწყებენ, ასე არ არის? (დიახ). ქმედებები უფრო სერიოზული და მძიმეა, ვიდრე სიტყვები ან ფიქრები. რატომ არის ისინი უფრო მძიმე? რაღაცაზე ფიქრი, მაგრამ განუხორციელებლობა — ეს ადამიანის გონებიდან და ფიქრებიდან მომდინარეობს. მაგრამ როგორც კი მოქმედება ხდება, ის ფაქტად იქცევა. როდესაც ის ქცევად იქცევა, ეს აღარ არის მხოლოდ სატანის გახრწნილი ხასიათი, არამედ ბოროტი საქმეა. მას შემდეგ, რაც ადამიანებს წინამძღოლებად ირჩევენ, მათ საკუთარი სურვილები, ამბიციები და მისწრაფებები შეაქვთ იმ საქმესა და მოვალეობებში, რომლებსაც ახორციელებენ. მაგრამ რა არის ის საერთო გამოვლინება, რომელიც სატანის გახრწნილი ხასიათის მქონე ყველა ადამიანს აქვს? რა აქვთ მათ საერთო? ისინი ცდილობენ, ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და საკუთარი სტატუსის განამტკიცონ. რა გზით ცდილობენ ისინი ძალაუფლების მოპოვებას? პირველ რიგში, ისინი აკვირდებიან ჯგუფებს, თუ ვინ ცდილობს მათთვის თავის მოწონებას და მათთან დაახლოებას. შემდეგ, ისინი თავად უახლოვდებიან ამ ადამიანებს და პირფერობით თუ მცირე წყალობის გაღებით, ამყარებენ ფარულ კავშირებს და მათ გულებს იგებენ, რათა ეს ადამიანები — რომელთაც მსგავსი სურვილები, ინტერესები და ველური ამბიციები ან მსგავსი ბუნება აქვთ — მათი თავგამოდებული მიმდევრები გახდნენ და მათთან ძალები გააერთიანონ. და რა არის მათი მიზანი ამ ადამიანების ძალების გაერთიანებით? თავიანთი სტატუსის განმტკიცება და ძალების მასშტაბის გაფართოება. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნოდეთ და ამით ყველაფერი მთავრდებოდეს. მათ ასევე სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიყოლიონ, მოიპოვონ მათი მხარდაჭერა და თავის სასარგებლოდ აალაპარაკონ, რათა მაშინაც კი, როცა რაღაცას არასწორად ამბობენ, ცუდ საქმეებს სჩადიან ან სხვებს ესხმიან თავს და ზღუდავენ, მაინც გამოუჩნდნენ ისეთები, ვინც მათ სიტყვას შეასრულებს და მათ საქციელს მოიწონებს. ეს არის მათი მიზანი. შემდეგ, თუ ზემდგომი ერთ დღეს აღმოაჩენს მათ პრობლემებს და დაითხოვს მათ, მაინც დარჩებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ სასარგებლოდ ილაპარაკონ, ვინც მათ დასაცავად გამოვლენ და მათი რეპუტაციის დაცვას შეეცდებიან. და თავიანთ ქმედებებში რა მეთოდს იყენებენ ამგვარი შედეგის მისაღწევად? ადამიანთა გულების მოგებას. ისინი იყენებენ ადამიანთა გულების მოგების მეთოდს თავიანთი სტატუსის განმტკიცებისა და გავლენის გასაფართოებლად. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ანტიქრისტეები ძალაუფლებას ხელში იგდებენ.

რაც შეეხება ტექნიკებს, რომლებსაც ანტიქრისტეები იყენებენ თავიანთი სტატუსის განსამტკიცებლად, პირველი არის ადამიანთა გულების მოგება, ხოლო მეორე — განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა. ადამიანთა გულების მოგება ნიშნავს, რომ ისინი ამ მეთოდს იყენებენ მათზე, ვინც მათ ეპირფერება, უახლოვდება, ენდობა და მიჰყვება მიუხედავად იმისა, მართლები არიან თუ არა. განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა ნიშნავს, რომ ისინი მტრებად მიიჩნევენ ყველას, ვისაც ესმის ჭეშმარიტება და, შესაბამისად, შეუძლია მათი ამოცნობა, მათ მიყოლაზე უარის თქმა და მათგან თავის შორს დაჭერა. ასეთ ადამიანებს ისინი თვალში ეკლად და გვერდში ხიჭვად მიიჩნევენ და ტექნიკას, რომელსაც ამ ადამიანებზე იყენებენ, არის თავდასხმა და გარიყვა. მაგალითად, ვთქვათ, ანტიქრისტე ამჩნევს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც თანაზიარება აქვთ, ადამიანები დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი, ზოგი ჩანაწერებს ინიშნავს ან ხმის ჩამწერით იწერს. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა დაა, რომელიც არასდეს ინიშნავს და არც ხმას იღებს. ასე რომ, ის თავისთვის ფიქრობს: „ჩემთან რამე პრობლემა აქვს? თუ ფიქრობს, რომ თანაზიარებას ვერ ვახდენ ჯეროვნად? მეტიც, ყოველ ჯერზე, როცა მოვდივარ, სხვები მესალმებიან, მეგობრულად მიკრავენ თავს, წყალს მისხამენ და ადგილს მთავაზობენ, ის კი არასდროს მექცევა ასე. როგორც ჩანს, არ მემორჩილება — უნდა მოვიფიქრო გზა და ვიპოვო შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი ვასწავლო! როგორი შესაძლებლობა უნდა ვეძებო? ისეთი რამის გაკეთებას დავავალებ, რასაც დანამდვილებით ცუდად შეასრულებს, ეს მომცემს საბაბს, რომ ლექცია წავუკითხო. ეს ჩემი საუკეთესო შანსია, რომ დავიმორჩილო“. შემდგომში, ისინი ისე მოაწყობენ, რომ ეს და სადმე სახიფათო ადგილას გაგზავნონ სამუშაოდ. ის ფიქრობს: „გავგზავნი მას სახარების საქადაგებლად ერთ ძველ რელიგიურ პასტორთან, რომელიც ცოტა ავხორცია და ჭეშმარიტებას არ იღებს. ვნახოთ, თუ შეძლებს მის მოქცევას. რას იტყვის თავის გასამართლებლად, თუ ვერ შეძლებს? თუ არ დამემორჩილება, გავუშვებ!“ შემდეგ ისინი ეუბნებიან მას: „ახლა დებისა და ძმების უმეტესობა შენზე ძალიან დიდ წარმოდგენისაა. უამრავი წელია გწამს ღმერთის და ბევრი ჭეშმარიტება გესმის. არის ერთი რელიგიური პასტორი, რომელიც კარგად იცნობს ბიბლიას და შენ ყველაზე შესაფერისი ადამიანი ხარ, რომ მასთან სახარების საქადაგებლად წახვიდე“. როდესაც და ხვდება პასტორს, პასტორი ხედავს, რომ ის ახალგაზრდა და ლამაზია და მოეწონება — ის თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევს. დაბრუნების შემდეგ, და ამბობს, რომ აღარ სურს იქ დაბრუნება, რაზეც ანტიქრისტე პასუხობს: „ეკლესიამ დაგავალა მასთან ქადაგება. ეს შენი მოვალეობაა, უნდა წახვიდე!“ ამის გაგონებაზე, დას სხვა გზა არ აქვს, გარდა მორჩილებისა და, შედეგად, ყოველი ვიზიტის შემდეგ ტირის. წინამძღოლს შეუძლია ასეთი რამეების გაკეთება, რათა თავს დაესხას და სამაგიერო გადაუხადოს სხვებს. როგორი ადამიანია ეს? ბოროტი. ქალი რომ ყოფილიყო, თავად წავიდოდა ასეთ სიტუაციაში? (არა). რა თქმა უნდა, არა. ყველაზე მეტად ისინი აარიდებდნენ თავს. ისინი ხედავენ, ვინ არ მოსწონთ, ვისზეა ადვილი თავდასხმა, ვინ არ ემორჩილება და არ ეპირფერება მათ, და შემდეგ პოულობენ შესაძლებლობებს, რომ ამ ადამიანებს მახე დაუგონ და შური იძიონ. მითხარით, როდესაც ვინმეს ცუდი და ბოროტი განზრახვები აქვს, განა არ შეუძლია ყოველგვარი საშინელების ჩადენა? და როგორ ჩნდება ეს ცუდი, ბოროტი განზრახვები? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათი ბუნება-არსება ზედმეტად უვარგისი და ბოროტია, მეორე კი ის, რომ მათ არ აქვთ ღვთისმოშიში გული. როდესაც ადამიანებს არ აქვთ ღვთისმოშიში გული, არ არსებობს რამე, რის გაკეთებასაც ვერ გაბედავენ; ისინი არა მხოლოდ სხვა ადამიანებს ავნებენ, არამედ ღვთის განსჯა და გაყიდვაც კი შეუძლიათ, ადამიანების ვნება მათთვის არაფერია. მათთვის უმნიშვნელოა, რამდენად ავნებენ სხვებს; მათ არ აქვთ თანაგრძნობა სხვების მიმართ და თავიანთი არსით ძალიან ბოროტები არიან. და რა იყო ამ ანტიქრისტეს მიზანი, როდესაც ამ ახალგაზრდა დას ცეცხლოვანი ორმოსკენ უბიძგა? მას ეს სახარების საქადაგებლად და ადამიანების მოსაპოვებლად არ გაუკეთებია; ეს მხოლოდ მის დასატანჯად გააკეთა. როგორ ადამიანებს ტანჯავენ ისინი? თუ ვინმე მათ ემორჩილება და უჯერებს, განა დატანჯავენ მას? არა. მაშ, რატომ მოექცნენ ამ დას ასე? (რადგან ის არ დაემორჩილა მათ.) რადგან ის არ დაემორჩილა, არ ეპირფერებოდა, არ აკეთებდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ, არ თვლიდა მას მნიშვნელოვნად და პირიქით, ზიზღით ეპყრობოდა, სწორედ ამიტომ მოექცა ასე და, შედეგად, ავნო მას. როდესაც ანტიქრისტეები ამგვარად ვნებენ ადამიანებს, როგორ რეაგირებენ ჩვეულებრივ ისინი, ვინც სულიერად სუსტნი არიან და არ ესმით ჭეშმარიტება? ისინი თავისთვის იფიქრებენ: „ადგილობრივ მოხელეებს უფრო მეტი კონტროლი აქვთ, ვიდრე სახელმწიფო მოხელეებს. ახლა ჩვენ ამ ადამიანის კონტროლის ქვეშ ვართ, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გვეტყვიან და წავიდეთ იქ, სადაც დაგვავალებენ. როგორც სხვები იქცევიან მათ მიმართ, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ. ჯგუფს უნდა შევერწყათ. ჩვენც ისე უნდა ვეპირფეროთ, როგორც სხვები, და ეს სხვებზე უკეთ და ყურადრებით უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ამ წინამძღოლის თავიდან მოცილებას. ამ წინამძღოლის მსახურება არ არის ადვილი, მასთან ურთიერთობა არ უნდა გავიფუჭოთ!“ და განა ეს არ არის ზუსტად ის შედეგი, რისი ნახვაც ანტიქრისტეს სურს? (დიახ). ამით მათ მიზანს მიაღწიეს. განა ეს იგივე ტექნიკა არ არის, რომელსაც სატანა იყენებს ადამიანთა დასაჩაგრად? (დიახ). რას აჩვენებს ეს? რომ მათი ქმედებები სატანას წარმოადგენს. ისინი სატანის გამტარებად და წარმომადგენლებად იქცნენ; ისინი მისი სახელით მოქმედებენ. არის ასეთი სახით მოვალეობის შესრულება მოვალეობის ჭეშმარიტი შესრულება? არის ეს ღვთის მსახურება? (არა). ასეთი წინამძღოლები არ იმსახურებენ წინამძღოლების წოდებას. ისინი ბოროტი ადამიანები და სატანები არიან.

