ქრისტე ჭეშმარიტებით აღასრულებს განკითხვის საქმეს

უკანასკნელი დღეების საქმე ყოველივეს თავისი გვარისამებრ დახარისხების საქმეა და ეს არის ღვთის მართვის გეგმის დასრულების საქმე, რადგან ჟამი ახლოსაა და ღვთის დღე დადგა. ყველას, ვინც მის სასუფეველში შედის — ყველას, ვინც ბოლომდე მისი ერთგულია — ღმერთი შეიყვანს თავად ღვთის ეპოქაში. თუმცა, თავად ღვთის ეპოქის დადგომამდე, ღვთის საქმე ადამიანის ქმედებების შემოწმება ან ადამიანის ცხოვრების შესახებ გამოკითხვა კი არ არის, არამედ ადამიანის ამბოხების განსჯაა, რადგან ღმერთი განწმენდს ყველას, ვინც მის ტახტთან მივა. ყველა, ვინც დღემდე მიჰყვება ღვთის ნაბიჯებს, არის ის, ვინც წარმდგარია ღვთის ტახტის წინაშე, და რაკი ეს ასეა, თითოეული ადამიანი, რომელიც იღებს ღვთის საბოლოო საქმეს, ღვთის განწმენდის ობიექტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა, ვინც იღებს ღვთის საბოლოო საქმეს, ღვთის სამსჯავროს ობიექტია.

წარსულში ნახსენებ ღვთის სახლიდან დაწყებულ სამსჯავროში, ამ სიტყვების „სამსჯავრო“ მიემართება იმ სამსჯავროს, რომელსაც ღმერთი დღეს აღასრულებს მათზე, ვინც უკანასკნელ დღეებში მის ტახტთან მიდის. შესაძლოა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სწამთ, რომ როდესაც უკანასკნელი დღეები დადგება, ღმერთი ზეცაში დიდ მაგიდას დადგამს, რომელზეც თეთრი სუფრა იქნება გადაფარებული, და შემდეგ, დიდ ტახტზე მჯდომი, როცა ყველა ადამიანი მიწაზე მუხლმოდრეკილი იქნება, იგი გაამხელს თითოეული ადამიანის ცოდვებს და ამით განსაზღვრავს, ზეცაში უნდა ავიდეს ეს ადამიანი თუ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩავარდეს, სხვა მსგავს ზებუნებრივ წარმოდგენებთან ერთად. რაც არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, ეს ვერ შეცვლის ღვთის საქმის არსს. ადამიანის წარმოდგენები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის აზროვნების ნაყოფი; ისინი ადამიანის გონებიდან მომდინარეობს, შეჯამებული და აწყობილი იმისგან, რაც ადამიანს უნახავს და სმენია. ამიტომ ვამბობ, რაოდენ მშვენიერიც არ უნდა იყოს ადამიანის წარმოდგენები, ისინი მხოლოდ კარიკატურული ნახატებია და არ ძალუძს ღვთის საქმის გეგმის ჩანაცვლება. საბოლოო ჯამში, ადამიანები ხომ სატანის მიერ არიან გახრწნილნი, მაშ, როგორ შეძლებენ ისინი ღვთის ფიქრთა წვდომას? ადამიანები ღვთის განკითხვის საქმეს რაღაც უცნაურ მოვლენად წარმოიდგენენ. ყველას სწამს, რომ რაკი თავად ღმერთი აღასრულებს განკითხვის საქმეს, ამიტომ ეს საქმე უდიდესი მასშტაბის უნდა იყოს, წუთისოფლის ადამიანთათვის მიუწვდომელი, და ზეცაში უნდა გრგვინავდეს და მიწას არყევდეს; სხვაგვარად, როგორ შეიძლება ეს ღვთის განკითხვის საქმე იყოს? ადამიანებს სწამთ, რომ, რაკი ეს განკითხვის საქმეა, ღმერთი თავისი საქმის შესრულებისას განსაკუთრებით მოწიწების მომგვრელი და თავისი იერით განსაკუთრებით დიდებული უნდა იყოს, ხოლო განსჯილნი ცრემლებით უნდა გოდებდნენ და მუხლმოდრეკილნი შეწყალებას უნდა შეღაღადებდნენ. ასეთი სცენები ნამდვილად სანახაობრივი იქნებოდა და ნამდვილად ღრმად ამაღელვებელი... ყველა ადამიანი ღვთის განკითხვის საქმეს სასწაულებრივ მოვლენად წარმოიდგენს. თუმცა, იცი თუ არა შენ, რომ იმ დროს, როდესაც ღმერთმა უკვე დიდი ხანია დაიწყო თავისი განკითხვის საქმე ადამიანთა შორის, შენ კვლავ თვლემ შენს კომფორტულ ბუდეში? რომ იმ დროს, როდესაც შენ გგონია, რომ ღვთის განკითხვის საქმე ოფიციალურად დაიწყო, ეს იქნება დრო, როდესაც ღმერთს უკვე განახლებული ექნება ცა და მიწა? იმ მომენტში, შესაძლოა შენ ახალი გააზრებული გქონდეს სიცოცხლის აზრი, მაგრამ ღვთის სასჯელის დაუნდობელი საქმე შენ, კვლავ ღრმა ძილში მყოფს, ჯოჯოხეთში ჩაგაგდებს. იმ წამს შენ უეცრად გამოერკვევი და მიხვდები, რომ ღვთის განკითხვის საქმე უკვე დიდი ხანია დასრულდა.

მოდით, ნუ დავკარგავთ ჩვენს ძვირფას დროს და ნუღარ ვისაუბრებთ ამ საძულველ, ამაზრზენ თემებზე. ნაცვლად ამისა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სამსჯავრო. სიტყვა „სამსჯავროს“ ხსენებაზე შენ გაგახსენდება ის სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ წარმოთქვა ყველგან მყოფი ხალხის ნათლად დასარიგებლად, და გაგახსენდება ის სიტყვები, რომლებიც იესომ წარმოთქვა ფარისეველთა გასაკიცხად. მიუხედავად მათი სიმკაცრისა, ეს სიტყვები არ ყოფილა ადამიანის მიმართ ღვთის სამსჯავრო; ეს იყო მხოლოდ ღვთის მიერ სხვადასხვა ვითარებაში, ანუ სხვადასხვა კონტექსტში წარმოთქმული სიტყვები. ეს სიტყვები არ ჰგავს იმ სიტყვებს, რომლებსაც უკანასკნელი დღეების ქრისტე წარმოთქვამს ადამიანის განსასჯელად. უკანასკნელი დღეების ქრისტე მრავალგვარი ჭეშმარიტებით მოძღვრავს ადამიანს, ამხელს ადამიანის სუბსტანციას და აანალიზებს ადამიანის სიტყვებსა და ქმედებებს. ყველა ეს სიტყვა შეიცავს სხვადასხვა ჭეშმარიტებას, როგორებიცაა ადამიანის მოვალეობა, ის, თუ როგორ უნდა დაემორჩილოს ადამიანი ღმერთს, როგორ უნდა იყოს ადამიანი ღვთისადმი ერთგული, როგორ უნდა გამოავლინოს ადამიანმა ნორმალური ადამიანობა ცხოვრებაში, ისევე როგორც ღვთის სიბრძნესა და ღვთის ხასიათს. ყველა ეს სიტყვა მიმართულია ადამიანის სუბსტანციისა და ადამიანის გახრწნილი ხასიათისკენ. კერძოდ, სიტყვები, რომლებიც ამხელს იმას, თუ როგორ განუდგება ადამიანი ღმერთს, კიდევ უფრო მეტად არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანი არსებითად სატანის განსახიერებაა, და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანი არსებითად ღვთის მოწინააღმდეგის ძალაა. ღმერთი თავის განკითხვის საქმეს იმით კი არ აღასრულებს, რომ ადამიანის ბუნების შესახებ სათქმელს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ამბობს; არამედ, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამხელს და სხლავს. მხილებისა და გასხვლის ყველა ეს სხვადასხვა მეთოდი არ შეიძლება ჩანაცვლდეს ჩვეულებრივი სიტყვებით; არამედ, ამ მხილებისა და გასხვლის საქმის შესასრულებლად გამოიყენება ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანს საერთოდ არ გააჩნია. მხოლოდ ამგვარ მეთოდებს შეიძლება ეწოდოს სამსჯავრო; მხოლოდ ამგვარ სამსჯავროს შეუძლია ადამიანის სრულად დარწმუნება და დამორჩილება, შეუძლია ადამიანი სრულად დაარწმუნოს ღმერთში და, უფრო მეტიც, მისცეს მას ღვთის ჭეშმარიტი შეცნობის შესაძლებლობა. ის, რაც განკითხვის საქმეს მოაქვს, არის ადამიანის მიერ ღვთის ჭეშმარიტი სახის შეცნობა; ის, რაც მას მოაქვს, არის ადამიანის მიერ საკუთარი ამბოხების შესახებ ჭეშმარიტების გაგება. განკითხვის საქმემ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, ნათლად დაენახა ღვთის განზრახვები, ნათლად გაეგო ღვთის საქმის მიზანი და ჩასწვდომოდა იმ საიდუმლოებებს, რომელთა ამოხსნაც თავად არ შეეძლო. მან ასევე მისცა ადამიანს შესაძლებლობა, შეეცნო და გაეცნობიერებინა თავისი გახრწნილი არსი და თავისი გახრწნილების ფესვი, და მისცა ადამიანს თავისი მახინჯი სახის აღმოჩენის შესაძლებლობა. საქმის ყველა ეს შედეგი განკითხვის საქმის მოტანილია, რადგან განკითხვის საქმის არსი სინამდვილეში არის ღვთის ჭეშმარიტების, გზისა და სიცოცხლის გახსნის საქმე ყველასთვის, ვისაც მისი სწამს. ეს საქმე არის ღვთის მიერ აღსრულებული განკითხვის საქმე. თუ შენ ამ ჭეშმარიტებებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევ, თუ შენ მუდამ ცდილობ თავი აარიდო ამ ჭეშმარიტებებს და მუდამ ცდილობ ამ ჭეშმარიტებების მიღმა ეძიო ახალი გამოსავალი, მაშინ გეუბნები, რომ შენ საზარელი ცოდვილი ხარ. თუ შენ გწამს ღმერთი, მაგრამ არ ეძიებ ჭეშმარიტებას ან არ ეძიებ ღვთის განზრახვებს, და არ გიყვარს ის გზა, რომელსაც ღმერთთან უფრო ახლოს მიჰყავხარ, მაშინ გეუბნები, რომ შენ ხარ ის, ვინც ცდილობს გაექცეს სამსჯავროს, და რომ შენ ხარ მარიონეტი და მოღალატე, რომელიც გაურბის დიდ თეთრ ტახტს. ღმერთი არ დაინდობს არცერთ ამბოხებულს, რომელიც მის თვალს გაექცევა. ასეთი ადამიანები კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ. ისინი, ვინც ღვთის წინაშე წარდგებიან მისი სამსჯავროს მისაღებად და, უფრო მეტიც, განწმენდილი იქნებიან, სამუდამოდ იცხოვრებენ ღვთის სასუფეველში. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც მომავალს ეკუთვნის.

განკითხვის საქმე თავად ღვთის საქმეა, ამიტომ, ბუნებრივია, იგი თავად ღმერთმა უნდა აღასრულოს; ადამიანს არ ძალუძს მისი შესრულება ღვთის ნაცვლად. რადგან განკითხვა არის ჭეშმარიტების გამოყენება კაცობრიობის დასაპყრობად, უდავოა, რომ ღმერთი კვლავაც ჩნდება ადამიანებს შორის განკაცებული ხატით ამ საქმის შესასრულებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკანასკნელი დღეების ქრისტე გამოიყენებს ჭეშმარიტებას ყველგან მყოფი ხალხის სამოძღვრად და ყოველგვარ ჭეშმარიტებას ნათლად განუცხადებს ადამიანებს ყველგან. ეს არის ღვთის განკითხვის საქმე. ბევრი თავს მეტად უხერხულად გრძნობს ღვთის მეორე განკაცებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი ხორცს შეისხამს განკითხვის საქმის შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, უნდა გითხრა, რომ ღვთის საქმე ხშირად ბევრად სცდება ადამიანის მოლოდინს და ადამიანის ტვინისთვის მისი მიღება რთულია. რადგან ადამიანები მხოლოდ მატლები არიან დედამიწაზე, ხოლო ღმერთი არის უზენაესი, რომელიც ავსებს სამყაროს; ადამიანის ტვინი მყრალი წყლით სავსე ორმოს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მატლებს ამრავლებს, მაშინ როცა ღვთის ფიქრებით წარმართული საქმის თითოეული ეტაპი ღვთის სიბრძნის ნაყოფია. ადამიანი მუდამ ცდილობს ღმერთთან შედავებას, რაზეც ვამბობ, რომ თავისთავად ცხადია, საბოლოოდ ვინ დაზარალდება. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, არ ჩათვალოთ საკუთარი თავი ოქროზე ძვირფასად. რაკი სხვებს შეუძლიათ ღვთის სამსჯავროს მიღება, შენ რატომ არ შეგიძლია? სხვებზე რამდენად უფრო აღმატებული ხარ? რაკი სხვებს შეუძლიათ ჭეშმარიტების წინაშე ქედის მოხრა, შენ რატომ არ შეგიძლია? ღვთის საქმე შეუჩერებელია. იგი არ გაიმეორებს განკითხვის საქმეს შენ მიერ შეტანილი „წვლილის“ გამო და შენ დაგტანჯავს ღრმა სინანული ასეთი კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების გამო. თუ არ გჯერა ჩემი სიტყვების, მაშინ უბრალოდ დაელოდე, როდის „განგსჯის“ შენ ის დიდი თეთრი ტახტი ზეცაში! შენ უნდა იცოდე, რომ ყველა ისრაელიანმა მიატოვა იესო და ყველამ უარყო იესო, მაგრამ იესოს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის ფაქტი მაინც გავრცელდა მთელ სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე. განა ეს არ არის ის ფაქტი, რომელიც ღმერთმა დიდი ხნის წინ აღასრულა? თუ შენ კვლავ ელოდები, რომ იესო ზეცაში აგიყვანს, მაშინ გეუბნები, რომ შენ ხარ გამოუსწორებელი, გამხმარი ხის ნაჭერი. იესო არ აღიარებს შენნაირ ცრუ მორწმუნეს, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ორგულია და მხოლოდ კურთხევებს ეძიებს. პირიქით, იგი დაუნდობლად ჩაგაგდებს შენ ცეცხლის ტბაში, რათა ათიათასობით წლის განმავლობაში იწვოდე.

რა არის სამსჯავრო, რა არის ჭეშმარიტება — გესმის თუ არა ახლა ორივე მათგანი? თუ გესმის, მაშინ გირჩევ, მორჩილად მიიღო სამსჯავრო. სხვაგვარად, შენ არასოდეს გექნება ღვთისგან მოწონების დამსახურების შესაძლებლობა და არასოდეს მოგეცემა იმის შანსი, რომ მან თავის სასუფეველში შეგიყვანოს. ისინი, ვინც მხოლოდ იღებენ სამსჯავროს, მაგრამ ვერასოდეს განიწმინდებიან, ანუ ისინი, ვინც გარბიან განკითხვის საქმის მიმდინარეობისას, სამუდამოდ იქნებიან ღვთის მიერ ზიზღით უარყოფილნი. მათი ცოდვები უფრო მძიმე და მრავალრიცხოვანია, ვიდრე ფარისევლებისა, რადგან მათ უღალატეს ღმერთს და ისინი ღვთის წინააღმდეგ ამბოხებულნი არიან. ეს ადამიანები, რომლებიც შრომის ღირსნიც კი არ არიან, მიიღებენ უფრო მკაცრ სასჯელს, სასჯელს, რომელიც, უფრო მეტიც, მარადიულია. ღმერთი არ დაინდობს არცერთ მოღალატეს, რომელიც ოდესღაც ერთგულებას ეფიცებოდა მას, მაგრამ რომელმაც შემდეგ უღალატა. ასეთი ადამიანები მიიღებენ საზღაურს სულის, სამშვინველისა და სხეულის თანაბრად დასჯით. განა ეს არ არის სწორედ ღვთის სამართლიანი ხასიათის გაცხადება? განა ეს არ არის სწორედ ღვთის მიზანი ადამიანის განსჯისა და ადამიანის გამოაშკარავებისას? მათ, ვინც მრავალ ბოროტ საქმეს სჩადის სამსჯავროს პერიოდში, ღმერთი გზავნის ბოროტი სულების ჯგუფებით დასახლებულ ადგილას და ნებას რთავს ამ ბოროტ სულებს, სურვილისამებრ გაანადგურონ მათი ხორცი, და ამ ადამიანების ხორცი გვამების სიმყრალეს გამოსცემს. ასეთია მათი საკადრისი საზღაური. იმ ორგული ცრუ მორწმუნეების, ცრუ მოციქულებისა და ცრუ მუშაკების სხვადასხვა ცოდვას ღმერთი სათითაოდ აღნუსხავს მათ ჩანაწერების წიგნებში, და როდესაც შესაფერისი დრო დადგება, იგი მათ არაწმინდა სულებს შორის ჩაყრის, ნებას დართავს ამ არაწმინდა სულებს, სურვილისამებრ შებილწონ მათი მთელი სხეული, ისე იზამს, რომ მათ აღარასოდეს შეეძლოთ რეინკარნაცია და ვეღარასოდეს იხილონ სინათლე. იმ თვალთმაქცებს, რომლებიც გარკვეული დროით ეწევიან მსახურებას, მაგრამ ბოლომდე ერთგულნი არ რჩებიან, ღმერთი ბოროტ ადამიანთა შორის ჩარიცხავს, ნებას დართავს მათ, ბოროტ ადამიანებთან ერთად იგორაონ ტალახში და ერთად შექმნან სხვადასხვა ჯურის ავაზაკთა ბანდა, და საბოლოოდ, ღმერთი გაანადგურებს მათ. მათ, ვინც არასოდეს ყოფილა ქრისტეს ერთგული ან ვისაც არასოდეს შეუტანია რაიმე ძალისხმევა, ღმერთი გვერდზე მოისვრის და არასოდეს მიაქცევს ყურადღებას, ხოლო ეპოქის შეცვლისას იგი ყოველ მათგანს გაანადგურებს, ისე, რომ ისინი აღარ იარსებებენ დედამიწაზე, მით უმეტეს, ვერ შევლენ ღვთის სასუფეველში. მათ, ვინც არასოდეს ყოფილა მის მიმართ გულწრფელი, არამედ მხოლოდ ზედაპირულად ეპყრობოდა მას, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ღმერთი მათ ჩარიცხავს იმათ შორის, ვინც მის ხალხს უწევს სამსახურს. ასეთი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება, ხოლო უმეტესობა განადგურდება მათთან ერთად, ვისი შრომაც სტანდარტსაც კი არ შეესაბამება. საბოლოოდ, ყველას, ვინც ღვთის გულისა და გონების თანაზიარია, ღვთის ხალხსა და ძეებს, და მათ, ვინც ღვთის მიერ მღვდლებად არიან წინასწარ განსაზღვრულნი — ღმერთი თავის სასუფეველში შეიყვანს. ყოველივე ეს არის ღვთის საქმის მეშვეობით მოპოვებული ნაყოფი. რაც შეეხება მათ, ვინც ვერ მიეკუთვნება ღვთის მიერ გამიჯნულ ვერცერთ კატეგორიას, ისინი ყველა არამორწმუნეთა რიგებში ჩაირიცხებიან და თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება მათი შედეგი. მე უკვე გითხარით თქვენ ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა; გზა, რომელსაც ირჩევთ, მხოლოდ თქვენი არჩევანია. ის, რაც თქვენ უნდა გესმოდეთ, შემდეგია: ღვთის საქმე არასოდეს ელოდება არცერთ ადამიანს, რომელიც ფეხს ვერ უწყობს მას, და ღვთის სამართლიანი ხასიათი არავის მიმართ არ იჩენს დანდობას.

წინა: ნამდვილად გწამს ღმერთის?

შემდეგი: იცოდი შენ? ღმერთმა კაცთა შორის დიადი რამ აღასრულა

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება