თავი 14

საუკუნეების განმავლობაში არცერთი ადამიანი არ შესულა სასუფეველში, ამიტომაც არავის უგემია სასუფევლის ეპოქის მადლი და არც სასუფევლის მეუფე უხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სულის ნათების ქვეშ ბევრმა იწინასწარმეტყველა სასუფევლის მშვენიერება, მათ მხოლოდ მისი გარეგნული მხარე იციან, და არა მისი არსებითი მნიშვნელობა. დღეს, როდესაც სასუფეველი იწყებს თავის ფორმალურ არსებობას დედამიწაზე, კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, ზუსტად რა უნდა შესრულდეს ან რომელ სამყაროში იქნებიან ადამიანები საბოლოოდ მიყვანილნი სასუფევლის ეპოქაში. ვშიშობ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დაბნეულია. რადგან სასუფევლის სრული განხორციელების დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა, ადამიანები გონებაარეულნი არიან და არ შეუძლიათ მისი მკაფიოდ აღქმა. ჩემი მუშაობა ღვთაებრიობაში ფორმალურად იწყება სასუფევლის ეპოქით, და სწორედ ამ სასუფევლის ეპოქის ფორმალური დასაწყისიდან დაიწყება ჩემი ხასიათის თანდათანობით გამოვლენა კაცობრიობისთვის. ამიტომ, სწორედ ამ მომენტში იწყებს გაჟღერებას წმიდა საყვირი, რომელიც ყველას ამცნობს. როდესაც მე ფორმალურად მივიღებ ჩემს ძალაუფლებას და ვიხელმწიფებ, როგორც მეუფე სასუფეველში, დროთა განმავლობაში ჩემი ყოველი ხალხი ჩემ მიერ სრულყოფილდება. როდესაც მსოფლიოს ყველა ერი წარწყმდება, სწორედ მაშინ დამკვიდრდება და ჩამოყალიბდება ჩემი სასუფეველი, მაშინვე გარდავისახები მეც და მთელი სამყაროსკენ შემოვბრუნდები. იმ დროს ყველა ადამიანი იხილავს ჩემს დიდებულ სახეს და ჩემი ჭეშმარიტი ხატის მოწმე გახდება. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული, სატანის მიერ ადამიანთა გახრწნიდან დღევანდელ მდგომარეობამდე, სწორედ მათი გახრწნილების გამო გავხდი მე, მათი გადმოსახედიდან, სულ უფრო მეტად დაფარული და სულ უფრო მეტად შეუცნობელი. კაცობრიობას არასოდეს უხილავს ჩემი ჭეშმარიტი სახე და არასოდეს ჰქონია ჩემთან პირდაპირი ურთიერთობა. მხოლოდ ხმებსა და მითებში ვარსებობდი „მე“ ადამიანის წარმოსახვაში. ამიტომ, მე მივყვები ადამიანურ წარმოსახვას, ანუ ადამიანურ წარმოდგენებს, რათა გავუმკლავდე „მეს“ ხატს მათ გონებაში და შევცვალო „მეს“ მდგომარეობა, რომელსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ. ეს არის ჩემი საქმის პრინციპი. არავის ძალუძს მისი ბოლომდე შეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ჩემ წინაშე პირქვე ემხობოდნენ და მოდიოდნენ ჩემს თაყვანსაცემად, მე არ მსიამოვნებს ასეთი ადამიანური ქმედებები, რადგან მათ გულებში არა ჩემი ხატია დაცული, არამედ ჩემგან განსხვავებული სხვა ხატი. ამდენად, რადგან მათ არ ესმით ჩემი ხასიათი, ისინი საერთოდ ვერ ცნობენ ჩემს ჭეშმარიტ სახეს. შედეგად, როდესაც მათ სჯერათ, რომ წინააღმდეგობა გამიწიეს ან დაარღვიეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, მე მაინც თვალს ვხუჭავ ამაზე — ამიტომაც, მათ მეხსიერებაში მე ვარ ან ღმერთი, რომელიც წყალობას იჩენს ადამიანთა მიმართ და არ სჯის მათ, ან თავად ის ღმერთი, რომელიც იმას არ გულისხმობს, რასაც ამბობს. ყოველი ეს წარმოსახვანი ადამიანური აზროვნების მიერ შობილი ფანტაზიაა და ისინი არ შეესაბამება ფაქტებს.

