ყველა ადამიანი, რომელიც არ იცნობს ღმერთს, ღვთის წინააღმდეგია
შეიცნოს და ჩასწვდეს ღვთის საქმის მიზანს, იმ შედეგს, რომელსაც უფლის საქმე აღწევს ადამიანში, და იმას, თუ რა არის ღვთის განზრახვა ადამიანთან მიმართებაში – ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს თითოეული, ვინც ღვთის მიმდევარია. ჩვენს ყოველდღიურობაში ადამიანებს სწორედ რომ ღვთის საქმის შესახებ ცოდნა აკლიათ. საქმეები, რომელნიც ღმერთმა ქმნა ადამიანებში და ადამიანთათვის, ღვთის შრომის მთელი სისავსე და ის, თუ რა არის მისი განზრახვა და განგება ადამიანთან მიმართებაში – სამყაროს შექმნიდან დღემდე – ეს ყველაფერი ადამიანმა არ იცის და ვერც შეიმეცნებს. ასეთი უცოდინრობა ვლინდება და შესამჩნევია არა მხოლოდ მთელ რელიგიურ სამყაროში, არამედ მათ შორისაც, ვისაც ღმერთისა სწამს. როცა დადგება დღე და ჭეშმარიტად იხილავ ღმერთს, ჭეშმარიტად შეაფასებ მის სიბრძნეს, აგეხილება თვალი ყველა იმ საქმეზე, რომელიც მან ქმნა, გააცნობიერებ, ვინ არის ღმერთი და რა აქვს მას – როცა იხილავ მის მოწყალებას, სასწაულებრიობას და ყველაფერს, რაც მან ქმნა ადამიანებში – მაშინ მიაღწევ წარმატებას ღვთის რწმენაში. როცა ამბობენ, რომ ღმერთი ყოვლისმომცველია და ყოვლადმოწყალე, სახელდობრ რაში ვლინდება მისი ეს ყოვლისმომცველობა და ყოვლადმოწყალეობა? და თუ არ გესმის ამისა, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ ღმერთისა გწამს. რატომ ვამბობ, რომ ადამიანები რელიგიური სამყაროდან მორწმუნენი კი არ არიან, არამედ ბოროტის მქმნელები, ეშმაკის მსგავსად? როცა მე ვამბობ, რომ ისინი ბოროტის მქმნელები არიან, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ ესმით ღვთის განზრახვისა და არ ძალუძთ დაინახონ მისი სიბრძნე. ღმერთი არასდროს უმხელს მათ თავის საქმეებს. ისინი ბრმები არიან; ვერ ხედავენ ღვთის საქმეებს, ისინი ღმერთმა მიატოვა და სრულიად მოაკლო მათ თავისი ზრუნვა და დაცვა, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიწმიდის ქმედობაზე. ისინი, ვისშიც არ არის ღვთის საქმე – ბოროტმოქმედები და ღვთის მოწინააღმდეგენი არიან. ღვთის მოწინააღმდეგეებში მე ვგულისხმობ მათ, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, ვინც ოდენ ბაგეებით სცნობს მას, მაგრამ არ იცნობს, ვინც მიჰყვება მას, მაგრამ არ ემორჩილება, ვინც ტკბება ღვთის წყალობით, მაგრამ არ ძალუძს მყარად დადგეს მის მოწმედ. ღვთის საქმის მიზნის გაგების გარეშე, იმ საქმის გაგების გარეშე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს ადამიანში, ადამიანი ვერასდროს ჩასწვდება ღვთის განგებას და ვერასდროს იქნება მისი მტკიცე მოწმე. მიზეზი, რის გამოც ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს, ერთის მხრივ, მის დაცემულ ბუნებაშია, ხოლო მეორეს მხრივ – ღვთის შეუცნობლობაში და იმ პრინციპების გაუგებრობაში, რომლებითაც ღმერთი მოქმედებს, ასევე – ღვთის განზრახვის უცოდინრობაში ადამიანის მიმართ. ამ ორი ასპექტის ერთობლიობა ქმნის ღვთისადმი ადამიანების წინააღმდეგობის ისტორიას. ახალმორწმუნენი ეწინააღმდეგებიან ღმერთს, იმიტომ, რომ ამგვარი წინააღმდეგობა მათ ბუნებაშია ჩადებული, ხოლო მათი წინააღმდეგობა, ვინც, მრავალი წელიწადია, მორწმუნეა, მომდინარეობს ღვთის შეუცნობლობიდან, რასაც მათი დაცემული და გარყვნილი ბუნება ემატება. იმ დროში, ვიდრე ღმერთი ხორცს შეისხამდა, ადამიანის მიერ ღვთისადმი წინააღმდეგომის საზომი ეფუძნებოდა იმას, იცავდა თუ არა იგი ღმერთის მიერ სამოთხეში დადგენილ განჩინებებს. მაგალითად, კანონის ეპოქაში, ღვთის წინააღმდეგ განწყობილად ითვლებოდა ის, ვინც არ იცავდა იეღოვას კანონებს; ის, ვინც იპარავდა იეღოვასადმი შესაწირს ან ეურჩებოდა მათ, ვისაც იეღოვა კეთილგანწყობით ეპყრობოდა, ითვლებოდა, რომ ღმერთის წინააღმდეგია და ქვებით ჩაქოლვით სიკვდილით ისჯებოდა; ის, ვინც პატივს არ სცემდა მამასა და დედას თვისთა, ასევე, ის, ვინც სცემდა ან სწყევლიდა სხვას, ითვლებოდა, რომ არ იცავდა კანონებს. და ყველა, ვინც არ იცავდა იეღოვას კანონებს, მის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. მადლის ეპოქაში ასე აღარ იყო, როცა ის, ვინც ეწინააღმდეგებოდა იესოს, ითვლებოდა იმად, ვინც ეწინააღმდეგება ღმერთს, და ის, ვინც არ ემორჩილებოდა იესოს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, მიიჩნეოდა ღმერთის მოწინააღმდეგედ. ამ დროში უფრო ზუსტად და პრაქტიკულად განიმარტა, რას ნიშნავდა ღვთის წინააღმდეგ ყოფნა. იმ დროში, ვიდრე ღმერთი განსხეულდებოდა, ადამიანის ღვთისადმი წინააღმდეგობის საზომი ემყარებოდა იმას, ეთაყვანებოდა და შესცქეროდა თუ არა ადამიანი უხილავ ღმერთს ზეცაში. ის, თუ როგორ დგინდებოდა იმ დროში ღვთისადმი წინააღმდეგობა, სრულებით არ იყო პრაქტიკული, რადგანაც ადამიანს არ შეეძლო, ეხილა ღმერთი, რადგანაც ადამიანმა არ იცოდა, როგორია ღვთის სახე-ხატი ან როგორ მოქმედებს იგი, ან როგორ საუბრობს. ადამიანს არ ჰქონდა წარმოდგენა ღვთის შესახებ, მას განყენებულად სწამდა ღმერთის, რადგანაც ღმერთი ჯერ კიდევ არ გამოცხადებოდა ადამიანს. ამიტომ როგორადაც უნდა ერწმუნა ადამიანს ღმერთის თავის წარმოსახვაში, ღმერთი არ განიკითხავდა ადამიანს და არ უყენებდა მას ძალიან მაღალ მოთხოვნებს, რადგან ადამიანს არ შეეძლო ღვთის ხილვა. როცა ღმერთი ისხამს ხორცს და იწყებს კაცთა შორის მოქმედებას, მას ყველა ხედავს, მისი სიტყვები ყველას ესმის, და ყველა ხედავს ხორცშესხმული ღმერთის საქმეებს. ამ მომენტში ყველა ადამიანური წარმოდგენა ქაფად იქცევა. რაც შეეხება მათ, ვინც იხილა ხორცშესხმული ღმერთი და ვინც საკუთარი ნებით დაემორჩილებიან მას, არ განიკითხებიან, ხოლო ისინი, ვინც მიზანმიმართულად შეეწინააღმდეგებიან მას, ღვთის მოწინააღმდეგეებად ჩაითვლებიან. ასეთი ადამიანები ანტიქრისტეები არიან, მტრები, რომლებიც შეგნებულად ეწინააღმდეგებიან ღმერთს. ისინი, ვისაც თავისებური წარმოდგენები აქვთ ღვთის შესახებ, თუმცა მაინც მზად არიან და სურთ, დაემორჩილონ მას, არ განიკითხებიან. ღმერთი განიკითხავს ადამიანს მისი განზრახვებისა და ქმედებების გამო, და არასდროს მისი აზრებისა და იდეებისთვის. იგი რომ ადამიანებს აზრებისა და იდეების გამო განიკითხავდეს, ვერც ერთი ადამიანი გადაურჩებოდა ღვთის მრისხანე ხელს. ისინი, ვინც განზრახ ეწინააღმდეგებიან ხორცშესხმულ ღმერთს, თავიანთი ურჩობისთვის დაისჯებიან. რაც შეეხება მათ, ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგებიან ღმერთს, მათი წინააღმდეგობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მათ თავისებური წარმოდგენა აქვთ ღვთის შესახებ, რასაც, თავის მხრივ, ისინი ისეთ ქმედებებამდე მიჰყავს, რომლებიც აფერხებს ღვთის საქმეს. ეს ადამიანები შეგნებულად ეწინააღმდეგებიან და ანგრევენ ღვთის საქმეს. მათ უბრალოდ წარმოდგენები კი არ აქვთ ღვთის საქმის შესახებ, არამედ იმგვარი საქმიანობითაც არიან დაკავებული, რომელიც ხელს უშლის ღვთის საქმეს, და სწორედ ამ მიზეზის გამო ასეთი ადამიანები განიკითხებიან. ისინი, ვინც ღვთის საქმეში შეგნებულად არ ერევა, არ განიკითხებიან როგორც ცოდვილები, რადგან მათ შეუძლიათ, ნებით დაემორჩილონ და არ ჩაებან ისეთ საქმიანობებში, რომლებიც იწვევს შეფერხებასა და ხელისშეშლას. ასეთი ადამიანები არ განიკითხებიან. თუმცა როცა ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში გამოცდიან ღვთის საქმეს, და თუ ისინი მაინც თავისებურ წარმოდგენებს ეჭიდებიან ღმერთის შესახებ და არ ძალუძთ შეიცნონ განსხეულებული ღმერთის საქმე, და თუ მათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლის განმავლობაში გამოცდიან ღვთის საქმეს, მაინც თავისებური წარმოდგენები აქვთ და უწინდებურად არ ძალუძთ შეიცნონ ღმერთი, მაშინ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელის შემშლელი საქმიანობით არ არიან დაკავებულნი, მათი გულები მაინც სავსეა მრავალი წარმოდგენით ღმერთის შესახებ, და მაშინაც კი, თუ ეს წარმოდგენები არ გახდება ცხადი, ამგვარი ადამიანები მაინც უსარგებლო არიან ღვთის საქმისთვის. მათ არ ძალუძთ იქადაგონ ღვთის სახარება ან მტკიცედ დადგნენ მის მოწმედ. ასეთი ადამიანები გამოუსადეგარები და უგუნურნი არიან. ვინაიდან ისინი არ იცნობენ ღმერთს, და უფრო მეტიც, სრულიად არ შეუძლიათ, უკუაგდონ მის შესახებ თავისი წარმოდგენები, ამიტომ ისინი განიკითხებიან. ეს შეიძლება ამგვარად ითქვას: ახალმორწმუნეთათვის ნორმალურია, ჰქონდეთ თავიანთი განსაზღვრული წარმოდგენები ღვთის შესახებ ან არაფერი იცოდნენ მასზე, მაგრამ მათთვის, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში სწამდა ღმერთის და საკუთარ თავზე გამოუცდია მისი საქმის დიდი ნაწილი, ნორმალური არ იქნებოდა, რომ შეენარჩუნებინა თავისი წარმოდგენები, და კიდევ უფრო ნაკლებად ნორმალური იქნებოდა, რომ მას არაფერი სცოდნოდა ღმერთზე. სწორედ იმიტომ, რომ ეს არაა ნორმალური მდგომარეობა, ისინი განიკითხებიან. ყველა ეს არანორმალური ადამიანები ნაგავია; ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ღმერთს და ვინც ფუჭად ისარგებლა ღვთის წყალობით. საბოლოოდ ყველა ასეთი ადამიანი განადგურდება!
ნებისმიერი, ვისაც არ ესმის ღვთის საქმის მიზანი, არის ის, ვინც ეწინააღმდეგება მას, ის კი, ვინც შეძლო ღვთის საქმის მიზნის გაცნობიერება, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესწრაფვის ღვთის სათნო ყოფას, კიდევ უფრო მეტად ითვლება ღვთის მოწინააღმდეგედ. არიან ადამიანები, რომლებიც დიდებულ ეკლესიებში კითხულობენ ბიბლიას და მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ იმეორებენ მას, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ესმის ღვთის საქმე. არც ერთ მათგანს არ ძალუძს შეიცნოს ღმერთი, და კიდევ უფრო ცოტა მათგანს შეუძლია, თანაზიარი იყოს ღვთის განზრახვებისა. ისინი ყველანი უვარგისი, მდაბიო ადამიანები არიან, თითოეული მათგანი ისეთი სიმაღლიდან იყურება, რომ ღმერთს „ასწავლოს“. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ღვთის დროშა, მაგრამ შეგნებულად ეწინააღმდეგებიან ღმერთს, რომლებსაც აუკრავთ მორწმუნის იარლიყი, იმ დროს, როცა ადამიანების ხორცს ჭამენ და მათ სისხლს სვამენ. ყველა ასეთი ადამიანი ბოროტი ეშმაკისეულია, რომელნიც შთანთქავენ ადამიანის სულს, მთავარი დემონები არიან, რომლებიც შეგნებულად უშლიან ადამიანებს ხელს, დაადგნენ სწორ გზას, ისინი არიან ლოდნი შებრკოლებისა ღვთის ძიებისკენ სავალ გზაზე. მათ, შეიძლება, „საღად მოაზროვნეებად“ მოგაჩვენონ თავი, მაგრამ საიდან უნდა იცოდნენ მათმა მიმდევრებმა, რომ ისინი სხვა არ რა არიან, თუ არა ანტიქრისტეები, რომლებიც წააქეზებენ ადამიანებს ღვთისადმი წინააღმდეგობისკენ? საიდან უნდა უწყოდნენ მათმა მიმდევრებმა, რომ ისინი ცოცხალი, ხორცშესხმული ეშმაკები არიან, რომელთა მოწოდება ადამიანების სულების შთანთქმა და წარწყმედაა? ისინი, ვინც თავიანთ თავს განადიდებენ ღვთის მყოფობისას – ყველაზე საძულველნი არიან ადამიანთა შორის, ხოლო ისინი, ვინც თავს იმდაბლებს – ყველაზე დაფასებულნი და ღირსეულნი. ისინი კი, ვინც ფიქრობს, რომ იცის ღვთის საქმე, და, უფრო მეტიც, ვისაც შეუძლია საზეიმოდ უქადაგოს სხვებს ღვთის საქმე და ამ დროს პირდაპირ ღმერთს უყუროს – ყველაზე უმეცარნი არიან კაცთა შორის. ყველა ასეთი ადამიანი მოკლებულია ღვთის მოწმეობას, ისინი ყველანი ქედმაღალნი და თვითკმაყოფილნი არიან. ისინი კი, ვინც მიიჩნევს, რომ ერთობ ცოტა რამ იცის ღმერთზე, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის შესახებ პრაქტიკული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, ღვთისთვის ყველაზე საყვარელნი არიან. მხოლოდ ამგვარ ადამიანებს აქვთ ნამდვილი ღვთის მოწმეობა და მათ ჭეშმარიტად შეუძლიათ იყვნენ სრულქმნილნი ღვთის მიერ. ისინი, ვისაც არ ესმის ღვთის განზრახვები, ეწინააღმდეგებიან ღმერთს; ისინი, ვისაც ესმის ღვთის გაზრახვები და მაინც არ აღასრულებენ ჭეშმარიტებას, ეწინააღმდეგებიან ღმერთს; ისინი, ვინც ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვას და მაინც ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვის არსს, ღმერთის მოწინააღმდეგეები არიან; ისინი, ვისაც წარმოდგენები აქვთ ხორცშესხმულ ღმერთზე და, მიუხედავად ამისა, მაინც შეგნებულად უჯანყდებიან მას, ღვთის მოწინააღმდეგეები არიან: და ისიც, ვისაც არ შეუძლია ღვთის გაგება და მისი მოწმეობა, არის ღვთის მოწინააღმდეგე. და ამიტომ მოგიწოდებთ თქვენ: თუკი თქვენ ჭეშმარიტად გწამთ, რომ შეგიძლიათ ამ გზის გავლა, მისდიეთ მას. მაგრამ თუკი თქვენ არ შეგიძლიათ, თავი შეიკავოთ ღვთის მიმართ წინააღმდეგობისგან, მაშინ უმჯობესი იქნება, გაეცალოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენთვის ყველაფერი ცუდად შემობრუნდება, ერთობ მაღალია, რადგან თქვენი ბუნება ძალზე გახრწნილია. თქვენში იოტისოდენაც კი არ არის ერთგულება ან მორჩილება, ან გული, რომელსაც ჭეშმარიტება და სიმართლე სწყურია, ან ღვთის მიმართ სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მდგომარეობა ღვთის წინაშე სრულიად სავალალოა. თქვენ ვერ ემორჩილებით იმას, რასაც უნდა ემორჩილებოდეთ, და არ ძალგიძთ, თქვათ ის, რაც უნდა ითქვას. თქვენ ვერ შეძელით, პრაქტიკაში დაგენერგათ ის, რაც უნდა დაგენერგათ; და ვერც იმ ფუნქციის შესრულება შეძელით, რაც უნდა შეგესრულებინათ. არ არის თქვენში ის ერთგულება, სინდისი, მორჩილება და გამბედაობა, რაც უნდა გქონოდათ. თქვენ არ გაგიძლიათ იმ ვნებებისთვის, რომელთათვისაც უნდა გაგეძლოთ, და არ არის თქვენში ის რწმენა, რომელიც უნდა გქონოდათ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ სრულებით მოკლებულნი ხართ ყოველგვარ ღირსებას: განა არ გრცხვენიათ ცხოვრების ასე გაგრძელების? ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის უმჯობესი იქნებოდა, თვალები მარადიულ განსასვენებელში დაგეხუჭათ, რათა ამით ღმერთისთვის აგერიდებინათ თქვენზე ჭმუნვა და თქვენ გამო ვნება. თქვენ გწამთ ღმერთის და მაინც არ იცნობთ მის განზრახვებს; თქვენ ჭამთ და სვამთ ღვთის სიტყვებს და მაინც არ ძალგიძთ, მისდიოთ იმას, რასაც ღმერთი კაცისგან მოითხოვს. თქვენ გწამთ ღმერთის, მაგრამ მაინც არ იცნობთ მას, და ასე რჩებით ცოცხალი იმ მიზნის გარეშე, რომელსაც უნდა ესწრაფოდეთ, ყოველგვარი ღირებულებების გარეშე, ყოველგვარი საზრისისა და მნიშვნელობის გარეშე. თქვენ ცხოვრობთ როგორც ადამიანი, და მაინც არც სინდისი გაგაჩნიათ, არც პატიოსნება, არც საკუთარი თავის მიმართ ნდობის ნატამალი – და განა მაინც შეგიძლიათ უწოდოთ თქვენს თავს ადამიანი? თქვენ გწამთ ღმერთის, მაგრამ მაინც ატყუებთ მას; უფრო მეტიც, თქვენ იღებთ ღმერთის ფულს და ჭამთ იმ შესაწირს, რომელიც მისთვისაა გაღებული. და მაინც, საბოლოოდ, თქვენ ძველებურად ვერ ამჟღავნებთ უმცირეს პატივისცემასაც კი ღმერთის გრძნობებისადმი და არც სინდისის ნატამალს მის მიმართ. თქვენ ღმერთის ყველაზე ტრივიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ შეგიძლიათ. განა მაინც შეგიძლიათ, საკუთარ თავს ადამიანები უწოდოთ? იღებთ საკვებს, რომელსაც ღმერთი გაძლევთ, სუნთქავთ ჟანგბადს, რომელსაც იგი გიბოძებთ, ტკბებით მისი წყალობით, მაგრამ საბოლოოდ უმცირესი წარმოდგენაც არ გაქვთ მის შესახებ. პირიქით, თქვენ იქეცით უსარგებლო არსებებად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს. განა ეს არ გაქცევთ თქვენ ძაღლზე უმდაბლეს ცხოველად? განა ცხოველებს შორის არის ვინმე უფრო ავ-ბოროტი, ვიდრე თქვენ ხართ?
ის ღვთისმსახურნი და უხუცესნი, რომლებიც წარმომდგარან ამბიონზე და სხვებს ასწავლიან, ღვთის მოწინააღმდეგენი და სატანის მოკავშირენი არიან; განა ღვთის უფრო დიდი მოწინააღმდეგეები არ იქნებოდნენ ზოგიერთი თქვენგანი, ვინც არც ამბიონზე დგას და არც სხვებს მოძღვრავს? განა თქვენ უფრო დიდწილად არ ხართ შეთქმულნი სატანასთან, ვიდრე ისინი? მათ, ვინც ვერ გაიგო ღვთის საქმის მიზანი, არ იციან, როგორ იყვნენ თანაზიარნი ღვთის განზრახვებისა. რასაკვირველია, შეუძლებელი იქნებოდა, რომ მათ, ვისაც მართლა ესმის მისი საქმის მიზანი, არ სცოდნოდათ, როგორ უნდა ყოფილიყვნენ ღვთის განზრახვათა თანაზიარნი. ღვთის საქმე არასდროს არის მცდარი; უმალ ადამიანის მისწრაფებაა ხინჯიანი. განა ის არარაობები, რომლებიც თავიანთი ნებით ეწინააღმდეგებიან ღმერთს, არ არიან უფრო ავბედითები და მავნებლები, ვიდრე ის ღვთისმსახურნი და უხუცესნი? მრავალნი არიან ისეთნი, ვინც ეწინააღმდეგებიან ღმერთს, და მათ შორის მრავალია ხერხიც, რომლებითაც ისინი ეწინააღმდეგებიან ღმერთს. ისევე, როგორც არსებობენ მრავალნაირი მორწმუნენი, ასევე არსებობენ სრულებით განსხვავებული მოწინააღმდეგეები, რომელთაგანაც თითოეული არ ჰგავს მეორეს. არცერთი მათგანი, ვისაც არ ძალუძს მკაფიოდ აღიაროს ღვთის საქმის მიზანი, არ ცხოვნდება. იმისდა მიუხედავად, როგორ ეწინააღმდეგებოდა ადამიანი ღმერთს წარსულში, როდესაც იგი აღწევს ღვთის საქმის მიზნის გაგებას და მთელ თავის ძალ-ღონეს ღვთისთვის სათნო საქმეთ ახმარს, ღმერთი განწმენდს მას მისი წარსული ყოველი ცოდვისგან. იქამდე, ვიდრე ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას და სადაგად ამ ჭეშმარიტებით ცხოვრობს, ღმერთი არ გაიხსენებს იმას, თუ რა ჩაუდენია უწინ. უფრო მეტიც, სწორედ ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ყოველდღიური გამოცდის საფუძველზე ღმერთი ამართლებს მას. სწორედ ეს არის ღვთის სამართლიანობა. იქამდე, ვიდრე ადამიანი იხილავდა ღმერთს ან გამოცდიდა მის საქმეს, როგორადაც არ უნდა მოქცეულიყო იგი ღვთის მიმართ, ღმერთი ამას მაინც არ დაიმახსოვრებდა. თუმცა როგორც კი ადამიანმა იხილა ღმერთი და გამოცადა მისი საქმე, ადამიანის ყველა ქმედება თუ საქციელი ღვთის მიერ „ანალებში“ იქნება შეტანილი, რადგან ადამიანმა იხილა ღმერთი და მისი საქმის წიაღში იცხოვრა.
როცა ადამიანი ჭეშმარიტად ხედავს, რას განაგებს ღმერთი და რა არის მისი რაობა, როცა ხედავს მის მეუფებას და როცა ჭეშმარიტად შეიცნობს ღვთის საქმეს, და უფრო მეტიც, როცა ადამიანის ძველი ბუნება იცვლება, მაშინ სრულიად გათავისუფლდება ადამიანი თავისი მეამბოხე ბუნებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანი რომელიღაც მომენტში შეწინააღმდეგებია ღმერთს, და ყველა ადამიანი რომელიღაც მომენტში ამბოხებულა ღვთის წინააღმდეგ. თუმცა თუკი შენ ნებაყოფლობით ჰმორჩილებ ხორცშესხმულ ღმერთს და ამ მოსაზრებით სათნოდ ჰყოფ ღვთის გულს შენი ერთგულებით, სათანადოდ მისდევ ჭეშმარიტებას, სათანადოდ აღასრულებ შენს ვალს და იცავ დანაწესებს, რომლების დაცვაც გმართებს, მაშინ ის ხარ, ვინც თავისი ნებით არის მზად, განაგდოს თავისი მოჯანყე ბუნება, რათა აღასრულოს ღვთის ნება, და არის ის, ვინც სრულქმნილი იქნება ღვთისაგან. თუკი შენ ჯიუტად ამბობ უარს, დაინახო შენი შეცდომები, და უმცირესი განზრახვაც არ გაქვს შეინანო შენი შეცოდებანი, თუკი ჯიუტად არ თმობ შენ მეამბოხე ქცევას და იოტისოდენა განზრახვაც არ გაქვს ღმერთთან თანამშრომლობისა და მისი ნების აღსრულებისა, მაშინ ისეთი ჯიუტი და გამოუსწორებელი პიროვნება, როგორიც შენ ხარ, გარდაუვლად იქნება დასჯილი, და არასდროს იქნება ის, ვისაც ღმერთი სრულქმნილად აქცევს. თუკი ეს ასეა, შენ ხარ ღმერთის მტერი დღეს და ხვალაც ღმერთის მტერი იქნები, და ასევე დარჩები ღმერთის მტრად ზეგაც; და სამუდამოდ იქნები ღმერთის მოწინააღმდეგე და ღმერთის მტერი. ამ შემთხვევაში, როგორ შეეძლო ღმერთს, დაეშვა შენი განდგომა? ადამიანის ბუნებაშია ჩადებული ღვთისადმი წინააღმდეგობა, მაგრამ კაცი განგებ არ უნდა ეძიებდეს ღვთისადმი წინააღმდეგობის „საიდუმლოს“ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ბუნება შეცვალოს – ეს გადაულახავი ამოცანაა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შენთვის უმჯობესი იქნება, გაეცალო, ვიდრე ძალზე არ დაგვიანებულა, რათა მომავალში შენი სასჯელი არ იყოს უფრო მკაცრი, და რათა შენი სასტიკი ბუნება გარეთ არ გამოიჭრას და უმართავი არ შეიქნას, ვიდრე, საბოლოოდ, ღმერთი არ გაანადგურებს შენს ხორციელ სხეულს. შენ გწამს ღმერთის, რათა მიიღო მისგან წყალობა; მაგრამ თუკი საბოლოოდ მხოლოდ უბედურებას იწვნევ, განა ეს სამარცხვინო არ იქნება? მე დაბეჯითებით მოგიწოდებთ თქვენ, მისდიეთ სხვა გეგმას. ნებისმიერი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ღვთის მიმართ რწმენა: რასაკვირველია, შეუძლებელი იქნებოდა, რომ მხოლოდ ამ ერთადერთ გზას ეარსება. განა ვერ გააგრძელებდით ცხოვრებას ჭეშმარიტების ძიების გარეშე? რატომ უნდა იყოთ ასეთ წინააღმდეგობაში ღმერთთან?