როგორც კი ანტიქრისტეები წინამძღოლები ხდებიან, პირველი, რასაც აკეთებენ, არის ის, რომ ადამიანთა გულების მოგებას ცდილობენ, რათა ადამიანები აიძულონ, მათი ირწმუნონ, ენდონ და მხარი დაუჭირონ. როდესაც სტატუსს გაიმყარებენ, ნორმალურად აღარ იქცევიან. სტატუსისა და ძალაუფლების დასაცავად, იწყებენ განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმასა და მათ გარიყვას. განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ — განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ — მტკიცე, ზუსტი და დაუნდობელი მეთოდების გამოყენებით, ყველანაირად ეცდებიან, რომ ისინი დათრგუნონ, თავს დაესხან და დატანჯონ. მხოლოდ მაშინ იქნებიან მშვიდად, როდესაც დაამარცხებენ და ცილს დასწამებენ ყველას, ვინც მათ სტატუსს საფრთხეს უქმნის. ყველა ანტიქრისტე ასეთია. რა არის მათი მიზანი, როდესაც ადამიანების დასამარცხებლად და დასათრგუნად ამ უამრავ ტაქტიკას იყენებენ? მათი მიზანია ძალაუფლების მოპოვება, საკუთარი სტატუსის განმტკიცება, ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მათი კონტროლი. რას წარმოადგენს მათი განზრახვები და მოტივები? მათ სურთ, დააფუძნონ საკუთარი, დამოუკიდებელი სამეფო; მათ უნდათ, ღმერთს დაუპირისპირდნენ. ასეთი არსი კიდევ უფრო მძიმეა ვიდრე გახრწნილი ხასიათი: სატანის ველური ამბიციები და მზაკვრული გეგმები სრულად არის მხილებული. ეს არ არის მხოლოდ გახრწნილი ხასიათის გამოვლენის პრობლემა. მაგალითად, როდესაც ადამიანები ცოტათი ამპარტავნები და თვითმართალნი არიან ან ზოგჯერ ცოტათი მატყუარები და ცრუები, ეს მხოლოდ გახრწნილი ხასიათის გამოვლენებია. ამავდროულად, ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, არის იმისთვის, რომ ადამიანთა გულები მოიგონ, განსხვავებული აზრის მქონე პირებს თავს დაესხან და გარიყონ, საკუთარი სტატუსი განიმტკიცონ, ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და ადამიანები გააკონტროლონ. რა არის ამ ქმედებების ბუნება? პრაქტიკაში ახორციელებენ ჭეშმარიტებას? მიუძღვებიან ისინი ღვთის რჩეულ ხალხს ღვთის სიტყვებში შესასვლელად და ღვთის წინაშე წარსადგომად? (არა). მაშ, რას აკეთებენ ისინი? ისინი ღმერთს ეცილებიან მის რჩეულ ხალხში, ეჯიბრებიან ადამიანთა გულების მოპოვებისთვის და ცდილობენ, საკუთარი, დამოუკიდებელი სამეფოს შექმნას. ვის უნდა ეკავოს ადგილი ადამიანთა გულებში? ღმერთს უნდა ეკავოს ადგილი. მაგრამ რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, ყველაფერი, სწორედ ამის საპირისპიროა. ისინი არ აძლევენ ღმერთსა თუ ჭეშმარიტებას ადამიანთა გულებში ადგილის დამკვიდრების საშუალებას; ამის ნაცვლად, მათ სურთ, რომ ადამიანთა გულებში ადგილი კაცმა, თავად მათ, როგორც წინამძღოლებმა, და სატანამ დაიკავონ. როგორც კი აღმოაჩენენ, რომ ვინმეს გულში ადგილი არ უჭირავთ, რომ ეს ადამიანი მათ წინამძღოლივით არ ეპყრობა, უკიდურესად უკმაყოფილონი ხდებიან და, სავარაუდოდ, შეეცდებიან მათ დათრგუნვასა და დატანჯვას. ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ და ამბობენ, მათი სტატუსისა და რეპუტაციის გარშემო ტრიალებს და მიზნად ისახავს, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ, ადამიანებს შურდეთ მათი და თაყვანს სცემდნენ და მათი ეშინოდეთ კიდეც. სურთ, აიძულონ ღვთის რჩეული ხალხი, მათ ისე მოეპყრონ, როგორც ღმერთს და ფიქრობენ: „არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეკლესიაში ვარ, ადამიანებმა უნდა მომისმინონ, ჩემგან უნდა მიიღონ მითითებები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პრობლემას შეატყობინებს ზემდგომებს, ეს ჩემი მეშვეობით უნდა მოხდეს; მათ მხოლოდ ჩემთვის შეუძლიათ ანგარიშის ჩაბარება და არა პირდაპირ ზემდგომებისთვის. თუ ვინმე მეტყვის „არას“, მე მას დავსჯი, რათა ყველამ, ვინც დამინახავს, გულში შიში, ძრწოლა და კანკალი იგრძნოს. მეტიც, თუ ბრძანებას გავცემ ან რამეს ვამტკიცებ, ვერავინ უნდა გაბედოს შეწინააღმდეგება. რასაც არ უნდა ვამბობდე, ადამიანები უნდა დაეთანხმონ. მათ, რასაკვირველია, უნდა მომისმინონ, ყველაფერში დამემორჩილონ და მე უნდა ვიყო ის, ვინც იქ ყველაფერს განაგებს“. ზუსტად ასეთი ტონით საუბრობენ ანტიქრისტეები. ეს არის ანტიქრისტეების ხმა. ასე ცდილობენ ანტიქრისტეები ეკლესიებზე გაბატონებას. თუ ღვთის რჩეული ხალხი ისე მოიქცევა, როგორც ისინი ამბობენ და დაემორჩილება მათ, განა ასეთი ეკლესიები ანტიქრისტეების სამეფოებად არ იქცევა? ისინი ამბობენ: „ზემდგომის მიერ გაცემული სამუშაო საკითხები ჩემ მიერ უნდა დამოწმდეს, მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა თქვენზე; მე უნდა ვიყო ის, ვინც გააანალიზებს, რა არის სწორი და არასწორი, შედეგი მე უნდა გადავწყვიტო. თქვენ არ გაქვთ საკმარისი სულიერი სიმწიფე და არ ხართ კვალიფიციური. მე ვარ ეკლესიის წინამძღოლი და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული“. განა უკიდურესად მედიდურები არ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ? ისინი მართლაც იმდენად ამპარტავნები არიან, რომ ყოველგვარ გონიერებას მოკლებულნი არიან! განა ისინი საკუთარი, დამოუკიდებელი სამეფოს შექმნას არ ცდილობენ? როგორი ადამიანები არიან მიდრეკილნი საკუთარი სამეფოს შექმნის მცდელობისკენ? განა ისინი ნამდვილი ანტიქრისტეები არ არიან? განა ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები ამბობენ და აკეთებენ, საკუთარი სტატუსის დასაცავად არ არის? განა ისინი ადამიანების შეცდომაში შეყვანასა და მათ კონტროლს არ ცდილობენ? რატომ უწოდებენ მათ ანტიქრისტეებს? რას ნიშნავს „ანტი“? ეს ნიშნავს ანტითეზას და სიძულვილს. ეს ნიშნავს ქრისტეს მიმართ მტრობას, ჭეშმარიტების მიმართ მტრობას და ღმერთის მიმართ მტრობას. რას ნიშნავს „მტრობა“? ეს ნიშნავს საწინააღმდეგო მხარეს დგომას, მტერივით მოპყრობას, თითქოს ადამიანი დიდი და ღრმა სიძულვილით იყოს აღვსილი; ეს ნიშნავს შენ მიმართ აბსოლუტურ დაპირისპირებაში ყოფნას. ასეთია მენტალიტეტი, რომლითაც ანტიქრისტეები ღმერთს ექცევიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტების მიმართ ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი სძულთ? შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების სიყვარული? შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების მიღება? რა თქმა უნდა, არა. მაშასადამე, ღმერთის მოწინააღდეგე ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტება სძულთ. პირველი, რაც მათში ვლინდება, არის ჭეშმარიტების მიმართ ზიზღი და ჭეშმარიტების სიძულვილი. როგორც კი მოისმენენ ჭეშმარიტებას ან ღვთის სიტყვებს, მათ გულებში სიძულვილი ჩნდება, ხოლო როდესაც ვინმე მათ ღვთის სიტყვებს უკითხავს, მათ სახეზე ბრაზი და მძვინვარე გამომეტყველება ჩნდება, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც დემონს ღვთის სიტყვებს უკითხავენ სახარების ქადაგებისას. გულის სიღრმეში, ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების მიმართ ზიზღს გრძნობენ და სძულთ ჭეშმარიტება, უდიდეს ზიზღს გრძნობენ ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების მიმართ; მათი დამოკიდებულება წინააღმდეგობის დამოკიდებულებაა, და იქამდეც კი მიდიან, რომ სძულთ ნებისმიერი, ვინც მათ ღვთის სიტყვებს უკითხავს ან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას უტარებს. ისინი ამ ადამიანს მტერივით ეპყრობიან. ისინი უკიდურეს ზიზღს გრძნობენ სხვადასხვა ჭეშმარიტებისა და დადებითი საკითხების მიმართ. ყველა ისეთი ჭეშმარიტება, როგორიცაა, ღვთისადმი მორჩილება, საკუთარი მოვალეობის ერთგულად შესრულება, პატიოსან ადამიანად ყოფნა, ყველაფერში ჭეშმარიტების ძიება და სხვა — აქვთ მათ თუნდაც მცირედი სუბიექტური სწრაფვა ან სიყვარული? არა, ოდნავადაც არა. ამიტომ, ასეთი ბუნება-არსებიდან გამომდინარე, ისინი უკვე პირდაპირ უპირისპირდებიან ღმერთსა და ჭეშმარიტებას. ეჭვგარეშეა, ასეთ ადამიანებს გულის სიღრმეში არ უყვართ ჭეშმარიტება თუ რაიმე დადებითი; გულის სიღრმეში, ისინი ჭეშმარიტების მიმართ ზიზღსაც კი გრძნობენ და სძულთ ის. მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც წინამძღოლების თანამდებობებზე არიან, უნდა შეეძლოთ ძმებისა და დების განსხვავებული აზრების მიღება; მათ უნდა შეეძლოთ, გაეხსნან და გული გადაუშალონ ძმებსა და დებს და მზად იყვნენ მათი საყვედურის მისაღებად; და არ უნდა გამოაჩინონ თავიანთი სტატუსი. რას იტყოდა ანტიქრისტე პრაქტიკის ყველა ამ სწორ გზაზე? ის იტყოდა: „თუ ძმებისა და დების აზრებს მოვუსმენ, კვლავ წინამძღოლი ვიქნები? კვლავ მექნება სტატუსი და ავტორიტეტი? თუ ავტორიტეტი არ მექნება, მაშინ რა საქმის გაკეთებას შევძლებ?“ ზუსტად ასეთი ხასიათი აქვს ანტიქრისტეს; ისინი ჭეშმარიტებას მცირედითაც კი არ იღებენ, და რაც უფრო სწორია პრაქტიკაში განხორციელების გზა, მით მეტად ეწინააღმდეგებიან მას. ისინი არ აღიარებენ, რომ პრინციპების მიხედვით მოქმედება ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაა. მათი აზრით, რას ნიშნავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? მათ ჰგონიათ, რომ ყველას მიმართ უნდა გამოიყენონ შეთქმულებები, ხრიკები და ძალადობა, ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნონ ღვთის სიტყვებს, ჭეშმარიტებასა და სიყვარულს. მათი ყოველი საშუალება და გზა ბოროტია. ყოველივე ეს სრულად წარმოადგენს ანტიქრისტეთა ბუნება-არსებას. მოტივები, აზრები, შეხედულებები და განზრახვები, რომლებსაც ისინი ხშირად ავლენენ, არის ჭეშმარიტების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის ხასიათი, რაც ანტიქრისტეთა ბუნება-არსებას წარმოადგენს. მაშ, რას ნიშნავს, ეწინააღმდეგებოდე ჭეშმარიტებასა და ღმერთს? ეს ნიშნავს ჭეშმარიტებისა და დადებითის რამეების სიძულვილს. მაგალითად, როდესაც ვინმე ამბობს: „როგორც შექმნილი არსება, ადამიანმა უნდა შეასრულოს შექმნილი არსების მოვალეობა. მიუხედავად იმისა, რას იტყვის ღმერთი, ადამიანები უნდა დაემორჩილონ, რადგან ჩვენ შექმნილი არსებები ვართ“, როგორ ფიქრობს ანტიქრისტე? „დავემორჩილო? ტყუილი არ არის, რომ მე შექმნილი არსება ვარ, მაგრამ როდესაც საქმე დამორჩილებას ეხება, ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ამაში ჩემთვის რაიმე სარგებელი უნდა იყოს, არ უნდა დავზარალდე და ჩემი ინტერესები უპირველესი უნდა იყოს. თუ შესაძლებელია ჯილდოების ან დიდი კურთხევების მიღება, მაშინ შემიძლია დავემორჩილო, მაგრამ ჯილდოებისა და დანიშნულების გარეშე, რატომ უნდა დავემორჩილო? მე ვერ დავემორჩილები.“ ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ აღიარებს ჭეშმარიტებას. მათი ღვთისადმი მორჩილება პირობითია, და თუ მათი პირობები არ სრულდება, ისინი არა მხოლოდ არ ემორჩილებიან, არამედ მიდრეკილნიც არიან, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ და წინ აღუდგნენ ღმერთს. მაგალითად, ღმერთი ითხოვს, რომ ადამიანები პატიოსნები იყვნენ, მაგრამ ეს ანტიქრისტეები თვლიან, რომ მხოლოდ სულელები ცდილობენ იყვნენ პატიოსნები და რომ ჭკვიანი ადამიანები არ ცდილობენ, იყვნენ პატიოსნები. რა არის ასეთი დამოკიდებულების არსი? ეს არის ჭეშმარიტების სიძულვილი. ასეთია ანტიქრისტეების არსი, და მათი არსი განსაზღვრავს, თუ რა გზით დადიან ისინი, ხოლო გზა, რომლითაც ისინი დადიან, განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც აკეთებენ. როდესაც ანტიქრისტეებს აქვთ ჭეშმარიტებისა და ღმერთის სიძულვილის ბუნება-არსება, რისი გაკეთებისკენ არიან მიდრეკილნი? ისინი მიდრეკილნი არიან ადამიანთა გულების მოგების, განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმისა და მათი გარიყვის, და ადამიანების დატანჯვისაკენ. მიზანი, რომლის მიღწევასაც ისინი ამ ყველაფრის კეთებით ცდილობენ, არის ძალაუფლების ფლობა, ღვთის რჩეული ხალხის კონტროლი და საკუთარი, დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა. ეს ეჭვგარეშეა. ანტიქრისტეა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სტატუსის მოპოვების შემდეგ უუნაროა აბსოლუტურად დაემორჩილოს ღმერთს და არ შეუძლია გაჰყვეს ღმერთს ან ეძიოს ჭეშმარიტება.

რას აკეთებენ ანტიქრისტეები წინამძღოლების მოვალეობის შესრულებისას? ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ, როგორ ცდილობენ ისინი ადამიანთა გულების მოგებას და, ასევე, განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმასა და მათ გარიყვას, მაგრამ ანტიქრისტეებს კიდევ ერთი საერთო გამოვლინება აქვთ — რა არის მათი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს? (სიძულვილი). და რის გაკეთებას აიძულებს ეს მათ? უბრალოდ სძულთ ეს ადამიანები და მეტი არაფერი? არა, ისინი ეძებენ გზებს მათ გასარიყად და დასათრგუნად. ისინი განსხვავებული აზრის მქონე პირებს თავს ესხმიან და რიყავენ მათ. ეს განსხვავებული აზრის მქონე პირები შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცოტათი დაბნეულები არიან, რომლებმაც არ იციან, როგორ მოიპოვონ სხვების კეთილგანწყობა ან გამოიყენონ ფილოსოფია ამქვეყნიური ურთიერთობებისთვის. ასევე, ისინი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც შედარებით გულმოდგინენი არიან და ჭეშმარიტებას ეძებენ გარკვეულწილად. მაშ, რა არის ანტიქრისტეების მესამე ხერხი? ისინი რიყავენ და თავს ესხმიან მათ, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს. კიდევ ერთიც არსებობს: ისინი ცდილობენ, ადგილი დაიმკვიდრონ ადამიანების გულებში. რა ეწოდება ამას? (ადამიანების გულების დაპყრობა). სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ ისინი. რა საშუალებებს იყენებენ ისინი ამისთვის? (საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარ თავზე დამოწმებას.) და რა არის ანტიქრისტეების მიზანი საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმებისას? ეს არის ადამიანების გულების დაპყრობა და მათი კონტროლი. რის შესახებ საუბრობენ ჩვეულებრივ ადამიანები, როდესაც საკუთარ თავს განადიდებენ და საკუთარ თავზე მოწმობენ? ერთი რამ არის საკუთარ კვალიფიკაციებზე საუბარი. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უმასპინძლეს ეკლესიის გარკვეულ ზედა დონის წინამძღოლებს. ზოგი იმასაც კი ამბობს: „მე თავად ღმერთს ვუმასპინძლე და ის საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ — მე აუცილებლად გავხდები სრულყოფილი“. რას გულისხმობენ ისინი ამით? (ისინი ცდილობენ, ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ.) ამ სიტყვების თქმით მათ გარკვეული მიზანი აქვთ. სხვები ამბობენ: „მე შეხება მქონდა ზემდგომთან, მას საკმაოდ მაღალი წარმოდგენა აქვს ჩემზე და მომიწოდებს, ბევრი ვიშრომო ჩემი მისწრაფებებისთვის“. სინამდვილეში, არავინ იცის, რას ფიქრობს მათზე ზემდგომი. ზოგიერთი ადამიანი მეტად აზვიადებს ყოველივეს და ხანდახან იგონებს კიდეც ამბებს. წარმოდგენაც კი არ ექნებოდათ, როგორ მოქცეულიყვნენ, ხალხი რომ შეკრებილიყო მათი ამბების სიმართლის დასადგენად და გამოსაკვლევად. ზემდგომმა შეიძლება ვინმეს უთხრას: „შენ კარგი სულიერი მონაცემები გაქვს და აღქმის უნარი გაგაჩნია. უნდა ივარჯიშო შენი გამოცდილებითი დამოწმების წერაში. მას შემდეგ, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეიძენ, შეიძლება წინამძღოლი გახდე“. რა იგულისხმება აქ? მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ნიჭიერია, მას მაინც სჭირდება წვრთნა და გამოცდილების მიღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როდესაც ეს ადამიანი ტრაბახობს და თავს იწონებს წვრთნამდე ან გამოცდილების მიღებამდე, რა არის ამის ბუნება? ისინი ამპარტავნები და ქედმაღლები არიან და გონიერება დაკარგეს, არა? მაშინაც კი, თუ ზემდგომი ძმა ამბობს, რომ ამ ადამიანს კარგი სულიერი მონაცემები აქვს და ნიჭიერია, ეს მხოლოდ გამხნევებაა ან შეფასება. რა არის ამ ადამიანის მიზანი, როდესაც ასე დადის და თავს იწონებს? ეს არის ის, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ, რათა სხვებმა თაყვანი სცენ. ისინი ამბობენ: „შეხედეთ, ზემდგომ ძმას ჩემზე დიდი წარმოდგენა აქვს, შენ რატომ არ გაქვს? ახლა, როცა ეს გითხარი, შენც დიდი წარმოდგენა უნდა გქონდეს ჩემზე“. ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც მათ სურთ. არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ: „მე ადრე წინამძღოლი ვიყავი. ვიყავი რეგიონის, რაიონის და ეკლესიის წინამძღოლი — სულ უფრო და უფრო დაბლა ვეცემოდი კიბეზე, სულ უფრო და უფრო მაღლა ავდიოდი საფეხურებზე — რამდენჯერმე დამაწინაურეს და ჩამომაქვეითეს. საბოლოოდ, ზეცა ჩემმა გულწრფელობამ შეძრა და დღეს კვლავ ზედა დონის წინამძღოლი ვარ. და არც ერთხელ არ ვყოფილვარ უარყოფითად განწყობილი“. როდესაც მათ ეკითხები, რატომ არასოდეს ყოფილან უარყოფითად განწყობილნი, ისინი გპასუხობენ: „მწამს, რომ ნამდვილი ოქრო საბოლოოდ აუცილებლად გაბრწყინდება“. ეს არის დასკვნა, რომელიც მათ გააკეთეს. არის ეს ჭეშმარიტება-რეალობა? (არა). მაშ, რა არის ეს, თუ არა ჭეშმარიტება-რეალობა? ეს არის უცნაური თეორია; ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდარია. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ასეთ საუბარს? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ეს ადამიანი ნამდვილად ჭეშმარიტებას ესწრაფვის. ისინი უარყოფითად არ განეწყვნენ მას შემდეგ, რაც ამდენჯერ დააწინაურეს და ჩამოაქვეითეს. ახლა კი ისინი კვლავ წინამძღოლად დანიშნეს — ნამდვილი ოქრო მართლაც ბრწყინავს. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ისინი სრულყოფილნი გახდებიან“. განა ეს არ იყო ის, რისკენაც ეს ადამიანი მიისწრაფოდა? სინამდვილეში, სწორედ ეს იყო მათი მიზანი. მიუხედავად იმისა, თუ რა მანერით საუბრობენ ანტიქრისტეები, მათი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და თაყვანი სცენ მათ, დაიკავონ გარკვეული ადგილი ადამიანთა გულებში, ღვთის ადგილიც კი მოიპოვონ — ეს ყველაფერი ის მიზნებია, რომელთა მიღწევასაც ანტიქრისტეები ცდილობენ, როდესაც საკუთარ თავზე მოწმობენ. როდესაც ადამიანების ნათქვამის, ქადაგებისა და თანაზიარების უკან არსებული მოტივაცია არის ის, რომ სხვებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და თაყვანი სცენ მათ, ასეთი ქცევა არის საკუთარი თავის განდიდება და საკუთარ თავზე დამოწმება, და ეს კეთდება სხვების გულებში ადგილის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების საუბრის სტილი მთლად ერთნაირი არაა, მათ მეტ-ნაკლებად აქვთ საკუთარ თავზე დამოწმების ეფექტი და სხვებს აიძულებენ მათ თაყვანისცემას. ასეთი ქცევები თითქმის ყველა წინამძღოლსა და მუშაკში არსებობს, სხვადასხვა ხარისხით. თუ ისინი მიაღწევენ გარკვეულ წერტილს, სადაც ვეღარ ჩერდებიან და უჭირთ საკუთარი თავის შეკავება, და მათ განსაკუთრებულად ძლიერი და მკაფიო განზრახვა და მიზანი აქვთ, სურთ რა, აიძულონ ადამიანები, მოეპყრან ისე, თითქოს ისინი ღმერთი ან კერპი იყვნენ, რათა შეძლონ სხვების შეზღუდვა და კონტროლი და აიძულონ სხვებს მორჩილება და თაყვანისცემა — მაშინ ყოველივე ამის ბუნება არის საკუთარი თავის განდიდება და საკუთარ თავზე დამოწმება, და მასში ანტიქრისტეს თვისებაა. რა საშუალებებს იყენებენ ადამიანები ჩვეულებრივ საკუთარი თავის განსადიდებლად და საკუთარ თავზე დასამოწმებლად? (ისინი თავიანთ დამსახურებებზე საუბრობენ.) რას მოიცავს საკუთარ დამსახურებაზე საუბარი? საუბარს იმაზე, თუ რამდენი ხანია სწამთ ღმერთის, რამდენი იტანჯნენ, რა საფასური გადაიხადეს, რამდენი სამუშაო შეასრულეს, რამდენი ირბინეს, ასევე, რამდენი ადამიანი მოიპოვეს და რამდენი დამცირება გადაიტანეს სახარების ქადაგებისას. ზოგიერთი ადამიანი ასევე ხშირად საუბრობს იმაზე, რამდენჯერ დააპატიმრეს ან ჩასვეს ციხეში ისე, რომ არასოდეს გაუყიდიათ ეკლესია ან ძმები და დები, მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში და ასე შემდეგ; ეს ყველაფერი საკუთარ დამსახურებებზე საუბარს განეკუთვნება. ეკლესიის საქმის კეთების საფარქვეშ საკუთარ საქმიანობას ეწევიან, იმყარებენ სტატუსს და ადამიანთა გულებში კარგ იმიჯს ქმნიან. ამავდროულად, ისინი იყენებენ ყოველგვარ მეთოდსა და ხრიკს ადამიანთა გულების მოსაგებად, იქამდეც კი მიდიან, რომ თავს ესხმიან და რიყავენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული შეხედულებები აქვს, კერძოდ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარიყონ და დათრგუნონ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის და პრინციპებს იცავს. ხოლო რაც შეეხება მათ, რომლებიც სულელები და უმეცარნი არიან, ვინც დაბნეულია რწმენაში, ასევე მათ, რომელთაც ღმერთის მხოლოდ მცირე ხანია სწამთ და სუსტი სულიერი სიმწიფე აქვთ — რა მეთოდებს იყენებენ ისინი ამ ადამიანების მიმართ? ისინი შეცდომაში შეყავთ, იზიდავენ და აშინებენ კიდეც, იყენებენ ამ საშუალებებს, რათა მიაღწიონ თავიანთი სტატუსის განმტკიცების მიზანს. ეს ყველაფერი ანტიქრისტეების ქცევაა.

მსგავსი რამ ხშირად ხდება ეკლესიებში: ზოგიერთი ძმა და და ისმენს ქადაგებებს და ატარებს თანაზიარებას, სადაც ზემდგომი ამბობს, რომ თუ წინამძღოლი ან მუშაკი აკეთებს ისეთ რამეს, რაც არღვევს ღვთის სახლის საქმის მოწყობებს, ღვთის რჩეულ ხალხს უფლება აქვს, ამის შესახებ შეატყობინოს. ამის მოსმენის შემდეგ და იმის გარჩევისას, რომ მათ ეკლესიაში წინამძღოლის მუშაობა არ შეესაბამება საქმის მოწყობებს, ზოგიერთი მათგანი გადაწყვეტს, რომ სურს წინამძღოლისთვის შეტყობინება. შემდეგ წინამძღოლი იგებს ამის შესახებ და ფიქრობს თავისთვის: „აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰყოფნით თავხედობა, ჩემზე შეატყობინონ. როგორ ბედავენ! ვინ არიან ეს ადამიანები?“ ამის შემდეგ, ეკლესიის რამდენიმე ათეული წევრიდან თითოეულს იძიებენ. რამდენად შორს მიდიან ამ გამოძიებაში? ისინი არკვევენ ყველას ასაკს, რამდენი ხანია სწამთ ღმერთის, რა მოვალეობებს ასრულებდნენ წარსულში, რა არის მათი ამჟამინდელი მოვალეობები, ვისთან აქვთ კონტაქტი, შეუძლიათ თუ არა ზემდგომთან დაკავშირება და ასე შემდეგ. ისინი ყველაფერს იკვლევენ და ამაში დიდ ძალისხმევას დებენ. მას შემდეგ, რაც მათი საფუძვლიანი გამოძიება დასრულდება, ისინი აღმოაჩენენ ორ ან სამ საეჭვო ადამიანს. ამიტომ, შემდეგ შეკრებაზე წინამძღოლი ქადაგებას წარმოთქვამს, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს ეხება. ის ამბობს: „ადამიანებს სინდისი უნდა ჰქონდეთ. ღვთის რწმენის გზაზე ვინ გამოგიძღვა აქამდე? ახლა შენ ამდენი ჭეშმარიტება გესმის; მე რომ არ ჩამეტარებინა შეკრებები და არ მქონოდა შენთან თანაზიარება, შეძლებდი კი ამ ჭეშმარიტებათა წვდომას? ჩვენმა ეკლესიამ ამდენი ადამიანი მოიყვანა მათთვის სახარების ქადაგებით და ჩვენმა სახარების საქმემ ასეთ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. მე რომ აქ არ ვყოფილიყავი და არ მეხელმძღვანელა ამისთვის, შეძლებდით ვინმეს მოყვანას? საერთოდ, ვის უნდა უმადლოდეთ ამ ყველაფრისთვის?“ ზოგიერთი ადამიანი ამაზე ფიქრობს და გულში ამბობს: „ღმერთია ის, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადო; რა წვლილი მიუძღვის ადამიანს?“ მაგრამ შემდეგ წინამძღოლი აგრძელებს, ამბობს რა: „მე რომ არ მომეტანა ღვთის სიტყვების ეს წიგნები თქვენთვის, შეძლებდით მათ ხელში ჩაგდებას? მე რომ შეკრებები არ დამეორგანიზებინა, შეძლებდით შეკრებას? ადამიანებს სინდისი უნდა ჰქონდეთ! ასე რომ, თუ სინდისი გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ? როდესაც ხანდახან თქვენი წინამძღოლი მცირე შეცდომას უშვებს, არ უნდა გამოიძიოთ ეს მეტისმეტად საფუძვლიანად. მათ ნაკლოვანებებს ჩაეჭიდებით და არ უშვებთ ხელს — მათ წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობთ? თუ რამე უმნიშვნელო მოხდება, ეს შიდა დონეზე უნდა მოვაგვაროთ. რა აზრი აქვს შეტყობინებას? ადამიანები, რომლებიც საკითხებს ატყობინებენ, არაკომპეტენტურები და მცირე სულიერი სიმწიფის არიან. მიზანშეწონილია ყველაფრის ზემდგომისთვის შეტყობინება? როგორ შეიძლება ზემდგომს ჰქონდეს დრო ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად? თუ ისინი უნდა მოგვარდეს, მაშინ ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა მოაგვარონ. განა არ შეიძლება საკითხების დახურულ კარს მიღმა განხილვა? ყველაფერი ზემდგომს უნდა შეატყობინოთ? განა ეს უბრალოდ არ შეაწუხებს ზემდგომს? მისმინე, თუ შენ რაიმეს შემატყობინებ, მე მშვიდად და მეგობრულად ვიპოვი გამოსავალს, შენი გასხვლის გარეშე. მაგრამ იცი, როგორი იქნება ზემდგომის დამოკიდებულება, თუ ამას შეატყობინებ? ზემდგომთან ხუმრობა არ შეიძლება — ისინი ლომებსა და არწივებს ჰგვანან. შეუძლიათ ჩვენნაირ, მცირე სულიერი სიმწიფის მქონე ადამიანებს, მათ დონემდე მიღწევა? თუ პრობლემას ზემდგომს შეატყობინებ, აქედან კარგი არაფერი გამოვა; შენ აუცილებლად დაექვემდებარები გასხვლას. ეს მე ბევრჯერ დამემართა; როგორ შეძლებს შენნაირი მცირე სულიერი სიმწიფის მქონე ადამიანი ამასთან გამკლავებას? შეიძლება რწმენაც კი დაკარგო — და ვინ იქნება ის, ვინც ამის შედეგებზე პასუხს აგებს? თუ გსურს რაიმეს შეტყობინება, შედეგებზე პასუხს თავად აგებ. როდესაც დადგება დრო და გაგსხლავენ, გახდები ნეგატიური და სუსტი, ნუ მოხვალ ჩემს დასადანაშაულებლად. თუ გსურს საჩივრის შეტანა, მე არ დაგაბრკოლებ. წადი და გააკეთე ეს; ვნახავ, ვინ შეიტანს საჩივარს!“ ვინმე გაბედავს საჩივრის შეტანას, როდესაც ეს წინამძღოლი ასე აშინებს ადამიანებს? (ვერა). ზოგს ენდომება, მაგრამ ისინი მეტისმეტად შეშინებულები იქნებიან. განა ეს ადამიანები არაფრის მაქნისები არ არიან? რისი ეშინიათ მათ? როგორ შეიძლება, ასე შეაშინოთ წინამძღოლმა? იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ წინამძღოლს მათი სიკვდილამდე დატანჯვა მოუნდებოდა, მათი სიცოცხლე იმ წინამძღოლის ხელში არ არის; როგორ გაბედავდა ის წინამძღოლი მათ დატანჯვას ღმერთის ნებართვის გარეშე? იმ წინამძღოლის რამდენიმე დამაშინებელი სიტყვის შემდეგ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მართლაც ძალიან შეეშინდებათ საჩივრის შეტანა; ისინი თავისთვის იფიქრებდნენ: „ღმერთი არსად ჩანს. მიხედავს ზემდგომი წინამძღოლს, თუ მე საჩივარს შევიტან? რა მოხდება, თუ არ მიხედავს — წინამძღოლი ჩემზე შურს იძიებს? შევძლებ კი მაშინ ჩემი მოვალეობის ჩვეულებრივ შესრულებას? მაშინ არ შევიტან საჩივარს. გარდა ამისა, ეს თემა ჩემი საქმე არ არის. სხვას არავის შეუტყობინებია, მაშ მე რატომ უნდა გავაკეთო?“ ისინი უკან დაიხევენ და ვერ გაბედავენ საჩივრის შეტანას. განა მოსალოდნელია, რომ ანტიქრისტემ ასეთი ადამიანების მიმართ მოწყალება გამოიჩინოს? (არა). რას უზამენ მათ? როგორც კი დაადგენენ, ვინ აპირებს მათზე შეტყობინებას და ვინ იზიარებს მათ აზრს, ისინი დაიწყებენ ფიქრს: „შენ მუდამ რაღაცის გაკეთებას ფიქრობ; მუდამ მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა გინდა, მუდამ არეულობის გამოწვევას ცდილობ, მუდამ ჩემი პრობლემების შესახებ გინდა შეატყობინო — ეს აღმაშფოთებელია! შენ ზემდგომთან დასაკავშირებელ შესაძლებლობას ეძებდი, რათა მისთვის ჩემი მდგომარეობა გეცნობებინა. ახლა უკან იხევ და ვერ ბედავ ამის გაკეთებას; მაგრამ ვინ იცის, თუ შესაფერის შესაძლებლობას იპოვი, შესაძლოა, მაინც მიჩივლო. ოჰ, მე შენ მოგივლი!“ ამიტომ ანტიქრისტე საბაბებსა და შესაძლებლობებს ეძებს ამ ადამიანების დასამცირებლად, რათა ძმებსა და დებს მათ მიმართ ზიზღი გაუჩნდეთ. შემდეგ, მათ გამოსაჭერად ყველანაირ გზას მოიგონებენ, რათა პრობლემები შეუქმნან და რეპუტაცია შეულახონ. და ამის შემდეგ ეს ადამიანები რას ფიქრობენ თავისთვის? „ეს საშინელებაა! მე არ დავემორჩილე წინამძღოლს, ბრმად ვცადე მის შესახებ შეტყობინება და ახლა ტანჯვა მიწევს. ეს გაკვეთილი უნდა დავიმახსოვრო: არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაწყენინო წინამძღოლს! ახლა ყველაფერს ეს წინამძღოლი წყვეტს. თუ ისინი „აღმოსავლეთს“ იტყვიან, მე „დასავლეთს“ ვერ ვიტყვი; თუ ისინი „ერთს“ იტყვიან, მე „ორს“ ვერ ვიტყვი. უნდა გავაკეთო ყველაფერი, რასაც წინამძღოლი მეტყვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუკავშირდე ზემდგომს პრობლემების შესახებ შესატყობინებლად. ეს მართლაც სერიოზულია! წინამძღოლმა ტანჯვა მომაყენა, ზემდგომმა კი ამის შესახებ არაფერი იცის — ვინ გამომესარჩლება? როგორც იტყვიან, „ადგილობრივ მოხელეებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე სახელმწიფო მოხელეებს!“ ეს ადამიანები ნეგატიურები გახდნენ. მათ არ სჯერათ, რომ ღვთის სახლში ჭეშმარიტება მბრძანებლობს, მით უმეტეს, რომ ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს. გულებში ღმერთი კვლავ ჰყავთ? არა, მათ გულებში ღმერთი არ ჰყავთ. მათ აკლიათ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა; მათ სურთ პრობლემის შესახებ შეტყობინება, მაგრამ ეშინიათ იმ ბოროტი ადამიანის, მათ საერთოდ არ შეუძლიათ ბოროტი ძალების გარჩევა; მათ ტანჯვა მიაყენეს იმ ბოროტმა ადამიანებმა იქ, სადაც მათ ძალაუფლება აქვთ, და ისინი არაფრის მაქნისები გახდნენ. თავდაპირველად მათ სამართლიანობის მცირეოდენი შეგრძნება ჰქონდათ, რაც სასურველი თვისებაა, მაგრამ რადგან მათ არ ესმით ჭეშმარიტება და არ იციან, როგორ იმოქმედონ პრინციპების შესაბამისად, იმ ბოროტმა ადამიანმა, ცრუ წინამძღოლმა და ანტიქრისტემ ისინი ისე დათრგუნა, რომ ყოველგვარი რწმენა დაკარგეს; მათ არ იციან, როგორ დაეყრდნონ ღმერთს, რათა ეძიონ ჭეშმარიტება ან სიბრძნეზე დაფუძნებით იმოქმედონ. ახლა მათ შიში და სიმხდალე იპყრობთ ყოველ ჯერზე, როცა ანტიქრისტეს ხედავენ. რამდენად შეშინებულები არიან? ისინი ფიქრობენ: „ამ სამყაროში ძალაუფლებას ბოროტი ადამიანები ფლობენ. რომელ ჯგუფშიც არ უნდა ვიყო, კარგად უნდა მოვიქცე. მე მაკლია ასეთი სისასტიკე და გამბედაობა, ამიტომ სადაც არ უნდა წავიდე, მომიწევს, ნებით ავიტანო ცუდი მოპყრობა და ნებით დავემორჩილო სხვებს — მათ ისე უნდა მოვექცე, როგორც ჩემს წინაპრებს. თუ ისინი იტყვიან „აღმოსავლეთს“, მე ვერ ვიტყვი „დასავლეთს“. მე არ შემიძლია განსხვავებული აზრის გამოთქმა, არ შემიძლია სხვა ადამიანების პრობლემების შესახებ შეტყობინების წარდგენა და არ შემიძლია სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. მე მხოლოდ ღვთის რწმენაზე შემიძლია კონცენტრირება. არ უნდა ვაწყენინო წინამძღოლებსა და მუშაკებს, დავიცვა ჭეშმარიტება-პრინციპები, ვესწრაფოდე სინათლეს ან მიყვარდეს სამართლიანობა — ამ სამყაროში არ არსებობს სინათლე და სამართლიანობა. მე უბრალოდ ბოლომდე გაძლებაზე მოვახდენ კონცენტრირებას და მომავალში, სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის მშვიდობის შენარჩუნება იქნება!“ ეს არის მათ მიერ გაკეთებული დასკვნა. განა ისინი არ დაამარცხა იმ ანტიქრისტემ? (დიახ). რა ადასტურებს ამას? იმ ანტიქრისტეს მიერ დათრგუნვის შემდეგ, შიშისგან გონება დაკარგეს, ძალიან ეშინიათ რაიმეს თქმის ან გაკეთების. მათ თავიანთი ჭეშმარიტი რწმენა დაკარგეს და თავიანთ მოვალეობებს ერთგულად აღარ ასრულებენ; მათ გულებში სამართლიანობის სიყვარულის პატარა ალი ჩაქრა; ისინი სრულიად დაამარცხა და დათრგუნა იმ ანტიქრისტემ. განა ისინი არაფრის მაქნისები არ არიან? განა ისინი ლაჩრები არ არიან? (დიახ). რითი ხვდებით? თუ მათ ჰკითხავ, „როგორ არის ესა და ეს თქვენს ეკლესიაში?“, ისინი გიპასუხებენ: „არც ისე ცუდად“. თუ იტყვი: „და რას იტყვით ეკლესიის იმ ახალ წინამძღოლზე, რომელიც თქვენ ყველამ აირჩიეთ; იცნობთ მას?“, ისინი გიპასუხებენ: „კარგად არ ვიცნობ“. თუ ჰკითხავ: „როგორ მიდის ახლა იქ საეკლესიო ცხოვრება? ვინმე ხომ არ იწვევს არეულობას?“, ისინი იტყვიან: „კარგად, ყველაფერი რიგზეა“. რაც არ უნდა ჰკითხო მათ, ისინი მხოლოდ ამ რამდენიმე სიტყვით გიპასუხებენ. განა ეს იმიტომ არ არის, რომ ისინი შეშინდნენ? რატომ არიან ისინი ასეთი შეშინებულები? იმიტომ, რომ მათ ღვთის სამართლიანობა არ იციან; მათ არ შეუძლიათ, დაინახონ სატანის ბოროტება, სისასტიკე, დაუნდობლობა და სიბნელე; მათ არ იციან, რას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება მბრძანებლობს და არც ის იციან, რა მნიშვნელობა აქვს ამას — და ამიტომ ეშინიათ. ამიტომ, რაც არ უნდა ჰკითხო, მათი პასუხი ბუნდოვანი და გაურკვეველი იქნება; მათგან ვერ მიიღებ პასუხს იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში ეკლესიაში და ვერ გაიგებ, რას ფიქრობენ სინამდვილეში. ისინი ისე ძლიერ ჩაიკეტებიან, რომ ვერ იქნები დარწმუნებული, რაზე საუბრობენ. ისინი არაფერს იტყვიან ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ან იმაზე, როგორები არიან წინამძღოლები და მუშაკები, და ვერაფერს გაიგებ იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი აწყდება. ვერაფერს შეიტყობ ამის შესახებ — ისინი მხოლოდ ასეთი ფორმით გესაუბრებიან. და რას იგრძნობ მათი მოსმენისას? იგრძნობ, რომ თქვენს გულებს შორის რაღაც დგას. მათი აზროვნება ასეთია: „ნუ ეცდები ჩემ შესახებ რაიმეს გაგებას, მე არ მსურს შენთან ინფორმაციის გამჟღავნება ან იმის თქმა, თუ რა ხდება სინამდვილეში. მომერიდე; თუ ჩემგან იმის გაგებას შეეცდები, თუ რა ხდება ეკლესიაში, ესე იგი ცდილობ პრობლემები შემიქმნა და დაარღვიო ჩემი ამჟამინდელი საცხოვრებელი გარემო, ყოველდღიური რუტინა და მდგომარეობა. ნუ ჩაერევი ჩემი ცხოვრების რომელიმე ასპექტში; ნება მომეცი, თავად მივხედო ამ საქმეებს“. მათ ეშინიათ, რომ ანტიქრისტე ტანჯვას მიაყენებს ან შურს იძიებს და ეშინიათ თავიანთი ეკლესიის რაიმე პრობლემის შესახებ შეტყობინებისა. განა ეს არ არის იმ ანტიქრისტის წინაშე დანებება? განა ისინი არ არიან იმ ანტიქრისტეს მიერ შეცდომაში შეყვანილნი და კონტროლირებულნი? (დიახ). და იმ ანტიქრისტეს სწორედ ამის დანახვა ახარებს. მათ ისე დატანჯეს ადამიანები, რომ ისინი ვეღარ ბედავენ თავიანთი პრობლემების შესახებ შეტყობინებას, ამიტომ ანტიქრისტე მყარად აკონტროლებს ეკლესიას. ეკლესიაში ბევრი ადამიანია, ვისაც ანტიქრისტე ამგვარად აკონტროლებს? თავად ოდესმე შეგიჩერებიათ ვინმე პრობლემის შესახებ შეტყობინებისგან? შესაძლოა, ასე მოიქეცით, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდით, ან შესაძლოა ასე მოიქცეთ მომავალში. მაშ, შეიძლება თუ არა პრობლემად ჩაითვალოს ის, რომ ანტიქრისტეებმა გადაიბირეს ადამიანები და აკონტროლებენ მათ? (დიახ). ზოგიერთი ამბობს: „ეკლესიაში კონკრეტულ ადამიანებს ეშინიათ ანტიქრისტესი, მაგრამ მათ არ სწამთ იმ ანტიქრისტესი და არც მიჰყვებიან მას, მით უმეტეს, არ ემსახურებიან მას. უბრალოდ, ისინი მცირედ შეზღუდულნი არიან იმ ანტიქრისტის მიერ და შეფერხდნენ ღმერთის რწმენის სწორ გზაზე შესვლაში. რატომ ამბობთ, რომ ეს პრობლემაა?“ ერთი მხრივ, იმ მეთოდებიდან, რომლებსაც ანტიქრისტეები იყენებენ ადამიანთა გადაბირებისა და კონტროლისთვის, თქვენ უნდა შეძლოთ იმის დანახვა, რომ მათი ბუნება-არსება სატანის არსია; ის მტრულად არის განწყობილი ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ. ანტიქრისტეებს სურთ, ღმერთს შეეცილონ ხალხში, გაეჯიბრონ მისი რჩეული ხალხისთვის. სხვა მხრივ, ის მეთოდები და გზები, რომლებითაც ანტიქრისტეები მოქმედებენ, ნამდვილად ახდენს გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც სულელები, უმეცრები, დაბნეულები არიან და ჭეშმარიტება არ ესმით. მათ ნამდვილად შეუძლიათ ასეთი ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, ანტიქრისტეების კონტროლის ქვეშ ამოქმედონ და აიძულონ, ყველაფერში ანტიქრისტეებს დაეკითხონ რჩევას და ყველაფერში დაემორჩილონ. ანტიქრისტეები არა მხოლოდ აჩუმენებ ამ ადამიანებს, ისინი, ასევე, აკონტროლებენ მათ მოქმედებებს, გავლენას ახდენენ მათ აზრებსა და შეხედულებებზე და იმ მიმართულებაზე, რომლისკენაც მიდიან. ეს არის ის გავლენა და შედეგები, რომლებიც ანტიქრისტეების ქმედებებს მოაქვთ მათზე, რომელნიც სულელები და უმეცარნი არიან.

ახლახანს ვისაუბრე სხვადასხვა ჭეშმარიტებაზე, რომლებიც უკავშირდება წინამძღოლისა და მუშაკის მოვალეობის შესრულებას. ასევე, გამოვააშკარავე გარკვეული პრობლემები, რომლებიც წინამძღოლებსა და მუშაკებს აქვთ, ძირითადად კი ყურადღება გავამახვილე ყველაზე მძიმე ტიპის ადამიანის გამოვლინებებზე — და რომელი ტიპის ადამიანია ეს? (ანტიქრისტეები). რა არის საერთო გამოვლინება, რომელიც ყველა ანტიქრისტეს ახასიათებს? ისინი ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ეკლესიის გაკონტროლებას მათი სურვილი ძალაუფლების მიმართ ყველაფერს აღემატება; ძალაუფლება მათი სიცოცხლეა, მათი ფესვი; ეს არის თემა, მიმართულება და მიზანი, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი, რასაც ისინი ცხოვრებაში აკეთებენ. ამიტომ, ანტიქრისტეების ქმედებები და მათ მიერ გამოვლენილი ხასიათი იდენტურია იმ ტაქტიკებისა, რომლებსაც სატანა ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად, მათი გულების მოსაგებად და გასაკონტროლებლად იყენებს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი, რასაც ასეთი ადამიანი აკეთებს, მას სატანის გამოსასვლელ არხად, განსახიერებად და გამოხატულებად აქცევს; მათი ყოველი მოქმედებისა და ქცევის მთავარი მიზანი ძალაუფლების ფლობაა. და ვისი კონტროლი სურთ მათ? იმ ადამიანების, რომლებსაც წინ მიუძღვებიან, რომლებიც ღვთის მიმდევრები არიან; იმ ადამიანების, რომლებიც მათი ძალაუფლების ფარგლებში არიან და რომელთა კონტროლიც შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ ასევე ვისაუბრეთ იმ ხერხებზე, რომლებსაც ანტიქრისტეები ადამიანთა გაკონტროლებისთვის იყენებენ. პირველი არის ადამიანთა გულების მოგება; მეორე — განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა; მესამე — ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანთა გარიყვა და მათზე თავდასხმა; მეოთხე — საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება; ხოლო მეხუთე —ადამიანთა შეცდომაში შეყვანა, მიზიდვა, დაშინება და კონტროლი. ეს ხუთი მთავარი გამოვლინება არის ძირითადი ხერხები და საშუალებები, რომლებსაც ანტიქრისტეები იყენებენ ძალაუფლების მოსაპოვებლად და ადამიანთა დასაუფლებლად და გასაკონტროლებლად. ეს ფართო კატეგორიებია. შემდეგ ამ ფართო კატეგორიებს უფრო დეტალურად გავარჩევთ და გვექნება მათზე თანაზიარება.

იმის ანალიზი, როგორ ცდილობენ ანტიქრისტეები ადამიანთა გულების მოგებას

ა. ადამიანების მიზიდვა მცირე დახმარებით

ანტიქრისტეების პირველი მეთოდი, რომელსაც ისინი ადამიანების გასაკონტროლებლად იყენებენ, არის ადამიანთა გულების მოგება. რამდენი გზა არსებობს ადამიანთა გულების მოსაგებად? ერთ-ერთი გზაა ადამიანების მიზიდვა მცირე დახმარებით. ზოგჯერ ანტიქრისტეები ადამიანებს კარგ ნივთებს ჩუქნიან, ზოგჯერ აქებენ, ზოგჯერ მცირე დაპირებებს აძლევენ. ზოგჯერ კი ანტიქრისტეები ხედავენ, რომ გარკვეულ მოვალეობებს შეუძლია ადამიანები ყურადღების ცენტრში მოაქციოს, ან სხვები ფიქრობენ, რომ ამ მოვალეობებს შეუძლია სარგებელი მოუტანოს მათ შემსრულებელს და ყველას თვალში დააფასოს ისინი, და ამ მოვალეობებს სწორედ იმ ადამიანებს ავალებენ, რომელთა გულის მოგებაც სურთ. „მცირე დახმარება“ ბევრ რამეს მოიცავს: ზოგჯერ ეს მატერიალური ნივთებია, ზოგჯერ — არახელშესახები, ზოგჯერ კი უბრალოდ სასიამოვნო სიტყვებია, რომელთა მოსმენაც ადამიანებს სურთ. მაგალითად, როდესაც ადამიანს რამე შეემთხვევა, ის სუსტდება და თავისი მოვალეობის შესრულებისას მოტივაციას კარგავს; როდესაც თავის ამ სისუსტეს ღმერთის სიტყვებს ადარებს, აცნობიერებს, რომ ეს არის ორგულობა ღმერთის წინაშე, საკუთარი მოვალეობის შესრულების სურვილის არქონა, ჭეშმარიტი მორჩილების ნაკლებობა და თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობს. როდესაც ამას წინამძღოლი ხედავს, შეიძლება უთხრას: „შენი სულიერი სიმწიფე ჯერ კიდევ მცირეა. ღმერთი ამას ასე არ შეხედავს. შენ ხომ ცოტა ხანია, რაც გწამს. საკუთარ თავს ასეთ მაღალ მოთხოვნებს ნუ უყენებ. ამას დრო სჭირდება — ნუ იჩქარებ. ღმერთს ადამიანების მიმართ მაღალი მოთხოვნები არ აქვს და შენთვის, ვინც სულ ცოტა ხანია, რაც მისი ირწმუნე, ხანდახან მცირე სისუსტის გამოჩენა ნორმალურია და ამაზე არ უნდა ინერვიულო“. ამ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა ის არის, რომ სისუსტე სანერვიულო არ არის; სისუსტეში დარჩენაც არ არის სანერვიულო; ეს ყველაფერი ნორმალური ნეგატიურობაა და ღმერთი ამას არ იმახსოვრებს. ზოგი ადამიანი ზედმეტად ემოციურია და მოვალეობის შესრულებისას მუდმივად საკუთარი გრძნობების გავლენის ქვეშ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში წინამძღოლი ეუბნება: „ეს შენი მცირე სულიერი სიმწიფის ბრალია. არა უშავს.“ ზოგი ადამიანი ზარმაცია დამოვალეობის შესრულებისას ღვთისადმი ერთგულებას არ ავლენს. მაგრამ წინამძღოლი მას არ საყვედურობს; პირიქით, ის ყველანაირად სასიამოვნო სიტყვებს ეუბნება, რათა ასიამოვნოს, კარგი ადამიანის სახელი მოიპოვოს და ყველას დაანახოს, რამდენად გულისხმიერი და მოსიყვარულეა. ასეთი ადამიანები ფიქრობენ: „ჩვენი წინამძღოლი მოსიყვარულე დედას ჰგავს. მას ნამდვილად ვუყვარვართ. ის მართლაც ღმერთს წარმოადგენს. ნამდვილად ღვთისგან არის!“ ამ სიტყვების დაფარული ქვეტექსტი ის არის, რომ წინამძღოლს შეუძლია ღვთის სახელით ილაპარაკოს და ღმერთი წარმოადგინოს. ნუთუ სწორედ ეს არის ამ წინამძღოლის მიზანი? შესაძლოა, ეს ნათელი არ იყოს, მაგრამ ერთი მიზანი აშკარაა: მათ სურთ, ადამიანებმა თქვან, რომ ისინი შესანიშნავი წინამძღოლები არიან, რომლებიც ადამიანებზე ზრუნავენ, მათ სისუსტეებს თანაუგრძნობენ და კარგად ესმით მათი გულების. ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლი, ხედავს რა, რომ ძმები და დები თავიანთ მოვალეობას ზედაპირულად ასრულებენ, ისინი არ ამხელენ მათ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცნენ. როდესაც აშკარად ხედავენ, რომ ღვთის სახლის ინტერესები ზიანდება, არ აქცევენ ყურადღებას და არც რაიმეს კითხულობენ, რადგან არ სურთ ვინმეს თუნდაც მცირეოდენი შეურაცხყოფა მიაყენონ. სინამდვილეში, ისინი არ ითვალისწინებენ ადამიანების სისუსტეებს; არამედ მათი განზრახვა და მიზანი ადამიანთა გულების მოგებაა. მათ ძალიან კარგად იციან: „თუ ასე მოვიქცევი და არავის მივაყენებ შეურაცხყოფას, ადამიანები იფიქრებენ, რომ კარგი წინამძღოლი ვარ. ჩემზე დიდი წარმოდგენა შეექმნებათ. მომიწონებენ და შემიყვარებენ.“ მათ არ აინტერესებთ, რამხელა ზიანი ადგება ღვთის სახლის ინტერესებს, ან რამხელა დანაკარგი მოაქვს ამას ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის, ან რამდენად ძლიერ ირღვევა მათი საეკლესიო ცხოვრება; ისინი უბრალოდ ჯიუტად მიჰყვებიან თავიანთ სატანურ ფილოსოფიას და არავის შეურაცხყოფენ. მათ გულებში სინდისის ქენჯნის ნასახიც კი არ არის. როდესაც ხედავენ, რომ ვინმე ჩაშლასა და არეულობას იწვევს, საუკეთესო შემთხვევაში, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ეტყვიან, პრობლემას დააკნინებენ და ამით მორჩება საქმე. ისინი არ გამართავენ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, არ მიუთითებენ იმ ადამიანს პრობლემის არსზე, მით უმეტეს, არ გააანალიზებენ მის მდგომარეობას და არასოდეს მოახდენენ თანაზიარებას ღმერთის განზრახვების შესახებ. ცრუ წინამძღოლები არასოდეს ამხელენ და არ აანალიზებენ შეცდომებს, რომლებსაც ადამიანები ხშირად უშვებენ, ან გახრწნილ ხასიათს, რომელსაც ისინი ხშირად ავლენენ. ისინი არანაირ რეალურ პრობლემას არ აგვარებენ, არამედ ყოველთვის ფარავენ ადამიანთა მცდარ ქმედებებსა და გახრწნილების გამოვლინებებს, და რაც არ უნდა ნეგატიურები ან სუსტები იყვნენ ადამიანები, ამას სერიოზულად არ იღებენ. ისინი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ქადაგებენ, შეგონების რამდენიმე სიტყვას ამბობენ, რათა სიტუაცია ზედაპირულად გამოასწორონ და ჰარმონიის შენარჩუნება სცადონ. შედეგად, ღვთის რჩეულმა ხალხმა არ იცის, როგორ დაფიქრდეს საკუთარ თავზე და შეიცნოს იგი, არ ხდება მათ მიერ გამოვლენილი გახრწნილი ხასიათის აღმოფხვრა, და ისინი ცხოვრობენ სიტყვებსა და მოძღვრებებში, წარმოდგენებსა და ფანტაზიებში, ყოველგვარი სიცოცხლეში შესვლის გარეშე. ისინი გულში იმასაც კი ფიქრობენ: „ჩვენს წინამძღოლს ჩვენი სისუსტეები უფრო მეტად ესმის, ვიდრე ღმერთს. ჩვენი სულიერი სიმწიფე ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ ღმერთის მოთხოვნებს შევესაბამებოდეთ. ჩვენ უბრალოდ ჩვენი წინამძღოლის მოთხოვნები უნდა შევასრულოთ; ჩვენი წინამძღოლის მორჩილებით ჩვენ ღმერთს ვემორჩილებით. თუ დადგება დღე, როდესაც ზემდგომი გადააყენებს ჩვენს წინამძღოლს, ხმას ავიმაღლებთ ჩვენი წინამძღოლის შესანარჩუნებლად და მისი გადაყენების შესაჩერებლად, ზემდგომთან მოვილაპარაკებთ და ვაიძულებთ მას, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები. სწორედ ეს იქნება მართებული ქცევა ჩვენი წინამძღოლის მიმართ“. როდესაც ადამიანებს გულში ასეთი აზრები უჩნდებათ, როდესაც თავიანთ წინამძღოლთან ასეთ ურთიერთობას ამყარებენ და მათ გულებში მის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, შური და თაყვანისცემა იბადება, მათ სულ უფრო მეტი რწმენა უჩნდებათ ამ წინამძღოლის მიმართ და ყოველთვის მისი სიტყვების მოსმენა სურთ, ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტება ღმერთის სიტყვებში ეძიონ. ასეთმა წინამძღოლმა თითქმის დაიკავა ღმერთის ადგილი ადამიანთა გულებში. თუ წინამძღოლს სურს ღვთის რჩეულ ხალხთან ასეთი ურთიერთობის შენარჩუნება, თუ ის ამით სიამოვნებას იღებს გულში და სჯერა, რომ ღვთის რჩეული ხალხი სწორედ ასე უნდა ეპყრობოდეს მას, მაშინ ამ წინამძღოლსა და პავლეს შორის არანაირი განსხვავება არ არის — ის უკვე დაადგა ანტიქრისტეს გზას, ხოლო ღვთის რჩეული ხალხი უკვე შეცდომაშია შეყვანილი ამ ანტიქრისტეს მიერ და საერთოდ არ შეუძლიათ ამოცნობა. სინამდვილეში, იმ წინამძღოლს არ გააჩნია ჭეშმარიტება-რეალობა და საერთოდ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე. მათ მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება და სხვებთან ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლიათ. მათ კარგად ეხერხებათ საკუთარი თავის წარმოჩენა თვალთმაქცური მეთოდებით, მათი სიტყვები და მოქმედებები შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს და ამით შეცდომაში შეჰყავთ ხალხი. მათ არ იციან, როგორ გამართონ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე ან როგორ შეიცნონ საკუთარი თავი, და ეს შეუძლებელს ხდის მათთვის, რომ სხვები ჭეშმარიტება-რეალობამდე მიიყვანონ. ისინი მხოლოდ რეპუტაციისა და სტატუსის გულისთვის მუშაობენ და მხოლოდ სასიამოვნო სიტყვებს ამბობენ ადამიანების მახეში გასაბმელად, რითაც აიძულებენ ხალხს, თაყვანი სცენ მათ და იმედის თვალით შეხედონ, რაც სერიოზულად აფერხებს და აყოვნებს ეკლესიის მუშაობას და ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას. განა ასეთი პიროვნება არ არის ანტიქრისტე? ზოგიერთი ადამიანი ისევე იქცევა, როგორც ანტიქრისტეები, მაგრამ როდესაც მხილებულ ანტიქრისტეს ხედავს, შეუძლია საკუთარი თავი ამ ანტიქრისტეს შეადაროს. ისინი გრძნობენ, რომ გზა, რომელზეც დგანან, ანტიქრისტეთა გზაც არის, რომ უბედურების ზღვარზე ყოფნისას უნდა შეჩერდნენ და დაუყოვნებლივ მოინანიონ ღმერთის წინაშე; და შეწყვიტონ პირად სტატუსსა და იმიჯზე კონცენტრირება; ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერში უნდა განადიდონ ღმერთი და დაამოწმონ იგი, და მიაღწიონ იმას, რომ ადამიანებს გულში ადგილი ჰქონდეთ ღმერთისთვის და პატივი სცენ მას, როგორც დიდებულს — ისინი გრძნობენ, რომ მხოლოდ მაშინ შეიცნობენ ჭეშმარიტ მშვიდობას გულებში. მხოლოდ ასე ვინც იქცევა, ის ადამიანია ჭეშმარიტების მოყვარული და მისი მიმღები. თუ ადამიანს ანტიქრისტეს ბუნება აქვს, ისინი ასევე გულში უხერხულობას იგრძნობენ, როდესაც ანტიქრისტეების მამხილებელ სიტყვებს მოისმენენ, მაგრამ ვერ შეძლებენ ღმერთის სიტყვების სამსჯავროსა და გაკიცხვის მიღებას, ან საკუთარი გახრწნილი ხასიათის გახსნასა და გაშიშვლებას. ეს ამტკიცებს, რომ მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და რომ ჭეშმარიტი მონანიება მათთვის შეუძლებელია. ისინი ჯიუტად განაგრძობენ თავიანთი სტატუსის გამყარებას, სტატუსის სიკეთეებით ტკბობას და სიამოვნების მიღებას იმით, რომ ღვთის რჩეული ხალხი თაყვანს სცემს მათ და აღფრთოვანებით უყურებს. ეს მათ მიერ შეცდომაში შეყვანილთ აიძულებს, გადაუხვიონ ჭეშმარიტ გზასა და ღმერთის სიტყვებს; ისინი განერიდებიან ღმერთს და მის ნაცვლად ამ ადამიანს მიჰყვებიან. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი საერთოდ არ უფიქრდება საკუთარ თავს. ვერ აცნობიერებენ რა, რომ უკვე საფრთხეში ჩავარდნენ, საკუთარ თავზე მაინც საკმაოდ კარგად ფიქრობენ და სხვების შეცდომაში შეყვანასა და მათი გულების მოგებას აგრძელებენ. სანამ ადამიანები ყურს უგდებენ იმას, რასაც ისინი ამბობენ და ემორჩილებიან მათ, რაც არ უნდა ზედაპირულად ან უპასუხისმგებლოდ მოეკიდონ ეს ადამიანები თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ისინი ამაზე თვალს დახუჭავენ. უფრო მეტიც, ისინი სიამოვნებით მიიღებენ იმას, რომ ეს უმეცარი, უგუნური ადამიანები თაყვანს სცემენ და სჯერათ მათი, მფარველობასაც კი გაუწევენ მათ, რათა არავის მისცენ მათი მხილებისა თუ ამოცნობის უფლება. ამგვარად მოქმედებით, განა ანტიქრისტე დამოუკიდებელ სამეფოს არ აფუძნებს თავისთვის? ანტიქრისტე არ აკეთებს რეალურ საქმეს, ისინი პრობლემების გადასაჭრელად არ ატარებენ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, ისინი არ უძღვებიან ადამიანებს, რათა ღმერთის სიტყვები ჭამონ და სვან და შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში. ისინი მხოლოდ სტატუსის, დიდებისა და გამორჩენისთვის მუშაობენ, ზრუნავენ მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებაზე, ადამიანთა გულებში დაკავებული ადგილის დაცვაზე და იმაზე, რომ ყველამ თაყვანი სცეს, მიბაძონ და მუდამ მათ მიჰყვნენ; ეს არის მიზნები, რომელთა მიღწევაც მათ სურთ. ასე ცდილობს ანტიქრისტე ადამიანთა გულების მოგებას და ღვთის რჩეული ხალხის გაკონტროლებას — განა საქმის კეთების ასეთი გზა ბოროტება არ არის? ეს უბრალოდ მეტისმეტად ამაზრზენია! ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასე აკეთებენ საქმეს, ადამიანებს საკუთარი თავის მიმართ კარგად განაწყობენ, მათ ნდობით აღავსებენ და მათზე დამოკიდებულს ხდიან — მაგრამ რა არის ამის შედეგები? ეს ადამიანები არა მხოლოდ ვერ იგებენ ჭეშმარიტებას, არა მხოლოდ საერთოდ ვერ პროგრესირებენ თავიანთ სიცოცხლეში შესვლაში — არამედ, ისინი იღებენ ანტიქრისტეს, როგორც თავიანთ სულიერ მშობელს, როგორც ღმერთის შემცვლელს, და ანტიქრისტეს ნებას აძლევენ, მათ გულებში ღმერთის სტატუსი ჩაანაცვლოს. როდესაც ვინმეს პრობლემა უჩნდება, ისინი ღმერთის წინაშე აღარ მოდიან და რა სირთულესაც არ უნდა წააწყდნენ, არ ლოცულობენ ღვთის წინაშე და არ ეყრდნობიან მას, არც მის სიტყვებში ეძებენ ჭეშმარიტებას. ამის ნაცვლად, ისინი მიდიან და ამ წინამძღოლს ეკითხებიან ამის შესახებ. სთხოვენ წინამძღოლს, უჩვენოს გზა და სულ უფრო მეტად უჯერებენ ამ წინამძღოლს და მასზე არიან დამოკიდებულნი. მათ არ იციან, როგორ ეძიონ ღმერთი და არ იციან, როგორ შეხედონ მას იმედით და როგორ დაეყრდნონ მას, მით უმეტეს, როგორ იმოქმედონ ჭეშმარიტებისა და პრინციპების შესაბამისად. რაც არ უნდა შეემთხვეთ, სულგანაბულნი ელიან, რომ წინამძღოლმა მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ. აკეთებენ ყველაფერს, რასაც წინამძღოლი ეუბნება, რომ უნდა გააკეთონ, და ასრულებენ წინამძღოლის ნებისმიერ მითითებას. ადამიანების ამ დონემდე მიყვანით, განა ანტიქრისტეს შეცდომაში არ შეჰყავს და არ აკონტროლებს მათ? რატომ არ ეძიებს ღვთის რჩეული ხალხი ჭეშმარიტებას ღმერთისგან, როდესაც მათ ცხოვრებაში რამე ხდება? რატომ ემორჩილება ღვთის რჩეული ხალხი ბრმად იმას, რასაც მათი წინამძღოლი ამბობს მისი სიტყვების გადამოწმების ან გარჩევის გარეშე? რატომ შეუძლია ღვთის რჩეულ ხალხს წინამძღოლის სიტყვების მოსმენისთანავე დაემორჩილოს მათ, მაგრამ არ შეუძლია ამის გაკეთება ღმერთის სიტყვების მიმართ? ისინი ყურადღებას აქცევენ თავიანთი წინამძღოლის სურვილებს, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება დაუთმონ ღმერთის სურვილებს; ისინი ყურს უგდებენ თავიანთი წინამძღოლის სიტყვებს, ნაცვლად იმისა, რომ ყური დაუგდონ ღმერთის სიტყვებს და ნაცვლად ჭეშმარიტების ძიებისა და მორჩილებისა. მოქმედებისას ისინი ეყრდნობიან თავიანთ წინამძღოლს, ასევე იმაშიც, რომ მან გააძლიეროს ისინი, მათ მაგივრად ილაპარაკოს და მათ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები, ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნონ ღმერთს, იმედით შეხედონ მას და დაემორჩილონ მას. განა ამ ეგრეთ წოდებულ წინამძღოლებს უკვე არ უკავიათ გარკვეული ადგილი ადამიანთა გულებში? სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ ანტიქრისტეს ადამიანები შეცდომაში შეჰყავს და თავის მახეში აბამს.

როდესაც ზოგიერთ ადამიანს რამე შეემთხვევა და ეუბნები, რომ ღმერთს შეევედრონ, ის ამბობს, რომ ზედმეტად მცირე სულიერი სიმწიფე აქვს და არ იცის, როგორ ეძიოს. თუ ეტყვი, რომ ღმერთის სიტყვები ჭამოს და სვას, ის იტყვის, რომ სულიერი მონაცემები არ აქვს და დიდ ნათელს ვერ მოიპოვებს. თუ ეტყვი, რომ ქადაგებებს მოუსმინოს, ამბობს, რომ ქადაგებების შინაარსი მისთვის ზედმეტად აღმატებული და ღრმაა, და რომ მის ცნობიერებას აღემატება. მათ სჯერათ, რომ თუ ადამიანს დაბალი სულიერი მონაცემები და სისუსტეები აქვს და ყოველმხრივ არასრულფასოვანია, მაშინ მან წინამძღოლებს უნდა მიაკითხოს. დავუშვათ, ჰკითხავ მათ: „რატომ გჭირდებათ წინამძღოლის ძიება? რატომ არ ეძიებთ ღმერთს და არ წარსდგებით მის წინაშე?“ ისინი გეტყვიან: „ადამიანებისთვის ძალიან რთულია ღმერთის წინაშე წარსდგომა: ჩვენ გვაქვს წარმოდგენები, ჩვენი სულიერი მონაცემები მწირია, თავად კი გონებაჩლუნგნი და გაშეშებულნი ვართ. ღმერთის სიტყვები ყოველთვის ასე პირდაპირი როდია და მის სიტყვებში არ არის მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს ისინი. ჩვენი წინამძღოლი კი უბრალოდ პირდაპირ გვეუბნება, რა გავაკეთოთ, ისე გასაგებად, როგორც ერთს მივუმატოთ ერთი უდრის ორს. როცა საქმე ღმერთის სიტყვების კითხვაზე მიდგება, თუ მათ ხმამაღლა წავიკითხავ, ესეც უკვე კარგია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს ისინი, და არ ვიცი, რას მოითხოვს ღმერთი ადამიანისგან ან როგორ ვიმოქმედო ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს ღმერთის განზრახვებს. პასუხებს ვერასდროს ვპოულობ. რადგან მწირი სულიერი მონაცემების ადამიანი ვარ, ისეთი, ვისაც ასეთი მცირე სულიერი სიმწიფე აქვს, ვინც გაშეშებული და უგუნურია, ვისაც არაფრის განჭვრეტა არ შეუძლია, ჩვენს წინამძღოლს უნდა ვკითხო ყველაფერი, რაც წამოიჭრება და მას მივანდო გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს წინამძღოლს შეუძლია ჩემთვის პასუხების პოვნა; მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც მეუბნება. მე სწორედ ასეთი ადამიანი ვარ — უბრალო და მორჩილი“. „უბრალოებასა და მორჩილებაში ცუდი არაფერია, მაგრამ ნამდვილად აქვს თქვენს წინამძღოლს ჭეშმარიტება-რეალობა? მართლაც ისეთი ვინმეა, ვინც ღმერთს ემორჩილება? თუ მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება შეუძლია და არ ემორჩიელება ღმერთს, მაშინ შენი მხრიდან მისი მორჩილება ნიშნავს კი იმას, რომ ღმერთს ემორჩილები?“ ისინი ამბობენ: „ჩვენს წინამძღოლს მაღალი სულიერი მონაცემები აქვს და ყველაფერი, რასაც ამბობს, სწორია. ეს ამტკიცებს, რომ მას ესმით ჭეშმარიტება და ღმერთის განზრახვების შესაბამისად მოქმედებს“. მათ ნათქვამში არის გარკვეული ლოგიკური მსჯელობა, არა? ეს ყველაფერი მხოლოდ მათ პირად გრძნობებს ეფუძნება. მათი სულიერი მონაცემები მწირია და აკლიათ ამოცნობის უნარი, ასე რომ, მათ წინამძღოლს მართლაც რომ რამე სჭირდეს, ისინი ამას ვერ დაინახავდნენ. ადამიანთა უმეტესობა უგუნურია, უმეცარი და მწირი სულიერი მონაცემების მქონე, მაგრამ მოდით, ეს მიზეზი ამ დროისთვის გვერდზე გადავდოთ. თუ ამას წინამძღოლის კუთხით შევხედავთ, როდესაც ადამიანები ამგვარ გამოვლინებებს წარმოაჩენენ, ასეთი დამოკიდებულნი არიან თავიანთ წინამძღოლზე და ამგვარი შეხედულებები და განწყობა აქვთ მის მიმართ, განა ამას არ აქვს გარკვეული კავშირი ადამიანთა გულების მოსაგებად წინამძღოლის ტაქტიკასა და მეთოდებთან? (აქვს). რამდენად დიდია ეს კავშირი? უკავშირდება თუ არა ეს პირდაპირ წინამძღოლის მუშაობის სტილს? დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არსებობს სრული, პირდაპირი კავშირი, რომ ეს ყველაფერი ასი პროცენტით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. რატომ ვამბობ ამას? ბევრი წინამძღოლია, ვისაც თავისი სუბიექტური ნებით სურს ადამიანების ღმერთის წინაშე მოყვანა, მაგრამ რადგან არ ესმით ჭეშმარიტება ან არ იციან, როგორ გადაჭრან სხვადასხვა რეალური პრობლემა, შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული და ზოგადი საქმეების მართვა და საკუთარი თავის წარმოჩენა, რათა ხალხმა მათ პატივი სცეს; ისინი უნებლიეთ ადგებიან ანტიქრისტეთა გზას. საკუთარი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით გამუდმებით ცდილობენ ადამიანთა გულების მოგებას და მათი გულების, ქცევისა და აზრების გაკონტროლებას, რათა ადამიანებმა ყოველთვის გააკეთონ ის, რასაც ეტყვიან — ქმედებებში, ჭეშმარიტების პრაქტიკაში და მათი მოვალეობების შესრულების ყველა ასპექტში. თუ ადამიანები მორჩილებენ ანტიქრისტეს და ჭეშმარიტად არ ემორჩილებიან ღმერთს — თუ ისინი ანტიქრისტეს ბევრად უფრო მეტად ემორჩილებიან, ვიდრე ღმერთს — და მათი მოვალეობების შესრულებას საერთოდ არანაირი შედეგი არ მოაქვს, და ისინი არ ასრულებენ კარგად ადამიანის მოვალეობას, განა ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვინც გადარჩებიან? ადამიანებს წინამძღოლებისა და მუშაკების მორჩილებისა და მათი ერთგულებისთვის „ზუსტი“ პრაქტიკული გზები აქვთ, მაგრამ ღმერთისადმი მორჩილებისა და მის მიმართ ერთგულებისას ისინი საგულდაგულოდ ვერც კი ახორციელებენ ამას პრაქტიკაში — ამაზე არავინ ახდენს თანაზიარებას და არავინ ახორციელებს რეალური საქმის ამ ასპექტს. ყველა ადამიანს უყვარს საკუთარი სტატუსისა და რეპუტაციისთვის ლაპარაკი და მოქმედება, ისინი თავს იტეხენ და ჭამა და ძილი ავიწყდებათ იმისთვის, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა მათ დაუჯეროს და თაყვანი სცეს. აშკარაა, რომ ისინი ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიონ — იმეფონ ეკლესიაში, როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ მთელ გახრწნილ კაცობრიობას ერთნაირი ხასიათი და ერთნაირი მიდრეკილებები აქვს. როდესაც ვინმე გზას გიჩვენებს და შენ მზად ხარ, გაჰყვე მას, ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას ახორციელებ პრაქტიკაში — ეს ნიშნავს, რომ აკეთებ იმას, რასაც ის ადამიანი გეუბნება და მას ემორჩილები. მაშ, რატომ არ სურთ ადამიანებს ღმერთის წინაშე მისვლა ან მისი ძიება? იმიტომ, რომ ადამიანობაში არაფერია ისეთი, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება. ის, რაც ადამიანებს მოსწონთ, რისკენაც ისწრაფვიან და რასაც გულში ატარებენ, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მისი საპირისპიროა. ამიტომ, თუ ვინმეს რამე შეემთხვევა და ჭეშმარიტების ძიებას სთხოვ, ეს მისთვის მთვარეზე გაფრენაზე უფრო რთული აღმოჩნდება — მაგრამ თუ სთხოვ, რომ ადამიანს ყურადღება მიაქციოს, ჩათვლის, რომ ეს ბევრად უფრო მარტივია. აშკარაა, რომ ანტიქრისტეები ძალიან სწრაფად აღწევენ შედეგებს, როდესაც ადამიანთა გულების მოგების ტექნიკას იყენებენ ადამიანების გასაკონტროლებლად. გაკვრით ნათქვამი მხოლოდ ერთი შენიშვნითაც კი შეუძლიათ ვინმეს საკუთარი თავის შესახებ დადებითი აზრი შეუქმნან; უბრალო კომენტარით, რომელიც გარკვეულ განზრახვას ან თვალსაზრისს შეიცავს, მათ შეუძლიათ აიძულონ ადამიანი, ახალი პერსპექტივიდან, ახალ შუქში დაინახოს ისინი. ეს ზუსტად ავლენს, თუ რა იმალება ადამიანების შიგნით. ეს ნიშნავს, რომ თუ არ მიჰყვები ჭეშმარიტებას და ნაცვლად, აირჩევ სტატუსისა და ძალაუფლების ძიების გზას, შენი ყოველი ქმედებით გამოწვეული გავლენა და შედეგი გახრწნილი კაცობრიობის თითოეულ წევრისთვის, იქნება ის, რომ მათ აიძულებს, ზურგი შეაქციონ ჭეშმარიტ გზას, განერიდონ ჭეშმარიტებას, განერიდონ ღმერთს და უარყონ ღმერთი. ეს არის ერთადერთი შედეგი, ერთადერთი დასასრული. ეს სრულიად ნათელია.

ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების მოგების მცდელობის პირველი გამოვლინება არის ადამიანების მიზიდვა მცირე დახმარებით. მცირე დახმარება სულაც არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალურ ნივთებს; ის ფართო სპექტრს მოიცავს. ხანდახან ეს მზრუნველი სიტყვებია; ხანდახან ვინმეს სურვილისა თუ ინტერესის დაკმაყოფილება; ზოგჯერ კი სხვისი აზრების მოსინჯვა და იმ სასიამოვნო სიტყვების თქმაა, რისი მოსმენაც იმ ადამიანს სურს, რათა აფიქრებინოს, რომ მისი წინამძღოლი ძალიან კარგი და გამგებიანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანტიქრისტეები სავსე არიან ტოლერანტობით, სიყვარულით, სითბოთი და ეგრეთ წოდებული მზრუნველობით, რათა შენიღბონ თავიანთი ფარული ამბიცია, მართონ ადამიანები. მაგალითად, თუ ძმებმა და დებმა გარკვეული კარგი ნივთები შესწირეს, მათ შეუძლიათ, ეს ნივთები გაუზიარონ იმათ, ვისთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ. ისინი იყენებენ ამ მცირე დახმარებებს ადამიანთა გულების მოსაგებად და მათ მოსასყიდად. თუ ეკლესიაში არის ისეთი ადვილი სამუშაო, რომელიც არ მოითხოვს გარე პირობებში ყოფნას და შეუძლია ვინმეს ყურადღების ცენტრში მოქცევა, ამ საქმეს დაავალებენ მას, ვისთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ. რატომ შეუძლიათ ასე მოქცევა? ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ, ჩვეულებრივ, არ უყვართ ჭეშმარიტება და მოქმედებენ პრინციპების გარეშე. მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ისინი ამ კარგ მოვალეობას ინახავენ მათთვის, ვისთანაც კარგად არიან, და შემდეგ მათ თბილ სიტყვებს ეუბნებიან, რათა ამ ადამიანებმა მადლიერება იგრძნონ მათ მიმართ. ამგვარად, ისინი აღწევენ თავიანთ მიზანს — იგებენ ამ ადამიანების გულებს. ეს ტაქტიკა არ არის მხოლოდ მცირე ნივთების გაცემა და აქა-იქ ტკბილი სიტყვის თქმა — ამაში დევს განზრახვა, მიზანი. და რა მიზანია ეს? ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანებს გულში მათზე კარგი შთაბეჭდილება დაუტოვონ. თუ არის ჯგუფი, რომელიც ათი ადამიანისგან შედგება, ისინი პირველ რიგში მათ შეფასებას დაიწყებენ: „ამ ათიდან ორია ისეთი, ვისაც პირფერობა ეხერხება. მე მათზე დროის დაკარგვა არ მჭირდება, მაინც გარს შემომეხვევიან. შემდეგ, არის ორი დაბნეული ადამიანი; ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი, თუ მათ მცირე სარგებელს მივცემ. კიდევ ორი, გარკვეული სულიერი მონაცემების მქონე ადამიანია; თუ რამდენიმე ამაღლებულ ქადაგებას წავუკითხავ და მათ წინაშე შთამბეჭდავ სიტყვებს ვიტყვი, ისინი დამემორჩილებიან. შემდეგ, არის სამი, ვინც თითქოს ჭეშმარიტებას ეძებს, ამიტომ მათთან გამკლავება ცოტა რთული იქნება. მათი რეალური მდგომარეობის კარგად გარკვევა დამჭირდება, იმის დანახვა, თუ რა სჭირდებათ, და შემდეგ მათი დაკმაყოფილება. თუ რომელიმე მათგანი ამას არ მიიღებს და არ დამემორჩილება, საბოლოოდ გავუმკლავდები მათ და მოვიცილებ. ბოლო ადამიანი ჩემს წინააღმდეგაც რომ იყოს, დიდ პრობლემას მაინც ვერ შემიქმნის და მასთან გამკლავება ადვილი იქნება“. მხოლოდ თვალის ერთი გადავლებითაც კი შეუძლიათ განსაზღვრონ, ვისი გამკლავება შეუძლიათ ჯგუფში და ვისი არა. როგორ იგებენ ამას ასე სწრაფად? მათ ეს შეუძლიათ იმიტომ, რომ მათი გულები სავსეა სატანური პოლიტიკითა და ფილოსოფიით. მათი ქცევის პრინციპები და ადამიანებთან ურთიერთობისა და თანაარსებობის გზები არ გულისხმობს ხალხთან მეგობრულად ყოფნას ან ნორმალურ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს; ისინი არ ცდილობენ სხვების დახმარებას ან უზრუნველყოფას, დარიგებას, ან სხვებთან თანასწორად ურთიერთობას, ან ჭეშმარიტება-პრინციპების გამოყენებას საქმეების სამართავად და ადამიანებთან ურთიერთობისთვის. მათში ამ პრინციპების ნასახიც კი არ არსებობს. რა არის მათი პრინციპები? „როგორ მხედავს გულის სიღრმეში თითოეული ადამიანი? მე არ მჭირდება იმათზე ფიქრი, ვისაც ჩემზე დიდი წარმოდგენა აქვს, ვისაც გულში ვყავარ და ვისაც ჩემი ეშინია, პატივს მცემს და მოწიწებით მეპყრობა. ესა და ეს უნდა გავაკეთო შემდეგ იმათთან მიმართებაში, ვინც მოწიწებით არ მეპყრობა, და ესა და ეს უნდა მოვიმოქმედო მათთან, ვინც მოწიწებას კი იჩენს, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამმორჩილებია. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც საერთოდ არ აქცევს დიდ ყურადღებას სხვებს, ესა და ეს უნდა გავაკეთო მათ მიმართ“. ადამიანების გასაკონტროლებლად მათ შემუშავებული აქვთ ეტაპობრივი გეგმა. რატომ წარმოქმნიან ამ ნაბიჯებსა და აზრებს? იმიტომ, რომ მათ გულებში ძალაუფლების სურვილი უკონტროლოა. ჯგუფში ადამიანებთან მეგობრულად რომ ეცხოვრათ, ისინი თავს სრულიად რეალიზებულად და ღირსეულად ვერ იგრძნობდნენ. მაშ, რა არის მათი მიზანი? ყველა აიძულონ, რომ გულებში დაუთმონ ადგილი — პირველი თუ არა, მეორე მაინც, და მეორე თუ არა, მაშინ მესამე. სხვებთან თანასწორად ურთიერთობა მათთვის უბრალოდ მიუღებელია. როგორც წინამძღოლებს, შეუძლიათ კი ამ ადამიანებს სხვების განსხვავებული აზრების მოსმენა? არ შეუძლიათ. რის გარშემო ტრიალებს ყველაფერი, რასაც აკეთებენ? (ძალაუფლების). ყველაფერი, რასაც აკეთებენ, ძალაუფლების გარშემო ტრიალებს. რას აკეთებენ ისინი, რაც ძალაუფლების გარშემო ტრიალებს? პირველ რიგში, ისინი იკვლევენ შენს გულს და შეიცნობენ მას; ანუ, ჯერ გიყიდიან და გაიძულებენ, რომ გაეხსნა მათ, ისინი რეალურ გრძნობებს გამოგტყუებენ და გაიგებენ შენს ნამდვილ აზრს მათ შესახებ. როდესაც ამას დაადგენენ, თავიანთ მეთოდებს თითოეულ სიტუაციას მოარგებენ და ყოველ შემთხვევას ინდივიდუალურად მიუდგებიან. მათ ადამიანთა გულების გაკონტროლება სურთ და როდესაც იპოვიან ვინმეს, ვინც მათთან ერთ აზრზე არ არის, ვინც მათ მოწიწებით არ ეპყრობა, ვინც მათი ერთგული არ არის, სწორედ მაშინ ესხმიან თავს და ტანჯავენ იმ ადამიანს. ასე რომ, ანტიქრისტეების მამოძრავებელი ძალა ადამიანთა გულების მოგებაში არის ძალაუფლება. და რა არის მეთოდები და ტექნიკა, რომლებსაც ისინი იყენებენ ძალაუფლების მოსაპოვებლად? მათ სიღრმისეულად ესმით, ხელში უჭირავთ და აკონტროლებენ ადამიანთა გულებს. რით კონტროლდება ადამიანების აზრები? მათი გულებითა და მათი ხასიათით. როდესაც ვინმეს გული კონტროლდება ანტიქრისტეს მიერ, იმ ადამიანის იდეები და აზრები უკვე აღარავის ადარდებს. როგორც კი ანტიქრისტე მოიპოვებს კონტროლს ვინმეს გულზე, ის აკონტროლებს მის მთელ პიროვნებას.

ბ. საკუთარი ძლიერი მხარეების აფიშირება, რათა ადამიანებმა თაყვანი სცენ მათ

გარდა იმ მცირე დახმარების გამოყენებისა, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ, ჩვეულებრივ ან ხშირად, კიდევ რა ხერხებს იყენებენ ანტიქრისტეები, ადამიანების გულების მოსაგებად? მაგალითად, დავუშვათ, ყველას ცუდი წარმოდგენა აქვს წინამძღოლზე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამ წინამძღოლს აკლია ნიჭი, მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგება შეუძლია და ჭეშმარიტების რეალური გაგება არ აქვს. თუ ეს წინამძღოლი გაიგებს, რომ ადამიანებს მასზე ასეთი წარმოდგენა აქვთ, განა ყველაფერს არ გააკეთებს, რომ ეს ნაკლოვანებები და ხარვეზები დამალოს? (დიახ). რას გააკეთებს? ერთ-ერთი ხერხია, მოაჩვენოს, თითქოს გულახდილია. კიდევ რა? (თავის გამართლება.) თავის გამართლება ასევე დამალვის ერთ-ერთი საშუალებაა. გარდა ამისა, წინამძღოლმა შეიძლება, საკუთარი ძლიერი მხარეები და ის, რასაც სხვები მის ღირსებად მიიჩნევენ, თავისი სისუსტეების დასაფარად გამოიყენოს. არის ეს გავრცელებული ხერხი? (არის.) მაგალითად, ერთი ადამიანი ამბობს: „ღმერთი სულ ცოტა ხანია, რაც ვიწამე, მაშ, რატომ ამირჩიეს წინამძღოლად? იმიტომ, რომ საერო სამყაროში კომპანიას ვმართავდი და ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 10-დან 200-მდე გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ წინამძღოლობის უნარი მაქვს. მართალია, ღვთის სახლი ასეთ საკითხებს მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ეს უნარი ზოგიერთ სიტუაციაში მაინც გამოსადეგია, არა?“ ამის მოსმენის შემდეგ სხვები არ ეთანხმებიან, ამიტომ ეს ადამიანი თავის წარმოდგენას აგრძელებს და ამბობს: „მაგალითად, თუ თქვენს თანამშრომლებს ელაპარაკებით, მაგრამ ისინი არ გისმენენ, რა უნდა ქნათ? ისინი მაშინ დაგიჯერებენ, როცა კარგ შედეგებს მიაღწევ. მე უკვე წარმოვადგინე მტკიცებულება: ჩემი კომპანია საფონდო ბირჟაზე გავიდა!“ თავიდან ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს უბრალოდ ნიჭია, ან რომ ასე იქცევიან არამორწმუნეები, მაგრამ ამ ადამიანის მოქმედებებს მართლაც აქვს თავისი მეთოდები და შედეგები. ამიტომ ზოგი ადამიანი თანდათან ეჭვიდან მათ მიმართ ნდობაზე გადადის და ნელ-ნელა, მისი მოქმედების პარალელურად, გაუაზრებლად იწყებს მის თაყვანისცემას. ამასთანავე, ამ ადამიანს სხვები შეცდომაში შეჰყავს და საკუთარ ნაკლოვანებებს მალავს; ადამიანების გულები შეუმჩნევლად მოისყიდება, ისინი შეცდომაში შეჰყავთ და მათ წინაშე ქედს იხრიან. განა ეს ხერხი არ არის? (არის.) რა ხერხია ეს? ეს არის ყველაფრის გაკეთება საკუთარი პროფესიული ცოდნისა და ნიჭის გამოსაჩენად და საკუთარი შესაძლებლობებითა და უნარებით ტრაბახისთვის. რა მიზანს ემსახურება ასეთი ქმედებები? ასევე, ადამიანების გულების მოგებას. ადამიანების გულების მოსაგებად გარკვეული კარგი ნივთების დარიგების გარდა, სხვები უნდა აიძულონ, რომ პატივი სცენ მათ. ისინი რომ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილიყვნენ, ან ნაკლებად განათლებულები, ვის გაუჩნდებოდა მათ მიმართ პატივისცემა? ამიტომ ეს ადამიანი განზრახ აჩვენებს თავის დიპლომებს, რათა ყველამ იცოდეს, რომ მას მაღალი აკადემიური ხარისხები და უმაღლესი განათლება აქვს და ამით ზოგიერთი ადამიანი შეცდომაში შეჰყავს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარი ნიჭი, პროფესიული ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინონ, რათა სხვებს მათზე დიდი წარმოდგენა და კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ და, უფრო მეტიც, ადამიანებს ხშირად გაუჩნდეთ სურვილი ან შინაგანი იმპულსი, საქმის კეთებისას მათგან რჩევა ითხოვონ. განა ყველაფერი, რასაც ისინი ამ მიზნის მისაღწევად აკეთებენ, ასევე, ადამიანების გულების მოგების სტრატეგია არ არის? ეს არის ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების მოგების ორი გამოვლინება. პირველი არის მცირე დახმარების გამოყენება. მეორე არის საკუთარი უნარებისა და ნიჭის აფიშირება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც მათ უპირატესს ხდის; და ამ მეთოდის გამოყენება სხვების დასამარცხებლად, რათა გამოირჩეოდნენ ბრბოსგან და რათა ყველამ პატივი სცეს მათ, აღფრთოვანდეს მათით, ხალისიანად წარსდგეს მათ წინაშე, რათა შეასრულოს მათი ბრძანებები და მიიღოს მათი წინამძღოლობა და ხალისიანად მიიღოს და დაემორჩილოს მათ ყველა განკარგულებასაც კი. განა ეს არ არის ფსიქოლოგიური შეტევის ფორმა? (არის,) სხვათა გულების მოგება ერთგვარი ფსიქოლოგიური შეტევაა. რას ნიშნავს „ფსიქოლოგიური შეტევა“? ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც სატანა იკავებს და აკონტროლებს ადამიანთა გულებს. ღმერთი გულდასმით იკვლევს ადამიანის გულის სიღრმეებს. ის იპყრობს და მოიპოვებს ადამიანთა გულებს. მაშ, რატომ არ გამოიყენება ფრაზა „ადამიანთა გულების მოპოვება“ სატანასა და ანტიქრისტეებზე საუბრისას? ეს იმიტომ ხდება, რომ სატანა და ანტიქრისტეები იყენებენ არანორმალურ და ბოროტ ხერხებს ადამიანთა გულების ხელში ჩასაგდებად, შეცდომაში შესაყვანად, მისაზიდად და გასაკონტროლებლად, რის შედეგადაც ადამიანები უნებლიეთ იქმნიან მათზე დიდ წარმოდგენას და უზომოდ სცემენ პატივს და აღფრთოვანებულნი არიან მათით.

ჩვენ ახლახან გვქონდა თანაზიარება ორ ტაქტიკაზე ადამიანთა გულების მოსაგებად. კიდევ რა ძირითადი ტაქტიკები არსებობს? თუ არ გამოგიცდიათ ის ტაქტიკები და მეთოდები, რომლებსაც ანტიქრისტეები იყენებენ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და შესაზღუდად, შეგიძლიათ საკუთარ თავს შეხედოთ, რათა დაინახოთ, როგორ შეედრებით მათ. დაფიქრდით, თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი გამოვლინებები. ყველას, ვინც გახრწნილი ხასიათით ცხოვრობს, ეს თვისებები გააჩნია. მცირე დახმარებების გაცემა, ადამიანების შეცდომაში შეყვანა, ადამიანების მიზიდვა — განა ასეთ რამეებს ხშირად არ აკეთებთ? და ყველაფრის გაკეთება საკუთარი ნიჭისა და ძლიერი მხარეების აფიშირებისთვის — განა ესეც ის არ არის, რასაც ხშირად აკეთებთ? (არის.) კერძოდ, როდესაც რამეს აკეთებთ, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, როდესაც თქვენი სისუსტეები და ნაკლოვანებები აშკარავდება, და მაშინაც კი, როდესაც თქვენ გსხლავენ, მართლაც კარგავთ სახეს და თქვენი პრესტიჟი სრულად იკარგება, განა არ აკეთებთ ისეთ რამეებს, როგორიცაა ამ მეთოდებისა და ხერხების გამოყენება სიტუაციის გამოსასწორებლად და ადამიანთა გულებში თქვენი პოზიციისა და პრესტიჟის აღსადგენად? (ჩვენც ვაკეთებთ ასეთ რამეებს.) როდესაც ამას აკეთებთ, აცნობიერებთ და გრძნობთ, რომ ეს მცდარი გზაა და რომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ? გრძნობთ სინდისის ქენჯნას? ხშირად უგრძნობი ხართ ამის მიმართ, სინდისი გქენჯნით, მაგრამ მაინც გიწევთ ამ რაღაცების გაკეთება საკუთარი თავის უგულებელყოფით, რადგან თქვენი რეპუტაცია და იმიჯი ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის? რომელია? (ამას საკუთარი თავის უგულებელყოფით ვაკეთებთ.) ამას საკუთარი სურვილის წინააღმდეგ აკეთებთ — მაგრამ, აბა, გრძნობთ სინდისის ქენჯნას? თუ საერთოდ არაფერს გრძნობთ, ქმედების შემდეგ ამ ყველაფერს უმნიშვნელოდ მიიჩნევთ და განაგრძობთ ჭამასა და ძილს, როგორც ადრე აკეთებდით? (ჩვენ ვგრძნობთ სინდისის ქენჯნას.) თუ საკუთარი თავის მიმართ მცირეოდენ ქენჯნას მაინც გრძნობთ, მაშინ ეს არც ისე ცუდია. ეს ამტკიცებს, რომ თქვენი შეგრძნების უნარის დაქვეითება მხოლოდ გარკვეულ სიღრმემდე წავიდა — თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შემეცნება. შემეცნების მქონე ადამიანებისთვის არის გადარჩენის იმედი; ხოლო მათ, ვისაც ეს არ გააჩნიათ, არ აქვთ ადამიანურობა, ასე რომ, ისინი საფრთხეში არიან.

გ. მოჩვენებითობის გამოყენება ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად

კიდევ რა ხერხებს იყენებენ ჩვეულებისამებრ ანტიქრისტეები ადამიანთა გულების მოსაგებად? არსებობს კიდევ ერთი სიტუაცია, რასაც უნდა აკეთებდნენ ანტიქრისტეები, ისინი ამას აკეთებენ არა ღმერთის წინაშე, არამედ ადამიანების წინაშე. რა არის ამაში მათი მიზანი? (ადამიანების მიზიდვა.) ეს არის ადამიანთა გულების მიზიდვა. გარეგნულად, ისინი სხვებზე მეტად არიან მზად ტანჯვისა და საფასურის გადახდისთვის; ისინი სხვებზე მეტად სულიერნი ჩანან, უფრო ერთგულნი ღვთისადმი და უფრო სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას. თუმცა როდესაც იქ არავინ არის მათთვის თვალის სადევნებლად, ისინი ასე არ მოქმედებენ. ასე მოქმედება არ არის მათი ჭეშმარიტი განზრახვა; არამედ მათ ფარული მოტივი აქვთ. ისინი ასე იქცევიან სხვების წინაშე, რათა ამ ადამიანებმა დაინახონ, რამდენად კარგად მოქმედებენ და რომ ისინი ასეთი ერთგულებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, მაშინ როცა, სინამდვილეში, ერთგულება სრულებით არ არის მათი შინაგანი მოტივაცია. მათი მიზანია, აიძულონ ადამიანები, დაინახონ ისინი, როგორც ერთგულნი და პასუხისმგებლიანნი. ისინი ამგვარად საფასურის გადახდით სრულიად არწმუნებენ სხვებს. შედეგად, სხვა ადამიანები მზად არიან, მიიღონ მათი წინამძღოლობა და აპატიონ მათ, რა შეცდომებიც უნდა დაუშვან. როგორი ქცევაა ეს? ეს არის მოჩვენებითობის გამოყენება ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად. რას ნიშნავს აქ „მოჩვენებითობა“? ეს ნიშნავს კარგ ქცევებსა და მოქმედებებს, რომლებიც, გარეგნულად, ჭეშმარიტებას შეესაბამება. ისეთი მოჩვენებითობის გამოყენება, რომელიც, გარეგნულად, ჭეშმარიტებას შეესაბამება, ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად — განა ეს არ აჯამებს ამ ქცევის მახასიათებლებს? მათი მიზანია, საბოლოოდ მოიპოვონ ადამიანთა კეთილგანწყობა. როგორც კი ადამიანებს კეთილგანწყობა უჩნდებათ ანტიქრისტეების მიმართ, ისინი გარკვეულ პატივისცემას გრძნობენ მათ მიმართ, ანტიქრისტეები ამ მეთოდის გამოყენებით გარკვეულ ადგილს იკავებენ მათ გულებში. მაგალითად, არსებობს ასეთი ტიპის ადამიანი, რომელიც მზად არის, საფასური გადაიხადოს თავისი მოვალეობის შესრულებისას, თავის მოქმედებებში ძირითადად გამოცდილებას ეყრდნობა და არსებითად არ არღვევს არცერთ ძირითად პრინციპს, მაგრამ როდესაც თქვენ მასთან მართავთ თანაზიარებას ჭეშმარიტება-პრინციპების ძიებაზე, რას ამბობს ის? „არ არის საჭირო ჩემთან ამაზე თანაზიარება. ეს ყველაფერი ისედაც კარგად ვიცი!“ როდესაც ისინი მართლაც წააწყდებიან პრობლემას, არა მხოლოდ არ ეძიებენ, არამედ უარს ამბობენ ვინმე სხვისი რჩევის მოსმენაზე, აღარაფერს ვამბობ მათ აზრებზე; ისინი უბრალოდ აკეთებენ ყველაფერს, რაც მიაჩნიათ, რომ კარგია. როდესაც საფასურს იხდიან, როდესაც მათი მოქმედებები მათ წარმოაჩენს სწრაფ, გადამწყვეტ და გარკვეული ავტორიტეტის მქონე პირებად, როგორ უყურებენ მათ სხვა ადამიანები გულის სიღრმეში? კარგი აზრი უყალიბდებათ მათზე თუ არა? სხვა ადამიანების გადმოსახედიდან, მათ აშკარა გზებით არ დაურღვევიათ ჭეშმარიტება და დახელოვნებულნი არიან იმაში, თუ როგორ აკეთებენ საქმეს. მათი „ერთგულების“ დონე და მოვალეობების შესრულების გამოცდილება საკმარისია სხვების დასარწმუნებლად. ადამიანები ფიქრობენ: „შეხედეთ მათ: მრავალი წელია ირწმუნეს ღმერთის და აქვთ ამ მოვალეობის შესრულების გამოცდილება. ისინი გამოცდილნი არიან. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით“. როდესაც ადამიანებს ასეთი დადებითი შეხედულება აქვთ მათზე, იმ ადამიანების გულებში დიდი წონა აქვთ მათ თუ მცირე? (დიდი.) დიდი; მათ წონა აქვთ მათ გულებში. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს ეძიებს ჭეშმარიტებას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აკლიათ სულიერი გაგება და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ინტერესი არ აქვთ ჭეშმარიტების მიმართ, საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება და აბსოლუტურად არაფერი ესმით იმისა, თუ რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები. ისინი მხოლოდ თავიანთ წარმავალ ენთუზიაზმს, საკუთარ კეთილ განზრახვებსა და თავიანთი მოვალეობის შესრულების მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობიან. თუმცა მათ არ სურთ, სხვა ადამიანებმა იცოდნენ ეს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რათა საფასური გადაიხადონ. თუ ვინმე აღმოაჩენს, რომ მათ აკლიათ სულიერი გაგება, ან რომ არ ესმით ჭეშმარიტება და მოქმედებენ პრინციპების გარეშე, ისინი მაშინვე ცდილობენ, ისეთი შედეგები აჩვენონ, რომლებსაც ხალხი დაინახავს. ისინი ამბობენ: „შეხედეთ და დაინახეთ, მაქვს თუ არა მართლაც სულიერი გაგება. შეხედეთ; დაინახეთ, ვმოქმედებ თუ არა მართლაც პრინციპებით, მართლაც მესმის თუ არა ჭეშმარიტება“. როდესაც ისინი ასე მოქმედებენ, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეცდომაში შეჰყავთ. ისინი ამბობენ: „ეს ადამიანები გამოცდილნი არიან მოვალეობების შესრულებაში და ესმით პრინციპები; ჩვენ ვართ ისინი, ვისაც არ გვესმის“. „ჩვენ ვართ ისინი, ვისაც არ გვესმის“ — რას ავლენს ეს განცხადება? ეს ავლენს იმას, რომ, გულის სიღრმეში, ისინი იწონებენ იმ ადამიანების გარეგნულ კარგ ქცევას. რას უდრის ეს მოწონება? ეს უდრის იმის რწმენას, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ჭეშმარიტებას, რომელთაც უყვართ ღმერთი და რომლებიც იღებენ თავიანთ სრულყოფას ღმერთისგან. განა სხვების მიერ მათი ამგვარად შეფასება არ უდრის იმას, რომ მათ გარკვეული ადგილი უკავიათ ადამიანთა გულებში? უფრო კონკრეტულად შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ ერთგვარი პრესტიჟი. მაშ, რა მოაქვს მათთვის ამ პრესტიჟს? ეს აიძულებს სხვებს, იმედის თვალით უყურონ მათ, პატივი სცენ მათ და დამოკიდებულნიც კი იყვნენ მათზე. როგორ არიან სხვები მათზე დამოკიდებულნი? როგორც კი პრობლემა უჩნდებათ, ისინი დაუყოვნებლივ მიდიან მათთან. დავუშვათ, ვინმე ამბობს: „ეს სერიოზული საკითხია და ჩვენ არ გვესმის; ზემდგომს ხომ არ ვკითხოთ?“ ზოგიერთი მაშინ იტყვის: „არ არის საჭირო. შეგვიძლია, უბრალოდ ჩვენს წინამძღოლს ვკითხოთ. ჩვენს წინამძღოლს ყველაფერი ესმის“. ყველას გონებაში აქვს ჩაბეჭდილი, რომ წინამძღოლები და მუშაკები უმეტესად დაკავებულნი არიან თავიანთი საქმით და არ ჩაუდენიათ ბოროტება და, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ისინი ნამდვილად არიან ადამიანები, რომელთაც ესმით ჭეშმარიტება და მოქმედებენ პრინციპებით. რას ფიქრობთ ამ განწყობაზე? თუ ადამიანს გარეგნულად ბოროტება არ ჩაუდენია, ნიშნავს ეს, რომ მას ესმის ჭეშმარიტება? აუცილებლად ასე არ არის. ჭეშმარიტების გაგებას ნებისმიერი ადამიანისთვის აქვს საზღვარი. თუ თქვენ, რადგან გჯერათ, რომ წინამძღოლებს ყველაფერი ესმით, არ ლოცულობთ ღმერთისთვის, არ ეძიებთ მისგან, ან არ ეძიებთ მის სიტყვებში, მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემა გაქვთ, არამედ საკითხავად პირდაპირ მიდიხართ წინამძღოლთან, განა ეს არ დააყოვნებს საქმეს? თუ ყოველთვის იმას აკეთებთ, რასაც წინამძღოლები ამბობენ, ყოველთვის მათ უყურებთ, მაშინ ზოგიერთ საკითხში შეცდომაც შეიძლება დაუშვათ და ეკლესიის საქმეს ზიანიც მიაყენოთ. ამიტომ ადამიანების თაყვანისცემა და მათზე დაყრდნობა ყველაზე იოლი გზაა იმისათვის, რომ გზას ასცდეთ, შეცდომები დაუშვათ, ზიანი მიაყენოთ საკუთარ სიცოცხლეს, ღვთის სახლსა და ეკლესიის საქმეს.

არსებობს ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გულების მოგების სამი ძირითადი გამოვლინება: პირველი არის ადამიანების მიზიდვა მცირე დახმარებით; მეორე არის საკუთარი ძლიერი მხარეების, ნიჭისა და უნარების აფიშირება; მესამე არის მოჩვენებითობის გამოყენება ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ეს გამოვლინებები თითოეულ ადამიანში გვხვდება. ზოგიერთი ადამიანი ხშირად ყვება ჭორებს, რომლებიც სხვებმა არ იციან, საუბრობს სხვადასხვა თემაზე ან უზიარებს სხვებს თავის უნიკალურ, ექსპერტულ მოსაზრებებს. რა ჰქვია ამას? არსებობს ორნაწილიანი გამონათქვამი, რომელიც ამბობს: „მოხუცი ქალი ტუჩსაცხს ისვამს, რათა რაღაც სანახავი მოგცეს“. ამ ადამიანებს ყოველთვის სურთ საკუთარი უნარების გამოვლენა და ადამიანთა პატივისცემის მოპოვება. თუმცა ხანდახან ისინი ამას კარგად ვერ აკეთებენ და ადამიანები მათში ხარვეზებს ხედავენ, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად და თავის სამართლებლად. რაც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, იქნება ეს ისეთი რამ, რაც სინდისსა და ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება თუ საერთოდ არ უკავშირდება მოვალეობის შესრულებას, ისინი არასოდეს აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, არ უფიქრდებიან თავს და არასოდეს ინანიებენ; არც იმას აცნობიერებენ, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა. პირიქით, ისინი ბევრს ფიქრობენ და თავს იტეხენ იმაზე, როგორ იმართლონ თავი და გამოასწორონ სიტუაცია. ისინი მოუთმენლობისგან იწვიან, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ, ჭამა და ძილიც კი უჭირთ იმის შიშით, რომ მათი კარგი რეპუტაცია შეიძლება უეცრად და კატასტროფულად დაეცეს სხვების თვალში. ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, ფიქრობს, რომ კარგად წერს, რომ ნიჭიერი მწერალია; ზოგი ფიქრობს, რომ კარგი წინამძღოლია, რომ ეკლესიის ბურჯია; სხვები ფიქრობენ, რომ კარგი ადამიანები არიან. როგორც კი რაიმე მიზეზით საკუთარი თავის ეს კარგი წარმოდგენა შეერყევათ, ისინი უამრავ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას ხარჯავენ მის აღსადგენად და თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, როგორ გამოასწორონ მდგომარეობა. მაგრამ ისინი არასოდეს გრძნობენ სირცხვილს, არასოდეს საყვედურობენ საკუთარ თავს და არასოდეს გრძნობენ ღმერთის წინაშე თავს დავალებულად იმის გამო, რომ არასწორი გზით იარეს ან ისეთი მრავალი რამ ჩაიდინეს, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდა. მათ ასეთი განცდები საერთოდ არ აქვთ. ისინი ყველანაირ ტაქტიკას იყენებენ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და მათი გულების მოსაგებად. განა ეს ქმნილების მოვალეობის შესრულებაა? სრულიად არა. განა ეს არის ის საქმე, რომელიც ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა აკეთონ? სრულიად არა. ისინი ცოცხლობენ სატანური ხასიათით, სჩადიან ბოროტებას და აფერხებენ ეკლესიის მუშაობას, იწვევენ არეულობასა და შფოთს ღვთის სახლის საქმეში. თუ ვიმსჯელებთ მათი ქმედებების, საქციელის, იმ გზის მიხედვით, რომლითაც დადიან, და იმ მრავალგვარი ხერხის მიხედვით, რომლითაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და აკონტროლებენ, ისინი წინამძღოლის მოვალეობას კი არ ასრულებენ, არამედ ანგრევენ და აფერხებენ ღვთის საქმეს ადამიანის გადასარჩენად. ისინი ხელს უშლიან ადამიანებს ღმერთის წინაშე მისვლაში და ცდილობენ, ადამიანები საკუთარ ხელში მოაქციონ და თავიანთი კონტროლის ქვეშ ამყოფონ. განა ეს ანტიქრისტეს ქმედებები და ქცევები არ არის? ეს ეჭვგარეშეა. ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ანტიქრისტეები სრულყოფილად ასრულებენ სატანის როლს. იმ საქმეთა ბუნებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებენ, ისინი არამხოლოდ ვერ ასრულებენ ჯეროვნად იმ მოვალეობას, რაც უნდა შეასრულონ — პირიქით, ისინი სატანის როლს ასრულებენ. ისინი მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ღმერთს ეცილებიან მის რჩეულ ხალხში. ცხვრები, რომლებიც ღმერთს ეკუთვნიან, უნდა მიჰყვნენ ღმერთს და მის მიერ იქნენ მოპოვებულნი, თუმცა ეს ადამიანები სხვებს ხელს უშლიან ღმერთის მიყოლაში; ისინი ღვთის ცხვრებს ხელში იგდებენ, აკონტროლებენ და აიძულებენ ადამიანებს, თაყვანი სცენ და მიჰყვნენ მათ. აი, ეს არის მათი ქმედებების ბუნება. შეიძლება ასეთ ადამიანებს ეწოდოთ „წინამძღოლები“? (არა). რა უნდა ვუწოდოთ მათ მაშინ? (ბოროტი მსახურები.) „ბოროტი მსახურები“ — ეს შესაფერისი სახელია. „ანტიქრისტეები“, „ბოროტი მსახურები“ — ორივე ეს წოდება გამოდგება, არა? ეს ადამიანები წინამძღოლის მოვალეობის შესრულების დროშას აფრიალებენ, მაგრამ იმას არ აკეთებენ, რაც წინამძღოლმა უნდა გააკეთოს. ის, რასაც აკეთებენ, სულაც არ არის წინამძღოლის მოვალეობის შესრულება, ეს არის ანტიქრისტეს როლის შესრულება, სატანის ჩანაცვლება ღვთის სახლის საქმის შესაფერხებლად და დასანგრევად, და ღვთის რჩეული ხალხის შეცდომაში შეყვანა, რათა ისინი განერიდონ ჭეშმარიტ გზას და განერიდონ ღმერთს. მათი ყოველი ქმედება და საქციელი ავლენს სატანის ხასიათსა და ბუნებას და საბოლოოდ იმ შედეგამდე მიჰყავს ადამიანები, რომ ღმერთს განერიდებიან, ჭეშმარიტებასა და ღმერთს უარყოფენ, ხოლო თაყვანს სცემენ და მიჰყვებიან მათ. ერთ დღეს, როდესაც ისინი ადამიანებს მთლიანად შეაცდენენ და თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარებენ, ადამიანები დაიწყებენ მათ თაყვანისცემას, მიყოლას და მორჩილებას. მაშინ ისინი მიაღწევენ თავიანთ მიზანს — ადამიანთა გულების მახეში გაბმას. ისინი ეკლესიის წინამძღოლები არიან, მაგრამ არ აკეთებენ იმ საქმეს, რაც ღმერთმა მათ მიანდო; ისინი არ აკეთებენ წინამძღოლებისა და მუშაკების საქმეს. ამის ნაცვლად, ისინი ზემოქმედებენ ღვთის რჩეულ ხალხზე, შეცდომაში შეჰყავთ, მახეში აბამენ და აკონტროლებენ მათ, ხელში იგდებენ და აკონტროლებენ ცხვრებს, რომლებიც აშკარად ღმერთს ეკუთვნიან. განა ისინი ქურდები და ყაჩაღები არ არიან? ღმერთთან მისი რჩეული ხალხისთვის ცილობაში, განა ისინი სატანის მსახურებად არ გვევლინებიან? განა ასეთი ანტიქრისტეები ღვთის მტრები არ არიან? განა ისინი არ არიან მისი რჩეული ხალხის მტრები? (არიან). ისინი ასი პროცენტით არიან. ისინი ღვთისა და მისი რჩეული ხალხის მტრები არიან; ეს ეჭვგარეშეა.

წარსულში, როდესაც კონტინენტური ჩინეთის ყველა ეკლესიაში ვქადაგებდი და ვმუშაობდი, თან მყავდა ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო აუდიოჩანაწერების გაკეთებასა და ქადაგებების ტრანსკრიბირებაზე. ეს ადამიანი გარკვეულწილად ნიჭიერი იყო, მახვილი გონება და სწრაფი რეაქციები ჰქონდა. მაგრამ მას ერთი რამ სჭირდა: ოსტატურად ეხერხებოდა იმ სასიამოვნო სიტყვების თქმა, რისი მოსმენაც ადამიანებს სურდათ. თუ ეტყოდი, რომ რაღაცას კარგი გემო ჰქონდა, ის გეტყოდა: „მართალი ხარ. გასინჯული მაქვს. შესანიშნავია“. თუ ეტყოდი, რომ გარეთ ცხელოდა, ის გეტყოდა: „ნამდვილად ასეა. სულ ოფლად ვარ დაღვრილი“. თუ ეტყოდი, რომ გარეთ ციოდა, ის გეტყოდა: „ნამდვილად ცივა. თბილი ფეხსაცმელი მაცვია“. მას ძალიან უჭირდა რამე ჭეშმარიტის ან გულწრფელის თქმა. ის თითქოს ისეთი ვინმე იყო, ვინც მართლაც ეძიებდა, მაგრამ როდესაც ისეთი რამე გამოჩნდებოდა, რაც საფასურის გადახდას მოითხოვდა, იმალებოდა. ის იყო ეშმაკი და მზაკვარი. აი, ასეთი ადამიანი იყო ის. ზოგმა შეიძლება იკითხოს: „აბა, რატომ აირჩიე ასეთი ადამიანი?“ მე ის არ ამირჩევია — ეს იმდროინდელმა გარემოებებმა გადაწყვიტა. მაშინ მისნაირი ადამიანის პოვნაც კი ჭირდა, მას კი, სულ მცირე, სწრაფი რეაქცია მაინც ჰქონდა — „ჩაწერას“ აჭერდა თითს, როგორც კი ლაპარაკს დავიწყებდი. ის ყველგან თან დამდევდა, იწერდა და ტრანსკრიბირებას უკეთებდა ქადაგებებს; მან გარკვეული რეალური საქმე გააკეთა. მაგრამ ის, თუ როგორ იქცეოდა ჩემი თანდასწრებით და რას აკეთებდა ეკლესიაში, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის მოქმედებას ჰგავდა. ჩემი თანდასწრებით ის იქცეოდა როგორც მორჩილი, ზრდილობიანი, ბეჯითი, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი — მაგრამ იყო კი ის ასეთი, როდესაც თავის მოვალეობას ეკლესიაში ასრულებდა? იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იყო ზემდგომთან ურთიერთობისას, იყო კი ის ასეთივე, როდესაც ღვთის რჩეულ ხალხს შორის იმყოფებოდა? გაბედავდით ამაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემას? არა, ვერ გაბედავდით. მაშ, როგორ შეგეძლოთ გცოდნოდათ, როგორი იყო მისი რეალური მდგომარეობა? ამისათვის მასთან კონტაქტი უნდა გქონოდათ. მასთან გარკვეული ხნის ურთიერთობის შემდეგ, მისი ბუნება-არსების ყველა მხარე გამომჟღავნდებოდა. მას განსაკუთრებით უყვარდა სტატუსი და უკიდურესად ქედმაღალი იყო; ვინმესთან ყოფნისას, ძალიან უყვარდა თავის კაპიტალზე საუბარი და იმის აფიშირება, თუ რისი გაკეთება შეეძლო, რა გააკეთა, რამდენად იტანჯა და რამდენად დიდებული იყო. ის ძალიან ხშირად იქცეოდა და საუბრობდა ასე, და სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო ჩემს სიახლოვეს. გარდა ამისა, ნებისმიერი, ვინც მის გვერდით იყო, თავს შეზღუდულად და დაჩაგრულად გრძნობდა და ვერ ბედავდა ამაზე რამის თქმას. რა იყო აქ ყველაზე დიდი პრობლემა? მან აიღო ეს მცირე საქმე, რასაც აკეთებდა, ეს მცირე მოვალეობა, რასაც ასრულებდა, და გამოიყენა კაპიტალად, რათა ეტრაბახა, სადაც კი წავიდოდა. რამდენად ტრაბახობდა? მასზე ყველამ დიდი წარმოდგენა შეიქმნა, დაიწყო მისი თაყვანისცემა და შური. საბოლოოდ, მათ თქვეს: „ამ კაცმა იმდენი იტანჯა ღვთის გულისთვის. უბრალოდ შეხედეთ, რამხელა რწმენა და სიყვარული აქვს ღმერთისადმი! ჩვენ მის თმის ღერსაც კი ვერ შევედრებით. მასზე ბევრად ნაკლები ვართ!“ ხალხი მუდამ მოიხსენებდა მას, ხოლო ვისაც ჩემთან შეხვედრა არ შეეძლოთ, ეგონათ, რომ მასთან შეხვედრა ჩემთან შეხვედრის ტოლფასი იყო. გავლენამ, რომელიც მან მოახდინა ადამიანთა ცოდნაზე, აზრებსა და გონებაზე, საბოლოოდ ამ დონეს მიაღწია. ამ წერტილამდე მისასვლელად, მას საკმაოდ ბევრი რამ უნდა ეთქვა და გაეკეთებინა, არა? რასაკვირველია, ის უბრალოდ რამდენიმე სიტყვით კი არ ახსენებდა, თუ რა მოვალეობებს ასრულებდა, არამედ, რა თქმა უნდა, ვრცლად და დაწვრილებით საუბრობდა ამ საკითხებზე; გარდა ამისა, მას თავისი მოტივები და მიზნები ჰქონდა, ის ისეთ რამეს ამბობდა, რასაც შეეძლო ადამიანთა ცდუნება და შეცდომაში შეყვანა, რამაც ადამიანებს მისი თაყვანისცემა აიძულა და, საბოლოოდ, მან თავის მიზანს მიაღწია. რას ფიქრობთ ასეთ ადამიანზე? ჩემ გვერდზე თავისი მოვალეობის შესრულება მისთვის კარგი რამ იყო, როგორც საკუთარი თავის მართვის სწავლის, ისე ჭეშმარიტების მოპოვების თვალსაზრისით. ეს იყო შესაძლებლობა მისთვის, რომ ადრეულ ეტაპზევე გამხდარიყო სრულყოფილი. სამწუხაროდ, მან არ დააფასა ეს შესაძლებლობა. მან ვერ დაინახა, რამდენად ძვირფასი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს შესაძლებლობა, და ვერც ის, რომ ეს იყო გზა, საძირკველი და წყარო ჭეშმარიტების მოპოვებისა და ღვთის შემეცნების მისაღწევად. ამის ნაცვლად, მან გამოიყენა ეს შესაძლებლობა საკუთარი მიზნის მისაღწევად — მასებს შორის გამოსაყოფად და ადამიანთა გულების მოსაგებად. ამან პრობლემები წარმოშვა; ის მცდარ გზას დაადგა. მითხარით, როდესაც ის ასე თავნებურად ავრცელებდა ხმებს იმის შესახებ, თუ რამდენად იტანჯა, როგორ წინამძღვრობდა მას ღმერთი, როგორ ეპყრობოდა მას ღმერთი და როგორ ენდობოდა მას ღმერთი, შეეძლო არ შეემჩნია, რომ ამაში პირად განზრახვას დებდა? (დიახ). მას უნდა შესძლებოდა ამის შემჩნევა. ეს არ იყო ისეთი რამ, რისი შემჩნევაც შეუძლებელი იყო. მას შეეძლო ამის შემჩნევა — მაშ, რატომ ვერ შეძლო თავისი ბოროტი საქმეების აღკვეთა? იმიტომ, რომ მას არ უყვარდა ჭეშმარიტება; მას მხოლოდ გავლენა და სტატუსი მოსწონდა. როდესაც ადამიანი, ვისაც ნამდვილად უყვარს ჭეშმარიტება, გამოავლენს გახრწნილებას, როდესაც მოწმობს, თუ როგორ დაიტანჯა, ის გრძნობს სინდისის ქენჯნას და თავს იდანაშაულებს. ისინი გრძნობენ, რომ ის, რაც გააკეთეს, იყო ამაზრზენი და ღვთისადმი წინააღმდეგობრივი, და რომ აღარასოდეს უნდა გააკეთონ ეს. როდესაც მომავალში ასე მოქცევა კვლავ მოუნდებათ, შეუძლიათ თავი შეიკავონ და შეაჩერონ ასეთი ქმედებები. ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ ანტიქრისტეებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სინდისი ამხელს, არ შეუძლიათ თავიანთი თავაშვებული ამბიციისა და სურვილის შეკავება, გასხვლის შემდეგაც კი არ იღებენ ჭეშმარიტებას. რატომ იზრდება და ფართოვდება მათი ბუნება გამოუსწორებლად? (იმიტომ, რომ მათ არ უყვართ ჭეშმარიტება.) თავიანთი ბუნებით, მათ არ უყვართ ჭეშმარიტება. რა უყვართ მაშინ? (მათ უყვართ სტატუსი.) რას მოუტანს მათ სტატუსი? ეს აიძულებს ადამიანებს, თაყვანი სცენ მათ, პატივი სცენ მათ და შურით უყურონ მათ. საბოლოო ჯამში, მათი მიზანია, ისიამოვნონ იმავე სტატუსითა და მოპყრობით, როგორიც ღმერთს აქვს, ასევე იმ პატივით, ბედნიერებითა და სიხარულით, რაც ამ სტატუსს მოაქვს მათთვის. ყველაფრის მოსმენის შემდეგ, რაც ახლახან ვთქვი, განა არ გრძნობთ სიძულვილს? (დიახ). იყო კიდევ რაღაც, რაც იმ ადამიანმა გააკეთა და რაც უფრო საზიზღარი იყო. მოგვიანებით, ის ავად გახდა და თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა; ამან კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ იმსახურებდა სტატუსის სიკეთეებით ტკბობას. როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცეოდა ამ აზრის კონტროლის ქვეშ? განა არ მოითხოვდა ადამიანებისგან, რომ მას ბევრად უკეთესად მოპყრობოდნენ? (დიახ). რატომ მოითხოვდა ამას? განა ეს გადაჭარბებულად ან უსაფუძვლოდ არ მიაჩნდა? მიზი აზრით, ის იმსახურებდა ამას. ის ფიქრობდა: „მე ბევრი ვიტანჯე ღვთის გულისთვის და ჩემი ძმებისა და დებისთვის. მე მაქვს ამის უფლება; ავად გავხდი იმიტომ, რომ ძალიან ვიტანჯე, ამიტომ ჩემი ძმები და დები უნდა მემსახურონ“. სანამ ავად იყო, მას თითიც კი არ გაუნძრევია; უბრალოდ მთელი დღე ლოგინში იწვა, სხვებს აიძულებდა, მისთვით მოევლოთ და ეჭმიათ. მას შემდეგ, რაც დიდხანს იწვა იქ, მოსწყინდა, ამიტომ აიძულა ადამიანები, მოეტანათ საჭმელი და სასმელი და გარეთ გასულიყვნენ მასთან ერთად მოწყენილობის გასაფანტად. ეს საკმაოდ ამაზრზენია, არა? მართლა მძიმედ რომ ყოფილიყო ავად, ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ თუ სინამდვილეში ასე მძიმედ ავად არ იყო, მაშინ მისი ასეთი საქციელი სრულიად არაგონივრული არ იყო?

ზოგიერთი ადამიანი ღმერთისადმი რწმენაში გარეგნულად ძალიან ენთუზიაზმით არის სავსე. მათ უყვართ ეკლესიის საქმეებზე ზრუნვა, ყველაფერში მონაწილეობენ და ყოველთვის წინა რიგებში არიან. მაგრამ, მოულოდნელად, როგორც კი წინამძღოლები ხდებიან, ყველას იმედს უცრუებენ. ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ ღვთის რჩეული ხალხის პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაზე, ამის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებენ საკუთარი რეპუტაციისა და სტატუსისთვის. მათ უყვართ თავის წარმოჩენა, რათა სხვებმა პატივი სცენ და ყოველთვის საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იღებენ თავს და იტანჯებიან ღვთის გულისთვის, თუმცა ძალისხმევას არ ახმარენ სწრაფვას ჭეშმარიტებისა და თავიანთ სიცოცხლეში შესასვლელად. ეს არ არის ის, რასაც მათგან ვინმე ელის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს საკუთარი საქმით იტვირთავენ, ყოველ შესაძლო შემთხვევასა თუ ვითარებაში თავს წარმოაჩენენ, სიტყვებსა და მოძღვრებებს ქადაგებენ, ზოგიერთი ადამიანის პატივისცემასა და თაყვანისცემას მოიპოვებენ, ადამიანთა გულები შეცდომაში შეჰყავთ და იმყარებენ თავიანთ სტატუსს, რა გამოვა ამისგან საბოლოოდ? მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები იყენებენ თუ არა მცირე დახმარებებს სხვების მოსასყიდად, თუ თავიანთ ნიჭსა და უნარებზე აფიშირებენ, თუ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და ამით მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, არ აქვს მნიშვნელობა, რა მეთოდს იყენებენ ადამიანთა გულების მოსაგებად და იქ ადგილის დასაკავებლად, რას კარგავენ? ისინი კარგავენ ჭეშმარიტების მოპოვების შესაძლებლობას წინამძღოლის მოვალეობის შესრულებისას. ამავდროულად, თავიანთი სხვადასხვა გამოვლინების გამო, მათ ასევე დააგროვეს ბოროტი საქმეები, რომლებიც მათ საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს. იმის მიუხედავად, იყენებენ თუ არა ისინი მცირე დახმარებებს ადამიანების მოსასყიდად და მახეში გასაბმელად, თუ ახდენენ საკუთარი თავის აფიშირებას, თუ იყენებენ მოჩვენებითობას ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, და იმის მიუხედავად, თუ რამდენ სარგებელსა და კმაყოფილებას იღებენ გარეგნულად ამის გაკეთებით, ახლა რომ შევხედოთ, არის ეს გზა სწორი? არის ეს ჭეშმარიტების ძიების გზა? არის ეს გზა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ხსნა? აშკარაა, რომ არ არის. რამდენადაც ჭკვიანურია ეს მეთოდები და ხერხები, მათ არ შეუძლიათ ღმერთის მოტყუება და ისინი საბოლოოდ ყველანი დაგმობილნი და მოძულებულნი არიან ღვთის მიერ, რადგან ასეთი ქცევების მიღმა იმალება ადამიანის უზომო ამბიცია და ღვთისადმი მტრობის დამოკიდებულება და არსი. ღვთის გულში, ის აბსოლუტურად არასოდეს ცნობს ამ ადამიანებს იმ პირებად, ვინც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, და ამის ნაცვლად ბოროტმოქმედებად მიიჩნევს. რა განაჩენს გამოუტანს ღმერთი ბოროტმოქმედებს? „განმეშორეთ ჩემგან, უსამართლობის მოქმედნო“. როდესაც ღმერთი ამბობს: „განმეშორეთ ჩემგან“, სად სურს, რომ ასეთი ადამიანები წავიდნენ? ის გადასცემს მათ სატანას, სატანების ბრბოებით დასახლებულ ადგილებს. რა არის მათი საბოლოო ხვედრი? ისინი სიკვდილამდე იტანჯებიან ბოროტი სულების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შთანთქავს სატანა. ღმერთს არ სურს ეს ადამიანები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ გადაარჩენს მათ, ისინი არ არიან ღვთის ცხვრები, არათუ მისი მიმდევრები, ასე რომ, ისინი არ არიან იმ ადამიანთა შორის, ვისაც ის გადაარჩენს. აი, ასე განისაზღვრებიან ეს ადამიანები ღვთის მიერ. მაშ, რა არის სხვათა გულების მოგების მცდელობის ბუნება? ეს არის ანტიქრისტეს გზით სვლა; ეს არის ანტიქრისტეს ქცევა და არსი. კიდევ უფრო სერიოზულია ღმერთთან ცილების არსი მისი რჩეული ხალხისთვის; ასეთი ადამიანები ღვთის მტრები არიან. ასე ხდება ანტიქრისტეების დახასიათება და კატეგორიზაცია, და ეს ზედმიწევნით სწორია.

22 იანვარი, 2019 წელი

შემდეგი: პუნქტი მეორე: განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება