ღმერთი სრულყოფს მათ, ვინც მის განზრახვებს შეესაბამება
ამჟამად ღმერთს სურს მოიპოვოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შედგება მათგან, ვინც მაქსიმუმს აკეთებს მასთან თანამშრომლობისთვის, ვისაც შეუძლია დაემორჩილოს მის საქმეს, ვისაც სწამს, რომ ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები ჭეშმარიტებაა და ვისაც შეუძლია ღვთის მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელება; ესენი არიან ისინი, ვისაც გულებში ჭეშმარიტი გაგება აქვთ, სწორედ ისინი არიან, ვინც შეიძლება სრულყოფილ იქნენ და ისინი აუცილებლად შეძლებენ სრულყოფის გზით სიარულს. მათ, ვისი სრულყოფაც შეუძლებელია, არ გააჩნიათ ღვთის საქმის ნათელი გაგება; ისინი არ ჭამენ და არ სვამენ ღვთის სიტყვებს, არად აგდებენ მის სიტყვებს და არ აქვთ ღვთისმოყვარე გული. ისინი, რომელთაც ეჭვი ეპარებათ განკაცებულ ღმერთში და ყოველთვის მერყეობენ მის მიმართ, რომლებიც არასოდეს ეკიდებიან მის სიტყვებს გულისყურით და ყოველთვის ცდილობენ მის მოტყუებას, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს და სატანისანი არიან; ასეთი ადამიანების სრულყოფა შეუძლებელია.
თუ გსურს სრულყოფილი გახდე, მაშინ, პირველ რიგში, უნდა ჰპოვო კეთილგანწყობა ღმერთის თვალში, რადგან ის სრულყოფს მათ, ვისაც კეთილგანწყობით უყურებს და ვინც მის განზრახვებს შეესაბამება. თუ გსურს ღმერთის განზრახვებს შეესაბამებოდე, მაშინ უნდა გქონდეს გული, რომელიც მის საქმეს ემორჩილება და მაქსიმუმი უნდა გააკეთო ჭეშმარიტებისკენ სწრაფვისთვის და ყველაფერში მიიღო ღმერთის გამოკვლევა. განვლო თუ არა ყველაფერმა, რასაც შენ აკეთებ, ღმერთის გამოკვლევა? სწორია შენი განზრახვა? თუ შენი განზრახვა სწორია, მაშინ ღმერთი მოგიწონებს; ხოლო თუ შენი განზრახვა მცდარია, ეს აჩვენებს, რომ ის, რაც შენს გულს უყვარს, ღმერთი კი არა, ხორცი და სატანაა. ამიტომ, შენ უნდა გამოიყენო ლოცვა, როგორც გზა, რათა ყველაფერში მიიღო ღმერთის გამოკვლევა. როდესაც ლოცულობ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად შენ წინ არ ვდგავარ, სულიწმიდა შენთანაა და შენ როგორც ჩემი პიროვნების, ისე ღვთის სულის წინაშე ლოცულობ. რატომ გწამს შენ ამ ხორცის? შენ გწამს, რადგან მასში არის ღვთის სული. განა გექნებოდათ ამ ადამიანის რწმენა, მასში ღვთის სული რომ არ ყოფილიყო? როდესაც შენ ამ პიროვნების გწამს, შენ გწამს ღვთის სულისა. ის, რომ გეშინია ამ პიროვნების, იგივეა, რაც ღვთის სულის შიში. ღვთის სულისადმი რწმენა არის ამ ადამიანისადმი რწმენა, ხოლო ამ ადამიანისადმი რწმენა ასევე არის ღვთის სულისადმი რწმენა. როდესაც ლოცულობ, გრძნობ, რომ ღვთის სული შენთან არის და რომ ღმერთი შენ წინაშეა, ამიტომ შენ მისი სულისადმი ლოცულობ. დღეს ადამიანთა უმეტესობას ეშინია თავისი საქმეების ღვტის წინაშე მიტანის; თუმცა შენ შეგიძლია მოატყუო მისი ხორცი, მაგრამ ვერ მოატყუებ მის სულს. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ღვთის გამოკვლევას ვერ უძლებს, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და გვერდზე უნდა იქნას გადადებული; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ღვთის შეურაცხყოფაა. ასე რომ, გნებავს ლოცულობდე, ესაუბრებოდე თუ თანაზიარებას ატარებდე დებთან და ძმებთან, ან ასრულებ შენს მოვალეობას და საქმეებს აკეთებ, შენი გული ღვთის წინაშე უნდა გადაშალო. როდესაც ასრულებ შენს ფუნქციას, ღმერთი შენთან არის, ხოლო სანამ შენი განზრახვა სწორია და ღმერთის სახლის საქმეს ემსახურება, ის მიიღებს ყველაფერს, რასაც აკეთებ; გულწრფელად უნდა შეასრულო შენი ფუნქცია. როცა ლოცულობ, ღვთისმოყვარე გული უნდა გქონდეს და ღვთის მზრუნველობა, მფარველობა და გამოკვლევა ეძიო. თუ სწორედ ასეთი განზრახვები გაქვს, მაშინ შენი ლოცვები შედეგიანი იქნება. მაგალითად, როდესაც შეკრებებზე ლოცულობ, თუ გულს გადაუშლი ღმერთს, ისე ილოცებ და იმას ეტყვი, რაც გულში გაქვს, ყოველგვარი სიცრუის გარეშე, მაშინ შენი ლოცვა ნამდვილად შედეგიანი იქნება. თუ გაქვს ღვთისმოყვარე და წრფელი გული, მაშინ დადე ღვთის წინაშე ფიცი: ღმერთო, რომელიც ხარ ცათა შინა, ქვეყანასა ზედა და ყოველთა შორის, გეფიცები: დაე, შენმა სულმა გამოიკვლიოს ყოველივე, რასაც ვაკეთებ, დამიცვას და იზრუნოს ჩემზე ყოველთვის, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებ, იყოს მტკიცე შენ წინაშე. თუკი ჩემს გულს არ ეყვარები ან იგი ოდესმე გიღალატებს, მაშინ სასტიკად დამსაჯე და დამწყევლე. ნუ შემინდობ ნურც ამ ცხოვრებაში და ნურც მომავალ საუკუნეში!“ ბედავ ასეთი ფიცის დადებას? თუ ვერ ბედავ, ეს აჩვენებს, რომ მხდალი ხარ და კვლავ საკუთარი თავი გიყვარს. გაქვთ ეს სიმტკიცე? თუ ეს მართლაც თქვენი სიმტკიცეა, მაშინ უნდა დადოთ ეს ფიცი. თუ გაქვს სიმტკიცე და ასეთ ფიცს დადებ, მაშინ ღმერთი აღასრულებს შენს სიმტკიცეს. როდესაც შენ ღმერთს ფიცს აძლევ, იგი ისმენს. ღმერთი იმაზე დაყრდნობით განსაზღვრავს, ცოდვილი ხარ თუ მართალი, თუ როგორ ლოცულობ და როგორ იქცევი პრაქტიკაში. ახლა თქვენი სრულყოფის პროცესი მიმდინარეობს და თუ მართლა გაქვთ სრულყოფის რწმენა, მაშინ ყველაფერს, რასაც აკეთებ, ღვთის წინაშე წარადგენ და მიიღებ მის გამოკვლევას. თუ ჩაიდენ რაიმე აღმაშფოთებლად ურჩს ან თუ უღალატებ ღმერთს, მაშინ ის აღასრულებს შენს ფიცს; იმ მომენტში, წარიწყმიდები თუ გაიკიცხები, ეს შენივე ნამოქმედარი იქნება. შენ დადე ეს ფიცი, ამიტომ უნდა დაიცვა იგი. თუ შენ დადებ ფიცს, მაგრამ არ დაიცავ მას, წარწყმედილი იქნები. ვინაიდან ეს შენი ფიცი იყო, ღმერთი აღასრულებს შენს ფიცს. ზოგიერთებს ლოცვის შემდეგ ეშინიათ და ამბობენ: „ყველაფერი დასრულდა! გარყვნილების ჩემი შანსი გაქრა; ბოროტი საქმეების კეთების შანსი გაქრა; ჩემი ამქვეყნიური გულისთქმების დაკმაყოფილების შანსი გაქრა!“ ამ ადამიანებს კვლავ უყვართ წუთისოფელი და ცოდვა, და ისინი აუცილებლად წარიწყმიდებიან.
როგორც ღვთის მორწმუნეს, შენ უნდა შეგეძლოს შენი ყველა საქმისა და მოქმედების მის წინაშე წარდგენა და მისი შემოწმების მიღება. თუ ის, რასაც აკეთებ, შეიძლება წარდგეს ღვთის სულის წინაშე, მაგრამ არა ღვთის ხორცის წინაშე, ეს აჩვენებს, რომ არ მიგიღია მისი სულის გამოკვლევა. ვინ არის ღვთის სული? ვინ არის ის პიროვნება, ვის შესახებაც მოწმობს ღმერთი? განა ისინი ერთი და იგივე არ არიან? უმეტესობა მათ ორ სხვადასხვა არსებად მიიჩნევს და სწამს, რომ ღვთის სული ღვთის სულია, ხოლო პიროვნება, რომელსაც ღმერთი მოწმობს, უბრალოდ ადამიანია. მაგრამ განა არ ცდები? ვისი სახელით აკეთებს საქმეს ეს ადამიანი? მათ, რომლებიც არ იცნობენ განკაცებულ ღმერთს, არ გააჩნიათ სულიერი გაგება. ღვთის სული და მისი განკაცებული ხორცი ერთი მთლიანობაა, რადგან ღვთის სული ხორცშია მატერიალიზებული. თუ ეს ადამიანი უგულოა შენ მიმართ, განა ღვთის სული იქნება კეთილი? განა არ ხარ დაბნეული? დღეს ყველას, ვისაც არ შეუძლია ღვთის გამოკვლევის მიღება, არ შეუძლია მისი მოწონების მოპოვება, ხოლო მათ, ვინც არ იცნობს განკაცებულ ღმერთს, არ შეუძლიათ სრულყოფილნი გახდნენ. შეხედე ყოველივეს, რასაც აკეთებ, და ნახე, შესაძლებელია თუ არა მისი წარდგენა ღვთის წინაშე. თუ შენ არ შეგიძლია ყოველივე, რასაც აკეთებ, წარადგინო ღვთის წინაშე, ეს აჩვენებს, რომ ბოროტმოქმედი ხარ. განა შეიძლება ბოროტმოქმედები სრულყოფილნი გახდნენ? ყველაფერი, რასაც აკეთებ, ყოველი მოქმედება, ყოველი განზრახვა და ყოველი რეაქცია ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი — შენი ყოველდღიური სულიერი ცხოვრებიდან დაწყებული (ლოცვა, ღმერთთან დაახლოება, ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, დებთან და ძმებთან თანაზიარება და საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება), სხვებთან თანამშრომლობით შესრულებული შენი მსახურებით დამთავრებული — უნდა წარდგეს ღვთის წინაშე მისი გამოკვლევისთვის. სწორედ ასეთი პრაქტიკა შეეწევა შენს სულიერ ზრდას. ღვთის გამოკვლევის მიღების პროცესი განწმენდის პროცესია. რაც უფრო მეტად შეძლებ ღვთის გამოკვლევის მიღებას, მით უფრო მეტად განიწმინდები და მით უფრო მეტად შეესაბამები ღვთის განზრახვებს, რათა არ ჩავარდე თავაშვებულობაში და შენმა გულმა შეძლოს მის წინაშე ცხოვრება. რაც უფრო მეტად იღებ მის გამოკვლევას, მით უფრო დიდია სატანის შერცხვენა და შენი უნარი, აუჯანყდე ხორცს. ასე რომ, ღვთის გამოკვლევის მიღება არის პრაქტიკის გზა, რომელსაც ადამიანები უნდა გაჰყვნენ. რასაც არ უნდა აკეთებდე, დებთან და ძმებთან თანაზიარების დროსაც კი, შენი საქმეები ღვთის წინაშე უნდა წარადგინო და მისი გამოკვლევა ეძიო და მიზანმიმართულად უნდა დაემორჩილო თავად ღმერთს. ეს შენს პრაქტიკას ბევრად უფრო ზუსტს გახდის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველივე შენს ნამოქმედარს ღვთის წინაშე წარადგენ და მიიღებ ღვთის გამოკვლევას, შეძლებ გახდე ისეთი ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე ცხოვრობს.
ვისაც ღვთის შესახებ გაგება არ აქვს, მას არასოდეს შეუძლია ღმერთს სრულიად დაემორჩილოს. ასეთი ადამიანები ურჩობის ძენი არიან. ისინი მეტისმეტად ამბიციურნი არიან და მათში მეტისმეტი ურჩობაა, ამიტომ ისინი ღმერთს შორდებიან და არ სურთ მისი გამოკვლევის მიღება. ასეთი ადამიანების სრულყოფა ადვილი არ არის. ზოგიერთი ადამიანი შერჩევითია ღვთის სიტყვების ჭამა-სმასა და მათ მიღებაში. ისინი ღვთის სიტყვებიდან მხოლოდ იმ ნაწილებს იღებენ, რომლებიც მათ წარმოდგენებს შეესაბამება, ხოლო იმათ უარყოფენ, რომლებიც არ შეესაბამება. განა ეს ღვთისადმი ყველაზე აშკარა ურჩობა და წინააღმდეგობა არ არის? თუ ადამიანს წლების განმავლობაში სწამს ღმერთის და მის შესახებ მცირედი გაგებაც კი არ აქვს, მაშინ ის ურწმუნოა. ისინი, რომელნიც მზად არიან მიიღონ ღვთის გამოკვლევა, არიან ისინი, რომლებიც მის გაგებას ესწრაფვიან და მზად არიან მიიღონ მისი სიტყვები. სწორედ ისინი მიიღებენ ღვთის მემკვიდრეობასა და კურთხევებს და ისინი ყველაზე კურთხეულნი არიან. ღმერთი წყევლის მათ, ვის გულშიც მისთვის ადგილი არ მოიძებნება; იგი გაკიცხავს და ტოვებს ასეთ ადამიანებს. თუ არ გიყვარს ღმერთი, ის მიგატოვებს და თუ არ მოისმენ იმას, რასაც ვამბობ, გპირდები, რომ ღვთის სული მიგატოვებს. სცადე, თუ არ გჯერა! დღეს მე პრაქტიკის გზას განგიმარტავ, მაგრამ გამოიყენებ თუ არა მას პრაქტიკაში, ეს შენზეა დამოკიდებული. თუ არ გწამს და ამას პრაქტიკაში არ განახორციელებ, თავადვე ნახავ, მოქმედებს თუ არა შენზე სულიწმიდა! თუ ღვთის გაგებისკენ არ ისწრაფვი, მაშინ შენზე სულიწმიდა არ იმოქმედებს. ღმერთი მოქმედებს მათში, ვინც ესწრაფვის და აფასებს მის სიტყვებს. რაც უფრო მეტად დააფასებ ღვთის სიტყვებს, მით უფრო მეტად იმოქმედებს მისი სული შენზე. რაც უფრო მეტად აფასებს ადამიანი ღვთის სიტყვებს, მით მეტი შანსი ეძლევა მას, რომ ღმერთმა სრულყოს იგი. ღმერთი სრულყოფს მათ, რომელთაც იგი ჭეშმარიტად უყვართ, და სრულყოფს მათ, რომელთა გულიც მის წინაშე მშვიდია. შენ უნდა დააფასო ღვთის ყოველი საქმე, დააფასო ღვთის მიერ ნათლის მოფენა, დააფასო ღვთის თანამყოფობა, დააფასო ღვთის მზრუნველობა და მფარველობა, დააფასო ის, თუ როგორ იქცევა ღვთის სიტყვები შენს რეალობად და როგორ ასაზრდოებს შენს სიცოცხლეს — ეს ყველაზე მეტად შეესაბამება ღვთის განზრახვებს. თუ დააფასებ ღვთის საქმეს, ანუ თუ დააფასებ მთელ იმ საქმეს, რაც მან შენზე განახორციელა, მაშინ ის გაკურთხებს და ყველაფერს, რაც შენია, განამრავლებს. თუ ღვთის სიტყვებს არ დააფასებ, იგი შენზე თავის საქმეს არ გააკეთებს; იგი მხოლოდ მწირ მადლს მოგმადლებს შენი რწმენის გამო, წილად გარგებს მცირედ ხორციელ კურთხევას ან შენს ოჯახს მცირედ უსაფრთხოებას მიანიჭებს. უნდა ესწრაფოდე, რომ ღვთის სიტყვები შენს რეალობად აქციო და შეძლო მისი დაკმაყოფილება და მის განზრახვებთან შესაბამისობა; არ უნდა ესწრაფოდე მხოლოდ მისი მადლით ტკბობას. მორწმუნეთათვის იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ მიიღონ ღვთის საქმე, მიაღწიონ სრულყოფას და გახდნენ ღვთის ნების მიმდევარნი. სწორედ ეს არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდე.
ყოველივე, რასაც ადამიანი მადლის ეპოქაში ესწრაფოდა, ახლა მოძველებულია, რადგან ამჟამად სწრაფვის უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს; ის, რისკენაც ისწრაფვიან, უფრო ამაღლებულიცაა და პრაქტიკულიც, და მას ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილება შეუძლია. წარსულ საუკუნეებსა და თაობებში ღმერთი ისე არ მოქმედებდა ადამიანებზე, როგორც დღეს; ისე ბევრს არ ელაპარაკებოდა მათ, როგორც დღეს, და არც მისი მოთხოვნები იყო მათ მიმართ ისეთივე მაღალი, როგორიც დღესაა. ის, რომ ღმერთს ეს მოთხოვნები აქვს თქვენ წინაშე, აჩვენებს, რომ ღვთის საბოლოო განზრახვა თქვენზე, ადამიანთა ამ ჯგუფზეა ფოკუსირებული. თუ მართლა გსურს, რომ ღმერთმა სრულგყოფოს, მაშინ ამისკენ ისწრაფე ისე, როგორც შენი მთავარი მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, ირჯები, თავს სწირავ, გარკვეულ მოვალეობას ასრულებ თუ იღებ ღვთის დავალებას, ყოველთვის ის დაისახე მიზნად, რომ სრულყოფილ იქმნე და შეასრულო ღვთის განზრახვები, რათა მიაღწიო ამ მიზანს. თუ ვინმე ამბობს, რომ ის არ ისწრაფვის ღვთის მიერ სრულყოფისაკენ ან სიცოცხლეში შესვლისაკენ, არამედ მხოლოდ ხორციელი მშვიდობისა და სიხარულისაკენ, მაშინ ის ადამიანთა შორის ყველაზე ბრმაა. ისინი, რომელნიც სიცოცხლე-რეალობას კი არ ესწრაფვიან, არამედ მხოლოდ მომავალ საუკუნეში მარადიულ სიცოცხლესა და ამ ცხოვრებაში უსაფრთხოებას ეძებენ, ადამიანთა შორის ყველაზე ბრმანი არიან. ამიტომ, ყოველივე, რასაც აკეთებ, იმ მიზნით უნდა სრულდებოდეს, რომ სრულყოფილი გახდე და ღმერთმა მოგიპოვოს.
საქმე, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე ასრულებს, მათი განსხვავებული საჭიროებების მიხედვით მათ მომარაგებას გულისხმობს. რაც უფრო დიდია ადამიანის სიცოცხლე, მით მეტი სჭირდება მას და მით მეტისკენ ისწრაფვის. თუ ამ ეტაპზე შენ არაფრისკენ ისწრაფვი, ეს ამტკიცებს, რომ სულიწმიდამ მიგატოვა. სულიწმიდა არასოდეს მიატოვებს მათ, ვინც სიცოცხლეს ეძიებს; ასეთ ადამიანებს მუდამ აქვთ რაღაც საძიებელი და მათ გულში ყოველთვის არის წყურვილი. ასეთი ადამიანები არასოდეს კმაყოფილდებიან თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობით. სულიწმიდის საქმის თითოეული ეტაპი შენში გარკვეული შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად, მაგრამ თუ შენი ამჟამინდელი მდგომარეობით თვითკმაყოფილი გახდები, თუ აღარაფერი დაგჭირდება და სულიწმიდის მოქმედებას აღარ მიიღებ, მაშინ ის მიგატოვებს. ადამიანებს დღითიდღე სჭირდებათ ღვთის გამოკვლევა და ყოველდღიურად ესაჭიროებათ ღვთისგან უხვი საზრდო. განა შეუძლიათ ადამიანებს არსებობა ყოველდღიურად ღვთის სიტყვის ჭამისა და სმის გარეშე? თუ ადამიანი მუდამ გრძნობს, რომ არ შეუძლია ღვთის სიტყვის საკმარისად ჭამა ან სმა, თუ ის მუდამ ეძებს და ყოველთვის შია და სწყურია სამართლიანობა, მასზე სულიწმიდა მუდამ იმოქმედებს. რაც მეტად სწყურია და შია ადამიანს სამართლიანობა, მით მეტად შეუძლია პრაქტიკულ საკითხებზე თანაზიარება. რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ადამიანი ჭეშმარიტების ძიებას, მით უფრო სწრაფად იზრდება იგი თავის სიცოცხლეში, რაც მას გამოცდილებით ამდიდრებს და ღვთის სახლში მდიდარ ადამიანად აქცევს.