თავი 41
ეკლესიაში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, ნუ იქნებით მუდამ ასეთი მძიმე წუხილით აღსავსენი. ეკლესიის შენების პროცესში შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ პრობლემების წინაშე ნუ ჩავარდებით პანიკაში; პირიქით, იყავით მშვიდნი და აუღელვებელნი. განა უკვე არ გითხარით? ხშირად წარსდექი ჩემ წინაშე და ილოცე, და მე გაგიცხადებ ჩემს განზრახვებს. ეკლესია ჩემი გულია და ის ჩემი უზენაესი მიზანია, მაშ, როგორ არ მეყვარება იგი? ნუ გეშინიათ — როდესაც ეკლესიაში მსგავსი რამ ხდება, ეს ჩემი ნებართვით ხდება. აღდექით და ისაუბრეთ ჩემი სახელით. გქონდეთ რწმენა, რომ ყოველი საგანი და მოვლენა დაშვებულია ჩემი ტახტის მიერ და მათში ჩემი განზრახვებია ჩადებული. თუკი განაგრძობთ თვითნებურად თანაზიარებას, დიდი ალბათობით, პრობლემები წარმოიქმნება. გიფიქრია კი შედეგებზე? თუ ასე მოიქცევი, სატანა ამით ისარგებლებს. ხშირად წარსდექი ჩემ წინაშე. პირდაპირ ვიტყვი: თუ რამის გაკეთებას ჩემ წინაშე წარსდგომის გარეშე აპირებ, ნუ გგონია, რომ მის დასრულებას შეძლებ. სწორედ თქვენ მაიძულეთ მე, რომ ამ მდგომარეობაში ჩავმდგარიყავი.
გული არ გაიტეხო, ნუ იქნები სუსტი და მე გაგიცხადებ ყოველივეს. სამეფოსკენ მიმავალი გზა არც ისე გლუვია — არაფერი მოდის ასე იოლად! თქვენ გსურთ, რომ კურთხევები მარტივად მიიღოთ, განა ასე არ არის? დღეს ყველას მოუწევს მწარე განსაცდელთან გამკლავება. ასეთი განსაცდელის გარეშე, თქვენი ჩემდამი მოსიყვარულე გული არ გაძლიერდება და არ გექნებათ ჩემდამი ჭეშმარიტი სიყვარული. თუნდაც ეს განსაცდელი მხოლოდ მცირე ვითარებებისგან შედგებოდეს, ყველამ უნდა გაიაროს ეს გამოცდა; უბრალოდ, განსაცდელის სიმძაფრე განსხვავებული იქნება. განსაცდელი ჩემი კურთხევაა და თქვენგან რამდენი იჩოქებს ხშირად ჩემ წინაშე კურთხევის სათხოვნელად? უგუნურო ბავშვებო! თქვენ ყოველთვის გგონიათ, რომ რამდენიმე კეთილის მომასწავებელი სიტყვა ჩემს კურთხევად ითვლება, თუმცა არასოდეს გჯერათ, რომ სიმწარე ჩემი კურთხევაა. ისინი, ვინც ჩემს სიმწარეს იზიარებენ, აუცილებლად გაიზიარებენ ჩემს სიტკბოსაც. ეს არის ჩემი დანაპირები და ჩემი კურთხევა თქვენდამი. ნუ დააყოვნებთ, ჭამეთ და სვით ჩემი სიტყვები და დატკბით მათით. როდესაც სიბნელე გადაივლის, სინათლე გროვდება. განთიადის წინ ყველაზე მეტად ბნელა; ამის შემდეგ ცა თანდათან ნათდება და შემდეგ მზე ამოდის. ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაფრთხებით. დღეს მე მხარს ვუჭერ ჩემს ძეებს და მათთვის ვიყენებ ჩემს ძალას.
რაც შეეხება ეკლესიის საქმეს, ნუ არიდებთ მუდამ თავს თქვენს პასუხისმგებლობას. თუკი ამ საკითხს კეთილსინდისიერად წარადგენთ ჩემ წინაშე, გზას იპოვით. როდესაც ასეთი წვრილმანი პრობლემა ჩნდება, გეშინიათ და პანიკაში ვარდებით, არ იცით რა გააკეთოთ? არაერთხელ მითქვამს: „ხშირად მომიახლოვდით!“ კეთილსინდისიერად განახორციელეთ თუ არა პრაქტიკაში ის, რისი გაკეთებაც გთხოვეთ? რამდენჯერ დაფიქრებულხართ ჩემს სიტყვებზე? თუ ეს არ გაგიკეთებიათ, მაშინ არავითარი ნათელი ხედვა არ გაგაჩნიათ. განა ეს თქვენივე ნახელავი არ არის? სხვებს ადანაშაულებთ, მაგრამ რატომ არ გძულთ საკუთარი თავი? თქვენ აფუჭებთ საქმეს და ამის შემდეგ რჩებით უყურადღებონი და ზედაპირულნი; ყური უნდა დაუგდოთ ჩემს სიტყვებს.
მორჩილნი და დამორჩილებულნი დიდ კურთხევას მიიღებენ. ეკლესიაში მტკიცედ იდექით ჩემ შესახებ მოწმობაში და დაიცავით ჭეშმარიტება. სწორი სწორია და არასწორი — არასწორი; ნუ აურევთ შავსა და თეთრს. თქვენ უნდა ებრძოლოთ სატანას და სრულად დაამარცხოთ იგი, რათა ვეღარასოდეს აღდგეს. ყველაფერი უნდა გაიღოთ ჩემ შესახებ მოწმობის დასაცავად. ეს უნდა იყოს თქვენი ქმედებების მიზანი — ნუ დაივიწყებთ ამას. მაგრამ ახლა თქვენ გაკლიათ რწმენა და გამჭრიახობა და ვერასოდეს აღიქვამთ ჩემს სიტყვებსა და ჩემს განზრახვებს. მიუხედავად ამისა, ნუ იქნებით სულსწრაფნი. ყველაფერი ჩემი ნაბიჯების მიხედვით მიმდინარეობს და სულსწრაფობა მხოლოდ პრობლემებს წარმოშობს. მეტი დრო გაატარეთ ჩემ წინაშე, ნუ მიანიჭებთ მნიშვნელობას თქვენი ხორციელი სხეულის გამოკვებასა და შემოსვას და ხშირად ეძიეთ ჩემი განზრახვები. მე გაგიცხადებ ჩემს განზრახვებს და თანდათანობით მათ ყველაფერში იპოვი, რათა მქონდეს გზა, დაუბრკოლებლად ვიმოქმედო ყოველ ადამიანში და ჩემი გული დაკმაყოფილდეს. მაშინ თქვენ მიიღებთ კურთხევებს ჩემთან ერთად უკუნითი უკუნისამდე!