დღითიდღე ვაკვირდები სამყაროს და თავმდაბლად ვიმალები ჩემს სავანეში, რათა გამოვცადო ადამიანური ცხოვრება. მე ყურადღებით ვაკვირდები კაცობრიობის ყოველ ქმედებას. არავის არასოდეს ჭეშმარიტად არ შეუწირავს საკუთარი თავი ჩემთვის. არავის არასოდეს უძიებია ჭეშმარიტება. არავის არაფერი აღუქვამს სერიოზულად ჩემ გამო, არ მიუღია გადაწყვეტილება ჩემ წინაშე და არ შეუსრულებია თავისი მოვალეობა. არავის არასოდეს მოუცია ჩემთვის მასში დამკვიდრების უფლება და საკუთარი სიცოცხლესავით არ დავუფასებივარ. არავის არასოდეს უხილავს პრაქტიკულ რეალობაში, როგორია მთელი ჩემი ღვთაებრიობა; არავის არასოდეს მოუსურვებია თავად პრაქტიკულ ღმერთთან შეხება. როდესაც წყალი შთანთქავს ადამიანებს, მე ვიხსნი მათ ამ დამდგარი წყლებიდან და ვაძლევ შანსს, ხელახლა დაიწყონ ცხოვრება. როდესაც ადამიანები კარგავენ სიცოცხლის რწმენას, მე სიკვდილის პირას მყოფთ ამოვათრევ და ვაძლევ გამბედაობას, განაგრძონ ცხოვრება, რათა მათ შეძლონ ჩემი გამოყენება თავიანთი არსებობის საფუძვლად. როდესაც ადამიანები მიჯანყდებიან, მე მათ ვაიძულებ, შემიცნონ საკუთარი ამბოხების შიგნიდან. მათი ძველი ბუნებისა და ჩემი წყალობის გათვალისწინებით, ნაცვლად იმისა, რომ მოვაკვდინო, მე ვაძლევ მათ მონანიებისა და ახალი დასაწყისის შესაძლებლობას. როდესაც ისინი შიმშილობენ და მათ სხეულში სულ ერთი ამოსუნთქვაღაა დარჩენილი, მე სიკვდილისგან ვიხსნი მათ, რათა არ გახდნენ სატანის მზაკვრობის მსხვერპლნი. რამდენჯერ უხილავთ ადამიანებს ჩემი ხელი, რამდენჯერ გამხდარან ჩემი კეთილი ხატისა და ღიმილის მოწმენი და რამდენჯერ უხილავთ ჩემი დიდებულება და რისხვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არასოდეს ვუცვნივარ, მე არ ვიყენებ მათ სისუსტეებს განზრახ პროვოკაციის საბაბად. ადამიანების ტანჯვის გამოცდილებამ მომცა საშუალება, თანავუგრძნო ადამიანურ სისუსტეებს. მხოლოდ ადამიანთა ამბოხისა და უმადურობის საპასუხოდ განვაჩინებ სხვადასხვა სიმძიმის გაკიცხვას.

მე ვიმალები, როდესაც ადამიანები დაკავებულნი არიან და ვევლინები მათ თავისუფალ დროს. ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ მე ყველაფერი შემიძლია, რომ ვარ თავად ღმერთი, რომელიც ყველა თხოვნას ასრულებს. ამიტომ უმეტესობა ჩემთან მხოლოდ ღვთის შეწევნის საძიებლად მოდის და არა ჩემი შეცნობის სურვილით. სასიკვდილოდ დაავადებულნი სასოწარკვეთით მევედრებიან დახმარებას. გასაჭირის დროს მთელი ძალით მანდობენ თავიანთ სევდას, რათა ტანჯვას დააღწიონ თავი. თუმცა, არავის ძალუძს ჩემი სიყვარული მაშინ, როცა კომფორტშია; არავის გამოუწვდია ხელი მშვიდობისა და ბედნიერების დროს, რომ მათი სიხარული გამეზიარებინა. როდესაც მათი პატარა ოჯახები ბედნიერებასა და ნეტარებაში არიან, ადამიანებს მე დიდი ხანია მიტოვებული ვყავარ ან კარი აქვთ ჩემთვის ჩაკეტილი, რათა შეძლონ ბედნიერად ყოფნის ნეტარებით თავიანთ ოჯახებთან ერთად დატკბნენ. ადამიანები მეტისმეტად მცირედმორწმუნენი არიან; მათ არ შეუძლიათ აიტანონ ისეთი მოყვარული, მოწყალე და ხელმისაწვდომი ღმერთი, როგორიც მე ვარ. რამდენჯერ უარმყვეს ადამიანებმა მხიარული სიცილის მომენტებში; რამდენჯერ გამომიყენეს როგორც ყავარჯენი წაბორძიკებისას; რამდენჯერ მომმართეს როგორც „ექიმს“, როდესაც ავადმყოფობისგან იტანჯებოდნენ. რა სასტიკნი არიან ადამიანები! „ისინი სრულიად მოკლებულნი არიან გონიერებასა და ზნეობრივ სამართლიანობას. მათში ვერავითარ კვალსაც კი ვერ შეამჩნევ იმ გრძნობებისა, რომლებითაც თითქოს ადამიანებს უნდა გააჩნდეთ; თითქმის მთლიანად მოკლებულნი არიან ადამიანობის ყოველგვარ კვალს.დაფიქრდით წარსულზე და შეადარეთ ის აწმყოს: მოხდა თუ არა თქვენში რაიმე ცვლილება? განა მოიშორეთ რამე თქვენი წარსულიდან? თუ წარსული ჯერ კიდევ უნდა შეიცვალოს რაიმე ახლით?

მე გადავლახე მთათა ქედები და მდინარეთა ხეობები, გამოვცადე ადამიანთა სამყაროს აღმავლობა და დაცემა. ვხეტიალობდი ადამიანებს შორის, მათთან ერთად ვცხოვრობდი მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ კაცობრიობის ხასიათი მცირედით შეიცვალა. თითქოს ადამიანთა ძველ ბუნებას ფესვები გაუდგამს და მათში გაღვივებულა. მათ არ შეუძლიათ ამ ძველი ბუნების შეცვლა; ისინი მხოლოდ ოდნავ აუმჯობესებენ მას საწყის საძირკველზე. როგორც ამბობენ, არსი არ შეცვლილა, მაგრამ ფორმა ძლიერ შეიცვალა. როგორც ჩანს, ყველა ცდილობს ჩემს მოტყუებასა და თვალის ახვევას, რათა მზაკვრობით დაიმსახუროს ჩემი მოწონება. მე არ მხიბლავს ადამიანური მზაკვრობა და ყურადღებას არ ვაქცევ მას. რისხვაში ჩავარდნის ნაცვლად, ვიკავებ პოზიციას, რომ „ვუყურებ, მაგრამ არ ვხედავ“. „ვაპირებ, კაცობრიობას გარკვეული ხარისხით შეღავათი მივანიჭო, და შემდეგ კი ყველა ადამიანს ერთად განვსჯი. რადგან ყველა ადამიანი უსარგებლო და საძაგელია, რომელთაც არ უყვართ და არ აფასებენ საკუთარ თავს, რატომ უნდა გამოვიჩინო მათ მიმართ კიდევ ერთხელ წყალობა და სიყვარული? გამონაკლისის გარეშე, ადამიანები არ იცნობენ საკუთარ თავს და არ იციან საკუთარი თავის ფასი. მათ მართებთ სასწორზე დადგომა და საკუთარი თავის აწონვა. ადამიანები ყურადღებას არ მაქცევენ, ამიტომ არც მე აღვიქვამ მათ სერიოზულად. ისინი არ მომაგებენ ყურადღებას, ამიტომ არც მე მჭირდება მათზე მეტი ძალისხმევის გაღება. განა ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ორივე მხარისთვის? განა ეს არ აღგწერთ თქვენ, ჩემო ხალხო? რომელმა თქვენგანმა დადო პირობა ჩემ წინაშე და შემდგომ არ უარყო იგი? ვინ დადო ჩემ წინაშე ურყევი პირობა, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ახალი აღთქმები მოეცა? ადამიანები ყოველთვის კეთილდღეობის ჟამს იღებენ გადაწყვეტილებებს ჩემ წინაშე, ხოლო გასაჭირისას უარყოფენ მათ; მოგვიანებით კი კვლავ უბრუნდებიან თავიანთ განზრახვებს და მე წარმიდგენენ. ნუთუ ასეთი მდაბალი ვარ, რომ დაუფიქრებლად მივიღო ეს ხარახურა, რომელიც კაცობრიობამ ნაგავსაყრელიდან აკრიფა? ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, ცოტაა ურყევი და ცოტას თუ მოაქვს ჩემთვის მსხვერპლად ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასია. განა თქვენც ყველანი ასეთები არ ხართ? თუ ვერ შეძლებთ თქვენი მოვალეობების შესრულებას, როგორც ჩემი ხალხის წევრები სასუფეველში, მაშინ მე ზიზღით უგულებელგყოფთ!

1992 წლის 12 მარტი

წინა: თავი 11

შემდეგი: თავი 20

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება