გახრწნილი ადამიანი ვერ იქნება ღვთის წარმომადგენელი
ადამიანი მუდამ სიბნელის გავლენის საბურველქვეშ, სატანის გავლენის ტყვეობაში ცხოვრობს და თავის დაღწევა არ შეუძლია, მისი ხასიათი, რომელიც სატანის მიერ იქნა დამუშავებული, სულ უფრო მეტად იხრწნება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მუდამ თავის სატანურ გახრწნილ ხასიათში ცხოვრობს და მას არ ძალუძს, ჭეშმარიტად უყვარდეს ღმერთი. ამგვარად, თუ ადამიანს ღვთის სიყვარული სურს, მან უნდა მოიშოროს თავისი თვითმართლობა, მედიდურობა, ამპარტავნება, ქედმაღლობა და ყოველივე, რაც სატანური ბუნებისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიყვარული მინარევებიანი სიყვარულია, სატანური სიყვარულია და იმგვარია, რომ ვერანაირად ვერ მოიპოვებს ღვთის მოწონებას. უშუალოდ სულიწმიდის მიერ სრულყოფის, გატეხვის, გასხვლის, წვრთნის, გვემისა და გამოწრთობის გარეშე, ვერავინ შეძლებს ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს. თუ შენ ამბობ, რომ შენი ხასიათის ნაწილი ღმერთს წარმოადგენს და ამიტომ შეგიძლია ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული, მაშინ ისეთი ადამიანი ხარ, რომლის სიტყვებიც ამპარტავნულია, და აბსურდული ხარ. ასეთი ადამიანები მთავარანგელოზები არიან! ადამიანის თანდაყოლილ ბუნებას არ ძალუძს, უშუალოდ წარმოადგენდეს ღმერთს; მან უნდა მოიშოროს თავისი თანდაყოლილი ბუნება ღვთის მიერ სრულყოფის გზით და მხოლოდ ამის შემდეგ, ღვთის განზრახვების გათვალისწინებით, ღვთის განზრახვების შესრულებითა და, მეტიც, სულიწმიდის საქმის გავლით — შეიძლება ის, რასაც ის ცხოვრებაში ავლენს, ღვთის მიერ იქნას აღიარებული. ვერავინ, ვინც ხორცში ცხოვრობს, ვერ წარმოადგენს უშუალოდ ღმერთს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არ არის ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა იყენებს. თუმცა, ასეთ ადამიანზეც კი ვერ ითქმის, რომ მისი ხასიათი და ის, რასაც იგი ცხოვრებაში ავლენს, სრულად წარმოადგენს ღმერთს; შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ რასაც ის ცხოვრებაში ავლენს, სულიწმიდა წარმართავს. ასეთი ადამიანის ხასიათი ვერ წარმოადგენს ღმერთს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ხასიათი ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული — ეს უდავოა და შეიძლება დადებით რამედ ჩაითვალოს — ის სატანის მიერ არის დამუშავებული, ამიტომ ადამიანის მთელი ხასიათი სატანის ხასიათია. ზოგი ამბობს, რომ ღვთის ხასიათი მკაფიო, პირდაპირი და „ერთი ერთია, ორი კი ორი“ პრინციპით მოქმედებაა, რომ ეს მასშიც ვლინდება, რომ მისი პიროვნებაც ასეთია, და ამიტომ ამბობს, რომ მისი ხასიათი ღმერთს წარმოადგენს. როგორი პიროვნებები არიან ისინი? განა შეუძლია სატანურ გახრწნილ ხასიათს ღმერთს წარმოადგენდეს? ვინც ამბობს, რომ მისი ხასიათი ღმერთს წარმოადგენს, გმობს ღმერთს და შეურაცხყოფს სულიწმიდას! მეთოდი, რომლითაც სულიწმიდა მოქმედებს, გვიჩვენებს, რომ ღვთის საქმე დედამიწაზე მხოლოდ დაპყრობის საქმეა. ამდენად, ადამიანის მრავალი სატანური გახრწნილი ხასიათი ჯერ კიდევ არ არის განწმენდილი; ის, რასაც ის ცხოვრებაში ავლენს, კვლავინდებურად სატანის სახეა; ეს არის ის, რაც ადამიანს კარგი ჰგონია და წარმოადგენს ადამიანის ხორციელ საქმეებს; უფრო ზუსტად კი, ის წარმოადგენს სატანას და შეუძლებელია წარმოადგენდეს ღმერთს. მაშინაც კი, თუ ვინმეს უკვე უყვარს ღმერთი იმ დონეზე, რომ შეუძლია დედამიწაზე ზეციური ცხოვრებით დატკბეს, თქვას: „ღმერთო! არ ძალმიძს, საკმარისად შეგიყვარო“ და უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს, მაინც ვერ ითქმის, რომ ის ღმერთს ცხოვრებაში ავლენს ან ღმერთს წარმოადგენს, რადგან ადამიანის არსი არ ჰგავს ღვთისას და ადამიანს არასოდეს შეუძლია ღვთის გამოვლენა ცხოვრებაში, მით უმეტეს, ღმერთად ქცევა. ის, რასაც ადამიანი სულიწმიდის წინამძღოლობით ცხოვრებაში ავლენს, მხოლოდ იმას შეესაბამება, რასაც ღმერთი ადამიანისგან ითხოვს.
სატანის ყოველი ქმედება და საქმე ადამიანში ვლინდება. დღეს ადამიანის ყოველი ქმედება და საქმე სატანის გამოხატულებაა და, შესაბამისად, ვერ წარმოადგენს ღმერთს. ადამიანი სატანის განსახიერებაა და ადამიანის ხასიათს არ შეუძლია წარმოადგენდეს ღვთის ხასიათს. ზოგიერთ ადამიანს კარგი პიროვნული თვისებები აქვს; შესაძლოა, ღმერთმა გარკვეული რაღაცები განახორციელოს ასეთი ადამიანების პიროვნული თვისებების მეშვეობით და მათ მიერ შესრულებულ რაღაცებს წარმართავს სულიწმიდა. თუმცა, მათ ხასიათს არ შეუძლია წარმოადგენდეს ღმერთს. მათზე მოქმედებისას ღმერთი უბრალოდ იმას იყენებს, რაც უკვე არსებობს მათში და ხელთ არსებული „მასალიდან“ იღებს. იქნებიან ეს წარსული ეპოქების წინასწარმეტყველნი თუ ღვთის მიერ გამოყენებული ადამიანები, მას პირდაპირ ვერავინ წარმოადგენს. ადამიანები ყველანი ღმერთის სიყვარულს მხოლოდ გარემოებების ზეწოლით იწყებენ და არცერთი მათგანი არ ესწრაფვის თანამშრომლობას საკუთარი ნებით. რა არის დადებითი რამეები? ყოველივე, რაც უშუალოდ ღვთისგან მოდის, დადებითი რამაა; თუმცა ადამიანის ხასიათი სატანის მიერ არის დამუშავებული და არ შეიძლება წარმოადგენდეს ღმერთს. მხოლოდ განკაცებული ღმერთის სიყვარული, ტანჯვისთვის მზადყოფნა, სამართლიანობა, მორჩილება, თავმდაბლობა და იდუმალება წარმოადგენს უშუალოდ ღმერთს. ეს იმიტომ, რომ როდესაც ის მოვიდა, მოვიდა ცოდვილი ბუნების გარეშე და მოვიდა უშუალოდ ღვთისგან, სატანის მიერ დამუშავების გარეშე. იესო მხოლოდ ცოდვილი ხორცის მსგავსებაშია და არ წარმოადგენს ცოდვას; ამიტომ, ჯვარცმის გზით საქმის აღსრულებამდე (ჯვარცმის მომენტის ჩათვლით), მისი ქმედებები, საქმეები და სიტყვები – ყველა უშუალოდ წარმოადგენს ღმერთს. იესოს მაგალითი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ცოდვილი ბუნება აქვს, ვერ წარმოადგენს ღმერთს და რომ ადამიანის ცოდვა სატანას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდვა არ წარმოადგენს ღმერთს და ღმერთი უცოდველია. ადამიანზე სულიწმიდის მიერ შესრულებული საქმეც მხოლოდ სულიწმიდის მიერ წარმართულად შეიძლება ჩაითვალოს, და ვერ ითქმის, რომ ის ადამიანის მიერ ღმერთის სახელით ხორციელდება. რაც შეეხება ადამიანს, არც მისი ცოდვა და არც მისი ხასიათი არ წარმოადგენს ღმერთს. თუ გადავხედავთ იმ საქმეს, რომელიც სულიწმიდამ ადამიანზე გასწია წარსულიდან დღემდე, ყველაფერი, რასაც ადამიანი ცხოვრებაში ავლენს, მხოლოდ იმიტომაა, რომ მასზე სულიწმიდამ იმუშავა. ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ჭეშმარიტება ცხოვრებაში გამოავლინოს სულიწმიდის მიერ გასხვლისა და გაწვრთნის შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ სულიწმიდის მუშაობაა სახეზე; ადამიანის მხრიდან თანამშრომლობა კი არ არსებობს. ახლა ნათლად ხედავ ამას? ამგვარად, როცა სულიწმიდა მოქმედებს, როგორ ითანამშრომლებ მასთან მაქსიმალურად და როგორ შეასრულებ შენს მოვალეობას?